შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლში მოცეკვავე (თავი 8,9,10,11)


29-06-2018, 06:41
ნანახია 318

სისხლში მოცეკვავე (თავი 8,9,10,11)

თავი 8
ერთ საღამოს, დეივიდ მილერი სამსახურის შემდეგ მეგობართან ერთად ბარში შევიდა და დარდის გასაქარვებლად თავს ალკოჰოლით იბრუებდა:
-ვერ ვიჯერებ პატრიკ, ეს რატომ უნდა მომხდარიყო, ვის რას ვუშავებდით ან მე ან ჩემი მეუღლე?
-გამოძიებას უნდა დაველოდოთ, დეივიდ, მეტი გზა არ გვაქვს.-
-ლიზა მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და თავადაც ვერ გავაცნობიერე, ისე უცბად შემაყვარა თავი. ცხოვრება ცოტა ხნით გამილამაზა და მერე დამტოვა. თითქოს ყველაფერი ერთი ღამის სიზმარი იყო, დამრჩა მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები. ვერ ვიჯერებ, რომ გვერდით აღარ მყავს. ზოგჯერ, ბოღმა სიბრაზისგან ყელში ბურთივით მაწვება, ერთი სული მაქვს, მკვლელის ვინაობა გავიგო და საკუთარი ხელებით გავუსწორდე.
-ამ ტკივილს ისევ შენ უნდა უწამლო, სიბრაზე კი რამენაირად დაძლიე, შენთვის ასე სჯობს, თორემ განადგურდები.
-ვეღარც სამსახურს ვუდებ გულს...
-კარგად მესმის შენი, მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანო. ასე შეიძლება, სამსახურიც დაკარგო, კარიერა მოისპო და თავი სამუდამოდ დაიღუპო.
-ახლა, ეს ნაკლებად მადარდებს, მაგრამ დედაჩემი მებრალება. ასეთ დღეში რომ მხედავს, ძალიან განიცდის. აღარ მინდა, განადგურებულს მიყუროს, ამიტომ ხანდახან, გვიან მივდივარ სახლში. ვფიქრობ, სძინავს ხოლმე, მაგრამ რა დროსაც არ უნდა მივიდე, სავარძელში ზის და მელოდება. მასაც ძალიან უყვარდა ლიზა, არც ერთ მის წარმოდგენას აცდენდა, ამაყობდა, რომ ასეთი რძალი ჰყავდა...
-ქალბატონი ლუსი არაჩვეულებრივი ადამიანია. ყოველთვის გვერდით გედგა და მხარს გიჭერდა ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. წარმომიდგენია, რასაც განიცდის.
-ბედნიერი იყო, როცა ლიზა გავიცანი, უხაროდა, რომ ახალ ცხოვრებას ვიწყებდი. ჩემი პატარა ბიჭის სიკვდილის შემდეგ ხომ გახსოვს, როგორი დღეები გავიარეთ? ვინ იფიქრებდა, რომ მეორე ქორწინებასაც ასეთივე ტრაგიკული დასასრული ექნებოდა? -მამაკაცმა ხარბად გამოცალა მორიგი ლუდის ბოკალი და ბარმენს შემდეგი შეუკვეთა.
-ესეც გაივლის, დეივიდ! ესეც გაივლის!
-მეჩვენება, რომ არასოდეს გაივლის. ტრაგედიები ჩემი ცხოვრების თანამგზავრები გახდნენ და აღარ მცილდებიან. ლიზაზე გაკეთებული სიუჟეტები, სტატიები, ჟურნალისტების ზარები და ინტერვიუები- ესენი კიდევ უფრო მამძიმებენ.
-მესმის, თავს ცუდად გრძნობ, ახალი მომხდარი ამბავია. დრო უნდა ყველაფერს და ნელ-ნელა ლიზას გარეშე ცხოვრებასაც მიეჩვევი. რას ვიზამთ, შენს მეუღლეს სამწუხაროდ ვერაფერს ვუშველით, მაგრამ გახსოვდეს, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
-ვიცი, მადლობა. -თავი დაუკრა მეგობარს მილერმა.
-რას ამბობს პოლიცია, საქმეში ახალი ხომ არაფერი ჩანს?
-ჩემი მეუღლის თანამშრომელზე აქვთ ეჭვი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ადასტურებენ, ფაქტები არ აქვთ. ლიზა ამანდაზე ხშირად საუბრობდა, ვიცოდი, რომ ხშირად ჰქონდათ უსიამოვნებები.
-ამანდასთან? -გაკვირვებით შეხედა პატრიკმა.
-ჰო, ამანდა ჰანცინგერთან. თანამშრომლებმაც თქვეს, რომ ჩემს ცოლს როგორც მეტოქეს, ყოველთვის ისე უყურებდა და ვერ იტანდა. ერთხელ, ლიზას პუანტებში საპარსის ბასრი ნაწილები ჩაუყარა და ცეკვის დროს ფეხის თითები ისე დაესერა, რამდენიმე კვირა ძლივს დადიოდა. დაზუსტებით დღემდე არავინ იცის, მაგრამ მაშინაც ეჭვი ამანდაზე მიუტანიათ. ძალიან საზიზღარი პიროვნება ყოფილა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სანამ ლიზა დაიღუპებოდა, თურმე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს კორპუსს საათობით უთვალთვალებდა.
-რას მეუბნები? -ელდა ეცა მამაკაცს.
-შეიძლება ვცდები კიდეც, ასე ხელაღებით ადამიანისთვის მკვლელობის ან მასში თანამონაწილეობის დაბრალება რთულია, მაგრამ უკვე აღარ ვიცი, ვისზე ვიფიქრო...
***
იმ ღამეს, პატრიკმა მთვარალი მეგობარი სახლამდე მიაცილა, თავად კი ღამის წყვდიადში ისე სწრაფად გაუჩინარდა, დეივიდის დედამ ვერც კი მოასწრო, რომ მადლობა გადაეხადა.
-უცნაურია -ჩაილაპარაკა ლუსიმ.-პატრიკი ყოველთვის მოდის და მომიკითხავს ხოლმე. ასეთი უყურადღებო არასოდეს ყოფილა.-გაოცებულმა მოხურა კარები და შვილის ოთახისკენ წავიდა.
-დეივიდს ტანსაცმლის გახდა ვერ მოესწრო, ისე ჩასძინებოდა ლიზას სურათთან ერთად. შვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას მძიმედ ამოიოხრა დედამისმა, თვალცრემლიანმა გადასაფარებელი დააფარა, სანათი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა.

თავი 9
ლიზას სიკვდილის შემდეგ ნათია მეტრეველი სამსახურში აღარ წასულა. უკვე რამდენიმე დღე იყო, ბინიდან გარეთ არ გადიოდა. შვილის დაკარგვით გამოწვეულ დარდს სიგარეტსა და სასმელში იკლავდა და ხალხს არ ეკონტაქტებოდა. ერთ დღეს, მეგობრებმა სახლში მიაკითხეს. ბინაში იმდენად მძიმე ჰაერი იდგა, თითქოს ბინადრის ტკივილი კედლებსაც გაეთავისებინათ და მწუხარების მოზიარენი გამხდარიყვნენ. ფარდებით დაბნელებულ ოთახებში სრული ქაოსი იყო - ჭურჭელი, ნივთები და ტანსაცმელი აქეთ-იქით მიმობნეული, ჟურნალების მაგიდა ლიზას სურათებით, ვისკის ბოთლებით და სიგარეტის კოლოფებით სავსე...
-ძალიან გთხოვთ, დამტოვოთ, არავისთან მსურს საუბარი.
-ნათია, გვესმის, ახლა ძალიან მძიმე პერიოდი გაქვს, რთულია ამ საშინელებას შეეგუო, მაგრამ შენი მეგობრები ვართ და ხელს ნუ გვკრავ.
-ოღონდ დღეს არა...
-აუცილებლად დღეს!
-რა გინდათ, რომ გითხრათ? საუბრის თავიცც არ მაქვს. -ნათიამ თავი დახარა და იატაკზე ერთ წერტილს მიაშტერდა. მერე ისევ გონს მოეგო, სიგარეტს მოუკიდა და დაიწყო:
-ვივიენ,იცი, ეს დღეები სულ ის მომენტი მახსენდება, როცა ლიზას მე და შენ ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტში (JFK) დავხვდით. ჩემი გოგო დაბნეული თვალებით იყურებოდა და მგზავრების დასახვედრად მომლოდინე ხალხში მონატრებულ დედას ეძებდა. რა დამავიწყებს მის გაბადრულ სახეს, როცა ამდენი ადამიანის ტალღაში ჩემი სახე ამოიცნო და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა, რომ ჩამხუტებოდა. ღმერთო, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ -ცრემლები წამოუვიდა და მათ მოსაწმენდად ხელსახოცებს დაუწყო ძებნა. ძალაგამოცლილი დადიოდა ოთახში და ნელა მიათრევდა ტკივილით დამძიმებულ სხეულს.
ჰელენი მიხვდა, რასაც ეძებდა, ხელსახოცი ჩანთიდან ამოიღო და მეგობარს მიაწოდა. ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ ნათიამ გააგრძელა:
-როდესაც ამერიკაში წამოვედი, ლიზა გულჩათხრობილი გახდა, სკოლაში სიარულიც შეწყვიტა, ჩემს იქ არ ყოფნას ამით აპროტესტებდა. მეც და მამამისმაც ბევრ ხერხს მივმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ ლიზა ვერ გადავარწმუნეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ბალეტზე სიარულზეც კი უარი თქვა. ჩემს ბედად, მის მასწავლებელს დავუკავშირდი და ვთხოვე, რომ დავლაპარაკებოდი. არ ვიცი, რა უთხრა მაია მასწავლებელმა, მაგრამ შვილი ცხოვრებისკენ მომიბრუნა და ამისთვის დღემდე მისი მადლიერი ვარ. დროთა განმავლობაში, ლიზა იმდენად მიეჯაჭვა მასწავლებელს, რომ მთლიანად მასზე დამოკიდებული გახდა. მაიამაც ძალიან შეიყვარა, სახლში იბარებდა და სრულიად უსასყიდლოდ, კერძო გაკვეთილებს უტარებდა. სულ მალე, ყველაფერი ისე შემოტრიალდა, ლიზას რაც აწუხებდა, არა ჩემთან, არამედ მაიასთან ყვებოდა და რჩევებსაც მისგან იღებდა. ვატყობდი, რომ შვილს ვკარგავდი. თავიდან ამას გარდატეხის ასაკს ვაწერდი და მეგონა, მალე უწინდებურად აღდგებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ლიზა არ იცვლებოდა და როდესაც აქ ჩამოვიდა, აშკარა იყო, რომ ჩემს მიმართ სრული გაუცხოვება ჰქონდა. იმედს გამოვთქვამდი, რომ ხელმეორედ დაწყებული ცხოვრება და აღდგენილი ურთიერთობა საბოლოოდ გაამთლიანებდა დარღვეულ დედა-შვილურ კავშირს, მაგრამ მალე, მის ცხოვრებაში დეივიდი გამოჩნდა და მისი ყურადღებაც მან მიიტაცა. იოლი ნამდვილად არ არის, როცა შვილის ბედნიერებით ხარობ და ამავე დროს აცნობიერებ, რომ მარტო დარჩი... ამ სიმარტოვეს კიდევ შეველეოდი, მაგრამ ახლა, უკვე სამუდამოდ ვარ ლიზასგან მიტოვებული...
ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე ისევ დაიწყო:
-როგორ მოვერიო ამ ტკივილს?
-ღმერთო ჩემო, ასეთ დღეში პირველად გხედავ. რა დღეში ჩაიგდე თავი, ნათია? პირველ რიგში, შენს შვილს არ უნდოდა სიკვდილი, მაგრამ ასე მოხდა და გთხოვ, აზრზე მოხვიდე. მხოლოდ შენ არ ხარ ამ სიტუაციაში, უამრავი შვილმკვდარი დედაა, რომლებიც ამ ტკივილს ერევიან და შვილების გარეშე აგძელებენ ცხოვრებას.-
-ამ ტკივილს ვერცერთი დედა მოერევა. ისინი უბრალოდ აგრძელებენ ცხოვრებას და მორჩა! რისთვის გავაგრძელო ცხოვრება? სამსახურში ვიარო და საკუთარი თავი ფიზიკურად გადავირჩინო?
-სიცოცხლეს ყოველთვის აქვს აზრი.
-ჩემთვის არა!-მოკლედ მოუჭრა ნათიამ მეგობარს
-გინდა შენ ეს თუ არა, ყველაფრის მიუხედავად, ცოცხალი ხარ და არ გაქვს უფლება, რომ უფლის ნებას შეეწინააღმდეგო! სიცოცხლე უნდა გააგრძელო!
-ვივიენ, ... -ნათიას რაღაც უნდოდა ეთქვა მეგობრისთვის, მაგრამ გადაიფიქრა და ვისკის ბოთლს დასწვდა.
ვივიენმა ბოთლი ხელიდან გამოსტაცა და ხმამაღლა უთხრა:
-ამის უფლებას არ მოგცემ!
-შენ ვინ ხარ, რომ მიკრძალავ? -გაბრაზებულმა შეხედა მეგობარს.
-ახლა უნდა გამაგრდე, ამ განსაცდელს უნდა გაუძლო, მე შენთან ვარ.
-რატომ არ გესმით?
-ყველაფერი კარგად გვესმის და პირველ რიგში ის, რომ ხვალ, სამსახურში უნდა გამოცხადდე. დიზაინერებისგან შეკვეთებს ვერ აუდივართ, შენი არ ყოფნა დაგვეტყო და ახლა სიკვდილის და თავის ძალით დასამარების დრო არ არის! ჩვენ გვჯერა შენი და ვიცით, რომ ამ მძიმე დღეებს აუცილებლად გადალახავ.
ნათიასთან საუბრის შემდეგ მეგობრები გვიანობამდე დარჩნენ ბინაში. იქაურობა მოაწესრიგეს და შეპირდნენ, რომ მეორე დღეს სამსახურში წასაყვანად რომელიმე მათგანი მანქანით მიაკითხავდა.

თავი 10
მეორე დილით, ლიზას დედა პოლიციის განყოფილებაში წავიდა. კაპიტანი ფერგესი კაბინეტში დახვდა და პირადად ესაუბრა:
-გამარჯობა, მისის მეტრეველი. როგორ ხართ?- თავაზიანად მოიკითხა მამაკაცმა ქალბატონი და ხელით ანიშნა, რომ სამუშაო მაგიდის წინ განთავსებულ რომელიმე სკამზე დაბრძანებულიყო.
-ვერ მოგატყუებთ, რომ კარგად ვარ. -ნაღვლიანი თვალებით შეხედა რიჩარდ ფერგესს.
-გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმე სწრაფად გამოვიძიოთ და დამნაშავე დაისაჯოს.
-თქვენი იმედი მაქვს. არ ვიცი ეს ინფორმაცია რამდენად დაგეხმარებათ, მაგრამ მაინც გეტყვით. ერთხელ, ჩემი გოგონა და მე ნიუ-ორლეანში, „მარდი გრას“ დღესასწაულს დავესწარით. დღის ბოლოს, აღმოვაჩინე, რომ ბარში ჩანთა დამრჩა, მის მოსატანად უკან გავბრუნდი, ლიზა კი სასტუმროს ნომერში დარჩა. უკან დაბრუნებისას შევნიშნე, რომ ჩემი შვილი რვეულში ჩანაწერს აკეთებდა. როცა დამინახა, შეცბა, სასწრაფოდ დახურა და შეინახა.
-ფიქრობთ, რომ ლიზა დღიურს წერდა?
-დიახ, სწორედ ასეა. -თავის ქნევით დაუდასტურა ნათიამ.
-როგორი ან რა ფერის იყო დღიური, გახსოვთ?
ახალგაზრდა ქალბატონმა შუბლზე ხელი მოიკიდა, თვალები ოდნავ მოჭუტა, დაძაბული სახე კიდევ უფრო დაძაბა და შეეცადა, ლიზას დღიურის ფერი და გარეგნობა გაეხსენებინა.
-საშუალო ზომის და მუქი ფერის უნდა იყოს.
-საინტერესოა, ბინაში ყველაფერი ვნახეთ, დღიურის მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს.
-დღეს გამახსენდა, როდესაც ამერიკაში ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩემი მეუღლე მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მახსოვს, მითხრა, რომ ლიზა მთელი დღეები ოთახში იყო ჩაკეტილი და რაღაცებს წერდა. იმ პერიოდში სკოლაში სიარულზე უარი თქვა, ჩემს წამოსვლას ძალიან განიცდიდა და ვფიქრობ, დღიურის წერა მაშინ უნდა დაეწყო.
-საინტერესოა...
-შეიძლება, დღიურში ისეთი რამ ეწეროს, რაც გამოძიებას დაეხმარება.
-გამორიცხული არაფერია. -ჩაფიქრებული სახით პასუხობდა კაპიტანი.
-რა ეტაპზეა გამოძიება, ახალი ხომ არაფერია?
-ვმუშაობთ და როგორც კი ახალს გავიგებთ, აუცილებლად გაცნობებთ.
-დიდი მადლობა. -უთხრა ქალბატონმა და ოთახიდან გასვლა დააპირა. ფერგესმა ღიმილით შეხედა და სიტყვა დააწია:
-რას ამბობთ, პირიქით, მადლობა, რომ მობრძანდით და ისეთ მძიმე დღეებში, როგორშიც აღმოჩნდით, მაინც პოულობთ ძალას, რომ გვერდში დაგვიდგეთ და საერთო ძალებით საქმე ბოლომდე მიგვაყვანინოთ.
ნათია კაპიტანს მიუბრუნდა, თავი დაუკრა და სწრაფად დატოვა ოთახი. როგორც კი პოლიციის შენობიდან გავიდა, მეგობრებს გადაურეკა და შეატყობინა, რომ თავად წავიდოდა სამსახურში და იქ მისვლაში მათი დახმარება აღარ სჭირდებოდა, შემდეგ იქვე, ახლოს მდებარე „სტარბაქსის“ ყავის სახლში შევიდა, ცხელი „ლატე“ შეუკვეთა და სამუშაო დღისთვის ენერგიის მოკრებას შეუდგა.
ლიზას დედის მისვლამ რიჩარდ ფერგესს ახალი თავსატეხი გაუჩინა. ახლა, მისი ფიქრები მსხვერპლის მიერ გაკეთებული ჩანაწერების მოძებნას და გაცნობას უკავშირდებოდა.

თავი 11
რიჩარდ ფერგესმა დეტექტივები დაიბარა და რაც იმ დროისთვის გააჩნდათ, მათთან ერთადთითოეული ინფორმაციის დეტალური ანალიზი დაიწყო:
-ესეიგი, ვიდეო ჩანაწერების შესწავლისას გაირკვა, რომ მუშის უნიფორმაში გადაცმული სავარაუდო მკვლელი სადარბაზოში დაცვის თანამშრომლის შეუმჩნევლად შეიპარა და მსხვერპლთან ავიდა:
-დიახ, კაპიტანო.- დაეთანხმა ბელინსკი.
-ექსპერტების დასკვნის მიხედვით, კარების საკეტი გარედან დაზიანებული არ არის.- გააგრძელა ფერგესმა.
-დიახ, სავარაუდოდ, მსხვერპლი მას იცნობდა და სწორედ მან გაუღო კარები. ამაზე მეტყველებს მაგიდაზე ნანახი ორი ცალი ცარიელი ჭიქა და იატაკზე დაღვრილი წითელი მოცვის წვენი, ალბათ, მკვლელს წვენი შესთავაზა, შემდეგ მაცივართან მივიდა და მაშინ, როდესაც მკვლელისგან ზურგით იდგა, სწორედ იმ დროს მოხდა მასზე თავდასხმა. ლიზას წვენის ბოთლი ხელიდან გაუვარდა და სითხე იატაკზე დაიღვარა, 42 ზომის ფეხსაცმლის კვალი წვენისგან დარჩა, მაგრამ სამწუხაროდ ამის გარდა, სხვა სამხილი არ გვაქვს. -საუბარში ჩაერთო ფულერიც.
-სავარაუდო მკვლელის გარეგნობა ვიდეო მასალაში ასე ჩანს: 1.75 სმ სიმაღლის, თეთრკანიანი, საშუალო აღნაგობის, გრძელი, სწორი შავი თმით, შავი ქურთუკით, ჯინსის შარვლით, ხელთათმანებით, სპეციალური სამუშაო ფეხსაცმლით, თავზე ჩაფხუტით და სათვალეებით. სახის ნაკვთები კარგად არ ფიქსირდება. -აღნიშნა მარკმა.
-სამწუხაროდ, ამინდიდან გამომდინარე, სხეულიც დაფარული ჰქონდა. ასე, რომ რაიმე ტატუს მაგვარი ან სხვა სპეციალური სახასიათო ნიშანი თუ აქვს, არც ეს ვიცით-დაამატა რებეკამ.
-ქურთუკი როგორი ეცვა?- იკითხა კაპიტანმა.
-ჩვეულებრივი, შავი ფერის, არანაირი სპეციალური წარწერა ან ინიციალი, რომელიც ჩვენს ყურადღებას მიიქცევს. -მიუგო ბელინსკიმ.
-ლიზას ქმარმა და ახლობლებმა ვერავის მიამსგავსეს ხომ?- ჩაფიქრდა ფერგესი და მის წინ დაგროვილ და ბევრჯერ გაცნობილ საქმის დოკუმენტებს მზერას არ აცილებდა.
-ვერა, ასეთს არავის იცნობენ.
-რასაც ვიდეო ჩანაწერებში ვუყურებთ, მკვლელი შესანიშნავად არის შენიღბული, თუ კარგად არ იცნობ, ძნელია მისი ამოცნობა. კრისტოფერ, დებორა, თქვენ რა გაარკვიეთ? -კაპიტანმა დანარჩენ გამომძიებლებს გადახედა.
-გარდაცვლილის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ლიზას მართლაც ჰქონდა ხშირი კომფლიქტები ჰანცინგერთან, რასაც თავად ამანდაც ადასტურებს. მას უცნაურ პიროვნებად ახასიათებენ, საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნებაა. კორპუსის გარე კამერებით დაფიქსირებულ ვიდეო მასალაში ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ მკვლელობამდე, რამდენიმე დღით ადრე, ხშირად მიდიოდა მსხვერპლის მისამართზე, საათობით იდგა და იქაურობას აკვირდებოდა. დაკითხვისას სანამ ვიდეო კადრები არ წარვუდგინეთ,ეს ფაქტი არც აღუნიშნავს. ამასთანავე ძალიან სუსტი ალიბი აქვს, ამბობს, რომ ლიზას მკვლელობის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.
-ამანდას თვალი არ უნდა მოვაცილოთ, აშკარაა, რომ რაღაც ჰქონდა დაგეგმილი და მალავს. მეტი ინფორმაცია გვჭირდება, ეს საკმარისი არ არის.
-რა თქმა უნდა. -დაეთანხმა დებორა.
მძიმედ ამოისუნთქა კაპიტანმა და გააგრძელა:
-ტექნიკური განყოფილებიდან ახალი დეტალები მოგვაწოდეს. ლიზას ტელეფონზე მკვლელობის წინა დღეს შესული ზარებით ირკვევა, რომ ვიღაც ნიკა ხურცილავამ სამჯერ დაურეკა და ქართულ ენაზე ტექსტური შეტყობინებაც გაუგზავნა. ერთი ზარი დილით განხორციელდა, მეორე და მესამე-საღამოს. სურათი ასეთია: ნიკას მეორე ზარის შემდეგ ორ საათში ლიზა მეტრეველი სახლს სტოვებს და მანჰეტენზე ხვდება ფრანგულ რესტორანში „აუგუსტინი“. მისამართი დარესტორნის სახელწოდება მან ლიზას მესიჯით გაუგზავნა. მესამე ზარი კი გვიან დაფიქსირდა. ასევე ითარგმნა ლიზას ელექტრონულ მეილზე გაგზავნილი წერილებიც, სადაც დასტურდება, რომ ნიკას და ლიზას ბევრად უფრო ადრე ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ვიდრე გოგონა აშშ-ში ჩამოვიდოდა. გამოდის, რომ ისინი საქართველოშიც იცნობდნენ ერთმანეთს. ტექნიკურმა დეპარტამენტმა გარდაცვლილის ინსტაგრამზე და ფეისბუქზეც შეაღწია. ფეისბუქის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ნიკა ხურცილავა ლიზა მეტრეველს დაბლოკილი ჰყავდა. ეს პიროვნება აქ სტუდენტური ვიზით არის ჩამოსული და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტია. ასევე დადგინდა მისი საცხოვრებელი მისამართი და სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ და გავესაუბროთ, თუმცა, ვიდრე შევხვდებით, სჯობს, რესტორან „აუგუსტინს“ ვეწვიოთ, თანამშრომლებს გავესაუბროთ და ადგილიდან ვიდეო კადრები წამოვიღოთ. მარკ და რებეკა, ამ საქმეს თქვენ გავალებთ. კიდევ არის რაღაც -დღეს, გარდაცვლილის დედა იყო მოსული და თქვა, რომ ეჭვი აქვს, ლიზა დღიურს წერდა და თუ ეს ასეა, საინტერესოა, სად ინახება ჩანაწერები?
-რა იცი, იმ დღიურში იქნებ ისეთი რამ ეწერა, რისი გამჟღავნებაც მკვლელს არ აწყობდა? შეიძლება, ჩანაწერები ახლა მკვლელთანაც ინახებოდეს. -დაეჭვდა რებეკა.
-არავინ იცის. -სათვალე მოიხსნა და მხრები აიჩეჩა კაპიტანმა.
დეტექტივები ახალი დავალებების შესრულებას შეუდგნენ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი თამარა

4 თავი ასე პატარა რატომ არის ???? ველოდები როდის განვითარდება მოვლენები და ჯერ არ მაქვს სავარაუდო ვარიანტები მკვლელის ????

 



№2 სტუმარი ალამარია

მადლოვაა..კარგია,ველით ისევ

 




სტუმარი თამარა
4 თავი ასე პატარა რატომ არის ???? ველოდები როდის განვითარდება მოვლენები და ჯერ არ მაქვს სავარაუდო ვარიანტები მკვლელის ????

არც ისე პატარა თავებია, მაგრამ შევეცდები, უფრო მეტი დავდო ხოლმე, ვნახოთ :))

ალამარია
მადლოვაა..კარგია,ველით ისევ

მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის. მახარებს, რომ მოგწონთ :))

 



№4 სტუმარი სტუმარი Cira

Gagrzelebas velodebii

 



№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მიხარია ახალი ავტორების გამოჩენა საიტზე, თანაც თუ ასეთი საინტერესოა როგორიც შენ ხარ. წარმატებებს გისურვებ

 



№6  offline წევრი blue witch

ძალიან მომწონს, მითუმეტეს დეტექტივების დიდი მოტრფიალე არა ვარ, კლასიკოსებსაც კი გვერდს ხშირად ვუვლი, მეტისმეტად იოლად ვხვდები ხოლმე მკვლელის ვინაობას :დ ოკლედ, ჩმენაირმა ვითომ "მწერალმა" რა ღცევა უნდა მისცეს შენნაირ მწერალს, თუმცა ვგონებ მეტი დინამიკა გჭირდება. მოვლენები უფრო ელვისებურად უნდა განვითარდეს და ჩემი საყვარელი ნაწილი ემოციებია. მესმის, რომ დეტექივში დეტალური აღწერები და მსუბუქი გადახვევები აუცილებელია, თუმცა ვისურვებდი უფრო მეტად ჩანდეს პერსონაჟების განცდები.(ისე, გავრცობასთან ერთად, ეგ ემოციები თავისთავად მოვა, უბრალოდ მე ვარ წინამასწარა.) შიში, ტკივილი, სევდა, ამბიცია. თიტქმის სრულყოფილია, ასე თუ გააგრძელებ, მალე სადღაც შენს წიგნსაც ვიხილავთ. მოკლედ, იცოდე რომ აქ ლურჯი კუდიანი სულ გელის, უბრალოდ ჩემი გრაფიკის გადამკიდე შეიძლება ყველგან ვერ გამოვხტე ხოლმე.

 




blue witch
ძალიან მომწონს, მითუმეტეს დეტექტივების დიდი მოტრფიალე არა ვარ, კლასიკოსებსაც კი გვერდს ხშირად ვუვლი, მეტისმეტად იოლად ვხვდები ხოლმე მკვლელის ვინაობას :დ ოკლედ, ჩმენაირმა ვითომ "მწერალმა" რა ღცევა უნდა მისცეს შენნაირ მწერალს, თუმცა ვგონებ მეტი დინამიკა გჭირდება. მოვლენები უფრო ელვისებურად უნდა განვითარდეს და ჩემი საყვარელი ნაწილი ემოციებია. მესმის, რომ დეტექივში დეტალური აღწერები და მსუბუქი გადახვევები აუცილებელია, თუმცა ვისურვებდი უფრო მეტად ჩანდეს პერსონაჟების განცდები.(ისე, გავრცობასთან ერთად, ეგ ემოციები თავისთავად მოვა, უბრალოდ მე ვარ წინამასწარა.) შიში, ტკივილი, სევდა, ამბიცია. თიტქმის სრულყოფილია, ასე თუ გააგრძელებ, მალე სადღაც შენს წიგნსაც ვიხილავთ. მოკლედ, იცოდე რომ აქ ლურჯი კუდიანი სულ გელის, უბრალოდ ჩემი გრაფიკის გადამკიდე შეიძლება ყველგან ვერ გამოვხტე ხოლმე.

როგორ გამახარა შენმა გამოჩენამ ლურჯო კუდიანო :)) ნამდვილი კუდიანი ყოფილხარ, შენთვის, ჩუმად გვაკვირდები და არ ჩნდები :) <3 გამოჩნდი ხოლმე, ძალიან მაინტერესებს ყველა მკითხველის აზრი.

ლორელაი
მიხარია ახალი ავტორების გამოჩენა საიტზე, თანაც თუ ასეთი საინტერესოა როგორიც შენ ხარ. წარმატებებს გისურვებ

დიდი მადლობა. მეც მახარებს, რომ აღმოგაჩინეთ <3 ვფიქრობ, ჩემი ნავსაყუდელი ვიპოვე. ნელ-ნელა ვეცნობი ახალბედა მწერლების შემოქმედებებსაც და არ დაგიმალავთ და ფავორიტებიც მყავს :)

მოკლედ, ძალიან მახარებს თქვენთან ურთიერთობა. ამ საიტზე შემოსვლის გადაწყვეტილების მიზეზიც ეს იყო-მკითხველთან კავშირი. მომწონს, რომ არ იზარებთ და თქვენს აზრს მიზიარებთ. ასე გააგრძელეთ <3

 



№8 სტუმარი სტუმარი ნელიკო

ძალიან დავინტერესდი და ველი შემდეგს როდის ატვირთვათ. პირველად ვკითხულობ ქართველი მწერლის მიერ დაწერილ დეტექტივს.წარმატებებს გისურვებთ

 



№9 სტუმარი ალამარია

მართლა სხვანაირია, ურო სერიოზული და დახვეწილი ენიტაა დაწერილი, ვიდრე სხვა..ანუ აქცევს ავტორი ყურადღებას სწორ აზროვნებას.

ასერო ველით ახალ თავებს და ახალ რომანებს ;)

 




ალამარია
მართლა სხვანაირია, ურო სერიოზული და დახვეწილი ენიტაა დაწერილი, ვიდრე სხვა..ანუ აქცევს ავტორი ყურადღებას სწორ აზროვნებას.

ასერო ველით ახალ თავებს და ახალ რომანებს ;)

მადლობა ასეთი სიტყვებისთვის <3

სტუმარი ნელიკო
ძალიან დავინტერესდი და ველი შემდეგს როდის ატვირთვათ. პირველად ვკითხულობ ქართველი მწერლის მიერ დაწერილ დეტექტივს.წარმატებებს გისურვებთ

მართლა? ძალიან მიხარია, რომ მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent