შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -5-


7-05-2018, 18:16
ავტორი sopiko
ნანახია 801

სეზამი -5-

''სეზამი''

[თავი 5]

მოულოდნელად გარედან ხმაური შემოისმა.
ბანდიტმა სწრაფად შეუშვა საბრინას ხელი და გასასვლელისკენ გაემართა.
საბრინამ გაიაზრა, რომ თუ ახლა არ ისარგებლებდა მომენტით, შეიძლებოდა მეტად ეს ვეღარც მოეხერხებინა, ამიტომ კოჭლობით გაედევნა მამაკაცს უკან.
-აქ დარჩი!-მბრძანებლური ტონით წარმოთქვა მძარცველმა და შეეცადა კარი დაეხურა, მაგრამ საბრინა კარსა და ჩარჩოს შორის ჩადგა და მთელი ძალით შეეწინაამღდეგა.
-შენ მერე მოგხედავ!-კბილებში გამოსცრა ბანდიტმა და საბრინას ხელი ჰკრა, რომ სარდაფში შეეგდო, მაგრამ გარეთ გასვლა ეჩქარებოდა, ეს კი მის ტყვეს უფრო მეტად აგულიანებდა.
წინ მიმავალს გადევნებული საბრინა ბნელ, იმდენად დაბალჭერიან დერეფანში აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სანტიმეტრითაც უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, თავის დახრის გარეშე აქედან ვერ გააღწევდა. ფიქრმა დრო დააკარგვინა. წინ უკვე ვეღარ ხედავდა მამაკაცის ჩრდილს. ხელის ცეცებით გაიკვლია გზა და როცა თავი სამშვიდობოს გასულად ჩათვალა, სწორედ მაშინ შეასკდა ცხვირით ხიჭვებიან, ნესტით დასველებულ კარებს. საბრინამ უკმაყოფილო ბურტყუნით მოძებნა სახელური და სულმოუთქმელად გამოღო კარი.
საბრინა კლდის ფართო ქიმმა და მასზე მოხეთქებულმა ტალღებმა შეაკრთო. სველი სითბო შემოევლო მკლავებზე. ბალახს ნაზი სიო აშრიალებდა. მზე უხვად ისროდა დედამიწის მიმართულებით სხივებს. საბრინას შეეძლო დარწმუნებულს ეთქვა, რომ ამ ადგილას პირველად იყო. მის წინ გადაშლილ ჰორიზონტზე არავინ მოჩანდა, თანაც ქალს სულ არ სურდა იმაზე ფიქრი, თუ სად შეიძლებოდა გაუჩინარებულიყო ის ადამიანი, ვის გამოც ამ მშვენიერ მიდამოებში იმყოფებოდა.
საბრინამ წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თბილი, სუფთა ჰაერი ღრმად შეისუნთქა. როცა ფილტვები ნანატრი ჟანგბადით გაივსო, დაკარგული ენერგია კვლავ დაუბრუნდა. კანი სიამოვნებისგან აეშალა. თავი უკან გადააგდო და მკერდი წინ წამოწია. როცა ამ მდგომარეობამ დაღალა, მიწაზე წამოწვა და შეეცადა დახეული კაბით სხეულის შიშველი ნაწილები დაეფარა.
დიდი დრო არ იყო გასული, შორიახლოდან შეპირისპირების ხმა რომ გაიგონა. თავიდან გადაწყვიტა ამაზრზენი ბანდიტისთვის ოდნავადაც არ შეწუხებულიყო, მაგრამ ყვირილი და შეძახილები რომ განმეორდა, გულმა ვეღარ გაუძლო, ფეხზე წამოდგა, სხეულზე აკრული მიწა მოიშორა და კაბის ბოლოები ისე გადანასკვა, რომ რაც მის ქალურ თავმოყვარეობას ლახავდა, დაეფარა. როდესაც დარწმუნდა, მზად იყო, კურდღლისებრი სიფრთხილითა და ყურადღებით დაემორჩილა საკუთატ ინსტიქტს, რომელმაც კლდეზე წამომართული ხუხულის მეორე მხარეს მიიყვანა.
საბრინა უმალვე მიხვდა, რომ ის და მძარცველი სხვადასხვა გზით გამოვიდნენ გარეთ. ამიტომაც იყო, რომ სარდაფიდან გამოსვლის დროს საბრინამ ვეღარსად შენიშნა. იმ ადამიანს კი, რომელიც ხელებს საბრინასთვის ნაცნობი ბანდიტისკენ იშვერდა, ქალი პირველად ხედავდა. ეს იყო დაბალი, მსუქანი, ქონიანი ხელების პატრონი კაცი, რომელიც თავისი უკმაყოფილებით აღსავსე გამომეტყველებითა და გამაღიზიანებელი ბურდღუნით საბრინამ ჯოზუესთან გააიგივა და თითქოს გაუხარდა კიდეც, ახლა მის გვერდით რომ არ იყო.
-განანებ, იცოდე, სებასტიან! მე წილს ვიმსახურებ! ეს ყველაფერი ხომ ერთად დავგეგმეთ? განა მე არ მოგიყევი იმ მაღაზიისა და მისი სულელი მეპატრონის შესახებ? მე რომ არა, ინფორმაციას ვინ მოგაწვდიდა? ნახევარი მომეცი და წავალ! მეტი არ მინდა...-ნელ-ნელა დათმობაზე მიდიოდა კაცი და აღარც იმდენად ყვიროდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ.
-უკვე აგიხსენი, ეს ფული ჩემია და შენს წილში გაყვანას არ ვაპირებ, უმბერტო! მშვენივრად ვიცი, რომ ის უტვინოები შენ მომიქსიე თავიანთი კანონების კრებულებით ხელში! გესმის, რომ აქ, ჩემს თავშესაფარში ჩემთვის ბრალის დადებას ვერ შეძლებენ და გსურდა მათ ფაქტზე გამოვეჭირე... ჩემთვის უკვე ისიც ცნობილია, რომ მათ შორის ერთ-ერთი შენი ძმისშვილია, ერთი უსაქმური, ბუზების მთვლელი ბიჭუნა, რომელსაც სურს ბიძის წყალობით ისარგებლოს! ჰო, მგონი სახელიც მითხრეს...-მოჩვენებითად დაფიქრდა სებასტიანად წოდებული ბანდიტი.-თუმცა ამის ჩემგან გაგონება არ გჭირდება, ისედაც გეცოდინება... ცოტა გამიკვირდა კიდეც, როგორ შეძლო ამდენად ჭკუასუსტმა აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ იქ სწორედ ასეთი რეგვენების ადგილია... რომოლოს მოვალეობაც ხომ მათნაირების აღზრდაა?!
ცოტა ხნის წინ თამამად, გაბედულად მოლაპარაკე კაცს ახლა ენა ჩავარდნოდა. თავისი ბაყაყის მსგავსი უზარმაზარი თვალებით შეშინებული შესცქეროდა სებასტიანს და ხელებიც ჰაერში ისე გაშეშებოდა, საბრინამ იფიქრა, იქნებ მოულოდნელობისგან დამბლა დაეცა და მოძრაობა მომავალში ვეღარც კი შეძლოსო.
-გაჩუმდი?-ცინიზმით აღვსილი დაეკითხა მძარცველი და ბრაზით დაჭიმულ სახეზე ხელი ჩამოისვა, თითქოს ყველა უარყოფით ემოციის ერთიანად ჩამოშორება მოუსურვებიაო.-მაშ, ყველაფერი გაგიგია! შეგიძლია მიბრძანდე და შენი გულისამრევი სახით აქ მეტად აღარ გამომეცხადო! ჩვენ პარტნიორები აღარ ვართ, უმბერტო! დასრულდა!-დაამთავრა ტრიუმფალური გამომეტყველებით სებასტიანმა და შეტრიალდა.
იმის შემდეგ, რაც საბრინამ დაახლოებით წარმოიდგინა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ორს შორის, მამაკაცის გადაწყვეტილებას უდავოდ დაეთანხმა. საშინლად გააცოფა იმან, რომ ეს ორგული, მოღალატე ადამიანი ადგილიდან კვლავ არ იძვროდა, საბრინას მოეჩვენა, რომ მას თავში რაღაც სასტიკი, დაუნდობელი იდეა უტრიალებდა, მაგრამ მის აღსრულებას ჯერ ვერ ბედავდა. ქალი საკუთარმა ვარაუდებმა შეაშინა და ოდნავ შეამცირა უმბერტოსა და მას შორის მანძილი, რათა უკეთესად შეძლებოდა იმის დანახვა, თუ რას მოიმოქმედებდა ის.
უცებ უმბერტო შემოძრავდა, ხელი ქამარზე იტაცა და საბრინამ მის ხელში გაევლებული ბასრი წვერის მქონე, წაგრძელებული საგანი დაინახა. ვიდრე გონს მოეგებოდა და ხმის ამოღებას დააპირებდა, კაცმა ხელი მაღლა აღმართა და ნივთი მარჯვე მოძრაობით გაისროლა სებასტიანისკენ.
-სებასტიან, სწრაფად!-წამოიკივლა საბრინამ, რაც პირველი მოადგა ენის წვერზე და მამაკაცისკენ გაექანა.
სებასტიანმა თავი უკან მოატრიალა და როგორც კი მისკენ მთელი სისწრაფით მომავალი ნივთი შენიშნა, გვერდით გახტა და ის სულ რამდენიმე მილიმეტრით აიცილა.
სწორედ ამ დროს გაჩნდა მის გვერდით საბრინა, რომელსაც სულ არ ეფიქრა იმაზე, რომ ასეთი დაუფიქრებელი საქციელით შეიძლებოდა საფრთხეში თავად ის ჩავარდნილიყო. ჯერ შეშფოთებული მზერით მამაკაცის გაფხაჭნილი მკლავი შეათვალიერა და როცა დარწმუნდა, რომ მნიშვნელოვანი არაფერი დაშავებოდა, გაცეცხლებულმა მოძებნა თვალით უმბერტო, რომელიც უკვე ფერდობზე არსებული მცირე ფართობის მქონე, მეჩხერი ტყისკენ გარბოდა, რათა მისთვის შეეფარებინა თავი.
-მოგკლავ!-იღრიალა სიმწრით სებასტიანმა და უმბერტოს გაეკიდა.
საბრინას კვლავ შიში დაეუფლა. ხომ შეიძლებოდა უმბერტო სადმე ჩასაფრებულიყო და ისევ ეცადა თავდასხმა იმ ადამიანზე, რომელიც მას ფულის გარეშე ტოვებდა, მის ძმისშვილს კი მოკვლით ემუქრებოდა? მით უმეტეს, რომ ახლა უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა ამისთვის. სხვა თუ არაფერი, ამ დროისთვის უკვე თავად მის სიცოცხლესაც ემუქრებოდა საფრთხე. საბრინას ისიც გაახსენდა, რომ სებასტიანი უიარაღოდ იყო და მამაკაცს უკან გაეკიდა.
-შეჩერდი!-ქოშინით შეაჩერა გამძვინვარებული მამაკაცი და მაჯაზე ჩაებღაუჭა, რომ სებასტიანს მისი თავიდან მოშორება გაძნელებოდა.
-ხელი გამიშვი, გესმის? მომშორდი!-ისე უხეშად უღრიალა საბრინას მძარცველმა, რომ ქალმა ცოტათი ინანა კიდეც, მის გადარჩენას ასე რომ ცდილობდა.
''რაც უნდა, ის უქნია!''-უკარნახა მისმა ქვეცნობიერმა, თავად კი უფრო მეტად, სუროსავით შემოეხვია ბანდიტს და ნაბიჯის გადადგმის საშუალებაც კი აღარ მისცა.
-ნუ ერევი!-მკვლელი მზერი შეავლო მამაკაცმა ქალს, წელიდან მისი ხელები მოიშორა და უმბერტოს კვალს გაყვა.
საბრინა უმწეოდ დაეშვა მიწაზე, ხელები სახეზე აიფარა და შესაბრალებლად აქვითინდა.

სებასტიანი იმაზე მეტად გაბრაზებული დაბრუნდა, ვიდრე წასვლისას იყო. იმის აღიარება არ სურდა, რომ უმბერტომ მისგან გაქცევა მოახერხა, თანაც იმის მერე, რაც ჩაიდინა. ბოღმას მისი გონება მთლად დაებრმავებინა. იმდენადაც კი, რომ საერთოდ ვერ შეამჩნია საბრინას გაუჩინარება. მხოლოდ სარდაფის ღია კარის დანახვისას შეძლო აზროვნების უნარის დაბრუნება და თვალიდან ბინდიც გადაეცილა.
-სად არის? ნუთუ ისიც გამისხლტა ხელიდან?-დაიღრიალა სებასტიანმა და მაგიდიდან თიხის ჭურჭელი ერთი ხელის მოსმით გადმოყარა.-ის ვერაფერს გახდება გარდა იმისა, რომ უმბერტოსა და მისი მსგავსების ლუკმა გახდება... ეს უნდა? შეშლილი, ჭკუიდან გადასული ქალი!
სებასტიანმა მთელი სახლი შემოიარა იმის იმედით, რომ ეს სულელი, გამოშტერებული დედაკაცი რომელიმე კუთხეში დახვდებოდა შეყუჟული, მაგრამ მას მაინც ვერსად მიაგნო. სხვა გზა რომ აღარ დარჩა, ბრდღვინვითა და კბილების ღრჭიალით გადაიკიდა თოფი მხარზე და ჩირაღდნით ხელში კვლავ ტყისკენ გასწია.
დაბურული, ჩაბნელებული, ღრმა იდუმალებასა და მისტიურობაში ჩაძირული ტყის დანახვაზე სებასტიანს ოდნავ შეეცოდა კიდეც საბრინა, რომელიც, ალბათ, დაბნეული და სასოწარკვეთილი ეგდო რომელიმე ხის ძირში, აცახცახებული ელოდა, როდის წაავლებდნენ ყელზე ბასრ ეშვს და პატარა ჩქამზეც კი გული უსკდებოდა. სებასტიანმა ღრმად ამოიოხრა, სიმწრისგან თუ სიბრალულისგან და გეზი იქითკენ აიღო, საითკენაც მისი ვარაუდით საბრინა წავიდოდა. ჯერ დიდად არც კი დაცილებოდა სახლს, როცა შემთხვევით ფეხი რაღაც რბილსა და უჩვეულოს წამოჰკრა, მოულოდნელობისგან ჩირაღდანი ხელიდან გაუვარდა და მიწას დაეხეთქა.
წამიერად ცეცხლმა გარეთ გამოღწევა სცადა, მაგრამ ჯერ ბჟუტვა დაიწყო, შემდეგ კი საერთოდ ჩაქრა.
-ეს რა გააკეთე?-გაოცებულმა, შიშჩამდგარმა ხმამ სებასტიანი გონს მოიყვანა. მამაკაცი ფორთხვით შეტრიალდა უკან და მთვარის მკრთალ შუქზე ადამიანის ნაკვთები შენიშნა. სწორედ იმ ადამიანის, რომლის გამოც ზეციური ძალა რომ არა, სხეულის დამტვრევას ვერ გადაურჩებოდა.
-შე-ენ?-აღმოხდა სებასტიანს.
-ჰო, შენ! შეგიძლია მითხრა, ასე უდიერად როგორ შეიძლება მოიქცე? ირგვლივ ბალახი რომ ყოფილიყო? თავსაც დაიწვამდი, მეც საფრთხეს შემიქმნიდი და ღმერთმა იცის, იქნებ ის ტყეც დაგეზიანებინა, რომელიც ერთადერთია, უანგაროდ რომ გეხმარება? გასაგებია, რომ ბანდიტი ხარ მაგრამ რაიმე წესი, კანონი, ნორმა... ერთ-ერთი მათგანი მაინც თქვენთვის არ არსებობს?-ყვირილით უსაყვედურა საბრინამ.
-რა?-ყბა ჩამოუვარდა სებასტიანს-მესმის, რომ გიჟი ხარ, მაგრამ ამას მაინც როგორ მაბრალებ? განა თვითონ არ წამოწექი ამ მინდორზე? შენ რომ არა, ჩირაღდანი ხელიდან არ გამივარდებოდა!
-სებასტიან, ქალებს ასე არ ელაპარაკებიან! მე მეძინა და შენ მიერ ნათქვამი სიტყვები ამ კონტექსტში სრულებითაც არ ჯდება!-შეუსწორა მშვიდად საბრინამ. ცოტაც და თავს კვლავ დამცირებულად იგრძნობდა.
-ნუ გავიწყდება, რომ პირველი ბანდიტი ვარ შენს ცხოვრებაში!-ხვნეშით წამოდგა ფეხზე სებასტიანი.-სულ პირველი...
-ბანდიტები ცხოვრებაში არ მაკლდა, სებასტიან! მათ შორის კი პირველი ჩემი ქმარია, რომელმაც ახალგაზრდობა, სილაღე და სილამაზე წამართვა!-სიბნელის იმედად დარჩენილმა თვალი გაუსწორა მამაკაცს საბრინამ.-გთხოვ, ვიდრე ჩემ გვერდით ხარ, ამგვარად ნუ მესაუბრები... იცოდე, თავს ასე შეურაცხყოფილად სხვა ვერაფრით მაგრძნობინებ!
სებასტიანი ვერ მიხვდა, რა შეიძლებოდა ეპასუხა ამ მომენტში საბრინასთვის. თავი დამნაშავედ იგრძნო. ანერვიულდა. საკუთარი ხელები ზედმეტად და უსარგებლოდ მოეჩვენა, თუმცა არ უნდოდა, რომ ეს ყველაფერი საბრინასაც შეემჩნია და დაეფიქსირებინა, ამიტომაც სახლისკენ უხმოდ გასწია და თანაც ისე, რომ უკან არც კი მოუხედავს.
-ასე უსინდისოდ არავინ მომქცევია! ეს... როგორ შეიძლება?-ხელები დაბნეულმა გაასავსავა საბრინამ და ცხვირაბზუებული, თითქოს ამით წარსულ პატივსა და სახელს დაიბრუნებდა, ფეხზე წვალებით დადგა. მისდა საუბედუროდ, ამ მდგომარეობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო, რადგან სებასტიანის მიერ უყურადღებოდ დაგდებულ ჩამქრალ ჩირაღდანს წამოედო და კვლავ მიწაზე აღმოჩნდა.
საბრინამ ენა კბილებს შორის მოიქცია, სიმწრისგან რომ არ ეკივლა. საკმარისი იყო სებასტიანის შთაბეჭდილება მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საკუთარი ნერვების სიჯანსაღეში უკვე თვითონვე ეპარებოდა ეჭვი, თუმცა ვინ იცის, იქნებ ახლა უფრო მეტად სულელი იყო, უცაბედად შემხვედრი მძარცველის ბოროტ ბრალდებას რომ უგდებდა ყურს, ვიდრე მაშინ, როცა უსიტყვოდ ასრულებდა ჯოზუეს მითითებებს.
-წამოწექიო...-გაახსენდა საბრინას სახლისკენ მიმავალ გზაზე.-ჰო, მგონი, ასე თქვა... განა რამ გამაბრაზა ასე? სიმართლე რომ ითქვას, მართლაც უაზროდ მოვიქეცი... პატარა ბავშვივით... ვიწექი, აბა, რა, მაგრამ, არა მგონია, ასე ჩემთვის იმ ჯენტლმენს მოემართა, რომელსაც ჩემს ქუჩაზე უკანასკნელად ყოფნის დღეს შევხვდი...
საბრინამ ჩუმი ფხუკუნით შეაბიჯა დერეფანში.

^^^
მეხუთე თავში უკვე შეძლებთ, რომ ახალი პერსონაჟი უკეთესად გაიცნოთ.
ამავდროულად დღეს განსაკუთრებით ჩაიხლართა მოვლენები საბრინას ცხოვრებაში, რაშიც მომავალში აუცილებლად დარწმუნდებით.
მეექვზე ეპიზოდში შევეცდები მოგადაჯოვოთ ზღაპრული ქალაქის, მანაროლას აღწერით.
იმისთვის, რომ ის მალე იხილოთ, აუცილებლად გამოხატეთ თქვენი აზრი...
უყვარხართ სოფიკოს!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Shorena kiladze

Deda ra xdeba ak azri gonshi ar var jed verapers ver vaskvni da vpjkrob.magram rac kaia ka i a rogir sheutia sabrinam ar yopila mtkad xelit satrevi.:) vnaxot erti ra moxdeba .gelofebi chemo knuto

 



№2  offline მოდერი sopiko

Shorena kiladze
Deda ra xdeba ak azri gonshi ar var jed verapers ver vaskvni da vpjkrob.magram rac kaia ka i a rogir sheutia sabrinam ar yopila mtkad xelit satrevi.:) vnaxot erti ra moxdeba .gelofebi chemo knuto

აბა, შორე, ჩემი მიზანიც ეგაა, რომ აგიბნიოთ თავგზა ;დდ
კნუ’წ’ს უყვარხარ!

 



№3  offline წევრი ბიბი

ერთერთი ყველაზე გამორჩეული წერის მანერა გაქვს, რაც ძალიან მომწონს, და არ მყოფნის არასდროს რაც არ უნდა გაზარდო თავები <3

 



№4  offline მოდერი sopiko

ბიბი
ერთერთი ყველაზე გამორჩეული წერის მანერა გაქვს, რაც ძალიან მომწონს, და არ მყოფნის არასდროს რაც არ უნდა გაზარდო თავები <3

დიდი, დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent