შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი


12-06-2018, 16:07
ავტორი Marry Amm
ნანახია 369

ფერადი

თორმეტი წლის იყო მწვანეთვალება ბოშა ბიჭი რომ აეკიდა და აღარ მოეშვა. უცხო ხალხს ვერ იტანდა. არ მოსწონდა რომ უყურებდნენ, ელაპარაკებოდნენ ან ეხებოდნენ. ამიტომ ნაბიჯს აუჩქარა. თითქმის მირბოდა, ისიც გაჯიუტდა და რადგან ნიტა იმ დროისთვის ოდნავ პუტკუნა იყო მაინც დაეწია.
- აი ხურდა და შემეშვი! - ხელი გაუწოდა გოგონამ.
- გაწვიმდება იცოდე. - თავს აქნევდა ბოშა.
- იწვიმოს მერე მე რა შუაში ვარ?
- ელვა იქნება, დიდი ელვა. - განაგრძობდა აქცენტით.
- ქოლგა გინდა?
- მე არაფერი მინდა. შენც არაფერი გინდა ხესთან.
- რა ხესთან?
- არ დადგე ხესთან, გაწვიმდება, დიდი სინათლე იქნება!
- კარგად ბრძანდებოდეთ...
- ეს ცუდი სინათლე იქნება, ხესთან იქნება... დიდი ხმაც იქნება... ხესთან არაფერი გინდა. - ეძახდა უკვე შორიდან.
არ სჯეროდა, მაგრამ მაინც, აქამდე მისთვის სანატრელი, გასაოცარი ჭექა-ქუხილის ყურება, იმ დღიდან მაინც ტანჯვად ექცა. თუმცა როგორც ყველაფერი ძველი, დროსთან ერთად ბოშაც მიივიწყა.
ჩვიდმეტის რომ შესრულდა მაისი იყო, ექსკურსიაზე ქუთაისში წავიდა, ისე მოიქუფრა ცა ერთიანად ჩამობნელდა. ავტობუსამდე შორი იყო, ამიტომ მასწავლებელმა სასწრაფოდ შეკრიბა ყველა და სირბილით წასვლა უბრძანა. რამოდენიმე ნაბიჯიც არ ჰქონდათ გავლილი რომ გაწვიმდა. ცამ პირი გახსნა და აღარ გაჩერდა. ბავშვებმა ხეებს მიაშურეს, ნიტამაც ტელეფონი რომ არ დასველებოდა სასწრაფოდ ჩაიდო ჯიბეში და უახლოესი ხისკენ წავიდა. უეცრად ელვას მოჰკრა თვალი, მერე პატარა ქუხილიც მოესმა და ნაბიჯს შეუნელა.
- ჩქარა ნიტა რას უდგახარ! - გადაასწრო ბექამ.
- მოიცადე! - ბოშას გაქნეული თავი გაახსენდა გოგონას. - მოიცადე ბექა არ მიხვიდე მანდ!
- ხო არ გაგიჟებულხარ მოდი გოგო ჩქარა! - გარბოდა ბიჭი.
- ბექა არ მიხვიდე-თქო არ გესმის? შეიძლება... - ბიჭმა ხეს მიაღწია და აქოშინებულმა გამოხედა.
- ფილტვების ანთება გინდა? მოდი თორემ ძალით მოგიყვან!
- მომისმინე... - ნიტა მიხვდა რომ ვერაფრით გადაარწმუნებდა, ამიტომ სხვა ხერხს მიმართა. - მე მანდ არ მოვალ და აბა როგორ მიმათრევ ვნახავ!
- ნუ ჯიუტობ თორემ იცოდე მეხი... - დამაბრმავებელმა სინათლემ დამაყრუებელ ხმასთან ერთად იფეთქა. ნიტამ ძლიერი სიცხე და ტკივილი იგრძნო, თვალები ინსტიქტურად დაეხუჭა და დაეცა. ბავშვებმა კივილი მორთეს. ერთ ადგილას აიტუზნენ და ბექას მიაშტერდნენ რომელიც შუაზე გადახლეჩილ, ცეცხლმოკიდებულ ხესთან უგონოდ ეგდო. მოშორებით ნიტა წამომჯდარიყო და თვალებს ისრესდა. ვერავინ მოახერხა განძრევა. ყველა შოკში იყო, არ იცოდნენ რა ექნათ.
მოგვიანებით ნიტას სასწრაფო მანქანის სირენა ჩაესმა. მხედველობაც თანდათან აღუდგა. შიშჩამდგარი ბაშვები შეშფოთებით ჩურჩულებდნენ რაღაცას. ექიმებს უკვე საკაცეზე დაეწვინათ ბიჭი. არა ეს მისი ბექა არ იყო, ეს იყო დალურჯებული, დამწვარი ადამიანი რომელსაც სისხლძარღვები კანსზემოთ უჩანდა. თმა საშინლად გაბურძგვნოდა, სისხლჩაქცევები ჰქონდა, არც ფეხზე ეცვა. ნიტამ ახლახანს გააანალიზა რომ ავტობუსთან იდგნენ, ეს თეთრხალათიანი კი დაჟინებით ეკითხებოდა რაღაცას.
- მხედავ? ნიტა, მხედავ?
- დიახ...
- ანუ გესმის კიდეც?
- დიახ...
- რას გრძნობ, რამე გტკივა? - ნიტამ ხელებზე დაიხედა.
- მეწვის... ეს... ეს რეებია? - გოგონას ხელებზე და მკერდზე სისხლძარღვების კვალდაკვალ წითელი ტატუირების მსგავსი დაკლაკნილი ვენები გამოსახულიყო.
- დამწვრობაა, არ იღელვო, თავი ხომ არ გტკივა?
- არა... უბრალოდ ესენი მეწვის.
- დამშვიდდი.
ექიმი კიდევ ეკითხებოდა რაღაცეებს მაგრამ გოგონას მისი აღარ ესმოდა. მის ტვინში ციბრუტივით ბოშას სახე ტრიალებდა.
- არ დადგე ხესთან, გაწვიმდება, დიდი სინათლე იქნება. - ბუტბუტებდა მის სიტყვებს. ბოშამ იცოდა ეს დღე, სწორად ამაზე აფრთხილებდა. მისი მწვანე, მოჭუტული თვალები გაახსენდა. როგორ დაინახა? საიდან იცოდა? მართლა აუხდა, არ ეჯერა, მაგრამ მაინც აუხდა. მან გადაარჩინა, ბოშა რომ არა, ხომ მივიდოდა იმ ხესთან? მივიდოდა და ახლა ალბათ ბექას გვერდზე იწვებოდა. ბექას გვერდზე? მოულოდნელად ტვინს თითქოს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. სად იყო ბექა? როგორ იყო? საავადმყოფოში მისული სულ მას კითხულობდა, მაგრამ ერთადერთ პასუხს იღებდა.
- მდგომარეობა კრიტიკულია, კომაშია, უმძიმესი ხარისხის დამწრობები აქვს და არავინ იცის გონს მოვა თუ არა.
ნიტას ნელნელა ცრემლების ფუნქციაც აღუდგა, თავისით იწყეს სვლა და ბოშას სახე ბექამ შეცვალა.
გაუმართლა, ბიჭი რამდენიმე დღე იყო კომაში, შემდეგ აზრზე მოვიდა, სისხლჩაქცევები გაუქრა, მხოლოდ ნიტას მსგავსად მასაც სამუდამო ნიშანი დაედო სხეულზე, გამოხატული ვენების სახით, თუმცა უფრო მკვეთრად.
ბექამ ნიტას ნახვა არ მოინდომა და გოგონა ერთიანად დაზაფრა ამ ფაქტმა. არც სკოლაში მოსვლის შემდეგ ელაპარაკებოდა, მხოლოდ გამარჯობას თუ გაიმეტებდა. მას სხვა მოსწავლეებმაც მიბაძეს. აღარავინ ეკონტაქტებოდა, თითქოს ყველა თვლიდა რომ ეს ნიტას ბრალი იყო, ბავშვებმა მოისმინეს როგორ ეუბნებოდა ბექას მანდ არ მიხვიდეო, თითქოს კუდიანად ჩათვალეს, ზურგსუკან თანამედროვე ვანგად მოიხსენიებდენ და ადანაშაულებდნენ, რომ ბექას გადარჩენას საკმარისად არ ეცადა.
- შეყვარებული არ გადაარჩინა და უცხოს რას უზავს. - კლასში შესვლისას მოესმა თანაკლასელის სიტყვები და სახე ერთიანად წაეშალა. აეხსნა? რა უნდა აეხსნა? რა უნდა ეთქვა? ან ვისთვის უნდა აეხსნა, ვინ იმსახურებდა ამას? ბექა? კლასელები? მათ ხომ ერთი კითხვაც არ დაუსვამთ, ერთხელ არ უკითხავთ როგორ ჰქონდა თავად მას დამწვრობა? ხომ არ სტკიოდა ან აწუხებდა რამე, უბრალოდ გარიყეს და მორჩა.
ძალიანაც კარგი, ასეთი ადამიანები არ იმსახურებდნენ არაფრის ახსნას, არც ნიტას მეგობრობას და მოკითხვას, არც მის თანადგომას. სულელები, - ფიქრობდა ის. - დავამთავრებ სკოლას და არცერთს აღარ ვნახავ.
- საიდან იცოდი? - ჰკითხა ვახშმისას ეკამ.
- რა ვიცოდი?
- იმ ხეს მეხი რომ დაეცემოდა.
- ვინ გითხრა რომ ვიცოდი?
- ყველა ამაზე ლაპარაკობს ნიტა. - დაეჭვებით შეხედა მამამ.
- ბოშამ მითხრა. - არც უცდია სიმართლის დამალვა. ნიტა ასეთი იყო, ყოველთვის ამბობდა რასაც ფიქრობდა.
- რა გინდოდა გოგო ბოშებთან?
- არაფერიც არ მინდოდა ეკა, რუსთაველზე მივდიოდი და ამეკიდა, ეს დიდი ხნის წინ იყო, ალბათ იქიდან ხუთი წელი მაინც გავიდა. ფული მივეცი რომ მომეშორებინა და მაშინ გამაფრთხილა ჭექა-ქუხილის დროს ხესთან არ დადგეო, არ დამიჯერებია, მაგრამ გულში ჩამრჩა. - პეჩენიები გადმოიღო თეფშზე და მათგან კოშკის აშენებას შეუდგა.
- მერე?
- მერე ბექა რომ დავინახე ხესთან, რომელთანაც მე ვაპირებდი მისვლას გავაფრთხილე, მაგრამ არ მომისმინა.
- უთხარი მეხი ჩამოვარდებაო?
- კარგი რა მამა, ეგ რომ მეთქვა დამიჯერებდა? გიჟად ჩამთვლიდა! ვეცადე გამომეტყუებინა იქიდან, მაგრამ მეხმა დამასწრო...
- სისულელეა, - თავი გააქნია ეკამ. - გინდა თქვა რომ ბოშამ ხუთი წლის წინ დაინახა რომ მეხი დაგარტყავდათ?
- მას ბექაზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის მითხრა ხესთან არ მიხვიდეო და მორჩა.
- არ მჯერა ასეთი რაღაცეების.
- ხედავ მამა? ეკას ფაქტი არ სჯერა და ბექა როგორ დამიჯერებდა რომ მეთქვა გამოდი მაქედან თორემ მეხი დაგეცემა თქო?
- არ ვიცი, არ ვიცი. ძალიან უცნაურია. არ ლაპარაკობენ შენზე კარგს ნიტა.
- სულ ერთია, რაც უნდათ ის თქვან, მე მაინც არ მჭირდება მასეთი უტვინოები, მარტო უკეთ ვარ.
- ისედაც არ გყავდა მეგობრები...
- აქამდე არ ვიცოდი რატომ არ მყავდა, ახლა ვიცი, უჭკუოები არიან... - კოშკს სახურავი დაადგა და კმაყოფილმა გაიღიმა.
- არ მჯერა და მომკალი. - გაიმეორა ეკამ. ნიტამ მხოლოდ ირონიულად ახედა.
- ნუ გჯერა...
ამ ამბის შემდეგ ერთი ჩვევა დასჩემდა, მუდმივად რაღაცას აშენებდა, ხილის ქერქებით, ვაფლებით, პატარა ერთნაირი ნივთებით, მუდმივად ჰქონდა სურვილი ფანქარი სჭეროდა და რამე დაეხაზა, ბოლოს უკვე მის ყველა წიკს ეს ერთიც, მშენებლობაც მიემატა, აქამდე ნასწავლ ისტორიას ზურგი მთლიანად აქცია და ფიზიკას ჩაუჯდა, მაინც არავინ ეკონტაქტებოდა, ხოდა ისიც მთელი თავისუფალი დრო ხაზავდა და ხაზავდა, ვაფლები და პეჩენიები დომინოს ქვებით ჩაანაცვლა, ასანთის ღერებიც დააგროვა და გადაწყვიტა თავისი საყვარელი ადგილის, ბორა-ბორას მაკეტი შეექმნა.
ბოლო ზარზეც კი არ წავიდა, დაასრულა თავისი პირველი ნამუშევარი და კმაყოფილმა მოიკითხა მამა, იცოდა ეკას მაინც ვერაფრით გაახარებდა სულ რომ ბაბილონი აეშენებინა. მაგრამ მამა არ იყო, ეკა ნერვიულად ეწეოდა ერთ ღერზე მეორეს.
- წავიდა გესმის? ყველაფერი ჩააბარგა და წავიდა! ეს რა კაცია, ეს რა ადამიანია, მთელი ცხოვრება ამ ჭირიან ბინაში ამომხადა სული, თავისი არანორმალური შვილი მაზრდევინა, მალაგებინა, მარეცხინა, სახლში გამომკეტა, ახლა კი, ადგა და წავიდა, გესმის შენ?
- სად წავიდა?
- ვიცი?
- ეგ როგორ?
- როგორც ხედავ, მობეზრდა ბიჭს თურმე მღებავობა, მანქანა ისე გაუყიდია არც მითხრა, რა ჰგონია, რას გააკეთებს ერთი იმ ევროპაში, თუ ფიქრობს პირდაპირ კრემლში უკრავენ თავს?
- ეგ რუსეთშია... - ეკას უსწორმასწოროდ დაჭრილი ვაშლი თეფშზე სიმეტრიულად განალაგა ნიტამ.
- ჯანდაბაშიც ყოფილა და სიკ*დილშიც წასულა!
- ეკა...
- რა გინდა?
- რატომ ვარ არანორმალური?
- რა?
- შენ თქვი, რომ მამამ თავისი არანორმალური შვილი გაზრდევინა, ასე რატომ თქვი?
- შენ ვერ ხვდები არა? იცი, ბავშვობაში თავიდან აუტისტი რომ გვეგონე?
- რატომ?
- ჩაკეტილი იყავი, არავინ მოგწონდა, ვინმე თუ აგიყვანდა ტიროდი, ისე რომ ბჟირდებოდი, არ ვაჭარბებ, მერე ფეხებით გკიდებდი და გირტყავდი რომ ამოგესუნთქა. რომ გიყურებდა ვინმე ამომეფარებოდი ხოლმე და მეკითხებოდი რატომ მიყურებსო, ნუ მიყურებსო, არ მინდა მიყურებდეს, უთხარი წავიდესო. - გაიღიმა ქალმა და კიდევ ერთი ღერი ჩაწვა. - გიჟი იყავი, არსად მიშვებდი, იძახდი თუ სადმე წახვალ თავს მოვიკლავო, არასდროს გეძინა, საშინელი ნერვოზი დამმართე, წლები ვმკურნალობდი, სერიოზულად ვამბობ. მამიდაშენი ამბობს რომ ეშმაკი გყავდა ჩასახლებული.
- რა? - გაიცინა გოგონამ.
- მე განსაკუთრებით მიბრიყვებდი, მამაშენს ხელშიც კი არ სჭერიხარ არასდოს, უბრალოდ არავისთან მიდიოდი. თავიდან მეგონა ასე იმიტომ მექცეოდი რომ შენი ნამდვილი დედა არ ვიყავი... მაგრამ მერე... - ეკა შეყოყმანდა, ფანჯარაში გაიხედა. - ერთ ღამეს გამაღვიძე, წყალი გინდოდა, ავდექი და დიდი ჭიქით მოგიტანე რომ დანარჩენი იქვე დამედგა, მაგრამ შენ ერთიანად დაცალე, გამიკვირდა, ძალიან გამიკვირდა... ცოტა ხანში კიდევ გამაღვიძე, ისევ გწყუროდა და ისევ ის დიდი ჭიქა ბოლომდე დალიე. ცოტა ხანი იჯექი, უცნაურად მიყურებდი, შემდეგ კი რაც დალიე ერთიანად უკან ამოიღე... ძალიან შემეშინდა იმ დღეს, მაგრამ შემდეგ უარესად იქცეოდი, რასაც ჭამდი და სვავდი, არაფერს ირგებდი, თუ გული არ გერეოდა პირში თითებს ძალით იყოფდი...
- რას ამბობ ეკა, რატომ არ ვიცოდი ეგ ამბები მე?
- მამაშენს არ უნდოდა გცოდნოდა... მერე, ის დღე არასდროს დამავიწყდება, არასდროს. - თავი გააქნია ქალმა. - გაზზე კარტოფილს ვწვავდი, შენც იქვე იდექი, თავი რომ ავხადე რამდენიმე შხეფი გამოისროლა, ვიფიქრე ნიტას ხომ არ დაეცა თქო და სახე დაგითვალიერე, ხელები, მერე მკერდზე სამკუთხედად გაწითლებული ადგილი შეგამჩნიე და სასწრაფოდ გაგხადე მაიკა. ის დღე, ის ნახატი ჩემი შოკი იყო, მკერდზე ეკლესიის გუმბათი გეხატა, ზემოთ პატარა ჯვრით... ისე მკვეთრად, თითქოს ფლომასტრით მიგახატესო. უბრალო კი არა, წითელი, ხასხასა ფლომასტრით.... ისე გავგიჟდი მაშინვე მამიდაშენს დავურეკე. ხომ იცი როგორი ეკლესიურია, რა ლოცვა აღარ წაგიკითხა, მერე ისიც იფიქრა ვინმე ბავშვმა ხომ არ დაახატაო და სახეხით გაგიხეხა ეგ ადგილი... არაფრით მოგშორდა... გადავწყვიტეთ სასწრაფოდ მოგვენათლე მარიამობას. ჯერ კიდევ 14 რიცხვი იყო, ორი კვირა გქონდა გამოსახული მკერდზე ეკლესიის გუმბათი, ვიფიქრე რომ მამაოს ნათლობის დღეს ვაჩვენებდი, რადგან მითხრეს ასეთი შემთხვევა ხშირიაო...
- მერე?
- ზუსტად ოცდარვაში, დილით, არანაირი კვალი აღარ გეტყობოდა ნიტა. თუმცა იმდღეს მართლა დავრწმუნდით რომ ეშმაკი გყავდა.
- კარგი რა, რას ამბობ? - ისევ გაიცინა გოგონამ.
- მართლა გეუბნები, ნათლობაზე მღვდელი რომ დაინახე ერთ ამბავში ჩავარდი, არავის მიეკარე, მე მეჭირე ხელში, წარმოგიდგენია? მამაომ დამრთო ნება სხვა გზა რომ არ იყო.
- მერე?
- ახლოს რომ მიგიყვანე დაწყნარდი, მღვდელს შეხედე, გაუღიმე, მერე უცებ ასწიე ხელი და სახე ჩამოღადრე. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით მოგნათლა, შენ კი ისევ წიოდი და კიოდი.
- ვაიმე ეკა რაებს ამბობ...
- ასე იყო ნიტა, ასე.... მას შემდეგ რა შედარებაა, ისე დამშვიდდი. ნეტავ უფრო ადრეც მოგვენათლე, მაგრამ ხომ იცი, ყველაფერს ფული უნდა, სუფრა... რა ვიცი, რა ვიცი... ახლა კი ვხვდები რომ ასეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები ფულის გამო არ უნდა გადადოს კაცმა... მამაშენი... ოხ, მამაშენს რას ვუზავ ხომ არ იცის... რა ჯანდაბა უნდა გააკეთოს ევროპაში, რა?! ,,ძაღლი შინ არ ვარგოდაო” ისეა მაგის საქმე.
- რატომ არ დამემშვიდობა?
- იცოდა ალბათ შენი ამბავი და იმიტომ...
- ეკა...
- რა?
- ამიტომ შეგეშინდა მეხზე რომ ვიცოდი წინასწარ?
- რა თქმა უნდა, ვიფიქრე ხომ არ გამოყვა რამე ეშმაკისეული თქო.
- კარგი რა, ნუ ამბობ მაგ სიტყვას.
- სიმართლე ესაა თუ გინდა.
- ახლა რა ვქნათ?
- არ ვიცი...
- სოციალური რამდენ რამეში გვეყოფა კი მაგრამ?
ხშირად როცა უფულობის გამო საჭმელი არ ჰქონდათ, ან შუქს უჭრიდნენ, ან გაზს, ეკა სოფელში მიდიოდა, ნიტა არ მიყვებოდა, უნივერსიტეტს ვერ გააცდენდა. ჯერ ისედაც ღამეები ათენა რომ ას პროცენტიან დაფინანსებაში მოყოლოდა. ხშირად ეცინებოდა, ოცდამეერთე საუკუნეში, გაჩახჩახებული ქალაქის ერთ პატარა ბინაში სანთლის შუქზე საწოლში ტანსაცმლიანი იწვა რომ არ შესცივნოდა და კონსპექტებს კითხულობდა, ძალიან რომ შეაწუხებდა მუცელი ცდილობდა დაეძინა.
თანდათან ეკა აღარ ჩამოდიოდა თბილისში, მშობლებთან, სოფელში საჭმელი და სითბო მაინც ჰქონდა. მეზობლებმა იცოდნენ ნიტას ამბავი, ამიტომ ხშირად აწვდიდნენ გამხდარ, გალეულ, თვალებამოღამებულ ბავშვს ერთ თეფშ საჭმელს და ისიც აცრემლებული თვალებით აცილებდა კეთილ მოხუცებს სახლიდან. არავინ ჰყავდა ნიტას, სრულიად არავინ ამ ხალხის გარდა, რომლებსაც თავისთვისაც ძლივს ჰქონდათ რაღაც და მაინც უნაწილებდნენ გოგონას. სწორად ეს გახდა სტიმული ნიტასთვის, სიკეთის მწარე მადლი ნაადრევ ასაკში იგემა, ნახაზებს აგებდა, კოშკებს ხაზავდა, თავისი ოცნების სასახლეები და ცათამბჯენები კვადრატებში ჰქონდა სრული სიზუსტით აზომილი და სწავლას ერთი წამით არ წყვეტდა, იცოდა დადგებოდა დღე და დაუფასდებოდა, არამარტო მას, იმ ხალხსაც, ვინც მას ოდესმე დაეხმარა.
პირველად მამამ ციხიდან დაურეკა.
- რატომ აქამდე არ შემეხმიანე?
- არ მქონდა საშუალება, აქ კი ტელეფონი უფასოა. - სიმწრით ჩაიცინა კაცმა.
- რატომ დაგიჭირეს?
- მშიოდა და მოვიპარე მამა... - ნიტას თვალები ცრემლებით აევსო. ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. - თურმე აქ ოცნებები მართლა არ ხდება...
- არ ნანობ რომ მიმატოვე?
- არ მიმიტოვებიხარ მამა, ვეღარ ავიტანე მანდ მთელი დღე ხუთ ლარზე მუშაობა, შენი წლებისწინ ძლივს ნაყიდი ტანსაცმელიც ვეღარ ავიტანე მამა. შენი უმომავლობა, შენი უსწავლელობა...
- მე ვსწავლობ მამა, სრული დაფინანსება მაქვს...
- და საჭმელი როდის იყიდე ბოლოს?
- სოციალური ხომ მაქვს...
- კარგი რა ნიტა, კარგი რა! რამდენჯერ დაგიძინია მშიერს, რა გგონია, მე მეძინა შვილის მშიერ თვალებს რომ ვუყურებდი და არაფრის გაკეთება შემეძლო? რამე უნდა შემეცვალა, უნდა მეცადა მაინც...
- რამდენი ხანი უნდა იჯდე მანდ?
- მეგონა დამადეპორტებდნენ მაგრამ რავიცი, ჩამსვეს ამათი ..... ალბათ ექვსი თვე.
- მამა...
- რა?
- უნდა წავიდე, ლექცია მეწყება.
- წადი ნიტა, წადი, მეც შეზღუდული დრო მაქვს. იქნებ რომ გამომიშვებენ ვიშოვო რამე და გამოგიგზავნო.
- კარგი...
- მიყვარხარ იცოდე!
- მეც მამა...
სახლში გიჟივით შევარდა, წინა დღეს ლიას მოწვდილი ერთი თეფში აჯაფსანდლიდან ნახევარი დღეისთვის ჰქონდა დატოვებული და ერთი სული ჰქონდა ეჭამა. მაცივარი სწრაფად გამოაღო და სახე წაუხდა ნათურა რომ არ აინთო, ჩამრთველი მოიძია, ისევ გაუთიშიათ დენი...
მაგიდასთან იჯდა და მშიერი თვალებით უყურებდა ამჟავებულ საჭმელს.
- ესეც შენი აღმართში დაწეული ქვა... - ჩაილაპარაკა და სიმწრით ჩაიცინა. რამდენიმე ლუკმა გასინჯა, არ იყო ძალიან გაფუჭებული, - მთავარია არ მომწამლოს. - თქვა ბოლოს და გემრიელად შეექცა.
კარზე მორიდებული კაკუნი გაისმა. მუცლის წვა იგრძნო და თავის თავზე გაბრაზდა მთლიანად რომ შეჭამა. ზლაზვნით გავიდა შემოსასვლელში და სახელური ჩამოსწია. რამდენიმე წამით გაოცებული უყურებდა. ბექა იდგა, სოლიდურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ზღურბლსიქიდან უღიმოდა.
- გამარჯობა ნიტა.
- გამარჯობა ბექა... რამ მოგიყვანა?
- არ ვიცი, უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა. შემომიშვებ?
- მერე ხომ მნახე?
- ნიტა, რა გჭირს?
- რა მჭირს? - ჩაიცინა გოგონამ. - რა გინდა რატომ მოხვედი?
- ხომ გითხარი რატომაც?
- ძალიან დაგაგვიანდა, როცა მე ვცდილობდი შენ ნახვას ახლოს არ გამიკარე, ახლა მე აღარ მინდა!
- უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი შენზე...
- საინტერესოა, რატო ნეტავ?
- ვიცი, სისულელე იყო ნიტა...
- ხოდა ახლა მე ვარ გაბრაზებული და სრულიად სამართლიანად და ჭკვიანურად. ხოდა როგორც მობრძანდი ისე წადი აქედან!
- ნიტა, გავიგე შენი და შენი ოჯახის ამბავი და მინდა...
- დამეხმარო?
- ნიტა გეყოფა ეს სიჯიუტე და შემომიშვი!
- თორემ მეხი დამეცემა? - იმ საშინელ დღეს წარმოთქმული ბექას უკანასკნელი სიტყვები დღეს დაასრულა ნიტამ. ბიჭმა წარბები შეკრა და ინსტიქტურად ხელი გულზე მოისვა.
- შენც დაგრჩენია კვალი, - ყელსქვემოთ გამოსახულ ვარდისფერ ვენებზე მიუთითა ბექამ.
- საინტერესოა მხოლოდ ახლა რომ ამჩნევ ამას.
- ნიტა მე სულელი ვიყავი!
- მეც ძალიან სულელი ვიყავი, თქვენ რომ მიყვარდით, ყველა... - სევდიანად გაიღიმა გოგონამ და კარი ბიჭს ცხვირწინ რომ მიუხურა მწარედ ატირდა...
მარტოობა, აი ახლა მიხვდა ამდენი ხანი თურმე რა სტკიოდა. შიმშილი და გაჭირვება ადრეც ჰქონია, მაგრამ მაშინ ყველა ჰყავდა, ასე არ განიცდიდა, ასე არ აწუხებდა. ახლა კი, არა დედა, არა მამა, არა მეგობრები, არა ეკა, არა შეყვარებული... სრული სიცარიელე, ტკივილი, რომელიც მაშინ შემოეპარა მის სულს, როცა ის წყეული მეხი ჩამოვარდა... მას მერე ყველა წავიდა, ნელნელა, მაგრამ მაინც წავიდა.
- დაბრუნდებით... - ჩაილაპარაკა ტირილით დაღლილმა. - ბექა ხომ დაბრუნდა? თქვენც დაბრუნდებით... მაგრამ აზრი აღარ ექნება... სულელებო... თქვენ ჩემზე უფრო მარტოები ხართ...


საღამო იყო რუსთაველზე რომ მოსეირნობდა, აი ის ადგილიც, ბოშა რომ შეხვდა. ეცადა აღედგინა მისი სახე, სხეული, მაგრამ მოჭუტული მწვანე თვალების გარდა ვერაფერი გაიხსენა. ნეტავ ახლა სად იქნებოდა? რამდენი წელი გავიდა... ის რომ არა, ვინ იცის იმ დღეს რა მოხდებოდა. ხალხი უკეთ მოათვალიერა, ყველას თავისთვის ეჩქარებოდა სადღაც, პატარა ბოშებსაც მოჰკრა თვალი და გულდასმით დააკვირდა. რა სისულელე იყო, ის ბიჭი მაშინვე ბევრად დიდი იყო მასზე და ახლა ხომ საერთოდ, ამ პატარა ბიჭებში რომელი იქნებოდა. უცებ აბრას მოჰკრა თვალი ,,პროექტების სააგენტო”. ფეხები თავისით წავიდნენ მისკენ. მიმღებში ახალგაზრდა ქალი დახვდა.
- გამარჯობა, გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- იცით, როგორც მივხვდი აქ პროექტები იყიდება, არა?
- დიახ, რისი პროექტი გნებავთ?
- არა, მე, იცით მე მაქვს უამრავი მაკეტი, ნახაზები, იქნებ ვინმესთან გამესაუბრა და შემეთავაზებინა ჩემი პროექტების გაყიდვა?
- ერთი წუთით. - ქალმა ნომერი აკრიფა, შემდეგ რაღაც ხმადაბლა თქვა და ყურმილი დადო. - მესამე სართულზე აბრძანდით, ხელმარჯვნივ კარია, უფროსი მენეჯერი მამუკა ჩოხელი აწერია.
- გმადლობთ.
როგორ გაუხარდა როდესაც ნება დართეს მისი პროექტები მიეტანა და ენახათ ვერც წარმოიდგენთ, თუ გაუმართლებდა და იყიდიდნენ, სოციალურის მოხსნაზე კი დარდობდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ საწყალი თანხით მაინც ხომ არ აპირებდა ცხოვრებას? მეორე დღესვე მიიტანა ყველაფერი რაც აქამდე შეუქმნია, მთელი თავისი ოცნებები იქ დატოვა, მიუხედავად იმისა რომ მამუკას ასეთი მაღალი დონის, ძვირადღირებული პროექტები არ უნდოდა, ნიტამ მაინც გაიტანა თავისი და იქიდან სულ ხტუნვა-ხტუნვით წამოვიდა.
სიხარულმა მხოლოდ რამდენიმე დღე გასტანა. მერე ნელნელა შესუსტდა და საბოლოოდ გაქრა. არავინ ურეკავდა, ნიშნავდა რომ არ ყიდულობდნენ მის არცერთ ნამუშევარს. არადა ზამთარი ახლოვდებოდა, ეკამაც სულ დაივიწყა.
შემოდგომაც მიიწურა, მისი პროექტები ისევ ხელუხლებელი იყო, რაღაც უნდა ეღონა, ამ წელს ძალიან ცივ ზამთარს წინასწარმეტყველებდნენ, მერამდენედ უნდა გაყინულიყო ყოველ ღამეს, ჩაცმული და თანაც საწოლში? სოციალური როგორც კი აიღო წავიდა და პატარა ღუმელი იყიდა. საბედნიეროდ ბოლო სართულზე ცხოვრობდა და კვამლი არავის შეაწუხებდა. მეზობლის ქმარს სთხოვა ფანჯრის მინის ამოჭრა, ისიც უყოყმანოდ დაეხმარა ნიტას, ღუმელიც აუწყო, მილებიც კარგად გააკეთა და ღიმილით დატოვა გახარებული გოგონა. ახლა შეშა სჭირდებოდა. უნივერსიტეტის მერე გზის ფულის უქონლობის გამო მაინც ფეხით დადიოდა, ხოდა გზაზე რაც რამე ხის შეხვდებოდა ყველაფერს დიდ ჩანთაში ყრიდა და სახლში მოჰქონდა.
ახალი წლისთვის მეზობლებმა კვლავ დაასაჩუქრეს თითო თეფში ყველა კერძით. როგორ უყვარდა დღესასწაულები, ამ დროს სახლში ყოველთვის ერთ სახეობაზე მეტი საჭმელი ჰქონდა. მერამდენედ კითხულობდა უკვე ,,ჯეინ იარს” და ყოველი მისი ტკივილი გულთან უფრო და უფრო ახლოს მიჰქონდა. ოცნებობდა მისთვისაც დაეტოვებინა ვინმე შორეულ ნათესავს ქონება, მაგრამ ერთადერთი ვინც ახსოვდა მამიდა იყო, რომელიც ჯერ კიდევ მის ბავშვობაში გარდაიცვალა. უკვე მერამდენე ცრემლი მოიწმინდა და ისევ კაკუნი კარზე. რომელიმე მეზობლის მოლოდინით გააღო კარი და ნაძალადევი ღიმილი წამსვე გაუქრა სახიდან როცა საკმაოდ ბრენდულ მანტოში გამოწყობილი ბექა ტუღუში დაინახა.
- დამდეგს გილოცავ ნიტა. - დიდი ვარდების თაიგული გაუწოდა გოგონას ღიმილით.
- მეც გილოცავ. - მხოლოდ გაუღიმა.
- არ გამომართმევ?
- რას?
- შენ მოგიტანე. - თვალით ვარდებზე ანიშნა ბიჭმა.
- და რაში მჭირდება ეს ბალახები?
- ნიტა გეყოფა, ოდესმე ხომ უნდა მაპატიო, არა?
- და რატომ უნდა გაპატიო?
- თუნდაც იმ წლების გამო რომლებიც ერთად გავატარეთ!
- შენ წარმოიდგინე არ მიღირს.
- რატომ არ გინდა ისევ ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ?
- შენ გინდა გაპატიო ის რომ ზურგი მაქციე მაშინ, როცა ყველამ დამივიწყა? რომ სრულიად უმიზეზოდ დამ*კიდე და აღარ მოისურვე ჩემი ნახვა? ხომ გიყვარდი? მითხარი, არ გიყვარდი?
- მე ახლაც მიყვარხარ ნიტა!
- აი ხედავ? იძახი რომ ახლაც გიყვარვარ... მაგრამ მხოლოდ იძახი... მე კი უბრალოდ ნათქვამი სიტყვები არაფერში მჭირდება!
- მე მინდა რომ დაგეხმარო, შემომიშვი ბოლოსდაბოლოს, ცივა!
- და ვინ გითხრა რომ შენი დახმარება მჭირდება?
- დავინახე როგორ აგროვებდი შეშებს ნიტა...
- მერე?
- მერე როდამდე უნდა იცხოვრო ასეთ გაჭირვებაში რომ გაზის ფული არ გაქვს და სახლში ფეჩი გიდგას?
- და შენ რას ფიქრობ, როგორ უნდა დამეხმარო? - ცინიკურად გაიღიმა გოგონამ.
- გეტყოდი, მაგრამ ვიცი რომ შეურაცხყოფად მიიღებ და ატეხავ ერთ ამბავს!
- ხოდა არ მითხრა. კარგად!
- არ დაკეტო კარი! - ამჯერად მომზადებული დახვდა ტუღუში ამ ფაქტს და ზღურბლთან ფეხი ჩაჭედა.
- გააფრინე? - გაბრაზდა ნიტა.
- შენი სიჯიუტე უკვე ყელშია გესმის? - მძლავრად მიაწვა კარს და თითქმის შეგლიჯა. - ნორმალური ლაპარაკიც კი არ დავიმსახურე შენგან? შემოსასვლელში მტკიცე ნაბიჯებით შევიდა და მისაღებს მიაშურა. მაგიდაზე საჭმელი სამკუთხედი ფორმით იყო განლაგებული, უმაღლეს წვერთან კი ერთადერთი თეფში იდო დანა-ჩანგლით, დიასახლისი აშკარად ძალიან არასტუმართმოყვარე გახლდა, თუმცა ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით, სიმეტრიულად ეწყო არამარტო მაგიდაზე, არამედ მთელს ოთახში. - ეს შენი წიკები... - გაიცინა მან და დივანზე ჩამოჯდა. ნიტა მოჭუტული მიაჩერდა, - ეს მზერა მეცნობა. ამ დროს ყველაზე გაბრაზებული ხარ. ის დროა ჩემით გავრბოდე არა?
- ტუღუში!
- ოღონდ ასე ნუ ამბობ ნაილა მგონია მეძახის დაფასთან.
- ვერასდროს ხუმრობდი კარგად.
- ეგ შენ ვერ იგებდი ხუმრობის არსს თორემ შენ გარდა ყველა იცინოდა!
- ისინი უბრალოდ იმიტომ იცინოდნენ რომ შენ ყვებოდი მაგ ამბებს. მე რომ მეთქვა იგივე ალბათ ტირილი აუვარდებოდათ.
- არცერთ კლასის შეკრებაზე არ ყოფილხარ ნიტა...
- ხო, ისე გამიბურღეთ ტვინი ყველამ, მოდი მოდიო რომ, თავი არ მქონდა...
- წყალს მომიტან?
- არა.
- მე თვითონ მოვიტან. - სამზარეულოს მიაშურა ბიჭმა. არცერთი ქვაბი გაზზე, მაცივარი გამოაღო, სრულიად ცარიელი იყო ყველაფერი და გული შეეკუმშა. მძიმედ მიხურა კარი. ღრმად ამოისუნთქა და მისაღებში დაბრუნდა. - საჭმელები შენ გააკეთე?
- არა. - ნიტა მიხვდა სადაც ურტყავდა ბიჭი და უფრო მოიღრუბლა.
- და დახმარება არ გჭირდება არა?
- ორი წელია ასე ვცხოვრობ და როგორც ხედავ ისევ ვსუნთქავ ბექა და გეყოფა სულ იმის ხაზგასმა რომ ღარიბი ვარ და მიჭირს!
- ხო, რაც მთავარია სიამაყე და თავმოყვარეობა ხომ გაქვს!
- დიახ!
- მინდა რომ ფული გასესხო...
- კაიი?
- ნიტა... ღმერთო, შენ ვინ ყოფილხარ, როგორ დამღალე უკვე!
- მერე წადი და დაისვენე, ვინ შეგაკავა? ძალით შემომივარდი და ახლა დაგღალე კიდეც თურმე არა?
- აღარაფერი დარჩა იმ ნიტასგან, ვისაც ვიცნობდი.
- შესწორება, აღარაფერი დატოვეთ იმ გოგოსგან, რომელსაც უყვარდით!
- ნიტა...
- ახლა წადი...
- მაპატიე.
- წადი მეთქი!


თებერვალი იყო უცხო ნომერი რომ ამოიკითხა ეკრანზე.
- გისმენთ.
- გამარჯობა, ნიტა ქავჟარაძეს ვესაუბრები?
- დიახ.
- ერთი წუთით, გადაგრთავთ.
ნიტამ კვლავ დახედა ნომერს, იქნებ მიმხვდარიყო ადრესატის ვინაობას.
- ნიტა გამარჯობა, მამუკა ვარ, ჩოხელი, გახსოვართ?
- დიახ მამუკა, რა თქმა უნდა. - სუნთქვა შეეკრა გოგონას.
- თუ შეიძლება ჩვენთან მობრძანდით, თქვენს რამდენიმე პროექტზე შეაჩერეს უცხოელებმა არჩევანი და დალაპარაკება უნდათ.
- ახლავე მოვალ.
რამდენიმე წუთში უკვე სააგენტოსთან იდგა და ხმამაღლა სუნთქავდა. ასი ლარიც რომ მიეცათ თითოში ახლა ისე იყო რომ დაუფიქრებლად გაყიდდა. თარჯიმნის საჭიროება არ ჰქონდა, თვითონაც გამართულად საუბრობდა ინგლისურად. ამიტომ როცა შეიტყო რომ მისი ზამბარისებრი ცათამბჯენით დაინტერესდნენ, ორ კერძო სახლთან ერთად მიხვდა, ლაპარაკი პატარა თანხაზე რომ არ იქნებოდა. ოთახში უკვე ელოდნენ, მორიდებით შეაღო კარი და უკვე მაგიდასთან მისულმა თავაზიანად გაიღიმა.
- დაბრძანდით ნიტა.
- გმადლობთ.
- უკვე გეტყოდნენ რომელ პროექტებზე გვაქვს ლაპარაკი, აქ რომ მოიტანეთ მაშინ თანხაზე არ გვილაპარაკია.
- იქნებ პირდაპირ გვითხრას. ამდენი დრო არ მაქვს. - მომლოდინედ მიაჩერდა ერთერთი მათგანი. ბიჭი დაახლოებით ოცდაშვიდი-ოცდარვა წლის იქნებოდა. ნიტას მისი მზერა ეცნო, მისი მწვანე, მოჭუტული თვალები. ტვინმა ბოშა გამოსახა მის ადგილზე და... ბოშა? ის ბოშა ნიტა რომ გააფრთხილა? გოგონა ერთიანად დაიბნა და ბიჭს მიაჩერდა. - გისმენთ გოგონა!
- მე... იცით...
- თანხა!
- იქნებ თქვენ შემომთავაზოთ?
- მე?
- დიახ, თქვენ ალბათ იმ უცხოელების წარმომადგენელი ხართ.
- ნიტა იცით, - საუბარში მამუკა ჩაერთო. - ბატონმა ენდიმ... ასე ვთქვათ დაასწრო მათ.
- ანუ?
- ანუ მე ვყიდულობ შენს პროექტებს, სამივეს და ფასი მჭირდება! - მოუთმენელი თვალებით შეუბღვირა ნიტას.
- მაპატიეთ ბატონო ენდი მაგრამ თქვენ იცით მე რამდენი ვიმუშავე მათზე? ასე უბრალოდ ვერ მოგყიდით, უნდა ვიცოდე სად აშენებთ, რაზე გაქვთ გათვლილი...
- მეღადავება? - გაოცებული სიცილით გადახედა ბიჭმა მამუკას.
- ნიტა იცით...
- თუ არაფერს მეტყვით, არც მოგყიდით!
- ოხ, ნიცა, ნიცა! აქ ვაშენებ საქართველოში ერთ სახლს ჩემთვის, უკრაინაში - ცათამჯენს და პლიუს იქაც სახლს, კმაყოფილი ხარ? ახლა თანხა თქვი.
- ნიტა!
- რა ნიტა?
- მე ნიტა მქვია. რაც შეეხება თანხას... არ ვიცი, მართლა, ვფიქრობ არც ისე იაფი დაგიჯდებათ.
- ღმერთო, - თვალები ჭერს მიაპყრო ბიჭმა. - კარგი, სამივეში ოთხმოცი ათასი და ხელს ვაწერთ ახლავე.
- რამდენი? - გაოცდა გოგონა.
- კარგი, ჯანდაბას, ას ოთხმოცი ათასი. იცოდე ეს ბოლოა!
- გინდათ თქვათ, რომ სამივე პროექტში იხდით მაგ თანხას?
- აღარ მოვუმატებ იცოდე!
თვითონაც არ იცის იმ წუთას რა დაემართა, იცოდა რომ ეს სწორად ის ბოშა იყო და ნერვები მოეშალა ასე რომ ელაპარაკებოდა, დაუჯერებელი იყო რომ არ ახსოვდა, ან ვერ იცნო.
- ორასი!
- შანსი არ გაქვს. მე ვთქვი რომ აღარ მოვუმატებდი.
- ჩემი პროექტები ასე ღირს, გინდა იყიდეთ, გინდა მიბრძანდით!
- ოცი ათასის გამო მევაჭრები?
- თუ ასე უმნიშვნელოა ეს თანხა, თვითონ რატომ არ მთანხმდები? სადაც ამდენი, იქაც ოცი.
- გითხარი არა მეთქი, მე სიტყვას არ გადავდივარ!
- კარგი, მაშინ სხვა შემოთავაზებაც მაქვს.
- ჩქარა თქვი.
- ოთხმოცი ათასზე გთანხმდები, სამაგიეროდ ოცპროცენტიანი წილი მინდა ცათამბჯენის მოგებიდან.
- რა? - ენდი ჯერ გაოცდა, მერე გაეღიმა, შემდეგ კი ისეთი სიცილი მორთო ნიტამ თავი ყველაზე სულელ ადამიანად მიიჩნია.
- მე შენ ასი ათასს გიკლებ!
- გოგონა, ეგ თანხა იმის მესამედიც არაა, რაც მაგ პროექტს განხორციელების შემთხვევაში, ერთ თვეში ექნება!
- მითუმეტეს, მაშინ უფრო ძვირს დავაფასებ!
- წარმოუდგენელია, და საერთოდ რომ არ ვიყიდო?
- როგორც გინდათ, მაგრამ ასეა, თქვენ მაინცდამაინც ჩემი პროექტები მოგეწონათ, იმიტომ, რომ მე ნიჭი მაქვს, ისეთი, როგორიც სხვა არავის და ჩემი შრომა, ძვირი ღირს ბატონო ენდი! სხვათაშორის მე ინჟინერიც ვარ და შემიძლია შეღავათიან ფასებში აგიშენოთ სახლი.
- ინჟინერი?
- დიახ.
- შენ?
- დიახ!
ბიჭმა თვალები უფრო მოჭუტა.
- თანახმა ვარ. ოთხმოცი ათასს მოგცემ სამივე პროექტში, მიწა სოლოლაკში მაქვს, მუშებსაც თვითონ დაიქირავებ და ყველაფერს შენ წარუძღვები.
- და წილი ბატონო ენდი. - ღიმილით შეახსენა ნიტამ.
- და წილსაც მიიღებ.
- შევთანხმდით.
- შევთანხმდით.
- დაგირეკავთ შესაბამისი საბუთების მზადყოფნის დროს და შეგხვდებით.
- კიბატონო. - ნიტა ფეხზე წამოდგა. - გელოდებით.
- ნიტა, არ წახვიდეთ, სალაპარაკო გვაქვს. - შეაჩერა მამუკამ და ისიც წამოდგა.
- დიახ, რა თქმა უნდა.
- ოღონდ ჩემს კაბინეტში.
აღმოჩნდა რომ კომპანია გაყიდული პროექტიდან მთლიანი თანხის ათ პროცენტს ითხოვდა თუმცა ახლა ნიტას ეს სულ არ ადარდებდა. მთავარი ის იყო, რომ რამდენიმე დღეში მას იმდენი ფული ექნებოდა და მალე ისეთი მუდმივი შემოსავალი, რომ ყველა მისი ოცნება რეალობას გაუსწორდებოდა.
თუმცა იყო პრობლემა, რაც უფრო მიიწევდა სახლისკენ, უფროდაუფრო ეპარებოდა ეჭვი საკუთარ თავდაჯერებულობაში. ინჟინერი? მას ხომ ჯერ პრაქტიკებიც კი არ გაუვლია უნივერსიტეტში, რაზე ფიქრობდა როცა ენდის ამას სთავაზობდა? ისიც კი არ იცოდა სად უნდა ეპოვა მშენებლები ან რა დაევალებინა.
სახში მისულმა ყველა წიგნი ამოატრიალა, მაგრამ პრაქტიკული სამუშაოების თეორიული მასალა ვერსად იპოვა. მერე ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, ერთ წერტილს მიშტერებული და უცებ წამოხტა. თავში კარგი იდეა მოუვიდა.
- რას იზამ ნიტა... ამ ცხოვრებაში ცოტა ეშმაკობა თუ არ გაქვს არაფერი გამოვა. - სარკესთან მივიდა, მხიარულად დატრიალდა და სირბილით საწოლს დაახტა. - მოვდივარ, უკეთესო ცხოვრებავ!
რესტორანი, რომელშიც ნიტა დაიბარეს, საკმაოდ სოლიდური იყო, მეტი სერიოზულობისთვის შუქის ფულით ლამაზი, თეთრი შიფონის პერანგი იყიდა, შავი შარვალი ჩაიცვა და ოდნავ მაღალძირიანი, კლასიკური კედები ამოიცვა.
- მელოდებიან. - გაუღიმა ჰოსტესს.
- აქეთ მობრძანდით. - ქალმა დარბაზის სიღრმისკენ წაიყვანა. რატომღაც ეგონა რომ მაგიდასთან ბევრნი დახვდებოდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ ენდი იჯდა და სერიოზული სახით ეწეოდა.
- გამარჯობა. - გაუღიმა ნიტამ და სკამზე ჩამოჯდა.
- მეგონა დააგვიანებდი.
- რატომ?
- არ ვიცი, რატომღაც მოუწესრიგებელი და არაპუნქტუალური გოგოს შთაბეჭდილებას მიტოვებ.
ნიტამ რამდენიმე წამით ვერაფერი თქვა.
- საბუთები აქაა. - ფაილები მიუწია გოგონას. - გადახედე და ხელი მოაწერე.
- რამდენია... ამას როდის წავიკითხავ.... იქნებ სახლში წამეღო?
- თუ კითხვა არ იცი მე წაგიკითხავ.
- ვიცი, - გაბრაზდა ნიტა. - მაგრამ საბუთები მნიშვნელოვანია და ბევრ დაკვირვებას საჭიროებს.
- არ მენდობი? - ისეთი სახით თქვა ბიჭმა ნიტა კინაღამ სიცილისგან გადაყირავდა. - რა არის სასაცილო?
- რა თქმა უნდა, არა.
- დაიწყე კითხვა, ამდენი დრო არ მაქვს! - წარბები შეკრა ენდიმ და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა.
ნიტა დაკვირვებით კითხულობდა რა ეწერა, ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი იყო, მაგრამ მაინც სულ აბზაც-აბზაც განიხილავდა. ენდი ღიმილით ადევნებდა თვალს, მერე დაიღალა, მიმტანი მოიხმო და შეკვეთა მისცა.
- ნიცა დავიღალე! - ამოიოხრა ბოლოს.
- ნიტა, ნიტა, ნიტა მქვია, გესმის?თანაც ხომ გითხარი სახლში წავიკითხავ თქო?
- ყველაფერი ისე წერია როგორც შევთანხმდით, მორჩი კირ-კიტს და მოაწერე ხელი!
- ცოტა დამრჩა.
როგორც იქნა დაასრულა. კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და რამოდენიმეგან ხელი მოაწერა.
- ჰალილუია! - წამოიძახა გახარებულმა ენდიმ და ჭიქები წითელი ღვინით შეავსო.
- მე არ ვსვავ ენდი.
- როცა ორი მხარე ერთმანეთში თანხმდება და მითუმეტეს ასეთი ხელშეკრულებები იდება, აღნიშვნა აუცილებელია ნიცა.
- სპეციალურად მეძახი არა ასე?
- დიახ. - მაიმუნურად გაიღიმა ენდიმ და ჭიქა ასწია.
- კარგი, ასე იყოს, ბოშა!
- რა? - ბიჭს ხელი ჰაერში გაუშეშდა.
- მე ვთქვი, ბოშა! - ნიტამაც ასწია ჭიქა და გაშეშებულ ენდის მიუჭახუნა. ბიჭმა კიდევ უფრო დაიწვრილა თვალები.
- რა შუაშია ბოშა?
- აბა რა შუაშია ნიცა?
- ნიცა და ნიტა ერითმება მაინც ერთმანეთს, თუ ფანტაზიის უნარიც არ გაქვს? სად ენდი, სად - ბოშა?
- გავხარ ბოშას.
- ნუ გამაგიჟე ახლა, რით ვგავარ?
- ქცევით.
- რა ქცევით ნიცა?
- წარსულში რომ იქცეოდი, იმ ქცევით ბოშა!
- გიჟი ხარ? - ჰკითხა ძალიან სერიოზულად.
- გაუმარჯოს ჩვენს შეთანხმებას. - ნიტამ სასმელი პირთან მიიტანა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. პირველად სვამდა ღვინოს, ოდნავ დაიჭყანა და წამში დავლილი ბჟუტუნის შემდეგ გაიღიმა.
- მომისმინე, არავითარი ბოშა!
- მაშინ არავითარი ნიცა!
- შევთანხმდით.
- შევთანხმდით.
ოდნავ დაეჭვებით უყურებდა ენდი გოგონას. თითქოს ცდილობდა მისი აზრებს ამოცნობას, შემდეგ მანაც მოსვა და ნიტას უკან მომავალ წყვილზე შეაჩერა მზერა. გოგონამ შეამჩნია მისი მოღრუბლული სახე და მანაც მისი მიმართულებით გაიხედა. თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა ბექა რომ დაინახა მომავალი ჩალისფერთმიან, კარგი გარეგნობის გოგონასთან ერთად. წყვილი მალე გაუსწორდა მათ მაგიდას.
- ენდი? - ნაძალადევად გაიღიმა მწვანეთვალებამ და ნიტას გადმოხედა.
- გამარჯობა.
- აქ რა გინდა?
- ვვახშმობ როგორც ხედავ. - ხელით მაგიდაზე მიანიშნა ბიჭმა და ნიტამ ახლაღა გახედა ბექას რომელიც დაჟინებულ მზერას დაუფარავად არ აცილებდა გოგონას.
- გამარჯობა ნიტა.
- გამარჯობა. - ოდნავ ჩაიღიმა და სალათს ჩანგლით დაუწყო წვალება. ენდი მაშინვე მიხვდა სიტუაციას და წყვილს მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა.
- არა, გმადლობთ. არ შეგიშლით ხელს. - თქვა ანამ, მაგრამ ბექამ სკამი გამოსწია და გოგონას ანიშნა დამჯდარიყო.
- რატომაც არა, სხვათაშორის არ ველოდი ნიტა შენს აქ ნახვას, მითუმეტეს ენდისთან.
- რატომ? - ისე გაბრაზდა ნიტა ბექას მზერაზე რომ თითქმის ყვირილით ჰკითხა. - მე არ შევეფერები რესტორნებს, თუ პირიქით?
- მე უბრალოდ...
- სხვათაშორის დღეიდან ხშირად მოგიწევს ასეთ ადგილებში ჩემი ნახვა და აღარ გაოცდე.
- ნიტა რა გჭირს?
ღმერთო როგორ ვერ იტანდა ამ კითხვას. გაბრაზებულმა გადახედა ენდის, დასამშვიდებლად ღრმად ამოისუნთქა და ღვინო მოსვა.
- დიდი ხანია ერთად დადიხართ? - აშკარად ვეღარ მოითმინა ანამ.
- საკმაოდ. - იყო ენდის გულგრილი პასუხი. ნიტამ გაოცებულმა შეხედა. - მე და ნიტა დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს და როგორც იქნა დავადგით საშველი.
- რას გულისხმობ? - იკითხა ბექამ.
- რა არის აქ გაუგებარი არ მესმის. - ნიტას მაგიდაზე დადებულ ხელს დასწვდა ენდი და ღიმილით მოეფერა გოგონას.
გაგიჟდა? - ფიქრობდა ნიტა. - არა, ნამდვილად ვერ უნდა იყოს სრულ ჭკუაზე. რატომ აკეთებს ამას? - თუმცა ანას და ბექას წაშლილ, გაბრაზებულ სახეებს რომ გადახედა ყველაფერს მიხვდა. ტვინში თითქოს ნათურა აენთო. მეორე ხელი ენდისკენ წაიღო და მანაც გაიღიმა.
- რას გაუგებ სიყვარულს.
- ხო, აი უცებ მოვა და აღარ მიდის. - იცინოდა ენდი.
- რა სიგიჟეა... - უკვე ვეღარ წყნარდებოდა ნიტაც.
- თან ულტიმატუმებსაც რომ აყენებს!
ბექა და ანა გაოცებულები უყურებდნენ გიჟივით მომცინარ წყვილს, თვალებზე სიცილისგან რომ მოსდგომოდათ ცრემლები და ვერ გაეგოთ ასე რა უხაროდათ.
- ეხლაც არ მჯერა, შენ გჯერა ენდი?
- შენისთანა გიჟი რომ შემიყვარდა?
- და მე შენისთანა უჟმური?
- რას გაუგებ სიყვარულს. - იცინოდა კვლავ ენდი. სიგარეტის კოლოფი შეათამაშა ხელში და ნიტას გაუწოდა. გოგონამ გაოცებულმა დახედა. - გინდა?
- ნიტა არ ეწევა ენდი! - ნიშნის მოგებით გაიცინა ბექამ.
- ეგ ადრე... - გათამამდა გოგონა და ერთი ღერი ამოაძვრინა. - ახლა უკვე ვეწევი. - ენდიმ ასანთი შეაშველა, დიდი ხანი ეცადა მოკიდებას, მაგრამ ნიტა ოდნავადაც არ არტყავდა ნაპასს. ბიჭმა ანიშნა შეისუნთქეო და მანაც ისეთი ძალით მოქაჩა კვამლი პირდაპირ ყელში ეცა. მაშინვე ხველება აუტყდა და თვალები სასაცილოდ დააჭყიტა. ბექამ გულიანად გაიცინა.
- ეს რა სიგარეტია... - განაგრძობდა ხველას. - ძალიან ძლიერია ენდი...
- მაპატიე ძვირფასო. - გაუღიმა ბიჭმა და ბექას სიცილში აყვა.
- ამას ვერ მოვწევ. - გაუწოდა ზიზღით. ძალიან გაღიზიანდა ასე რომ დასცინოდა, მაგრამ მაინც გაიცინა. - ერთი ამბავი ვიცი სიგარეტზე, რადგან ასე გაგამხიარულეთ, ბარემ ამასაც მოვყვები.
- გისმენთ ნიტა. - მიმტანის დასხმული ღვინო მოსვა ანამ და ენდის გადახედა.
- ბოშა მამა ეუბნება შვილს: წადი დროზე და სიგარეტი მომიტანეო.
ბავშვი პასუხობს: მერე ფულიო? ფულით ხომ სულელიც მოიტანსო, ადგება და მაგრად სცემს. - ნიტას ყურებამდე გაეხსნა პირი მოქუფრული ენდის დანახვაზე და განაგრძო. - ბავშვი წავა და ცარიელ კოლოფს მოუტანს მამას. ეს რა არისო? - იკითხავს ბოშა. კარგი რა მამა, სავსეს ხომ სულელიც მოწევსო? - დამთავრებული არ ჰქონდა მოყოლა რომ გულიანი კისკისი მორთო. ენდი ისევ იგივე სახით მისჩერებოდა. ბექას ვერ გაეგო გაეცინა თუ არა, მხოლოდ ანა იღიმოდა სახით - ,, რა სულელი გოგოა”.
- გეყოფა! - ხელი დაარტყა ენდიმ მაგიდას, მაგრამ ნიტას ეს საერთოდ არ ანაღვლებდა. იცინოდა ენდის სახეზე, ბექას ეჭვიანობაზე, თავის მდგომარეობაზე, ანას აზრი კი თავიდანვე ეკ*და ფეხებზე. - ნიტა წავედით! - თქვა უკვე გაღიზიანებულმა და ფეხზე წამოდგა.
- კარგი რა, ენდი. კიდევ ვიცი, შეიძლება მოვყვე?
- არა, ადექი!
- ახლა მართლა მიკვირს რამ შემაყვარა ასეთი უჟმური. - გადახედა ბექას და ანას და ისიც წამოდგა. - გემრიელად მიირთვით.
რესტორნიდან ღიმილით გამოვიდა. რამდენი ხანია არ უგვრძნია ასეთი კმაყოფილება. მის ანგარიშზე ახლა სამოცდათორმეტი ათასი იყო. სახლში წასვლა და დაძინება საერთოდ არ შეეძლო. არც ენდის მოღუშული წარბების ყურება შეეძლო. ამიტომ პირველივე ტაქსს დაუქნია ხელი.
- რას აკეთებ? - შეუბღვირა ბიჭმა.
- სახლში მივდივარ.
- მერე გგონია ჩემი შეყვარებული სახლში ტაქსით წავა?
- შენ მართლა ხომ არ დაიჯერე შემთხვევით? - წარბი ასწია ნიტამ.
- დავიჯერე? რომ მე, - ენდიმ ჯერ საკუთარ თავზე მიუთითა თითით, შემდეგ კი ნიტას მიუშვირა ხელი. - მიყვარხარ შენ? - და გოგონას გაბრაზებულ სახეზე სიცილისგან გადაყირავდა. - ამას შეხედეთ. დაეშვი ღრუბლებიდან გოგონა. უბრალოდ ამ წყეულ რესტორანს ყველგან მინები აქვს და სულ არ მინდა ანამ დაგინახოს როგორ მივდივართ ცალცალკე სახლებში, ასე რომ, მეც არ მინდა შენი მოჯღანული სიფათის ყურება, მაგრამ მიწევს.
- მოჯღანული? მე ვარ მოჯღანული?
- ნუ... - ენდი მანქანისკენ წავიდა და თან მგონი პირველად შეათვალიერა ნიტა. გოგონას ჩვეულებრივი, გამხდარი სხეული ჰქონდა, ნაცრისფერი, ტალღოვანი თმა და მსხვილი ფერმკრთალი ტუჩები, ცხვირი თითქმის არც ეტყობოდა. აი თვალები კი ვერც დაინახა და ვერც გაიხსენა რა ფერის ჰქონდა გოგონას. - არა გიშავს რა.
- შენთან ერთად წამოსვლას, მირჩევნია ვირით წავიდე! - საბოლოოდ გაბრაზდა და გზისკენ წავიდა. - მახინჯი, საფრთხობელა ბოშა... მე ვარ მოჯღანული თურმე, ეს... ეს ვირეშმაკა... - ბურტყუნებდა თავისთვის და ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა.
- რა დამიძახე? - წამოეწია ენდი.
- შენთვის არაფერი მითქვამს.
- სამ დღეს გაძლევ იცოდე. შეკრიბე მუშები და დაიწყე მშენებლობა.
- სამ დღეს?
- უკვე ორს. და თუ ახლა მანქანაში არ ჩაჯდები, ხვალ დაიწყებ დილიდან!
ნიტამ კიდევ გააღო პირი რაღაცის სათქმელად მაგრამ ენდის აწეულმა წარბმა და მომღიმარმა სახემ მიახვედრა რომ არ ხუმრობდა და თავდასხმისთვის მოჭიმული სხეული ერთიანად მოადუნა. დაჯდომისას კარი ძლიერად მოაჯახუნა, რასაც ენდის უკმაყოფილო გამოხედვა მოყვა, გოგონამ კი ცხვირი მაღლა ამაყად ასწია და კომფორტულად მოკალათდა. ბიჭმა სიცილით გააქნია თავი. მთელი გზა ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. მხოლოდ მიახლოებისას ამოიღო ხმა ენდიმ.
- ახლა საით?
- შუქნიშანზე მარჯვნივ და მერე ისევ მარჯვნივ.
- აქ ცხოვრობ?
- ხო.
- შენები არ ნერვიულობენ რომ აგვიანებ?
- ვინ ჩემები?
- მშობლები, ანუ.
- არა.
- კარგია, ასე რომ გენდობიან.
ნიტამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ აარიდა სახე და ფანჯარაში გაიხედა.
- ანუ მარტო ცხოვრობ. - მიუხვდა ენდი.
- აქ გააჩერე, ცოტას ფეხით გავივლი.
- მე სახლამდე მიგიყვან და მერე შენ გინდა გაიარე და გინდა გამოიარე.
- გეყოფა ენდი, ხომ წამოვედი იქიდან შენთან ერთად? ახლა გააჩერე სადაც გეუბნები.
- ხვალ დილით მზად იყავი.
- შანსი არაა გესმის? ხვალ დილით როგორ ვიშოვო მუშები? დრო არ მჭირდება?
- ადგილს დაათვალიერებ და მოიფიქრებ ვინ გჭირდება და რამდენი!
- ნუ მბრძანებლობ!
- არ ვმბრძანებლობ!
- აი კიდევ... მორჩა აქ გააჩერე, შენი ატანა არ არის მარტივი.
- ეგ მართალია. - ღიმილით გააჩერა ბიჭმა მანქანა. ნიტამ ღვედი შეიხსნა და ხელი სახელურისკენ წაიღო.
- რა გავიწყდება ძვირფასო?
- რა მავიწყდება?
- კოცნა. - გაუღიმა ისევ. ნიტამ ბრაზით აბზიკა ტუჩი, წარბიც მიაყოლა და გადასვლისას ახლა უფრო მეტად მოაჯახუნა კარი.
- გეყოფა ამის კეთება! - დაუყვირა უკვე ახარხარებულ ნიტას და გიჟივით მოსწყდა ადგილს.
- ეგეც შენი კოცნა ბოშა, თავხედი. - მიდიოდა ღიმილით და თან თავს იწყევლიდა, რის ინჟინერი, რა მშენებლობა? სასწრაფოდ უნდა ეპოვა ვინმე რომ ენდისთან თავი არ შეერცხვინა. ან რა ჯანდაბად დარდობდა ახლა ამაზე, მას ხომ ხვალიდან ,,უზრუნველი” ცხოვრება ელოდა?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ablabudaa

ნიკს რომ დავხედე უცებ ვერ მივხვდი შენ რომ იყავი, როგორ გამახარე, როგორც ყოველთვის ძალიან განსხვავებული და უზომოდ საინტერესოდ დაიწყე. გელოდებიი მოუთმენლად <3

 



№2  offline მოდერი Marry Amm

ablabudaa
ნიკს რომ დავხედე უცებ ვერ მივხვდი შენ რომ იყავი, როგორ გამახარე, როგორც ყოველთვის ძალიან განსხვავებული და უზომოდ საინტერესოდ დაიწყე. გელოდებიი მოუთმენლად <3

ჩემი მუდმივი მკითხველი ხარ შენ <3

 



№3  offline წევრი izabella

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და არც კი იცი როგორ გამახარე. ველოდები გაგრძელებას ♥♥♥

 



№4  offline მოდერი Marry Amm

izabella
ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და არც კი იცი როგორ გამახარე. ველოდები გაგრძელებას ♥♥♥

შენც ძალიან გამახარე ❤️

 



№5  offline წევრი დარინა

მომწონს უკვე ეს ორი გიჟიიი, შენ როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ, მიყვარს შენი ისტორიები, ყოველთვის განსხვავებული აიუჟეით ვითარდებააა.

 



№6 სტუმარი სტუმარი Elle

dzalian dzalian nomwons ❤❤

 



№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ნიკმა მიიქცია ჩემი ყურადღება და როგორ გამიხარდა :დდ როგორც ყოველთვის ყველასაგან განსხვავებული და განსაკუთრებული ხარ:დდ როცა აზრზე არ ხარ ავტორი რა სიურპრიზებს გიმზადებს ❤❤❤

 



№8  offline მოდერი Marry Amm

დარინა
მომწონს უკვე ეს ორი გიჟიიი, შენ როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ, მიყვარს შენი ისტორიები, ყოველთვის განსხვავებული აიუჟეით ვითარდებააა.

დარინააა ❤️ არ იცი როგორ მახარებ ❤️

სტუმარი Elle
dzalian dzalian nomwons ❤❤

მადლობა ელე ❤️

Chikochiko
ნიკმა მიიქცია ჩემი ყურადღება და როგორ გამიხარდა :დდ როგორც ყოველთვის ყველასაგან განსხვავებული და განსაკუთრებული ხარ:დდ როცა აზრზე არ ხარ ავტორი რა სიურპრიზებს გიმზადებს ❤❤❤

ჩიკოო :დ მე კიდე ძალიან ვუფრთხი შენ ნიკს მაგრამ მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა და რა გავაკეთო <3

 



№9  offline წევრი ლიკკა

როდის დაიდება გაგრძელება?

მომეწონა ძალიან) ყოჩაღ

 



№10 წევრი თუთა პირველი

Sruliad shemtxvevit agmovachine rom shen iyavi <3 miuxedavad warsulshi dashvebuli shecdomebisa me mainc beqas mxares var :D :D :D
Warmatebebi velodebi moutmenlad shemdeg tavs :***

 



№11  offline მოდერი Marry Amm

ლიკკა
როდის დაიდება გაგრძელება?

მომეწონა ძალიან) ყოჩაღ

დღეს თუ ვერა ხვალ აუცილებლად ლიკა <3

თუთა პირველი
Sruliad shemtxvevit agmovachine rom shen iyavi <3 miuxedavad warsulshi dashvebuli shecdomebisa me mainc beqas mxares var :D :D :D
Warmatebebi velodebi moutmenlad shemdeg tavs :***

ენდი vs ბექა :დ ხო მოფრინდა მუზა, არ შემიძლია უთქვენოდ როგორც ჩანს :) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent