შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 4]


16-05-2018, 20:05
ავტორი ჰაიკო
ნანახია 168

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 4]

....მამაკაცს ცხენი ჩორთით მიჰყავდა, უნაგირზე წელგამართული იჯდა, ამაყად გადმოჰყურებდა ზემოდან, როგორც ზევსი-ოლიმპოს მთიდან, გლეხები, რომლებიც ურმით ეზიდებოდნენ ტყიდან შეშას, ცხენოსნის ჩავლისას გზის პირას ჩერდებოდნენ, ქუდს იხდიდნენ და თავის დაკვრით ესალმებოდნენ. მალე გზა გაილია, ის კოხტად მოწყობილ ეზოსთან მთავრდებოდა, ჭიშკრიდან მოხრეშილი ბილიკი მიდიოდა სახლამდე. მხედარი ცხენიდან ჩამოხდა, ღობეს საბელით გამოაბა და ჭიშკარი შეაღო. სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, მამაკაცმა მიმოიხედა, ეუცნაურა სიტუაცია, ასეთი სიწყნარე არასდროს ახსოვდა საკუთარ ეზოში, სადაც შვილები ფეხებში ებლანდებოდნენ და იქაურობას ჟრიამულით იკლებდნენ, ახლა კი...
მამაკაცმა, შავგვრემანი, სიმპათიური სახით და შავი თვალებით, სახლის შემოგარენი ფრთხილი მზერით მოათვალიერა და მარჯვენა ხელი ქამარში გარჭობილ მოკლე მახვილის ტარს დაასვენა, ამ დროს მისი ყურადღება სახლის კარების ჭრიალმა მიიპყრო, მამაკაცი შესდგა და დაძაბული მიაჩერდა.
სახლის კარები ძალიან ნელა გაიღო, გამოჩნდა წაბლისფერთმიანი ქალი, რომელიც პირქვე დაცემული გაჭირვებით მოფორთხავდა და სისხლის კვალს ტოვებდა, თეთრი პერანგი სისხლით შეღებვოდა.
- ღმერთო ჩემო, - აღმოხდა მამაკაცს, მახვილს ხელი შეუშვა, ქალთან მიირბინა და მის წინ მუხლებზე დაეცა, გაოგნებული და შეძრწუნებული სახით ათვალიერებდა სისხლში მოსვრილ, უკვე სასიკვდილო აგონიაში მყოფ ქალს და სახეზე ეფერებოდა.
- ელიზავეტა, ელიზ, ელიზ, - გაუთავებლად იმეორებდა მამაკაცი და ცოლს სახეზე ეფერებოდა, - რა... რა მოხდა.. ღმერთო... ბავშვები სად არიან... - მან შეშლილი სახით მიმოიხედა გარშემო და თვალი შეასწრო, სახლიდან როგორ გამოვიდა ორი მამაკაცი.
- კოვაქს, - უკანასკნელი ძალების დაძაბვით ამოიხრიალა ქალმა და სიტყვებს სისხლის შადრევანი ამოაყოლა, - კოვაქს...გაიქეცი...- და სამუდამოდ დახუჭა თვალები.
სახლიდან გამოსულები თავზე დაადგნენ უბედურ ცოლ-ქმარს და ღიმილით დაჰყურებდნენ.
- არასდროს მესმოდა ადამიანური გრძნობების, - თქვა ერთმა, საშუალო სიმაღლის, ერთიანად შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა.
- გეთანხმები, - მიუგო მეორემ, რომლის ჩაცმულობა, გარეგნობა და ხმის ტონი მის აღმატებულ მდგომარეობაზე მეტყველებდა, ხელთ უცნაურად მოჩუქურთმებული კვერთხი ეპყრა, მუქი ლურჯი მოსასხამი მოეგდო მხრებზე, უკან გადავარცხნილი ჭაღარაშერეული თმა მხრებზე ეყარა, მწვანე თვალები და შევერცხლილი წვერი ჰქონდა. მან წვერზე ნელა ჩამოისვა ხელი და ცოლის გაცივებულ გვამთან დამხობილმა მამაკაცმა თვალი შეასწრო მსხვილ ოქროს ბეჭედს, რომელსაც სამეფო გვირგვინის გამოსახულება ამშვენებდა.
- რა ვქნათ, გაბრიელ, ესეც მოვკლათ? - იკითხა შავოსანმა.
- ნუ იქნები მტარვალი, ნათანიელ, - ირონიული ღიმილით შენიშნა ლურჯმოსასხამიანმა და გვირგვინოსან ბეჭედს თითი გადაუსვა, - მე ის ძალიან მომწონს, მასში შინაგან ძალას ვხედავ...მეხსიერება წაუშალე და თან წამოიყვანე, ის პირველყოფილი უნდა გახდეს....



*******



კოლეჯის პირველი სართულის აღმოსავლეთის ფრთაში განლაგებული იყო კაფეტერია, სადაც სტუდენტებს ლექციებს შორის შესვენებისას შეეძლოთ წაეხემსათ. ახლაც, კაფეტერიაში ჟრიამული იდგა, სტუდენტები ჯგუფ-ჯგუფად იჯდნენ პატარა, სხვადასხვა ფერის ოვალურ მაგიდებთან. მიას და მის მეგობრებს ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დაეკავებინათ ადგილი, მაგიდაზე ნახევრადშეჭმული პიცა და კოკა-კოლის რამდენიმე ქილა იდგა. ჯესიკა რაღაც სასაცილო ამბავს ჰყვებოდა და დრო და დრო თვალს აპარებდა კაფეტერიის შორეულ კუთხეში მჯდარი ბიჭისკენ, რომელიც ორ თანამოსაუბრესთან ლაზღანდარაობით იქცევდა თავს.
- ჯეს, - მიმართა მიამ და კეის თვალი ჩაუკრა, - აქ ერთ ბიჭს ძალიან მოსწონხარ.
- ვის, იმ უცნობ სიმპათიურ ბიჭს, ახლახანს რომ გადმოვიდა? - იკითხა ჯესიკამ, - მოიცა, მგონი ჯარედი ჰქვია, ხომ?
კეის სახე შეეცვალა, ამოიოხრა და სკამის საზურგეს გადააწვა.
ჯესიკას მისი რეაქციისთვის იოტისოდენა ყურადღება არ მიუქცევია, გატაცებით აგრძელებდა ლაპარაკს ამ ახლადგადმოსულ ბიჭზე და მის გარეგან ღირსებებზე, თან ცოტა გაბრაზებული იყო მასზე, ის არ იყო ჩვეული უყურადღებობას, მაგრამ რატომღაც ეს ქერა, თაფლისფერთვალება ბიჭი საერთოდაც არ აქცევდა ყურადღებას.
ამ დროს კაფეტერიაში მაღალი, სიმპათიური, შავგვრემანი მამაკაცი შემოვიდა, წამიერად შესდგა, მაგიდებთან მსხდომთ სწრაფი მზერა მოავლო და კატისებური ნაბიჯით მიაშურა იმ ქერა ბიჭის მაგიდას. მისი დანახვისთანავე შესვენებაზე ჩამოსულ მდედრობითი სქესის ლექტორთა და სტუდენტთა ნახევარს ოხვრა აღმოხდა, ზოგმა თვალები დაუპარპალა, ზოგმა მისი ტუჩები გამობუშტა, ზოგმაც თმას დაუწყო წვალება მისი ყურადღების მისაქცევად. მაგრამ შავგვრემანი, ახოვანი მამაკაცი, წყვდიადივით შავი თვალებით, შეჩერებას არ აპირებდა, მან სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა კაფეტერია და ქერა ბიჭის და მისი მეგობრების მაგიდას მიადგა.
ქერას სახე შეეცვალა, მაგრამ იხტიბარი არ გაუტეხია. შავგვრემანი ირონიული ღიმილით მიესალმა მის მეგობრებს.
- ჯარედ, - თქვა მან და ქერას მიაპყრო მზერა, - მეგონა, შევთანხმდით, რომ აქ არ მოხვიდოდი.
- მისტერ კოვაქს, მე არაფერს ვაშავებ, - თქვა ჯარედმა და თვალი თვალში გაუყარა, - სანამ რამეს არ მაიძულებენ... რა ვქნა, ასეთი ხასიათი ჩამომიყალიბა ჩემმა გამზრდელმა, - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით დაამატა და თეთრი კბილები გააელვა.
ჯარედის მეგობრებს დანახვისთანავე არ მოეწონათ ეს საკუთარ თავში დაჯერებული უცნობი, რომელიც უძვირფასეს კოსტიუმს ატარებდა და დახვეწილი მანერებით გამოირჩეოდა. მათ აგდებულად ახედ-დახედეს კოვაქსს და ჯარედს მიუბრუნდნენ.
- ძმაო, მასთან პრობლემები გაქვს?
- შეგვიძლია დაგეხმაროთ, თუ თავი მოგაბეზრა, - ჩაიქირქილა მეორემ და იმავ წამს მხარზე კოვაქსის მძიმე ხელი შეიგრძნო.
- რამე პრობლემა გაქვს? - ფეხზე წამოდგა და პირისპირ აეტუზა კოვაქსს, მაგრამ მისმა უცნაურმა მზერამ და თვალებში გაელვებულმა ცეცხლმა დამთრგუნველად იმოქმედა მასზე, უხმოდ დაეშვა სკამზე და გაიტრუნა.
- დაბრძანდით, მისტერ კოვაქს, - ზრდილობად იქცა ჯარედი, - წავალ, შეკვეთას მოვიტან და მოვალ.
კოვაქსმა ერთხანს შეფიქრიანებული მზერით შეხედა, შემდეგ თავი დაუქნია და მაგიდას მიუჯდა.
რამდენიმე წუთი გავიდა, ჯარედის მეგობრები ხმას არ იღებდნენ, თვალს არიდებდნენ ამ უცნაურ მამაკაცს, რომლისგანაც აუხსნელ ძალას და საფრთხეს გრძნობდნენ.
- ჯარედი სად გაქრა ამდენ ხანს, - იკითხა ერთ-ერთმა.
კოვაქსი სანახევროდ შემობრუნდა სკამზე და მიას მაგიდას გახედა ფარული მზერით, კაფეტერიაში შემოსვლისთანავე შეამჩნია შოკოლადისფერთვალება გოგონა და მისი მეგობრები. მაგრამ ახლა მია მაგიდასთან არ ჩანდა, არც მისი ჯინსის ქურთუკი იყო გადაკიდული სკამის საზურგეზე, არ ჩანდა ასევე წითურთმიანი გოგონაც, რომელზეც უკვე მოეძიებინა ინფორმაცია კოლეჯის დამფინანსებელს და იცოდა, რომ მისი ისტორიული მტრის ქალიშვილი იყო.
ჯარედის, მიას და ჯესიკას გაუჩინარება არ შეიძლებოდა დამთხვევა ყოფილიყო, ჯარედი ძალიან, ძალიან ჭკვიანი იყო, ალბათ მან საიდანღაც მაინც შეძლო გაერკვია მარკუსის შესახებ, შემდეგ კი მიას და მარკის კავშირი დაადგინა, რასაც კოვაქსის და მისი შეხლა-შემოხლა დაერთო, და ჯარედიც ამოქმედდა.
ეს ყველაფერი კოვაქსმა ნახევარ წამში გაიფიქრა და ფეხზე წამოიჭრა, სწრაფი ნაბიჯით მიაშურა მიას მეგობრების მაგიდას, კეიმ იცოდა რეალურად რასაც წარმოადგენდა კოლეჯის დამფინანსებელი, ამიტომ ოდნავ შემკრთალი შეეგება.
- სად არიან მის ჯეკსონი და მის ო'ნილი? - დაძაბული ხმით იკითხა კოვაქსმა.
- არ ვიცი, - მიუგო კეიმ, - ქერა ბიჭი, ჯარედი მოვიდა, გაგვეცნო, შემდეგ მიას და ჯესიკას გასეირნება შესთავაზა...მიას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ჯესიკამ დაიყოლია..
კოვაქსს მეტი აღარ მოუსმენია, წამის შემდეგ უკვე კოლეჯის ავტოსადგომზე იდგა და ყურადღებით ათვალიერებდა გარემოს. არ იცოდა, რა მოდელის მანქანა ჰყავდა ჯარედს, ამიტომ მიას ციცქნა "ნისანს" დაუწყო ძებნა, მალევე იპოვა, რომელიც ჯესიკას პიკაპის გვერდით იდგა.
- ამის დედაც, - შეიგინა კოვაქსმა და ნერვიულად მოიწიწკნა წვერი, - ჯანდაბა...
- რა ხდება? - ზურგსუკან მოესმა კეის ხმა, რომელსაც კაფეტერია მიეტოვებინა და შეუმჩნევლად გამოჰყოლოდა.
კოვაქსი სწრაფად შემობრუნდა, გაუკვირდა კეის გამბედაობა, მაგრამ ისიც ხომ კრამერის გვარს ატარებდა, ამიტომ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. კოვაქსი ერთხანს მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა.
- ანუ ჯარედი, მის ჯეკსონი და მის ო'ნილი ერთად წავიდნენ?
- დიახ, - თავი დაუქნია კეიმ, - ეს რა, პრობლემაა?
- პრობლემაა, - დაიღრინა კოვაქსმა და კეიმ ერთბაშად სამი ნაბიჯით დაიხია უკან, მაგრამ კეი მარკის ბიძაშვილი იყო, საქმე კი მიას ეხებოდა, ამიტომ უნდა გაერკვია, რამ გამოიწვია შავგვრემანი უკვდავის უცაბედი გაღიზიანება და შეშფოთება.
- რა ხდება? - კეის დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ პასუხს მიიღებდა, მაგრამ...
- ჯარედია ჩვენი პრობლემა, - კოვაქსმა პაუზა გააკეთა და ეს "ჩვენ" კეის უცნაურად მოხვდა ყურში, მაგრამ უარესი გაოცება და შეშფოთება წინ იყო, - ის პირველყოფილია, როგორც მე, - დაასრულა კოვაქსმა.
- რა? - ორი ოქტავით მაღლა იკითხა კეიმ.
- პირველყოფილი ვამპირია, - გაიმეორა კოვაქსმა, - მართალია ჩემსავით ძლიერი ვერა, მაგრამ ჩვეულებრივ ვამპირზე ბევრად ძლიერია, მას მის ჯეკსონი და მის ო'ნილი ჰყავს, ესაა პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემა, ის უმართავი და ემოციურად გაუწონასწორებელია.
- მარკს უნდა დავურეკო, - მცირე ფიქრის შემდეგ თქვა კეიმ და მობილური მოიმარჯვა. იგივე მოიმოქმედა კოვაქსმაც.
დარეკვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თითქოს ციდან ჩამოვარდაო, ავტოსადგომზე ლუციუსი გაჩნდა, მცირე ხნის შემდეგ კი მარკიც მოგრიალდა მანქანით. ის სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, კოვაქსს მიეჭრა, მისი სახე უკიდურეს განრისხებას გამოხატავდა.
- შე , ეს ყველაფერი შენი ბრალია...
ლუციუსი მათ შორის ჩადგა, ერთი ხელი კოვაქსს მიადო მკერდზე, მეორეთი კი მარკის შეჩერებას ცდილობდა.
- კოვაქსი არაფერ შუაშია, - მკაცრად თქვა ლუციუსმა და მარკს თვალები დაუბრიალა, - ეს ყველაფერი ჯარედის ოინებია.
- მის შესახებ მე რატომ არაფერი ვიცოდი? - გაიქაჩა მარკი, მაგრამ ლუციუსს მტკიცედ ეჭირა, - მას მია ჰყავს...ჯანდაბა.
- ამ სიტუაციამდე არ მივიდოდით, დროულად რომ მიგეღო გადაწყვეტილება, - ავად დაიღრინა კოვაქსმა და შავ თვალებში ცეცხლი გაუკრთა.
- მოიცა, მოიცა, - ჩაერია კეი, - რაღაც ვერ გავიგე...რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი?
ერთხანს სიჩუმემ დაისადგურა.
- მე პირველყოფილი უნდა გავხდე, - კოვაქსისთვის თვალის მოუშორებლად თქვა მარკმა, - თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ.
კეიმ სულელური გამომეტყველებით დააღო პირი და ასე შეჰყურებდა მარკს, ბოლოს ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.
- მარკ, ჯანდაბა, არა...რა სისულელეს ამბობ? ამათ გადაგიბირეს ხომ?
- არა, - მარკი მანქანას მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა, - ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს, ამ წუთას მხოლოდ მიას უსაფრთხოება მადარდებს.
- ის შენი შხამითაა შექმნილი, - მიუბრუნდა ლუციუსი კოვაქსს, - იქნებ განვსაზღვროთ, რა სურს მას.
- გამორიცხულია, - კოვაქსს უცნაური მღელვარება ეტყობოდა, ყველანაირად ცდილობდა ამის დაფარვას, რასაც ადამიანების-კეის და მარკს ოსტატურად უმალავდა, მაგრამ ლუციუსის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარებოდა.
- დამშვიდდი, - ჩუმად გადაულაპარაკა ლუციუსმა, - მას ვიპოვით, არაფერი დაემართება.
- იმედია, - მიუგო კოვაქსმა, - იმედია, ჯარედს აზრიანობა ეყოფა და მას არაფერს დაუშავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი სიკვდილით მოკვდება.
ლუციუსს არაფერი უპასუხია, მოკლე, ჟღალ წვერზე ხელი ჩამოისვა და ამ დროს კოვაქსის მობილური აწკრიალდა. კოვაქსი მოშორებით გადგა, ტელეფონი ამოიღო, დახედა და მაშინვე იცნო ჯარედის ნომერი.
- შენ... - ნელა და მრისხანე ხმით წარმოთქვა კოვაქსმა, - თუ მათ რამეს დაუშავებ, იცოდე..
- კონკრეტულად რომელზე უფრო ნერვიულობ? - ირონიული ხმა მოისმა ტელეფონიდან, - წითურზე თუ შავგვრემანზე? რა რომანტიკაა, ვინ წარმოიდგენდა, მანიაკი, სადისტი კოვაქსი და ეს ლამაზი გოგონა... ჰა-ჰა-ჰა..
- რას ითხოვ? - კოვაქსს მთელი სხეული დაეჭიმა, პირში დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო, ახლა, ამ წუთას ჯარედი რომ ხელში ჰყოლოდა, დაუფიქრებლად დაანაწევრებდა.
- მინდა, რომ ლუციუსს ის მშვენიერი სარები მოპარო და მომიტანო, სამი დღის შემდეგ, გასაგებია? - უკვე ბოროტად ჟღერდა ჯარედის ხმა, - წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ ამ შავგვრემანი ანგელოზის მარჯვენა ხელს გამოგიგზავნი, შემდეგ მარცხენას, შემდეგ თავს...გასაგებია?
- რაში გჭირდება?
- ზედმეტ კითხვებს სვამ, - ტელეფონი გაითიშა.
კოვაქსმა კბილები გაახრჭიალა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
- რა ხდება? - ჰკითხა ლუციუსმა, რომელის სწრაფად უახლოვდებოდა, მიხვდა, ვინც ურეკავდა კოვაქსს.
კოვაქსს პასუხი არ გაუცია, ყოყმანობდა.
- არ მენდობი? - მოიღუშა ლუციუსი, - მეგონა, ერთმანეთში ყველა პრობლემა მოვაგვარეთ.
- რა თქმა უნდა, - ღრმად ამოისუნთქა კოვაქსმა და ყბა ნერვიულად აუტოკდა, -... მას სარები სჭირდება.
- რაო? - გაიკვირვა ლუციუსმა.
- სამი დღის შემდეგ, ანუ სავსე მთვარის მეორე დღეს.
- ჯანდაბა, - ლუციუსმა სიგარეტს მოუკიდა.
- ის მას მოკლავს, ლუციუს, - სწრაფად თქვა კოვაქსმა, - თუ სარებს არ მიიღებს.
- ზუსტად იმ დღეს, როდესაც მარკუსის გაღვიძებას ვაპირებთ, - ფიქრიანად თქვა ლუციუსმა, - ნეტავ რას გეგმავ, ჯარედ...
- და კონორიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, - დაამატა კოვაქსმა, - სარების გარეშე ვერ მოვკლავთ...ჯანდაბა.
- გამოუვალ სიტუაციაში ვართ, - თქვა ლუციუსმა, რომელიც ასეთი ფორსმაჟორული შემთხვევების დროსაც არ კარგავდა საღი აზროვნების უნარს, - თუ მიას უვნებლად არ დავაბრუნებთ, მარკი არ დაგვთანხმდება მარკუსის გამოღვიძებას, მარკუსი თუ არ გავაღვიძეთ, კონორთან და მის მოკავშირეებთან უშანსოდ ვართ.
- ასეა, - დაეთანხმა კოვაქსი და კვლავ აწკრიალდა მისი მობილური, ლუციუსმა სწრაფად ჩამოართვა.
- ჯარედ...
- ოჰო, თვით მრისხანე ლუციუსი, - დაცინვით თქვა ჯარედმა, - ჩემთვის მოულოდნელია კოვაქსის ტელეფონიდან შენი ხმის გაგონება, ეს ყველაფერი უფრო და უფრო საინტერესო ხდება, - მან გადაიხარხარა, - იცი, გოგონები უკვე ეზიარნენ მწარე სიმართლეს, ხომ მაგარია? უნდა გენახა მათი სახე, ლუციუს, განსაკუთრებით მის ჯეკსონის...ისე, უკვე შეამჩნიე, რომ მის ჯეკსონი ძალიან, ძალიან ჰგავს ჩვენს საყვარელ ჯადოქარს? ამაზე არ გიფიქრია? გირჩევ იფიქრო, - ტელეფონი გაითიშა.
ლუციუსმა ნელა დაუშვა ხელი, მისი ყინულივით ცისფერი თვალებიდან გაკვირვება გამოსჭვიოდა.
- რა ხდება? - ჰკითხა კოვაქსმა.
- არაფერი, - სწრაფად მიუგო ლუციუსმა და ტელეფონი დაუბრუნა, - მიამ და ჯესიკამ უკვე იციან, ვინც ვართ ჩვენ და რაც ხდება აქ, სალემში.
- მოვკლავ, - საშინელი ეშვები გააელვა კოვაქსმა.
- ამ ფაქტს მხოლოდ სიამოვნებით შევხვდები, - მიუგო ლუციუსმა ბოროტი ღიმილით და ხელში წითლად მოვერცხლილი სარი შეათამაშა, - ჩემი დახმარება დაგჭირდება...- მან მარკს გახედა, - მაგრამ მანამდე ბიჭი უნდა დავარწმუნოთ, რომ მარკუსის გამოღვიძება არ გადაიფიქროს...


P. S. მეგობრებო, ველოდები თქვენს კომენტარებს, შეფასებას და იდეებს :)скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კოვაქსის შესახებ რაღაც ინფორმაცია მივიღეთ.საინტერესოა საერთოდ არ ახსოვს მისი წარსული?უფრო საინტერესოა რა გაქვს ჩაფიქრებული.
--------------------
ლანა

 



№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მიას და ჯადოქარს რაღაც აკავშირებთ? კარგი თავი იყო. ეს ჯარედი ვინ არის, მარტო მოქმედებს თუ კონორთან ერთად ვერ მივხვდი. მაგრამ მგონი საშინელი დღე ელის მას, ვატყობ. ძალიან მაგარია, საინტერესო, ჩამთრევი, განსხვავებული

 



№3  offline წევრი ჟიზელი

ოჰო ! აი, ეს მომეწონა ,რომ არ შევცდი და რებეკა და მია ჰგანან ერთმანეთს ^^ ჯარედი რა ჩათლახია :D
მაგრამ პირველყოფილი ხომ იმას ნიშნავს,რომ ბუნების ძალით შეიქმნა და არა სულიერის ჩარევით,თანაც მასზე წინ არც უნდა არსებობდეს წესით სხვა ვამპირი ანუ სულ პირველი,პირველყოფილი უნდა იყოს...
ხოდა ჯარედი,ისევე როგორც კოვაქსი ბუნებას არ შეუქმნია,ვაპირების ჩარევით შეიქმნენ... ეგ კი მაშივე ვიფიქრე,როცა წავიკითხე,რომ ლუციუსი ჯერ კიდევ პირველ ჯვაროსნულ ლაშრობაში მონაწილეობდა და კოვაქსი ჟანა დარკის დროს დაიბადა,მაგრამ რიაავიცი :დ
პრინციპში,არ შეიმჩნიო, "ვამპირის დღიურების ზეგავლენას" განვიცდი ალბათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent