შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლში მოცეკვავე (თავი 5,6,7)


26-06-2018, 23:29
ნანახია 366

სისხლში მოცეკვავე (თავი 5,6,7)

თავი 5
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში ლიზა მეტრეველის გახმაურებული მკვლელობის გამოძიებაზე კაპიტანი რიჩარდ ფერგესი და დეტექტივები კრისტოფერ გრეი, დებორა გარეტი, მარკ ბელინსკი და რებეკა ფულერი მუშაობდნენ.
-მეგობრებო, მოდი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია შევაჯეროთ. -დაიწყო კაპიტანმა. -ლიზა მეტრეველის სხეულის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ იგი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდეგ მუცლის აორტაში დანით მიაყენეს ღრმა ჭრილობები. მსხვერპლს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, ამას ადასტურებს გლუვი და თანაბარი ჭრილობები, იმ დროს, იგი უკვე პარალიზებული იყო. ზურგზე აღენიშნება წერტილოვანი დამწვრობა-ელექტროშოკის კვალი. მუცლის ღრუში მიყენებული ჭრილობები იმდენად ღრმა და სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა, მსხვერპლის სწრაფი სიკვდილი გამოიწვია. სამედიცინო დასკვნაში ასევე წერია, რომ გარდაცვლილი სამი კვირის ორსული იყო. რაც შეეხება მოწმეებს, ჯერ-ჯერობით მეუღლის გარდა, არავინ გვყავს. მეზობლებს, დაცვის თანამშრომლებს და სავაჭრო პუნქტებში მომუშავეებს უცნაური არაფერი შეუნიშნავთ.
-ყველა გარეთ არსებული პერიმეტრი კარგად დავათვალიერეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი აღმოვაჩინეთ. -დანანებით გაიქნია თავი დეტექტივმა გრეიმ.
-ექსპერტებმა ადგილზე მხოლოდ ფეხსაცმლის ლანჩის ნაკვალევი ნახეს, რომელიც დაახლოებით ორმოცდაორი ზომაა. არ გვაქვს თითის ანაბეჭდებიც, ჯერ-ჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერია. ერთი შეხედვით, ყველაფერი ძარცვას ჰგავს, მაგრამ როგორც ლიზას მეუღლე ამბობს, ბევრი ძვირფასი ნივთი ხელუხლებელია, წაღებულია მხოლოდ რამდენიმე სამკაული. ასე, რომ დამნაშავე არა ძარცვისთვის, არამედ მსხვერპლის მოსაკლავად შევიდა ბინაში. სამკაულების აღება, მისი მხრიდან უბრალოდ გათამაშებული სცენარია, რომ კვალი აგვიბნიოს.-გააგრძელა კაპიტანმა.
-საინტერესოა, როგორ შეაღწია მკვლელმა კორპუსში? შენობას ორი შესასვლელი აქვს, მთავარი და უკანა შესასვლელები. ორივეგან დაცვა ზის და კამერებია დამონტაჟებული. ვიდეო ჩანაწერები უნდა ამოვიღოთ და დეტალურად შევისწავლოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ გარდაცვლილის მეუღლის ჩვენება, სადაც აცხადებს, რომ ლიზას ხშირად ჰქონდა კომფლიქტური სიტუაციები ბალეტის დასის ერთ-ერთ წევრთან, ვინმე ამანდასთან.- საუბარში ჩაერთო დეტექტივი ფულერი.
-ფულერ და ბელინსკი, კორპუსის დაცვის თანამშრომლებს თქვენ გაესაუბრებით და ვიდეო მასალებს შეისწავლით, ხოლო გრეი და გარეტი ამანდას და გარდაცვლილის დანარჩენ თანამშრომლებს დაკითხავენ. სასწრაფოდ უნდა გავესაუბროთ ოჯახის დანარჩენ წევრებსაც.
-გასაგებია.- მიუგო დებორამ.
-მოკლედ, წინ დიდი სამუშაო გველის. -კრისტოფერმა მეწყვილეს გადახედა.
-ყველაფერს ის ართულებს, რომ ამჟამინდელი მონაცემებით დამნაშავის ფეხსაცმლის ლანჩის ზომის გარდა, არაფერი ვიცით.-აღნიშნა ბელინსკიმ.
-გეთანხმები მარკ, როგორც ჩანს, დამნაშავე საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ არ არსებობს იდეალურად დაგეგმილი მკვლელობა და ეს ყველამ კარგად ვიცით. -გაუღიმა რებეკამ.
-მართალია.
-მოკლედ, დავალებებს უნდა მივხედოთ, დრო არ ითმენს მეგობრებო- თქვა კაპიტანმა და ტექნიკურ განყოფილებაში გადარეკა, რომ გაეგო, რამე საინტერესოსთვის ხომ არ მიეგნოთ ლიზას კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში.

თავი 6
კაპიტანის მიერ მიცემული დირექტივების მიხედვით ფულერი და ბელინსკი ჩემბერის ქუჩაზე კორპუსის დაცვის თანამშრომლებთან ერთად ვიდეო ჩანაწერებს ეცნობოდნენ:
-სტივენ გონზალეზ, ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ ცხრა დეკემბერს, ვიდრე მუშები მასალებს ეზიდებოდნენ 07:45 სთ-ზე ტელეფონზე საუბრობთ... –დაიწყო ფულერმა.
-ერთ-ერთი ბინის მეპატრონეს ვესაუბრებოდი. გამაფრთხილა, რომ იმ დღეს ავეჯის გადამზიდი ფირმიდან მოვიდოდნენ და ტახტს და სავარძლებს წაიღებდნენ.
-გასაგებია. -ეჭვიანი თვალებით შეხედა გამომძიებელმა და საუბარი განაგრძო: -მუშებმა სამშენებლო მასალები ლიფტით ზედა სართულზე აზიდეს, ამის შემდეგ დაახლოებით ათი წუთით უკანა გასასვლელში სამუშაო ადგილი მიატოვეთ და სადღაც წახვედით. სად იყავით?
-მუშებმა ბურღი ჩართეს, რისი გამოყენებაც ამ შენობაში აკრძალულია, სადაც მუშაობდნენ, მე-3 სართულზე ავედი და გამოვართვევინე. წესები გავაცანი, რომ მეორედ იგივე შემთხვევა აღარ განმეორებულიყო და უკან დავბრუნდი.
-შემდეგ ისევ ტელეფონზე საუბრობთ...
-კომპანიაში დავრეკე და მათ უფროსს სამუშაო წესები შევახსენე, მან მანამდეც იცოდა წესების შესახებ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ჰყავდა გაფრთხილებული მუშები.
-ცხრა დეკემბერს, რამდენი მუშა მუშაობდა კორპუსში?
-ზუსტად არ მახსოვს, ერთი წუთით, შეიძლება სამუშაო რვეულში მეწეროს. -მამაკაცმა სამუშაო მაგიდაზე გადაშლილ რვეულს ჩახედა და ცხრა დეკემბრის აღრიცხვას დაუწყო კირკიტი, მაგრამ მათთვის ვერაფერი იპოვა, თავი გააქნია და გამომძიებლებს მიუბრუნდა:
-სამწუხაროდ, მუშების რაოდენობის შესახებ არ მომინიშნავს, მხოლოდ სამშენებლო კომპანიის სახელი და ტელეფონი მიწერია. ყოველ დღე ერთ-ერთი მათგანი შემოსვლისას პირადობის დამადასტურებელ ბარათს მიტოვებს და გასვლისას უკან ვუბრუნებ. დღესაც ასე მოვიქეცი, ბარათი დავატოვებინე და აქ მაქვს, თუ გნებავთ, შემიძლია გაჩვენოთ კიდეც.
დეტექტივებმა ID ბარათს დახედეს, მასზე გამოსახული პიროვნების სახელი და გვარი ჩაიწერეს და კითხვები გააგრძელეს:
-რა ჰქვია კომპანიას?
-“Walter’s Construction”. -ანერვიულებული ტონით მიუგო მამაკაცმა.
-ტელეფონის ნომერი მომეცი.
-ახლავე -აღელვებულმა გონზალეზმა უცებ დაწერა პატარა ფურცელზე ტელეფონის ნომერი და პოლიციელებს გაუწოდა.
-მუშები დღესაც აქ არიან და მუშაობენ არა?
-დიახ.
-უნდა გავესაუბროთ. -სერიოზული სახით შეხედა ბელინსკიმ.
-აქეთ წამობრძანდით. -გონზალეზმა დეტექტივები ადგილამდე მიაცილა და სამუშაოს დაუბრუნდა.
პოლიციელებთან საუბრისას მუშებმა დაადასტურეს, რომ მუშაობის დაწყებიდან ძალიან მალე, გონზალეზი ოფისში მართლაც ავიდა და ბურღის გამოყენება აუკრძალა. გაიხსენეს, რომ იმ დღეს, მხოლოდ ხუთი მათგანი მუშაობდა. მათთან საუბრისას, გამომძიებლებმა საეჭვო ვერაფერი მოისმინეს და მალე დაემშვიდობნენ.

***
-მარკ, არ მოგეჩვენა, რომ გონზალეზი უცნაურად ნერვიულობდა? -ჰკითხა კორპუსიდან გამოსულმა ფულერმა მეწყვილეს.
-რატომ?
-მგონია, რომ რაღაც იცის და არ ამბობს.
-რასთან დაკავშირებით? მოდი რა, შენ მანქანაში ჩაჯექი და საუბარი ცოტა ხანში გავაგრძელოთ, “Subway”-ში სენდვიჩებს და ყავას ვიყიდი და მალე დავბრუნდები, თორემ ისე მშია, ახლა ნამდვილ მკვლელსაც რომ ვუყურებდე, ხელიდან დამისხლტებოდა. -გაეცინა ბელინსკის.
-კარგი, იყიდე. -გაეცინა რებეკასაც და მანქანაში ჩასაჯდომად კარი გააღო.
-რა წამოგიღო?
-სტეიკის და ყველის სენდვიჩი და საშუალო ზომის ჭიქით ლიმონათიც გამოიყოლე.
-ოჰო, შენც კარგად მოგშიებია, მადას არ უჩივი.
-თუ მეპატიჟები, შეკვეთაც მიიღე. -თვალი ჩაუკრა და მეწყვილეს გაუცინა.
-მოიცადე ერთი წუთით, არ გადმოხვალ?
-ნწ, მანქანაში დაგელოდები. -თავი გააქნია რებეკამ.
-კარგი ჰო, როგორც გინდა. -მიაძახა მამაკაცმა და “Subway”-ს გზას ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა.
ცოტა ხანში, მარკი სენდვიჩებით და სასმელით დაბრუნდა. შიმშილი რომ დაიკმაყოფილეს, რებეკას გადახედა და ჰკითხა:
-აბა, რას მეუბნებოდი, რაზე მაქვს ეჭვიო?
-გონზალეზზე. მარკ, რატომღაც მგონია, რომ მკვლელი მან შემოუშვა ან სხვა რაღაცაშია საქმე. კარგად უნდა გადავამოწმოთ ყველაფერი.
-კი, ეს ვიდეო ჩანაწერები კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ.

***
მარკი და რებეკა პოლიციის დეპარტამენში მისვლისთანავე ჩანაწერების გაშიფვრას დაუბრუნდნენ და მათთვის საინტერესო დეტალებს ცალკე რვეულში ინიშნავდნენ. ვიდეო კადრების ხელმეორედ შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ლიზა დაახლოებით 07:35 საათისთვის სახლში დაბრუნდა. იმ დროს, სადარბაზოს უკანა შესასვლელიდან მუშები სამშენებლო მასალებს ეზიდებოდნენ. როდესაც ყველაფერი აზიდეს, 08:00 სთ-ზე უკანა შესასვლელში მოძრაობა შეწყდა და რამდენიმე წუთში დაცვის თანამშრომელი გაუჩინარდა.
-გონზალეზი ზევით ადის, რომ მუშებს ბურღი გამოართვევინოს, საინტერესოა, სად არის ამ დროს მკვლელი? -ჩაილაპარაკა დეტექტივმა ბელინსკიმ და დაკვირვებული თვალებით კომპიუტერის ეკრანს მიშტერებოდა.
- არა და ეს ის დროა მარკ, როცა ლიზა მოკლეს. შეხედე, 08:08 სთ-ზე დაცვის თანამშრომელი ადგილს სტოვებს, 08:20 სთ-ზე უკან ბრუნდება და მშვიდად აგრძელებს მუ-შა-ო-ბაას. -ბოლო სიტყვა პირზე შეეყინა რებეკას და წამში სახე შეეცვალა. -ერთი წუთით, უკან გადაახვიე. -სწრაფად გააგრძელა სიტყვა დეტექტივმა.
-რომელი მომენტი გაინტერესებს? -ინტერესით შეხედა მარკმა.
-შეხედე ერთ-ერთ მუშას, ვიდრე გონზალეზი ადგილზე არ იმყოფება და მას ამ დროს სხვა თანამშრომელი ცვლის, ლიფტიდან 08:17 სთ-ზე ლიფტიდან გამოდის და სადარბაზოს სტოვებს.
-მუშა რა შუაშია?- გონება დაძაბა მარკმა.
-გარეთა კამერის ჩანაწერებს დააკვირდი, ეს პიროვნება ქუჩაში გადის, კორპუსის კუთხესთან ადის და იქიდან იკარგება.
-მოდი გადავამოწმოთ უკან დაბრუნდა თუ არა. -სახე დაეძაბა ბელინსკის.
-რაღაც არ მგონია, მაგრამ გადაამოწმე. -უთხრა რებეკამ და მაგიდაზე კმაყოფილებით თითები აათამაშა.
-მართალი ხარ, აღარ ბრუნდება. -ჩაფიქრებულმა გახედა მეწყვილეს.
-ამ პიროვნებამ სადარბაზოში როგორ შეაღწია? წინა წუთების ჩანაწერები მაჩვენე, მარკ.
მარკმა 07:20 საათიდან დააბრუნა ვიდეო კადრები და ახლა, ორივე კიდევ უფრო დიდი დაკვირვებით ადევნებდნენ თვალს ეკრანზე გამოჩენილ გამოსახულებებს.
-ესეიგი, მუშები დაახლოებით 07:30 სთ-ზე მივიდნენ ადგილზე, მათგან ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელს პირადობის დამადასტურებელი ბარათი დაუტოვა და მერე მანქანიდან სამშენებლო მასალის გადაზიდვა დაიწყეს. თავიდან ხუთნი არიან, მაგრამ მეექვსე ასე საეჭვოდ რატომ ჩნდება? შეხედე, ქუჩის კუთხიდან ჩამოდის და სადარბაზოს უკანა შესასვლელიდან მუშების ნაკადს ერევა. ხუთი მუშაობს, ეს ახლადმოსული მუშა მათ არც კი უყურებს და კიბეებისკენ მიდის. მუშებმა გვითხრეს, რომ იმ დღეს მხოლოდ ხუთი მათგანი მუშაობდა. ასე არ არის?
-მართალი ხარ. -თავის დაქნევით დაუდასტურა მარკმა და მოვლენების განვითარებას მეტი დაკვირვებით დაუწყო შესწავლა. -რებეკა, ნახე რას აკეთებს დაცვის თანამშრომელი.-მამაკაცი შეეცადა, რებეკას ყურადღება გონზალეზის ქმედებებზე გადაეტანინებინა.
-ტელეფონზე საუბრობს და ვერ ამჩნევს, ან არ იმჩნევს ამ მეექვსე მუშას. -სიბრაზით თქვა დეტექტივმა.
-გადაახვიე, ვნახოთ წინა დღეებში რამე საეჭვო ხომ არაფერი ხდება.
- ისეთი არაფერი, რომ ჩვენი ყურადღება მიიპყროს. ამ მამაკაცის მსგავსი პიროვნებაც კი არსად ჩანს.
- სასწრაფოდ ჩემბერის ქუჩაზე უნდა დავბრუნდეთ, დაცვის თანამშრომლები და მუშები ხელმეორედ უნდა მოვინახულოთ. ჰო, მართლა, ამ ჩანაწერების გაცნობა გრეის და გარეტსაც უნდათ, ეს კადრები მათ დავუტოვოთ, ჩვენ კი წავიდეთ.- რებეკამ სამუშაო რვეულს ხელი დაავლო და მარკთან ერთად პოლიციის შენობა დატოვა.
ცოტა ხანში, დეტექტივები ჩემბერის ქუჩაზე მუშებს და დაცვის თანამშრომლებს ესაუბრებოდნენ. გაირკვა, რომ ვერც ერთმა იქ მომუშავემ ვიდეოზე დაფიქსირებული პიროვნება ვერ ამოიცნო. სავარაუდოდ, მკვლელი სწორედ ის მამაკაცი იყო. გონზალეზმა აღიარა, რომ შეცდომა მოუვიდა და ვერ შეამჩნია მუშის ფორმაში გადაცმული უცხო პირი, მაგრამ კატეგორიულად უარყოფდა მასთან რაიმე სახის კავშირს.

თავი 7
დეტექტივებმა გრეიმ და გარეტმა ნიუ-იორკის საბალეტო დასს მიაკითხეს. მათ წინასწარ მოიძიეს ამანდას შესახებ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ იქ მართლაც მუშაობდა ამ სახელით პიროვნება გვარად ჰანცინგერი. მარკის და რებეკას მიერ განყოფილებაში მიტანილ ვიდეო ჩანაწერებში ერთ საინტერესო დეტალს წააწყდნენ, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ლიზა მეტრეველის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ამანდა ხშირად ჩნდებოდა კორპუსის ახლომახლო ტერიტორიაზე. -გამომძიებლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მსხვერპლს უთვალთვალებდა.
საბალეტო დასის წევრებთან საუბრისას დეივიდ მილერის სიტყვები დადასტურდა -ამანდას ლიზასთან ხშირად მოსდიოდა უსიამოვნებები. როგორც თანამშრომლები ახასიათებდნენ, ამანდა პირველობის მოყვარული და ამბიციური პიროვნება იყო და ახალი ემიგრანტის წინსვლა მისი სახელის დაჩრდილვას და მუდამ მის გაღიზიანებას იწვევდა. ჰანცინგერი განყოფილებაში დაიბარეს:
-ამანდა ჰანცინგერ, სად იყავით ცხრა დეკემბერს დილის 07:50 სთ-დან 08:20 სთ-მდე?
-თქვენ რა, მკვლელობაში მდებთ ბრალს?
-ვცდილობთ, დავადგინოთ, ვინ მოკლა ლიზა მეტრეველი. -დინჯად აუხსნა კრისტოფერმა.
-სახლში ვიყავი.
-ამ ფაქტს ვინ დაგვიდასტურებს?
-ვერავინ, მარტო ვიყავი.
-ძალიან სუსტი ალიბია. -თავი გააქნია დებორამ და ამანდას მკაცრი თვალებით შეხედა. -რას აკეთებდით მარტო სახლში?
-ტელევიზორს ვუყურებდი. -თავხედი მზერით მიუგო გოგონამ გამომძიებელს.
-რომელ გადაცემას უყურებდით?
-დილის გადაცემას „Good Morning America”.
-რომელ არხზე?
-“ABC”-ზე. -არ დაიბნა ამანდა.
-ჩვენ ვიცით, რომ გარდაცვლილთან ხშირად გქონდათ კომფლიქტური სიტუაციები. -ახალი თემა წამოიწყო დეტექტივმა და პასუხის მოლოდინით ცნობისმოყვარედ ახედა გოგონას.
-მერე რა? მქონდა, ვაღიარებ. -თამამად უპასუხა ამანდამ და თვალები გაუსწორა დეტექტივებს.
-მერე ის, რომ ლიზა მეტრეველი თქვენი მეტოქე იყო, ერთადერთი მოწინავე მოცეკვავე, რომელიც თქვენ გჯობდათ და მისი თავიდან მოშორების შემდეგ სწორედ თქვენ მიიღებდით სოლო პარტიებს. ასე, რომ საკმაოდ კარგი საფუძველი გქონდათ, გზიდან ჩამოგეცილებინათ.
-ჰმ, -გოგონას ირონიულად ჩაეცინა და გააგრძელა: -ბრალს მდებთ ისე, რომ არანაირი სამხილი ხელში არ გიჭირავთ? მე არ მომიკლავს, ამას არაერთხელ გავიმეორებ.
-კარგი, გაიხსენე ყველა ის ადგილი, სადაც ლიზა მეტრეველის მკვლელობამდე, სამი დღის განმავლობაში დადიოდი.
გოგონა დაფიქრდა და რამდენიმე ხნიანი პაუზის შემდეგ დეტალურად დაიწყო ადგილების გახსენება, მაგრამ მათ შორის რატომღაც არ უხსენებია, ლიზას საცხოვრებელი კორპუსი.
კრისტოფერს ირონიულად ჩაეცინა, შემდეგ ლეპტოპი ჩართო და გოგონას მიმართა: -ამ ვიდეო ჩანაწერებზე რას გვეტყვით? ლიზა მეტრეველის კორპუსს მთელი სამი დღის განმავლობაში არ მოსცილებიხართ. - ლეპტოპზე ვიდეო კადრები ჩართო, ეკრანი მიუტრიალა და პასუხს დაელოდა.
გოგონა ცივად ადევნებდა თვალს ეკრანზე გამოჩენილ მასალას და მისი დასრულებისთანავე აუღელვებლად აღიარა:
-დიახ, ვიდეო ჩანაწერებში მე ვარ, მაინტერესებდა, სად ცხოვრობდა ლიზა მეტრეველი.
-ძალიან სასაცილო პასუხია, ჩვენ შენ სულელები ხომ არ გგონივართ? -კრისტოფერმა თვალები ნახევრად მოჭუტა და ამანდას სახის გამომეტყველების ფსიქოლოგიური დაკვირვება განაგრძო.
-ვერავინ ამიკრძალავს ქუჩაში დგომას. -ურცხვად ჩაეცინა გოგონას და უტიფრად გადახედა გამომძიებლებს.
-რატომ დაგვიმალე, რომ ამანდას საცხოვრებელ კორპუსთან არ მისულხარ?
-ზედმეტ კითხვებს თავი ავარიდე.
-ამანდა ჰანცინგერ, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კითხვების დასასმელად არ ჩვენ გვცალია და თუ ეს დანაშაული თქვენ ჩაიდინეთ ან თქვენი თანამშრომლის სიკვდილში რაიმე კუთხით ხართ გარეული, უმჯობესია, ახლავე აღიაროთ.
-იცით რაა? ჩემი უფლებები კარგად ვიცი, თქვენ არანაირი დამამტკიცებელი ფაქტები არ გაგაჩნიათ, რომ ბრალი წამიყენოთ და პოლიციის შენობაში გამაჩეროთ. ასე, რომ თუ მეტი კითხვა არ გაქვთ, მირჩევნია, დაგტოვოთ.
-კეთილი, მაგრამ გამოძიება აუცილებლად დაადგენს სიმართლეს და ...
-წარმატებებს გისურვებთ!-სიტყვის დამთავრება არ აცალა გოგონამ დებორას.

***
ამანდა ჰანცინგერი პოლიციამ სათანადო მტკიცებულებების არ ქონის გამო, განყოფილებიდან გაანთავისუფლა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ რჩებოდა სერიოზულ ეჭვმიტანილად და დეტექტივები მასზე ყურადღების მოდუნებას არ აპირებდნენ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ლილე

Saintereso istorieaa velodebi axal tavs????

 



№2 წევრი mirandaa31

როგორ მაინტერესებს. კარგია რომ ასე დიდ თავებს დებ. ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მივლენები დაგელოდები.
--------------------
ხელმოწერა

 



№3 სტუმარი მარინა კობაიძე

საინტერესოა, გელოდებით

 



№4  offline წევრი ჰაიკო

კარგია, ძალიან კარგია
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 




mirandaa31
როგორ მაინტერესებს. კარგია რომ ასე დიდ თავებს დებ. ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მივლენები დაგელოდები.

ვნახოთ :)

 




სტუმარი ლილე
Saintereso istorieaa velodebi axal tavs????

მალე ავტვირთავ :)

ჰაიკო
კარგია, ძალიან კარგია

მადლობა, მკითხველის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია :)

მარინა კობაიძე
საინტერესოა, გელოდებით

მადლობა <3

 



№7 სტუმარი ალამარია

დაახლოებით როდის ველოდოთ? მიაწექიი კარგად გამოგდით და წერეთ ხშირად ასეთი სტილის დეტექტივები !

 




ალამარია
დაახლოებით როდის ველოდოთ? მიაწექიი კარგად გამოგდით და წერეთ ხშირად ასეთი სტილის დეტექტივები !

მადლობა. მიხარია, რომ "სისხლში მოცეკვავემ" ასეთი ინტერესი გამოიწვია მკითხველში.დღეს აიტვირთება თავები 8,9,10 და 11

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent