შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (7,8)


25-04-2018, 08:37
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 1 149

Lost Minds (7,8)

7 თავი
ღამის ბურუსიდან ახლახანს გამორკვეული ქალაქი, ნელ-ნელა დამძიმებულ თვალებს ახელდა . . .
ლამაზი, მშვიდი და ერთი შეხედვით უღრუბლო ცა გადაჰფარებოდა ქვემოთ მიმოფანტულ კორპუსებსა, თუ საკუთარ სახლებს. მთელ სიგრძეზე, სამხედრო არმიასავით გაყოლებული ლამპიონები, ჯერ კიდევ სუსტად ბჟუტავდა ღამენათევ ქუჩებში, რომლებიც, თანდათანობით ივსებოდა სხვადასხვაგვარი ავტომანქანითა და ფეხით მოსიარულით. იმ ადამიანებით, თითოეული თავ-თავიანთ საქმეზე, რომ მიიჩქაროდა და ყოველდღიურ რუტინას კიდევ ერთხელ უბრუნდებოდა.
რომელიღაც, არაფრით გამორჩეულ, გარეუბნის ქუჩაზე, ჯერაც, რომ ვერ აღედგინა დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი ხმაური, ერთიმეორის პირდაპირ ორი სხვადასხვა ფერის, ოთხსართულიანი კორპუსი იდგა-ნარინჯისფერი და მწვნანე შეფერილობის. ამ საცხოვრებელ ბინებს შორის, ვიწრო, ქვაფენილით მოკირწყლული გზა გადიოდა, ხოლო ცენტალური ქუჩა, სადაც ხალხი გაჩერებისთვის დამახასიათებელი სპეციალური გადახურვის ქვეშ ელოდა დილის ავტობუსებს, ამ საცხოვრებელი ბინებიდან ცოტა მოშორებით მდებარეობდა. აქ უკვე მოეყარა თავი რამდენიმე ხანში შესულ პიროვნებას, რომლებიც მოლოდინის პროცესში, ცხვირზე დაკოფსებული სქელმიანიანი სათვალეებით, საგაზეთო სტატიებს გაფაციცებით ჩაშტერებოდნენ და ასე ცდილობდნენ მომაბეზრებელი დროის მოკვლას.
წამი წამს მისდევდა, წუთი კი წუთს . . .
ზემოთ ხსენებული, ფერადი კორპუსებიდან, ერთ-ერთში, ბოლო სართულზე, საშუალო ზომის აივნის შუაგულში, რომელიც დიდი და ფერად-ფერადი ყვავილებით იყო გადავსებული და მათ ფოთლებს, გახაფხულის სუსტი სიო არხევდა, მრგვალი, ხის დეკორაციული მაგიდა იდგა. სწორედ ამ მაგიდაზე, ზუსტად ერთმანეთის გვერდიგვერდ ელაგა თეთრი, ფაიფურის მოხატული ფინჯნები, საიდანაც თბილ ბოლს, ყავის საამო სურნელიც ამოჰქონდა.
წყნარი და მშვიდი დღე იყო. გუშინდელი საშინელი და ძნელად ასატანი სიცხეც, თითქოს ყველას მივიწყებოდა და ცხოვრებას ქათქათა, სუფთა ფურცლიდან იწყებდა. წინ ახალი თორმეტ-საათანი მონაკვეთი იყო, რომელიც ზოგს სასიამოვნო ამბებს უქადდა, ზოგს კი პირიქით-ცუდსა და ზედმეტად უსიამოვნოს. ქალაქი იღვიძებდა. გზაზე მოსიარულე მანქანების რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა და უკვე გაბმული სიგნალების ხმაც წვდებოდა ადამიანთა ყურთასმენას.
-ბავშვობის მეგობრები რომ არ ვიყოთ, ამ დროს თავზე დადგომისთვის აივნიდან მოგისვრიდი -ვინ იცის უკვე მერამდენედ აბუზღუნდა მეგი, ბეას ადრიანი ვიზიტის გამო და მოაჯირის კიდესთან მდგარ, მოწნულ სავარძელში, უფრო მოხერხებულად მოკალათდა
-ნუ წუწუნებ, დილის შვიდი საათი არც ისე ადრეა. თანაც შენთან ბევრი მაქვს სალაპარაკო. დასაწყისისთვის მითხარი საბა რაიმეს ხომ არ მიხვდა? იმედია ტყუილად არ მქონდა შენი იმედი
საბრალო მეგის, დაღლილი თვალები უნებურად დაეხუჭა და თავიც სავარძლის კიდეზე დაუვარდა. ჯერ კიდევ საშინლად ეძინებოდა. გუშინ, გვიან ღამით დაბრუნებულს, ბურანში ყოფნა, მხოლოდ ორ საათს დასცალდა, რაშიც დამნაშავე სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც ახლა, მის გვერდით იჯდა და სრულიად უდროო დროს, მომაბეზრებელ დაკითხვას უტარებდა. რა დიდი სიამოვნებით მოკლავდა ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა.
-მეგი! -თავისი სავარძლიდან გადმოიხარა და სახეზე მსუბუქად შემოარტყა ბეამ -გაიღვიძე, თორემ ამჯერადაც გაყინულ წყალს გადაგასხამ
-ეგ ყავა თუ არ გინდოდა რას მომადუღებინე? -ცერა თითი, მაგიდაზე მდგარი ფინჯნებისკენ გაიშვირა. სწორედ ამ დროს, ქვემოდან დიდი სატვირთოს გაბმულმა სიგნალებმა ამოაღწია
-შენს ფინჯანს მოგიტან, სხვანაირად ვერ ფხიზლდები. მეგი, ხომ იცი, საბაზე ყველაფერი უნდა მომიყვე და იმაზეც, თუ რა უნდა ვქვნა ამის შემდეგ -ბეა ფეხზე წამოხტა და მეგობარს ცხელი, სურნელოვანი სითხით სავსე ჭურჭელი, სხარტად მოურბენინა. ასე მხოლოდ მაშინ ემსახურებოდა, როდესაც მისგან რაღაც სჭირდებოდა. აი ახლაც, მომლოდინე ლეკვის თვალებით შესცქეროდა და მოუთმენლად ელოდა ხმას როდის ამოიღებდა.
-ხომ იცი, რომ ყავის მარტო დალევა არ მიყვარს -უკმაყოფილოდ მოსვა ფინჯნიდან, თან ფეხები აივნის მოაჯირზე შემოაწყო. შეიძლება ითქვას, რომ უშაქრო კოფეინმა ცოტათი გამოაფხიზლა, თუმცა ჯერ ბოლომდე მხნედ მაინც ვერ გრძნობდა თავს -მოკლედ არაფერი იცის იმ შენმა საბამ. ტელეფონი გავუტეხე და ყველაფერი გავაკეთე, რომ ახლის ყიდვა ვერ მოეხერხებინა, მაგრამ ახლა რას იზამ? უკვე თბილისშია და დღეს თუ არა, ხვალ ყველაფერს გაიგებს. აშკარაა, დიხანს ვერ დაუმალავ, ამიტომ ჯობია ტელეფონი აიღო, დაურეკო და ყველაფერი მოუყვე
-მაგრამ ახლა ხომ ეძინება? -იმის გაცნობიერებამ, რომ შეყვარებულისთვის ყველაფერი უნდა მოეყოლა, ბეა საგონებელში ჩააგდო. გულწრფელად შეეშინდა მისი რეაქციის და არც გაემტყუვნებოდა
-მართლა? -მეგის ცინიკური გამოხედვა სამყაროს მეორე მხარესაც კი, იგრძნობოდა -მე არ მეძინა, რომ დამადექი დილაუთენია და კარზე ბრახუნი ამიტეხე? ბედი შენი რომ ასე ძალიან მიყვარხარ, თორემ მე ვიცი რასაც გიზამდი
გოგონა კვლავ სავარძელში იჯდა და სივრცეს უაზროდ გაჰყურებდა. როგორც ყოველთვის, მეგობრის ბუზღუნა ტონმა ახლაც გაამხიარულა. ერთადერთი, ვისთანაც არასდროს არაფერს მალავდა, სწორედ მეგი იყო და ეს მათი განსაკუთრებული სიახლოვის გამო ხდებოდა. ისინი ერთმანეთს იმ ასაკიდან იცნობდნენ, როცა საბავშვო ბაღში დაყავდათ თავ-თავიანთ მშობლებს და დამოუკიდებლად ჩაცმაც კი არ შეეძლოთ. მაშინ ბეა მხოლოდ სამი წლის იყო, ხოლო მეგი მასზე ერთი წლით უფროსი. დაუჯერებელია, მაგრამ გოგონას მეგობართან პირველი შეხვედრაც ისე ნათლად ახსოვდა, თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მომხდარიყო. ერთ დღესაც, ბაღის ეზოში თამაშისას, მეგის მისი წითელკაბიანი თოჯინა მოეწონა. სწორედ ეს სათამაშო გახდა მათი დაახლოების ერთგვარი საბაბი. "მე მეგი მქვია, შენ?" "მე ბეა. მოდი ერთად ვითამაშოთ" -ახლაც ყურში ჩაესმოდა გოგონას ეს სიტყვები და თავისთვის, უაზროდ ეღიმებოდა. რა დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა ახლა იმ დროში და ყველაფერს თავიდან გამოივლიდა . . .
-რა სულელივით იცინი, რა გჭირს?
-არაფერი -თავი მისკენ მოაბრუნა -უბრალოდ ჩვენი გაცნობის დღე გამახსენდა. შენ არ გახსოვს?
-ჰო, ოღონდ ბუნდოვნად -ნახევრამდე ჩაცლილი ყავის ჭიქა მუხლებზე დაიდო, თუმცა ცხელმა ზედაპირმა, მარჯვენა ფეხი დაუწვა და მაშინვე სტაცა ხელი -მგონი საბავშვო ბაღის ეზოში ვიყავით არა?
-ეგრეა. ჩემი არ იყოს შენც კარგი მახსოვრობა გქონია -თქვა და ინსტიქტურად, სივრცეს გახედა. წინ მდებარე კორპუსის, მეოთხე სართულის აივანზე, ვიღაც მოაჯირს დაყრდნობილი, წელს ზემოთ შიშველი ბიჭი იდგა, რომელიც სიგარეტს განცხრომით აბოლებდა და სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. რა ნაცნობი სახე ჰქონდა. და უცებ, ბეამ სავარძლიდან წამოიწია. ნუთუ? ჰო, ჰო სწორედ ის . . . და რა? გამოდიოდა რომ აქ ცხოვრობდა? გოგონა კიდევ ერთხელ დააკვირდა, ხომ არაფერი მეშლებაო. არა, ნამდვილად ის იყო. აივნის მოაჯირთან, რომელსაც ბეა ასე გულდასმით უყურებდა და თვალს წამითაც კი, ვერ აშორებდა, თვით ანდრეას საუკეთესო მეგობარი იდგა-დიმა. დაბნეულმა და გაშტერებულმა, ისიც კი ძლივს იგრძნო, თუ როგორ მონდომებით ექაჩებოდა მეგი მარჯვენა მკლავზე და რაღაცას ხმამაღლა ეუბნებოდა.
-რა? რა მითხარი? ვერ გავიგე
-რა და უკვე გათხოვილი ქალი ხარ-მეთქი -სიცილით კვდებოდა მეგი -თან პარალელურას შეყვარებულიც გყავს და მაინც უცხო კაცს მიშტერებიხარ -აქ კი, მოულოდბელად დასერიოზულდა -სამი დღის წინ გადმოვიდა. და სანამ რაიმე მომხდარა, გეტყვი, რომ მას თვალი მე დავადგი.
-რაა? მართლა? -კვლავ წინა კორპუსისკენ გაიხედა, თუმცა დიმა უკვე იქ აღარ იდგა. შეიძლება ითქვას, რომ მოჩვენებასავით აორთქლდა -იცი ეს ვინ არის?
-ვინ?
-ჩემი ქმრის, ანდრეას მეგობარია. წარმოდგენაც არ გაქვს რა კარგი ადამიანია
-სერიოზულად ამბობ? -ყავის ჭიქა ძირს დადგა მეგიმ და თვალები ორი ზომით დიდი გაუხდა -გთხოვ რამე მომიყევი მასზე. კარგად გაიცანი? როგორი მოსაუბრეა? კარგი ხასიათისაა? -მიაყარა კითხვები. ერთი სული ჰქონდა, მათზე პასუხებს როდის მიიღებდა
-კარგი დამშვიდდი და რიგრიგობით გიპასუხებ კარგი? -მეგიმ თავი დაუქნია. ადგილზე ცმუკავდა და ვერ ისვენებდა -დავიწყებ იმით, რომ ძალიან ზრდილობიანია. იმდენად თბილად შემხვდა პირველივე დღეს, რომ მაშინვე დადებითად განვეწყვე მის მიმართ. ვიზუალით შენც ხედავ რომ არაფერი დაეწუნება. და ამას გარდა, ერთადერთი, რაც მის შესახებ ვიცი, ისაა, რომ კალათბურთის მატჩების ყურება მოსწონს. სახლში რომ მივედი, ის და ანდრეა სწორედ მისი ყურებით იყვნენ გართულნი
-და მორჩა? მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? -თითქოს იმედგაცრუება გაისმა მის ტონში
-ჯერ ასე კარგადაც არ ვიცნობ. ნელ-ნელა უფრო მეტს მოგიყვები, ნუ ღელავ
-კარგი გასაგებია -ნამძინარევი სახე კმაყოფილმა ღიმილმა გაუნათა -შენ ის მითხარი, ახალი ოჯახის გაცნობამ როგორ ჩაიარა? საშინელი დედამთილი ხომ არ შეგხვდა, როგორც ქალების ოთხმოც პროცენტს ემართება?
-მეც ამის მეშინოდა, მაგრამ საბედნიეროდ გამიმართლა. მათი ოჯახიდან, ყველაზე მეტად, მაინც ანდრეას და მომეწონა, ელა. იცი რა საყვარეალია? ლეკვიც კი მაჩუქა
-აი ეს მესმის -ფეხზე მედიდურად წამოდგა მეგი და გაიარ-გამოიარა -შენი ქმარი ხომ ვიზუალით ნამდვილი ბუნების საოცრებაა, თურმე ოჯახიც იდეალური ჰქონია, მეგობარზე აღარაფერს ვამბობ. საბა რომ ჩემთვის ასე ახლობელი არ იყოს და თამაშგარე მდგომარეობაში არ რჩებოდეს,,ალბათ მოგილოცავდი კიდეც
შეყვარებულის კიდევ ერთხელ გახსენებაზე, ბეას გუნება ზომაზე მეტად მოეშხამა. მართლა რა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა მისთვის შექმნილი სიტუაციის ახსნა?! სულ ის კითხვა აწუხებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა, ყველაფრის გაგების შემდეგ. არც გაემტყუვნებოდა თუ ეჩხუბებოდა და გაუბრზდებოდა. ბეა მშვენნივრად ხვდებოდა, რომ თავისი უპასუხისმგებლო საქციელის გამო, ეს ყველაფერი ნამდვილად დაიმსახურა.
-იქნებ საბას შენ უთხრა? -ფიქრების ბურისიდან, ახლახანს გამორკვეულმა, მეგობარს განწირული ადამიანისათვის დამახასიათებელი, მავედრებელი მზერა სტყორცნა -მასთან ძალიან ახლოს ხარ, თან ისე აუხსნი, რომ მთლად არ გადაირიოს. მე კიდევ, დარწმუნებული ვარ, ენა დამებმება და ვერაფერს ვიტყვი. ძალიან მეშინია მეგი. ვგრძნობ, რომ დღეს საღამოს დამირეკავს -როგორც ჩვეოდა ნერვიულობისგან ხელების მტვრევას მოჰყვა
-მოკლედ ცუდი ამბების მაცნე, სულ მე როგორ უნდა ვიყო? -უკმაყოფილო ხმით და მჟავე გამოხედვით, კვლავ დაწნულ სავარძელში ჩაეშვა. არ აპირებდა ამის გაკეთებას, თუმცა ბეას საწყალი თვალების დანახვამ, ამჯერადაც თავისი საქმე გააკეთა, მეგის გული აუჩუყა და ანკესზე წამოაგო
-კარგი, კარგი ოღონდ ეგრე ნუ მიყურებ და რასაც გინდა იმას გავაკეთებ!
-აი ამიტომ მიყვარხარ -კისერზე ხელები მოხვია და ლოყაზე აკოცა -ყოველთვის და ყველაფერში მაქვს შენი იმედი
-ბეა ნუ დამახრჩვე, თორემ საბასთან ლაპარაკი შენ მოგიწევს
-არა ერთს კიდევ გაკოცებ -და ხელები უფრო მაგრად მოხვია -მოიცა, ეს რა სუნამოა? ახალი იყიდე?
-მოგწონს?
-ჰო ძალიან. მერე სახელი მითხარი და ერთ ასეთს მეც შევიძენ, მაგრამ . . . -აქ თავი დახარა და მოიწყინა
-მაგრამ რა? -ეჭვნარევი მზერით, გვერდულად გახედა ცნობისმოყვარე მეგიმ. აშკარად ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მართალიც აღმოჩნდა:
-სამსახურიდან გამანთავისუფლეს . . . -და რამდენიმე წამით, ავისმომასწავებელი დუმილი ჩამოწვა. თითქოს მათი გულისცემის ხმებიც კი ისმოდა. -კარგი რაა, ასეთი გამომეტყველება ნუ გაქვს, ხვალვე შევუდგები რაიმე ახლის ძებნას. გაზეთებში ვნახავ ვაკანსიებს, ან რაიმე ამდაგვარი
-კი, მაგრამ -დაბნეული თვალებს აფახულებდა და ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა ხდებოდა -რატომ გამოგიშვეს? ასეთი რა დააშავე? მენეჯერი ცემე?
-გრძელი ამბავია
-ბეა! დაიწყე -მკაცრად დაწკიპა, ლამაზი ფორმის წარბები. სანამ არ გაიგებდა, მაინც არ მოისვენებდა. რა სათქმელია, რომ ეს, მის არანაკლებ ცნობისმოყვარე თანამოსაუბრეზე უკეთ არავინ იცოდა, ამიტომ, გარანტირებული და უსიამოვნო საუბრის დაწყების წინ, ერთი ღრმად ჩაისუნთქა მერე კი, ისევ ამოისუნთქა:
-მოკლედ, ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და ვიღაც მაღალი, ქერათმიანი გოგო მიახლოვდება. თურმე ანდრეას ჩემამდე კიდევ ერთი ცოლი ჰყოლია. არ ვიცი რა მოხდა მათ შორის, მაგრამ მგონი ძალიან ცუდად დაშორდნენ. ესეც დიმასგან გავიგე, თავად იმ ვაჟბატონს, ჩემთვის არაფერი უთქვამს -ბეა ფეხზე წამოდგა. მოეჩვენა, რომ ასე უფრო მარტივად შეძლებდა საუბრის გაგრძელებას -მოკლედ ის გოგო, ანდრეას ყოფილი ცოლი აღმოჩნდა. პირადად ჩემთან მოვიდა, დამემუქრა, თუ არ დაშორდები, შენს მიმართ ძალიან დაუნდობელი ვიქნებიო
-მერე? -აშკარად ინტერესში ჩავარდა მეგი. ერთი სული ჰქონდა დაწყებული ისტორიის გაგრძელებას როდის მოისმენდა
-არაფერი მითქვამს. სრული იგნორი გავუკეთე. მხოლოდ ირონიული მზერებით შემოვიფარგლე. სწორედ ამან გაამწარა. შენ შენი თავი ვინ გგონიაო და პირდაპირ თმაში მწვდა. აი აქ კი, უკვე, თავზე კონტროლი დავკარგე. უფროსმაც სწორედ იმ დროს შემოგვისწრო, როდესაც თავი გავინთავუსუფლე, მეც თმაში ვწვდი და სილა გავაწანი -ბეამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა -მოკლედ კლიენტთან უხეშად მოქცევის გამო დამითხოვა. იმ კუდიანმა, რა თქმა უნდა თავი მსხვერპლად მოაჩვენა და ახლა უსამსახუროდ ვარ
-რა უსამართლობაა! -ყავისფერი, ხვეული თმა, ყურებზე უკმაყოფილოდ სახით გადაიწია, როგორც კი ბეა თავის "მონოლოგს" მორჩა -შენმა ანდრეამ თუ იცის ეს ყველაფერი?
-მხოლოდ ის, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა მომაკითხა სამსახურში და დამემუქრა. მეტი არაფერი
-და ბოლომდე მოყოლას არ აპირებ? ადრე თუ გვიან ხომ მაინც გაიგებს, რომ სამსახური აღარ გაქვს?
-სწორედ ამიტომ უნდა ვიშოვო იგი რაც შეიძლება მალე -ისე ჩაილაპარაკა, თითქოს თავის წარმოსავით მეგობარს ესაუბრებაო
-კარგი ერთი. მანამდე რას აპირებ? შენს სახლში ჯდომას რით ახსნი?
ჯერ კიდევ ფეხზე მდგარმა ბეამ, ამდენი პრობლემისგან გამოტენილი თავი მძიმედ გადააქნია. მაინც რამდენ რამეზე ჰქონდა საფიქრალი ამ ბოლო დროს? მეტი უკვე მართლა აღარ შეეძლო.
-თავიდან ვიფიქრე, რომ სახლიდან ჩვეულებრივად გავიდოდი და როცა სამსახურში წავიდოდა, უკან ჩუმად დავბრუნდებოდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კვირაში სამი დღე ისვენებს. საღამომდე გარეთ ხომ ვერ ვიხეტიალებ? -საფეთქლებზე თითები ნერვიულად მიიჭირა -არ ვიცი მეგი არა. ამდენი რამე ერთად, უკვე მეტისმეტია. აქედან საბა, იქედან ანდრეა და დამატებული მისი კუდიანი ყოფილი ცოლი.იქნებ მართლა სიმართლე ვუთხრა? არ ვიცი . . . წამოდი რა დავიძინოთ, სამი დღეა ღამეებს თეთრად ვათენებ
-მოიცა ერთი წამით -მარჯვენა ხელის გული ზემოთ ასწია -თქვენ ცალ-ცალკე ოთახებში გძინავთ ხომ?
გოგონამ თავი უხმოდ დაქუნია.
-მაგრამ შენ ხომ . . .
-ვიცი, ვიცი. სწორედ ამიტომ გითხარი სამი დღეა არ მძინებია მეთქი. ენერგეტიკულ სასმელებს ვსვამ რომ დილით თვალები არ დამეხუჭოს
-სულელო, უნდა უთხრა. შეგიძლიათ ერთ ოთახში დაიძინოთ. შენ საწოლზე, ის დივანზე და რაიმე მოიფიქრეთ. ხომ იცი ასე დიდხანს ვერ გააგრძელებ? თუ ერთი წელი აპირებ უძილობას?
-მოდი ამაზე მერე ვიფიქროთ. წამოდი, შენც ძლივს ახელ თვალებს. ხომ ხედავ კოფეინის მიღებამაც ვერ გიშველა? -და სანამ რაიმეს თქმას მოასწრებდა, პატარა ბავშვივით წაათრია მისი საძინებელი ოთახისკენ, სადაც სხვა დროსაც ბევრჯერ გამოუძინია მეგისთან ერთად.
ღამის ბურუსიდან ახლახანს გამორკვეული ქალაქი, ნელ-ნელა დამძიმებულ თვალებს ახელდა. უზადოდ ლურჯ, ალაგ-ალაგ ბამბის ქულასავით თეთრი ღრუბლებით დაფარულ ცას, თითქოს კვლავაც ემატებოდა ნაზი, ლამაზი სილურჯე. გრილი სიო, კვლავინდებურად დაფარფატებდა გაზაფხულის მზისგან სუსტად განათებულ ქუჩებში. იგი, მელოდიური შრიალით არხევდა ხეზე ბრილიანტებივით ჩამოკიდებულ ფოთლებსა და ფერად-ფერად ყვავილებს, ამ ჯადოსნური სეზონის დადგომას, რომ აუწყებენ ყოველ სულიერს.
მართლაც, რომ სიზმარივითაა არა? ერთ, ასეთ მშვენიერ დღეს, რომ გაიღვიძებ და აღმოაჩენ, შენი ცხოვრების ძირფესვიან ცვლილებასა თუ გადატრიალებას?! საკმაოდ უცნაური გრძნობაა ამის ერთბაშად აღქმა და იმის გაცნობიერება, რომ ამიერიდან ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც ეს ადრე იყო. შეიძლება, ცვლილებებს, ზოგჯერ კარგი შედეგი მოსდევს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რეზულტატი იმდენად უარყოფითია, ყველაზე საძულველ მტერსაც, რომ არ ვუსურვებთ მსგავსის გამოცდას. და საერთოდაც, რისთვის ან რატომ არსებობენ ეს უსიამოვნო შედეგების მომტანი მოულოდნელი ცვლილებები? იქნებ იმიტომ, რომ გამოცდილება შეგვძინონ და ერთი, დიდი უფასო გაკვეთილი ჩაგვიტარონ, რათა მივხვდეთ, რომ ცხოვრება ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი ბილიკი ვერ იქნება, რომელსაც ჰაეროვანი ნაბიჯებით მივუყვებით და ყველასთვის უხილავი ფრთებით, ცაში გაფრენას ვლამობთ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ხანდახან ეკლებზეც გვიწევს ფეხის დაბიჯება, მაგრამ ოდესმე ამ ეკლისგან მიყენებული ჭრილობაც ხომ შეხორცდება? სწორედ ასეთია განგების მიერ მოვლენილი პრობლემებიც-ისინი დღეს თუ ხვალ, აუცილებლად გვარდებიან, ხოლო რამდენად მალე მოხდება არსებული სირთულეების გადალახვა, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული.
მართალია, რომ ამბობენ, შინაგანად ძლიერ პიროვნებას, ყველანაირი სიტუაციიდან თავის დაღწევა შეუძლიაო. იქნებ ახლაც ასე მომხდარიყო? იქნებ მათაც შესძლებოდათ რეალობასთან შებრძოლება და წყლიდან მშრალად გამოსვლა? ბოლოს და ბოლოს, თითოეულს ხომ იმაზე უარესი რამეებიც გადაუტანია წარსულში, ვიდრე ახლობელი ადამიანების მოტყუებაა?!
როგორი არასწორიც არ უნდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი, ამწუთას სხვანაირად არ გამოდიოდა. ან, შეიძლება გამოდიოდა კიდეც, მაგრამ ორთავეს იმდენად ურყევად მიაჩნდა მიღებული გადაწყვეტილების სისწორე, რომ ახალი გეგმების დაწყობას ნამდვილად არ აპირებდნენ და მეტიც, მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ეს თამაში ბოლომდე მიეყვანათ . . .
წამი კვლავ წამს მისდევდა, წუთი კი, წუთს . . .
როგორც იქნა, დღედაღამ შეუჩერებლად მოძრავმა ისრებმაც, შეთანხმებულად უჩვენეს დილის ათი საათი. გაზაფხულის გამაბრუებელი სურნელი თითქოს უფრო მკვეთრად იგრძნობოდა სასიამოვნო და ჯადოსნური სითბოთი გაჯერებულ ჰაერში. ერთი შეხედვიღაც ნათელი იყო, რომ ქალაქში ყველას თავ-თავიანთ საზრუნავი ჰქონდა-ზოგი მეტროს სადგურისკენ მიიჩქაროდა, რათა გამსვლელი მატარებელისთვის დროულად მიესწრო, ზოგს ავტობუსის გაჩერებაზე დააბიჯებდა უკმაყოფილო გამომეტყველებით, ხოლო გარკვეული ნაწილი, ტანსაცმელების კარადაში გამალებით იქექებოდა და თავში მხოლოდ ორი სიტყვა უტრიალებდა -"ჯანდაბა ვაგვიანებ" . . .
და სწორედ იმ დროს, როდესაც ღამის ბურუსიდან რამდენიმე საათის წინ გამორკვეული ქალაქი, ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდებოდა, ხოლო ამ სამყაროს ცოტა ხნით გამოთიშულ ბეას ჯერ კიდევ, მეგობრის სახლში, მისავე საწოლში მშვიდად და ღრმად ეძინა, კანდელაკი დაახლოებით ხუთი წუთის წამომდგარი იყო დიდი, შავი ბალიშებით გადავსებული ფუმფულა ლეიბიდან. გამონაკლისი მხოლოდ ის იყო, რომ დღეს არასამუშაო დღე ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს პრივილეგია უფლებას აძლევდა სახლში დამჯდარიყო და სასიამოვნო რელაქსაცია მოეწყო, თუმცა ვერ იტყოდით, რომ მას ზემოთ ხსენებული ერთდღიანი "უიკენდი" ბედნიერებას ანიჭებდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მუდამ დატვირთული გრაფიკი ერჩივნა, რადგან ასე თავს, ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობდა. ახლაც, როდესაც სააბაზანოსკენ გაემართა დილის შხაპის მისაღებად და გააცნობიერა, რომ დღეს არსად იყო წასასვლელი, გუნება მოეშხამა. ბეა, მისი აზრით უკვე სამსახურში იქნებოდა, ძილის გუდა ელას კი, ჩვეულებრივ, ყოველთვის გვიანობამდე უგრძელდებოდა ხოლმე სიზმრების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა. გოგონა მხოლოდ იმ ღამით დარჩა თავის სახლში. მშობლების არ იყოს, არც მას უნდოდა ახალდაქორწინებული წყვილის იდილია დაერღვია, ამიტომ ჩამოსვლამდე თავის ახლო მეგობარს შეუთანხმდა, ის ერთი კვირა, რომლის გატარებასაც აქ გეგმავდა, მის სახლში დარჩენის უფლება მიეცა, რაზეც დიდი სიხარულით დასთანხმდნენ. უჩვეულო და საკმაოდ პოზიტიური ელას სტუმრობა, ნებისმიერ ადამიანს ახარებდა და სიხარულს ანიჭებდა.
მაგრამ ისიც ხომ შეიძლებოდა გადაეფიქრა და აღარ წასულიყო? არა, არა ელას რისი ელა იქნებოდა, მიღებულ გადაწყვეტილებებში ასეთი მერყევი ხასიათი რომ გამოემჟღავნებინა? უფროსმა კანდელაკმა, რომელმაც ეს სხვაზე უკეთ იცოდა, წყლის ჭავლი, გადაღლილი სახით მოუშვა და მის ქვეშ სრულ განცხრომას მიეცა. კაფელზე წყლის წვრილი და ცივი წვეთები მელოდიურად აწკაპუნდნენ. ალბათ იგი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ნებისმიერი სეზონზე, გრილი შხაპის მიღებას ამჯობინებდა. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ორივე კანდელაკს ჰქონდა რაღაც ისეთი თვისება, რომელსაც სხვები სიგიჟედ თვლიდნენ და უკვირდათ. ჰო, ამაშიც ჰგავდნენ ერთმანეთს.
წამი წამს მისდევდა, წუთი კი, წუთს . . .
სახლის ახლომდებარე, მიდამოები, თანდათანობით, საგრძნობლად ახმაურდნენ. ამის დასტურად, იასამნის ხეებით გალამაზებულ ქუჩაზე, საკმაოდ ხმამაღალი როკ-მუსიკებით ჩაიარა მერსედესის მარკის ვერცხლისფერმა ავტომობილმა, რომელსაც მალე მოტოციკლის ძრავის გულისგამაწვრილებელი გუგუნიც შეუერთდა. ამ საშინელ და შემაწუხებელ ხმებში, კიდევ ერთი რაღაც ისმოდა. მართალია ძალიან სუსტად, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებოდით, მიხვდებოდით, რომ ეს ტონალობა, რაღაც ზუზუნის მაგვარს წააგავდა. ცელქი წყლის წვეთების, სალათისფერ კაფელზე კაკუნის ხმაც, ცოტა ხნით მიწყნარდა. ჯერ კიდევ თვალდახუჭულმა ანდრეამ, რომელიც სახიდან საპნის ქაფის მოშორებას ცდილობდა, ამოუცნობ ხმას ყური მიუგდო და რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ, გააცნობიერა, რომ ეს, მისი ცოტა ხნით მივიწყებული ტელეფონი "აქტიურობდა". საერთოდ, ვერასდროს იტანდა ასეთ სიტუაციებს-როდესაც აბაზანაში ყოფნის დროს, ვინმეს გაახსენდებოდა, მაგრამ ამჯერად არ გაბრაზებულა. ალბათ, იმიტომ, რომ წამი წამზე ისედაც უნდა გამოსულიყო პატარა, მინის საშხაპე კაბინიდან. იქვე, დიდი სარკის წინ მიმაგრებულ საკიდზე, თეთრი ფერის პირსახოცი, ისევ იმავე მდგომარეობაში ელოდა. მამაკაცმა იგი ცალი ხელით ჩამოხსნა და წელს ქვემოთ საგულდაგულოდ მოიხვია. ახმაურებული მობილური, რომლის ვიბრაციაც უკვე თავს სტკენდა, პირადი ჰიგიენის ნივთების, პატარა კარადის თავზე ჰქონდა დატოვებული, საძინებელში გასასვლელ კართან, კედელის მარჯვენა მხარეს, რომ იყო დამაგრებული. ეკრანი კვლავაც ანათებდა არც ზუზუნის ხმა წყდებოდა. კანდელაკმა ერთი ხელით, კარის საკეტი გადაატრიალა, ხოლო მეორეთი თავის ტელეფონს დასწვდა. ტუჩის კუთხეში იდუმალი ღიმილი გაუკრთა, როდესაც ზარის ადრესატის სახელი ამოიკითხა -ბეა ურეკავდა.
-გისმენ ბეატრის -ჩვეულებრივი ხმით ჩასძახა ყურმილში და გარდერობი გამოაღო. მკლავებზე, ჯერ კიდევ უბრწყინავდა წყლის ბრილიანტისფერი წვეთები და მთელს ოთახში მისი ტანის გელის, გამაბრუებელი სურნელი ტრიალებდა
-ანდრეა ნერვებს ნუ მიშლი, ხომ იცი ვერ ვიტან, როდესაც ამ სახელით მომმართავენ!
-სამსახურში ქმართან სატელეფონო კონტაქტს არ გიშლიან? -მოულოდნელად სხვა თემაზე გადაუტანა -მესმის, რომ ყოველ წამს გენატრები, მაგრამ ასეც არ შეიძლება, უნდა იმუშაო -ირონიას არ იშურებდა კანდელაკი
ყურმილის მეორე მხარეს მყოფი ბეა, რომელიც აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა, ძლივს ახერხებდა თავის შეკავებას, რათა მის სიტყვებზე არ გასცინებოდა. თან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ქმრის" ნათქვამი აღიზიანებდა კიდეც. როგორც ჩანს, მის გონებაში, ორი ერთმანეთის საპირისპირო გრძნობები ებრძოდნენ ერთმანეთს.
-სწორედ მაგაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი -ჩაახველა. ალბათ იმიტომ, რომ ხმისთვის მეტი გამბედაობა მიეცა -ჩემი სამსახური . . .
-მოდი იცი რას ვიზამ? -შუა გზაზე გააწყვეტინა კანდელაკმა -დღეს თავისუფალი დღე მაქვს და სამსახურიდან მე გამოგიყვან. მითხარი, მუშაობას რომელზე ამთავრებ?
-ანდრეა ზუსტად ამის თქმას ვცდილობ. შეგიძლია ნახევარ საათში, გუშინ რომ შევხვდით იმ კაფეში მოხვიდე? ყველაფერს მანდ მოგიყვები
-კარგი, მაგრამ როგორც ვიცი, თავისუფალი დრო არ გაქვს
-სამსახურში არ ვარ -ხმა დაუდაბლდა გოგონას -მოკლედ მოდი და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. ხომ მოხვალ?
-ერთ საათში მანდ ვიქნები -კვლავ თავის ლურჯ მაისურს ეძებდა, მაგრამ ვერსად პოულობდა. ასეთი რამ, აქამდე არასდროს დამართნია. ნივთებს ყოველთვის ადვილად აგნებდა ხოლმე, რადგან მათ უწესრიგოდ თითქმის არასდროს ტოვებდა
-ნახევარ საათში!
-ერთ საათში!
-ნახევარ საათში!
-იცოდე შენს ლამაზ მაისურს გავიხდი და დავჭრი
-მოიცა, მოიცა შენ გაცვია? -გაეცინა -მთელი გარდერობი გადავატრიალე და ამას ახლა მეუბნები?
-დიახ, მე მაცვია -ნიშნის მოგებით გაისმა მისი ტონი -ნახევარ საათში იქ იქნები და მორჩა.
კავშირი გაწყდა. კანდელაკმა ყურმილის დაკიდებასთან ერთად, კარადის დიდი, სარკიაინი კარიც მიხურა და როგორც ჩვეოდა, სველი თმა ორი თითით გადაივარცხნა. მართლაც რა უჩვეულოდ წარიმართა მისი ცხოვრება? ადრინდელისგან განსხვავებით, ამაზე უკვე ეცინებოდა კიდეც. ბეა კი . . . მერე რა რომ ნამდვილი გიჟი იყო? ზოგჯერ სწორედ ამან შეიძლება მოგხიბლოს ადამიანში. იქნებ, ახლაც მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე?
ვინ იცის?!



8 თავი

ქუჩის კუთხეში მდებარე პატარა კაფე, რომლის მინის კარზეც, სულ რაღაც, სამი საათი იყო წითლად ციმციმებდა წარწერა-Open, სხვადასხვა ასაკის ხალხით გადავსებულიყო. თითქმის ვერცერთ თავისუფალ მაგიდას ვერ მოკრავდით თვალს გინდ ვიტრინასთან, და გინდ, დარბაზის შუაგულში. ალბათ, პირველად იყო ისეთი სიტუაცია, როდესაც შემოსულ კლიენტთა დიდი ნაწილი, აქ უბრალოდ სამეცადინოთ იმყოფებოდა და სკოლისა, თუ უნივერსიტეტის დავალებებს, ჭიქა ყავისა და მათი გემოვნებისთვის შესაფერისი, წყნარი მუსიკის ფონზე ამზადებდა, რასაც ისინი ყურებში გარჭობილი, სასმენი მოწყობილობებიდან უსმენდნენ. აგრეთვე, მრავლად წააწყდებოდით ისეთებს, ვისაც შეკვეთის მაგივრად, წინ Apple-ს ფირმის ლეპტოპები გაეშალათ და გამოცდილი პროგრამისტებივით, კლავიატურაზე თითებს ისე გამეტებით უკაკუნებდნენ, რომ Enter-ი და Space-ს დიდი ღილაკი, ალბათ საშინელ წნეხას განიცდიდნენ.
ერთი შეხედვით, მშვიდი და წყნარი გარემო იყო. მხოლოდ ქუჩიდან თუ აღწევდა შემაწუხებელი და მომაბეზრებელი ხმები, თუმცა ისიც ათასში ერთხელ. მოკლედ და კონკრეტულად, მშვენიერი გარემო იყო ისეთი სერიოზული საუბრისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შემდგარიყო, სწორედ აქ და სწორედ ახლა. დიდი დახლის მიღმა, რამდენიმე ოფიციანტი მინის ისედაც სისუფთავისგან აბრჭყვიალებულ ჭიქებს, ფერადი ტილოებით მხოლოდ იმიტომ აპრიალებდა, რომ კაფეს მკაცრ უფროსს, თვალში უსაქმოდ არ მოხვედროდა. როდესაც ამ ოფიციანტთაგან ერთ-ერთი-სუსტი აღნაგობის, ახალგაზრდა გოგონა დამატებითი შეკვეთის მისატანად გამოიძახეს, მიდამოს კიდევ რამდენიმე პიროვნება შემოემატა. სწორედ იმ დროს, თითქოს გულმა უგრძნოთო, ბედად წამოიშალა ვიტრინასთან მდგარი მაგიდიდან მოზარდთა ხუთკაციანი ჯგუფი, რომელმაც იქაურობა მხიარული საუბრითა და მუსაიფით დატოვა. მოულოდნელად განთავისუფლებული ადგილის პირდაპირ, რომლიდანაც კაფის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაშინვე დაიწყო სხვის მიერ გამოყენებული თეფშების ალაგება, თხუთმეტი წუთის წინ შემოსული წყვილი, მრგვალ მაგიდას უხმოდ შემოსხდომოდა. აქედან ერთ-ერთი მენიუს უკვე ორმოცდამეათედ მაინც კითხულობდა, ხოლო მეორე, მის მოლოდინში, გულხელდაკრეფილი ათვალიერებდა კაფის ინტერიერს, თან მშვენივრად ხვდებოდა, რომ ეს მენიუში უაზრო ყურება და თითოეული ნამცხვრისა და კოქტეილის სახელების თავიდან გადაკითხვა, მხოლოდ საუბრის გაწელვას ემსახურებოდა და სხვას არაფერს.
ლოდინი ყოველი წამის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. აუცილებელი იყო ვიღაცას ხმა ამოეღო და რამდენიმე წამში ეს ფიქრი რეალობადაც იქცა:
-არ მინდა იდილია დაგირღვიო, მაგრამ ამდეხანს მსოფლიო ენციკლოპედიასაც წავიკითხავდი, თანაც სამჯერ -ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ანდრეას, რაც გოგონას დაბნეული მზერის დანახვაზე, სიცილში გადაეზარდა
-მაინც რა გაცინებს?
-ნეტავ ახლა შენი სახისთვის შეგახედა. ისეთი დამფრთხალი მზერით მიყურებ, თითქოს მე მგელი ვიყო, შენ კი კურდღელი. მოდი, დადე ეგ შენი მენიუ, ვიცი, რომ არაფრის შეკვეთას არ აპირებ და პირდაპირ მითხარი, აქ რის სათქმელად დამიბარე?
გოგონამ თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. იმ წუთას, თითქოს ჰაერიც კი ეცოტავებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, ლაპარაკი როგორ ან რანაირად დაეწყო. გულახდილად, რომ ვთქვათ, არასდროს ყოფილა იმ ადამიანთა სიაში, ვისაც სურს ორი პიროვნება ერთმანეთს გადაკიდოს და მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდეს. ახლაც ეს გარემოება უშლიდა ხელს ანდრეასთან გულწრფელი ყოფილიყო, თან არც იმის აღიარება უნდოდა, რომ ანაზე ხელი აღმართა. მერე რა, რომ მისი ბრალი არ იყო და გამოიწვია? მაინც არ ღირდა გოგონასთვის თავის გაყადრება და კონფლიქტის გამწვავება. მხოლოდ ახლა ხვდებოდა ბეა ამას და ჩადენილს ზომაზე მეტადაც კი, ნანობდა. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანზე ხელი აღმართა. აღარ დაუშვებდა მსგავსი რამ ოდესმე კიდევ მომხდარიყო, თუნდაც ანასნაირ კუდიანთან, როგორც მას თავად ეძახდა.
-და ბეა ისევ ფიქრებში დაფრინავს -სკამის საზურგეს კეფაზე შემოწყობილი ხელებით მიაწვა კანდელაკი. მისი ჭაობივით მწვანე თვალები, გოგონას სახეს არ სცილდებოდა. შეიძლება სწორედ ამ დაკვირვების გამო იყო, უეცრად და ალბათ გაუაზრებლადაც, მზერა მის ტუჩებზე, რომ გაუშეშდა. ყველაზე მეტად, ქალში სწორედ სახის ამ ნაწილს აფასებდა და მოცემულ მომენტში, როდესაც მრგვალ მაგიდას შემომსხდარნი, ერთმანეთს უსიტყვოდ უმზრდნენ, თავისი თავი პირველად დაიჭირა იმაში, თუ როგორ ძალიან უნდოდა ბეას ლამაზი მოყვანილობის ბაგეებს შეხებოდა. თუნდაც რამდენიმე წამით.
-მისმინე ანდრე -ისე შეამოკლა მისი სახელი, რომ თავადაც ვერ გააცნობიერა -ჯანდაბა პირველად მაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც არც კი ვიცი სათქმელი საიდან დავიწყო -მერე კი, რაღაც მოულოდნელი მოხდა. თითქოს ჯეკპოტი მოიგოო, ბეას სახე ერთიანად გაუნათდა და ისე, რომ არც კი გახსენებია სად იმყოფებოდა, ხმამაღლა წამოიძახა -მოდი ფურცელზე დაგიწერ!
კანდელაკი მაქსიმალურად ცდილობდა, სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა. როგორც ჩანს, ეს გამოსდიოდა კიდეც.
-მაგრამ მე წერა-კითხვა არ ვიცი -თავი ვითომდა სინანულით გადააქნია -ამოკითხვას ვერ შევძლებ
-არ იცი? მართლა? -უნდოდა ეთქვა არაუშავს მე გასწავლიო, მაგრამ ანდრეას ხმადაბალი სიცილის გაგონებაზე, სათქმელად გამზადებული სიტყვები, ენის წვერზე მიეყინა -რა საშინელი ადამიანი ხარ -მკლავზე ხელი გაბრაზებულმა მიარტყა -ტყუილს ისეთი დამაჯერებელი სახით ამბობ, რომ შეუძლებელია შენს სიმართლეში ვინმემ ეჭვი შეიტანოს
-კარგი, მაგას ჯობს იმის მოყოლა დაიწყო, რისთვისაც აქ მოვედით. მგონი, შენს შეყვარებულზე აპირებ ლაპარაკს, არა? მახსოვს ერთხელ ჩემთანაც ახსენე მისი სახელი
-რა? საბა? -ელდა ეცა. თითქოს სახეზე ფერიც დაკარგა და ყველა იმ უცხო ნომრიდან განხორციელებული ზარმა გაირბინა მის თვალწინ, რომელსაც დილის მერე აიგნორებდა, იმის შიშით, რომ სწორედ თავისთვის არასასურველი პიროვნება შერჩებოდა ხელში. უნდა მოეცადა, სანამ მას მეგი დაელაპარაკებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ ამოისუნთქავდა თავისუფლად და, ბოლოს და ბოლოს, საბასთვის ხმის გაცემასაც გაბედავდა
-ვხვდები, რომ მომხდარზე ჯერ არ გილაპარაკიათ. ვაღიარებ, არ მომინდებოდა მის ადგილას ყოფნა, მაგრამ . . . -აქ ანდრეას სიტყვა შუაზე გაუწყდა. ფიქრობდა ეთქვა თუ არა ის, რაც ამდენი ხანი უტრიალებდა, ისედაც ქაოსით მოცულ თავში. რაც არ უნდა ყოფილიყო და როგორი აზრების ჭიდილიც არ უნდა წარმართუიყო მის არსებაში, საბოლოოდ გულმა მაინც სძლია გონების მომაბეზრებელ და დამრიგებლურ ხმებს. როდის უნდა თქმულიყო ეს თუ არა ახლა და ამ სიტუაციაში?!
მან, რომელსაც უკვე ყველაფერი კარგად ჰქონდა გადაწყვეტილი, საუბრის დაწყებამდე, თვალები, კაფეში დაკიდებულ ლამაზ და მეტად ორიგინალურ ჭაღს მიაპყრო. ცხრავე პლანეტა, რომელიც ზუსტად ისევე გამოიყურებოდა, როგორც სინამდვილეში და ზომების მიხედვითაც სიზუსტე იყო დაცული, წრეზე განლაგებულიყო, თითოეულ მათგანს ჭერზე მიწებებული საშუალო სისქის ჯაჭვიდან ჩამოშვებული სამაგრები იჭერდა, ხოლო ყოველი "პლანეტის" შუაგულში, ნეონის პატარა, სუსტი შუქის მქონე ნათურები იყო ჩამონტაჟებული. მეტად უცხო და სიმშვიდის მომგვრელი ჭაღი, სწორედ ისე ბრუნავდა, როგორც ბავშვის საწოლის თავზე დაკიდებული სათამაშო, რომელიც მას ტკბილ ძილს უადვილებს და სიზმრების ჯადოსნურ სამყაროში მშვიდი ნაბიჯებით შეჰყავს. ეს მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. მეორე მხრივ, ინტერიერისთვის უფრო ორიგინალური ეფექტის მისაცემად, მთელ ჭერზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის, დიდი და გრძელი პლაკატი იყო გაკრული, რომელიც რაღაც წამებით თავს მართლაც, რომ უსასრულობაში გაგრძნობინებდათ. იქ სადაც სრული უწონობის კანონი მოქმედებს და ყოველი შეგრძნება განსხვავებულია.
-ჰეი, ცოტა ხნით მოწყდი კოსმოსში მოგზაურობას -ბეას სიტყვებმა ისევ დედამიწაზე დააბრუნა -რაღაც უნდა გეთქვა. არა, არა . . . ერთი წამით მოიცადე -წამოიძახა, როგორც კი იგრძნო, რომ კანდელაკი საუბრის დაწყებას აპირებდა
-რამე მოხდა?
-მორჩა, არაფერი. ყურადღებას ნუ მომაქცევ განაგრძე -ღრმად ამოისუნთქა. უკვე იმდენად ეშინოდა, რომ კაფესთან გავლილი ჩვეულებრივი ფეხით მოსიარულეც კი, საბად მიიჩნია და მოულოდნელი რეაქცია, სწორედ ამის ბრალი იყო. ნეტავ მეგიმ თუ მოასწრო სიმართლის თქმა? თუ ასეა დაურეკავდა მაინც. ჯერჯერობით კი, გოგონას Missed Call-ების გრძელ სიას, მხოლოდ რომელიღაც უცხო ნომერი ავსებდა. სავარაუდოდ, ეს საბა იყო . . .
-ცუდად არ გამიგო, მაგრამ თუ იმ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებ, ეს უნდა ვიცოდე -რატომღაც უყურადღებოდ დატოვა გოგონას წამიერი გამოხტომა -ხომ გესმის, მე უფლება არ მაქვს, რომ რაიმე აგიკრძალო და ამას არც გავაკეთებ, უბრალოდ მინდა შენი გადაწყვეტილების შესახებ ვიცოდე
კანდელაკი თავის თავსაც კი არ უტყდებოდა, თუ როგორ სურდა ბეას პირიდან ის მოესმინა, რომ შეყვარებულთან ურთიერთობას გაწყვეტდა. როგორც ჩანს, ამისთვის საკმარისად ჯიუტი და თავისებური იყო.
-ბეა, არაფერს მეტყვი?
-მე, მე . . . -ენა დაება -აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოსვულვარ. შეგიძლია დროებით ეგ თემა დაივიწყო?
პასუხმა რატომღაც იმედგაცრუება გამოიწვია . . . ერთხანს, იმაზეც კი, დაფიქრდა, იქნებ, თხოვნაზე უარი ვუთხრაო, მაგრამ კარგად რომ გააანალიზა, ასეთი საქციელი უადგილოდ მოეჩვენა და თავი მორჩილად და უხმოდ დაუქნია. ბოლოს და ბოლოს, ხომ იცოდა, რომ მის მიერ წამოჭრილ თემას კიდევ მიუბრუნდებოდნენ? შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხსენებულ საკითხზე მსჯელობა არანაირად არ ასცდებოდათ. მთავარი იყო მოთმინება.
-კარგი, მაშინ ყურადღებით გისმენ -მაგიდას მკლავებით დაეყრდნო და წინ საგრძნობლად გადაიხარა. იმდენადაც კი, რომ ბეა მისი სუნამოს გასაგიჟებელი სურნელი ცხვირში სასიამოვნოდ ელამუნებოდა. როგორ უნდოდა ახლა მაგრად მოხვეოდა და მთელი სხეულით შეეგრძნო ანდრეას სითბო და არომატი. ამას უკვე მართლა ვეღარ უძლებდა და როდესაც გააცნობიერა, რომ თავისი თავის გამოაშკარავების საფრთხე ზომაზე მეტად ასცდა დასაშვებს, სკამი თავად გასწია, რათა სახიფათო ზონას რამდენიმე სანტიმეტრით მოშორებოდა. კანდელაკი იმდენად იდეალური იყო, რომ შეუძლებელი ხდებოდა მისთვის გეყურებინა და გონებაში რაიმე ფარული სურვილი არ გაგჩენოდა
-მოკლედ -ძლივს მოახერხა ხმის ამოღება და ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა -ჩემს სამსახურზე მინდოდა შენთან ლაპარაკი, ოღონდ დამპირდი, რომ სანამ მე არ მოვრჩები, მანამ ხმასაც არ ამოიღებ და ბოლომდე მომისმენ. მპირდები? -თვალებში გამომცდელად ჩააშტერდა. მათში მხოლოდ თანხმობა იკითხებოდა, ამიტომ თავისთავად განაგრძო -დღეს როდესაც დამირეკე და სამსახურში გეგონე, მე . . .
-მგონი შეტყბინება მოგივიდა -სიტყვის შეუწყვეტელობის პირობა დაარღვია კანდელაკმა, მაგრამ ეს მხოლოდ ახლაღა მოაგონდა -ძალიან ვცდილობდი, მაგრამ როგორც ჩანს, დანაპირების შესრულება არ გამომივიდა
-ამისთვის სასჯელი გელის -გაეცინა ბეას და მობილურის ეკრანზე კოდის მოხსნას ისე შეუდგა, რომ მისთვის მზერა არ მოუცილებია
-მაინც რა სახის სასჯელზეა ლაპარაკი? კუთხეში დაყენების და ყურის აწევის პერიოდები უკვე დიდი ხანია გამოვლილი მაქვს
-არაუშავს, მე ისეთი ორიგინალური ადამიანი ვარ რაიმეს აუცილებლად მოვიფიქრებ -ანდრეამ "ცოლის" სიტყვები უპასუხოდ დატოვა და უბრალოდ გაეღიმა. მის პირდაპირ მჯდომ ბეას კვლავ თვალმოუშორებლად უყურებდა და ალბათ, სწორედ ამის გამო იყო, ის, რომ არც მის სახეზე ნათლად აღბეჭდილი სიხარული და დაბნეულობა დარჩენია შეუმჩეველი, რომელიც ალბათ, შეტყობინების წაკითხვამ მოჰგვარა. ადრესატის ვინაობა, მამაკაცის აზრით, მხოლოდ ერთ ვინმემდე დადიოდა-ეს ბეას შეყვარებული იყო. სხვას ვის შეეძლო მისი ასე გაღიმება და ამასთანავე აფორიაქება?
ერთხანს სიჩუმე ჩამოწოლილიყო მათ მაგიდასთან. უხერხულობა რომ ცოტათი მაინც განმუხტულიყო, ანდრეამ მიმტანს ორი ყავა შეუკვეთა, თუმცა სად ეცალა ბეას ყავისთვის? მას ახლა თავში მხოლოდ მეგის მიერ მოწერილი, შვიდსიტყვიანი SMS უტრიალებდა, რომელიც ასე ჟღერდა - "სამსახური გიშოვე. ჩემი სახით ნამდვილი საგანძური გყავს". ეს ხომ მართლაც შესანიშნავი იყო? ამდენად მოკლე დროში, არასდროს არცერთი პრობლემა არ მოუგვარებია და წესით კმაყოფილების პიკი უნდა ყოფილიყო ეს წუთები, თუმცა არა. მის ბედნიერებას რაღაც მაინც უშლიდა ხელს. ბეამ მაშინვე გადაიფიქრა ანდრეასთვის სიმართლის თქმა, რადგან ახლა სამსახური ჰქონდა და აღარც მისი სახლიდან გაუსვლელობის ახსნა მოუწევდა მისთვის, მაგრამ აქ ხომ სწორედ ანას და მისი ინციდენტის ამბის სააშკარაოზე გამოსატანად მოვიდა? რა უნდა ეთქვა ანდრეასთვის? რა უნდა მოეფიქრებინა ისეთი, რომ სიტუაციდან გამომძვრალიყო? დაძაბულობა მატულობდა. ამას კანდელაკიც ამჩნევდა, მაგრამ ხმა მანამ არ ამოუღია, სანამ მიმტანმა მათ წინ სათითაოდ არ დაუდგა ყავის ფინჯნები და კვლავ მომდევნო მაგიდისკენ არ გაეშურა :
-თუ კიდევ დიდხანს ვიჯდებით ასე, შენი ნათქვამის გაგონებას ვეღარ შევძლებ
ბეა ვერ ჩასწვდა. კითხვით სავსე თვალები მიაპყრო და მხოლოდ მაშინ ჩააქრო მობილურის სენსორი, როდესაც მეგის მისწერა საუკეთესო ხარო, ბოლოში დართული გულის სმაილით.
-რას გულისხმობ?
-იმას, რომ სიბერემ სმენის დაქვეითება იცის, ამიტომ შეგიძლია იჩქარო
-როგორ მომწონს შენი სარკაზმული იუმორი -ღიმილი ვერც ამჯერად შეიკავა. ცდილობდა, დრო გაეწელა, სანამ აქ მოსვლის ყალბ მიზეზს მოიფიქრებდა
-გამოგიტყდები, რაც უფო მეტი დრო გადის . . . -ანდრეამ ყავა მოსვა და ლაპარაკი მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო -მით უფრო მაინტერესებს რისთვის ვზივარ აქ ნახევარ საათზე მეტი და შენი ხმის ამოღებას ველოდები
-კარგი, კარგი. ნუ იკბინები და გეტყვი -რაღაცები უკვე დალაგებული ჰქონდა გონებაში. დანარჩენს გზადაგზა მოიფიქრებდა. მართალია, ეს ძალიან ხმამაღალ ნათქვამად გაიჟღერებდა, მაგრამ რატომღაც ახლა გოგონასთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. ან იქნებ უბრალოდ, სხვა რამის მოსაფიქრებლად დრო არ ეყო?
-ყურადღებით გისმენ, როგორც ყოველთვის -თეატრალურად წარმოთქვა კანდელაკმა და ნიკაპი ხელის გულს ჩამოაყრდნო. ისეთი საყვარელი თვალებით უყურებდა იმ წამს, რომ ბეას მეორედ მოუნდა მოხვეოდა. კიდევ კარგი, ამჯერადაც მოახერხა თავის შეკავება
-დღეს სამსახურისგან თავისუფალი დღე მაქვს, ისევე როგორც შენ და ვიფიქრე, რომ . . . -აქ ტუჩზე ოდნავ იკბინა. მხოლოდ იმწამს გაიაზრა ბოლომდე, რის თქმასაც აპირებდა და რაღაც მომენტით, გაჩუმებაზეც იფიქრა, თუმცა ახლა უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო.
"რაც არის არის ბეა"-შეუძახა თავის თავს და ხელებით, მაგიდის ზედაპირს, მოხერხებულად ჩამოეყრდნო.
-მოკლედ, მინდა, ეს დღე ერთად გავატაროთ. სადმე წავიდეთ, განმარტოებულ ადგილას. ერთმანეთი რომ უკეთ გავიცნოთ, იმიტომ ვამბობ-შერცხვა ანდრეას გამჭოლი მზერის და ბოლოს ესეც დაამატა.
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა მაგიდასთან. ზომაზე მეტად დაბნეულ გოგონას, მხოლოდ იმ წუთას გაახსენდა თავის წინ დადებული ყავის ფინჯანი და მხოლოდ იმიტომ აიღო ხელში, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. არ უნდოდა კანდელაკისთვის შეეხედა. მოეჩვენა რომ იგი დასცინოდა მის სიტყვებს და აზრებს. რა იცოდა სინამდვილეში ბეამ, რომ მამაკაცი უკვე იმაზე ფიქრობდა, თუ სად მოეძებნა ისეთი ადგილი, როგორიც მან დაასახელა და რომელიც ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაეხმარებოდათ. რაც არ უნდა გახსენებოდა, აზრები ყოველთვის ერთსა და იმავე გადაწყვეტილებამდე დადიოდა. არც კი ახსოვდა, იქ ბოლოს როდის იყო. მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ ნოსტალგია ჰქონდა.
-სიმართლე გითხრა, არის ერთი ადგილი -როგორც იქნა, დაირღვა რამდენიმე წუთიანი აუტანელი დუმილი, თორემ ბეა სადაცაა იფიქრებდა, რომ მისი თხოვნის პასუხი უარი იყო და ანდრეას ამის ხმამაღლა თქმა უჭირდა. ეს მართლაც, რომ შვებით ამოსუნთქვას ჰგავდა -მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს და გულწრფელად მიპასუხე, კარგი?
-მკითხე -მხრები გულუბრყვილო ბავშვივით აიჩეჩა ბეამ. ანდრეას გაეღიმა.
-ნეტავ იცოდე რა საყვარელი ხარ
-ჰოო? -იმდენად ესიამოვნა, რომ თავის თავისა თვითონვე გაუკვირდა -რა უნდა გეკითხა?
-ეს რატომ მთხოვე? აი ამ ყველაფერზე ვამბობ, განმარტოება და ასე შემდეგ
-უბრალოდ . . . -როცა ვეღარაფერი თქვა კვლავ ყავის ფინჯანში ჰპოვა გამოსავალი. სანამ ცხელი სითხის სურნელითა და გემოთი ტკბებოდა, მისი გონება პასუხზე გამალებით ფიქრობდა. სადღაც კიდევ სამი წუთი გავიდა ასე ჯდომაში და ერთმანეთის ყურებაში. კანდელაკი ხდვებოდა, რომ ბეას სრულიადაც არ უნდოდა რაიმე ეთქვა და ახსნა-განმარტება მიეცა. გადაწყვიტა აღარ ჩასციებოდა და გამამხნევებელი ღიმილით დაძაბულობის ნაწილაკები ერთიანად განმუხტა.
-კარგი, აღარაფერს გკითხავ. ერთი სიტყვით აქედან ნახევარი საათის სავალზე, ქალაქგარეთ, ჩემი საზაფხულო სახლია. თვითონაც დიდი ხანია თვალითაც არ მინახავს იქაურობა, მაგრამ შენ მიერ აღწერილ ადგილს, სწორედ ეს ემთხვევა -თვალებში ჩააშტერდა. ამჯერად ყავის ორივე ფინჯანი მაგიდაზე იდგა, ერთმანეთის პირდაპირ -სიმშვიდეცაა, სიწყნარეც და თუ ასე ძალიან გინდა ჩემი უკეთ გაცნობა, იქ ხელს ვერაფერი შეგვიშლის. სიმართლე გითხრა, მეც მაინტერესებს შენზე რაღაც-რაღაცები. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ცოლი ხარ და ერთი წელი მოგვიწევს საერთო სახლში ცხოვრება
-მაინც რა გაინტერესებს ჩემზე? -ხასიათი ერთბაშად გამოუკეთა იმის გაცნობიერებამ, რომ წამების წინ, კითხვის უპასუხოდ დატოვების უფლება მისცეს
-ამას რომ მივალთ, მერე გაიგებ -სწრაფად წამოდგა, ხოლო ანგარიში, როგორც ყოველთვის ფინჯნის ქვეშ, ამოდებულ, პატარა თეფშთან დატოვა. გასვლისას ისიც გადაწყვიტა, გზაში მარკეტში გაჩერებულიყო, რათა დღევანდელი დღისთვის რაიმე პროდუქტები ეყიდა. დიდი შანსი იყო იმისა, რომ ამაღამ სწორედ საზაფხულო სახლში დარჩენილიყვნენ.
-საჭესთან არ დამსვამ? -ქუჩაში აღმოჩენისთანავე, სახეზე სუსხიანი ქარის უხვი ნაკადი შეასკდათ. გარეთ საგრძნობლად აგრილებულიყო, ცას კი ავისმომასწავებელი ნაცრისფერი ღრუბლები გადაჰფარებოდა. როგორც ჩანდა, მალე წვიმაც დაუშვებდა
-საჭესთან გინდა?
-ჰო და თუ ამას შემისრულებ, გპირდები ტვინს არ გაგიბურღავ
-ამას ძალიანაც რომ გინდოდეს, მაინც ვერ შეძლებ. უბრალოდ არ გამოგივა
-მართალი ხარ, მაგრამ დოზას ხომ მაინც შევამცირებ? -პატარა სკოლის მოსწავლესავით გაუღიმა, რომელიც მასწავლებელს უმაღლესი შეფასების დაწერას თვალებით ეხვეწება
-კარგი დაიჭირე -უკვე მანქანასთან იდგნენ გასაღები, რომ ხელში ესროლა ანდრეამ და ჩაჯდომამდე თვალი თვალში გაუყარა -სიჩქარე გიყვარს?
ბეას სიხარულისგან თვალები აუციმციმდა.
-ადრენალინის მონა ვარ, ანდრე -კვლავ მისი სახელის შემოკლებული ვარიანტი. მართლაც რომ სასიამოვნოდ ჟღერდა
-ჰოდა დაჯექი და მაჩვენე, რა შეგიძლია
მძღოლის და მისი გვერდითა სავარძელი წამებში შეივსო. გასაღები კლიტეს მოერგო და ვერცხლისფერი ავტომობილიც, ბოლო სიჩქარით გავარდა ცენტრალური ქუჩისკენ.
წამი წამს მისდევდა, წუთი კი წუთს . . .
ცოტა ხნის წინ, ლურჯ ცას, ფერი მთლიანად დაეკარგა და მალე მანქანის კაპოტზე, წვიმის პირველი წვეთები აწკაპუნდნენ. ისინი დროთა განმავლობაში დიდმა და მსხვილმა ცის ცრემლებმა შეცვალეს. ჰაერში წვიმის და სისუფთავის სურნელი დატრიალდა. მანქანის ორივე საქარე მინა ჩაწეული იყო და წვეთების გზატკეცილზე შხაპუნი იმდენად მელოდიურად ერწყმოდა მაგნიტოფონში აჟღერებულ Alex Terner-ის ხმას, რომ ამის მოსმენას, მართლა არაფერი სჯობდა. საჭესთან რა თქმა უნდა, ბეა იჯდა, რომელიც ანდრეას მიერ, დროებით ჩაბარებულ მანქანას, 120კმ/სთ სიჩქარით მიაქროლებდა და როგორც კანდელაკმა თქვა, სულ რაღაც ხუთ წუთში, უკვე დანიშნულების ადგილასაც იქნებოდნენ.
-მოდი, სხვა რამე ჩავრთოთ -მუსიკალურ დისკებზე თვალით ანიშნა მამაკაცმა
-არა, მოიცა. მომწონს ეს მიმდინარეობა. თანაც მუსიკას ყოველთვის ის ირჩევს, ვინც საჭესთანაა -როგორც ჩვეოდა, გამომწვევად გახედა. მზერა წინ მხოლოდ მაშინ მიმართა, როდესაც 505-ის ბოლო სიტყვები უკრავდა და მის დასრულებას აღარ დალოდებია, ისე მიაჭირა საჩვენებელი თითი გადახვევის პატარა, წითელ ღილაკს. მანქანის სალონი Coldplay-Yellow-ს სასიამოვნო ტონალობამ მოიცვა. თითქოს ხომ ჩვეულებრივი ჰანგების, ლამაზი მიმდინარეობა იყო? მაგრამ საფიქრალი ისაა, თუ რამდენი მივიწყებული ამბავი და ისტორია ამოატივტივა გონებაში მისმა უეცარმა გაჟღერებამ. ახლაც ნათლად წარმოსდგა თვალწინ ამ მელოდიაზე აყოლებული სხეულების ყოველი მოძრაობა, ცეკვა, რომელმაც მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერი დღე დააგვირგვინა და ძლიერი სინდისის ქენჯნა იგრძნო. მოეჩვენა, რომ ყველა იმ მალული ფიქრებით, რომელიც ანდრეასადმი იყო მიმართული, საბას და იმ წუთებს ღალატობდა, რომელიც მისი წარსულის ზარდახშას ამშვენებდა. იმ დღის შემდეგ, როდესაც ბიჭმა ქუჩაში სრულიად შემთხვევით, ხეზე შემომჯდარი ნახა და მათ შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა, ერთმანეთი დიდი ხნის მანძილზე აღარ უნახავთ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოუწია მეგის ახალი მეგობრის გაცნობა და გამოიცანით იგი ვინ აღმოჩნდა! სწორედაც რომ საბა. ხელმეორედ ერთმანეთი, მეგის მიერ, უნივერსიტეტში ჩაბარებასთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე იხილეს, სადაც მხოლოდ მცირე სამეგობრო წრე იყო შეკრებილი. იმდენად მოულოდნელი იყო ბეასთვის საბას იქ დანახვა, რომ რამდენიმე წუთი ხმის ამოღებაც ვერ შეძლო. ისიც კი უკვირდა, თუ როგორ მოახერხა ოთხი წლის შემდეგ მისი სახის ამოცნობა, მაგრამ ამას ორი სავარაუდო მიზეზი ჰქონდა. ბიჭი ან ზომაზე მეტად დაილექა მის მეხსიერებაში, ან მის შემდეგ დიდად არ შეცვლილიყო. ის მშვენიერი ღამე, მთლიანად მასთან ცეკვში გაატარა. იმედიც გაუჩნდა, რომ შემდეგში მათ შორის რაიმე გამოვიდოდა, მაგრამ საბა რამდენიმე თვით ისე გადაიკარგა, რომ ერთხელაც კი არ შეხმიანებია. არც ბეა ამბობდა არაფერს. ის წუთები მალევე დაივიწყა და ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრება განაგრძო, მანამ სანამ . . . არა, რატომღაც აღარ მოუნდა ამ ფიქრების გაგრძელება. დღეს მაინც აღარ უნდა გაეხსენებინა საბა და მასთან დაკავშირებული მოვლენები. სწორედ ამ მტკიცე გადაწყვეტილების გამო მიუჯახუნა წარსულს დიდი რკინის კარი და საკეტიც საიმედოდ ჩარაზა.
ცოტა ხნის წინ მოქუფრული ამინდი, საგრძნობლად გამოკეთებულიყო . . .
მწვანეში ჩაფლული გარემო, წვიმის წვეთებს ახლახან ამოსული მზის სხივებით იშრობდა და ჰაერში წიწვების სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ერთი შეხედვით დაუსრულებელი ხეივნის გავლის შემდეგ, მარჯვენა მხარეს გაშლილი უზარმაზარი მინდვრები გამოჩნდა, რომელიც პატარა ფერად-ფერადი ყვავილებით, ლამაზად გადაპენტილიყო. დასახლების მხრივ, ეს ადგილი უკაცრიელზე უკაცრიელი იყო. ირგვლივ მხოლოდ ერთი შემოღობილი ტერიტორია მოჩანდა, რომელშიც დიდი, რკინის ჭიშკარი იყო ჩატანებული. სწორედ ამ ადგილას ანიშნა კანდელაკმა, საჭესთან მჯდომ ბეას სვლა შეენელებინა. გოგონა ყველაზე ნაკლებად სწორედ იმას ელოდა, რომ საზაფხულო სახლი სწორედ ზემოთ ხსენებულ მიდამოებში აღმოჩნდებოდა. საკმაოდ მოზრდილი მიწის ნაკვეთის შუაგულში, სამკუთხედი გადახურვის, ხის, ულამაზესი ორსართულიანი სახლი წამოჭიმულიყო, რომელსაც წინ, მთელ სიგრძეზე ქვაფენილი და მის მარჯვნივ და მარცხნივ, ვერტიკალურად ჩამწკრივებული, დაბალი, ლამაზად შეკრეჭილი ბუჩქები ამშვენებდა. ეზო სავსე იყო ხეებითა და ალაგ-ალაგ დიდ ვარდის ბუჩქებსაც დალანდავდით. იქაურობა ისეთი მომაჯადოებელი და საოცარი იყო, რომ ბეა თვალს ვერ აშორებდა და ამის გამო, მანქანა კინაღამ ეკალ-ბარდებში შეუვარდა. ნამდვილად არ ეგონა, ანდრეა ასეთ ადგილას თუ წამოიყვანდა. სიამოვნებით დარჩებოდა აქ, საცხოვრებლადაც კი.
-აბა, რას იტყვი? აკმაყოფილებს შენს გემოვნებას? -კარი გამოაღო კანდელაკმა და გარეთ გადავიდა. ბეას პასუხს ელოდა, თუმცა გოგონა იმდენად იყო გართული თავის ფიქრებში, რომ მხოლოდ თავის დაქნევა მოახერხა და მანქანიდან გადასვლის შემდეგ, იგი, გასაღების ღილაკზე თითის დაჭერით ჩაკეტა. ირგვლივ სრული სიჩუმე ტრიალებდა და ნაზი სიო ქროდა. თურმე როგორ მონატრებია გოგონას ასეთი გარემო. მართალია საცხოვრებლად მუდამ ხმაურიანი ქალაქები ერჩივნა, სადაც სიცოცხლე დუღდა, მაგრამ ხანდახან ხომ ასეთი გარემოც გვჭირდება? რათა განვიტვირთოთ, მოვდუნდეთ და ჩვენს თავს ხანმოკლე რელაქსაცია ჩავუტაროთ. ახლაც სწორედ მსგავსი სიტუაცია შექმნილიყო. პატარა ბავშვივით უხაროდა იქ ყოფნა და ამას ვერც მალავდა. ემოციებმა პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც უკვე სახლის ზღურბლთან, ანდრეა კლიტეზე, ხალიჩის ქვეშიდან გამოღებული გასაღების მორგებას ცდილობდა.
-არ მჯერა, რა ლამაზია აქაურობა, თან ირგვლივ მოსახლეც კი არავინაა -მერე აივანზე სარწეველა სავარძელი დაინახა და ამჯერად მასთან მიირბინა -აი აქედან მთელი დღე ვერ ამაყენებ
-კარგი, ჯერ შიგნით შემოდი და მერე ერთად დავჯდეთ -გაეცინა
-ერთად? რომ ვერ დავეტევით?
-არაუშავს, კალთაში ჩაგისვამ. ან თუ გინდა პირიქით იყოს და შენ ჩამისვი. ორიგინალური წყვილი გამოვალთ
-აი, ხომ უნდა ვბრაზობდე შენს სარკაზმულ იუმორზე? მაგრამ საერთოდ არ მაღიზიანებს -ფეხზე წამოდგა და ნელი სვლით მიუახლოვდა -დღეს საჭმელს შენ მოამზადებ. მაინტერესებს გამოგდის თუ არა ეს
-ანუ მე მოვამზადებ -უკვე შიგნით შესულს დაუსვა ეს კითხვა და გოგონას ინტერესიან მზერაზე გაეღიმა-იგი სახლს დაკვირვებით ათვალიერებდა. ყველაზე მეტად რამაც მოხიბლა, ეს ბუხარი იყო. როგორ უყვარდა ეს სრულიად უბრალო რამ. ბავშვობაში ხშირადაც დაუძინია ბუხრის წინ მდგარ პატარა სავარძელში, საიდანაც საწოლში უკვე ან მამას გადაჰყავდა ხელში აყვანილი, ან თავის ძმას. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო ამ სახლის ერთადერთი "ღირსშესანიშნაობა". მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, ზამბარასავით იყო დახვეული და პირველ სართულს, ბეასთვის ჯერ კიდევ უცნობ სივრცესთან აერთებდა.
'ალბათ ზემოთ საძინებელია' -ელვის სისწრაფით გაუელვა, რის შემდეგაც, თაროზე შემოწყობილ, ოჯახურ ფოტოებს მოჰკრა თვალი. ყველაზე უფრო, მისი ყურადღება იმ სურათმა მიიქცია, რომელზეც ერთმანეთზე ჩახუტებული, პატარა გოგონა და ბიჭუნა იყვნენ გამოსახულები. ბეა სწორედ ამ ფოტოს მიუახლოვდა და ლამაზ ჩარჩოში ჩასმული ერთი ცხოვრებისეული კადრი, უფრო ახლოდან შეათვალიერა.
-ეს შენ და ელა ხართ?
-რახან მიცანი, ესე იგი, მის მერე ძალიან არ შევცვლილვარ
გოგონას გაეღიმა.
-და ის თუ გახსოვს აქ რამდენი წლის ხარ?
-იმ ასაკში ვარ, როცა პამპერსი ჯერ კიდევ ჩემი განუყრელი მეგობარია -კანდელაკმა ბეას სურათი ფრთხილად ჩამოართვა და კვლავ საწყის ადგილს დაუბრუნა -იმედია გშია და გზაში ამდენი პროდუქტი ტყუილად არ ვიყიდეთ
-მშია, მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ გითხარი, შენ უნდა მოამზადო
-მე და სამზარეულო, რომ ერთმანეთს ვერ ვეწყობით? მუდამ მზა საჭმელს ვყიდულობ ხოლმე -შეეცადა საწყალი სახე მიეღო
-ოდესმე ხომ უნდა სცადო? აი, მაგალითად, შვილები რომ გეყოლება და მათთან მარტო დარჩები, რაიმეს მომზადება ხომ უნდა შეგეძლოს? მიდი, მიდი, მეც მოგეხმარები, ფსიქოლოგიურად გაგამხნევებ . . .
სამზარეულოში ორივენი ერთად გავიდნენ. იქაურობა ისეთი დიდი იყო, ზომით მისაღებ ოთახსაც კი აღემატებოდა. გარშემო ყველაფერი წესრიგსა და სისუფთავეს მოეცვა. მართალია, კანდელაკი ამ სახლის ხშირი სტუმარი არ იყო, მაგრამ კვირაში ერთხელ მის მიერ დაქირავებული მოახლე მოდიოდა და ყველაფერს ზედმიწევნით ალაგებდა. სპეციალურ სათავსოში მოთავსებული სველი, ახლახან დარეცხილი ჭურჭელი მოწმობდა, რომ დამლაგებელს თავის საქმე მოემთავრებინა და ცოტა ხნის წინ წასულიყო. ანდრეას სულ გადაავიწყდა, რომ მას სწორედ დღეს უწევდა თავისი სამუშაოს შესრულება.
-შეიძლება რაღაც გკითხო? -მაგიდას თეძოთი ჩამოეყრდნო ბეა და იქაურობა კიდევ ერთხელ მოათვალიერა
-კარგი, მაგრამ თუ კითხვა არ მომეწონება პასუხს არ გაგცემ -მაცივარი გამოაღო და პროდუქტები ნაწილ-ნაწილ შეალაგა. გარეთ მხოლოდ ერთი პარკი დატოვა. ალბათ სწორედ მისი შედგენილობისგან აპირებდა სადილის მომზადებას
-იცოდე, გულწრფელად უნდა მიპასუხო
-გულწრფელი ჩემი მეორე სახელია -ჩაეღიმა -ახლა კი, გისმენ
რამდენიმე წამი სიტყვა აღარავის დაუძრავს. ბეა ნიპაკზე თითებს შეუჩერებლად ათამაშებდა, თითქოს დასასმელ კითხვაზე სწორედ ახლა ფიქრობსო, შემდეგ კი, ანდრეასთან იმდენად ახლოს მივიდა, რომ ერთმანეთის სუნთქვას სახეზეც კი გრძნობდნენ. მამაკაცს, წამით დაბნეულობა დაეტყო. ვერაფრით მიხვდებოდა რა იყო ბეას განზრახვა, უეცრად ხმა თვითონ მას რომ არ ამოეღო:
-გაკვირდები და ვერ ვხვდები -კანდელაკის სახის ერთ წერტილს მიშტერებოდა -შენი თვალების ფერი მართლა ასეთი საოცარია, თუ ლინზები გაქვს?
-ლინზები? -ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა -არა, ბუნებრივია. ხელოვნურობა არ მიყვარს არც ქალში და არც კაცში
-მაშინ მითხარი, მე როგორი ვარ -ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მის წინ დატრიალდა -ოღონდ არ იფიქრო, რომ . . .
-არ ვიფიქრო, რომ მეფლირტავები? -გვერდულად გახედა -არა, ასე არ ვფიქრობ. ვიცი ეს რატომაც მკითხე
-რატომ? -სახეზე გულუბრყვილო ბავშვის გამომეტყველება აღებეჭდა
-იმიტომ, რომ მაინდამაინც ბევრი სასაუბრო თემა არ გვაქვს, შენ კი, უხერხული დუმილი გიქმნის დისკომფორტს. ახლა მითხარი, გაგშიფრე თუ არა?
ბეამ ლამის პირი დააღო. გაოცებამდე ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი.
-შენ რა, ადრე მკითხავად მუშაობდი?
-როგორ გამოიცანი? -სერიოზული სახე მიიღო -სეანსისთვის საჭირო მანათობელი ბურთების კოლექცია ზედა სართულზე მაქვს. როცა მოიცლი შეგიძლია გადაათვალიერო -მერე პარკიდან ბეკონი ამოიღო და ხის დაფაზე, მის დაჭრას შეუდგა
-კარგი, ახლა ორ რამეს ერთად გავაკეთებ -ღიმილით მიუახლოვდა -თან შენს სამზარეულოში ფუსფუსს ვუყურებ, თან ჩემს კითხვაზე პასუხს მოვისმენ
-ანუ გაინტერესებს რას ვფიქრობ შენზე -წამით საქმეს თავი მიანება ანდრეამ. მათი მზერა კვლავ ერთმანეთს შეხვდა -გამოგიტყდები საშინლად მიმზიდველი ხარ. დასაშვებზე მეტადაც კი . . .
დიდ სამზარეულოში, სწორედ ის უხერხული დუმილი ჩამოვარდა, რომელსაც ბეა ასე თავგამოდებით ებრძოდა. იქნებ სჯობდა სხვა რამ ეკითხა? არა, ნამდვილად ვერ იტყოდა, რომ პასუხის მოსმენა არ ესიამოვნა და პულსაცია ორჯერ უფრო სწრაფი არ გაუხადა, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ყოველთვის იბნეოდა და ვერაფერს ამბობდა. ახლაც ზუსტად ეგრე დაემართა.
-დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა? -ამჯერადაც ანდრეამ გაფანტა ჰაერში მოფარფატე დაძაბულობის ნაწილაკები. ალბათ იმიტომ, რომ მიხვდა, ბეა ვერაფრის თქმას ვერ გაბედავდა.
-დამაკმაყოფილა -პასუხის გაცემასთან ერთად, თავიც დაუქნია და სცადა ყურადღება იმ კერძზე გადაეტანა, რომელსაც კანდელაკი ამზადებდა.
-მითხარი, რის გაკეთებას აპირებ?
-იმის, რაც ძალიან მოგეწონება
-დარწმუნებული ხარ, რომ ასე იქნება? -ეჭვით გახედა -იქნებ არ მომეწონოს?
-მაშინ, როგორც დამპირდი დამეხმარე. მერე, თუ არ მოგეწონა, პრეტენზიები ჩემთან არ იყოს -სათადარიგო დანა ხელში შეაჩეჩა და გამომწვევი სახით გახედა
-კარგი დაგეხმარები, თორემ შეიძლება სამზარეულოც კი გადაწვა. მე რა უნდა გავაკეთო?
ანდრეამ გვერძე მიწყობილი პროდუქტები გოგონასთან ახლოს მიაჩოჩა, ხოლო ცარიელი პარკი ნაგვის ურნაში ჩაუშვა.
-აი ესენი დაჭერი და ათ წუთში გაზქურა აანთე. დანარჩენს მერე გიკარნახებ
-არის, სერ -ხალისიანი გამომეტყველებით მიუგო და გრძელი თმა, უბრალო რეზინით აიკრა -მოდი დღეს აქ დავრჩეთ, კარგი?
-მაცდური წინადადებაა -ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გოგონას საჭრელი დაფა მიაწოდა -მოდი, დავიწყოთ . . .
გაზაფხულის მზიანი შუადღე იდგა. ირგვლივ მეტად ნაზი ატმოსფერო სუფევდა, რასაც ხეებიდან ჩამოცვენილი ყვავილის ფურცლების ჰაერში ფარფატი, კიდევ უფრო მომაჯადოებელ იერს სძენდა. მუდამ ცელქი, ცვალებადი მარტის თვე, ამჟამად, თავისი თბილი სხივებით, თითქოს მზრუნველი დედასავით, ნაზად ეალერსებოდა თითოეულ ბალახის ღერსა, თუ მათ შორის ამოსულ, პაწაწინა მინდვრის ყვავილს, რომელიც ზუსტად ისე სუსტად ემჩნევია, მიწას, როგორც ღამის ცას, პაწაწინა ვარსკვლავები.
თითქოს ხომ ჩვეულებრივი ადგილი იყო? აქაც ისევე ღამდებოდა და თენდებოდა, როგორც სხვაგან და დედამიწის მიზიდულობის ძალა, ე.წ გრავიტაციის კანონიც ჩვეულებრივად მოქმედებდა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, დაკვირვებული თვალი მაშინვე შენიშნავდა, რომ აქ, ყოველივე ზღაპული და ფანტასტიკური, ერთ დიდ ზარდახშაში გაერთიანებულიყო, რომელსაც ოქროსფერი თავი მოხდილი ჰქონდა და ნებისმიერ მსურველს აძლევდა უფლებას, მისი შიგთავსის ცქერით დამტკბარიყო. განსხვავებული ჩანდა თითოეული შეგრძნება, ჰაერის ნაწილაკი და რაც მთავარია გარემო, რომელსაც შეუძლებელი იყო ადამიანისთვის სიმშვიდისა და უზღვავი სიხარულის გარდა, კიდევ სხვა რაიმე მოეტანა.
დედამიწაზე, სადაც მილიონობით ადამიანი დააბიჯებს, არც ისე მრავლად მოიძებნება ადგილი, სადაც კონკრეტული პიროვნება, მოხუცი იქნება ეს, თუ ახალგაზრდა, თავს ბოლომდე ბედნიერად გრძნობს. და მართლაც, ჩვენს უმეტესწილად ერთფეროვან ცხოვრებაში, ხშირად არის ისეთი მომენტი, სადმე და ვინმესთან ერთად, მეტად სამახსოვრო და დაუვიწყარ წუთებს, რომ ვატარებთ. ალბათ ბედნიერებიც ვართ, მაგრამ ამას თან ერთი უსიამოვნო გრძნობაც ახლავს-განცდა იმისა, რომ რაღაც ბოლომდე ისე ვერ არის, როგორც ამას თავად ვისურვებდით.
აქ კი, ბუნებრივია, უკვე შეიძლება ერთი, მეტად ლოგიკური შეკითხვა წარმოიქმნას -რატომ არ ვცდილობთ ავინაზღაუროთ ის, რის დანაკლისსაც გული და გონება ერთდროულად განიცდის? პასუხი, რა თქმა უნდა, ძალზედ მარტივია-ჩვენ უბრალოდ ვერ ვხვდებით, თუ რითი უნდა შეივსოს ეს იდუმალებით მოცული, ცარიელი ადგილი, რომელსაც პირი, კოსმოსში არსებული შავი ხვრელივით დაუღია და მისგან გაქცევას ვერაფრით ვახრხებთ.
თუმცა რატომაც არა?
ცხოვრებაში ხომ ყველაფერი წარმავალია? პრობლემებიც, გაუგებრობებიც, სიცოცხლეც კი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ასე ძალიან უყვარს და სურს, იგი მისთვის რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს.
თურმე, ცოტა ხნის წინ ნახსენები, გულისგამაწვრილებელი სიცარიელეც დროებითი ყოფილა. აქ, ამ უკაცრიელ ადგილას მდგარ, ხის სახლში, რომლიდანაც მხოლოდ ორი ადამიანის ხმა გამოდიოდა, თავისი ცხოვრებისთვის მუდამ თან მდევი, ეს ამოუცნობი გრძნობა არც ერთს განუცდია და არც მეორეს. ამ მიდამოებში ბედნიერება სრულყოფილი იყო.
მიზეზი კი, კვლავაც დაუდგენელი . . . .скачать dle 11.3




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian, zalian magrad cer da momcons es istotlriaaaa, da yochag rom yoveldge deb axal epizodebss

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

რაღაც განსხვავებულია ჯადოსნური საყვარელი ისტორია საყვარელი გმირებით:) ერთადერთი რამაც ნერვები მომიშალა იყო ის რომ ბეამ სიმართლის თქმა გადაიფიქრა :( თუმცა არაუშავს კარგად მიდის ყველაფერიი მიყვარს ბეა და ანდრეა და შენც❤❤❤

 



№3  offline წევრი Moonlight Sonata

Qeti qimucadze
Zalian, zalian magrad cer da momcons es istotlriaaaa, da yochag rom yoveldge deb axal epizodebss


ძალიან მიხარიაა თუ მოგწონსს ❤ უზარმაზარ სტიმულს მაძლევს ასეთი სიტყვები ❤

მარი. ელ❤
რაღაც განსხვავებულია ჯადოსნური საყვარელი ისტორია საყვარელი გმირებით:) ერთადერთი რამაც ნერვები მომიშალა იყო ის რომ ბეამ სიმართლის თქმა გადაიფიქრა :( თუმცა არაუშავს კარგად მიდის ყველაფერიი მიყვარს ბეა და ანდრეა და შენც❤❤❤


ჰო, მესმის შენი, რომ ნერვები მოგეშალა :დდ მაგრამ არ მინდა ძალიან დავაჩქარო მოვლენები ❤ თუმცა ძალიანაც არ გავწელავ ნუ ღელავ :დდ ❤❤❤

 



№4 სტუმარი სტუმარი Lika

უსაყვარლესობაა kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent