შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 15] (18+)


2-06-2018, 20:48
ავტორი ჰაიკო
ნანახია 463

წყურვილი [ნაწილი მეორე, თავი 15] (18+)

.... In sleep he sang to me, In dreams he came, That voice which calls to me, and speaks my name, And do I dream again for now I find, The Phantom of the Opera is there, Inside my mind....

მია შეშინებული წამოიჭრა საწოლიდან და ჩაბნელებულ ოთახს თვალი მოავლო, ფანჯრებზე ჩამოფარებულ თეთრ ფარდებს გარედან მთვარის ვერცხლისფერი სხივები ეცემოდა და ოთახში შემოღწევას ლამობდა. მია ვერ მიხვდა, რა იყო ეს, რამ გამოაღვიძა უსიზმრო ძილიდან, თითქოს გონებაში ჩაესმოდა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა, ყოველი სტროფი, აჰიპნოზებდა და სადღაც სიბნელეში, უსასრულობაში ითრევდა...
- მია... - სადღაც ჭერში გაისმა.
გოგონა გაოგნებული წამოხტა, თხელი ღამის ხალათი შემოიცვა და მეორე სართულისკენ ამავალ შიდა კიბეზე აირბინა, მაგრამ მეორე სართულის ჩაბნელებული ოთახებიც ისეთივე ცარიელი იყო, როგორც პირველი სართულის.
- მია... დამეხმარე, - თითქოს ეზოდან შემოიტანა ნიავმა მილეული ხმა, რომელიც სადღაც შორიდან ისმოდა.
მიამ კიბე ჩამოირბინა, სიბნელეში ჟურნალების მაგიდას დაეჯახა და იატაკზე პირქვე დაეცა, ეტკინა მუხლები, მაგრამ არ შეიმჩნია, წამოხტა და ეზოში გასასვლელ კარს ეცა, გამოაღო და გიჟის გამომეტყველებით მიმოიხედა, აქაც არავინ იყო..
- მია, - ახლა ზურგს უკნიდან მოესმა ხმა, მოტრიალდა, მაგრამ კვლავ ვერავინ აღმოაჩინა.
გოგონა ვერანდაზე ამავალ კიბეზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა, სამი ვარიანტი არსებობდა. პირველი: ის გაგიჟდა და არარსებული ხმები ესმოდა, მეორე: ის არ გაგიჟებულა, უბრალოდ სიზმარში იყო, მესამე: ის არც გაგიჟებულა, არც სიზმარში იყო, ეს ნაცნობი ხმა რეალურად ესმოდა, ქვეცნობიერად, ის დასახმარებლად იხმობდა...
სწრაფად წამოდგა, ოთახში შევიდა, სინათლე არ აუნთია, ტელეფონი მოძებნა და ნომერი აკრიფა, ზუმერი ერთხელ, მეორედ, მესამედ, ქერა ვამპირი არ პასუხობდა, მიას უბედურების მომასწავებელი შეგრძნება დაეუფლა და ვერანდაზე ნერვიულად მოჰყვა ბოლთის ცემას, შემდეგ ნომრების ჩამონათვალს ჩამოჰყვა, როდესაც სასურველი ნომერი იპოვნა, მცირე ხანს შეყოყმანდა, შემდეგ თავი გააქნია და CALL სენსორს დააწვა.
- გისმენთ, - საოცრად თბილი ხმა მოესმა.
- მე... - მია შეყოვნდა, უცნაური გრძნობა დაეუფლა, წამიერად თითქოს წლების წინ დაბრუნდა, ამ ხმამ ბავშვობაში დააბრუნა, მაგრამ თვითონაც ვერ ხსნიდა, რატომ დაეუფლა ასეთი შეგრძნება.
- გისმენთ, - გაიმეორა ქალის ხმამ.
- მე... ბოდიშს გიხდით, ასე გვიან რომ გაწუხებთ.. მია ჯეკსონი ვარ, კოვაქსის და ლუციუსის.... ასე ვთქვათ, მეგობარი.
- მივხვდი, - მიუგო ქალის ხმამ, - რამე მოხდა?
- ზუსტად არ ვიცი, - მია ჩაფიქრდა, - არ მინდა ამ თემაზე ტელეფონით საუბარი... უფრო სწორად, ლუციუსთან მსურდა საუბარი.
- ის აქ არ არის, ვწუხვარ. რამე მოხდა?
ქალმა მეორედ გაუმეორა იგივე შეკითხვა, ის რა, მასზე ნერვიულობდა? უცნაურია.
- დიახ, იცით... მე... არ ვიცი როგორ აგიხსნათ, თქვენ ხომ..
- ჯადოქარი ვარ, - უხერხულობიდან გამოიყვანა ქალმა და ლაღად გაიცინა, - ისევე, როგორც შენ.
მიას დაძაბულობა მოეხსნა და გაეღიმა.
- დიახ.. იცით, მე თითქოს მისი ხმა მომესმა..
- კოვაქსის?
- დიახ, - გაოცდა გოგონა, - საიდან...
- ჩვენ ჯადოქრები ვართ, ძვირფასო, - ყველანაირი სარკაზმის გარეშე, თბილად უთხრა ქალმა, - ოდესღაც შენც მიხვდები უთქმელად რაღაც-რაღაცეებს.
- ანუ მისი ხმა რომ მესმის, ეს ნორმალურია?
ქალი ოდნავ შეყოვნდა.
- ეს ხმა ქვეცნობიერად გესმის, რეალურად არ არსებობს, როგორც სჩანს შენ და კოვაქსს იმდენად ახლო ემოციური კავშირი გაქვთ...
- ჩვენ? კავშირი? - კიდევ ერთხელ გაოცდა მია.
- სხვა ახსნა არ მაქვს, - მიუგო ქალმა, - როდესაც ადამიანთან სულიერად ძალიან ახლოს ხარ, როდესაც გენატრება, შენს ტვინში ყოველთვის ამოტივტივდება მისი სახე და ხმა... სიზმარში არ გინახავს?
მია გაინაბა.
- მხოლოდ რამდენჯერმე, - აღიარა ბოლოს დარცხვენილმა, - მაგრამ...
- ვიცი ძვირფასო, - კვლავ გამოიყვანა მდგომარეობიდან ქალმა, - ეს უბრალოდ ქვეცნობიერია...რა გითხრა ხმამ?
- დახმარებას მთხოვდა...
ამ სიტყვებს ხანმოკლე დუმილი მოჰყვა.
- ჩვენ მას ვერაფრით დავეხმარებით, იქნებ ლუციუსმა შეძლოს მისი პოვნა...
მიას კვლავ გაახსენდა, რომ ქერა ვამპირი ბოგდანის სანახავად წავიდა და გული მტკივნეულად შეეკუმშა...


******

კონორი კვლავ ბოლთას სცემდა მაგიდის გარშემო და დრო და დრო კოვაქსს გახედავდა ხოლმე შეფიქრიანებული მზერით, არ იცოდა, შინაგანად რამდენად ძლიერი იყო შავგვრემანი პირველყოფილი და რამდენად ღრმად იყო წარსულის მოგონებები მის ქვეცნობიერში დამარხული, იცოდა, რომ მას მეხსიერება ერთ-ერთმა ძლიერმა პირველყოფილმა-ნათანიელმა წაუშალა, ამიტომ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ საუკუნეების წინ დადებული შთაგონების მოხსნას შეძლებდა.
კოვაქსი ყოველი გავლა-გამოვლისას თვალს ადევნებდა, მოღუშული იყო, ისედაც წყვდიადივით შავი თვალები კიდევ უფრო ჩაშავებოდა, წვეტიანი ეშვები ოდნავ დაეკრიჭა და დრო და დრო ყრუდ იღრინებოდა, მალევე მიხვდა, რომ ასე დასუსტებული ამ მსხვილ ჯაჭვებს ვერ გაწყვეტდა, ამიტომ მოთმინებით ელოდა მოვლენების განვითარებას, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებოდა, რატომ დატოვა კონორმა ის ცოცხალი, იმ დროის განმავლობაში, რაც გონს მოვიდა, ყველა შესაძლო სცენარი განიხილა, მაგრამ ჭეშმარიტებამდე მაინც ვერ მიდიოდა, თითქოს რაღაც აკლდა, როგორც ჯაჭვს ერთი რგოლი, რგოლი, რომელიც ყველაფერს გააერთიანებდა და თავის ადგილზე დააყენებდა.
- მაშ ასე, - კონორმა ბოლთის ცემა შეწყვიტა და კოვაქსის წინ შესდგა, - კოვაქს...შენ უკვე ძალიან დიდი ხანია პირველყოფილი ხარ, გახსოვს როგორ მოხდა ეს, ვგულისხმობ შენს პირველყოფილად გარდაქმნას.
კოვაქსმა თვალები მოჭუტა და დაკვირვებით შეხედა ვამპირებზე მონადირეს, მაგრამ არ უპასუხია.
- მე შენს წინააღმდეგ არ ვარ, როდის უნდა შეიგნო ეს? - ბრაზით თქვა კონორმა.
კოვაქსმა ჩვეული, ირონიული გამომეტყველება მიიღო.
- ფაქტები საწინააღმდეგოს ადასტურებს, - მან ჯაჭვებს გახედა, - შენ უკვე ორჯერ სცადე ჩემი მოკვლა, მაქციები და ვამპირები მომიგზავნე, შემდეგ ჯარედი გამოგზავნე.
- მოდი წვრილმანებს ნუ გამოვეკიდებით, - მოუთმენლად გააქნია ხელი კონორმა, - მე მხოლოდ შენი დახმარება მინდა.
კოვაქსი ცდილობდა, რაც შეიძლება დიდი დრო გაეყვანა, იმედოვნებდა, ლუციუსი მოახერხებდა რამეს, ამიტომ გადაწყვიტა კონორს საუბარში აჰყოლოდა.
- ჩემი დახმარება...რას გულისხმობ?
კონორმა გაიღიმა.
- მე მათ კლანიდან მომკვეთეს, კოვაქს, ვიცი რომ შენ ამაში მონაწილეობა არ მიგიღია, მე მათ ყველას გავანადგურებ, გირჩევ გვერდით გადგე, მე შენს წინააღმდეგ არ ვიბრძვი...
- ვის წინააღმდეგ იბრძვი? - შეაწყვეტინა კოვაქსმა და ფარულად კიდევ ერთხელ მოსინჯა ჯაჭვების სიმტკიცე, რაც კონორის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია.
- ეს ვერ გიშველის, - გააფრთხილა კონორმა მოღუშული სახით, - სამი დღეა წვეთი სისხლი არ მიგიღია, შენ გამოფიტული ხარ, კოვაქს, თუნდაც მოგხსნა ჯაჭვები, წინააღმდეგობას ვერ გამიწევ.
შავგვრემანმა უკვდავმა თვალები დააკვესა.
- იქნებ მაინც გეცადა? ერთი-ერთზე, პირისპირ, მხოლოდ მე და შენ..
- არ გინდა, - ხელი ჩაიქნია კონორმა, - რატომ? ჯაჭვებით მყავხარ დაბმული, როგორც ძაღლი, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებ, უბრალოდ მინდა რომ მომისმინო, ჯანდაბა, ნუთუ ეს ასე ძნელია? არ გაინტერესებს შენი წარსული? - კონორმა ბოლო სიტყვები დამარცვლით წარმოთქვა და კვლავ ნელა გაიარ-გამოიარა ზურგზე ხელებდაწყობილმა.
კოვაქსს აშკარად გაუკვირდა მისი სიტყვები, მაგრამ არც იმდენად, რისი მოლოდინიც კონორს ჰქონდა.
- მე პირველყოფილი ვარ, ჩემი წარმოშობა გაბრიელის დამსახურებაა და არასდროს დავინტერესებულვარ რატომ და რისთვის.
კონორმა დამცინავად გაიღიმა.
- მეგობარო, მთელი შენი ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია და არც შენ ხარ განებივრებული პრინცი, როგორსაც შენს თავს იცნობ და როგორც შთაგაგონეს.
კოვაქსმა ეშვები გამოაჩინა და ყრუდ დაიღრინა.
- რას გულისხმობ, რომელ შთაგონებაზე ლაპარაკობ?
კონორი მკვეთრად შეჩერდა და გვერდულად გამოხედა კოვაქსს.
- ყველაფერი სიყალბეა, შენ შთაგონებული ხარ, კოვაქს.. და იცი რატომ გაშიმშილებდი ბოლო სამი დღე? შენი დასუსტება და გამოფიტვა მინდოდა, გამოფიტულ ვამპირს შედარებით ადვილად მოგხსნი შთაგონებას.
კოვაქსი ჩაფიქრდა, თვალები დახუჭა.
- გასახსენებელი არაფერი მაქვს, მე ვკვდებოდი და გაბრიელმა გადამარჩინა, როდესაც ვამპირად მაქცია, - თქვა ბოლოს.
კონორმა კვლავ გაიღიმა.
- დარწმუნებული ხარ რომ ეს რეალური სიმართლეა?
კოვაქსს არაფერი უპასუხია, მოღუშული მისჩერებოდა.
- აი, ხედავ? - ნიშნისმოგებით მიმართა კონორმა, - არ ხარ დარწმუნებული...შენ ვამპირი ხარ და იცი, რომ ვამპირი ვამპირად არ იბადება, ადამიანი იქცევა ვამპირად, შენც ხომ ადამიანი იყავი, კოვაქს...შენი ადამიანური ცხოვრების შესახებ გაბრიელს არაფერი უთქვია, ხომ ასეა?
კოვაქსი დუმილს განაგრძობდა.
- ასეა, - თავისავე შეკითხვას გასცა პასუხი კონორმა და სიგარეტს მოუკიდა, ორი ნაფაზი დაარტყა და შემდეგ სიგარეტი კოვაქსს ჩაუდო პირში, კოვაქსმა ხარბად მოქაჩა, - მას არასდროს სიტყვა არ დაუძრავს შენი წარსულის შესახებ, - განაგრძო კონორმა, - კოვაქს... შენი ადამიანური წარსული ერთი უზარმაზარი ტკივილია, ამ ტკივილზე სიცრუეა აგებული, რომელშიც ამდენი საუკუნის განმავლობაში გაცხოვრებდა გაბრიელი..
კოვაქსმა სიგარეტი დაბლა დააგდო.
- ჩემი ადამიანური წარსული არ მაინტერესებს, - უხეშად თქვა მან.
- არ მჯერა, - არ დაეთანხმა კონორი, - ყველამ უნდა იცოდეს თავისი წარსულის შესახებ, შენ უნდა იცოდე, ვინ ხარ, ვინ არის გაბრიელი, ვინ არის ნათანიელი, ვინ არის ლუციუსი, მე შენ მათ ნამდვილ სახეს განახებ, - ამ სიტყვებთან ერთად კონორი პირისპირ დაუდგა კედელზე მიჯაჭვულ უკვდავს და საფეთქლებში ხელები მოჰკიდა.
- რა ჯანდაბას აკეთებ, - დაიღრინა კოვაქსმა და გაიბრძოლა, მაგრამ ჯაჭვებით საიმედოდ იყო დაბმული.
- მე შენ მეხსიერებას დაგიბრუნებ, - მიუგო კონორმა და თვალებში ჩახედა, - გინდა ეს თუ არა, ყველაფრის გახსენებას გაიძულებ.
კოვაქსმა კვლავ გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდა, ოთახი მისი ბინძური გინებით აივსო.
კონორმა სუსტად გაიღიმა, უფრო მძლავრად შემოაჭდო საფეთქლებზე ხელები, შუბლი შუბლზე მიადო და თვალები დახუჭა...



******
ლუციუსი თვალებმოწკურული, სასტიკი მზერით მისჩერებოდა ახალგაზრდა ქალ-მაქციას, რომელიც განუწყვეტლივ იღრინებოდა და მის გარშემო ნელა მოძრაობდა წრეზე.
- ბოგდან, - ნელა თქვა ლუციუსმა, ისე, რომ ჯესიკასთვის თვალი არ მოუშორებია, - ახლა ყველაზე ნაკლებად ბავშვის მოკვლა მინდა, უთხარი აქედან წავიდეს.
ბოგდანი უღონოდ ჩასჭიდებოდა მის მაჯას და პირიდან დრო და დრო სისხლს ანთხევდა.
- ჯეს, შვილო...
- მამაშენს დაუჯერე, - გამოსცრა ლუციუსმა, - შენი მოკვლა არ მინდა.
ჯესიკამ ბრუნვა შეწყვიტა და ზიზღით დაიღრინა.
- გაუშვი, მას არაფერი დაუშავებია.
- მან კოვაქსის მოკვლა სცადა, მეორედ კი მის გატაცებაში დაეხმარა კონორს, - კბილები გაახრჭიალა ლუციუსმა.
- კონორი მას აშანტაჟებს, - შესძახა ჯესიკამ, - მას სხვა გზა არ ჰქონდა...წინააღმდეგ შემთხვევაში კონორი მას შვილს მოუკლაბდა, ანუ მე მომკლავდა.
ლუციუსს არაფერი უთქვია, მზერა უფრო სასტიკი და გამსჭვალავი გაუხდა.
- იმისთვის მოკლავ, რომ თავისიანს იცავდა? რომ საკუთარ შვილს იცავდა? - იყვირა ჯესიკამ, - შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილზე?
ლუციუსმა ოდნავი გაკვირვებით შეხედა.
- მე შვილები არ მყავს.
- მერე რა? ეს შენს საქციელს არ ამართლებს...
- გაუშვი, თავი დაანებე, - სულ სხვა მხრიდან გაისმა მტკიცე, ძალიან ნაცნობი ხმა, ლუციუსმა მოიხედა და დაინახა ის, ვის დანახვასაც აქ ყველაზე ნაკლებად ელოდა.
ჭიშკრის მხრიდან ნელი ნაბიჯით მოდიოდა მია ჯეკსონი, შოკოლადისფერი თმა ტალღებად დაჰყროდა სუსტ მხრებზე, სახეზე სიმტკიცე და შეუპოვრობა ესახებოდა, ის რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შედგა.
- მია... - გაკვირვებისგან ჯესიკას პირში სიტყვა გაუწყდა.
- უკან დაიხიე, ჯეს, ჩემს უკან დადექი.
- შენ აქ რას აკეთებ? - გამოსცრა ლუციუსმა, იმ გოგონას აქ ყოფნა, რომლის მიმართაც ლუციუსის აზრით კოვაქსს გარკვეული სიმპათიები გააჩნდა, მის გეგმებში არაფრით შედიოდა.
- მე ადამიანი ვარ და ადამიანებს ვიცავ, - იყო მტკიცე პასუხი.
- ისინი ადამიანები არ არიან, - დაიღრინა ლუციუსმა.
- ისინი იმაზე მეტად არიან ადამიანები, ვიდრე ეს შენ გგონია, - მიუგო მიამ და ხელები წინ გაიშვირა, ლუციუსის მიმართულებით, - ბოგდანს მოშორდი, თორემ...
- მემუქრები? მე? - აშკარად გაოცდა ლუციუსი.
- მე ჯადოქარი ვარ და იცი რაც შემიძლია, მე რებეკაზე გაცილებით ძლიერი ვარ, ეს კოვაქსმა მითხრა, მოშორდი ბოგდანს, არ მოგცემ უფლებას, ჩემი საუკეთესო მეგობრის მამა მოკლა.
- მან შენ მახე დაგიგო, - კბილები გააელვა ლუციუსმა.
- მე მას უკვე ვაპატიე, მოშორდი, - მიას უცნაურად აემღვრა თვალები, შოკოლადისფერი გუგები გაუუფერულდა და თეთრი შეფერილობა მიიღო, შემდეგ ხელები განზე გაშალა, თავი ოდნავ უკან გადასწია და გაოგნებული ჯესიკას, უფრო გაოგნებული ბოგდანის და საშინლად გაოცებული ლუციუსის თვალწინ დაახლოებით ერთ ფუტზე აიწია ჰაერში, ასე ლივლივებდა, როგორც მოჩვენება, სახეზე უცნაური ღიმილი გადაეფინა, თეთრი, უფერული თვალებით სადღაც შორს, სივრცეში იყურებოდა..
- ლუციუს, - ეს ხმა არ ეკუთვნოდა მია ჯეკსონს, არც ამ პატარა მდელოზე დანარჩენ სამ არსებას, არც ბოგდანის რომელიმე მაქციას, ეს იყო უცნაური, შიშის მომგვრელი ხმა, ხმა, რომელიც სადღაც მიას სხეულის შიგნიდან მოდიოდა, ეს ხმა იყო, რომელიც დემონური ჟღერადობით გამოირჩეოდა და რამაც წამში დაუყენა თმები ყალყზე ჯესიკას და ბოგდანს, ხოლო ლუციუსმა მაშინვე შეუშვა ხელი ალფა მგელკაცს და ერთბაშად რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან.
- ლუციუს, - კვლავ დაილაპარაკა დემონმა მიას პირით, - ცუდად იქცევი...
- ჯანდაბა... - ქერა ვამპირს შიშისგან ჟღალი წვერი აებურძგნა, - ტალია...ეს შენ...საიდან...როგორ...
ეს სიტყვები პირველყოფილის გახევებულ ბაგეს ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოსწყდა, შემდეგ შებრუნდა და წამის უსწრაფესად გაუჩინარდა ჩაბნელებული ტყის კორომში...
ლუციუსის გაუჩინარებისთანავე ჯესიკა ბოგდანს მივარდა, მხარში შეუდგა და წამოაყენა.
- შეხედე, - მიუთითა მიაზე ბოგდანმა.
ჯესიკამ მეგობარს გახედა, რომელიც კვლავ უცნაურად ლივლივებდა ჰაერში, შემდეგ მოწყვეტით დაეცა მიწაზე და გონება დაკარგა.
- მამა... რა ხდება, ვინ არის ის?
- აქამდე მეგონა, რომ ის შენი მეგობარი მია ჯეკსონი იყო, - ნელა თქვა ბოგდანმა, - მაგრამ...
- მაგრამ რა? ლუციუსმა მას ტალია უწოდა, ვინ არის ტალია?
ბოგდანი თვალს არ აშორებდა მიას სხეულს, რომელიც უგრძნობლად გაშხლართულიყო მდელოზე.
- მეგონა ის მხოლოდ ლეგენდებში არსებობდა... - თქვა ბოგდანმა, - ჯეს...ის ყველაზე ძლიერი დემონი ჯადოქარია, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწის ზურგზე, მაგრამ როგორც ჩანს, შენმა მეგობარმა ამის შესახებ ჯერ არ იცის.
ჯესიკამ გაოცებით გახედა მიას, რომელიც ნელ-ნელა მოდიოდა გონს.
- თუ ასეა, ალბათ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი.
- ჯერ არ ვიცი, - ფიქრიანად თქვა ბოგდანმა, - თუ მისი სხეული ტალიამ დაიპყრო, ეს ბევრ რამეს შეცვლის, ძალიან ბევრ რამეს, ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.
როგორც იქნა, ბოგდანს ჭრილობა შეუხორცდა, რეგენერაციის უნარი-მთავარი მახასიათებელი, რაც ვამპირებს და მაქციებს განსაკუთრებულებს ხდიდა.
მამა-შვილი ფრთხილად მიუახლოვდნენ ბალახზე მწოლიარე გოგონას, რომელმაც ნელა გაახილა თვალები და ჯერ ბოგდანს შეხედა, შემდეგ ჯესიკაზე გადაიტანა მზერა.
- ჯეს... რა მოხდა? - ამოილაპარაკა მისუსტებული ხმით.
ჯესიკამ გაოცებით და მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ალფა მაქციას.
- მის ჯეკსონ, არ გახსოვთ რა მოხდა? - ჩაეკითხა ბოგდანი.
მიამ გონება დაძაბა.
- მე აქ მოვედი, ვიცოდი, რომ ლუციუსი შენთან მოვიდოდა და შენს მოკვლას დააპირებდა...შემდეგ ჯესიკა დავინახე, ლუციუსი, რომელიც უკვე გკლავდა და....
- მერე? - მოუთმენლად შეეკითხა ჯესიკა.
- მეტი არაფერი, - თავი გააქნია მიამ და ბოგდანს შეხედა მავედრებელი მზერით, - მეტი არაფერი მახსოვს, მისტერ ო'ნილ, გთხოვთ, მითხარით... რა მჭირს?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი mirandaa31

აი ეს მესმის. ტალია.. ლუციუსიც რომ შეაშინა, ძაან მაინტერესებს მათი მრავალსაუკუნოვანი წარსული. შენ კი ჰაიკო ამოუწურავი ხარ :დ სულ გვაკვირვებ და ინტრიგას გვიტოვებ, ჩვენც რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ დაგელოდოთ, როდის დაამატებ შემდეგ თავს ))
--------------------
ხელმოწერა

 



№2 სტუმარი eli

გუშინ წავიკითხე ყველა თავი ერთად, ძალიან მომეწონა.გაკვირვებული ვარ კომენტარების რაოდენობის გამო. თითოეულ თავს სულ მცირე 30 კომენტარი უნდა ჰქონდეს. არაჩვეულებრივი თხრობის მანერა გაქვს და სიუჟეტი ძალიან საინტერესო არის. წარმატებას გისურვებ.

 



№3  offline წევრი ჰაიკო

eli
გუშინ წავიკითხე ყველა თავი ერთად, ძალიან მომეწონა.გაკვირვებული ვარ კომენტარების რაოდენობის გამო. თითოეულ თავს სულ მცირე 30 კომენტარი უნდა ჰქონდეს. არაჩვეულებრივი თხრობის მანერა გაქვს და სიუჟეტი ძალიან საინტერესო არის. წარმატებას გისურვებ.

იცი რა ხდება? 18+ რომ აწერია ხალხს ჰგონია რომ ეროტიკული ჟანრის ისტორიას, შემოდიან, კითხულობენ და იმედგაცრუებულები რჩებიან :D:D მათ ხომ ძირითადად სიყვარულის და სექსის ბანალური სცენები აინტერესებთ ;) ხო, და თუ ისტორიაში სახელი "დამიანე" არ ფიგურირებს, ასეთ ისტორიას ვერ კითხულობენ :)))

mirandaa31
აი ეს მესმის. ტალია.. ლუციუსიც რომ შეაშინა, ძაან მაინტერესებს მათი მრავალსაუკუნოვანი წარსული. შენ კი ჰაიკო ამოუწურავი ხარ :დ სულ გვაკვირვებ და ინტრიგას გვიტოვებ, ჩვენც რაღა დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ დაგელოდოთ, როდის დაამატებ შემდეგ თავს ))

გმადლობ, როგორც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და შესანიშნავი ხარ მირა ;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№4 სტუმარი eli

შემდეგ თავს როდისთვის უნდა ველოდოთ?

 



№5  offline წევრი ჰაიკო

eli
შემდეგ თავს როდისთვის უნდა ველოდოთ?

ხვალ საღამოს.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent