შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 10] (18+)


24-05-2018, 19:46
ავტორი ჰაიკო
ნანახია 370

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 10] (18+)

კოვაქსი ცოფიანი მხეცივით აწყდებოდა გალიის გისოსებს, მაგრამ მსხვილი ფოლადის წნულების დამსხვრევა და საპატიმროდან თავის დაღწევა მის ძალებს აღემატებოდა. უკვე მესამე წელიწადი იწურებოდა, ყოველი დღე კი ერთფეროვნად მიედინებოდა, შეშლილი, ჭკუიდან გადასული პირველყოფილი, საკანში შემოგდებული მსხვერპლი და ქვის იატაკი, რომელიც ყოველდღიურად სისხლით ირწყვებოდა...ამ ყველაფერს კი პრიმუმთა კლანის მეთაური ცივსისხლიანი სიმშვიდით ადევნებდა თვალს, მისი მიზანი იყო, ამ ახლადშექმნილ პირველყოფილში ყოველგვარი ადამიანური ემოცია ჩაეკლა და მისგან მხოლოდ სიკვდილის მანქანა მიეღო, უბედურ პატიმარზე ექსპერიმენტების ჩატარების გვირგვინს კი უდავოდ პატიმრობის ბოლო დღე წარმოადგენდა...
ამ დღეს კოვაქსი იატაკზე იჯდა, ზურგით გისოსს მიყრდნობოდა, სხეული სისხლის ლაქებით დაფარვოდა, არაფრისმთქმელი, დაჩლუნგებული მზერით გაჰყურებდა საპატიმროს გარსშემორტყმულ გამწვანებულ ბაღს და არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ერთი სურათი ედგა თვალწინ, ის განუწყვეტლივ კლავდა, შეუსვენებლად კლავდა, სიამოვნებით კლავდა, კლანის ინტერესების გულისთვის, გაბრიელის სიამოვნების გულისთვის...
მზის სხივებს რაღაც ჩამოეფარა და კოვაქსს სახეზე დაეცა, უკვდავმა ნელა ასწია თავი და დაინახა მწვანეთვალება, მდიდრულად გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც გისოსს მიყრდნობოდა და დამცინავად უმზერდა, კოვაქსმა მიმოიხედა, ის შოკოლადისფერთვალება ლამაზი ქალი არსად ჩანდა, მუდამ გაბრიელს რომ უმშვენებდა ხოლმე გვერდს.
- კოვაქს, - კლანის მეთაურის ხმა საზეიმოდ ჟღერდა, - დღეს ღირსშესანიშნავი დღეა, დღეს საბოლოო გამოცდას გაივლი და ჩვენი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდები..
კოვაქსს არაფერი უპასუხია, მხოლოდ მზერა მიაპყრო გაბრიელს, რომლის მიმართაც მხოლოდ პატივისცემას და ოდნავ შიშს გრძნობდა.
- მზად ხარ? - ჰკითხა გაბრიელმა და ავმა ღიმილმა გადაუარა სახეზე.
კოვაქსი ელვის სისწრაფით წამოიჭრა ფეხზე, მისი სახე მხოლოდ მოუთმენლობას გამოხატავდა.
- მზად ვარ, - ხმაც ისეთივე სასტიკი და უემოციო ჰქონდა, როგორც მზერა.
გაბრიელმა მცველს ანიშნა და საპყრობილის კარი ჭრიალით გაიღო, კოვაქსი სწრაფად შებრუნდა და სისხლისმწყურვალი მზერა მიაპყრო მსხვერპლს, რომელიც შეძრწუნებული და გაოგნებული მზერით შეჰყურებდა. ეს იყო შუახნის ქალი, ტანსაცმელი სანახევროდ შემოხეოდა, ჭაღარაშეპარული თმა სახეზე ჩამოშლოდა, გაძვალტყავებული ხელები ციებიანივით უკანკალებდა.
კოვაქსმა ყრუდ დაიღრინა, თვალები სისხლის ტბებად ექცა, ლოყებზე სისხლძარღვები შავად დაებერა, მან საზარელი ეშვები გააელვა და მსხვერპლისკენ შემპარავი ნაბიჯით დაიძრა.
- შვილო... - მოულოდნელად წარმოთქვა ქალმა და მუხლებზე დაეცა, ხელები კი კოვაქსისკენ გაიწოდა ვედრებით.
კოვაქსი შესდგა და გაოცებული მზერა მიაპყრო ქალს, შემდეგ გაბრიელს გახედა.
- მას სურს თავი შეგაცოდოს, - თავი გააქნია გაბრიელმა, - დაიმახსოვრე...პირველყოფილის პირველი მტერი ემოციაა, ეს ქალი ცრუობს.
კოვაქსმა თავი დაუქნია და კვლავ ქალისკენ შებრუნდა ღრენით.
- არ გატყუებ, - სასოწარკვეთილმა ამოთქვა ქალმა, მტვრიანი და ჭუჭყიანი სახე ცრემლებმა დაუღარა, - რა გაგიკეთეს...შენ ჩემი შვილი ხარ, კოვაქს... ნუთუ აღარ გახოვარ, ნუთუ აღარ გახსოვს შენი მეუღლე და შვილები...კოვაქს გამოფხიზლდი, შვილო..
- მოკალი, - შემპარავად დაისისინა გაბრიელმა.
- მატყუებ, მე გაბრიელის მჯერა, შენ არ გიცნობ, - ზიზღით თქვა კოვაქსმა და წამის უსწრაფესად ქალის წინ გაჩნდა, ერთი ხელით თმაში სწვდა, ბასრმა ეშვებმა გაიელვეს და ქალის გაგლეჯილი არტერიიდან სისხლმა იფეთქა, კოვაქსი მთელი ძალით ჩააფრინდა ქალს კისერში და ყლუპ-ყლუპად დაიწყო ცხელი, მჩქეფარე სისხლის დალევა..
- შვილო, შვილო, - ხროტინებდა ქალი, წინააღმდეგობას არ უწევდა, ნელ-ნელა გამოეცალა ძალა, თვალები დახუჭა და გაირინდა, კოვაქსმა ხელისკვრით მოიშორა სისხლისგან დაცლილი სხეული, ტუჩები დაუდევრად მოიწმინდა და წამოდგა...
გაბრიელი მოწონებით უმზერდა, შემდეგ შემოტრიალდა და სასახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუდგა სწრაფი ნაბიჯით, კიბეებთან რომ მიაღწია, შესდგა და კითხვის გამომხატველი მზერით შეხედა ქალს, რომელიც ზიზღშერეული სიამაყით უცქერდა.
- შენ ნამდვილი სატანა ხარ, გაბრიელ.
გაბრიელმა წვერზე ხელი ჩამოისვა და ნელა გადააქნია თავი.
- ცდები, ეს ჩვენი შინაგანი ბუნებაა, ძვირფასო.
- რომელ ბუნებაზე მელაპარაკები, შენ ის აიძულე მშობელი დედა მოეკლა, ასეთი საშინელების მოფიქრება მხოლოდ შენ შეგეძლო, - ხმას აუწია ქალმა.
- გთხოვ, სერიოზულად ნუ მიიღებ ამ ყველაფერს, - ცინიკურად თქვა გაბრიელმა და ხელი საპყრობილის მიმართულებით გაიშვირა, - ამ სიტუაციაში შვილი და დედა არაფერ შუაშია, ამ ყველაფერს ისე შეხედე, როგორც ვამპირის და ადამიანის ბუნებრივ ურთიერთდამოკიდებულებას, - მან ქალს თავი ღიმილით დაუკრა, სწრაფი ნაბიჯით აიარა ქვისგან გამოთლილი კიბეები და ციხე-სიმაგრეში გაუჩინარდა...



*****



მია ჯეკსონმა სწრაფადვე გააცნობიერა, რაც მოხდა. ლუციუსის მონათხრობის მიხედვით, პრიმუმთა კლანის ჯადოქარმა-რებეკამ მარკის სხეულში მარკუსი გამოაღვიძა, უძლიერესი პირველყოფილი ვამპირი, ლუციუსმა ისიც დასძინა, ასე რომ არ მოვქცეულიყავით, სალემს ხოცვა-ჟლეტა არ ასცდებოდაო.
მიას არაფერი უთქვია, მხოლოდ უსმენდა. უსმენდა ამ გალანტურ ქერა ვამპირს და გული მილიონ ნაწილად ეხლიჩებოდა, მოზაიკასავით ეშლებოდა მთელი სული და სხეული, ჭრილობებიდან სისხლი მოსჩქეფდა, ტკივილით და დარდით გაჯერებული, ეს სისხლი მას ახრჩობდა, ცხოვრების და სიცოცხლის ხალისს უკარგავდა, ამაზე დიდი საშინელება რა უნდა მომხდარიყო, სალემში დადიოდა ბიჭი, რომელიც ფიზიკურად მარკი იყო, მარკი-მისთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი.. და ეს ადამიანი მას ვეღარ სცნობდა...
მია ტბის პირას, თავის საყვარელ ლოდზე იჯდა, ფეხები მაღლა აეკეცა, ხელები მუხლებზე შემოეხვია და ნიკაპი მუხლებზე ედო, თითქოს ასე ცდილობდა უდიდესი ტკივილის შეგრძნების ჩახშობას. მის გვერდით ჯესიკა იჯდა. მან უკვე იცოდა, რომ მარკ კრამერი აღარ არსებობდა.
- მეგობრებიდან ბოლოს მე ვნახე, - თქვა ჯესიკამ, - მან მთხოვა გადმომეცა, რომ ცხოვრებაში შენსავით არასდროს არავინ ჰყვარებია და რომ ამ ყველაფერს მხოლოდ შენი უსაფრთხოებისთვის აკეთებს..
მიას არაფერი უთქვია, მხოლოდ ცრემლები ჩამოუგორდა შავგვრემან ლოყებზე.
- მას ძალიან უყვარდი, - განაგრძო ჯესიკამ.
- ვიცი....- თქვა მიამ, - მასთან დამშვიდობება ვერ მოვასწარი...
- ის საუკეთესო ადამიანი და მეგობარი იყო, და... - ჯესიკამ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ მათ სიახლოვეს ხმელ ტოტზე დაბიჯებისას გამოცემული ხმა გაისმა, ჯესიკა წამოდგა და უკმაყოფილო მზერით მიაშტერდა სიმპათიურ მამაკაცს, რომელიც მკერდზე ხელებდაკრეფილი იდგა და ღიმილშეპარული მზერით ზომავდა გოგონებს.
- ხომ არ შეგახსენო, ვის ტერიტორიაზე იმყოფები?
- კარგი რა, - ხელები გაშალა კოვაქსმა, - როგორც მეგობარი, ისე მოვედი, მეტი დამაჯერებლობისთვის, შემიძლია თეთრი დროშაც ავაფრიალო.
- ჩვენ შენი მეგობრები არ ვართ, - უკმეხად თქვა ჯესიკამ.
- მეგობრებში შენ არ მიგულისხმიხარ, - გაიღიმა კოვაქსმა, - ეს რასაკვირველია, შენთვის დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ..
- ცინიზმი შენი ყველაზე კარგი თვისებაა? - ვალში არ დარჩა ჯესიკა.
- ნუ იყეფები ძაღლივით, - თქვა კოვაქსმა და ზურგით მჯდომ მიას გახედა, შემდეგ ეშმაკური მზერა კვლავ ჯესიკაზე გადაიტანა და თვალი ჩაუკრა.
ჯესიკამ თვალები დაუბრიალა, ტუჩებზე თითი მიიდო და მუქარით გააქნია თავი, რა თქმა უნდა მიხვდა, რომ ამ ცინიკოს პირველყოფილს სიტყვა "ძაღლით" მისი შეურაცხყოფა არ უცდია, მან იცოდა, რომ ჯესიკა მაქცია იყო, რაც არ იცოდა მიამ და ჯესიკას არანაირი სურვილი არ ჰქონდა მეგობრის ისედაც დატანჯული გული კიდევ უფრო დაემძიმებინა.
- აქ რატომ მოხვედი, კოვაქს? - არ მოუხედია, ისე იკითხა მიამ, - შენი უნდა გვეშინოდეს?
- არა, რა თქმა უნდა, - სწრაფად მიუგო კოვაქსმა და სიგარეტს მოუკიდა, - შენთან სალაპარაკო მაქვს, - მან ჯესიკას გახედა, - პირისპირ..
- გამორიცხულია, - თქვა ჯესიკამ, - მასთან მარტო არ დაგტოვებ, მია.
- ნუ გეშინია, - თქვა მიამ დაღლილი ხმით, - ის არაფერს დამიშავებს, მან სიკვდილს გადამარჩინა.
ჯესიკამ ეს იცოდა, მაგრამ მაინც ეგონა, რომ მია არ მოისურვებდა პირველყოფილთან ლაპარაკს, მაგრამ მისდა გასაოცრად სულაც არ აღმოჩნდა ასე, ამიტომ უხმოდ აკრიფა თავისი ნივთები.
- საღამოს დაგირეკავ, - უთხრა მეგობარს და კოვაქსს მუქარით გახედა, რომელმაც ღიმილით დაუკრა თავი და ტყისკენ მიუთითა.
ჯესიკას წასვლის შემდეგ კოვაქსი ხეს მიეყრდნო.
- როგორ ხარ?
- შენი აზრით როგორ უნდა ვიყო?
- არ ვიცი, - თქვა კოვაქსმა, - ჩემთვის ადამიანური ემოციები უცხოა.
მიამ ერთბაშად შემობრუნდა და გაკვირვებული მზერით შეათვალიერა, მისი შოკოლადისფერი თვალებიდან წამოსული მზერა ცხელ ტალღად დაეძგერა უკვდავის გულს, ხვდებოდა რომ ნელ-ნელა სულით-ხორცამდე ამ გოგონაზე დამოკიდებული ხდებოდა.
- რის შესახებ გსურს ლაპარაკი? - ჰკითხა ბოლოს გოგონამ.
კოვაქსმა ჩაახველა, კენჭი აიღო და ტბაში ისროლა.
- როგორ გითხრა, აქ ლუციუსის და მარკუსის თხოვნით ვიმყოფები..
მარკუსის ხსენებაზე მიას მტკივნეულად შეეკუმშა გული, სახეზე ჩრდილმა გადაუარა. კოვაქსის მახვილ თვალს არაფერი გამოჰპარვია.
- რა ხდება? ალბათ ბოლომდე ვერ დაანგრიეთ ჩემი და მარკის ცხოვრება ხომ?
კოვაქსი ამას არ ელოდა, სიტყვა პირზე შეეყინა.
- მომხდარში მე მადანაშაულებ?
- ყველას, - მიუგო გოგონამ, - ანუ შენც.
- მარკმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, - ურჩი ხმით თქვა კოვაქსმა, - მე კონკრეტულად რაში მადანაშაულებ?
გოგონამ ტბას გახედა. ერთხანს ფიქრობდა.
- შენ და ლუციუსმა ის იმ ზომამდე მიიყვანეთ, რომ სხვა გადაწყვეტილებას უბრალოდ ვეღარ მიიღებდა.
კოვაქსს არაფერი უთქვია, წამიერად თითქოს ტკივილმა გაურბინა წყვდიადივით შავ თვალებში.
- მოკლედ, ჩვენ გვაინტერესებს, მიმდინარე ომში შენ რა როლს შეასრულებ, რებეკა ფიქრობს, რომ შენი უნარი დაუხვეწავია, ამიტომ ჯობს გვერდით გადგე.
- ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მაინც მადლობა, ვიფიქრებ.
კოვაქსმა უხმოდ დაუქნია თავი და ტყისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა, სანამ გაუჩინარდებოდა, შემობრუნდა და თავისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ გოგონა მთელი ტანით შემობრუნებიყო და მას უცქერდა.
- რამის თქმა დაგავიწყდა? - ღიმილით შეეკითხა უკვდავი.
- ჰო, - მიუგო გოგონამ, - მინდოდა მეთქვა, რომ თავს ჩემს მეგობრად ნუ ჩათვლი, მე არ მჭირდება მეგობრები, რომლებიც ადამიანებს კლავენ..
ეს მწარე სიტყვები ლახვარივით ჩაესო გულში კოვაქსს, სახე დაეჭიმა.
"მე შენ ყოველთვის გიცავდი, ყოველთვის, ყოველ წუთს, ყოველი გაჭირვებისას, მე შენ რამდენჯერმე სიკვდილს გადაგარჩინე, მე მარკუსს არ მივეცი უფლება მოეკალი, მე შენი გულისთვის სიკვდილზე მივდიოდი, გდარაჯობდი, როდესაც გეძინა, და შეუმჩნევლად გიცავდი, როდესაც გეღვიძა... "
ეს სიტყვები რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ უთქვია კოვაქსს, მხოლოდ თავი დაუქნია.
- როგორც გინდა, - და ტყეში გაუჩინარდა.



*****




სალემის აღმოსავლეთით, განმარტოებით მდგარ სახლში, შეღამებისას ქალაქის საიდუმლო საბჭო შეიკრიბა, რომელსაც ბოლოდროინდელ მოვლენებზე უნდა ემსჯელა.
საბჭოს, როგორც ყოველთვის, სახენაიარევი მოხუცი უძღვებოდა, დამატებით, მოწვეულნი იყვნენ მაქციათა კლანის ლიდერი-ბოგდანი და პრიმუმთა კლანიდან განკვეთილი პირველყოფილი, ვამპირებზე მონადირე-კონორი, ყველას მეტისმეტად დაძაბული სახეები ჰქონდათ, რაც უთუოდ წარუმატებლად დასრულებული თავდასხმა იყო.
- ბატონებო, - ამბობდა მოხუცი, - როგორც ჩანს, ბატონი კონორის დაპირება, რომ პირველყოფილებს მოგვაშორებდა, ვერ სრულდება...
მაგიდის ბოლოში მჯდომი წითელკანიანი პრიმუმი სწრაფად წამოიმართა და მაგიდას დაეყრდნო.
- ისინი ასეთ ბრძოლებში ძალიან გამოცდილები არიან, - თქვა მან და საბჭოს თვალი მოავლო.
- მაგრამ შენ სარი გქონდა, - შეეპასუხა მოხუცი, - მიუხედავად ამისა, რამდენიმე მგელკაცი და შენს მიერ მოყვანილი ვამპირებიც დაიღუპნენ, იმ დემონმა კი თავი დააღწია და გოგოც თან წაიყვანა, - მოხუცი სავარძელში გადაწვა და ჩაფიქრებული მზერა კონორს მიაპყრო, - ჯარედი ხომ? იქნებ არ ღირს მასზე ფსონის დადება?
კონორი ადგა და ვრცელ დარბაზში გაიარ-გამოიარა.
- რამდენიმე დღე გვჭირდება...
- დრო ცოტა გვაქვს, ჩვენ გვინდა ჩვენს მტერს უფრო კარგად ვიცნობდეთ, რა შეგიძლია გვითხრა მათზე?
კონორი ჩაფიქრებული სახით დაუბრუნდა სავარძელს.
- პრიმუმთა კლანი, - თქვა მან და დარბაზში შეკრებილნი სმენად იქცნენ, - ანუ პირველყოფილ ვამპირთა კლანი, განსხვავდება ყველა ზებუნებრივი არსებისგან თავისი წევრებით და მათი შესაძლებლობე ით...მათ ჰყავთ კლანის ლიდერი, მას გაბრიელი ჰქვია, ძალიან ძლიერია და ჭკვიანი, ქარიზმატული პიროვნება, რომელმაც ეს კლანი შექმნა, ის რამდენიმე საუკუნეა არ მინახია და ამიტომ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, შესაძლოა აღარცაა ცოცხალი...
- ეს დიდ დროს წაიღებს, - შეაწყვეტინა მოხუცმა, - მათზე მოგვიყევი, ვისთანაც პირისპირ მოგვიწევს შეჯახება.
- კარგი, - თავი დაუქნია კონორმა, - ლუციუსი, ვამპირთა ე.წ. "კანონის წიგნის" მცველი, მას პრიმუმთა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ევალება, მოკლედ რომ ვთქვათ, კანონის დამრღვევებს ლუციუსი უსწორდება... ის ძალიან ძლიერი და სწრაფია, მისი ეშინიათ და პატივს სცემენ, ეშინიათ იმიტომ, რომ დამრღვევების მიმართ შეუბრალებელია, პატივს იმიტომ სცემენ, რომ სამართლიანია.
- გასაგებია, - თქვა მოხუცმა.
- მეორე, - განაგრძო კონორმა, - კოვაქსი, ვისთანაც უკვე მოგვიწია შეჯახება, ვამპირთა სამყაროში ის ყველაზე შეუბრალებელია, თავისთავად ძალიან სწრაფი და ძლიერია, შეუძლია იყოს შეუდარებლად თავაზიანი და სასწაულად სისხლისმღვრელი, ის უბრალოდ სადისტია, მკვლელობა მას სიამოვნებას ანიჭებს...კოვაქსის დამარცხება ძალიან ძნელია, ორთაბრძოლებში ის ერთ-ერთი საუკეთესოა პირველყოფილთა შორის..
- მაგრამ ჩვენ მას მაინც დავამარცხებთ, - წარმოთქვა მოხუცმა თვითკმაყოფილებით და საბჭოს წევრებს გახედა.
- ამჟამად ისინი ერთ ნავში სხედან, - თქვა კონორმა, - მაგრამ არსებობს ერთი რამ, რასაც კოვაქსსა და პრიმუმთა კლანს შორის უთანხმოების ჩამოგდება შეუძლია, - კონორმა ღიმილით გადაავლო თვალი დარბაზში შეკრებილთ, - პირველყოფილთა მეთაურმა, გაბრიელმა, მას ოჯახი ამოუწყვიტა, მეხსიერება წაუშალა და პრიმუმად აქცია...
- ჯანდაბა, - სიხარულით თქვა მოხუცმა და ხელები მოიფშვნიტა, - ეს უკვე კოზირია.
- შემდეგ საკუთარი დედის მკვლელობა აიძულა და კვლავ წაუშალა მეხიერება, კოვაქსს საერთოდ არაფერი ახსოვს თავისი ადამიანური ცხოვრებიდან... როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს შურისმაძიებელი პირველყოფილი, თუ მას დავიჭერთ, მეხსიერებას აღვუდგენთ და გავათავისუფლებთ?
კონორმა წინ წაიწია, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და გარშემო მზაკვრული მზერა მოატარა.
- და ვინ აღუდგენს მას მეხსიერებას? -იკითხა ერთ-ერთმა.
- მეხსიერებას მე აღვუდგენ, ის უკვე მრავალი საუკუნეა შთაგონების ქვეშ იმყოფება, - კონორმა პაუზა გააკეთა, - მე შემიძლია მოვხსნა შთაგონება...



P. S. ჩემო მკითხველებო, წაიკითხეთ და შეაფასეთ, კრიტიკას ნუ მოერიდებით :)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

ძალიან ძალიან კარგია. კოვაქსი მეცოდება(( გაბრიელს ორგანულად ვერ ვიტანუკვეე :@ რა საყვარელია კოვაქსი მიასთან ერთად როცაა ❤️ აუ ხვალ იმედი მაქვს იქნება ახალი თავი )))
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ ველი ხოლმე ახალ თავს, და თურმე გუშინაც დადებულა და დღესაც, და მე ახლა აღმოვაჩინე. ორივე თავი წამში შევისრუტე. კოვაქსი, მიუხედავად ყველაფრისა მსხვერპლი მგონია. მარკი გაქრა, აღარ გამოჩნდება? თუ ასეა მართლაც გმირია ეს ბიჭი. გამოდის თავი გაწირა. გაბრიელი მინდა ცოცხალი იყოს და კოვაქსმა მას ყოველი დანაშაულისთვის აგებინოს პასუხი. ასეთი ისტორია მესმის როცა წარმოდგენა არა გაქვს რა მოხდება მომავალში

 



№3  offline წევრი ჰაიკო

მეგობრებო ნუ გამიბრაზდებით, ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ სამშაბათამდე XI თავს ვერ ავტვირთავ :(( ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც კითხულობთ ამ ისტორიას.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№4  offline წევრი mirandaa31

ჰაიკო
მეგობრებო ნუ გამიბრაზდებით, ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ სამშაბათამდე XI თავს ვერ ავტვირთავ :(( ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც კითხულობთ ამ ისტორიას.

სამშაბათამდეე ((( ცუდია მაგრამ რას ვიზავთ გელოდებით ))
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent