შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (1,2)


22-04-2018, 18:01
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 1 669

Lost Minds (1,2)

1 თავი
მარტი იყო. თბილი და მზის სხივებით განათებული დილა. ირგვლივ ყველაფერს გაზაფხულს კვალი დასტყობოდა, ხეები ლამაზი თეთრი ყვავილებით შემოსილიყვნენ, ხოლო მათი თავბრუდამხვევი სურნელი თითოეულ გარეთ მოსიარულეს სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირის ნესტოებში. თბილისის ყოველ ქუჩას, ყოველ მოსახვევსა თუ ჩიხს, ნათლად ეტყობოდა, რომ წელიწადის ეს მშვენიერი დრო, ქალაქში უკვე შემობრძანებულიყო მთელი თავისი დიდებით და გრანდიოზულობით, რასაც გარეთ მოსეირნე ადამიანთა სიმრავლეც მოწმობდა და ხეებზე მჯდარი ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკიც, რომლებიც თავიანთ სიხარულს სწორედ ამ გზით გამოხატავდნენ.
იდილია სუფევდა ყველგან, თითოეულ მოსახვევში, თითოეულ ჩიხში და თითოეულ პარკში. თუმცა ზემოთხსენებული ყველაზე შესამჩნევად მაინც ქალაქის ერთ-ერთ პატარა ქუჩაზე ვლინდებოდა, რომლის ორივე მხარეს იასამნის ლამაზად აყვავილებული ხეები ჩამწკრივებულიყო და რომელიც ამწუთას მართლაც წარმოადგენდა დედამიწაზე არსებულ სამოთხეს. ამ ხეებს შორის, მბზინავ ქვაფენილზე, ლამაზი, დიდ ფანჯრებიანი ორსართულიანი სახლის წინ, BMW-ს მარკის ავტომობილი ეყენა. მანქანის ტყავის სალონში, მუქი საქარე მინების გამო საერთოდ არაფერი არ ჩანდა, მაგრამ საკმარისი იყო, სივრცე ამ მინისაგან გაგენთავისუფლებინათ, რომ მაშინვე მოგხვდებოდათ თვალში, წინა ორ სავარძელზე უშფოთველი ჩაძინებული ორი პიროვნება. აქვე, უყურადღებოდ მიტოვებულ მაგნიტოფონსაც წააწყდებოდით, რომელიც ძალიან დაბალ ხმაზე უკრავდა Adelle-ს Someone Like You-ს. საჭის პირდაპირ მყოფ სავარძელზე მიძინებული ადამიანი, დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელსაც სპორტულ სტილში ეცვა (შავი მაისური და ჯინსის გაცრეცილი შარვალი) ხოლო მის გვერდით სავარძელზე, გულაღმა გადაწოლილიყო წითელკაბიანი გოგონა, მხრებზე ჩამოშლილი გრძელი, ღამესავით შავი თმით. მას თავი საქარე მინაზე ჰქონდა მიდებული და მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა გაზაფხულის მზით განათებულ ავტომობილში. ერთსაც და მეორესაც ნათლად ეტყობოდათ, რომ წუხელ ღამით ძალიან დაღლილებს ჩასძინებოდათ და ალბათ დიდხანს გაღვიძებას ვერც მოახერხებდნენ, რომ არა ის ხმა რომელიც ადამიანს ძილის საუფლოდან მუდამ აბრუნებს ხოლმე რეალურ სამყაროში, მიუხედავად იმისა უნდა მას ეს თუ არა. ამჯერად რეალობის ეს შემზარავი ხმა, ბიჭის მობილურზე დაყენებული მაღვიძარის ჟღერადობა გახდა. სმარტფონზე ჩართული ხმამაღალი ვიბრაცია, მუსიკის ხმადაბალ ჰანგებს შეერწყა და საბოლოო ჯამში თავისას მიიაღწია-ერთმაც და მეორემაც, ნელა და ფრთხილად იწყეს თვალების გახელა.
-გათიშე ეგ წყეული მაღვიძარა -ნამძინარევი ხმით ამოთქვა წითელკაბიანმა, ისე რომ ჯერ არც ის ჰქონდა გააზრებული სად იმყოფებოდა, ვისთან ერთად და რა სიტუაციაში
-ჯანდაბა ეს როდისღა დავაყენე? -ჩახლეჩილი ხმით ჩაიბუზღუნა თვალებდახუჭულმა მამაკაცმა, თან, პარალელურად გამორთვის ღილაკს დააწვა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით. რა თქმა უნდა დაღლილ-დაქანცულს, რაც პირველად მოუვიდა თავში, ეს ძილის შებრუნება იყო. ასეც მოიქცა, თავი კვლავ სავარძელზე მიდო და ის-ის იყო ბურანის სამყაროში მოგზაურობა უნდა გაეგრძელებინა, რომ უეცრად რაღაც ეუცნაურა. გაახსენდა, ცოტა ხნის წინ ნათქვამი "გათიშე ეგ წყეული მაღვიძარა", რომელიც მისთვის უცნობი პიროვნების ბაგეებიდან ჟღერდა, სიტუაცია წამებში გაიაზრა და თვალები ისეთი სისწრაფით გაახილა, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გუგების ტკივილი იგრძნო. დაუდგენელია პირველად რომელი მათგანი დაინახა, ავტომობილის მარჯვენა სკამზე მიძინებული გოგონა, თუ მისი უზადოდ ლამაზი, ჩამოშლილი თმები, რომელიც თითქმის წელამდე სწვდებოდა.
-ეს ვინღაა? -გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა მას და სწორედ იმწუთას, უცნობის სხეულზე ამოსვირინგებულმა წარწერამ მიიქცია მისი ყურადღება. გოგონას მარცხენა ბეჭის მხარეს რაღაც სიტყვა ჰქონდა დაწერილი, პატარა გამოყვანილი, ჩინური იეროგლიფებით. ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი? ვინ უნდა ყოფილიყო და რას აკეთებდა იგი ანდრეას მანქანაში?
ბიჭმა კიდევ ერთხელ ააყოლა მზერა უცნობი ლამაზმანის გრძელ ფეხებს და სცადა დეტალებში გაეხსენებინა ის, თუ რას აკეთებდა გასულ ღამით. ბოლო მოგონებად თეთრ პერანგში გამოწყობილი ბარმენი აგონდებოდა, რომელიც ორასგრამიან სასმისს ამერიკული ვისკით უვსებდა და თან გამომცდელ მზერას არ აშორებდა. ბევრს ეცადა გაეხსენებინა, თუ რა მოხდა ამის შემდეგ, მაგრამ გონებაში მცირეოდენი ფრაგმენტებიც არ შემორჩენოდა.
მამაკაცმა ერთი ღრმად ამოისუნთქა და მანქანიდან გადასვლა გადაწყვიტა. ახლა სუფთა ჰაერი სჭირდებოდა, რათა ცოტა აზრზე მოსულიყო. საბედნიეროდ ტელეფონი, საფულე და მართვის მოწმობა არ დაუკარგავს. არც პირადობა და არც ის სამაჯური, რომელსაც ბავშვობიდან ატარებდა და რომელიც თავისი დის მიერ მორთმეული, მეშვიდე დაბადების დღის საჩუქარი იყო. ანდრეას, ამის გახსენებაზე სახეზე ღიმლი მოადგა და ირგვლივ მიმოიხედა. ქუჩაში სრული მდუმარება სუფევდა, თუ არ ჩავთვლით იმ ქარის ხმაურს, რომელიც ნაზად და სათუთად დაიარებოდა მწვანე ფოთლებით დაფარულ ხეებს შორის და მათ მელოდიურად აშრიალებდა.
უეცრად მაჯაზე შემოხვეულ საათს დახედა. ჯერ მხოლოდ შვიდის ნახევარი იყო. ასე ადრე მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არ გაუღვიძია, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაღლილობას სრულებითაც აღარ გრძნობდა. ალბათ ეს ამ სასიამოვნო ატმოსფეროსა და იდეალური ამინდის დამსახურება იყო, რომელიც ნებისმიერ სულიერს უზღვავი ენერგიით ავსებდა.
მიუხედავად ამისა, მაინც ვერაფრით იხსენებდა, იმაზე, თუ რა ამბები გადახდა თავს გასულ ღამით. კვლავ მანქანაში მჯდარ გოგოს შეხედა. დიდხანს აკვირდებოდა სახეზე, ცდილობდა თავის შორეულ და კარგა ხნის მივიწყებული ნაცნობებიდან მაინც მიემსგავსებინა რომელიმე მათგანისთვის, მაგრამ იგი არავის ჰგავდა. ერთი წამით, ისიც იფიქრა, რომ გაეღვიძებინა და ვინაობა თავად ეკითხა, თუმცა ისე ტკბილად და უშფოთველად ეძინა, რომ ხელის დაკარებაც კი ვერ გაბედა. ამის მაგივრად, კვლავ საწყის პოზიციას დაუბრუნდა-მანქანის კაპოტს მიეყრდნო და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. სიგარეტი ნელ-ნელა იწვებოდა და მისი ფერფლი ქვაფენილზე უჩინარდებოდა. ქუჩაში ნელ-ნელა ხალხმაც დაიწყო მოძრაობა. პირველი ვინც, მამაკაცმა დაინახა, ეს ყვითელ ფორმაში გამოწყობილი მეეზოვე იყო, რომელიც გულმოდგინედ შეუდგა ხეებიდან ჩამოცვენილი ყვავილის ფოთლებისგან ქუჩის გასუფთავებას. ანდრეა მისგან ათიოდე ნაბიჯის დაშორებით იდგა და რატომღაც მოხუცის ყოველ მოძრაობას დაკვირვებით ათვალიერებდა. უსმენდა ხმას, რომელსაც დიდი და უხეში ცოცხის ქვაფენილზე ხახუნი გამოსცემდა და პარალელურად აკვირდებოდა, თუ როგორ ილეოდა მის თითებს შორის გაჩხერილი მოსაწევი.
-ერთ ღერს ვერ მომცემ შვილო? -მოესმა უეცრად ჩახლეჩილი ხმა და დაპატარავებული ნამწვავი ურნაში მოისროლა. მას სწორედ ის მეეზოვის ფორმაში გამოწყობილი, მოხუცი ელაპარაკებოდა და თავისი სამუშაო ხელსაწყოს თანხლებით მამაკაცისკენ მოემართებოდა.
-რა თქმა უნდა. აიღეთ
ანდრეამ კოლოფიდან ერთი ცალი ამოაძრინა და მას შავი სანთებელათი ფრთხილად მოუკიდა.
-ეჰ შვილო, ჩემს ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ სხვისი სამათხოვრო რა მჭირდა? ახლა სიგარეტის ფულიც კი აღარ დამრჩა, არადა თავს ვერ ვანებებ. დამეთანხმები ეს არცაა ადვილი საქმე
-გეთანხმებით -ხმადაბლა მიუგო მამაკაცმა და ინატრა, რომ უცნობი რაც შეიძლებოდა მალე გასცლოდა
-ჩვენს ქვეყანში იშვიათად თუ არიან ისეთები, ვისაც ყველაფერი აქვს, რაც კი უნდა -განაგრძობდა ლაყბობას მეეზოვე -აი მაგალითად იმ მანქანის პატრონს რა აქვს საწუწუნო? ალბათ მოაჯდება თავის მილიონიან ოთხბორბლიან მეგობარს და სამყარო თავისი ჰგონია. ასეთები უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობასაც აღარ კადრულობენ. რას იზამ? სამყარო ასეა მოწყობილი. ვიღაცას მეტად უმართლებს, ვიღაცას ნაკლებად
-ვიღაცას კი ისიც არ შეუძლია, რომ თქვენსავით იაროს, ყოველგვარი ეტლისა და ყავარჯნის გარეშე. ესეც ხომ დასაფასებელია?
მოხუცს ენა ჩაუვარდა და გარკვეული დროის განმავლობაში, ხმის ამოღება ვერ შეძლო. ნაფაზს ნაფაზზე ურტყამდა და ნელ-ნელა აანალიზებდა, იმას, რაც თავისზე ბევრად უფრო ახალგაზრდა ადამიანისგან მოისმინა. შეუსვენებლად ფიქრობდა ამ ყველაფერზე და საბოლოოდ მაინც ერთ დასკვნამდე მიდიოდა-ყოველივე ზემოთ თქმული სიმართლე იყო. სიმართლე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მისთვის სრულიად უცნობი ადამიანისგან გაითავისა . . .
-რა გქვია შვილო? -იკითხა მან ბოლოს და მზის მცხუნვარებისგან გაცხელებული ყვითელი კეპი, თავისუფალი ხელით მოიხადა
-ანდრეა
-გვარი?
-კანდელაკი -ცოტა გაკვირვებით მიუგო მამაკაცმა, რადგან ვერ ხვდებოდა რატომ დაინტერესდა მოხუცი ასე უეცრად მისი ვინაობით
-მშვენიერია. ყოველთვის მემახსოვრება, რომ ამა და ამ დღეს, ერთმა ადამიანმა-ანდრეა კანდელაკმა რაღაც მნიშვნელოვანი მასწავლა-დაფასება იმისა, რაც მაქვს. სიგარეტისთვის კი, გმადლობ -მოხუცმა მანქანაზე მიყრდნობილ ბიჭს, მხარზე ხელი მეგობრულად მოუთათუნა და თავის საქმეს დაუბრუნდა, ამჯერად ანდრეასგან კარგა მოშორებით . . .
ბიჭი კვლავ მარტო დარჩა და ფიქრი განაგრძო. ისევ ის საშინელი კადრები წარმოუდგა თვალწინ. მისი სახლში შესვლა, სიცილის ხმები საძინებლიდან და გოგონას შიშველი სხეული, რომელსაც ზეწარი სულ ოდნავ თუ უფარავდა. ხოლო მის გვერდით კი . . .
არა . . . არ სურდა ამის გახსენება. ჯერ კიდევ დიდ ტკივილს აყენებდა და გულს ნაწილებად უგლეჯდა. ცდილობდა ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყებინა, წყალს გაეტანებინა ყოველივე, რაც წარსულში მასთან აკავშირებდა და კვლავ ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. შეიძლება ითქვას ამას ახერხებდა კიდეც, თუმცა იყო მომენტები, როდესაც წარსულის მოგონებები ერთიანად წარმოდგებოდა ხოლმე მის თვალწინ და მოსვენებას არ აძლევდა. ახლაც სწორედ ის სიტუაცია იყო. სიტუაცია, როცა ცდილობდა გონებიდან საზარელი ფიქრები განედევნა და ეს არაფრით არ გამოსდიოდა. ანდრეამ კვლავ მორიგ ღერს მოუკიდა და აფექტის მდგომარეობაში, მანქანას ფეხი იმდენად ძლიერად მიარტყა, რომ ტკივილისგან ჩუმი ოხვრაც კი აღმოხდა. როგორ შეეძლო ასე მოქცეოდა? ეს როგორ გააკეთა? მათ ხომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ? ან როგორ გამოსდიოდა ასე კარგად თამაში?
მამაკაცს მწარედ ჩაეცინა და თავი გადააქნია. სიგარეტის კვამლი უკვე თავ-ბრუს ახვევდა. გაურკვეველი მიზეზის გამო, ამწუთას მასზე ყველაფერი უარყოფითად მოქმედებდა. თუნდაც ცენტრალური ქუჩებიდან მომდინარე მანქანების ხმები ან ხეებზე შემომსხდარი ჩიტების მხიარული ჭიკჭიკი, რომელიც ნებისმიერ სხვა დროს კარგ გუნებაზე დააყენებდა.
რამდენიმე წამის შემდეგ, რომელიც თითქოს საუკუნედაც კი მოეჩვნა, მორიგ, დაპატარავებულ ნამწვავს მიუჩინა ადგილი პატარა ნაგვის ურნაში და ის-ის იყო ტელეფონზე გამოტოვებული ზარები უნდა შეემოწმებინა, რომ უკნიდან მანქანის გაღების ხმა, საკმაოდ მკვეთრად შემოესმა. ბევრი ნამდვილად არ უფიქრია, ერთბაშად შემოტრიალდა და იქედან ძლივსძლივობით გადმოსულ, წითელკაბიან უცნობს, თავიდან ფეხებამდე მზერა ააყოლა.
-ეს მანქანა შენია? -შუბლზე ცალი ხელი მიიდო გოგონამ, რათა მზე დაეჩრდილა და ანდრეა უკეთესად დაენახა
-ჩემია
-ძალიან კარგი. მაშინ ისიც მითხარი მასში რატომ მეძინა? და შენ საერთოდ ვინ ხარ?
კანდელაკს გოგონას სიტყვებზე ირიბად ჩაეცინა. მიხვდა, რომ ახლა სწორედ იმ კითხვებზე მოუწევდა ეპასუხა, რომლის დასმასაც, ცოტა ხნის წინ თავად აპირებდა.
-მე კი, ვფიქრობდი, ამას შენ მეტყოდი
-რას? იმას თუ ვინ ხარ?
-არა. იმას, თუ რას აკეთებ ჩემს მანქანაში
-ერთი წამით მოიცადე -შუბლშეკვრით წარმოთქვა წითელკაბიანმა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა -მე გუშინ ბარში ვიყავი, მერე სასმელი შევუკვეთე და ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. დღეს კი, ვიღაც უცნობი ადამიანის მანქანაში მეღვიძება და . . . -სახეზე მკვდრის ფერი დაედო -ახლავე მითხარი რა გამიკეთე. სიტუაციით ისარგებლე არა? შანსი ხელიდან არ გაუშვი ასეა? შე ნაძირალა, ამისთვის პასუხს აგებ! -კანდელაკმა გაზრებას ვერ მოასწრო, ისე წვდა გოგონა პერანგის საყელოში და მრისხანე მზერით ლამის შუბლი გაუხვრიტა
-ეი, ეი დაწყნარდი! -ხელი ფრთხილად გააშვებინა -შენთვის თითიც კი არ დამიკარებია, რა პანიკებს მართავ?!
-მართლა?
-ჰო მართლა. შეგიძლია მშვიდად იყო
-კინაღამ გულის შეტევა მივიღე -შვებით ამოისუნთქა და სახეზე ოდნავშესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა.
-შენ გაღვიძებას ველოდებოდი, რომ რაიმე მაინც გეთქვა წუხანდელის შესახებ, თუმცა ვატყობ ჩემსავით არაფერი იცი. მოკლედ თუ ასეა აღარ მოგაცდენ. შეგიძლია წახვიდე . მე კი, მე შიგნით შევალ
-აქ ცხოვრობ?
-ასეა -სახლს თვალი შეავლო კანდელაკმა და კვლავ გოგონას მიუბრუნდა
-ლამაზი სახლია. სულ მინდოდა ორსართულიან, ეზოიან სახლში მეცხოვრა
-გმადლობ. თუ გინდა შემოდი. ყავის დალევას ვაპირებ, შენთვისაც კარგი იქნება
-შოკოლადიც გაქვს?
ბიჭს უცნობის სიტყვებზე გულიანად გაეცინა და მას თვალი კიდევ ერთხელ შეავლო. მართლაც რომ იშვიათი სილამაზის მქონე ადამიანი აღმართულიყო მის წინაშე. რატომღაც, ეს მხოლოდ ახლა შეამჩნია.
-მგონი სადღაც უნდა მქონდეს გადანახული შენნაირი სტუმრებისთვის. აბა რას იტყვი, შემოხვალ?
-მე ბეა მქვია -ხელი ღიმილით გაუწოდა გოგონამ -ნამდვილი სახელი ბეატრისი, მაგრამ არავის ვაძლევ უფლებას ასე მომმართოს. შემოკლებული ვარიანტი უფრო მომწონს
-ანდრეა -თავის მხრიდან ხელი გაუწოდა მამაკაცმა და იგი კარში პირველი გაატარა...
ზემოთ ხსენებულ ორსართულიან სახლში, როგორც ყოველთვის სრული წესრიგი და იდილია სუფევდა, რაც მარტოხელა კაცისგან მართლაც, რომ გასაკვირი იყო, თუმცა ანდრეა კანდელაკი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთათვისაც უწესრიგობა ერთი, დიდი სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასი იყო. ბავშვობიდანვე გაუჩნდა პროტესტის გრძნობა თავისი უმცროსი დის, დღენიადაგ არეული ოთახის შემხედვარე და ყოველთვის ცდილობდა თავისი "ღამეული სამყოფელი" სრულ წესრიგში ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც ბავშვები ცოტათი წამოიზარდნენ, მათმა მშობლებმა სამსახურის შემოთავაზების გამო, საზღვარგარეთ გადაწყვიტეს გამგზავრება. ანდრეას ბიძას გერმანიაში საკუთარი რესტორანი ჰქონდა და უნდოდა თანამშრომლებად სანდო ადამიანები ჰყოლოდა, სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ არასრულწლოვანი და-ძმა, საცხოვრებლად ბებიასთან გაგზავნეს, საიდანაც უკვე ორივე მათგანმა საკუთარი გზით განაგრძო სვლა. ანდრეას უმცროსმა დამ-ელამ, სწავლის გასაგრძელებლად ბათუმში წასვლა გადაწყვიტა, რადგან ბავშვობიდან შეყვარებული იყო ამ ქალაქზე და თავის ოცნების ასრულებაში ხელს არავის შეაშლევინებდა. იმ პერიოდში უფროსი კანდელაკი იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურს დამთავრებული გახლდათ. დის წასვლიდან რამდენიმე თვეში, მანაც მიატოვა მოხუცი ბებიას ბინა და დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ მშობლიურ სახლს დაუბრუნდა.
იქაურობა ფაქტიურად არც შეუცვლია. ყველაფერი ისევ ისე დატოვა, როგორც ადრე იყო. ახლაც ნახავდით მისაღები ოთახის კედლებზე ჩამოკიდებულ, დიდ ჩარჩოში ჩასმულ ბუნების პეიზაჟებს, რისი შეგროვებითაც ანდრეას დედა იყო დაინტერესებული, თვალში მოგხვდებოდათ აგრეთვე წიგნების უზარმაზარ თაროები, რომლებზედაც ძველ ავტორთა საკმაოდ მდიდარ კოლექციას მოეყარა თავი. ისინი თითქოს მედიდური მზერით გადმოჰყურებდნენ შუაგულში მდგარ დიდ, შოკოლადისფერ დივან-კრესლოებსა და მათ წინ მდარ, პატარა ჟურნალების მაგიდას. ზემოთ აღწერილი მისაღები ოთახის მარჯვნივ, გრძელ კორიდორს გადააწყდებოდით, რომლის ჩაყოლებაზეც, ერთმანეთის გვერდიგვერდ, სამი საძინებელი ოთახი იყო გამწკრივებული. ამ სამიდან ერთ-ერთი მათგანი, თავად ანდრეას მშობლებს ეკუთვნოდათ.
სახლს ოდნავ სიძველის იერი დაჰკრავდა, თუმცა ინტერიერი იმდენად გემოვნებით იყო მოწყობილი, რომ ეს სიძველე სასიამოვნოდაც კი მოგხვდებოდათ თვალში. ყველაზე გასაოცარი, მაინც ის აივანი იყო, რომელიც ბავშვობიდან უფროსი კანდელაკის საყვარელ ადგილად ითვლებოდა. სკოლიდან დაბრუნებული ანდრეა, როგორც კი ჩანთას მოიხსნიდა და ისადილებდა, მაშინვე აირბენდა მეორე სართულის კიბეებს, აივანზე ჩამოკიდებულ დიდ სარწეველა სავარძელში ჩაჯდებოდა და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. რომ გეკითხათ ვერც გეტყოდათ ამას რატომ აკეთებდა. უბრალოდ ასე თავს მშვიდად გრძნობდა. მშვიდად და დაცულად . . .
-მომეცი ჩანთას დავკიდებ -მიუახლოვდა მამაკაცი ჯერ კიდევ კარებთან მდგარ ბეას და მისი გრძელი, ლამაზი თმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა
-გმადლობ მე თვითონ. იცი სახლში რატომ შემოგყევი?
-თუ მეტყვი მეცოდინება
-მოკლედ -დაიწყო წითელკაბიანმა, თან პარალელურად თითების მტვრევას მოჰყვა -ერთი გზა ვიცი, რათა გუშინდელიდან ყველაფერი გაგვახსენდეს
-მართლა? და რა?
-ჰიპნოზი
-ჰიპნოზი? -ანდრეამ სიცილი ვერ შეიკავა -ამას სერიოზულად ამბობ?
-სრული სერიოზულობით გეუბნები. სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. ფსიქოლოგიაში კარგად ვერკვევი და ვიცი, რომ ეს მეთოდი ხშირ შემთხვევაში ამართლებს
-რატომაა შენთვის ყველაფრის გახსენება ასეთი მნიშვნელოვანი? გინდა დააზუსტო ქმარს უღალატე თუ არა?
გოგონას სახეზე იმხელა გაოცება აღებეჭდა, თითქოს წამის წინ მისთვის ვიღაცას ერთი ვედრო, ცივი წყალი გადაესხას.
-საიდან მოიტანე, რომ გათხოვილი ვარ?
-ამის მიხვედრა არც ისე რთულია. თითზე საქორწინო ბეჭედი გიკეთია. ახლა კი, წამოდი, სამზარეულოში გავიდეთ, თუ გახსოვს აქ ყავის დასალევად მოხვედი
-საქორწინო ბეჭედი მიკეთია? -ბეამ მაშინვე მარცხენა ხელის არათითს დახედა -ეს რა არის? მე ეს . . . ეს მე არ მეკკუთვნის. ვისია? საიდან მოვიდა? მოიცადე, შეხედე შენც გიკეთია, თან ზუსტად ასეთივე
ამჯერად ანდრეას დაეტყო გაოცება და გოგონას მსგავსად ისიც საკუთარი ხელის თვალიერებას მოჰყვა. ერთსაც და მეორესაც, ზუსტად ერთნაირი რგოლები უმშვენებდა თითებს. ოქროს ბეჭდები, მზის შუქზე ლამაზად ბრწყინავდნენ და შესამჩნევად ლაპლაპებდნენ.
-ჯანდაბა, რა მოხდა გუშინ? -იქვე დივანზე მოწყვეტით დაეშვა მამაკაცი და გულში ინატრა ეს ის არ ყოფილიყო, რასაც ფიქრობდა
-ის მოხდა, რომ მე და შენ ერთნაირი საქორწინო ბეჭდები გვიკეთია -გაისმა პასუხად -კარგი ასე ნუ მიყურებ, ხომ ხედავ მეც შოკში ვარ. ჩვენ ხომ არ . . .
-არა, ეს შეუძლებელია. ასე ძალიანაც არ გამოვთაყვანდებოდით
-თუ ასეა, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? -ბეა მამაკაცს გვერდით დაძაბული მიუჯდა. ნერვულობისგან სხეულის ყველა უჯრედი სტკიოდა, განსაკუთრებით კი მუცლის არე. არა ნაკლებ დაძაბულობას გრძნობდა კანდელაკი, რომელმაც გოგონას სიტყვების მერე, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ირგვლივ ისე მიმოიხედა, იფიქრებდით რაღაცას ეძებსო. თუმცა ეს აფორიაქებული ადამიანის უაზრო გამომეტყველებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სხვა რამეს.
-კარგი მოდი სიტუაციას ლოგიკურად მივუდგეთ -დაარღვია რამდენიმე წუთიანი დუმილი ანდრეამ -თუ მართლა დავქორწინდით, სადმე ქორწინების მოწმობაც ხომ უნდა გვქონდეს?
-მართალი ხარ. წამოდი მანქანაში დავძებნოთ. დილით სწორედ იქ გამოგვეღვიძა
-მოიცადე გასაღებს ავიღებ. ჩაკეტილია
-ცოტა იჩქარე, თორემ სადაცაა ინფაქტი დამარტყამს!
კანდელაკი დივნიდან სწრაფად წამოდგა და მისაღები ოთახიდანაც თითქმის სირბილით გავარდა. მანქანის გასაღებს ყოველთვის გასასვლელ კართან მდგარ ტუმბოზე ტოვებდა. ახლაც სწორედ იმავე ადგილას დაუხვდა და როგორც კი მისთვის სასურველი ლითონის, ცივი ნივთი მარჯვენა ხელის გულში მოიქცია, კვლავ უკან, მისაღებში მომლოდინე, შესაძლო მეუღლესთან დაბრუნდა.
დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ რაიმეს, რაც ქორწინების მოწმობას ცოტათი მაინც ჰგავდა. ნახულობდნენ მანქანის უკანა სალონში, წინა სათავსოში, საბარგულშიც კი, მაგრამ ასეთი ვერაფერი იპოვეს. ამ ყველაფერმა ორივეს იმედი მისცა, რომ ეს უბრალოდ ნასვამ მდგომარეობაში ერთნაირი საქორწინო ბეჭდების ყიდვის იდეა იყო და მეტი არაფერი, მაგრამ საუბედუროდ ეს სიხარული, სულ რაღაც, რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ზუსტად მანამ, სანამ უეცრად ბეას სახეზე ღიმილი არ გაქრა და იგი შეშინებულმა და აფორიაქებულმა გამომეტყველებამ არ შეცვალა.
-ჯანდაბა მგონი ეს ისაა, რასაც ასე ძალიან გავურბოდით
-აქ მომეცი -ხელიდან ისე სწრაფად გამოგლიჯა ანდრეამ, თითქოს მისთვის ერთი მილიონი დოლარის ღირებულების საათი წაერთმიოთ. მამაკაცმა მოწმობა საჩქაროდ გადაშალა და ზემოდან თვალებგაფართოებული დააშტერდა. მისი და გოგონას სახელები და გვარები სულ ბოლოში იყო მოთავსებული, მათივე ხელმოწერით. არა ეს რაღაც კოშმარულ სიზმარს ჰგავდა, იმდენად კოშმარულს, რომ ბეას განწყობა ანდრეასაც წამებშივე გადაედო.
-კარგი არაუშავს, ყველაფერს მოვაგვარებთ. ეს ამბავი ჩვენს გარდა არავინ იცის, ჰოდა ავდგებით და გავეყრებით -სასწრაფოდ იპოვა გამოსავალი ბიჭმა
-გაყრის პროცესები საშინლად იწელება ხოლმე. არა ეს ყველაფერი მართლა ბოლოს მომიღებს -იმდენად გაღიზიანებული სახით მიხურა მანქანის კარი ბეამ, რომ იგი ლამის ჩამოიღო. თითქოს ატმოსფეროც კი დაიძაბა ამ ორის შემყურე.
-ნუ ღელავ პროფესიით იურისტი ვარ, ამ სფეროში დიდი სანაცნობო მყავს. რაიმეს მოვახერხებთ და ამ პროცესს დავაჩქარებთ
-მართლა?
-ჰო მართლა -დამაიმედებელი გამომეტყველებით მიუგო კანდელაკმა
-მგონი შენი ტელეფონი რეკავს. ზუზუნის ხმა მესმის -თვალებით მარცხენა ჯიბეზე ანიშნა გოგონამ
ანდრეამ მხოლოდ ახლაღა იგრძნო ის ვიბრაციის ტალღები, რომელიც მთელ სხეულში უვლიდა. ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის-თავისი და ურეკავდა. ამწუთას, ყველაზე ნაკლებად სწორედ მასთან ლაპარაკის გუნებაზე იყო, მაგრამ რა უნდა ექნა? ყურმილი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აეღო. ვერ იტანდა როცა ელა მასზე ბრაზდებოდა.
-გისმენ კრაზანა (ანდრეა თავის დას ბავშვობიდან, ამ ზედმეტ სახელით მიმართავდა)
-სულ რაღაც რამდენიმე კვირაა რაც წავედი და შენ უკვე ცოლი მოიყვანე? -ყურში ჩაესმა გოგონას გაოცებული ხმა. მამაკაცს ყელი გაუშრა. აქამდე მხოლოდ ის აიმედებდა, რომ ქორწინების ამბავი მის გარდა არავინ იცოდა, მაგრამ თურმე არც ამ მხრივ გაუმართლა.
-კი მაგრამ შენ საიდან გაიგე?
-საიდან გავიგე? გუშინ შენს ხელის მოწერის ცერემონიას პირდაპირ ეთერში ვადევნებდი თვალყურს
-ეგ რას ნიშნავს ელა? -დაიძაბა -უფრო გასაგებად ამიხსენი
-ანდრეა რა გჭირს? არ გახსოვს გუშინ თქვენმა ხელისმომკდეებმა პირდაპირი ეთერი რომ ჩართეს? უნდა ნახო დედას და მამას როგორ უხარიათ. გირეკავდნენ, მაგრამ არ პასუხობდი და მერე თავი დაგანებეს. ხომ ხვდები რატომაც? -ეშმაკურად ჩაეცინა გოგონას -ამ კვირაში ჩამოსვლას აპირებენ, რათა პირადად მოგილოცონ
-ელა მოგვიანებით დაგირეკავ -მკვდრის ფერი დაედო სახეზე მამაკაცს და ძმის დაოჯახების ამბით, უზომოდ გახარებული და აჟიტირებული უმცროსი კანდელაკი, შუა საუბარში მარტო დატოვა.
არა, ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო . . .
-რა მოხდა? რა გამომეტყველება გაქვს? -მისგან რამოდენიმე ნაბიჯში მდგარი გოგონაც არანაკლებ დაძაბული ჩანდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა მამაკაცი ტელეფონზე საუბარს, რათა ეს კითხვა დაესვა
-მიდი ფეისბუქ-გვერდი შეამოწმე
-რა?
-გააკეთე რასაც გეუბნები
-კარგი, კარგი -მორჩილი ცოლივით, დანებების ნიშად ხელები ასწია ბეამ და ჩანთიდან სმარტფონი ამოაძვრინა.
ორივე მათგანი-"ცოლიც" და "ქმარიც", მანქანის საბარგულს მიყრდნობილიყო და თავიანთ აქაუნთს ათვალიერებდა. უნდა გენახათ რამდენი მილოცვა და სიყვარულით სავსე სიტყვები ამშვენებდა ანდრეას და ბეას კედელს და უნდა გენახათ მათი გამომეტყველება, როდესაც გააცნობიერეს, რომ ამ ქორწინების ამბავი მთელმა მათმა სამეგობრომ და სანათესაომ იცოდა.
ახლადშეძენილი "ქმრის" გვერდით მდგარი გოგონა, ნერვიულად გადახედავდა ხოლმე ყველა მოსალოც წერილს, ყველა პოსტს მის პროფილზე და უნდებოდა, რომ ასეთი სულელური საქციელის გამო თავისი თავი სასტიკას ეცემა. ეცემა ისე, რომ სხვა დროს ალკოჰოლს სათოფეზეც კი აღარ გაჰკარებოდა.
სწორედ ამ ეიფორიაში იყო ანდრეაც, ვისაც სხვა გზა უკვე აღარ რჩებოდა და გუშინდელი დღის გახსენების ერთადერთ საშუალებად, ლაივში გაშვებული ვიდეო ექცია. მას უკვე მოესწრო ჩართვის ღილაკსთვის თითის დაჭერა და მაქსიმალურად მობილიზებული ემზადებოდა კადრებისთვის თვალყურის სადევნებლად.
-ეგ რა არის? -თავის უწინდელ საქმეს მაშინვე შეეშვა და უფრო ახლოს მიიწია ბეა
-ჩვენი ხელისმოწერის ცერემონია. იქნებ ამ გზით მაინც მოგვაგონდეს რამე
-მოიცა, მოიცა ესენი ჩვენი ხელისმომკიდეები არიან?
-როგორც ჩანს კი
-მაგრამ ამ გოგოს არ ვიცნობ
-ნუ ღელავ, არც მე ვიცნობ ამ ბიჭს
-არა ეს რაღაც სიგიჟეს ჰგავს -აღშფოთებით წამოიძახა მან და კვლავ ეკრანს დააშტერდა. სწორედ იმ მომენტში განაგრძო ვიდეოს ყურება, როდესაც უკვე ხელს აწერდა.
-არა, არა არ მოაწერო გთხოვ -სასაცილოდ დაემანჭა სახე ბეას, რამაც მამაკაცის სახეზე ღიმილის გაჩენა გამოიწვია
-ახლა ის ანეკდოტი გამახსენდა კაცი რომ თავის ქორწილის კასეტას უყურებს და მისავე გამოსახულებას ეხვეწება ცოლს ეკლესიაში არ შეჰყვეს ჯვრისწერისთვის
-შენი აზრით ეს სასაცილოა?
-სასაცილოს გარდა ყველაფერია
კანდელაკს მომხდარის გაანალიზებაზე მწარედ ჩაეცინა და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა სანამ ამას იზამდა, მოულოდნელად ორივე მათგანის მობილური ერთდროულად აზუზუნდა. ანდრეას ტელეფონი ეკრანს დიმა დაეწერა დიდი ლათინური ასოებით, ხოლო ბეას სმარტფონზე კი სახელ-მეგის ამოიკითხავდით.
-გისმენ დიმა -გვერძე გავიდა მამაკაცი, რათა გოგონასთვის ლაპარაკში ხელი არ შეეშალა
-შენ ბიჭო სულ გააფრინე?
-რა მოხდა?
-ცოლის მოყვანას თუ აპირებდი ამაზე ჩემთან სიტყვაც რატომ არ დაგცდა? ან ხელის მომკიდედ ვინ წაგიყვანია?
-დიმა უნდა გნახო. არ დაიჯერებ წუხელ რა მოხდა
-შენი პირველი ღამე არ მაინტერესებს. მე სხვა რამეს გეკითხები
-რა პირველი ღამე? ამ გოგოს არც კი ვიცნობ. მოკლედ საღამოს ჩვენს ბარში შევხვდეთ. ეს ვინმეს თუ არ მოვუყევი შეიძლება გავგიჟდე
-არაფერი მესმის. რას ნიშნავს არ იცნობ? -აშკარა დაბნეულობა იგრძნობოდა მის ტონში
-დიმა საღამოს გნახავ. ახლა მეტი არაფერი მკითხო, ჯერ მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ რა ხდება
-შენ მგონი მართლა არანორმალური ხარ -გაბრაზებით მიუგო ყურმილის მეორე მხარეს მყოფმა და სანამ ანდრეა საპასუხოდ რაიმეს ეტყოდა, ტელეფონი გაუთიშა.
მეგობართან გამართული, უსიამოვნო დიალოგის დასრულებისთანავე, პირველი, რაც მამაკაცმა მოიმოქმედა, ის იყო, რომ მოლოცვებით გადაჭედილი აქაუნთიდან უკმაყოფილო სახით გამოვიდა და გარემო წარბებშეკრულმა მოათვალიერა. კანდელაკის მსგავსად, ბეასაც დაესრულებინა სატელეფონო საუბარი, ხოლო მისი უსიამოვნო გამომეტყველება იმის მაუწყებელი იყო, რომ ნელ-ნელა აანალიზებდა შექმნილი სიტუაციის მთელ სირთულეს.
-ახლა რა იქნება?
-არ ვიცი -დაბნეული სახით მიუგო მამაკაცმა -დასაწყისისთვის სახლში უნდა შევიდეთ და ყველაფერზე კარგად დავფიქრდეთ
-მე რა, ახლა შენთან ერთად, ერთ ჭერქვეშ უნდა ვიცხოვრო?
-მისმინე, ჩვენს შესახებ უკვე ყველამ გაიგო. მათ ასე პირდაპირ ვერ ვეტყვით, რომ ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ვართ და ჩვენი დაქორწინების მიზეზი სიყვარული კი არა ალკოჰოლი გახდა
-აბა რას მთავაზობ? რა გავაკეთოთ? იცი, რომ ამის გამო მშობლები მომკლავენ? დედაჩემისგან ერთი გამოტოვებული ზარიც კი არ მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზისგან ცოფებს ყრის და ამის გამო, ჩემთან დალაპარაკებაც კი არ უნდა
-არ ვიცი, მართლა ძალიან ჩახლართული სიტუაციაა -ხელები თავზე ნერვიულად გადაისვა ანდრეამ -იქნებ გარკვეული პერიოდი ერთად ვიცხოვროთ? არა ასეთი სახე ნუ გაქვს, არ მითქვამს, რომ როგორც ნამდვილმა ცოლ-ქმარმა. მერე კი, რაღაცას მოვიმიზეზებთ და გავეყრებით
-და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ფარსი? ჯანდაბა საბა გაგიჟდება -თითქოს ახლა მოაგონდაო, ისე იტაკა შუბლში ხელი გოგონამ
-საბა ვინაა?
-შენი აზრით ვინ უნდა იყოს? -ცივად გაისმა პასუხი
-მოკლედ მისმინე, ახლა ამ თამაშს ვითამაშებთ სხვა გზა არ გვაქვს. ხოლო ერთ წელიწადში, ავდგებით და ერთმანეთს დავშორდებით. თუ იმაზე ნერვიულობ, რომ რაიმე ურთიერთობას ვეცდები, გარანტიას გაძლევ ეგ არ მოხდება. ახლა მთავარი ისაა, რომ შენებთან ყველაფერი მოაგვარო. როგორც წესი გოგოს მშობლები ამ მხრივ უფრო ჭირვეულები არიან ხოლმე
-ყავა დამალევინე, თორემ სადაცაა თავი გამისკდება. ჩემებთან ხვალ დილით წავალ და პირადად დაველაპარაკები. ასე მირჩევნია -აღელვებით წარმოთქვა მან და სახლისკენ იმდენად ჩქარი ნაბიჯებით გაემართა, რომ ანდრეამ ძლივს მოახერხა წამოსწეოდა . . .














2 თავი
გუშინდელი დღისგან განსხვავებით, ამინდი საოცრად მოქუფრულიყო. ცას ნაცრისფერი, ავისმომასწავებელი ღრუბლები გადაჰკვროდა ზედ და აშკარა ხდებოდა, რომ მალე წვიმაც დაუშვებდა. უკვე დილის შვიდი საათი სრულდებოდა. წესით ამ დროს გათენებულიც უნდა ყოფილიყო, თუმცა გარეთ ჩამოწოლილი საშინელი ბური გაფიქრებინებდათ, რომ შუაღამე ჯერ არც კი გადასულიყო.
დასვენების ტკბილი ორმოცდა რვა საათი უკან დარჩა. კვირის პირველი დღის დადგომაც თითქოს ამინდიც აპროტესტებდა.
მოსწავლეებისათვის დღეს დამღლელი გაკვეთილები ნახლდებოდა, მოზრდილთათვის კი, მომაბეზრებელი სამუშაო საათები იწყებდა ხელთავიდან ბრუნვას.
ანდრეა კანდელაკი ამ ორიდან, იმ კატეგორიის წარმომადგენელი გახლდათ, ვინც როგორც ამერიკაში იტყვიან-უიქენდის დღეების შემდეგ, კვლავ სამსახურსა და ყოველდღიურ საქმიანობას უბრუნდებოდა.
დიდი, მოჩუქურთმებული, რკინის სახელურიანი ტახტი, რომელზეც ცოტა ხნის წინ მამაკაცს ეძინა, უკვე დაცარიელებულიყო და მისი პატრონი, დილაადრიანვე შესდგომოდა ყოველდღიურ სამზადისს. დღე, როგორც ყოველთვის საძინებლის ფანჯარაში გახედვით დაიწყო. მამაკაცს თვალში საკმაოდ უსიამოვნოდ მოხვდა, ნაცრისფერი, ცივი ატმოსფერო და გაღიზიანებულმა მუქი ყავისფერი ფარდები ისევ უკან ჩამოაფარა. ბავშვობიდან ვერ იტანდა ღრუბლიან და წვიმიან ამინდს. ადრე იმიტომ, რომ ამ დროს დედა ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ არ უშვებდა, ახლა კი, თვითონაც არ იცოდა, თუ რა იყო ამის მიზეზი . . .
ანდრეამ თეთრი უმკლავო მაისური ტანზე გადაიძრო და სააბაზანოს კარი ფრთხილად შეაღო. სალათისფერ, გრილ კაფელზე ფეხის დადგმამ და ცივმა წყალმა თითქოს ცოტათი გამოაფხიზლა. ნელ-ნელა ამოუტივტივდა გონებაში მთელი გუშინდელი დღის დაძაბულობა-გოგონას უეცარი შემოჭრა მის ცხოვრებაში, დიმასთან საუბარი და ისიც, თუ როგორ გამოუყო საძინებელი ბეას, თავისი სახლის პირველ სართულზე.
დაუჯერებელი იყო, მაგრამ ახლა ცოლი ჰყავდა. იმის შემდეგ, რაც მოხდა, ნამდვილად არ ეგონა, რომ კიდევ ერთხელ შემოუშვებდა ვინმეს თავის ცხოვრებაში, თუმცა გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ბოლომდე მისი ბრალიც არ ყოფილა . . .
მამაკაცმა წყლის ჭავლი მოღუშული მზერით გადაკეტა და კარადიდან ლამაზად დაკეცილი, თეთრი პირსახოცი გამოიღო. ყველანაირად ცდილობდა თავში ის მოგონებები არ ამოტივტივებოდა, რომლის გახსენებაც კი არანორმალურ ტკივილს აყენებდა.
საწოლზე ჩასაცმელად გამზადებული უმკლავო მაისური და ნაცრისფერი სპორტიული შარვალი კვლავ იმავე მდგომარეობაში ელოდა, ამავე ფერის კედებთან ერთად. ამჟამად ანდრეა სპორტ-დარბაზში მუშაობდა ინსტრუქტორად და კვირაში სამჯერ უწევდა წონის კორექციისთვის ფიტნესში მისული ადამიანებისთვის ვარჯიშების ჩატარება. რაღაც მხრივ მოსწონდა კიდეც ეს სამსახური, მაგრამ გული სწყდებოდა, რომ იმ ინციდენტის შემდეგ, თავისი სპეციალობით მუშაობა აღარ შეეძლო. კარგი რაც იყო იყო. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს ჩვენთვისაა სასურველი და მოსაწონი?!
კანდელაკმა სწრაფად მოირგო ტანზე ყოველივე ზემოთ ხსენებული და სარკის წინ დადებული პატარა სავარცხელი თმებზე რამდენჯერმე გადაისვა. "საინტერესოა ბეამ თუ გაიღვიძა?"-გაიიფიქრა უეცრად და ტუმბოს კუთხეში მდგარ, მრგვალ საათს შეხედა. უკვე რვის ნახევარი იყო. თუ გოგონას სამსახური ჰქონდა, წესით ახლა ამდგარი უნდა ყოფილიყო. კანდელაკს ისიც კი დაავიწყდა მისთვის ეს ეკითხა. კომიკური სიტუაცია იყო, მაგრამ თავის "ცოლზე" სახელის გარდა არაფერი იცოდა...

* * *
მანამ, სანამ მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში მყოფი მამაკაცი თავის მოწესრიგებით იყო დაკავებული, ბეა სამზარეულოში ყავას იდუღებდა და გამუდმებით მაჯის საათს დაჰყურებდა, რათა უნებლიედ არ დაჰგვიანებოდა. გოგონა ქალაქის ცენტრში მდებარე, ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში მუშაობდა კონსულტანტად. ანდრეას მსგავსად, მასაც მოსწონდა თავისი სამუშაო, მაგრამ იყო დრო, როდესაც მომავალი პროფესია სულ სხვაგვარად წარმოედგინა.
კანდელაკის ოჯახის ახალი წევრი, დღეს საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. თვალები უძილობისგან შესამჩნევად ჰქონდა ჩაწითლებული და ფეხზეც კი ძლივს იდგა. უკანასკნელ იმედს იტოვებდა, რომ ყავა ცოტათი მაინც მოაფხიზლებდა, თუმცა არც ამაში იყო ბოლომდე დადარწმუნებული. გაზქურაზე დადგმული წყლის ადუღების მოლოდინში, დროის გაყვანის მიზნით, იგი ტელეფონში შემომავალ ჯერ კიდევ წაუკითხავ მოსალოც შეტყობინებებს ათვალიერებდა, როდესაც უეცრად, ცეცხლზე შემოდგმულმა ლითონის ჩაიდანმა, გულის გამაწვრილებელი კივილით აუწყა, რომ თავისი ფუნქცია უკვე შეესრულებინა და სწორედ ამ დროს კიბეებზე ჩამომავალი ანდრეაც გამოჩნდა, მარჯვენა ხელში ზურგ-ჩანთით.
-დ . . . დილა მშვიდობისა -ბიჭს ერთი წამით სამზარეულოში გოგონას დანახვა ეუცნაურა, თუმცა როგორც კი ყველაფერი გადახარშა, "ცოლს" მოჩვენებითი ღიმილი შეაგება და ტვირთი იქვე, დივანზე მიაგდო
-დილა მშვიდობისა ანდრეა
-კარგად გეძინა?
-ჰო არაჩვეულებრივად -უნიჭოდ იცრუა გოგონამ და ცხელი, აშიშინებული წყალი, ყვავილებიან ფინჯანში ფრთხილად გადმოასხა -ყავა შენც გაგიკეთო?
-გმადლობ, არ მინდა. თუ სადმე მიდიხარ შემიძლია წაგიყვანო
-და შენ სად მიდიხარ? -დაინტერესებული მზერით აათვალიერა გოგონამ "ქმარი"
-სად უნდა მივდიოდე? სამსახურში
სამზარეულოს მაგიდაზე თეძოთი მიყრდნობილ ბეას, სახეზე რატომღაც გაოცება აღებეჭდა, თან, პარალელურად ყავის ფინჯანს თითები ლამაზად შემოაჭდო.
-ასე მიდიხარ?
-სპორტ-დარბაზში ვმუშაობ. იქ სმოკინგში გამოწყობილი ვერ ვივლი
-მაგრამ შენ მითხარი ადვოკატი ვარო. ასე არაა?
-ჰო, ვიყავი ერთ დროს. მანამ სანამ . . . -თუმცა ბიჭი აქ გაჩერდა და თავი გადააქნია -ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ მე უკვე გავდივარ, თუ გინდა შემიძლია გაგიყვანო
-კარგი დამელოდე ყავის დალევას მოვრჩები
გოგონამ სიტყვის დამთავრებისთანავე მიიტანა პირთან ყვავილებიანი ფინჯანი და მისი ერთი ამოსუნთქვით დალევა დააპირა, თუმცა სიჩქარეში, სანამ მის შიგთავსს ყელში გადაუშვებდა, ჭიქიდან მთელი სითხე გადმოიღვარა და იგი მის წითელ კაბას, მთელ სიგრძეზე გადაესხა.
-ჯანდაბა დავიწვი, დავიწვი, მეწვის, მეწვის! -ხტუნვას და ხელის გულების ზემოთ-ქვემოთ ქნევას მოჰყვა იგი -სულ ასეთი მოუხერხებელი როგორ ვარ? ძალიან მეწვის!
-ერთი წამით დამელოდე -მინის მაღალი ჭიქიდან, ფორთოხლის წვენის სმას თავი მაშინვე დაანება ანდრეამ და მაცივრიდან გამოღებული ყინულის კუბიკების პოლიეთილენის პარკში გახვევას მოჰყვა
-აი ეს დაიდე იქ, სადაც გტკივა, თორემ შეიძლება ზედ დაგაჩნდეს
-გმადლობ -შეწუხებული სახით ჩამოართვა გოგონამ მოტანილი და მკლავზე მიდებული ყინულის სიცივემ კანი აუწვა -საინტერესოა რატომ იცინი?
-არ ვიცინი, უბრალოდ გამეღიმა
-და რატომ გაგეღიმა?
-ვფიქრობ ამისთვის შენგან ნებართვის აღება არ მჭირდება. თუ ვცდები?
-წესიერად მელაპარაკე, მე შენი ცოლი ვარ!
კანდელაკისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარმა ბეამ, მხოლოდ ხუთი წამის შემდეგ გააცნობიერა ის, თუ რა თქვა ცოტა ხნის წინ და ამის გამო, ენას ისე ძლიერად დააჭირა კბილები, რომ ლამის სისხლი წამოუვიდა.
-უკვე ასე გავშინაურდით? - ვერაფრით შეძლო სიცილის შეკავება -ჰო მართლა, თვალები საშინლად გაქვს ჩაწითლებული. შენ რა, მთელი ღამე გაათენე?
-სულაც არა. და ახლა ამაზე ლაპარაკს გირჩევნია ის მითხრა სამსახურში რა ჩავიცვა. ამ კაბის გარდა თან არაფერი მაქვს. დღეს ვაპირებდი ჩემებთან წასვლას. დაველაპარაკებოდი და თან ბარგსაც ჩავალაგებდი -გოგონამ შუბლზე თავისუფალი ხელი მიიდო და ანერვიულებული წინ და უკან მოჰყვა სიარულს -არც კი მჯერა, რომ ასე მოხდა. რა დროს გათხოვება იყო, მე ხომ ასეთი ახალგაზრდა ვარ? მშობლები მართლა მომკლავენ, დედა ნაწილებად დამჭრის. არა მართლა გავგიჟდები, არც ეს ყინულები მინდა, არაფერი მინდა! -პოლიეთილენის საკმაოდ გაციებული პარკი მაგიდაზე უხეშად მიაგდო ბეამ და მისი ისტერიკებისგან თვალებგაფართოებულ ანდრეას ზურგით დაუდგა.
-მიდი კაბის ელვა შესაკრავი გამიხსენი. დღეს რომელიმე შენი პერანგი უნდა მათხოვო, სხვა გზა არ არის
-ნუ ღელავ, უკეთესი ვარიანტი მაქვს. სხვენში ჩემი დის ტანსაცმელია შენახული, ავალ რაიმეს აგირჩევ -მოძებნა გამოსავალი მამაკაცმა და შესაკრავის ბოლომდე ჩახსნის შემდეგ, გოგონას მოშიშვლებულ ზურგს მზერა ააყოლა. თოვლივით თეთრი კანი და მისი სინაზე თვალში იმდენად სასიამოვნოდ მოხვდა, რომ ცოტაც და ხელი ბიუსჰალტერისკენ წაუცდებოდა, რომ არა ბეას უეცარი შემობრუნება
-კარგი მე თვითონ ავალ და ვნახავ. სხვის გემოვნებას ვერ ვენდობი, მითუმეტეს მამრობითი სქესის წარმომადგენლისას
ანდრეამ მხრები უდარდელად აიჩეჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებას რთავდა, როგორც თავად სურდა ისე მოქცეულიყო. მამაკაცის მარჯვენა ხელის მაჯაზე შემოხვეული სპორტული საათი, მას კიდევ ათი წუთის გასვლას აუწყებდა. უნდა ეჩქარა!
-შეგიძლია ცოტა მალე მორჩე? ვაგვიანებ
-ნუ ღელავ, ხუთ წუთში მზად ვიქნები. და ჰო, დღეს მშობლების სახლში ვაპირებ დარჩენას
-იქნებ მეც წამოგყვე? არამგონია მარტივად მიეღოთ ეს ყველაფერი. რაც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან მაინც მომიწევს მათთან შეხვედრა
-არა, მირჩევნია მარტო წავიდე, მაგრამ შემოთავაზებისთვის გმადლობ. წავალ გამოვიცვლი
-კარგი, თუ ასეა მე მანქანაში დაგელოდები -ხმამაღლა მიაძახა მამაკაცმა უკვე კიბის მეათე საფეხურზე მდგარ "ცოლს" და მარჯვენა ბეჭზე ზურგჩანთა მოკიდებულმა, სახლიდან გასასვლელი კრემისფერი კარი გამოიხურა . . .
ჭექა-ქუხილი ნელ-ნელა მატულობდა. ციდან უკვე ჩამოდიოდა წვიმის წვრილ-ვწრილი, ვერცხლისფერი წვეთები და ტრასაზე 80კმ/სთ სიჩქარით მიმავალ ავტომობილს, პატარა წერტილებად ამჩნდებოდა. მაგნიტოფონში დაბალ ხმაზე ჟღერდა Aerosmith-ის I Don't Want To Miss A Thing, რაც შიგნით მშვიდ ატმოსფეროს ქმნიდა და მგზავრობასაც ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდიდა.
-მომიყევი შენზე რამე -მელოდიის ჰანგებს უეცრად შეერწყა მამაკაცის ხმადაბლა წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც მხოლოდ უხერხული დუმილისგან თავის დასაღწევად იყო ნათქვამი
-რა მოგიყვე? მაინც რა გაინტერესებს? -მობილური ყურიდან ჩამოიღო ბეამ და გადაწყვიტა სახლში დარეკვის ოცდამეერთე მცდელობაზე ხელი აეღო
-რა მოხდა არ გპასუხობენ?
-ჰო ასეა. ალბათ დედაჩემმა ყველა გააფრთხილა, რომ ჩემთან დალაპარაკება არ გაბედონ. სასაცილოა, მაგრამ მას მამაც კი ვერ უწევს წინააღმდეგობას. ჩვენთან ყოველთვის ასე იყო
-დედაშენმა ძალიან დამაინტერესა -ღიმილი გადაეფინა სახეზე კანდელაკს -ალბათ ძლიერი ქალია და ყველა კონტროლში ჰყავს აყვანილი
-ჰო ასეა -"ქმრის" მსგავსად, ბეასაც გაეღიმა და რატომღაც გადაწყვიტა ახლახანს დაწყებული ჩქარი მელოდია, ისევ რაიმე წყნარი ჰანგებით შეეცვალა -მგონი ჩემზე რაღაც გაინტერესებდა არა?
-კონკრეტულად არაფერი მიგულისხმია. უბრალოდ სასაუბრო თემას ვეძებდი, თან რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ახლა ჩემი ცოლი ხარ და კარგი იქნება რაღაცეებს თუ მომიყვები საკუთარ თავზე
-კარგი თანახმა ვარ -სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა ბეა, თან ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო -მოკლედ ის უკვე იცი, რომ არ მიყვარს, როცა სრული სახელით მომმართავენ, ხომ ასეა?
კანდელაკმა თავი დაუქნია და გოგონამაც საუბარი განაგრძო.
-წვრილმანებით დავიწყებ . . . მოკლედ ზამთარში დავიბადე. ახალი წლის მეორე დღეს. რატომღაც ოჯახში ელოდნენ, რომ ბიჭი გაჩნდებოდა, მაგრამ როგორც კი ჩემი სქესი თითოეულისთვის ნათელი გახდა, ყველაზე მეტად ეს მამას გაუხარდა. სულ ოცნებობდა გოგონა ჰყოლოდა და მეც ასე ვთქვათ, სიურპრიზად მოვევლინე. მშობლებს ჩემს გარდა კიდევ ერთი შვილი ჰყავთ. ჩემზე სამი წლით უფროსია-მაქსიმე ჰქვია. კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია, ბავშვობიდან მოყოლებული სულ ვჩხუბობთ, მაგრამ რაიმე რომ მოუვიდეს ალბათ ჭკუიდან გადავალ. არ ვიცი და ვერ გეტყვი ისიც იმავეს გრძნობს თუ არა -სევდიანი გაუხდა მზერა, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე წამით -კიდევ გეტყვი, რომ სწავლით სამსახიობოზე ვსწავლობდი, თუმცა ჩემი პროფესიით მუშაობა ვერსად შევძელი. ჰო მართლა, კინაღამ გამომრჩა-ძალიან მიყვარს შოკოლადი და იმის კეთება, რაც აკრძალულია -უკანასკნელ სიტყვებზე ეშმაკურად ჩაეცინა ბეას -მე მოვრჩი, ახლა შენი ჯერია.
-ჩემი ჯერი? -მთელი ამ დროის მანძილზე ღიმილი არ მოშორებია სახიდან მამაკაცს. ამ მომენტამდე . . .
-მე რომ ამდენი ვილაყბე, შენ არაფრის თქმას არ აპირებ? -წყენა გაისმა მის ხმაში
-კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ-შენ მკითხე რაც გაინტერესებს და მე შევეცდები გიპასუხო -კანდელაკი შუქნიშანთან გაჩერდა. "ცოლის" მზერას აკვირდებოდა და მოთმინებით ელოდა მის პასუხს, რომელიც როგორც ეტყობოდა, უკვე მზად ჰქონდა
-მაწყობს -თითები ნიკაპზე აითამაშა გოგონამ -დასაწყისისთვის ის მითხარი ადვოკატად რატომ არ მუშაობ. მაშინ რომ სიტყვა შუაზე გაწყვიტე, მივხვდი, რომ ამის რაღაც მიზეზი არსებობს
უკმაყოფილო ანდრეამ ღრმად ამოისუნთქა და როგორც კი სვეტაფორზე მწვანე შუქს მოჰკრა თვალი, სვლა მაშინვე განაგრძო. სახეზე აშკარად შეეტყო, რომ დასმული კითხვა არ ესიამოვნა, თუმცა პასუხისთვის თავის არიდება მაინც არ უცდია.
-იმიტომ, რომ სამსახურიდან გამანთავისუფლეს
-რატომ? რა დააშავე?
-არაფერი, უბრალოდ ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც იმ წამს ძალიან მინდოდა
-ვერ გავიგე?
-არ ღირს ახლა ამის გახსენება. შენს შეკითხვაზე პასუხი უკვე მიიღე, დანარჩენი პირადულია და მხოლოდ მე მეხება! -ცოტა უკმეხად მოუვიდა, თუმცა მოგონებებმა იმდენად ააფორიაქა, რომ ეს არც კი შეუმჩნევია
-მივხვდი, საუბარი არ გინდა. კარგი შემდეგ კითხვაზე გადავალ. ოღონდ არ გაგეცინოს კარგი?
-რატომ უნდა გამეცინოს? ასეთი რის კითხვას აპირებ?
-უბრალო ახირებაა, ამას ყველას ვეკითხები და რატომღაც ახლაც მომაგონდა. მოკლედ, დამპირდი
-გპირდები, არ გამეცინება -ღიმილს ძლივს იკავებდა მის გულუბრყვილობაზე კანდელაკი -ახლა კი, გისმენ
-ოქროს თევზი რომ დაიჭირო, რომელ სამ სურვილს ჩაუთქვამდი? -გაუბედავად წარმოთქვა ბეამ და უხერხულობისგან თითების მტვრებას მოჰყვა. მაშინვე ინანა, რომ ეს კითხვა წამოსცდა. არ უნდოდა, ამ ადამიანს სულელი ჰგონებოდა, თუმცა კანდელაკი ასე როდი ფიქრობდა? პირიქით, ართობდა გოგონას გულახდილობა და გახსნილი ბუნება.
-ანუ გაინტერესებს ჩემი სამი ნატვრა, ასეა?
-ფაქტიურად ჰო
-კარგი ასე იყოს. მოკლედ პირველი ის არის, რომ დილით საცობში აღარასდროს მოვყვე. სიმართლე გითხრა მეორეც ეგ არის და მესამეც
-რა საშინელი ადამიანი ხარ. მეგონა გულწრფელად მიპასუხებდი -სახე უკმაყოფილებისგან დაემანჭა ბეას
-გმადლობ კონპლიმენტისთვის. შეგიძლია მაგნიტოფონო გამორთო?
-რატომ? მშვენიერი მუსიკაა. ბითლზები არ მოგწონს?
-მომწონს, მაგრამ იმდენად არა, რომ მთელი გზა ვუსმინო
-მე კი ჩუმად მგზავრობა არ მიყვარს -გამომწვევად მიუგო მან და სიმღერის გამორთვის მაგივრად, სხვა მუსიკალური ალბომის ძებნას შეუდგა -ვერაფერს იტყვი, კარგი გემოვნება გქონია. ამაზე რა აზრის ხარ? -Green Day-ს დისკი ხელში შეათამაშა -მგონი ცუდი არ უნდა იყოს. ჩავრთო?
-ვერ გაიგე რა გითხარი? -ცოტა არ იყოს წყენით მიუგო მამაკაცმა -არაფრის მოსმენა არ მინდა მეთქი
-გავიგე, მაგრამ დაგაიგნორე, ზუსტად ისე, როგორც შენ დააიგნორე ჩემი შეკითხვა რამოდენიმე წამის წინ
-ბავშვივით იქცევი
-ვარ კიდეც ბავშვი
-ჰო მართლა რამდენი წლის ხარ? -მხოლოდ ახლა მოაფიქრდა კანდელაკს მისთვის ამ შეკითხვის დასმა და გულში გაეცინა კიდეც, შექმნილი სიტუაციის გამო
-ოცდაორის. შენ რამდენის ხარ? -მხოლოდ და მხოლო ზრდილობის გამო შეუბრუნა კითხვა "ცოლმა", თან პარლალურად კუთხეში მიხატული, ჯგუფის პოსტერით გამორმებული დისკი, მაგნიტოფონში ხელის მარტივი მოძრაობით შეაცურა. ავტომობილის სალონი, მაშინვე მოიცვა ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის- Holiday-ს ჰანგებმა.
-შენზე ოთხი წლით ვარ უფროსი. კალკულატორი ხომ არ გათხოვო?
-რად მინდა? -მაშინვე ვერ მიხვდა გოგონა, სახეზე დაბნეულობა გამოესახა და თვალები იმ პატარა სკოლის მოსწავლესავით ააფახულა, რომელსაც მასწავლებელი ისეთ ჩამჭელ შეკითხვას უსვამს, რაზეც პასუხი არ აქვს
-არ ვიცი, ზოგს მათემატიკა უჭირს. ვიფიქრე, რომ . . .
-ის ნამდვილად არ მეშლება, თუ რამდენია ოცდაორს დავუმატოთ ოთხი -ბრაზის ნაპერწკლებმა დაიწყეს ხტუნვა მის თვალებში. რაც შეეხება საჭესთან მჯდარ კანდელაკს, მას, "ცოლისგან" განსხვავებით სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. თავიდანვე ეტყობოდა, რომ ბეას მოთმინებიდან გამოყვანა სურდა და როგორც ჩანს, ამას მიაღწია კიდეც.
-თუ არ ვცდები, ეს არის არა? -გზის მარჯვენა მხარეს მდგარი, დიდი ფერადი წარწერებით გაფორმებული შენობისკენ, რომელიც უკვე სამიოდე მეტრიდან მოჩანდა, თავით ანიშნა მამაკაცმა, თან პარალელურად სვლა შეანელა
-ჰო ეს არის. გმადლობ, რომ ჩემს გამო შეწუხდი და აქამდე მომიყვანე -იმენად უხეში და გესლიანი ტონით იყო ნათქვამი მისი სიტყვები, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავადაც გაოცებული დარჩა.
-ხვალამდე ბეატრის!
-მე ბეა მქვია! ხომ გაგაფრთხილე? სრული სახელით არ უნდა მომმართო
-მაპატიე, უცებ დამავიწყდა. აი შენი მობილური
-გმადლობ. და შემდეგში ეცადე აღარ დაგავიწყდეს. მე ხვალ საღამოს დავბრუნდები, სამსახურის შემდეგ
-თუ რამე ჩემი ნომერი ხომ გაქვს? -ნახევრამდე ჩაწეული საქარე მინიდან გასძახა უკვე შენობისკენ მიმავალ "ცოლს" ანდრეამ და როგორც კი, მან თანხმობა თავის მსუბუქი დაქნევით გამოხატა, მანქანის გასაღები ირონული ღიმლით გადაატრიალა. პირველად ხდებოდა, რომ სამსახურში ასე კატასტროფულად აგვიანებდა. და რა თქმა უნდა ეს ქალი ბრალი იყო . . . სხვანაირად როგორ შეიძლებოდა?!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მერაია

ეს მგონი ადრეც იდო მაგრამ არ დაამთავრე

 



№2  offline წევრი Moonlight Sonata

მერაია
ეს მგონი ადრეც იდო მაგრამ არ დაამთავრე

ჰო დროებით გავწყვიტეე... ახლა ყოველ კვირაში დავდებ ❤

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Adre vkitxulobdi da shecyvitee, imedia axla mainc gaagrzelebbb, momeconaaa

 



№4  offline წევრი Moonlight Sonata

Qeti qimucadze
Adre vkitxulobdi da shecyvitee, imedia axla mainc gaagrzelebbb, momeconaaa


არ გავწყვეტ ამჯერად ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent