შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -10-


29-06-2018, 14:22
ავტორი sopiko
ნანახია 118

სეზამი -10-

''სეზამი''

[თავი 10]

საბრინას დანაშაულის შეგრძნება არ ასვენებდა.
არ იცოდა, სწორად იქცეოდა თუ არა. ვერც რჩევას ჰკითხავდა ვერავის. სებასტიანი მისი გამტაცებელი იყო, კეთილი გამტაცებელი, რომელმაც მისი მოკვლა და აკუწვა არ ისურვა და სიცოცხლე აჩუქა. ახლა მისივე მიზეზით რიომაგორაში უწევდა წასვლა, მაგრამ ამასთან ერთად ისიც ახსოვდა, როგორ უფრთხილდებოდა მამაკაცი მას. მამაკაცი, რომლისგანაც სინაზე შორს იყო, რომელიც საგრძნობლად გამოცვლილიყო მას შემდეგ, რაც საბრინამ პირველად ნახა.
ამის მიზეზი თავად საბრინა იყო. თავს ვეღარ მოიტყუებდა. გრძნობდა, სებასტიანს რაღაც ემართებოდა და არ შეეძლო ისე მოქცეულიყო, თითქოს თვითონ არაფერ შუაში იყო. იაზრებდა, რომ საკუთარი მოქმედებებით სებასტიანს იმედს აძლევდა და მის გულში მოტკვარცალე ვნების ალს აქეზებდა, თუმცა ამავდროულად უწყოდა, რომ ეს მხოლოდ ქალური ცდუნება იყო. ჯოზუესგან წამოსული ახალ შეგრძნებებს დაწაფებოდა. შეგრძნებებს, რომლებიც სებასტიანმა უანგაროდ გაიმეტა მისთვის. საბრინამ ამის აღქმა მოასწრო, რომ სებასტიანს უკვე ღრმად დაბინდვოდა თვალები, ქალი კი, ალბათ, ვერასდროს გაბედევდა ისეთ უხერხულ საკითხზე საუბარს მასთან, როგორიც სიყვარული იყო.
უნამუსოდ ექცეოდა საბრინა სებასტიანს.
ხვდებოდა, ზუსტად იგივე სჭირდა მიქელე ბერშეს მზერისგან, რაც სებასტიანს მისი გავლენით. თხოვნაზე უარის თქმა უჭირდა. ენა ებმოდა. სურდა მამაკაცისგან შექება დაემსახურებინა. პატარა ბავშვივით დახამებული იყო კომპლიმენტს. მთელ ცხოვრებად უღირდა სენიორ ბერშესთან გატარებული რამდენიმე წუთი. სიმართლეს არ ერიდებოდა. იცოდა, ეს უფრო ხანგრძლივს გახდიდა გაურკვევლობას. ამჯობინებდა, რომ საკუთარ მესთან მაინც ყოფილიყო მართალი. ასე მოქმედებდა, მაგრამ მაინც არაფერი იცვლებოდა უკეთესობისკენ.
ორმაგ თამაშს თამაშობდა საბრინა. მაშინ, როცა სებასტიანს ეგონა საბრინა მის გვერდით იყო, მათ შორის ყოველთვის მიქელე ბერშე იდგა. ის აშორებდა ქალისგან, ის არიდებდა მამაკაცის თვალებს საბრინას შეუბღალავ, რძისფერ კანს. სწორედ საბრინა აძლევდა ამის ნებას. სწორედ მისი თანხმობით ხდებოდა ყველაფერი. ეს აზრი აწვალებდა ქალს. ეს აზრი უწამლავდა გონებას, შხამს აწვეთებდა წყეულ ეჭვებად.
საბრინას თავი მინისთვის მიეყრდნო და უკან დარჩენილ ხეეებს თვალს აყოლებდა.

კიდევ ერთხელ მოუნდა გახსენება. იმის, თუ როგორ აღმოჩნდა ამ ლაბირინთში, თუ როგორ დაიკარგა მის დახლართულ კუდებს შორის დასუსტებული და სასოწარკვეთილი...
სადგურზე იდგნენ.
ირგვლივ ხალხი ირეოდა. დროდადრო მძიმედ გაჰკრავდნენ ხოლმე მხარს. საბრინა ბორძიკობდა, მიქელე კი ხელით ისე მოხდენილად ეშველებოდა, რომ ქალი შეხებას თითქმის ვერც გრძნობდა.
-ის დამნაშავეა, საბრინა. შესაძლოა თქვენ მის მიმართ სიმპათიით ხართ განწყობილი, რადგან სიკვდილისთვის არ გაგიმეტათ, მაგრამ ნუ იქნებით ეგოისტი. მის გამო მრავალ ადამიანს თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე, მრავალს სამუდამოდ დაბნელებია ცა, ბევრის ცხოვრება გაუბედურებია. ერთ ნაცნობზე მოგიყვები. დღე-დღეზე თხოვდებოდა. მამას მისთვის მზითვები უკვე შეგროვებული ჰქონდა. ადამიანი, რომელსაც გოგონა ცოლად მიჰყვებოდა, ძუნწი, ამპარტავანი ყმაწვილი იყო. ამას ვერასდროს გაიგებდნენ, რომ არა ერთი შემთხვევა. შენმა ნაცნობმა ბანდიტმა სწორედ ის ძვირადღირებული მზითვები მოიპარა, რომლითაც გოგონა უნდა გათხოვებულიყო. სიძის ოჯახმა ქორწინებაზე უარი თქვა, წარმოგიდგენია? განაცხადეს, რომ ეს სიცრუე იყო... რომ ძარცვა მოგონილი ტყუილი იყო, რადგან გოგონას დედ-მამას ხარჯის გაღება ენანებოდათ... ქორწილი ჩაიშალა, უარყოფილმა პატარძალმა კი დღემდე ვეღარ შეძლო მიცხობილი ჭუჭყის ჩამორეცხვა და საბედოს პოვნა.-უამბო სებასტიანმა და თვალებში მუდარით ჩახედა.
-არ მიყვარს უსახელო ისტორიები, სენიორ ბერშე! საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ჩემს მოტყუებას ცდილობენ! მიამბეთ ისე, როგორც მეგობარს უამბობდით, სენიორ...-მტკიცედ ჟღერდა საბრინას სიტყვები.
-მაშ, კარგი, საბრინა! რადგან ასე გსურთ, საბოლოოდ მოვიშორებ სახიდან ნიღაბს... ის ამპარტავანი ყმაწვილი მე ვარ, უფრო სწორად მე ვიყავი... ვინ იცის, იქნებ კვლავ იმ აყროლებულ ჩარჩოში ვარ მოქცეული, რომელიც ჩემმა მშობლებმა ჩემთვის გამოჭედეს, მაგრამ, საბრინა, ვფიცავ, დღეს რომ იმავე არჩევნის წინაშე ვიდგე, არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი კედელთან მიმწყვდეული გოგონას ცოლად შერთვაზე უარს! პასუხისმგებლობას არ გავექცეოდი! მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, თუმცა არც ისეთი პატარა, რომ ამდენად ბავშვურად მოვქცეულიყავი... დამნაშავე ვარ, საბრინა! ამ გრძნობას დღემდე ვერ გავექეცი... ვიტანჯები და შენი მეგობარი რომ არა, ასეთ დღეში არ ვიქნებოდი...-ტკივილით ამოიოხრა მამაკაცმა და ათრთოლებული ხელები საბრინას ჩასჭიდა.-მე შებრალებას არ ვითხოვ, საბრინა! საკმარისად ძლიერი ვარ, რომ ეს ჯვარი მარტომ ვწიო, მაგრამ უსამართლობას ვერ შევეგუები! სასჯელს სებასტიან მატრიც იმსახურებს!
საბრინას გული შეკუმშვოდა. ლაპარაკი უძნელდებოდა, მაგრამ უწყოდა, ახლა გაჩუმება არ ივარგებდა. საკუთარ მტევნებზე შემოხვეული მიქელეს ხელები ათბობდა. წამიერად ძლივსშესამჩნევი ღიმილით დააცქერდა მათ, შემდეგ კი თავი აწია და ამაყად შესძახა:
-სებასტიანს მადლობას უნდა უხდიდეთ იმისთვის, რომ თქვენი ნამდვილი სახე დაგანახათ! ასე რომ არ მოქცეულიყო, კიდევ მრავალ ისეთ დანაშაულს ჩაიდენდით, რომლის არსს სიცოცხლის ბოლომდე ვერ ჩაწვდებოდით... არაფერი ხდება უმიზეზოდ, სენიორ ბერშე! ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ჩემს ვაგონში შეგნიშნეთ!
-არც ისე ცუდად მსჯელობთ, საბრინა, მაგრამ თქვენ გავიწყდებათ, რომ დაზარალებული კიდევ ბევრია... მათი ცხოვრება იმაზე მეტადაც კი აირივ-დაირია, ვიდრე ჩემი! თქვენ ჯერ არ გესმით... ჩემი სამსახურეობრივი ვალია...-რაღაც ახლის, განსაკუთრებულის სათქმელად შეემზადა მამაკაცი, მაგრამ საბრინამ არ აცადა.
-სამსახურეობრივი ვალი? ეს როგორ? თქვენ მითხარით, რომ...-აღელვებულმა თავი ძლივს მოაბა რამდენიმე სიტყვას.
-მე გითხარით, რომ ფლორენციიდან ჩამოვედი ერთი თვით, საქმეზე, რომლის შინაარსიც, რა თქმა უნდა, არ დამიკონკრეტებია.-დაასრულა საბრინას ნაცვლად მიქელემ.-მე სამართლის აღსრულებას ვემსახურები, საბრინა. მანაროლაში საინტერესო არაფერი ხდება. მე არ შემეძლო სამუდამოდ აქ ვმჯდარიყავი და უაზროდ მექექა ის საქმეები, რომელთა გამოძიების უფლებასაც არ გვაძლევდნენ. მძულს ფორმალური ურთიერთობები, ფორმალური წოდებები. აზრი არ ჰქონდა მანაროლაში დარჩენას, მეც ფლორენციაში გავემგზავრე...
-მაგრამ ყოველთვის გქონდათ კავშირი მანაროლას საგამოძიებო ჯგუფთან, არა?-მიუხვდა საბრინა.
-ასეა. აქ მეგობრები მყავდა. როდესაც სიტუაცია ძალიან დამძიმდა, უფროსს გაახსენდა, რომ ხელ-ფეხი ღმერთმა მოძრაობისთვის მისცა. დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ ძარცვის გრძელი სერიისთვის წერტილი დამესვა. ალბათ, ჩათვალეს, რომ მათი ათასგვარი ძვირფასეულობით მორთული სახლებიც არ იყო უსაფრთხოდ. ეს ჩემი შანსი იყო. შვებულება ავიღე და მანაროლაში გამოვემგზავრე, სადაც თქვენ შეგხვდით. იმ დღეს უნებურად საფრთხე შეგიქმენით, თქვენი ქმართან კონფლიქტის მიზეზი მე გავხდი. ვიფიქრე, რომ უსინდისობა იქნებოდა თქვენი მარტო დატოვება გაცეცხლებულ მეუღლესთან. უკან გამოგყევით, თუმცა გაუფრთხილებლად შინ შემოჭრაც ვერ გავბედე. ცოტა ხანს დაგიცადეთ. იქვე გავიარ-გამოვიარე და როდესაც მოთმინების ფიალა ამომეწურა და სახლში წასვლა განვიზრახე, თქვენ გარეთ გამოხვედით. ისეთი განერვიულებული იყავით, ვერ შემამჩნიეთ. უკან აგედევნეთ. შორიახლოს მოგდევდით. გიმზერდით, როგორ ტიროდით. დამშვიდება გაცადეთ. მოსვლა მინდოდა, მაგრამ თქვენ შემდეგ მაღაზიისკენ გასწიეთ. ვიფიქრე, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდებ_მეთქი და შიგნით აღარ შემოგყოლილვართ. ბნელოდა, ამიტომ ვერც სებასტიანმა შემნიშნა. მე თქვენი მდევარი გავხდი. ასე აღმოვჩნდით ერთ ვაგონში. კიდევ გაინტერესებთ რაიმე?
საბრინას გაოცებისგან სახე გაქვავებოდა. მართლაც, უკვე ყველაფერი ესმოდა. აღარაფრის გარკვევა აღარ სჭირდებოდა. ახლა უფრო პატივისცემით შეჰყურებდა მამაკაცის მომხიბვლელ სახეს. მადლობელი იყო მისი. თურმე ამდენი დღე გვერდით ჰყოლია და ვერაფერს ხვდებოდა. ო, როგორ უჭირდა მოსმენილის დაჯერება... როგორ ძლიერ უფეთქავდა გული...
-გმადლობ, მიქელე. გმადლობ.-ჩაიჩურჩულა ბედნიერმა მან.

საბრინამ იგრძნო, როგორ გამოსტაცეს ძილს.
თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და მიმოიხედა. ვაგონი თითქმის ცარიელი იყო. პირველი მიქელე მოძებნა, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ მამაკაცი აქ უკვე აღარ იყო. რა თქმა უნდა, ზედმეტი რისკი იქნებოდა დიდი ხნით სებასტიანის გვერდით დარჩენა. საბრინა ვერც გაამტყუნებდა მას. ძილიდან ჯერ კარგად ვერ გამორკვეულიყო. დაეჭვდა, სიზმრად ხომ არ ვნახე მიქელე და მისი მონაყოლიც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ხომ არ არისო, მაგრამ მყისვე უარყო ეს აზრი. თითოეული განცდა ისეთი ცხადი იყო, რომ მათი არარეალურობა საბრინას შეუძლებლად მოეჩვენა.
-გაიღვიძე. უკვე რიომაგორაში ვართ.-ხელი სწრაფად მოაშორა სებასტიანმა და ნაქსოვი შალი ზურგზე შემოაფარა.-ადგილობრივისგან ვიყიდე. ოფლიანი ხარ, გარეთ კი გრილა. გაცივდები.
საბრინას სინდისის ქენჯნა გაუძლიერდა, მაგრამ თავს კიდევ ერთხელ დააჯერა, რომ ეს გარდაუვალი იყო და სებასტიანი დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად აღმოჩნდებოდა გისოსებს მიღმა. აფორიაქებული გული დაიმშვიდა და ბედს მიენდო.
-რიომაგორაში ადრეც ყოფილხარ?-მხოლოდ იმიტომ ჰკითხა საბრინამ, რომ სიჩუმე ძაბავდა.
სებასტიანმა იქამდე არ გასცა პასუხი, ვიდრე ვაგონიდან არ გავიდნენ და გასასვლელისკენ არ გაემართნენ.
-რიომაგორა ჩემი მშობლიური ქალაქია, საბრინა. აქ ყველა ქუჩას, ყველა კუთხესა და ყველა კენჭს ბრმად ვიცნობ. მანაროლაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც გალიაში. თქვენს ქალაქში მუდმივად გავრბივარ და ვიმალები. არავის ვენდობი და ყველაფერს ვამოწმებ. აქ კი ნებისმიერი გამვლელი ჩემი ოჯახია. ადგილი, სადაც დავიბადე, ისეთს მიღებს, როგორიც ვარ. ის ჩემს შეცვლას არასდროს ცდილობს, რაც არ უნდა ჩავიდინო, ტალახში არ მსვრის. ჩემი განდევნის ძალა მას არ აქვს. ალბათ, სასაცილოა, მაგრამ მიხარია, რომ დღეს ამ ყოველივეს ჩემთან ერთად შენც გაიზიარებ. შენ ერთადერთი მანაროლელი ქალი ხარ , საბრინა, ვისთან ერთადაც რიომაგორას ქუჩებში სეირნობა შესაძლებელია.-დასასრულს ხმა შეეცვალა სებასტიანს და საბრინამ მის ტუჩებზე რაღაც ღიმილისმაგვარი შენიშნა.
-ვერ დავიჯერებ!-გაცინება სცადა საბრინამ.-შენი ცხოვრების დიდ ნაწილს მანაროლას მიწაზე ატარებ და ვითომ ჩემზე ახალგაზრდა და მშვენიერი ქალიშვილი ვერავინ ნახე, აქ რომ წამოგეყვანა?
-არ უარვყოფ, ყოფილა ასეთი, თუმცა მასთან შეხებისას მისი დაბერებული, დამჭკნარი კანი ვიგრძენი... მოფერებისგან, სხვა კაცის ალერსისგან... მისი გონება, გამომშრალი და გამოფიტული, ჩემს აზრებს ხელს ჰკრავდა... ცოცხალი მხოლოდ თვალები ჰქონდა, ანთებული და ლტოლვით გაბრწყინებული... ამგვარ ქალებთან ერთად კი რიომაგორაში მოგზაურობა კი არა, მანაროლის საუკეთესო ღვინის სმაც არ ღირს... გესმის ჩემი?
საბრინას ყურთასმენა დახშობოდა. უკან გახედვას ვერ ბედავდა. არ უნდოდა სადმე მიქელე დაელანდა. ახლა მის ნახვას სიკვდილი ერჩივნა. სინანულს გრძნობდა, ენით აღუწერელ სინანულს, რომელიც მთელ შიგნეულობას უწვავდა და უმდუღრავდა. ასე გაგრძელება აღარ შეეძლო. ბოლო უნდა მოეღო ამ სირცხვილისთვის. თვალები დახუჭა და თქმა დააპირა. რაც უნდა მომხდარიყო, ეს უნდა გაეკეთებინა. ახლა და არც ერთი წუთით გვიან...
-ცდები, სებასტიან, იცი...-სიტყვები თავისით გამოუფრინდნენ პირიდან, მაგრამ სებასტიანმა მხრებზე ხელები წაავლო და გააჩუმა.
-არ ვცდები, საბრინა! გენდობი ისე, როგორც ჩემნაირ კაცს შეუძლია ეს! მე შენი მჯერა და მინდა შენც ირწმუნო ჩემი სიტყვების...-გრძნობით წამოიძახა მან და თითები ფაქიზად ჩამოაცურა ქალის მკლავებზე.

^^^
უკვე რა ხანია სიახლე წევრის სტატუსით არ დამიდია.
''სეზამმა'' დაიგვიანა ჩემი გადატვირთული გრაფიკის, მუზების რაოდენობის სიმცირის და სხვა პირადული მიზეზების გამო, რის გამოც ბოდიშს გიხდით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს გახსენებია და მოუკითხავს..
ველი თქვენს შეფასებებს, თუ კიდევ შემორჩა ამ რომანს მკითხველები...
თუ პასუხი უარყოფითია, შემდეგ თავს აქ აღარ განვათავსებ.
უყვარხართ სოფიკოს
და მადლობელია თავისი ერთგული მკითხველების!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent