შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელენე დარსაძე (წიგნიდან "დემოკრატიული საგიჟეთი")


3-06-2018, 21:40
ნანახია 532

ელენე დარსაძე (წიგნიდან

"დემოკრატიული საგიჟეთი"
ელენე დარსაძის ისტორია

თბილისური ცხოვრება
28 წლის ელენე დარსაძე თბილისში, წერეთლის გამზირზე, ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობს დედასთან და სამი წლის პატარა კესოსთან ერთად. ქმარს 7 თვის წინ დაშორდა, ოჯახში მხოლოდ ის მუშაობს, ერთ-ერთ კომპანიაში ოფის -მენეჯერია. ხელფასი ნორმალური აქვს, თუმცა ძლივს ყოფნის თვის ბოლომდე, რომ კომუნალური ხარჯები დაფაროს, ბავშვს არაფერი მოაკლოს და თავსაც მიხედოს. ბოლო დროს, დედის მსუბუქი ავადმყოფობებიც დაემატა და ეს საგრძნობლად აისახა მასზე. არ წუწუნებს, ცდილობს ძლიერი იყოს და ყველა პრობლემას შეძლებისდაგვარად გაუმკლავდეს, დედას მუდამ ამხნევებს და გვერდში უდგას, მაგრამ ატყობს, რომ თავადაც ძალიან უჭირს, ვეღარ უძლებს. ძალიან სტკივა მარტო ყოფნა, სტკივა ისიც, რომ სიყვარული დაკარგა, ის სიყვარული, რომელიც ძალიან სჭირდებოდა და მის სულიერ სამყაროს ავსებდა. უყვარს, დღესაც უყვარს, მაგრამ ვერ პატიობს, რადგან ძალიან ატკინეს გული... ერთადერთი, რაც ცხოვრებას უფერადებს, პატარა კესოა, რომელიც ყველაფერს ურჩევნია და რომლისთვისაც ყოველთვის აქვს ცხოვრებას აზრი. ამიტომ, არ უშინდება სიძნელეებს და იბრძვის უკეთესი მომავლისთვის, საკუთარი თავისთვის, კესოსთვის და დედისთვის...

მოულოდნელი გადაწყვეტილება
-ელენე, დედიკო, კარგად დაფიქრდი, იქნებ კიდევ იფიქრო, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის.
-დედა, ხომ იცი, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებ, რამდენს ვფიქრობ, ეს ხომ ერთ დღეში არ დამიგეგმავს, უკვე ბევრი ვიფიქრე!
-ვის არ დანგრევია ოჯახი დედა, მაგრამ საქართველოდან ამის გამო არ წასულან. ბავშვს ვის უტოვებ? ხომ ვიცი, კესოს გარეშე ძალიან გაგიჭირდება...
-დედა, შენ რა გგონია, მეხალისება ცხოვრების ახლიდან დაწყება? სხვა გზა არ არის! სამწუხაროდ!..
-რამდენი ხნით მიდიხარ? დედა, ეს რა გავიგე ელენე, რას აკეთებ ჩემო გოგო?! აცნობიერებ?
- ვაცნობიერებ და ფსიქოლოგიურად თავსაც ვამზადებ, რომ ყველაფერს შევეგუები. მხოლოდ მე არ ვარ, ვინც ემიგრაციაში მიდის, სხვებმა როგორ შეძლეს? ასევე შევძლებ მეც, ამის მჯერა, ხომ იცი, რომ რასაც მოვინდომებ, ყველაფერი გამოვა...
-შენ რომ რამეს აიჩემებ...
-დედა, ერთადერთი რასაც გთხოვ, ბავშვს მიმიხედე და თავს გაუფრთხილდი, მეტი არაფერი მინდა. არ ვიცი იქ როგორ აეწყობა ჩემი საქმე, მერე ჩამოვალ და ორივეს წაგიყვანთ ან აქ დავბრუნდები ისევ საქართველოში, მანამდე კი არ გაგიჭირვებთ, არ ინერვიულო, მე კარგად ვიქნები, შევძლებ, რატომ არ გჯერა?
-მჯერა დედა, მჯერა...

მარტო დარჩენა საკუთარ გრძნობებთან
ძნელია, როცა დედასაც სხვებივით ატყუებ, რომ ძლიერი ხარ და ყველაფერს შეძლებ. ძნელია, როცა მძინარე შვილს ბოლოჯერ უყურებ და იცი, რომ ხვალ, ამ დროს აქ, ამ ბინაში, ამ ქუჩაზე, ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში სამწუხაროდ შენი ადგილი აღარ იქნება... აღარ იქნები აქ მცხოვრები რიგითი მოქალაქე, აღარ იქნები დედა, შვილი, ოფის-მენეჯერი, ვიღაცის მეგობარი ან იქნები, მაგრამ მხოლოდ სახელად და არა ფიზიკურად... აღარ გექნება შენი ცხოვრება, რაც აქამდე შეგიქმნია, ყველაფერს კარგავ, ყველაფერს, სახელისა და გვარის გარდა, ეგეც მხოლოდ მესაზღვრეს თუ დასჭირდება უცხო ქვეყანაში საზღვრის კვეთისას, სხვას არავის...
ვერ იძინებ, აფორიაქებული, დაბნეული, განერვიულებული ხარ, ცრემლიანი უკანასკნელად ეფერები შვილის თითებს, სახეს და ცდილობ, არ გააღვიძო, ძილი არ დაუფრთხო, შფოთვა არ გადასდო... მწარეა... ვეღარ უძლებ, გტკივა და არ გიყუჩდება, დგები, გარეთ გადიხარ და ღრმად სუნთქავ გაზაფხულის ჰაერს, რომელსაც თავისებური სურნელი აქვს... სასაცილოა, მაგრამ შენი ქუჩის ხედებს, ხეებს, ფოთლებს დიდ ხანს უყურებ, რომ დაგამახსოვრდეს და რომ მოგენატრება, უცებ აღიდგინო ყველა დეტალი... არეული ხარ, ვერ ლაგდები...


მტკივნეული განშორება
-დედა, კესო უკვე გავამზადე, გთხოვ, დღეს შენ წაიყვანე ბაღში.
-მოდი ბებიკო, ჩემი კარგი და ლამაზი გოგო, წავიდეთ მე და შენ და გზაში ზეიმისთვის ლექსი გავიმეოროთ.
ჩააცვა ბებიამ ბავშვს თხელი მოსასხამი, აიყვანა ხელში და კარებს რომ დაუწყო გაღება, ელენეს განწირული ხმა შემოესმა:
-დედა, კესო...
ცრემლები ვერ შეიკავა... დიდ ხანს კოცნიდა პატარა კესოს, ცრემლით დაუსველა ლოყები და შეპირდა, რომ ყოველთვის ეყვარებოდა, ყოველთვის... ბავშვი ვერაფერს ხვდებოდა, არ იცოდა რა ხდებოდა, უბრალოდ ხედავდა ატირებულ დედიკოს და არ მოსწონდა, ცდილობდა დაეწყნარებინა და პატარა ხელებით სახეზე ეფერებოდა... საღამოს მოსულს კი დედა სახლში აღარ დახვდა...

შეხვედრა უცხო სამყაროსთან
მძიმედ ჩაისუნთქა JFK-ს აეროპორტიდან გამოსულმა ახალმა ემიგრანტმა ნიუ-იორკის ტენიანი ჰაერი, ჩანთიდან ფურცელი ამოიღო, სადაც დედამისის მეგობრის დის საკონტაქტო ინფორმაცია ეწერა და ნომრის აკრეფა დაიწყო.
-Hello…
-Hello, are you Manana?
-Yes…
-გამარჯობა, ელენე ვარ, მაია ნამორაძის შვილი, თქვენმა დამ ალბათ გითხრათ ჩემზე.
-დიახ, ელენე, მითხრეს და გელოდები. მაპატიე შვილო, ვერ დაგხვდი, მარტო ვერ დავტოვებდი ამ მოხუცს და ყველაფერს გასწავლი როგორ მოხვიდე ჩემამდე. მოკლედ, ახლა ტაქსზე დაჯექი, ხომ იცი ინგლისური?
-დიახ...
-მძღოლს უთხარი „Port Authority Bus Terminal“-ში წაგიყვანოს და იქ რომ მიგიყვანს, მერე კიდევ დამირეკე და გეტყვი, რა გააკეთო.
-მადლობა.
-გაიხარე ჩემი გოგო, აბა შენ იცი, არ დაიბნე.
- არა.
ავტობუსების სადგურიდანაც რომ მიიღო ქალბატონი მანანას დირექტივები, ძალა მოიკრიბა და ყოჩაღად მიადგა ბილეთების სალაროს, შემდეგ ავტობუსის მოსაცდელი ჭიშკარი მოძებნა და ხალხის რიგს შეერია.
ორ საათში კი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლინდენში, ქალბატონ მანანასთან აღმოჩნდა.
ელენესთვის უცხო ქალბატონი, დიდ სახლში მარტო ცხოვრობდა მოხუც ქალთან ერთად, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და ოთახიდან ფაქტიურად არ გამოდიოდა. ორ კვირაში ერთხელ აკითხავდა შვილი, რომ საყიდლები გაეკეთებინა, მანანასთვის ხელფასი გადაეხადა და ისევ ბრუნდებოდა ნიუ-იორკში. ასე, რომ მანანას დროებით შეეძლო, ახალგაზრდა გოგონა შეეფარებინა და დაეკვალიანებინა სამსახურის მოძებნაში. ელენესთვისაც ერთადერთ ახლობელ პიროვნებად გადაიქცა, რომელზეც უცებ გახდა დამოკიდებული.


ფიქრებთან ჭიდილი
ღამე და უცხო სამყარო... ერთ ოთახში... მარტოობაში... შვილის გარეშე... დედის გარეშე... მეგობრების და ახლობლების გარეშე... სიყვარულის გარეშე... ახლა ისე ემარტოება, ისე სტკივა, ისე ენატრება, ისე განიცდის... მისი მეუღლეც რომ მასთან იყოს, ასე ხომ აღარ მოიწყენდა, შვილის მონატრებასაც რაღაცით მაინც ხომ შეიმსუბუქებდა... ნეტა ისიც აქ იყოს, აპატიებდა, ყველაფერს აპატიებდა და ჩაეხუტებოდა... მაგრამ არა!.. მან ხომ გული ატკინა, სხვაზე გაცვალა, ის სხვა ამჯობინა... ვერ გაუძლო ელენემ, ვერ გაუძლო იმ ქალაქს, სადაც მისი სიყვარული ცხოვრობდა, ვერ გაუძლო ყოველ დილით მასთან სამსახურში შეხვედრას, ვერა... ახლა უნდა დაუმტკიცოს, რომ არ ღირდა მისი მიტოვება, უნდა დაუმტკიცოს, მას იმ ქალზე მეტი შეუძლია, რომელზეც გაცვალეს, ახლა უნდა დაუმტკიცოს, რომ ელენეს სათანადოდ ვერ აფასებდა... მაგრამ ამას დრო სჭირდება, შვილის გარეშე ცხოვრება სჭირდება, საყვარელი ადამიანების გარეშე ცხოვრება სჭირდება... დიდი ტკივილის ატანა და ბრძოლა, ჯარისკაცივით ბრძოლა სჭირდება...
მზად ხარ ელენე?.. მაგრამ რატომ აკეთებ ამას, მას ხომ მაინც არ დაუბრუნდები? ფაქტი ხომ არ შეიცვლება, გინდა ეს ყველაფერი ელენე? გიღირს?.. გიღირს, რომ შვილი დატოვო და უფრო ძლიერ და დამოუკიდებელ ქალად ჩამოყალიბდე, იმ წლებს ხომ ვეღარასოდეს დაიბრუნებ, რომელიც შენს შვილს უნდა მოაკლო?
მე ყველაფერს გავაკეთებ! დიახ, გავაკეთებ! შევძლებ, მიდი ელენე არ უნდა დანებდე! შენ აქ გლოვისთვის და ტირილისთვის არ ჩამოსულხარ, შენ აქ ტრანსფორმაცია უნდა განიცადო!.. მიდი ელენე, მიდი... შენს შვილსაც ძლიერი დედა სჭირდები...
რა ვერაგია ღამის ფიქრები... შინაგანად განგრევს და გაფორიაქებს...

ამერიკული ცხოვრების დასაწყისი
-აბა, როგორ გეძინა?
-ვერ დავიძინე...
-თავიდან ყველა ასეა, ერთ-ორ კვირაში მიეჩვევი. რას ვიზამთ ბატონო, საქართველო ამერიკის დროსთან შედარებით წინ არის, რაღაცაში მაინც ხომ უნდა ვიყოთ წინ გენაცვალოს მანანა დეიდა. „Aunt Jamima”-ს ბლინები გამოგიცხე, აგერ სეროფიც, ზემოდან მოასხი, მოცვი, მარწყვი, ყავა და ესეც შენი ამერიკული Breakfast. მე წავედი, აღარ მცალია, ბებიას უნდა მივხედო, მერე ჩემს ბლოკნოტს ჩამოგიტან და რომელი აგენტების ტელეფონებიც მიწერია, ყველა ნომერზე დავრეკოთ. მანამდე კი მიირთვი რამდენიც გინდა, არ მოგერიდოს, აბა წავედი.
-მადლობა მანანა დეიდა.
-რის მადლობა, მიირთვი შვილო, მე უკვე ვისაუზმე და აღარ მცალია.

***
-მანანა დეიდა, ეს აგენტები ვისი ტელეფონების ნომრებიც გიწერიათ, რაზე ასაქმებენ?
-მე მხოლოდ ისეთი აგენტების ნომრები მაქვს, ვინც მოხუცებთან ასაქმებენ.
-სხვაგან არა?
-სხვაგან გინდა მუშაობის დაწყება?
-მე არანაირი გამოცდილება არ მაქვს მოხუცებთან მუშაობის, ვერ შევძლებ, არ შემიძლია.
-აბა, შვილო, შენ არავის გაუფრთხილებიხარ, რომ აქ მხოლოდ ასეთი სამსახურებია?
-ბავშვის მომვლელად რომ წავიდე?
-იცი შენ ბავშვთან მუშაობა რამხელა პასუხისმგებლობაა? თან ამდენს არ იხდიან, რასაც ამ სამსახურში. ერთი ყურადღების მოდუნება და რომ წაიქცეს და რამე იტკინოს, ზოგი ამერიკელი ისეთია, შეიძლება გიჩივლოს კიდეც.
- ბებაისთან ვერ შევძლებ!
-მე გასწავლი. მოდი, გეტყვი და გასწავლი როგორც უნდა მიხედო.

სკაიპით ჩართვა საქართველოში
-დედა, როგორ ხარ?
-კარგად შვილო, შენ როგორ ხარ? როგორ იმგზავრე, ადვილად მიაგენი მანანას სახლს?
-კი, ყველაფერი კარგად არის. კესო როგორ არის? დამანახე ბავშვი.
-მოდი ბებიკო ჩემთან, დედიკოს დაველაპარაკოთ.
-კესო, დეე, როგორ ხარ?
-დედა, სად ხარ? როდის მოხვალ?
-დედიკო, ჩემო ლამაზო, ჩემო სიხარულო, პატარა პრინცესა, ცოტა უნდა მოვიცადოთ დედი და აუცილებლად მოვალ, აუცილებლად დავბრუნდები კარგი?
-კარგი...
-დედა, სად გაიქცა ბავშვი? კესო, კესოოო...
-წავიდა, თამაშობს. შენ ის მითხარი, როგორ მოეწყე?
-დედა, კარგი ქალია, მაგრამ რასაც ეს მეუბნება, აბსურდია, ვერ შევძლებ. აუჩემებია, გინდა თუ არა მოხუცთან უნდა იმუშავოო და გამორიცხულია, ვერ გავაკეთებ.
-რას ფიქრობ, აბა რას იზავ მაშინ? მაგას როგორც შეუძლია, ისე გეხმარება ალბათ...
-როგორც ჩანს, ვისაც იცნობს, სხვებიც ამ საქმით არიან დაკავებულები. არ ვიცი, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ უკვე არ ვიცი დედა, დავიბენი. ხვალ ბრუკლინში წავალ, იქნებ ოფისებში რამე ვიშოვო, კაფეში, მაღაზიაში, ბავშვთან მომვლელად, სხვა რაღაცებიც ხომ არსებობს არა?
-შეხედე დედა, კარგად აწონ-დაწონე და ისე მიიღე გადაწყვეტილება.
-ასეც ვიზამ, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს ყველაფერს. ცუდია, რომ მეტს არავის ვიცნობ, ერთი ახალგაზრდა მაინც იყოს ჩემი ნაცნობი, დამაკვალიანებდა მაინც. სხვა როგორ ხართ, ძალიან განიცდის ბავშვი უჩემობას?
-შენ ნუ ნერვიულობ, თავს მიხედე, ბავშვია და მოიკითხავს დედას, აბა რა იქნება, მაგრამ გაუვლის, ნელ-ნელა მიეჩვევა. მანდ მიხედე საქმეს, გამაგრდი, აბა შენ იცი.
-კარგი დედა. მომიყვანე ბავშვი, რომ დავემშვიდობო.
-კესოო, დედიკო უნდა წავიდეს, მოდი, ხელი დაუქნიე ბე...
-კარგად დედიკო, მალე მოდი ჩემთან.
-ვეცდები დედი, ყველანაირად ვეცდები, რომ მალე ერთად ვიყოთ კესო, გპირდები სიხარულო, გკოცნი... კარგად...

პირველი იმედგაცრუება
-რა ქენი შვილო, იშოვე რამე?
-სამწუხაროდ ვერა მანანა დეიდა. რამდენიმე სააგენტო ვნახე, რომლებიც მხოლოდ საბუთიანებს ასაქმებენ, ზოგი კი წინასწარ იღებს თანხას და სადღაც სხვა შტატებში გპირდებაიან სამუშაოს, სადაც მხოლოდ მანქანით თუ მიხვალ ყოველ დღე, არანაირი ტრანსპორტი არ დადის იმ გზაზე, ამას ბინის ხარჯიც ემატება და არ ღირს ერთი სიტყვით ისეთი ვარიანტებია. შემდეგ კაფეები დავიარე, რესტორნები, მაღაზიები, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი ყველა ქართული პუნქტი შევსებულია თანამშრომლებით.
-ხო, აქ ასეა, თუ დიდ ქალაქში არ ცხოვრობ, უმანქანოდ გადაადგილება ძალიან რთულია. ტაქსი კი იმდენად ძვირი ღირს, ხელფასი ალბათ მხოლოდ ტაქსის ხარჯებს თუ დაფარავს. ქართული მაღაზიები და პუნქტები ძალიან ცოტაა ან ვინმე შენიანი უნდა გყავდეს, რომ ვაკანსია როგორც კი გამოჩნდება, დაგირეკონ და გითხრან. მანდ ძირითადად ახალგაზრდები არიან დასაქმებულები და მე არავის ვიცნობ. მოდი ასე მოვიქცეთ, სცადე შენ, იქნებ გამოგივიდეს ეს სამსახური, ცოტა ხნით მაინც გაჩერდი, სანამ ვინმეს გაიცნობ და მერე იქნებ შეიცვალო კიდეც და რამე შენთვის შესაფერისი და უკეთესი მოძებნო. მე რაც შემიძლია შემოგთავაზო, ეს არის. ისიც თუ მოგკიდეს ხელი, ასეთ ახალგაზრდას, არ ვიცი.
-მეტი გზა აღარ მაქვს ესეიგი, კარგი ასე ჯდომით და ფიქრით ვერაფერს შევცვლი, რაღაცით უნდა დავიწყო. მასწავლე მაშინ რა სჭირდებათ მოხუცებს, როგორ უნდა მოვუარო ან რა მჭირდება, რომ ამ საქმეს თავი გავართვა.
-გასწავლი, მანამდე კი აი ჩემი ბლოკნოტი, ტექსტი დავწეროთ და ყველას ჩამოვურეკოთ. თუ არ გიპასუხებენ, ხმოვან შეტყობინებას დაუტოვებ და თვითონ რომ მოიცლიან, თავად შეგეხმიანებიან. ოღონდ ასაკი უნდა მოატყუო, სხვა გზა არაა, 40 წლის უნდა უთხრა.
-როგორ მოვატყუო, რომ მნახავენ, ხომ მიხვდებიან, რომ 40 წლისას არ ვგავარ.
-ვერ მიხვდებიან, აქ ყველა ისე უვლის თავს, 55 წლის, 30 წლის გეგონება. აიღე ახლა ტელეფონი და დარეკე. რისთვის ჩაგართვევინე ეს მობილური Metro PC-ში?
- მანანა დეიდა, ვღელავ, ცოტა მაცალეთ.
-მე კი მოვიცდი, მაგრამ საღამოს არავინ გიპასუხებს.
-ხმოვან შეტყობინებას დავუტოვებ მაშინ.
-როგორც გინდა, მაგრამ ყოველთვის სჯობს, პირადად ესაუბრო.

***
-გამარჯობა, საქართველოდან ვარ, 40 წლის, ელენე მქვია. შემიძლია მოხუცის მოვლა, სახლის დალაგება, არ მაქვს ალერგია შინაურ ცხოველებსა და მცენარეებზე, მაქვს 2 წლიანი გამოცდილება, ჩემი ნომერია 347 452 67 28, თუ გაქვთ ჩემთვის სამსახური, გთხოვთ შემეხმიანოთ, მადლობა.
ამდენი რამ ცხოვრებაში არ მომიტყუებია მანანა დეიდა და ეს უკვე მე-12 აგენტია, ვისაც შეტყობინებას ვუტოვებ.
-ნუ გეშინია, გამოჩნდება რაღაც, ყოველ დღე უნდა ვრეკოთ, ტყუილს რაც შეეხება, მაგაზე არ ინერვიულო, ყველა ასე იტყუება. სხვა შემთხვევაში არც კი მოგისმენენ რომ უთხრა 28 წლის ვარ და არც გამოცდილება მაქვსო. ერთმა აგენტმა პირადად გესაუბრა ხომ? ვანდამ მგონი, რა გითხრა?
-იმ კვირაში ორშაბათს დამირეკეო...
-დღეს პარასკევია, ხვალ და ზეგ weekend-ზე მოკალი ესენი და არც გიპასუხებენ ისე დიდ პატივს სცემენ თავის თავს. ყველა ისვენებს. მაშ ორშაბათიო არა? ხო და არ დაგავიწყდეს, ჩაინიშნე და აუცილებლად გადაურეკე დილიდანვე.


გრძნობათა კივილი
-ელენე, შემოგევლოს მანანა დეიდა, დღეს ამ ქალის შვილი მოდის, ერთი 5-6 საათით უნდა გახვიდე სახლიდან და დაგირეკავ როცა წავა. აქ რომ დაგინახოს, შეიძლება სახლიდან გამაგდოს და სამსახურიც დავკარგო.
-კარგი მანანა დეიდა, სად წავიდე მითხარი.
-აქვე ბიბლიოთეკაა, იქაც შეგიძლია დაჯდე და წაიკითხო რამე, სკვერიც არის, კაფეებია, პარკიც...
-კარგი, რაღაცას მოვძებნი და გავათრევ დროს, როდის მოვა?
-ძალიან მალე, ერთ საათში. მერე shopping-ს გააკეთებს, ცოტა ხანი დედამისს დაელაპარაკება და წავა.
-მოვემზადები და გავალ.

***
ელენე ინტერესით ათვალიერებდა ქუჩებს, მაღაზიებს, ხალხს, მცენარეებს, სახლებს, ბაღებს, ეზოებს... ყველაფერი სხვაგვარად ეჩვენებოდა, ხალხი ყველა უღიმოდა და ესალმებოდა, სადაც შედიოდა, ყველგან სასურველ სტუმრად გრძნობდა თავს, ყველა მზად იყო დახმარებოდა, აქ არავის ეწერა სახეზე პრობლემები, არავინ იყო დარდისგან ნაღვლიანი, არავინ იყო განერვიულებული, ყველას და ყველაფერს ეტყობოდა ქვეყნის კეთილდღეობა... Dunkin Donuts-ში ყავა და ერთი დონატი იყიდა და მაგიდასთან დაჯდა, ამოიღო მობილური და შვილის სურათებს დაუწყო თვალიერება. კარგა ხანს იჯდა და შემდეგ პატარა სკვერისკენ გაუყვა გზას, სადაც ციყვები მხიარულად დახტუნავდნენ და საკვებს ეძებდნენ. სკვერს რომ მიუახლოვდა, შენიშნა, რომ 2 მასწავლებელს ბაღის ბავშვები ჰყავდა სასეირნოდ გამოყვანილი. ერთი გოგონა სწორედ თავის კესოს მიამსგავსა, თავი ვეღარ შეიკავა, ბავშვს მივარდა, ჩაიხუტა და ატირდა.
-რას აკეთებთ, ქალბატონო, ეს არ შეიძლება, ახლავე გაუშვით ბავშვს ხელი, მკაცრი სახით და ტონით უთხრა ერთ-ერთმა მასწავლებელმა, მეორე კი გაოგნებული იყურებოდა, ვერ მიხვდა რას აკეთებდა.
ელენე არ ინძრეობა, საერთოდ არ ესმოდა რას ეუბნებოდნენ, ბავშვი გულში ჰყავდა ჩაკრული და ხელს აღარ უშვებდა ისე ეფერებოდა და ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა.
-თუ არ გაუშვებთ ბავშვს ხელს, პოლიციაში ვრეკავ! თქვენ ამის უფლება არ გაქვთ! ეს რომ მისმა მშობელმა ნახოს, გიჩივლებთ! ახლა უკვე ხმას ძალიან აუწია მასწავლებელმა და მისთვის ბავშვის ძალით წართმევა დააპირა, როცა თავად მოეგო გონს ელენე, ბავშვს ხელი გაუშვა, ბოდიში მოიხადა და იქვე, მახლობლად სკამზე ჩამოჯდა.
მასწავლებლები გაბრაზებული სახით შესცქეროდნენ ელენეს, ერთმანეთს რაღაცას ეუბნებოდნენ, არკვევდნენ ალბათ სულელი ხომ არ იყო და შემდეგ გადაწყვიტეს, საერთოდ გასცლოდნენ იმ ტერიტორიას, ისევ ბავშვების უსაფრთხოების გამო...
დარჩა ელენე თავზარდაცემული, მიხვდა, როგორ ენატრებოდა თავის კესო, მიხვდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა მის გარეშე და ეს ამუნჯებდა, ეს ატირებდა, ძალას ართმევდა და აძაბუნებდა... იჯდა გაუნძრევლად და გონს ვეღარ მოდიოდა ისე ირეოდნენ მის შიგნით გრძნობები, აწიოკებული გრძნობები...

ზარი აგენტისგან
-ელენი ხარ?
-გამარჯობა ელენ, მე აგენტი ვარ, ლინდა მქვია. მოკლედ, ერთი ვაკანსია მაქვს, დღეში 130$-ად იმუშავებ?
-დიახ
-რეკომენდაცია გაქვს?
-არა.
-აბა, 2 წელია აქ ხარ და რეკომენდაცია არ გაქვს? მხოლოდ იმ ოჯახის ტელეფონის ნომრის გაგებაც კი კმარა, ეგ გააკეთე და მერე დავილაპარაკოთ მაშინ.
-ოჯახი, სადაც ვმუშაობდი, სხვა შტატში გადავიდა საცხოვრებლად, როგორ გავიგო ტელეფონის ნომერი?
-არსებობს ელექტრონული ფოსტაც, არ ვიცი, მოაგვარე.
-სამწუხაროდ არც იმ ოჯახის წევრების ელექტრონული ფოსტის მისამართები ვიცი.
-ეს ჩემი პრობლემა არ არის, მოაგვარე და დარეკე, ოღონდ სწრაფად.


***
-მანანა დეიდა, სადაც ვმუშაობდი, იმ ოჯახის ტელეფონის ნომერი ან რეკომენდაცია მომთხოვა აგენტმა და რა ვქნა, საიდან მოვიტანო?
-მოიცადე, ინგლისურად კარგად მოლაპარაკეს ახლავე მოვძებნი ქართველებში და იმის ტელეფონს მივცემთ, რომ დაურეკავენ, იმას ეტყვის, რაც საჭირო იქნება.
-ვაიმე, ამდენი ტყუილი ცხოვრებაში არ მითქვამს, მეშინია ამ ტყუილების გამო შარში არ გავეხვე.
-დაწყნარდი, დამიჯერე და რასაც გეუბნები ის გააკეთე!
-უფ...არ მიყვარს ტყუილები!
-ჩვენ ხომ ვგიჟდებით ისე გვიყვარს, მაგრამ საკუთარი ოჯახების და თავების გადასარჩენად გვიწევს და ვამბობთ!

***
-ალო, ელენი ვარ, ვიპოვე ოჯახის ერთ-ერთი წევრის მობილურის ნომერი.
-ძალიან კარგი. ახლა პირობებს გაგაცნობ: 2 ვაკანსია მაქვს, 4 ქალი მიმყავხართ, ოჯახის წევრებს რომლებიც მოეწონებით, იმას დაიტოვებენ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული როგორ შეხვდები, რას ეტყვი და ა.შ. თითო ოჯახთან გასაუბრება 50$ ღირს, მიუხედავად იმისა, აგიყვანენ თუ არა სამსახურში. თუ დაგასაქმებ, პირველი, მესამე და მეხუთე კვირის ხელფასი ჩემია.თუ ამ პირობებზე თანახმა ხარ, ხვალ, 10 საათზე „მეტრო პარკის“ სადგურთან მოხვალ, შევთანხმდით?
-დიახ.
-ნახვამდის.
-ნახვამდის.

***
-ახლა რა ვქნა მანანა დეიდა, რა გავაკეთო? ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო და იქ რომ მივალ, გასაუბრებაზე რა ვთქვა?
-ელენე, შენ იცი რას ნიშნავს იყო მსახიობი?
-???
-ხვალ უნდა იმსახიობო ჩემო გოგო, ისე უნდა იღიმოდე და იცინოდე, თითქოს ამ ქვეყანაზე შენზე ბედნიერი არავინ იყოს, ისეთ სითბოს უნდა აფრქვევდე მოხუცის დანახვაზე, თითქოს შენი საკუთარი ბებია დაინახო, უნდა შეაქო, უთხრა რა კარგად გამოიყურება, თავზე ხელი გადაუსვა, ოჯახის წევრებსაც შენი მზრუნველი ხასიათი უნდა დაანახო და მომცინარი პირი მხოლოდ მაშინ უნდა დახურო, როცა გამოგაცილებენ და სახლის კარებს მოხურავენ.
-...
-რას იჯღანები, რა უნდა გავაკეთოო და გეუბნები რაც უნდა გააკეთო და თუ მხოლოდ გაგულავება და ფულის ტყუილად გადახდა გინდა, წადი მაშინ! შენ არ გააკეთებ, შენი კონკურენტი გააკეთებს.
-რა ძნელი ყოფილა აქ ცხოვრება, იქიდან კი სხვაგვარად ჩანს ყველაფერი.
-ჰო, საქართველოდან ზოგს ჰგონია, ამერიკა მხოლოდ მანჰეტენზე გაგულავებაა და მეტი არაფერი. ჩვენი ოჯახის წევრებსაც არ აქვთ ბოლომდე გაცნობიერებული სინამდვილეში აქ როგორ და რა პირობებში ვცხოვრობთ! მათაც ის ჰგონიათ ამერიკა, რასაც ჩვენგან სარგებელს ნახულობენ: გაგზავნილი ფული, საჩუქრები და მათი კეთილდღეობა. რეალობა კი ძალიან მწარეა და მტკივნეული. სამწუხაროდ, მხოლოდ აქ მცხოვრებ ემიგრანტებს გვესმის ერთმანეთის...

ისევ ეს საშინელი ღამე
ხომ არ დავბრუნდე საქართველოში? აჰ?.. მე ამას ვერ შევძლებ, აქ გავგიჟდები. ელენე რას აკეთებ? რა დღეში ჩაიგდე თავი? ეს გინდოდა ხომ? რა საშინელი განაჩენი გამოუტანე შენს თავს! დავბრუნდე? მერე რა ვუთხრა დედას და კესოს, მაპატიეთ, რომ ვერ შევძელი, მშიშარა ვარ და სიძნელეებთან შეჭიდების შემეშინდა-მეთქი? სხვებივით ძლიერი და დამოუკიდებელი არ ვყოფილვარ და ბოდიში, რომ რასაც გპირდებოდით ტყუილი გამოდგათქო? შენ ხომ არ გიყვარს ტყუილების თქმა ელენე? ან მოემზადები ბრძოლისთვის ან აღარ თქვა, რომ ძლიერი ხარ! ან შეუშინდები ცხოვრების ქარტეხილებს და ან ბრძოლას დაიწყებ! გახსოვს, დედა რას გეუბნებოდა? რომ წაიქცევი, რამდენადაც არ უნდა გეტკინოს, ფეხზე მაინც უნდა წამოდგე და გზა გააგრძელოო... რას აპირებ, მიიღე გადაწყვეტილება, მზად ხარ თავზე გადაგიარონ და გაგთელონ გამვლელებმა თუ ფეხზე წამოდგები ბოლოს და ბოლოს?..

გასაუბრება
-გამარჯობა, როგორ ხართ? მე ელენე ვარ, 40 წლის, საქართველოდან.
-გამარჯობა, ბეტი რიჩარდსონი, ეს კი ჩემი ძმა სტივენ როჯერსი. ძაღლმა არ შეგაშინოთ, უცხოებს უყეფს, მაგრამ არ იკბინება.
-სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა ბეტი და სტივენ.
-დაბრძანდით.
-გმადლობთ. თქვენ ალბათ ჩემი გამოცდილება გაინტერესებთ. ორი წელია უკვე ამ საქმით ვარ დაკავებული, ძალიან მიყვარს მოხუცებთან ურთიერთობა. მათთან საუბარი წარსულ ცხოვრებაზე, საინტერესო თავგადასავლებზე, მოგზაურობებზე, მათ ხომ ბევრი რამ აქვთ ნანახი. მიყვარს ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტის შექმნა, ვსწავლობ ადამიანებს, მათ ინტერესებს და ვცდილობ ჩემი აქტივობები მათ მოთხოვნებს მოვარგო.
-ძალიან კარგი ელენ, წინა სამსახურზე რას გვეტყვით? იქ რას აკეთებდით ან როგორი სიმძიმის ავადმყოფს უვლიდით?
-ბებიას ალცაიმერი სჭირდა, ვეხმარებოდი წამლების დროულად დალევაში, ჩაცმაში, საჭმლის მომზადებაში, დაბანვაში და სახლის დალაგებაში.
-კიდევ რას გვეტყვით თქვენს შესახებ?
-მყავს შვილი და დედა საქართველოში, აქ მარტო ვცხოვრობ, ასე, რომ შემიძლია თქვენთან დავრჩე და ვიცხოვრო 24 საათის განმავლობაში.
-შინაურ ცხოველებზე ალერგიული ხართ? ძაღლის გარდა დედაჩვენს 2 კატაც ჰყავს სახლში.
-არა, არ ვარ ცხოველებზე ალერგიული.
-კარგი, წამობრძანდით სახლს დაგათვალიერებინებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ აქ დაგტოვებთ, იცოდეთ სად მოგიწევთ ცხოვრება.
-დიახ, რა თქმა უნდა.

***
გასაუბრების შემდეგ, აგენტმა ლინდამ ოთხივე ქალბატონი ისევ მანქანაში ჩაისვა და მიმართა:
-მოკლედ, გასაუბრება დამთავრებულია და შვილებს უნდათ, რომ დედამისიც მოვინახულოთ. სურთ, მოხუცი გაგესაუბროთ და არჩევანი გააკეთოს, ვისთან ერთად ურჩევნია ცხოვრება. ასე, რომ მივდივართ სარეაბილიტაციო ცენტრში. რაც შეეხება მოხუცს, 83 წლის, პროტესტანტი და პასტორის მეუღლეა, ყოველ კვირა დღეს დადის ეკლესიაში, ცხოვრებს აქტიური ცხოვრებით, ჰყავს მეგობრები, დადის შეხვედრებზე, წვეულებებზე, უყვარს ქარგვა, კერვა, ცხოველები და ყვავილების მოვლა. ბოლო დროს, თავზე ჩაუტარდა ოპერაცია, ცოტა მეხსიერების პრობლემა აქვს, ასევე არ შეუძლია წესიერად გადაადგილება და ამიტომ სახლში დამხმარე სჭირდება, რომ ცხოვრება გაუადვილოს.

***
ცოტა ხანში ყველა სარეაბილიტაციო ცენტრში იყვნენ და მოხუცს ესაუბრებოდნენ. ელენეს ახსენდებოდა მანანა დეიდას დარიგება და გულმოდგინედ იწერდა ხრცოვანი ქალბატონის დღის რეჟიმს, ეკითხებოდა როდის იღვიძებდა, რა უყვარდა, რა არ უყვარდა, საყვარელი საჭმელი და ა.შ. ხშირად ღიმილსაც არ იშურებდა, მსახიობობდა...

ნებით დატყვევებული თავისუფლება
-გამარჯობა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ შევხვდით. მისის როჯერსი სად არის?
-მალე მოვა, ჩემს ძმას სარეაბილიტაციო ცენტრიდან მოჰყავს და ძალიან მალე აქ იქნებიან.
-ვიდრე დედათქვენი მოვა, იქნებ ჩემი ოთახი მაჩვენოთ.
-დიახ, რა თქმა უნდა, აქეთ წამობრძანდით.
-ოჰ, ელენ აგერ ისინიც, მოვიდნენ.
-გამარჯობა ქალბატონო როჯერს, როგორ ბრძანდებით? მიხარია, რომ სწორედ მე ამირჩიეთ, გპირდებით, იმედს არ გაგიცრუებთ.
-გამარჯობა ელენ, როგორ ხარ? მოგწონს ჩემი შინაური ცხოველები? ძაღლს ხომ გაასეირნებ ხოლმე, დამეხმარები?
-დიახ, მომეწონა. რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ ქალბატონო როჯერს.
-ბეტი, საჭმელი გვაქვს რამე? მშია.
-სამწუხაროდ მაცივარში არაფერია, რამდენიმე დაკონსერვებული სუპის გარდა.
-მაშინ ის შემითბეთ.
-დედა, მე წავალ, რამეს ვიყიდი, რომ ეს დღეები საჭმელი გქონდეთ და ელენი მოგხედავს.
-დიახ, არ იდარდოთ, მე მივხედავ, თქვენ წადით.

დედის ზარი საქართველოდან
-ელენე, დედიკო როგორ ხარ? მანანას უთქვამს თავის დისთვის, რომ სამსახური იშოვე.
-კი დედა, ვიშოვე.
-მერე? მომიყევი კარგი ოჯახია, როგორი პირობებია?
-ნორმალური ხალხი ჩანს, დედის მიმართ ყურადღებიანი შვილები, ახლახანს წავიდნენ, მოხუცი კი დაღლილი იყო და დაიძინა. საკუთარი ოთახი მაქვს, სახლი პატარაა, წინ ბაღით, გარშემო ხეებია, ირგვლივ სიმშვიდე, მთლიანობაში კარგი ქალაქია.
-მოხუცი როგორი ჩანს, ანჩხლი ხომ არ არის?
-წინასწარ ვერაფერს იტყვი, მაგრამ ცუდი ქალი არ უნდა იყოს. პასტორის მეუღლეა და ძალიან რელიგიური და განათლებული. როგორც შვილებმა მითხრეს, უყვარს კითხვა, კროსვორდების შევსება, ფაზლების აწყობა, კერვა, ქარგვა, ქსოვა და რა ვიცი, აქტიური ქალია, მეგობრებიც ჰყავს.
-კარგია, რომ ლოგინად ჩავარდნილი არ არის, დასვენება გაქვს?
-კი, ორ კვირაში ერთი დღე. ბავშვი როგორ არის?
-კარგად. მამამისს ჰყავდა დაბადების დღის ცენტრში. შენი მულის შვილის დაბადების დღეა დღეს და ნახევარი საათია, რაც მომიყვანა, გვიანი იყო რომ მოიყვანა, მანქანაში ჩასძინებია ბავშვს. ალბათ ცენტრიდან დედამისთან და მამამისთან წაიყვანა.
-რაო?
-არაფერი, ბავშვი გამოვართვი და წავიდა.
-იცის, რომ აქ ვარ?
-კი, გაუგია. არ ვიცი როგორ, მაგრამ იცოდა.
-უნდა გავთიშო დედა, მეძახის ეს ქალი.
-კარგი დედა, წადი, ხვალ დაგირეკავ და ბავშვსაც დაგალაპარაკებ.

ფიქრებთან მარტო
უკვე მესამე კვირაა აქ ვარ და მომბეზრდა, ასეთი მოსაწყენი ალბათ არც ერთი სამსახური არ არის. ყოველ დღე ერთი და იგივე და ძირითადად სულ სახლში ხარ... მოხუცის ცხოვრებით ცხოვრობ და შენს თავს აღარ ეკუთვნი. პირადი ცხოვრების და თავისუფლების არსებობას კი თვეში ორჯერ ვგრძნობ, რა მაგარი შეგრძნება ყოფილა თავისუფლება. მე კი, აქამდე არ ვაფასებდი. საერთოდ ასეა ხოლმე, ადამიანებს რაც გვაქვს და ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს, ზოგჯერ სათანადოდ არ ვაფასებთ, სანამ არ წაგვართმევენ. კიდევ კარგი, ეს ძაღლი მაინც არსებობს, სახლიდან გამოვდივარ და ორჯერ მაინც ვასეირნებ დღეში... ესეც რომ არ იყოს, ჭკუიდან შევიშლებოდი ალბათ... არა, რაღაც სხვა უნდა მოვძებნო, მაგრამ სად და როგორ?...

ხუთი თვის შემდეგ
-დედა, როგორ ხართ?
-კარგად ელენე, კესო ახლა ამოვიყვანე ეზოდან, სკვერში ვსეირნობდით. შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ვარ, ნელა-ნელა ვეგუები მოხუცსაც და მის შვილებსაც. გარეთ სიარული უყვარს, სულ მეგობრებს ხვდება, ათას წრეზე თუ ორგანიზაციაშია გაწევრიანებული და სულ სადღაც იწვევენ. თავის მოვლაც არ ავიწყდება, დადის სალონებში, დაივარცხნის თმებს, ფრჩხილებზე ლაქს წაისმევს, ჩაიცმევს ლამაზ და ფერად ტანსაცმელს, აისხამს სამკაულებს, დაიფარებს ბუმბულიან ან ბაფთებიან შლიაპას და დადის უამრავ ადგილას, მეც თან დამატარებს.
-კარგია, რომ სულ სახლში არ ხარ და ასე თუ ისე გიწევს ხალხთან ურთიერთობა.
-ამათ ლაპარაკს უნდა უსმინო, ან წარსულს იხსენებენ ან ერთმანეთს ეჯიბრებიან ვის უკეთესი შვილი, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი და ა.შ. ჰყავს.
-აბა რაღაცაზე ხომ უნდა ილაპარაკონ გოგო, ხომ არ დამუნჯდებიან. მაგათ მთელი ცხოვრება განვლილი აქვთ, რამდენიმე წლის სიცოცხლე დარჩათ და ოფისის მართვასა და ტერენინგებზე არ დაიწყებენ ლაპარაკს.
-დედიკო, კესოოო, როგორ ხარ პატარა, სად იყავი ჩემო სიცოცხლე, რატომ არ მოხვედი რომ დავრეკე?
-თოჯინებით ვთამაშობდი...
-მითხარი აბა, რა ხდებოდა დღეს ბაღში, ახალი ლექსი ხომ არ ისწავლე?
-დიახ.
-მერე არ მეტყვი?
-უთხარი ბებიკო, მოდი კალთაში ჩამიჯექი და დაიწყე, გავახაროთ დედიკო.
-„ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,
შოკოლადის ფილა,
მოგილოცავთ სულ ყველას,
ახალი წლის დილას,
ოქრო გოგო-ბიჭებო,
დამიბერდით ტკბილად.“
-ყოჩაღ! რა გოგო ხარ! მიყვარხარ კესო!
-ელენე აქ აცივდა უკვე, მანდაც ცივა?
-თითქმის ერთი და იგივე ტემპერატურაა დედა რაც აქ, ის მანდ. კი ძალიან აცივდა. ოქტომბერია უკვე, აღარ არის დრო?
-სამსახურის ვარიანტი გამომიჩნდა.
-სად?
-გალერეაში.
-მერე, რას აპირებ? შეუთავსებ კესოს ბაღს შენს სამსახურს?
-კი, შევუთავსებ.
-ხელფასი?
-ბევრი არაფერი ელე, მაგრამ ხომ იცი, ხალხთან გასვლა და კომუნიკაცია ადამიანისთვის რამხელა რამ არის.
-კარგია, გილოცავ.
-მადლობა, გაიხარე.
-დედა მეძახის, უნდა გავთიშო... გკოცნით, აბა წავედი.

ახალი ნაცნობობა
-ელენ, ვერ ვარ კარგად, ბეტის დაურეკე, მოვიდეს, სასწრაფო მჭირდება, მეშინია, რამე არ მომივიდეს.
-დაწყნარდით ქალბატონო როჯერს, ყველაფერი კარგად იქნება, ახლავე ვრეკავ თქვენს შვილთან. -ბეტი, ელენი ვარ, დედათქვენია ცუდად და სასწრაფოს ითხოვს, როგორ მოვიქცეთ?
-911-ზე დარეკეთ ელენ და მეც 20 წუთში მანდ ვიქნები, უკვე გამოვდივარ.

***
-მაღალი წნევა აქვს, კისრის არეში ძლიერი ტკივილი, მოძრაობა უჭირს, მიგვყავს საავადმყოფოში, გთხოვთ მოგვაწოდოთ პაციენტის ID და ყველა პერსონალური ინფორმაცია დაზღვევების შესახებ.
-ახლავე, ინებეთ.
-თქვენ შვილი ხართ?
-არა, მე მისი დამხმარე ვარ სახლში, ასე, რომ ყველა ინფორმაციას ვფლობ მის შესახებ. შეგიძლიათ თამამად მკითხოთ.
-მადლობა.
-აგერ შვილიც მოვიდა.
-გამარჯობა, დედაჩემია, რა სჭირს?
- საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, მაღალი წნევა აქვს, კისერი სტკივა და ვერ ამოძრავებს.
-საშიშია?
-არ ვიცით, ექიმები გასინჯავენ.
-ელენ, შენ გაჰყევი, თუ რამეს გკითხავენ, უკეთესად უპასუხებ რომელ წამლებს იღებს და ა.შ. მე მანქანით გამოგყვებით.
-კარგი ბეტი.
-ელენ, წინ დაჯექით, პაციენტთან სასწრაფო დახმარების სხვა პერსონალი იქნება და გზაში თუ კითხვები გაუჩნდებათ, გკითხავენ.

***
-როგორ ფიქრობთ, ინსულტის ნიშნებია?
-ჩვენ მხოლოდ პირველადი დახმარების აღმოჩენა გვევალება და თუ საჭიროდ ჩავთვლით, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ასე, რომ ვერ დავასკვნით, მაგრამ გასინჯვისას ინსულტის ნიშნები ნამდვილად არ იყო. მასთან ერთად ცხოვრობთ?
-დიახ.
-გამიკვირდა, უკვე გვიანია და წესით სამსახური დამთავრებული უნდა გქონდეთ.
-დიახ, მაგრამ მე 24/7-ზე ვმუშაობ.
-ხუმრობ ხომ?
-არ ვხუმრობ, თვეში 2 დღე მაქვს დასვენება, დანარჩენ დღეებს მასთან ვატარებ.
-აქაური არ უნდა იყო, აქცენტზე გატყობ.
-საქართველოდან ვარ, ევროპიდან.
-რუსეთის ნაწილიდან?
-არა, ჩემი ქვეყანა რუსეთს არ ეკუთვნის. ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა ის დამოუკიდებელი ქვეყანაა.
-ვიცი, მაგრამ რუსეთს ისევ უნდა რომ უკან დაიბრუნოს ის საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები, ასე არ არის?
-არ ვიცი რა უნდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული...
-მართლა? ძალიან ცუდი... აქ რამდენი ხნის წინ ჩამოხვედი?
- მეხუთე თვე დაიწყო.
-ჩვენ ასეთებს „New comers” ვეძახით, ასე რომ Welcome!
-მადლობა.
-ელენ, ხომ?
-დიახ, ელენ.
-მე ადამი მქვია.
-სასიამოვნოა.
-მოგწონს აქაურობა?
-დიახ, ძალიან კარგი ქვეყანაა, მსოფლიოში პირველი.
-საქართველოშიც იგივე საქმეს აკეთებდი?
-არა, იქ ოფისში ვმუშაობდი მენეჯერად.
-რა ტრამპლინია, ოფისიდან მოხუცთან სახლში. არ გეწყინოს, ვხუმრობ... აქ ყველა პროფესია დაფასებულია.
-ვიცი...
-ჩემი საქმე არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ალბათ იმისთვის ჩამოხვედი, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო.
-დიახ.
-რითი ერთობი?
-რით უნდა გავერთო, მეხუმრები?
-არა, რატომ? მაგალითად მუსიკას არ უსმენ? ფილმებს არ უყურებ? თუ მთელი დღე მხოლოდ მოხუცთან ატარებ?
-არა, რა თქმა უნდა, როცა სძინავს, შუა დღეს მუსიკას ვუსმენ, ფილმს ვუყურებ, ჩემს შვილს და დედას ან მეგობრებს ველაპარაკები სკაიპით.
-შვილიც გყავს?
-დიახ, იქ დავტოვე, საქართველოში...
- არ გიჭირს მის გარეშე აქ ყოფნა?
-ძალიან, მაგრამ ასე მოხდა, სხვა შანსი არ მქონდა...
-ელენ.
-დიახ.
-ქალბატონი როჯერსის შვილმა გვითხრა, რომ ხუთ წამალს იღებს, შეგიძლიათ ხმამაღლა გვიკარნახოთ რომ გარკვევით გავიგოთ? ფორმაა შესავსები.
-დიახ, ახლავე.

***
-წნევა 214/170, სიცხე 100F, პაციენტს აღენიშნება ტკივილი კისრის არეში და უჭირს მისი მოძრაობა. დანარჩენი ინფორმაცია იხილეთ აქ, ამ ფორმაზე.
-მადლობა, პაციენტი მიღებულია.
-ელენ, სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა.
-ჩემთვისაც ადამ.
-თუ რამე დაგჭირდეს ან რამეზე შეკითხვა გქონდეს როგორც ახალ ჩამოსულს ან უბრალოდ საუბარი მოგინდეს, ადამ უილსონი, ასე მომძებნე ფეისბუქში და მკითხე, არ მოგერიდოს, თუ პასუხი მეცოდინება გეტყვი, თუ არა, იმასაც გეტყვი, მოკლედ ვიკონტაქტოთ თუ სურვილი გაქვს.
-მადლობა.
-კარგ დღეს გისურვებ, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება, ამ ქალის გოგოც მალე უნდა მოვიდეს, ჩვენ წავედით.
-მეც კარგ დღეს გისურვებ, ნახვამდის.

Pumpkin Pie
-დილა მშვიდობისა ელენ, როგორ ხარ?
-დილა მშვიდობისა, კარგად ვარ სტივენ, მადლობა. თქვენ როგორ ხართ?
-კარგად, მადლობა. დღეს მე და ჩემი მეუღლე დედაჩემს და შენ Pumpkin Pie-ზე გეპატიჟებით. მახსოვს, მითხარი, არ გამისინჯავსო და მერიმ დღეს გამოაცხო, თან გაგიცნობს, ვისაუბრებთ, რას იტყვი?
-ძალიან კარგი იდეაა, მადლობა. მოდი დედათქვენს დაგალაპარაკებთ და დროზე თქვენ შეთანხმდით.
-კარგი.

***
-მერი, ჩემი მეუღლე. ელენი, დედაჩემის დამხმარე.
-გამარჯობა ელენ, როგორ ხარ?
-კარგად, თქვენ როგორ ხართ?
-მადლობა, რომ მომიწვიეთ.
-მადლობა, რომ მოხვედით. აქეთ წამობრძანდით, თორემ ძაღლები შეგაწუხებენ, ყველა უცხოს ასე ახტებიან მუხლებზე და მოსვენებას არ აძლევენ. თქვენ Georgia-დან ხართ ხომ?
-დიახ, ოღონდ არა ამერიკის შტატიდან, არამედ ევროპის ქვეყნიდან.
- ვიცი. ეს ქვეყანა რუსეთთან არის ხომ?
-დიახ.
-რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?
-მეორე წელია.
-ორ წელში ისწავლე ინგლისური?
-არა, ინგლისურად მანამდეც ვსაუბრობდი სანამ აქ ჩამოვიდოდი. სკოლიდანვე მასწავლიდნენ როგორც მეორე ენას. ასევე ვსაუბრობ რუსულად, ქართულად და ცოტა თურქულად.
-Wow, რუსულად სტუდენტობის დროს ვსწავლობდი, საშუალო დონეზე ვიცოდი, მაგრამ შემდეგ დამავიწყდა.
-პრაქტიკულად ვერ გამოიყენეთ და ნელა-ნელა დავიწყებას მიეცა.
-დიახ.
-იქ რას საქმიანობდით?
-ოფის მენეჯერი ვიყავი.
-საინტერესოა. სტივმა მითხრა, ბავშვიც გყავთ.
-დიახ, 3 წლის გოგონა.
-გამოდის რომ, 1 წლის დატოვეთ, არ გაგიჭირდათ?
-დიახ, ძალიან.
-რომ წახვიდეთ, მაგის საშუალება არ არის?
-ვნახოთ, ჯერ არ ვიცი.
-რა თქმა უნდა, თქვენ უკეთესად იცით. საერთოდ პირველი თაობის ემიგრანტობა ძალიან რთულია, ჩემი დიდი პაპისგან ვიცი, ის იყო პირველი თაობის ემიგრანტი, ის თურქეთიდან იყო, ხოლო დიდი ბებია პოლონეთიდან. აქ რომ ჩამოვიდნენ, ძალიან უჭირდათ, ძირითადად ფიზიკურ სამუშაოებზე დაკავდნენ, მომდევნო თაობა, ანუ ჩემი პაპა ამერიკაში დაიბადა, მაგრამ მასაც გაუჭირდა, რადგან მშობლებმა ფინანსური პრობლემების გამო სათანადო განათლება ვერ მისცეს, მაგრამ მშობლებთან შედარებით ენა მაინც იცოდა კარგად და უკეთეს ადგილას დასაქმდა, შემდეგ მამაჩემი გაჩნდა, განათლებაც მიიღო და მან კიდევ უკეთესი სამსახური იშოვა, მოკლედ, წლები და თაობები სჭირდება უცხო მიწაზე ფეხის მოკიდებას.
-მერი, მაპატიე რომ საუბარში გერთვები, მაგრამ ჩემი აზრით ცდები, არიან ემიგრანტები, რომლებიც ძალიან მალე იკიდებენ სხვაგან ფეხს და ზოგიერთ ამერიკელზე უკეთესადაც ცხოვრობენ.
-სტივ, გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ყველა ემიგრანტების შთამომავლები ვართ მკვიდრი ამერიკელების გარდა, უბრალოდ სხვაობა დროშია ვინ როდის ჩამოვიდა, ასე რომ სხვებისგანაც გამიგია მსგავსი ტიპის საუბრები როგორ უჭირდათ ახალ ჩამოსულებს თავდაპირველად და რა დათმობებზე უწევდათ წასვლა. ასე, რომ ელენ მარტო შენ არ ხარ ასე.
-მე შეიძლება უკან დავბრუნდე, არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია ზუსტად.
-ასეც შეიძლება მოხდეს. მაგალითად, ჩემს დიდ პაპასთან ერთად, მისი ძმაც ჩამოვიდა. ვერ შეეგუა აქაურობას და უკან დაბრუნდა. სამწუხაროდ, მის შთამომავლობას არ ვიცნობთ, უბრალოდ დაიკარგა კავშირი. დიდი პაპა აქ დარჩა, ის იქ...
კარგით, მოდი დავანებოთ წინაპრებზე საუბარს თავი, ყავას მოვამზადებ და Pumpkin Pie-ს დავჭრი, სტივს და დედას ვიცი როგორი ყავა უყვარს, თქვენ როგორი გიყვართ ელენ?
-Regular Coffee, no sugar.

მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს...
-კესო, მოდი დედიკო აპლიკაციები შევქმნათ.
-რა არის აპლიკაციები?
-ფერადი ქაღალდებისგან ყვავილები დავამზადოთ და შემდეგ წებოთი ერთ დიდ და ლამაზ ქაღალდს დავაწებოთ.
-მინდაააა...
-ბებიკოც უნდა დავიხმაროთ, მარტო ვერ გავართმევთ თავს. აბა დაუძახე.
-ბებიკო, ყვავილები გავაკეთოთ.
-ოჰ, ეს რა აიტეხე ელენე, საქმე მქონდა.
-დედა, ცოტა ხნით გადადე ეგ საქმე და მე და კესოს დაგვეხმარე გთხოვ, გვჭირდები.
-კარგი, რას ვაკეთებთ ამიხსენი.
-არაფერს რთულს, ფერადი ქაღალდები რომ უყიდა მამამისმა, მოიტანე და ყვავილები გამოვჭრათ და დავაწებოთ დიდ სქელ ქაღალდზე.
-კარგი, ახლავე.

***
-აჰაჰაჰ, რა ლამაზია დედიკო...
-აბა დედა, არ ღირდა ამ ბავშვის გახარება და კისკისი ახლა შენი საქმის გადადებად?
-ღირდა დედა, კი...
-დედა, აბა შენი ყვავილებიც მაჩვენე.
-მე არ მაქვს კესო შენსავით ლამაზი ყვავილები, რადგან ფერადი ქაღალდები არ მქონდა, თეთრი ყვავილები ფანქრებით გავაფერადე და როგორიც გამოვიდა ჩემსაც არაუშავს. ახლა ამ აპლიკაციას სახელად კესოს და ელენეს ყვავილებს დავარქმევ, კედელზე გავაკრავ და ყოველ დილით რომ გავიღვიძებ, შევხედავ და კარგ ხასიათზე დავდგები. არ გინდა შენც ასე გააკეთო?
-მინდა დედიკო, ბე გამიკარი კედელზე ეს ყვავილები.
-გავაკრათ ბებიკო, როგორც შენ იტყვი ჩემო პრინცესა.
-დედა, ნატვრის თვალიც დავხატოთ რაა.
-რათ გინდა ნატვრის თვალი კესო?
-ნინო მასწავლებელმა ბაღში ზღაპარი წაგვიკითხა, ერთ გოგოს ნატვრის თვალი ჰქონდა და რასაც ინატრებდა, ყველაფერი უსრულდებოდა.
-მერე?
-მეც მინდა რასაც ვეტყვი, შემისრულოს...
-რა გინდა რომ სთხოვო?
-მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს, ვეტყოდი, რომ ჩემი დედიკო სულ ჩემთან იყოს და ასე გავერთოთ, მომეფეროს და ჩამეხუტოს ხოლმე და იმან დამაძინოს.
- ...

მეგობარი ფეისბუქიდან
როგორი ძნელია მარტოობა... ერთი მეგობარი მაინც მყავდეს... შევხვდებოდი, სადმე წავიდოდით, ყურადღებას მაინც გადავიტანდი სხვა რამეზე და ოდნავ მაინც შემიმსუბუქდებოდა აქ ყოფნა. მხოლოდ მანანა დეიდა თუ მომიკითხავს და ისიც სულ თავის მოხუცზე საუბრობს... მაინც კარგია, ვიღაც მაინც რომ გყავს და გეიმედება...
ადამი, ასე მითხრა იმ ბიჭმა, ეს სახელი მქვიაო მგონი, ღმერთო გვარი გამახსენე, რომ მოვძებნო... ადამ უილსონი...

***
-გამარჯობა.
-ელენე? აი სიურპრიზი, როგორ ხარ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, სუპერ. სიმართლე გითხრა, არ მეგონა, რომ დამიკავშირდებოდი.
-რატომ?
-შემიძლია, ამ კითხვაზე არ გიპასუხო?
-არა
-რატომ? ჩემი ნება არ არის?
-კარგი, ვხუმრობ.
-როგორ დამთავრდა მოხუცის ამბავი?
-სერიოზული არაფერი, 5 საათში გამოწერეს.
-კარგია, მოკლედ ისევ მაგ სამსახურში ხარ.
-დიახ.
-მოდი შენს ინტერესებზე მიამბე, მუსიკა გიყვარს?
-მიყვარს.
-როგორ მუსიკას უსმენ?
-გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.
-რა აზრის ხარ ჩემი მეგობრები რომ გაგაცნო და სადმე წავიდეთ, მაგალითად, ირლანდიურ პაბში და გემოვნებიან მუსიკას მოვუსმინოთ?
-მშვენიერი აზრია, მაგრამ ხომ იცი, ვმუშაობ და მხოლოდ 2 კვირაში ერთხელ მაქვს დასვენების დღე.
-მაშინ შენს დასვენებას დავამთხვიოთ, იმედია, სასწრაფოში მორიგე არ ვიქნები.
-კარგი, ერთი კვირის შემდეგ მიწევს Day Off და მანამდე კიდევ მოვილაპარაკოთ.
-მაშინ შევთანხმდით.
-OK.
-სხვა, კიდევ რა გიყვარს? ფილმები?..
-ფილმებიც მიყვარს, ოღონდ დრამა, სათავგადასავლო, რომანტიკა... შენ რა გიყვარს?
-მე ფანტასტიკა, მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლოსაც არაუშავს...
-მუსიკა?
-როკი, ძირითადად მაგას ვუსმენ.
-ბუნება გიყვარს?
-ლაშქრობა მიყვარს, მოგზაურობები, ახალი ადგილები, ახალი ნაცნობობა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
-რაც ჩამოთვალე, ეგ ყველაფერი მეც მიყვარს.
-მართლა?
-ესეიგი შენთან არ მოიწყენს ადამიანი.
-არც შენთან. კარგი, უნდა დაგემშვიდობო და მერე შევხმიანდეთ.


გულახდილი საუბარი მისის როჯერსთან
-ელენე, იცი, ძალიან ხშირად ვფიქრობ შენზე.
-რატომ მისის როჯერს ან რას ფიქრობთ?
-მაინც როგორ შეძელი და დატოვე ასეთი პატარა ბავშვი?
-ძალიან გამიჭირდა და ახლაც გული მტკივა, მაგრამ ასე იყო საჭირო.
-ალბათ მე ვერ გადავდგავდი ამ ნაბიჯს.
-მეც ასე მეგონა, უფრო მეტიც, როცა საქართველოში ვცხოვრობდი, იმ დედებს ვერ ვუგებდი, რომლებიც ბავშვებს სტოვებდნენ და ემიგრაციაში მიდიოდნენ. მეგონა, რომ მე არასოდეს გავაკეთებდი იგივეს, მაგრამ ბედის ირონიაა, ყველაფერი საკუთარ თავზე გამომაცდევინა ღმერთმა და ახლა, როცა მათი ტკივილი მეც ვიგრძენი და გავიზიარე, როცა ვიგრძენი რა ძნელია სამშობლოსგან მარტო, სადღაც უცხო მიწაზე ცხოვრება, საკუთარი თავის გადარჩენაზე და შვილზე ზრუნვა, ის დედები, უკლებლივ ყველა, ჩემს თვალში ძალიან ამაღლდნენ.
-გაწყენინე?
-არა, დაივიწყეთ...
-უბრალოდ ემოციურად საუბრობ და მეგონა გეწყინა, რომ გკითხე. ბავშვი როგორ ძლებს უშენოდ?
-ვენატრები ქალბატონო როჯერს, ძალიან ვენატრები.
-მერე არ გეცოდება?
-ძალიან მეცოდება, მაგრამ ყველაფერს ისევ მისთვის და ჩემი მომავლისთვის ვაკეთებ.
-ქმარიც იქ დატოვე?
-ქმარი არ მყავს, დავშორდი.
-მაშინ ვინ უვლის ბავშვს?
-დედაჩემი.
-შენ კარგი გოგო ხარ ასეთ მსხვერპლზე რომ წახვედი საკუთარი შვილისთვის, დედისთვის, შენთვის...
-ზოგმა შეიძლება გამამტყუნოს.
-ასეთები ყოველთვის გამოჩნდებიან, მაგრამ ისინი არ უნდა მიიჩნიო შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებად. მთავარი მაინც ის არის, ჩვენ რა გვინდა, რა ან ვინ გვიყვარს და რა გვიხარია. შენი სურვილები არასოდეს გადაიტანო უკანა პლანზე იმისთვის, რომ სხვას რაღაც არ მოსწონს.
-გეთანხმებით...
-ოდესმე სამსახური და მისი ინტერესები ოჯახზე წინ დაგიყენებია?
-კითხვას ვერ მივხვდი...
-გადაგიდია ოჯახის საქმეები სამსახურის გამო?
-დიახ
-არ მოქცეულხარ სწორად! რაც ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის საყვარელი ადამიანები არიან. არაფერი და არავინ უნდა დააყენო მათზე წინ. პირველ რიგში, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები უნდა გახსოვდეს. აბა მითხარი, როცა ავად ხდები, ვინ მოდის შენთან ან ვის შესტკივა შენზე გული? ისევ მათ. ვერაფერი შეცვლის ნამდვილ, მართალ და სიყვარულით სავსე ადამიანებს... ისინი კი ყოველთვის გვერდში დაგიდგებიან და არასოდეს დაიწყებენ შენზე ჭორაობას, რანაირად არასწორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღო.

ადამის მეგობრებთან
როგორც შეთანხმდნენ, კვირას, მთელი დღის განმავლობაში ელენე, ადამი და მისი მეგობრები ერთად გაატარებდნენ დღეს. დილით, ადამმა ელენეს მანქანით მიაკითხა და მეგობრებს სახლში გაუარეს. მისის და მისტერ მაქნამარები ერთად ტრიალებდნენ სამზარეულოში და მთელი სახლი გემრიელი საუზმის სურნელით იყო გაჟღენთილი.
-გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ, ელენი მოვიყვანე.
-მობრძანდით, მე დანიელი ვარ, ხოლო ეს ჩემი მეუღლე ქელი.
-სასიამოვნოა.
-იცი, შენზე ადამმა გვიამბო, რომ უცნაურ სიტუაციაში გაიცანით ერთმანეთი, სასწრაფოს მანქანაში...
-დიახ, ასეა...
-საქართველოდან ხარ ხომ? რუსეთიდან...
-არა, ყველასთან მიწევს იმის ახსნა, რომ საქართველო რუსეთი არ არის, ჩვენ ჩვენი ანბანი, კულტურა, ტრადიციები გვაქვს... დამოუკიდებელი ქვეყანაა.
-ადრე ხომ იყო რუსეთის ნაწილი?
-არც ადრე ყოფილა რუსეთის ნაწილი. უბრალოდ საბჭოთა კავშირი არსებობდა, სადაც 15 ქვეყანა იყო გაწევრიანებული და აქედან ერთ-ერთი საქართველოც იყო. სულ ეს არის.
-ახლა გასაგებია. მოდით ერთად ვისაუზმოთ, თან შენზე გვიამბე, უკეთესად გაგიცნობთ და მერე მთელი დღის განრიგი დავგეგმოთ, სად წავიდეთ და რა ვნახოთ.

***
რამდენიმე მუზეუმის, პატარა ქალაქების და სავაჭრო ცენტრის ნახვის შემდეგ ყველა ერთად შეთანხმდა, რომ საღამოს, ირლანდიული პაბი, კერძები, ლუდი და მუსიკა საუკეთესო განტვირთვის საშუალება იქნებოდა.
-2 Corned Beef, 2 Shepherd’s Pie and 4 bottles of GUINNES please.
-Sure, უპასუხა მიმტანმა და შეკვეთის გადასაცემად სამზარეულოსკენ გაემართა.
-ელენ, ირლანდიური მუსიკიდან რას უსმენ?
-U2, The Cranberries და ტრადიციულ ფოლკსაც დანიელ.
-საინტერესოა, U2 მე და ქელისაც ძალიან გვიყვარს.
-საქართველოში არის ირლანდიური პაბები?
-დიახ, არის და ხშირად დავდიოდი მეგობრებთან ერთად.
-ესეიგი განსხვავებული კულტურის ბარები, პაბები და რესტორნები იქაც არის, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა.
-ასეთი რაოდენობით არა რა თქმა უნდა, როგორც აქ, მაგრამ დედაქალაქში აუცილებლად იპოვი შენი სტილის და გემოვნების ადგილს.
-ქართული კერძები როგორია, გემრიელია?
-ძალიან, აუცილებლად უნდა გასინჯოთ, რეკომენდაციას ვუწევ.
-უკაცრავად, რომ საუბარს გაწყვეტინებთ, უნდა დაგტოვოთ.
-სად მიდიხარ ადამ?
-მალე მოვალ მეგობრებო.

***
ცოტა ხანში, პაბის პატარა სცენაზე რამდენიმე მუსიკოსმა საღამო U2- ს „One“ სიმღერით გახსნა.
-ელენ, რას იტყვი, როგორი მუსიკოსია ადამი?
-ქელი, არ მჯერა. მას ჩემთვის არაფერი უთქვამს.
-ადრე პროფესიონალი მუსიკოსი იყო.
-ძალიან კარგი შესრულებაა, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.

***
-ადამ და ქელი, ძალიან კარგი დღე გავატარე თქვენთან ერთად. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, ელენს სახლამდე მივაცილებ და მერე სახლში წავალ, ცოტა დავიღალე და დასვენება მჭირდება.
-ძალიან მიხარია, რომ შეგხვდით, არაჩვეულებრივი წყვილი ხართ, დიდი მადლობა შესანიშნავი დღისთვის. ღამე მშვიდობისა.
-მადლობა ელენ, ჩვენც გაგვიხარდა, რომ გაგიცანით. ღამე მშვიდობისა.
-ადამ, რატომ არ მითხარი, რომ მუსიკოსიც ხარ.
-მოდი ასე ვთქვათ, მუსიკით გატაცებული ვარ, ჩემი ძირითადი სამსახური კი სასწრაფოში მუშაობაა.
-შენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ადრე ბენდშიც იყავი და სხვადასხვა შტატებსა და ქვეყნებშიც მოგზაურობდი.
-დიახ, კონცერტები გვქონდა.
-რატომ დაანებე თავი?
-შეყვარებულის გამო.
-როგორ?
-ამ კითხვას შეიძლება გვერდი ავუარო?
-კარგი, როგორც გინდა.
-არ გეწყინოს, ის რაც გულს მტკენს, არ მინდა გავიხსენო და განწყობა გავიფუჭო.
-ირლანდიურ პაბში ხშირად უკრავ?
-კვირაში 2 ან 3 დღე, სამსახური როგორც მაძლევს ხოლმე საშუალებას. დამატებითი შემოსავლის წყაროა. დანიელი და ქელი პაბის მეპატრონეები არიან და იმათ შემომთავაზეს საღამოებში მიმეღო მონაწილეობა. მეც დავთანხმდი.
-გასაგებია, შენს მეგობრებს არ უნდოდათ, რომ მუსიკას მთლიანად ჩამოშორებოდი.
-დაახლოებით.
-ესეიგი მუსიკა შენთვის მხოლოდ გატაცება არ ყოფილა.
-ახლა გატაცებაა, ადრე ჩემი ყოველდღიურობა იყო.

***
-აი, მოვედით კიდეც.
-ადამ, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. შესანიშნავი მეგობრები გყავს.
-ელენ, არ გეწყინოს, შეიძლება ერთ დღეს მოვინდომო და მოგიყვე, რატომ დავანებე მუსიკას თავი, მაგრამ ახლა ამისთვის მზად არ ვარ.
-არ არის პრობლემა, როგორც გინდა.
-ღამე მშვიდობისა.
-ღამე მშვიდობისა.

კესოს დაბადების დღე
-კესოოო, დაბადების დღეს გილოცავ დედას პრინცესავ. აბა მომიყევი რა ხდებოდა დღეს.
-მიკი და მინიმაუსი იყო, კიდევ ბავშვები.
-კიდევ?
-თამაშები.
-ითამაშეთ კიდეც? აბა მითხარი, რომელი თამაშებით გაერთეთ?
-„შეჯიბრობანა“, „სასრიალო“, „კუბიკებით აწყობა“...
-ესეიგი, მხიარული სტარტები, კუბიკებით ფიგურების აწყობა და კიდევ ჩამოსრიალდით კიდეც... რა მაგარიააა...
-და კიდევ სახეზე დაგვახატა იმ გოგომ...
-ვინ? წამყვანმა?
-კი, გოგოებს მიკი მაუსი დაგვახატა და ბიჭებს - სფაიდერ მენი და კიდევ ბუშტების წვიმაში ვიცეკვე.
-როგორი ლამაზი და საინტერესო დაბადების დღე გქონია დედიკო, ვინ მოვიდნენ შენი მეგობრებიდან?
-ბარბარე, ნია, გიო, თორნიკე, მარიამი, ტაისია, ანანო, ბაჩა, გეგა, ლილე... კიდევ ვეღარ ვიხსენებ.
-ძალიან კარგი, შენმა მეგობრებმაც შენთან ერთად იხალისეს ხომ?
-დედიკო, ნახე ბარბის თოჯინა...
-რა მშვენიერია კესო, ძალიან მომწონს. მეგობრებმა მოგიტანეს?
-ეს თოჯინა მამამისმა უყიდა ელენე.
-ისიც დაბადების დღის ცენტრში იყო?
-კი, იქ მოვიდა.
-ჩემი საჩუქარი მიეცი კესოს?
-არა, ახლა ვაპირებდი შენთან ერთად.
-მივცეთ მაშინ.
-ბებიკო, ეს დედიკომ გამოგიგზავნა, გახსენი და ნახე აბა რა არის შეფუთული.
-....
-კესო, მოგწონს?
-კიიი...
-როგორ კისკისებ ჩემო სიცოცხლე, მანდ რომ ვიყო დაგიკოცნიდი მაგ ვარდისფერ ლოყებს საყვარელო. კესო, ხომ ასეთი მინი მაუსი გინდოდა დეე?
-კი
-მიხარია, რომ მოგეწონა.
-ბებიკო, დღეს მინი მაუსთან ერთად დავიძინოთ ხომ?
-დავიძინოთ ბებო გენაცვალოს, როგორც შენ გინდა ისე გავაკეთოთ.


რატომ არ რეკავს ?
ადამს არ დაურეკავს... ვითომ რამე ეწყინა? რა გინდა ელენე, სხვის პირად ცხოვრებაში რატომ ერევი?! ოხ... ჩემს თავზე ვბრაზდები, მაგრამ მეგონა თუ მომიყვებოდა, ტკივილი შეუმსუბუქდებოდა, მე კი ალბათ პირიქით გამომივიდა. თუმცა ვერ გაუგებ ადამიანებს. დავურეკო? მოვიკითხო? არა, იქნებ დაკავებულია, არ მინდა შევაწუხო... სჯობს არ დავურეკო, ისე იყოს, როგორც არის. თვითონ დამირეკოს ან იქნებ ჩემგან ელოდება ზარს? არ ვიცი ამერიკელებს სხვა აზრები და მენტალიტეტი აქვთ, რას გაიგებ...

***
-ალო, ადამ...
-ელენ... როგორ ხარ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-კარგად, ახლა უკვე უკეთესად.
-მოხდა რამე?
-იმ დღეს, როცა შენ სახლამდე მიგაცილე, ჩემი და მედისონის საყვარელ ადგილას, აშფორდის ტბაზე წავედი, იქ სადაც ხშირად მივდიოდით ხოლმე და ბუნების სილამაზით ვტკბებოდით. მთელი ღამე დავრჩი და სახლში გამთენიისას დავბრუნდი.
-მერე?
-ტემპერატურამ ამიწია და 3 დღე სახლში მომიწია ყოფნამ...
-ექიმთან არ იყავი?
-ჩვეულებრივი გაციება იყო, საშიში არაფერი. მეგობრები დამეხმარნენ და აფთიაქიდან გაციების საწინააღმდეგო წამლები მომიტანეს.
-ახლა როგორ ხარ? გაგიარა თუ ჯერ კიდევ არა?
-ყველაფერი კარგად არის...
-იმ დღეს, არ ვიცი როგორ ვთქვა, არ მინდოდა ასე ...
-ელენე, აღარ გინდა, შეწყვიტე...
-კარგი, მაგრამ შენთვის გულის ტკენა არ მინდოდა, მართლა...
-სხვა, როგორ ხარ? რას აპირებ შემდეგი Day Off-ისთვის?
-ჯერ არ დამიგეგმავს.
-გინდა, ქართული კერძი მოვამზადოთ რამე?
-არ ვიცი მინდა თუ არა.
-რაიმე ისეთი, რთული რომ არ იყოს, მეც მოგეხმარები.
-ვნახოთ.
-იმ დღეს სურათებს ვათვალიერებდი და მრავალფეროვანი სამზარეულო გქონიათ ქართველებს.
-დიახ.
-ვატყობ, მაინც და მაინც დიდი სურვილი არ გაქვს, რომ ერთად სადილი მოვამზადოთ.
-ვფიქრობ.
-რას ფიქრობ?
-მინდა თუ არა ქართული კერძის მომზადება.
-მოდი, უკეთესი რამ მოვიფიქრე.
-რა?
-მე რამე განსაკუთრებულ კერძს მოვიფიქრებ და იმას მოვამზადებ, შენ ქართული და ჩემმა მეგობრებმა ირლანდიური.
-და ეს ამდენი ხალხი სამზარეულოში ერთად ვიტრიალებთ? ხელი არ შეგვეშლება?
-ისინი გამზადებულს მოიტანენ უკვე და მე და შენ იმედია არ ვიჩხუბებთ, გავინაწილებთ დროს და ღუმელს.
-კარგი, ვცადოთ.

***
-პროდუქტების ძებნის დროს ძალიან დამეხმარე, მადლობა.
-არაფერია ელენე, თითქმის ზეპირად ვიცი რა სად დევს, დიდი ხანია ამ მაღაზიაში დავდივარ.
-მე დილამდე ვერ გამოვიდოდი იქიდან, უზარმაზარი მაღაზიაა და ფართო არჩევანით.
-ახლა რას აკეთებ?
-ბადრიჯანს შევწვავ და შემდეგ, რომ გაცივდება, ნიგვზის შეზავებულ მასას ზედ წავუსმევ, დავკეცავ, ბროწეულის მარცვლებს მოვაყრი და მზად არის.
-ბროწეული არასოდეს მიყიდია, არც დედაჩემისგან მახსოვს, რამეში გამოეყენოს.
-ქართველები ხშირად ვიყენებთ საჭმელებში და თან ყველაფერთან ერთად, სასარგებლო თვისებებიც აქვს.
-რა რეკლამა გაუკეთე, დამაინტრიგე კიდეც.
-აჰაჰაჰ... სიმართლეს ვამბობ.
-მშობლებთან სანამ ვცხოვრობდი, ვიდრე მუსიკალურ კოლეჯში ჩავირიცხებოდი, საჭმელებზე ზრუნვა არ მიწევდა ხოლმე. შემდეგ, როცა ნიუ-ჯერსიში გადმოვედი, ყველაფრის სწავლა ერთად მომიხდა -სახლის მოწესრიგება, ტანსაცმლის რეცხვა, საჭმელი, მოკლედ მაშინ ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება და არც ვნანობ.
-შენი მშობლები აქედან შორს ცხოვრობენ?
-არა, პენსილვანიის შტატში არიან. თვეში ერთხელ ან ორჯერ ჩავდივარ ხოლმე და ვნახულობ. გაგიგია ამიშების სოფლის შესახებ? მათგან არც ისე შორს ცხოვრობენ.
-ვინ არიან? ჯგუფია ან მიმდევრობაა რამე?
-რელიგიური დაჯგუფებაა, რომელთა უმრავლესობა პენსილვანიის შტატში არიან და ძალიან მკაცრი წესებით ცხოვრობენ. ყოველგვარ თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებზე უარს ამბობენ. მაგალითად, ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი... არც ელექტროენერგია აქვთ სახლში და არც მანქანებს იყენებენ, მხოლოდ ცხენებშებმული ეტლებით გადაადგილდებიან.
-არ მჯერა.
-თავიდან არც მე მჯეროდა როცა დედაჩემი და მამაჩემი მათზე მიყვებოდნენ, მაგრამ ჩემი თვალით რომ ვნახე როგორ ცხოვრობენ, შემდეგ დავიჯერე. ძირითადად ფიზიკურად მუშაობენ, ჭამენ საკუთარი ხელით მოყვანილ ხილს, ბოსტნეულს... ზრდიან ცხოველებს, საჭმელებს თავად ამზადებენ და სხვაგან არ ყიდულობენ ან მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით მომზადებული უნდა იყოს, რომ გარისკონ და დააგემოვნონ. ამერიკაში მე-18 საუკუნეში ჩამოვიდნენ და დასახლდნენ, რადგან ევროპაში იდევნებოდნენ. ძალიან უბრალო ხალხია, არც კოლეჯებში და უნივერსიტეტებში სწავლობენ, სკოლასაც მხოლოდ 8 კლასის ჩათვლით ამთავრებენ. აქვთ ჩაცმის საკუთარი სტილი, მათი ნახვა თუ გაინტერესებს, როდესაც მშობლებისკენ წავალ, გეტყვი, შენც წაგიყვან და ლანკასტერშიც შევიაროთ, საკუთარი თვალით იხილავ ყველაფერს, მათი სამზარეულოც დავაგემოვნოთ, მოგეწონება.
-კარგი იდეაა!
-კარს გავაღებ, დანიელი და ქელი იქნებიან.

***
-ელენ, მოკლედ შენმა გაკეთებულმა ბადრიჯანმა Food Competition Party-ის პირველი ადგილი დაიმსახურა.
-ეჭვი არც მეპარებოდა.
-ნამდვილად გემრიელი სამზარეულო გქონიათ ქართველებს. თუ ის გააკეთე, რაც ყველაზე კარგი გაქვთ?
-აჰაჰაჰ ...არა, შენ მხოლოდ ერთი რაღაც გასინჯე, დანარჩენი არ იცი ჯერ კიდევ...
-მაინტრიგებ.
-მე მაქნამარების კერძიც მომეწონა.
-ჩემს მომზადებულ კერძზე არც ღირს საუბარი ხომ?
-შენსასაც არა უშავდა.
-როგორმე უნდა დავგეგმოთ ქართული სამზარეულოს დღე და იმედი მაქვს სხვა რაღაცებსაც გავსინჯავ.
-ვნახოთ. კარგი, უკვე სახლთან მოვედით, უნდა დაგემშვიდობო.
-კარგი, მომავალ შეხვედრამდე.
-კარგად.

ნეტა თუ მართლა არსებობს ღმერთი?
-ელენე, დღეს პროტესტანტები ვიკრიბებით და ერთი თხოვნა მაქვს, სალათი ან რამე საჭმელი მოამზადე.
-მისის როჯერს, რელიგიურ შეკრებაზე საჭმელი უნდა მივიტანოთ?
-დიახ. ჯერ ვახშმით ვიწყებთ, შემდეგ ვლოცულობთ, მოწვეულ სტუმარს ვუსმენთ და ბოლოს მუსიკის მოსმენით ვამთავრებთ ან ფილმს ვუყურებთ რელიგიურ თემაზე.
-საინტერესოა.
-მგონი, შენც არ მოიწყენ.
-გავამზადებ რაღაცას და წავიდეთ, არ არის პრობლემა.
-კიდევ იცი რა? ერთი ქალი გვყავს, რომელსაც ანეგდოტები მოაქვს და გვიკითხავს ხოლმე. უნდა ნახო, მთელი დარბაზი როგორ ხარხარებს მის ხუმრობებზე. მოკლედ ღირს მოსმენად. ოპერაციის შემდეგ იქაურ მეგობრებს არც კი ვუნახივარ, ვფიქრობ, გაუხარდებათ ჩემი დანახვა.

***
-გამარჯობა მეგობრებო. დღეს პატივი მაქვს, წარმოგიდგინოთ ჩვენი ერთ-ერთი წევრი, რომელიც დიდი ხანია არ გვინახავს. მას ძალიან საინტერესო ამბავი აქვს ჩვენთვის მოსაყოლი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს ღმერთის არსებობაში. მაშ, ასე, ყოფილი პასტორის მეუღლე - ბარბარა როჯერსი.
-მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ისევ თქვენთან ვარ. ჩემი ამბავი რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, სასწაულია და დღემდე მჯერა, რომ ჩემს გადარჩენაში ღმერთის ხელი ურევია. 28 ივლისის საღამოს, ტელევიზორს ვუყურებდი. როდესაც ძილი მომერია, საძინებლისკენ წასვლა დავაპირე და სავარძლიდან წამოვდექი, უცებ ფეხებში სისუსტე ვიგრძენი, ძალა გამომეცალა და ძირს დავეცი, თავი კედელს ძლიერად მივარტყი. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ მაინც წამოვდექი და საწოლისკენ წავედი. იმ ღამეს მშვიდად მეძინა, მეორე დღემაც ჩვეულებრივად ჩაიარა, მესამე დღეს მეგობრებს შევხვდი, მანქანასაც პრობლემის გარეშე ვმართავდი, შემდეგ სახლში წავედი, ძაღლი გავასეირნე და გადავწყვიტე ცოტა ხანს დავწოლილიყავი და შუა დღის ძილით ჩამეთვლიმა. სწორედ მაშინ, თავის საშინელი ტკივილი ვიგრძენი, გონებას და მხედველობას ვკარგავდი. ჩემი გოგოს, ბეტის ტელეფონის ნომრის აკრეფა ძლივს მოვასწარი, ვუთხარი, რომ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და შემდეგ უკვე აღარაფერი მახსოვს, გონება დავკარგე. როგორც აღმოჩნდა, ტვინში სისხლის გაჟონვა მქონდა და ექიმებმა თქვეს, რომ დილამდე ვერ ვიცოცხლებდი. ჩემი შვილები ფაქტიურად უკვე მემშვიდობებოდნენ. მეორე დღეს, როცა ბეტი ჩემს სანახავად მოვიდა, მოინდომა, რომ ბოლოჯერ კიდევ ერთხელ დაეძახა ჩემთვის დედა. ამ ჯადოსნურმა სიტყვამ თვალები გამახელინა. ვერ წარმოიდგენთ იქ რა მოხდა, ექიმებს არ სჯეროდათ. სამწუხაროდ, არაფერი მახსოვს, მაგრამ როგორც მეუბნებიან ვსაუბრობდი, ვჭამდი, ექიმებს კითხვებზე პასუხებს ვცემდი... ოპერაციის შემდეგ, 1 თვით სარეაბილიტაციო ცენტრში გადამიყვანეს, სადაც ფიზიკური თერაპიის კურსს გავდიოდი და ასე ნელ-ნელა ვუბრუნდებოდი ჩვეულ ცხოვრებას. ერთი კვირის წინ, როდესაც ჩემი ქირურგი ვნახე, დერეფანში რომ დამინახა, კოლეგებს უთხრა: „შეხედეთ, მოსიარულე სასწაული მოდის“-ო. ახლა კი აქ ვარ, თქვენთან ერთად, ჩემს დამხმარესთან, რომელიც თვალ-ყურს მადევნებს, ისევ არ დავეცე და რამე არ მომივიდეს. მას ელენე ჰქვია და საქართველოდან არის, ევროპიდან. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ამ ამბავშიც გამიმართლა და ეს არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი, იგი ძალიან ყურადღებიანია ჩემს მიმართ და ასევე ნამდვილი მაგალითია იმის, როგორ უნდა უყვარდეს დედას შვილი. მან ის სამშობლოში დატოვა, ასეთ შორ მანძილზე წამოვიდა და აქ მუშაობს დღე-ღამეში 24 საათი იმისთვის, რომ შვილს არაფერი მოაკლოს და უკეთესი მომავალი შეუქმნას. ეს ნამდვილი მსხვერპლშეწირვაა და დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან ბევრი ჩვენგანი უარს ვიტყოდით ასეთ რამეზე.
აი, ეს არის რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის და იმასაც დავამატებ, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და იგი ამას ყოველ დღე გვიმტკიცებს თავისი სასწაულებით.

პნევმონია
-დედა, რამდენი საათია უკვე გირეკავ და მითიშავ, რა ხდება?
-ელენე, რაღაცას გეტყვი და პანიკაში არ ჩავარდე, კესოს სიცხე აქვს უკვე მესამე დღეა, ახველებს და ძალიან სუსტად არის.
-რას მეუბნები დედა, აბა უბრალო გაციებაა და გაივლისო?
-ახლა მყავდა სასწრაფო და ექიმებმა მირჩიეს, რომ იაშვილის საავადმყოფოში გადავიყვანოთ.
-ახლა როგორ არის, მაჩვენე ბავშვი.
-ჩაეძინა.
-რას აპირებ მერე, წაიყვანე აუცილებლად. აღარ დააყოვნო, ჩააცვი და წაიყვანე.
-ელენე, მამამისს დავურეკო?
-დაურეკე და ჩააყენე საქმის კურსში. სწრაფად იმოქმედე დედა, მაგ ბავშვს რომ რამე მოუვიდეს, გავგიჟდები იცოდე, თავს არ ვიცოცხლებ.
-კარგი, დაწყნარდი ახლა...
-რა დამაწყნარებს? სად ან როგორ გაცივდა ასე?
-ნუ ტირი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, უნდა გავთიშო და წავიყვანო ბავშვი.
-დედა, როგორც კი ექიმი პასუხს გეტყვის, მაშინვე დამირეკე რა დროც არ უნდა იყოს.
-აბა რას ვიზამ, წავედი ახლა, ნუღარ მაცდენ და არ ინერვიულო, მივხედავთ.

***
-დედა, რა გითხრა ექიმმა?
-პნევმონიაა, მაგრამ რთულად არ არის საქმე, ცოტა ხანი დატოვებენ საავადმყოფოში, მკურნალობის კურსი უნდა ჩაუტარდეს.
-რა უნდა ჩემს შვილს საავადმყოფოში?..
-კარგი, ნუ ტირი ახლა, გაჩერდი. ყველა აქ ვართ, მამამისი, შენი ყოფილი დედამთილ-მამამთილი, ხომ იცი, არაფერს გავუჭირვებთ ბავშვს.
-დედა... დედა რომ არ ჰყავს გვერდით?
-ელენე, ნუ მაბრაზებ ახლა რაა!.. კესოს არაფერი მოუვა, რატომ არ გჯერა, რომ რამდენიმე დღეში გამოუშვებენ?
-ასე მგონია, უფრო ცუდად არის საქმე და შენ იოლ ფორმებში მიყვები, რომ აქ არ ვინერვიულო.
-მორჩი ახლა სისულელეებს და მაცალე, რომ ბავშვს მივხედო!
-კარგი დედა, იცოდე შენი იმედი მაქვს ყველაფერში...


მადლიერების დღე
-გამარჯობა ელენ, მერი ვარ.
-გამარჯობა მერი, როგორ ხარ?
-კარგად. გოგონა როგორ გყავს?
-მადლობა. უკვე კარგად არის, საავადმყოფოდან გამოწერეს და სახლშია.
-გამიხარდა, მე და სტივი ვლოცულობდით შენი შვილის გამოსაჯანმრთელებლად.
-დიდი მადლობა.
-ელენ, შენ, ბეტის და ბარბარას მადლიერების დღის ვახშამზე გეპატიჟებით.
-დიახ, ბეტიმ უკვე დაგვირეკა და გვითხრა, რომ ვახშამს მართავთ. დიდი მადლობა, აუცილებლად მოვალთ.
-გელოდებით მაშინ, შეხვედრამდე.

***
სახლში შესვლისთანავე უამრავი კერძის სუნი ირეოდა ერთმანეთში და მაშინვე მადას აღძრავდა. მერის ძალიან უყვარდა ყოველ სეზონზე სახლის დეკორაციების შეცვლა. ამიტომ თეფშებიც კი შემოდგომის სეზონისთვის დამახასიათებელ ფერებში ჰქონდა ნაყიდი. ოთახებში ბევრ დეკორაციას ნახავდით: ინდაურების ფიგურები, სათამაშოები, გოგრები, საფრთხობელა თოჯინები და სხვ.
-მადლობა რომ გვეწვიეთ.
-მადლობა თქვენ, რომ მოგვიპატიჟეთ.
-ელენ, პირველად ხართ მადლიერების დღის ვახშამზე?
-დიახ სტივ. ძალიან მაინტერესებს ამ დღის ტრადიციები.
-როგორ გითხრა, ტრადიციული ამერიკული დღესასწაულია, რომელსაც ნოემბრის მეოთხე კვირას ავღნიშნავთ ხოლმე. ერთ დღეს, მკვიდრმა ინდიელებმა ინგლისელ კოლონისტებთან ერთად ვახშამი გამართეს და მას შემდეგ, ტრადიციად იქცა გაჭირვებული და ღარიბი ხალხის დახმარება და დაპურება. დროთა განმავლობაში ეროვნულ დიდ დღესასწაულად იქცა და პატარა ნიუანსებიც დაემატა, მაგალითად ერთი ინდაურის შეწყალება პრეზიდენტისგან.
-ასევე მეისის სავაჭრო ცენტრის მიერ დაფინანსებული „Macy’s Thanksgiving Day Parade” ნიუ-იორკში, მანჰეტენის ქუჩებში. გახსოვს სტივ შენ, მერი, მე და ჩემი მეუღლე რომ ვიყავით ერთ წელს? სასწაული სანახაობა იყო. ელენ, შენც გირჩევ, რომ ნახო. დილის 9 საათზე იწყება და თითქმის 3 საათის განმავლობაში კოსტუმირებული მონაწილეები ქუჩაში ცეკვავენ, ხალხს ესალმებიან და ულამაზესი დეკორაციებით მორთული სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან.
-საინტერესოა, აუცილებლად უნდა ვნახო შემდეგ წელს ეს კოსტუმირებული სვლა ნიუ-იორკში. ვახშამზე როგორც ვიცი ინდაური უნდა მიირთვან, რატომ მაინც და მაინც ეს ფრინველი?
-როდესაც ინდიელები ინგლისელ კოლონისტებს ვახშმით უნდა გამასპინძლებოდნენ, ტყეში 4 ველური ინდაური დაუჭერიათ და შეუწვამთ. მას შემდეგ, აუცილებელ ატრიბუტად იქცა სუფრაზე ინდაური. სიმართლე გითხრა, ახლა ყველა ინდაურით აღარ აღნიშნავს, ზოგს ლორი უფრო უყვარს და მას ამზადებს ტკბილი კარტოფილით და თაფლიანი სოუსით. ერთი რაღაც გამახსენდა, გინდა სასაცილო ამბავი გითხრა?
-დიახ, გისმენთ.
-ბენ ფრანკლინზე ალბათ ისტორიიდან გსმენია.
-რა თქმა უნდა.
- ბატონი ფრანკლინი ძალიან დიდ პატივისცემას ავლენდა ველური ინდაურის მიმართ და სურდა, რომ არწივის ნაცვლად, სწორედ ეს ფრინველი ყოფილიყო ეროვნული ფრინველის სიმბოლო. წარმოგიდგენია რას გადავრჩით ამერიკელი ხალხი? ინდაური ჩვენს სიმბოლოდ. აჰაჰაჰ... ღმერთს მადლობა, მისი სურვილი არ გაითვალისწინეს... რას იფიქრებდა მსოფლიო ჩვენზე? აჰაჰაჰ...
-სტივ, შეგიძლია დამეხმარო და სტუმრებს სასმელი მიართვა?
-როგორ არ შემიძლია. რას ისურვებთ?
-რა გაქვთ სტივ?
-ბეტი, ვიცი შენ ცივი ჩაი მოგეწონება, მაგრამ მაინც ჩამოვთვლი რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ: წითელი მოცვის და მანგოს წვენი, ცივი ჩაი და ეგნოგი.
-მე ეგნოგს დავლევ სტივ.
-დედას ეგნოგი სურს. ბეტი შენ რას ინებებ, ხომ არ შეიცვლი გადაწყვეტილებას?
-ხომ იცი, ცივი ჩაი როგორ მიყვარს.
-ელენ შენ რას აირჩევ?
-მანგოს წვენს.
-მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი მზად არის და გთხოვთ, მაგიდასთან მობრძანდეთ.
ვახშამი ტრადიციულად უხუცესი წევრის ლოცვით დაიწყო. შემდეგ თითოეულმა მათგანმა ღმერთს მადლობა გადაუხადა იმ წლის განმავლობაში მომხდარი წარმატებებისთვის, სიკეთისთვის, ჯანმრთელობისთვის და ბედნიერებისთვის. მერის მომზადებულმა საკმაზებით გამოტენილმა და შემწვარმა ინდაურმა, ტკბილი კარტოფილის კერძმა, სალათამ და დესერტებმა კი ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს.


საუბარი კესოს მამასთან
ვიდრე ელენეს ყოფილი ქმარი დაურეკავდა, რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან აღელვებული იყო, არ იცოდა რა საკითხზე მოუწევდა მასთან საუბარი. ხან რა იფიქრა, ხან რა, მაგრამ პასუხი ვერ იპოვა. შემდეგ გადაწყვიტა, ნერვები აღარ მოეშალა და უბრალოდ ზარს დალოდებოდა, არჩია მოვლენებისთვის წინ არ გაესწრო.
-გამარჯობა ელენე.
-გამარჯობა.
-ესეიგი გადაწყვიტე ამერიკაში გამგზავრებულიყავი და ბავშვი აქ დაგეტოვებინა.
-ბავშვთან ერთად აქ ვერ წამოვიდოდი.
-ჩემთვის არ უნდა გეკითხა?
-უკაცრავად, მაგრამ შენთვის რატომ უნდა მეკითხა, იმ დროს ვინმეს წარმოადგენდი ჩემთვის გარდა ყოფილი ქმრისა?
-ბავშვი ხომ გვყავს საერთო?
-მერე?
-ბავშვს რომ აქ სტოვებდი უდედოდ, მე არ უნდა მცოდნოდა?
-ბავშვის უდედოდ დატოვება მაშინ გაგახსენდა, როცა მეცხრე თვე დაიწყო რაც აქ ვარ?
-იქნებ მანამდე ვერ გირეკავდი ან შენთან საუბრის ძალას ვიკრებდი.
-გამაგებინე რა გინდა, ეს არ იქნება მიზეზი რატომაც დამირეკე.
-მანდ რას აკეთებ?
-სახლში ვმუშაობ დიასახლისად.
-როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
-არ მაქვს პასუხი.
-აბა უვადოდ ხარ მანდ?
-ზუსტად მითხარი, რა გინდა და რატომ რეკავ?
-თაკოს საბოლოოდ დავშორდი.
-მერე, მე რა შუაში ვარ? ისევ თქვენ გაარკვიეთ თქვენი ურთიერთობა, ეგ მე არ მეხება.
-არა, ვერ მიმიხვდი. მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი, ალბათ ამიტომაც დამჭირდა ამდენი ხანი რომ შენთვის დამერეკა და ამ თემაზე დაგლაპარაკებოდი. ადრეც ვთქვი და ახლაც ვაღიარებ რომ შევცდი. შენთვის არ უნდა მეღალატა. კიდევ ერთხელ გთხოვ პატიებას. მას შემდეგ, რაც შენ დაგშორდი, მასთან მხოლოდ ორი-სამი თვით გაგრძელდა ურთიერთობა. შემდეგ ისევ მე დავუსვი წერტილი ყველაფერს.
-არ მაინტერესებს. რაც იყო, იყო. ამ თემაზე გვქონდა უკვე საუბარი და აღარ დამირეკო შერიგებასთან დაკავშირებით. ყველაფერი დიდი ხნის წინ დამთავრდა.
-როგორ არ შეგიძლია, ადამიანს აპატიო და კესოც გააბედნიერო.
-კესოთი ნუ მეთამაშები ძალიან გთხოვ. რომც შეგირიგდე, ჩვენს ურთიერთობას არასოდეს ერქმევა ჯანსაღი ურთიერთობა.
-რას გულისხმობ ჯანსაღ ურთიერთობაში?
-გული აღარასოდეს მომივა შენზე! ადამიანი, რომელიც მიყვარს არასოდეს უნდა მღალატობდეს და ბოლომდე უნდა ვენდობოდე! ოჯახი ერთი მთლიანი უნდა იყოს და მისი სიმტკიცე მხოლოდ წყვილის სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით უნდა იზომებოდეს, ორივე მათგანი ერთმანეთის მიმართ სუფთა უნდა იყოს და ჩუმად, ზურგს უკან, არც ერთი მათგანი არ უნდა ხლართავდეს რაღაცებს! ადამიანი ორგული არ უნდა იყოს და მეორე ნახევარი ნამდვილი გრძნობით უნდა უყვარდეს! ერთი სიტყვით, შენ გაუჩინე ჩვენს ურთიერთობას ბზარი და ახლა მაპატიე, მაგრამ აღარ მიყვარხარ.
-ესეიგი ისევ იმ აზრზე დგახარ და არანაირად ცდილობ ურთიერთობის აღდგენას...
-დიახ!
-რა დავარქვათ მაშინ ჩვენს ურთიერთობას?
-შვილთან დაკავშირებული საკითხების ერთად გადაწყვეტა და მოგვარება.
-კარგი მაშინ, რა გაეწყობა, სანანებელი არ გაგიხდეს ოღონდ, კარგად დაფიქრდი!
-მე არც ერთი ჩემი მიღებული გადაწყვეტილება არ მინანია, რადგან სხვებისგან განსხვავებით კარგად ვფიქრობ ხოლმე, ვიდრე საბოლოოდ გადავდგამ ნაბიჯს!
- მაშინ მშვიდობით...
-კარგად იყავი, წარმატებებს გისურვებ!


ვინც წარსულით ცხოვრობს, წინ ვერასოდეს მიდის!
ზამთრის სუსხიან და ქარიან საღამოს ადამის ავტომობილი იმ სახლთან გაჩერდა, სადაც ელენე მუშაობდა. აფორიაქებულმა და გონებაარეულმა ძლივს მოახერხა მობილური ტელეფონი ჯიბიდან ამოეღო და ელენეს ნომერი აეკრიფა:
-ელენ საღამო მშვიდობისა. როგორ ხარ?
-საღამო მშვიდობისა, მე კარგად ვარ ადამ, შენ რა გჭირს? ცუდად ხომ არ ხარ?
-მაპატიე, რომ გაუფრთხილებლად მოვედი, აქ ვარ, სახლის წინ, შეგიძლია, ცოტა ხნით გარეთ გამოხვიდე?
-დამელოდე, ბებიას წამალს დავალევინებ, პიჟამოების ჩაცმაში დავეხმარები და გამოვალ.
-კარგი, გელოდები.

***
-ადამ, სახეზე ვერ გცნობ, რა ხდება? რაღაც რიგზე არ უნდა იყოს, ასეა?
-სახლში ვიყავი, იმ ოთახში შევედი, რომელშიც დიდი ხანია აღარ შევსულვარ, დაკეტილი მქონდა. ვიფიქრე, ნოტების წიგნს ავიღებდი და რამე განსხვავებულ სიმღერას მოვამზადებდი ხვალინდელი საღამოსთვის და ყველაფერი ისევ თვალწინ წარმომიდგა, თავი ვეღარ შევიკავე, სახლში გაჩერება აღარ მინდოდა, პირველი ვინც გამახსენდი, შენ იყავი, ვიგრძენი როგორ მჭირდებოდი და შენთან წამოვედი.
-რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. მოდი დამშვიდდი და ყველაფერი გარკვევით მომიყევი, დარწმუნებული ვარ, გული გაგინთავისუფლდება, მე შენს გვერდით ვარ.
-არც კი ვიცი, როგორ დავიწყო, ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ ეს ყველაფერი თითქოს დავივიწყე, სხვა ცხოვრება დავიწყე და დღეს, როცა მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ისევ წარსულმა მძლია...
-მომიყევი ყველაფერი, გისმენ.
-მედისონი კოლეჯში სწავლის დროს გავიცანი. მე ბას-გიტარაზე ვუკრავდი, ის -ვიოლინოზე. მოკლედ, შეგვიყვარდა ერთმანეთი. ძალიან უყვარდა როცა ვუკრავდი, საათობით შეეძლო ჩემს გვერდით მჯდარიყო და მუსიკისთვის ესმინა, ჩემს კონცერტებზეც ხშირად დადიოდა, ისევე როგორც მე მის კონცერტებზე, ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით და თითქმის სულ ერთად ვატარებდით დროს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ დაქორწინებას ვაპირებდით. სწავლა რომ დავამთავრეთ, იმ ზაფხულს მედისონმა კალიფორნიიდან მიწვევა მიიღო, სამსახურს სთავაზობდნენ კარგი ხელფასით და პირობებით. იმ საღამოს, როდესაც ეს მითხრა, მისთვის ხელი უნდა მეთხოვა. თავიდან ძალიან დავიბენი, შემდეგ გავბრაზდი, რომ შემოთავაზებას დათანხმდა და ვიკამათეთ. ის მიმტკიცებდა, რომ შორი მანძილი ვერაფერს დააკლებდა ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ამის არ მჯეროდა და თავადვე ვთხოვე, რომ ჩემი სახელი სამუდამოდ დაევიწყებინა. გაბრაზდა და რესტორანი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა. უკან გავედევნე, რომ სახლამდე მიმეყვანა, ვეძახდი, მაგრამ არ მისმენდა, ჩქარი ნაბიჯებით გზის მეორე მხარეს გადადიოდა და ამ დროს ჩემს თვალ წინ მანქანამ დაარტყა. მას შემდეგ, თავს ვიდანაშაულებ მის სიკვდილში, ხანდახან ეს წარსულის რეალობა ღამეულ კოშმარად თავს მაინც მახსენებს, გავანადგურე ყველაფერი და ყველა ნივთი რაც მას უყვარდა, ჩემი პროფესიაც კი მივატოვე, სხვა საქმიანობით დავკავდი, მაგრამ მაინც ვერ განვთავისუფლდი ბოლომდე... ხანდახან, წარსულის მოგონებები ისევ არ მაძლევს მოსვენებას, ყელში მახრჩობელასავით მიჭერს და სუნთქვას მიკრავს... ასე აღარ შემიძლია... ვერავის ვეუბნები, არ მინდა ჩემი განწყობა მათაც გადავდო და მირჩევნია ისევ ჩუმად ვიყო. მახსენდება მისი საყვარელი ადგილები სადაც ხშირად გვიყვარდა სიარული, სიტყვები, რასაც ერთმანეთს ვეუბნებოდით, შემდეგ ვგრძნობ როგორ ვიცლები შინაგანად და ძალა მერთმევა.
-ადამ, შენ ბუნებით შემოქმედი ადამიანი ხარ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის უფრო გტანჯავს, ახალს რომ ვეღარაფერს ქმნი, არ ვითარდები და წინ არ მიდიხარ. საკუთარი თავის თვითრეალიზებას ვეღარ ახდენ და ერთ ჩაკეტილ წრეზე მოძრაობ. ეს არის შენი პირველი პრობლემა, რაც ფსიქიკას გინადგურებს. რაც შეეხება შენს სიყვარულს მედისონთან, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ ჯერზე მტკივნეულია მისი გახსენება, მაგრამ ერთი რამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს. სამწუხაროდ ის ცოცხალი აღარ არის და აღარასოდეს დაბრუნდება. ცოცხალი რომც იყოს და ასეთ დღეში გხედავდეს, არ მოეწონებოდა და აღარც ასეთი ადამი ეყვარებოდა. ვინც წარსულით ცხოვრობს, ის ვერასოდეს მიდის წინ! ჩემი რჩევაა, დაანებო მასზე ფიქრს თავი და ახალი ადამი შექმნა, ოღონდ ის არა, რომელიც თავის დროზე შენ შექმენი და მომავალი დაუმახინჯე. შენი აწმყო საშინელია, არაფრის მომცემი და ეს შენ შექმენი თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილებით. ახლა კი ის დროა, შეცდომა გამოასწორო და ისევ ახალი ადამი შექმნა, რომელიც შემოქმედებითაა დაავადებული და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალი სიტყვა თქვას.
-და შენ თვლი, რომ გამომივა?
-აუცილებლად გამოგივა, რასაც ძალიან მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა, დამიჯერე.
-შენ გჯერა ჩემი?
-მჯერა, იცი რის მჯერა? შენ ერთ-ერთი მოწინავე მუსიკოსი გახდები. რამდენი წელი დაკარგე უქმად?
-ორი წელი.
-ორი წელი არაფერია, ჩათვალე რომ ძალას იკრებდი ახალი მწვერვალების დასაპყრობად. დროა, ჩაკეტილ წრეზე ტრიალს შეეშვა, სხვა გზა იპოვო და იქით წახვიდე, ახალი რაღაც ეძიო, ცხოვრება საინტერესო გახადო და ის ადამიანები გააბედნიერო, ვისაც სჭირდები და გვერდით გყავს.
-შენ ძალიან კარგად მოქმედებ ჩემზე...
-აბა, რას იტყვი, მზად ხარ? თუ რთული გზებით სიარულს გაექცევი?
-მგონი მზად ვარ.
-ვარაუდები არ გვჭირდება, მზად ხარ თუ არა?
-მზად ვარ!
-ახლა მომწონს შენი პასუხი.


***
რამდენიმე კვირის შემდეგ ვერც ოჯახის წევრები, ვერც მეგობრები, ვერც კოლეგები და ვეღარც ვერავინ ცნობდა ადამს. სამსახურის შემდეგ, საათობით იკეტებოდა ოთახში, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები ჰქონდა შენახული და ზოგჯერ დილამდეც კი მუსიკის ჰანგებში ატარებდა დროს. ძალიან ბევრს შრომობდა, ძველსაც იხსენებდა და ახალსაც უმატებდა... დაკარგულ დროს ინაზღაურებდა...დრო და დრო მშობლებს და მეგობრებსაც არ ივიწყებდა და მოინახულებდა ხოლმე, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც ადრე. ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდ ხანს, ალბათ 4-5 თვე, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს თავად არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მზად იყო თავის პროფესიას დაბრუნებოდა ახალი შემართებითა და ენერგიით. ერთ მშვენიერ დღეს, სიხარულით აცნობა ელენს ახალი წარმატების შესახებ. ბევრი მცდელობების და მოსმენების შემდეგ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ კონტრაქტი გაუფორმა სატელევიზიო შოუს გასაფორმებლად.

***
-ელენ, შენ რომ არ ყოფილიყავი, მე დღეს ისევ იქ ვიქნებოდი, როგორ ვითარებაშიც გამიცანი. სიცოცხლის ბოლომდე შენი მადლიერი ვიქნები.
-ადამ, ძალიან მიხარია, გეფიცები შენზე ბედნიერი ახლა მე ვარ, რომ ერთი ადამიანი, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდიოდა, ისევ თავის გზაზე დავაბრუნე.
-ვგრძნობ, რომ იმ ცხოვრებას ვაგრძელებ, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და რომელსაც მხოლოდ ჩემი ცხოვრება ჰქვია.
-ბედნიერი ვარ რომ ამ სიტყვებს ვისმენ შენგან.
-ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ შენზე.
-რატომ?
-ვერ წარმომიდგენია, რატომ ვერ გაუგეს შენნაირ არაჩვეულებრივ ადამიანს და გული როგორ ატკინეს.
-ალბათ ურთიერთობის დასაწყისშივე შევცდით და შეგვეშალა რაღაც ან გვეგონა, რომ ორივემ ჩვენი მეორე ნახევარი ვიპოვეთ. სინამდვილე კი სხვა იყო. ყველა ჩვენგანს გვყავს სადღაც მეორე ნახევრები, ალბათ ერთ მშვენიერ დღეს მეც ვიპოვი და ჩემი ყოფილი მეუღლეც.
-გაბრაზებული ხარ მასზე?
-როგორ გითხრა, ალბათ უფრო გულნატკენი, რადგან არ მითხრა, რომ მაშინ როცა ჩემს გვერდით ცხოვრობდა, სხვა შეუყვარდა. მერჩივნა, თავიდანვე ეთქვა და დავშორებულიყავით, ვიდრე 3 თვე ღალატში მეცხოვრა.
-არ იყო შენთან მართალი!
-ვიცი! ამიტომაც არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას.
-შეგიძლია გულახდილად მიპასუხო ერთ კითხვაზე?
-მკითხე, რა გაინტერესებს?
-აქ მის დასავიწყებლად ჩამოხვედი, ახალი ცხოვრების დასაწყებად თუ ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად?
-მის დასავიწყებლად და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად, თუმცა ახალი ცხოვრების დაწყებასაც არ გამოვრიცხავ. ვნახოთ, წინასწარ ძნელია რამის თქმა, დრო გვიჩვენებს ყველაფერს...
-როგორ დაიწყებ ახალ ცხოვრებას თუ 24 საათი ერთ გამოკეტილ სივრცეში მოხუცთან ერთად ატარებ დროს?
-აბა რა ვქნა ადამ? ეს სამსახური ერთადერთია, სადაც განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვთ. რა თქმა უნდა, არის ნიუ-იორკში საცხობებში, რესტორნებში და კაფე-ბარებსა და მაღაზიებში რაღაც სამსახურები, მაგრამ იქ ნაცნობი არ მყავს, რომელიც დამეხმარება.
-ფაქტია, რომ დახმარება გჭირდება, როგორც ერთ დროს მე მჭირდებოდა. ძალიან მინდა მეც რაღაცით დაგეხმარო, რადგან ვგრძნობ, არც შენ დგახარ იმ რელსებზე რომელიც შენი საქმეა და არ აკეთებ იმას, რაც გულით გიყვარს.
-შენს შემთხვევაში გამოსავალი იყო, ჩემს შემთხვევაში კი ჯერ-ჯერობით ამას ვერ ვხედავ.
-მე კი მჯერა, რომ რაღაც გამოსავალი აუცილებლად იქნება.

Cherry Blossom
ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ როდესაც ვაშინგტონის ქუჩები აყვავებული ალუბლის ხის ყვავილებით იყო მორთული და მათი სურნელი და სილამაზე უამრავ მნახველს იზიდავდა, ელენმა და მისმა მეგობრებმაც მოინდომეს, რომ დედაქალაქის სანახაობებს არ ჩამორჩენილიყვნენ და დაგეგმეს, ორი დღით წასულიყვნენ. დილით ადრე ყველა ნიუ ბრანსვიკის ავტოსადგურზე მოგროვდა და ავტობუსს უცდიდა. ყველას საოცარი მღელვარება და ინტერესი ეტყობოდა სახეზე. სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ სასტუმროში დაბინავდნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთი საათის შემდეგ სადმე ჯერ კვების ობიექტს მოძებნიდნენ და შემდეგ მუზეუმებისთვისაც მოიცლიდნენ.
მთელი დღე ხან ველოსიპედებით, ხან ფეხით დადიოდნენ, სამი მუზეუმის ნახვა და ქუჩების, შენობების დათვალიერება მოასწრეს. ძალიან მოიხიბლნენ განსხვავებული არქიტექტურით, ხალხით და სანახაობებით. დღის ბოლოს, ყველა ერთნაირად დაღლილი ცოტა ხნით ბარში დასხდნენ და რამდენიმე ყლუპი ალკოჰოლითაც განიტვირთნენ. მეორე დღისთვის იაპონიისგან ამერიკისთვის ნაჩუქარი ათასობით ალუბლის ხის, კაპიტოლის, თეთრი სახლის, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტების მემორიალების და მონუმენტების მონახულება დაგეგმეს.
იმ ღამით, არც ელენს დაეძინა და არც ადამს. ორივეს რაღაც აწუხებდა და ვერცერთი ხვდებოდა რა. თითქოს ხვდებოდნენ კიდეც, რომ ერთმანეთის მიმართ მეგობრობაზე მეტი რამ აკავშირებდათ, მაგრამ არც ერთს უნდოდა საკუთარ თავს ამაში გამოსტყდომოდნენ. ორივეს ეგონა, რომ ამისთვის მზად არ იყვნენ ან უბრალოდ ეს აკვიატებული ფიქრი ერთმანეთის მიმართ რაღაც სხვა იყო ან დროებითი, მაგრამ აშკარა იყო, რომ სიყვარული ორივეს ნელ-ნელა ვირუსივით ეკიდებოდა და ადრე თუ მალე ორივეს დაავადებდა და უკან გამოსასვლელ გზასაც გადაუკეტავდა. ჯერ-ჯერობით არცერთი იმჩნევდა, მაგრამ როდემდე გაუძლებდნენ ამ ყველაფერს?..

***
მეორე დილით 9 საათზე სასტუმროს ფოიეში მეგობრები ადამს ელოდებოდნენ, მაგრამ არსად ჩანდა. რამდენჯერმე მობილურზე და ოთახის ტელეფონზეც სცადეს დაკავშირება, ნომერშიც მიაკითხეს, მაგრამ ვერაფერი შეიტყვეს. ელენს სხვანაირი მღელვარება დაეტყო და აფორიაქებული ეკითხებოდა ადმინისტრატორს რამე ხომ არ იცოდა ადამის შესახებ, მაგრამ მაინც ვერაფერი გაარკვია.
50 წუთის დაგვიანების შემდეგ, ელენის მობილურზე მესიჯი შევიდა : „მაპატიეთ, ჩამეძინა და გვიან გავიღვიძე. შხაპს ვიღებდი და ტელეფონს იმიტომ ვერ ვუპასუხე, ვიცმევ და ნომრიდან გამოვდივარ“. ელენმა შვებით ამოისუნთქა და სახეზე ღიმილი მოადგა, დაწყნარდა, რომ საგანგაშო არაფერი იყო და მეგობრებიც დაამშვიდა. სულ მალე ადამიც გამოჩნდა.
-მაპატიეთ, დამავიწყდა, რომ მაღვიძარა დამეყენებინა, ბოდიში რომ გალოდინეთ.
-ადამ, რამდენი გვანერვიულე...
- ელენ, მართლა არ მინდოდა, ასე მოხდა.
- კარგი, არაუშავს, მთავარია, რომ კარგად ხარ.
-მოდი ჯერ სადმე ვისაუზმოთ და შემდეგ დავიძრათ იმ მიმართულებით როგორც გუშინ დავგეგმეთ, რას იტყვით ადამ, ელენ. დანიელს და მე ყავაც კი არ დაგვილევია, სასტუმროს ნომერში რაც აქვთ, არ მოგვეწონა.
-კარგი აზრია არა ელენ, რას იტყვი?
-წავიდეთ.
მეორე დღე პირველზე გრძელი აღმოჩნდა: თეთრი სახლი, კაპიტოლი, ყოფილი პრეზიდენტების მემორიალები, ვაშინგტონის ულამაზესი ქუჩები, სუვენირების მაღაზიები, პარკები, გაზაფხულის ყვავილები, აყვავებული ალუბლის ხეები... ამ ყველაფერს მეგობრების არაჩვეულებრივი განწყობაც ერთვოდა და ხალისიანი მუხტი იკვრებოდა. ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ ადამი და ელენი კიდევ უფრო განსაკუთრებით. ერთად ყოფნა საოცარ კომფორტს უქმნიდათ და ამას ორივე გრძნობდა. დღის ბოლოს, დაღლილები ავტობუსამდე ძლივს მივიდნენ. გზაში მგზავრებიდან ზოგს ჩაეძინა, ზოგს წიგნი ეჭირა და მკრთალი შუქის ფონზე კითხულობდა, ზოგი მობილურს მიშტერებოდა და თავს ირთობდა, ზოგს ლეპტოპზე ყურსასმენები ჰქონდა მიმაგრებული და ფილმს უყურებდა, ზოგსაც ფიქრები არ ასვენებდა... ადამი და ელენი ერთმანეთის გვერდით ისხდნენ, ხანდახან შეხედავდნენ ერთმანეთს, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდათ, მზერით ელაპარაკებოდნენ და უხსნიდნენ სიყვარულს, ერთმანეთის არსებობა და გვერდით ჯდომა ათბობდათ, ავტობუსის სიჩუმე და საღამოს ბინდი გონებას კიდევ უფრო მეტად ურევდათ, მაგრამ ვერცერთი ბედავდა საუბრის დაწყებას. ბოლოს, ისევ ადამმა მოიკრიბა ძალა და სიმშვიდე დაარღვია.
-ელენ...
-დიახ...
-მოგეწონა ვაშინგტონი?
-ძალიან, ეს დღეები არასოდეს დამავიწყდება ადამ.
-არც მე.
- კარგი იდეა იყო აქ წამოსვლა. დღეს ცოტა კი გვანერვიულე, მაგრამ...
- განერვიულეთ?
-მე კი მეგონა, ცოტა გამიბრაზდით დაგვიანებისთვის.
-არა, მე ვღელავდი, ვიფიქრე რაღაც მოხდა.
-რა უნდა მომხდარიყო?
-რა ვიცი, ვინ იცის, ყველაფერი ხდება.
-მართლა ინერვიულე?
-რა იყო, მეგობრებზე არ ნერვიულობენ?
-როგორ არა, მაგრამ დანიელი და ქელი უბრალოდ მოთმინებას კარგავდნენ და ცოტას ღელავდნენ, შენგან ნერვიულობას კი არ ველოდებოდი.
-ალბათ ყველა სხვანაირად გამოვხატავთ.
ადამმა დაბალი ხმით ჰკითხა ხმა რატომ უკანკალებდა, შემდეგ სახესთან მიუახლოვდა და ყურში უჩურჩულა: -მგონი, ახლაც ღელავ.
-არა! ალბათ მცივა და იმიტომ. მღელვარება არაფერ შუაშია.
-აბა ხელები მაჩვენე.
როდესაც ხელი მოჰკიდა, ელენს ხელები მართლაც ცივი ჰქონდა. ადამმა მაჯაზე თითები დაადო და იგრძნო პულსი როგორ ხშირად უცემდა. როდესაც დარწმუნდა, რომ მისი ეჭვი მართლდებოდა, გოგონას ხელი თავის გულისკენ ნელ-ნელა წაიღო და ხელი დაადებინა.
-მეც სწორედ შენსავით მიცემს გული. იქნებ ეს არის მიზეზი რატომაც ვღელავთ და ვფიქრობთ ერთმანეთზე?
-ადამ, შეიძლება რაღაც არასწორად გესმის.
-მე იმას ვხედავ და ვამჩნევ, რასაც ახლა უსიტყვოდ განვიცდით ერთმანეთის მიმართ.
-ადამ, გთხოვ, შეწყვიტე, არ მინდა ამ თემის გაგრძელება.
-რატომ?
-...
-პასუხიც არ გაქვს! მე კი მგონია, რომ უბრალოდ გამირბიხარ.
-ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.
-ადრე მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები რომ მეგობრებზე მეტი ვართ ერთმანეთისთვის.
-...
-ელენ, ერთი მიზეზიც რომ დამისახელო და დამაჯერო, რომ მე შენ არ გჭირდები, მაშინ გპირდები, რომ არასოდეს შედგება ჩვენს შორის ასეთი დიალოგი.
-მჭირდები, მაგრამ როგორც მეგობარი.
-ელენ, მაოცებ! გთხოვ, ბავშვივით ნუ ჯიუტობ! ორივემ კარგად ვიცით, რომ მეგობრებს ერთმანეთთან სიახლოვის დროს გული ასე ხშირად არ უცემთ, არც სიტყვები ერევათ და არც გონება ებინდებათ.
შემდეგ სახეზე ჩამოყრილი სწორი ქერა თმა ყურზე გადაუწია და ჩურჩულით უთხრა: - შემიყვარდი
დიდხანს ელოდა პასუხს ელენისგან, მაგრამ ელენი არაფერს ამბობდა. ადამი მიხვდა, რომ ელენს უჭირდა გრძნობებში გამოსტყდომოდა ან სხვა მიზეზი ჰქონდა სიჩუმისთვის, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა. აღარ უნდოდა შეეწუხებინა და იფიქრა, დრო სჭირდებოდა, რომ ყველაფერი გაეაზრებინა, მაგრამ ერთი კი ნამდვილად იცოდა, ამ თემას აუცილებლად მიუბრუნდებოდა და მაინც ათქმევინებდა ელენეს საბოლოო პასუხს.
იმ დღეს, ცოტა გვიან ჩავიდა ავტობუსი ნიუ ბრანსვიკში. ადამი და ელენი მაქნამარებს დაემშვიდობნენ და შემდეგ ელენის სახლისკენ წავიდნენ. გზაში ისევ ადამმა დაარღვია სიჩუმე და ჰკითხა:
-დიდ ხანს აპირებ ასე ჩუმად ყოფნას?
-ადამ, შეგიძლია დრო მომცე? ამ თემასთან დაკავშირებით ფიქრი მჭირდება.
-რაზე უნდა იფიქრო, შენც გიყვარვარ თუ არა?
-ყველაფერზე ერთად.
-ელენ, სხვაზე რაზე უნდა იფიქრო? ეს მხოლოდ ჩვენ ორს, ჩვენს გრძნობებს ეხება.
-არ არის ასე ადამ.
-ელენ შენი მართლა არ მესმის. კი ან არა შეგიძლია რომ უთხრა შენს გრძნობას?
-დრო მომეცი.
-ელენ, დროს მთხოვ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენც დარწმუნებული ხარ, რომ მეგობრობაზე მეტი გვაკავშირებს. რას ველოდებით? დროს რატომ ვკარგავთ, შეგიძლია ამიხსნა?
-ადამ, შეგიძლია სხვა დროს ვილაპარაკოთ ამ თემაზე?
-რატომ?
-მირჩევნია ყველაფერი ავწონ-დავწონო. ერთხელ უკვე შევცდი და არ მინდა იგივე მეორეჯერაც გავიმეორო!
-მაშინ ერთი პირობით...
-გისმენ...
-გეტყობა რომ თავს იკავებ, თუმცა ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, რომ გულგრილი არ ხარ ჩემს მიმართ და რაც არ უნდა მოხდეს, უარი არ თქვა ამ გრძნობაზე. გახსოვდეს, შენი თავი შენი პრიორიტეტია!
-კარგი, ღამე მშვიდობისა.

რა ძნელია, როცა...
რა ძნელია, როცა ვერავის ეუბნები რა გაწუხებს... რა ძნელია, როცა გრძნობ სხვას როგორ სჭირდები ან შენ როგორ გჭირდება და თავს იკავებ ან ხელს ჰკრავ რაღაცის ან ვიღაცის გამო. რა ძნელია, როცა საკუთარ გულის თქმას არ უსმენ და იმას აკეთებ, რაც ვიღაცას მიაჩნია სწორად და ამით საკუთარ მეს ეწინააღმდეგები. რა ძნელია, როცა არ იცი როგორ მოიქცე, არ იცი რა გადაწყვეტილება მიიღო, არ იცი შვილი როგორ მიიღებს, დედა როგორ მიიღებს, შენი ცხოვრება როგორ მიიღებს ახალ პიროვნებას, რა ძნელია როცა არ იცი მასთან რა გელოდება ან ცხოვრებას როგორ ააწყობ უცხო ქვეყანაში... აქამდე მხოლოდ შენი თავის, კესოს და დედის წინაშე გრძნობდი პასუხისმგებლობას, ახლა სხვა ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობა დაემატება... ახლანდელი სამსახურის დატოვება, საკუთარი თავის ზრდა-განვითარება, უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, ახალი სამსახური, ახალი ურთიერთობები... მერე შვილი?.. დედაჩემი?.. მზად ვარ ამისთვის? ასე თუ ისე დაწყობილი გეგმები ისევ ხელმეორედ დასაწყობი და საფიქრალია, მაგრამ ერთი ცვლილებით -უკვე მარტო ვეღარ დავგეგმავ, ადამიც უნდა ჩავრთო, მასაც უნდა შევუთანხმო! ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ ჩვენს ურთიერთობას კეთილი დასასრული არ უწერია, მაშინ კიდევ ერთ დარტყმას მივიღებ ცხოვრებაში და ისევ ტკივილით მომიწევს ცხოვრება. ამას კი ვეღარ გავუძლებ. არ მინდა ცუდზე ვიფიქრო, მაგრამ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს! არ ვიცი, მეშინია და ვერ ვრისკავ!

რთული არჩევანი
სამი კვირის განმავლობაში არც ელენე და არც ადამი შეხმიანებიან ერთმანეთს. ელენს ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა რა პასუხს ეტყოდა, თუმცა დღე არ გავიდოდა მასზე არ ეფიქრა.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ისევ ადამმა დაურეკა და სთხოვა, რომ შეხვედროდა, რადგან სერიოზული საქმე ჰქონდა.
ელენე ჯერ დაიბნა, რადგან ადამის ხმაში გაბრაზება შენიშნა, ვერ მიხვდა მისი გაბრაზებული ტონი რას მოასწავებდა, ამიტომ შეეშინდა სამუდამოდ არ დაეკარგა და შეხვედრაზე დათანხმდა.
-გამარჯობა, როგორ ხარ ადამ?
-რა ვიცი, კიდევ გახსოვარ?
-დამცინი?
-არ დაგცინი, მაინტერესებს გახსოვარ?
-კი, მახსოვხარ?
-მერე, საიდან გავიგო? რასაც აკეთებ, ჩანს სადმე, რომ ფიქრობ ჩემზე?
-...
-სადმე წავიდეთ და წესიერად დავილაპარაკოთ.
-კარგი.
-ადამ, უკვე 2 საათია სადღაც მივდივართ, მეტყვი სად მიგყავარ?
-მოითმინე და გაიგებ!
-მაშინებ!
-რატომ?
-იმიტომ, რომ გეტყობა, ჩემზე გაბრაზებული ხარ, მანქანას სწრაფად მართავ, გზა არ მთავრდება, როგორ გავიგო?
-ძალიან მალე მივალთ, თითქმის მოვედით.
ცოტა ხნის შემდეგ არნახულად ლამაზ ადგილას აღმოჩნდნენ. პატარა კუნძულები, ირგვლივ წყალი, პატარა ნავები, ირგვლივ გესთ ჰაუზები, კაფეები, იდეალური დასასვენებელი და განსატვირთი ადგილი ყველასთვის.
-თიმბლის კუნძულები, ბრენფორდი, კონექტიკუტის შტატი... ასე ჰქვია ამ ადგილს, აბა რას იტყვი, მოგწონს?
-სასწაული სილამაზეა, აღფრთოვანებას ვერ ვმალავ!
-გინდა ნავით გავისეირნოთ?
-გავისეირნოთ, კარგი.
-მიხარია რომ მოგწონს.
-ადამ, მოწონება არ ჰქვია ამას, მართლაც სასწაული სილამაზეა. გეტყობა, ბუნება ძალიან გიყვარს.
-ეს ერთადერთი საშუალებაა ჩემი განტვირთვისთვის. ამიტომ ბუნებას ხშირად ვსტუმრობ.
-აქ რატომ წამომიყვანე, თვლი რომ განტვირთვა მეც მჭირდება?
-დიახ, განტვირთვაც და აზრების მოკრეფაც. სტრესულ გარემოში კი ეს შეუძლებელია.
-შეიძლება მართალიც ხარ!
-სახეზე გატყობ რომ ბედნიერი ხარ.
-აქაურობა მართლაც ძალიან მომწონს...
-ელენ, მიხარია რომ მოგწონს, მაგრამ დასვენების გარდა ჩვენ სალაპარაკოც გვაქვს. მოდი ნაპირთან დავსხდეთ და ვისაუბროთ. მე ვთვლი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მზად ხარ?
-კარგი ვისაუბროთ.
ცოტა ხნის შემდეგ წყლის ნაპირთან ისხდნენ, ისევ ბუნების ლამაზი ხედებით აგრძელებდნენ ტკბობას და თან საუბრობდნენ:
-ელენ, რა გადაწყვიტე?
-ადამ, მეშინია.
-შეგიძლია ამიხსნა რის გეშინია?
-არ მინდა ისევ იმედგაცრუებული და გულნატკენი დავრჩე, ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა და...
-ელენ, მაპატიე რომ გაწყვეტინებ, მაგრამ ყველა შემთხვევა ერთმანეთის მსგავსი არ არის. მესმის, გული გატკინეს, მაგრამ ძალიან გთხოვ, მე ნუ შემადარებ იმ სხვას. მე სხვა რაღაცებზე ვიღებ პასუხისმგებლობას.
-რა პასუხისმგებლობას?
-მე ჩემს გრძნობებზე და ჩემს სიმართლეზე ვარ პასუხისმგებელი და რასაც ვამბობ, გაუაზრებლად არ ვამბობ. მზად ვარ შენთან ერთად ნებისმიერი სიგიჟე ჩავიდინო, ნებისმიერ თავგადასავალზე ვთქვა თანხმობა, შენი და ჩემი ისტორია დავწერო, გაგაბედნიერო და მეც შენთან ერთად შენი სიხარულით ვიბედნიერო.
-ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ...
-მაგრამ რა ელენ? მაგრამ რა?... მითხარი, შენს გრძნობებში დარწმუნებული ხარ?
-მგონი კი...
-უჰჰჰჰ... მაგიჟებ, გეფიცები მაგიჟებ. მოდი კითხვას ასე დაგისვამ: -ჩემთან თავს კარგად გრძნობ?
-დიახ...
-გენატრები როცა ვერ მხედავ?
-დიახ...
-ხომ განიცდი, როცა რაღაც მიჭირს?
-დიახ...
-როცა გიახლოვდები, შენთან ახლოს ვარ, აი როგორც ახლა, ხელს გკიდებ... ასეთი ბედნიერი სახით და თვალებით გიყურებ, გრძნობ, როგორ მახარებს შენთან ყოფნა, გულს მიჩქარებს და სუნთქვას მიკრავს, ეს ყველაფერი გაწუხებს თუ პირიქით?
-პირიქით...
-მერე? ელენ, რამდენი ღამეა რაც არ მძინავს და ამ სიტუაციაზე ვფიქრობ იცი? იცი რა ძნელია, როცა რაღაცას ელოდები და არ იცი როგორ დასრულდება? ასე გაგრძელება არ შეიძლება ან დადებითად უნდა გადაწყდეს ან უარყოფითად. მე მინდა გვერდით მყავდე, მაგრამ შენ თუ ჩემთან ყოფნა ყველაფრის მიუხედავად მაინც არ გინდა, მაშინ სჯობს წავიდეთ ერთმანეთის ცხოვრებიდან, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, ეს უნდა მოხდეს. მე გაუგებრობაში ვეღარ ვიცხოვრებ!
-ადამ, არ ვიცი რა გითხრა...
-ელენ, გთხოვ ჩემს გრძნობებზე ნუ თამაშობ!
-არ ვთამაშობ, უბრალოდ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება...
-მაშინ არ ყოფილხარ კარგი „Decision maker”-ი და ოფისში მენეჯერად მუშაობდი ხომ?
-დამცინი?
-არ დაგცინი, უბრალოდ ვბრაზობ რასაც აკეთებ და პირველ რიგში შენს თავს უკეთებ! ორივეს გვაზარალებს შენი დაბნეულობა ურთიერთობაში და ეს შენი ნაკლია!
-ახლა მლანძღავ!
-არ გლანძღავ, ვცდილობ აგიხსნა, რომ არასწორად იქცევი! ელენ, დავიღალე! უკანასკნელად გიწვდი სიყვარულის ხელებს, გაძლევ გულს და გპირდები ბედნიერებას ჩემთან ერთად, მაგრამ შენ თუ ახლა ხელებს არ გამომიწვდი და არ ჩამკიდებ, ჩათვალე, რომ ყველაფერი დამთავრდა, ვეღარასოდეს მნახავ და აღარ შეგაწუხებ!
ელენე ხმას არ იღებდა, არ იცოდა რა ექნა, გულის თქმას მიჰყოლოდა და ბედნიერებისთვის კარი გაეღო თუ არ გაერისკა და ისევ ჩვეული და უინტერესო, ტკივილით, სევდით და სტრესით სავსე ცხოვრებით ეცხოვრა.
ადამი დიდხანს იდგა ხელგაწვდილი და ელენს დიდი იმედით უცდიდა, რომ ხელს ჩაკიდებდა, მაგრამ ამაოდ... ელენი თვალებში ვერ უყურებდა, უბრალოდ იდგა და მზერას სადღაც შორეულ საგანზე აჩერებდა... არ იცოდა რა მოემოქმედებინა. ადამი მიხვდა, რომ ელენი არაფერს აპირებდა, ისევ დიდ გაურკვევლობაში იყო... შემდეგ სახე შეეცვალა, ღრმად ამოიოხრა, ნაწყენი ხმით ჩუმად უთხრა: -მშიშარა ყოფილხარ ელენ და წარსულის მონა! დრო მოვა, ისევ ეგ წარსული დაგღუპავს და ბოლოს მოგიღებს! -ეს თქვა და მანქანისკენ ნელი ნაბიჯებით გაბრუნდა.
ამ სიტყვებმა ელენს გული ატკინა, არ ელოდებოდა ადამისგან ამას, მაგრამ ისიც იცოდა, რომ იმსახურებდა. უცბად გამოფხიზლდა, საფრთხე იგრძნო, რომ საყვარელ ადამიანს ჰკარგავდა და ვეღარასოდეს ნახავდა, იგრძნო, რომ დიდ შეცდომას სჩადიოდა და ამას შემდეგ ვეღარ გამოასწორებდა, რადგან ადამის გადაწყვეტილება მტკიცე იყო. ცრემლები მოიწმინდა, ადამს გახედა და უკან დაედევნა, ვიდრე რამეს ეტყოდა, ხელი ჩაჰკიდა და თვალებში ჩახედა. დიდ ხანს უყურებდნენ ერთმანეთს, არაფერს ამბობდნენ, მაგრამ თვალებით თითქოს ყველაფერს უხსნიდნენ ერთმანეთს, სიყვარულს უხსნიდნენ... ერთმანეთის გულის ცემას უსმენდნენ...
-ადამ, აღარასოდეს გამიშვა ხელი...
-არა, ეს არ მოხდება!..
-აბა, მზად ხარ, რომ შენი ცხოვრება შევცვალო და ავახმაურო?
-ყველაფრისთვის მზად ვარ!
-თუნდაც ყველაფერი თავდაყირა დავაყენო?
-თუნდაც...
-მაშინ გამიძელი...
-მეტი რა გზა მაქვს...
-შეგიძლია ერთ კითხვაზე გულახდილად მიპასუხო?
-შემიძლია.
-სულ მაინტერესებდა, რატომ არ ელოდებოდი თავდაპირველად, რომ ფეისბუქით გამოგეხმაურებოდი? ერთხელ თუ გახსოვს, გკითხე კიდეც და მითხარი, მერე გეტყვიო.
-მახსოვს, არ ველოდებოდი იმიტომ, რომ აქ ამერიკაში ხალხი ერთმანეთს ასე იოლად არ ენდობიან. მე რომ ეს შენთვის მეთქვა, შეიძლებოდა შეგშინებოდა და ჩემს მიმართაც დაგეკარგა ნდობა. ეს კი არ მინდოდა.
-ახლა ყველაფერი გასაგებია.
-ახლა რა ვქნათ?
-არ ვიცი, რამე იდეა გაქვს?
-რა აზრის ხარ ახლა რომ ვივახშმოთ და ამ ღამეს გესთ ჰაუზში დავრჩეთ?
-კარგი...

გახდები ჩემი მეუღლე?
ელენი და ადამის ურთიერთობა დღითი დღე სერიოზულ გრძნობებში გადადიოდა და უფრო მეტ სიღრმეს იძენდა. ოქტომბრის თვეში, როცა ბუნება ფერებს იცვლიდა და ოქროსფერსა და წითელ სამოსში იმოსებოდა, წყვილი ბუნების სილამაზით ტკბებოდნენ, ფოტოებს იღებდნენ და მომავლის გეგმებს აწყობდნენ..
-ბედნიერი ვარ რომ შეგხვდი ელენ.
-მეც.
-არ მჯერა, რომ ყველაფერი შემთხვევით ხდება, ალბათ ის ყველა საშინელება აუცილებლად უნდა გადამხდენოდა, რომ შენ გამეცანი.
-მეც ხშირად მიფიქრია ამაზე, ალბათ ჩემი ისტორიაც არ იყო შემთხვევითი, ჩემი სიყვარულის ამბავი მეც უნდა გადამხდენოდა, რომ შემდეგ ოკეანე გადმომელახა და შენამდე მოვსულიყავი.
-როგორი კარგი შეგრძნებაა, როდესაც გვერდით გყავს ის, ვისაც ამდენი ხანი ეძებდი. შენთან ურთიერთობა საერთო სიმშვიდეს მიქმნის. როცა გშორდები, მგონია, რომ რაღაც მაკლია და ვიწყებ ნებისმიერი გზით შევივსო ეს დანაკლისი - გნახო, დაგირეკო, გესაუბრო, თუნდაც სისულელეზე, მაგრამ მინდა სულ შენთან ვიყო.
-მეც მინდა სულ შენთან ვიყო, სულ ვგრძნობ, რომ რაღაცით ავსებ ჩემს ცხოვრებას.
-არ ვიცი, კიდევ არის რაღაც რასაც ვერ ავხსნი, ამას უბრალოდ უნდა გრძნობდე, სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვერ იპოვი სიტყვებს რომ ვინმეს გააგებინო. ჩვენი ურთიერთობა აბსოლუტურად ჰარმონიულია.
-აჰაჰაჰ... ამას ქართველები ყურებამდე შეყვარებას უწოდებენ.
-აჰაჰაჰ... მართლა? საინტერესო ფრაზაა.
-ხოდა მეც და შენც ყურებამდე ვართ შეყვარებულები.
- ჩემო ელენ, ასეა.
-მინდა რაღაც გთხოვო.
-გისმენ.
-ამ ხიდს, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, სიყვარულის ხიდსაც უწოდებენ. აქ ძალიან ბევრი მამაკაცი სთხოვს თავის გულის სწორს ხელს და შესაბამისად, ბევრი წყვილი გაბედნიერებულა. მინდა არც ჩვენ ვიყოთ გამონაკლისები და ხელი სიყვარულის ხიდზე გთხოვო. ვიჩოქებ შენს წინაშე და ამ ბეჭდით ხელს გთხოვ, რომ ცოლად გამომყვე. აბა რას იტყვი?
-გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ და ძალიან ლამაზი ბუნების ადამიანი. ჩემი პასუხია „დიახ“.
-მხოლოდ ამას არ გთხოვ.
-შენი სიტყვები როგორ გავიგო?
-შენ მარტო არ ხარ ელენ, ერთი პატარა და ლამაზი გოგონას დედიკოც ხარ. ამიტომ ხელის თხოვნასთან ერთად, სხვა წინადადებაც შემომაქვს, თანახმა ხარ, რომ შენი კესოს მამაც ვიყო? თუ ნებას დამრთავ, მინდა, რომ მამობა გავუწიო, ვიზრუნო მასზე როგორც შევძლებ, ისიც გავაბედნიერო და ბევრი დაუვიწყარი წუთი ვაჩუქო.
-შეუდარებელი ხარ ადამ, რატომ მატირებ? ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ არსებობ. დიახ, გაძლევ უფლებას, რომ ჩემს შვილს მამობა გაუწიო.
-არ იტირო, მხოლოდ ჩამეხუტე. ჩვენ ეს გამოგვივიდა, ჩვენი ურთიერთობა შედგა.


საუბარი დედასთან
-დედა, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ წინასწარ გაფრთხილებ, გული არ გაიხეთქო ნერვიულობით.
-რა ხდება ელე, მშვიდობაა დედიკო?
-მშვიდობაა დედა, მინდა ერთ სერიოზულ საკითხზე გელაპარაკო.
-რა საკითხზე?
-ერთი პიროვნება გავიცანი, რომელსაც შევუყვარდი და მეც მიყვარს. უკვე რამდენიმე თვეა ვხვდებით ერთმანეთს და უკვე ხელიც მთხოვა და მშობლებიც გამაცნო.
-რამდენი ხანია რაც ხვდებით ერთმანეთს?
-დიდი ხანია.
-და ამდენი ხანი ამ ამბავს მიმალავ ელენე?
-დედა, ხომ ვიცი დაიწყებდი არ ენდო, უცხოა და ა.შ თავიდან აგარიდე სანერვიულო. გეუბნები ახლა, როცა ყველაფერი გადაწყდა და სერიოზული სახე მიეცა ყველაფერს.
-ვინ არის?
-ადამ უილსონი, მუსიკოსი. მუშაობს ერთ-ერთ ტელევიზიაში, შოუს აფორმებს. პარალელურად აქვს გასვლითი კონცერტები სხვადასხვა შტატებსა და ქვეყნებში თავის ბენდთან ერთად.
-რამდენი წლის არის?
-35.
-მშობლებმა რომ გაგიცნეს რა გითხრეს?
-რას იტყოდნენ, გაუხარდათ. აქ ასე არ არის, დედაშენი რას აკეთებს, მამაშენი რას აკეთებს, რატომ გაშორდი პირველ ქმარს და ა.შ.
-აბა არ გკითხეს ვინ ხარ ან შენი მშობლები სად არიანო?
-ადამმა წინასწარ შეამზადა შეხვედრისთვის და აუხსნა ყველაფერი. კი, დაინტერესდნენ შენით, მამით, ჩემი შვილით, მაგრამ კირკიტი და ამბების ქექვა ღრმად არ დაუწყიათ. შვილმა ეს ადამიანი აირჩია მეორე ნახევრად, მორჩა, პატივს სცემენ შვილის გადაწყვეტილებას, არ ერევიან მის საქმეში და ბედნიერებას უსურვებენ.
-და ჩვენზე რა უთხარი, მომიყევი.
-რას ვეტყოდი დედა, მამა დამეღუპათქო, დედა მხატვარია, გალერეაში მუშაობს და ბავშვის აღზრდაში მეხმარება, მე სადაც ვმუშაობდი საქართველოში ისიც ვუთხარი.
-მერე, არ გითხრეს აქ რატომ ჩამოხვედიო?
-არა, რომ გაიგეს მოხუცთან ვმუშაობდი, მითხრეს რომ ალბათ ძალიან გიჭირს ასეთ სამსახურში მუშაობაო.
-ახლა რას აპირებ?
-მე და ადამმა მოვილაპარაკეთ, ხელს რომ მოვაწერთ და საბუთები მექნება, ექთნის კურსები გავიარო და შემდეგ სამსახურს რომ დავიწყებ, კესოსაც ჩამოვიყვან.
-ესეიგი აქ აღარ აპირებ დაბრუნებას და ბავშვიც მიგყავს?
-ასე გამოვიდა... მოქალაქეობას რომ მივიღებ, შენც წამოგიყვან, მანდ არ დაგტოვებ დედა.
-ადამი, როგორც პიროვნება, როგორი ბიჭია შვილო?
-ყურადღებიანი, მზრუნველი, რომანტიკული, საინტერესო და არამონოტონური, აბა როგორ გითხრა დედა, უნდა გაიცნო პირადად და ნახავ. სხვათაშორის შენი გაცნობა უნდა, თავად გამოთქვა სურვილი და მინდოდა შემემზადებინე, რომ ეს ყველაფერი მოულოდნელი არ ყოფილიყო შენთვის.
-გასაგებია, მაგრამ მე რა უნდა გავაგებინო ან მან რა უნდა გამაგებინოს?
-მე დაგეხმარებით.
-ელენე, კარგად დაფიქრდი დედა? ყველაფერი კარგად გაანალიზე?
-შენ როგორ ფიქრობ დეე?
-გენდობი ელენე.
-დეე...
-რა იყო დეე...
-ხომ გეუბნებოდი, რომ ჩვენს ეზოშიც დადგებოდა გაზაფხული?
-მახსოვს დედიკო, მახსოვს...
-ხოდა გაიღიმე, შენი შვილი ძალიან ბედნიერია და მზად არის კიდევ ბევრი დაბრკოლების გადასალახად.
-მჯერა შვილო, მჯერა... კარგი მყავხარ და მინდა სულ ბედნიერი იყო, თავს გაუფრთხილდი ელე, აბა შენ იცი დედიკო.
-გკოცნი.
-მეც ბევრს გკოცნი და გახსოვდეს, რომ შენი ბედნიერებით ვცოცხლობ.
-ვიცი დეე, მიყვარხარ.

ელენეს ახლანდელი ცხოვრება
ელენემ და ადამმა ვალენტინობის დღეს იქორწინეს. ქორწილი ძალიან ლამაზი ჰქონდათ, ყველაფერი თეთრი და იისფერი დეკორაციებით გაწყობილი. თაფლობის თვე ფლორიდაში, კერძოდ მაიამიში გაატარეს.
სახლი ერთობლივი ძალებით და ბანკის დახმარებით ნიუ-ჯერსის პატარა ქალაქ ფლეინფილდში იყიდეს.
გეგმის მიხედვით, ელენემ საექთნო კურსი დახურა და დღეს ექთნად მუშაობს, კესო სკოლაში მიიყვანა, ხოლო მეორე შვილი კი თვეების არის და ძიძა ეხმარება მის გაზრდაში. ადამი არაჩვეულებრივი მამაა როგორც კესოსთვის, ასევე მეთიუსთვის.
ელენე მოქალაქეობის მიღებას ელოდება, რომ დედაც ჩამოიყვანოს და თავის გვერდით ჰყავდეს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian saintereso da uchveulo stilis istoriaaa, me piradad momeconaaaa

 




Qeti qimucadze
Zalian saintereso da uchveulo stilis istoriaaa, me piradad momeconaaaa

მადლობა, ქეთი :))) მიხარია, რომ მოგეწონა <3

 



№3 სტუმარი ბეღურა

ეს რეალობიდან არის დაწერილი?

 



№4 სტუმარი სტუმარი ქეთი იმერლიშვილი

ბეღურა
ეს რეალობიდან არის დაწერილი?

დიახ, წიგნი "დემოკრატიული საგიჟეთი" წარმოადგენს დოკუმენტურ პროზას და მოიცავს რეალური ადამიანების ნამდვილ ისტორიებს.

 



№5  offline მოდერი zia-maria

ძალიან რთულია უცხო მიწაზრე დამკვიდრება,უცხო ტრადიციების ათვისება და ყველაზე რთულია,რომ ტკივილი უნდა მალო და როცა ოჯახში მუშაობ უვლი მოხუცს კლოუნივით სულ უნდა იცინოდე,სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო.ელენეს ბედნიერებამ ძალიან გამახრა,რომ გულის ტკივილის შემდეგ იპოვა მისი ნამდვილი სიყვარული. kissing_heart წარმატებებ და ველოდებით თქვენს ახალ შემოქმედებას.

 



№6  offline წევრი მეDina

ძალიან კარგად გადმოეცი რა რთულია... თუმცა უფრო მეტი სიძნელეებიც გადაუტანიათ, მაგალითად მე ისედაც მეშინოდა წამოსვლა და როცა მეგონა ნორმალურ დასაქმებიმ ოფისში მოვდიოდი, მოვხვდი საშინელ დამსაქმებელთან...შანტაჟით აიძულებდა გოგონებს ბევრ რაღაცეებს... მეუბნებოდა "ნატო გაიხსენი" თურმე... რადგან მათგან შორს ვიჭერდი თავს "ქალიშვილო"ს მეძახდა. მე აქაური ნომერი რომ მეყიდა როგორ არ უნდოდა. ვიყიდე, თუმცა არც ის გარკვეული პერიოდი გახსნა საქართველოში შეძენილმა ტელეფონმა. გზება ადვილად ვიმახსოვრებ და წავედი ბლოკი მოვაზსნევინე. ამის შემდეგ დედაჩემს და მისი მეშვეობით აქ მყოფ ახლობელს დავუკავშირდი და გავაღწიე აქედან. ასე რომ არ არის რთული...

არ არის ადვილი, მინდოდა დამეწერა.

ეს დასაწყისში, მერე როგორი დამსაქმებელი და ოჯახი შეგხვდება ეს კიდე სხვა საქმეა...
--------------------
☆NaT☆

 




zia-maria
ძალიან რთულია უცხო მიწაზრე დამკვიდრება,უცხო ტრადიციების ათვისება და ყველაზე რთულია,რომ ტკივილი უნდა მალო და როცა ოჯახში მუშაობ უვლი მოხუცს კლოუნივით სულ უნდა იცინოდე,სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო.ელენეს ბედნიერებამ ძალიან გამახრა,რომ გულის ტკივილის შემდეგ იპოვა მისი ნამდვილი სიყვარული. kissing_heart წარმატებებ და ველოდებით თქვენს ახალ შემოქმედებას.

მადლობა კეთილი სურვილებისთვის. აუცილებლად გავაგრძელებ თქვენთან თანამშრომლობას :))))

მეDina
ძალიან კარგად გადმოეცი რა რთულია... თუმცა უფრო მეტი სიძნელეებიც გადაუტანიათ, მაგალითად მე ისედაც მეშინოდა წამოსვლა და როცა მეგონა ნორმალურ დასაქმებიმ ოფისში მოვდიოდი, მოვხვდი საშინელ დამსაქმებელთან...შანტაჟით აიძულებდა გოგონებს ბევრ რაღაცეებს... მეუბნებოდა "ნატო გაიხსენი" თურმე... რადგან მათგან შორს ვიჭერდი თავს "ქალიშვილო"ს მეძახდა. მე აქაური ნომერი რომ მეყიდა როგორ არ უნდოდა. ვიყიდე, თუმცა არც ის გარკვეული პერიოდი გახსნა საქართველოში შეძენილმა ტელეფონმა. გზება ადვილად ვიმახსოვრებ და წავედი ბლოკი მოვაზსნევინე. ამის შემდეგ დედაჩემს და მისი მეშვეობით აქ მყოფ ახლობელს დავუკავშირდი და გავაღწიე აქედან. ასე რომ არ არის რთული...

არ არის ადვილი, მინდოდა დამეწერა.

ეს დასაწყისში, მერე როგორი დამსაქმებელი და ოჯახი შეგხვდება ეს კიდე სხვა საქმეა...

მიხარია, რომ ემიგრანტი მკითხველებიც ჰყავს საიტს :))) მათთვის ნამდვილად ნაცნობი სიტუაციებია აღწერილი და გეთანხმებით, არ არის იოლი უცხო მიწაზე თავის დამკვიდრება.

 



№8  offline წევრი მეDina

ქეთი იმერლიშვილი
zia-maria
ძალიან რთულია უცხო მიწაზრე დამკვიდრება,უცხო ტრადიციების ათვისება და ყველაზე რთულია,რომ ტკივილი უნდა მალო და როცა ოჯახში მუშაობ უვლი მოხუცს კლოუნივით სულ უნდა იცინოდე,სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო.ელენეს ბედნიერებამ ძალიან გამახრა,რომ გულის ტკივილის შემდეგ იპოვა მისი ნამდვილი სიყვარული. kissing_heart წარმატებებ და ველოდებით თქვენს ახალ შემოქმედებას.

მადლობა კეთილი სურვილებისთვის. აუცილებლად გავაგრძელებ თქვენთან თანამშრომლობას :))))

მეDina
ძალიან კარგად გადმოეცი რა რთულია... თუმცა უფრო მეტი სიძნელეებიც გადაუტანიათ, მაგალითად მე ისედაც მეშინოდა წამოსვლა და როცა მეგონა ნორმალურ დასაქმებიმ ოფისში მოვდიოდი, მოვხვდი საშინელ დამსაქმებელთან...შანტაჟით აიძულებდა გოგონებს ბევრ რაღაცეებს... მეუბნებოდა "ნატო გაიხსენი" თურმე... რადგან მათგან შორს ვიჭერდი თავს "ქალიშვილო"ს მეძახდა. მე აქაური ნომერი რომ მეყიდა როგორ არ უნდოდა. ვიყიდე, თუმცა არც ის გარკვეული პერიოდი გახსნა საქართველოში შეძენილმა ტელეფონმა. გზება ადვილად ვიმახსოვრებ და წავედი ბლოკი მოვაზსნევინე. ამის შემდეგ დედაჩემს და მისი მეშვეობით აქ მყოფ ახლობელს დავუკავშირდი და გავაღწიე აქედან. ასე რომ არ არის რთული...

არ არის ადვილი, მინდოდა დამეწერა.

ეს დასაწყისში, მერე როგორი დამსაქმებელი და ოჯახი შეგხვდება ეს კიდე სხვა საქმეა...

მიხარია, რომ ემიგრანტი მკითხველებიც ჰყავს საიტს :))) მათთვის ნამდვილად ნაცნობი სიტუაციებია აღწერილი და გეთანხმებით, არ არის იოლი უცხო მიწაზე თავის დამკვიდრება.

ემიგრანტისგან ათმაგად დასაფასებელია ეს საიტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს კითხვის მოყვარულებს ვიკითხოთ ქართულ ენაზე :) მადლობაა.
--------------------
☆NaT☆

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent