შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 12] (18+)


30-05-2018, 19:57
ავტორი ჰაიკო
ნანახია 354

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 12] (18+)

გოგონა თავის საყვარელ ლოდზე იჯდა, ტბის პირას და უყურებდა, როგორ დასეირნობდა ორი თეთრი გედი ტბის სარკისებრ ზედაპირზე. თბილი ამინდი იყო, სულ ოდნავ ქროდა ნიავი და მხრებზე შოკოლადის მდინარეებად დაყრილ თმებს ეთამაშებოდა. გოგონა ჩვეულ პოზაში იჯდა, ფეხები შეეტყუპებინა, მაღლა აეწია და ხელები გარს შემოეხვია, ნიკაპი კი მუხლებზე დაეყრდნო.
ზურგსუკან ნაბიჯების ხმა გაისმა, გოგონა მთელი ტანით შემობრუნდა და როდესაც სტუმარს თვალი შეავლო, გული კვლავ ნაღველით და უსიგრძეგანო ტკივილით აევსო, მას შემდეგ, რაც მარკის სხეულში პირველყოფილი გამოაღვიძეს, ვერასდროს უყურებდა ემოციების გარეშე ნაცნობ სახეს, რომელსაც ახლა ნაიარევი "ამშვენებდა", მაგრამ ეს ნაიარევიც თითქოს რაღაცნაირად უხდებოდა პირველყოფილის ახოვან გარეგნობას. მიამ შენიშნა, რომ არამხოლოდ გარეგნობის მცირე ცვლილებისა, მარკის გამოხედვაც სადღაც გაქრა, მის თვალებში ვეღარ პოულობდა სითბოს, თანაგრძნობას და სიყვარულს, ამ დადებით გრძნობებს ადგილი დაუთმო ცივმა გამოხედვამ, ირონიამ და უსაშველო მელანქოლიამ.
მარკუსს უზადოდ ეცვა, ყველაზე გემოვნებით ჩაცმული, ვინც კი მიას ენახა, ეს ლუციუსი იყო, მაგრამ მარკუსიც არ ამბობდა ამ სიამოვნებაზე უარს, ამაზე მისი შავი, უძვირფასესი კოსტიუმი და შარვალი მეტყველებდა, ჰალსტუხს არ ატარებდა, თეთრი პერანგი ზედა ორ ღილზე ჩაეხსნა, საიდანაც მშვენივრად იკვეთებოდა რელიეფური მკერდი და დაკუნთული კისერი, ხელბი ჯიბეებში ჩაეწყო, უხმოდ იდგა და გოგონას ჩვეული, საოცრად მელანქოლიური მზერით აკვირდებოდა.
- გამარჯობა, - მიესალმა გოგონა.
მარკუსმა თავი ოდნავ დაუქნია და მიმოიხედა, დაძაბული ჩანდა, ეს არც იყო გასაკვირი, ის ხომ მაქციების ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
- მის ჯეკსონ, აქ რატომ მომიყვანეთ?
მია წამოდგა, ჯინსის ვიწრო შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიჩურთა და ლოდის წინ გაიარ-გამოიარა. გადაწყვიტა, ყველაზე მარტივით დაეწყო, იქნებ რამე გამოსვლოდა.
- ეს ჩვენი საყვარელი ადგილი იყო, სანამ... სანამ...აქ მოვდიოდით და საათობით ვიჯექით ხოლმე, შენ ტბის ყურება გიყვარდა.
პირველყოფილის სახეზე არანაირი ემოციის კვალი არ ჩანდა.
- გახსოვს, დედაჩემის შესახებ რომ გიყვებოდი? ის გიდი იყო და რომელიღაც მხეცმა დაგლიჯა ჯუნგლებში...
კვლავ არანაირი რეაქცია, მარკუსმა მხოლოდ ჩაახველა და ხეს მიეყრდნო.
- ნუთუ არაფერი გახსოვს? - შეევედრა გოგონა და თვალები ცრემლით აევსო.
მარკუსი ჩაფიქრდა, შემდეგ ნელა გააქნია თავი.
- ვწუხვარ, მის ჯეკსონ...
- მითხარი ერთადერთი რამ მაინც, რაც გახსოვს, - არ ნებდებოდა მია.
მარკუსი კვლავ ჩაფიქრდა, თვალები მოჭუტა, მარცხენა ხელის თითები თმებში შეიცურა, ეს ჟესტი საერთოდ არ ეცნო მიას, ეს არ იყო მარკის ჟესტი, ეს არ იყო მარკი...
- ბოლო, რაც მახსოვს, - თქვა მარკუსმა და გოგონას შეხედა, - მე ვიწექი, რებეკა კი ჩემს გვერდით მუხლებზე იდგა... მას ტრანსში გადავყავდი..
მიამ ამოიოხრა და იმედგაცრუებულმა გააქნია თავი.
- ვწუხვარ, - გაიმეორა მარკუსმა, - მაგრამ მე ნუ დამადანაშაულებთ, მის ჯეკსონ, ჩემი იდეა არ ყოფილა თქვენი შეყვარებულის სხეულში პირველყოფილის გამოღვიძება.
გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი და კვლავ ლოდზე ჩამოჯდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, თითქოს მწარე სიმართლისგან იცავდა თავს.
მოულოდნელად მარკუსი წამის მეასედში გაჩნდა მის გვერდით და თვითონაც ქვაზე ჩამოჯდა, ისინი იდაყვებით ეხებოდნენ ერთმანეთს, მიას გააჟრჟოლა.
- რებეკას გამოვკითხე ამ ყველაფრის შესახებ, - თქვა მარკუსმა, დაიხარა, კენჭი აიღო და ტბაში ისროლა.
მიას თვალები გაუფართოვდა, ძლივს შეიკავა გულის სიღრმიდან ამოხეთქილი სიხარულის ყვირილი, კენჭის წყალში სროლა-ეს არაფრისმთქმელი მოქმედება, ძალიან ბევრისმთქმელი იყო გოგონასთვის, ეს მარკის ჩვეული და საყვარელი ჟესტი იყო, გოგონა ხვდებოდა, რომ მარკუსმა ეს მხოლოდ ინსტინქტურად გააკეთა, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისი იყო.
- რის შესახებ ელაპარაკე? - მიამ მღელვარება დაიოკა, ისე შეეკითხა მარკუსს.
- გამოღვიძებაზე, - იყო პასუხი, - და იმაზეც, შესაძლებელია თუ არა უკუმოქმედება.
- ანუ?
- ანუ პირველყოფილის დაძინება და ადამიანის გამოღვიძება, - გვერდულად შეხედა მარკუსმა და ძლივს დაფარა გაოგნება, პროფილში გოგონა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა რებეკას.
მიას გული აუჩქარდა.
- რა თქვა?
- უარყოფითი პასუხი არ მიმიღია, - მიუგო მარკუსმა და მიას გულში იმედი ჩაესახა, - მაგრამ არც დადებითი, მან უბრალოდ არ იცის ეს როგორ გააკეთოს, ან საერთოდ შესაძლებელია თუ არა.
გოგონამ კვლავ უხმოდ დაუქნია თავი.
მარკუსმა სწრაფი მოძრაობით ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ამოაძრო და მოუკიდა. მიას კიდევ ერთხელ დაუარა სიხარულის ჟრუანტელმა, "ქემელი", მარკის ფავორიტი სიგარეტი..
- "ქემელს" ეწევი? - ფრთხილად თქვა გოგონამ.
- ჰო, - თავი დაუქნია პირველყოფილმა, - ადრე ასეთი რამ არასდროს მომიწევია, მაგრამ ახლა... არ ვიცი...რატომღაც მომწონს ეს მარკა...რატომ მეკითხები?
- არა, ისე, - სწრაფად მიუგო მიამ.
- კარგი, - მარკუსი წამოდგა, - უნდა წავიდე, მაპატიეთ, მაგრამ მე თქვენს მიმართ ვერაფერს ვგრძნობ და ვერც ვერაფერს ვიხსენებ.
მიამ ტუჩი მოიკვნიტა.
- კარგი, - ოდნავ უთრთოდა ხმა, მაგრამ ეს არ იყო სულიერი ტკივილით გამოწვეული თრთოლვა, ეს იყო მიზანდასახული ადამიანის ხმა, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა, ყველანაირი მეთოდით ეცადა მარკი დაებრუნებინა.
მან თვალი გააყოლა ახოვან პირველყოფილს, რომელიც სწრაფი ნაბიჯით გაუჩინარდა ტყეში და როდესაც ტბისკენ შემობრუნდა, მოულოდნელობისგან შეხტა, მის წინ კოვაქსი იდგა, ერთ ხელში ვისკის ოთხკუთხა ბოთლი ეჭირა და წყვდიადივით შავი თვალებით იღიმებოდა.
- ჯანდაბა, - მიამ გულზე ხელი მიიდო, რომ აღელვება ჩაეწყნარებინა და გამკიცხავად შეხედა შავგვრემან უკვდავს.
- ბოდიშს ვიხდი, თუ შეგაშინე, - სარკასტულად წარმოთქვა კოვაქსმა და მის გვერდით ჩამოჯდა ქვაზე.
- დაჯდომის ნებართვა არ მომიცია, - შუბლი შეკრა გოგონამ.
- თავაზიანი მანერებით არ გამოვირჩევი, - ცინიკურად თქვა კოვაქსმა და ბოთლს კორპის თავსახური მოხსნა.
გოგონა ბრაზით მისჩერებოდა.
- ასე უცებ და ასე სწრაფად საიდან გაჩნდი აქ?
- მე პირველყოფილი ვამპირი ვარ, - თავმომწონედ მიუგო კოვაქსმა, - უცებ გაჩენის კი რა მოგახსენო...დიდი ხანია აქ ვარ..
- მთელი ჩვენი საუბარი მოისმინე? - კვლავ გაბრაზდა მია.
- რა თქმა უნდა, - თავი დაუქნია კოვაქსმა და ვისკი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა.
- რა უწესობაა, - აღშფოთდა მია, - არ მახსენდება, აქ დამეპატიჟე, ამიტომ ლოგიკური შეკითხვა მიჩნდება, აქ რას აკეთებ?
პირველყოფილმა ირონიულად გაიღიმა.
- ტბის პეიზაჟით ვტკბები.
ამჯერად მიამ ჩაიცინა.
- ეს ვერსია არც ისე დამაჯერებელია და ვერ ხსნის შენი აქ ყოფნის მიზეზს...
- ის ახალგაღვიძებულია, - მოუბრუნდა კოვაქსი და შოკოლადისფერ თვალებში ჩააცქერდა, - მისი ემოციური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.
გოგონა ჩაფიქრდა, კოვაქსმა ამჯერად დამაჯერებელი მიზეზი მოიყვანა.
- კარგი... მაგრამ შენ რა განერვიულებს?
- მას მერე, რაც მე და შენ ერთად გადავიტანეთ, - შეყოვნდა კოვაქსი, - ვიფიქრე, რომ..
მია ეშმაკურად თვალებმოჭუტული შეჰყურებდა.
- იფიქრე, რომ შეგეძლო როგორც მეგობარი, ისე მოსულიყავი და ვისკი მოგეტანა? - შეეშველა გოგონა.
- შენ უკვე მითხარი, რომ ჩემთან მეგობრობა არ გინდა, - სწრაფად თქვა კოვაქსმა, - კარგი... შეგვიძლია ამას საქმიანი პარტნიორობა ვუწოდოთ, - კოვაქსმა კვლავ მოსვა ვისკი და შემდეგ ბოთლი მიას გაუწოდა, - პირობითად, რა თქმა უნდა.
მიამ მცირე ყოყმანის შემდეგ ბოთლი ჩამოართვა და გამაფრთხილებლად ასწია თითი.
- პირობითად, მხოლოდ საქმიანი პარტნიორობა.
კოვაქსმა გაიღიმა და თავი დაუქნია.
გოგონამ რამდენიმე ყლუპი მოსვა, დაიმანჭა, როდესაც მხურვალე სითხემ ყელი ჩაუწვა და ტუჩები ქურთუკის სახელოთი მოიწმინდა.
- სხვათაშორის, - თქვა მიამ, - მე პირველკურსელი ვარ.
- როგორც კოლეჯის მფლობელი, ნებას გაძლევ, ჩემთან ერთად დალიო, - დიდსულოვნად დართო ნება კოვაქსმა და ბოთლი ჩამოართვა, - ჩემი ზედამხედველობის ქვეშ.
მიამ გაიცინა და თავი დაუქნია.
- რაც საქმიან პარტნიორებს შორის ხდება, მათ შორისვე რჩება, მისტერ კოვაქს, ხომ ასე?
- რა თქმა უნდა, - მიუგო უკვდავმა და ბოთლი დაუბრუნა, - შეგიძლია უბრალოდ კოვაქსი დამიძახო.
მიამ თავი დაუქნია და ფარულად გახედა, თავით-ფეხებამდე შეათვალიერა შეუმჩნევლად, ეს არ იყო მზერა, რომელსაც მდედრი მამრს სტყორცნის ხოლმე, როდესაც მოსწონს და უნდა, რომ მისი ყურადღება მიიქციოს, მია თავიდანვე დააინტერესა ამ უჩვეულო პირველყოფილმა, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა სხვა პირველყოფილებს, ვისაც მია იცნობდა-ლუციუსს და ჯარედს. კოვაქსი ხასიათებით აშკარად განსხვავდებოდა მათგან და სწორედ ამან გამოიწვია ინტერესი გოგონაში, მას, უხეშად რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდა საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებული და დადგენილი დოგმატური კანონები, განა იმიტომ, რომ ვამპირი იყო და შეეძლო როგორც მოესურვებინა, ისე ეცხოვრა, არა, გოგონამ აღმოაჩინა, რომ კოვაქსი მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა თავისუფლების ყოველგვარ შეზღუდვას, მას საკუთარი შეხედულებები და იდეები გააჩნდა და თავისდა გასაოცრად გოგონამ აღმოაჩინა, რომ ამ შავგვრემანი პირველყოფილის და მისი საკუთარი შეხედულებები ძალიან ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს, გოგონამ მასში სულიერი მოკავშირე ამოიცნო, კოვაქსი არასდროს შეზღუდავდა მას, არასდროს გაკიცხავდა, არასდროს მიუთითებდა რამეზე, მას ზუსტად ასეთი მეგობარი სჭირდებოდა, მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ კოვაქსი ადამიანი არ იყო, ის იყო ადამიანის სხეულით მოსიარულე დემონი, დემონებთან ურთიერთობა კი მიას არ სურდა, მაგრამ თავისდაუნებურად სალემში მიმდინარე ზებუნებრივ ომში აღმოჩნდა ჩართული, ამ ომში კი მოკავშირეების გარეშე შეუძლებელი იყო თავის გადარჩენა, ამიტომ მია არჩევნის წინაშე რომ დამდგარიყო, და იცოდა რომ ეს აუცილებლად მოუწევდა, მეგობრად ორ საშინელებას შორის ალბათ მაინც შავგვრემან უკვდავს აირჩევდა, ბოლოსდაბოლოს მან ხომ რამდენჯერმე იხსნა უეჭველი სიკვდილისგან, ყოველთვის დროულად და ზუსტად იქ ჩნდებოდა, სადაც მიას სჭირდებოდა და როდესაც უჭირდა...
ორივე ჩუმად იჯდა ლოდზე და ჩამავალი მზის ცქერით ტკბებოდნენ, დროდადრო ბოთლს აწვდიდნენ ერთმანეთს.
- კარგი, - თქვა გოგონამ და ადგა, - ჩემი წასვლის დროა, - მან ნაბიჯი გადადგა და წაიბორძიკა, ლამის დაეცა, ალკოჰოლმა სისხლში შეაღწია და მთელ სხეულს მოედო.
კოვაქსი ელვის სისწრაფით გაჩნდა მის გვერდით და ხელი შეაშველა.
- მე თვითონ, - ენის ბორძიკით თქვა გოგონამ და ხელი გააშვებინა, მაგრამ როგორც კი მომდევნო ნაბიჯი გადადგა, კვლავ წაიფორხილა, ამჯერად თავი ვერ შეიკავა და წაიქცა, კოვაქსი კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და ირონიული ღიმილით მისჩერებოდა.
გოგონამ კვლავ სცადა წამოდგომა, მაგრამ ამაოდ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დატრიალდა, მთვარემ საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, ხოლო ცამ ტბას ადგილი გაუცვალა. მიამ ამოიოხრა, იდაყვზე წამოიწია და მომღიმარე უკვდავს, რომელიც აუჩქარებლად შეექცეოდა სასმელს, დაბინდული მზერა მიაპყრო.
- იცი... ალბათ შენი დახმარება დამჭირდება.
კოვაქსმა ხმამაღლა გაიცინა და ლოდზე ჩამოჯდა.
- მეგონა შენით შეგეძლო.
- ჯანდაბა, - მიამ კვლავ სცადა წამოდგომა, მაგრამ ამაოდ.
- დაგეხმარები, - გაუღიმა კოვაქსმა, - თუ მთხოვ, რა თქმა უნდა, პარტნიორო.
მია ერთხანს ბრაზით მისჩერებოდა, შემდეგ დანებების ნიშნად ამოიოხრა და თავი დაუქნია.
- გთხოვ, სახლამდე მიღწევაში დამეხმარე.
კოვაქსმა გაიღიმა, ბოთლი ლოდზე დადგა, წამის უსწრაფესად გაჩნდა გოგონას გვერდით და უცებ მიას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მიწა გამოეცალა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ შავგვრემან ვამპირს ხელში ჰყავდა ატაცებული და გულზე მიეკრა.
- დამსვი, - გააპროტესტა მიამ, - ახლავე.
კოვაქსმა ხმამაღლა გაიცინა და თეთრი კბილები გააელვა.
- არ მგონია ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ სიარული შეძლო, - მაგრამ მაინც ფრთხილად დაუშვა მიწაზე.
გოგონას როგორც კი ხელი შეუშვა, კვლავ მუხლები მოეკვეთა და აუცილებლად დაეცემოდა, ისევ კოვაქსს რომ არ აეტაცა ხელში წამიერად.
- ხედავ? - ნიშნის მოგებით ჰკითხა უკვდავმა და მაგისტრალისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს დაადგა ნელი ნაბიჯით.
მია ოდნავ გამოფხიზლდა, ვამპირის მძლავრ მკლავებში მოქცეული უსაფრთხოდ და მყუდროდ გრძნობდა თავს, თვალები დაეხუჭა, ლოყა კოვაქსის მკერდზე მიეყრდნო, უცებ გაიფიქრა, რომ მის მიერ ფილმებში ნანახი ვამპირის ტიპიური სახე სრულიად დაიმსხვრა, პირიქით, როგორც ლეგენდები ჰყვებოდნენ, სულაც არ აღმოჩნდა ისე, კოვაქსის კანი სულაც არ იყო ყინულივით ცივი, პირიქით, ლოყით გრძნობდა მის გულისცემას და მკერდიდან მომავალ სითბოს, კანიც არ ჰქონდა გაქვავებული, როგორც ფილმებში, მისი კანი ისევე ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, როგორც ნებისმიერი ადამიანის. ეს აღმოჩენა რომ გააკეთა, მია კიდევ უფრო დამშვიდდა, კოვაქსი უფრო მეტად ადამიანს ჰგავდა, ვიდრე ვამპირს, უცებ მოუნდა, რომ უფრო მეტი სცოდნოდა მის შესახებ.
- მადლობა, - ჩაიდუდუნა ჩუმად, იმის იმედად, რომ კოვაქსი ვერ გაიგებდა.
- რისთვის? - მიამ სწორად ვერ შეაფასა ვამპირის შესაძლებლობები, სრულად ვერ გათვალა რამდენად მახვილი სმენა შეიძლება ჰქონოდა.
- იმისთვის, რომ ყოველთვის მეხმარები, -მიუგო გოგონამ.
- როგორც პარტნიორი პარტნიორს?
- დიახ, - მიუგო მიამ.
- პარტნიორები ერთმანეთს უანგაროდ არ ეხმარებიან, - ჩაიცინა კოვაქსმა და ზემოდან დახედა მიას, რომელსაც ამჯერად იმდენად საშინლად აღარ მოსჩვენებია მისი თვალები.
- ჰო... - გაწელა გოგონამ, ვამპირი აშკარად მართალი იყო, - კარგი, გნებდები, ეს მეგობრული ჟესტი იყო.
კოვაქსმა კვლავ ჩაიცინა და კიდევ უფრო შეანელა ნაბიჯი.
- რაღაცეების აღიარებას იწყებ, - რიტორიკული ტონით თქვა მან.
- ალბათ, - დაეთანხმა გოგონა და თითი ასწია, - მაგრამ იმედი ნუ გექნება, რომ შენს მიერ დახოცილ ხალხს დავივიწყებ... უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, შეგვიძლია ვიმეგობროთ.
ამჯერად კოვაქსმა გულიანად გადაიხარხარა.
- ასე მალე?
- ხომ გითხარი, შეგვიძლია ვიმეგობროთ, ოღონდ ერთი პირობით.
ვამპირმა შუბლი შეჭმუხნა.
- პირობებს არ ვიღებ, არც ულტიმატუმებს.
- ჩემთან მეგობრობა თუ გინდა, მოგიწევს, - უტეხად თქვა გოგონამ.
- რა პირობებია?
- ადამიანებს აღარ მოკლავ, - მიუგო მიამ.
კოვაქსმა ჩაიცინა.
- მე არცერთი ადამიანი არ მომიკლავს აქ.
- არცერთი? - დაეჭვდა გოგონა.
- ყოველ შემთხვევაში, ჩემი ხელით მაინც, - მიუგო უკვდავმა.
- მოკლედ, არანაირი მკვლელობები და კარადაში დამალული ჩონჩხები, გასაგებია?
- გასაგებია, თანახმა ვარ, - ღიმილით მიუგო კოვაქსმა, მანქანის კარი გამოაღო და გოგონა ფრთხილად მოათავსა სავარძელზე...
ვერცერთმა ვერ შეამჩნია მამაკაცი, რომელიც ხეების ჩრდილს შეჰფარებოდა, ქერა თმა უკან გადაევარცხნა და ზურმუხტივით მწვანე თვალებით გამოუცნობი მზერით აკვირდებოდა მათ.
კოვაქსი საჭეს მიუჯდა, აქსელერატორს დააწვა და ქალაქის მიმართულებით დაიძრა, მწვანეთვალება მამაკაცი კი მოასფალტებულ გზაზე გამოვიდა და მანქანას თვალი გააყოლა, ამ დროს ღრუბლის ნაფლეთს ამოფარებულმა მთვარემ გამოანათა და მწვანეთვალება მამაკაცის მარცხენა ხელის არათითზე წამოცმული ოქროს მსხვილი ბეჭედი ააბრჭყვიალა, რომელზეც სამეფო გვირგვინის გამოსახულება იწონებდა თავს....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

რატო მგონია რომ ეს მწვანეთვალება მამაკაცი გაბრიელია? ნუ როგორც ყოველთვის კარგია მგონია რომ ფილმს ვუყურებ ხოლნე, ისე ცხადად აღვიქვამ მოვლენებს )) ველოდები ახალ თავს ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

გაბრიელიი, გამოჩნდა ეგ დამპალი. აუუ მისი და კოვაქსის შეხვედრა მაინტერესებს ყველაზე მეტად. მგონი მიას და კოვაქს შორის უხილავი ძაფები გაება, თუ მეჩვენება? მარკზე გული დამწყდა, არც შეიძლება ერთ სხეულში ორი სული იყოს.

 



№3  offline წევრი goddess

ვგიჟდები ისე მომწონს ეს ისტორია,თან ისე კარგად,გასაგებად და საინტერესოდ წერ სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე ახალ თავებს.ოღონდ ცოტა გაზარდე რა თავები smiley

 



№4 წევრი ჰაიკო

mirandaa31
რატო მგონია რომ ეს მწვანეთვალება მამაკაცი გაბრიელია? ნუ როგორც ყოველთვის კარგია მგონია რომ ფილმს ვუყურებ ხოლნე, ისე ცხადად აღვიქვამ მოვლენებს )) ველოდები ახალ თავს ❤️

ალბათ სწორად გგონია ;)

Chikochiko
გაბრიელიი, გამოჩნდა ეგ დამპალი. აუუ მისი და კოვაქსის შეხვედრა მაინტერესებს ყველაზე მეტად. მგონი მიას და კოვაქს შორის უხილავი ძაფები გაება, თუ მეჩვენება? მარკზე გული დამწყდა, არც შეიძლება ერთ სხეულში ორი სული იყოს.

ეს დამპალი გაბრიელი :D მაგრამ ნუ დაგავიწყდება რომ კოვაქსი შთაგონების ქვეშ იმყოფება ჯერ კიდევ.

goddess
ვგიჟდები ისე მომწონს ეს ისტორია,თან ისე კარგად,გასაგებად და საინტერესოდ წერ სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე ახალ თავებს.ოღონდ ცოტა გაზარდე რა თავები smiley

მადლობა, მიხარია რომ მოგწონს.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№5  offline წევრი ჟიზელი

გავვორდი რა. კოვაქსი ისეთი საყვარელია,როცა მიასთან ერთად არის ,ისე გულწრფელად უყვარს ეს გოგო, ისეთი ტრაგიკული ცხოვრება აქვს გაბრიელის წყალობით და ზოგადად მიყვარს მე ცინიკოსა პერსონაჟები , მაგრამ მარკი? მარკი მეცოდება ძალიან :( საერთოდ რას შეუყვარდა მია,თუ უნდა მომკვდარიყო... და თუ მარკუსი უბრალოდ აღიდგენს მარკის განვლილ 21 წელს...(მჯერა რომ რადგან გარეგნობა ინდენტურია,სულიც ანუ ხასიათი,გული,ფიქრები და ა.შ ერთნაირი უნდა ქონდეს ამ ორს) ...და ეს ორი ადამიანი ერთიანად იქცევა, მაშინ რა მოხდება? ანუ უნდა გავიხლიჩო მარკუსსა და კოვაქსს შორის? ნერვებს რატო მაწყვეტ ამ შუა ღამეს :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent