შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -2-


20-04-2018, 22:02
ავტორი sopiko
ნანახია 426

სეზამი -2-

[თავი 2]

წყვილი ერთად მოშორდა დახლს. საბრინა საკუთარი თავით კმაყოფილი იყო. უხაროდა, რომ ასე ადვილად შეძლო წლების წინ მის გონებაში დალექილი მოგონებების გახსენება. ამავე დროს მისი სიხარულის მიზეზი იყო ისიც , რომ მამაკაცს მისადმი შექმნილი შთაბეჭდილება წაუშალა და მის წინაშე თავი გამოიჩინა. მართალია ამ უკანასკნელს აღფრთოვანება ნაკლებად ეტყობოდა, თუმცა ქალის დაბნეულობისა და სულელური ნალაპარაკევის შემდეგ ეს უკვე მიღწევა იყო.
-ტურისტი ხართ? აქაურს არ ჰგავხართ.-ლაპარაკი წამოიწყო საბრინამ. თითქოს სულაც დაავიწყდა ქმრის არსებობა და ისიც, რომ ნელ-ნელა მაღაზიას უახლოვდებოდა.-თანაც იაკოპო აქ თითქმის ყველას იცნობს. თქვენ კი ისე გიყურებდათ, როგორც მტერს.
-მტერს?-ცინიკურად ჩაიღიმა მამაკაცმა საბრინას ბავშვურ მსჯელობაზე.-კარგი, აქაური მართლაც არ ვარ. ფლორენციიდან ჩამოვედი. მიქელე მქვია, გვარად ბერშე ვარ.
საბრინას კვლავ აუღაჟღაჟდა ღაწვები წითლად. ჯოზუეს მაღაზიის წითელი კედელი ბუნდოვნად უკვე მოჩანდა. ან აქ უნდა შეჩერებულიყვნენ და წინ ნაბიჯი აღარ გადაედგათ, ანდაც სასწრაფოდ უნდა გაცლოდა ამ ბატონს, რომლის სახელი და გვარიც უკვე იცოდა.
-ბერშე ცნობილი გვარია. ბიძაჩემის მეგობარი იყო ბერშე, ისიც ფლორენციიდან. შეიძლება იცნობდეთ კიდეც.-გაიხსენა საბრინამ.-თქვენ აქ... ვისთან ცხოვრობთ? ცოლ-შვილთან ერთად ხართ ჩამოსული?
მამაკაცი ოცდათხუთმეტი წლის მაინც იქნებოდა, ნება რომ მიეცათ, საბრინა მას მეტსაც მისცემდა, სწორედ ამიტომ ვერ წარმოიდგენდა, რომ ის დაოჯახებული არ იქნებოდა. ამან გამოიწვია ის, რომ მიქელეს პასუხმა საბრინა ძლიერ გააოცა.
-დაოჯახებული არ ვარ. არც საცოლე მყავს. აქ ერთი თვით ვარ ჩამოსული საქმეზე, ბინა ვიქირავე და მარტო ვცხოვრობ. სხვათა შორის აქედან არც ისე შორს.-უპასუხა მიქელემ და საბრინას გადიდრონებულ, ბრიალა თვალებს კვლავ დამცინავად შეხედა.
-და... და... ანუ თქვენთან არც დიასახლისია?-ამოილუღლუღა საბრინამ და მაშინღა მიხვდე, რომ ერთ ადგილას იყვნენ გაჩერებულები.-იცით, მანაროლა პატარა ქალაქია. აქ ყველასთვის პატიოსნება და სიწმინდეა უმთავრესი. როდესაც სახლებს აქირავებენ, პატრონებს ეშინიათ რომ დროებითი სტუმრები მათ ბინას შებილწავენ, სწორედ ამიტომ, როგორც წესი, ისინიც იქვე ცხოვრობენ ხოლმე.
-ვიცი და ჩემი სახლის პატრონის მოთხოვნაც ასეთივე იყო, მაგრამ თქვენ ცდებით, ქალბატონო, პატიოსნება და სიწმინდე აქაც ისევე ფასობს, როგორც იტალიის სხვა დიდ ქალაქებში.-ხაზი გადაუსვა მიქელემ საბრინას შეხედულებას ამასთან დაკავშირებით.-საფულეც მსუბუქდება და შენც ისე ცხოვრობ, როგორც გსურს.
საბრინამ პირზე ხელი აიფარა. მიხვდა, რასაც გულისხმობდა მიქელე. მაშინვე დაფიქრდა, თუ ვის შეიძლებოდა შეეცვალა ქალაქის წესები ფულის გამო, მაგრამ ასეთი არავინ მოაგონდა. ალბათ, ზედმეტად გულუბრყვილოც იყო ამისთვის და ახლა ის იდგა და ელაპარაკებოდა მამაკაცს, რომელსაც საკმარისი ფული ჰქონდა იმისთვის, რომ თუნდაც დანაშაული ჩაედინა. საბრინა შეშინდა. ჯოზუეს ის ასეთი საციელისთვის რომ გაეკიცხა, შეიძლებოდა მართალიც ყოფილიყო. მონარელელ, პატიოსან, იტალიელ ქალს არ ეკადრებოდა ახალჩამოსულ, საეჭვო პიროვნებასთან ყველას დასანახად საუბარი, მაგრამ ისიც ერიდებოდა, რომ ამდენი ლაპარაკის შემდეგ უბრალოდ შეტრიალებულიყო და წასულიყო.
-იცით, მე მეჩქარება. უნდა წავიდე.-საფეთქელი უხერხულად მოიქექა მან.-სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!
მიქელემ ჩაიცინა. ცხადი იყო, მიხვდა, რატომაც აჩქარდა ასე მოულოდენლად საბრინა, მაგრამ ქალი არ დაუნამუსებია. ამან საბრინას თვალში ერთი-ორად აამაღლა ის. საბრინამ მამაკაცისადმი განუზომელი პატივისცემა იგრძნო.
''მერე რა, თუ სახლში მარტო ცხოვრობს. დარწმუნებული ვარ, პატიოსან ცხოვრებას ეწევა.''-თავი დაიმშვიდა მან და ძლივსშესამჩნევად გაიღიმა.
-ვიმედოვნებ, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა არ იქნება!-წარბგაუხსნელად თქვა ბერშიმ.
საბრინას მღელვარებისგან სუნთქვა შეეკრა. მამაკაცს თავი მსუბუქად დაუკრა, შეტრიალდა და მაღაზიისკენ გასწია, სადაც სავარაუდოდ შიმშილისგან გამძვინვარებული ქმარი ელოდა, რომელიც ვერასდროს გაიგებდა მეუღლის დაგვიანების ნამდვილ მიზეზს.

ვერონიკა სარწეველა სავარძელში იჯდა და ქსოვდა. მისნაირი ადამიანისგან, ალბათ, საკვირველი იყო ასეთი მოსაწყენი საქმიანობის სიყვარული და იმაზე, თუ რას ხედავდა ამაში გასართობს, თვითონაც არ ჰქონდა პასუხი. ნაბიჯების ხმა რომ შემოესმა, თითების მოძრაობა შეაჩერა. ყელზე თბილი, რბილი ბაგეების შეხება რომ იგრძნო, ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა. თავი გვერდით შეატრიალა და ქმარს შესცინა.
-არ დაიღალე?-მზრუნველად ჰკითხა მათიამ, ცოლი ფეხზე წამოაყენა, სავარძელში თვითონ ჩაჯდა და ვერონიკა კალთაში ჩაისვა.
-არა-ა-ა.-გაწელილად წარმოთქვა ვერონიკამ, რადგან ქმრის სიახლოვე დღესაც ისე აბნევდა, როგორც შეყვარებულობის პერიოდში.
-სამაგიეროდ მე დავიღალე შენი შორიდან ყურებით.-ჩაიცინა მათიამ და კვლავ მიეალერსა ხელით მას.
-მართლა? დაგღალე, ძვირფასო?-ეშმაკური ღიმილით შეეკითხა ვერონიკა და ქმრის სახე ხელებში მოიქცია.
-არა, შენგან შენს ყოფნამ დამღალა, ვერო!-წასჩურჩულა ქმარმა და ქალი გულში ჩაიკრა.
მათია არსად არ გრძნობდა ისე კომფორტულად თავს, როგორც ცოლის ქარვისფერ კულულებში თავჩაფლული. მის მეუღლეს ყველაზე ნაზი და სასიამოვნო სურნელი ასდიოდა ყველა ქალს შორის და არ არსებობდა ადამიანი, რომელიც ისე დაახვევდა თავბრუს მას, როგორც ვერონიკას შეეძლო ეს ყოველ ჯერზე.
-იცი, როგორი უბედურია საბრინა?-მოულოდნელად წამოწია თავი ვერონიკამ და ცრემლიანი თვალები შეანათა ქმარს.-ნეტავ, ისიც შენსავით უყვარდეს ვინმეს...
-ჯოზუეს მე ვერაფერს ვეტყვი. უნდა ვიცოდეთ, რომ შეუძლებელია ყველაფრის მიზეზი სიყვარული იყოს.-მეზობლების მდგომარეობას შეგუებულმა ამოილაპარაკა მათიამ და ამოიხვნეშა.-ფიქრობ, საბრინას მდგომარეობა უარესდება?
-ხო, ასეა. მგონია ჯოზუე საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. ალბათ, საბრინამ რომც უღალატოს, ამაზე არც იდარდებს, თუ ეცოდინება, რომ ამას ვერავინ გაიგებს. მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პატივის გამო უნდა მისი ცოლობა. მე არ ვიძახი, რომ სცემს ან თმებს აგლიჯავს, ასეთი რამ ცივილურ ადმიანს არც შეჰფერის, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საბრინა ასე უნდა იყოს?
-ეს ყოველივე საბრინამ გითხა?-თვალებში შეაჩერდა ცოლს მამაკაცი და ლამაზი თვალები მასაც აემღვრა.
-საბრინა არაფერს ამბობს. დუმს, მაგრამ მე მისი მეგობარი ვარ და ყველაფერს ვხვდები. ხო, დეიდამისი ძალიან მოხუცი იყო და იმ დროს საბრინასთვისაც მნიშვნლობა არ ჰქონდა, ვის გაყვებოდა ცოლად, მაგრამ ახლა ის ქალია. ლამაზი და გონიერი ქალი, რომელსაც გვერდით ასეთივე მამაკაცი სჭირდება! იქნებ შესაძლებელი იყოს მათი განქორწინება? თანაც მგონი არც ჯოზუე გიჟდება მასზე.-მხრები აიჩეჩა ვერონიკამ.
რამდენიმე წუთი დუმდნენ. ვერონიკას მამაკაცის მხარზე ჩამოედო ნიკაპი და ფიქრობდა. გულწრფელად ებრალებოდა მეგობარი. საბრინა არასდროს ყოფილა ზედმეტად ცელქი და თავისუფლების მოყვარული, მაგრამ ახლა რაც ხდებოდა, ეს უკვე მეტისმეტი იყო. ვერონიკა ხედავდა, როგორ ქრებოდა მისი მეგობრის თვალებში უკანასკნელი სინათლის სხივიც და ამის ატანა უჭირდა.
-როცა ვიცი, რას ნიშნავს სიყვარული, ვიცი, როგორია ამ საოცარი გრძნობით ტკბობა, განსაკუთრებით მიჭირს იმის გაგება, თუ როგორ ცხოვრობენ უსიყვარულოდ, ვერონიკა.-ბოლოს ამოთქვა თავისი გულისტკივილი მათიამ.-წარმოიდგინე, შენ რომ არა, ჩვენი პატარა ბიჭი, ტოტო რომ არა, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება? არც არაფერი. შენ რომ საბრინასავით სულ სახლში იჯდე, კერავდე, ალაგებდე, მერე მაღაზიაში ჩემს ტყუილებს უსმენდე, ჩემგან ერთ საალერსო სიტყვას ვერ ისმენდე, განა კი არ გაგიცივდებოდა გული? შემოგრჩებოდა კი ამ გრძნობიდან მისი ნაფლეთი მაინც?
ვერონიკამ ჯერ არაფერი უპასუხა. ქმრის ნათქვამი კარგად გაანალიზა გონებაში და აწყლიანებული თვალები ძლივს გაუსწორა მას.
-ამას ნუღარ იტყვი, მათია, ნუღარასოდეს, გესმის? ჩვენში ასეთი რამ არასდროს მოხდება! როგორ შეიძლება, რომ ურთიერთობა ასე გაგვიცივდეს, მათია? არა, ეს შეუძლებელია და ამაზე ნუ... ნუღარ ვილაპარაკებთ!-მათიას მკლავებში ჩაიჩურჩულა მან და ქმრის მკერდში ჩარგო თავი.

ჯოზუე ღია დახლთან იდგა და მომღიმარი სახით იწვევდა ხალხს. წინ სხვადასხვა სახის ხარახურა ეყარა, რომელთაც სუვენირებს უწოდებდა. მათზე ათასნაირ ამბავს იგონებდა და ანტიკვარებად აქცევდა ახლო წარსულიდან შემორჩენილ ნივთებს, რომელთაც უკვე ვეღარ გამოიყენებდა.
მაღაზიაში მჯდომ საბრინას გარეთ თავის გამოყოფა არ უნდოდა, ისე რცხვენოდა მეზობლების. ჯოზუეს სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც გაქნილი გაიძვერის და ამ ყველაფრის შემდეგ მისთვის საბრინას პატიოსნებას მხოლოდ იმიტომ ჰქონდა ფასი, რომ მასზე, როგორც ნამდვილ მამაკაცზე, ავის თქმა არავის გაებედა. საბრინა გულში გვარიანად დასცინოდა მამაკაცის ჩლუნგ ლოგიკას, მაგრამ ენის ამოჭრითაც რომ დამუქრებოდით თქმით მაინც ვერაფრის თქმას ვერ შეძლებდა.
ჯოზუე იმდენად აღტაცებული იყო თავისი საქმიანობით და იმით, რომ ტურისტებს ასე ადვილად აცურებდა, მით უფრო შედიოდა აზარტში. ჩარჩოებს ხის ჩვეულებრივი ნაფოტებისგან აკეთებდა, ალბომიდან სურათებს იღებდა, ზეთსა და სანთელს უსვამდა, შემდეგ კი ჩარჩოებში სვამდა და ფოტოზე გამოსახულ ადამიანებზე, რაც შეიძლება, იდუმალ და საინტერესო ისტორიას იფიქრებდა. ერთი შეხედვით ეს სასაცილო იყო, თუმცა ჯიბეებს სწორედ ამგვარი გაიძვერობა უვსებდა. სწორედ ამიტომ საბრინა ცდილობდა დღიურად მიცემული ფული, რაც შეიძლებოდა, გამოეზოგა, რათა კაცს შემდგომ გასამართლებლად არ ჰქონოდა, ფული ოჯახში გვჭირდება და ასე ამიტომაც ვიქცევიო, მაგრამ ის მაინც ახერხებდა ტყუილით ნაშოვნი ბანკნოტების კაზინოებში და დუქნებში ხარჯვას, რაც საბრინას უფრო მეტად უძლიერებდა გულისტკივილს.
-ნახეთ, აბა, ამ სურათს შეხედეთ! ეს ქალბატონი წლების წინ გარდაიცვალა. ის პატარა გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღესაც...-გატაცებით ყვებოდა რიგით ზღაპარს ჯოზუე გარეთ და თან ოდნავადაც არ უკანკალებდა ხმა იმის გამო, რომ ასე ცრუობდა.
მის ხმას თან ერწყმოდა თარჯიმნების ჩურჩული. ზოგიერთი ტურისტი, რომელმაც იტალიური საშუალო დონეზე მაინც არ იცოდა, მარტო მოგზაურობას ვერ ბედავდა.
საბრინამ ამოიოხრა და თავგაბეზრებულმა მიმოიხედა იქნებ რამე გასართობი ვიპოვოო. ჯოზუეს, მიუხედავად იმისა, რომ საბრინა მაღაზიაში მისი დავალებით მივიდა, ცოლის დანახვა არ ესიამოვნა, მაშინვე მაღაზიაში შეაგდო და იქიდან გამოსვლა აუკრძალა. საბრინამ ვერაფერი გაიგო, მაგრამ შეწინაამღდეგებას აზრი არ ჰქონდა. მოთმინება ელეოდა, მაგრამ ქმრის სიტყვას მაინც ვერ გადადიოდა. ჯერ გაიარ-გამოიარა, მერე ფანჯარაში გაიხედა, ე.წ. ''სუვენირების'' თვალიერებასაც მიჰყო ხელი, მაგრამ დაუფლებულ მოწყენილობას ვერაფერი უშველა. ბოლოს ისევ სკამზე ჩამოჯდა და მის საზურგეს თავი მიაყრდნო.
-აი, ასე იყო ეს ამბავი! თქვენს ქვეყანაში რომ დაბრუნდებით, ამ სურათით, მერწმუნეთ, თავს მოიწონებთ! აბა, ქალბატონო, ხომ არ შეიძენდით?-ვიღაცის შეცდენას ლამობდა მლიქვნელური ხმით ჯოზუე.
ქალი თავის ენაზე თარჯიმანს შეეკითხა რაღაცას. საბრინამ ფანჯრიდან დაინახა, რომ ჩანთაც გახსნა და მიხვდა: მსხვერპლი უკვე ანკესზე იყო. თვალები გადაატრიალა და კვლავ სკამს უნდა ჩამოყრდნობოდა, რომ ნაცნობი ხმა შემოესმა.
-ღმერთო ჩემო, ბოდიშს ვიხდი, რომ ვაჭრობაში ხელს გიშლით, მაგრამ ეს ხომ სენიორა საბრინაა? მას მე რამდენიმე წუთის წინ შევხვდი და როგორ მოასწრო წლების წინ გარდაცვალება?-თეატრალური გაოცებით კითხულობდა ვიღაც.
საბრინას გული აუძგერდა. სკამზე მუხლებით შედგა და ფანჯრიდან გაიხედა. უნებურად გაეღიმა, მიქელე რომ დაინახა დახლთან ახლოს. მამაკაცს სახეზე ჩვეული სარკასტული ღიმილი ეხატა და აშკარად არ იყო დიდად გაკვირვებული თავისი აღმოჩენით.
-სენიორა საბრინა? ეს... ეს... რას ამბობთ?-ენა დაება ჯოზუეს მოულოდნელი შემოტევისგან.-თქვენ რაღაც გეშლებათ. ამ ქალის სახელი არ ვიცი, მაგრამ...
-ამ ქალის სახელი როგორ არ იცით?-უეცრად შეაწყვეტინა მიქელემ მას და ფანჯარაში თავგამოყოფილ საბრინას თვალი თვალში გაუყარა.-ის ხომ თქვენივე მაღაზიაში, თქვენ უკან არის?
ქალი სწრაფად შეხტა უკან და მაშინღა დაფიქრდა, თუ როდის მოიკრიბა ისე გამბედაობა, რომ ფანჯრიდან თავის გაყოფა შეძლო.
ჯოზუე ციებიანივით შემოტრიალდა უკან. თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა. აი, ეს კი ნამდვილად ის სიტუაცია იყო, რომელშიც გამოსავლის პოვნა ადვილი არ იქნებოდა. თავი ვეღარ გააკონტროლა, ფარდა გაწია და დახლთან შეკრებილების თვალწინ ერთ ადგილას ატუზული საბრინა გამოჩნდა, რომელიც ძლივს მალავდა სიხარულს.
ქალმა, რომელსაც უკვე საფულე ეჭირა ხელში, სურათს დახედა და გაკვირვებულმა აწია თავი. შემდგომ თარჯიმანს მიუბრუნდა და რაღაც ჰკითხა.
-სურათზე გამოსახული ქალი მართლაც ძალიან ჰგავს ამ სენიორას. ჩემს კლიენტს აინტერესებს, თუ რა ხდება აქ და რას ნიშნავს ეს ყოველივე.-შემტევად განაცხადა თარჯიმანმა და კისერი მოიღერა.
-დიახ, თქვენ სწორად აღნიშნავთ, ჰგავს, მაგრამ მხოლოდ ჰგავს. ასეთი მსგავსებები ხშირად ხდება ხოლმე, არ მეთანხმებით? გთხოვთ, გადაუთარგმნეთ თქვენს ძვირფას კლიენტს!-მოწიწებით შეევედრა ჯოზუე თარჯიმანს და ლამის ძირს განერთხა შიშით, რადგან დაინახა, როგორ ჩაუქრათ დახლთან მდგომთ აღტაცებით ანთებული თვალები.
-ეს რას ნიშნავს? ასე როგორ შეიძლება? ესე იგი ჩვენ ფულს ვიხდით იმ ადამიანის სურათში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მანაროლასთან იმის გარდა, რომ აქ ცხოვრობს და თანაც ზუსტად თქვენს მაღაზიაში იმალება? ო, ღმერთო! აი, მესმის თავხედობა!-შეურაცხყოფილმა წამოიძახა ჭაღარათმიანმა ქალმა, რომელმაც აშკარად კარგად იცოდა იტალიური.
ქალიმაც, რომელიც სურათის ყიდვას აპირებდა, თარჯიმანს ხელი მოკიდა და დახლს გასცილდა. ჯოზუე შემცბარი აფაციცებდა თვალებს და ვერ იჯერებდა, რომ მის დახლთან უკვე თითქმის აღარავინ იდგა. სახეზე უკვე ფერები გადასდიოდა. სიბრაზე ახრჩობდა და სუნთქვას უჭირვებდა. ბოლოს, როცა იქ მხოლოდ ერთი ადამიანღა დარჩა და ეს ერთიც ის იყო, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში მიჩქმალულ სიმართლეს ფარდა ახადა, სასოწარკვეთილი დაეშვა სკამზე და ჩასისხლიანებული თვალები მოავლო იქაურობას.
-ჰმ, მშვენიერი ნამუშევარია!-მოესმა ზემოდან და თავი აწია. მამაკაცს ხელში ის ფოტო ეჭირა, რომელიც ჯოზუეს წარმატებული თამაშის ტრაგიკული დასასრულის მიზეზი გახდა.-ცოტაოდენი ზეთი, საღებავი და სანთელი, ხომ?
ჯოზუემ კბილები გააღრჭიალა და უკან მიატრიალა თავი. საბრინამ სწრაფად დახარა თვალები და შეეცადა შიში დაემალა.
-იცით, ტექნიკა ბევრად დაიხვეწა! იმისთვის, რომ სიძველის ეფექტი უკეთესი გახდეს, შეგიძლიათ...-სრულებით სერიოზულად დაიწყო რაღაცის შეთავაზება მიქელემ, მაგრამ ჯოზუემ დაიგრგვინა და ფეხზე წამოხტა.
-როგორ ბედავთ? თავი ვინ გგონიათ?-იღრიალა მან და დაინახა, როგორ მიაშტერდნენ სხვა ვაჭრები მას.
-მიქელე ბერშე!-ხელი გაუწოდა მამაკაცმა მას ისე, რომ წამითაც არ დაუკარგავს სიმშვიდე.-უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო სასიამოვნო გარემოში გაგვეცნო ერთმანეთი, მაგრამ როცა ჩვენი გაცნობის შემსწრე ისეთი მშვენიერი ქალბატონია, როგორიც ქალბატონი საბრინაა, ცუდი არაფერი მეთქმის.
საბრინამ კბილებს შორის მოიქცია ენა, რადგან აღელვებას უკვე მთელი მისი სხეული დაეპყრო. ჯოზუემ შეშლილი თვალები შეავლო მამაკაცის გამოწვდილ ხელს, შემდგომ მკლავი აუქნია, საბრინას მაჯაზე ხელი ჩაავლო და მაღაზიის კარების ჩაკეტვა არც კი გახსნებია, უკანმოუხედავად გაემართა სახლისკენ აკანკალებულ და გაფითრებულ ცოლთან ერთად.

^^^
მეორე თავიც თქვენს განკარგულებაშია.
ვნახოთ, რას შეცვლის სეზამი საბრინას ცხოვრებაში.
ველი მათ შეფასებას, ვინც პირველად ან თუნდაც უკვე მეორედ მ'კითხულობს.
უყვარხართ სოფიკოს!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ბიბი

კარგი რამაა, ნამდვილად, არც მინდა გაფიქრება რა ელის საბრინას :( ვერონიკა და მათია მართლა ძალიან საყვარლები არიან. საბრინა მეცოდება, და ვერაფრით ვხვდები რამ უნდა გიბიძგოს ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრებისკენ როგორიც ჯოზუეა.

პატარა შენიშვნაც მაქვს, რამოდენიმეჯერ შევნიშნე რომ პერსონაჟების სახელები აგერია ;დ კარგი იქნება გამოსწორება. ისე კი ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს წარმატებები.

 



№2  offline მოდერი sopiko

ბიბი
კარგი რამაა, ნამდვილად, არც მინდა გაფიქრება რა ელის საბრინას :( ვერონიკა და მათია მართლა ძალიან საყვარლები არიან. საბრინა მეცოდება, და ვერაფრით ვხვდები რამ უნდა გიბიძგოს ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრებისკენ როგორიც ჯოზუეა.

პატარა შენიშვნაც მაქვს, რამოდენიმეჯერ შევნიშნე რომ პერსონაჟების სახელები აგერია ;დ კარგი იქნება გამოსწორება. ისე კი ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს წარმატებები.

ბიბი, მადლობა დიდი!
ჰო, ბევრი რამ კი ელის საბრინას, რა გითხრა..
ვაიმე, რომ ვერ შევამჩნიე? კარგი იქნება, თუ შემდეგში იმ მონაკვეთებსაც დამისახელებ, თორემ გადავხედე და ვერ ვიპოვე :/
რაც არ მოგეწონება და არ გესიამოვნება, ყველაფერი მითხარი ;დდ მეც შევეცდები გამოვასწორო <3

 



№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

მეც მომწონს სოფო ძალიან და ვკითხულობ

 



№4  offline მოდერი sopiko

სტუმარი ლიკა
მეც მომწონს სოფო ძალიან და ვკითხულობ

მადლობა, ლიკა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent