შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 1]


12-05-2018, 15:24
ავტორი ჰაიკო
ნანახია 313

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 1]

მუხის ხის მძიმე მაგიდასთან ორი მამაკაცი იჯდა, ერთი იყო მხარბეჭიანი, მხრებზე დაყრილი ქერა თმით, ჟღალი წვერით და გამსჭვალავი ცისფერი თვალებით, მის მოპირდაპირედ იჯდა შავგვრემანი სიმპათიური მამაკაცი, სასტიკად მომზირალი წყვდიადივით შავი თვალებით, მკაცრი, დემონური გამომეტყველებით, ორივე მამაკაცს თითქმის ერთნაირად ეცვა, შავი ზედა, შავი შარვალი და მძიმე, ქუსლმოღრეცილი ჩექმები, მხრებზეც ერთნაირი-შავი მოსასხამები მოეგდოთ დაუდევრად.
- ლუციუს, - ამბობდა შავგვრემანი მამაკაცი, - ახლა სისუსტის გამოჩენის დრო არ არის, ჩვენ თითქმის ბოლომდე გავანადგურეთ ისინი..
- ცდები, კოვაქს, - მიუგო ქერა მამაკაცმა, ელეგანტური მოძრაობით ჯიბიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო, ტუჩებზე მიიდო და კვლავ ჯიბეში ჩაიდო, - ამ მოქმედებას სისუსტის გამოჩენაარ ჰქვია...დროა დავიოკოთ სისხლის და შურისძიების წყურვილი და შედარებით ცივილიზებული ნაბიჯებით ვცადოთ პრობლემის აღმოფხვრა.
კოვაქსად წოდებულმა ზიზღით ჩაიცინა, მისი სახე უკიდურეს გამძვინვარებას გამოხატავდა, ის ფეხზე წამოდგა და ზურგზე ხელებდაწყობილმა მძიმე ჩექმების ბრაგა-ბრუგით გაიარ-გამოიარა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, ბოლოს მაგიდის წინ შესდგა და ქერას ჯიუტი მზერა მიაპყრო.
- შეცდომას ვუშვებთ, დღეს შეიძლება ისინი დაგვთანხმდნენ და ზავის პირობები მიიღონ, - თქვა მან ხაზგასმით, - მაგრამ ეშმაკმა იცის, როდის ამოქმედდებიან კვლავ, ჩემი მოსაზრება შეიძლება არაცივილურია, მაგრამ სამაგიეროდ ასპროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ მომავალში მსგავსი სისხლისღვრა აღარ განმეორდება, - ის მაგიდას დაეყრდნო, წინ გადაიხარა და ქერა მამაკაცს დაჟინებით მიაცქერდა, - ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ისინი სიტყვას შეასრულებენ.
- მით უარესი მათთვის, - სიბნელიდან წარმოთქვა მესამე ხმამ, რომელიც ეკუთვნოდა ფანჯარასთან, მაგიდისკენ ზურგშექცევით მდგომ მაღალ, ათლეტური აღნაგობის მამაკაცს, რომელიც ლუციუსის და კოვაქსის მსგავსად გამოწყობილიყო, - ის შემობრუნდა და ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა მაგიდას. ეს იყო დაახლოებით ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, მძლავრი აღნაგობით, შავგვრემანი სახით, შავი თმით და მელანქოლიური შავი თვალებით, სწორი ცხვირი და მტკიცე ნიკაპი მის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებდა, ერთადერთი, რაც მის უსაშველოდ სიმპათიურ გარეგნობას შავ ზოლად გასდევდა, ეს იყო საშინელი ნაიარევი, რომელიც მარცხენა თვალის კუთხიდან იწყებოდა, ჩამოსდევდა ლოყას და ყურის ბიბილოსთან მთავრდებოდა.
- მარკუს, - სწრაფად მიუბრუნდა მას კოვაქსი, - შენც ფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ზავის დადება ერთადერთი გამოსავალია?
მარკუსმა ნელა გადააქნია თავი.
- არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი, - მშვიდად და მტკიცედ თქვა მან, - ჩვენ პირველყოფილები ვართ და ჩვენი ძალა განუზომელია, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია დავხოცოთ ისინი, ყველა, - მარკუსმა პაუზა გააკეთა, - მაგრამ კოვაქს, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
კოვაქსს პასუხი არ გაუცია, უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და სკამზე ჩამოჯდა.
- რას გვთავაზობ, მათ-ამ ბინძურ ძაღლებს თავი დავუხაროთ?
- მე ლუციუსს ვეთანხმები, - თქვა მარკუსმა ურყევად, - შევთავაზოთ მათ ზავი, ვნახოთ, რას იტყვიან, ამიტომაც მოვიწვიეთ ისინი აქ.
თითქოს მისი სიტყვების დასტურად, კარზე კაკუნი გაისმა.
- სამნი არიან, - სწრაფად თქვა კოვაქსმა, - თქვენ დაელაპარაკეთ, არ მინდა ინსტინქტებმა მძლიოს, - ის უხმოდ განმარტოვდა ოთახის მიყრუებულ, ჩაბნელებულ კუთხეში.
ლუციუსის მოპატიჟების შემდეგ, ოთახში შემოვიდა სამი მამაკაცი. ერთი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ადამიანი იყო, შეშინებული გამოიყურებოდა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და დანარჩენი ორის ზურგს უკან ყოფნას ცდილობდა, მან სასოწარკვეთით დაუქნია თავი მომღიმარე პირველყოფილებს და დანარჩენი ორის მსგავსად მაგიდასთან დაიკავა ადგილი.
- დარწმუნებული ვიყავი, ბოგდანი პატივს დაგვდებდა და თავად გვესტუმრებოდა მოლაპარაკებაზე, - ცივად თქვა ლუციუსმა.
- მის მაგივრად ჩემთან მოგიწევთ შეთანხმება, - თავხედურად თქვა ერთ-ერთმა მამაკაცმა და ფრთხილი მზერით გახედა მარკუსის მოღუშულ სახეს, მასზე ბევრი სმენოდა.
- კარგი, - დასთანხმდა ლუციუსი, - თქვენი ნებაა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუ თავად ბოგდანი დაგვესწრებოდა... მოკლედ, ჩვენ გვინდა ზავი შემოგთავაზოთ.
მგელკაცმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- ზავი? მას შემდეგ, რაც თქვენ ჩაიდინეთ? მას შემდეგ, რაც თითქმის მთელი კლანი გაანადგურეთ? სასაცილოა...
- თქვენ ჩვენს წინააღმდეგ იარაღი არ გაგაჩნიათ, - მკაცრად ჩაერთო მარკუსი და მაგიდაზე ფოლადივით მტკიცე თითები აათამაშა, - ეს ომი თუ გაგრძელდა, თქვენი სრული განადგურებით დასრულდება, იფიქრეთ ამაზე.
სტუმრებს პასუხი არ გაუციათ, ერთმანეთს გადახედეს, პირველყოფილი მწარე სიმართლეს ამბობდა.
- გირჩევთ, მიიღოთ ჩვენი პირობები, - თქვა ლუციუსმა, - სხვა შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება თქვენთვის.
- თუ ზავს დავდებთ, - ჩაერია ნერვიული მამაკაცი, ქალაქის საიდუმლო საბჭოს წევრი, - ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს.
- კერძოდ? - იკითხა მარკუსმა.
- სალემიდან უნდა წახვიდეთ, პირველყოფილებიც და ვამპირებიც.
მარკუსმა ბოროტად ჩაიცინა.
- მაქციებზე რას იტყვით? - თითით ანიშნა მგელკაცზე.
- ჩვენ და ბოგდანის ხალხი ერთმანეთს არ ვეომებით.
- მართლა? - გაწელა ლუციუსმა, - ახლა ჩვენი პირობები მოისმინეთ : ომი შეწყდება, ვამპირები წავლენ ამ ქალაქიდან, - მან მკაცრად გახედა ვამპირთა წარმომადგენელს, რომელიც კრძალვით შეჰყურებდა, - მაქციები ტყეს დაუბრუნდებიან, საიდუმლო საბჭო კი დაიშლება, ყველა ბედნიერად და უზრუნველად იცხოვრებთ, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ზავის პირობები სრულდება, იმ დღესვე დავტოვებთ სალემს.
სტუმრები ჩაფიქრდნენ.
- და თუ არ დავთანხმდებით ზავის პირობებს? - იკითხა მგელკაცმა.
- მაშინ უკლებლივ ყველას დაგხოცავთ, ვამპირებსაც და მაქციებსაც, - დამცინავი ხმა მოისმა და სიბნელიდან ავად მომზირალმა კოვაქსმა გამოაბიჯა, - თქვენი კლანები გაქრება და სალემიც აღიგვება პირისაგან მიწისა.
- ეს ულტიმატუმს ჰგავს, - გააპროტესტა საიდუმლო საბჭოს წარმომადგენელმა.
- თქვენ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვთ, - თვალი თვალში გაუყარა მარკუსმა, - მოსაფიქრებლად სამ დღეს გაძლევთ, ამ ვადის ამოწურვისას თუ თქვენი პასუხი არ გვეცოდინება, ჩვენ მოქმედებას დავიწყებთ, კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონებო, - მარკუსმა თავი დაუკრა სტუმრებს და ამით აგრძნობინა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო.
- დამიჯერეთ, - თქვა კოვაქსმა ნიშნისმოგებით, როდესაც სტუმრები წავიდნენ, - საიდუმლო საბჭო ადამიანებისგან შედგება და შეიძლება შიშის გამო დაგვთანხმდნენ ზავზე, ასევე ვამპირებიც-მათთვის ჩვენ ნახევრად ღმერთები ვართ, მაგრამ მაქციები, - უკვდავმა პაუზა გააკეთა, - მათ ბუნებას ვერ შეცვლი მარკუს, ისინი არასდროს დაივიწყებენ ჩვენს მიერ დაღვრილ თანამოძმის სისხლს, წლები გავა, შეიძლება საუკუნეებიც და ისინი დაელოდებიან, მოთმინებით დაელოდებიან მომენტს, როდესაც უკანასკნელ, სასიკვდილო დარტყმას მოგვაყენებენ.
- შესაძლებელია მართალი ხარ, - მიუგო მარკუსმა, - მაგრამ დღესდღეობით ეს საუკეთესო გამოსავალია.
ლუციუსი წამოდგა, კედლის ბარიდან ბოთლი გამოიღო და ჭიქებში ჩამოასხა.
- არაყი, - თქვა მარკუსმა და გამჭვირვალე სითხე შეათვალიერა, - ცეცხლოვანი წყალი, როგორც კონორი უწოდებს.
ლუციუსმა და კოვაქსმა ჩაიცინეს, სამივე პირველყოფილმა ღიმილით მოიყუდა ცეცხლოვანი წყლით სავსე ჭიქები.

*****
თბილი საღამო იდგა, ნიავი ოდნავ არხევდა ფოთლებს. მარკი და მია ხელიხელჩაკიდებულნი მისეირნობდნენ ქუჩაში. ხალხი გარეთ გამოფენილიყო, მათ საკუთარ ეზოებში მოეკალათებინათ, სხვადასხვა ყოველდღიურ საკითხზე მსჯელობდნენ, ჩამავალი მზის სხივებს მიფიცხებოდნენ და უდარდელად შეექცეოდნენ ლუდს, ჩაის და სხვადასხვა სასმელს.
- მარკ, დღეს საკუთარ თავს არ ჰგავხარ, - ამბობდა გოგონა და ბიჭს დაკვირვებული თვალით შეჰყურებდა, - იმედია ისევ ოჯახში არ მოგსვლია უთანხმოება.
- არა, - ყოყმანით თქვა მარკმა, - მამაჩემთან მგონი ცოტა დავალაგე ურთიერთობა...შევამჩნიე, რომ ის მართლა ცდილობს ჩემთან დაახლოებას, მაგრამ ეს ჩემთვის ადვილი არაა, ხომ გესმის? - მარკმა გოგონა შეაჩერა, მხრებზე ხელები დააწყო და თვალებში ჩახედა.
- მესმის, - გულწრფელად უთხრა გოგონამ, - რთულია მამად მიიღო ადამიანი, რომელიც მხოლოდ ახლახანს გაიცანი, რა თქმა უნდა შენს მხარეს ვარ და თანაგიგრძნობ, მარკ, მაგრამ ის მამაშენია და არ შეიძლება მთელი დარჩენილი ცხოვრება მის დასჯაში გაატარო.
- ასეა, ვიცი, - თქვა მარკმა, მიას კვლავ ხელი ჩაჰკიდა და მუხების ხეივანს გაუყვნენ, აქ სალემის ადმინისტრაციული საზღვარი მთავრდებოდა, მაგრამ არ მთავრდებოდა ხეივანი.
- შენს მშობლებს როდის გამაცნობ? - გაიღიმა გოგონამ.
მარკმა ჩაიცინა, პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ მათ გვერდით შერიფ კრამერის საპატრულო პიკაპი ამოუდგათ და მისი უხეში ხმაც გაისმა.
მარკი და მია შეჩერდნენ და შერიფს მიესალმნენ.
- გამარჯობა, ბავშვებო, - მანქანიდან გამოსძახა შერიფმა, - ხომ არაფერს აფუჭებთ?
- არა, ბიძაჩემო, - მიუგო მარკმა და მიას ხელი გადახვია, - მია, გაიცანი, შერიფი კრამერი, შერიფო კრამერ, იცნობდე-მია ჯეკსონი.
შერიფმა ძველმოდურად მიიტანა ორი თითი ფართოფარფლიან ქუდთან.
- მის ჯეკსონ, ქალაქის საზღვარს გამოცდენიხართ, ამ ვაჟბატონმა ხომ არ მოგიტაცათ? შემიძლია დავაპატიმრო...
ამ სიტყვებს მიას ხმამაღალი კისკისი მოჰყვა.
- საჭირო არაა, შერიფო, სიტუაციას ვაკონტროლებ.
- კარგი, მაშინ მე წავალ, მეტს აღარ მოგაცდენთ, - შერიფმა მიას თავი დაუკრა, მარკს ფარულად ცერა თითი აჩვენა, აქაოდა შენი არჩევნით კმაყოფილი ვარო და მანქანა ძრავის ღმუილით დაძრა.
მიამ ღიმილით გააყოლა თვალი.
- კარგი ადამიანი ჩანს, მასზე შენგან ბევრი მსმენია.
- ჰო, - უბრალოდ დაეთანხმა მარკი, - ძალიან უხიაგი ხასიათი აქვს, მაგრამ დათვივით კეთილია.
ამასობაში ისინი ხეივანსაც გასცდნენ და მიყრუებულ კვარტალში გავიდნენ, მარკს ხასიათი გამოუკეთდა და მიასთან მხიარულ საუბარში ჩაერთო. არცერთს არ შეუმჩნევია ორი მამაკაცი, რომლებიც ფარულად აედევნენ, მიამ და მარკმა ვიწრო ქუჩაზე შეუხვიეს და თავისდა მოულოდნელად ჩიხში აღმოჩნდნენ, მათ უკან გამობრუნება დააპირეს, მაგრამ ამ დროს პირისპირ შეეჩეხნენ ორ უცნობს, რომლებიც ვიწრო ჩიხიდან ერთადერთ გასასვლელს კეტავდნენ.
- ბიჭებო, - მიმართა მარკმა და მია სწრაფად ამოიყენა ზურგსუკან, - ფული არ გვაქვს, შეგიძლიათ ჩვენი მობილური ტელეფონები წაიღოთ.
- ფული? რომელ ფულზეა აქ საუბარი, - ჩიხის მეორე მხრიდან წარმოთქვა სხვა ხმამ. მარკი სწრაფად შეტრიალდა და დაინახა კიდევ ორი უცნობი, რომლებიც ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ.
- ალყაში ვართ, - სინანულით გაიფიქრა მარკმა, მია ხელისკვრით კედელთან მიაგდო, წინ აეფარა და საჩხუბრად მოემზადა, ფიზიკურად სულაც არ იყო სუსტი და კოლეჯშიც ჩხუბისთავის სახელი ჰქონდა გავარდნილი, მაგრამ ოთხ მოწინააღმდეგესთან გამკლავება მის ძალებს აღემატებოდა.
- ჩვენ აქ ფულისთვის არ მოვსულვართ, - დაიღრინა ერთ-ერთმა და ალესილი ეშვები გამოაჩინა, თვალები კი სისხლით აევსო.
მიას ამის დანახვაზე შიშისგან ენა წაერთვა, უმწეოდ ჩააფრინდა მარკს მაისურში და პირზე ხელი აიფარა, რომ არ წამოეკივლა.
- მია, თვალები დახუჭე, - ჩუმად თქვა მარკმა.
- ვინ...ესენი ვინ არიან...
- ვამპირები, - ბოღმით თქვა მარკმა, მათთან შედარებით საკუთარი უძლურება აცოფებდა, ნანობდა, სეირნობაში რომ გაეპარათ მანძილი და ასე დაშორდნენ დასახლებულ ადგილებს. მიხვდა, რომ მას და მიას ვეღარაფერი უშველიდათ.
- ვამპირები? - ჩამწყდარი ხმით ამოთქვა გოგონამ, კვლავ თვალებგაფართოებული მისჩერებოდა თავისი ფანტაზიებიდან გაცოცხლებულ სისხლისმსმელ ურჩხულებს.
- კონორმა გადმოგცა, რომ ძალიან წუხს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, - თქვა ერთ-ერთმა ვამპირმა, მარკს საყელოში სწვდა და ყელში ჩასაფრენად მოემზადა.
- მისამართი შეგეშალათ, მეგობრებო, - წარმოთქვა ძალიან ნაცნობმა, მტკიცე და ცინიკურმა ხმამ. მარკის წინ მდგარი, თავდასხმისთვის გამზადებული ვამპირი უჩინარმა ძალამ ადგილს მოსწყვიტა და აგურის კედელს შეახეთქა, წამზე უსწრაფესად კი მარკისკენ და მიასკენ ზურგშექცევით მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი იდგა, წყვდიადივით შავი თვალებით და ირონიულად იღიმებოდა.
- უკვე მომბეზრდა ძიძის როლში ყოფნა, ბიჭუნა, - უკანმოუხედავად თქვა მან, ხელები მოიფშვნიტა და მოჭუტული თვალებით გახედა ოთხ ვამპირს, რომლებიც ნახევარწრედ შემორტყმოდნენ მათ და თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.
- კოვაქს, - სიხარულით თქვა მარკმა, - შენ აქ ხარ...და ჩვენ გვეხმარები?
- რა თქმა უნდა, - მიუგო კოვაქსმა, - ნუ ჩაერევი, რამე რომ დაგემართოს, ლუციუსის ბუზღუნის მოსმენა კიდევ ორას წელიწადს მომიწევს, ასე რომ, შეგიძლია მაყურებლის როლით დაკმაყოფილდე და ისიამოვნო...მის ჯეკსონ, უმორჩილესად გთხოვთ, კედლისკენ შებრუნდეთ, მაინცდამაინც სახარბიელო სანახაობას ვერ შეგპირდებით.
ამასობაში თავდამსხმელებმა შეამჩნიეს მოწინააღმდეგის თითზე მოელვარე გვირგვინოსანი ბეჭედი და შეყოყმანდნენ. ისინი კოვაქსს გარეგნობით არ იცნობდნენ, მაგრამ ეს ბეჭედი ბევრ რამეზე მეტყველებდა.
- მეგობარო, - მიმართა ერთ-ერთმა ვამპირმა, - შენთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, შენს გზაზე წადი, ჩვენ კი იმას გავაკეთებთ, რისთვისაც მოვედით.
- სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში თქვენი და ჩემი ინტერესები ერთმანეთს კვეთს, - დამცინავად მიუგო კოვაქსმა, ძვირადღირებული კოსტიუმი სწრაფად გაიხადა და ფრთხილად მიაწოდა მარკს.
- შენი მოკვლა არ გვინდა, - დაიღრინა ისევ მან, ვინც რამოდენიმე წუთის წინ გამოელაპარაკა კოვაქსს.
- მეგობარო, - მიმართა კოვაქსმა, - ვამპირის მიერ პირველყოფილის შესაძლებლობების შეუფასებლობა უეჭველ სიკვდილს უდრის.
ამ სიტყვების გაგონებაზე ვამპირებმა შეშფოთებით გადახედეს ერთმანეთს, აქამდე ეგონათ, რომ ეს ბეჭედი მხოლოდ უცხო თვალის მოსატყუებლად იყო.
- შენ...რა გქვია?
- ვწუხვარ, - ბოროტად გაიღიმა კოვაქსმა და ვამპირები მისი ელვისებური ტრანსფორმაციის მომსწრენი გახდნენ, თავზარდაცემულებმა შენიშნეს როგორ ჩამოეზარდა საშინელი ეშვები, ლოყებზე სისხლძარღვები დაებერა, ხოლო თვალები სისხლის ტბებს დაემსგავსა.
- ჯანდაბა, - აღმოხდა თავდამსხმელ ვამპირთა მეთაურს და უკან დაიხია, - პრიმუმი...
კოვაქსმა დემონური ხმით გადაიხარხარა და გაქრა, ის წამის მეასედში გაჩნდა ერთ-ერთი ვამპირის უკან, ერთი ხელით ყელში სწვდა, მეორეთი-თმაში და სანამ დანარჩენები რეაგირებას მოასწრებდნენ, მოგლეჯილი თავი ნელა გაგორდა ვამპირთა წინამძღოლის ფეხებისკენ. გადარჩენილებმა თვალი ვერ შეასწრეს, ისე უცებ ამოგლიჯა გული მეორე ვამპირს ამ საშინელ დემონად ქცეულმა არსებამ და ღიმილით დახედა. დანარჩენი ორი ვამპირი კედელზე ახტა თავის გადასარჩენად, მაგრამ კოვაქსი მათზე გაცილებით სწრაფი იყო, მან ღობეს წაწვეტებული ფიცარი მოამტვრია და ერთ ვამპირს გულში გაუყარა, მეორეს კი მკერდში უძლიერესი დარტყმა მიაყენა, კედლიდან დაბლა გადმოაგდო და თაზე წამოადგა.
- ვფიქრობდი, - გაწელა მან მშვიდად, - ცოცხალი გამეშვი, დანარჩენების ჭკუის სასწავლებლად, მაგრამ... - ის ყელში სწვდა მის ფეხებთან დაცემულს და თვალებში ჩააშტერდა, - ვინ გიბრძანათ ამ ბიჭის მოკვლა?
- კონორმა, - დაიხრიალა სუნთქვაშეკრულმა და თვალებგადმოკარკლულმა უკვდავმა, - კონორმა...მან იცის რომ მარკუსის სული მასშია...ნუ მომკლავ, გევედრებით...
კოვაქსმა შეუბრალებლად გააქნია თავი.
- ამ ბიჭზე თავდასხმით თქვენ უკვე გამოუტანეთ საკუთარ თავს განაჩენი, - მან სწრაფი დარტყმით მკერდი შეუნგრია, გული ამოაცალა და გვერდით დაუდევრად მიაგდო, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ღიმილით გახედა აკანკალებულ მიას და თვალებგაფართოებულ მარკს, რომელმაც პირველად იხილა მისი სისწრაფე და ძალა.
კოვაქსი მარკს მიუახლოვდა, კოსტიუმი ჩამოართვა და ჩაიცვა, შემდეგ პორტსიგარი ამოიღო და სიგარეტს მოუკიდა.
- გვითვალთვალებდი?
- გიცავდი, - უკმეხად შეუსწორა კოვაქსმა და მიას გახედა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო შოკიდან.
- რას გვიპირებ?...მან ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა, - მიაზე ანიშნა მარკმა, - მისთვის რამის დაშავების უფლებას არ მოგცემ, ჯერ ჩემი მოკვლა მოგიწევს.
კოვაქსმა ჩაიცინა და სიგარეტის ფილტრი ქუსლით მიასრისა ასფალტს.
- მართლა ასეთი ურჩხული გგონივარ, ამის მოსაგვარებლად საკმაოდ ადვილი გზა არსებობს.
- შთაგონება, - მიხვდა მარკი, - მიდი, ოღონდ ფრთხილად.
კოვაქსმა მოუთმენლად დაუქნია თავი, მიას მიუახლოვდა, საფეთქლებში ხელი მოჰკიდა, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. გოგონა გაუცნობიერებლად ემორჩილებოდა.
კოვაქსმა თვალები დახუჭა და თითქოს ჩაფიქრდა, რამოდენიმე წამის შემდეგ გოგონას ხელი შეუშვადა განზე გადგა.
- მზადაა, მას მხოლოდ მანამდე ახსოვს, სანამ ამ ჩიხში მოხვდებოდით. ახლა კი, წადით აქედან და ფრთხილად იყავით...არ დაგავიწყდეს, რამდენიმე დღეში პასუხს ველოდებით.
მარკმა თავი დაუქნია, გახევებულ გოგონას ხელი მოჰკიდა და სწრაფად გაიყვანა კოვაქსის მიერ მოწყობილი სასაკლაოდან.
მათი წასვლის შემდეგ კოვაქსმა ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.
- ლუციუს...მე ვარ... რა თქმა უნდა, სადაც მე ვარ, იქ ყოველთვის ყველაფერი რიგზეა, ბიჭზე ნუ ღელავ, - მან ღიმილით გათიშა ტელეფონი, ჯიბეში ჩაიცურა და ვამპირების გვამებს მზერა შეავლო...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ხომ საშინელი ტიპია კოვაქსი, მაგრამ რაღაც მიმზიდველია მასში:დდ ვამპირი და კარგი წარმოუდგენელია, მაგრამ რაღაცნაირი იუმორიც დაყვება ამ ყველაფერს. მომწონს ძალიან

 



№2  offline წევრი ჰაიკო

ოო, კოვაქსი? თქვენ გგონიათ ბოლომდე იცნობთ კოვაქსს? wink
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კოვაქსი მაოცებს wink დარწმუნებული ვარ უკვე იცი და მარკუსის გამოღვიძების შემდეგ როგორ შეიცვლება,მაგრამ იმედია მარკის ცნობიერებაც რაღაც დოზით დარჩება.უფრო სინტერესო ხდება ეს ისტორია heart_eyes
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent