შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 8] (18+)


21-05-2018, 20:34
ავტორი ჰაიკო
ნანახია 385

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 8] (18+)

უძვირფასესი ხით მოპირკეთებულ კაბინეტში მამაკაცი მისჯდომოდა მასიურ მაგიდას, სავარძელში გადაწოლილიყო და თვალმოუშორებლად მისჩერებოდა ქვიშის საათს, თითები ერთმანეთში გადაეხლართა და ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა.
კაბინეტის კარი გაიღო და საშუალო სიმაღლის მამაკაცი შემოვიდა, შავი მოსასხამით. მაგიდასთან მჯდომი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ზურგზე დაიწყო ხელები.
- გაბრიელ...
- ნათანიელ, როგორ ჩაიარა რიტუალმა? - უკანმოუხედავად ჰკითხა ფანჯარასთან მდომმა.
- ძალიან კარგად, ის უკვე პირველყოფილი ვამპირია და ნელ-ნელა იწყებს ამის გაცნობიერებას, კვლავ საკანში დავაბრუნეთ და გამოსაცდელად სამი ვამპირი შევუშვით...
გაბრიელი სწრაფად შემოტრიალდა, მწვანე თვალებში მოუთმენლობა ეხატებოდა.
- მერე?
- დამიჯერე, ასეთი რამ არასდროს მინახავს, გაბრიელ, - ღიმილით წარმოთქვა ნათანიელმა და ხელები გაშალა, - ის უბრალოდ შეუდარებელია, თითქოს გონება გაეთიშა, ის თვით ჯოჯოხეთიდან მოვლენილი სატანაა.
- ესე იგი, მისი ღირსებების შედარებისას არ შევმცდარვარ.
- აშკარად, - თავი დაუქნია ნათანიელმა, - თუ ლუციუსი ძალიან სამართლიანია, ხოლო მარკუსი უძლიერესთა შორის უძლიერესი და უსწრაფესთა შორის უსწრაფესი, კოვაქსი-ესაა პრიმუმი, რომელსაც არანაირი ადამიანური გრძნობა აღარ აქვს შერჩენილი, ის სადისტია, ამ ორის შემდეგ ის უდავოდ მესამეა კლანში.
- შესანიშნავია, შესანიშნავი, - კმაყოფილებით თქვა გაბრიელმა, - ახლა, - მან პაუზა გააკეთა, - ტერიტორიების დაპყრობაზეც შეიძლება ფიქრი..
ის კვლავ ფანჯრისკენ შებრუნდა და სასახლის წინ გადაშლილი ხედის ზღაპრულ სილამაზეში ჩაიძირა...



******
კოვაქსი სწრაფად ბრუნავდა მარცხნივ და მარჯვნივ, თავდასასხმელად გამზადებული კონორის, ჯარედის და ბოგდანის მოძრაობებს ფხიზლად უთვალთვალებდა, რომლებიც მაინცდამაინც არ ჩქარობდნენ თავდასხმას, მათ იცოდნენ, რასაც წარმოადგენდა შავგვრემანი უკვდავი, იცოდნენ, რომ ერთი დაშვებული შეცდომა, ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი დაუგეგმავი შეტევა და სიკვდილისგან ვეღარაფერი იხსნიდათ, თავისთავად, ცალ-ცალკე კოვაქსი ბევრად ძლიერი იყო კონორზეც, ჯარედზეც და ბოგდანზეც, მაგრამ კონორს წითელ ვერცხლისწყალში ამოვლებული "ვერცხლის ფიჭვის" სარი ჰქონდა, რაც კოვაქსის უპირატესობას მინიმუმამდე ამცირებდა, ეს კოვაქსმაც მშვენივრად იცოდა, ამიტომ ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ კონორზე ჰქონდა გამახვილებული, მთელი ტანით ფარავდა მიას, რომელიც თითქმის შეხორცებოდა კედელს და უცნაურ სპექტაკლს შიშისგან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა.
- გაიხსენე ამდენი საუკუნის განმავლობაში შენს მიერ დახოცილი უდანაშაულო ხალხი, - დაცინვით მიმართა კონორმა, - ძალიან გაუხარდებათ, როდესაც ჯოჯოხეთში შეხვდები მათ.
- მე ისინი კლანის ინტერესების გამო მოვკალი, - დაიღრინა კოვაქსმა და ალესილი ეშვები გამოაჩინა.
კონორმა აგდებულად ჩაიცინა.
- ვითომ? მე ასე არ მგონია, შემიძლია უამრავი შემთხვევა გავიხსენო, სადაც კლანის ინტერესები ადგილს შენს სიბოროტეს და სადისტობას უთმობს ადგილს.
კოვაქსს არაფერი უპასუხია, არ მოსწონდა, როდესაც მის სულს აშიშვლებდნენ და სააშკარაოზე გამოჰქონდათ, მაგრამ სათქმელი არაფერი ჰქონდა.
შენობის გარეთ ხმაური მოისმა და ოთახში მყოფ საზოგადოებას კიდევ ხუთი მაქცია და დაახლოებით ორი ამდენი ვამპირი შემოუერთდა.
- კარგად მომზადებულხარ, - შემომატებულებს თვალი მოავლო კოვაქსმა, - შენ რა, ახლა ამ ბინძურ ძაღლებთან და მდაბალი რასის ვამპირებთან მუშაობ?
ეს ეპითეტი არავის ესიამოვნა, მაქციებმა და ვამპირებმა ნახევარწრე შეკრეს კოვაქსის გარშემო, ისინი მხოლოდ კონორის ბრძანებას ელოდებოდნენ, რომელიც სულაც არ ჩქარობდა, ჩანდა, სიამოვნებას იხანგრძლივებდა.
- მიზანი ამართლებს საშუალებას, - გაიკრიჭა კონორი, - მას შემდეგ, რაც შენ და ლუციუსს მოგიშორებთ, მერე იმ ბიჭს მოვძებნი, რა ჰქვია? მარკი ხომ?
კოვაქსი შეფიქრიანდა, კონორის სიტყვებიდან ჩანდა, რომ მან არ იცოდა რიტუალის შესახებ, რომელიც ამ წუთებში ლუციუსის განმარტოებულ სახლში მიმდინარეობდა, იქნებ მოესწრო რებეკას მარკუსის გამოღვიძება. კოვაქსმა იმედის პატარა სხივი დაინახა და ჩაეჭიდა.
- მარკისგან რა გინდათ? - აკანკალებული ხმით თქვა მიამ და კონორს მუდარით სავსე მზერა მიაპყრო, - გთხოვთ, მას ნურაფერს დაუშავებთ..
კონორმა ბოლთის ცემა შეწყვიტა და თვალთმაქცური გამომეტყველებით მიაჩერდა გოგონას, შემდეგ კოვაქსზე გადაიტანა მზერა.
- როგორ, მან არაფერი იცის?
- ამის ცოდნა არაფერში სჭირდება, - ავად დაიღრინა კოვაქსმა.
- შესაძლოა, - დაეთანხმა კონორი, შემდეგ სარი ხელში შეატრიალა, - ვფიქრობ, სალაპარაკო თემა ამოვწურეთ, დავიწყოთ?
კოვაქსს არაფერი უპასუხია, ოდნავ მოიხარა წელში და პირველ ვამპირს, რომელიც ეშვებდაღრენილი მივარდა, თითქოს მკერდში ოდნავ უბიძგა, მაგრამ ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა, ვამპირს სახეზე ნაცრისფერი დაედო, დაიხრიალა და მის ფეხებთან დაეცა, კოვაქსმა ბოროტად გაიღიმა, ხელისგულზე მოთავსებულ მკვდარი ვამპირის გულს დახედა და კონორს ფეხებთან მიუგდო.
- ბატონებო, - უაღრესად დამცინავად თქვა მან, - შემდეგი ვინ იქნება?
მისი რიტორიკული შეკითხვის საპასუხოდ, ერთ-ერთი ვამპირი სწრაფად მიუახლოვდა და ფიცრის წაწვეტებული ნაჭერი მოიქნია, რომელიც მის სხეულზე იყო გამიზნული, მაგრამ შავგვრემანი უკვდავი წამის მეასედში გახტა ნახევარი ნაბიჯით გვერდით, წვეტიანმა ფიცარმა კი უმიზნოდ გაიშხუილა ჰაერში, კოვაქსი ელვის სისწრაფით სწვდა გამბედავ ვამპირს თმაში, ზურგით თავისკენ მოიქცია, ფიცარი გააგდებინა, მსხვერპლი მკერდზე ძლიერად მიიკრა და მოელვარე ეშვებით ყელში ჩააფრინდა, სამიოდე წამის შემდეგ სისხლისგან დაცლილი სხეული გვერდით მოისროლა და ირგვლივ მყოფთ გამხეცებული მზერა მოავლო, ტუჩის კუთხეებიდან სისხლი პატარა ნაკადულებად ჩამოსდიოდა და ნიკაპთან ერთდებოდა.
- კონორ, რატომ აიძულებ მათ, რომ თავი შემომაკლან? - სისხლიანი ეშვები გააელვა კოვაქსმა, - ხომ იცი, რომ ვამპირის სისხლი მხოლოდ მაძლიერებს.
ვამპირებმა შეფიქრიანებულებმა გადახედეს ერთმანეთს და ორი ნაბიჯით დაიხიეს უკან, აღარავის ეხალისებოდა ამ გამხეცებულ პირველყოფილთან შებმა.
ბოგდანის მარჯვნივდა მარცხნივ მდგარი ახალგაზრდა მაქციები, რომლებიც არასდროს შეხვედროდნენ პირისპირ პირველყოფილ ვამპირს და არც მათი ძალა გამოეცადათ, ცმუკავდნენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩაებმებოდნენ ბრძოლაში, მხოლოდ ბოგდანის მუქარაშერეული ღრენა აკავებდათ..



******



- მარკუს, - ამოიხრიალა ლუციუსმა და ყელზე შემოჭდობილი ფოლადის თითებისგან გათავისუფლებას შეეცადა, რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
მარკუსი, ლუციუსისთვის ხელი არ გაუშვია, სწრაფი ნახტომით წამოიმართა და მრისხანედ დაიღრინა, შემდეგ მარცხენა ხელით მკერდში ძლიერი დარტყმა მიაყენა. ლუციუსი რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით სახლის კედელს შეეხეთქა ზურგით და პირქვე დაეცა, მაგრამ წამის შემდეგ უკვე საბრძოლო პოზაში იდგა წელში ოდნავ მოხრილი და ჩასისხლიანებული თვალებით, ღრენით მისჩერებოდა მარკუსს, რომელიც ლოდს გამოსცდა, დაბნეული სახით მიმოიხედა, ჯერ სხეულზე დაიხედა, გაოგნებულმა შეათვალიერა ტანისამოსი, სახლს გახედა, ტყე დაზვერა და შემდეგ ლუციუსს მოუბრუნდა, მის თვალებში უკიდურესი გაოცება და შეშფოთება ჩაბუდებულიყო. საბრძოლო პოზა არ მიუღია, შეჩერდა და მელანქოლიური მზერით გამოხედა ლუციუსს.
ლუციუსი მიხვდა, რომ მარკუსი მასზე თავდასხმას არ აპირებდა, შვებით ამოსუნთქა და წელში გაიშალა.
მარკუსმა მარცხენა ხელი ასწია და გვირგვინოსან ბეჭედს დააკვირდა, სახეზე ჩრდილმა გადაუარა.
- მარკუს... - ლუციუსმა ფრთხილად გადადგა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი და საკუთარი ბეჭედი დაანახა.
მარკუსმა სწრაფი, გამჭრიახი მზერით შეათვალიერა ლუციუსი და კვლავ ბეჭედს დახედა.
- ლუციუს, - წარმოთქვა პირველი სიტყვა, ისე, რომ თავი არ აუწევია.
ლუციუსის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მარკუსმა ის იცნო, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დანარჩენიც თავისთავად მოგვარდებოდა. ეს ყველაფერი ისე გაივლო გულში ლუციუსმა, სახეზე არანაირი ემოცია არ დასყობია, კვლავ ფრთხილად აკვირდებოდა და მარკუსის მოქმედებებს.
- ალბათ გშია, - ლუციუსმა წინასწარმომარაგებული სისხლით სავსე პაკეტი გადაუგო, მარკუსმა ჰაერშივე დაიჭირა, თავი მოხსნა და პირველი ყლუპი უდიდესი ნეტარებით დალია, თან თვალს არ აშორებდა ლუციუსს.
ლუციუსმა შეიცადა, სანამ მარკუსი სისხლის დალევას დაამთავრებდა და მაშინვე მეორე პაკეტიც გადაუგდო.
- დალიე, ეს ახლა აუცილებელია შენთვის.
მარკუსმა ეჭვით გამოხედა, მაგრამ პაკეტი მაინც გახსნა.
- რა ხდება აქ? - იკითხა, როდესაც მეორე პაკეტიც გამოცალა, ტყეს თვალი მოავლო და ქვაზე ჩამოჯდა, - სად ვარ?
- პირველ ყოვლისა, - ლუციუსი ფრთხილად დაიძრა მისკენ, - მინდა გავარკვიო, შენი ნდობა შეიძლება, თუ არა.
- თავს ვაკონტროლებ, - მკაცრად თქვა მარკუსმა, - რა ხდება აქ, ლუციუს?
ლუციუსი მის წინ შესდგა და ზურგზე ხელები დაიწყო.
- უცნაურად გამოიყურები, - მარკუსმა კვლავ შეათვალიერა, - ეს ვარცხნილობა, ეს ტანსაცმელი...
- მარკუს... - ლუციუსმა პაუზა გააკეთა, - შენ ძალიან დიდხანს გეძინა, ახლა ოცდამეერთე საუკუნეა...
მარკუსს სახეზე გაოცება გამოეხატა, ქვიდან წამოდგა და ლუციუსს მიუახლოვდა.
- რა თქვი?
- ახლა ოცდამეერთე საუკუნეა, შენ მოგკლეს, უფრო სწორად შენი სხეული, და რებეკას დახმარებით გამოგაღვიძეთ...
- მომკლეს? - იკითხა მარკუსმა და ლუციუსს გამოწვდილი სარკე ჩამოართვა, შეათვალიერა და შემდეგ ჩაიხედა, ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა საკუთარ სახეს, - ეს მე ვარ, მაგრამ...უფრო ახალგაზრდა.
- ჰო, - დაემოწმა ლუციუსი, - ეს რთული ასახსნელია, იმედია რებეკა აგიხსნის ამას, როდესაც შევხვდებით.
მარკუსი კვლავ საკუთარი სახის თვალიერებით იყო გართული.
- ვინ მომკლა? - იკითხა ბოლოს.
- ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, - პასუხს თავი აარიდა ლუციუსმა, ქვაზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა, - მთავარია, რომ ახლა აქ ხარ, კვლავ ცოცხალი.
მარკუსი ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა, შემდეგ ნელა დაუქნია თავი.
- ჰო, მაგრამ მაინც მაინტერესებს, ვინ მომკლა, ლუციუს?
ლუციუსი დიდხანს ჩაჰყურებდა მელანქოლიურ თვალებში, შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და ღრმად ამოისუნთქა.
- შენ...მე მოგკალი, მარკუს.
მარკუსს კვლავ გაოცება გამოეხატა სახეზე, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და იქიდან შემოხედა ლუციუსს.
- რატომ? - მის ხმაში ტკივილი იგრძნობოდა.
- იცი...
- მე და შენ მეგობრები ვიყავით, ლუციუს, ასეთი რა დაგიშავე?
- შენ რებეკას მოკვლას ცდილობდი, - სწრაფად თქვა ლუციუსმა, - სხვა გზა არ მქონდა.
მარკუსი ჩაფიქრდა.
- ეს არ მახსოვს, არ მახსოვს, როგორ მომკალი, - და ეჭვით გახედა ლუციუსს, რომელიც ღმერთს ევედრებოდა მარკუსი მის სიცრუეს ვერ მიმხვდარიყო.
- შემდეგ ეს ძალიან ვინანე, შენი დაბრუნების გზებს ვეძებდი და მაინც დაგაბრუნე.
- რატომ დამაბრუნე?
- სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, ომი დაიწყო, - მიუგო ლუციუსმა.
- მაქციები? - მარკუსის თვალებში ბოროტმა ცეცხლმა იელვა.
- ყველა ერთად, - უპასუხა ლუციუსმა, - მაქციები, ვამპირები, ადამიანები....პირველყოფილები.
მარკუსი კიდევ ერთხელ გაოცდა.
- პირველყოფილები? ჩვენიანები?
- კონორი და ჯარედი, - დააზუსტა ლუციუსმა, - კონორს სარები აქვს. ჯარედმა კი ადამიანი მოიტაცა.
- კონორის მოტივი გასაგებია, - მცირე ფიქრის შემდეგ თქვა მარკუსმა, - მაგრამ ჯარედი..
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ლუციუსმა, - მოკლედ, მან ადამიანი მოიტაცა, რომელიც კოვაქსისთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასია...
- კოვაქსიც საქმეშია?
- ჰო, - თავი დაუქნია ლუციუსმა, - ახლა ის ჯარედთან წავიდა და სარები წაიღო გამოსასყიდის ვარიანტში..ეს მოითხოვა ჯარედმა.
- ვინ ჰყავს ჯარედს?
- მია ჯეკსონი, - თქვა ლუციუსმა და მარკუსის სახეს დააკვირდა, რომელზეც არავითარი ემოციური ცვლილება არ იკითხებოდა.
- არასდროს გამიგია, - თავი გააქნია მარკუსმა, - მოდი, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი, იქნებ გაპატიო კიდეც ჩემი მოკვლა...



******
ხის გაუქმებულ საამქროში კი ბრძოლა გრძელდებოდა, თვალებჩასისხლიანებული კოვაქსის ირგვლივ სისხლით დაცლილი ვამპირები და მაქციები ეყარნენ, უმრავლესობას თავი ჰქონდა მოგლეჯილი, დანარჩენს-ზოგს გული ამოგლეჯილი, ზოგსაც ხელ-ფეხი მოწყვეტილი და სისხლისგან დაცლილი.
მია ამ სისხლიან სცენას გაოგნებული ადევნებდა თვალს, უძლიერესი შოკი მიეღო, ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა, მხოლოდ მისჩერებოდა კოვაქსს, რომელიც ელვასავით სხარტად მოძრაობდა, იმდენად სწრაფად, რომ თითქმის შეუძლებელი იყო მისთვის თვალოს დევნება, შიშისგან სიგიჟის პირას მისული გოგონა თვალებს ხუჭავდა, ყურებზე ხელს იფარებდა და ცდილობდა არ მოესმინა საწყალობელი ყვირილისთვის, რომელიც კოვაქსის ყოველ მოძრაობას მოჰყვებოდა ხოლმე.
- თქვენი ტაქტიკა არ ამართლებს, - ღიმილით თქვა ერთიანად მოწინააღმდეგის სისხლში ამოსვრილმა კოვაქსმა, - შენ როდის აპირებ, შემებრძოლო, კონორ?
კონორს უკვე დიდი ხანია ეჭვი შეეპარა თავის გამარჯვებაში, ეს შავგვრემანი სადისტი აუღელვებლად, მათემატიკური სიზუსტით ზედიზედ ამცირებდა მის მომხრეთა რიცხვს, სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა.
კონორმა დრო შეურჩია, როდესაც კოვაქსმა მორიგი მსხვერპლი მოიგდო მკლავებში, კონორმა სარი მოიქნია და მისი მიმართულებით გასტყორცნა, სარმა შხუილით გადაჭრა ოთახი და კოვაქსს მუცელში ჩაესო, უკვდავმა ტკივილისგან დაიღმუვლა, მუხლებზე დაეცა და სარს ორივე ხელით ჩაეჭიდა.
- ავაცილე, - მშვიდი სახით თქვა კონორმა და ბოგდანს და ჯარედს ანიშნა, წამოაყენეთო.
ბოგდანი და ჯარედი მხრებში შეუდგნენ სარის ზემოქმედებისგან ძალაგამოცლილ კოვაქსს, ფეხზე წამოაყენეს და ხელები გაუკავეს.
კონორმა განზრახ ნელა ამოაძრო სარი მუცლიდან, რასაც კოვაქსის გამწარებული ყვირილი მოჰყვა, ვერცხლისწყალი მას გაუსაძლის ტკივილს აყენებდა და ყოველგვარ ძალას აცლიდა.
კონორმა თვალებში ჩახედა კოვაქსს და სარის წვერი გულზე მიაბჯინა.
- მშვიდობით, კოვაქს.
- წადი შენი... - უხამსად შეიგინა კოვაქსმა.
კონორმა ცინიკურად გაიღიმა, ბოგდანს და ჯარედს ანიშნა, მაგრად გააკავეთო და სარს ნელა დააწვა, ოთახი კოვაქსის საშინელი ღრიალით აივსო, გარეთ გამოიჭრა და სივრცეს შეერია.
სარმა თითქმის სანახევროდ შეაღწია გულში, კოვაქსს ყელიდან ნაცრისფერი შემოეპარა...
და ამ დროს მისი ყვირილი გაცილებით ხმამაღალმა, საზარელმა და უცნაურმა კივილმა გადაფარა, რომელიც კოვაქსის ზურგს უკნიდან მოდიოდა და რომელსაც საოცარი ენერგია მოჰყვებოდა.
უხილავმა, უძლიერესმა ტალღამ ოთახის შორეულ ბოლოში მოისროლა კონორი, ჯარედი და ბოგდანი, იატაკზე მიყრილ-მოყრილი გვამები და ავეჯის ნამსხვრევები საოცარი ძალის მეშვეობით ჰაერში აიწია, რამდენიმე წამის შემდეგ კი, ყვირილის დასრულებისთანავე, ზათქით და ხმაურით მიმოიფატა იატაკზე.
ძირს დაცემული კოვაქსი გაჭირვებით წამოიწია იდაყვებზე და მუხლებზე დაცემულ გოგონას შეხედა.
- მის ჯეკსონ, მის ჯეკსონ...
გოგონას სადღაც შორიდან შემოესმა ეს ძახილი, თითქოს თვითონ წყალქვეშ იყო და წყალი გარესამყაროში არსებულ ხმებს ახშობდა. მან ნელა და გაოცებით შეხედა კოვაქსს.
- დამეხმარე, - სისხლი ამოანთხია პირიდან კოვაქსმა და გაჭირვებით მიხოხდა გოგონასთან, - სარი ამოიღე, გთხოვ, დააჩქარე, თორემ მოვკვდები, - უკანასკნელი სიტყვები ბოლო ძალების დაძაბვით წამოყვირა და უგონოდ განერთხო იატაკზე.
მია კოვაქსის გულში ნახევრადჩარჭობილ სარს ჩააფრინდა და ძლიერად მოქაჩა, სარი რთულად, მაგრამ მაინც ემორჩილებოდა.
გოგონამ სარი სხეულიდან ამოიღო და სიძულვილით მიაგდო გვერდით, კოვაქსმა იმწამსვე გაახილა თვალები.
- კარგად ხართ? - ჰკითხა გოგონამ, ჯერ კიდევ კანკალებდა გადატანილი ემოციებისგან.
კოვაქსს არაფერი უპასუხია, ოთახს თვალი მოავლო, შემდეგ ზურგით კედელს მიეყრდნო და გოგონას ლამაზ, შოკოლადისფერ თვალებში ჩააშტერდა, დიდხანს უყურა გამოუცნობი მზერით, შემდეგ კვლავ უცნაური ძალის მეოხებით შემუსრულ ოთახს მოავლო თვალი.
- შენ... - მტკიცედ წარმოთქვა და კვლავ გოგონას მიაშტერდა, - ეს შენ გააკეთე...ჯანდაბა... ასეთი ძალა რებეკასაც კი არ აქვს....ვინ ხარ?


P. S. მეგობრებო, აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

აი ძაან მაგარი რაა.. მია რებეკას შვილია ვითომ? ოჰ როგორ მაინტერესებს რა მოხდებაა. ანუ ლუციუსმა იმიტომ მოატყუა რომ გაეგო კოვაქსმა მოკლა აღარ დაეხმარებოდა და კოვაქსაც კარგი დღე არ დაადგებოდა ალბათ. აუ ძაან მინდა ახალი თავი (( ეს გაბრიელი მაინტერესებს ძაან სადაა ამ დროს. მარკის კვალიც არსად ჩანს ჯერ ჯერობით. კოვაქსი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ერთ ერთი საყვარელი პერსონაჟია ჩემთვის მისტერ ირონია )) მოკლედ კარგია რაა და ხვალ ალბათ იქნება ხოო ახალი თავი ??
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი სიურპრიზიც ამას ჰქვია.საინტერესოა რა ძალა აქვს მიას ასეთი?იმედია ხვალ დავდებ ახალ თავს.ლუციუსის საქციელი მომეწონა, მაგრამ იმედია გადახარშავს მარკუსი და სანამ სიმართლეს არ გაიგებს არ შეუტევს,თუმცა ახლა ყველაზე მეტად მია მაინტერესებს
--------------------
ლანა

 



№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

დამოკიდებული ვხდები ამ ისტორიაზე:დ არ შევმცდარვარ კოვაქსში, ხომ გაავლო მუსრი. რატომღაც ვფიქრობ რომ გაბრიელი კოვაქსის ხელით გაუყვა ჯოჯოხეთის გზას(კი იქნებოდა ღირსი:დ), რადგან არ ჩანს აწმყოში. ლუციუსის გადაწყვეტილება ამ მომენტში ყველაზე მისაღებია. მაგრამ მია რატომ მეგონა, რომ სრულიად ადამიანი იყო, აი კიდევ ერთი დიდი ინტრიგა. მოკლედ მე უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე.
პ.ს. ჰაიკო დიდი მადლობა საჩუქრითვის. შეტყობინების გამოგზავნა მგონი ვერ მოვახერხე, ამიტომ აქედან გიხდი მადლობას იმ უბედნიერესი წუთებისთვის, რასაც მე ეს ისტორია მანიჭებს❤

 



№4 სტუმარი სტუმარი ეკო

შოკი მივიღე ისე მომეწონა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თანდათან უფრო მითრევს ეს ისტორია, მიას რომ რაღაც ნიჭი ექნებოდა ვხვდებოდი მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა წაკითხულია, სუპერ, ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად

[quote=სტუმარი ეკო]შოკი მივიღე ისე მომეწონა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თანდათან უფრო მითრევს ეს ისტორია, მიას რომ რაღაც ნიჭი ექნებოდა ვხვდებოდი მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა წაკითხულმა, სუპერ, ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent