შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი ( წიგნი პირველი, 1-20) სრულად!!!


25-06-2018, 19:10
ავტორი ჰაიკო
ნანახია 892

წყურვილი ( წიგნი პირველი, 1-20)  სრულად!!!

პროლოგი


...სალემი, 1945 წელი, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. ნეონის შუქით განათებული ბარიდან რწევა-რწევით გამოვიდა ქალი, რომელიც მამაკაცის მხარს ეყრდნობოდა, რათა სიმთვრალისგან არ წაქცეულიყო. ამ უკანასკნელს მაგრად ეჭირა ალკოჰოლის ზემოქმედებისგან მორღვეული მანდილოსნის სხეული. ქალი იყო საშუალო სიმაღლის, სწორი წითური თმით, ჭორფლიანი სახით და თითქმის წვეტიანი კბილებით, რომელიც სიცილის დროს თითქოს გამაფრთხილებლად გაიელვებდა ხოლმე. 
- ღმერთო ჩემო, იზ, - ეუბნებოდა მამაკაცს, თან ალკოჰოლის მძაფრ ოხშივარს აორთქლებდა სახეში, - ნუთუ არ შეგიძლია რომ დღეს მაინც გაიღიმო, ან იქნებ ოდნავ მეტი პატივისცემა გამოგეჩინა ჩემი მეგობრების მიმართ, მათ ხომ სწორედაც შენს საპატივსაცემულოდ მოაწყვეს ეს დამპალი წვეულება, დიახაც, ევროპიდან და იმ უაზრო ომიდან შენი დაბრუნების აღსანიშნავად. 
მამაკაცმა ქალს ხელი შეუშვა და მკაცრი სახით გადგა გვერდზე, ქალი კი - საყრდენის გარეშე დარჩენილი, უღონოდ მიეყრდნო განათების ბოძს. 
- მე არ მითხოვია თქვენთვის წვეულების მოწყობა, - ცივი ხმით თქვა მამაკაცმა და სიგარეტს მოუკიდა, რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერში წვრილი ცისფერი რგოლი გამოუშვა, - იცი, საერთოდ, როდესაც შენ ომში ხარ და იქ იგებ საყვარელი ქალის ღალატის ამბავს, ეს უბრალოდ საშინელებაა... - მამაკაცმა პაუზა გააკეთა, - მე დღეს როჯერი მოვკალი, შენს მოკვლას კი ახლა ვაპირებ, - ის ფოლადივით მტკიცე ხელით სწვდა წითურთმიან ქალს ყელში და მაღლა ასწია, ფეხქვეშ მიწაგამოცლილი ქალი უმწეოდ აფართხალდა ჰაერში, ორივე ხელით მამაკაცის მაჯას ჩამოეკიდა და სცადა სიმძიმის ძალის მოქმედება შეესუსტებინა, ასე უმოწყალოდ რომ ექაჩებოდა დაბლა. სწორედ ამ დროს თვალი მოჰკრა მამაკაცის სახეს და ძარღვებში სისხლი გაეყინა, მამაკაცის თვალები სისხლისფერ ტბებად გადაქცეულიყვნენ, გუგებს გარშემო შავი ზოლი დაჰყვებოდა, გუგების ცენტრიდან კი ქალს გააფთრებით შემოჰყურებდა ორი მოელვარე თეთრი წერტილი, მამაკაცს თითქოს სახე გაუქვავდა, სახეზე სისხლძარღვები შავად დაებერა, ქალმა ისიც შეამჩნია, როგორ მოძრაობდა ამ სისხლძარღვებში ალისფერი სითხე ლოყებიდან თვალების მიმართულებით. 
მამაკაცმა პირი გააღო და თავზარდაცემული ქალის თვალწინ მისმა ეშვებმა საოცარი ტრანსფორმაცია დაიწყო, დაინახა, როგორ ჩამოეზარდა ორივე მხარეს ეშვები... მამაკაცმა თავი უკან გადასწია და ის იყო ქალის ყელზე ვარდისფრად მფეთქავ ვენას უნდა ჩაფრენოდა, რომ სპექტაკლს მესამე მხარე შემოუერთდა. 
- რა ჯანდაბას აკეთებ? - ფოლადივით მჟღერი ხმა მოესმა მამაკაცს ზურგსუკან. 
მამაკაცმა, გაღიზიანებულმა იმით, რომ შურისძიება ასე უცერემონიოდ შეაწყვეტინეს, ქალს ხელი უშვა და წამის მეასედში უკვე უცნობი მეტოქის წინ იდგა. 
- იზი, - აუჩქარებლად წარმოთქვა უცნობმა, მარჯვენა ხელიდან თეატრალური ჟესტით გაიძრო შავი ტყავის ხელთათმანი და მიწაზე დააგდო, - იზი, ვგონებ, თქვენი სახელი სწორად წარმოვთქვი, - მან მოკლე წვერზე ხელი მოისვა და ამ დროს იზმა მის თითზე რკინის ბეჭედი შეამჩნია, ზედ ოსტატურად გამოყვანილი სამეფო გვირგვინით. 
- პირველყოფილი, - შიშისგან გააცია იზს, - პრიმუმი, მხოლოდ ისინი ატარებენ ასეთ ბეჭდებს, მაგრამ იქნებ თვითმარქვიაა... 
ამ ფიქრში იყო იზი, როდესაც უცნობი ისე სწრაფად გაჩნდა მის წინ, იზსაც კი გაუკვირდა ასეთი სისწრაფე. უცნობმა ფიქრი არ აცალა მკერდში ხელისგულით უძლიერესი დარტყმა მიაყენა და რამოდენიმე მეტრის იქით მოისროლა, შემდეგ ყელში სწვდა, ფეხზე წამოაყენა და ყინულივით ცისფერი თვალებით თვალებში ჩახედა. 
იზი მიხვდა, ყველაფერს მიხვდა, მას ვეღარაფერი იხსნიდა, მის სიცოცხლეს ვეღარავინ გადაარჩენდა, მისგან, ვისგანაც იზზე გაცილებით ძლიერნიც კი ვერ წასულან ცოცხალნი. 
- მაპატიეთ, - ამოიხავლა იზმა, რამდენადაც ამის საშუალებას ყელზე შემოჭდობილი ფოლადის თითები აძლევდა, - ნუ მომკლავ... მე ყველაფერს გამოვასწორებ, გთხოვთ... 
უცნობმა ირონიულად ჩაიცინა. 
- იზი, შენ ჩვენი რასა გამოაშკარავების საშიშროების წინაშე დააყენე, ამასთანავე, მე მეორე შანსს არ ვიძლევი, შენ შენი საქციელით სიკვდილი დაიმსახურე, ასეთია კანონის ნება, ასეთია პრიმუმთა სურვილი, მშვიდობით იარე მეორე მხარეს, - უცნობის ფოლადის თითებმა იზის მკერდი გაუპო და უკანასკნელი, რაც იზმა იგრძნო, იყო ის, თუ როგორ შემოეჭდო ეს უმოწყალო თითები მის გულს, შემდეგ უცნობმა ერთი მარტივი მოძრაობით ჯერ კიდევ მფეთქავი გული სხეულიდან ამოგლიჯა და იზის უსულო გვამი მის ფეხებთან დაეცა....


თავი 1


ის თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, მისთვის აღარ არსებობდა დაბრკოლება, მდინარის ადიდებისას გამორიყული ქვები, საუკუნეთა სიავისგან წაქცეული, დაცემული ხეები, წყვდიადი, რომელიც ამ უსიერ ტყეში გამეფებულიყო, ის მიჰქროდა, არაადამიანური სისწრაფით და მონდომებით და გრძნობდა, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, თუ არ გაექცეოდა იმ აუხსნელ შიშს და სასოწარკვეთას, რასაც გაურბოდა, იცოდა, ხვალინდელი დღე აღარ დადგებოდა, აღარ წავიდოდა კოლეჯში, აღარც მეგობრები ეყოლებოდა გვერდით, არც მშობლები, ვეღარც სწრაფი კვების ობიექტს მიაშურებდა სირბილით, ლექციებს შორის შესვენებისას,... და ვერც მშვენიერ, ლურჯთვალა და თვალის ფერთან შედარებით უჩვეულოდ შავგვრემან გოგონას შეხვდებოდა.. 
- მარკუს... - სადღაც შორიდან მოისმა. 
მან სისწრაფეს უმატა, არ იცოდა სად გარბოდა, ან კონკრეტულად რას გაურბოდა, ეს "რაღაც" ყველგან იყო, მის უკან, წინ, მაღლა-ცადატყორცნილი ხეების მუქ კენწეროებში, ყოველი ხის უკან, ყოველი ბალახის ღეროში, ყოველი ქვის ქვეშ, ეძახდა შემზარავად, საშინლად ნაღვლიანი ხმით და ამიტომაც გარბოდა. 
- მარკუს... - თითქოს ზედ ყურთან ჩაესმა ქშინვა. 
ის გაოგნებული შედგა, შემდეგ ნელ-ნელა დაეშვა მუხლებზე. არა, დაღლილობა არ ყოფილა ამის მიზეზი, მიზეზი კი ისეთი წარმოუდგენელი იყო, თვითონაც ვერ დაიჯერა. ეს მიზეზი იყო მისი საკუთარი ორეული, რომელიც ჩაბნელებულ ტყეს გამოეყო და სწრაფი ნაბიჯით გამოემართა მისკენ, რამოდენიმე მეტრის გავლას დაახლოებით ნახევარ წამს ანდომებდა.. ის მის წინ შედგა, ერთხანს ირონიულად დაჰყურებდა თავის "ორიგინალ" ორეულს, შემდეგ ყელში სწვდა, ფეხზე წამოაყენა და თვალი თვალში გაუყარა. 
"ორიგინალმა" ორეულმა თვალები დახუჭა, საკუთარ თავს იმის მტკიცება დაუწყო, რომ ასეთი რამ შეუძლებელი იყო, შეუძლებელი იყო ახლა საკუთარი ორეულის წინ მდგარიყო.. მან თვალები გაახილა, ორეული თითქოს უკვალოდ გამქრალიყო, მხოლოდ სიბნელე, მარცხნივ ტყის მდინარის ჩხრიალი და რომელიღაც ტყის ფრინველი არღვევდნენ გარსშემოჯარულ მყუდროებას...შემდეგ უცნაური რამ მოხდა, თითქოს პირში ერთბაშად დამდნარი ფოლადი ჩაასხეს, ის მიწაზე გაგორდა, ყვირილით ითხოვდა შველას და შემწეობას, მაგრამ თითქოს დრო გაჩერდა, მდინარემ შეწყვიტა ჩხრიალი, ფოთლებმა შეწყვიტა რხევა, ჰაერი გაიყინა...
მარკს საზარელი ყვირილით გამოეღვიძა. საფექლებზე წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი, რომელიც ნიკაპთან ერთდებოდა და მაისურის საყელოში უჩინარდებოდა. მარკმა მიმოიხედა, ოთახს თვალი მოავლო, ფანჯარასთან ისევ იდგა კომპიუტერის მაგიდა ჩართული კომპიუტერით, მაგიდის გვერდით ისევ იწონებდა თავს ქოთნის ყვავილი, რომლის სახელიც მარკმა ვერა და ვერ დაიმახსოვრა. სააბაზანოდან კი წყლის ჩხრიალი ისმოდა, წყლის ჩხრიალი... მდინარის ჩხრიალი... წყლის ჩხრიალი... მარკი ფრთხილად, თითქმის უხმაუროდ წამოდგა, საწოლის ქვემოდან ბეისბოლის ბიტა გამოაცოცა, მოიმარჯვა და კატის ნაბიჯით დაიძრა აბაზანისკენ, პანიკა დაუფლებოდა მის სულს.. აბაზანას მიუახლოვდა, წყლის ჩხრიალი უფრო გარკვევით მოისმა, მარკმა ბიტა მარჯვენა ხელში გადაიტანა და მარცხენათი ნელა, ძალიან ნელა და უხმაუროდ გასწია აბაზანის გამყოფი ტიხარი. აბაზანაში საშუალო სიმაღლის, ქერა მოზარდი იმ ამქვეყნიურ სიამოვნებას მისცემოდა, რასაც აბაზანის მიღება ჰქვია. მარკმა ამოიოხრა და ბიტა დაუშვა, ამოოხვრის ხმაზე ქერა ბიჭი მოტრიალდა და მარკს გაკვირვებული მზერა შეავლო. 
- მარკ, ძმაო, მართალია ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ და ძალიანაც მიყვარხარ, მაგრამ არც იმდენად ძლიერადაც, რომ შენთან დაწოლის პერსპექტივა მხიბლავდეს, - ქერა ბიჭმა გადაიხარხარა და შეცბუნებულ მარკს, რომელიც უკვე საპირფარეშოსკენ მიდიოდა, რამოდენიმე უხამსი სიტყვა მიაყოლა ზურგში მხიარულად...
... "გამარჯობა ჩემო დღიურო, დღეს 15 მარტია და ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე, რომ დავიწყო შენთან ურთიერთობა, მართალია ზოგი ამბობს დღიურის წარმოება მხოლოდ ქალების და ქალაჩუნა ბიჭების საქმეაო, მაგრამ მთლად ასეც არ უნდა იყოს. არც ვაპირებდი რამის დაწერას, მაგრამ იძულებით მივედი ამ გადაწყვეტილებამდე, ამის დედაც... ჩემს თავს ისეთი რაღაცეები ხდება, უეჭველად გიჟად ჩამთვლიან ვინმეს რომ მოვუყვე. შენ ყველაფერს ვერ გაგანდობ, უბრალოდ იმდენი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რომ ამის ფიზიკურად არც დრო მაქვს, და არც სურვილი, ამიტომ მხოლოდ მნიშვნელოვან მოვლენებზე გავამახვილებ ყურადღებას... "
"... 17 მარტი. წუხელ თავს მოუსვენრად ვგრძნობდი, ვერაფრით დავიძინე, თითქოს რაღაც შიგნიდან მწვავდა, სისხლი, რომელიც ჩემს ძარღვებში მიედინება.. მოკლედ მთელი სხეულით ვგრძნობდი სისხლის მოძრაობას ძარღვებში!! უცნაურია ხომ? შუაღამისას ძალიან ცუდად გავხდი, ცუდად ყოფნაში ვგულისხმობ არა რომელიმე კონკრეტულ დაავადებას, არამედ უსაზღვრო ენერგიის და ძალის შეგრძნებას.. ღმერთო მიშველე... დედას ვერაფერს ვეუბნები, ვიცი, რომ მაშინვე პანიკის შეტევა ექნება, რის შედეგადაც ჩვენი ქალაქის რომელიმე კლინიკაში აღმოვჩნდები, სადაც რომელიმე ოთხთვალა ექიმი იტყვის, რომ მსოფლიოს სამედიცინო ისტორიის პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, ადამიანს 45° ჰქონდეს სხეულის ტემპერატურა და ამავდროულად თავს ხარივით ჯანმთელად გრძნობდეს... არ ვიცი რა მოვიმოქმედო.. "
"... 24 მარტი. ყველაფერი ძალიან ცუდადაა... ღმერთო მიხსენი.. გამუდმებით შიმშილის თუ წყურვილის შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც შიგნიდან მჭამს.. ჯანმთელობაც შესამჩნევად გამიუარესდა, სინათლეზე თვალების ძლიერ ტკივილს განვიცდი... "
"... 3 აპრილი. ღმერთო... დღეს ჩემი ძაღლი, რომელიც ჯერ კიდევ ლეკვი იყო, რომ შევიფარე და ვზრდიდი... მოკლედ, მე ის მოვკალი, არ ვიცი რა მემართება.. თითქოს გული გამიქვავდა და შიგნიდან რაღაც მიბიძგებს საშინელი საქციელისკენ.მეშინია, ისეთი რამ არ ჩავიდინო, რასაც შემდგომში ვეღარ გამოვასწორებ... "
ქერა ბიჭმა დღიური დახურა, დემონსტრაციულად მიაგდო დივანზე და სავარძელში გადაწვა, გაიზმორა, გადაჯვარედინებული ხელები თავქვეშ ამოიდო და მოლოდინის გამომხატველი მზერით მიაჩერდა მარკს...


თავი 2




ქერა ბიჭმა დღიური დახურა, დემონსტრაციულად მიაგდო დივანზე და სავარძელში გადაწვა, გაიზმორა, გადაჯვარედინებული ხელები თავქვეშ ამოიდო და მოლოდინის გამომხატველი მზერით მიაჩერდა მარკს...
- მარკ, - დამრიგებლური ტონით დაიწყო კეიმ, ქერა ბიჭმა, - ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრულად დაწერილი ამბავია და მეტი არაფერი, დღევანდელი თინეიჯერები ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ, გარდატეხის ასაკი, მოსაწევი და ასეთი რაღაცეები, ხომ გესმის რის თქმასაც ვცდილობ? ვიღაც შერეკილი ადგა და დაწერა ეს რაღაც ამბავი საკუთარ თავზე, ოთხმოცდაათი პროცენტი ფანტაზია, ცოტა მოსაწევი და თაჩდაუნი, შემზარავი ამბავი მზადაა ყვითელი პრესის ფურცლებზე მოსახვედრად. 
მარკმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ჩაფიქრდა. ის იყო საშუალოზე მაღალი, შავგვრემანი და შავთმიანი, სწორი ცხვირით, მსხვილი ტუჩებით, ცივი, რუხი თვალებით და თითქმის დაკუნთული სხეულით, ერთი სიტყვით, წარმატებით აკმაყოფილებდა თინეიჯერი გოგონების ოცნებებში წარმოდგენილი ზღაპრული პრინცის სტანდარტებს. 
- რაზე ფიქრობ? - დუმილი დაარღვია კეიმ, რომელიც თავისი ბიძაშვილის აბსულიტურად განსხვავებულ ვერსიას წარმოადგენდა, საშუალო სიმაღლის, თეთრი კანის ფერი, ქერათმიანი და ცისფერთვალება, ძალიან გამხდარი მკლავებით. პირველი შეხედვისთანავე კაცი იფიქრებდა ამ გალეულ სხეულში სიცოცხლე როგორ ჩქეფსო. 
- იცი.. - გაწელა სიტყვა მარკმა, - ალბათ მართალი ხარ.. არ ღირს ამაზე ფიქრი, - მან მაცივრიდან "ჰეინეკენის" ორი ქილა გამოიღო, ერთი გახსნა, მეორე კი კეის გადაუგდო, რომელმაც თეატრალურად, ბეისბოლის ხელთათმანით დაიჭირა და გაიღიმა. 
- მაგრამ... - განაგრძო მარკმა, როდესაც მეგობარს ორიოდე ყლუპის დალევა აცადა, - წუხელ მე ისევ ვნახე სიზმარი. 
- ჰოო... - ჩაფიქრებული მზერა შეავლო კეიმ ბიძაშვილს, - ისევ ეს დამპალი სიზმარი, ხომ? ყოველღამ ერთიდაიგივე, შენ გარბიხარ, ის მოგდევს, მერე ეცემი და ბლაბლაბლა, - ღიმილით დაასრულა მან. 
მარკმაც გაიღიმა. 
- ასე თუ გაგრძელდა, ალბათ შენს რჩევას გავითვალისწინებ და სპეციალისტს გავესაუბრები...
კეიმ ლუდის დაცლილი ქილა კომპიუტერის მაგიდაზე დადო და ისევ სავარძელში ჩაეშვა. უკვე გაღიზიანება ეტყობოდა. 
- კარგი რა, მარკ, შენ მართლა გჯერა ამ სისულელის, ეს სიზმრებია, რომელსაც გადაღლილობა იწვევს, შემახსენე ერთი, წინა კვირაში რამდენი გამოცდა ჩააბარე? 
- სამი, - იყო პასუხი. 
- აჰა, - გამარჯვებული სახით შესძახა კეიმ, წამოდგა და ხელებგაშლილი მიუახლოვდა მეგობარს, მხრებში ჩაავლო და მსუბუქად შეარხია, - დასვენება გჭირდება, მეტი არაფერი, ამ სიზმრებს და დღიურს ნუ მიაქცევ ყურადღებას. სხვათაშორის იცი რომ პარკერის ბენზინგასამართ სადგურზე შუადღის ცვლაში დავიწყე მუშაობა? უკვე წასვლას ვაპირებ და შემიძლია ეს დამპალი დღიურიც მოგაშორო თავიდან.. 
- არა, - სასწრაფოდ იუარა მარკმა და ყავისფერი ტყავის ბუდეში ჩასმულ უცნობი ავტორის დღიურს შეავლო თვალი, - მე თვითონ მივხედავ... მეც უნდა წავიდე, დღეს ვანესას ვხვდები, კოქტეილზე დავპატიჟე, - მარკმა სპორტულ საათს დახედა, ძალიან უყვარდა ეს საათი, "პათფაინდერი" საკმაოდ ძვირადღირებულ სპორტულ საათებს აწარმოებდა, რასაც თავისი სტიპენდიით მარკი ვერანაირად ვერ გაწვდებოდა, ამიტომ მამამ დაბადების დღეზე საჩუქრად მიართვა. 
- ვანესა? - ეშმაკურად ჩაილაპარაკა კეიმ, - იციი თითქოს წინასწარმეტყველური ნიჭი მეწვია, მე ვხედავ.. - მან დამცინავად მოწკურა თვალები, - ვხედავ,.. შენ ლაპარაკობ, ისიც ლაპარაკობს, მერე ერთმანეთთან ახლოს ჯდებით, ფეხებით ეხებით ერთმანეთს, მერე... 
მარკმა სიცილით უბიძგა ხელი და ეშხში შესულ კეის მაიმუნობა შეაწყვეტინა. 
- კარგი, კარგი, მაგვიანდება, - კეიმ სწრაფად ჩაიცვა, ჩანთა მხარზე მოიგდო, მეგობარს დაემშვიდობა და კარებში გაუჩინარდა. 
...მოსაღამოვებული იყო, ოდნავ ცრიდა, ქალაქგარეთ მდებარე ბარიდან ქალაქ სალემისკენ გაწოლილ ნაწვიმარ ასფალტზე სწრაფად მიჰქროდა შავი "დოჯი ჩერჯერი", სველ ასფალტს გახურებული საბურავების შეხებისას შიშინი გაუდიოდა. მარკმა "ქემელის" კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა, რამოდენიმე ღრმა ჩასუნთქვა გააკეთა და ცისფერი კვამლი ოდნავ ჩაწეული ფანჯრისკენ გაგზავნა, მერე უკანა ხედვის სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა და კმაყოფილმა ჩაიცინა. დიახაც, კმაყოფილი იყო, რატომაც არა, სწავლობდა კოლეჯში, დედამისი ამავე კოლეჯში ფიზიკის ლექციებს უძღვებოდა, მამამისი კი ქალაქ სალემის მერი იყო, ბიძა-ამავე ქალაქის შერიფი, ჰქონდა ავტომობილი, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდა, ჰყავდა კარგი და ერთგული მეგობრები და ბოლოს, კოლეჯის ბეისბოლის გუნდის მხარდამჭერ გოგონათა ლიდერი მასზე გიჟდებოდა. 
მარკმა კვლავ კმაყოფილებით ჩაიცინა და აქსელერატორს დააწვა, ალკოჰოლმა უკვე შეაღწია სისხლში და თავისას შვრებოდა... მანქანის გარეთ კიდევ უფრო ჩამობნელდა, ცა ტყვიისფერმა ღრუბლებმა დაფარა, აქა-იქ გაიელვა კიდეც.. მარკმა ბოლოჯერ მოქაჩა სიგარეტი და ფილტრი ფანჯარაში მოისროლა, ამ დროს მისი ყურადღება გზის გასწვრივ მდებარე ტყეში რაღაც უჩვეულომ მიიპყრო, მარკმა ოდნავ შეანელა სვლა და ჩაბნელებულ ტყეს დააკვირდა, მოეჩვენა, თითქოს ვიღაც თუ რაღაც მისგან პარალელურად მოძრაობდა ტყის ზოლში, უხმაუროდ, არც ტოტების ლეწვის ხმა გაუგონია მარკს, ის რაღაც თითქოს მოჩვენებასავით მოჰყვებოდა გვერდით, მარკმა კიდევ უფრო შეანელა მოძრაობა და ტყეში მორბენალ ფიგურას დააკვირდა, ამ დროს ამ რაღაცამ თუ ვიღაცამ თავი მოაბრუნა და მარკმა დაინახა მოყვითალო ფერის ანთებული თვალები.. 
მარკს შიშისგან ყვირილი აღმოხდა და მთელი ძალით დააწვა აქსელერატორს, მანქანამ დაიღმუვლა და საბურავების წივილით გავარდა ასფალტზე. მარკი შეჩერებას არ აპირებდა, უმატებდა და უმატებდა სისწრაფეს და უეცრად შუა გზაზე მდგარი რუხი ფიგურა შენიშნა, რომელსაც ნაწილობრივ წვიმის ფარდა ფარავდა და რომელსაც უმოწყალოდ უახლოვდებოდა გაგიჟებული "ჩერჯერი". მარკმა წამის მეასედში გაიფიქრა, რომ დამუხრუჭებას ვერ მოასწრებდა, მაგრამ ადამიანურმა ინსტიქტმა თავისი გაიტანა, მარკი მუხრუჭს დააწვა, მანქანამ ჭრიალის ხმა გამოსცა, მაგრამ ჩვენი საუკუნის გამოგონებამ, რომელსაც ავტომოყვარულები ABS-ს უწოდებენ, იხსნა მანქანა გზის პირას მდებარე თხრილში გადავარდნისგან, სამაგიეროდ...მანქანის სრულად შეჩერება მარკმა ვერ შეძლო და შეჯახებამდე ერთი წამით ადრე დახუჭა თვალები...მანქანა გვერდულად შეეჯახა რუხ ფიგურას, გაისმა შუშის მსხვრევის და ფოლადის ლეწვის მჭახე ხმა.. დარტყმამ რუხი ფიგურა დაახლოებით ორმოდაათი მეტრის მოშორებით მოისროლა, დარტყმისას მარკმა საჭეს დაჰკრა თავი და ყველაფერი წყვდიადში ჩაიძირა..


თავი 3



... ყველაფერი რძისფერ ნისლში იყო ჩაძირული, ამ ნისლს გრძნობდა მარკი მთელი სხეულით, სახეზე ელამუნებოდა, მკერდზე ეფერებოდა, ცხვირში უღიტინებდა, სხეულის ყოველი უჯრედით გრძნობდა მას..მარკმა მიმოიხედა, ირგვლივ არაფერი იყო რაიმე ფიზიკური, რაიმე მატერიალური და ხელშესახები, გარშემო ყველაფერი რძისფერი იყო, და ეს ნისლი მას ყოველი მხრიდან შთანთქმას უპირებდა. მარკმა ტანზე დაიხედა, ცისფერი თხელი ზედა, ასეთივე შარვალი და თეთრი მსუბუქი ფეხსაცმელი ეცვა... არ იცოდა საით წასულიყო, ყველა მიმართულებით აბსოლიტური სიცარიელე სუფევდა.. გავიდა რამოდენიმე წუთი, იქნებ რამოდენიმე საათიც, ან იქნებ დღეც, მარკი ამას ვერ მიხვდებოდა, რადგან რეალობა, სადაც ამჟამად ის იმყოფებოდა, სხვა განზომილება იყო და საერთოდ არ შეესაბამებოდა მარკის რეალურ სამყაროს, ამ სამყაროს არც ფორმა ჰქონდა, არც ფერები..რამოდენიმე ხნის მერე ნისლი ალაგ-ალაგ გამუქდა, უცნაური, გაურკვეველი ფორმები მიიღო,... ტკივილი მუხანათი მტერივით შემოეპარა ფეხის თითებიდან, მუხლებს ამოჰყვა და მთელ ტანს მოედო, მარკი ვერ მიმხვდარიყო რა იყო ეს, საიდან მოვიდა ტკივილი და რატომ... შემდეგ რძისფერი ნისლი ნელ-ნელა გაიფანტა, თეთრმა შეფერილობამ ადგილი უფრო მკვეთრ ფერებს დაუთმო, ის ხედავდა ნათურას, ჭერის მოყვანილობას, რომელიც მუქ ლურჯად შეეღებათ და კუთხეებთან ღია ფერში გადადიოდა. მარკმა თვალები დაახამხამა და ტკივილმაც მაშინვე შეახსენა თავი, ქუთუთოებზე ისევ მოედო ალი, თვალებში კი თითქოს დამსხვრეული შუშა ჩააყარეს, მარკმა ოდნავ მოჭუტა თვალები და ტკივილმაც მაშინვე იკლო, მიხვდა, რომ ნათურის შუქი უღიზიანებდა გუგებს. შემდეგ ოდნავ მარცხნივ შეაბრუნა თავი და თავისდა გასახარად აღმოაჩინა რომ ეს უმტკივნეულოდ შეძლო. მარკი გაკვირვებული მიაშტერდა ეკრანს, რომელზეც ციფრები ერთმანეთს ცვლიდა, ამ აპარატიდან წვრილი თეთრი სადენები გამოდიოდა და მარკის მკლავებს, მკერდს და საფეთქლებს უერთდებოდა. 
- ნეტავ სად ვარ და რა მოხდა? - გაიფიქრა მარკმა და იმავწამს, თითქოს მისი ფიქრის საპასუხოდ, კარი გაიღო და ოთახში თეთრხალათიანი მამაკაცი შემოვიდა, ის კეთილი ღიმილით მიუახლოვდა და ფანქარი და სამედიცინო ბლანკი მოიმარჯვა. 
- გამარჯობა, მე ექიმი ტომპსონი ვარ, თავს როგორ გრძნობთ? 
ექიმის ხმა საოცრად თბილი და მეგობრული მოეჩვენა მარკს. 
- მე... - ტკივილი ისევ მოედო სახეს, მარკმა დაიცადა, სანამ ტკივილი დაუცხრებოდა, - მე... სად... ვარ.. ექიმო? 
ენა დამძიმებოდა, ძლივს ატრიალებდა პირში. 
- თქვენ სალემის ცენტრალურ კლინიკაში იმყოფებით, გახსოვთ თქვენი სახელი? 
მარკმა გონება დაძაბა, სცადა ყველაფერი გაეხსენებინა, გონება რთულად, მაგრამ მაინც უბრუნდებოდა პირვანდელ მდგომარეობას. 
- მე... მარკი მქვია.. მარკ კრამერი.. 
- კარგი, - ჩაფიქრებული მზერა შეავლო ექიმმა, - მისტერ კრამერ, თქვენ თითქმის ერთი კვირა კომაში იყავით, გახსოვთ რა მოხდა ერთი კვირის წინ? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ექვსი დღის და რვა საათის წინ. 
მარკმა თვალები დახუჭა. 
"ექვსი დღე და რვა საათი, ექვსი დღე და რვა საათი, გაიხსენე რა მოხდა ექვსი დღის წინ, კარგი, მე მარკ კრამერი ვარ, ოცდაერთი წლის, ვსწავლობ... სად ვსწავლობ?.. მყავს მშობლები, გოგო, რომელიც მომწონს, მე ბარში ვიყავი ქალაქგარეთ.. დავლიეთ, მერე წამოვედი და... "
- მარკ, - ფიქრი შეაწყვეტინა ექიმმა და სამი თითი გაშალა, - რამდენია? 
მარკმა ჩაცინება სცადა. 
- სამი.. მე ბარში ვიყავი ექვსი დღის და რვა საათის წინ, ექიმო, იქიდან წამოსვლისას... - მარკმა გონება დაძაბა, - მე შავი " ჩერჯერით" ვბრუნდებოდი საერთო საცხოვრებელში... 
ექიმმა გაიღიმა. 
- ანუ კოლეჯში სწავლობთ. 
- დიახ.. - მარკს თავი ასტკივდა ფიქრისგან, - კოლეჯში ვსწავლობ.. მგონი.. ბარიდან რომ ვბრუნდებოდი, სიგარეტს ვეწეოდი და მერე... 
ყველანაირი მეთოდით სცადა მარკმა გაეხსენებინა რა მოხდა სალემისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ვერ შეძლო, თითქოს ეს მოგონება წიგნის ფურცელზე ყოფილიყო დაბეჭდილი და ვიღაცას ამოეხია. 
ექიმმა შეატყო მარკს დაძაბულობა, მაშინვე ფეხზე წამოდგა, ბლანკი წიგნაკში ჩადო და დახურა. 
- ეცადეთ დაიძინოთ, მარკ, ნუ იფიქრებთ, თქვენს სიტუაციაში ეს ჯერჯერობით საუკეთესო გამოსავალია, - ექიმმა მაგიდიდან შპრიცი აიღო, დამცავი მოხსნა და მარკს ვენაში შეუშხაპუნა, - ეს დამამშვიდებელია მარკ, ძილს მოგგვრით და ხვალ უკეთესად იქნებით, - მან შეფიქრიანებული მზერა შეავლო კედელზე გამწკრივებულ რენტგენის და ტომოგრამის სურათებს. 
- მოიცადეთ, ექიმო... - გაძალიანება სცადა მარკმა, მაგრამ იგრძნო კვლავ როგორ იძირებოდა რძისფერ ნისლში, - რას ნიშნავს... ჩემს შემთხვევაში... 
მარკმა სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწო ისე ჩაეძინა. ექიმმა ფარდა გასწია და ამომავალი მზის მაცოცხლებელი სხივები ოთახში შემოუშვა...
თითქმის საღამო იყო, როდესაც მარკს გამოეღვიძა, ახლა გაცილებით უკეთ იგრძნო თავი, თუ არ ჩავთვლით რაღაც უცნაურ საფრთხის შეგრძნებას, რასაც მარკი გრძნობდა. ის საწოლზე წამოჯდა, მიიხედ-მოიხედა, იგივე ოთახი, მარცხნივ აპარატი, გამომავალი სადენებით. მარკმა, მიუხედავად იმისა, რომ თავს მაინც სუსტად გრძნობდა, ხელის ერთი ჩამოქნევით მოიშორა ეს აბეზარი სადენები, ფეხები ფრთხილად გადმოალაგა იატაკზე, გაურკვეველი შიში იპყრობდა, მისი მოგონებებიდან ამოხეულმა ერთმა ფურცელმა დააფიქრა. 
" ნეტავ რა მოხდა იმ ერთსაათიან მონაკვეთში? "- საკუთარ თავს დაუსვა მრავალგზის დასმული შეკითხვა და სცადა გონების ძალით დაბრუნებოდა ზუსტად იმ წუთს, როდესაც გონება დაკარგა, მაგრამ ამაოდ, მეხსიერება არ ემორჩილებოდა. 
მარკმა გაბრაზებულმა შეიკურთხა და ფრთხილად წამოდგა, კედელ-კედელ მოძრაობდა, მუხლები უკანკალებდა, გული ელეოდა სისუსტისგან, მაგრამ არც ისეთი ხასიათის გახლდათ, გამოჯანმთელებისთვის მორჩილად რომ დაეცადა. მარკმა როგორც იქნა მიაღწია კარს, საწოლიდან კარამდე გავლილი რამოდენიმე მეტრი მანძილი წარმოუდგენელი ტანჯვის საფასურად დაუჯდა. მარკმა კარი გამოაღო და დერეფანში გაიხედა, დერეფნის ორივე მხარეს ჩამწკრივებული კარებები მეტყველებდა, რომ ის მართლაც საავადმყოფოში იმყოფებოდა და არა ციხეში. მარკმა ისე უკმაყოფილოდ გააქნია თავი, თითქოს იმედი გაუცრუვდაო და საწოლს დაუბრუნდა. ფიქრი აღარ უნდოდა, იღლებოდა, იმ ერთსაათიანი მონაკვეთის გარდა ყველაფერი ახსოვდა. მან ნელა გაიხადა მაისური და შარვალი, მკერდს, ხელებს, ფეხებს დააკვირდა, სხეულის ყოველი სანტიმეტრი გულდასმით გამოიკვლია, მაგრამ დაზიანების ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. 
- მარკ, როგორ გრძნობთ თავს? - მარკი მოულოდნელობისგან შეხტა, ექიმი ტომპსონი მალულად შემოსულიყო პალატაში და მარკის მოქმედებებს დაძაბული ღიმილით აკვირდებოდა. 
- ეე.. დიახ, დიახ, - დაიბნა მარკი, - კარგად, გმადლობთ ექიმო. 
ექიმმა კვლავ გაუღიმა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა მისკენ, საწოლზე ჩამოჯდა და მხარზე მამაშვილურად დაადო ხელი. 
- რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა, მარკ, შეიძლება ცოტა პირადულშიც გადავიდეთ, იმედია არ მიწყენთ. 
მარკს გაუკვირდა, წამიერად გაიფიქრა, ფედერალური ბიუროს გამომძიებელს უფრო ჰგავს, ვიდრე ექიმსო და უფრო ყურადღებით დააკვირდა. ექიმი ტომპსონი, დიდი ხანი არ იყო, რაც ქალაქ სალემში ცხოვრობდა, სკოლის პერიოდი მზიანი კალიფორნიის სანაპიროზე გაეტარებინა, სამედიცინო განათლება კი დიდ ბრიტანეთში მიეღო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მისი ოჯახი, ანუ დედა, მამა და უფროსი ძმა ვარაუდობდნენ რომ ადგილზევე, კალიფორნიაში მიჰყოფდა ხელს საექიმო პრაქტიკას, მაგრამ ალდო ტომპსონმა ყველა ვარაუდი უარყო, შეაგროვა თავისი ხელსაწყოები და სალემს მიაშურა, არავინ იცის რატომ...ვინმე თუ შეეკითხებოდა ამის შესახებ, ამომწურავად პასუხობდა, აქაურობა მომწონსო, და შთამაგონებელი მზერით გაბურღავდა, ამის შემდგომ ყველა არამკითხეს ეკარგებოდა სურვილი მასთან ურთიერთობის და მალევე მონათლეს უკმეხ, უხიაგ და გულჩათხრობილ ადამიანად.. 
- პრობლემა არ არის, ექიმო, მთავრია არ მკითხოთ პირველი ღამე ვისთან გაატარეო, - აგდებულად მიუგო მარკმა და საწოლის მაღალ საზურგესთან მოხერხებულად მოეწყო. 
ექიმი ტომპსონი მცირე ხანს უხმოდ აკვირდებოდა, შემდეგ კედელზე გამწკრივებული რენტგენის და ტომოგრამის სურათებისკენ გაიშვირა თითი. 
- მარკ, იცი ეს რა არის? შენი სხეულის რენტგენოგრაფიის და თავის ქალის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სურათები.. 
მარკი შეცბა, უნებურად კეფაზე მოისვა ხელი და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც ოპერაციის შედეგად დარჩენილი ნაწიბურის მაგივრად აბსოლიტურად სუფთა და გლუვი კანი დახვდა. ექიმ ტომპსონს მისი გაოცება არ გამოჰპარვია, ის დაჟინებით აკვირდებოდა პაციენტის სახეზე გამოსახულ შინაგანი მღელვარების ინდიკატორებს და გულისყურით სწავლობდა მას, და როგორც ექიმი, დასკვნებიც გამოჰქონდა შესაბამისი. 
- მარკ, ეს სურათები, - კვლავ გაიმეორა ექიმმა, - მოვიძიე ამავე კლინიკის არქივში, ეს სურათები გადაღებულია ხუთი წლის წინ,... და ასახავს შენი ტვინის და მასთან დაკავშირებული უმცირესი ქსოვილური ნაწილაკების განლაგებას...ეს ტომოგრამა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე გადაგიღეს... 
ექიმმა შეიცადა, ვიდრე მარკი მის ნათქვამს გაიაზრებდა. მარკს სახე გაუბოროტდა, თვალები წყენით აევსო, თავი ჩაღუნა და იმ საშინელ წლებში გადაეშვა, როდესაც შემთხვევით გაიგო, რომ მას, სიცოცხლით სავსე მოზარდს, ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, სკოლაში კლასელები დასცინოდნენ, ავადმყოფს ეძახდნენ და ათასგვარ შეურაცხმყოფელ ზედმეტსახელს.. შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა, მარკს ოპერაცია გაუკეთეს ამავე კლინიკაში, ექიმებმა სიმსივნის რაღაც ნაწილი ამოკვეთეს, რაღაც ნაწილი კი ტვინთან იმდენად ახლოს იყო, რომ ვერ გაბედეს შეხება. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა, თითქოს ყველას დაავიწყდა მარკის სიმსივნე, ოჯახსაც, მეგობრებსაც.... 
- ეგ ყველაფერი ვიცი, ექიმო, - უხეშად მიუგდო მარკმა, - ვერ ვხვდები, რატომ მიყვებით, ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე. 
- იმიტომ გიყვები, რომ მე მომსწრე შევიქმენი იმ მოვლენის, რაც ფიზიკურად არ არსებობს ნეიროქირურგიის სფეროში... 
- თუ შეიძლება, პირდაპირ მთავარზე გადადით ექიმო, - დამცინავად შეაწყვეტინა მარკმა. 
-კარგი, მოკლედ...ჩვენ ხელახლა გადაგიღეთ ტომოგრამა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ექვსდღიან კომაში იყავით და შედეგები თქვენს ხუთი წლის წინანდელ შედეგებს შევუდარეთ... - ექიმმა მარკთან ახლოს მიიჩოჩა, მკლავში ღონივრად ჩაავლო ხელი და თვალებში ჩააჩერდა, -...მარკ, არასდროს მსმენია რომ ტვინის სიმსივნიანი პაციენტი ასი პროცენტით განკურნებულიყოს... იცით ეს რას ნიშნავს? 
მარკს გაოცებისგან ენა დაება. თუ მართლა ასე იყო, და მოხდა სასწაული, მაშინ ზღვარი ედებოდა ყოველგვარ შიშს და ცუდის მოლოდინს, ყოველგვარ ყოყმანს, დიახ, ის, მარკ კრამერი დაიწყებდა ახალ ცხოვრებას, თუ ექიმი ტომპსონის გამოკვლევები არ ცდებოდა...
ექიმ ტომპსონის მიერ ჩატარებული გამოკვლევები არ ცდებოდა და არც შეცდებოდა, ეს ხომ უმაღლესი სიზუსტით დაპროგრამებული მანქანა იყო, რომლის შესაძლო ცდომილების კოეფიციენტი თითქმის ნულამდე იყო დაყვანილი. 
- ეს იმას ნიშნავს, რომ შენ აბსოლიტურად ჯანმთელი ხარ, მარკ, არც ტვინში გჭირს რამე და არც სხვაგან, მოკლედ რომ ვთქვათ, შენი ტვინი და სხეული საათის მექანიზმივით უშეცდომოდ მუშაობს... 
- სასაცილოა, - შეაწყვეტინა მარკმა, - რომელ უშეცდომობაზე მელაპარაკები, ექიმო, როდესაც იმასაც კი ვერ ვიხსენებ, აქ რატომ ვარ, რა შემემთხვა.. ისე, მე გიცდიდით, რომ თქვენ თვითონ მეტყოდით ამის შესახებ, მაგრამ ამაოდ. ამიტომ ექიმო, თავი დაანებეთ მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს და ერთ სრულიად მარტივ კითხვაზე გამეცით პასუხი : აქ როგორ მოვხვდი? რათქმაუნდა ტრანსპორტირების საშუალებას არ ვგულისხმობ. 
მარკმა წყალი მოსვა, ზურგით საწოლის თავს მიეყრდნო და მოსასმენად მოემზადა. ექიმი ტომპსონი მიხვდა, რომ ამ აბეზარი ყმაწვილის კითხვებისგან თავს ვერ დაიძვრენდა, მარკ კრამერი ასაკის მიუხედავად კამათში გამოცდილი ჟურნალისტივით სხარტად და უშეცდომოდ აზროვნებდა. 
- მისტერ კრამერ, - ოფიციალურად დაიწყო ექიმმა, - თქვენ, როგორც პოლიციის ანგარიშში წერია, იმყოფებოდით ბარში, ქალაქგარეთ, სადაც მიიღეთ ალკოჰოლი და უკან დაბრუნებისას მოგიხდათ ავარია, თქვენ ალბათ სასწაულის ძალით გადაურჩით სიკვდილს, მანქანა კი ისეთ მდგომარეობაშია, ჯობია დაჭრათ და ლითონის ჩამბარებელ პუნქტში წაიღოთ, - ექიმმა სამედიცინო ბლანკს ჩახედა, - ამ ბედნიერ ისტორიაში კი ისაა საოცარი, რომ როდესაც თქვენ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აქ მოგიყვანათ, ერთიანად სისხლში იყავით ამოსვრილი, თქვენი გასუფთავების შემდეგ კი ეს სისხლი თქვენი სისხლის ჯგუფს შევადარეთ და დაემთხვა, ეს თქვენი სისხლია,... მაგრამ...ერთი რამ ვერ გავიგე.., - ექიმმა კვლავ მხარზე დაადო ხელი, - მარკ, ეს რომ შენი სისხლია ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ... სად არის ის ჭრილობები, რომელსაც სისხლი უნდა გამოეყო? სად არის მოტეხილი ხელი, ფეხი, გადამტვრეული კისერი, ამის დედაც, სად არის დაჟეჟილობა,... მისტერ კრამერ, არათუ ჭრილობა, თქვენ სისხლჩაქცევაც კი არ აღგენიშნებათ, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია,... ისე, მიხარია, რომ ჩვეულებრივ თინეიჯერებს არ ჰგავხარ, კიდევ კარგი 911-ზე დარეკვა მაინც შეძელი, სულ ესაა, - ექიმი წამოდგა და კარისკენ გაემართა, მაგრამ მარკის შეცბუნებული და აკანკალებული ხმა მახვილივით ჩაესო ზურგში. 
- ექიმო,... 911-ზე მე არ დამირეკავს, ეს ზუსტად მახსოვს. 
ექიმი შემობრუნდა. 
-რა ბრძანეთ?.. იმ მომენტში იქ არავინ იმყოფებოდა, მისტერ კრამერ, თქვენ თუ არა, მაშ ვინ დარეკა 911-ზე?...
- მე არსად დამირეკავს, ექიმო, - მტკიცედ გაიმეორა მარკმა და თვალი თვალში გაუყარა. 
ექიმმა ტომპსონმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ საუბარი შეაწყვეტინათ მაღალმა, ბრგე მამაკაცმა, რომელიც დაუპატიჟებლად შემოვიდა პალატაში, შავი ტყავის კურტაკზე ვერცხლისფერი ვარსკვლავის ბრჭყვიალი ხაზს უსვამდა მის აღმატებულ სტატუსს. 
- შერიფო კრამერ, - მიეგება ექიმი. 
- ექიმო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, - შერიფმა ბეჭებზე ხელი დაუტყაპუნა ექიმს და კარისკენ გააცილა, - მადლობელი დაგრჩებით, თუ ჩემს ძმისშვილთან მარტო დამტოვებთ, ჩვენი საუბარი ვჰგონებ არ უნდა იყოს სასიამოვნო მოსასმენი თქვენი ნაზი ყურებისთვის.
ექიმი ტომპსონი შეჩვეული იყო შერიფის საუბრის ამგვარ უცნაურ სტილს, თითქმის ცინიკურს და დამცინავს, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანი იყო ამ პატარა ქალაქის ათი ათასი მაცხოვრებელთაგან, ვისთანაც საერთო ენის გამონახვა შეძლო, საერთო ენის გამონახვაში კი დიდი როლი იმ ავადსახსენებელმა ბარმა ითამაშა, სადაც ყოველ უიკენდზე შერიფი და ექიმი მაგარ-მაგარ სასმელებს ყლურწავდნენ ხოლმე, სპორტის სიახლეებს განიხილავდნენ, პოლიტიკაზე ცხარედ კამათობდნენ და საბოლოოდ ყველაფერი ყოველთვის იმით სრულდებოდა, რომ ქალაქის პატივცემული მერი იძულებული ხდებოდა საკუთარი მანქანა გაეგზავნა ბარში, რათა ალკოჰოლისგან გამობრუჟული ძმა და მისი უხიაგი კომპანიონი საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ყოველგვარი ექსცესის გარეშე მოხვედრილიყვნენ. 
ექიმის გასვლის შემდეგ შერიფი ქუსლებზე შემოტრიალდა და მარკს მკაცრი მზერა მიაპყრო. 
- ბიძაჩემო, მე... 
- არ გინდა, - ხელის აქნევით დაადუმა შერიფმა, - შენ უკვე მერამდენედ არღვევ პირობას, რა გემართება მარკ, ჩემი გაზრდილი ხარ, ჯერ ასეთი პატარა ხარ, - შერიფის ხმა ყვირილში გადაიზარდა, - ყოველთვის შენს გვერდით ვარ, როცა რამე გიჭირს, როცა რამე გჭირდება, შენ კი რით მპასუხობ? მიპასუხე შე პატარა ნაძირალავ, გელოდები!
- მხოლოდ რამოდენიმე სირჩა კოქტეილი დავლიე, - წაიბურტყუნა მარკმა და თავი ჩაღუნა. 
შერიფს აღარაფერი უთქვამს, ფანჯარასთან მივიდა, გაიხედა, შემდეგ შემობრუნდა და მარკს ყოყმანით მიაშტერდა. 
- მარკ, იქნებ გაიხსენო რას ან ვის დაეჯახე? 
მარკი გაოცებისგან ლამის წამოხტა საწოლიდან. 
- ბიძაჩემო, თქვენ რა, ჯერ არ დაგიდგენიათ ეს? ჩემი იმედი ნუ გექნება, არაფერი მახსოვს.. 
- საქმე ისაა, რომ დარტყმის მომენტში იმ ვიღაცამ, ვიღაცამ, - ხაზგასმით წარმოთქვა შერიფმა, - კვალი დატოვა მანქანაზე, თავიდან ვიმედოვნებდი, რომ ეს უბრალოდ ირემი იყო, მაგრამ შემდეგ აი ეს აღმოვაჩინე, - მან გამარჯვებულის ღიმილით ასწია მაღლა ცელოფნის პაკეტი, სადაც შავი ძაფის ნაგლეჯი იდო. 
- მერე? - მოუთმენლობა ვერ დამალა მარკმა. 
- მერე ის, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ირმები კოსტიუმით არ დაიარებიან, ეს კოსტიუმის ძაფია, რომელიც დარტყმისას შერჩა მანქანას, - დაასრულა შერიფმა და მარკის ჭიქიდან მოსვა წყალი.
- ხოო..არვიცი რა ვთქვა, - კეფა მოიქექა მარკმა, - ალბათ რამე შეცდომაა, ადამიანი ასე ძლიერად ვერ დალეწავდა მანქანას...


თავი 4



პალატის შუშის კარზე ჯერ მსუბუქი კაკუნი გაისმა, მერე ოდნავ გაიღო და ექიმ ტომპსონის უხერხულობისგან ალეწილი სახე გამოჩნდა. 
- შერიფო, ეე... მინდოდა თქვენ და მარკს ერთად გაგსაუბრებოდით, რაღაც დილემის წინაშე აღმოვჩნდი და.. 
შერიფმა გაიღიმა და თავის დაქნევით შემოიწვია პალატაში, თვითონ მარკის საწოლზე მოთავსდა, სკამი კი ექიმს დიდსულოვნად დაუთმო. ექიმმა თავაზიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ჩამოჯდა და ბიძა-ძმისშვილს თვალი შეავლო. 
- შერიფო, სააავადმყოფოს წესდება პაციენტთა გაწერისას მკაცრად მოითხოვს დაფიქსირდეს ყველა გამოვლენილი ფაქტი, კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მარკს ამ რამოდენიმე წლის წინ გაუხსნეს სამედიცინო ისტორია მმმ...იმ ფაქტთან დაკავშირებით, - ექიმი მოერიდა სიმსივნის ხსენებას, - ახლა კი, ამ სამედიცინო ისტორიას ახალი გვერდები ემატება, სადაც შევიტან მარკის მდგომარეობას, ანუ სტაციონარში მოთავსებისას და გაწერის შემდეგ,.. ჰოდა.. 
შერიფს, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილ სერჟანტს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, ამიტომაც მოუთმენლად გააქნია თავი. 
- საქმეზე გადადი, ალდო, საქმეზე, როგორ ფიქრობ, შერიფს აქვს იმდენი დრო, რომ შენი სამედიცინო ტერმინებით გადაღალო? 
ექიმ ტომპსონს არ სწყენია მეგობრის სიტყვები, მხოლოდ გაიღიმა. 
- კარგი. მოკლედ, უნდა ჩავწერო, რამ გამოიწვია მისი კლინიკაში მოხვედრა, დაწვრილებით უნდა აღიწეროს ყოველი ჭრილობა, საიდანაც სისხლი გაჩნდა სხეულზე, მაგრამ... 
- მაგრამ ჭრილობები არ ჩანს, - დაასრულა შერიფმა და მარკს მიუბრუნდა, - მე და შენ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით ვილაპარაკებთ, - შემდეგ ისევ ექიმს გახედა, - ალდო, თავი მოუყარე ამ ახალგაზრდის ნივთებს, ტანსაცმელს, ყველაფერს და ჩვენ ახლავე წავალთ. 
ექიმმა გაპროტესტება სცადა, მაგრამ შერიფის ნერვიულად დაჭიმულ ყბას რომ ჰკიდა თვალი, გადაიფიქრა, ახლავეო, ჩაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა კარს. 
- ჭრილობებს რაც შეეხება, - დაადევნა შერიფმა, - ისე გააკეთე ეს საქმე მეგობარო, რომ ვინმე ჭკვიანს რაიმე შეკითხვა არ დაებადოს.
მარკმა ერთხანს შეიცადა, სანამ ექიმი პალატიდან გავიდოდა, მერე ბიძას შეავლო დამცინავი მზერა. 
- შენ ახლახანს ფედერალური კანონი დაარღვიე, შერიფო. 
შერიფმა აგდებულად ჩაიცინა და მარკს უხეშად აუჩეჩა თმები. 
- მარკ, როდესაც შენ დაიბადე, მამაშენი შენს გვერდით არ იყო, დედაშენი კი შენი დაბადებისთანავე კომაში ჩავარდა, მე ვიყავი ვინც პირველად აგიყვანა ხელში, შენ პირველად ჩემი სხეულის სითბო იგრძენი, მე კი-შენი, შენ შეიძლება არ გახსოვს, მთელი შენი ბავშვობა შენს გვერდით გავატარე და იმ მამობრივ სითბოს გჩუქნიდი, რომელიც ასე გაკლდა, არასდროს მიგრძნობინებია შენთვის მამაშენის არყოფნა, - შერიფი შეყოვნდა, აშკარად უჭირდა საუბარი ამ თემაზე, მას, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილ სერჟანტს სისხლში ჰქონდა გამჯდარი ყოველგვარი სენტიმენტალობის იგნორირება, მაგრამ.. - ვიცი, რომ მე და შენ გაცილებით ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ვიდრე სხვა ნებისმიერ ბიძა-ძმისშვილს, ამიტომ იმედი მაქვს გაიგებ ჩემი შენდამი მრისხანების გამოვლინების მიზეზს, - შერიფმა წყალი მოსვა და შევერცხლილი საფეთქლები მოისრისა. 
მარკმა ბიძას თანაგრძნობით დაადო მუხლზე ხელი და შემდეგ მხარზე მოუთათუნა. 
- ვიცი, ვიცი და ვხედავ ყველაფერს, არაფერი მწყენია, დაივიწყე, მე ხომ ნაძირალა მოზარდი ვარ, როგორც მრავალი სხვა, - მარკმა გაიცინა და ამით განმუხტა სიტუაცია, შერიფსაც გაეცინა და წამოდგა. 
- კარგი, კარგი, გვეყო ქალებივით ტირილი, უნდა წავიდეთ, ხომ იცი, ვერ ვიტან აქაურობას.
მარკი ღიმილით დაეთანხმა, საწოლზე წამოჯდა და ის იყო, უნდა წამომდგარიყო, რომ უეცრად თითქოს თავში რაღაც ჩასცხეს, ტკივილისგან თვალთ დაუბნელდა და თითქოს კვლავ რძისფერ ნისლში დაიწყო ჩაძირვა... 
....მარკმა მიმოიხედა, ირგვლივ სიბნელე იყო, მხოლოდ ბარიდან გამომკრთალი სუსტი შუქი და ლამპიონების მბჟუტავი ანარეკლი ჰკვეთდა გარსშემოჯარულ წყვდიადს. მარკი ბარს დააკვირდა, იცნო, და თავისდა გასაოცრად, აღმოაჩინა, რომ ზუსტად ის ბარი იყო, საიდანაც წამოსვლის შემდეგ შეემთხვა ინცინდენტი, ბარის წინ ხმამაღალი სიცილის, გინების და უხამსი ხუმრობების ზღვა იდგა, იქვე რამოდენიმე ძველმოდური მანქანა იწონებდა თავს, მათგან სამიოდე მარკს მხოლოდ მუზეუმში თუ ჰქონდა ნანახი, ყველაფერს ძველმოდური და ობმოდებული იერი დაჰკრავდა, თითქოს ჰაერიც კი განაცრისფრებულიყო... 
- რა ჯანდაბა ხდება? - გაიფიქრა მარკმა და მისი ყურადღება პატარა შავკანიანმა ბიჭუნამ მიიპყრო, რომელსაც ხელში გაზეთების შეკვრა ეჭირა და ყოველ გამვლელ-გამომვლელს სთავაზობდა. 
- შეიძინეთ გაზეთი, ბატონებო, - წვრილი ხმით გაჰყვიროდა ბიჭუნა, - ახალი ამბები, პრეზიდენტ ტრუმენის გამოსვლა კონგრესში...
მარკი უეცრად გამოერკვა და სხეული გაუცივდა. გონების თვალი გადაავლო ისტორიას და აღმოაჩინა, რომ ტრუმენი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა ათას ცხრაას ორმოცდახუთ წელს. მარკმა ამჯერად ყურადღებით შეათვალიერა ბარის წინ შეკრებილი ბრბო და ადვილად გაარჩია სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი მამაკაცები, ეს უნიფორმა არაფერში და არასდროს შეეშლებოდა მარკს, რადგანაც ბაბუამისი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, კერძოდ 1944 წლის ნორმანდიის სადესანტო ოპერაციაში. მისი უნიფორმა დღესაც ინახებოდა. მარკმა კვლავ მიმოიხედა. 
რამოდენიმე მეტრის მოშორებით ტანმაღალი მამაკაცი იდგა მისკენ ზურგშექცევით და გულგრილად დაჰყურებდა მის ფეხებთან მწოლიარე სხეულს, რომელიც სამუდამოდ გაყინული თვალებით ჩამუქებულ ზეცას აჰყურებდა. 
- მკვლელობა, - გაიფიქრა მარკმა, - ესღა მაკლდა. 
მარკმა ტანზე დაიხედა და ლამის შეჰყვირა გაოცებისგან, ტანთ ეცვა თითქმის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მოდის სამოსი, ხელებზე თეთრი ხელთათმანები ეკეთა, მხარზე კი პატარა ჩანთა ეკიდა, ზუსტად ისეთი, იმ პერიოდის ქალები რომ ატარებდნენ.
- ჯანდაბა, მე... რა, ქალი ვარ? - ეს ხმა ყვირილით გაისმა მის გონებაში. თითქოს მისი ყვირილი მოესმაო, უცხო მამაკაცი მოულოდნელად შემოტრიალდა და მარკს ყურადღება გაეფანტა, ის მამაკაცს დააკვირდა, რომელიც ნელი და ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა მისკენ. ეს იყო საშუალოზე კარგად მაღალი, მხარბეჭიანი პიროვნება, ქერა თმით, მოკლე ქერა წვერით, ისეთი ქერა, ჟღალიც კი თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინათ. მაღალი, კეხიანი ცხვირი, გამოკვეთილად მკაცრი ნაკვთები, ცისფერი გამსჭვალავი თვალები.. ეცვა შავი სმოკინგი, გარეთ გადმოკეცილი თეთრი საყელოთი. მამაკაცს ერთ ხელში ტყავის ხელთათმანი ეჭირა, მეორეში კი თეთრი, გაქათქათებული ცხვირსახოცი, რომლითაც სავარაუდოდ სისხლიანი მარჯვენა შეემშრალებინა, ამას მოწმობდა ცხვირსახოცზე არსებული ალისფერი ლაქები.. 
მარკმა გაუცნობიერებლად დაიხია უკან, საფრთხე იგრძნო, უცნაურ გარემოებებს კვლავ ადამიანური თვითგადარჩენის ინსტინქტმა სძლია. ფეხი მოზრდილ ქვას წამოჰკრა და დაეცა, ამ დაცემისას მოხდა კიდევ ერთი მოულოდნელობა, თითქოს მარკის სული განცალკევდა ქალის სხეულისგან და ახლა გვერდიდან აკვირდებოდა სიტუაციას. მარკის გულში ათასგვარი გრძნობა აირია ერთმანეთში, ცხოველური შიში, სასოწარკვეთა, გაოცება.. მაგრამ მან როგორღაც მოახერხა კონცენტრირება და გადაწყვიტა თვალი ედევნებინა ამ უცნაური, მისტიკური სიტუაციისთვის. 
მაღალი მამაკაცი ქალის წინ შედგა და თავით-ფეხებამდე შეათვალიერა. ქალის თვალებში გაოგნებაში აზელილი შეძრწუნება ჩაყინულიყო. 
- მემ, - ხავრდოვანი ხმით მიმართა მამაკაცმა, - ვიმედოვნებ, არ დაშავებულხართ, გულწრფელად გიხდით ბოდიშს, თუ თქვენში შიში გამოვიწვიე და ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის მომსწრე შეიქმენით... 
ამ დროს გაყინული ჰაერი ხმამაღალმა სიცილმა და ტაშის კვრის ხმამ გაჰკვეთა. მამაკაცი ელვის უსწრაფესად მოტრიალდა ხმის მიმართულებით, მთელი სხეული დაეჭიმა, ყოველი კუნთი, პირში დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო, თვალები ჩაუსისხლიანდა, ყრუდ და ავისმომასწავლებლად დაიღრინა, თეთრი ეშვები გააელვა და სუსხიანი მზერა შეავლო პიროვნებას, რომლისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ტრაგიკომედიას წარმოადგენდა და მეტს არაფერს. 
- მოხარული ვარ, ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს, ლუციუს, - ჩაიქირქილა ახალმოსულმა და ქერა მამაკაცის პირისპირ შედგა, არანაირ შიშს არ ამჟღავნებდა მისი რომელიმე მოქმედება, გარეგნობით თითქოს ლუციუსს ჩამოჰგავდა და ამავდროულად მის საწინააღმდეგო ტიპაჟს წარმოადგენდა, - განრისხება და თავდაცვით პოზაში დგომა საჭიროო არაა... ვხედავ, კვლავ ჩვეულ ფორმაში იმყოფები, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც. 
ლუციუსმა, ქერა მამაკაცმა, რომელსაც წამიერი გარდასახვის ნიშანწყალიც კი აღარ ეტყობოდა, 
საკუთარი ღირსების შეგრძნებით დაკეცა ცხვირსახოცი და ჯიბეში ჩაიდო, სმოკინგი ჩამოიფერთხა, გულზე ხელები დაიკრიფა და მოსულს მიაჩერდა. 
- კოვაქს, არ ველოდი შენს გამოჩენას, მაგრამ როგორც ყოველთვის, მიხარია შენი ხილვა ამ საცოდავ სამყაროში.. 
- რომელიც ჩვენს სამყაროსთან ახლოსაც ვერ მოვა, მხსნელი ლუციუსი ჩვეულ ამპლუაში, - დაასრულა კოვაქსმა და ქალს გახედა. 
ლუციუსმა მისი მზერა დაიჭირა, დაინახა, როგორ გაუკრთა ბოროტი ცეცხლი კოვაქსს წყვდიადივით შავ თვალებში. 
- ეს ქალი მსხვერპლია, - ბასრ კბილებში გამოსცრა ლუციუსმა და კოვაქსისკენ გამაფრთხილებლად გადადგა ნაბიჯი, - აი, ის კი, ვისაც ჩვენი გამოაშკარავება და რეალობის აბსოლიტურად განსხვავებული ვერსიისთვის ფარდის ახდა შეეძლო, უკვე ვეღარ შეძლებს ამას, - მან გვამისკენ გადააქნია თავი. 
- მშვიდად, მშვიდად, ძმაო, - ხელები შემრიგებლურად ასწია და ოდნავ უკან დაიხია კოვაქსმა, იმის საჩვენებლად, არ გეწინააღმდეგებიო, - ჩვენ ორივე პირველყოფილები ვართ, პრიმუმები, ჩვენ ერთმანეთს არ ვებრძვით... 
ლუციუსს სახე დაუწყნარდა. 
- აქ რას აკეთებ? 
- მე აქ გავლით ვარ, მეგობარო, ბარში ვიჯექი და ვისკის გეახლებოდი, როდესაც შენი ხმა მომესმა, როცა აი ამ საცოდავ არსებას სჯიდი, - კოვაქსმა ხელი გაიშვირა გვამისკენ, - ჰოდა, ვიფიქრე, რატომაც არა, უნდა მივიდე და მივესალმო თვით ძლევამოსილ ლუციუსს, რომელიც აგერ უკვე თითქმის ორი საუკუნეა არ მინახიათქო, ისევ ის ხარ, შენ ამდენი საუკუნის შემდეგაც კი არ იცვლები, სიმპათიური, იდუმალი, თავბრუდამხვევი, სამართლიანი და უმოწყალოც, მაინც როგორ უცებ ამოგლიჯე გული, არადა შეგეძლო გაგეხანგრძლივებინა სიამოვნება, ეს ხომ ჩვენი ბუნებაა, - კოვაქსმა ბრაზით გაიცინა, - მერწმუნე, თეთრი შურით მშურს შენი, ასე რომ განსხვავდები ჩვენგან..
ლუციუსმა ეჭვით შეხედა. 
- სულ ესაა? 
- სულ ესაა, - დაუდასტურა კოვაქსმა. 
მარკმა კვლავ იგრძნო კეფაში საზარელი ტკივილი, რამაც თვალს დაუბნელა და პირველი, რაც ჩაესმა, ნაცნობი ხმა იყო. 
- ჯანდაბა, გონს მოდის, მარკ, მარკ, ჩემი გესმის? - შერიფს მუხლებზე ედო მარკის თავი, მის გვერდით კი ექიმი ტომპსონი ჩამუხლულიყო და შეშფოთებული აკვირდებოდა. 
- კარგად ვარ, - ამოთქვა მარკმა და წამოჯდა, - უბრალოდ, გონი დავკარგე... 
- შერიფო, კატეგორიულად მოვითხოვ პაციენტი კლინიკაში დავტოვოთ შემდგომი გამოკვლევებისკენ, - განაცხადა ექიმმა ტომპსონმა. 
შერიფმა ამოიოხრა და თავი გააქნია. 
- მაშინ ეს თვითონ სთხოვე მას, ალდო, ის გვარად კრამერია, ჩემი სისხლის და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას.. 
მარკმა რა თქმა უნდა, უარი განაცხადა ყოველგვარ შემდგომ გამოკვლევაზე, ეს ყველაფერი პოსტ-ტრავმულ სტრესს მიაწერა ბიძასთან ერთად დაუყოვნებლივ დასტოვა საავადმყოფო.
მარკი შერიფის მანქანაში მოთავსდა მძღოლის სავარძლის გვერდით. შავი "ფორდის" პიკაპს წარწერა ამშვენებდა-"ქალაქ სალემის შერიფის დეპარტამენტი". რაც მარკის აზრით პომპეზურად ჟღერდა, იმის გათვალისწინებით, რომ სალემი ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ქალაქების სიაში არ შედიოდა, სულბრაღაც ათი ათასამდე მაცხოვრებელს ითვლიდა და ყოველბწელს ხუთი-ექვსი მკვლელობა თუ მოხდებოდა, რაც შტატების სხვა ქალაქებთან შედარებით, უდავოდ საუკეთესო მაჩვენებელი იყო. 
- თავს როგორ გრძნობ? - ჰკითხა შერიფმა და კალთაში კარტოფილის ჩხირებით, კოკა-კოლით და ჰამბურგერით სავსე ქაღალდი ჩაუგდო. იცოდა, რომ მარკი სულაც არ იყო წინააღმდეგი სწრაფი კვების საშუალებების. 
მისი სიტყვების საპასუხოდ, მარკს უეცრად სახე შეეშალა, მანქანის კარი წიხლისკვრით გააღო, გადახტა და გიჟის გამომეტყველებით მიმოიხედა. შერიფი არ დაბნეულა, სამსახურეობრივი იარაღი მოიმარჯვა და ფრთხილად შემოუარა მანქანას, საბარგულთან მარკი გაშეშებულიყო და მიწას დაბნეული აკვირდებოდა. შერიფი ფრთხილად მიუახლოვდა, გვერდით ამოუდგა და მხრით შეეხო მხარზე. მარკი შეხტა. 
- მარკ, რა ჯანდაბა გემართება, გამაგებინე, - შერიფი დაძაბული ათვალიერებდა გარემოს და ტყეს, რომელიც სამი მხრიდან ეკვროდა კლინიკას. როდესაც დარწმუნდა, რომ საშიშროება არ ემუქრებოდათ, შერიფმა ვერცხლისფრად მოლაპლაპე "მაგნუმი" ბუდეში ჩააბრუნა და მარკს მიუბრუნდა.
- რა ხდება?
- გეფიცები,.. მე ის დავინახე.. ის... წეღანაც ვნახე, როდესაც გონი დავკარგე.., - ამოილუღლუღა მარკმა, გაფითრებული სახით მოატარა მზერა ირგვლივ და საბარგულს მიეყრდნო, - ის აქ იდგა, ზუსტად ამ ადგილას... და მე მიყურებდა... უკანა ხედვის სარკეში დავინახე.. 
- რა ჯანდაბად შევეხეტე მაღაზიაში, - დაიღრიალა შერიფმა და რამოდენიმე სართულიანი ბინძური გინებაც არ დაიშურა, - ვინ იდგა აქ, მარკ, ვინ დაინახე? 
- ის... ლუციუსი... თუ კოვაქსი... შავი თვალები, არა, კოვაქსი, დიახ.. კოვაქსი.. 
- ვინ? -შერიფს პირველად ესმოდა ეს სახელები, ამ ქალაქში მრავალი წელი ცხოვრობდა და ასეთს არავის სცნობდა. 
- კოვაქსი, - დაბნეულად გამოეპასუხა მარკი და კვლავ თვალები გააცეცა ტყისკენ. 
- ვინ ჯანდაბაა ეს კოვაქსი? - იკითხა შერიფმა, მარკს ხელი მოჰკიდა და მანქანისკენ გაიყოლა, - რაღაცეები გეჩვენება, ასეთი სახელები არასდროს მსმენია, და არც არავინ ყოფილა აქ, არავინ, - მტკიცედ გაიმეორა მან და რატომღაც ეჭვით გახედა დაბურულ ტყეს...


თავი 5



აშვი საპატრულო "ფორდი" ნელა მოძრაობდა სალემის მთავარ გზატკეცილზე, სალონში სიმყუდროვე სუფევდა. ორივე ფიქრებს მისცემოდა, მარკს გვერდითა შუშისთვის მიეყრდნო თავი და თვალს აყოლებდა გზის პირას ჩარიგებულ პატარა კოხტა სახლებს, აქ თითქმის ყველა სახლი ერთნაირი იყო, ხისგან აგებული, სამ საფეხურიანი გარე კიბით, მყუდროდ მოწყობილი პატარა ეზოთი, მწვანე კორდით..მარკს ძალიან უნდოდა ბოლო ათი დღე საკუთარი ცხოვრებიდან ამოეშალა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ამიერიდან შეუძლებელი იყო ცხოვრების ჩვეულ რუტინას მისცემოდა და ყველაფერი დაევიწყებინა, წყვდიადმა უკვე შემოაბიჯა მის იდეალურ სამყაროში და გრძნობდა, ძლიერი თუ არ იქნებოდა და მტკიცედ თუ არ დახვდებოდა ამ ხილულ და უხილავ მოწინააღმდეგეს-თვით ცხოვრებას, ვეღარაფერი უშველიდა, ვერავინ გადაარჩენდა მისი ულმობელი კლანჭებისგან. მარკმა ამოიოხრა და კოკა-კოლა მოსვა. 
- არ გინდა, ვილაპარაკოთ? - ფიქრთა ძაფი დაურღვია შერიფმა კრამერმა. 
- რის შესახებ? 
შერიფმა ოდნავ შეანელა მანქანა და მარკისკენ მოტრიალდა, გაკვირვებული სახე ჰქონდა. 
- ამ ყველაფერზე მარკ, იმ დამპალ შავ ძაფზე, შენი ჭრილობების შეხორცებაზე, კლინიკის ავტოსადგომზე შენს გამოხტომებზე, ვფიქრობ, არც ისე ცოტაა სალაპარაკო. 
მარკმა კვლავ ამოიოხრა, ამ რამოდენიმე დღეს თითქოს უფრო დაებრძენებინა ის. 
- სალაპარაკო არაფერია, თვითონაც არ ვიცი რა ხდება. 
შერიფმა გაბრაზებით დასცხო ხელი საჭეს, მისი სახე ულმობლობას გამოხატავდა. 
- მაინც გავარკვევ, რა ჯანდაბა ხდება ჩემს ქალაქში და შენს თავს, ვაპირებ... 
შერიფს სიტყვა არ დასცალდა, მხარზე მიმაგრებული რადიოსადგური აშიშინდა. 
- ვიძახებ შერიფ კრამერს, ვიძახებ შერიფ კრამერს, - შერიფის თანაშემწის, ჯონ ლედჰემის ხმა გაისმა, - შერიფო გესმით ჩემი? 
შერიფმა მანქანის მართვა მარცხენა ხელით განაგრძო, მარჯვენათი კი რადიოსადგურის ღილაკს დააწვა. 
- შერიფი კრამერი ხაზზეა, ილაპარაკე, ჯონ. 
- შერიფო, "სტივის ბარიდან" ქალაქისკენ მომავალ გზაზე მძიმე შემთხვევა გვაქვს, შეგიძლიათ, რომ... 
- მოვდივარ, - არ დააცადა შერიფმა და "ფორდი" ღმუილით დაიძრა მითითებული ადგილისკენ. 
- რა თქმა უნდა, შენი დასწრება იქ არაფერში მჭირდება, - უხეშად თქვა შერიფმა, - საერთოდაც, ფედერალური კანონის მიხედვით, სამოქალაქო პირის დასწრება შემთხვევის ადგილზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ის ამ შემთხვევის მონაწილეა, მაგრამ ამ მომენტში სხვა გზა არ მაქვს, იმედია მამაშენთან ენას კბილს დააჭერ ამ საკითხზე. 
მარკს ალმაცერად ჩაეღიმა და უფრო მოხერხებულად მოეწყო სავარძელში. 
შემთხვევის ადგილზე უკვე მისულიყვნენ შერიფის თანაშემწე, მაღალი და მკაცრი გამომეტყველების მამაკაცი, შერიფივით სიტყვაძუნწი და უხიაგი, მაგრამ თავისი საქმის მცოდნე და უბადლო პროფესიონალი. 
- რა ხდება აქ, ჯონ? - შერიფი მანქანიდან გადმოვიდა და თვალი შეავლო გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის და ჟურნალისტების ორ მანქანას, რომლებიც გზისპირა ხეებში ისე შეყუჟულიყვნენ, თითქოს შერიფის მოსალოდნელი მრისხანების შეეშინდათო. 
- მოკლედ, - თანაშემწემ გზა გაიკვალა შემთხვევის ადგილისკენ და შერიფიც თან გაიყოლა, - ცოტა უცნაური შემთხვევაა, ჯობია საკუთარი თვალით ნახოთ. 
- მედია აქედან მოაშორეთ, - პირველი განკარგულება გასცა შერიფმა და გზის პირას მდებარე ქარსაცავი ზოლისკენ გაემართა, სადაც ხეს შეჯახებულ წითელ "როვერს" მსუბუქი კვამლი ასდიოდა. მარკიც უკან მიჰყვა. 
შერიფმა გარშემო შემოუარა მანქანას და სიტუაციის შეფასება დაიწყო. როგორც პირველი შეხედვიდან ჩანდა, "როვერი" ბარიდან ქალაქის მიმართულებით მოძრაობდა, მართვა დაკარგა და გზიდან გადავიდა. პოლიციას უკვე შემოესაზღვრა შემთხვევის ადგილი "DON'T CROSS, POLICE LINE" ყვითელი ლენტებით, იქვე მუშაობდა ორი ექსპერტ-კრიმინალისტი, ხოლო სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ცდილობდნენ შემთხვევის ერთ-ერთი გადარჩენილი მსხვერპლი ცნობიერებაზე მოეყვანათ.
მარკი ფრთხილად მიუახლოვდა დაშავებულებს და სამედიცინო მაშველის მხრის ზემოდან გადახედა. ეს იყო ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქალი, ქალიც კი არ ეთქმოდა, უფრო ახალგაზრდა და ნორჩი ჩანდა, თეთრ სახეზე სისხლი შეხმობოდა, მაგრამ ეს სისხლიც კი ვერ ფარავდა მისი სახის სიმშვენიერეს, რაც უმალ შეაფასა მარკმა. 
- მარკ, აქედან წადი, - დაუცაცხანა მედიკოსმა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა მარკი, რადგან ის და მისი ქალიშვილი ალმა სკოლის პერიოდში, დამამთავრებელ კლასში გვერდი-გვერდ იჯდნენ და რამოდენიმეჯერ მის მშვენიერ სახლშიც იყო ნამყოფი წვეულებაზე. 
მარკმა თავი დაუქნია და ბიძას მიაშურა, რომელიც თავისი ხასიათის შესაბამისად რაღაც საკითხზე ცხარედ ეკამათებოდა თავის თანაშემწეს, ამიტომ არცერთს არ შეუმჩნევია მარკის შემოერთება. 
- ამის ახსნა შეუძლებელია, - ამბობდა ჯონი, - მანქანა მოდის, არც ისე დიდი სისწრაფით, თითქმის სტანდარტულადაც, როგორც დაშვებულია ამ გზაზე, შემდეგ ბრახ და ხეს ეჯახება, კაცი იღუპება ეშმაკმა უწყის რომელი ცხოველის ნაკბენისგან... 
- კარგი, - შეაწყვეტინა შერიფმა, - დავუშვათ შენი თეორია სწორია, რით ახსნი იმ ფაქტს, რომ ცხოველი თავს დაესხა მხოლოდ მამაკაცს, და ბოლოსდაბოლოს, გინდა დამაჯერო რომ ცხოველის ნაკბენმა მოკლა ის? 
- საქმე ისაა, - არ დაუთმო ჯონმა, - რომ მსგავსი ნაკბენი ძნელად თუ დატოვებდა ადამიანს ცოცხალს... 
მარკს მეტად აღარ მოუსმენია მათი კამათი, მაშინვე მანქანის გვერდით დასვენებულ გვამს მივარდა და ექიმის წინააღმდეგობის მიუხედავად მკერდამდე ჩაუხსნა შალითის შესაკრავი, სადაც უკვე ჩაესვენებინათ გარდაცვლილი. მარკს სხეულის დასათვალიერებლად დრო არ დაუკარგავს, ინსტინქტურად მიხვდა, სადაც უნდა ეძებნა, გარდაცვლილის თავი შემოაბრუნა და შეძრწუნებული დააკვირდა საშინელ ჭრილობას, რამაც ამ უიღბლოს სიკვდილი გამოიწვია. ეს იყო ნაგლეჯი ჭრილობა, რაღაც საშინელი საგნის მოქმედებით არტერია და კისრის ნახევარი თითქმის მოშორებული ჰქონდა სხეულს, კისრის საღად დარჩენილ ნაწილს უცნაური ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები ეტყობოდა, შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სიკვდილის მომენტში ვიღაცას თუ რაღაცას მაგრად ჰყავდა თავისი მსხვერპლი ჩაბღუჯული...მსხვერპლის ღიად დარჩენილი თვალები მარკს მიშტერებოდა და შიშს და შეძრწუნებას გამოხატავდა. მარკმა ნელა ჩამოაცურა ხელი შუბლიდან თვალებზე და საუკუნოდ დაუხუჭა, ამ მომენტში კი იგრძნო, კვლავ როგორ იძირებოდა რძისფერ ნისლში და სასოწარკვეთა დაეუფლა... 
...მარკი უკანა, მგზავრის სავარძელზე იჯდა და ღიმილით უსმენდა ახალგაზრდა მამაკაცის და ქალის ჟღურტულს, ისინი მხიარულად კამათობდნენ ჩიპსების ავკარგიანობის შესახებ და დროდადრო ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით შეხედავდნენ ხოლმე. 
- საყვარელო, - მიმართა მამაკაცმა, - ხომ ხედავ, ჩემი არგუმენტები სჯობს შენსას, გირჩევ ჩვენს თანამგზავრს სთხოვო დახმარება, თუმცა არა, მე თვითონ ვკითხავ.. მისტერ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ორსულობის პერიოდში ქალისთვის მიზანშეწონილია თუ არა ჩიპსების უზომოდ ჭამა? - მან ეშმაკურად ჩაუკრა თვალი მარკს. 
- ვფიქრობ, რომ... - დაიწყო მარკმა და საკუთარმა ხმამ გააოგნა, ეს არ იყო მისი საკუთარი ხმა, ვიღაც სხვა ლაპარაკობდა მისი პირით, ვიღაც უფრო ბოროტი და საშინელი, საოცრად ირონიული და მრისხანებაჩაქსოვილი ხმით და ეს ხმა მას არ ემორჩილებოდა, მარკი მიხვდა, რომ როგორც კლინიკის შემთხვევაში, ახლაც კულისებიდან მოუწევდა სპექტაკლის ყურება. 
- ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ გამაჩნია, - მიუგო ბოროტმა ხმამ და მამაკაცის კისერზე მფეთქავ ვენას მიაშტერდა, ასეთ მხეცურ წყურვილს რომ ჰბადებდა მასში, - და საერთოდაც, რა არის ჩიპსი? ასეთი რამ არასდროს მსმენია... 
- რაო? - მთელი ტანით მოტრიალდა მამაკაცი, - მისტერ, იმედი მაქვს ხუმრობთ, ოცდამეერთე საუკუნეში ვის არ სმენია ჩიპსის შესახებ... 
მარკის მთელი არსება გაუგონარმა და მტანჯველმა ბრაზმა შეიპყრო, იგრძნო, როგორ მოედო ცეცხლის მხურვალება სხეულს, პირში დამდნარი ფოლადის გემო შეიგრძნო და მანქანის სალონში სიტუაცია მყისიერად დაიძაბა. 
- მაპატიეთ, მაგრამ არ გაგიმართლათ, ძალიან მშიერი ვარ... 
- რა ბრძანეთ? რას გულისხმობთ? - კვლავ მოტრიალდა მამაკაცი და შიშისგან ადგილზევე გაიყინა, უცნობი თანამგზავრის ნაცვლად, მათ ბარიდან რომ წამოიყვანეს, უკანა სავარძელზე იჯდა მამაკაცი, რომლის მსგავსი მხოლოდ ფილმებში თუ ჰყავდა ნანახი, მამაკაცს თავი მკერდისკენ ოდნავ ჩაეხარა, ლოყებიდან თვალების მიმართულებით დაბერილ ძარღვებში ნათლად ჩანდა მოძრავი სისხლი, თვალები კი სისხლისფერ გუბეებად ქცეულიყვნენ, სანახევროდ გაღებული პირიდან საშინელი ეშვები მოუჩანდა. 
- რა ჯანდაბაა... - იწივლა ქალმა. 
- მაპატიეთ, - ღრენაშერეული ხმით გაიმეორა მარკმა და ალესილი ეშვებით ელვის უსწრაფესად ჩააფრინდა მამაკაცს ყელში. 
მანქანის სალონის დაგუბებული ჰაერი საზარელმა კივილმა გაჰკვეთა, მანქანამ მართვა დაკარგა, გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და გაჩერდა... 
- მარკ, - ძლიერად შეანჯღრია შერიფმა, - დაყრუვდი? სამჯერ დაგიძახე.. 
მარკი გამოერკვა და მიმოიხედა, ხეს დაჯახებულმა "როვერმა", მამაკაცის გვამმა და ირგვლივ მოფუსფუსე შერიფის დეპარტამენტის თანამშრობლების დანახვამ რეალობაში დააბრუნა, მან გარდაცვლილის სახიდან ხელი აიღო და ფეხზე წამოდგა. 
- ახლა რაღა ჯანდაბა ხდება? - თავს არ ანებებდა შერიფი და გამომცდელად აკვირდებოდა. 
-... არაფერი, არაფერი, - მექანიკურად გაიმეორა მარკმა, - კამპუსში უნდა დავბრუნდე. 
- კარგი, მშვენიერია, - გაუხარდა შერიფს და თანაშემწეს გასძახა, - ჯონ, ვინმე გამონახე, რომ მარკი სახლში წაიყვანოს.
კამპუსში დაბრუნებისთანავე მარკი საკუთარ ოთახში ჩაიკეტა, მობილური ტელეფონი მოიძია და ნომერი აკრიფა, თან მოუთმენლად და ნერვიულად სცემდა ბოლთას წინ და უკან. 
კეი შეპირებისამებრ, რამოდენიმე წუთში მოვიდა, ბიძაშვილს მივარდა, გადაეხვა, შემდეგ ოდნავ უკან დაიწია და ყურადღებით შეათვალიერა. 
- მიხარია, რომ გამოგწერეს, კრისმა მითხრა, არც ისე კარგადააო. 
მარკმა ხელი დაუდევრად ჩაიქნია. 
- მამაშენი ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად უყურებს, ეს ყველა შერიფის თვისებაა. 
კეის გაეცინა. 
- ჰო, ვიცი, ასეთია მამაჩემი, შერიფი კრამერი, - თეატრალურად წარმოთქვა და საწოლზე ფეხსაცმლის გაუხდელად წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და მოსასმენად მოემზადა. 
- აბა, გისმენ, ყველაფერი მითხარი. 
- პირველ რიგში, სანამ რამეს გეტყოდე, მინდა დავაზუსტო, ხომ შემიძლია შენი ნდობა? 
კეიმ ნაწყენი სახე მიიღო, რაც ასე შორს იყო მისი ხასიათისგან. 
- ძმაო, რა თქმა უნდა, ეს მე ვარ, შენი ბიძაშვილი, შეგიძლია ჩემს მხარზე იტირო, - ხარხარი დააყოლა ბოლოში, არ შეეძლო ბოლომდე გაბრაზებულის როლის თამაში. 
- კარგი, ოღონდ ცოტა სერიოზულად, - შეუბღვირა მარკმა და საწოლის ბოლოში ჩამოჯდა. დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი, ბარში როგორ შეხვდა ვანესას, როგორ წამოვიდა, სიტყვასიტყვით გაიმეორა ექიმ ტომპსონის და შერიფის ნაამბობი ავარიის შესახებ, მერე ხილვები კლინიკაში, ხილვა კლინიკის ავტოსადგომზე, შემთხვევა სალემის გზატკეცილზე და მასთან დაკავშირებული ხილვა. თხრობის დასასრულს, კეის ისეთი სახე და გამომეტყველება ჰქონდა, ბავშვები რომ გაიგებენ, სანტა-კლაუსი არ არსებობსო. ის საწოლიდან წამოიჭრა და მარკის წინ შედგა. 
- ჯანდაბა... ჯანდაბა, მარკ,.. არ ვიცი რა ვთქვა, - ახლა კეიმ დაიწყო ოთახში სიარული, - ეს ყველაფერი შეგვეძლო გადაღლილობისთვის და ფსიქიკური აშლილობისთვის დაგვებრალებინა, მაგრამ ნაკბენი მამაკაცის კისერზე, ეს ხომ ხელშესახები ფაქტია, - კეიში შერიფის სისხლმა და ლოგიკამ იმძლავრა, - ძმაო, ეს რაღაც... როგორ ვაპირებთ, ამას ლოგიკური ახსნა მოვუძებნოთ? ვინმეს უნდა ვუთხრათ, მაგალითად მამაჩემს,... ჯანდაბა, როგორ უნდა ვუთხრათ, ის ხომ დამცინებს და მაშინვე კაბინეტიდან გამოგვაპანღურებს, ჯანდაბა, - გაიმეორა კეიმ, - ისინი...ანუ ისინი არსებობენ, მარკ? 
- ეს მხოლოდ დროის საკითხია, კეი, - ამოიოხრა მარკმა, - მაქსიმუმ ხვალ, ექსპერტი დასკვნას დადებს, რომ მამაკაცი არანაირი ცხოველის თავდასხმისგან არ დაღუპულა, მას სისხლი გამოსწოვეს და შემდეგ კისერი მოამტვრიეს, ეს საკუთარი თვალით ვიხილე..ადამიანს კი სისხლს მხოლოდ ერთი არსება სწოვს, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში მხოლოდ ფილმებში თუ არსებობდა..., - მარკმა ისე შეხედა კეის, თითქოს მისგან ელოდა წინადადების დასრულებას. 
კეის დაეკარგა ხალისიანი გამომეტყველება, მისი არსება შიშს მოეცვა, მაგრამ არ იყო ისეთი პიროვნება, ვინც რეალობის შეგრძნებას დაკარგავდა, ალბათ ეს თვისებაც მამისგან გენეტიკურად ერგო. 
- მარკ, ისინი არსებობენ, ღამის მონადირეები, დემონები...და ეს კაციც მან მოკლა, - კეი შეყოვნდა და თავი მტკიცედ დააქნია, - ის ვამპირმა მოკლა! ჯანდაბა! - აღმოხდა მას და უღონოდ ჩაეშვა სავარძელში. 
უეცრად მარკს რაღაც გაახსენდა, გიჟივით წამოხტა, საწერ მაგიდას ეცა, რომელზეც დავალებებს აკეთებდა და ზედ დახვავებული წიგნების, ფურცლების და ათასგვარი საკანცელარიო ნივთების მორევში ქექვა დაიწყო, აქეთ-იქით ისროდა წიგნებს და თავისთვის გაუგებრად ბურტყუნებდა, შემდეგ, როგორც ჩანს, იპოვნა რასაც ეძებდა, შემობრუნდა და კეის ძველი დღიური დაანახა. 
- იმედია აქ რამეს აღმოვაჩენ, - მარკი კვლავ საწოლზე ჩამოჯდა და დღიურის ფურცვლა დაიწყო. 
ამასობაში კეიმ აბაზანა მიიღო, სამზარეულოში სენდვიჩები მოამზადა და ლანგრით შემოიტანა კოკა-კოლის ქილებთან ერთად. მარკმა, რომელსაც დაემთავრებინა დღიურის შესწავლა, სენდვიჩი ხარბად ჩაკბიჩა, ყელი კოკა-კოლით ჩაიწმინდა და მეგობარს მიმართა:
- კეი, აქ რამოდენიმე საინტერესო ჩანაწერია, მათგან ერთი კი უდავოდ დამაფიქრებელია, - მან დღიური მოიმარჯვა, - " 28 მაისი. ჩემო დღიურო, დღეს ის გოგონა პაემანზე დავპატიჟე, ქალაქგარეთ, პიკნიკზე, მხოლოდ მე და ის... რა კარგად მიდიოდა ყველაფერი, სანამ...ამ საშინელმა წყურვილმა კვლავ არ შემახსენა თავი, ღმერთო...თავი ვერ შევიკავე, როგორც ჩანს, მე ვერ ვაკონტროლებ მას, ის მაკონტროლებს... მე მისი სისხლი დავლიე.. პირდაპირ არტერიიდან, ღმერთო მიშველე.. ", - მარკმა დღიური ხმაურით დახურა, - კეი, ახლაც ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ლამაზად დაწერილი ზღაპარია?..


თავი 6



ქალაქ სალემის მერი, ორმოცდახუთიოდე წლის ბრენდან კრამერი, წარმოადგენდა საშუალო სიმაღლის, ჩასუქებულ მამაკაცს, თმაში ოდნავ შეპარული სიმელოტით, მუდამ სუფთად გაპარსული სახით და მკაცრი მზერით, რომელიც მერიის თანამშრომლებს ერთდროულად პატივისცემის და სიძულვილის გრძნობას აღუძრავდა. მერი კუთვნილ ბინაში, სალემის ცენტრისგან მოშორებით, ტყის პირას ცხოვრობდა, მის ბუნებაში არაფერი იყო მსგავსი, რაც მაღალ საზოგადოებას და მაღალი ფენისთვის დამახასიათებელ სნობიზმს უკავშირდებოდა, უბრალო კაცი იყო, უბრალო სამსახურით, უბრალო ხელფასით. მისი წლიური შემოსავალი საგრძნობლად ჩამორჩებოდა სხვა დიდი ქალაქების მმართველთა შემოსავალს, მაგრამ თავს სულაც არ გრძნობდა უკმაყოფილოდ. ახლაც, სამზარეულოში მიჯდომოდა მაგიდას მეუღლესა და ერთადერთ ვაჟთან ერთად და შემწვარ ინდაურს მიირთმევდა, საერთოდაც, ამ ოჯახურ სადილს ნაკლებად ჰქონდა ოჯახური სადილის სტატუსი, ბრენდან კრამერი რამოდენიმე თვის დაბრუნებული იყო სალემში და ამ სადილებს ოჯახთან სულიერი კავშირის აღდგენა უფრო ჰქონდა მიზნად. ამას მხარს უჭერდა მისი მომხიბლავი მეუღლეც, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით მარკზე, რომელიც მამამისის აზრით, დედისგან განებივრებული და თავის თავზე შეყვარებული ლაწირაკი უფრო იყო, ვიდრე მამამისის შვილი. არა, თავისი შვილი კი არ სძულდა, უბრალოდ გაგიჟებამდე მიჰყავდა იმ აზრს, რომ მისი მემკვიდრე საერთოდ არ ჰგავდა მას. 
მარკი დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ოჯახში უცხო მამაკაცის შემოჭრას, ვისთვისაც ამიერიდან "მამა" უნდა დაეძახა, მამის მოვალეობას მრავალი წელი ბიძა უწევდა და საკმაოდ კარგადაც, რადგან გულჩათხრობილობისკენ მიდრეკილმა მარკმა სწორედ მამამისის ძმაში ამოიცნო სულიერი მოკავშირე, რომელიც თავის ჩუმ დარდს და შინაგან ტანჯვას გარეგნული სიმკაცრით და უხიაგობით ოსტატურად ფარავდა და სიმშვიდეს მხოლოდ მარკის აღზრდით ჰპოულობდა. 
მერმა ლამაზად გაფორმებული ბროლის მაღალყელიანი ჭიქები შამპანიურით შეავსო, მეუღლეს გაუღიმა, მარკის ცივ მზერას ყურადღება არ მიაქცია და სადღეგრძელო წარმოთქვა. 
- მინდა ჩვენი ოჯახის გაერთიანების შევსვა, ძვირფასო, - თითქოს პერსონალურად მეუღლეს მიმართავდა, - მიხარია, რომ ჩვენ ამდენი წლის მერე მაინც გამოვნახეთ საერთო ენა... 
- "ჩვენში" კონკრეტულად ვის გულისხმობთ? - მარკი სკამზე გადაწოლილიყო და თავხედურად შემოჰყურებდა. 
ოლივია კრამერმა ამოიოხრა, ბრენდანს ხელზე მოეფერა და მარკს მიუბრუნდა შუბლშეკრული. 
- მარკ, ნუთუ არ შეგიძლია, რომ მამაშენს... 
- ის მამაჩემი არ არის, - ცივად ისროლა მარკმა და ფეხზე წამომდგარი ბრაზით მიაჩერდა ქალაქის მერს. 
- საერთოდაც, როდესაც სიტუაციას მესამე პირი ესწრება, და ამ პირზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს არც კი არსებობდეს... - ელეგანტურად წარმოთქვა მერმა და თვითონაც წამოდგა, -... ეს უბრალოდ უპატივცემულობაა და მეტი არაფერი.. 
- პატივისცემას დამსახურება სჭირდება, - უკმეხად მიუგო მარკმა, თავისი ფეთქებადი ხასიათის გათვალისწინებით, არ შეეძლო ასეთ მტკივნეულ თემაზე მშვიდად საუბარი. 
- მარკ, შვილო... ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და.. 
- არა, - კვლავ შეაწყვეტინა მარკმა, - ეს შენ ისაუბრე, მე არ მისაუბრია შენთან,.. და არც არასდროს ვისაუბრებ, შენ ჩემთან საუბრის უფლება დიდი ხნის წინ დაკარგე, - მარკი მაგიდას დაეყრდნო და მამამისს თვალებში მიაშტერდა, - მაინც რა უსინდისო ადამიანი ხარ, ამდენი წლის მერე ბრუნდები, ვითომც არაფერი მომხდარა, და რას ელოდი? რომ სიხარულით შეგხვდებოდი, ჩაგეხუტებოდი და მამიკოს დაგიძახებდი?... იცი, მამა მაშინ მჭირდებოდა, როცა ყველაზე ძალიან მიჭირდა, ახლა კი, ბოდიში, მაგრამ აღარ მჭირდები და შვილის დაძახებაც აღარ გაბედო ჩემთვის, მამობა მხოლოდ ბიოლოგიურ მშობლობას არ ნიშნავს, - მარკმა ყვირილით დაასრულა მონოლოგი, მთელი სხეულით კანკალებდა, ამდენი წლის დაგროვილმა ბრაზმა, ტკივილმა და ბოღმამ ერთბაშად ამოხეთქა. 
ოლივია უხმოდ იჯდა, თავზე ხელები შემოეწყო და სინანულით უსმენდა მამა-შვილის დიალოგს, თუ დიალოგი შეიძლება ეწოდოს, ცრემლმორეული თვალებით მიშტერებოდა მწვანე ძაფებს, მაგიდის გადასაფარებელს რომ გასდევდა და თითქოს ცხოვრების ფერად ძაფთა შორის ცდილობდა გაერკვია, სად გადიოდა ზღვარი სიძულვილსა და მამა-შვილურ ურთიერთობას შორის, ხვდებოდა, რომ ეს ზღვარი მრავალი ტკივილიანი და ცრემლიანი წლების მეოხებით წაშლილიყო, კიდეები გაუფერულებოდა, სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთს შერეოდა და ალბათ სამი სიცოცხლეც კი არ ეყოფოდა ამ ზღვარის ხელმეორედ გავლებას.. 
შვილის რეაქციით და სიტყვებით გაოგნებული ქალაქის მერი უხმოდ დაეშვა სკამზე. მარკი ერთხანს კიდევ დაჰყურებდა სიძულვილის ობიექტს, შემდეგ თავი ზიზღით გააქნია, შემობრუნდა და მეორე სართულზე ამავალ შიდა კიბეს აუყვა საკუთარი ოთახისკენ. მარკი ყოველ უიკენდზე ჩამოდიოდა ხოლმე მშობლიურ სახლში, "ჩამოდიოდა" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, კოლეჯის საერთო საცხოვრებელი, სადაც მარკი კვირიდან ხუთ დღეს იმყოფებოდა, მხოლოდ რამოდენიმე მილით იყო მოშორებული მშობლიური სახლიდან, მაგრამ შვილის მტკიცე სურვილს-ეცხოვრა ცალკე, ოლივია კრამერი წინ ვერ აღუდგა. 
- კოლეჯში ახალი მოსწავლე გვყავს, - მაშინვე მიახარა კამპუსში დაბრუნებულ მარკს კეიმ, რომელიც გამოზომილი მოძრაობით ისროდა ჭერისკენ ბეისბოლის ბურთს და მეორე ხელით იჭერდა. 
- გმადლობ, მეც კარგად ვარ, - ირონიულად მიუგო მარკმა, სამგზავრო ჩანთა კუთხეში მიაგდო და მაცივრიდან "ჰეინეკენის" ორი ქილა გამოიღო. 
- ის ისეთი... რაღაცნაირია, - კეიმ თვალები მოჭუტა, ფანჯრიდან შემოსულ სინათლეს გაუშტერა თვალი და ოცნებებში ჩაიძირა, - შავგვრემანი, შავთვალება, სექსუალური მკერდით, მხრებზე დაყრილი ყორნისფერი თმით, რომელიც აბრეშუმივით ბზინავს, ნატიფი ნაკვთები, და გამოხედვა... ოო, ნამდვილი მტაცებელი, - კეიმ გადაიხარხარა, ხელი ასწია და წარმოსახვაში არსებულ გოგონას მოეფერა, - ადგილზევე გაგაშეშებს და სასოწარკვეთის და სიყვარულის შოკოლადისფერ ტკბილ მორევში ჩაგითრევს.. 
- და სასოწარკვეთის რატომ? - ჰკითხა სავარძელში მოკალათებულმა მარკმა და ლუდი მოსვა. 
- ეჰ...- მოჩვენებითი გულისტკივილით ამოიოხრა კეიმ, - ის ხომ ახლოს არავის იკარებს, თანაც, ჯენეტმა როგორც კი ეს ქალღმერთი დაინახა, მაშინვე მდედრი კატასავით აიფხორა და დაიჩხავლა, " მიაუ, კეი მხოლოდ ჩემია, მხოლოდ ჩემი", - კეიმ კვლავ გადაიხარხარა.
მარკიც აჰყვა სიცილში ბიძაშვილს და როდესაც გული იჯერეს, მარკი გაიზმორა, დაამთქნარა და კეის გახედა. 
- გვეყოფა ამ გოგოზე საუბარი, რამე ხომ არ გაგირკვევია? 
კეიმ, ნაწყენმა იმით, რომ მაიმუნობა შეაწყვეტინეს, მძიმედ ამოიხვნეშა და წამოჯდა. 
- შენთან ხომ ვერ გაერთობა კაცი, შენ შუა საუკუნეებში უნდა დაბადებულიყავი, პირდაპირ ინკვიზიციის ხანაში..., - მერე საქმიანი იერი მიიღო, - დიახ, არის სიახლეები. 
მარკმა ხელით ანიშნა, მოიცადეო, წამოდგა და კიდევ ორი ქილა ლუდი შემოიტანა სამზარეულოდან. 
- ასეთ ამბებს მირჩევნია არაფხიზელ მდგომარეობაში ვუსმინო, - ჩაიცინა მან და კეის ანიშნა, განაგრძეო. 
- მოკლედ, ღმერთმა დალოცოს ინტერნეტი და ელექტრონული ფოსტა, - პათეტიკურად შესძახა კეიმ, - მამაჩემის ფოსტა გავტეხე, როგორც ყველა არამზადა შვილს შეეფერება, აბა თუ გამოიცნობ რა დამხვდა იქ? ექსპერტიზის ბიუროდან გამოგზავნილი გარდაცვლილის ასე ვთქვათ განხილვის დოკუმენტი.. 
- მერე? - ცნობისმოყვარეობამ სძლია მარკს. 
- მარკ, იქ წერია, რომ კისრის მიდამოებში არსებული ჭრილობები სრულად შეესაბამება ნაკბეჩს, რომელსაც ადამიანის კბილები ტოვებს, მაგალითად ვაშლზე... 
- ჯანდაბა, - მარკმა ბოლომდე გამოცალა ქილა. 
- და დასკვნაში წერია, რომ მამაკაცის სიკვდილი გამოიწვია არა ამ ნაკბენმა, ან კისრის მოტეხვამ, არამედ სისხლნაკლებობამ, რასაც ის სიკვდილის მომენტში განიცდიდა, მარტივად რომ ვთქვათ, სისხლისგან დაიცალა, მაგრამ სისხლი რა თქმა უნდა მანქანის სალონში არ დაღვრილა, იგი ვიღაცამ ბოლო წვეთამდე ამოსწოვა, როგორც ჩემთვის და შენთვის ცნობილია. 
- ვიცი, - შუბლი მოისრისა მარკმა, - ეს არსება სისხლით იკვებება, აქ ახლომახლო სხვა დასახლებული პუნქტი არსადაა, ყველა ვარიანტში ის აქ არის, სალემში, მაგრამ როგორ უნდა გავარკვიოთ ვინ არის და როგორ გამოიყურება? ეს ხომ თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს... 
- შენი სიზმრებიდან თუ ხილვებიდან, ნუ რაც ჰქვია, შენი ნაამბობის მიხედვით ვიცით ორი პიროვნება, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, ესენი არიან ვამპირი ლუციუსი და ვამპირი კოვაქსი... 
- აზრი არ აქვს, - თავი გააქნია მარკმა, - როდესაც მე ისინი ჩემს ხილვაში ვნახე, მაშინ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ხანა იყო, მას მერე რამოდენიმე ათეული წელია გასული და ალბათობა იმისა, რომ ეს ორი ურჩხული დღესაც მაშინდელი გარეგნობით დადის სადმე ახლომახლო, თითქმის ნულის ტოლია. 
- ლოგიკურად ჟღერს, - დაეთანხმა კეი, - მაგრამ არსებობს შემთხვევის მეორე მსხვერპლი, რომელიც ცოცხალი გადაურჩა სისხლისმსმელს, იქნებ შევძლოთ მასთან გასაუბრება. 
- ეს შეუძლებელია, მასთან არავინ მიგვიშვებს, - თავი გააქნია მარკმა.
კეი წამოდგა, მარკს მხარზე დაადო ხელი და დამრიგებლური ხმით უთხრა:
- მეგობარო, არაფერია შეუძლებელი, თუ მამაშენი შერიფია, - მან მარკს თვალი ჩაუკრა, თვითკმაყოფილებით ჩაიცინა და ქილიდან უკანასკნელი ყლუპი ლუდი მოსვა. 
გვიანი ღამე იყო, როდესაც მარკი და კეი საავადმყოფოს ჩაბნელებულ ვესტიბიულს მიადგნენ. შესასვლელთანავე, პატარა სამორიგეო ოთახი იყო მოწყობილი, აქაურობას კერძო დაცვის სამსახური იცავდა პაციენტთათვის არასასურველი სტუმრებისგან. ამ ღამეს ძალიან გაუმართლა კეის და მარკს, როგორც წესი, დაცვის თანამშრომლები ხშირ შემთხვევებში ზედმეტ სიფრთხილესაც იჩენდნენ ხოლმე, ახლა კი მცველს მაგიდაზე ჩამოეყრდნო შუბლი და გემრიელად ხვრინავდა. 
მარკმა შუშის კედელში დატანებულ ჭრილში ფრთხილად გაყო ხელი, ნელა და უხმაუროდ აფათურებდა მაგიდაზე და ბოლოს რაღაც ჟურნალი გამოაძვრინა. 
- ეს მიღებული და გაწერილი პაციენტების აღრიცხვის ჟურნალია, - ჩასჩურჩულა კეის და გადაშალა. თითი ჩამოაყოლა გვარებს და ერთზე შეჩერდა, - აი ისიც, შემოყვანის დღე და თხუთმეტწუთიანი ინტერვალი მომხდარ შემთხვევასთან ზუსტად მიგვითითებს მასზე, ვისაც ვეძებთ, პალატა 108, კარგია, პირველივე სართულზეა, - მარკმა უხმაუროდ დააბრუნდა ჟურნალი მცველის მაგიდაზე და მან და კეიმ სუსტი სინათლის ფონზე 108-ე პალატის ძებნა დაიწყეს, მალევე იპოვეს, დერეფნის ბოლოში იყო, საკმაოდ მყუდრო და მოფარებულ ადგილას. 
- ესეც 108-ე პალატა, - საკეტი გადაატრიალა და ჩაბნელებულ ოთახში შეიხედა მარკმა, შემდეგ კეის ანიშნა, სწრაფად შემოდიო და ისევ მიხურა კარი. 
ორივე საწოლზე უმოძრაოდ მწოლიარე სხეულს მიუახლოვდნენ და ყურადღებით დააკვირდნენ. ზუსტად ის ქალი იყო, მარკმა რომ ნახა ხილვაში. 
- მის ტერნერ, - ოდნავ შეეხო მხარზე კეი და მარკს მიუბრუნდა, -დარწმუნებული ხარ, რომ გვარად ტერნერია? 
მარკმა მხრები აიჩეჩა. 
- ასეა გატარებული იმ ჟურნალში. 
კეიმ კვლავ შეარხია მძინარე. 
- მის ტერნერ, გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ.. 
ქალი შეიშმუშნა, გაურკვევლად წაიბუტყუნა რაღაც და ოდნავ გაახილა თვალები, თავსწამომდგარ უცნობებს დააკვირდა, შემდეგ საწოლის საზურგეზე დამაგრებული ბრა ჩართო და განათებულ პალატაში უფრო უკეთ შეათვალიერა სტუმრები. 
- მის ტერნერ, ნუ გეშინიათ, მე...შერიფის შვილი გახლავართ, ეს კი ჩემი ბიძაშვილი მარკია, - ჩაურაკრაკა კეიმ და გაუღიმა. 
ქალს შერიფის გაგონებისთანავე დაუწყნარდა აღელვებული სახე და რაღაცის თქმა დააპირა. 
- ავარიის შემდეგ, მანქანიდან სწორედ ჩემმა ბიძაშვილმა ამოგიყვანათ, - სასწრაფოდ იცრუა კეიმ და მარკს შეუმჩნევლად შეუბღვირა, იმოქმედეო. 
- მადლობას გიხდით, - მადლიერი მზერით შეხედა ქალმა მარკს და სუსტი, გამხდარი ხელი ჩამოართვა, - თქვენ რომ არა,.. 
- მადლობის გადახდა საჭირო არაა, მის, - აილეწა მარკი, ცალკე უხერხულობისგან, ცალკე სიცრუით გამოწვეული სირცხვილისგან, - შეიძლება თქვენთვის მძიმეა ამაზე საუბარი, მაგრამ გახსოვთ, რა მოხდა? 
ქალი ჩაფიქრდა, თვალები ცრემლებმა დაუსველა. 
- დიახ, ჩვენ ის ტიპი ბარიდან წამოვიყვანეთ, თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, შემდეგ კი... 
ქალი შეჩერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო. 
- მის ტერნერ, ნუ გეშინიათ, ჩვენ არ ვაპირებთ გიჟად შეგრაცხოთ, გახსოვთ ის ტიპი? გარეგნობა, საუბრის მანერა, რამე გახსოვთ? 
ქალი კვლავ ჩაფიქრდა და შემდეგ თავი დააქნია. 
- დიახ, მახსოვს, ზუსტად ახლაც ვერ ვხვდები რა მოხდა, მაგრამ მან მგონი კისერში უკბინა ჩემს საქმროს, უცებ ჩააფრინდა და უკბინა.. და მისი თვალები და კბილები.. ღმერთო ჩემო.. 
- დამშვიდდით, მის ტერნერ, ჩვენ უბრალოდ მისი გარეგნობა გვაინტერესებს, - მხარზე ფრთხილად მოეფერა მარკი. 
- გარეგნობა... - ქალმა კვლავ დახუჭა თვალები, მარკი მიხვდა, რომ ის ცდილობდა უცნობი თავდამსხმელის სახე აღედგინა, - სიმპათიური,- განაგრძო ქალმა, - შავი თვალები ჰქონდა, შავი თმა, ახოვანი... საუბრის მანერა.. ცოტა უცნაური, თითქოს ძველმოდური.. მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობდა... 
-კარგი, საკმარისია, - მარკი მიხვდა როგორ შეეპარა შიში ქალს და წამოდგა, - ჩვენ უნდა წავიდეთ, მის ტერნერ, მადლობას გიხდით, იმედია ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩება, დაისვენეთ, - მარკს კეის უსიტყვო პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ხელი გამოსდო და კარისკენ წაიყვანა. 
- მისტერ კრამერ, მარკ, - დაადევნა ქალმა, - შეიძლება ეს უმნიშვნელო წვრილმანად მოგეჩვენოთ... 
- დიახ, გისმენთ მის ტერნერ, - მობრუნდა მარკი. 
- მარკ, მას მარცხენა ხელის არათითზე ბეჭედი ეკეთა, ვფიქრობ, მძიმე, რკინის ბეჭედი იყო, აი თითქმის ისეთი, ბაიკერები რომ ატარებენ.. და ზედ გვირგვინი იყო გამოსახული. 
- პრიმუმი, პირველყოფილი, - დაუფიქრებლად წამოსცდა მარკს, მაგრამ კეიმ მეტი აღარ დააცადა, ქალს სასწრაფოდ გადაუხადა მადლობა, მარკს ხელი ჩაავლო და თითქმის ძალით გაათრია პალატიდან...



თავი 7

სალემის აღმოსავლეთით, იქ, სადაც ქალაქის ლამაზ პეიზაჟს უსახურად აჩონჩხლილი ქოხმახები აგვირგვინებენ, ყველა ნაგებობისგან მოშორებით, განმარტოებით, ჟამთასვლის სიავეს მინდობილი იდგა ერთი ძველებური ქოხი, თუმცა "ქოხი" არც კი ეთქმოდა, ეს იყო საკმაოდ დიდი და ხის მორებისგან მყარად ნაგები ორსართულიანი შენობა. გარს შემოვლებული ხის მესერი ალაგ-ალაგ დამპალიყო და რომელიღაც მისტიური მოხუცის კბილებს მოგაგონებდათ, მესერის შიგნით მდებარე ტერიტორია-ადრე ხალხმრავალი და ცხოველთმყოფელი, გაუდაბურებულიყო, აქა-იქ ნარ-ეკალს გაეხარა და მთელს ეზოს გადასანსლვით ემუქრებოდა. უკეთეს მდგომარეობაში არც თავად სახლი გახლდათ, ჩაშავებულ-გამურულ ხის კედლებისთვის თითქმის ყველა მხრიდან სუროს შეეტია, ერთ დიდ კლანჭში მოექცია და თითქოს მომხდურთ აფრთხილებდა, ეს სახლი მე მეკუთვნის, ნურავინ შეეცდებით წართმევასო. ძირძველ სალემელ მოხუცთა გადმოცემით, სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა სასამართლოს მიერ 1692 წელს ჯადოქრად და შავი მაგიის თაყვანისმცემლად შერაცხული ქალი-ჯოზეფინა ო'ნილი, გადმოცემით, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, ჯოზეფინას სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა და განაჩენი 1693 წლის მარტში მოიყვანეს სისრულეში. ჯოზეფინა ო'ნილს სამი შვილი ჰყავდა. მისი სამივე ვაჟი დედის სიკვდილით დასჯის შემდეგ აღარავის უნახავს, ზოგი იმასაც ამბობდა, ღამ-ღამობით ტყეში დარბიან, მგლებივით ყმუიან და ადამიანის ხორცს მიირთმევენო, ზოგი იმასაც ამბობდა, მხოლოდ სავსე მთვარის დროს იქცევიან მგლებადო, სახლის მიმდებარედ მცხოვრებნი კი ირწმუნებოდნენ, ღამ-ღამობით სახლიდან საზარელი მოთქმა და ქალის ხარხარი ისმისო, უმრავლესობა კი იმაზე თანხმდებოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდა და წმინდა წყლის სიცრუე იყო, გაუგონარი და ცელქი ბავშვების შესაშინებლად მოგონილი. 
ასეა თუ ისე, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირეოდა და ბნელი ხალხის ფანტაზიებში ახალ-ახალ სისხლისმღვრელ ურჩხულებს შობდა. 
სახლის პირველ სართულს ოთხივე მხრიდან ფანჯრები ამშვენებდა, უფრო სწორად-ის, რაც ფანჯრებისგან დარჩა და დროის მსახვრალ ხელს გადაურჩა. მეორე სართულს კი-რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საერთოდ არ ჰქონდა ფანჯრები, ყველა მხრიდან მტკიცე ხის მორებით ნაგები მეორე სართული უცხო თვალს შიგნით შეღწევის ყოველგვარ მცდელობას და საშუალებას უსპობდა. 
მეორე სართულის ინტერიერი წარმოადგენდა ერთადერთ დიდ ოთახს, საიდანაც პირველი სართულიდან შიდა, ხვეული კიბით შეიძლებოდა მოხვედრა. როგორც გარეთ, შიგნითაც ყველაფერს-კედლებს, იატაკს და ჭერს მუქი ფერი დასდებოდა. ამ ერთადერთი ოთახის ცენტრში ამაყად იდგა მძიმე მუხის ოვალური მაგიდა, გარშემო შემოლაგებული თორმეტი მუხის სკამით. მაგიდაზე არ ელაგა თეფშები, სასმისები და არც ქალები დაატარებდნენ ხორაგით სავსე საინებს. მაგიდაზე ეწყო შავტარიანი დანა, ფიალა და სუფთა ფურცელი, ზედ დაბეჭდილი გაურკვეველი წარმოშობის ტექსტით. მაგიდის თავში იჯდა ახოვანი მამაკაცი, თითქმის გაჭაღარავებული წვერით, თავს და სახის ნახევარს შავი მოსასხამის კაპიშონი უფარავდა, მის გარდა მაგიდას კიდევ ათი მამაკაცი მიჯდომოდა, ასეთივე შავ მოსასხამებში გამოწყობილნი, ისინი თითქოს მაგიდის მეთორმეტე წევრს ელოდებოდნენ. 
მაგიდის თავთან მჯდომი ჭაღარაწვერიანი მამაკაცი ჩაფიქრებულიყო, მჭმუნვარე მზერას არ აშორებდა ერთადერთ სანთელს, რომელიც მკრთალად ანათებდა ისედაც ჩაბნელებულ ოთახს. 
კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა, რომელიც სწრაფად ახლოვდებოდა. ჭაღარაწვეროსანი წამოდგა, თითები გადააჯვარედინა და თვალები დახუჭა. 
- მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - ბუბუნა ხმით მიმართა საშუალო სიმაღლის, ჩასუქებულ მამაკაცს, რომელიც კიბეს ამოსცდა და ოთახში მყოფთ ოდნავ შეშინებული მზერა მოავლო. 
- გამარჯობა, - შემკრთალი ხმით გაეპასუხა მოხუცს და ნელა მიუახლოვდა, ფეხები უკან რჩებოდა, ამ დროს არსაიდან დაჰქროლა უჩინარმა ნიავმა, შავმა ჩრდილმა ჭაღარაწვეროსნის სახის ერთი ნაწილიდან მეორესკენ გადაინაცვლა და ჩასუქებულმა მამაკაცმა ნათლად გაარჩია მისი სახის საშინლად დასახიჩრებული ნაწილი, სამი წითელი და ღრმა ნაიარევი საფეთქლიდან იწყებოდა, ჩამოსდევდა მთელ ლოყას და ნიკაპთან მთავრდებოდა, ნაიარევს თან წარეტაცა მთლიანი თვალი და წარბის ნახევარი. ახალმოსული დაზაფრა მოხუცის ჭრილობამ, მაგრამ უფრო მეტად დაიზაფრა, როდესაც მოხუცი მისკენ მთელი ტანით შემობრუნდა და ერთადერთი საღად დარჩენილი თვალი მიაპყრო. 
- დადგა დღე, როდესაც შენ ჩვენს ძმად იწოდები, ჩვენ კი შენს ოჯახად, - მოხუცის რენტგენისებური მზერა თითქოს ბურღავდა ახალმოსულს, - გთხოვთ, დაბრძანდით, - მან ერთადერთ ცარიელ სკამზე მიუთითა, - სანამ ცერემონიალს აღვასრულებდეთ, მინდა მცირედი შესავალი გავაკეთო, მანამდე კი ვილოცოთ, - მან ხელისგულები შეაერთა, ერთადერთი თვალი დახუჭა და სახე მაღლა აღაპყრო, - მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევე ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ... 
მაგიდის გარშემო მსხდომთა ხმა ექოდ გაისმა მაღალჭერიან ოთახში და ყველა დადუმდა. 
მოხუცმა თვალი გაახილა და ირგვლივ გამსჭვალავი მზერა მოავლო. 
- იყო დრო, როდესაც არსებობდა ადამიანი, და არსებობდა ღმერთი, 1692 წელს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, - დაიწყო მან, - აქ, სალემში ბოროტმა ძალამ დაისადგურა, ხალხი შუაღამისას სახლებიდან, საკუთარი საწოლებიდან ქრებოდა, ტყეში სანადიროდ წასულები უკან აღარ ბრუნდებოდნენ, ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ ამ ყველაფრისთვის ახსნა მოეძებნა, მაგრამ საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალაქში უწმინდური ძალა ბატონობდა..ხალხი პანიკამ შეიპყრო, მოსახლეობა მასობრივად ტოვებდა საცხოვრებლებს და სალემიდან გარბოდა, ერთი სული ჰქონდათ, აქაურობას გასცლოდნენ, და თუნდაც ჯოჯოხეთში გადაიკარგებოდნენ. სოფლის უხუცესებმა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრა გადაწყვიტეს, მათ ყველა საეჭვო პირზე დაიწყეს ფარული თვალთვალი, რასაც კუდიანთა გამოაშკარავება და სალემის ყველაზე ცნობილი სასამართლო პროცესი მოჰყვა...თუმცა ხალხის გაუჩინარება ამით არ შეწყვეტილა, სოფლის მოსახლეობისგან შეირჩა თორმეტი ყველაზე დახელოვნებული მონადირე, ისინი საუკეთესოდ შეაიარაღეს და ყველაზე საეჭვო ადგილისკენ-ტყისკენ გაემართნენ შესამოწმებლად...ორი კვირის შემდეგ სოფელში მხოლოდ ერთი მონადირე დაბრუნდა, სისხლით მოსვრილი და ჭრილობებისგან დასუსტებული, თოკზე გამობმულს მოათრევდა გვამს, მან გვამი სოფლის ცენტრამდე მიიტანა და შემდეგ ძალაგამოცლილი უგონოდ დაეცა, სამწუხაროდ ისტორიამ არ შემოგვინახა ამ გმირის სახელი.. რაც შეეხება გვამს, ეს იყო ადამიანი და თითქოს არც იყო, ადამიანივით ორი ხელი, ორი ფეხი და თავი ჰქონდა, აღნაგობითაც წააგავდა ადამიანს, მაგრამ უფრო მაღალი, უფრო ძლიერი და შემზარავი გარეგნობის, მას ჰქონდა ეშვები, როგორც მგელს და თითებზე კლანჭები, ჩამქრალი თვალები კი მოელვარე ყვითელი ფერის...ერთადერთმა გადარჩენილმა გმირმა სოფელს მოუყვა, რომ ყველა ასეთი არსება დახოცეს და მათთან ბრძოლაში მისი თერთმეტი მეგობარიც დაიღუპა, მან თქვა, რომ ეს ადამიანისმაგვარი არსებები ბრძოლის დროს მხოლოდ და მხოლოდ ეშვებს და კლანჭებს იყენებდნენ, ადამიანივით ორ ფეხზე დადიოდნენ და ძალიან სწრაფად შეეძლოთ გადაადგილება..მეორე დღეს ნახევარი სოფელი წავიდა ტყეში ბრძოლის ველის სანახავად, მაგრამ მათ არათუ ამ არსებათა გვამები, მონადირეთა სხეულებიც ვერსად იპოვეს.. ამ ამბის შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა...მაგრამ შურისძიებისგან დაზღვეული არავინ იყო, ამიტომ გადარჩენილი მონადირის ინიციატივით შეიქმნა სოფლის დამცველთა რაზმი..წლები წლებს მისდევდა, საუკუნეები-საუკუნეებს და ის არსებები მეტად აღარ გამოჩენილან, აი რამოდენიმე დღის წინ კი... - ჭაღარაწვეროსანი შეყოვნდა, - დემონი დაბრუნდა, მან ადამიანი მოკლა ბარიდან ქალაქისკენ მომავალ გზატკეცილზე.. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ხალხი, მაგრამ ტრადიციის მიხედვით, დამცველთა რაზმი აუცილებლად თორმეტი წევრისგან უნდა შედგებოდეს, ამიტომ, - მან ჩასუქებულ სტუმარს მიაპყრო მზერა, - დღეს მივიღებთ ახალ, მეთორმეტე წევრს..ძმაო, წამოდექი, - მიმართა მოხუცმა. 
ჩასუქებული მამაკაცი წამოდგა და ჩაახველა. შემდეგ ჭაღარაწვეროსანს და დამსწრეებს თვალი მოავლო და თავი დააქნია, ცერემონიალისთვის მზად ვარო. 
ჭაღარაწვეროსანმა სუსტად გაიღიმა, მაგიდიდან ფურცელი აიღო და დაიწყო ხმამაღლა კითხვა. არცერთ მათგანს არ ესმოდა რას კითხულობდა, ეს იყო ენა, რომელიც არასდროს სმენიათ მათ. 
მოხუცმა კითხვა დაამთავრა და გაიღიმა. 
- ეს არამეულია, - დამსწრეთა უსიტყვო კითხვას გასცა პასუხი, - აქ წერია საიდუმლო საბჭოს ფიცი და ჩვენი სახელები.
შემდეგ სანთლის ალზე ფურცელს ცეცხლი მოუკიდა და თიხის ფიალაში ჩადო, ყველა უხმოდ მიშტერებოდა, როგორ იფერფლებოდა ქაღალდი. 
მოხუცმა შეიცადა, სანამ ფურცელი ბოლომდე ჩაიფერფლებოდა, შემდეგ დანა აიღო, ხელისგული გადაისერა და ჭრილობიდან ამოხეთქილი სისხლი ფიალაში ჩააქცია, იგივე გაიმეორა დანარჩენმა თერთმეტმა მამაკაცმა. მოხუცმა სისხლით ნახევრადსავსე ფიალა ტუჩებთან მიიტანა და კვლავ მაღლა აღაპყრო მზერა. 
- ღმერთო გვიხსენი და შეგვიწყალე, დაგვეხმარე დემონთან ბრძოლაში, მოგვეცი ძალა, დავიცვათ ადამიანთა მოდგმა ბოროტისაგან, შენის მეოხებით ჩვენ მას შევაჩერებთ, დიდება მამასა, ძესა, და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, - მოხუცმა ოდნავ მოსვა ფერფლგარეული სისხლი და გვერდზე მდგომს გადააწოდა. 
- ამინ, - ექოდ გაისმა მაღალჭერიან ოთახში. 
ცერემონიალის დასრულების შემდეგ ყველა სათითაოდ ემთხვია მხარზე ჭაღარაწვეროსანს. 
- ახლა კი, - მიმართა მოხუცმა საიდუმლო საბჭოს, - როდესაც ღმერთის მადლით ქალაქის დამცველთა საბჭო აღდგენილია, შეგიძლიათ ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, ფრთხილად იმოქმედეთ, ჩვენი უპირველესი საზრუნავი დემონის გამოვლინებაა, შემდეგ კი კვლავ შევიკრიბებით და ერთად მოვიფიქრებთ როგორ უნდა შევაჩეროთ ის, - მოხუცმა შეკრებილებს თავი დაუკრა და პირველმა დასტოვა ეს მოღუშული სახლი. 
საბჭოს წევრებმა სათითაოდ, სიტყვის უთქმელად დასტოვეს კრება და არცერთ მათგანს არ შეუმჩნევია ჩრდილი, რომელიც სახლის კედელს გამოეყო და სწრაფად და უხმაუროდ შეერია სიბნელეს.. 
...შერიფი კრამერი ფანჯარასთან იჯდა, უხმოდ შეექცეოდა ვისკის და მარკის მონაყოლზე ფიქრობდა. მის მოპირდაპირედ ექიმი ტომპსონი ჩამომჯდარიყო და ოფიციანტს შეკვეთას აძლევდა. 
- ორი სტეიკი, თუ შეიძლება, მექსიკური ტომატით, - მიმართა მიმტანს, - და ორი ვისკი, გაუზავებლად, - დააყოლა მან, მიმტანს საპასუხოდ გაუღიმა და მაგიდაზე დაწყობილ თავის აკურატულ და მოვლილ ხელებს კმაყოფილებით დახედა. დაელოდა, სანამ მიმტანი წავიდოდა, შემდეგ სიგარას მოუკიდა და შერიფს კითხვის გამომხატველი მზერა შეავლო. 
შერიფმა მოზრდილი ყლუპით დაცალა ჭიქა. 
- არ ვიცი ამ სიტუაციას რა მოვუხერხო, - მან ტრადიციულად ბინძური გინება არ დაიშურა და მიმტანის მოტანილ მეორე ჭიქას დასწვდა, - ყველაფერი ცუდი მოკლე ხანში მოხდა, ჩემი ძმა, რომელიც წლობით გადაკარგული იყო, ბრუნდება ქალაქში და ახსნა-განმარტების მოცემაც არ უნდა, მარკს ავარია შეემთხვა, მერე გვამი იმ დაწყევლილ გზაზე, ჯანდაბა, ჯანდაბა, - დაიღრიალა მან, ექიმის მოწვდილ სიგარას მოუკიდა და რამოდენიმეჯერ ხარბად მოქაჩა. 
ექიმმა ტომპსონმა აცადა, სანამ შერიფი ორთქლს გამოუშვებდა, იცოდა, რომ ჯერჯერობით შერიფს მხოლოდ აუდიტორია სჭირდებოდა, სადაც მოუსმენდნენ და ბრაზს გადმოანთხევდა, ექიმი კი ყოველთვის მზად იყო მეგობრის გულისთვის აუდიტორიის მოვალეობა ეკისრა, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა. იცოდა, რომ შერიფი ყოველთვის ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. სინდისის ქენჯნა-ეს საუკეთესო გამოვლინებაა უმაღლესი ადამიანური სიწმინდის. 
- შენ ალბათ მეტყვი, რომ მოსახდენი მაინც მოხდებოდა, ხომ ასეა ექიმო? - მიმართა შერიფმა. 
ექიმი ტომპსონი მიხვდა, რომ შერიფი მისთვის მახის დაგებას ცდილობდა და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გადაეხარხარა. 
პასუხი რომ ვერ მიიღო, შერიფმა ბუზღუნით იბრუნა პირი, ერთხანს ფანჯარაში იყურებოდა, სალემის ხედით ტკბებოდა. ჩამავალი მზის სხივებმა ცისარტყელის ფერებად ააციაგა გარემო და ამან შერიფზე დამამშვიდებლად იმოქმედა. 
- ექსპერტიზის პასუხები მივიღე, - მოკლედ ისროლა შერიფმა, - მწერენ, რომ თურმე ქალაქში კანიბალი მყოლია, რომელიც სულაც არაა ადამიანის ხორცის დაგემოვნების წინააღმდეგი. 
ექიმი მიხვდა, რომ საუბრისთვის შესაფერისი მომენტი დადგა, ჩაახველა და ყელი ვისკით გაისველა. 
- როგორც ექიმი, ჩავთვლი, რომ ეს ფაქტი არც ისე გასაოცარია, - მიუგო ტომპსონმა, - ჩვენ ისეთ შეშლილ სამყაროში ვცხოვრობთ, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, შერიფო. 
- შეიძლება, - ბოლომდე არ დაეთანხმა შერიფი. 
- გუშინ "NEW YORK TIMES"-ის ინტერნეტ ნომერს ვკითხულობდი, - განაგრძო ექიმმა, - სადღაც აიდაჰოს შტატში ვიღაც გიჟმა თავის მძინარე ოჯახს ბენზინი გადაასხა და დაწვა...ეს საქციელი რითია კანიბალიზმზე უკეთესი? 
- არც არაფრით, - ამჯერად დაეთანხმა შერიფი, - პირიქით, ამაზრზენი ფაქტია, - კიდევ თითო ვისკი, თუ შეიძლება, გმადლობთ, - გასძახა ოფიციანტს. 
- მარკთან დაკავშირებით რა ხდება? - შეაპარა ექიმმა, - ისევ აქვს გონის დაკარგვის მომენტები? 
- არა, არამგონია, უბრალოდ ბიჭს თავისი სამყარო აქვს შექმნილი, - თავი გააქნია შერიფმა და დაიყვირა, - ჯანდაბა, სად არის ჩემი ვისკი? 
- თუ იმის თქმა გინდა, რომ მარკი საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანია, ეს მისი ბრალი სულაც არაა, - მტკიცედ თქვა ტომპსონმა. 
შერიფს ვისკი გადასცდა, ხველებ-ხველებით ძლივს მოიბრუნა სული და ერთიანად გაწითლებულმა ზვიგენივით გადახედა მეგობარს. 
- აბა ვისი ბრალია, ალდო, მე მადანაშაულებ? 
ექიმი კვლავ არ წამოეგო მეგობრის ცბიერებას. 
- ცოტ-ცოტა ყველას ბრალია, შენი, მამამისის, დედამისის, - მტკიცედ თქვა მან, - მარკის გულჩათხრობილობაში ყველაზე ნაკლებად ვინცაა დამნაშავე, ეს თავად მარკია და ნუ შემედავები, თვითონაც იცი, რომ ეს ასეა.
შერიფი კვლავ ლანძღვა-გინებით გადაწვა სკამზე. 
- ეს რა ვისკია, წყალწყალაა, - ექიმს რომ ვერაფერი უთხრა, ვისკიზე გადმოანთხია ბრაზი და შემდეგ თქვა, - ალდო, მოდი ჩვენს თემას დავუბრუნდეთ...შეიძლება დავუშვათ, რომ კანიბალიზმი სისხლის დალევაშიც გამოიხატებოდეს? 
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, - დაეთანხმა ექიმი, - კანიბალიზმის მრავალი გამოვლინება არსებობს და არცერთი ბოლომდე არაა შესწავლილი.. 
ამ დროს შერიფის ყურადღება მიიქცია მაღალმა, შავ კოსტიუმსა და შავ შარვალში გამოწყობილმა მამაკაცმა, რომელმაც თავაზიანი ღიმილით აუქცია გვერდი მათ მაგიდას და ბარს მიაშურა შეკვეთის მისაცემად, ბარის გასწვრივ ჩარიგებული მაღალი უზურგო სკამებიდან ერთ-ერთზე ჩამოჯდა და თაროებზე გამოფენილ ათასგვარი დასახელების ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელს მოავლო თვალი.
- რას ინებებთ, სერ, - გაეკეკლუცა მიმტანი, რომელიც მაშინვე დაატყვევა უცნობი მამაკაცის გარეგნობამ, - შემიძლია ვისკი შემოგთავაზოთ, გუშინ მივიღეთ პირდაპირ შოტლანდიიდან და...
- საერთოდ, მე სისხლს ვამჯობინებ ყველანაირ სასმელს, - ხავერდოვანი ხმით მიმართა მამაკაცმა, და როცა მიმტანი გოგონას დაბნეულ სახეს შეავლო თვალი, მოხდენილად ჩაიცინა, - მაგრამ იყოს ვისკი, გავსინჯავ, იქნებ მომეწონოს, - და გოგონას თვალი ჩაუკრა. 
მიმტანი გამოერკვა წამიერი ჰიპნოზისგან და ცერა თითი ასწია. 
- კარგი ხუმრობა იყო, გამოგივიდათ, - გადაიკისკისა მან და ხარბი მზერით შეათვალიერა მამაკაცის მარცხენა ხელის არათითი, რომელზეც გაპრიალებული მსხვილი ბეჭედი იწონებდა თავს, ზედ გამოსახული  სამეფო გვირგვინით...


თავი 8



- ერთი წუთით, - მოუბოდიშა შერიფმა ექიმ ტომპსონს, სკამიანად შებრუნდა და მეგობარს ბართან მჯდომ შავგვრემან მამაკაცზე მიუთითა, - ალდო, ეს ტიპი გეცნობა? 
ექიმმა ყურადღებით შეათვალიერა უცნობი. შერიფი და თვითონ, თავისი პროფესიიდან გამომდინარე სალემის თითქმის ყველა მოსახლეს სცნობდნენ, ზოგს სახელით და გვარით, ზოგსაც გარეგნობით, მაგრამ ეს მამაკაცი ადგილობრივ მაცხოვრებელს არ ჰგავდა, აქ არავინ მოიძებნებოდა ისეთი, ვისაც მსგავსი ძვირადღირებული კოსტიუმით შეეძლო თავის მოწონება, მითუმეტეს უიკენდზე, მაშინ, როდესაც სალემელები სამსახურისგან ისვენებდნენ, დროს ოჯახთან ერთად ატარებდნენ ან "სტივის ბარში" იკრიბებოდნენ და ორ-სამ ჭიქა მაგარ სასმელს მიირთმევდნენ. 
- არა, არ მეცნობა, - მოკლედ მიუგო ექიმმა ტომპსონმა. 
მამაკაცმა, თითქოს მათი საუბრის საპასუხოდ, ბარიდან შერიფის მაგიდამდე მანძილი გრაციოზული მოძრაობით დაფარა და შერიფს და ექიმს გაუღიმა წყვდიადივით შავი თვალებით. 
- მაპატიეთ, ახალი ჩამოსული ვარ, ქალაქს არ ვიცნობ, შეიძლება შემოგიერთდეთ? - შერიფს მიმართა უცნობმა, - ჩემი სასმლით ვარ, - მხიარულად დაამატა და ბოთლი შეათვალიერა, - ვისკი...ვგონებ, არ მეშლება ამ სასმლის სახელი, უბრალოდ ჩემში აღტაცებას იწვევს...
- რა თქმა უნდა, დაბრძანდით, - ზრდილობის განსახიერებად იქცა შერიფი. 
უცნობმა მიპატიჟება მიიღო და თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა. 
- აქაურთა სტუმართმოყვარეობის შესახებ ბევრი მსმენია...მე ჯონ დარსი გახლავართ, - გაეცნო მამაკაცი და მაგრად ჩამოართვა ხელი ჯერ შერიფს, შემდეგ ექიმ ტომპსონს. 
- შერიფი კრამერი, ამ სტუმართმოყვარე ქალაქის შერიფი, - წარუდგინა შერიფმა საკუთარი პიროვნება. 
- ექიმი ტომპსონი, - თავის მხრივ დაუმატა ექიმმა, - მისტერ დარსი, რამ გაიძულათ ამ ღმერთისგან მივიწყებულ ქალაქში ჩამოსვლა? 
ჯონ დარსიმ მხრები აიჩეჩა და ვისკი მოსვა. 
- როგორ გითხრათ... მე ტურისტი ვარ, ნიუ-იორკიდან, ლეგენდების მოყვარული, - მან თვალი-თვალში გაუყარა ექიმს, - ჰოდა, თქვენი ქალაქის ისტორია ხომ უამრავ ლეგენდას უდევს საფუძვლად... 
- ამ წუთამდე მეგონა რომ ნიუ-იორკელები სხვანაირი აქცენტით საუბრობდნენ, - ჩაურთო შერიფმა, - ჩვენს ქალაქში როდის ჩამობრძანდით? 
ჯონ დარსი ოდნავ შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია, რაც არ გამოჰპარვია ექიმ ტომპსონის მახვილ თვალს. 
- რამოდენიმე დღის წინ, - უპასუხა მან, - ქალაქგარეთ საკუთარ მანქანაში ვცხოვრობ, - დაუმატა სიცილით. 
მიმტანმა თხლად დაჭრილი ლიმონი მოიტანა, დარსის გაუღიმა და წავიდა. 
- მანქანაში ცხოვრობთ? - ჩაეკითხა შერიფი, თითქმის უკვე აღიზიანებდა საკუთარ სუფრაზე, მის პირად სამფლობელოში შემოჭრილი უცნობის ზღვარსგადასული თავაზიანობა და არისტოკრატული მანერები. 
- დიახ, - გამოეპასუხა დარსი, - საკუთარ მანქანაში, სასტუმროში ცხოვრება არ მიყვარს, ეს გულისგამაწვრილებელი თანამშრომლები, ყალბი ღიმილით...თითქოს რაღაცნაირად შეზღუდული ვარ, - დარსიმ ფანჯარაში, ჰორიზონტზე გადაშლილ ტყეს გახედა თითქოს ნაღვლიანი და უცნაური მზერით.
- რა თქმა უნდა, გასაგებია, - ჩაერია ექიმი ტომპსონი, რომელიც აქამდე ჩუმად უსმენდა სტუმრის ენაწყლიანობას. 
- ჯერჯერობით ქალაქის დათვალიერების პროცესში ვარ, - დარსიმ ერთი ნაჭერი ლიმონი აიღო, დააკვირდა და შემდეგ უკანვე დადო, თეფშზე. 
- დიდი ხნით აპირებთ ამ ქალაქში გაჩერებას, მისტერ დარსი? - ჩვეული "სტუმართმოყვარეობით" ჰკითხა შერიფმა. 
- არ ვიცი, შერიფო, - ორჭოფულად მიუგო დარსიმ, - აქაურობა თუ მომეწონა, შეიძლება სახლიც კი შევიძინო, სადმე ტყის მახლობლად, მანამდე კი ეს ჩემს გეგმებში არ შედის, - მან კვლავ გახედა ტყეს ამოუცნობი მზერით, - მიყვარს ბუნება...კარგი,- დარსიმ საათს დახედა, - ვფიქრობ, ჩემი წასვლის დროა, ნუ მიწყენთ, ბატონებო, ალბათ კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს შეხვედრა, - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით წარმოთქვა და წამოდგა, შერიფს და ექიმს ელეგანტურად დაუკრა თავი, მიმტან გოგონას გაუღიმა და კარს მიაშურა. 
შერიფმა მოღუშული მზერა გააყოლა და როგორც კი ჯონ დარსი დაწესებულების ორივე მხარეს მოძრავ კარში გაუჩინარდა, რაღაც წაიბურტყუნა უკმეხად და ლიმონი გაღეჭა. 
- მაშ ასე, შეთქმულების თეორიის მოყვარულო, - დამცინავად მიმართა ექიმმა, - აბა, რას ფიქრობ? 
- ვფიქრობ, ჩვეულებრივი ცრუპენტელაა, სქელჯიბიანი მამიკოს ფულებით გაამაყებული, თან ეს გამაღიზიანებელი ტონი, "ვფიქრობ, ჩემი წასვლის დროა", - დარსის სიტყვების ინტერპრეტაცია მოახდინა შერიფმა. 
- ჩემი აზრით, ზრდილობიანი ახალგაზრდაა, - არ დაუთმო ექიმმა. 
შერიფმა რაღაც სიბინძურის თქმა დააპირა, მაგრამ სიტყვა ჩანასახშივე ჩაუხშო მობილურის ზარმა. 
- შერიფი კრამერი,... აჰ, ლედჰემ, შენთვის უიკენდი არ არსებობს?...ჯანდაბა, შენი საქციელებით პირდაპირ მაიძულებ შვებულებაში გაგიშვა....მაგრამ დღეს ხომ შაბათია... ჰო... არა...ხომ გითხარი არა-მეთქი...არაფრის გულითვის არ მივატოვებ ვისკის...- უეცრად შერიფმა თითქოს მოჩვენება დაინახაო, ჭიქა მკვეთრი მოძრაობით დადგა მაგიდაზე, ვისკიანი ტუჩები ხელის ზურგით მოიწმინდა და ერთ წერტილს მიაშტერდა, - მართლა?...როდის?.. გასაგებია... ახლავე მოვდივართ...რა თქმა უნდა ჩემს მეგობარ ექიმს ვგულისხმობ, კარგი, კარგი, -ჩასძახა მობილურს, - ახლავე წამოვალთ.
შერიფმა მობილური გათიშა და ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიცურა. ექიმი თვალს ადევნებდა. 
- შერიფო, რამე მოხდა? 
- ჩემს თანაშემწეს მარკის მანქანაზე აღმოჩენილი ძაფის ექსპერტიზის პასუხი გამოუგზავნეს, - მიუგო შერიფმა, - ის ახლა ოფისშია, მე მელოდება, ძალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანია... 
- რასაც შენზე ვერ ვიტყვი, - ღიმილით დაასრულა ექიმმა. 
- შეიძლება, - თავისი საყვარელი სიტყვა გამოიყენა შერიფმა, წამოდგა, მაგიდაზე ოცდოლარიანი დააგდო და ექიმთან ერთად კარისკენ გაემართა. 


*****

- მარკ, შენი აზრით, დიდი დანაშაულია, როცა ერთი ნაძირალა ლაწირაკი მამამისის ელექტრონულ ფოსტას ტეხავს? - ტელეფონიდან ისმოდა კეის ცინიკური ხმა. 
- მოტივს გააჩნია, - ღიმილით ჩაილაპარაკა მარკმა, წიგნებით გაძეძგილი ჩანთა მხარზე მოიგდო და კოლეჯის კიბეებს ჩამოუყვა. მთლად კარგ ხასიათზე არ იყო მამამისთან რამოდენიმე დღის წინ მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ. მარკმა კოლეჯის ჭიშკართან მაღალ კვარცხლბეკზე შემოსკუპებულ თომას ჯეფერსონის ბიუსტს ახედა-შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი ბიოლოგიის ლექტორივით მკაცრად და შეუბრალებლად გადაჰყურებდა გარემოს, სწორედ ამ დიდებული ადამიანის სახელს ატარებდა კოლეჯი. 
მარკი მწვანე გაზონზე ჩამოჯდა, ზურგით კვარცხლბეკს მიეყრდნო და ჩაფიქრდა. ცდილობდა, მამამისის მრავალწლიანი გაუჩინარების და შემდგომ მისი მოულოდნელი გამოჩენის მიზეზები ამოეცნო, მაგრამ ყველაფერი საიდუმლოების შავი ფარდით იყო დაცული..მარკმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ორი დღის შემდეგ, შეიძლება ათი წლის შემდეგ, მასა და მამამისს შორის არსებული ყინული აუცილებლად გალღვებოდა და ყველაფერი სიმშვიდის და ურთიერთგაგების კალაპოტში ჩადგებოდა, მაგრამ დღეს და უახლოეს მომავალში მარკს ვერაფრით შეეძლო მისი საქციელის პატიება. 
- აქ ხარ? - ფიქრის მორევიდან გამოათრია კეის ხმამ. 
- აქ ვარ...კეი, შეგვიძლია ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბროთ? იმედია, არ გეწყინება. 
- არა, მეგობარო, რა პრობლემაა, - მაშინვე დაეთანხმა კეი, - ვიცი, რომ ბოლო დროს არ მიგდის საქმეები კარგად, განმარტოება და ფიქრი გჭირდება, საღამოს დაბრუნდები თუ სალემში მიდიხარ? 
- დღეს ყველაფერზე ნაკლებად სალემში მინდა წასვლა, - ამოიოხრა მარკმა, - ლუდს გამოვიყოლებ, - მან მობილური გათიშა და კვლავ ჩაფიქრდა. 
მაგრამ საკუთარ თავთან განმარტოება და ფიქრი არც ამჯერად დასცალდა, ვიღაცის ჩრდილი დაეცა და მზის მცხუნვარე სხივებს ჩამოეფარა. მარკმა უკმაყოფილოდ ასწია თავი, რომ უკმეხი მიმართვით, რომლის ხელოვნებასაც ბიძის დამსახურებით დაეუფლა, თავიდან მოეცილებინა დაუპატიჟებელი სტუმარი, ამ დღეს მარკი არ აპირებდა საკუთარ ფიქრებში ვინმეს შეშვებას და არც მათი ბინძური და ტალახიანი ჩექმით საკუთარი სულის განადგურებას დაუშვებდა. 
მარკს ყველაფერი თავიდან გამოუფრინდა, ყველანაირი ფიქრი, ყველანაირი საზრუნავი, გაყინული და დაჩეხილი გული აქამდე უცნობმა სითბომ აუვსო, რომელიც მყისიერად მოედო მთელ მის არსებას. 
ამ ყველაფრის მიზეზი კი გახლდათ გოგონა, კეის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, შავგვრემანი, შავთვალება, სექსუალური მკერდით, შავი, მბზინავი თმით და ამაყი გამომეტყველებით, რომელსაც ეშმაკური გამოხედვა სცვლიდა დრო და დრო. გოგონას მხარზე ჩანთა ეკიდა, მეორე ხელით მზის სხივებს იჩრდილავდა და პატარა ველური ცხოველივით იდგა შემართული, ყოველ წამს რომ მზად არის ხოლმე გასაქცევად. 
მარკი დაჰიპნოზებულივით შეჰყურებდა, თითქოს დრო გაჩერდა, ირგვლივ სიბნელემ დაისადგურა, მხოლოდ ამ უცნობ გოგონას ხედავდა მარკი, მისი სახიდან თითქოს ღვთაებრივი ნათელი და სითბო იღვრებოდა. ეშმაკურად მოწკურული თვალებით დაჰყურებდა ბალახზე მჯდომ ბიჭს, მსხვილი ტუჩები ისე გამოებურცა, იფიქრებდით სადაცაა ატირდებაო, მაგრამ ამ ეფექტს უჩვეულოდ გასხივოსნებული თვალები აბათილებდა. თეთრი სამოსი ეცვა, თეთრი მაისური, რომელიც ვნებით შემოტმასნოდა მის მაღალ მკერდს და თეთრი ვიწრო შარვალი, ეს სითეთრე იდეალურად ერწყმოდა მის შოკოლადისფერ კანს. 
- ჯანდაბა, ალბათ ის გოგოა, ახალგადმოსული, - გაიფიქრა მარკმა და წამოდგა. 
სანამ რამეს ეტყოდა, მარკმა ერთხელ კიდევ ჩახედა შავ თვალებში, კიდევ ერთხელ ჩაიძირა ამ ულამაზესი ტბების ტკბილ მორევში და ამ წამიდან რაღაცეები გაუფასურდა, მაგალითად მარკის გაურკვეველი გრძნობა ვანესას მიმართ. ის მთლიანად, მთელი სულით და გულით, მთელი არსებით მოიცვა ამ უცნობმა გოგონამ, ელვის უსწრაფესად შეიჭრა მის გულში, გამოდევნა ყოველგვარი არასრულყოფილება და თვითონ მყუდროდ მოეწყო, ისე, თითქოს ყოველთვის მარკის გულში არსებობდა. მარკს ისეთი გრძნობა დაეუფლა, მოძველებული გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, თითქოს თავისი სულის მეორე ნახევარი იპოვა. ადრე რამდენჯერმე სმენია შერიფის მეუღლისგან ეს სიტყვები და რეალურად ახლაღა გააცნობიერა, თუ რას ნიშნავდა ეს გამოთქმა...მარკი თვალს ვერ სწყვეტდა გოგონას, შეამჩნია, რომ თვალები მთლად შავი არ ჰქონდა, ეს იყო ულამაზესი ფერი-სიშავეში გადასული შოკოლადისფერი...
- მაპატიეთ, - გამოფხიზლდა მარკი, ძლივს მოსწყვიტა თვალი ტკბილ შოკოლადს და განზე გაიხედა, ვერ მიხვდა, რომ მისი სულიერი ტრანსფორმაცია მხოლოდ რამოდენიმე წამს გრძელდებოდა, მაგრამ ეს რამოდენიმე წამიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი მისი არსება დაეტყვევებინა. 
- როგორ გეკადრებათ, საპატიებელი არაფერია, - ძალიან მშვიდად, ტკბილად და თბილად წარმოთქვა გოგონას ხმამ, - ამ კოლეჯში ახალი გადმოსული ვარ და მაინტერესებდა, ბიბლიოთეკას ხომ ვერ მიმასწავლიდით... 
მარკმა ნელა შემოაბრუნა თავი და კვლავ ჩაიძირა შოკოლადის ტბაში. 
- ასე რატომ მიყურებთ, ცუდად ხომ არ გრძნობთ თავს? - შეწუხდა გოგონა და ეშმაკური ღიმილით მოიმარჯვა მობილური, - შემიძლია 911-ზე დავრეკო. 
- არა, არ არის საჭირო, - სასწრაფოდ იუარა მარკმა და გოგონას ხელი გაუწოდა, უკვე დაბრუნებოდა ადრინდელი თავდაჯერება, მაგრამ მაინც შთაბეჭდილების ქვეშ იყო. 
- მარკ კრამერი ვარ, ამ კოლეჯში ვსწავლობ, მესამე კურსზე, - გაეცნო გოგონას და მისი პატარა, თბილი ხელი ხელისგულებში მოაქცია. მარკს მთელ ტანში თბილმა ჟრუანტელმა დაურბინა, ტანზე ამოაღწია და სახეს მოედო. 
- მია... - ოდნავ შეყოვნდა გოგონა, არ უცდია ხელის გათავისუფლება, - მია ჯეკსონი, - შემდეგ ეშმაკურმა სხივმა გაუნათა თვალები, - პირველკურსელი ამავე კოლეჯში. 
- სასიამოვნოა, - მიუგო მარკმა და თვითონაც გაუღიმა, - ბიბლიოთეკა კოლეჯის მესამე სართულზეა. 
გოგონამ კვლავ თბილად გაუღიმა, ფრთხილად გაითავისუფლა ხელი და თეთრ მაისურზე შემოცმულ ჯინსის ქურთუკის ჯიბეში დამალა.
მარკს შერცხვა, აირია, აქამდე არასდროს შეხვედრია ასეთ გოგონას, ასეთს, რომელმაც პირველივე შეხვედრისთანავე დაიპყრო მისი უხიაგი ხასიათი. არ იცოდა რა ეთქვა, როგორ გაეგრძელებინა საუბარი და როგორ ამოევსო უხერხულობის ნაპრალი. მდგომარეობიდან ისევ გოგონამ გამოიყვანა. 
- იცი, უნდა წავიდე, მარკ, - თითქოს არც მას ეთმობოდა ბიჭი. თუმცა არ წასულა, იდგა და ელოდა, ელოდა ბიჭის სიტყვებს. 
მარკს უცებ ძალიან შეეშინდა, მოულოდნელად გამოჩენილ სულის მეორე ნახევარს ვერ დაკარგავდა და ისევ წყვდიადში ვერ ჩაიძირებოდა, ამიტომ... 
- უთქვენოდ მე დავიღუპები, - დაუფიქრებლად წამოსცდა და თვითონაც გაუკვირდა ამ სიტყვების, რადგან იგი არ ეკუთვნოდა ძველ მარკ კრამერს, სიბნელეში ჩაძირულს, გულჩათხრობილს და იმედგაცრუებულს, არამედ სრულიად ახალ პიროვნებას, ძველისგან რადიკალურად განსხვავებულ მარკს, რომელიც წყალწაღებულივით ეჭიდებოდა ხავსს, ამ შოკოლადისფერკანიან გოგონას, თავისი ცხოვრების ამოსავალ წერტილს, ასე უცებ რომ იპოვა გოგონას სახით... 
მარკის გასაოცრად, გოგონას თითქოს არ გაჰკვირვებია მისი სიტყვები, სევდიანად გაუღიმა. 
- არსად მივდივარ, ხვალაც მაქვს ლექციები, იქ, - წვრილი თითით მიუთითა კოლეჯის პირველ სართულზე, სადაც პირველკურსელები სწავლობდნენ, - პირველ სართულზე. 
ორივეს გაეცინა. გოგონა წავიდა, ნელა და გრაციოზულად მიდიოდა, მხრებზე დაყრილ მუქ თმას ნიავი ელამუნებოდა. 
მარკი უყურებდა, უყურებდა მანამ, სანამ გოგონა კოლეჯის შენობის კუთხეში არ გაუჩინარდა, მიხვდა, რომ გოგონასაც მოეწონა მარკი, და განგებ მიდიოდა ასე ნელი ნაბიჯით, მიხვდა, რომ გოგონას უნდოდა რაც შეიძლებოდა გაეხანგრძლივებინა მარკის სიამოვნება და მის თვალთახედვის არეში დიდხანს დარჩენილიყო, ამ ყველაფერს მიხვდა მარკი და მანამდე უცნობმა სიყვარულმა გრიგალივით შემოუტია...



თავი 9


...შუაღამის ძილში ჩაძირული ტყის მყუდროებას მხოლოდ მდინარის ჩხრიალი არღვევდა, რომელიც ტყეს-ამ ცოცხალ არსებას ძილისპირულს უმღეროდა. ხანდახან სიმყუდროვეს რაღაცით შეშინებული ტურების ჩხავილი და ბუს კივილი გასდევდა წითელ ხაზად, ეს "რაღაც" იყო ჩრდილი, რომელიც მოჩვენებასავით სწრაფად და უხმაუროდ მიიწევდა ჩაბნელებულ ტყეში, ხანდახან მიმართულებას მკვეთრად იცვლიდა და გზას აგრძელებდა, თითქოს ხელთ უჩინარი კომპასი ეპყრა. ჩრდილმა მთვარეს ახედა, რომელიც იმ წამს გამოცურდა ღრუბლებიდან, სულ რაღაც საათის მეოთხედი იყო დარჩენილი ღამის მნათობის სრულ შევსებამდე. ჩრდილმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და სისწრაფეს უმატა.
როგორც იქნა, მიაღწია სასურველ წერტილს, ეს იყო პატარა, ოვალური ფორმის მდელო, გარს შემორტყმული აშოლტილი ნაძვებით. 
ჩრდილი შეჩერდა. ეს იყო უსაშველოდ მაღალი და ერთიანად ჩაკუნთული მამაკაცი, გადაპარსული თმით, კუთხოვანი ნაკვთებით და თაფლისფერი თვალებით, სუნთქვა ოდნავაც არ ჰქონდა გახშირებული, თითქოს ამხელა მანძილი სირბილით კი არა, მოლოდ რამოდენიმე მილი გაუვლიაო სიარულით. 
სადღაც ბუმ დაიკივლა. მამაკაცი დაიძაგრა, ნელა შემობრუნდა და მდელოს ჩამუქებულ კიდეს გახედა ფრთხილი მზერით. 
უეცრად ირგვლივ გაუსაძლისი და ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოვარდა, ბუმ შეწყვიტა კივილი, ტურებმა თავი ანებეს ჩხავილს და დაზაფრულებმა სირბილით მიაშურეს ბუნაგებს, თითქოს მდელოს რაღაც საშინელება უახლოვდებოდა, მხოლოდ მამაკაცი არ განძრეულა, ის მახვილი მზერით აკვირდებოდა მოძრავ სხეულს, რომელიც უკუნ ტევრს გამოეყო და მწყობრი ნაბიჯით გამოემართა მისი მიმართულებით. ის თავგადაპარსული დამხვდურისგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით შეჩერდა, აშკარად ფრთხილობდა, წყვდიადივით შავი თვალებით ჩხრეკდა დამხვდურის ზურგს უკან მდებარე ტყეს და როდესაც დარწმუნდა, რომ საშიში არაფერი იყო, თავგადაპარსული თავით-ფეხებამდე შეათვალიერა. 
- მოხარული ვარ, რომ მოხვედით, - მიმართა თავგადაპარსულმა. 
შავთვალებიანს პასუხი არ გაუცია, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და შემფასებლური მზერით შეათვალიერა. მისი ყინულივით ცივი გამოხედვიდან ზიზღში არეული ქედმაღლობა გამოსჭვიოდა. 
- მე ბოგდანის ნდობით აღჭურვილი პირი ვარ... - დაიწყო ისევ თავგადაპარსულმა და ხმაში უკმაყოფილება ჩააქსოვა, - ანუ... 
შავთვალებიანი წამის მეასედში მის წინ გაჩნდა და თვალი-თვალში გაუყარა. თავგადაპარსული შეკრთა და ძლივს დაფარა გაოგნება და შიში. 
- ანუ მისი ფინია ძაღლი? - მკვეთრად გამოთქვა შავთვალებიანმა, მარცხენა ხელი ასწია, თავგადაპარსულს ლოყაზე შეეხო, შემდეგ ნელ-ნელა ჩამოაცურა და არტერიასთან შეაჩერა, შემდეგ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. 
თავგადაპარსულს გააჟრჟოლა, მაგრამ არც ამჯერად განძრეულა, კლანის მეთაურისგან ზუსტი ინსტრუქციები ჰქონდა მიღებული, რომ არცერთ შემთხვევაში არ გაეღიზიანებინა შეხვედრაზე მოსული პიროვნება, ნათლად განუმარტა, თუ რა მოჰყვებოდა სიტუაციის დაძაბვას. 
- ბოგდანმა თავად ვერ შეძლო მოსვლა, - ჩაილაპარაკა თავგადაპარსულმა, თან თვალს არ აშორებდა რამოდენიმე სანტიმეტრში მდგარ უცნობს, რომელიც კვლავ თვალდახუჭული იდგა. 
- იცი...არასდროს გამისინჯავს მაქციის სისხლი, - უცნობმა თვალები გაახილა, ხელი უკან წაიღო და მთვარის შუქზე ვერცხლისფრად გაიელვა უცნობის მარცხენა ხელის არათითზე წამოცმულმა რკინის ბეჭედმა, რომელსაც სამეფო გვირგვინის გამოსახულება ამშვენებდა. 
- გაგიმართლა, - გაიღიმა უცნობმა და შავ თვალებში წამიერად გაუკრთა ბოროტი ცეცხლი, - ელჩის მოკვლა არ შეიძლება. თან მთვარე თითქმის ბოლომდე შეივსო, რაც შენს სისხლს უფრო მომწამვლელს გახდის ჩემთვის. 
- ბოგდანმა დამაბარა, რომ ჩვენი მხრიდან თავდაუსხმელობის შეთანხმება სრულდება, იგივეს მოითხოვს თგვენგანაც, - თქვა თავგადაპარსულმა, ერთი სული ჰქონდა, როდის დაამთავრებდა საუბარს ამ საშინელ თანამოსაუბრესთან. 
შავთვალებიანი რამოდენიმე წამს თვალებმოჭუტული უმზერდა, შემდეგ რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. 
- ბოგდანს გადაეცი, რომ თუ ერთხელ კიდევ გამომიგზავნის ელჩად ცხვირმოუხოცავ ღლაპს, უკან მხოლოდ მისი თავი და გული დაუბრუნდება, - ბასრი კბილები გააელვა შავთვალებიანმა, შემობრუნდა და მოჩვენებასავით გაქრა ტყის მიმართულებით. 
თავგადაპარსულმა შვებით ამოისუნთქა, შუბლზე გამოჟონილი ცივი ოფლი მოიწმინდა და აკანკალებული მუხლების დასაოკებლად ხეს მიეყრდნო ზურგით. სადღაც შორს ბუმ დაიკივლა, რასაც ჩხავილით უპასუხეს ტურებმა...
იდგა 1693 წელი, შობა ახლოვდებოდა...


*****


კეი სავრძელში გადაწოლილიყო, ფეხები კომპიუტერის მაგიდაზე შემოელაგებინა ამერიკულ სტილში და ხელში უცნობი ავტორის დღიურს ატრიალებდა, მარკი იატაკზე იჯდა, ზურგით საწოლს იყო მიყრდნობილი და ფიქრებში ჩაძირულიყო, როგორც ამ ბოლო დროს სჩვეოდა. 
- ვფიქრობ, ამ დღიურის მფლობელი რომ გავარკვიოთ, ვინ არის, - მსჯელობდა კეი და არც შეუმჩნევია, ბიძაშვილი სულ სხვაგან რომ დაფრინავდა ფიქრებით, - ეს ბევრი რამეს მოჰფენდა ნათელს, აუცილებლად გვჭირდება, რომ...ეი, მარკ, მარკ, მისმენ? 
მარკმა ოცნებებში მქროლავ შოკოლადისფერ ქალღმერთზე ფიქრს თავი ანება და არაფრისმთქმელი მზერა შეაგება კეის. 
- რა გჭირს? კიდევ ხდება რამე, რაც უნდა ვიცოდე? - გამომცდელად ჩაეკითხა კეი. 
- არა, არაფერი, - სასწრაფოდ იუარა მარკმა, - რაზე ვლაპარაკობდით? 
კეიმ სინანულით გააქნია თავი. 
- უფრო სწორი ფორმა იქნება, თუ ვიტყვით, რომ მე ვლაპარაკობდი...დღიურის მფლობელი უნდა მოვძებნოთ, მარკ. 
მარკმა მხრები აიჩეჩა. 
- ეს შეუძლებელია, ეს დღიური იმ კარადაში ვიპოვე, პირველ კურსზე რომ მომცეს, კეი, არც სახელი ეწერა, არც გვარი, არც ელექტრონული ფოსტა, - ირონია გაურია მარკმა. 
კეი მოღუშული შეჰყურებდა. 
- მარკ, არ გინდა მითხრა რა ხდება? 
მარკმა დანებების ნიშნად ამოიხვნეშა, იცოდა ბიძიშვილს თავიდან ვერ მოიცილებდა. 
- მე მას შევხვდი, კეი,...კოლეჯთან, შემთხვევით, უფრო სწორად, თვითონ მოვიდა, - თქვა მან. 
- ვის, იმ ახალგადმოსულ პრინცესას? - მაშინვე მიხვდა კეი. 
- მას მია ჯეკსონი ჰქვია, - შეუსწორა მარკმა და ამ სახელის წარმოთქმისთანავე სითბო ჩაეღვარა გულში.
- ჰოო... - დაფიქრებით წარმოთქვა კეიმ, - რას ფიქრობ მასზე? 
მარკიც ჩაფიქრდა, მისი და მიას პირველი შეხვედრა გუშინ შედგა და რა თქმა უნდა ამას პაემანს თვით ყველაზე რომანტიკული ადამიანიც კი ვერ დაარქმევდა, მაგრამ მაინც რა იყო ეს? შეხვედრა, რომელმაც მიას და მარკის ცხოვრებისეული კითხვის ნიშნები ძახილის ნიშნებად შეცვალა? გრძნობა, რომელმაც ყველა სხვა გრძნობა გადაფარა? ამ კითხვებს მარკიც ვერ სცემდა ობიექტურ პასუხებს, ჯერ არ იცოდა, რა იყო ეს და სადამდე მიიყვანდა, მაგრამ ის კი ზუსტად იცოდა, რომ შეხვდა ადამიანს, რომლის თუნდაც ერთი გაღიმების გულისთვის ყველაფერზე წავიდოდა... 
- რავიცი...- დაგვიანებით გასცა პასუხი, - ძალიან მომწონს, თითქოს ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს, მაგრამ ვფიქრობ, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სიყვარული...და ეს ვუთხარი კიდეც... ღმერთო ჩემო, ალბათ სულელად ჩამთვალა. 
კეი ჩუმად უსმენდა მარკის მოულოდნელ აღიარებას. აქამდე ეგონა, რომ მარკის გულს შემოვლებულ გალავანს ვერავინ და ვერაფერი გაარღვევდა, მაგრამ აგერ, მოულოდნელად არსაიდან გამოჩნდა ერთი გალეული შოკოლადისფერი გოგონა, საყვარელი ეშმაკური თვალებით და მარკის გულისკენ მიმავალი ყველანაირი ზღუდე გაანგრია. კეის ძალიან გაუხარდა, ბიძაშვილი საკუთარი ძმასავით უყვარდა და მიესალმებოდა მის გულში შეჭრილ ჯერ ვერაღქმულ სიყვარულს. 
- ძმაო, ძალიან მიხარია, - მხარზე ხელი დაადო კეიმ, - ბოლოს და ბოლოს ბედნიერი იქნები, - კეის არ უნდოდა ბიძაშვილის მტკივნეულ მხარეს შეხებოდა, ამიტომ დროულად გაჩუმდა. 
- ჯერ არ ვიცი, ეს რა არის, კეი, - თქვა მარკმა, - მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად უხილავი კავშირი მაქვს მასთან, ის გამოჩნდა და ჩემი დამსხვრეული სული გაამთელა.. 
კეიმ სამზარეულოდან ორი ქილა "ჰეინეკენი" გამოიტანა, თავსახურები მოხსნა, ერთი ქილა მარკს გაუწოდა და შემდეგ მიუჭახუნა. 
- იმ გოგოს გაუმარჯოს, ძმაო, - გაიცინა კეიმ, - ვინც შენი თავი წამართვა. 
მარკმაც გაიცინა და სიამოვნებით მოსვა ცივი ლუდის პირველი ყლუპი, შემდეგ თვალები დახუჭა და თავისი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მოგონების შოკოლადისფერ ტბაში იწყო ჩაძირვა... 
ამ დროს კი მარკის ფიქრის და ოცნებების ობიექტი თითქმის ჩაბნელებულ ბიბლიოთეკაში იჯდა და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის სამოქალაქო ომის პერიოდს ჩაჰკირკიტებდა. თითქოს გულს ვერ უდებდა, ხანდახან სიბნელეს გაუშტერებდა თვალს და მსხვილ ტუჩებს ღიმილი გაუპობდა ხოლმე, საიდანაც ბროლივით ლამაზი კბილები მოუჩანდა. კვლავ იმ უცნაურ ბიჭზე ფიქრობდა, მოეწონა, სახელიც, გვარიც, გარეგნობით ხომ მითუმეტეს, ვის არ მოეწონებოდა მაღალი, შავგვრემანი, სიმპათიური ბიჭი, რომელიც მისი შეხედვისას საყვარლად დაიბნა და ლაპარაკსაც კი ვერ მოუბა თავი. აქამდე ვისაც შეხვედრია, ესენი იყვნენ გაუთლელი მოზარდები, რომლებიც ქიმიური შენაერთებით დაბერილი კუნთების დემონსტრირებით ცდილობდნენ მისი გულის მოგებას, მაგრამ სულ ტყუილად, მია ჯეკსონს მსგავსი ბიჭები არ აინტერესებდა, ყოველთვის პატარა ბავშვივით ოცნებობდა ისეთ ადამიანთან შეხვედრაზე, რომელიც პირველი დანახვისთანავე მოეწონებოდა, მასში სითბოს და უბრალოებას დაინახავდა...ამიტომაც ეღიმებოდა, ისე უცებ და უცნაურად შეხვდა ასეთ ადამიანს, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდა. 
მია ჯეკსონმა შოკოლადისფერი თმა უკან გადაიწია და წიგნს ჩახედა, ეცადა კონცენტრირება მოეხდინა, კითხულობდა და მის თვალწინ სამოქალაქო ომის პერიოდი ცოცხლდებოდა...
დერეფანში რაღაცამ გაიფაჩუნა, თითქოს სუსტმა სიომ დაჰბერა, მიას არ შეუმჩნევია ჩრდილი, რომელმაც მოჩვენებასავით სწრაფად და უხმაუროდ ჩაუქროლა გვერდით. 
... 1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რესპუბლიკური პარტია აბრაამ ლინკოლნის ხელმძღვანელობით, მოუწოდებდა მონათმფლობელობის გავრცელების შეზღუდვაზე იმ შტატების გარეთ, სადაც ის უკვე არსებობდა. რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არჩევნებში გამოიწვია შვიდი სამხრეთის შტატის კავშირიდან გასვლა, ეს ის შტატები იყო, სადაც მონათმფლობელურ ინსტიტუტს მყარად მოეკიდებინა ფეხი, მონათმფლობელები სასტიკ უარს აცხადებდნენ უფასო მუშახელის დათმობაზე, ეს იყო ის ძირითადი მიზეზი....
- რამაც შეერთებული შტატები სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვია, - გაისმა ვიღაცის ირონიული ხმა ცარიელ ბიბლიოთეკაში. 
მია ჯეკსონი შეშინებული შეხტა, ბუნებით არ იყო მშიშარა ადამიანი, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ბიბლიოთეკაში მხოლოდ თვითონ იმყოფებოდა, უცებ გაიაზრა, რომ ოთახში შემოსასვლელი კარის წინ იჯდა მაგიდასთან, ამიტომ შესაძლებლობა იმისა, რომ ვინმე შეუმჩნევლად შემოსულიყო, მაშინვე გამორიცხა, ესე იგი, ვიღაც მის მოსვლამდე იყო აქ და მხოლოდ ახლა გაიღო ხმა, მაგრამ საიდან მიხვდა, რას კითხულობდა მია, როდესაც.... 
- ეს ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - განაგრძო ხმამ, შემდეგ მამაკაცი, რომელსაც ეს ხმა ეკუთვნოდა, წიგნის თაროებს შორის გამეფებულ წყვდიადს გამოეყო, რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და მიას მაგიდასთან შედგა. 
- ნება მომეცით, გაგეცნოთ, - თავი დაუკრა გოგონას, სწრაფი მოძრაობით მისი ხელი აიღო და ეამბორა, - კოვაქსი, უბრალოდ ასე დამიძახეთ. 
მიას შიში გადაეყარა, ეს ზრდასრული და ზრდილობიანი მამაკაცი არაფრით ჰგავდა იმ უზრდელ მოზარდებს, მრავალჯერ რომ შეხვედრია, ამიტომ უსაფრთხოდ იგრძნო თავი. 
- თითქმის შემაშინეთ, - გაუღიმა გოგონამ. 
- გთხოვთ, მაპატიოთ ჩემი ესოდენ თავხედური და არაჯენტლმენური შემოჭრა თქვენს პირად სამყაროში, - სრული სერიოზულობით წარმოთქვა მამაკაცმა, - ნება მიბოძეთ, თქვენს მაგიდასთან დავჯდე. 
გოგონამ გაიფიქრა, ზოგი ადამიანი როგორი უცნაური და ძველმოდურიაო, მაგრამ დაჯდომის ნება მაინც დართო, შინაგანი ბუნება საწინააღმდეგოს გაკეთების უფლებას არ აძლევდა. 
- აქ, ამ დროს რას აკეთებთ? - ჰკითხა გოგონამ და ხელში კალამი აათამაშა. 
მამაკაცმა ხელი დაუდევრად ჩაიქნია და ბიბლიოთეკას წყვდიადივით შავი თვალები მოავლო. 
- ეს კოლეჯი, მმმ... - კითხვის გამომხატველი მზერით შეხედა გოგონას. 
- მია, - იყო პასუხი, - მია ჯეკსონი. 
- დიახ, მის ჯეკსონ, ეს კოლეჯი კერძო მფლობელს ეკუთვნის და... 
- მეგონა თომას ჯეფერსონს ეკუთვნოდა, - ეშმაკურად თქვა გოგონამ. 
მამაკაცმა ელეგანტურად ჩაიცინა. 
- იმას ვგულისხმობდი, რომ სახელმწიფოს დაფინანსებაზე არაა, ამ კოლეჯს მე ვაფინანსებ, მის ჯეკსონ. 
- თავს მაწონებს, - გაიფიქრა მიამ, ხმამაღლა კი სულ სხვა რამ უთხრა, - საინტერესოა, საიდან გაქვთ ამდენი ფული, მისტერ კოვაქს? 
მამაკაცმა კვლავ საკუთარ თავში დარწმუნებულივით ჩაიცინა. 
- ფულს საუკუნეების მანძილზე ვაგროვებდი, მის ჯეკსონ, - სრული სერიოზულობით თქვა მან. 
- საუკუნეების მანძილზე? - ჩაეკითხა გოგონა. 
- ეე... დიახ, - კოვაქსმა შეცდომის გამოსწორება სცადა, - ხომ გესმით, ზოგს ისეთი ცხოვრება აქვს, სადაც წლები საუკუნეებს უდრის, ეს ვიგულისხმე. 
- აჰ, გასაგებია, - მია თავისი ნივთების ჩანთაში ჩალაგებით იყო გართული, ამიტომ არ შეუმჩნევია, მამაკაცის სახე, რომელიც საშინელ ნიღაბს დამსგავსებოდა, სისხლის ტბებად ქცეული თვალებით ხარბად შეჰყურებდა, ოდნავ გაღებული პირიდან მოელვარე ეშვები მოუჩანდა, სახეზე შავად დაებერა სისხლძარღვები, რომლებშიც მოძრავი ალისფერი სითხე თვალების მიმართულებით შეუჩერებლად გადაადგილდებოდა... ამ დროს ღრუბლებში მცურავმა მთვარემ ფანჯარაში შემოანათა და მამაკაცის მარცხენა ხელის არათითზე წამოცმული ბეჭედი ააბრჭყვიალა, რომელსაც სამეფო გვირგვინის გამოსახულება ამშვენებდა...



თავი 10




...სამი მოზარდი თავქუდმოგლეჯილი მიარღვევდა ხშირ, გაუვალ ტევრს, ქოშინებდნენ, ეცემოდნენ, შიშველ ფეხისგულებს ქვა-ღორღი და ძირს დაცემული ხმელი ტოტები უსერავდათ, სული ეხუთებოდათ, ჰაერი აღარ ჰყოფნიდათ, მაგრამ მაინც გარბოდნენ, გაურბოდნენ მდევარს, რომლებიც ადამიანზე დაგეშილი ქოფაკების თანხლებით მოსდევდნენ, ტყეს მათი ველური ყიჟინი მოსდებოდა, დაწინაურებულებს ფისით გაჟღენთილი ნაძვის ჩირაღდნები ეპყრათ, მათ კვალს კი ხალხი მიჰყვებოდა...
ამ სამი მოზარდიდან, ერთ-ერთს თითქოს მეთაურობა ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული, დანარჩენ ორთან შედარებით ის უფრო მაღალი და ასაკოვანი ჩანდა, ვიდრე მისი ძმები...ბოგდან ო'ნილი თავისი ხუთი თითივით იცნობდა ტყეს, ამიტომაც თავდაუზოგავად მიუძღოდა პატარა ძმებს სიცოცხლისკენ, იმ წამს, როგორც კი ტყის შუაგულში მდებარე ოვალურ მდელოს მიაღწიეს, ბოგდანი თავზარდაცემული შედგა და ერთ ადგილზე გაიყინა, მის უკან შეჩერდნენ მისი ძმებიც, რომლებიც სიცივისგან და შიშისგან აკანკალებულები მიეხუტნენ ერთმანეთს. 
ბოგდანი შეუდრეკელი მზერით თვალებში შეჰყურებდა უზარმაზარ, შავბალანაშლილ ნადირს, რომელიც ყრუდ იღრინებოდა და მდელოს შუაგულში მეფესავით ამაყად მდგარი კბილებდაკრეჭილი უთვალთვალებდა უბედურ სამეულს. ბოგდანი მონადირე იყო, მაგრამ არასდროს ენახა ასეთი ზომის მგელი, რომელსაც ქშინვის დროს მძლავრი გულ-მკერდი აუდიოდ-ჩაუდიოდა, ის პატარა ძმებს არ უყურებდა, მათთვის იოტისოდენა ყურადღებაც კი არ მიუქცევია, მხოლოდ ბოგდანს ხედავდა. 
- არ გაინძრეთ, - პატარა ძმების გასაგონად ჩაიჩურჩულა ბოგდანმა ისე, რომ ბუმბერაზი მგლისთვის თვალი არ მოუშორებია. 
ღრუბლებიდან სავსე მთვარემ გამოანათა და მდელო თავისი შუქის ცისფერ საბურველში გახვია. თითქოს ამას ელოდებოდაო, ნადირმა თავი ოდნავ დახარა და ნელი ძუნძულით დაიძრა, პირიდან დუჟი მოსდიოდა, მისი ვეება თათების ქვეშ ხმელ ტოტებს ლაწა-ლუწი გაჰქონდა, ბოგდანმა თვალი მოჰკრა, როგორ გამოეყო ტყეს კიდევ ორი მგელი, წინ მომავალს თითქოს ზურგს უკან ამოუდგნენ და დისტანციის დაცვით გამოჰყვნენ ბოგდანისკენ ყურებდაცქვეტილნი. 
- მგლების ხროვა მხოლოდ ერთი შეხედვით არის ხროვა, - ყურში ჩაესმა ბოგდანს რამოდენიმე წლის წინ დედის მონაყოლი, - მათ ისეთი კანონები და იერარქიული წყობა აქვთ, ადამიანებსაც კი შეშურდებათ, მათში ყველაზე მეტად ალფას უფრთხილდი, ეს ყველაზე მძლავრი და დიდი მგელია, რომელიც ხროვას მართავს, თუ ოდესმე სადმე გადაგეყრება, მაშინვე იცნობ მას...
- ეს ალფაა, - დაიკვნესა ბოგდანმა, გულში დაემშვიდობა ძმებს და თვალები დახუჭა. 
მგელი ბოგდანის წინ შეჩერდა, მოტრიალდა და კუდში ადევნებულ ოდნავ მომცრო ტანის მგლებს მრისხანედ შეუღრინა, რომლებმაც კუდები საწყლად ამოიძუეს ფეხებშუა და უკუსვლით გაუჩინარდნენ ტყეში. 
ხროვის მეთაურმა ყოველი მხრიდან შემოუარა მუხლებზე მდგარ ბოგდანს, დასუნა, შემდეგ მდელოს თავზე დაკიდებულ სავსე მთვარეს შეჰყმუვლა და კვლავ ფრთხილად დასუნა ბოგდანი. 
- მე შენ გემორჩილები, - მუხლებზე დაეცა ბოგდანი, შემდეგ წელში მოიხარა და შუბლი მიწას დაადო, - მე შენ გემორჩილები და გაღიარებ...მიიღე ჩემი სული. 
ხროვის მეთაურმა კვლავ სავსე მთვარისკენ აღაპყრო თავი და ჩაბნელებულ ტყეს მისი მრისხანე ყმუილი მოედო, შემდეგ საზარლად დაიღრინა, უკანა ფეხებზე ჩაჯდა და ბოგდანს ყელში ეცა...


*****


ისინი ჩუმად მიდიოდნენ ტბის პირას, გვერდიგვერდ, თითქმის ეხებოდნენ ერთმანეთს, შოკოლადისფერი ანგელოზი დუმდა, ბიჭს ელოდა, ძალიან უნდოდა მისთვის შეეხედა, მაგრამ თითქოს უჩვეულო კრძალვა დაუფლებოდა, ხანდახან, როდესაც მათი თითები შემთხვევით შეეხებოდა ერთმანეთს, ბიჭს თვალთ უბნელდებოდა და ცხელი ჟრუანტელი უვლიდა ტანში, გუმანით ხვდებოდა, რომ არც გოგონა იყო მის მიმართ გულგრილი და ეს სიხარულით აღავსებდა. 
- იცი... - ხმა ამოიღო ბიჭმა, - რაღაც პრობლემები მაქვს, პირადი...თორემ სადმე სხვაგან შეგვეძლო წასვლა, - თავის მართლებასავით გამოუვიდა. 
გოგონამ მალულად შეხედა, ბიჭი მტკიცედ იყურებოდა წინ, ტუჩები მოეკუმა, რაც უფრო გამოკვეთილ იერს აძლევდა მის მტკიცე ნიკაპს. 
- არა, რას ამბობ, - გაიღიმა გოგონამ, - ამაზე უკეთეს ადგილას ვერსად წავიდოდით...სიწყნარე, სიმყუდროვე, აი, შეგვიძლია იმ დიდ ქვაზე ჩამოვჯდეთ და ტბას გადავხედოთ, ძალიან მიყვარს ტბის ყურება. 
- კარგი, - სასწრაფოდ დაეთანხმა ბიჭი და მღელვარებისგან გული გაუხურდა, გოგონამ ხელი ჩაჰკიდა. 
- ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა, - შოკოლადისფერ თვალებში ჩაიძირა ბიჭი, - ნუ, პრინციპში, პირველი.. 
ორივეს გაეცინა და სიტუაცია ოდნავ განიმუხტა. 
- ჰო, ჩავთვალოთ, რომ პირველია, - ეშმაკურად მოჭუტა თვალები გოგონამ და მარკს სიცილით გაუწოდა ხელი, - მია ჯეკსონი ვარ, პირველკურსელი, - ძველებურად გაეცნო და კვლავ ორივეს სიცილი აუტყდა, მარკს მისი ხელი აღარ გაუშვია, თავჩაღუნული იჯდა, მის ხელისგულს დაჰყურებდა და თითებით ეთამაშებოდა. 
- არ მინდა იფიქრო, რომ... 
- არ მიფიქრია, - არ დააცადა გოგონამ და კვლავ თბილად გაუღიმა. 
- არ მინდა ისეთი ბიჭი გეგონო, ყველა გოგოს რომ დასდევენ და თავს აბეზრებენ...- ბიჭი კვლავ თავჩაღუნული ლაპარაკობდა, ეშინოდა, გოგონამ ხელი არ წამართვასო. 
- ვიცი, რომ არ ხარ ასეთი, - მიუგო გოგონამ, - არ ვიცი ასე რატომ მოხდა, მაგრამ...იცი, ამას პირველად ვეუბნები ბიჭს,...რაღაცნაირად ძალიან მიზიდავ...
მიას ლოყები გაუწითლდა და მანაც თავი ჩაღუნა. მარკმა ძლივს შეიკავა თავი, რომ გულში არ ჩაეკრა საყვარელი არსება, მთელი გამბედაობა მოიკრიბა, ნელა ასწია ხელი და გოგონას ლოყაზე მიეფერა. 
- მია...ძალიან ლამაზი ხარ...
მიას არაფერი უთქვამს, თავი გვერდზე გადმოხარა და მარკის ხელი მხარსა და ლოყას შორის მოაქცია. 
- ძალიან თბილი ხელისგული გაქვს, - დაიჩურჩულა მან და თვალები გაახილა, მარკი გაოცდა და ტკივილისგან გული შეეკუმშა, შოკოლადისფერ ტბას ცრემლი შერეოდა. 
- დედასაც ასეთი თბილი ხელი ჰქონდა, - თქვა გოგონამ და ცრემლიანი თვალებით ტბას გახედა, - იცი...მას ძალიან უყვარდა ტბასთან სეირნობა. 
მარკს არაფერი უთქვამს, გოგონას ხელი მოხვია, ზურგით მკერდზე მიიყრდნო და მიასგან მალულად შეისუნთქა მისი თმის მათრობელა სურნელი. 
მიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მყუდროდ მოკალათდა ბიჭის მკლავებში და ღრმად ამოიოხრა. 
- ის ორი წლის წინ გარდაიცვალა, - მარკის უსიტყვო შეკითხვას გასცა პასუხი გოგონამ, - გიდი იყო, ფლორიდის ტყეებში ტურისტებს დაჰყვებოდა...ერთხელ ჩვენთან პოლიციელი მოვიდა, კარი მამამ გაუღო...ისინი რამდენიმე წუთს ლაპარაკობდნენ, შემდეგ პოლიციელი წავიდა, მე მამასთან მივედი და ვკითხე, რა მოხდათქო...მამა ძალაგამოცლილივით ჩაჯდა იატაკზე, ზურგით კედელს მიეყრდნო და ატირდა...მოგვიანებით გავიგე, რომ ფლორიდის ჯუნგლებში დედა რაღაც მხეცმა დაგლიჯა... 
მოძალებული ცრემლები შოკოლადის ტბამ ვეღარ დაიტია, სადინარი გაუხსნა და ლოყებზე ორ ვიწრო, მბრწყინავ მდინარეებად გადმოჰკიდა, გოგონა ატირდა... 
მარკს გული დაეთუთქა, აქამდე ასეთი რამ არასდროს განეცადა, სულის სიღრმემდე შეზარა მიას პირადმა ტრაგედიამ. 
- ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, - გოგონას თმაზე ეფერებოდა და გულში იკრავდა, - ჩემი ბრალია, აქ არ უნდა მომეყვანე, მაპატიე...
გოგონამ ცრემლიანი თვალებით შეხედა, თვალებში მარგალიტები უბრწყინავდა. 
- შენი ბრალი არ არის, მარკ, ეს მე ვარ ასეთი სულელი, - ნაღვლიანად თქვა მან, - როდესაც დედა მახსენდება, ვერასდროს ვიკავებ თავს, ის ისეთი საყვარელი იყო...კარგი, მეტს აღარ ვიტირებ, ეს ხომ ჩვენი პირველი... - გოგონას ენა დაება, კვლავ გაწითლდა და თავი ჩაღუნა. 
- პაემანი? - თვალები მოჭუტა მარკმა. 
- ალბათ, - მცირე ხნის შემდეგ თქვა მიამ, - კარგი, გნებდები, - ღიმილით ასწია ხელი, - დავარქვათ ამ შეხვედრას პაემანი. 
- ალბათ სხვანაირად წარმოგედგინა, - კვლავ შეწუხდა მარკი და სურნელოვან თმას ფრთხილად ჩამოუსვა ხელი. 
- შენ წარმოიდგინე, არა, - უარყო გოგონამ, - აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს, შენთან... - რიდი გამოერია ხმაში, - თითქოს დაცულად ვგრძნობ თავს...
მარკმა ორივე ხელი ლოყებზე მოჰკიდა, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა, დიდხანს უყურებდა.. 
- რა...ასე რატომ მიყურებ? - მზერა აარიდა მიამ. 
- საოცარი გოგო ხარ, - იყო აღტაცებული პასუხი, - იცი...იქ რომ დაგინახე, პირველად.. - ენა დაება მარკს, - მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი...შენ კი ისე გამოჩნდი, თითქოს, - მარკი შეყოვნდა, შესაბამისი სიტყვების მოძებნა უჭირდა.
- ასეთი რამ არასდროს გითქვამს ხომ გოგოსთვის? - მოულოდნელად ჰკითხა მიამ. 
- არა, არასდროს, - გულწრფელად აღიარა მარკმა. 
- მაშინ... მაშინ მე რატომ მეუბნები? - ბავშვივით გაიოცა გოგონამ. 
- შენ სხვანაირი ხარ, - აუხსნა მარკმა, - აი.. იცი როგორი? არავულგარული.. და საშინლად მიმზიდველი...თითქოს აქ ხარ, ჩემს გულში, - მკერდზე ხელი მიიდო, - მთლიანად მავსებ...და მაბედნიერებ, შენი დანახვა მიხარია, იმ დღის მერე სულ შენ მიდგახარ თვალწინ, შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტ...- მარკმა ტბას გახედა. 
გოგონა გაფართოებული თვალებით უსმენდა, უსმენდა და გული სიყვარულით ევსებოდა. 
- გჯერა ჩემი? - მოულოდნელად ჰკითხა მარკმა, ტბისთვის თვალის მოუშორებლად. 
გოგონამ მისი ხელი აიღო, ლოყაზე მიიდო და თვალები დახუჭა, შემდეგ ოდნავ გახსნა მსხვილი ტუჩები. 
- მჯერა, თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ მჯერა, - ჩაიჩურჩულა მან.
- მიხარია, რომ გჯერა, - მარკმა თავი ანება ტბის ხედით ტკბობას და გოგონასკენ შემობრუნდა, - ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს...
- ვიცი, - თბილად გამოეპასუხა მია, - შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მარკ... 
- ვისთვის როგორ, - უპასუხა მარკმა და შუბლი შეეჭმუხნა, - არ მგონია, მამაჩემი ამ საკითხში გეთანხმებოდეს. 
- რას გულისხმობ? - გაკვირვებულმა ჰკითხა მიამ. 
- მამაჩემი, - დაიწყო მარკმა, - ამ ქალაქის მერია, ის ჩემი დაბადებისთანავე გაუჩინარდა...და მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც დაბრუნდა, - მარკმა ძველი ტკივილის შემოტევა იგრძნო და თვალები დახუჭა. 
- სამწუხაროა, - უბრალოდ თქვა გოგონამ. 
- ის ასე არ თვლის, - ბრაზით თქვა მარკმა, - მან მე მიმატოვა მია. 
- შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისაც მსგავსი რამ შეემთხვა, მარკ, - ხელი ხელზე მოუჭირა გოგონამ, - არ ვიცი თქვენს შორის რა ხდება, ან რამ აიძულა, წასულიყო, მაგრამ ის მაინც დაბრუნდა შენთან...და ის მამაშენია, შენ მას უნდა აპატიო, - თანაგრძნობით თქვა მან და კვლავ ლოყაზე მიიდო მარკის ხელი.
მარკს პასუხი არ გაუცია, ამოიოხრა და საათს დახედა. 
- ჩვენი წასვლის დროა, მის ჯეკსონ, - ლოყაზე მოეფერა და გაუღიმა, - ხვალაც შევხვდებით ერთმანეთს, ხომ? 
- რა თქმა უნდა, - საპასუხო ღიმილი დაუბრუნა გოგონამ, მკვირცხლად წამოხტა და ჩანთას დასწვდა. 
იგივე გზით დაბრუნდნენ მანქანასთან, რომელიც მარკს ოსტატურად შეენიღბა გზისპირა ხეებში. ხელჩაკიდებულნი უდარდელად მიაბიჯებდნენ და ათას რამეზე ლაყბობდნენ. 
უეცრად მარკმა, მკვეთრად შეაჩერა გოგონა, წინ აეფარა და ნადირივით გაფაციცებული მზერით დააკვირდა ქერა და ჟღალწვერა უცნობს, რომელიც მარკის მანქანას მიყრდნობოდა და წყვილს დამცინავად უმზერდა. 
- ახლავე წადი აქედან, - მიას გადაულაპარაკა მარკმა და ხელი ოდნავ უბიძგა გზის მეორე მხარეს მდებარე ბარისკენ, - იქ დამელოდე, მალე დავბრუნდები. 
მიამ ჯერ უცნობს შეხედა, შემდეგ მარკს, ვერ მომხვდარიყო რა მოხდა. 
- რა... რა მოხდა? ეს კაცი ვინაა? 
- გთხოვ, - მუდარით შეხედა მარკმა, - წადი, მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ახლა არა... 
გოგონამ ეჭვით დაუქნია თავი, ჟღალწვერიან მამაკაცს დაკვირვებით შეავლო მზერა, შებრუნდა და ბარისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. მარკმა თვალი გააყოლა და როცა დაინახა, როგორ გაუჩინარდა გოგონა ბარში, უცნობისკენ შემობრუნდა და დაძაბული მიაშტერდა, სადღაც ახლოს სიკვდილის სუნი იგრძნო და კანი აებურძგლა. 
მამაკაცი - მაღალი, მხარბეჭიანი, შავებში გამოწყობილი, ქერა თმით და მოკლე ჟღალი წვერით, რენტგენისებური ცისფერი თვალებით, მანქანას მოშორდა, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა მარკისკენ და შედგა, მარკს დააკვირდა, შემდეგ გაიღიმა, მოელვარე კბილები გამოაჩინა და მარცხენა ხელით წვერი მოიწიწკნა, მზის სხივებზე ავისმომასწავებლად გაიელვა ბეჭედმა, რომელსაც სამეფო გვირგვინი ამშვენებდა. 
- მარკუს.... - თითქოს ფოლადმა გაიჟღრიალა მის ხმაში. 
- გამარჯობა, ლუციუს!


თავი 11


გარშემო ჰაერი საოცრად დაიმუხტა, თითქოს ატმოსფერულმა წნევამ ერთბაშად იმატა, მარკი სხეულის ყოველი უჯრედით გრძნობდა ამას. გაქცევას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერ გაექცეოდა მას, ვერც სისწრაფეში დაჯაბნიდა და ვერც ძალაში. მაგრამ ჟღალწვერა მამაკაცი რატომღაც აყოვნებდა მის მოკვლას, კვლავ მარკისგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და გამოუცნობი მზერით აკვირდებოდა, პირველი, რაც მარკმა შენიშნა და რამაც უკიდურესად გააოცა, ეს მისი გამოხედვა იყო. ეს არ იყო მტაცებლის ფრთხილი და დაკვირვებული მზერა, ის თითქოს მარკისგან ელოდა ინიციატივის გამოჩენას.
მარკმა მთელი დარჩენილი გამბედაობა მოიკრიბა, საკუთარ თავს აჯობა და ორი ნაბიჯი გადადგა ჟღალწვერასკენ, რამაც მის თვალებში უკიდურესი გაკვირვება და თითქოს მოწონებაც დაბადა.
- მე ვიცი, ვინც ხარ, - ჯიქურ შეხედა მარკმა სახეში და განაჩენივით ესროლა.
ლუციუსმა სუსტად გაიღიმა, კვლავ აუჩქარებლად მოიწიწკნა წვერი და ტუჩის კუთხეები ძლივსშესამჩნევმა ღიმილმა აუგრიხა.
- ვიცი, რომ მიცნობ, - ლუციუსის მზერა საერთოდ არ ამჟღავნებდა მტრულ დამოკიდებულებას.
- იცი? - გაუკვირდა მარკს.
ლუციუსი სწრაფი ნახტომით, თითქოს დროში გადაადგილება მოახდინაო, მარკის წინ გაჩნდა და გამომწვევად შეათვალიერა. მარკი ღმერთს ევედრებიდა, რომ პანიკაში არ ჩავარდნილიყო.
- მარკუს, - კვლავ უცნაურად მიმართა ლუციუსმა, - მე შენი მტერი არ ვარ...ჯერჯერობით, - გაიღიმა მან და კვლავ გამოაჩინა წვეტიანი ეშვები.
მარკმა ნახევარი ნაბიჯით დაიხია უკან.
- ვიცი, რომ თქვენ არსებობთ, მაგრამ....
- მაგრამ ვერავის უმხელ, იმიტომ რომ არ დაგიჯერებენ, - ღიმილით დაასრულა ლუციუსმა.
- ჩემგან რა გინდათ?
მარკის ამ შეკითხვამ თითქოს გააოცა ლუციუსი, გაოცება კი იმით გამოხატა, რომ თვალები მოჭუტა და მარკს დაჟინებით მიაშტერდა.
- რას გულისხმობ? მრავლობითში რატომ ლაპარაკობ?
მარკი ბოლომდე დარწმუნებული არ იყო იმაში, რაც კლინიკის ავტოსადგომზე ნახა, მაგრამ გადაწყვიტა მაინც ეთქვა.
- რა, არ იცი? შენი ძმაც აქაა, სალემში, - ამჯერად მარკმა გამოიწვია.
მარკი მიხვდა, რომ მიზანში მოარტყა, ლუციუსს თვალები აემღვრა, მარცხენა ხელი ასწია და მარკს მკერდზე დაადო. მარკი შეკრთა, მაგრამ არ განძრეულა. ლუციუსმა თვალები დახუჭა.
- შენი გულის ფეთქვას ვგრძნობ, - თქვა მან და მარკს ძარღვებში სისხლი გაეყინა, ლუციუსმა თვალები გაახილა და მარკმა შენიშნა, როგორი დამთრგუნველი მზერა ჰქონდა მას. გუგები ერთიანად ცისფერი, ღია ცისფერი ფერის, თითქმის უფერული, შუაში შავი წერტილებით, საიდანაც ამოუხსნელი ძალა და სისასტიკე გამოსჭვიოდა.
- ძალიან სწრაფად გიცემს გული, - სარკასტულად შენიშნა ლუციუსმა, - რა არის ეს? შიში? თუ სიცრუისგან გაქვს ასე მსწრაფლ აფრთხიალებული?
მარკს პასუხი არ გაუცია, დაჰიპნოზებულივით შეჰყურებდა თვალებში, ვერაფრით აიძულა საკუთარი თავი, თვალი მოეწყვიტა.
- ეს სიმართლეა, - თავისდაუნებურად მოსწყდა მის ბაგეებს.
- ვგრძნობ, რომ სიმართლეს მეუბნები, - ლუციუსი მარკს მოშორდა, შებრუნდა, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და კვლავ მარკს მოუბრუნდა, - სიცრუის და შიშის დროს განსხვავებულად სცემს გული, მარკუს, მე რომ სიცრუე მეგრძნო, ახლა მკვდარი იქნებოდი....ამიტომ, გირჩევნია ილაპარაკო, - მან ქერა თმაზე მოხდენილად გადაისვა ხელი და მზის სხივებმა კვლავ ააბრჭყვიალა მისი ბეჭედი, რომელზეც სამეფო გვირგვინი იწონებდა თავს.
- კოვაქსი, - სწრაფად თქვა მარკმა, - ის აქ არის, სალემში.
ლუციუსზე თითქოს დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია მის სიტყვებს. შავი კოსტიუმის შიდა ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო, გახსნა, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
- აქ, - თქვა მან, - მე ის საბრალო ქალი ვიხსენი კოვაქსისგან,...შენი აქ ყოფნა ვიგრძენი, მარკუს, მაგრამ ვერ გხედავდი...ცდები, კოვაქსი ჩემი ძმა არ არის, - მან სიგარეტის ცისფერი კვამლი ბოლქვებად გამოუშვა და უბოროტოდ გაიღიმა.
- ვერ ვხვდები, რა გინდათ ჩემგან, - თავი გააქნია მარკმა.
- არაფერი, - იყო პასუხი, - ჯერჯერობით შენს გასაცნობად მოვედი, - ლუციუსმა სიგარეტის ნამწვი ქუსლით გაჭყლიტა და გვერდულად შემოხედა მარკს, - კოვაქსს უფრთხილდი, ძალიან ცბიერია, - და სწრაფი მოძრაობით გაქრა ტყეში, თითქოს აორთქლდა.
მარკი გაოგნებული იდგა, არ ელოდა ყველაფრის ასე შემოტრიალებას, ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული იყო, რომ ლუციუსი ცოცხალს არ დატოვებდა, აკი ასე დაუნდობლად მოკლა ის საბრალო კაცი მეორე მსოფლიო ომის დროს ზუსტად ამ ბართან. მან თავი დაფიქრებით გადააქნია და ბარიდან გამომავალ მიას შეეგება, რომელიც სწრაფი ნაბიჯით უახლოვდებოდა.
- მარკ, რა ხდება, ხომ კარგად ხარ? - ხელი ხელში ჩასჭიდა და თვალებში მიაჩერდა გოგონა.
- ჰო...მეტნაკლებად, - გაუღიმა მარკმა და მანქანისკენ წაიყვანა, - მეგობრის მამა იყო, რაღაც უთანხმოება გვქონდა ერთმანეთთან, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარებულია, - მან მარჯვნიდან მოუარა მანქანას და კარები გამოაღო, - მის ჯეკსონ, გთხოვთ.
გოგონამ გაიღიმა და მანქანაში ჩაჯდა.
- მეგონა, ჩვენს დროში ჯენტლმენები აღარ არსებობდნენ, - ეშმაკურად თქვა მან.
- არსებობენ, დამიჯერე, არსებობენ, - მიუგო პასუხად მარკმა და რატომღაც ლუციუსის არისტოკრატული და ჯენტლმენური მანერები დაუდგა თვალწინ...



*****



- რა? - გაოცებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა კეის, - მარკ...შენ მას ელაპარაკე? როგორც მე და შენ ველაპარაკებით ერთმანეთს? და მან არ მოგკლა?
კეი ვერაფრით იჯერებდა მარკის მონაყოლს, ოთახში სწრაფად სცემდა ბოლთას.
- ველაპარაკე, ჩვეულებრივ, ვიდექით და ვლაპარაკობდით, - მხრები აიჩეჩა მარკმა, - როგორც ჩვეულებრივი ადამიანები.
კეი ოთახის შუაგულში შედგა და მარკისკენ გამოიშვირა თითი.
- მარკ, შენ იცი, რომ ის არ არის ჩვეულებრივი, მითუმეტეს ადამიანი, - გამაფრთხილებლად თქვა მან.
- ჯანდაბა, ეს რას ცვლის? - გაბრაზდა მარკი, - რა შემეძლო გამეკეთებინა? ეს საუბარი ჩემი ნების წინააღმდეგ მოხდა, რა უნდა მეთქვა? "ვწუხვარ, ლუციუს, მაგრამ ვერ დაგელაპარაკებით", წარმოგიდგენია მაინც რას ნიშნავს მის პირისპირ დგომა? მისთვის ხომ ადამიანის სიცოცხლეს სტეიკზე მეტი ღირებულება არ გააჩნია...და მან მაინც არ მომკლა...ჯანდაბა... - მარკს თითქოს რაღაც გაახსენდა, - კეი, ჩემს ხილვაში მან ის მამაკაცი მოკლა, ვინც ქალის მოკვლას აპირებდა, ქალს კი არ შეეხო...კეი, ის სამართლიანია, უდანაშაულოს არ ერჩის.
ამ ახალი აღმოჩენით გაოცებული მარკი საწოლს მიეყრდნო ზურგით.
- ასეა, - განაგრძო დარწმუნებით, - მან მითხრა, რომ ჩემს გულისცემაში თუ სიცრუეს აღმოაჩენდა, მომკლავდა...ის უდანაშაულოს არ კლავს, კეი, გესმის ეს რას ნიშნავს?
კეი სავარძელში იჯდა და უგულოდ წრუპავდა ლუდს.
- რას ნიშნავს?
- რას და იმას, რომ ჩვენ მათ თუ არ შევეხებით, არაფერს დაგვიშავებენ..
- შენს ადგილას ასე დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი, - მისი მოსაზრება უარყო კეიმ, - ლეგენდების მიხედვით, ვამპირები სისხლით იკვებებიან და ეს შენს ხილვებშიც ნახე...შენი აზრით, რას მოიმოქმედებს ვამპირი ადამიანებით სავსე ქალაქში, როდესაც უბრალოდ მოსწყურდება? - რიტორიკული შეკითხვა დასვა კეიმ და მისი ნათქვამით თავზარდაცემული მარკი მარტო დატოვა ოთახში.
- ჯანდაბა, - აღმოხდა მარკს, - ამაზე არ მიფიქრია..
უეცრად საშინლად ასტკივდა თავი, მიხვდა რაც ხდებოდა, დიდი ხანი იყო, რაც მსგავსი რამ აღარ დამართვია, მთელი ძალით უძალიანდებოდა ტკივილს, მაგრამ ამაოდ, ოთახში ავეჯი გაუფერულდა, ფორმა დაკარგა და მარკი რძისფერ ნისლში ჩაიძირა...
....მარკს შიშისგან ყვირილი აღმოხდა და მთელი ძალით დააწვა აქსელერატორს, მანქანამ დაიღმუვლა და საბურავების წივილით გავარდა ასფალტზე. მარკი შეჩერებას არ აპირებდა, უმატებდა და უმატებდა სისწრაფეს და უეცრად შუა გზაზე მდგარი რუხი ფიგურა შენიშნა, რომელსაც ნაწილობრივ წვიმის ფარდა ფარავდა და რომელსაც უმოწყალოდ უახლოვდებოდა გაგიჟებული "ჩერჯერი", მარკმა იცოდა, რომ ამ მომენტში უნდა დაემუხრუჭებინა, მაგრამ მოვლენებს განვითარება აცადა...თითქოს დრო შენელდა, "ჩერჯერი" ნელა, ძალიან ნელა უახლოვდებოდა რუხ ფიგურას, აი, წვიმის ფარდა შეთხელდა, ნისლი ოდნავ გაიფანტა და მარკმა მაშინვე იცნო შავი კოსტიუმი, ქერა თმა, ჟღალი წვერი, მის მარცხენა ხელზე სამეფო გვირგვინოსანი ბეჭედიც კი გაარჩია, ის უბრალოდ იდგა, იდგა და მას ელოდა, "ჩერჯერი" ძალიან ნელა შეეჯახა მას და მოისროლა, თვითონ კი მოცურდა, გადაბრუნდა და ერთიანად დალეწილი გზისპირა თხრილში გადაეშვა...მარკს ამჯერად გონება არ დაუკარგავს, იჯდა დალეწილ მანქანაში და კვლავ იცდიდა, უცებ სუსტმა ნიავმა დაჰქროლა, ვიღაცის ხელმა მანქანის კარი საკიდებიდან ისე მოგლიჯა, თითქოს, ფანჯრიდან ფარდა ჩამოხსნაო და მარკს ყურადღებით დააკვირდა, ხელი გულზე დაადო და თვალები დახუჭა.
- ცოცხალია, - გაოგნებულმა მარკმა აღმოაჩინა, რომ მისი ფიქრები ესმოდა, - ცოცხალია.
ჟღალწვერამ მანქანის არეული სალონი მოათვალიერა, გვერდით სავარძელზე დავარდნილ მობილურს დასწვდა, ერთხანს უხმოდ იქექებოდა ნომრების ჩამონათვალში, შემდეგ ოდნავ შეყოვნდა, თავი გააქნია და კლავიატურაზე 911 აკრიფა...
მარკი ყვირილით გამოფხიზლდა ხილვისგან, ფეხზე წამოვარდა, შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა, ხელები უკანკალებდა, გაოგნებისგან უკიდურესად გაფართოებოდა თვალები.
მის ყვირილზე სამზარეულოდან რაღაცის ლეწვის ხმა მოისმა და ოთახში შეშინებული სახით შემოიჭრა კეი.
- მარკ, რა ხდება?
- ხილვა მქონდა, - გასცა პასუხი მარკმა, - შემდეგ გაოცებული მზერა შეავლო კეის და მკლავში ხელი ჩაავლო, - როდესაც ავარია მომიხდა, ის ხილვა მქონდა... და ახლა რასაც გეტყვი, არ დაჯერებ, კეი.
- მართლა? ასეთი რა ნახე?
მარკს წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი.
- ის იყო, კეი, ის იყო....
- ვინ ის? ამოღერღე რა დაინახე.
- ის, ლუციუსი...მე მას დავეჯახე მანქანით, და მან მე გადამარჩინა, მან სიკვდილისგან მიხსნა, კეი.
კეიმ ბიძაშვილს ხელი გააშვებინა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია, რათა მთლიანად შეეთვალიერებინა.
- რაო?...თუ მანქანით მას დაეჯახე,...მოიცა, იკვე დავიბენი, რას ნიშნავს გადაგარჩინა?
- მან... ლუციუსი იყო, ვინც 911-ზე დარეკა და სასწრაფო გამოიძახა, - ნელა გაიმეორა მარკმა და საწოლზე დაეშვა.
- ჯანდაბა, - კვლავ სავარძელში ჩაეშვა კეი, - თავიდან მეგონა რამე ცხოველს დაეჯახე, შემდეგ ის ძაფი შენი მანქანიდან, მაგრამ ამას კი ნამდვილად არ ველოდი...
კეის სიტყვა კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა.
- მისტერ კრამერ, ოთახში ბრძანდებით?
კეიმ კარი გამოაღო და გამოჩნდა მათემატიკის ლექტორი მისტერ ჯონსი, დაბალი, მსუქანი და ნერვიული მამაკაცი, რომელიც სათვალით და მუდამ იღლიაში საქაღალდეამოჩრილი მიიჩქაროდა სადღაც.
- შემობრძანდით, მისტერ ჯონს, - შემოიპატიჟა კეიმ.
- მარკი აქ არის? - ოთახს თვალი მოავლო მისტერ ჯონსმა, - აჰ...აქ ხარ, მარკ? ჩვენი კოლეჯის დამფინანსებელს თქვენთან შეხვედრა სურს და მთხოვა გადმომეცა.
კოლეჯში რამოდენიმე კვირის წინ გავრცელდაბ ხმა, რომ გამოჩნდა ვიღაც მულტიმილიონერი, ვინც კოლეჯის ვალები დაფარა და მთლიანად თავის თავზე აიღო დაფინანსება, მას არავინ იცნობდა სალემში, და არც არავის ენახა თვალით, ამიტომაც გაუკვირდა მარკს ლექტორის სიტყვები...
ამ დროს კი კოლეჯის დამფინანსებელი კატასავით ფრთხილი ნაბიჯით ეპარებოდა მამაკაცს ტყეში, რომელიც ტანმსხვილი ხის უკან გაყურსულიყო და ზორბა ირემი ამოეღო მიზანში თავისი სანადირო თოფით. ის იყო, მონადირეს სასხლეტი უნდა დაეშვა, რომ მის ზურგსუკან ვიღაცამ ხმამაღლა ჩაახველა. ირემმა ყურები ცქვიტა, შემდეგ შეიკუნტრუშა და სწრაფი სირბილით გაქრა მონადირის თვალთახედვიდან. გაბრაზებული მონადირე მოტრიალდა, რომ პასუხი ეგებინებინა ამ სულელისთვის, რომელმაც ნადირი დაუფრთხო, მაგრამ სულელის მაგივრად შერჩა ადამიანი, რომელიც გამხეცებულ წითელ თვალებს არ აშორებდა და გაღებული პირიდან მოელვარე ეშვები მოუჩანდა.
- ვინ ჯანდ....- მონადირემ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, კოვაქსი ელვისებური ნახტომით გაჩნდა მის უკან, ერთი ხელით თოფი აართვა და შორს მოისროლა, მეორეთი კი ყელში სწვდა და თვალებიდან ჯოჯოხეთური ცეცხლი დააკვესა.
- ამ ტყეში მხოლოდ მე ვნადირობ, მეგობარო, - ხრინწიანი ხმით წარმოთქვა მან და სანამ მონადირე მისი სიტყვების გააზრებას მოასწრებდა, ბასრი, წვეტიანი ეშვები ყელში ჩაესო და მონადირის შეძრწუნებული ღრიალი ტყეს შეერია....
კოვაქსს ისე მტკიცედ ეჭირა მონადირის სხეული, რომ ეს უკანასკნელი განძრევასაც ვერ ახერხებდა, მის ვენებში მჩქეფარე სისხლი აგიჟებდა, წონასწორობიდან გამოჰყავდა და ისევ და ისევ უნდებოდა მისი დაგემოვნება, და ასეც მოიქცა, მანამ, სანამ უკანასკნელი წვეთი არ ამოსწოვა, შემდეგ უხეშად, ხელისკვრით მოიშორა ადამიანის უსიცოცხლო სხეული, ორი თითით ტუჩის კუთხიდან წვრილ ნაკადულად გამოჟონილი სისხლი მოიწმინდა და შავი, ძვირადღირებული და ელეგანტური კოსტიუმი ჩამოიფერთხა.
- ახლა კი, - საკუთარ თავს მიმართა ცინიკურად, - უკვე შეიძლება იმ საცოდავი ბიჭის ნახვა.



თავი 12


სალემის აღმოსავლეთით, განმარტოებით მდგარ სახლში სიჩუმე გამეფებულიყო, ორივე სართულზე ჩაექროთ სანთლები, რითიც სახლს ანათებდნენ ხოლმე, როგორც კი სიბნელე დაისადგურებდა. პირველ სართულზე, ოთახის ცენტრში ცალ მუხლზე დაჩოქილმა წვეროსანმა მამაკაცმა ხელის კანკალით დატენა შაშხანა, ხოლო ორმა, შედარებით ახალგაზრდამ, რომლებიც შემოსასვლელი კარის ორივე მხარეს გამაგრებულიყვნენ, "კოლტის" რევოლვერები მოსინჯა და დაძაბული მზერით გახედა ჩაბნელებულ ჭიშკარს. სახლის გარეთ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. წვეროსანი ფრთხილად, ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს და გარემოს დაძაბული მზერა მოავლო.
- ჩვენს უკან მოდიოდა, - დაიჩურჩულა სუსტმა, ქერა ახალგაზრდამ, - შემდეგ კი უეცრად გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა...
მეორემ-ბოროტი და სადისტური გამომეტყველების ახალგაზრდა კაცმა, იქედნურად გაიცინა და ხელში რევოლვერი აათამაშა.
- მეგობარო, მე შარშან ტეხასის ცხენოსანთა რაზმში ვიბრძოდი, ამ იარაღის ცეცხლივით ეშინია ყველას, ეს ხომ "კოლტია", - სიამაყით წარმოთქვა მან და უმალ მისი ყურადღება ჭიშკრის გაღებისას წარმოქმნილმა ჭრიალმა მიიქცია. სახლში გამაგრებულმა სამივე მამაკაცმა იარაღი მოიმარჯვა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
ჭიშკრიდან სახლამდე მომავალ მოკირწყლულ ბილიკს მძიმე ნაბიჯით მოუყვებოდა მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი, მხარზე ადამიანის მორღვეული სხეული მოეგდო, მამაკაცი ცინიკური მზერით აკვირდებოდა შეღებულ კარს და ოთახში გამეფებულ სიბნელეს. ის ზღურბლიდან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით შეჩერდა, მხარზე გადაკიდებული სხეული მსუბუქად მოისროლა და შავი ტანისამოსი სწრაფი მოძრაობით ჩამოიფერთხა.
- ასე, ასე, ასე, - ბოროტი ღიმილით თქვა მან, - სოფლის დამცველთა რაზმიდან სამი გადარჩენილი, რა სიმამაცეა, ეშმაკმაც დამწყევლოს.
ოთახში გამაგრებულმა წვეროსანმა მკვდარი მეგობრის სხეულს დახედა, კბილები დააკრაჭუნა და შაშხანამომარჯვებული მიუახლოვდა კარს.
- დემონო, სულ ტყუილად გიხარია, ამ სახლში მაინც ვერ შემოხვალ...
- მართლა? - მოულოდნელად ვიღაცამ წარმოთქვა მის ზურგსუკან, წვეროსანი შემოტრიალდა და დაზაფრული მზერა მიაპყრო მაღალ, ქერათმიან და ჟღალწვერიან მამაკაცს, რომელიც განგებ ნელა ჩამოდიოდა მეორე სართულიდან ჩამომავალ შიდა კიბეზე და მარჯვენა ხელით ეთამაშებოდა სამეფო გვირგვინოსან ბეჭედს.
- შენ...აქ...როგორ...
მამაკაცმა კიბე ჩამოათავა, შედგა და წვეროსანს ცისფერი თვალებით გამანადგურებელი მზერა მიაპყრო.
- ლეგენდას იმიტომ ჰქვია ლეგენდა, - ოთახში დამცინავად გაისმა ზღურბლთან მდგომი შავგვრემანი მამაკაცის ხმა, რომელიც შეუმჩნევლად შემოსულიყო ოთახში, კედელს მიყრდნობოდა და ყურადღებას არ აქცევდა ახალგაზრდებს, რომლებიც რევოლვერებს უმიზნებდნენ და თან ნელა იხევდნენ უკან, - ლეგენდას იმიტომ ჰქვია ლეგენდა, - გაიმეორა შავგვრემანმა, - რომ მასში არის რაღაც სიმართლის მარცვალი, მაგრამ არა ყველაფერი.
- თქვენ აქ ვერ უნდა შემოსულიყავით, - ძლივს ამოიკნავლა წვეროსანმა და შაშხანა ხელიდან გაუვარდა.
- ვითომ რატომ? - ჰკითხა ჟღალწვერამ და ნაბიჯი გადმოდგა, - ჩვენ პრიმუმები ვართ, პირველყოფილები...ალბათ ამიტომაც არ მოქმედებს უცხო სახლის შელოცვა.
- ღმერთო ჩემო, - აღმოხდა წვეროსანს.
- სამწუხაროდ, ამ უჩვეულო აღმოჩენას თქვენს შთამომავლობას ვეღარ გადასცემ, - ჟღალწვერა თმაში სწვდა წვეროსანს, მარცხენა სწრაფად მოიქნია და როდესაც ფოლადისმაგვარმა თითებმა მკერდი გაჰკვეთა და გულს ჩააფრინდა, წამიერად ჩახედა თვალებში, - ჩვენთვის ომი არ უნდა გამოგეცხადებინათ, - და სწრაფი მოძრაობით ამოგლიჯა მკერდიდან, წვეროსანი ბელტივით უხმოდ დაენარცხა ძირს.
ჟღალწვერა ერთხანს უხმოდ დაჰყურებდა სისხლიან ორგანოს, შემდეგ გულგრილად დააგდო გვამის გვერდით.
- კოვაქს, დაამთავრე, არ გვაქვს ამდენი დრო, ხომ იცი, მარკუსი გველოდება..
- დიდი სიამოვნებით, ლუციუს, - ჩაიცინა შავგვრემანმა, თავზარდაცემულ და ხელში რევოლვერებშეყინულ ორეულს მიუბრუნდა და მოელვარე ეშვები გააელვა, - პირადული არაფერი ბატონებო...
საზარელი ღრიალი ჩაბნელებული სახლიდან გამოიჭრა და ტყეს ექოდ გადაუარა...



*****


მარკი მთელი ღამე ფიქრობდა, რა საქმე შეიძლებოდა ჰქონოდა მასთან კოლეჯის დამფინანსებელს, მაგრამ ვერაფრით მიხვდა. ერთი ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული სტუდენტი იყო. დილით ჩვეულებრივ ადგა, შხაპი მიიღო, წიგნები ჩანთაში ჩაილაგა და მისაღებ ოთახში ჩამოორბინა. ოლივია სამზარეულოსთან შეეგება და შებრაწული პური მიაწოდა.
- მარკ, საყვარელო, იქნებ გესაუზმა?
- მაგვიანდება, დედა, მაპატიე, - მარკმა გემრიელად ჩაკბიჩა სურნელოვანი პური, დედას ლოყაზე აკოცა და კიბეები ჩაირბინა. მარკმა საათს დახედა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ტროტუარს, კოლეჯის ავტობუსი ზუსტად 08:00-ზე ჩამოდგებოდა ხოლმე გაჩერებაზე. ჩქარობდა, ამიტომ გვიან შეამჩნია ნაცრისფერი, შუშებჩაბურული "შევროლე", რომელიც ძალიან ახლოს მოძრაობდა ტროტუართან, მარკმა ნაბიჯს მოუკლო, სცადა კარგად შეეთვალიერებინა სალონში მჯდომნი, მაგრამ მუქი შუშები ამის საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ გაჩერდა და ჯიქურ მიაჩერდა მანქანას.
საპასუხოდ, ერთდროულად გაიღო მანქანის ოთხივე კარი და მამაკაცებმა, რომლებიც სალემში ნანახი არ ჰყავდა მარკს, ალყაში მოაქციეს.
- რა ხდება? ვინ ხართ? - მიმართა მარკმა ერთ-ერთს, რომელიც ამ უცნობი ოთხეულიდან უფროსად მიიჩნია.
- ჩვენ მხოლოდ შენი ადგილზე მიყვანა გვევალება, - თავი გააქნია ახოვანმა, თავგადაპარსულმა მამაკაცმა.
- სად? ვერ გამოგყვებით, - შეეწინააღმდეგა მარკი.
უცნობმა როგორც ჩანს, მოთმინება დაკარგა, მკვეთრი მოძრაობით გადადგა ნაბიჯი მარკისკენ, ყრუდ დაიღრინა და სათვალე მოიხსნა.
- ბოგდანი ჩვეული არაა ლოდინს, - უჩვეულოდ ყვითელი თვალებით გაბურღა მარკი, - გირჩევ უხმაუროდ გამოგვყვე, თორემ ამ კვარტალს სასაკლაოდ ვაქცევთ..
მარკი გააოცა ამ უცნაურმა მუქარამ, ერთხელ კიდევ შეათვალიერა მამაკაცი.
- თვალებზე რა გჭირს? - თავხედურად მიუგდო, - ან ბოგდანი ვინ ჯანდაბაა?
მეტის თქმა არ დააცადეს ყვითელთვალებიანის მეგობრებმა, ზვავივით დაეტაკნენ, შებოჭეს და ისეთი სისწრაფით და ისე ოპერატიულად შეაგდეს მანქანაში, თვით გამოძიების ფედერალური ბიუროს ამყვან ჯგუფსაც კი დატოვებდა პირდაღებულს. ყვითელთვალებიანმა საჭესთან დაიკავა ადგილი, მეორე გვერდით სავარძელზე გამოიჭიმა, დანარჩენი ორნი კი აქეთ-იქიდან მოუჯდნენ მარკს და თავზე შავი ტომარა ჩამოაცვეს. მანქანა დაიძრა.
მარკი ვერ ხვდებოდა სად მიდიოდნენ, დაახლოებით საათნახევარი იარეს, მანქანა ხან სარკესავით ალაპლაპებულ ასფალტზე მიჰქროდა, ხან გრუნტიან გზაზე მიჯაყჯაყებდა. ბოლოს, ხანგრძლივი მოგზაურობა დასრულდა, მანქანამ მოხრეშილი გზიდან გადაუხვია, ტყის პირას მდგარი მომცრო სახლის ეზოში შევიდა და გაჩერდა. ორმა მამაკაცმა მარკს ხელი გაუყარეს იღლიებში, ოთახში შეიყვანეს და სკამზე დასვეს, სიჩუმე ჩამოვარდა, მარკი მიხვდა, რომ ოთახში მარტო დატოვეს, მიიხედ-მოიხედა, სცადა, ოთახის მოხაზულობა და საგნები გაერჩია, მაგრამ ამაოდ. შემდეგ ფეხის ხმა გაისმა, ვიღაც შემოვიდა ოთახში, ერთხანს ზღურბლიდან აკვირდებოდა, შემდეგ ოთახი გადმოკვეთა და მარკის წინ შეჩერდა.
- რა ხდება, ვინ ხართ? - იკითხა მარკმა. პასუხი არავის გაუცია.
მოულოდნელად ოთახში ჩექმების ბრაგაბრუგით შემოიჭრა კიდევ ერთი უცნობი.
- ის აქ არის, - აღელვებული და შიშნარევი ხმა მოესმა მარკს.
- რაო? ასე სწრაფად როგორ მოგვაგნო? - იკითხა ბოხმა ხმამ და სიტუაცია ელვისებურად შეიცვალა.
გარედან ჯერ საწყალობელი ყვირილი მოისმა, რაც ხორცის გლეჯვის და მიწაზე სხეულის დავარდნის ხმამ შეცვალა და ყველაფერი ჩაწყნარდა. მარკმა სმენა გაამახვილა, ძველი კიბის ფიცრებმა დაიჭრაჭუნა, შემდეგ ფეხის ხმა გაისმა დერეფანში და მარკმა იგრძნო, რომ ოთახში მარტო აღარ იმყოფებოდა.
- ბინძური ძაღლები, - თქვა დამცინავმა ხმამ, მარკს თავიდან ტომარა მოხსნა და ცინიკურად მიაშტერდა.
მარკმა თვალები დაახამხამა, სინათლეს თვალი შეაჩვია და მაშინვე იცნო თავისი ხილვების და კოშმარების მუდმივი სტუმარი, რომელსაც გულზე გადაეჯვარედინებინა ხელები, ტუჩის კუთხეებიდან სისხლი ორ წვრილ ტოტად ჩამოსდიოდა და მარკს ჩასისხლიანებული თვალებით მისჩერებოდა.
- მადლობის გადახდა საჭირო არაა, - ღიმილით თქვა მან.
მარკი წამოდგა, დაბუჟებული ხელები მოისრისა და გადამრჩენელს საპასუხო მზერა მიაპყრო.
- გიცანი...
- რა თქმა უნდა, - თეატრალურად გაშალა ხელები კოვაქსმა, - ვფიქრობ, უმჯობესია შესავალი გამოვტოვოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.
მარკი თავისდა გასაოცრად, უშიშრად იდგა მონსტრის წინაშე, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის სახით დაიარებოდა და არისტოკრატული მანერებით ნიღბავდა თავის შინაგან ბუნებას.
- აპლოდისმენტებს ხომ არ ელოდები? - ჰკითხა მარკმა, - ვაღიარებ, სცენაზე შემოსვლა მართლაც ეფექტური გქონდა.
კოვაქსი მოიღუშა და შუბლშეკრულმა შეათვალიერა მარკი.
- წამოდი, გავისეირნოთ, - დაიღრინა მან, კიბეებს ჩაუყვა და ტყის სიღრმეში შემავალ ბილიკს გაუყვა ზურგზე ხელებდაწყობილი. მარკი გვერდით გაჰყვა, ერთიანად დაძაბული იყო, ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ მონსტრი ასე მშვიდად გააგრძელებდა ლაპარაკს. კიბეებზე ჩასვლისას მარკს თვალში მოხვდა ერთ-ერთი გამტაცებლის არაბუნებრივად მოგრეხილი კისერი და შენგრეული მკერდი.
- არ გაუმართლა, პირველი შემომეფეთა, - ირონიულად იმართლა თავი კოვაქსმა და მარკს მუქარით გახედა, -... საერთოდ, დაუნდობელი ვხდები ხოლმე, როცა იმას ვერ ვიღებ, რაც მინდა.
- და მე რას მიპირებ, ამ ტყეში მომკლავ და სადმე ხის ძირას დამფლავ? - ასევე ირონიულად ჩაეკითხა მარკი, - დარწმუნებული ვარ არც პირველი ჩონჩხი ვიქნები შენს კარადაში და არც უკანასკნელი...ვინ იყო ეს ხალხი?
კოვაქსმა თმაზე გადაისვა ხელი.
- მაქციები, - უბრალოდ უპასუხა მან, ბილიკზე ჩამოვარდნილი ტოტი ფეხის ამორტყმით მოიშორა და გზა განაგრძო.
- რა? - ორი ოქტავით მაღლა შესძახა მარკმა და შეჩერდა.
კოვაქსიც შედგა და გაკვირვებული მობრუნდა.
- მეგონა ამ ყველაფრის მერე გასაკვირი არ იქნებოდა შენთვის, ჩვენ ზებუნებრივი არსებები ვართ, მაგრამ მერწმუნე, ჩვენი რიცხვი და სახეობათა მრავალფეროვნება ამ თქვენს საცოდავ სამყაროში იმდენად ბევრია, შენი პატარა ტვინითაც კი ვერ წარმოიდგენ.
მარკს აღარაფერი უთქვამს, უხმოდ გაჰყვა გვერდით.
- ნუ მიიღებ ამ სიახლეს სერიოზულად, - დამცინავი ტონით მიმართა კოვაქსმა, - უბრალოდ, წარმოიდგინე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მშობლები გიმხელენ, რომ თურმე სანტა-კლაუსი არსებობს და შობას ცის კაბადონზე ირმებშებმული მარხილით დასეირნობს და როდესაც შენ ხედავ სანტა-კლაუსს, სხვა გზა აღარ გრჩება, უნდა მიიღო ეს ყველაფერი.
მარკი კოვაქსის უცნაურ მსჯელობაზე ფიქრობდა, ცდილობდა რაიმე საწინააღმდეგო ეპოვა მის სიტყვებში, მაგრამ ვერ ახერხებდა.
- მგონი მართალი ხარ, - ძალაუნებურად დაეთანხმა მარკი.
- მიხარია, რომ ერთმანეთის გაგებას ვიწყებთ, - ხელი ხელს კმაყოფილებით შემოჰკრა კოვაქსმა.
მარკმა უგულოდ დაუქნია თავი.
- თქვენ, ზებუნებრივი არსებები, რამდენად დიდი ხანია არსებობთ? - მარკს იმედი არ ჰქონდა, რომ პასუხს მიიღებდა.
- ჩვენ იმ დროიდან ვარსებობთ, როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფოს იდეა იდეაშიც კი არ არსებობდა, - გაიღიმა კოვაქსმა.
- რაო? - კიდევ ერთხელ შედგა გაოცებული მარკი, - შენ ამბობ, რომ...
- მარკუს, - ცივად შეაწყვეტინა კოვაქსმა, - მე იმ წელს დავიბადე, როდესაც ჟანა დ'არკი სიკვდილით დასაჯეს, მე უკვდავი ვარ და უკვე მომბეზრდა შენთან მეგობარივით საუბარი, ამიტომ ჩემს სათქმელს გეტყვი..
- ჟანა დ'არკი 1431 წელს დასაჯეს სიკვდილით...- მარკს თვალები გაუფართოვდა, - ჯანდაბა, ამის დედაც...შენ თითქმის ექვსასი წლის ხარ?
კოვაქსს მოთმინებამ უმტყუნა, ყელში სწვდა მარკს, რამოდენიმე სანტიმეტრზე ასწია მაღლა, მარკი ფეხის წვერებით ძლივს ეხებოდა მიწას, კოვაქსი ქვემოდან შემოჰყურებდა სიძულვილით.
- ვწუხვარ, რომ შენი მოკვლა არ შემიძლია, - ყრუდ თქვა მან, - ახლა კი მომისმინე...ლუციუსის ერთ სიტყვასაც კი არ ენდო, დაიღუპები...და ამ ყველაფრის შესახებ არავისთან არაფერი წამოგცდეს, თორემ ყველა შენი ახლობელი მოკვდება, - კოვაქსმა ხელი გაუშვა მარკს, რომელიც ხველებით დაეხეთქა მის ფერხთით, - სხვათაშორის, იმ პატარა კახპასაც გაუფრთხილდი, - დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა, - შენს თვალწინ გამოვწოვ სისხლს...ბოლო წვეთამდე, გახსოვდეს, სრული ანონიმურობა, - შემდეგ წელში გაიმართა და კოსტიუმი შეისწორა, - მისტერ კრამერ, მიხარია, რომ შევთანხმდით.
სუსტმა ნიავმა დაჰქროლა და როდესაც მარკმა ამოიხედა და გარემოს თვალი მოავლო, კოვაქსი აღარსად ჩანდა...



თავი 13



....1429 წლის 17 ივნისი, საფრანგეთი, პატეს ციხესიმაგრიდან რამოდენიმე ლიეს მოშორებით.
უკიდეგანო გამწვანებულ ველზე, იქ, სადაც არწივნი ცის ქვეშეთში ამაყად დალივლივებენ, ვითარცა ღრუბელნი ამაყნი და შეუდრეკელნი, იქ, სადაც ინგლისელთა განუკითხაობის და მწარე ლახვარქვეშ ერთ დროს ტანჯვის და უსასოობის ცრემლი ალბობდა ფრანგთა დალოცვილ მიწას, ახლა კარვები წამომართულიყო, საითაც გაიხედავდით, მთელს სიგრძე-სიგანეზე გადაშლილიყო, ალაგ-ალაგ ხანგრძლივი ლაშქრობით დაღლილი ხალხი შემოსხდომოდა კარვებს შორის დანთებულ ცეცხლს, უხმოდ, მდუმარედ მიირთმევდა მოხარშულ ხორცს, ზოგი პირდაპირ ცეცხლიდან იტაცებდა კიდეებშემომწვარ სიმინდს და სულმოუთქმელად ნთქავდა, აქა-იქ ნაღვლიანი ჯარისკაცული სიმღერებიც ისმოდა, ყოველი სტროფის დასრულების შემდეგ ბანს აძლევდა მახვილების და ფარების ხმაშეწყობილი წკრიალი.
ბანაკის შუაგულში იდგა დიდი თეთრი კარავი, რომლის შესასვლელთანაც ორი, აბჯარასხმული და მუზარადიანი გუშაგი იდგა. აშკარად ეტყობოდა, რომ ეს კარავი ამ ლაშქრის წინამძღოლს ეკუთვნოდა.
კარავთან ცხენი მოაგდო მამაკაცმა, გუშაგებმა დააპირეს, თავხედისთვის მაშინვე ეგებინებინათ პასუხი, მაგრამ როდესაც ჩამოქვეითებულმა მხედარმა მოელვარე მუზარადი მოიხადა, მაშინვე გადაიფიქრეს, წელში გაიმართნენ, თავი დაუკრეს და კარვის შესასვლელისკენ მიუთითეს.
- თათბირზე გელოდებიან, სარდალო, - თქვა ერთმა გუშაგმა და პატივისცემის ნიშნად ოდნავ დახარა თავი.
მამაკაცმა პასუხად გაიღიმა და თავი დაუკრა, შემდეგ კარვის კალთა გადაწია და შევიდა.
კარვის ინტერიერი წარმოადგენდა საკმაოდ დიდ ფართობს, შუაში მდგარ ხის მაგიდაზე რომელიღაც ციხესიმაგრის მაკეტი მოეთავსებინათ და გარშემო მდუმარედ, მახვილის ტარზე ხელდაყრდნობით იდგა რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ყურადღებით უსმენდნენ ვიღაცას და დრო და დრო თანხმობის ნიშნად თავს უქნევდნენ.
დანარჩენებმა მაშინვე იგრძნეს კარავში კიდევ ერთი პირის შემომატება, აქეთ-იქით მიდგნენ და ადგილი დაუთმეს მაღალ, ქერა და ცისფერთვალება, ბრწყინვალე საჭურველში ჩამჯდარ მამაკაცს, რომელსაც მარჯვენა ხელში მუზარადი ეჭირა, მარცხენა ხელით კი უსაშველოდ გრძელი მახვილის ტარს ეყრდნობოდა.
ციხესიმაგრის მაკეტით გართულმა ყველაზე გვიან გაიგო მისი მოსვლა, თავი ასწია და ღიმილით მიესალმა მოხდენილ მამაკაცს, რომელმაც თავის მხრივ, ოდნავ დახარა თავი.
- ცხენოსანთა სარდალი, ლუციუსი, - წარუდგა მამაკაცი გარშემომყოფებს.
- მითხრეს, რომ მოხვიდოდი, სარდალო, - მაკეტთან მდგომი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სარდალს, ეს იყო საშუალო სიმაღლის, წითურთმიანი ქალი, დახვეწილი თეთრი პირისახით, ოდნავ ამაყი ნაკვთებით და საოცრად მწვანე თვალებით.
- ჩემო ქალბატონო, - სარდალმა ლუციუსმა ცალ მუხლზე დაიჩოქა, მუზარადი ნახერხმოყრილ მიწაზე დადო და ქალს ხელზე ეამბორა, - თათბირს ვერ გამოვტოვებდი.
ქალმა გაიღიმა, ცხენოსანთა სარდალს ადგომა სთხოვა და მაკეტთან მიიწვია.
- სარდალო, თქვენ გუშინ მითხარით, რომ თქვენი მზვერავები შეაგზავნეთ ციხესიმაგრეში...მომიყევით, თუ შეიძლება.
ლუციუსი წამოდგა, თავი დაუქნია და მაკეტს შეავლო თვალი.
- ჩემო ქალბატონო, ციხესიმაგრე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ადვილად ასაღები...სინამდვილეში კი ასე არაა, - მან ჩაახველა და ჟღალ წვერზე მოისვა ხელი.
- განაგრძეთ, - სთხოვა ქალმა.
- ციხესიმაგრეს გარშემო წყლით სავსე განიერი თხრილი აკრავს, რომლის ორივე მხარეს მიწაყრილებია წამომართული, შიგნით მხოლოდ ერთი ვიწრო ბილიკი შედის. ციხის კედლები საკმაოდ მყარია, არამგონია, ჩვენი ლოდსატყორცნებით რამე დავაკლოთ...შიგნით ასიდან ას ორმოცდაათ კაცამდე ინგლისელი მეციხოვნე იმყოფება, მახვილებით, შუბებით და არბალეტებით შეიარაღებულნი...
ქალმა ჩაფიქრებული მზერა გადაავლო მაკეტს, მტრის სუსტ წერტილს ეძებდა, სადაც სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ ვერ პოულობდა.
- თქვენ რას მთავაზობთ? - იკითხა ბოლოს.
- თქვენთან პირისპირ მსურს საუბარი, - ითხოვა სარდალმა ლუციუსმა.
ქალი ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა, შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დანარჩენ სარდლებს მიუბრუნდა.
- ბატონებო, გთხოვთ, დაგვტოვეთ.
სარდლების გასვლის შემდეგ ქალი მოეშვა, ლუციუსს გაუღიმა, მივიდა, კისერზე შემოხვია ხელები და თავი მკერდზე მიაყრდნო. მამაკაცმაც კრძალვით შეახო მხრებზე რკინის ხელთათმანიანი ხელები და მსუბუქად ეამბორა წითურ თმაზე.
- მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სუსტი ქალი ვარ, - ამოიოხრა ქალმა, ლუციუსს მოშორდა და მაკეტთან დაბრუნდა.
- მე ასე არ მიმაჩნია, - წარმოთქვა ცხენოსანთა სარდალმა და წინ წარსდგა ნაბიჯი, -... ჟანა, ამ ციხეს ვერ ავიღებთ, უამრავი ხალხი დაგვეხოცება.
ქალმა ნაღვლიანად დაუქნია თავი.
- ინგლისელთა რისხვა ჟანა დ'არკი გამოსავალს ვერ პოულობს, - თქვა მან და მოიქუფრა.
- მე უკვე ნაპოვნი მაქვს გამოსავალი....მე მარტო შევალ იქ, - მტკიცედ წარმოთქვა სარდალმა.
ქალმა გაოცებით შეხედა, შემდეგ მაკეტს მოშორდა, სარდალს წინ დაუდგა და შეათვალიერა.
- ლუციუს, ვიცი რომ გამოცდილი მეომარი და ბრწყინვალე სარდალი ხარ, მაგრამ რასაც ახლა მთავაზობ, ეს სრული სიგიჟეა.
- მომენდეთ, ჩემო ქალბატონო, მომენდეთ და ციხესიმაგრეს ისე ჩაგაბარებთ, ერთი ჯარისკაციც არ დაგვაკლდება, მხოლოდ თქვენი ნებართვა მჭირდება, - შეაგება სარდალმა და ქალის წინ მუხლი მოიყარა, - გთხოვთ...
- არ ვიცი რა გაქვთ ჩაფიქრებული, - ეჭვით უმზერდა ქალი, - მაგრამ მე მჯერა თქვენი, ლუციუს, მოქმედების სრულ თავისუფლებას გაძლევთ.
სარდალი წამოდგა, ხელზე მხურვალედ აკოცა და ზურმუხტისფერ თვალებში ჩახედა, შემდეგ მუზარადი მოირგო, კარვიდან გავიდა და უზარმაზარი ტანის შავ ულაყს ელვისებურად მოევლო ზურგზე, ცხენი ააყალყა, წამიერად გახედა კარავს.
- ო, ჟანა დ'არკ, ჩემო ქალბატონო, ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემო ოცნებავ... - ყრუდ წაიბუტბუტა მან, ცხენს დეზი ჰკრა და ტყის მიმართულებით გააჭენა...
....ციხე-სიმაგრე პატეს გუშაგები გულდანდობილად მიირთმევდნენ ტოლჩებში ჩამოსხმულ სქელ ლუდს და დრო და დრო გარე ტერიტორია ათვალიერებდნენ არხეინი მზერით, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ციხესიმაგრე იმდენად იყო გამაგრებული, ეს მაწანწალა ავანტიურისტი ქალი-ჟანა დ'არკი, რომელსაც საფრანგეთის გასათავისუფლებელი მახვილი ეპყრა ხელთ და რომელიც ამ ციხიდან არც ისე შორს იყო დაბანაკებული თავისი მათხოვრების და მოროდიორების ხროვით, შემოტევას ვერ გაბედავდა, ამიტომ გვიან შეამჩნიეს მარტოსული მხედარი, რომელიც უზარმაზარ შავ ცხენზე ამხედრებულიყო, ძვირფასი აღჭურვილობა და იარაღი გუშაგებს აფიქრებინებდათ, რომ ეს მხედარი არ უნდა ყოფილიყო ვინმე ჩვეულებრივი გამვლელი, მით უმეტეს, როდესაც მხედარს მარცხენა ხელში ჯოხზე წამოცმული თეთრი ალამი ეჭირა, მეორეთი კი ძლივს აკავებდა მფრთხვინავ ულაყს. უცნობმა მხედარმა პირდაპირ ციხის ალაყაფის კარს მოაყენა ცხენი და კოშკებზე გამაგრებულ გუშაგებს ახედა.
- მე ბარონი ლუციუს დე მარტელი გახლავართ, - გაისმა მხედრის მტკიცე ხმა, - საფრანგეთის გამათავისუფლებელი არმიის სარდლის, ჟანა დ'არკის ცხენოსანთა რაზმის მეთაური და მისი ელჩი, მოახსენეთ თქვენს მთავარს, რომ მოსალაპარაკებლად მოვედი.
მხედრის გარეგანი იერით და ვაჟკაცური ხმით უნებურად აღფრთოვანებულმა გუშაგებმა ჩვეული თავხედობა - რაც ციხესიმაგრეში გამაგრებულთ სჩვევიათ, ვერ გაბედეს და ერთი მათგანი მაშინვე გაქანდა ბრძანების შესასრულებლად. ციხესიმაგრის დამცველთა რაზმის მეთაურმა ელჩის მიღება სიმაგრის ცენტრალურ მოედანზე ბრძანა, საუცხოოდ გამოეწყო, ცალკეული დანაყოფების მეთაურები იახლა და სტუმართან შესახვედრად ჩაბრძანდა.
ციხესიმაგრის შიდა მოედანი ოთხკუთხა ფორმის სივრცეს წარმოადგენდა, სადაც ამჟამად ოციოდე აღჭურვილ ინგლისელ მეომარს მოეყარა თავი, ეს იყო ციხის მთავრის პირადი დაცვის გვარდია, საუკეთესოდ გაწვრთნილი და გამოცდილი ჯარისკაცები.
მთავარმა, თავადაც ახოვანმა და თავით ფეხებამდე იარაღში ჩამჯდარმა, გამომწვევად შეათვალიერა ელჩი.
- ბარონო დე მარტელ, მოხარული ვარ ჩემს ციხესიმაგრეში თქვენი ხილვით, რით შემიძლია თქვენი დახმარება?
სარდალმა ლუციუსმა ასევე გამომწვევი მზერით უპასუხა.
- მილორდ, ვწუხვარ, მაგრამ თქვენს სიტყვებში მცირეოდენი შესწორების შეტანა მომიწევს, ეს ციხესიმაგრე ფრანგი ხალხის საკუთრებაა და არა თქვენი, მილორდ, - მან თავხედობაში გადასული თავაზიანობით ოდნავ დაუკრა თავი.
- ღმერთს თქვენთვის მახვილ ენაზე მეტად ძლიერი მკლავი რომ მოემადლებინა...
- მილორდ, - უცერემონიოდ შეაწყვეტინა ბარონმა, - ჩემი მეთაური მოითხოვს, დაუყოვნებლივ ჩაგვაბაროთ ციხესიმაგრე.
მსგავსი თავხედობით გაოცებულმა მთავარმა თითქოს ენა გადაყლაპა, ბრაზისგან გალურჯდა, უძრავი თვალებით მიაშტერდა ელჩს.
- საოცარია, საიდან ასეთი სიმამაცე, თქვენ, ფრანგებს ხომ...
- მე ფრანგი არ გახლავართ, - კვლავ შეაწყვეტინა სიტყვა ბარონმა.
- როგორ ბედავთ...
- მილორდ, ვფიქრობ, არ ღირს მაღალფარდოვანი სიტყვების ფუჭად ხარჯვა, რა პასუხს მაძლევთ?
მთავარმა ბრაზი დაიოკა, თავის მხლებლებს გადახედა და შემდეგ ირონიული მზერა კვლავ ელჩს მიაპყრო.
- ბარონო, გადაეცით თქვენს ბატონს, რომ მისი მაღალაღმატებულება ინგლისის მეფეს სასაცილოდაც არ ჰყოფნის მისი შემოთავაზება.
საპასუხოდ ბარონი დე მარტელიც გაიკრიჭა, მკვეთრი მოძრაობით მოიხადა ჩაფხუტი, მიწაზე დააგდო, ორთავე ხელიდან რკინის ხელთათმანები წაიძრო და ისინიც ფეხებთან მიუყარა მთავარს.
- ასეთ შემთხვევაში, - სიტყვა გაწელა, მხრებზე დაყრილ ქერა თმაზე ხელი გადაისვა და აბჯრის მომჭერები მოუშვა, - იძულებული ვარ, მის მაღალაღამატებულებას საკადრისი პასუხი გავცე...
ამ გაუგონარი თავხედობით აღშფოთებულმა მთავარმა სამი ნაბიჯი სწრაფად წარსდგა წინ, ბარონს ცისფერ თვალებში ჯიქურ ჩახედა და კბილები გაახრჭიალა.
- ღმერთს ვფიცავ, ბარონო, თქვენი ბატონი ამ საღამოსვე მიიღებს თქვენს მოკვეთილ თავს, - ის მობრუნდა, რომ მცველებისთვის შესაბამისი ბრძანება მიეცა, მაგრამ უეცრად ადგილზევე გაიყინა, სახეზე გაოგნება და შეძრწუნება ასახვოდა, შემდეგ ბანცალით გადადგა ნაბიჯი მცველებისკენ, დაიხრიალა, პირიდან სისხლი წასკდა და უფორმო ბელტივით დაეცა ბარონის ფერხთით.
ციხესიმაგრის მცველებს და მხლებლებს გაოცების და შიშის შეძახილი აღმოხდათ და მზერა მიაპყრეს ბარონს, რომელსაც ხელისგულზე უბედური მთავრის ჯერ კიდევ მფეთქავი გული ედო და ირონიული ღიმილით დასცქეროდა.
- მეგონა, ინგლისელ ძაღლებს უფრო დიდი გული გექნებოდათ, - უცნაურად დაიღრინა მან, თავი უკან გადააგდო, თვალები დახუჭა და თავზარდაცემულ მაყირებელთა თვალწინ მისმა სახემ და კბილებმა ტრანსფორმაცია დაიწყო.
- ის ადამიანი არ არის, დემონია, ღმერთო გვიხსენი, - შეძრწუნებულმა ჩურჩულმა გადაუარა ციხესიმაგრეს.
ბარონმა ლუციუს დე მარტელმა თვალები გაახილა და ბრბოს სასტიკი და სისხლისმწყურვალი მზერა მოავლო.
- ბატონებო, შემდეგი ვინ იქნება? - მოელვარე ეშვები გამოაჩინა გაციებული ორგანო ხელიდან გააგდო.
- მოკალით, - დაიღრიალა მთავრის თანაშემწემ, მახვილი იშიშვლა და პირველი მიეჭრა ბარონს....
......ჩამავალი მზე სიყვარულით ელამუნებოდა ციხესიმაგრის ქვის კედლებს, რომლის შიგნითაც უჩვეულო სიჩუმე გამეფებულიყო, აღარავინ ლაპარაკობდა, აღარავინ იცინოდა, აღარ ეძახდნენ გუშაგები ერთმანეთს, აღარ გაისმოდა ტოლჩების წკრიალი და თვით ძაღლების ყეფაც კი მიწყნარებულიყო. ციხესიმაგრეზე თითქოს ყოვლის შემმუსვრელი და გამანადგურებელი სიკვდილის მსახვრალ ხელს გადაევლო, ყველგან ეყარა არაბუნებრივ პოზებში გაშეშებული ჯარისკაცების უსიცოცხლო სხეულები, უმრავლესობას თავი აღარ ება მხრებზე, ზოგს კისერი ჰქონდა გადამტვრეული, ზოგსაც კი მკერდი შენგრეული, მათი გვამები ყველგან ეყარა, ყველა ოთახში, ყველა კოშკზე, მთავრის დარბაზში, ჯარისკაცთა საცხოვრებელში, მოედანზე, ალაყაფის კართან....თავად სიკვდილი კი უზარმაზარ შავ ულაყზე ამხედრებულიყო, ერთიანად ციხის გარნიზონის მცველთა სისხლში ამოსვრილი, მოჭუტული თვალებით უცქერდა ჩამავალ მზეს და ტუჩის კუთხეებიდან ორ წვრილ ტოტად ჩამოსდიოდა სისხლის ნაკადული...უმზერდა ცეცხლოვან მნათობს და თვალებში გამოუთქმელი სევდა და ტკივილი ჩაჰბუდებოდა.
- ღმერთია მოწმე, - ჩურჩულებდა ის და მზეს თვალს არ აშორებდა, - მათ ეს დაიმსახურეს...ღმერთი...
მან უცნაურად გადაიხარხარა და გვამებით მოფენილ ციხესიმაგრის შიდა მოედანს მოავლო თვალი.
- სად არის ღმერთი, - დაიღრიალა საშინელი ხმით, - აქ არ არის, ის აქ არ არის...აქ მხოლოდ მე ვარ! - მან ვერცხლის დეზები მოიქნია, ულაყს ფერდებში შეარჭო და ციხიდან გამავალ ბილიკზე გააჭენა.
1429 წლის 18 ივნისს ფრანგთა გამათავისუფლებელი არმიის მეწინავე კოლონა ციხესიმაგრეში ზარ-ზეიმით შევიდა, წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული წითურთმიანი ქალი მიუძღოდათ, რომელიც თვალს არ აშორებდა ბრწყინვალე აბჯარში გამოწყობილ ახოვან მეომარს, რომელიც მთავრის აივანზე იდგა და ზემოდან გადმოსცქეროდა შექმნილ ორომტრიალს.
წითურთმიანმა ქალმა მოედნის ცენტრში აღვირი მოზიდა, ცხენი შეაჩერა და ბარონ დე მარტელს გაუღიმა, რომელიც უკვე მის უნაგირთან იდგა უზანგზე ხელჩაჭიდებული, რათა დახმარებოდა თავის ქალბატონს.
- გაუმარჯოს ჟანა დ'არკს, - დასჭექა ბარონმა და თავისი უსაშველოდ გრძელი მახვილი ჰაერში ააპრიალა.
- სიცოცხლე და დღეგრძელობა ბარონ დე მარტელს, - არ ჩამორჩა ლაშქარი და ციხესიმაგრე აღტაცებული ხალხის ღრიალმა მოიცვა...



თავი 14



ლუციუსი ჩაფიქრებული იჯდა ლოდზე ტბის პირას, ირგვლივ ტყე გაყურსულიყო, აშკარად ვიღაცას ელოდებოდა. მან ბეჭედს დახედა და ზედ გამოსახულ სამეფო გვირგვინს თითი გადაუსვა.
- დააგვიანეთ, - უკან არ მოუხედია, ისე თქვა ლუციუსმა.
მის ზურგს უკან მგომმა მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კვლავ ქვაზე მჯდომ უკვდავს მიაპყრეს მზერა.
- გაბრიელმა შეტყობინება გამოგიგზავნა, - დაილაპარაკა ერთმა და მეორეს გადახედა, ისინი ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივეს შავი ხვეული თმა მხრებამდე სცემდათ, თითქოს მათ შორის განსხვავებას ვერ იპოვნიდით, მაგრამ კარგად დაკვირვებულ თვალს შეეძლო შეემჩნია, რომ ერთი სულ ოდნავ მაღალი იყო მეორეზე და მარცხენა წარბთან მკრთალი ნაიარევი ამშვენებდა.
- მე თქვენთვის ლაპარაკის უფლება არ მომიცია, - ცივად თქვა ლუციუსმა, ნელა წამოდგა ქვიდან და ტყუპებს მოუბრუნდა.
ტყუპებმა შიშით გადახედეს ერთმანეთს.
- მაგრამ...
ლუციუსი წამის მეასედში მათ წინ აისვეტა და საჩვენებელი თითი ტუჩზე მიადო სახენაიარევს.
- ჩშშშ...მეორედ აღარ გავიმეორებ, - მის ყურთან დაიხარა და ისე ჩასჩურჩულა, - აზრაელ, შენ ვამპირი ხარ, მე კი პრიმუმი, პირველყოფილი ვამპირი...- ლუციუსი სახენაიარევს მოსცილდა და მათ წინ გაიარ-გამოიარა ზურგზე ხელებდაწყობილმა.
- რა თქმა უნდა, ეს ასეა, - სწრაფად უპასუხა აზრაელმა.
- იცი, რით განვსხვავდებით მე და შენ ერთმანეთისგან?
აზრაელმა ტყუპისცალს გადახედა.
- იმით, რომ...
- იმით, რომ პრიმუმ ვამპირს ჩვეულებრივი ვამპირის სისხლის დალევაც შეუძლია, ამიტომ ვართ ჩვენ თქვენზე ძლიერები და სწრაფები, ამიტომ გაგვაჩნია ჩვენ გარკვეული ზებუნებრივი უნარები, თქვენ კი-არა, თქვენი სისხლის დალევით ჩვენ ორმაგად ძლიერები ვხდებით, ვიდრე თქვენ...და ამიტომაც ვართ ჩვენ ბატონები, თქვენ კი მსახურები, - მონოლოგი დაასრულა ლუციუსმა, მეორე ტყუპისცალის წინ შეჩერდა და თვალი თვალში გაუყარა, - ეზეკიელ, რა დაგაბარათ მოხუცმა?
"ეზეკიელად" წოდებულმა ტყუპისცალმა ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა.
- გაბრიელს სურს, რომ საქმის კურსში ამყოფოთ, - უპასუხა მან.
ლუციუსმა შუბლი შეკრა.
- რას გულისხმობს?
- გაბრიელს ამბავი მიუვიდა, რომ რამდენიმე დღის წინ ამ რაიონში მაქცია მოკლეს, - იყო პასუხი, - ჩვენ მაქციებთან ზავი გვაქვს უკვე მრავალი საუკუნეა, მის დარღვევას კი ვიღაც ცდილობს, ეს მისი სიტყვებია.
ლუციუსს თვალები აემღვრა. ტყუპებმა მაშინვე შენიშნეს პირველყოფილში მომხდარი ემოციური ცვლილება და უკან დაიხიეს.
- მე, - დაიღრინა ლუციუსმა და მოელვარე ეშვები გამოაჩინა, - მე ლუციუსი ვარ, პრიმუმთა შორის უძლიერესი პირველყოფილი, მე ვარ გარანტი, რომ ეს ზავი არ დაირღვევა, ამას გავარკვევ, ვინ ჩაიდინა და სიკვდილით დავსჯი...ასე გადაეცით გაბრიელს, ახლა კი აქედან გაეთრიეთ, - ლუციუსი ქვასთან დაბრუნდა, ჩამოჯდა და კვლავ ფიქრებში ჩაიძირა..


*****


თბილი საღამო იდგა. მარკი და კეი ბარში, ფანჯარასთან, ამოჩემებულ მაგიდასთან იჯდნენ და ლუდს შეექცეოდნენ.
- მაგარია, ნამდვილი ბლოკბასტერია, - ამბობდა კეი ჩვეული მხიარული გამომეტყველებით, - შენ მაქციებმა გაგიტაცეს, როგორც მისტიკურ ფილმებში ხდება, მერე გამოჩნდა ექვსასი წლის ვამპირი კოვაქსი, გადაგარჩინა და თან მოკვლით დაგემუქრა....არ მეგონა, ასეთ საინტერესო და ზებუნებრივ ქალაქში თუ ვცხოვრობდით, - მან ლუდი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა და მარილიან თხილს დასწვდა.
- ჰო, - მოკლედ მიუგო მარკმა, - შეგიძლია არ დამიჯერო.
- მჯერა, ძმაო, მჯერა, - ხელებია ასწია კეიმ, - ვამპირები რეალურად არსებობენ, რატომ არ უნდა დავიჯერო მაქციების არსებობა?
- ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რატომ გამოჩნდნენ ისინი ჩვენს ქალაქში, - ჩაფიქრებით თქვა მარკმა, - რაღაც ხდება...ისინი მემუქრებიან, მიას ემუქრებიან, ყველას ემუქრებიან და ამავდროულად არაფერს აკეთებენ, ეს ორი ფსიქოპათი თავისუფლად დასეირნობს აქ, ქალაქს ათვალიერებს და ცხოვრებით ტკბება, ერთმა მათგანმა ავარიის დროს სიკვდილს გადამარჩინა, მეორემ მაქციების კლანჭებისგან მიხსნა....სად არის აქ ლოგიკა?
- არ ვიცი, - დასერიოზულდა კეი და წინ გადმოიხარა, - ამ სპექტაკლში იქნებ მთავარ როლს შენ თამაშობ? ისინი გამუდმებით შენს სიახლოვეს ტრიალებენ...მაქციებმა მოგიტაცეს, ესე იგი რაღაცაში სჭირდებოდი მათ, ვამპირებმა გადაგარჩინეს, ანუ მათაც სჭირდები....ჯანდაბა, სულაც არ მინდა შენს ადგილას ყოფნა, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და დაუცველი პროდუქტი ხარ, - კეიმ სიცილით დაასრულა, კოლოფიდან მარილიანი თხილის მარცვალი ამოიღო, ჰაერში ააგდო და პირით დაიჭირა.
- მართალი ხარ, ისინი ყოველთვის ჩემს სიახლოვეს ტრიალებენ, - დაეთანხმა მარკი და თვალით ანიშნა ბარში შემომავალ მაღალ, სიმპათიურ, შავგვრემან მამაკაცზე, რომელმაც მათ შორიახლოს დაიკავა ადგილი მაგიდასთან, მიმტანს დაელოდა, ყურში რაღაც უჩურჩულა და ხელში ათდოლარიანი კუპიურა ჩაუდო, თავის მხრივ მიმტანმაც გაუღიმა, თავი დაუქნია, ხარბი მზერით შეჭამა მის თითზე წამოცმული სამეფო გვირგვინოსანი ბეჭედი და წავიდა.
- ჰოო...ეს, როგორც ვხვდები, კოვაქსია, - თქვა კეიმ და პირველყოფილ ვამპირს ცნობისმოყვარე მზერა შეავლო, - სულაც არ ჰგავს ჩემს წარმოდგენებში არსებულ სისხლისმსმელ ურჩხულს, შენ რას იტყვი, მარკ?
- მხოლოდ ერთი შეხედვით, პირადად რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ საკმაოდ ცივსისხლიანი და ბოროტი ტიპია, - აგდებულად თქვა მარკმა და მიმტან გოგონას კიდევ ორი ბოთლი "ჰეინეკენის" შეკვეთა მისცა.
მიმტანი მალევე დაბრუნდა, მაგიდაზე ლუდის მაგივრად ვისკის ოთხკუთხა ბოთლი დადგა და ბიჭებს თვალი ჩაუკრა.
- ეს ვისგან...
- მიიღეთ, როგორც მეგობრული საჩუქარი და ჩემი თქვენდამი კეთილგანწყობის სიმბოლო, - სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო მარკმა, რომ მათ ზურგსუკან გაისმა ირონიული ხმა, - დაგვტოვეთ, ძვირფასო, - მომხიბლველი ღიმილით მიმართა უკვდავმა მიმტანს, მაგიდას შემოუარა და მათ პირისპირ ჩამოჯდა.
- ყოველთვის ასეთ გულუხვობას იჩენ? - ცინიკურად ჰკითხა მარკმა და "ქემელს" მოუკიდა.
- მშვიდად, მშვიდად, - ხელები ასწია კოვაქსმა, - საჩხუბრად არ მოვსულვარ, უბრალოდ თქვენთან ერთად ერთი-ორი ჭიქის გადაკვრაზე უარს არ ვიტყოდი, - მან ბოთლი შეატრიალა და ეტიკეტს დახედა, - ათას ცხრას ოცდაორი წლის გამოშვება, საკმაოდ ძვირადღირებულია, - მან ჭიქები სანახევროდ შეავსო.
- ალბათ შენი კეთილგანწყობით გულამოგლეჯილი მაქცია ვერ დაიტრაბახებს, - შერიფ კრამერივით უხეშად თქვა მარკმა და ვისკის ჭიქას დასწვდა.
კოვაქსმა ფართოდ გაიცინა, თეთრი კბილები გააელვა და სკამზე გადაწვა.
- შენი ბიძაშვილი, ალბათ საქმის კურსშია ხომ? მშვენიერია, - უკვდავმა ღიმილით გაუწოდა ხელი კეის, - მარკუსის სიტყვებს თუ გავიმეორებ, სასტიკი სისხლისმსმელი კოვაქსი, ექვსასი წლის უკვდავი ვამპირი, თანაც ძალიან ბოროტი.
კეიმ ჭიქა დადგა და ფრთხილად ჩამოართვა ხელი. მზემ ფანჯარაში შემოანათა, კოვაქსს დაეცა და მისი ბეჭედი ვერცხლისფრად ააელვარა.
- პატივი დამდე და ერთ შეკითხვაზე მიპასუხე, - ჩაახველა მარკმა, - შენ ხომ ვამპირი ხარ, მზეზე არ იწვი?
პასუხად კოვაქსმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
- ო, მარკუს, გირჩევ მოეშვა ვამპირების თემაზე გადაღებული ფილმების ყურებას, რა სისულელეა, ეს მხოლოდ ლეგენდაა, მეტი არაფერი, მეგობარო, - მან კვლავ გადაიხარხარა და ვისკი მოსვა.
- ცრუობ, - წინ გადაიხარა და წყვდიადივით შავ თვალებში ჩააცქერდა მარკი, - მზეზე იმიტომ არ იწვი, რომ ეგ წყეული ბეჭედი გიცავს, ხომ ასეა?
- რა თქმა უნდა, ათიანში გაარტყი, - უკვდავმა დემონსტრაციულად მოიხსნა ბეჭედი და ვისკის ჭიქაში ჩააგდო, შემდეგ ღიმილით გაშალა ხელები, - როგორც ხედავ, ბეჭედიც არაფერ შუაშია, უფრო დამაჯერებელ ვერსიას ველოდები.
- ჯანდაბა, - სკამის საზურგეს მიეყრდნო მარკი.
- ვწუხვარ, თუ იმედები გაგიცრუე, - ბოროტი სიცილით თქვა კოვაქსმა და ბეჭედი კვლავ თითზე წამოიცვა.
მარკს არაფერი უთქვამს, შეფარული ბრაზით გახედა კოვაქსს და ვისკის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.
- მარკუს, იცი....
- ჯანდაბა, ამ საზიზღარ სახელს ნუ მეძახი, - იყვირა და მუქარით წამოხტა მარკი, მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და კოვაქსისკენ გადაიხარა, - ან თქვი რა ჯანდაბა გინდა, ან არადა აქედან გაეთრიე.
პასუხად კოვაქსიც წამოდგა, ისიც მარკივით ორივე ხელით დაეყრდნო მაგიდას და ტუჩები ყურთან მიუტანა.
- დაჯექი, მარკუს, - მშვიდად ჩასჩურჩულა, - დაჯექი, თორემ ვფიცავ, ამ დამპალი ბარიდან ვერავინ გავა ცოცხალი, შენ ასე თუ ისე, მიცნობ და იცი რის გაკეთებაც შემიძლია, დაინდე ეს უდანაშაულო ხალხი, დარწმუნებული იყავი, რომ ხელი არცერთ მათგანზე ამიკანკალდება.
ამ მუქარამ მარკის განრისხება ერთბაშად ჩააქრო, სკამზე დაეშვა და სიძულვილით მიაჩერდა კოვაქსს.
- ბრაზი კარგია, მომწონს, - კბილებში გამოსცრა უკვდავმა, - მარკუსს იმიტომ გეძახი, რომ ვამოწმებ, რამდენად ღრმადაა მხეცი შენს ქვეცნობიერში ჩამალული, მე მისი გაღვიძება არ მინდა, მინდა ვიცოდე, რა დონეზე შეიძლება მისი გაღიზიანება...
კოვაქსი დადუმდა, ფანჯარაში გაიხედა და ვისკი მოსვა. მარკს გაუკვირდა და თან ვერაფერს მიხვდა მისი სიტყვებიდან.
- მხეცი? ქვეცნობიერი? - დაბნეულად გააქნია თავი მარკმა, - რაზე ლაპარაკობ?
კოვაქსი სწრაფად შემობრუნდა და ჭიქა მკვეთრი მოძრაობით დადგა მაგიდაზე, მერე მარკს ჩააჩერდა თვალებში.
- ბიჭუნა, შენ გგონია, რომ მართლა მარკ კრამერი ხარ? გგონია, გყავს დედა, მამა, ბიძა, ბიძაშვილი? ან ის პატარა ლამაზი კახპა? დადიხარ კოლეჯში, ლექციებს ესწრები, ღამით იძინებ და დილით იღვიძებ, გგონია ეს შენი ცხოვრებაა?
მარკი გაოგნებული უსმენდა, უკიდურესად გაოცებული იყო კეიც.
- რა...რა სისულელეს ბოდავ? - ჩაეკითხა მარკი.
კოვაქსი კვლავ სკამზე გადაწვა და ჭიქა მოიმარჯვა.
- ჩემგან ამის მეტს ვერაფერს გაიგებ, ბიჭუნა, ისედაც საკმარისი გითხარი, - კოვაქსი წამოდგა და კეის ელეგანტურად დაუკრა თავი, - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, - შემდეგ ორმოცდაათდოლარიანი კუპიურა მაგიდაზე დააგდო და კარისკენ გაემართა...
კოვაქსის წასვლისთანავე კეი მხარზე შეეხო ბიძაშვილს.
- ხვდები რა ჯანდაბაზე ლაპარაკობდა? მე ვერაფერს მივხვდი.
მარკს ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი, ერთხანს უხმოდ იჯდა, შემდეგ ნელა დაუქნია თავი.
- დაახლოებით, ვფიქრობ, თავის სიტყვებში მან იგულისხმა.... რომ მე სხვა ვარ, სხვის სხეულში..
- სხვა ხარ სხვის სხეულში? - პირი ღია დარჩა კეის, - ეს რას ნიშნავს?
- არ ვიცი, - ამოიოხრა მარკმა და ჭიქა შეივსო.
ამ დროს მათ მაგიდას ისევ ის მიმტანი გოგონა მიუახლოვდა, მაგრამ ახლა აბსოლიტურად განსხვავებულად გამოიყურებოდა, ერთ წერტილზე გაშტერებული თვალებით ფანჯარაში იყურებოდა, ზომბივით მოძრაობდა.
- დიახ, გისმენთ, - მიმართა კეიმ, როდესაც გოგონა მათ წინ შედგა.
- მისტერ დარსიმ მითხრა, რომ ჩემი სამსახური დავასრულე, - უცნაური ხმით თქვა გოგონამ.
კეიმ ჯერ მარკს შეხედა, შემდეგ გოგონას.
- მისტერ დარსიმ? ასეთი აქ არავინ მსმენია, ვინ არის მისტერ დარსი?
- მე დავასრულე, - კვლავ უცნაური ხმით თქვა მიმტანმა, ამ სიტყვებთან ერთად სწრაფად ასწია ხელი, მის ხელში გრძელმა დანამ იელვა.
- ამის დედაც, - იყვირა კეიმ და წამოხტომა ვერ მოასწრო, რომ გოგონამ ალესილი ფოლადი სწრაფი მოძრაობით გამოისვა ყელში და როდესაც გაფატრული არტერიიდან სისხლმა შადრევანივით იფეთქა, ხროტინით დაეცა იატაკზე.
- ჯანდაბა, ჯანდაბა, - ყვირილით ეცნენ ძირს დაცემულ გოგონას მარკი და კეი, ჭრილობაზე ხელს აფარებდნენ, საიდანაც კვლავ და კვლავ მოსჩქეფდა ალისფერი სითხე და ბარის ხის იატაკზე გუბეს აყენებდა. ბარში ხალხი აირია, ყვირილი ატყდა, პანიკამ იმძლავრა. ვიღაცამ 911-ზე დარეკა...
უცებ მარკმა ხელი შეუშვა უკვე გარდაცვლილ გოგონას და გაოგნებულმა დაიხია უკან, თან თვალს არ აშორებდა სისხლის გუბეში მწოლიარე ცხედარს.
- მარკ... რა ხდება? - კეიც წამოდგა და ნელა მიუახლოვდა ბიძაშვილს.
- ეს მან ქნა, მან ჩაიდინა, - გაოცებით ჩაილაპარაკა მარკმა.
- რას გულისხმობ? - ჩაეკითხა კეი, რომელიც ჯერ ვერ მიმხვდარიყო ვერაფერს.
- ეს გოგო, - თითით ანიშნა მარკმა, - კოვაქსმა მოკლა, ჯანდაბა...
- რა სისულელეს ამბობ, - გაბრაზდა კეი, - ეს უკვე მეტისმეტია, მან თვითონ გამოისვა ყელში დანა, ეს ყველამ ნახა და მეც დავინახე საკუთარი თვალით.
- არა, - შეეწინააღმდეგა მარკი, - ეს მას თავისი სურვილით არ გაუკეთებია, მას ვიღაც მართავდა, ხომ დაინახე მოსვლისას კოვაქსი საეჭვოდ რომ ეჩურჩულებოდა ყურში, ეს მან ქნა, მან აიძულა...
კეი წამიერად ჩააფიქრა ბიძაშვილის სიტყვებმა, შემდეგ კვლავ მარკს შეხედა ეჭვით.
- კარგი, ვთქვათ ეს ასეა, მაგრამ თვითმკვლელობის მომენტში კოვაქსი უკვე წასული იყო...
- რა თქმა უნდა, - უპასუხა მარკმა თავდაჯერებით, - მან მშვენიერი ალიბი შეიქმნა, ამ გოგონას სიკვდილის მომენტში ის აქ არ იმყოფებოდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ...
- რა, რას ნიშნავს? - მოუთმენლად ჩაეკითხა კეი.
მარკი ძალაგამოცლილივით მიეყრდნო კედელს.
- ეს იმას ნიშნავს, რომ მან მიმტანს თვითმკვლელობა შთააგონა, ჯანდაბა, მას შთაგონების უნარი აქვს....
- ამის დედაც, -თავისი საყვარელი სიტყვები აღმოხდა ამ ახალი აღმოჩენით გაოცებულ კეის, - ეს...ეს... ჯანდაბა, რატომაც არა, ის ექვსასი წლის უკვდავი ვამპირია, ადამიანზე გაცილებით ძლიერი და სწრაფი, მარკ...როგორ უნდა შევაჩეროთ ისინი?
- არ ვიცი, არ ვიცი, - უღონოდ ამოილაპარაკა მარკმა, სკამზე დაეშვა და პირდაპირ ბოთლიდან მოსვა ვისკი.



თავი 15



კოლეჯის კიბეებზე ჩამომავალმა მარკმა მაშინვე შეამჩნია ქერა და ცისფერთვალება უკვდავი, რომელსაც შავი სათვალე მოერგო, კედელს მიყრდნობოდა და პირდაპირ მარკს უყურებდა.
- წადით, შეკვეთა მიეცით და რამდენიმე წუთში დავბრუნდები, - გადაულაპარაკა კეის და მიას.
- დარწმუნებული ხარ? - კეიმ თვალი შეავლო ქერა ვამპირს.
მარკმა ოდნავ გაჰკრა მხარი და შეუმჩნევლად ანიშნა მიაზე.
- რა თქმა უნდა, ახლავე, - კეიმ ხელი ჩაავლო და თითქმის ძალით გაიყოლა დაეჭვებული გოგონა.
მარკი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ვამპირს, შორიახლოს მდგარი სტუდენტების მხიარულად მოლაყბე ჯგუფი შეათვალიერა და შემდეგ მობრუნდა.
- არ მითხრა, რომ ჩემზე ღელავ, - ცივად უთხრა უკვდავს, - სხვათაშორის, სათვალე გიხდება.
ლუციუსმა ჩაიცინა, სათვალე მოიხსნა, დაკეცა და შავი კოსტიუმის ჯიბეში მოათავსა.
- რაღაც ღელვას ვერ გატყობ, - თქვა მან და წარბი ასწია, - შენ ხომ სისხლისმსმელის წინ დგახარ.
- საქმეზე გადადი, - მოითხოვა მარკმა, - რატომ მითვალთვალებ?
- მე არ გითვალთვალებ, მარკუს, - ხელები გაშალა ლუციუსმა, - მე გიცავ...
მარკს გაუკვირდა მისი სიტყვები, ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა ცივად მომზირალ ცისფერ თვალებში.
- ვიცი, რომ სასწრაფო დახმარებას შენ გამოუძახე, - პაუზის შემდეგ თქვა მარკმა.
უკვდავმა გაიღიმა.
- აი ხედავ? მე შენს მოკვლას არ ვცდილობ...ჯერჯერობით მაინც.
მარკმა სიგარეტს მოუკიდა.
- კარგი...ვისგან მიცავ?
- ადამიანებისგან, მაქციებისგან, შეშლილი ვამპირისგან, ანუ ყველასგან, - იყო პასუხი.
- მოდი ასეთი ფორმით დაგისვამ შეკითხვას : რატომ მიცავ?
ლუციუსმა შორეთს გახედა, ერთხანს ჩუმად იწიწკნიდა მოკლედ შეკრეჭილ ჟღალ წვერს.
- ეს საკმაოდ რთული ასახსნელია, - თქვა ბოლოს, - მაგრამ თუ აგიხსნი, მოგიწევს შენი შეხედულებების და დოგმების უგულებელყოფა...
- ვერ მივხვდი, - შეაწყვეტინა მარკმა.
- ო, რა ვიწრო აზროვნება გაქვთ ადამიანებს, - ამოიოხრა უკვდავმა, - თუ მომისმენ, მიხვდები, რომ რაც წლების განმავლობაში შენს თვალწინ არსებობდა, თურმე არ არსებობს, და რაც ზღაპარი და ლეგენდები გეგონა, რეალობა ყოფილა, მეტ-ნაკლებად, მიხვდი?
- გასაგებია, - დაფიქრებით დააქნია თავი მარკმა.
- აბა, რა გადაწყვიტე, ვისაუბროთ?
- კარგი, ოღონდ აქ არა, - დაეთანხმა მარკი, კეის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და ლუციუსთან ერთად კოლეჯის ტერიტორია დატოვა.
ლუციუსმა მანქანა ღრმად შეიყვანა ტყეში, გადმოვიდა და ფეხით გაუყვა ბილიკს, მარკი ერთი ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა.
- კარგი, - თქვა ლუციუსმა, ტბის ნაპირს მიაღწიეს, - რა გაინტერესებს, გარდა იმისა, რომ უკვე იცი ვინც ვარ.
მარკი ჩაფიქრდა, ძალიან ბევრი შეკითხვა ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ უცნაური ქერა ვამპირი ყველა შეკითხვაზე არ უპასუხებდა, ამიტომ ეცადა შედარებით მნიშვნელოვანი კითხვებით დაეწყო.
- კარგი... - კეფა მოიქექა მარკმა, - რატომ გადამარჩინე?
ლუციუსმა გაიღიმა, ქვაზე ჩამოჯდა და მზის სხივებით აელვარებულ ტბის ზედაპირს გახედა.
- გაგიმართლა, იმ მომენტში მშიერი არ ვიყავი, - წვერზე ხელი მოისვა მან.
- წინააღმდეგ შემთხვევაში მომკლავდი, ხომ ასეა?
- ალბათ, - ღიმილით დაეთანხმა ლუციუსი.
- ალბათ კი, თუ ალბათ არა? - არ მოეშვა მარკი.
- წყურვილის კონტროლი შემიძლია, თუ ძალიან მშიერი არ ვარ, - უპასუხა უკვდავმა.
- ჰმ, გასაგებია, - ჩაახველა მარკმა, - ბევრი ადამიანი გყავს მოკლული?
მარკი გულისფანცქალით დაელოდა პასუხს, მიხვდა, რომ ამ უადგილო შეკითხვით უკდავი გააღიზიანა.
- ძალიან ბევრი, - მკაცრად შეხედა ლუციუსმა, - და არამარტო ადამიანი.
- რამდენი წლის ხარ? - შემდეგი კითხვა დასვა მარკმა.
- წლებით გაინტერესებს თუ საუკუნეებით? - დამცინავად ჩაეკითხა ქერა ვამპირი.
- აჰა...მაინც რამდენის ხარ?
ლუციუსმა ცის კაბადონს გაუშტერა თვალი.
- ისტორიას კარგად სწავლობ? - ჰკითხა მოულოდნელად.
- საკმაოდ, - თავი დაუქნია მარკმა, - ეს რა შუაშია?
ლუციუსმა გაიღიმა.
- პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
- რა? - თვალები შუბლზე აუვიდა მარკს, - ხუმრობ? ეს ხომ 1096 წელს იყო...ჯანდაბა, პაპი ურბან მეორე..
- კარგად გცოდნია ისტორია, - ღიმილით დაუდასტურა უკვდავმა, - გამოდის, რომ მე თითქმის ათასი წლის ვარ.
მარკი გაოგნებული იყო, ვერ იჯერებდა.
- ნება მომეცი, გაგეცნო, - ირონიულად დაუკრა თავი ლუციუსმა, - ლუციუს კორნელიუსი, პაპი ურბან მეორის პირადი დაცვის უფროსი, - შემდეგ ღიმილით დაამატა, - რა თქმა უნდა, ყოფილი.
- ჯანდაბა...- ენა დაება მარკს, - ვამპირად დაიბადე?
- ვამპირად ვერ დაიბადები, - თავი გააქნია ლუციუსმა, - ვამპირად შეიძლება გარდაიქმნა, ეს წყევლაა, მე ასე ვთვლი.
- კარგი, სხვა ვამპირებიც არსებობენ?
- არსებობენ, თანაც ძალიან ბევრი.
- და სად არიან?
- ისინი თქვენს შორის ცხოვრობენ, მარკუს, - თვალი გაუშტერა ლუციუსმა.
მარკი კვლავ ჩაფიქრდა.
- რამდენიმე დღის წინ ბარში კოვაქსს შევხვდი, - თქვა მცირე ფიქრის შემდეგ, - მან მითხრა, რომ თურმე მე მარკ კრამერი კი არ ვარ, არამედ სულ სხვა პიროვნება, და კიდევ უამრავი აბდაუბდა...
- ეს კოვაქსმა გითხრა? - დაიღრინა ლუციუსმა.
- დიახ, მან, - დაუდასტურა მარკმა, - რაღაც ქვეცნობიერზე და ჩემში ჩაბუდებულ მხეცზე მელაპარაკებოდა, მაგრამ მაინცდამაინც სერიოზულად არ მიმიღია მისი სიტყვები.
ამჯერად ლუციუსი ჩაფიქრდა, დიდხანს ფიქრობდა.
- სიმართლე ძალიან რთულად აღსაქმელი იქნება შენთვის და უჩვეულოც, - თქვა ბოლოს.
- ზღაპრები, რომლებიც რეალობად იქცევა, - მწარე სიცილით თქვა მარკმა, - მინდა, რომ ყველაფერი მითხრა.
- კიდევ ერთხელ გეუბნები, - მკაცრად თქვა ლუციუსმა, - შენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება და არ გირჩევ ამაში ჩარევას.
- ჩემზე ზრუნავ? - გაუკვირდა მარკს.
პასუხი მოულოდნელი იყო.
- დიახ...ყველაფერი ასე მარტივად არაა, მარკუს...- უეცრად ლუციუსი ფეხზე წამოხტა და ტყეს გაველურებული მზერა მოავლო, - აქ რაღაც ხდება, ჩემს ზურგს უკან დადექი.
მარკი სულაც არ აპირებდა მისი ბრძანების შესრულებას, მაგრამ უკვდავის სახეს რომ ჰკიდა თვალი, მაშინვე გადაიფიქრა, ლუციუსს თვალები ჩასისხლიანებოდა, საიდანაც გაბოროტებით ანათებდა ორი თეთრი მოელვარე წერტილი, ლოყებზე დაბერილ ძარღვებში მუქი სისხლი სწრაფად მოძრაობდა თვალების მიმართულებით, ოდნავ გაღებული პირიდან საშინელი ეშვები მოუჩანდა, ხელები ოდნავ განზე გაეწია, წელში მოხრილიყო და ისე ათვალიერებდა ტყეს.
ლუციუსის მოლოდინის თანახმად, ტყეს ორი მამაკაცი გამოეყო, გვერდი-გვერდ მოდიოდნენ ფრთხილად, თითქოს ჰაერს ყნოსავდნენ, ორივეს ერთნაირად უჩვეულოდ მოელვარე ყვითელი თვალები ჰქონდათ, თითებზე კი კლანჭები მოუჩანდათ, ძალიან ფრთხილად მოიპარებოდნენ, კატისებრი ნაბიჯით. ისინი ლუციუსისა და მარკისგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით შედგნენ და სასტიკი მზერა მიაპყრეს დამხვდურებს.
- ჯანდაბა...- აღმოხდა მარკს და გაუცნობიერებლად, ინსტინქტურად დაიხია უკან, - ესენი....
- მაქციები, - პასუხად დაიღრინა ლუციუსმა, - ბოგდანის მსახური ძაღლები.
მისი სიტყვების საპასუხოდ მაქციებმა გაიღიმეს და ყვითელი ეშვები გააელვეს.
- ჩვენ ზავი გვაქვს, - თქვა ლუციუსმა.
- რა თქმა უნდა, სისხლისმსმელო, - დაცინვით თქვა ერთ-ერთმა მგელკაცმა, - გვქონდა, სანამ რომელიღაც თქვენგანი მას დაარღვევდა.
- ბიჭი არაფერ შუაშია, - მუქარით თქვა ლუციუსმა.
- შენთან ჩხუბი არ გვინდა, - ასევე მუქარით უპასუხა მგელკაცმა, - მაგრამ თუ მას არ მოგვცემ....
მაქციები უეცრად დადუმდნენ და ხრიალი აღმოხდათ, მათი პირიდან სისხლნარევმა დუჟმა იფეთქა, შემდეგ უცნაურად დაიძაგრნენ და ორივე ერთდროულად დაეცა მიწაზე.
მარკს თვალები გაუფართოვდა, მკვდარი მაქციების უკან ირონიულად მომღიმარე კიდევ ერთი უკვდავი იდგა, თეატრალურად გაშლილ ხელებში მგელკაცთა სისხლით მოსვრილი, ჯერ კიდევ მფეთქავი გულები ეჭირა...
- კოვაქს, - გაკვირვებით წარმოთქვა ლუციუსმა და წელში გაიშალა, თუმცა კვლავ საბრძოლო პოზაში იდგა.
- ლუციუსი და მარკუსი, - ცინიკური ღიმილით წარმოთქვა შავგვრემანმა, სიმპათიურმა ვამპირმა, მაქციების გულებს ხელები უშვა და მათ გაშეშებულ სხეულებს გადმოაბიჯა, - თქვენ ისევ ერთად ხართ, როგორც ადრე, - შემდეგ მარკს მიაპყრო ბოროტი მზერა, - რა გულისამაჩუყებელი სცენაა.
- აქ რას აკეთებ? - მკაცრად ჰკითხა ლუციუსმა.
- მათ ბარში ვუთვალთვალებდი, მერე ტყეში შემოვყევი, ვიცოდი, რამე კარგს არ დაგეგმავდნენ და აჰა, ჩემი მოლოდინი გამართლდა, - მან მარკზე ანიშნა.
- სასაცილოა, - მიუგო ლუციუსმა, - კარგად იცი, რომ ისინი მე ვერაფერს დამაკლებდნენ...
- რა თქმა უნდა, ვიცი, - შეაწყვეტინა კოვაქსმა, - რასაც შენს მეგობარზე ვერ ვიტყვი, ხომ ასეა?
ლუციუსს არაფერი უპასუხია, კვლავ გაფაციცებით აკვირდებოდა კოვაქსს და მის მოძრაობებს უთვალთვალებდა.
- ის ჩემი მეგობარი არ არის, - ისროლა მარკმა.
- მართლა? - ყალბი გაკვირვებით შენიშნა კოვაქსმა, - და რომ გითხრა, ერთ დროს იყო და კიდევ გითხრა, რომ...
- დაამთავრე, - დაიღრინა ლუციუსმა და კოვაქსისკენ გადადგა ნაბიჯი.
- რატომ? - არ შეეპუა კოვაქსი, - როგორ ფიქრობ, ის არ იმსახურებს ამის ცოდნას? - თითით ანიშნა მარკზე.
- იმსახურებს, - დაგვიანებით გასცა პასუხი ლუციუსმა, - მაგრამ არა ახლა, ჯერ არ დამდგარა ამის დრო, გასაგებია? - ის მრისხანე მზერით ჩააშტერდა კოვაქსს წყვდიადივით შავ თვალებში, - კოვაქს...იმედს ვიტოვებ, ჯერ კიდევ გახსოვს, ვინ ვარ და რა მდგომარეობა მიჭირავს უკვდავთა სამყაროში?
ეს ისეთი მუქარით წარმოთქვა, რომ არც მარკს და არც კოვაქსს იოტისოდენა ეჭვიც კი არ შეუტანიათ მის სიტყვებში. კოვაქსი სიძულვილით მისჩერებოდა ქერა ვამპირს, მარკი კი თითქოს აღტაცებით, რაც თვითონაც ძალიან უკვირდა.
- კარგი, - ხელები ასწია კოვაქსმა და ტყისკენ დაიხია, - იყოს, როგორც შენ გინდა....ჯერჯერობით, მაგრამ გაითვალისწინე, ის ადამიანია და ძალიან ბევრი იცის.
ლუციუსს სახე დაუწყნარდა, აღარ ჩანდა წინანდებურად განრისხებული.
- მარკუს, წადი აქედან, - მარკისთვის არ შეუხედავს, ისე თქვა ლუციუსმა, - მე და კოვაქსს სალაპარაკო გვაქვს.
- კარგი, დიდი სიამოვნებით, მეყოფა, რაც დღეს ვნახე, - მარკმა ჩანთა მხარზე მოიგდო და სწრაფი ნაბიჯით შეაბიჯა ტყეში.
კოვაქსმა ცინიკურად დაუქნია ხელი მარკს და ისევ ლუციუსს მიუბრუნდა.
- აბა, - ხელები გაშალა მან, - ახლავე მომკლავ იმ შენი დაწყევლილი ვერცხლისწყალში ამოვლებული სარებით, თუ ამქვეყნიური ცხოვრებით ტკბობის ბედნიერებას მცირე ხნით კიდევ გამიხანგრძლივებ?
- არა, - ასევე დამცინავად უპასუხა ლუციუსმა, იქვე მდგომ ხეს ტოტი ელვისებური მოძრაობით მოტეხა და კოვაქსს მუცელში გაურჭო, კოვაქსმა ტკივილისგან დაიღმუვლა და ცალ მუხლზე დაეშვა, ორივე ხელი ტოტის ნატეხს მოჰკიდა და ბრაზით ახედა ლუციუსს, რომელმაც კისერში ხელი ჩაავლო და ტუჩები ყურთან მიუტანა, - ჯერ არა, გაგიმართლა, ის, რისიც სიკვდილივით გეშინია, თან არ მაქვს, - შემდეგ ხელი შეუშვა, ტბის პირას დაბრუნდა და ქვაზე ჩამოჯდა.
კოვაქსმა ძალა მოიკრიფა, თვალები დახუჭა, კბილი კბილს დააჭირა და ხის ნატეხი ნელა ამოიღო ჭრილობიდან, შემდეგ წამოდგა და ნელა მიუახლოვდა ქვაზე არხეინად მჯდარ ქერა ვამპორს, რომელიც დამცინავი ღიმილით ადევნებდა თვალს მის მოქმედებებს.
- პირველი შემთხვევაა, როცა სარები თან არ გაქვს, - ეჭვით ათვალიერებდა ლუციუსს, - ვერ ვიტყვი, რომ მეწყინა ეს ამბავი, - კოვაქსმა უკვე შეხორცებულ ჭრილობაზე მიუთითა, - მაგრამ მაინც მაინტერესებს, რამ გაიძულა ამ ქალაქში ჩამოსვლა? აქამდე ვფიქრობდი, რომ მე დამდევდი მოსაკლავად, ახლა კი ვხვდები, რომ მიზეზი სხვა რამეა...ასე რომ, არ გინდა მითხრა?
ლუციუსმა ჟღალი წვერი მოიწიწკნა.
- შენ? შენს გამო რომ ვიმყოფებოდე აქ, დიდი ხნის მკვდარი იქნებოდი...გეტყვი, რატომაც არა, სამი სარი დავკარგე..
- რა? - ყურებს არ დაუჯერა კოვაქსმა, - დაკარგე? როგორ?
- არ ვიცი, - თავი გააქნია ლუციუსმა, -მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ ერთ პიროვნებას შეეძლო გაებედა, მე მისი კვალი ავიღე და ამ კვალმა აქ მომიყვანა, სალემში.
კოვაქსმა ოდნავ უკან დაიხია და სახე შეეცვალა.
- დიახ, - დაუქნია თავი ლუციუსმა, - შენ ჩვენს შორის ყოველთვის ყველაზე გამჭრიახი იყავი, კოვაქს, და არც ახლა ცდები, საქმე ჩვენს არსებობას ეხება...
- ჯანდაბა, - თითქოს შიში დაეტყო კოვაქსს და არწივისებური თვალით მოათვალიერა ტყე, - კონორი...
- კონორი, სწორედაც, - დაეთანხმა ლუციუსი, - ვამპირებზე მონადირე, პრიმუმთა კლანიდან განკვეთილი პირველყოფილი, შეუბრალებელკ და დაუნდობელი, მან სამი სარი მოიპარა და ახლა აქ არის, სალემში, იმედია მიხვდები, რატომაც...
- ჯანდაბა, - კვლავ გაიმეორა კოვაქსმა, - პრობლემები გვაქვს, თანაც ძალიან დიდი, ის ჩვენზე ნადირობს...შენ კი არ მოჰყვებოდი მას, არამედ თვითონ შემოგიტყუა, როგორც მონადირემ ნადირი.
- ამჯერადაც მართალი ხარ, - დაეთანხმა ლუციუსი, - ამას გვიან მივხვდი, მას სამი სარი აქვს, ერთით მე მომკლავს, ერთით-შენ, მესამე კი...
- მარკუსი, - დაასრულა კოვაქსმა, - მან სამივე ერთად შეგვკრიბა და სავარაუდოდ ბოგდანიც დაეხმარება, ჯანდაბა....საკუთარი თავი მძულს ამ სიტყვების გამო, მაგრამ, - ის ლუციუსს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა, - ვფიქრობ, დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ სხვა ყველაფერი და გავერთიანდეთ.



თავი 16



უსაშველოდ მხარბეჭიანი მამაკაცი ხის სკამზე იჯდა, სიგარეტის ცისფერ კვამლში გახვეულიყო და ჩაფიქრებული გასცქეროდა ტყეს, მისთვის ტყე სიცოცხლე იყო, სიცოცხლის დამადასტურებელი და უტყუარი ფორმა, სახეზე ეტყობოდა, რომ არ მიეკუთვნებოდა მათ, ვინც სიცოცხლის მშვიდ ვითარებაში გატარებას და საწოლში სიკვდილზე დასთანხმდებოდა, ამას მოწმობდა მაღალ, მკაცრ შუბლზე სამი ჰორიზონტალური ხაზი, მკაცრი, კუთხოვანი ნაკვთები, მოუსვენარი ნაცრისფერი თვალები და დაკუნთული, დაძარღვული მკლავები, ვეება მუშტები, რომლებსაც დრო და დრო გულში გავლებული შავბნელი ფიქრების დასტურად მაგრად უჭერდა.
- ბოგდან, - მყუდროება დაურღვიეს.
- ვთქვი, რომ განმარტოება მჭირდებოდა, - უკან მოუხედავად თქვა მამაკაცმა.
- ვიცი, მაგრამ თქვენს სახელზე წერილია, - სქელ, ძვირფას კონვერტში ჩადებული წერილი მიაწოდეს.
ბოგდანმა კონვერტი ჩამოართვა და შეათვალიერა, გარედან არაფერი იყო მიწერილი, მხოლოდ ერთი სიტყვა-"პირადად ბოგდანს" ეწერა, ბოგდანმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, არ უყვარდა იდუმალება, მან ბეჭედს დახედა, რითიც კონვერტი იყო დალუქული.
ლუქზე გარკვევით მოჩანდა სამეფო გვირგვინი. ბოგდანი წამოხტა, გარემოს თვალი მოავლო და როცა დარწმუნდა, რომ მარტო იყო, კვლავ ლუქს დახედა.
- პრიმუმები, - სიძულვილით ჩაილაპარაკა და სწრაფად მოახია თავი კონვერტს.
"უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ სალემის აღმოსავლეთით, განმარტოებით მდგარ სახლში, გარწმუნებთ, არ ინანებთ. კ. "
ბოგდანი ჩაფიქრდა, ფაქტიურად, მაქციებს და ვამპირებს შორის ჯერ არგამოცხადებული ომი მიმდინარეობდა. ბოგდანი პირადად იცნობდა ლუციუსს და კოვაქსს, ასო "კ" ლუციუსის ინიციალს არ ემთხვეოდა, კოვაქსი? მაგრამ ეს შეშლილი, სადისტი, შავგვრემანი პირველყოფილი არ იყო ჩვეული წერილების აქეთ-იქით გზავნას, ყოველთვის სწრაფ მოქმედებას ეყრდნობოდა, მაგრამ...
ბოგდანმა უცნაური წერილი ხელში აათამაშა და თვალები მოჭუტა...
- კასტორ, - გასძახა ვიღაცას და როდესაც მაღალი, ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლობდა, მხარზე ხელი დაადო, - კასტორ, ჩვენი ბიჭები იმ დაწყევლილი სახლის გარშემო განალაგე, ისე, რომ არავინ შენიშნოს, მე შიგნით, სახლში ვიქნები, ხროვას შენ უხელმძღვანელებ, ჩემს პირველივე ნიშანზე ყველას და ყველაფერს გაანადგურებთ, ვინც სახლში ან მის შორიახლოს იქნება, - ბოგდანმა ზეცას ახედა, - ხელში კოზირი გვიჭირავს, ამაღამ სავსე მთვარეა...
- კარგი, - თავი დაუქნია კასტორმა, - მაგრამ უკეთესი იქნება, თუ სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაცია მექნება, ბოგდან.
ბოგდანი ჩაფიქრდა, ის მაქციათა კლანის ალფა იყო, ყველაზე ძლიერი და სწრაფი მგელკაცი, მისი ძალა და უნარები არ იყო დამოკიდებული სავსე მთვარეზე, უამისოდაც ძლიერი იყო, უპირატესობა-რაც მას კლანის სხვა მგელკაცებზე მაღლა აყენებდა. ყოველთვის ცდილობდა, ტვირთი საკუთარ თავზე აეღო, ყოველთვის ცდილობდა, კლანის წევრები ხიფათისთვის მოერიდებინა, მაგრამ ახლა ხვდებოდა, რომ ამ სიტუაციაში კასტორი მართალი იყო, ის ლიდერის შემდეგ მეორე საფეხურს იკავებდა ხროვაში და სრული უფლება ჰქონდა განმარტებები მოეთხოვა.
- კასტორ, - მცირე ფიქრის შემდეგ მიმართა ბოგდანმა, - შენი მწამს, ვიცი რომ კლანის ინტერესებისთვის არაფერზე დაიხევ უკან...ეს წერილი, - კასტორს წერილი გაუწოდა, - შეიძლება მართლაც მოსაწვევია, ან ხაფანგი, ამიტომ ვფიქრობ სიფრთხილის ზომები ზედმეტი არ იქნება. წაიკითხე და მითხარი, რას ფიქრობ.
კასტორმა წერილი ჩამოართვა, ყურადღებით წაიკითხა და შემდეგ უკან დაუბრუნა.
- ვფიქრობ, ეს მხოლოდ მოსაწვევია, - მტკიცედ უპასუხა ლიდერს.
- მართლა? - ბოგდანს გაუკვირდა მისი თავდაჯერებული პასუხი, - ასე რატომ გგონია?
- ვინც ეს მოსაწვევი გამოგიგზავნა, იცის რასაც აკეთებს, შეხვედრა ზუსტად სავსე მთვარის დროს დანიშნა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ვამპირებს სურთ ჩვენი მახეში შეტყუება, ამ ღამეს ეს არ უნდა გაეკეთებინათ, - კასტორმა ჩაიცინა, - სავსე მთვარის დროს ვამპირებს ჩვენთან შანსი არ აქვთ...
- პირველყოფილებზე რას იტყვი? - ჩამჭრელი შეკითხვა დაუსვა ბოგდანმა, სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და მოღუშული სახით შეხედა მოადგილეს, - თუნდაც სავსე მთვარის დროს, ჩვენ მათ ვერც ძალით ვაჯობებთ, ვერც სისწრაფით, უცხო სახლის შელოცვის ძალით თუ შიგნით ვერ შემოვლენ, შეუძლიათ ცეცხლი მოუკიდონ სახლს...
- ჰო...ამაზე არ მიფიქრია, - კეფა მოიქექა კასტორმა.
- ამიტომაც უნდა განალაგო ჩვენი ხალხი სახლის გარშემო, - დამამტკიცებელი ტონით თქვა ბოგდანმა, - ერთადერთი, რამაც ამ ღამეს შეიძლება პრიმუმები შეაჩეროს, ეს ჩვენი სისხლია, რომელიც სავსე მთვარის დროს მათთვისაც კი მომწამვლელი ხდება.
- კარგი, ყველაფერს გავაკეთებ, - თავი დაუქნია კასტორმა, სწრაფად შებრუნდა და სახლისკენ გაემართა.



*****


ამ ღამეს სალემში უძლიერესი ქარი ქროდა, ხეების კენწეროები გაშმაგებით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს და თითქოს ერთმანეთის განადგურებას ლამობდნენ. ცაზე ღრუბლის ნაფლეთიც კი არ მოიძებნებოდა, მთელი ქალაქი უზარმაზარ თეთრ ბურთს გაენათებინა, რომელიც ამაყად ეკიდა ცის კაბადონზე, ქარიშხალი არ ცხრებოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად იკავებდა თავს სახლიდან გასვლისგან, სახლების სახურავებს ჭრიალი გაუდიოდა, რასაც ფანჯრების შუშები ზრიალ-წკარუნით პასუხობდნენ.
შუაღამემ მოაწია, თითქოს მთვარე გაიზარდა, უფრო ახლოს ჩამოწვა დედამიწასთან, თითქოს შეიძლებოდა ხელით შეხება, მისი კრატერების და უსწორმასწორობების შეუიარაღებელი თვალით გარჩევა.
დედაბუნების ამ შემოტევას ამაყად და მედგრად უძალიანდებოდა სალემის აღმოსავლეთით მდგარი ავადსახსენებელი სახლი, რომელიც როგორც თითქმის ყველა შემთხვევაში, ახლაც ჩაბნელებულიყო, ირგვლივ მხოლოდ სიცარიელე და შიშის გამომწვევი ერთფეროვნება სუფევდა.
სახლში, მეორე სართულზე, ოთახის ცენტრში მდგარ მაგიდას გარს შემოსხდომოდნენ ქალაქის საიდუმლო საბჭოს წევრები, მაგიდის თავში, ჩვეულებისამებრ, სახენაიარევი მოხუცი იჯდა და ჩაფიქრებული სახით ათვალიერებდა სქელ კონვერტს, მაგიდის გარშემო მჯდომნი ინტერესით და მოლოდინით შეჰყურებდნენ.
- ძმებო, საკმაოდ უცნაური და იდუმალი შემთხვევაა, - დუმილი დაარღვია მოხუცმა, - ვიღაც უცნობმა აქ მოგვიწვია, აქ, ჩვენი საბჭოს შეკრების ადგილზე...მე უკვე გაგაცანით წერილის შინაარსი, მაგრამ არ ვიცით, აქ ვინ მოვა ჩვენთან შესახვედრად, ეს რა თქმა უნდა, არ იქნება ვამპირი, ისინი აქ ვერ შემოვლენ, ბოგდანიც არ მგონია, წერილის გამომგზავნის ინიციალი არ ემთხვევა მის ინიციალს...
სიტყვა პირველ სართულზე ატეხილმა ხმაურმა შეაწყვეტინა, საბჭოს წევრები ფეხზე წამოიჭრნენ, იარაღი მოიმარჯვეს და დაძაბული სახით ფრთხილად მიუახლოვდნენ პირველ სართულზე ჩამავალ კიბეს.
საბჭოს წევრებმა კიბე ჩამოათავეს და ოთახში წრიულად განლაგდნენ, ერთ-ერთმა ჩამრთველი გადაატრიალა და ოთახი ნათურის შუქმა გააჩახჩახა.
კართან, სახლის კედელზე მიყრდნობილი იყო მამაკაცი და ფრთხილი მზერით აკვირდებოდა საბჭოს წევრების მოქმედებებს.
- ბოგდან, - მკაცრად მიმართა მოხუცმა მამაკაცს, - ჩვენ ზავი გვაქვს და გირჩევ რაიმე სისულელე არ ჩაიდინო..
- დამშვიდდი, - ხელები ასწია ბოგდანმა, - აქ ხომ რომელიღაც თქვენგანმა დამპატიჟა, აი წერილიც, - მან მოხუცს წერილი გადაუგდო.
სახენაიარევმა მოხერხებულად დაიჭირა წერილი, გახსნა და სწრაფად გადაიკითხა, შემდეგ საბჭოს წევრებს გადახედა და ბოგდანს დააკვირდა.
- ბოგდან...ზუსტად ასეთი წერილი ჩვენც მივიღეთ.
მაქციათა კლანის მეთაურს სახეზე უკიდურესი გაოცება გამოეხატა, მოხუცს მიუახლოვდა და ერთადერთ გადარჩენილ თვალში ჩახედა.
- რას მეუბნები, - დაიღრინა მან, - თქვენ რა...დამცინით?
საბჭოს წევრებმა შიშით დაიხიეს უკან, იცოდნენ, რა შეეძლო გაეკეთებინა განრისხებულ მგელკაცს, რომელსაც ტრანსფორმაციისთვის სულაც არ სჭირდებოდა ბრაზის ამოხეთქვა, მას ეს ნებისმიერ დროს შეეძლო.
- ჩვენც ასეთივე წერილი მივიღეთ, - უტეხად გაიმეორა მოხუცმა, - თქვენც და ჩვენც ერთიდაიგივე ადამიანისგან ერთიდაიგივე წერილი მივიღეთ, მას ამ სახლში ჩვენი ერთად შეკრება სურდა, ესაა მხოლოდ ლოგიკური.
ბოგდანი დაწყნარდა, სახლს თვალი მოავლო.
- კარგი, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, - თქვა მან და მოხუცს თითი დაუქნია, - მაგრამ თუ რამე არასასიამოვნოს გეგმავთ, გაითვალისწინეთ, ახლა სავსე მთვარეა და ეს სახლიც ალყაშია.
- ჩვენი მიზეზით არაფერი მოხდება, - თავი გააქნია მოხუცმა და კიბეს აუყვა, საბჭოს წევრები უკან მიჰყვნენ, ბოგდანმა შეიცადა, სანამ საბჭოს ბოლო წევრიც გაუჩინარდებოდა მეორე სართულზე, შემდეგ ფანჯრიდან ჩაბნელებულ ტყეს გახედა და თვითონაც დიდ მაგიდასთან შეკრებილებს შეუერთდა.
- ვნახოთ, მოიღებს თუ არა მოწყალებას ჩვენი იდუმალი მასპინძელი, - ირონიულად თქვა ბოგდანმა და სავარძელში მოხერხებულად მოეწყო.
მოხუცი შუბლშეკრული მისჩერებოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა.
- მაოცებს შენი თავდაჯერება, ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ-ადამიანებს და მგელკაცებს...
ბოგდანი ფეხზე წამოიჭრა, მაგიდას დაეყრდნო და მოხუცს სასტიკი მზერით მიაშტერდა.
- მიწევს იმის შეხსენება, - დაიღრინა მან, - რომ ოდესღაც ადამიანთა მოდგმამ დედაჩემი ჯადოქრობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა, მე და ჩემი ძმები კი სამათხოვროდ გაგვწირა...და მაშინ ჩვენც ადამიანები ვიყავით.
- შეცდომებს ყველა უშვებს, - არ დაუთმო მოხუცმა, - მაგრამ ახლა ამ თემაზე სასაუბროდ შესაფერისი სიტუაცია არ არის, არ მეთანხმები ბოგდან?
ბოგდანი კვლავ სავარძელში ჩაეშვა, იდაყვები მუხლებზე დაიწყო, თითები შეაერთა, მოხუცისთვის თვალი არ მოუშორებია.
- საზღვრების გავლება აუცილებელია, - თქვა მან, - თქვენ ხომ არ გინდათ, რომ რომელიმე ახალგაზრდა მაქცია, რომელიც ტრანსფორმაციას ვერ აკონტროლებს, სადმე ხალხმრავალ ადგილას აღმოჩნდეს?
- ეს მუქარაა? - თვალი თვალში გაუყარა მოხუცმა.
- არა, მეგობრული რჩევა, - გაიღიმა ბოგდანმა.
- მოხარული ვარ, რომ თქვენს მეგობრულ საუბარს შევესწარი, - სულ სხვა, მაღალი და მტკიცე ბარიტონი გაისმა ოთახში, რომელიც არც ბოგდანს, არც საბჭოს წევრებს და არც სახენაიარევ მოხუცს არ ეკუთვნოდა.
ოთახში შეკრებილნი მკვეთრად შეტრიალდნენ ხმის მიმართულებით და გაკვირვებულები მიაჩერდნენ მაღალ, მძლავრი აღნაგობის მამაკაცს, რომელიც შავი ტყავის ქურთუკსა და ასეთივე შარვალში გამოწყობილიყო, თმა სამხედრო ყაიდაზე გარშემო შემოეპარსა, მხოლოდ კეფაზე დაეტოვებინა, დაეწნა და ეს ნაწნავი დაუდევრად გადმოეგდო მხარზე, სახეზე მუქი სპილენძისფერი გადაჰკრავდა, მტკიცე, არწივისებური გამოხედვა ჰქონდა, შავი თვალები, სწორი ცხვირი, ოდნავ კუთხოვანი ნიკაპი, ორივე ყვრიმალზე შავი სვირინგები ამშვენებდა, რაც მას დიდებულ და ველურ იერს აძლევდა.
- ინდიელთა შთამომავალია, - ერთდროულად გაიფიქრეს ოთახში შეკრებილებმა, როდესაც მის სპილენძისფერ სახეს შეავლეს თვალი.
- შენ ვინ ჯანდაბა ხარ? - უხეშად გაიჟღერა ბოგდანის ხმამ.
უცნობმა ოთახი თავისი მძიმე, უხეშქუსლიანი ჩექმებით გადმოკვეთა და მაგიდასთან შედგა. თვალი მოავლო მაგიდის გარშემო მსხდომთ და ოდნავშესამჩნევად გაიღიმა.
- მე ის ვარ, ვინც წერილები გამოგიგზავნათ, - მარცხენა ხელისგული მკერდზე დაიდო და ოთახში მყოფთ არ გამოჰპარვიათ მის არათითზე გაელვებული სამეფო გვირგვინოსანი რკინის ბეჭედი.
ამ აღმოჩენას სხვადასხვანაირი რეაქცია მოჰყვა. საბჭოს წევრები ფეხზე წამოხტნენ და იარაღი დაუმიზნეს, ბოგდანი კი ოდნავ წინ გადაიხარა, დაიძაგრა და თავდასხმისთვის მოემზადა. ეს ყველაფერი წამის მეასედში შეამჩნია უცნობმა მამაკაცმა.
- მშვიდად, ბატონებო, მშვიდად, - ცივი ხმით მიმართა და ხელები გაშალა, - მე აქ მოსალაპარაკებლად და წინადადების მოსაცემად მოგიწვიეთ, მაგრამ არც ძალისმიერი მეთოდების წინააღმდეგი ვიქნები... წინასწარ გაფრთხილებთ, ეს საცოდავი იარაღი მე ვერ მომკლავს, - ღიმილით მიუთითა პისტოლეტებზე, - და რაც პრიმუმს კლავს, ეს თქვენ არ გაგაჩნიათ, - მან მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეთა, - თქვენთან შემოთავაზება მაქვს.
კრება დუმდა, ყველა ცდილობდა გაერკვია უცნობის მიზანი, უცნობის, რომელიც ვამპირი აღმოჩნდა, თანაც პრიმუმი, და რომელმაც სასწაულის ძალით მოწვევის გარეშე შეძლო სახლში შემოღწევა.
- დაჯექი, - მიმართა სახენაიარევმა.
- გმადლობთ, - პირველყოფილმა მიწვევა მიიღო და ჩამოჯდა, შემდეგ თვალი მოავლო კრებას, - მოკლედ ვიტყვი ყველაფერს და კარგად გაიაზრეთ ჩემი ნათქვამი.
- გისმენთ, - ჩაერთო ბოგდანი.
- პირველყოფილებზე უცხო სახლის შელოცვა არ მოქმედებს, ასე რომ, სულ ტყუილად გგონიათ, რომ აქ დაცული იქნებით, - მოხუცს მიმართა პრიმუმმა.
- ამას უკვე მივხვდით, - თავი დაუქნია მოხუცმა, - განაგრძე.
- მე პირველყოფილი ვამპირი ვარ, პრიმუმი, ისეთივე, როგორც სხვა პრიმუმები, ორი მათგანი აქ არის, სალემში, და მე ვიცი ვინც არიან ისინი, უფრო მეტიც, ერთ დროს ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით...
- მეგობარო, - შეაწყვეტინა ბოგდანმა, - თქვენი ოჯახური ისტორიები ნაკლებად გვაინტერესებს, მთავარზე გადადი.
- კარგი, - დაეთანხმა პრიმუმი, - წარსულში რაღაც მოხდა და მათ კლანიდან მომკვეთეს, მე შურისძიება მინდა, მინდა რომ თქვენთან გავერთიანდე და ისინი გავანადგურო, პირველყოფილები, უკლებლივ ყველა, - მან კვლავ მოავლო თვალი კრებას, - მე მაქვს იარაღი, რითიც პირველყოფილის მოკვლა შეიძლება, მაგრამ მარტო მათ ვერ გავუმლკავდები, ამიტომ მე თქვენ მჭირდებით, თქვენ კი მე გჭირდებით....
- რა დრამატიზმია, - შეაწყვეტინა ბოგდანმა ირონიულად.
- ერთი პრიმუმი ქალაქში, ეს ძალიან ცუდია, - მიუგო პირველყოფილმა, - მაგრამ ორი, ეს უკვე უბედურებაა, ამიტომ გირჩევთ დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება, - ის ფეხზე წამოდგა, მაგიდაზე სავიზიტო ბარათი დააგდო და ელვის სისწრაფით გაუჩინარდა.
საბჭოს ზოგიერთ წევრს, რომლებმაც პორველად იხილეს პირველყოფილის სისწრაფე, გაოგნების შეძახილი აღმოხდათ, ბოგდანს კი ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ხელი სტაცა სავიზიტო ბარათს და ხმამაღლა, მთელი კრების გასაგონად წარმოთქვა უცნობი პირველყოფილის სახელი.
- კონორი...



თავი 17



ბოგდანი ნელი ნაბიჯით მიდიოდა ტყეში, მარცხენა ხელში განუყრელი სიგარეტი ეჭირა, რომელსაც დრო და დრო სიამოვნებით აბოლებდა, მარჯვენა ხელი დაბლა დაეშვა და ხელისგულით მაღალ ბალახს ეფერებოდა, ფიქრობდა, ბევრს ფიქრობდა პირველყოფილ კონორთან შეხვედრაზე, ქალაქის საიდუმლო საბჭოს შესახებ, ისტორიულად მაქციები და ვამპირები თითქმის ყოველთვის არსებობდნენ სალემსა და მის შემოგარენში, იყო სისხლიანი შეხლა-შემოხლის ხშირი შემთხვევები, ვამპირები ადამიანთა სისხლს სვამდნენ, მაქციებს კი ჩვეულებრივი, ადამიანური საკვების მიღება შეეძლოთ, აქედან გამომდინარე, ადამიანები და მაქციები, ამ შემთხვევაში კი ქალაქის საიდუმლო საბჭო და ბოგდანის კლანი ალიანსს ჰკრავდნენ და ერთად ებრძოდნენ სისხლისმსმელ ვამპირებს, მსხვერპლი ყოველთვის იყო, ორივე მხარე დიდ ზარალს ნახულობდა, მაგრამ ეს მსხვერპლი განსაკუთრებით მაქციებისთვის იყო მტკივნეული, რადგან ვამპირებისგან განსხვავებით, მაქციებს ერთმანეთთან ოჯახური კავშირები, ნათესაობა და თითქმის ადამიანური ურთიერთობები აკავშირებდათ, მათ სტკიოდათ, უხაროდათ, ერთმანეთი უყვარდათ, ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ და ერთმანეთის დაკარგვას როგორც ადამიანები, ისე განიცდიდნენ, ვამპირების ერთადერთი მიზანი კი ე.წ. "სანადირო ტერიტორიის" დაპყრობა იყო, ამის გულისთვის ისინი მაქციებთან და ადამიანებთან სისხლისმღვრელ დაპირისპირებებსაც არ ერიდებოდნენ, საუკუნეთა განმავლობაში ეს სამი რასა-ადამიანები, მგელკაცები და ვამპირები ერთმანეთს ებრძოდნენ, ადამიანებმა დროთა განმავლობაში დახვეწეს არაადამიანთა წინააღმდეგ ბრძოლის ხერხები, ისინი მაქციების წინააღმდეგ ვერცხლის ტყვიებს იყენებდნენ, სისხლისმსმელ ვამპირებს კი ხის წვეტიანი სარებით ებრძოდნენ, მაგრამ ამ სისხლისღვრაში და ქიშპობაში მოულოდნელად ჩაერთო მეოთხე ძალა, ისინი როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ისე გამოიყურებოდნენ, მაქციებივით ჯგუფ-ჯგუფად არ იბრძოდნენ, ისინი საკუთარ თავს პრიმუმებს-პირველყოფილ ვამპირებს უწოდებდნენ, მათზე არ მოქმედებდა უცხო სახლის შელოცვა, ვერცხლის ტყვიები და ხის სარი, ისინი მოულოდნელად ჩნდებოდნენ, თავიანთ ნაკვალევზე სისხლს და გვამებს ტოვებდნენ და ასევე მოულოდნელად ქრებოდნენ, მათმა ძალამ და ზებუნებრივმა უნარებმა მოქიშპე მხარეები დააშოშმინა და ოთხმხრივი ზავის დადების საჭიროება შექმნა, შეიძლება რომელიმე ადამიანი, ვამპირი ან მაქცია არ იყო თანახმა ზავის დადების, მაგრამ პრიმუმებმა ყველას გასაგებად აუხსნეს, რომ ზავის უარყოფის შემთხვევაში უკლებლივ ყველას გაანადგურებდნენ-ვამპირებსაც და მაქციებსაც, ამიტომ ზავი დაიდო, ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, მაქციებმა ტყეს შეაფარეს თავი, ვამპირები კი წავიდნენ სალემიდან, პრიმუმებმა შექმნილი სიტუაცია სტაბილურად მიიჩნიეს და გაუჩინარდნენ, მაგრამ დრო და დრო სალემის მოსახლეობის საქმეში ჩახედული კატეგორია მაინც პოულობდა მკვდარ ვამპირს, ან მაქციას, ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ თუ რომელიმე მშიერი ვამპირი ან უკონტროლო ახალგაზრდა მაქცია ზავის დარღვევას შეეცდებოდა, პრიმუმები ელვის სისწრაფით ბრუნდებოდნენ და პატარ-პატარა დამსჯელ ოპერაციებს ატარებდნენ, ასეთ "მშვიდ" ვითარებაში მიედინებოდა სალემის ცხოვრება საუკუნეების განმავლობაში, ახლა კი, ვამპირები ისევ გამოჩნდენ, რასაც ლოგიკურად მოჰყვა ქალაქის საიდუმლო საბჭოს აღდგენა და ამ საშიშ სიტუაციაში თავისთავად აღმოჩნდა ჩათრეული მაქციათა კლანი, ამ ყველაფერმა კი ერთადერთი მოსალოდნელი შედეგი დადო-პირველყოფილი ელიტარული ვამპირები დაბრუნდნენ, სიტუაცია ნელ-ნელა იხლართებოდა და იძაბებოდა, რაც სულ მალე სისხლისმღვრელ ომში უნდა გადაზრდილიყო...
ბოგდანმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და სიგარეტი მოქაჩა. თავისი არსებობის მანძილზე ის უამრავ ვამპირს შეხვედროდა, მათ საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა და არც ეშინოდა მათი, ის ხომ ალფა იყო, უძლიერესი მგელკაცი მაქციათა კლანის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ რაც შეეხება პირველყოფილებს, მათ სულ რამდენჯერმე შეხვედროდა, იცნობდა ლუციუსს-მიმზიდველ, ქერა და ჟღალწვერა პრიმუმს, რომელსაც რენტგენივით გამსჭვალავი ცივი ცისფერი თვალები ჰქონდა, მისი ერთნაირად ეშინოდათ როგორც ვამპირებს, ასევე მაქციებსაც, თვით პრიმუმთა კლანის წევრებიც კი ერიდებოდნენ მასთან საქმის დაჭერას, მრავალჯერ შეხვედროდა კოვაქსს-ძალზე სიმპათიურ შავგვრემან პირველყოფილს წყვდიადივით შავი თვალებით, როგორც ყველასთვის იყო ცნობილი, კოვაქსი არ მიეკუთვნებოდა მოწყალეთა კატეგორიას, საშინელი სიკვდილით კლავდა მოწინააღმდეგეს, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სწრაფი პირველყოფილი, ვისზეც ოდესმე სმენია ბოგდანს, ამ ორი პრიმუმის გარდა, მაქციათა და ვამპირთა ომში მონაწილეობდა კიდევ ერთი პიროვნება, ისიც ლუციუსივით და კოვაქსივით პრიმუმთა სამეფო ბეჭედს ატარებდა, ომში მასზე ლეგენდები დადიოდა, როგორც ყველაზე ძლიერ, სწრაფ და ულმობელ პრიმუმზე, სულ ერთხელ შეხვდა პირისპირ მას ბოგდანი, ომის დასასრულს, როდესაც ეს უცნობი პირველყოფილი ბოგდანმა და მისმა ოციოდე მგელკაცმა ალყაში მოაქციეს ის, ბოგდანმა თვალები დახუჭა და სცადა გაეხსენებინა, პირველყოფილი, რომლის სახელიც საიდუმლოდ დარჩა, ღამესავით შავ ტანსაცმელს და მოსასხამს ატარებდა, შავი თმა, შავგვრემანი სიმპათიური გარეგნობა და უცნაური გამომეტყველება ჰქონდა, ძალზედ მოკლედ შეკრეჭილ შავ წვერს ატარებდა და ბოგდანს მოეჩვენა, რომ თითქოს კმაყოფილებითაც შეხვდა ალყაში მოხვედრას, აუღელვებლად, ტუჩებმოკუმული იბრძოდა, ქირურგიული სიზუსტით გლეჯდა გულებს მკერდიდან ბოგდანის მაქციებს, წარმოუდგენელი სისწრაფით მოჩვენებასავით დაჰქროდა და ყველგან სიკვდილს თესავდა, ბოგდანი ბოლო იყო...უცნობმა პირველყოფილმა მაქციების გვამების გორას გადმოაბიჯა და თავზარდაცემულ ბოგდანს მიუახლოვდა, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს, მან სულ რაღაც ათ წუთში შეძლო ბოგდანის ამალის განადგურება ისე, რომ მაქციებმა თითქმის ვერც კი მოასწრეს გონს მოსვლა. ყველაზე საოცარი და ბოგდანისთვის წარმოუდგენელი იყო ის სიტყვები, როდესაც პირველყოფილმა მას თვალებში ჩახედა.
- წადი აქედან, მგელკაცთა მეთაურო, სიცოცხლე მიჩუქნია შენთვის.
ამ სიტყვების მერე თითქოს სუსტმა ნიავმა დაჰქროლა და პირველყოფილი გაქრა. ბოგდანი ყოველთვის ფიქრობდა, თუ რატომ დატოვა ცოცხალი ამ უცნაურმა პრიმუმმა, მაგრამ ამ მოვლენის სიღრმეს ვერასდროს ჩასწვდა, ეცადა მოეძებნა ის, მრავალი წლის და საუკუნის განმავლობაში უამრავი ქვეყანა შემოიარა, მაგრამ მას ვერსად მიაგნო...
- მგელკაცთა ლეგენდარული წინამძღოლი, თვით ბოგდანი, - ფიქრის ძაფი გაუწყვიტა ვიღაცამ.
ბოგდანს მაშინვე კუნთები დაეძაგრა, თვალები ერთიანად გაუყვითლდა და თითებზე ალესილმა კლანჭებმა იწყო ჩამოზრდა.
მისგან ათიოდე იარდში შუა ბილიკზე იდგა საიდუმლო შეხვედრის ეგზოტიკური გარეგნობის მასპონძელი, ხელები გულზე დაეკრიფა და ღიმილით ადევნებდა თვალს.
- საოცრად სწრაფი ტრანსფორმაციაა, - თქვა მან და კლანჭებზე მიუთითა, - მაგრამ მერწმუნე, საჭირო არაა, მე შენი მტერი არ ვარ, ბოგდან, - მაქცია რომ არ გაეღიზიანებინა, მან განზრახ ნელა გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი, - ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ისინი პირველყოფილები არიან..
- ისევე, როგორც შენ, - დაიღრინა ბოგდანმა.
- მე შენი მტერი არ ვარ, - გაიმეორა კონორმა, - ეს განსხვავებაა მათსა და ჩემს შორის.
ბოგდანი დაწყნარდა, ტრანსფორმაცია შეწყვიტა და სიგარეტს მოუკიდა.
- აქ რას აკეთებ? ეს ჩვენი ტყეა, ჩვენი ტერიტორიაა.
- ვფიქრობ, პრობლემა არ უნდა იყოს, - მიუგო პირველყოფილმა, - მე ხომ ახლა თქვენი მოკავშირე ვარ.
ბოგდანმა შუბლშეკრულმა შეხედა და თავისდაუნებურად შენიშნა, რომ მისი ისტორიული მტერი მტრულ დამოკიდებულებას საერთოდ არ ამჟღავნებდა.
- მე ჯერ არ გადამიწყვეტია, - მიუგდო უხეშად.
- ბოგდან, ბოგდან, - ღიმილით გაშალა ხელები კონორმა, - შენ ალფა ხარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაქციების კლანში გადამწყვეტი სიტყვა შენზეა, შენ ჩვენ გვჭირდები, ადამიანებს სჭირდები...
- რატომ გგონია, რომ ადამიანების სიცოცხლე მადარდებს? - შეაწყვეტინა ბოგდანმა, - ამ ომში გამარჯვებული არ იარსებებს, ისინი ყველას დაგვხოცავენ...
- რა თქმა უნდა, - გაიცინა კონორმა, - დაგვხოცავენ, იმშემთხვევაში, თუ მათ წინააღმდეგ იარაღი არ გვექნება, - ამ სიტყვებთან ერთად მან ქურთუკი გადაიწია და ბოგდანს დაანახა უცნაური იარაღი, ეს იყო ხის უცხო ჩუქურთმებით მორთული სარი, რომელიც მბრწყინავ ნივთიერებაში იყო ამოვლებული, სარს მოწითალო ფერი დაჰკრავდა.
- ეს...
- ეს არის უიშვიათესი ჯიშის, ეგრეთწოდებული "ვერცხლის ფიჭვისგან" გამოთლილი სარის და წითელი ვერცხლისწყლის კომბინაცია, - უპასუხა კონორმა და სარი ხელში შეატრიალა, - ერთადერთი იარაღი, რომლითაც...
- რომლითაც პირველყოფილის მოკვლა შეიძლება, - თვალები გაუფართოვდა ბოგდანს.
- ზუსტად, - დაეთანხმა კონორი, - მომისმინე ბოგდან, აქ, სალემში სამი პირველყოფილია, თუ მათ დროულად არ შევაჩერებთ, აქ საშინელება დატრიალდება, დამიჯერე, საკმარისად ვიცნობ ლუციუსსაც და კოვაქსსაც და ვიცი, რაც შეიძლება მოიმოქმედონ მათ...
- მესამე ვინ არის? - შეაწყვეტინა ბოგდანმა, - თუ რა თქმა უნდა საკუთარ თავს არ გულისხმობ.
- მესამე მარკუსია, - მიუგო კონორმა.
- მარკუსი? ასეთი არავინ მსმენია, - თავი გააქნია ბოგდანმა.
- მას ჯერჯერობით ვერ მიავაკვლიე, - ბრაზით თქვა კონორმა, - მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აქ არის.
- საიდან იცი, წინასწარმეტყველიც ხარ? - დასცინა ბოგდანმა.
- ეს სამეული ყოველთვის ერთადაა, როცა სიტუაცია იძაბება, - თქვა კონორმა, - ზუსტად ეს სამი პირველყოფილი მონაწილეობდა შენთვის კარგად ცნობილ ომში, ლუციუსი, კოვაქსი და მარკუსი, პრიმუმთა კლანის დამრტყმელი ძალა, ლუციუსს და კოვაქსს იცნობ, აი მარკუსი კი....მარკუსი ნამდვილი სიკვდილის მანქანაა, ამბობენ, რამდენიმე წუთი დასჭირდა რათა მაქციების მეფის ამალა გაენადგურებინაო, - ირონიული ღიმილით გვერდულად გახედა კონორმა ბოგდანს.
ბოგდანს ხელში შეაცივდა სიგარეტი.
- ჯანდაბა...მარკუსი.. მას მარკუსი ჰქვია, - თქვა მან, - ის იყო იქ, ალყაში, სიკვდილის მანქანა, მარკუსი.
- მიხარია, რომ გაგახსენდა, - თქვა კონორმა, - ვიცი, რომ მან არ მოგკლა, რატომღაც, მაგრამ იმედი მაქვს, მის მიმართ სენტიმენტალური გრძნობა არ გაგიჩნდება, როდესაც მისი სიკვდილის დრო მოვა.
- არა, შეგიძლია დარწუნებული იყო, რომ ეს არ მოხდება...რა შეგიძლია მითხრა ამ იარაღის შესახებ? - სარზე მიუთითა ბოგდანმა.
- მათ წინააღმდეგ სხვა იარაღი არ არსებობს, - თქვა კონორმა, - ეს სარი პირდაპირ გულში უნდა გავუყაროთ, როდესაც ამას გავაკეთებთ, რამდენიმე წუთის შემდეგ პირველყოფილის სხეული აალდება და სართან ერთად დაიწვება...
- მოიცა, რაღაც ვერ გავიგე, - შეაჩერა ბოგდანმა, - ამ ერთი სარით ერთ პირველყოფილს მოვკლავთ, და როგორც მივხვდი, აუცილებელია სარი გულიდან ამოუღებლად დაიწვას, კარგი, რას ვაკეთებთ დანარჩენ ორთან მიმართებაში?
- ლოგიკური კითხვაა, - გაიღიმა კონორმა და ხის კორძზე ჩამოჯდა, - მე სულ სამი ასეთი იარაღი მაქვს, შეგვიძლია სამივე პირველყოფილი მოვიშოროთ.
ბოგდანი ჩაფიქრდა, აწონ-დაწონა სიტუაცია, კეფა მოიქექა და მოჭუტული თვალებით გადახედა პრიმუმს, რომელიც ცივსისხლიანად და ცივი გონებით აწყობდა თანამოძმეთა განადგურების გეგმას.
- ერთი რამ მაინტერესებს, - თქვა მან, - ვის ენდობი?
კონორმა სარი ხელში აათამაშა.
- მე არავის ვენდობი, ვხვდები, საითაც მიგყავს საუბარი ბოგდან და არ გამტყუნებ, შენ შენი კლანის ბედი გაღელვებს და ალბათ გარკვეულწილად ამ ქალაქში მცხოვრები სუსტი ადამიანებისაც, ერთ რამეს გეტყვი, ეს ბრძოლა უსისხლოდ არ ჩაივლის, მე მათ ვიცნობ და ვიცი რამდენად სასტიკები და ცბიერები შეიძლება იყვნენ, ბევრი ადამიანი დაიღუპება, მაქციები შედარებით ნაკლები, შედეგს ერთს მივიღებთ: ჯოჯოხეთის ეს სამი მოციქული განადგურდება, შენ შენს მაქციებთან ერთად ტყეში გააგრძელებ ცხოვრებას, მე კი წავალ...
- წახვალ? - ირონიულად თქვა ბოგდანმა, - ასე უბრალოდ, ადგები და წახვალ?
- ასე უბრალოდ, ავდგები და წავალ, - დაუდასტირა კონორმა.
- ბოლომდე ვერ ვხვდები ამ ინტერესთა კონფლიქტში შენს მიზანს, - თავი გააქნია ბოგდანმა, - მინდა ყველაფერი გარკვეული იყოს, რომ შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ.
- მართალი ხარ, - დაეთანხმა კონორი, - რაღაც მოხდა პრიმუმთა კლანში, ეს ნაკლებად საინტერესოა შენთვის და საქმის არსებით ნაწილს არც ეხება, მოკლედ, მათ მე კლანიდან მომკვეთეს, მომიშორეს, თითქოს არც არასდროს ვარსებობდი, - მან თვალებში ჩახედა ბოგდანს, - ბოგდან, შურისძიება-ეს ვამპირისთვის უმნიშვნელოვანესია, მე საუკუნეები ვიცდიდი, სანამ ეს იარაღი ხელში ჩამივარდებოდა, ახლა კი მოქმედების დრო დადგა, შურისძიების დრო დადგა, მე მათ სამივეს გავანადგურებ და ამაში თქვენ დამეხმარებით, მე შურისძიების წყურვილს დავიკმაყოფილებ, თქვენ კი საფრთხეს აირიდებთ თავიდან, სულ ესაა, ყველაფერი მარტივადაა, ხელი ხელს ჰბანს.
ბოგდანი წამოდგა და კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოუკიდა.
- მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ადამიანთა მსხვერპლი, - მკაცრად თქვა მან, - მე ამას მოვითხოვ შენგან და დარწმუნებული ვარ ქალაქის საიდუმლო საბჭოსაც ეს მოთხოვნა ექნება...
- სამართლიანად ჟღერს, - არ დაასრულებინა კონორმა და თვითონაც წამოდგა, - რაც შემეხება მე, ყველანაირად ვეცდები ამ პირობის შესრულებას, ასე რომ, შევთანხმდით? - მან ხელი გაუწოდა ბოგდანს.
ბოგდანი ბოლომდე არ იყო დარწმუნებული შეთანხმების სისწორეში და მის მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრობდა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა, ომი გარდაუვალი იყო, სამაგიეროდ ერთხელ და სამუდამოდ მოიშორებდა პირველყოფილებს მშობლიური ქალაქიდან.
- შევთანხმდით, - ხელი ჩამოართვა ბოგდანმა და თვალებში ჩახედა, - იარაღი შენი, დახმარება-ჩვენი, ჩვენ მათ გავანადგურებთ.
- რა თქმა უნდა, - გაიღიმა კონორმა, მოვერცხლილი სარი ქურთუკის შიგნით ჩააბრუნდა და სწრაფი, ელვისებური მოძრაობით რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა ბოგდანს და იქიდან გვერდულად გამოხედა, - ეს უბრალოდ შესანიშნავია, ვამპირის და მაქციის ალიანსი, - მან კიდევ ერთხელ გაიღიმა კმაყოფილებით, მოელვარე ეშვები გააელვა და წამის მეასედში გაუჩინარდა ტყეში.
ბოგდანი არ განძრეულა, კვლავ ფიქრობდა, რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას, სანამ ზურგსუკან ნაბიჯების ხმამ არ გამოარკვია. ეს კასტორი იყო, კლანის ბეტა მაქცია, ბოგდანის მოადგილე.
- შენ რა, გვითვალთვალებდი? - უკმაყოფილოდ შეუღრინა ბოგდანმა.
კასტორს გაკვირვება გამოესახა სახეზე.
- რა თქმა უნდა, - მიუგო კლანის ალფას, - ის ხომ ვამპირია, თანაც პირველყოფილი, ვერ გავრისკავდი, ხომ გესმის...
- მესმის, - ბოგდანი დამშვიდდა, მიხვდა, რომ კასტორის საქციელი მხოლოდ და მხოლოდ კლანის მეთაურის უზომო სიყვარულით და პატივისცემით იყო გამოწვეული.
- ვფიქრობ, სწორად იქცევი, - თქვა კასტორმა.
- მართლა? - გაუხარდა ბოგდანს, ზედმეტი ახსნა-განმარტებების მიცემა აღარ დასჭირდებოდა, თუ კლანში რანგით მეორე მგელკაცი მის აზრზე იდგა, ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლიდა.
- სხვა გამოსავალი არ გვაქვს, - მხრები აიჩეჩა კასტორმა, - რატომაც არ უნდა მივიღოთ ამ წითელკანიანი პირველყოფილის წინადადება, მე ბოლომდე შენთან ვარ ბოგდან, და კლანის ყველა მგელკაციც, ჩვენ ხომ ოჯახი ვართ, და არა ხროვა, როგორც გვიწოდებენ, - კასტორმა ლაღად გაიცინა, ბოგდანს ხელი გამოსდო და სახლისკენ წაიყვანა, - წამოდი, ვიღაცას შენი ნახვა უნდა, იცოდი, რომ დღეს ჯესი აპირებდა ჩამოსვლას?
ბოგდანი ერთბაშად შედგა, შემოტრიალდა და მზერა კასტორს მიაპყრო, სახე გაფითრებოდა და თვალები უელავდა.
- რა...ჯესიკა ჩამოვიდა?
- ჰო, - თავი დაუქნია კასტორმა, - იცი...მე... ვიცი რომ, დედამისთან და მასთან მაინცდამაინც არ გაქვს კარგი დამოკიდებულება, ჰოდა ვერ გადავწყვიტე, ეე...
- ყველაფერი რიგზეა, - თქვა ბოგდანმა, - მადლობა, რომ უკან არ გაუშვი, - ის შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სახლისაკენ.



თავი 18



ბოგდანი ნელა შევიდა ოთახში, ფრთხილად მიხურა კარი და კედელს მიეყრდნო. დივანზე გოგონა იჯდა, ფეხები აეკეცა და მობილურ ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა, წითური ტალღოვანი თმა ჩანჩქერად სცემდა მხრებზე, თეთრი კანი ჰქონდა, ცისფერი თვალები, ოდნავ აპრეხილი პატარა ცხვირი, ლამაზი ალისფერი ტუჩები და მსხვილი თეთრი კბილები, ტანწერწეტა იყო, ვნებიანად ჩამოქნილი გულმკერდი და თითქმის დასრულებული თეძოები...
- დედამისს ჰგავს, ახალგაზრდობაში, - გაიფიქრა ბოგდანმა და ყურადღების მისაპყრობად ჩაახველა.
გოგონა მაშინვე მოსწყდა მობილურს და ბოგდანს გამოხედა თავისი ცისფერი, მოუსვენარი თვალებით.
- გამარჯობა, - უხერხულად მიესალმა ბოგდანი, ხელები ზურგზე დაიწყო და ოთახში შეაბიჯა, ფანჯარასთან მივიდა და ფანჯრის რაფაზე გამწკრივებულ ყვავილის ქოთნებს თვალი გადაავლო.
- გამარჯობა, - დაუბრუნა გოგონამ პასუხი, წამოდგა და ტელეფონი ჯინსის უკანა ჯიბეში ჩაიჩურთა დაუდევრად, - არ გიხარია, რომ ჩამოვედი?
კითხვა განაჩენივით ჟღერდა. ბოგდანის და მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულის ნაყოფი მის წინ იდგა, საჩხუბრად გამზადებული. ბოგდანს და ამ წითურთმიანი გოგონას დედას ოდესღაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ამ სიყვარულის განვითარებაში საბედისწერო როლი ბოგდანის შინაგანმა ბუნებამ და მგლის გენმა ითამაშა, ვერონიკამ ვერ გაუგო ბოგდანს, ვერ შეიგრძნო მისი ტანჯვა, ვერ დაუდგა მხარში, ის ვერ დაუშვებდა, რომ ბავშვი ისეთ მამასთან გაზრდილიყო, რომელიც ნახევრად ადამიანი იყო და ნახევრად მგელი...ბოგდანმა ვერ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ფიქრობდა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა ბავშვისთვის, ვერონიკა ბავშვთან ერთად გადასახლდა ნიუ-იორკში, მაგრამ ბოგდანთან მთლიანად არ გაუწყვეტია კავშირი, ტელეფონით ეხმიანებოდა და როდესაც ჯესიკა მოიზარდა და ჭკუაში ჩავარდა, თავად უამბო ყველაფერი, ჯესიკამ იცოდა, რომ მამამისი სალემში ცხოვრობდა და მგელკაცი იყო, წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ჩამოდიოდა და რამოდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრობდა მამასთან, აი ახლაც, თითქოს ეს ჩვეულებრივი ვიზიტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოგდანი ინტუიციით ხვდებოდა, რომ საქმე ჰქონდა მოვლენასთან, რომელსაც შეეძლო მთლიანად გაენადგურებინა მისი შვილის ფსიქოლოგია და დაემახინჯებინა მისი ცხოვრება.
- ვერონიკა როგორ არის? - ბოგდანმა მომცრო სარწყავი აიღო და ყვავილების მორწყვა დაიწყო, უკან არ მოუხედია.
- დედა კარგადაა, - შემტევი ტონით წარმოთქვა ჯესიკამ და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, წარბაწეული უცქერდა მამის ფართო ზურგს.
- მომისმინე, - ამოიხვნეშა ბოგდანმა და შემოტრიალდა, დარცხვენილი ჩანდა, - ბოლო ორი კვირა რომ ვერ შეგეხმიანე, ამის გამო შეგიძლია მეჩხუბო...
- ჰმ, - ეშმაკურად გაიღიმა გოგონამ, - მე კიდევ ვფიქრობდი მგელს სტეიკს მოვუმზადებ და შევრიგდებითთქო, - მან გაიცინა, მამას კისერზე ჩამოეკიდა და ქვემოდან შეხედა, - იმედია არ გამაგდებ ამის გამო.
ბოგდანმა გაიღიმა, შვილს ტალღოვან თმაზე გადაუსვა ხელი და გულში ჩაიკრა.
- ძალიან მენატრებოდი, ჯეს, რამხელა გაზრდილხარ.
ჯესიკამ გადაიკისკისა, მამას მკლავებიდან დაუსხლტა.
- ჰო, სწრაფად ვიზრდები, მე ხომ მგლის გენი მაქვს.
ბოგდანი დასერიოზულდა, აუცილებლად უნდა ესაუბრა ამ თემაზე და რაც შეიძლება სწრაფად.
- ჯეს, მალე სავსე მთვარე იქნება...
- ვიცი, მამა, - ამოიოხრა ჯესიკამ და თითით თმას დაუწყო წვალება, - ამიტომ ჩამოვედი, ეს ჩემი პირველი სავსე მთვარეა, ჩემში უკვე გაიღვიძა შენმა გენმა და ჩემი შინაგანი "მეს" სრული ტრანსფორმაცია რამოდენიმე კვირაში მოხდება...მინდა შენს გვერდით ვიყო, როცა ეს მოხდება, როცა მე მე აღარ ვიქნები, - ჯესიკას ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.
ბოგდანს გული დაუთუთქა ჯესიკას უხმო ტირილმა, სწრაფად მიუახლობდა და თითით მოსწმინდა ობოლი წვეთი.
- ჯეს, ეს არც ისე ცუდია, არ გეგონოს, შენს დამშვიდებას ვცდილობდე, ამ წამს როგორც მამა შვილს კი არა, როგორც მაქცია-მაქციას, ისე გელაპარაკები, ნუ გეშინია, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, არ მოგცემ უფლებას, რამე საშინელება ჩაიდინო, ყველაფერი ბრაზზეა დამოკიდებული და მის გამოვლენაზე და შეკავებაზე...
- მადლობა, მამა, ვიცოდი, რომ ასეთ მძიმე წუთებში ჩემს გვერდით იქნებოდი.
- შენს მეტი არავინ მყავს, - ჩუმად ჩაილაპარაკა ბოგდანმა, თვალი აარიდა, ყვავილებთან დაბრუნდა და სიგარეტს მოუკიდა.
- ცდები, - არ დაუთმო გოგონამ, - შენ დედა გყავს, ვიცი, რომ თქვენი დაშორება ჩემს გამო მოხდა..
ბოგდანი სწრაფად შემობრუნდა.
- არ მინდა, თავს დამნაშავედ გრძნობდე, ეს გადაწყვეტილება მე და დედაშენმა ერთობლივად მივიღეთ და მის შედეგებზე მხოლოდ ჩვენ ვაგებთ პასუხს.
- კარგი, - მხარზე მოეფერა გოგონა, - მოდი, თემა შევცვალოთ, - ის კედლის ბარს მიუახლოვდა და ჭიქაში ვისკი ჩამოასხა, - მე წინასწარ გადმოვაგზავნე საბუთები კოლეჯში და მიმიღეს, შეგიძლია შენი შვილით იამაყო.
- მშვენივრად იცი, რომ ვამაყობ შენით, - ბოგდანმა ჩაიღიმა და ვისკის ჭიქა გამოართვა, - მაგრამ აქ ცხოვრება არც ისე უსაფრთხოა.
- ვიცი, - გოგონამ მაცივრიდან გამოღებული "კოკა-კოლას" ქილა გახსნა და კვლავინდებურად დივანზე ჩამოჯდა ფეხებმოკეცილი, - დედა არაფერს მიმალავს..
- ის საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი, - თქვა ბოგდანმა და ფანჯარაში გაიხედა.
- სხვათაშორის, ისიც იგივეს ამბობს შენზე, ჰოდა ვიფიქრე, იქნებ...
- ეს შეუძლებელია, ჯეს, - მაშინვე უარყო ბოგდანმა, - თქვენი ყოფნა ჩემს გვერდით ძალიან საშიშია, მითუმეტეს ახლა, ეს განხილვას არ ექვემდებარება.
- შენ თუ ალფა ხარ, ნუ გავიწყდება, რომ მე შენი შვილი ვარ, - ღიმილით თქვა ჯესმა, - ანუ კლანის პრინცესა...ვიცი, რომ ამჟამად სალემში ძალიან დაძაბულია სიტუაცია, ვამპირები, პირველყოფილები, მაქციები, საიდუმლო საბჭო და ა.შ. მაგრამ იქნებ ვცადოთ...
- ჯანდაბა, არა ჯეს, არა, ამ თემას აღარ შევეხებით, ასე უკეთესია, - გაღიზიანდა ბოგდანი, - დედაშენი ადამიანია ჩვენგან განსხვავებით, არ მინდა ამ ჯოჯოხეთში მისი გარევა.
- კარგი, როგორც გინდა, - თქვა გოგონამ, ამოიოხრა და "კოკა-კოლა" მოსვა.



*****


შავი "იაგუარი" ნელა მიდიოდა ქალაქგარეთ მდებარე ბარიდან სალემის მიმართულებით, ცრიდა, სველ ასფალტზე საბურავებს შიშინი გაუდიოდა, სალონში სითბო და სიმყუდროვე სუფევდა, რასაც ფონად მსუბუქი კლასიკური მუსიკა გასდევდა.
- რაზე ფიქრობ? - მიას ფეხები სავარძელზე აეკეცა, გვერდულად შემობრუნებულიყო და მარკის მკაცრი პროფილით ტკბებოდა.
მარკს გზისთვის თვალი არ მოუშორებია, გაიღიმა, მარჯვენა ხელი საჭეს შეუშვა და მიას თითები ხელში მოიქცია.
- არაფერზე, - გასცა პასუხი, - ძალიან მსიამოვნებს შენთან ერთად ყოფნა.
გოგონას გაეღიმა, შოკოლადისფერ თვალებში სითბო ჩაეღვარა, ხელი ასწია და მარკს ლოყაზე მიადო, მარკს ესიამოვნა, თავი გადმოსწია და მიას ხელი ლოყასა და მხარს შორის მოაქცია.
- ჩემს ცხოვრებაში ძალიან სწრაფად გამოჩნდი, - თქვა გოგონამ, - არავის ჰგავხარ, სტანდარტებში არ ჯდები, ძალიან მომწონხარ...
- მიხარია ამის გაგონება, - თქვა მარკმა, - მარჯვენა ხელი მიას მოხვია და გვერდზე მიიხუტა, მსუბუქად აკოცა შუბლზე.
- გზას უყურე, - გაიცინა გოგონამ და ყურზე უკბინა, - ხომ არ გინდა, ისევ ექიმ ტომპსონთან მოხვდე.
მარკმაც გაიცინა, მანქანა შუა გზაზე გააჩერა, შემობრუნდა, გოგონა მკლავებში მოიქცია და ვნებიან ტუჩებზე დააკვდა, დაუკოცნა ლოყები, ნიკაპი, ქვემოთ ყელს ჩაჰყვა, მისი მოხდენილი სხეული ტანზე მიიკრო და სხეულის თითოეული სანტიმეტრით შეიგრძნო მისი ჭკუიდან გადამყვანი ფორმები, ლოყებიდან ფრთხილად ჩამოაცურა ხელები და მიას მკვრივ მკერდზე შეაჩერა, ფრთხილად მოეფერა, ვნებიანად დაბერილი კერტები თითებით მოსინჯა და ხელები ვნებიანად მოუჭირა მკერდზე, რომელიც მოტკეცილ მაისურში ვეღარ ეტეოდა, ღელავდა და ბიჭის გახურებული ტუჩების შეხებას ნეტარებით ელოდა.
მია მთელი სხეულით მიეკრო მარკს, მოუხერხებლად შეუხსნა პერანგის ზედა სამი ღილი და ხელისგულით შეიგრძნო ბიჭის დაკუნთული მკერდი და მუცლის პრესი...მარკმა მის ზურგზე ააცურა ხელები, ბიუსტჰალტერი შეუხსნა და სწრაფად გამოაძვრინა მაისურის ქვემოდან, შემდეგ სავარძელზე გადააწვინა, ზემოდან მოექცა, მაისური კისრამდე აუწია და მკვრივი მკერდის კერტებს ტუჩებით მოეფერა...
- არა, მარკ, გთხოვ, - ძლივს ამოთქვა გოგონამ და სწრაფად ჩამოიწია მაისური, - გთხოვ, ასე ნუ იქცევი, თორემ ჭკუას ვკარგავ მგონი.
- და რითია ეს ცუდი? - ეშმაკურად თქვა მარკმა და კვლავ ტკბილ ტუჩებზე დაეწაფა.
დიდხანს ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, ბოლოს მიამ სული მოითქვა, თავის სავარძელს დაუბრუნდა და ბიჭს ეშმაკურად მოწკურული თვალებით მიაჩერდა.
- რა იყო ეს?
- ხომ იცი, თავს ვერ ვიკავებ, - თქვა მარკმა, - ძალიან მიზიდავ.
გოგონამ გაიღიმა და ბიჭის მარჯვენა ხელი ხელებში მოიქცია.
- მოვედით, - ამოიოხრა მარკმა და მანქანა შეაჩერა, - ვისურვებდი, ერთი წამითაც არ მომშორებოდი, მია.
მიამ კისერზე ხელები შემოხვია და მსუბუქად აკოცა ტუჩებში.
- ხვალ შევხვდებით, კოლეჯში, - მან სწრაფად გააღო მანქანის კარები, ხელჩანთა თავზემოთ დაიჭირა წვიმისგან თავდასაცავად და კიბეებზე აირბინა, სანამ შევიდოდა, მოიხედა, მარკს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სახლში გაუჩინარდა.
მარკმა ხელი დაუქნია, გაიღიმა და "ქემელს" მოუკიდა, ის იყო მანქანის დაძვრა დააპირა, რომ მოულოდნელობისგან შეხტა, მანქანის წინ მაღალი, უსაშველოდ სიმპათიური და შავგვრემანი მამაკაცი იდგა, წყვდიადივით შავი თვალებით უყურებდა მარკს და ირონიულად იღიმებოდა.
- ჯანდაბა, კოვაქსი, - გაიფიქრა მარკმა, - ნეტავ რა უნდა, იმედია ჩემს მოსაკლავად არ მოვიდა, - მარკს ის საღამო გაახსენდა, როდესაც ბარში კოვაქსმა შთაგონების ძალით მიმტანი გოგო მოკლა და გააჟრჟოლა.
კოვაქსი ელვის სისწრაფით გაჩნდა მანქანასთან და გვერდით მიუჯდა მარკს.
- რა რომანტიკაა, - გაიღიმა მან და წვეტიანი ეშვები გააელვა, - ვფიქრობდი, მეთვრამეტე საუკუნე ყველაზე რომანტიკული იყო მსოფლიოს ეროტიკულ ისტორიაში, მაგრამ თურმე ვცდებოდი...
- რა გინდა? - უხეშად გააწყვეტინა მარკმა.
უცებ შუშაზე მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა და მარკი ბოლო ხუთ წუთში უკვე მეორედ შეხტა, მაგრამ ამჯერად მართლა გაოცდა, შუშასთან კიდევ ერთი პირველყოფილი იდგა, ქერა თმა, ჟღალი წვერი და ცივი ცისფერი თვალები. მარკმა სწრაფად გააღო უკანა კარი და როდესაც პრიმუმი უკანა სავარძელზე მოკალათდა, მთელი ტანით შებრუნდა მისკენ.
- და აი, - თეატრალურად წარმოთქვა კოვაქსმა, - ისტორია მეორდება, ჩვენ სამნი კვლავ ერთად ვართ..
- რა ხდება, ლუციუს? - კოვაქსის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მარკს.
ქერა პირველყოფილმა სველ თმაზე ხელი გადაისვა და მარკს კვლავ მოსჭრა თვალი მის არათითზე ავბედითად აელვარებულმა სამეფო გვირგვინოსანმა ბეჭედმა.
- უპირველეს ყოვლისა, მოგესალმები, - ჩვეულებისამებრ, მაღალფარდოვანი ტონით წარმოთქვა ლუციუსმა, - ჩვენ პრობლემა გვაქვს.
- ვის, შენ და ამ მანიაკს? - მიუთითა კოვაქსზე მარკმა.
- ზრდილობა გამოიჩინე, ბიჭუნა, - ავად დაიღრინა კოვაქსმა, - გირჩევ, მოთმინებიდან არ გამომიყვანო..
- მართლა? და რას მიზავ, მომკლავ? ყელს გამომჭრი? როგორც იმ ბარში ის საცოდავი გოგო მოკალი.
- არ გამიჭირდება, - თვალი თვალში გაუყარა კოვაქსმა.
- კინკლაობის დრო არ არის, - ორივეს მიმართა ლუციუსმა, - ჩვენ სამივეს სიკვდილი გადაგვიწყვიტეს და რამე უნდა მოვიმოქმედოთ, სანამ განაჩენს სისრულეში მოიყვანენ.
- რა? - გაოცდა მარკი, - მე რა შუაში ვარ? და საერთოდაც, არ გინდათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ყველაფერი?
ლუციუსი დადუმდა, ნაწვიმარ ტყეს გახედა.
- ლუციუს, - სიჩუმე დაარღვია კოვაქსმა, - მას სრული უფლება აქვს, ყველაფერი იცოდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა ვუთხრათ და მერე თავისი გადასაწყვეტია, ჩვენს გვერდით დადგება, თუ არა.
- რას გულისხმობ? - კოვაქსს მოუბრუნდა მარკი.
- სიმართლეს, - უპასუხა პირველყოფილმა, - სიმართლეს ყველაფრის შესახებ, ჩვენს შესახებ, ანუ ლუციუსის, კოვაქსის და მარკუსის შესახებ...
- ჩემს სახელს თქვენთან ერთად რატომ იხსენიებ? - მარკი ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა.
- უმჯობესია, ლუციუსი თუ აგიხსნის, - მოუჭრა კოვაქსმა.
- აქედან წავიდეთ, - ჩაერთო ლაპარაკში ქერა ვამპირი, - ამაზე სასაუბროდ შესაფერისი ადგილი არაა.
- კარგი, - თქვა მარკმა, - იქ წავიდეთ, სადაც შენ იტყვი, ოღონდ ერთი პირობით, თავიდან ბოლომდე უნდა მომიყვეთ, რა ხდება ჩემს თავს და საერთოდაც რა ხდება აქ, სალემში.
- თანახმა ვარ, - მიუგო ლუციუსმა, - შენ რას იტყვი, კოვაქს?
შავგვრემანმა პირველყოფილმა მხრები აიჩეჩა.
- ჩემი აზრი ისედაც იცი, მას აქვს ამის უფლება, ასე რომ, წავიდეთ.
- სად მივდივართ? - იკითხა მარკმა.
- ქალაქგარეთ, ბარში, - მიუგო ლუციუსმა, სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
- კარგი, - მარკმა საბურავების წივილით დასძრა "იაგუარი" და გეზი ქალაქგარეთ მდებარე ბარისკენ აიღო...არცერთ მათგანს არ შეუმჩნევია შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი სახლის კუთხეს მოფარებული უთვალთვალებდა მათ, თმა მთლიანად შემოეპარსა გვერდებზე, კეფაზე ნაწნავი გაეკეთებინა და მხარზე გადმოეგდო, მარცხენა ხელის არათითზე კი გვირგვინოსანი ბეჭედი უბრწყინავდა, მან მანქანას ბოროტი მზერა გააყოლა, სანამ მარკი, ლუციუსი და კოვაქსი მოსახვევში გაუჩინარდებოდნენ, შემდეგ შემობრუნდა და დაკვირვებული თვალით შეათვალიერა მია ჯეკსონის გაჩახჩახებული სახლი...



თავი 19



არცერთი ხმას არ იღებდა, მარკი დაძაბული ჩაფრენოდა საჭეს ორივე ხელით, ლუციუსი ზურგით მიყრდნობილიყო სავარძელს და თვალდახუჭული ჩაფიქრებულიყო, კოვაქსს კი ზოგადად არაფერი აღელვებდა, უდარდელად გასცქეროდა ტყის ზოლს და ხმადაბლა ღიღინებდა რომელიღაც მელოდიას.
"იაგუარი" ბარის ავტოსადგომს მიუახლოვდა და მარკმა დააპირა მანქანა შეეჩერებინა, მაგრამ მოულოდნელად უკნიდან ლუციუსმა დაადო მხარზე ხელი.
- არ შეჩერდე, იარე, - და მეორე ხელით ბარის წინ შეკრებილ ტყავისქურთუკიან მამაკაცებზე მიუთითა, რომლებიც მოტოციკლებს შორის ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ შეზარხოშებულნი და ხმამაღლა ყაყანებდნენ, ზოგს ლუდის ქილა ეჭირა ხელში, ზოგსაც უფრო მაგარი სასმლის.
- მაქციები, - მიხვდა მარკი, - მაგრამ რატომ უნდა ეშინოდეს ორ პირველყოფილს მათი?
- ჩვენ არ გვეშინია ამ ძაღლების ხროვის, - ზიზღით თქვა კოვაქსმა, - უბრალოდ, არ გვინდა პროვოკაციაზე წამოგვაგონ.
- რაც მათ ასე კარგად გამოსდით, - აუბა მხარი ლუციუსმა, - ტბასთან მივდივართ, იქ მშვიდად ვისაუბრებთ ყველაფერზე.
მარკმა უხმოდ დაუქნია თავი და გზა განაგრძო. სიტუაცია აშკარად საიდუმლოებით იყო მოცული და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა, პირველ ყოვლისა, მარკს სურდა გაეგო, თუ რა აკავშირებდა მას ამ ორ უძლიერეს უკვდავთან, რომლებიც ყველგან და ყოველთვის ლანდივით დაჰყვებოდნენ თან, ისინი თითქოს ერთმანეთს ვერ იტანდნენ, ერთმანეთს გაურბოდნენ და თან არც გაურბოდნენ, რატომ გადაარჩინა ლუციუსმა სიკვდილს? რატომ არ მოკლა კოვაქსმა? რა ესაქმებოდათ სალემში? ამ კითხვებზე სასწრაფოდ სურდა პასუხის მიღება მარკს, ორივე პირველყოფილი ახლა მის მანქანაში იჯდა, სალაპარაკოდ მიდიოდნენ და ამ შეხვედრიდან მარკი პასუხების გარეშე არაფრის დიდებით არ დაბრუნდებოდა.
"იაგუარმა" რამოდენიმე მილი გაიარა, მოასფალტებული გზიდან გადაუხვია, ტყის სიღრმეში შევიდა, ერთხანს ნელა მიჯაყჯაყებდა გრუნტიან გზაზე, შემდეგ ტბის გვერდით შეჩერდა.
ლუციუსი მანქანიდან გადმოვიდა და ტბის პირას მარკის და მიას საყვარელ ლოდზე ჩამოჯდა, კოვაქსი კი მის გვერდით მიეყრდნო ხეს და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. მარკმა ყურადღებით შეათვალიერა ისინი და შენიშნა, რომ ლუციუსი უცნაურად, თითქოს მწუხარებითაც კი შეჰყურებდა, კოვაქსს კი ირონიის ნიღაბი მოეხსნა და ახლა საქმიანი გამომეტყველება ჰქონდა.
წვიმა შეწყდა, ცა მოიწმინდა და ნამგალა მთვარემ გამოანათა.
- დავიწყოთ, - თქვა მარკმა და უცებ ძალიან შეეშინდა გაურკვეველი სიმართლის.
- ბევრი დრო არ გვაქვს, - თქვა ლუციუსმა, - მხოლოდ იმას გაიგებ, რაც აუცილებელია, დანარჩენი თანდათან გაგახსენდება დროთა განმავლობაში....დავიწყოთ ყველაზე მთავარით.
- კარგი, - თავი დაუქნია მარკმა.
- სანამ ლუციუსი სიმართლეს გეტყვის, - ჩაერთო კოვაქსი, - მინდა იცოდე, რომ ისეთ რეალობას გაიგებ, რაზეც ადრე გაიცინებდი, ალბათ, ყველა სიტყვა და ყველა ფაქტი სრული სიმართლეა და გაოცებული გამოხედვა და "არ მჯერა" დამოკიდებულება საჭირო არ არის, გასაგებია?
- გავიგე, - მიუგო მარკმა და ლუციუსს მიაპყრო მზერა.
- ჩამოჯექი, - ხის მორზე მიუთითა ლუციუსმა, - ჩვენი საუბარი დროს წაიღებს, კოვაქსი კი იზრუნებს, რომ ხელი არავინ შგვიშალოს.
კოვაქსმა თავი დაუქნია და წამის მეასედში გაუჩინარდა ტყეში.
- სად წავიდა? - ეჭვით გააყოლა თვალი მარკმა.
- გარემოს შეამოწმებს, - მიუგო ლუციუსმა, - დასაწყისისთვის, მინდა იცოდე, რომ ამჟამად, გარემოებათა გათვალისწინებით, არც მე და არც კოვაქსი შენი მტრები არ ვართ და არც ვინმეს მოკვლას ვგეგმავთ.
- ეს კარგია, - თავი დაუქნია მარკმა, - შეგიძლია მითხრა, რაც გაქვს სათქმელი.
ლუციუსმაც დაუქნია თავი საპასუხოდ, მარკის თავზემოთ სივრცეს გაუშტერა თვალი და წამიერად ჩაფიქრდა, თითქოს აზრებს აწყობსო.
- მე სრულ სიმართლეს გეტყვი და შენი გადასაწყვეტია, რას დაიჯერებ და რას-არა, მოკლედ, შენ მარკ კრამერი ხარ, სწავლობ კოლეჯში, გყავს შეყვარებული, დედა, მამა, ხომ ასეა?
- ასეა, - თავი დაუქნია მარკმა.
- მაგრამ, - განაგრძო ლუციუსმა, - ეს შენი პიროვნების მხოლოდ გარეგანი მხარეა...შინაგანი კი გაცილებით სხვაა, უფრო ძლიერი, უფრო ბნელი, - ლუციუსს თითქოს უჭირდა ლაპარაკი.
მარკმა ნერვიულად გადაყლაპა ნერწყვი, ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა რამდენჯერმე.
- განაგრძე, - ძლივს თქვა.
- შენ მარკუსი ხარ, უძლიერესი პირველყოფილი, პრიმუმთა ბეჭდის მატარებელი, - სწრაფად თქვა ლუციუსმა და გაჩუმდა, ყურადღებით დააკვირდა მარკის რეაქციას.
მარკის არარაციონალურმა რეაქციამ გაოცებაში მოიყვანა ქერა ვამპირი, მარკს ხმა არ ამოუღია, პირდაღებული და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ლუციუსს, სახეზე ცისარტყელას ყველა ფერი ერთმანეთს სცვლიდა, ლუციუსს მისი გულისცემა ესმოდა, რომელიც ხან შენელდებოდა, ხან კი ისე აჩქარდებოდა, ლამის მკერდი გამოენგრია.
- რა...ეს რას ნიშნავს? ეს როგორ? - როგორც იქნა ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა მარკს.
- შენდა სამწუხაროდ, ეს სიმართლეა, - თქვა ლუციუსმა და ნაღვლიანად დაუქნია თავი, - არსებობენ ვამპირები და მაქციები, ისინი შენ საკუთარი თვალით გინახავს, არსებობს პრიმუმთა, ანუ პირველყოფილ ვამპირთა კლანი, ომი ჩვეულებრივი მოვლენაა ამ სამ ჯგუფს შორის, რამოდენიმე საუკუნის წინ ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, აქ, დღევანდელი სალემის ტერიტორიაზე, პრიმუმთა მხრიდან სამი პირველყოფილი იბრძოდა, სამი-კლანში ყველაზე ძლიერი ვამპირები, - ლუციუსი დადუმდა და ტბის ჩამუქებულ ზედაპირს გახედა.
- ლუციუსი, კოვაქსი და მარკუსი, - ჩაიჩურჩულა მარკმა და ნერვიულად, ხელების კანკალით მოუკიდა სიგარეტს.
- დიახ, - დაემოწმა ლუციუსი, - ამ ომში ამ სამმა პრიმუმმა თითქმის ყველა მოწინააღმდეგე გაანადგურა...გავიდა წლები, პრიმუმთა კლანში არეულობა დაიწყო, გაჩნდა მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, რომლებსაც კოვაქსი მეთაურობდა, მათ კლანის მეთაურის-გაბრიელის დამხობა უნდოდათ, ლუციუსი და მარკუსი გაბრიელის მომხრეთა ჯგუფს შეუერთდნენ და კოვაქსს დაუპირისპირდნენ, ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ამის მიზეზი იყო მარკუსი-ყველაზე ძლიერი პირველყოფილი კლანში, მან ამბოხებულ პრიმუმთა განადგურება შეძლო, მხოლოდ ორი გადარჩა-კოვაქსი და კონორი....
- კონორი? - გააწყვეტინა მარკმა.
- მასზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, - უპასუხა ლუციუსმა და განაგრძო, - გაბრიელის გადაწყვეტილებით, კოვაქსს აპატიეს ამბოხება, კონორი კი კლანიდან მოკვეთეს, ამის შემდეგ კლანში მშვიდობა დამყარდა, მანამ, სანამ მეამბოხე სულმა თუ შურისძიების გრძნობამ კვლავ არ გაიღვიძა კოვაქსში, მან წითელ ვერცხლისწყალში ამოვლებული "ვერცხლის ფიჭვის" სარით მოკლა მარკუსი, მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა...
მარკი კვლავ გაოგნებული უსმენდა ამ საოცრად დაუჯერებელ ისტორიას, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, არსებობდა ლუციუსი, კოვაქსი, და აქედან გამომდინარე მის სიტყვებში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო.
- რა ვერ გაითვალისწინა? - მოუთმენლად ჰკითხა მარკმა.
- სიკვდილის მომენტში მარკუსი ტრანსში იყო, - თქვა ლუციუსმა და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გაიღიმა, - ანუ მარკუსის სული სხეულში არ იმყოფებოდა....დაუჯერებელია ხომ?
- დაუჯერებელია, - აღმოხდა მარკს, - ეს როგორ...
- გირჩევ, დაიჯერო, - ჩაიცინა ლუციუსმა, - არსებობენ ადამიანთა განსაკუთრებული კატეგორია, რომლებსაც ერთნაირად უფრთხიან და ერთნაირად პატივს სცემენ მაქციები, ვამპირები და პრიმუმებიც კი, დღევანდელ ფილმებს გადაავლე თვალი და მიხვდები რა კატეგორიაზეც მაქვს საუბარი.
მარკი მაშინვე მიხვდა.
- ჯანდაბა, ჯადოქრებიც არსებობენ?
- რა თქმა უნდა, - თავი დაუქნია ლუციუსმა, - მაგრამ როგორც ფილმებშია, მთლად ასეც არაა. სად შევჩერდით?
- მარკუსი ტრანსში იყო, - სწრაფად თქვა მარკმა.
- პრიმუმთა კლანს ჯადოქარი ჰყავს, მას რებეკა ჰქვია, მისი საშუალებით იყო მარკუსი ტრანსში, უფრო გასაგებ ენაზე რომ აგიხსნა, მარკუსმა რებეკას სთხოვა მისი სული რამოდენიმე საუკუნის უკან გაეგზავნა, რათა ზუსტად გაერკვია მაქციებთან ომის წარმომშობი მიზეზები და ამ მომენტში...
- და ამ მომენტში კოვაქსმა რებეკა გათიშა, - მხიარულად წარმოთქვა უჩუმრად მოპარულმა კოვაქსმა მარკის ზურგსუკან, - მარკუსის სხეულს კი სპირტი გადაასხა და დაწვა...მეგონა მე ის მოვკალი, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
- ანუ ის ცოცხალია?
- მეტნაკლებად, - ცინიკურად თქვა კოვაქსმა, კვლავ ლუციუსს ამოუდგა გვერდით და ხეს მიეყრდნო.
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, - თქვა მარკმა, - მე რა როლს ვთამაშობ ამ ლამაზ ზღაპარში?
პირველყოფილებს პასუხი არ გაუციათ, მარკი ხან ლუციუსს შეხედავდა, ხან კოვაქსს, მაგრამ არცერთი არ ჩქარობდა პასუხის გაცემას, ღიმილით მისჩერებოდნენ, თითქოს მისგან ელოდნენ ამ კითხვის პასუხს.
- ჯანდაბა, - გაოცებით წამოისროლა მარკმა და სწრაფად წამოდგა ფეხზე, - ეს სრული სიგიჟეა...მე.. მარკუსი ვარ?
ორივე პირველყოფილმა ერთდროულად, სინქრონულად დაუქნიეს თავი.
- როდესაც ჩვენ გავიგეთ, რაშიც იყო საქმე, - განაგრძო ლუციუსმა, - რებეკას ვთხოვეთ, რამენაირად დაებრუნებინე, მაგრამ მან თქვა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მარკუსის სხეული განადგურებული იყო, ლოგიკურად, მისი სული სხეულში ვეღარ დაბრუნდებოდა, მან თქვა, რომ შეეძლო მისი სულისთვის ედევნებინა თვალი...
- და მან თქვა, - ჩაერთო კოვაქსი, - რომ მარკუსის სული აუცილებლად იპოვიდა სხვა სხეულს, სხეულს, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავდა მარკუსის სხეულს, რამოდენიმე ხნის წინ კი მან გვაცნობა, რომ მისმა სულმა სხეული იპოვა, აქ, სალემში, მარკ კრამერის სხეული...
- მაინც გაუგებარია, - თავი გააქნია მარკმა, - თუ მარკუსის სული ჩემს სხეულში ჩასახლდა, რატომ ვარ ისევ მე-მე? ანუ...
- გასაგებია, რის თქმასაც ცდილობ, - შეაწყვეტინა ლუციუსმა, - გაინტერესებს, რატომ არ გაიღვიძა შენში მარკუსმა.
- ზუსტად, - დაუდასტურა მარკმა.
- რებეკას თქმით, ეს თავისთავად ვერ მოხდება, ეს რომ მოხდეს, ანუ შენში მარკუსმა რომ გაიღვიძოს, საჭიროა... - მან ლუციუსს გადახედა.
- საჭიროა, მარკ კრამერმა დაიძინოს, სამუდამოდ, - დაასრულა ლუციუსმა, - ორი სული ერთ სხეულში ვერ იარსებებს.
- ჯანდაბა, არა, - იყვირა მარკმა, - ანუ მე უნდა მოვკვდე?
- არა, - უარყო კოვაქსმა, - თუ შენ მოკვდები, სამუდამოდ მოკვდება მარკუსიც.
- ამიტომაც დაგდევდით ლანდივით, ამიტომაც ვცდილობდით შენს დაცვას, - დაბეჭდა ლუციუსმა, - იმედია ახლა ხვდები ჩვენი ამგვარი ქცევის მიზეზს.
მარკს გონება აერია, ერთდროულად ათას რამეზე ფიქრობდა, თავის ოჯახზე, მიაზე, პირველყოფილებზე.
- კარგი, - თქვა ბოლოს, - როგორც ვიცი, შენ მოკალი მარკუსი, უფრო სწორად, მისი სხეული, - მიმართა კოვაქსს.
კოვაქსმა თავი დაუქნია.
- ვფიქრობ, შენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს მისი გაღვიძება.
- მას შემდეგ ძალიან დიდმა დრომ განვლო, - გაიკრიჭა კოვაქსი, - იმედი მაქვს, მარკუსი მაპატიებს ამ პატარა ანცობას, ბოლოსდაბოლოს მე ხომ ის არ მომიკლავს, მხოლოდ სხეული მოვკალი.
- ჰო... - გაწელა მარკმა და ლუციუსს გადახედა, - მაინც რატომ გადაწყვიტეთ მარკუსის გაღვიძება?
- ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ზავი გვქონდა მაქციებთან, - თქვა ლუციუსმა, - ახლა კი ომის ზღვარზე ვდგავართ...
- მაგრამ თქვენ პირველყოფილები ხართ.
- მართალია, - დაუქნია თავი ლუციუსმა, - ეს ომი შეიძლებოდა ჩვეულებრივ გავარჯიშებად მიგვეღო, მაგრამ არსებობს ერთი ფაქტორი, რაც გვაიძულებს, სიტუაციას სერიოზულად შევხედოთ...
- კონორი, - თქვა აქამდე ჩუმად მდგარმა კოვაქსმა.
- კონორი, რომელიც შენთან ერთად მონაწილეობდა ამბოხებაში? და რომელიც კლანიდან მოკვეთეს?
- დიახ, - თავი დაუქნია კოვაქსმა, - რომელიც კლანიდან მოკვეთეს გაბრიელმა, ლუციუსმა და მარკუსმა.
- ის რა როლს თამაშობს ამ მოსალოდნელ ომში?
- კონორი სავარაუდოდ მაქციებს შეეკრა, - თქვა ლუციუსმა, - არც ეს იქნებოდა პრობლემა, მაგრამ მან მოიპარა ერთადერთი რამ, რითიც პირველყოფილის მოკვლა შეიძლება..
- გასაგებია, - თქვა მარკმა, - და მარტივ არითმეტიკას თუ მოვიშველიებთ, სამი პირველყოფილი ომში გაცილებით უკეთესია, ვიდრე ორი.
- ჭკვიანი ბიჭუნა, - ღიმილით თქვა კოვაქსმა, - ჩვენ სამმა ერთ შავბნელ დროს თითქმის მთლიანად გავანადგურეთ მაქციათა კლანი.
- ალბათ სჯობდა, მაშინ ბოლომდე მიგეყვანათ საქმე, - თქვა მარკმა ნიშნისმოგებით.
- მე ყოველთვის მაგ აზრზე ვიყავი, - მიუგო კოვაქსმა, - მაგრამ მარკუსმა და ლუციუსმა არ დამანებეს ამის გაკეთება.
ერთხანს სიჩუმემ იმეფა, ლუციუსი მდუმარედ ეწეოდა სიგარეტს და ტბის ზედაპირს გაჰყურებდა, კოვაქსი დაფიქრებული მზერით ათვალიერებდა ჩაბნელებულ ტყეს.
- როგორ აპირებთ მარკუსის გაღვიძებას? - იკითხა მარკმა.
ლუციუსმა სიგარეტის ნამწვი ქუსლით გასრისა.
- შენი თანხმობის გარეშე რებეკა არ აპირებს ამის გაკეთებას, - ამოიოხრა მან.
- დიდი სიამოვნებით გავგლეჯავდი შუაზე მაგ კუდიანს, - ზიზღით დაიღრინა კოვაქსმა.
- რებეკა აქ არის? - გაუკვირდა მარკს.
- სალემშია, - დაუქნია თავი ლუციუსმა, - როგორც კი გიპოვეთ, მაშინვე დავუკავშირდით და ჩამოვიდა, ის ამბობს, რომ საჭიროა შენი თანხმობა და დარწმუნებულია, რომ შენს სხეულში მარკუსის სულს გააღვიძებს, ამისთვის შენი სიკვდილი სულაც არაა საჭირო, ის ტრანსში გადაიყვანს შენს სულს, მარკუსის სულს კი გამოიყვანს ტრანსიდან.
- ასე მარტივად? - დაეჭვდა მარკი.
- ზუსტად არც ჩვენ ვიცით, - მხრები აიჩეჩა კოვაქსმა.
- ვთქვათ დავთანხმდი თქვენს წინადადებას, - ლუციუსს მიმართა მარკმა, - როდესაც მარკუსის სული გაიღვიძებს, რა მოხდება შემდეგ, ანუ ვინ ვიქნები მე?
- შენ დიდი ალბათობით მხოლოდ მარკუსი იქნები, - ლუციუსი წამოდგა, მარკთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო, - შენი მოტყუება არ მინდა, ჩემი ვარაუდით, მარკი სამუდამოდ დაიძინებს და მარკუსი გაიღვიძებს... ამის შესახებ რებეკასთან არ გვისაუბრია, ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია.
მარკმა ჩაახველა, სიგარეტს მოუკიდა.
- უარი რომ გითხრათ, ამ შემთხვევაში რა მოხდება?
- ეს არაფერს ცვლის, - თავი გააქნია კოვაქსმა, - ომი ყველა შემთხვევაში იქნება, მაგრამ შენს გარეშე გამარჯვების მინიმალური შანსები გვაქვს...აქ, სალემში უბედურება დატრიალდება, ადამიანები დაიღუპებიან...შენთან ერთად კი, შევძლებთ ამ საქმის სწრაფად და თითქმის უმტკივნეულოდ დასრულებას...
- და მე სამუდამოდ დავრჩები მარკუსად, - ნაღვლიანად თქვა მარკმა.
- ასეა, - დაეთანხმა ლუციუსი, - ძალიან ვწუხვარ.
- სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს, - შემპარავი ხმით თქვა კოვაქსმა, - შენი მშობლების სიცოცხლე, ახლობლების სიცოცხლე...ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ კონორი პირველ რიგში შენს მოძებნას შეეცდება, სანამ სუსტი ადამიანი ხარ და მანამდე მოგკლავს, სანამ კვლავ პირველყოფილი გახდები.
მარკმა ლუციუსს გახედა, ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდა კოვაქსს.
- ეს ასეა, - თქვა მისი მზერის საპასუხოდ ლუციუსმა, - კონორს ძალიან კარგად იცნობს, ის ვამპირებზე მონადირეა.
მარკმა ირგვლივ მიმოიხედა, ამ საღამოს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, ის გარდაუვალი არჩევნის წინაშე დააყენეს, ან მის სხეულში მარკ კრამერს უნდა ეცოცხლა და მისი ახლობლები შეეწირებოდნენ მაქციების და ვამპირების ომს, ან მის სხეულში უძლიერესი პირველყოფილი ვამპირი უნდა გაეღვიძებინათ და მისი საყვარელი ადამიანები გადარჩებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ის სამუდამოდ დაღუპული იქნებოდა ახლობლებისთვის, აღარ იარსებებდა მარკ კრამერი, მარკი ინტუიციით გრძნობდა, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა და შეძრწუნებული იყო, მაგრამ მზად იყო, საყვარელი ადამიანების დასაცავად ყველაფერზე წასულიყო...
- შენი წასვლის დროა, - გამოარკვია ლუციუსმა და ხელში სავიზიტო ბარათი ჩაუდო, - ეს ჩემი ტელეფონის ნომერია, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო, მაქსიმუმ ერთ კვირაში პასუხი უნდა ვიცოდე.
მარკმა უხმოდ დაუქნია თავი, შებრუნდა და ნელა ჩაჯდა მანქანაში და დაძრა. პირველყოფილებმა მდუმარე მზერით გააცილეს.
მარკის წასვლის შემდეგ ლუციუსი ლოდზე ჩამოჯდა.
- ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ლუციუს, - მხარზე დაადო ხელი კოვაქსმა, - საქმე უბრალოდ ომს კი არა, ჩვენს არსებობას ეხება, ამის გულისთვის კი ნებისმიერ საშინელებაზე ვარ წამსვლელი.
- ვიცი, - ტბისთვის თვალის მოუშორებლად უპასუხა ლუციუსმა, - მიხარია, რომ ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარდა, კოვაქს..
კოვაქსმა ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო, ერთი ღერი ლუციუსს გაუწოდა, მეორეს კი თვითონ მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა...



თავი 20



ჯესიკას, მიუხედავად იმისა, რომ მამის სახლში იყო და წესით საფრთხისგან დაცულად უნდა ეგრძნო თავი, მთლად ასეც არ იყო. ბოგდანმა ყველაფერი უცებ მოაგვარა, კოლეჯში ლექტორებს შეხვდა და აუხსნა, რომ გოგონა პირველად იწყებდა ცხოვრებას ასეთ პატარა ქალაქში და სთხოვა მაქსიმალურად შეეწყოთ მისთვის ხელი. მან საცხოვრებლად გოგონას თავისი ხის სახლის მეორე სართულზე, მშვენივრად მოწყობილი პატარა და კოხტა ოთახი გამოუყო, ოთახის ფანჯრები ტყის კორომს გადაჰყურებდა და შესანიშნავი ხედი იშლებოდა წელიწადის ნებისმიერ დროს. გოგონას რომ არ მოეწყინა, ბოგდანის დავალებით, მისმა მაქციებმა სასწრაფოდ გამართეს ტელევიზორი და პერსონალური კომპიუტერი, რაც ბოგდანის აზრით, დღევანდელი მოზარდისთვის განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.
ბოგდანს არაფერი უთქვამს ჯესიკასთვის სალემში მიმდინარე მოვლენებზე, გამოუვალ მდგომარეობაში იყო, სავსე მთვარე რამდენიმე დღეში უნდა ყოფილიყო, აქედან გამომდინარე, დასაწყისშივე გამორიცხა ჯესიკას დაბრუნება დედამისთან, სადაც მეთვალყურეობის და საქმეში ჩახედული პიროვნების დახმარების გარეშე გოგონა თავისდაუნებურად რაიმე საშინელებას ჩაიდენდა და სამყაროს აბსოლიტურად განსხვავებულ ვერსიას საჯაროდ ახდიდა ფარდას, ამიტომ იძულებული გახდა, ჯესიკა დაეტოვებინა და მას, როგორც ალფა მგელკაცს და ჯესიკას მამას, თავად გაეკონტროლებინა სიტუაცია. მაგრამ ადრე თუ გვიან ჯესიკასთვის რა თქმა უნდა ყველაფერს ფარდა აეხდებოდა და ისიც სალემში მიმდინარე ომში თავისდაუნებურად იქნებოდა ჩართული, ჯესიკა ბოგდანის შვილი იყო, ეს ფაქტორი კი მას ამ ომში უპირველეს სამიზნედ აქცევდა, სწორედ ამის ეშინოდა ბოგდანს, ამიტომ კლანის სამ მგელკაცს გოგონას განუწყვეტელი მეთვალყურეობა დაავალა.
გოგონა მშვენივრად შეეწყო ახალ გარემოს, ის ხომ შინაგანად მგელი იყო და მგლის გენი კი ყოველთვის ველური ბუნებისკენ მიილტვოდა. კოლეჯიც მოეწონა, ხალხმრავალ მეგაპოლისში გაზრდილი გოგონა ყველაფერს მძაფრად და მკვეთრად აღიქვამდა, ის ბუნებით თბილი და კონტაქტური ადამიანი იყო და მალევე დაამყარა ურთიერთობა კოლეჯის სხვა სტუდენტებთან, განსაკუთრებით მია ჯეკსონს დაუახლოვდა, თავიდანვე მოეწონა ჩუმი და თითქოს მელანქოლიური გოგონა, რომლის შოკოლადისფერი თვალებიდან ნაღველი გამოსჭვიოდა, არადა თვითონ მია ჯეკსონის აბსოლიტურად საპირისპირო ტიპაჟს წარმოადგენდა, მხიარული და ენაწყლიანი იყო. კოლეჯში, სტუდენტების კატეგორია დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ახალი სტუდენტის მოსვლას, ვანესამ კი-მხარდამჭერ გოგონათა გუნდის ლიდერმა საერთოდაც აითვალწუნა, ვერ იტანდა შავ "იამაჰას" მოტოციკლზე ამხედრებულ წითურ მზეთუნახავს, რომელმაც მოკლე ხანში დაიპყრო კოლეჯის სტუდენტი ბიჭების გულების უმრავლესობა. თვით ლექტორებიც კი გაოგნებულები ათვალიერებდნენ მის პატარა კორტეჟს-სამ დაკუნთულ და მრისხანე გამოხედვით მომზირალ ბიჭებს-მაქციებს, რომლებიც ჯესიკას უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად მცველებად დაუნიშნა ბოგდანმა, ლექციების დროს ისინი ფართო დერეფანში იცდიდნენ, ლექციებს შორის შესვენების დროს კი ისინი მცირე მანძილის დაშორებით წრიულად ლაგდებოდნენ დასაცავი ობიექტის გარშემო და ყოველ შემხვედრს დაძაბული მზერით ზომავდნენ. ჯესიკა-როგორც თანამედროვე, მეამბოხე სულის მოზარდი, არ ეთანხმებოდა მზრუნველი მამის გადაწყვეტილებას და თავის პირად დაცვას არათუ სრულ იგნორირებას უკეთებდა, საერთოდაც არ ამჩნევდა მათ, მაგრამ მაქციებს ეს სრულიად არ ადარდებდათ, მათ კლანის მეთაურისგან ზუსტი ინსტრუქციები ჰქონდათ მიღებული და ამ ჭირვეული გოგონას ხუშტურებზე სულაც არ აპირებდნენ სიარულს.
ეზოში ჯერ მანქანის ძრავის ღმუილი გაისმა, შემდეგ ვიღაცამ ხმაურით დახურა კარი და ჯესიკას მობილურიც აწკრიალდა.
- მოვდივარ, - ჩასძახა ტელეფონს, მაისურზე ჯინსის ქურთუკი შემოიცვა და კიბეებზე დაეშვა.
პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში მდგარ მაგიდას ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი შემოჯდომოდა, ფართო მაგიდაზე უწესრიგოდ ეყარა სიგარეტის კოლოფები, ლუდის ქილები და ბანქოს ქაღალდი.
ჯესიკას დანახვისთანავე, კასტორმა-მაქციათა კლანის ბეტა მგელკაცმა ფარულად ჩაიღიმა და წამოდგა.
- მის ო'ნილ, საით გაგიწევიათ?
ჯესიკა შეჩერდა, კასტორს ბრაზით გადახედა და ბავშვივით გამობუშტა ტუჩები.
- სადაც ვინებებ წასვლას, - გაურკვეველი პასუხი გასცა, - კასტორ, ხომ არ შეგახსენო, ვინ ვარ? იმედია არ დაგვიწყებია.
კასტორმა მოხდენილად ჩაიცინა.
- არ დამვიწყებია, ამიტომაც გეკითხებით, მის ო'ნილ.
ჯესიკა ბრაზისგან აილეწა და რაღაც მწარე სიტყვების თქმა დააპირა, მაგრამ გაახსენდა, რომ მაქციები მამამისის განუზომელ ავტორიტეტს ემორჩილებოდნენ, ამიტომ კასტორის გამოლანძღვა გადაიფიქრა და კუშტი სახე მიიღო.
- მე და ჩემი მეგობარი ტბის პირას ვაპირებთ გასეირნებას, - მიუგო მკვახედ, - იმედია შენ და ეს ბატონები წინააღმდეგი არ იქნებით.
- რა თქმა უნდა, არა, მის, როგორ გეკადრებათ, - ღიმილით ასწია ხელები მომხიბლავმა მგელკაცმა და დანარჩენ სამ მაქციას ფარულად ანიშნა რაღაც.
ჯესიკამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, ზურგსუკან ადევნებულ მაქციებს ყურადღება არ მიაქცია, ვერანდის კიბეები ჩაირბინა და მანქანაზე მიყრდნობილ შავგვრემან გოგონას ლოყაზე აკოცა.
- მია, ვწუხვარ, დღესაც ამ ვაჟბატონების მეთვალყურეობის ქვეშ მოგვიწევს ყოფნა.
- ეცადე ყველაფერს იუმორით შეხედო, - გაიღიმა მიამ, - წარმოიდგინე, რომ შენ გავლენიანი არაბი ნავთობმაგნატი ხარ და...
მიას სიტყვა ჯესიკას ხმამაღალმა სიცილმა შეაწყვეტინა, მანქანას შემოუარა და წინა სავარძელზე გამოიჭიმა, მიამაც დაიკავა საჭესთან ადგილი.
- აბა, სად მივდივართ? - გადაულაპარაკა მეგობარს, გასაღები გადაატრიალა და უკანა ხედვის სარკეში "ფორდის" პიკაპი შეათვალიერა, რომელშიც უკვე დაეკავებინათ ადგილი ჯესიკას პირად მცველებს.
- ტბასთან, - თქვა ჯესიკამ, - კეიმ მითხრა, რომ თვითონ და მარკი იქ დაგვხვდებიან, მარკს უთქვია, მია თავად მიხვდება, სადაც უნდა მოხვიდეთო, - ჯესიკამ ეშმაკურად გადახედა.
მიას მარკის ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდა, გული აუჩქარდა და სხეულში ცეცხლმა დაუარა, ყოველთვის ასე ემართებოდა, როდესაც მარკს ელაპარაკებოდა, ჰკოცნიდა, ეხებოდა ან თუნდაც ვინმე ახსენებდა მას, უცნაურად იყო მიჯაჭვული მასზე და ხვდებოდა, რომ ეს უბრალო თინეიჯერული გატაცება კი არ იყო, არამედ ნამდვილი, ყოვლისმომცველი სიყვარული.
- ცუდად ექცევი მათ, - თქვა მიამ, როდესაც მანქანა დასძრა და "ფორდი" კუდში აედევნათ, - მათ მხოლოდ შენი დაცვა უნდათ.
- ვიცი, - ამოიოხრა ჯესიკამ, - ისინი მამაჩემის ბრძანებას ასრულებენ.
- მაინც ვერ ვხვდები, რა საჭიროა ასეთ მშვიდ პატარა ქალაქში პირადი დაცვით სიარული, - თავი გააქნია მიამ.
- არ ვიცი, ეს მამაჩემს უნდა ჰკითხო, - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ჯესიკამ, ბოგდანისგან უმკაცრესად იყო გაფრთხილებული, მეგობრებთან მაქსიმალურად შეეკავებინა თავი ზებუნებრივ მოვლენებზე და არსებებზე საუბრისგან, ამიტომ ჯესიკას მთელი სამეგობრო მას იცნობდა, როგორც ფულიანი მამიკოს გოგოს, რომელსაც ხელის გულზე დაატარებენ და პირადი დაცვის გარეშე მამამისი გარეთ არ უშვებს.
- მისტერ ო'ნილთან გასაუბრებას არ ვაპირებ, - სიცილით თქვა მიამ, - შენს და კეის შორის რა ხდება? არ მინდა ისე ჩათვალო, თითქოს გითვალთვალებთ, მაგრამ თქვენს შორის რომ რაღაც ხდება ამას ჩემს გარდა სხვებიც ამჩნევენ.
ჯესიკამ მხიარულად გადაიკისკისა.
- ის ისეთი საყვარელი და ისეთი მორცხვია, - თქვა მან, - არ ვიცი, ვერ გავრკვეულვარ, შეიძლება მომწონს, შეიძლება-არა, ძალიან მხიარული და დადებითი ადამიანია, მომწონს მასთან ყოფნა.
- მე და მარკსაც მოგვწონს ერთმანეთთან ყოფნა, - ორაზროვნად თქვა მიამ და გოგონებს კვლავ სიცილი აუტყდათ.
ამ დროს კი მათ პატარა კოლონას მოასფალტებულ გზაზე გასვლისას კიდევ ერთი მანქანა შემოუერთდათ, ეს იყო შავი ფერის "პონტიაკი", მუქად ტონირებული შუშებით. მანქანა ორმოცდაათიოდე იარდის დისტანციით მიჰყვებოდა მაქციების "ფორდს", რაც მგელკაცთა დაკვირვებულ მზერას არ გამოჰპარვია.
ერთი საათის შემდეგ მიას მანქანამ და მაქციების "ფორდმა" მთავარი გზიდან გადაუხვია და გრუნტიან გზას შეჰყვა ტყეში, "პონტიაკმა" კი ოდნავ შეანელა, მანქანაში მჯდომმა დაკვირვებით შეათვალიერა ტყეში შესასვლელი გზა, შემდეგ სისწრაფეს მოუმატა და მოსახვევში გაუჩინარდა.
- რას ფიქრობთ? - თქვა ერთ-ერთმა მაქციამ, - აშკარაა, რომ ჩვენ აგვედევნა, მაგრამ ტყეში შემოყოლა გადაიფიქრა.
- არ ვიცი რა ვიფიქრო, - თქვა მეორემ, - ვამპირებისთვის ჯერ ომი არ გამოგვიცხადებია, რატომ უნდა გვითვალთვალებდნენ ისინი?
- იქნებ ბოგდანის და იმ პირველყოფილის შეთანხმებას შეესწრნენ? - ივარაუდა მესამემ, - ამ შემთხვევაში საქმე რთულდება, ისინი დიდი ალბათობით ვერ გაბედავდნენ ალფაზე და პირველყოფილზე თავდასხმას, მაგრამ რატომაც არ დაესხმებოდნენ თავს სამ მაქციას? თან თუ ჩვენ რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოვჩნდებოდით?
- მართალი ხარ, - კეფა მოიქექა საჭესთან მჯდომმა მგელკაცმა, - მაგრამ თუ იმ მანქანაში ისინი იყვნენ, რატომ არ დაგვესხნენ თავს?
- ლოგიკაში არ ჯდება, - თქვეს დანარჩენებმა, - ყურადღება გვმართებს, მის ო'ნილს ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს იმ მშვენიერი თავიდან, ბოგდანი არ გვაცოცხლებს.



*****


ლუციუსი ქალაქგარეთ, "სტივის ბარში" განმარტოებულ მაგიდასთან იჯდა, წინ ჭიქით წყალი და საფერფლე ედგა, საფერფლეში არსებული ნამწვების რაოდენობა ცხადყოფდა, რომ აქ შეხვედრაზე მოსულიყო, ამას მოწმობდა მისი მზერაც, რომელსაც დრო და დრო მოუთმენლად სტყორცნიდა ხოლმე შემოსასვლელ კარს.
- შეცვლილხარ, - წარმოთქვა ქალის ხმამ მის ზურგსუკან.
- როგორც ყოველთვის, ეფექტურად გამოჩნდი, რებეკა, - ჩაიცინა ლუციუსმა უკანმიუხედავად და ხელის აწევით მიმტანი მიიხმო.
რებეკამ მაგიდას შემოუარა და მის პირისპირ ჩამოჯდა, ეს იყო საკმაოდ ლამაზი შუახნის ქალი, ასაკით ალბათ ორმოცი-ორმოცდახუთი წლის იქნებოდა, მუქი შოკოლადისფერი თვალები და ასეთივე ფერის თმა ჰქონდა, რომელიც მხრებზე დაუდევრად დაჰყროდა, მსხვილი ტუჩები და თეთრი კბილები ჰქონდა, თითზე კი კარგად ნაცნობი გვირგვინოსანი ბეჭედი იწონებდა თავს.
ლუციუსმა უცებ საოცარი მსგავსება აღმოაჩინა რებეკას გარეგნობაში, მაგრამ ამაზე ბევრი არ უფიქრია, წამოდგა, ქალის ხელი მარჯვენა ხელით აიღო, ოდნავ მოიხარა წელში და მსუბუქად ეამბორა.
- ძალიან მიხარია შენი ხილვა, რებეკა, - გაუღიმა ქალს.
ქალმა ოდნავ დაუქნია თავი.
- შენი მანერები კვლავ შეუდარებლად არისტოკრატულია, ლუციუს, - თქვა მან, - პირველყოფილებიდან შენ ხარ ერთადერთი, ვისთანაც საქმიან ურთიერთობას ვისურვებდი.
ამ დროს მიმტანმაც მოირბინა მათ მაგიდასთან, პატარა ჭიქაში ერთი ცალი წითელი ვარდი ჩადო, რამაც რებეკას ღიმილი გამოიწვია.
- რას ინებებთ, სერ?
- არჩევანი ქალბატონისთვის დამითმია, - გაიღიმა ლუციუსმა.
რებეკამ ჩაიცინა, მენიუს თითი გააყოლა.
- მმმ...სტეიკი, მექსიკური ჩილით და ლიმონით, თუ შეიძლება.
მიმტანმა პატარა წიგნაკში ჩაიწერა, შემდეგ ლუციუსს გადახედა.
- ჩემთვის სისხლიანი ბიფშტექსი, - ღიმილით გაუყარა თვალი-თვალში რებეკას, - და რა თქმა უნდა, თეთრი, მშრალი ღვინო, ყველაზე ძველი, რაც კი სარდაფში მოგეპოვებათ.
- გასაგებია, სერ, - მიმტანმა თავი დაუკრა და გაშორდა მათ მაგიდას.
- ლუციუს, - მიმართა ქალმა, - იმედია, ეს შეხვედრა მხოლოდ ჩემს გასამასპინძლებლად არ მოგიწყვია.
- არა, რა თქმა უნდა, - მიუგო ქერა ვამპირმა და სიგარეტს მოუკიდა, - სიტუაცია უაღრესად დაძაბულია, ბიჭი გაურკვევლობაშია, ჩემს მიერ მიცემულ მოსაფიქრებელ დროს ორ დღეში გასდის ვადა, მანამდე კი მინდოდა მე და შენ დეტალები დაგვეზუსტებინა.
მიმტანმა შეკვეთა მოიტანა, თავი დაუკრა და წავიდა.
ლუციუსმა ღვინის ბოთლი გახსნა, მაღალ სირჩებში თანაბრად ჩამოასხა და ქალს მიაწოდა.
- მადლობა, - გაუღიმა ქალმა.
ლუციუსმა უხმოდ დაუქნია თავი.
- რომელ დეტალებზე გინდა საუბარი? - ჰკითხა რებეკამ.
- მინდა რაღაც-რაღაცეები დავაზუსტო, - უპასუხა ლუციუსმა, - შენ მე მიცნობ და იცი, რომ ყოველგვარი იძულების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ როდესაც საქმე ჩვენს არსებობას ეხება...
- თქვენს არსებობას, - ღიმილით შეაწყვეტინა ქალმა.
- დიახ, პრიმუმთა არსებობას, - შეასწორა ლუციუსმა, - როცა საქმე პრიმუმთა არსებობას ეხება, მცირე ძალადობის წინააღმდეგი არ ვიქნები, ეს ბუნებრივია.
- გასაგებია, - თქვა რებეკამ, - შეგიძლია ბიჭს თქვენთვის მისაღები გადაწყვეტილება შთააგონო, მაგრამ ერთი სირთულე არსებობს.
- რაზე ლაპარაკობ?
- ლუციუს, მასში მარკუსის სულია, მართალია მას სძინავს, მაგრამ ის მაინც ცოცხალია, როგორ ფიქრობ, პირველყოფილს შეუძლია რამე შთააგონოს მეორე პირველყოფილს? - ის ნიშნისმოგებით გადაწვა სავარძელზე და სიამოვნებით მოსვა ღვინის პირველი ყლუპი.
- ამაზე არ მიფიქრია, - უკმაყოფილოდ თქვა ლუციუსმა, - შენ რას მთავაზობ?
ქალი წინ გადმოიხარა და ლუციუსს თვალებში ჩააჩერდა.
- ამ ომში მე მხოლოდ შენს ბედზე ვღელავ, ლუციუს, - თქვა მან, - შენ ერთადერთი ხარ ამ დაწყევლილ სამეფო ოჯახში, ვისაც მცირედი ადამიანური გრძნობები გაგაჩნია, ამიტომ დაგთახმდი დახმარებაზე, არც მარკუსის, არც კოვაქსის, არც გაბრიელის და არც რომელიმე პირველყოფილის ბედი არ მანაღვლებს, ჩვენ ორივემ ვიცით, რითიც დასრულდება ეს ომი, თუ მარკუსი არ გაიღვიძებს, მაგრამ მინდა ამას მეორე მხრიდანაც შეხედო, გიღირს მარკუსის გაღვიძება, ნუ დაგავიწყდება მისი შესაძლებლობები, არ მინდა დაგავიწყდეს, რომ მარკუსთან შედარებით შენ და კოვაქსი მხოლოდ სკოლის ბავშვები ხართ და მეტი არაფერი.
- ამიტომაც მოგიწვიე აქ, - მიუგო ლუციუსმა, - ზუსტად უნდა ვიცოდე, რა იქნება ის გამოღვიძების შემდეგ.
ქალი ჩაფიქრდა.
- ზუსტად ვერაფერს გეტყვი, - თქვა შემდეგ, - არასდროს მქონია ასეთი შემთხვევა, პირველყოფილი არასდროს გამიღვიძებია, თან სხვის სხეულში, მაგრამ რაღაც-რაღაცეები შემიძლია ვივარაუდო.
- კერძოდ? - მოუთმენლად შეეკითხა ლუციუსი.
რებეკამ თვალები დახუჭა, თითები ერთმანეთს გადააჭდო და დადუმდა, ლუციუსი მიხვდა, რომ ქალი კონცენტრირებას ცდილობდა, ამიტომ მოთმინებით ელოდა, ამასობაში სიგარეტი ფილტრამდე ჩაიყვანა და მეორეს მოუკიდა.
რებეკამ ნელა გაახილა თვალები.
- მისი გაღვიძება სავსე მთვარის მეორე ღამეს, ზუსტად ღამის თორმეტ საათზე უნდა მოხდეს, მე მის გულს გავაჩერებ რამდენიმე წუთით და ამით მას ტრანსში გადავიყვან, ანუ მის კლინიკურ სიკვდილს გამოვიწვევ, დამჭირდება შენი და კოვაქსის სისხლი, "ვერცხლის ფიჭვის" ნაცარი და დანა...რიტუალის შემდეგ ბიჭი გაიღვიძებს, მაგრამ ის უკვე პირველყოფილი მარკუსი იქნება, მთელი თავისი შესაძლებლობებით.
ლუციუსმა ჩაახველა და ჟღალი წვერი მოიწიწკნა, ერთხანს ჩაფიქრებული გაჰყურებდა ფანჯარაში ტყის ზოლს.
- გაღვიძების შემდეგ მის ემოციურ მდგომარეობაზე რას მეტყვი?
- არ ვიცი მარკუსში რამდენად დარჩება მარკის ემოციები და ცნობიერება, როგორც აღვნიშნე, პირველყოფილის სხვა სხეულში გაღვიძების რიტუალი არასდროს ჩამიტარებია, ეს წინაპრებიდან ვიცი და ისიც ვიცი, რომ უკიდურესად სახიფათო რიტუალია, დიდი შანსია, რიტუალის დროს ბიჭი დაიღუპოს და მასთან ერთად მარკუსის სულიც.
- არის იმის შესაძლებლობა, რომ გამოღვიძების შემდეგ ის სრულიად ახალი მარკუსი იყოს, ვგულისხმობ მის ცნობიერებას, მეხსიერებას, ანუ...
- ანუ შესაძლებელია თუ არა, რომ მარკუსში ერთდროულად იყოს მარკუსის მეხსიერება და ამასთანავე მარკის ცნობიერების რაღაც ნაწილიც შენარჩუნდეს? - მიხვდა ქალი.
- დიახ, ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, - თავი დაუქნია ლუციუსმა.
- არ ვიცი, არ მგონია, - თავი გააქნია რებეკამ.
- უნდა გავრისკოთ, - თქვა ლუციუსმა, - რადაც არ უნდა იქცეს მარკუსი გამოღვიძების შემდეგ, ეს ამად ღირს.
- მე გაგაფრთხილე, - მიუგო ქალმა, - ნუ გექნება იმის მოლოდინი, რომ ისევ ძველ მარკუსს იხილავ.
- გასაგებია, - თქვა ლუციუსმა, - რიტუალის დროს ვისი დასწრებაა არასასურველი?
- რიტუალს მხოლოდ მე, შენ და კოვაქსი დავესწრებით, გაითვალისწინე, გაღვიძებისას ის ძალიან, ძალიან მშიერი და ემოციურად დატვირთული იქნება, აქედან გამომდინარე-ძალიან საშიში, კოვაქსი არ მადარდებს და გამიხარდება კიდეც, გაღვიძებისას პირველი კოვაქსი თუ მოხვდება ხელში, მაგრამ შენზე კი ნამდვილად ვღელავ, - რებეკამ თბილად გაუღიმა ლუციუსს.
ლუციუსს პასუხი არ გაუცია, ერთი მოყუდებით დაცალა სირჩა და ხელმეორედ შეივსო, სხარტ გონებაში წონიდა ყველაფერს და ხვდებოდა, რომ პრიმუმთა კლანის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში უძლიერესი პირველყოფილის გაღვიძებას მართლაც არ მოჰყვებოდა სასურველი შედეგები, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ჰაიკო

ჩემო მკითხველებო, ეს არის "წყურვილის" პირველი ნაწილის სრული ვერსია. ვფიქრობ ასე უფრო მოსახერხებელია წაკითხვა.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№2  offline წევრი nathali lifhonava

ჰაიკო
ჩემო მკითხველებო, ეს არის "წყურვილის" პირველი ნაწილის სრული ვერსია. ვფიქრობ ასე უფრო მოსახერხებელია წაკითხვა.

საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის<3
ეხლაღა გნახე და დამაინტერესე
წარმატებები
ძაან კაიაა<33
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№3  offline წევრი ჰაიკო

nathali lifhonava
ჰაიკო
ჩემო მკითხველებო, ეს არის "წყურვილის" პირველი ნაწილის სრული ვერსია. ვფიქრობ ასე უფრო მოსახერხებელია წაკითხვა.

საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის<3
ეხლაღა გნახე და დამაინტერესე
წარმატებები
ძაან კაიაა<33

დიდი მადლობა:) მიხარია რომ დაიწყე კითხვა.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№4 სტუმარი qeti

yvelazee magari istoria, mwerlis usazgvro fantaziit. super

 



№5  offline წევრი ჰაიკო

qeti
yvelazee magari istoria, mwerlis usazgvro fantaziit. super

მადლობა:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№6  offline წევრი უცნაური მე

ძალიან კარგია. არ გავს საიტზე განთავსებულ ბანალურ ისტორიებს. მეორე ნაწილიც სრულად რომ იდოს უფრო მოსახერხებელი იქნებოდა წაკითხვა.

 



№7  offline წევრი ჰაიკო

უცნაური მე
ძალიან კარგია. არ გავს საიტზე განთავსებულ ბანალურ ისტორიებს. მეორე ნაწილიც სრულად რომ იდოს უფრო მოსახერხებელი იქნებოდა წაკითხვა.

მალე დავდებ მეორე ნაწილს სრულად. მადლობა კომენტარისთვის :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№8  offline წევრი ჰაიკო

გმადლობ მაკაკო, თუ მაცაცო :) მიხარია რომ კითხულობ.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent