შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 3]


14-05-2018, 21:09
ავტორი ჰაიკო
ნანახია 186

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 3]

....შავგვრემანმა, სიმპათიურმა მამაკაცმა ტუჩის კუთხიდან მდორე ნაკადულად ჩამომავალი სისხლი დაუდევრად მოიწმინდა და მსხვერპლს დახედა. მის ფეხებთან ოციდან ოცდახუთ წლამდე ბიჭი იწვა, ქერა თმა უწესრიგოდ ასჩეჩვოდა და მხრებზე დაჰყროდა, ნახევრადდახუჭულ თაფლისფერ თვალებში შიში და შეძრწუნება ჩაჰყინვოდა.
- იმედს ვიტოვებ, არ მოგიკლავს, - მეორე ოთახიდან გამოაბიჯა მაღალმა, მხარბეჭიანმა მამაკაცმა, რომელსაც ცისფერი რენტგენისებური თვალები და მკაცრი გამოხედვა ჰქონდა. მან ჯერ ძირს მწოლიარე შეათვალიერა დაკვირვებული მზერით, შემდეგ შავგვრემან მამაკაცს გახედა, რომელიც მთელი თავისი არსებით თვითკმაყოფილებას და შინაგან ძალას ასხივებდა. უსაშველოდ სიმპათიურ სახეზე წყვდიადივით შავი თვალები უელავდა.
- არ მგონია, - თქვა მან, ძირს დაიხარა და ბიჭს კისერზე ორი თითი მიადო, ერთხანს თვალებმოჭუტული აკვირდებოდა, შემდეგ წელში გასწორდა და ცისფერთვალებას ღიმილით გახედა, - ლუციუს, სჯობს ჩემი ნიჭის და თავშეკავების უნარის აღიარება დაიწყო.
ცისფერთვალებამ გაიღიმა, თუ მისი მკაცრად მოკუმული ტუჩების ოვალურ ფორმაში გადასვლას ღიმილი შეიძლება ეწოდოს.
- ჰო... - თქვა მცირე ხნის შემდეგ, - თუნდაც მოკვდეს, ჩვენ საკუთარ სინდისთან მართლები ვართ...მან იცოდა, რასაც აკეთებდა, - ის ნახევრად შებრუნდა მეორე ოთახისკენ, - რებეკა, ის უგონოდაა, - შემდეგ სმოკინგის შიდა ჯიბიდან ოქროს ძეწკვზე გამობმული ოქროსავე საათი ამოიღო და დააკვირდა, - ხუთი წუთი დარჩა თორმეტ საათამდე, დროა დავიწყოთ.
მეორე ოთახიდან გამოვიდა ქალი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის საზომებით მართლაც მშვენიერ არსებად შეიძლებოდა ჩაგეთვალათ, დაახლოებით ოცდახუთი წლის იქნებოდა, მაღლა აწეული შოკოლადისფერი თმა ვერცხლის სარჭით დაემაგრებინა, შავი კაბა ეცვა, რაც მშვენივრად ერწყმოდა მის ასევე შოკოლადისფერ თვალებს. ის ღიმილით მიუახლოვდა შავგვრემან მამაკაცს და ხელი გაუწოდა. შავგვრემანმა გრძელი, ორლესული დანა გაუწოდა, შემდეგ ცისფერთვალებას ანიშნა, მათ ძირს მწოლიარეს ფეხებში და იღლიებში ხელი მოჰკიდეს და ოთახის ცენტრში ნახშირით დახაზული ტოლგვერდა სამკუთხედის ცენტრში მოათავსეს, შემდეგ უხმოდ გადგნენ გვერდით.
- მასში პირველყოფილის შხამია, - გადაუჩურჩულა ცისფერთვალებამ შავგვრემანს, - რებეკა ძალიან ახალგაზრდაა ამგვარი რიტუალისთვის, როგორ ფიქრობ, შეძლებს ამას?
- ყველაფერზე ღელვა შენი შინაგანი ბუნებაა, - ჩაიცინა შავგვრემანმა, - ნუ ღელავ, ლუციუს, მას ყველაფერი გამოუვა.
ქალმა პატარა ჩანთა გახსნა, საიდანაც სამი თიხის ფიალა და შუშის თავდახურული პატარა კონტეინერები ამოალაგა.
- კოვაქს, - მიმართა ქალმა შავგვრემანს და ისიც მაშინვე მიუახლოვდა.
ქალმა დანა ხელისგულზე გადაუსვა და წანწკარით ჩამოდენილ სისხლს თიხის ფიალა შეუშვირა, იგივე გაიმეორა ცისფერთვალებასთანაც.
შემდეგ მესამე ფიალაში პირველყოფილების სისხლი ერთმანეთს შეურია და შუშის კონტეინერებს მოხსნა საცობები.
- ძალა, - იდუმალი ხმით თქვა ქალმა და ერთი-ერთი კონტეინერიდან ნაცრისფერი ფხვნილი სისხლით ნახევრადსავსე ფიალაში ჩაყარა, შემდეგ მეორე კონტეინერს დასწვდა, - სისწრაფე, - და ისიც ფიალაში ჩაუძახა.
- რას აკეთებს? - გადაუჩურჩულა კოვაქსად წოდებულმა ლუციუსს, ცისფერთვალება პირველყოფილს.
- ეს ფხვნილი "ვერცხლის ფიჭვის" ნაცარია, - დაუბრუნა ლუციუსმა და მხრები აიჩეჩა, - დანარჩენი მეც იმდენივე ვიცი, რამდენიც შენ.
- შთაგონება, - ქალმა მესამე კონტეინერში მოთავსებული ფხვნილიც სისხლს შეურია, შემდეგ დანა აიღო, სამკუთხედში მწოლიარეს მიუახლოვდა, დანა ნაცარგარეულ სისხლში ამოავლო და ბიჭს უცნაური იეროგლიფები ამოსჭრა ჯერ შუბლზე, შემდეგ ორივე ხელისგულზე.
- ეს რა ჯანდაბაა? - ვერ მოითმინა და კვლავ უჩურჩულა ლუციუსს კოვაქსმა.
ლუციუსს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მხრების აჩეჩვით შემოიფარგლა და კვლავ ქალის მოქმედებებს დააკვირდა.
ქალმა დანის წვერით მოურია ფიალაში მდგომ სითხეს, თან უცნაურად ბუტბუტებდა, შემდეგ ბიჭს ნახევრადგაღებულ პირში ჩაასხა, ხელები მკერდზე დააწყო და თვალები დახუჭა.
მისმა ბუტბუტის ხმამ ნელ-ნელა იმატა, ხმა უკვე მთელ ოთახში ისმოდა, ქალი წინ და უკან რიტმულად ირწეოდა და ბუტბუტს აგრძელებდა...მეორე ოთახის კარი ხმაურით დაიხურა და კვლავ გაიღო, მთელი სახლი შეზანზარდა, კედლებმა რყევა დაიწყო...
ბიჭის მკერდზე დაწყობილი ქალის ხელისგულებიდან უცნაური ცისფერი ტალღა გამოდიოდა და ბიჭის მკერდში უჩინარდებოდა. ქალი შეკრთა, ხელები აუცახცახდა, ბიჭის მკერდს ჩააფრინდა, გრძნობდა უხილავი ძალა როგორ ცდილობდა მისი ხელების მოშორებას, მაგრამ მთელი ძალით უძალიანდებოდა, სწრაფად იმეორებდა შელოცვას.
- რა ენაზე ლაპარაკობს? - დაინტერესდა კოვაქსი.
- ეს არამეულია, - მიუგო ლუციუსმა.
ამასობაში ბიჭის სხეული მთელი ნახევარი იარდით აიწია ჰაერში და ასე ლივლივებდა, თითქოს უწონად მდგომარეობაში, ეს რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ ბიჭის სხეული კვლავ იატაკზე დაეცა, კარმა შეწყვიტა ჭრიალი, სახლმა შეწყვიტა რყევა და ქალი წამოდგა, სახეზე უკიდურესი დაღლილობა აღბეჭდოდა, ის ლუციუსთან მივიდა და ძალაგამოცლილი ჩაეჭიდა მკლავში.
- კარგად ხარ? - ლუციუსმა ხელი შეაშველა.
- კარგად ვარ, - თავი დაუქნია ქალმა, - უბრალოდ მან მთელი ჩემი ენერგია შეისრუტა, - დასვენება მჭირდება...გირჩევთ, გაღვიძებისას აქ იყოთ, მის გვერდით და არსად გაუშვათ, სანამ გააცნობიერებს ვინ გახდა....
- ჯარედი ამას გაუმკლავდება, - დარწმუნებით თქვა კოვაქსმა და სიამაყით გახედა სამკუთხედში მწოლიარე სხეულს.
- იმედია, - თქვა ქალმა, - მე უნდა წავიდე, ის რამდენიმე წუთში გაიღვიძებს და ჩემი აქ ყოფნა არ შეიძლება.
- რა თქმა უნდა, - სწრაფად დაეთახმა ლუციუსი და კარამდე მიაცილა, სანამ ქალი გავიდოდა, ხელი მოჰკიდა და შოკოლადისფერ თვალებში ჩახედა, - რებეკა...მე.. მინდოდა მეთქვა...მოკლედ, ფრთხილად იყავი.
ქალმა თბილად გაუღიმა, თავი დაუქნია და კარებში გაუჩინარდა, მისი წასვლის შემდეგ ლუციუსმა სწრაფი ნაბიჯით გადმოკვეთა ოთახი და სამკუთხედში მწოლიარე ბიჭთან შედგა, სადაც კოვაქსი მუხლებზე იდგა და ყურადღებით დაჰყურებდა ბიჭის სახეს.
- შეხედე, - უთხრა მან ლუციუსს და ბიჭის შუბლზე ამოჭრილ იეროგლიფებზე მიუთითა, რომლებიც სწრაფად ხორცდებოდა მათ თვალწინ და იარების კვალიც კი აღარ რჩებოდა, - რებეკამ ყველაფერი სწორად გააკეთა, მის სხეულში ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და ძალიან მალე როგორც პირველყოფილი, ისე გაიღვიძებს...



******



კოვაქსი ბართან იჯდა მაღალ სკამზე, იდაყვებით დაყრდნობოდა და ფიქრებში წასულიყო, საფიქრალი კი იმაზე გაცილებით მეტი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს. არ უნდოდა, მაგრამ ლუციუსის სიტყვებს ეთანხმებოდა, ყველანაირად ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია ყოვლისმომცველი უცნაური გრძნობისკენ, რომელიც ყველა მხრიდან თავს ესხმოდა და უტევდა მის გაყინულ გულს და სხარტ გონებას, გოგო? სიყვარული? კოვაქსმა ჩაიცინა. ის ხომ პირველყოფილი ვამპირი იყო, ზებუნებრივთა სამყაროში ყველაზე ცნობილი სადისტი და შეუბრალებელი, მასზე არ მოქმედებდა ხვეწნა-მუდარა, ცრემლიანი თვალები, ყოველთვის იმას აკეთებდა, რასაც თვითონ თვლიდა სწორად და არავის აზრს ანგარიშს არ უწევდა. მან კვლავ ჩაიცინა და ვისკი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა, ცეცხლოვანმა სითხემ ყელი ჩაიარა და მკერდი გაუთბო. მან თავი გააქნია, მას არ სჭირდებოდა ეს ყველაფერი, არ უნდოდა ვინმე ჰყვარებოდა ან ვინმეს ჰყვარებოდა, არ დაუშვებდა ვინმეს შეეცოდებინა...მაგრამ...ნუთუ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მის შეხედულებებს ეს თითისტოლა გოგო დაანგრევდა, ვისაც ნორმალურად არც კი სცნობდა? ვისთან საუბარიც მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა? არა, ერთადერთი მიზანი, რაც მას თავისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში ჰქონია-ეს იყო მოკვლის დაუძლეველი სურვილი, სისხლის წყურვილი, ტკივილის მიყენების სურვილი, ის ყოველთვის ამას აკეთებდა და ამ საქმეში დიდოსტატი იყო, ახლა კი...კოვაქსმა ჩუმად შეიგინა და ბარმენს კიდევ ერთი ბოთლი ვისკი შეუკვეთა. "მე ასეთი ცხოვრება არ ამირჩევია", თითქოს თავის გასამართლებლად გაიფიქრა, "რა თქმა უნდა", - ეუბნებოდა შინაგანი ხმა, - " არ აგირჩევია, მაგრამ ამდენი მკვლელობები და დაღვრილი სისხლი ხომ შენი არჩევანია? "... კოვაქსმა კბილები გაახრჭიალა, სქელი შუშის ბოთლს ხელი მოუჭირა და ნამსხვრევებად აქცია, ხელისგულიდან სისხლმა გამოჟონა.
- სერ, - ჩუმად მიმართა ბარმენმა, - იქნებ...დღეისთვის საკმარისია?
კოვაქსმა ბოროტად ჩაიცინა, კვლავ ვიღაც ცდილობდა მისთვის ჭკუის სწავლებას. მან ხელისგულზე უკვე შეხორცებულ ნაიარევს თითი გადაუსვა და ბარმენს გახედა წყვდიადივით შავი თვალებით.
- ასე გგონია?
ბარმენმა გულუბრყვილოდ დაუქნია თავი.
- კარგი, - მოულოდნელად თქვა კოვაქსმა, ძლივს შეიკავა თავი, რომ ბარმენისთვის ეს უტვინო თავი არ წაეცალა, - ალბათ მართალი ხარ, - მან ოცდოლარიანი დააგდო და წასასვლელად ადგა, შემობრუნებისას კი შეეჩეხა ოცდახუთიოდე წლის ბიჭს, რომელსაც მოდური ვარცხნილობა ამშვენებდა, ქერა თმა ჰქონდა და თაფლისფერი თვალები, უცნაური ღიმილით გამომწვევად უყურებდა.
- ჯარედ, - დაიღრინა კოვაქსმა და მიმოიხედა.
ბიჭმა ბართან მაღალ სკამზე დაიკავა ადგილი.
- როგორც ვხედავ, შენს შექმნილთან შეხვედრა არ გახარებს, - ირონიულად თქვა ბიჭმა და ბარმენს მიუბრუნდა, - ერთი "სპრაიტი", თუ შეიძლება...შენ რას დალევ?
- შენთან ერთად არაფერს, - ცივად მიუგო კოვაქსმა, წასვლა გადაიფიქრა და სკამზე ჩამოჯდა, - აქ რას აკეთებ?
ჯარედმა "სპრაიტის" ქილა გახსნა.
- იმავეს, რასაც შენ, ვსეირნობ, აქაური ხედებით ვტკბები, ვისვენებ...შენც ხომ იგივეს აკეთებ, კოვაქს, თუ ვცდები? - ის კოვაქსისკენ გადაიხარა და თავლებში ღიმილით მიაშტერდა, - აქაურ საცოდავ გაზეთში ამოვიკითხე, რომ ვინმე მისტერ დარსიმ კოლეჯის დაფინანსება თავის თავზე აიღო, ჰოდა ვიფიქრე, წინა საუკუნეში ეს მისტერ დარსი ილინოისში აფინანსებდა კოლეჯს და უცებ აქ გაჩნდა, ყველაფერს მარტივად მივხვდი, კოლეჯი, მეცენატობა, მისტერ დარსი...ეს ხომ კოვაქსია-მეთქი, ამიტომ გამოვწიე აქეთ, ამ უბადრუკ ქალაქში, - ჯარედმა მონოლოგი დაასრულა და გამაგრილებელი სასმლის ქილა მოიყუდა, - ამას რა თქმა უნდა, სისხლი სჯობს, მაგრამ...
- ჩუმად, - კბილებში გამოსცრა კოვაქსმა და მიმოიხედა, - ვინმემ რამე რომ გაიგოს, ხომ იცი, ლუციუსი არ დაგინდობს.
- ლუციუსი? - სწრაფად შემობრუნდა ჯარედი, - ის აქ არის?
- არ იცოდი? - ირონიულად ჟღერდა კოვაქსის შეკითხვა.
- არა, მართლა არ ვიცოდი, - მიუგო ჯარედმა, - კოვაქს, შენი წყალობით მე პირველყოფილი ვარ და ამით დანარჩენ ვამპირებზე მაღლა ვდგავარ, გპირდები, კარგად მოვიქცევი, - მან გაიღიმა და შავგვრემან უკვდავს თვალი ჩაუკრა, - ესე იგი, ლუციუსიც აქაა...
- ჰო, - მოკლედ დაუდასტურა კოვაქსმა.
- რაღაც ხდება, ხომ? - ყურადღებით დააკვირდა ჯარედი, - სხვა შემთხვევაში თქვენ ერთდროულად ორივე ერთ ადგილას ვერ აღმოჩნდებოდით, არ მგონია, ეს უბრალო დამთხვევა იყოს.
- არა, არაფერი, - მიუგო კოვაქსმა უდარდელად, ბარმენს თავის დაკვრით დაემშვიდობა და წასასვლელად შებრუნდა.
- ჯანდაბა, - იყვირა ჯარედმა და ქილა დაბლა მოისროლა, - მე აქ კოლეჯში ჩარიცხვის აღსანიშნავად მოვედი, შენ კი ასე აპირებ მომილოცო? პასუხისმგებლობას ნუ გაურბიხარ...
კოვაქსს მხოლოდ სიტყვა "კოლეჯი" მოხვდა ყურში და ადგილზევე გაიყინა, მაშინვე გაიფიქრა, რომ ჯარედის მახვილ თვალს არ გამოეპარებოდა ამავე კოლეჯის მცირერიცხოვან სტუდენტთა შორის შოკოლადისფერთვალება მშვენიერი არსება. ის სწრაფად შემობრუნდა, ჯარედს საყელოში ჩაავლო ხელი და გარეთ გაათრია, დაწესებულების ავტოსადგომზე.
- უხეშობა რა საჭიროა, - თავი გაითავისუფლა ჯარედმა, - მაგრამ ეს ხომ შენი სტილია.
- ყურადღებით მომისმინე, - მრისხანე სახით გამოსცრა კოვაქსმა და ცხვირთან თითი დაუტრიალა, - კოლეჯს ახლოს არ გაეკარო, შეგიძლია მთელ სალემს გამოსჭრა ყელი, მაგრამ კოლეჯის სიახლოვეს თუ შეგნიშნე, იცოდე მოგკლავ...
- მართლა? - თავხედურად მიუგო ჯარედმა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, - ასეთი რა ხდება იმ კოლეჯში? თანაც, მე მხოლოდ სწავლა მაინტერესებს, - უცოდველი სახით დაასრულა მან.
კოვაქსს მოთმინება გამოელია, თვალები სისხლით აევსო, ეშვები წამიერად ჩამოეზარდა და ჯარედს ყელში სწვდა, ტუჩები ყურთან მიუტანა.
- შენ რა გაინტერესებს, ეს მე არ მაინტერესებს, - ჩასჩურჩულა, - უკანასკნელად გაფრთხილებ, იქაურობას არ გაეკარო, გასაგებია? - და ისე შეანჯღრია, ჯარედის კბილებმა კაწკაწი დაიწყო.
- გასაგებია, - ხელის კვრით მოიშორა ჯარედმა და თვალი გააყოლა, როგორ ჯდებოდა მანქანაში შავგვრემანი უკვდავი, - რაღაც შენს თავს არ ჰგავხარ, სად გაქრა ის შეუბრალებელი სადისტი, მე რომ ვიცნობდი? ეს აუცილებლად უნდა გავარკვიო, - თავის ქნევით თქვა მან და ბარში შებრუნდა, კოვაქსს, რასაკვირველია, მისი ბოლო სიტყვები არ გაუგონი, მანქანაში ჩაჯდომისთანავე ბოლომდე დააწვა აქსელერატორს და სალემისკენ გასწია, სწრაფად შევიდა ქალაქში, ერთ-ერთ მიყუჩებულ ქუჩაზე გააჩერა მანქანა და გზა ფეხით განაგრძო. მცირე ხნის შემდეგ გაჩახჩახებულ ორსართულიან სახლს მიაღწია, რომელსაც ერთ მხარეს ხეების რიგი ჩამოსდევდა, კოვაქსი ხეებს მოეფარა და სახლს გახედა. მეორე სართულის ფანჯარაში ადამიანის სილუეტი მოჩანდა, სავარაუდოდ გოგონა იყო, ის სარკის წინ იჯდა და შოკოლადისფერ გრძელ თმას ივარცხნიდა.
კოვაქსმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა, ერთხანს ზუმერს უსმენდა, შემდეგ ვიღაცამ უპასუხა.
- ჯარედი აქაა, სალემში, არ ვიცი აქ რას აკეთებს, მაგრამ გავარკვევ, - მიაყარა კოვაქსმა, აპარატი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა, შემდეგ ხის ტანს მიეყრდნო ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, გოგონას სილუეტი შეათვალიერა, თავი გააქნია და ამოიოხრა...скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ ძალიან რომ მინდოდეს,მაინც ვერ განვსაზღვრავთ რა მოხდება მომდევნო თავში,რაც უფრო საინტერესოს ხდის შენს ისტორიას.საინტერესოა ვინაა ჯარედი და რატომ გარდაქმნეს ის პირველყოფილ ვამპირად.
--------------------
ლანა

 



№2  offline წევრი ჰაიკო

არ მინდა რომ ნაწარმოები ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდეს, ვინც ამ ისტორიას კითხულობთ და თუ ერთი სული გაქვთ, როდის დამთავრდება, იმედები უნდა გაგიცრუოთ, ეს ალბათ ჯერ 10%-ია რაც გამოვაქვეყნე ამ ისტორიის, ჩათვალეთ, რომ ისტორია მხოლოდ ახლა შედის ასე ვთქვათ "ეშხში"" stuck_out_tongue_winking_eye
--------------------
????

 



№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჰაიკო
არ მინდა რომ ნაწარმოები ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდეს, ვინც ამ ისტორიას კითხულობთ და თუ ერთი სული გაქვთ, როდის დამთავრდება, იმედები უნდა გაგიცრუოთ, ეს ალბათ ჯერ 10%-ია რაც გამოვაქვეყნე ამ ისტორიის, ჩათვალეთ, რომ ისტორია მხოლოდ ახლა შედის ასე ვთქვათ "ეშხში"" stuck_out_tongue_winking_eye

ნამდვილად არ მსურს მალე დასრულდეს, მითუმეტეს თუ ასე საინტერესოდ გაგრძელდება
--------------------
ლანა

 



№4  offline წევრი ჟიზელი

ოოო , არ მინდა ,რომ ჩემს კოვაქსს ის გოგო უყვარდეს,რომელიც მარკს უყვარს.
რა უბედურებაა, ჯერ მარკუსი თუ გაიღვიძებს,მარკი აღარ იქნებიო და ახლა მისი გოგოც შეუყვარდა?
არა და კოვაქსიც მიყვარს და მარკიც :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent