შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (3,4)


23-04-2018, 09:16
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 1 101

Lost Minds (3,4)

3 თავი
მაღალი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, მანქანების გაბმულ სიგნალებსა და ქუჩაში მოსიარულე ადამიანთა შემაწუხებელ ხმებს მოეცვა. ირგვლივ ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. თითოეული მათგანი თავისი საქმით იყო დაკავებული და გარშემო სრულიად ვეღარაფერს ამჩნევდა. მრავლად ნახავდით გარეთ უმისამართოდ მოსეირნე ან სკვერში ერთმანეთზე მიხუტებით მჯდარ შეყვარებულ წყვილებს, გადააწყდებოდით მოზარდთა მცირე ჯგუფებს, ბოლო მოდელის სმარტფონებით ხელში, რითაც ერთმანეთს სამახსოვრო ფოტოებს უღებდნენ და აგრეთვე ეზოში ბურთზე გაკიდებულ პატარა ბიჭებს, რომელთა ოფლით დაცვარული შუბლი, ნათლად ადასტურებდა მათ ფიზიკურ აქტივობაში დახარჯულ წუთებს, ან თუნდაც საათებს . . .
სამსახურიდან დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოსული ბეა, რომელსაც მთელი გზა სახიდან დაბნეული გამომეტყველება არ მოშორებია და ვერც ზომაზე მეტად აკანკალებულ თითებს უხერხებდა ვერაფერს, ახლა სწორედ ამ ეზოში მიაბიჯებდა ჩაფიქრებული და სერიოზული გამომეტყველებით. გოგონას მარჯვენა ხელი ჩანთის გრძელ გადასაკიდზე ჰქონდა მოჭერილი და თავის გასამართლებელ ტექსტს, გონებაში უკვე მეათედ მაინც იმეორებდა. ყველაზე მეტად, ოჯახის წევრებს შორის დედამისის რეაქციის ეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოცდაორი წელი შეუსრულდა, ქალბატონი ნანას ერთი მკაცრი გამოხედვაც კი საკმარისი იყო მისთვის, რათა ერთ ადგილს ლურსმანივით მიჭედებოდა და სანამ არ ეტყოდნენ ადგილი მოიცვალეო, მანამდე ასე მდგარიყო.
დიახ . . . სწორედაც რომ რომ ეს მკაცრი ბუნების ქალბატონი იყო მიზეზი იმისა, რომ კიბეებზე მიმავალ გოგონას, მუხლები ნერვიულობისგან უკანკალებდა და მთელ სახეზე ცივი ოფლი ასხამდა. ლიფტითაც კი არ უსარგებლია. უნდოდა მოსალოდნელი "ომი" რაც შეიძლებოდა მეტად გაეხანგრძლივებინა და ამასთანავე სათქმელიც უკეთესად ჩამოეყალიბებინა.
ბეას ოჯახი ამ კორპუსის მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. ღია ყავისფერი კარი, რომელიც მათ ბინაში ერთადერთ შესასვლელს წარმოადგენდა, დღეს გოგონასთვის გაურკვეველ მიზეზთა გამო ოდნავ შეღებული იყო. "ნანა ასე არასდროს იქცევა. ნეტავ რა მოხდა?" -გაუელვა მას თავში და მეორე წუთს, სადარბაზოს შესასვლელთან გაჩერებული სასწრაფო დახმარების მანქანაც მოაგონდა, რომელზეც თავისი ფიქრების გამო ყურადღების გამახვილება ვერ შეძლო. რა თქმა უნდა მაშინვე ყველაზე საშინელი წარმოიდგინა. ადამიანის ბუნება ხომ ასეთია? ყოველთვის რაღაც უსიამოვნოს და ცუდის მოლოდინშია . . .
-დედაა!!! -ხმამაღლა დაიყვირა ბეამ და ღია კარში ლამის ფერდაკარგული შევარდა. არც კი იცოდა, მაშინვე რატომ ჩათვალა, რომ ზუსტად დედამისი იქნებოდა ის ადამიანი, რომელსაც სასწრაფო დახმარება გამოუძახეს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არც იყო მაინდამაინც გასაკვირი. მისი ქალიშვილის ყველასთვის მოულოდნელი საქციელის შემდეგ, იმის ბოლომდე გამორიცხვა, რომ ნანას ექიმის ჩარევა დასჭირდებოდა ნერვების დასაწყნარებლად, ერთი დიდი სისულელე იყო და მეტი არაფერი, ვინაიდან ეს ქალბატონი საკმაოდ იმპულსური და ადვილად ფეთქებადი გახლდათ. -დედა სად ხაარ?დედაა!!! ხმა გამეციი!!!
-აი ეს ქალბატონიც მობრძანებულა -ნერვიულობისგან აბაგუნებულ ყურებში, ძლივსძლივობით შეაღწია ნანას გულის განმგმირავი ხმამ, რომელიც მისი და ლევანის საძინებლიდან მოისმოდა. "ოთახშია"-კოსმიური რაკეტის სისწრაფით გაუელვა თავში გოგონას, რომლის ქმედებებსაც ახლა მხოლოდ ინსტიქტები მართავდნენ. სწორედ ამის გამო იყო, რომ ვერც კი გაიგო, თუ როგორ შევარდა შიგნით სპეცნაზის მორიგი წევრივით და სავარძელში თავგადაწევით მჯდომ დედას, რომელსაც შუბლზე თავისი წითელი შარფი მაგრად წაეჭირა და მის მუხლებთან მჯდარი ლევანი წნევას უსინჯავდა დაფეთებული მივარდა.
-დედა კარგად ხარ? -მარჯვენა ხელზე, თავისი აკანკალებული ხელი მოჰკიდა -ქვემოთ სასწრაფო იდგა და ვიფიქრე, რომ შენთან იყვნენ. როგორ შემაშინე!
-წადი და მაგ სასწრაფოს უთხარი აქაც შემოიარონ, სულ მალე შენ თვითონ დაგჭირდება! -გაცეცხლებული სახით წაიწია ქალმა შვილისკენ, თუმცა ბეამ ამჯერადაც სწრაფი რეაგირება მოახდინა და მაშინვე უკან გახტა
-კარგი თავი დაანებე და შენც დაწყნარდი -წნევის აპარატი ხმაურით მოხსნა მისი ყვირილისგან თავატკივებულმა კაცმა -ხომ იცი რა თავქარიანია? გათხოვებაც ზუსტად ასეთი უჩვეულო გამოუვიდა -ლევანი უკვე ოთახის კუთხეში მდგარ ქალიშვილს, გამამხნევებელი ღიმილით მიუბრუნდა და თვალი ჩაუკრა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მას არასდროს შეეძლო ბეაზე გაბრაზება. ალბათ იმიტომ, რომ თავისი გოგონა ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა და ამისი გამო, მზად იყო თითოეულ მის ჩადენილ სისულელეზე, თვალები დაეხუჭა
-დედა დამიჯერე მართლა არ მინდოდა თქვენთვის მეწყენინებინა. ანდრეა ძალიან კარგი ადამიანია. აი ნახავ მასთან რა ბედნიერი ვიქნები -ყველანაირად ცდილობდა ზედმეტი ბრაზისგან ვეფხვს დამსგავსებული მშობლის დაწყნარებას, თან ლევანის მაჯაზე ხელი მაგრად ჰქონდა მოჭერილი, რათა ფეხზე მყარად დგომა შესძლებოდა -შეგიძლიათ ხვალვე მოხვიდეთ მის გასაცნობად ან ჩვენ თვითონ მოვალთ. როგორც იტყვით ისე იქნება
-ლევან წადი და ეს ვიღაც ამ სახლიდან გაიყვანე. თუ სიცოცხლე უნდა, ურჩევნია უახლოესი სამი თვის მანძილზე აღარ დამენახოს!
-დედა . .
-გაჩუმდი! დედა მაშინ გაგხსენებოდა ვიღაც უსაქმურს რომ მიზდევდი -თვალებიდან ცოფებს ყრიდა ქალბატონი ნანა
-მაგრამ შენ ხომ მას არ იცნობ. ანდრეა . . . -თუმცა ამ მამამისმა გააწყვეტინა
-ნუ ამწვავებ სიტუაციას. წამოდი გარეთ გავიდეთ. არამგონია ახლა დედაშენთან მშვიდად ლაპარაკი შეძლო
ბეა მიხვდა, რომ ლევანი ამჯერადაც მართალს ამბობდა, ამიტომ მის ნებას ყველანაირი პროტესტის გარეშე დაჰყვა. რამოდენიმე წუთიც და ისინი უკვე ეზოში მდგარ, ხის დაბალ, გრძელ სკამზე ჩამომჯდარნი, აუღელვებლად საუბრობდნენ ყოველივე იმაზე, რამაც ოჯახში ასეთი დიდი აფორიაქება გამოიწვია. ირგვლივ კვლავ ბავშვების ჟრიამული ისმოდა, თუმცა ეს მამა-შვილს ხელს ოდნავადაც კი არ უშლიდა. თითქოს ყველაფერი მათ მიღმა ხდებოდა და ამაში უშუალოდ მონაწილეობას არ იღებდნენ.
-კარგი ნუღარ ნერვიულობ. დედაშენს მე დაველაპარაკები და შევეცდები ყველაფერი მოვაგვარო -მზრუნველად დაადო ხელი ლევანმა ქალიშვილს -თვითონაც ხომ იცი რა ფეთქებადია, მაგრამ მალე გადაუვლის ხოლმე
-არა, არა ეს სხვა შემთხვევაა. იმდენად სულელი ვარ, რომ ისიც კი ვიფიქრე, დღეს აქ დარჩენის ნებას მომცემდა
კაცს სახეზე ეჭვი გამოესახა.
-აქ დარჩენა რატომ გინდა? რამე ხომ არ დაგიშავა? პრობლემები გაქვთ? ასეთი რა მოხდა? -კითხვას კითხვაზე ისროდა დაძაბული მამა
-დამშვიდდი. არანაირი პრობლემა არ გვაქვს -გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, თან ეზოში მდგარ ყველაზე მაღალ ხეს მზერა ააყოლა. წარსულის მოგონებებმა ამჯერადაც თავი შეახსენეს -გახსოვს? პატარა რომ ვიყავი, იმ ხის კენწეროში ავძვერი და ჩამოსვლა აღარ შემეძლო. მთელ ხმაზე ვყვიროდი რომ ვინმეს ეშველა. მალე შენც მოხვედი, გამამხნევებელი სიტყვებით დამამშვიდე და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის შიში ყოველთვის გქონდა, ნელ-ნელა ამოძრომა დაიწყე -ბეას გაეღიმა და ლევანს თვალებში შეხედა. ისიც იღიმოდა -მახსოვს იმ დღეს მითხარი რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, ყოველთვის შენს გვერდით მიგულეო. მამა . . . გმადლობ, რომ ამ პირობას დღემდე ასრულებ . . . ყველამ რომ მიმატოვოს, ვიცი შენ ჩემს გვერდით იქნები და ზურგს არასდროს შემაქცევ
კაცმა თვალცრემლიანი ქალიშვილი გულში მაგრად ჩაიხუტა და შუბლზე ტუჩები მზრუნველად მიაკრო. სხეულის თითოეული ორგანო სტკიოდა, როცა მას ასეთ მდგომარეობაში ხედავდა.
-ერთადერთი, რაც დედაშენის გულის მოგებაში დაგეხმარება ისაა, რომ შენი ქმარი რაც შეიძლება მალე გაიცნოს. ვიცი, რომ ცუდ ადამიანთან საქმეს არ დაიჭერდი. ამაში ბოლომდე გენდობი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ვეცდები ნანა დავარწმუნო მის გასაცნობად ხვალვე მოვიდეთ -ლევანი წამით გაჩუმდა. ხმას არც ბეა იღებდა -მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებთ ცოტათი მაინც დავამშვიდოთ. გაუგე მისთვისაც რთულია. აქამდე ისიც კი არ ვიცოდით, ვინმე თუ გყავდა
-მესმის მამა. მაგრამ მის დარწმუნებას როგორ შეძლებ? ხომ ნახე ჩემს დანახვაზე რა რეაქციაც ჰქონდა? კინაღამ სიცოცხლეს გამომასალმა
-ეს მე მომანდე. შენ კი შენს ქმართან დაბრუნდი და ორივენი კარგად მოემზადეთ ხვალინდელი დღისთვის. ხომ იცი იმ ბიჭმა დედაშენზე კარგი შთაბეჭდილება თუ არ დატოვა ჩვენი საქმე ცუდად იქნება
გოგონას გაეცინა და მამამისს უფრო ძლიერად მოეხვია. ახლა მხოლოდ და მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა. სათადარიგო გეგმის შესადგენად მისი ტვინი უკვე ვეღარ გამოდგებოდა.
-ერთი ეს მითხარი -რამდენიმე წამიანი დუმილი კვლავ დაარღვია კაცმა -იმ ბიჭს თუ ჰყავს მშობლები?
ამის გაგონებაზე, ისედაც დაძაბულ ბეას, ნერვიულობისგან კისერი უფრო მეტად გაუშრა. ლევანის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ნამდვილად არ გააჩნდა. ხომ შეეძლო მანქანაში ჯდომის დროს, ქმართან კინკლაობის ნაცვლად, მასზე უფრო მეტი გაეგო? ჯანდაბა ახლა რა უნდა გაეკეთებინა? დადებით პასუხს რომ მიმხრობოდა და აღმოჩენილიყო, რომ ანდრეას მშობლები გარდაცვლილნი იყვნენ? სამწუხაროდ არც პირიქით მოქცევა გამოდიოდა. არა, რაღაც აუცილებლად უნდა ეპასუხა, ასე ჩუმად დიდხანს ვერ იქნებოდა მაგრამ რა? გოგონამ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მერე ისევ ამოისუნთქა. რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება რატომღაც მაინც დადებით პასუხზე შეაჩერა. იმედოვნებდა, რომ ასეც იქნებოდა, თორემ სხვა შემთხვევაში წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ექნა.
-კარგი. შენ ისე მოიქეცი, როგორც მე გითხარი. ხვალ საღამოს საათებში გველოდე. ამ დროს შენც დაბრუნებული იქნები სამსახურიდან და შენი ქმარიც -ლევანს გაეღიმა -ჯერაც არ მჯერა რომ გათხოვილი ხარ. ამასთან შეგუება ძალიან მიჭირს
-დამიჯერე მამა არც მე მჯერა -მწარედ ჩაილაპარაკა გოგონამ, თუმცა ეს მის გარდა არავის შეუმჩნევია -ჰო მართლა მაქსიმე სად არის?
-მეგობრებთან ერთადაა აგარაკზე. ტელეფონი არ წაუღია და ვერ ვუკავშირდებით
-ესეიგი ჩემი ამბავი ჯერ არ გაუგია
-არა არ გაუგია. მასთან კიდევ ერთი ომის გადატანა მოგიწევს. ხასიათებით სულ დედაშენს ჰგავს
ორივეს გაეცინათ . . .
-კარგი რახან ნანას ასე თუ ისე გადავურჩი, მაქსიმესაც მოვუხერხებ რამეს -ეს რომ თქვა, ჩანთა მარჯვენა ბეჭზე გადაიკიდა და ფეხზე საათის ციფერპლატზე ყურებით წამოდგა -ჩემი წასვლის დროა. იმედია გამოვა რასაც ვგეგმავთ
-ყველანაირად ვეცდები. ჰო, მართლა, შენს ნივთებზე შეგიძლია არ ინერვიულო, ყველაფერს ხვალ გამოგიგზავნი
-გმადლობ, უშენოდ რა მეშველებოდა?!
რიტორიკული შეკითხვა, პასუხს არც ამჯერად საჭიროებდა. მოსიყვარულე მამა-შვილი, გამომშვიდობებისას ერთმანეთს მთელი გრძნობით გადაეხვივნენ, ხოლო მათი დღენიადაგ ხმაურიანი ეზო, უარესმა ჟრიამულმა და ორომტრიალმა მოიცვა. მესამე სართულის ფანჯრიდან გადმომდგარი ქალი თავის პატარა ბიჭუნას, მბრძანებლური ტონით სთხოვდა სახლში ამოსვლას. იქვე კუთხის პატარა მაგიდაზე, უბნის უსაქმურებს ნარდის დაფა გაეშალათ, თან პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობდნენ გაცხარებით, ხოლო კიბეებზე სვენებ-სვენებით მიმავალი ლევანი გონებაში კვლავ იმის გეგმებს აწყობდა, თუ რა გზით დაეთანხმებინა თავისი ზედმეტად გაბრაზებული ცოლი, რომ ხვალ ქალიშვილს ახალ სახლში სტუმრებოდნენ. ეს მართლაც რომ რთული ამოცანა იყო . . .
რთულზე რთულიც კი . . .


4 თავი
-ყველაფერი მზად არის?
-მზადაა დიმა. ათ წუთში დაიწყება -კანდელაკმა მაცივარი გამოაღო და იქედან ორი დიდი ლუდის ქილა გამოაძვრინა
-გეფიცები ჯერაც არ მჯერა, რომ ცოლი მოიყვანე. ახლაც წარმოუდგენლად მეჩვენება ის, რაც მომიყევი
ანდრეა ჩაფიქრდა.
-ვცდილობ და ვერაფრით ვიხსენებ იმ ღამით რა მოხდა. მგონი ეს ყველაზე უცნაური რამაა, რაც კი ოდესმე თავს გადამხდენია
-დასალევად რატომ წახვედი?
შორიახლოს მდგარმა დიმამ, მეგობარს ლუდის ქილა ჩამოართვა და ტელევიზორის წინ, დივანზე მოხერხებულად მოკალათდა.
-ისე, უბრალოდ. მაგრამ ცოტა ზედმეტი მომივდა -გასცა პასუხი ნაჩქარევად, თან თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. სახეზე შეეტყო, რომ სათქმელს ბოლომდე არ ამბობდა
-კარგი მოდი დაჯექი. მივხვდი, რომ ამის მიზეზი ანაა. როცა უბრალოდ დალევა გინდება, მეც შენთან ერთად მიგყავარ ხოლმე
მეგობრის მხრიდან, ასე პირდაპირ ნათქვამმა სიტყვებმა, რატომღაც კანდელაკს სახეზე უსიამოვნო გამომეტყველება მოჰგვარა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ მას ამ ადამიანზე უკეთ არავინ იცნობდა.
-ახლა ანას ნუ ვახსენებთ კარგი? ორივემ ვიცით, რომ ამ თემაზე საუბარი მაინდამაინც არ მიყვარს
-არ აქვს მნიშვნელობა გიყვარს თუ არა. ფაქტია რომ მასზე დღემდე ფიქრობ და მიუხედავად იმისა, რაც გაგიკეთა, ამ ქალის თავიდან ამოგდება ვერ შეძელი. დამიჯერე ეს კარგს არაფერს მოგიტანს
ემოციურად გადაღლილი სახით ჩაესვენა ანდრეა დივანში. ოთახში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. სახლის თითოეულ კუთხე-კუნჭულში გამეფებულ დუმილს, მხოლოდ საათის ისრების გაბმული წიკწიკი თუ არღვევდა.
-მისმინე, ერთი რაღაც უნდა იცოდე. ანა . . . -თუმცა აქ დიმას სიტყვა შუაზე გაუწყდა. წამით დაფიქრდა ღირდა თუ არა იმ ყველაფრის ხმამაღლა თქმა, რაც ამწუთას ენის წვერზე ადგა. ქილისთვის თავის მოხსნა უკვე მოესწრო და როდესაც მეგობრის მომლოდინე მზერას გადააწყდა, ჩათვალა, რომ სათქმელის ბოლომდე დასრულება აუცილებელი იყო. დააპირა კიდეც ამის გაკეთება, თუმცა სანამ მისი სიტყვები ოთახში გაიჟღერებდნენ, კარზე გაბმულმა და ხმამაღალმა ზარმა, ყველანაირი ხმა გადაფარა.
-ვინმეს ელოდები?
-არა, არავის. წავალ ვნახავ ვინაა -მამაკაცი ფეხზე ზანტად წამოიმართა. მხოლოდ მაშინ გაეშურა ჰოლისკენ, როდესაც დარწმუნდა, რომ სახლში ყველაფერი წესრიგში იყო. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ვინ უნდა მდგარიყო ზღურბლის მეორე მხარეს, რომელსაც დიდი, სქელი კარი ფარავდა.
-დაიცადე მეც წამოვალ, იქნებ სერულმა მკვლელმა მოგაკითხა და შენი იმქვეყნად გასტუმრება უნდა
-ცუდია თუ ასეა. არადა შეგვეძლო მატჩისთვის ერთად გვეყურებინა -აჰყვა ხუმრობაში კანდელაკი
-ნეტავ სერიულ მკვლელებს კალათბურთი თუ უყვართ?
-არ ვიცი, ამაზე არ მიფიქირა. უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებით ვარ ხოლმე დაკავებული
ანდრეამ ისე, რომ ჭუჭრუტანაშიც არ გაუხედავს, საკეტი გადაატრიალა და მოსულის დანახვაზე, წამით კართან გაშეშდა. ამას ნამდვილად არ მოელოდა.
-შენ ხარ? მეგონა დღეს ღამით სახლში დარჩებოდი
-მითხარი რომ შენი მშობლები ცოცხლები არიან -ისე სწრაფად და შეშინებული გამომეტყველებით მიაყარა მოსულმა, რომ მამაკაცს მის ნორმალურობაში ეჭვიც კი შეეპარა
-ცოცხლები არიან . . . საბედნიეროდ. ასე დაძაბული რატომ ხარ?
-კიდევ კარგი. ესეიგი გადავრჩი -შვებით ამოისუნთქა მან -უკვე აღარ ვნერვიულობ, დაივიწყე
-ეს არის შენი ცოლი? -ღიმილით გამოვიდა წინ დიმა. ასეთი გამომეტყველება მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როდესაც ადამიანის მიმართ კეთილგანწყობის გრძნობა უჩნდებოდა
-მე ბეა ვარ. გამარჯობა
-მე კი შენი ქმრის მეგობარი დიმა მეტრეველი. მიხარია, რომ როგორც იქნა ერთმანეთი გავიცანით
გაღიმებულმა გოგონამ, ანდრეასთვის გვერდის აქცევით, შიგნით შემოაბიჯა და მოსაცმელი იქვე, საკიდზე ჩამოკიდა.
-ლუდს სვამთ?
-შენც ხომ არ დალევ? თუ შენი ქმარი უფლებას არ მოგცემს? -ზუსტად მაშინ დასვა ეს კითხვა, როდესაც ანდრეამ შემოსასვლელი კარი, გასაღებით გადაკეტა
-დავლევ, რატომაც არა?
-უკვე მომწონს ეს გოგო -გახარებულმაა დიმამ მეგობრის "ცოლს" მხარზე ხელი თბილად გადახვია და დივნისკენ თავაზიანი ჟესტით ანიშნა
-არამგონია კალათბურთის მატჩი აინტერესებდეს დიმა -ფეხდაფეხ მიჰყვა მათ კანდელაკი
-ხუმრობ? ვგიჟდები კალათბურთზე -დაუპატიჟებელი სტუმარი, მეგობრებს შუაში თამამად ჩაუჯდა, თან დისტანციური მართვის პულტით ხმას აუწია -ბავშვობაში ჩემს სკოლაშიც იყო კალათბურთის წრე, მაგრამ მაშინ ძალიან დაბალი ვიყავი და როცა მწვრთნელთან მივედი უკან დაცინვით გამომიშვა
-რთული დასაჯერებელია. მშვენიერი სიმაღლე გაქვს
-ეგ ახლა დიმა. მოკლედ მატჩი დაიწყო და ორივეს შეგიძლიათ გაჩუმდეთ -ბეამ ფეხები დივანზე აიკეცა და ანდრეას გახედა -შემთხვევით ჩემთვის ზედმეტი ლუდის ქილა ხომ არ გაქვთ?
-მაპატიე, მაგრამ გვეგონა ორნი ვიქნებოდით
-არაუშავს ამას ავიღებ -თქვა და ისე ბუნებრივად და მოულოდნელად ააცალა მამაკაცს პირთან მიტანილი სასმელი, რომ კანდელაკი რამდენიმე წამის განმავლობაში გონზე ვერ მოვიდა. მხოლოდ დიმას ხმამაღალმა სიცილმა დააბრუნა რეალურ სამყაროში, რის შემდეგაც "ცოლის" საქციელზე თავადაც გაეღიმა
-როგორც ჩანს ჩემს დისკრიმინაციას აქვს ადგილი
-კაცი ხარ და კაცები ყოველთვის უნდა თმობდნენ -ისე გასცა პასუხი, რომ მისკენ არც გამოუხედავს
-თუ ასეა მან რატომ არ დათმო? -დიმასკენ გაიშვირა ხელი კანდელაკმა. ეტყობოდა, რომ ეს სიტუაცია ძალიან ართობდა
-თუ სწორად მახსოვს, ჩემი ქმარი შენ ხარ და არა ის
-მაგარი წყვილი იქნებით. თავიდანვე ვიცი -სიცილს ძლივს იკავებდა ბეას მარცხენა მხარეს მჯდარი მეტრეველი და ქილიდან ცივ სასმელს აუჩქარებლად სვამდა
-ჰო ასეა. თან ხვალ ჩემი მშობლებიც უნდა გაიცნოს და დარწმუნებული ვარ ეს ორმაგად გაახარებს
-მოიცა რა? ხვალ?
-რამე პრობლემაა? -ცალი წარბი მრავლისმეტყველად აზიდა -ცოლად რომ მოგყავდი აბა რაზე ფიქრობდი?
-საქმეც ისაა, რომ ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. მაშინ რომ ეგ შემძლებოდა, ახლა შენ აქ არ იქნებოდი და ჩემი ლუდის ქილაც ხელში მეჭირებოდა
-ესეიგი ცდილობ ყველაფერი მე დამაბრალო არა? -ფეხზე წამოდგა გოგონა და "ქმარსაც" ანიშნა ამდგარიყო
-რაც დაგვემართა, ორივე ჩვენგანის ბრალია, ბეა
-არა ცდები. ეს მხოლოდ შენი ბრალია. მე არ შემოგთავაზებდი ჩემი ქმარი გახდი მეთქი. ცოლობა თავად მთხოვე და ნახე ახლა რა სიტუაციაშიც ვართ
-და მერე ვინ გაიძულებდა დამთანხმდიო? ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ქორწინების სახლში ძალით წაყვანილს ნამდვილად არ ჰგავდი. ხელს ისე სწრაფად აწერდი შემეშინდა კალამი შუა გზაში არ გადაგმტვრეოდა
-ამას ჩემზე ამბობ? -ხმის ტონმა საგრძნობლად აიწია -შენ რა გგონია, რომ . . .
-ეი, ეი დაწყნარდით რა დღეში ხართ? -ვეღარ მოითმინა და კამათში ჩაერია დიმა -მხოლოდ ერთი დღეა რაც ცოლ-ქმარი ხართ და უკვე ერთმანეთს ჭამთ. დაჯექით და ტელევიზორს ერთად ვუყუროთ, ხვალ კი ანდრეა გპირდება, რომ შენს მშობლებს გაიცნობს
-ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებების მიღების უფლება როდის მერე გაქვს?
-მომისმინე ანდრეა კანდელაკო, თუ ვინც ხარ -ბეა ქმარს გამომწვევი მზერით მიუახლოვდა -ხვალ აქ დედაჩემი და მამაჩემი მოვლიან. შენ კი ისე ღირსეულად დახვდები, რომ მთელ სანათესაოში იმაზე ილაპარაკონ, რა კარგი მეორე ნახევარი მარგუნა ბედმა. გასაგებია?
-ჯანდაბა, ამას ვის გადავეყარე -გაღიზიანებულმა კანდელაკმა თვალები მობეზრებულად აატრიალა და ისე, რომ ბოლოს დასმულ კითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია, მისაღები ოთახი დატოვა. პასუხგაუცემელთა სიაში გაუშვა აგრეთვე მეგობრის კითხვა, რომელსაც აინტერესებდა გააგრძელებდა თუ არა მატჩის ყურებას. ამჯერად დიდი ეკრანის წინ, მხოლოდ დიმა და ბეა დარჩნენ.
-მოდი დაჯექი. მე და შენ მაინც გავუწიოთ ერთმანეთს პარტნიორობა
გოგონა მის გვერდით კვლავ ფეხმორთხმით ჩამოჯდა. ამჯერად წინანდელზე უფრო დამშვიდებული ჩანდა.
-შენ და ის დიდი ხანია მეგობრობთ?
-მე და ანდრეა? კი, საბავშვო ბაღიდან
-როგორი ადამიანია? -ცნობისმოყვარე მზერით გახედა გოგონამ, შემდეგ კი თავისი ქილა მაგიდიდან აიღო
-დამიჯერე მასზე უკეთესს ვერავის შეხვდები. თუმცა სერიოზული ურთიერთობა დიდი ხანია არავისთან ჰქონია მას შემდეგ რაც . . .
-რაც რა?
მეტრეველმა თავი გადააქნია და პასუხის მომლოდინე ბეას ოდნავ გაუღიმა.
-დაივიწყე. ნახე სამ ქულიანი ჩააგდეს
-შენი აზრით ძალიან უხეშად მომივიდა?
დივანზე მობუზვით მჯდარ გოგონას აშკარად ეტყობოდა, რომ თამაშზე კონცენტრირებას ვეღარ ახდენდა. აღარც დიმა იყო დაინტერესებული იმით, თუ რა ხდებოდა დიდ სპორტულ მოედანზე, რომელიც ეკრანზე იყო გამოსახული, ამიტომ გამოსართავ ღილაკს, ცერა თითი უხმოდ დააჭირა და ზურგს უკან მოგროვებულ ბალიშებზე მოხერხებულად გადაწვა.
-მისმინე, თქვენი დაქორწინება ისე მოხდა, რომ უცხო ადამიანს მართლა გაეცინება. მაგრამ ორივეს გყავთ ოჯახი, რომლებმაც თქვენზე უკვე ყველაფერი იციან. მესმის, რომ სწორედ ამიტომ გინდა მან შენები გაიცნოს და ასეც მოიქცევა, თუმცა ანდრეა ბრძანებებს ვერ იტანს -დიმამ მცირედი პაუზა გააკეთა და ისევ განაგრძო -შენი მომთხოვნი ტონი აქ არ გამოგადგება. ეს ნებისმიერს გააღიზიანებს და საბოლოოდ ისე მოხდება, რომ ვერაფერში შეთანხმდებით. უბრალოდ შეეცადე ეს ბრძანებითი კილო თხოვნითით შეცვალო და კამათიც აღარ იქნება
-მართალი ხარ -თავი დამნაშავე ბავშვივით დახარა -სულელურად მოვიქეცი, მაგრამ ამ ყველაფრის გამო ნერვები არც მე მაქვს წესრიგში. მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ ერთი წელი ჩემთვის სრულიად უცხო მამაკაცთან, ერთ ჭერ-ქვეშ უნდა ვიცხოვრო, გესმის?
ბიჭმა ბეას მხარზე ხელი მეგობრულად დაადო. მიხვდა იმას, რაც მას ასე ძალიან აწუხებდა.
-თუ რამე ვიცი ამ ცხოვრებაში ისაა, რომ ანდრეა იმის გაკეთებას არასდროს გაიძულებს, რაც შენ არ გინდა. შეგიძლია მშვიდად იყო და ამაზე არ ინერვიულო
-მართლა?
-მართლა. ახლა კი, ჩემი წასვლის დროა, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ბეა
-ჩემთვისაც დიმა. წამოდი გაგაცილებ -დამშვიდებული გოგონა ფეხზე ენერგიულად წამოდგა. ნათელი იყო, რომ ბიჭის სიტყვებმა მისი განწყობა საგრძნობლად აამაღლა
-ოჰო, უკვე ასე გავშინაურდით?
-რას ვიზამთ, ახლა უკვე გათხოვილი ქალი ვარ და ვცდილობ ნელ-ნელა სიტუაციას მოვერგო
-წარმატებები სიტუაციასთან მორგებაში. და კიდევ ერთი-მართლა კარგი ადამიანი ხარ. ამაში პირველივე დღიდან დავრწმუნდი . . .
დიმა წავიდა. გასასვლელი კარის საკეტი კვლავ გაჩხაკუნდა და წამებში აუტანელმა სიჩუმემ დაისადგურა. კანდელაკის ხმა არსაიდან არ მოისმოდა. რაც მისაღებიდან გავიდა, მას შემდეგ მისთვის თვალიც კი არ მოუკრავს. ნეტავ სად უნდა ყოფილიყო? ამხელა სახლში დაკარგვაც კი შეიძლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბეა მაინც ჯიუტად ათვალიერებდა მის ყველა კუთხე-კუნჭულს. სწორედ მაშინ, როდესაც თითოეული წერტილი ორ-ორჯერ მაინც მოიარა და უკვე იმედი საბოლოოდ გადაეწურა, გაახსენდა, რომ სახლს მეორე სართულიც ჰქონდა. შეიძლებოდა ანდრეა სწორედ იქ ყოფილიყო. და არც შემცდარა. მამაკაცს კიბიდან ხელმარცხნივ, პირველივე ოთახში დაუხვდა. ტანზე ლურჯი მაისური გადაეძრო და დიდ, რკინის ტახტზე ჩასძინებოდა მობილურით ხელში. ჯერ კიდევ, კართან მდგარმა გოგონამ, რამდენიმე წამით, ფანჯრიდან გადაშლილი ლამაზი ხედი შეათვალიერა. თითქოს რაღაცას ფიქრობდა და თან არც ფიქრობდა. მერე ყველაფერი სპონტანურად მოხდა:-თვითონაც ვერ გაიაზრა, თუ როგორ ააცლა მძინარე ანდრეას ხელის გულში სუსტად მოქცეული ტელეფონი და როგორ ფრთხილად მოშორდა მის საწოლს. არც კი იცოდა ეს რისთვის გააკეთა. შეიძლება იმიტომ, რომ მის შესახებ უფრო მეტი გაეგო. რაც არ უნდა იყოს ამაზე ბევრი არ უფიქრია, ფანჯრის რაფას უხმაუროდ მიუახლოვდა და ზედ ჩამოჯდა. საბედნიეროდ მობილურის ეკრანი პინ-კოდს არ საჭიროებდა, ამიტომ გალერიაში უპრობლემოდ შეაღწია და მხედველობა დაძაბა. იქ მხოლოდ და მხოლოდ სამი ვიდეო დახვდა, რომელთაგან ერთ-ერთის გარეკანზე თავისი წითელი კაბა ამოიცნო და სენსორს ხელი დაუფიქრებლად დააჭირა.
დიდ ეკრანზე ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ იჯდა თვითონ დაბალ, გრძელ სკამზე და ვიღაც მკლავებმოხატული კაცი ბეჭზე სვირინგს უკეთებდა. შიგადაშიგ ანდრეას ხმაც მოისმოდა. ალბათ ვიდეო სწორედ მისი გადაღებული იყო. ბეას ამ ყველაფრის დანახვაზე და გააზრებაზე ლამის სუნთქვა შეეკრა. ელვის უსწრაფესად დაბლოკა ეკრანი, სარკესთან მივარდა და მაისური ბეჭზე ჩამოიწია
-ჯანდაბა, ჯანდაბა! ეს რა არის? რა მაწერია?
გოგონას ხმა საკმაოდ ხმამაღლა გაისმა და ლოგინზე უშფოთველად მიძინებულმა ანდრეამაც, ბუნებრივია ნელ-ნელა მოფხიზლება დაიწყო.
-ეს როგორ მოვიშორო? რა გავაკეთო?!
-რა ხდება? რა გაყვირებს?
-სვირინგი. გუშინ წინ სვირინგი დამიხატავს და მხოლოდ ახლა ვნახე -მკვეთრად მოტრიალდა და თავისი ბეჭი აჩვენა -შენ ხომ ვერ მეტყვი რა მაწერია?
მამაკაცმა თვალები მოისრისა, ღრმად ამოისუნთქა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე ნათელი იყო, რომ დაძინება აღარ ეწერა, ამიტომ საწოლზე უპატრონოდ მიგდებული მაისური, ტანზე ახალგაღვიძებულისთვის ზედმეტად სხარტი მოძრაობით გადაიცვა და ფეხზე წამოდგა.
-ვფიქრობ, ჩინურ დამწერლობას გავს -ანდრეა წარწერებს კიდევ ერთხელ დააკვირდა -ჰო ნამდვილად ასეა. თუმცა ვინაიდან დაბალი არ ვარ და წვრილი თვალებიც არ მაქვს მის წაკითხვას ვერ შევძლებ -კანდელაკს მზერა ტუმბოზე დადებულ მობილურზე გაუშეშდა -შენ აიღე?
-ჰო, მე ავიღე. სწორედ მაგ ტელეფონით გადაღებული ვიდეოთი გავიგე, რომ ტატუ გამიკეთებია
-მე კი მეგონა იმას ამოწმებდი საყვარელი მყავდა თუ არა
-ძალიან სასაცილოა -თვალები მობეზრებულად აატრიალა ბეამ
-სასაცილო ისაა, სვირინგი რომ გაიკეთე და ისიც კი არ იცი რას ნიშნავს
-ის უფრო სასაცილოა ახლა დაქორწინებულები რომ გვქვია და და ერთმანეთის დაბადების დღის თარიღებიც კი არ ვიცით -ტოლი არ დაუდო "ცოლმა" და მაისურის მკლავი კვლავ ზემოთ ასწია -არავის იცნობ ისეთს, ვინც ამ ენაზე კითხულობს?
ანდრეა ჩაფიქრდა . . .
-სიმართლე გითხრა ვიცნობ. კარგი მიდი შენ მაისური გაიხადე წარწერა კარგად რომ გამოჩნდეს და გადასაგზავნად ფოტოს გადავუღებ
-მაისური გავიხადო?
კანდელაკს ირიბად ჩაეცინა. მიხვდა, რომ გოგონას ეს ყველაფერი ეუხერხულებოდა.
-ნუ ღელავ მე გეი ვარ
-სერიოზულად? -თვალები ორი ზომით დიდი გაუხდა მას. იმდენად სერიოზული სახით თქვა, გამორიცხული იყო არ დაეჯერებინა
-მიდი, მიდი, ნუ გეუხერხულება, მხოლოდ სვირინგი მაინტერესებს. გპირდები ჭკვიანად ვიქნები -ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა და ბეაც მაშინვე მიხვდა, რომ ცოტა ხნის წინ თქმული, უბრალოდ ხუმრობა იყო.
-კარგი ჰო, გადაიღე და ეს საქმე მოვამთავროთ -სწრაფად გაინთავისუფლა სხეული თეთრი მაისურისგან, რის შემდეგაც, გრძელი თმა მეორე ბეჭზე გადაიყარა. სირცხვილისგან აწითლებულს, ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა მისთვის მეტად უხერხული ფოტოსესია
-მოემზადე, ახლა ჩიტი გამოფრინდება -სიცილით მოიმარჯვა მობილური ტელეფონი და სულ რაღაც სამ წამში, კამერაც გაჩხაკუნდა. ეკრანზე ნათლად აღიბეჭდა ბეას სვირინგი და ანდრეაც მაშინვე მეორე მხარეს მიბრუნდა. რთული იყო მამაკაცისთვის "ცოლის" ამ მდგომარეობაში ყურება. უნდა ეღიარებინა, რომ მის ცხოვრებაში სულ ახლახან შემოჭრილი არსება, მართლაც რომ განსაკუთრებული მომხიბვლელობით გამოირჩეოდა.
-ახლა შეგიძლია ჩაიცვა. მე წავალ და ამ ფოტოს გადავაგზავნი
-შენი აზრით შეძლებს?
-თუ გავითვალისწინებთ, რომ დაბადებიდან ჩინეთში ცხოვრობს შეძლებს
-მოიცა, მოიცა -წინ გადაუდგა. ამჯერად უკვე ჩაცმული. -შენი მეგობარი ჩინელია?
-უნივერსიტეტის მეგობარია. ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით. ახლა შეიძლება გავიარო?
ბეა კარს პასუხის გაუცემლად მოშორდა. სანამ თავისი ახლად შეძენილი "მეუღლე" ოთახს დატოვებდა, განუწყვეტლივ უყურებდა მის მწვანე თვალებს, თუმცა ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა. წამების ისრის ხუთჯერ ადგილის მოცვლა და კანდელაკი უკვე ოთახში აღარ იყო . . .

* * *
თერთმეტი საათი შესრულდა. გარეთ უკვე სრული სიბნელე ჩამოწოლილიყო, რომელსაც გაჭირვებით თუ ებრძოდა სიგრძეზე ჩამწკრივებული ლამპიონების გრძელი რიგი. მზის სხივებივით თბილი და სასიამოვნო ღამის ნიავი, ქუჩის მაწანწალასავით უგზოუკვდლოდ დაეხეტებოდა, გზადაგზა კი, იასამნის ლამაზ ხეებს ნაზად არხევდა. ყოველივე ქვემოთ გადაშლილს, ამაყად და თავმომწონედ გადმოჰყურებდა შავი, უღრუბლო ცა. დღეს იგი უამრავი კაშკაშა ვარსკვლავით მორთულიყო, რომელთა ცქერაც ნებისმიერ ადამიანს მოჰგვრიდა სიმშვიდეს და სიცოცხლის წყურვილს გაუმძაფრებდა.
ამ საოცარ და თვალისმომჭრელ ღამეს, სწორედ ზემოთ ხსენებულ მოციმციმე ვარსკვლავებს შესცქეროდა ჯერ კიდევ ანდრეას ოთახში, ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ბეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, საწოლზე გადაფარებული პლედი ტანზე შემოეხვია და შავად შეფერილ, მბრწყინავ ცის კამარას, თვალს არ აშორებდა. მის ყურსასმენებში დაბალ ხმაზე მოისმოდა Ennio Morricone-Le Vent, Le cri. ეს საოცარი, უსიტყვო მელოდია, მას ბავშვობიდან იზიდავდა და როდესაც განმარტოება და რაიმეზე ფიქრი მოუნდებოდა, ამას სწორედ მისი თანხლებით აკეთებდა. ახლაც სწორედ ეს სიტუაცია იყო. ნამდვილად ბევრ რამეზე ჰქონდა საფიქრალი. პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ ეტყოდა საბას ამ ამბავს. მათი ურთიერთობა მართალია ჯერ არ დაწყებულიყო, მაგრამ ყველაფერი ხომ ამისკენ მიდიოდა? ამდენი წლის მერე მოახერხა და მიიქცია ბიჭის ყურადღება, მაგრამ განა ჰქონდა ამას რაიმე აზრი? ნეტავ როგორ შეხვდებოდა მომხდარ ამბავს? ალბათ მცირედი შანსიც კი არ არსებობდა, რომ იგი ბეას ამ ყველაფერს აპატიებდა და ერთი წლის გასვლას მშვიდად დაელოდებოდა.
არადა როგორ უნდოდა ასე მომხდარიყო . . .
გუშინდელი დღესავით ახსოვდა გოგონას მისი გაცნობის დღე. ყველა დეტალი და წვრილმანი კარგად ჩაბეჭდილიყო მის მეხსიერებაში. შეიძლება იმიტომ, რომ ამ პიროვნებამ მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გონებამაც მისი დავიწყების საშუალება არ მისცა. მაშინაც გაზაფხულის თბილი ღამე იყო. თოთხმეტი წლის ბეა, მუსიკის დამატებითი გაკვეთილიდან შინ ბრუნდებოდა. ხალხისგან დაცლილ ქუჩაში, საშინელი წყვდიადი გამეფებულიყო, რომელსაც ოდნავ თუ ანათებდა რამდენიმე მბჟუტავი ლამპიონის შუქი. გოგონას ნახევარი გზა უკვე გავლილი ჰქონდა, რომ უეცრად, სად იყო და სად არა, მორიგი ჩაბნელებული მოსახვევიდან შავი, უზარმაზარი და გაბურძგნული ძაღლი გამოხტა ხმამაღალი ყეფით. თავდაპირველად იგი ნაგვის ბუნკერთან ჩამწრივებულ კატებს გამოუდგა, თუმცა როგორც კი ამ არსებებმა მისი კლანჭებისაგან თავის დახსნა ოსტატურად მოახერხეს ღობის მეორე მხარეს გადახტომით, გაბოროტებული ცხოველი, ჯავრის ამოსაყრელად, იმ ქუჩაზე მოძრავი ერთადერთი ობიექტისკენ გაექანა. გაჭირვებში ჩავარდნილი ბეას გონებაში, თავდაცვის ინსტიქტებმა ელვის უსწრაფესად იწყეს ამოქმედება. სწორედ მათ აიძულეს იგი სირბილით უკან გაქცეულიყო და თავისი თავი გადაერჩინა. მაშველი რგოლი ამ შემთხვევაში იქვე მდგარი მაღალი ხე აღმოჩნდა, რომელზე აცოცებაც თითქმის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. გოგონამ ჩანთა ხის ძირში დააგდო, ტოტს ორივე ხელით მოეჭიდა და მთელი ტანით ზემოთკენ აიზიდა. რამდენიმე წამიც და ბეა უკვე სამშვიდობოს იყო, ხოლო ქვემოთ მდგარი ოთხფეხა არსება, იმედგაცრუებული მზერით უვლიდა გარშემო მის ჩანთას, რომელშიც ნოტების რვეულების გარდა არაფერი ეწყო . . .
დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა, რაც გოგონა ხის ტოტზე "ნებივრობდა". ის საშინელი არსება ქვემოთ არხეინად გაწოლილიყო და თითქოს მის ჩამოსვლას ელოდებაო, ფეხსაც კი არ იცვლიდა. ახლა ის სიტუაცია იყო, რომ საბრალო ბეას, ცხოვრებაში პირველად, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ექნა. შუა ქუჩაში ყვირილს ნამდვილად არ აპირებდა, ამიტომ თითქმის დარწმუნებული იყო, რომ იმ ღამის იქ გატარება მოუწევდა. ამისთვის ფსიქოლოგიურად ემზადებოდა კიდეც, თუმცა რაც შემდეგ მოხდა, იმან მის გულში სულ მცირედი იმედი ჩასახა, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ხის მაღალ ტოტზე ჯდომისას, აქამდე უკაცრიელ ქუჩაზე, ბეამ მოძრავი სილუეტი შეამჩნია. იგი სიბნელიდან გამოდიოდა და თანდათანობით ფორმებიც იკვეთებოდა. რამდენიმე წამში გოგონასთვის უცნობის სქესიც ნათელი გახდა. ახალგაზრდა ბიჭი იყო, დაახლოებით თვრამეტ-ცხრამეტი წლის. ხელში ანთებული სიგარა ეჭირა და ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა, თან პარალელურად ვიღაცის სახელს იძახდა. თუმცა მალევე გამოიკვეთა, რომ მისი ძებნის ობიექტს, არა კონკრეტული ადამიანი, არამედ თავისი შინაური ცხოველი წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი კი, სავარაუდოდ სწორედ იმ ხის ქვეშ იყო გაწოლილი, სადაც ზომაზე მეტად შეშინებული ბეა, ცოტა ხნის წინ, საკუთარი თავის გადასარჩენად აცოცდა.
ერთიანად შავებში ჩაცმული ბიჭი, თანდათან უფრო ახლოვდებოდა და ამის პარალელურად, მის ხელში მაგრად ჩაბღუჯული, ძაღლის დასაბმელი ჯაჭვიც იკვეთებოდა. კიდევ რამდენიმე დამღლელი წამიც და იგი გოგონასაც და თავის ოთხფეხა მეგობარსაც, მიუხედავად ქუჩის საშუალო განათებისა, HD ხარისხში ხედავდა.
-აი თურმე სად ყოფილხარ -გახარებული ტონით წარმოთქვა მოსულმა, ხის ძირას ფრთხილად დაიხარა, ნახევრამდე ჩამწვარი სიგარა უკანასკნელი გაბოლების შემდეგ ასფალტზე მოისროლა და ცხოველს ტყავის საყელურზე, მისთვის განკუთვნილი ჯაჭვი გამოაბა.
-ხომ არ შეგაშინა? -მხოლოდ ახლა გაახსენდა მას ჯერ კიდევ ხის ტოტზე მდგარი ბეა, რომელიც მათ ზემოდან დაკვირვებით გადმოჰყურებდა და სახიდან ბრაზი ჯერაც არ გაჰქრობოდა
-ცოტა არ იყოს. თუმცა ძალიან მიხარია, რომ ღამის გათენება აქ არ მომიწია
-გინდა ჩამოსვლაში დაგეხმარო?
-არა გმადლობ -რატომღაც მაშინვე იუარა -ჯობია ეგ მონსტრი აქედან მოაშორო, სახლში მაგვიანდება
ბიჭს თავისთვის ჩაეცინა და გამხმარ ხეს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. თან ბეას თვალს არ აშორებდა.
-არ მიკვირს, რომ არ მოეწონე. ჩვეულებრივ არავის უყეფს ხოლმე
-ჰო რა თქმა უნდა -ნერვები საგრძნობლად მოეშალა მას -მე ხომ გარეგნულად ჰაკლს ვგავარ. წესით არ უნდა მოვწონებოდი -და სწორედ ამ დროს, ხეზე დგომისგან გადაღლილი ფეხი, ყველაზე დაბალ, ოდნავ გამხმარ ტოტსაც ჩააწვდინა. აქედან უკვე შეეძლო ჩაეთვალა, რომ სამშვიდობოს იყო გასული. მისდა საბედნიეროდ არც შემცდარა-ხიდან ისე მოხერხებულად ჩამოხტა, რომ თავად მაიმუნიც კი, შურით გასკდებოდა ამის შემხედვარე.
-ყოჩაღ. როგორც ჩანს ხეზე ცოცვა გეხერხება
-ვცდილობ -ხმადაბლა მიუგო გოგონამ. იქვე თავისი თავისი მტვერში ამოგანგლული ჩანთაც მოიძია, ზურგზე სწრაფად მოიგდო და ისე, რომ ბიჭს არც კი გამომშვიდობებია, იქაურობას სირბილით გაეცალა. რაც არ უნდა ყოფილიყო, გულში მაინც ჩარჩა ის იდუმალი და მომხიბვლელი პიროვნება, რომელთან მიმართებაშიც, სიტყვა მომხიბვლელი ძალიან რბილი ნათქვამი იყო . . .
ნიავი კვლავ ნაზად დაიარებოდა, ხასხასა, მწვანე ფოთლებს შორის და მათ დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ვარსკვლავები ისევ ძველებურად კაშკაშებდნენ და საათის ისრებიც გაუჩერებლად მიუყვებოდნენ მორიგ დამღლელ წრეს. ამდენ ფიქრში გოგონას დროც კი გამოეპარა. შუაღამე უკვე კარგა ხნის გადასულად ითვლებოდა და ძილის დროც მოსულიყო. მაგრამ როგორ დაეძინა? მან ხომ კარგად იცოდა თავის პრობლემა? იქნებ ანდრეასთვისაც ეთქვა? არა, არა -მაშინვე თავი გადააქნია -ეს ყველაზე საშინელი აზრი იყო, მათ შორის, რაც კი აქამდე მოსვლია. მისთვის ამის გამხელას ვერ შეძლებდა, რადგან მამაკაცი ყველაფერს სხვანაირად გაიგებდა და ერთი მხრივ, ეს ლოგიკურიც იქნებოდა.
გოგონამ თავი გრილ მინას მიადო და ერთ ღრმა ამოხვნეშას, მთელი თავისი გულის ნადები ამოაყოლა. უკვე ვეღარც გაზაფხულის ნაზი ღამე ამხიარულებდა და ვეღარც, ღამის ცაზე ჯადოსნურად მბრწყინავი, პაწაწინა ვარსკვლავების სიკაშკაშე, რომლებიც თითქოს, გათენებამდე ცდილობდნენ მთელი ლიმიტის ამოწურვას და ამასთანავე ერთმანეთს შორის მხიარული შეჯიბრებაც გაემართათ, რომელშიც მთელი გალაქტიკა დიდი სიხარულითა და დაუფარავი აღტაცებით იღებდა მონაწილეობას.
ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. მუდამ შეუჩერებელი დრო, ახლაც უწინდებურად აგრძელებდა სვლას. საათის ისრები, კვლავ მელოდიურად წიკწიკებდნენ.
დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ცოტა ხნით, სხვის მფლობელობაში უდიერად დატოვებულ საძინებელ ოთახს, რამდენიმე წუთში, მისი კანონიერი მფლობელი მოაკითხავდა და კარგი იქნებოდა, თუკი ბეა მას წასული დახვდებოდა. ემოციებისგან გადაღლილმა გოგონამ, რომელსაც ახლა, იქ მთელი ღამით ჯდომა სიცოცხლესაც კი ერჩივნა, თითქოს ზანტად მოსწყვიტა თვალი ქუჩაზე ლამაზად გაყოლებულ, იასამნის ხეებს, ფანჯრის რაფიდან ჩამოსვლისთანავე, ტანზე მოხერხებულად შემოხვეული პლედი სწრაფად მოიხსნა, კვლავ ანდრეას საწოლზე დააბრუნა და ისე გაასწორა, რომ ვერავის შეემჩნია მისი ადგილის მონაცვლება. ძალიან ეუხერხულებოდა თავისთვის სრულიად უცხო ადამიანის პირად სივრცში შეჭრა და გულახდილად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერც დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არა სიზმარი.
ნეტავ ახლა თავის საწოლში, ისევ ნანას ხმამაღალ შეძახილს გაეღვიძებინა. ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთ რამეს ინატრებდა, მაგრამ ფაქტი იყო ნატრულოდა.
გოგონამ კიდევ ერთხელ შეამოწმა კარგად იყო გასწორებული საწოლი, თუ არა და როდესაც გადასაფარებელზე ვერანაირ ნაკეცს თვალი ვერ მოჰკრა, გასასვლელი კარისკენ, რომელიც ანდრეას რატომღაც ღია დაეტოვებინა, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა. ცდილობდა ძალიან არ ეხმაურა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა ეს ახლა რა საჭირო იყო. წინ თმის ნაზი სწორებით მიიწევდა მოთენთილი ბეა და წამი-წამზე იქაურობას უნდა გასცლოდა კიდეც, რომ ზღურბლთან, მისთვის სრულიად მოულოდნელად, რაღაც დიდის და მყარის დაჯახება იგრძნო საკუთარ სხეულზე. შეშინებულს, რამოდენიმე წამი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს "რაღაც" კი არა ვიღაც იყო. გოგონამ კანდელაკს უხერხული მზერით ახედა. რომ არა მისი ძლიერი მკლავები, ნამდვილად იატაკზე აღმოჩნდებოდა, რადგან შეჯახება მართლაც, რომ ძალიან ძლიერი იყო.
-მგონი ახლა გადაგარჩინე -ღიმილით წარმოთქვა მამაკაცმა და "ცოლს" ხელები ფაქიზად შეუშვა. თითქოს უფრთხილდებოდა, რომ რაიმე არ სტკენოდა
-გმადლობ ანდრეა -გასვლა დააპირა -და ბოდიში.
-ბეა მოიცადე . . .
-რა მოხდა?
-სანამ წახვალ რაღაც საქმე მაქვს -შიგნით შევიდა და საწოლზე იდუმალი ღიმილით ჩამოჯდა -ცოტა ხნის წინ პასუხი მივიღე. არ გაინტერესებს ბეჭზე რა გაქვს ამოსვირინგებული?
ამ სიტყვების გაგონება და კარის მიხურვა ერთი იყო. გოგონა "ქმარს" წამის მეასედში გვერდით მიუსკუპდა და პასუხის მოლოდინში თვალის გუგები გაუფართოვდა.
-ანუ მართლა გაინტერესებს, არა?
-ანდრეა მითხარი, თორემ აი იმ ფანჯრიდან მოგისვრი და ოდნავადაც არ შემეცოდები -მოუთმენლობისგან უკვე ადგილზე ცმუკავდა. გულში ნატრობდა, რომ ეს ის არ ყოფილიყო, რაც კიდევ უფრო მოუშლიდა, ისედაც საკმაოზე მეტად მოშლილ ნერვებს.
ლამაზად გასწორებულ ტახტზე, აფორიაქებული გოგონას გევრდით მჯდარმა კანდელაკმა, როგორც ეს საუბრის გაწელვისას სჩვეოდა, ამჯერადაც სივრცეს გახედა. კვლავ ირიბად ჩაეცინა. როგორც ჩანს შექმნილი სიტუაციით ძალიან იყო კმაყოფილი.
-მიდი აბა ჩემი სახელი ხმამაღლა წარმოთქვი . . . ჰო რაიყო? ასე ნუ მიყურებ მიდი.
-შენი?? -წამით მართლა დაიბნა. გარკვეული დრო კი, ხმის ამოღებაც ვერ შეძლო. ალბათ უკვე კარგად ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა მის თავს.-ოღონდ არ მითხრა რომ . . .
-ჰო -ღიმილით გააწყვეტინა "ქმარმა" -ჩემი სახელი გაწერია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Strawberry????

ძალიან მომეწონა ????????
შემდეგს როდის დადებ?

 



№2 სტუმარი ნი

აუუუაიი ძალიან საყვარლობააა ❤

 



№3  offline წევრი Moonlight Sonata

Strawberry????
ძალიან მომეწონა ????????
შემდეგს როდის დადებ?


ყოველ დღე დაიდება ❤

ნი
აუუუაიი ძალიან საყვარლობააა ❤


მადლობაა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent