შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [წიგნი მეორე] (18+) სრულად!!!


3-07-2018, 20:53
ავტორი ჰაიკო
ნანახია 924

წყურვილი [წიგნი მეორე]  (18+)  სრულად!!!

თავი 1

მუხის ხის მძიმე მაგიდასთან ორი მამაკაცი იჯდა, ერთი იყო მხარბეჭიანი, მხრებზე დაყრილი ქერა თმით, ჟღალი წვერით და გამსჭვალავი ცისფერი თვალებით, მის მოპირდაპირედ იჯდა შავგვრემანი სიმპათიური მამაკაცი, სასტიკად მომზირალი წყვდიადივით შავი თვალებით, მკაცრი, დემონური გამომეტყველებით, ორივე მამაკაცს თითქმის ერთნაირად ეცვა, შავი ზედა, შავი შარვალი და მძიმე, ქუსლმოღრეცილი ჩექმები, მხრებზეც ერთნაირი-შავი მოსასხამები მოეგდოთ დაუდევრად.
- ლუციუს, - ამბობდა შავგვრემანი მამაკაცი, - ახლა სისუსტის გამოჩენის დრო არ არის, ჩვენ თითქმის ბოლომდე გავანადგურეთ ისინი..
- ცდები, კოვაქს, - მიუგო ქერა მამაკაცმა, ელეგანტური მოძრაობით ჯიბიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო, ტუჩებზე მიიდო და კვლავ ჯიბეში ჩაიდო, - ამ მოქმედებას სისუსტის გამოჩენაარ ჰქვია...დროა დავიოკოთ სისხლის და შურისძიების წყურვილი და შედარებით ცივილიზებული ნაბიჯებით ვცადოთ პრობლემის აღმოფხვრა.
კოვაქსად წოდებულმა ზიზღით ჩაიცინა, მისი სახე უკიდურეს გამძვინვარებას გამოხატავდა, ის ფეხზე წამოდგა და ზურგზე ხელებდაწყობილმა მძიმე ჩექმების ბრაგა-ბრუგით გაიარ-გამოიარა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, ბოლოს მაგიდის წინ შესდგა და ქერას ჯიუტი მზერა მიაპყრო.
- შეცდომას ვუშვებთ, დღეს შეიძლება ისინი დაგვთანხმდნენ და ზავის პირობები მიიღონ, - თქვა მან ხაზგასმით, - მაგრამ ეშმაკმა იცის, როდის ამოქმედდებიან კვლავ, ჩემი მოსაზრება შეიძლება არაცივილურია, მაგრამ სამაგიეროდ ასპროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ მომავალში მსგავსი სისხლისღვრა აღარ განმეორდება, - ის მაგიდას დაეყრდნო, წინ გადაიხარა და ქერა მამაკაცს დაჟინებით მიაცქერდა, - ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ისინი სიტყვას შეასრულებენ.
- მით უარესი მათთვის, - სიბნელიდან წარმოთქვა მესამე ხმამ, რომელიც ეკუთვნოდა ფანჯარასთან, მაგიდისკენ ზურგშექცევით მდგომ მაღალ, ათლეტური აღნაგობის მამაკაცს, რომელიც ლუციუსის და კოვაქსის მსგავსად გამოწყობილიყო, - ის შემობრუნდა და ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა მაგიდას. ეს იყო დაახლოებით ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, მძლავრი აღნაგობით, შავგვრემანი სახით, შავი თმით და მელანქოლიური შავი თვალებით, სწორი ცხვირი და მტკიცე ნიკაპი მის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებდა, ერთადერთი, რაც მის უსაშველოდ სიმპათიურ გარეგნობას შავ ზოლად გასდევდა, ეს იყო საშინელი ნაიარევი, რომელიც მარცხენა თვალის კუთხიდან იწყებოდა, ჩამოსდევდა ლოყას და ყურის ბიბილოსთან მთავრდებოდა.
- მარკუს, - სწრაფად მიუბრუნდა მას კოვაქსი, - შენც ფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ზავის დადება ერთადერთი გამოსავალია?
მარკუსმა ნელა გადააქნია თავი.
- არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი, - მშვიდად და მტკიცედ თქვა მან, - ჩვენ პირველყოფილები ვართ და ჩვენი ძალა განუზომელია, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია დავხოცოთ ისინი, ყველა, - მარკუსმა პაუზა გააკეთა, - მაგრამ კოვაქს, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
კოვაქსს პასუხი არ გაუცია, უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და სკამზე ჩამოჯდა.
- რას გვთავაზობ, მათ-ამ ბინძურ ძაღლებს თავი დავუხაროთ?
- მე ლუციუსს ვეთანხმები, - თქვა მარკუსმა ურყევად, - შევთავაზოთ მათ ზავი, ვნახოთ, რას იტყვიან, ამიტომაც მოვიწვიეთ ისინი აქ.
თითქოს მისი სიტყვების დასტურად, კარზე კაკუნი გაისმა.
- სამნი არიან, - სწრაფად თქვა კოვაქსმა, - თქვენ დაელაპარაკეთ, არ მინდა ინსტინქტებმა მძლიოს, - ის უხმოდ განმარტოვდა ოთახის მიყრუებულ, ჩაბნელებულ კუთხეში.
ლუციუსის მოპატიჟების შემდეგ, ოთახში შემოვიდა სამი მამაკაცი. ერთი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ადამიანი იყო, შეშინებული გამოიყურებოდა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და დანარჩენი ორის ზურგს უკან ყოფნას ცდილობდა, მან სასოწარკვეთით დაუქნია თავი მომღიმარე პირველყოფილებს და დანარჩენი ორის მსგავსად მაგიდასთან დაიკავა ადგილი.
- დარწმუნებული ვიყავი, ბოგდანი პატივს დაგვდებდა და თავად გვესტუმრებოდა მოლაპარაკებაზე, - ცივად თქვა ლუციუსმა.
- მის მაგივრად ჩემთან მოგიწევთ შეთანხმება, - თავხედურად თქვა ერთ-ერთმა მამაკაცმა და ფრთხილი მზერით გახედა მარკუსის მოღუშულ სახეს, მასზე ბევრი სმენოდა.
- კარგი, - დასთანხმდა ლუციუსი, - თქვენი ნებაა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, თუ თავად ბოგდანი დაგვესწრებოდა... მოკლედ, ჩვენ გვინდა ზავი შემოგთავაზოთ.
მგელკაცმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- ზავი? მას შემდეგ, რაც თქვენ ჩაიდინეთ? მას შემდეგ, რაც თითქმის მთელი კლანი გაანადგურეთ? სასაცილოა...
- თქვენ ჩვენს წინააღმდეგ იარაღი არ გაგაჩნიათ, - მკაცრად ჩაერთო მარკუსი და მაგიდაზე ფოლადივით მტკიცე თითები აათამაშა, - ეს ომი თუ გაგრძელდა, თქვენი სრული განადგურებით დასრულდება, იფიქრეთ ამაზე.
სტუმრებს პასუხი არ გაუციათ, ერთმანეთს გადახედეს, პირველყოფილი მწარე სიმართლეს ამბობდა.
- გირჩევთ, მიიღოთ ჩვენი პირობები, - თქვა ლუციუსმა, - სხვა შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება თქვენთვის.
- თუ ზავს დავდებთ, - ჩაერია ნერვიული მამაკაცი, ქალაქის საიდუმლო საბჭოს წევრი, - ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს.
- კერძოდ? - იკითხა მარკუსმა.
- სალემიდან უნდა წახვიდეთ, პირველყოფილებიც და ვამპირებიც.
მარკუსმა ბოროტად ჩაიცინა.
- მაქციებზე რას იტყვით? - თითით ანიშნა მგელკაცზე.
- ჩვენ და ბოგდანის ხალხი ერთმანეთს არ ვეომებით.
- მართლა? - გაწელა ლუციუსმა, - ახლა ჩვენი პირობები მოისმინეთ : ომი შეწყდება, ვამპირები წავლენ ამ ქალაქიდან, - მან მკაცრად გახედა ვამპირთა წარმომადგენელს, რომელიც კრძალვით შეჰყურებდა, - მაქციები ტყეს დაუბრუნდებიან, საიდუმლო საბჭო კი დაიშლება, ყველა ბედნიერად და უზრუნველად იცხოვრებთ, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ზავის პირობები სრულდება, იმ დღესვე დავტოვებთ სალემს.
სტუმრები ჩაფიქრდნენ.
- და თუ არ დავთანხმდებით ზავის პირობებს? - იკითხა მგელკაცმა.
- მაშინ უკლებლივ ყველას დაგხოცავთ, ვამპირებსაც და მაქციებსაც, - დამცინავი ხმა მოისმა და სიბნელიდან ავად მომზირალმა კოვაქსმა გამოაბიჯა, - თქვენი კლანები გაქრება და სალემიც აღიგვება პირისაგან მიწისა.
- ეს ულტიმატუმს ჰგავს, - გააპროტესტა საიდუმლო საბჭოს წარმომადგენელმა.
- თქვენ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვთ, - თვალი თვალში გაუყარა მარკუსმა, - მოსაფიქრებლად სამ დღეს გაძლევთ, ამ ვადის ამოწურვისას თუ თქვენი პასუხი არ გვეცოდინება, ჩვენ მოქმედებას დავიწყებთ, კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონებო, - მარკუსმა თავი დაუკრა სტუმრებს და ამით აგრძნობინა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო.
- დამიჯერეთ, - თქვა კოვაქსმა ნიშნისმოგებით, როდესაც სტუმრები წავიდნენ, - საიდუმლო საბჭო ადამიანებისგან შედგება და შეიძლება შიშის გამო დაგვთანხმდნენ ზავზე, ასევე ვამპირებიც-მათთვის ჩვენ ნახევრად ღმერთები ვართ, მაგრამ მაქციები, - უკვდავმა პაუზა გააკეთა, - მათ ბუნებას ვერ შეცვლი მარკუს, ისინი არასდროს დაივიწყებენ ჩვენს მიერ დაღვრილ თანამოძმის სისხლს, წლები გავა, შეიძლება საუკუნეებიც და ისინი დაელოდებიან, მოთმინებით დაელოდებიან მომენტს, როდესაც უკანასკნელ, სასიკვდილო დარტყმას მოგვაყენებენ.
- შესაძლებელია მართალი ხარ, - მიუგო მარკუსმა, - მაგრამ დღესდღეობით ეს საუკეთესო გამოსავალია.
ლუციუსი წამოდგა, კედლის ბარიდან ბოთლი გამოიღო და ჭიქებში ჩამოასხა.
- არაყი, - თქვა მარკუსმა და გამჭვირვალე სითხე შეათვალიერა, - ცეცხლოვანი წყალი, როგორც კონორი უწოდებს.
ლუციუსმა და კოვაქსმა ჩაიცინეს, სამივე პირველყოფილმა ღიმილით მოიყუდა ცეცხლოვანი წყლით სავსე ჭიქები.

*****
თბილი საღამო იდგა, ნიავი ოდნავ არხევდა ფოთლებს. მარკი და მია ხელიხელჩაკიდებულნი მისეირნობდნენ ქუჩაში. ხალხი გარეთ გამოფენილიყო, მათ საკუთარ ეზოებში მოეკალათებინათ, სხვადასხვა ყოველდღიურ საკითხზე მსჯელობდნენ, ჩამავალი მზის სხივებს მიფიცხებოდნენ და უდარდელად შეექცეოდნენ ლუდს, ჩაის და სხვადასხვა სასმელს.
- მარკ, დღეს საკუთარ თავს არ ჰგავხარ, - ამბობდა გოგონა და ბიჭს დაკვირვებული თვალით შეჰყურებდა, - იმედია ისევ ოჯახში არ მოგსვლია უთანხმოება.
- არა, - ყოყმანით თქვა მარკმა, - მამაჩემთან მგონი ცოტა დავალაგე ურთიერთობა...შევამჩნიე, რომ ის მართლა ცდილობს ჩემთან დაახლოებას, მაგრამ ეს ჩემთვის ადვილი არაა, ხომ გესმის? - მარკმა გოგონა შეაჩერა, მხრებზე ხელები დააწყო და თვალებში ჩახედა.
- მესმის, - გულწრფელად უთხრა გოგონამ, - რთულია მამად მიიღო ადამიანი, რომელიც მხოლოდ ახლახანს გაიცანი, რა თქმა უნდა შენს მხარეს ვარ და თანაგიგრძნობ, მარკ, მაგრამ ის მამაშენია და არ შეიძლება მთელი დარჩენილი ცხოვრება მის დასჯაში გაატარო.
- ასეა, ვიცი, - თქვა მარკმა, მიას კვლავ ხელი ჩაჰკიდა და მუხების ხეივანს გაუყვნენ, აქ სალემის ადმინისტრაციული საზღვარი მთავრდებოდა, მაგრამ არ მთავრდებოდა ხეივანი.
- შენს მშობლებს როდის გამაცნობ? - გაიღიმა გოგონამ.
მარკმა ჩაიცინა, პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ მათ გვერდით შერიფ კრამერის საპატრულო პიკაპი ამოუდგათ და მისი უხეში ხმაც გაისმა.
მარკი და მია შეჩერდნენ და შერიფს მიესალმნენ.
- გამარჯობა, ბავშვებო, - მანქანიდან გამოსძახა შერიფმა, - ხომ არაფერს აფუჭებთ?
- არა, ბიძაჩემო, - მიუგო მარკმა და მიას ხელი გადახვია, - მია, გაიცანი, შერიფი კრამერი, შერიფო კრამერ, იცნობდე-მია ჯეკსონი.
შერიფმა ძველმოდურად მიიტანა ორი თითი ფართოფარფლიან ქუდთან.
- მის ჯეკსონ, ქალაქის საზღვარს გამოცდენიხართ, ამ ვაჟბატონმა ხომ არ მოგიტაცათ? შემიძლია დავაპატიმრო...
ამ სიტყვებს მიას ხმამაღალი კისკისი მოჰყვა.
- საჭირო არაა, შერიფო, სიტუაციას ვაკონტროლებ.
- კარგი, მაშინ მე წავალ, მეტს აღარ მოგაცდენთ, - შერიფმა მიას თავი დაუკრა, მარკს ფარულად ცერა თითი აჩვენა, აქაოდა შენი არჩევნით კმაყოფილი ვარო და მანქანა ძრავის ღმუილით დაძრა.
მიამ ღიმილით გააყოლა თვალი.
- კარგი ადამიანი ჩანს, მასზე შენგან ბევრი მსმენია.
- ჰო, - უბრალოდ დაეთანხმა მარკი, - ძალიან უხიაგი ხასიათი აქვს, მაგრამ დათვივით კეთილია.
ამასობაში ისინი ხეივანსაც გასცდნენ და მიყრუებულ კვარტალში გავიდნენ, მარკს ხასიათი გამოუკეთდა და მიასთან მხიარულ საუბარში ჩაერთო. არცერთს არ შეუმჩნევია ორი მამაკაცი, რომლებიც ფარულად აედევნენ, მიამ და მარკმა ვიწრო ქუჩაზე შეუხვიეს და თავისდა მოულოდნელად ჩიხში აღმოჩნდნენ, მათ უკან გამობრუნება დააპირეს, მაგრამ ამ დროს პირისპირ შეეჩეხნენ ორ უცნობს, რომლებიც ვიწრო ჩიხიდან ერთადერთ გასასვლელს კეტავდნენ.
- ბიჭებო, - მიმართა მარკმა და მია სწრაფად ამოიყენა ზურგსუკან, - ფული არ გვაქვს, შეგიძლიათ ჩვენი მობილური ტელეფონები წაიღოთ.
- ფული? რომელ ფულზეა აქ საუბარი, - ჩიხის მეორე მხრიდან წარმოთქვა სხვა ხმამ. მარკი სწრაფად შეტრიალდა და დაინახა კიდევ ორი უცნობი, რომლებიც ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ.
- ალყაში ვართ, - სინანულით გაიფიქრა მარკმა, მია ხელისკვრით კედელთან მიაგდო, წინ აეფარა და საჩხუბრად მოემზადა, ფიზიკურად სულაც არ იყო სუსტი და კოლეჯშიც ჩხუბისთავის სახელი ჰქონდა გავარდნილი, მაგრამ ოთხ მოწინააღმდეგესთან გამკლავება მის ძალებს აღემატებოდა.
- ჩვენ აქ ფულისთვის არ მოვსულვართ, - დაიღრინა ერთ-ერთმა და ალესილი ეშვები გამოაჩინა, თვალები კი სისხლით აევსო.
მიას ამის დანახვაზე შიშისგან ენა წაერთვა, უმწეოდ ჩააფრინდა მარკს მაისურში და პირზე ხელი აიფარა, რომ არ წამოეკივლა.
- მია, თვალები დახუჭე, - ჩუმად თქვა მარკმა.
- ვინ...ესენი ვინ არიან...
- ვამპირები, - ბოღმით თქვა მარკმა, მათთან შედარებით საკუთარი უძლურება აცოფებდა, ნანობდა, სეირნობაში რომ გაეპარათ მანძილი და ასე დაშორდნენ დასახლებულ ადგილებს. მიხვდა, რომ მას და მიას ვეღარაფერი უშველიდათ.
- ვამპირები? - ჩამწყდარი ხმით ამოთქვა გოგონამ, კვლავ თვალებგაფართოებული მისჩერებოდა თავისი ფანტაზიებიდან გაცოცხლებულ სისხლისმსმელ ურჩხულებს.
- კონორმა გადმოგცა, რომ ძალიან წუხს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, - თქვა ერთ-ერთმა ვამპირმა, მარკს საყელოში სწვდა და ყელში ჩასაფრენად მოემზადა.
- მისამართი შეგეშალათ, მეგობრებო, - წარმოთქვა ძალიან ნაცნობმა, მტკიცე და ცინიკურმა ხმამ. მარკის წინ მდგარი, თავდასხმისთვის გამზადებული ვამპირი უჩინარმა ძალამ ადგილს მოსწყვიტა და აგურის კედელს შეახეთქა, წამზე უსწრაფესად კი მარკისკენ და მიასკენ ზურგშექცევით მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი იდგა, წყვდიადივით შავი თვალებით და ირონიულად იღიმებოდა.
- უკვე მომბეზრდა ძიძის როლში ყოფნა, ბიჭუნა, - უკანმოუხედავად თქვა მან, ხელები მოიფშვნიტა და მოჭუტული თვალებით გახედა ოთხ ვამპირს, რომლებიც ნახევარწრედ შემორტყმოდნენ მათ და თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.
- კოვაქს, - სიხარულით თქვა მარკმა, - შენ აქ ხარ...და ჩვენ გვეხმარები?
- რა თქმა უნდა, - მიუგო კოვაქსმა, - ნუ ჩაერევი, რამე რომ დაგემართოს, ლუციუსის ბუზღუნის მოსმენა კიდევ ორას წელიწადს მომიწევს, ასე რომ, შეგიძლია მაყურებლის როლით დაკმაყოფილდე და ისიამოვნო...მის ჯეკსონ, უმორჩილესად გთხოვთ, კედლისკენ შებრუნდეთ, მაინცდამაინც სახარბიელო სანახაობას ვერ შეგპირდებით.
ამასობაში თავდამსხმელებმა შეამჩნიეს მოწინააღმდეგის თითზე მოელვარე გვირგვინოსანი ბეჭედი და შეყოყმანდნენ. ისინი კოვაქსს გარეგნობით არ იცნობდნენ, მაგრამ ეს ბეჭედი ბევრ რამეზე მეტყველებდა.
- მეგობარო, - მიმართა ერთ-ერთმა ვამპირმა, - შენთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, შენს გზაზე წადი, ჩვენ კი იმას გავაკეთებთ, რისთვისაც მოვედით.
- სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში თქვენი და ჩემი ინტერესები ერთმანეთს კვეთს, - დამცინავად მიუგო კოვაქსმა, ძვირადღირებული კოსტიუმი სწრაფად გაიხადა და ფრთხილად მიაწოდა მარკს.
- შენი მოკვლა არ გვინდა, - დაიღრინა ისევ მან, ვინც რამოდენიმე წუთის წინ გამოელაპარაკა კოვაქსს.
- მეგობარო, - მიმართა კოვაქსმა, - ვამპირის მიერ პირველყოფილის შესაძლებლობების შეუფასებლობა უეჭველ სიკვდილს უდრის.
ამ სიტყვების გაგონებაზე ვამპირებმა შეშფოთებით გადახედეს ერთმანეთს, აქამდე ეგონათ, რომ ეს ბეჭედი მხოლოდ უცხო თვალის მოსატყუებლად იყო.
- შენ...რა გქვია?
- ვწუხვარ, - ბოროტად გაიღიმა კოვაქსმა და ვამპირები მისი ელვისებური ტრანსფორმაციის მომსწრენი გახდნენ, თავზარდაცემულებმა შენიშნეს როგორ ჩამოეზარდა საშინელი ეშვები, ლოყებზე სისხლძარღვები დაებერა, ხოლო თვალები სისხლის ტბებს დაემსგავსა.
- ჯანდაბა, - აღმოხდა თავდამსხმელ ვამპირთა მეთაურს და უკან დაიხია, - პრიმუმი...
კოვაქსმა დემონური ხმით გადაიხარხარა და გაქრა, ის წამის მეასედში გაჩნდა ერთ-ერთი ვამპირის უკან, ერთი ხელით ყელში სწვდა, მეორეთი-თმაში და სანამ დანარჩენები რეაგირებას მოასწრებდნენ, მოგლეჯილი თავი ნელა გაგორდა ვამპირთა წინამძღოლის ფეხებისკენ. გადარჩენილებმა თვალი ვერ შეასწრეს, ისე უცებ ამოგლიჯა გული მეორე ვამპირს ამ საშინელ დემონად ქცეულმა არსებამ და ღიმილით დახედა. დანარჩენი ორი ვამპირი კედელზე ახტა თავის გადასარჩენად, მაგრამ კოვაქსი მათზე გაცილებით სწრაფი იყო, მან ღობეს წაწვეტებული ფიცარი მოამტვრია და ერთ ვამპირს გულში გაუყარა, მეორეს კი მკერდში უძლიერესი დარტყმა მიაყენა, კედლიდან დაბლა გადმოაგდო და თაზე წამოადგა.
- ვფიქრობდი, - გაწელა მან მშვიდად, - ცოცხალი გამეშვი, დანარჩენების ჭკუის სასწავლებლად, მაგრამ... - ის ყელში სწვდა მის ფეხებთან დაცემულს და თვალებში ჩააშტერდა, - ვინ გიბრძანათ ამ ბიჭის მოკვლა?
- კონორმა, - დაიხრიალა სუნთქვაშეკრულმა და თვალებგადმოკარკლულმა უკვდავმა, - კონორმა...მან იცის რომ მარკუსის სული მასშია...ნუ მომკლავ, გევედრებით...
კოვაქსმა შეუბრალებლად გააქნია თავი.
- ამ ბიჭზე თავდასხმით თქვენ უკვე გამოუტანეთ საკუთარ თავს განაჩენი, - მან სწრაფი დარტყმით მკერდი შეუნგრია, გული ამოაცალა და გვერდით დაუდევრად მიაგდო, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ღიმილით გახედა აკანკალებულ მიას და თვალებგაფართოებულ მარკს, რომელმაც პირველად იხილა მისი სისწრაფე და ძალა.
კოვაქსი მარკს მიუახლოვდა, კოსტიუმი ჩამოართვა და ჩაიცვა, შემდეგ პორტსიგარი ამოიღო და სიგარეტს მოუკიდა.
- გვითვალთვალებდი?
- გიცავდი, - უკმეხად შეუსწორა კოვაქსმა და მიას გახედა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო შოკიდან.
- რას გვიპირებ?...მან ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა, - მიაზე ანიშნა მარკმა, - მისთვის რამის დაშავების უფლებას არ მოგცემ, ჯერ ჩემი მოკვლა მოგიწევს.
კოვაქსმა ჩაიცინა და სიგარეტის ფილტრი ქუსლით მიასრისა ასფალტს.
- მართლა ასეთი ურჩხული გგონივარ, ამის მოსაგვარებლად საკმაოდ ადვილი გზა არსებობს.
- შთაგონება, - მიხვდა მარკი, - მიდი, ოღონდ ფრთხილად.
კოვაქსმა მოუთმენლად დაუქნია თავი, მიას მიუახლოვდა, საფეთქლებში ხელი მოჰკიდა, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. გოგონა გაუცნობიერებლად ემორჩილებოდა.
კოვაქსმა თვალები დახუჭა და თითქოს ჩაფიქრდა, რამოდენიმე წამის შემდეგ გოგონას ხელი შეუშვადა განზე გადგა.
- მზადაა, მას მხოლოდ მანამდე ახსოვს, სანამ ამ ჩიხში მოხვდებოდით. ახლა კი, წადით აქედან და ფრთხილად იყავით...არ დაგავიწყდეს, რამდენიმე დღეში პასუხს ველოდებით.
მარკმა თავი დაუქნია, გახევებულ გოგონას ხელი მოჰკიდა და სწრაფად გაიყვანა კოვაქსის მიერ მოწყობილი სასაკლაოდან.
მათი წასვლის შემდეგ კოვაქსმა ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.
- ლუციუს...მე ვარ... რა თქმა უნდა, სადაც მე ვარ, იქ ყოველთვის ყველაფერი რიგზეა, ბიჭზე ნუ ღელავ, - მან ღიმილით გათიშა ტელეფონი, ჯიბეში ჩაიცურა და ვამპირების გვამებს მზერა შეავლო..

თავი 2

ჩიხში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ მარკმა მია სასწრაფოდ მიაცილა სახლამდე, გამოემშვიდობა, მანქანაში ჩაჯდა და ტბის პირას გასწია, სადაც ლუციუსს დაუთქვა შეხვედრა, მაგრამ რადგან ტბა და მისი მიმდებარე ტყე ისტორიულად მაქციათა კლანის ტერიტორიად ითვლებოდა და საერთო სიტუაციაც ასე მოულოდნელად დაიძაბა, ლუციუსმა ტბასთან შეხვედრა გადაიფიქრა, მარკის გვერდით მოთავსდა სავარძელზე, საზურგეს მიეყრდნო, სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრდა.
- ტბა გამოვრიცხეთ, - მარკმა და ოდნავ შეანელა სვლა, - სად მივდივართ?
- ჩემთან, - თვალები არ გაუხელია, ისე მიუგო ლუციუსმა, მის მოღუშულ სახეს რომ ჰკიდა თვალი, მარკი მიხვდა, რომ სიტუაცია აშკარად საგანგაშო იყო. ნელ-ნელა აცნობიერებდა, როგორ სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ის და თავისი შეყვარებული სიკვდილს გადაარჩინა შეშლილმა დემონმა, პირველყოფილმა, რომელიც საკუთარ თავს კოვაქსს უწოდებდა, ძვირფასი კოსტიუმით დაიარებოდა და სალემის მოსახლეობის მდედრობითი ნაწილის თვალში თუ გულში ნელ-ნელა ბადებდა გარყვნილ გრძნობებს.
- შენთან? - მარკი შესამჩნევად აღელდა, წარმოიდგენელი რამ ხდებოდა, მას საკუთარ სახლში ეპატიჟებოდა ათასწლოვანი უკვდავი ვამპირი.
- გპირდები, კუბოები არ დაგხვდება და არც ადამიანთა გვამებს ვინახავ მაცივარში, - ღიმილით თქვა ლიციუსმა, რომელიც მშვენივრად მიხვდა მარკის ღელვის მიზეზს.
- კარგი, საით მივდივართ? - მარკმა დამშვიდება სცადა და "ქემელს" მოუკიდა.
ლუციუსის მითითებით, მარკი სალემს დაახლოებით ოცი მილით გასცდა, გზიდან გადაუხვია, ტყიან გორაკებს შორის მიმავალი დაკლაკნილი ვიწრო გზა გაიარა და მიადგა პატარა მდელოს, რომელსაც ყველა მხრიდან ტყე შემორტყმოდა, ხის კენწეროები ერთმანეთს იმდენად გადახლართვოდა, რომ მზის სხივი ძალიან ძნელად აღწევდა, ირგვლივ მხოლოდ სიმშვიდე, სიწყნარე და მყუდროება სუფევდა, ბუნების ამ იდილიას მხოლოდ შორიახლოს მოჩხრიალე პატარა ნაკადული არღვევდა. მდელოს შუაგულში პატარა ხის სახლი იდგა, ერთი შეხედვით ძალიან ძველი, კედლებს სურო მოსდებოდა და თითქმის ჭერამდე მიეღწია. ვერანდაზე, სადაც მიწის ზედაპირიდან სამსაფეხურიანი კიბით შეიძლებოდა მოხვედრა, თხილის წვრილი ტოტებისგან დაწნული სარწეველა სავარძელი იდგა. სახლის მთელი ექსტერიერი მხოლოდ სიმყუდროვეს და სისუფთავეს გამოხატავდა.
- სამოთხეში ცხოვრობ? - ირონიულად გახედა მარკმა ლუციუსს.
- არა, მე უკვე გამომაძევეს იქიდან, - ასევე დაცინვით უპასუხა ლუციუსმა.
საღმრთო წერილების თანახმად, როდესაც "განთიადის ვარსკვლავი"-ლუციფერი ღმერთს აუჯანყდა, ღმერთმა ის სამოთხიდან გამოაძევა, მას შემდეგ ლუციფერი-დაცემული ანგელოზი, კაცობრიობის მტერი გახდა, ჩვენ მას მრავალ სახელს ვეძახით-ლუციფერი, ეშმაკი, სატანა, ეს ერთიდაიგივე პიროვნებაა.
ლუციფერთან შედარებისას მარკს გაეცინა, ლუციუსის სახელი, თუ ისტორიის მკვლევართა გარკვეულ კატეგორიას ვენდობით, სწორედ ლუციფერიდან მოდის, სახელმა საუკუნეების განმავლობაში ფორმაცია განიცადა და "ლუციფერიდან" "ლუციუსად" ჩამოყალიბდა.
მარკი ნელა ავიდა ვერანდაზე და სარწეველა სავარძელს ხელი გადაუსვა, სავარძელზე გაცრეცილი და ყდაგაცვეთილი წიგნი იდო, მარკმა აიღო და დააკვირდა, ეს იყო სუნ ძის "ომის ხელოვნება". მარკმა მოწონებით დააქნია თავი, უფრო და უფრო მოსწონდა ეს ქერა ვამპირი, რომელიც გაცილებით ცივილიზებულად გამოიყურებოდა, ვიდრე მას ფილმებში ჰყავდა ნანახი.
- ომის სტრატეგია, - თქვა ლუციუსმა, - და ფილოსოფია, - ის ნელა ამოვიდა კიბეებზე და მარკს წიგნი ჩამოართვა, - სუნ ძის ოდნავ სახეშეცვლილ ტაქტიკას დღესაც იყენებენ, ოცდამეერთე საუკუნეში.
- დიახ, - თავი დაუქნია მარკმა და ვერანდაზე, სარწეველა სავარძლის მოპირდაპირედ მდგარ დივანზე ჩამოჯდა.
ამ დროს სახლის ხის კარი ჭრიალით გაიღო, გამოჩნდა შუახნის ქალი, შოკოლადისფერი თმით და ასეთივე ფერის თვალებით. ლუციუსს თავის დაქნევით ღიმილით მიესალმა, შემდეგ მზერა მარკზე გადაიტანა და რომ არა ლუციუსის ელვისებური რეაქცია, საინზე დაწყობილი ყავის ჭიქები ალბათ ხელიდან გაუვარდებოდა. ქალი თვალებგაფართოებული შესცქეროდა მარკს, ნელა მიუახლოვდა და ხელი ლოყაზე შეახო, შემდეგ შუბლზე და ნიკაპზე მიმოატარა, დაბლა ჩამოაცურა და მკერდს შეეხო, გარშემო შემოუარა, ყველა მხრიდან დაათვალიერა მარკი.
მარკმა უხერხულობა იგრძნო, მაგრამ არ განძრეულა, მაშინვე შეამჩნია ქალის მარცხენა ხელის არათითზე მბრწყინავი გვირგვინოსანი ბეჭედი.
ქალმა დაამთავრა მარკის დათვალიერება, ორი ნაბიჯი უკან გადადგა, კიდევ ერთხელ შემოხედა მარკს და კვლავ გაოცებით გადააქნია თავი.
- ჯანდაბა....ასეთი ფიზიკური მსგავსება? - თქვა მან, - წარმოუდგენელია, ყველაფერი ემთხვევა, გარეგნობა, სიმაღლე, აღნაგობა, თმის და თვალის ფერი...წარმოუდგენელია, - კიდევ ერთხელ გაიმეორა მან და მარკს ღიმილით გაუწოდა ხელი, - მე რებეკა მქვია, სასიამოვნოა შენი გაცნობა.
მარკმა ხელი ჩამოართვა, ქალს ძალიან თბილი და რბილი ხელისგული ჰქონდა, მისგან საოცარი სიმშვიდე მოდიოდა, მარკი უცნაურად მოითენთა.
- იმედია, ჩემს არყოფნაში არაფერი მომხდარა, - ტრადიციულად მაღალფარდოვნად მიმართა ლუციუსმა, უაღრესად დახვეწილი არისტოკრატული მანერებით მოიხარა წელში და ქალს ხელზე ეამბორა.
- რა თქმა უნდა, ლუციუს, - გაუღიმა ქალმა და ის და მარკი მომცრო მაგიდასთან მიიწვია.
ქალი როგორც კი ოდნავ მოშორდა, მარკმა მაშინვე იგრძნო გამოცოცხლება, სადღაც გაქრა სიმშვიდე და მოთენთილობა.
- ის... - გადაუჩურჩულა მარკმა ლუციუსს, როდესაც ქალი შაქრის გამოსატანად წავიდა.
- არა, - მიუხვდა ლუციუსი, - ის ვამპირი არ არის, არც პირველყოფილი და არც მაქცია.
- კარგი, - თავისუფლად ამოისუნთქა ქალის უცნაური აურით და გარეგნობით დაჰიპნოზებულმა მარკმა.
- სხვათაშორის, არც ადამიანია, - ჩაიცინა ლუციუსმა და ყავის ჭიქა აიღო, - ეს ქალი ზუსტად ისაა, ვინც მარკუსი სული ტრანსში გადაიყვანა.
- რებეკა, - მიხვდა მარკი, - მაგრამ...მოიცა, ჯადოქრებიც უკვდავები არიან?
- არა იმ დონის, როგორც ჩვენ, - დააზუსტა ლუციუსმა, - ჩემი გამოთვლებით და მათზე მრავალმხრივი დაკვირვებით, ყოველ ორას წელიწადში ისინი მხოლოდ ათი წლით ბერდებიან, ციფრები რათქმაუნდა ზუსტი არაა, მაგრამ არც დიდი ცდომილებაა.
- გასაგებია, - თავი დაუქნია მარკმა.
- ჩვენ კი, ვამპირები და პირველყოფილები, ფიზიკურ განვითარებას პირველივე ტრანსფორმირებისას ვწყვეტთ, ანუ ასე ვთქვათ ფიზიკურ დაბერებას ვწყვეტთ, მაგრამ გონებრივი განვითარება გრძელდება, ისევე, როგორც ადამიანში.
საუბარი გააწყვეტინათ ამ მოხდენილმა ქალმა, რომელმაც შაქარი მოიტანა და მარკის წინ ჩამოჯდა სარწეველა სავარძელზე.
- ლუციუს, - მიმართა ქერა ვამპირს, - ბიჭმა ალბათ ყველაფერი იცის, ხომ ასეა?
- დიახ, - ლუციუსს დაასწრო მარკმა, - ყველაფერი ვიცი და ისიც ვიცი, რომ მაქსიმუმ ზეგ გადაწყვეტილება უნდა მივიღო.
- ჩვენ არ გაჩქარებთ, - თქვა ლუციუსმა, - მაგრამ დრო არ ითმენს, კონორმა პირველი სვლა გააკეთა და როგორც მე და კოვაქსი ვვარაუდობდით, პირველი დარტყმა მარკუსზე იყო მიმართული.
- მარკ, - მიმართა რებეკამ, - მინდა იცოდე, რომ თუ შენ პირველყოფილების დახმარებას გადაწყვეტ, შენს სხეულში მარკუსის სულის გაღვიძება მომიწევს, ჩვენ უნდა მოვახდინოთ პირველყოფილის სულის და მოკვდავი ადამიანის სხეულის სინქრონიზაცია...
მარკმა ნერწყვი გადაყლაპა და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს.
ქალი ხვდებოდა, თუ რამხელა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა ბიჭი, ამიტომ ცდილობდა ისე ელაპარაკა, რომ არც ზედმეტად შეეშინებინა და თან სიმართლეც სრულად მიეწოდებინა.
- მარკუსი გარეგნობით ასე ძალიან მგავდა?
- წარმოუდგენლად, - თქვა ქალმა, - შენ მისი ზუსტი ასლი ხარ, ოღონდ დაახლოებით ათი წლით გაახალგაზრდავებული, დანარჩენი აბსოლიტურად ერთი ერთზე ემთხვევა ერთმანეთს..
- ალბათ ამიტომაც ამოირჩია მარკუსის სულმა მარკის სხეული, - ჩაურთო ლუციუსმა.
- ალბათ, - დაეთახმა რებეკა, - იდეალური შერწყმა ხომ ძლიერი სულის ძლიერ სხეულში ყოფნაა, თან როდესაც ეს სხეული გაჭრილი ვაშლივით ჰგავს შენს ყოფილ სხეულს.
- შემდეგ რა მოხდება? - იკითხა მარკმა, - ზუსტად მაინტერესებს.
ქალმა ლუციუსს გახედა, თითქოს თანხმობას სთხოვსო, უკვდავმა თავი ოდნავ დაუქნია.
- მარკ, პირველყოფილის გაღვიძების შელოცვები ძველ ეტრატებზე წერია, მაგრამ იქ არაფერია ნათქვამი კვლავ მათ დაძინებაზე, ანუ შელოცვით შეიძლება ადამიანის ცნობიერების და გულის გათიშვა, მაგრამ სამწუხაროდ პირიქით მოქმედება შეუძლებელია...პირველყოფილის დაძინება და ადამიანის კვლავ გამოღვიძება შეუძლებელია.
- ანუ მე სამუდამოდ მარკუსად დავრჩები, - თქვა მარკმა, თმები აიჩეჩა და ტყეს გახედა.
- სამწუხაროდ, - დაემოწმა ლუციუსი, - მაგრამ ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე, პრიმუმთა კლანის ყოფნა-არყოფნას თავი რომ დავანებოთ, სასწორზე ძალიან ბევრი რამე დევს.
- ვიცი, - ჩუმად თქვა მარკმა, - ანუ ახლობლებს უნდა დავემშვიდობო...
- ეს ჯერ არ ვიცით, - თქვა რებეკამ.
- რას ნიშნავს, არ იცით?
- პირველყოფილის გამოღვიძების რიტუალს პირველად ვატარებ, - ყოყმანით თქვა რებეკამ.
ამ დროს მათ მშვიდ საუბარს ახალი მონაწილე შემოუერთდა.
- წვეულება უჩემოდ დაგიწყიათ, - გაისმა ცინიკური ხმა კიბეებთან, ლუციუსი, მარკი და რებეკა სწრაფად შებრუნდნენ ხმის მიმართულებით.
კიბეებზე ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ამოდიოდა კოვაქსი, მან ლუციუსს გაუღიმა, მარკს ყურადღება არ მიაქცია, რებეკას კი მოლოდინით აღსავსე მზერით მიაჩერდა, და როგორც მარკს მოეჩვენა, თითქოს ოდნავ სიფრთხილითაც.
რებეკა ფეხზე წამოიჭრა, თვალებიდან ბრაზს აფრქვევდა, მან ორივე ხელი კოვაქსისკენ გაიწოდა და მარკისთვის უცნობ ენაზე წაიბუტბუტა რაღაც, რასაც მარკის გასაოცრად, უცნაური შედეგები მოჰყვა.
კოვაქსი მუხლებზე დაეცა, ხელები თავზე შემოიჭდო და დაიღმუვლა, შემდეგ გვერდულად დაეცა ვერანდის ფიცრულ იატაკზე, საფეთქლებიდან ხელები არ მოუშორებია, იკლაკნებოდა და მრისხანე ხმებს გამოსცემდა. მარკი თვალებგაფართოებული უცქერდა კოვაქსის უცნაურ მოქმედებებს და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ამ ყველაფერს ქალი აკეთებდა.
- საკმარისია, რებეკა, - ჩაახველა ლუციუსმა და მშვიდად მოსვა ყავა, - შენი ძალის დემონსტრირება ამ სიტუაციაში შეუფერებლად მიმაჩნია.
რებეკას მრისხანე მზერა არ მოუშორებია ძირს დაცემული შავგვრემანი უკვდავისთვის, ხელებიც კვლავინდებურად ჰქონდა გაწვდილი.
- ის მე თავს დამესხა, ლუციუს, - თქვა მან, - და მარკუსის სხეული გაანადგურა.
- კარგით რა, - ძლივს ამოთქვა ტკივილისგან მოგრეხილმა კოვაქსმა, - მე ხომ ის არ მომიკლავს, რებეკა, შენთან მომხდარი შემთხვევა კი შეგვიძლია გაუგებრობად ჩავთვალოთ, შეგვიძლია ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ბედნიერად ვიცხოვროთ, - კოვაქსი ასეთ მდგომარეობაშიც კი არ იშლიდა ირონიულ ტონს, რაც ლუციუსის ფართო ღიმილს იწვევდა.
- მე არ მითქვამს, რომ ის ამას არ იმსახურებს, - თქვა ლუციუსმა, - მაგრამ მან გააცნობიერა თავისი დანაშაული და ახლა ჩვენს მხარეზეა, - ლუციუსმა მხარზე დაადო ხელი ქალს, - რებეკა, შეგიძლია აპატიო მას?
ქალის სახეზე მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს, მაგრამ ბოლოს მაინც დაუშვა ხელები და ლუციუსს შეხედა.
- მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მთხოვ ამას, - თქვა მან და უემოციოდ გადაწვა სარწეველა სავარძელზე.
- მადლობა, - უბრალოდ მიუგო ლუციუსმა და სიგარეტს მოუკიდა.
კოვაქსი სწრაფად წამოდგა, კოსტიუმი ჩამოიფერთხა, საყელო შეისწორა, რებეკას შუბლშეკრულმა გახედა და ლუციუსის გვერდით დაიკავა ადგილი დივანზე.
- აქ რა მოხდა ამ წამს? - იკითხა მარკმა გაოცებით.
- რებეკას უნარი აქვს ჩვენს გონებაზე მოახდინოს მანიპულაციები, - აუხსნა ლუციუსმა, - მაგრამ მისი უნარი შეუზღუდავი არ არის, მას არ შეუძლია ჩვენი აზრების კითხვა, მაგრამ შეუძლია როგორც სიმშვიდის, ასევე ტკივილის ილუზია შეგვიქმნას, ეს მხოლოდ ილუზიაა, შთაგონება. ჩვენს გონებაზე ზემოქმედებით მას შეუძლია იმდენად ძლიერი ტკივილი მოგვაყენოს, რომ სრულიად ვკარგავთ ჩვენს უნარებს.
- მართლა? - პირი დააღო მარკმა.
- მართლა, - დაუდასტურა ქალმა, - ეს შენ საკუთარი თვალით ნახე. მაგრამ მე მხოლოდ ვამპირების გონებაზე შემიძლია ზემოქმედება, რადგან ისინი თავიდან ბოლომდე, ასი პროცენტით ზებუნებრივები არიან, ადამიანზე ჩემი უნარი არ ვრცელდება.
- მაქციებზე? - მოუთმენლად შეეკითხა მარკი.
- არც მაქციებზე, - თავი გააქნია რებეკამ, - ისინი ნახევრად ადამიანები არიან.
კოვაქსმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, აქამდე ჩუმად უსმენდა მარკის და რებეკას დიალოგს, მაგრამ ვეღარ მოითმინა.
- მომისმინეთ, მე კონორის გამოგზავნილი ვამპირები დავხოცე და იქვე ნაგვის ურნაში დავწვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მან ნიადაგი მოსინჯა.
- მართალი ხარ, - თავი დაუქნია რებეკამ, თითქოს აღარც ახსოვდა რამოდენიმე წუთის წინ კოვაქსს რომ სტანჯავდა, - სცენაზე ჯერ არ გამოჩენილან მაქციები, ქალაქის საიდუმლო საბჭო და თავად კონორი.
ლუციუსმა ყავის ჭიქა მაგიდაზე დადგა, ხელსახოცით ელეგანტურად შეიმშრალა ტუჩის კუთხეებჯ და ყურადღების მისაქცევად ჩაახველა.
- ჩემი აზრით, მას თავად მოუწევს მოქმედებებში ჩართვა.
- ასე გგონია? - მიუბრუნდა კოვაქსი, - კონორი ძალიან ცბიერია, ეს ჩვენ არ გვესწავლება.
- ის არავის ანდობს იარაღს, რითიც ჩვენი განადგურებაა შესაძლებელი, - დაბეჭდა მან და თითები გადააჯვარედინა, - მარკუსის გამოღვიძების შემდეგ, - მან ფრთხილად გახედა მარკს, - მარკუსის გამოღვიძების შემდეგ, თუ ის მანამდე ვერ მოახერხებს მის მოკვლას, ეცდება, რომ სათითაოდ და მოულოდნელად გამოგვიჭიროს, ერთდორულად სამის წინააღმდეგ მას შანსი არ აქვს.
კოვაქსმა კეფა მოიქექა, მოუთმენლად გაეთამაშა გვირგვინოსან ბეჭედს.
- ეს შეუძლებელია, - თქვა რებეკამ, - თქვენ სამნი ყოველთვის ერთად ვერ იქნებით, ეს უბრალოდ შეუძლებელია თქვენი და მარკის ცხოვრების განსხვავებული წესიდან გამომდინარე.
- გეთანხმები, - მიუგო ლუციუსმა, - ყველანაირად უნდა შევეცადოთ მარკის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მანამდე მაინც, სანამ ის გადაწყვეტს და მარკუსი გახდება, - ისე თქვა, თითქოს მარკი იქ არ მჯდარიყო.
- ამას მე გავაკეთებ, - თქვა კოვაქსმა და მარკს მიუბრუნდა, - შენი გოგო უსაფრთხოდა, ახლა ზუსტად მისი სახლიდან მოვდივარ...
მარკი გაცეცხლებული წამოვარდა ფეხზე.
- შენ...შენ მასთან სახლში იყავი?
კოვაქსმა ცივი მზერით შეხედა.
- რა თქმა უნდა, არა, რა სისულელეა, მე მას და მის სახლს ვუთვალთვალებდი, მის სიმშვიდეს და უსაფრთხოებას ვიცავდი...ის ხომ შენი გოგოა და ვიფიქრე მარკუსის გამოღვიძებაზე არ დაგვთანხმდებოდი, ის თუ უსაფრთხოდ არ იქნებოდა.
- ჰო... - ნელა თქვა მარკმა, როდესაც შავგვრემანი ვამპირის სიტყვები გაიაზრა.
- მარკ, წამოდი, აქაურობას დაგათვალიერებინებ, - სიტუაციის განმუხტვა სცადა რებეკამ, მარკს ხელი ჩაჰკიდა და ტყის სიღრმეში მოჩხრიალე ნაკადულისკენ წაიყვანა.
პირველყოფილებმა უხმოდ გააყოლეს მათ თვალი, შემდეგ ლუციუსმა დაკვირვებით შეათვალიერა კოვაქსის მოღუშული სახე. კოვაქსმა მისი მზერა იგრძნო, მაგრამ არ შეიმჩნია, რებეკას ჭიქას დასწვდა და ყავა მოსვა, ტყეს გაჰყურებდა.
ლუციუსი დუმილს აგრძელებდა და კვლავ გაფაციცებით აკვირდებოდა კოვაქსის სახეს.
კოვაქსი კი თითქოს უდარდელად მიირთმევდა ყავას და ლუციუსის მზერის იგნორირების მიზნით ხმადაბლა ღიღინებდა რაღაცას.
ლუციუსის მზერა აუტანელი გახდა.
- ჯანდაბა... - ვეღარ მოითმინა კოვაქსმა, ყავის ჭიქა ხმაურით დადგა და მთელი ტანით შემობრუნდა ლუციუსისკენ.
ქერა ვამპირი თვალებმოჭუტული გამომცდელად უმზერდა.
- რა? - ჩაეკითხა კოვაქსი, - ასე რატომ მიყურებ? - და მზერა მაშინვე აარიდა.
- ესე იგი შენ მის უსაფრთხოებას იცავდი ხომ? - ირონიულად ჩაეკითხა ლუციუსი.
- რა თქმა უნდა, - მტკიცედ უპასუხა კოვაქსმა.
- შენ ის ბიბლიოთეკაში ნახე, მას მერე ყოველ დღე უთვალთვალებ, ლანდივით დაჰყვები, სიკვდილისგან იხსენი...ოღონდ ნუ მეტყვი, რომ ამ ყველაფერს ამ ბიჭის გულისთვის აკეთებ...შენ შეიცვალე კოვაქს, - განაჩენივით თქვა ლუციუსმა.
კოვაქსს პასუხი არ გაუცია, კვლავ ტყეს მისჩერებოდა.
- ყველაფერს ნუ გაართულებ, - ხელი მხარზე დაადო ლუციუსმა და მის ხმაში თანაგრძნობის ნოტმა გაიჟღერა.
- არ ვიცი, რა მემართება, - მოულოდნელად ჩუმად თქვა კოვაქსმა და ლუციუსის გასაკვირად ამოიოხრა, - თითქოს თავს ვერ ვანებებ...მინდა ყოველ წამს ვხედავდე, ვიცავდე და მასზე ვზრუნავდე...ჯანდაბა, გიკვირს ხომ ამის მოსმენა ჩემგან?
- არა, - თავი გააქნია ლუციუსმა, - პირიქით, მიხარია, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ შენში კვლავ ცოცხლდება გრძნობები.
კოვაქსმა უცნაურად შეხედა, აშკარად არ ელოდა ლუციუსისგან ამის მოსმენას.
- მე ურჩხული ვარ, - თქვა ტკივილით აღსავსე ხმით, ლუციუსისთვის თვალი არ მოუშორებია, - ის, როგორც კოლეჯის დამფინანსებელს, ისე მიცნობს, რეალურად კი.... - მან ხელი ჩაიქნია და ცის შორეთს გახედა, თვალის კუთხიდან გამჭვირვალე წვეთმა გამოაღწია, ლოყას ჩამოჰყვა და ნიკაპთან შეჩერდა. ეს ლუციუსს არ შეუმჩნევია. კოვაქსმა ლუციუსისგან მალულად თითით აიღო მბრწყინავი წვეთი და გაოგნებული დააშტერდა.
- ჯანდაბა, - გაიფიქრა მან, - ეს რაღაა? ნუთუ...

თავი 3

....შავგვრემანმა, სიმპათიურმა მამაკაცმა ტუჩის კუთხიდან მდორე ნაკადულად ჩამომავალი სისხლი დაუდევრად მოიწმინდა და მსხვერპლს დახედა. მის ფეხებთან ოციდან ოცდახუთ წლამდე ბიჭი იწვა, ქერა თმა უწესრიგოდ ასჩეჩვოდა და მხრებზე დაჰყროდა, ნახევრადდახუჭულ თაფლისფერ თვალებში შიში და შეძრწუნება ჩაჰყინვოდა.
- იმედს ვიტოვებ, არ მოგიკლავს, - მეორე ოთახიდან გამოაბიჯა მაღალმა, მხარბეჭიანმა მამაკაცმა, რომელსაც ცისფერი რენტგენისებური თვალები და მკაცრი გამოხედვა ჰქონდა. მან ჯერ ძირს მწოლიარე შეათვალიერა დაკვირვებული მზერით, შემდეგ შავგვრემან მამაკაცს გახედა, რომელიც მთელი თავისი არსებით თვითკმაყოფილებას და შინაგან ძალას ასხივებდა. უსაშველოდ სიმპათიურ სახეზე წყვდიადივით შავი თვალები უელავდა.
- არ მგონია, - თქვა მან, ძირს დაიხარა და ბიჭს კისერზე ორი თითი მიადო, ერთხანს თვალებმოჭუტული აკვირდებოდა, შემდეგ წელში გასწორდა და ცისფერთვალებას ღიმილით გახედა, - ლუციუს, სჯობს ჩემი ნიჭის და თავშეკავების უნარის აღიარება დაიწყო.
ცისფერთვალებამ გაიღიმა, თუ მისი მკაცრად მოკუმული ტუჩების ოვალურ ფორმაში გადასვლას ღიმილი შეიძლება ეწოდოს.
- ჰო... - თქვა მცირე ხნის შემდეგ, - თუნდაც მოკვდეს, ჩვენ საკუთარ სინდისთან მართლები ვართ...მან იცოდა, რასაც აკეთებდა, - ის ნახევრად შებრუნდა მეორე ოთახისკენ, - რებეკა, ის უგონოდაა, - შემდეგ სმოკინგის შიდა ჯიბიდან ოქროს ძეწკვზე გამობმული ოქროსავე საათი ამოიღო და დააკვირდა, - ხუთი წუთი დარჩა თორმეტ საათამდე, დროა დავიწყოთ.
მეორე ოთახიდან გამოვიდა ქალი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის საზომებით მართლაც მშვენიერ არსებად შეიძლებოდა ჩაგეთვალათ, დაახლოებით ოცდახუთი წლის იქნებოდა, მაღლა აწეული შოკოლადისფერი თმა ვერცხლის სარჭით დაემაგრებინა, შავი კაბა ეცვა, რაც მშვენივრად ერწყმოდა მის ასევე შოკოლადისფერ თვალებს. ის ღიმილით მიუახლოვდა შავგვრემან მამაკაცს და ხელი გაუწოდა. შავგვრემანმა გრძელი, ორლესული დანა გაუწოდა, შემდეგ ცისფერთვალებას ანიშნა, მათ ძირს მწოლიარეს ფეხებში და იღლიებში ხელი მოჰკიდეს და ოთახის ცენტრში ნახშირით დახაზული ტოლგვერდა სამკუთხედის ცენტრში მოათავსეს, შემდეგ უხმოდ გადგნენ გვერდით.
- მასში პირველყოფილის შხამია, - გადაუჩურჩულა ცისფერთვალებამ შავგვრემანს, - რებეკა ძალიან ახალგაზრდაა ამგვარი რიტუალისთვის, როგორ ფიქრობ, შეძლებს ამას?
- ყველაფერზე ღელვა შენი შინაგანი ბუნებაა, - ჩაიცინა შავგვრემანმა, - ნუ ღელავ, ლუციუს, მას ყველაფერი გამოუვა.
ქალმა პატარა ჩანთა გახსნა, საიდანაც სამი თიხის ფიალა და შუშის თავდახურული პატარა კონტეინერები ამოალაგა.
- კოვაქს, - მიმართა ქალმა შავგვრემანს და ისიც მაშინვე მიუახლოვდა.
ქალმა დანა ხელისგულზე გადაუსვა და წანწკარით ჩამოდენილ სისხლს თიხის ფიალა შეუშვირა, იგივე გაიმეორა ცისფერთვალებასთანაც.
შემდეგ მესამე ფიალაში პირველყოფილების სისხლი ერთმანეთს შეურია და შუშის კონტეინერებს მოხსნა საცობები.
- ძალა, - იდუმალი ხმით თქვა ქალმა და ერთი-ერთი კონტეინერიდან ნაცრისფერი ფხვნილი სისხლით ნახევრადსავსე ფიალაში ჩაყარა, შემდეგ მეორე კონტეინერს დასწვდა, - სისწრაფე, - და ისიც ფიალაში ჩაუძახა.
- რას აკეთებს? - გადაუჩურჩულა კოვაქსად წოდებულმა ლუციუსს, ცისფერთვალება პირველყოფილს.
- ეს ფხვნილი "ვერცხლის ფიჭვის" ნაცარია, - დაუბრუნა ლუციუსმა და მხრები აიჩეჩა, - დანარჩენი მეც იმდენივე ვიცი, რამდენიც შენ.
- შთაგონება, - ქალმა მესამე კონტეინერში მოთავსებული ფხვნილიც სისხლს შეურია, შემდეგ დანა აიღო, სამკუთხედში მწოლიარეს მიუახლოვდა, დანა ნაცარგარეულ სისხლში ამოავლო და ბიჭს უცნაური იეროგლიფები ამოსჭრა ჯერ შუბლზე, შემდეგ ორივე ხელისგულზე.
- ეს რა ჯანდაბაა? - ვერ მოითმინა და კვლავ უჩურჩულა ლუციუსს კოვაქსმა.
ლუციუსს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მხრების აჩეჩვით შემოიფარგლა და კვლავ ქალის მოქმედებებს დააკვირდა.
ქალმა დანის წვერით მოურია ფიალაში მდგომ სითხეს, თან უცნაურად ბუტბუტებდა, შემდეგ ბიჭს ნახევრადგაღებულ პირში ჩაასხა, ხელები მკერდზე დააწყო და თვალები დახუჭა.
მისმა ბუტბუტის ხმამ ნელ-ნელა იმატა, ხმა უკვე მთელ ოთახში ისმოდა, ქალი წინ და უკან რიტმულად ირწეოდა და ბუტბუტს აგრძელებდა...მეორე ოთახის კარი ხმაურით დაიხურა და კვლავ გაიღო, მთელი სახლი შეზანზარდა, კედლებმა რყევა დაიწყო...
ბიჭის მკერდზე დაწყობილი ქალის ხელისგულებიდან უცნაური ცისფერი ტალღა გამოდიოდა და ბიჭის მკერდში უჩინარდებოდა. ქალი შეკრთა, ხელები აუცახცახდა, ბიჭის მკერდს ჩააფრინდა, გრძნობდა უხილავი ძალა როგორ ცდილობდა მისი ხელების მოშორებას, მაგრამ მთელი ძალით უძალიანდებოდა, სწრაფად იმეორებდა შელოცვას.
- რა ენაზე ლაპარაკობს? - დაინტერესდა კოვაქსი.
- ეს არამეულია, - მიუგო ლუციუსმა.
ამასობაში ბიჭის სხეული მთელი ნახევარი იარდით აიწია ჰაერში და ასე ლივლივებდა, თითქოს უწონად მდგომარეობაში, ეს რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ ბიჭის სხეული კვლავ იატაკზე დაეცა, კარმა შეწყვიტა ჭრიალი, სახლმა შეწყვიტა რყევა და ქალი წამოდგა, სახეზე უკიდურესი დაღლილობა აღბეჭდოდა, ის ლუციუსთან მივიდა და ძალაგამოცლილი ჩაეჭიდა მკლავში.
- კარგად ხარ? - ლუციუსმა ხელი შეაშველა.
- კარგად ვარ, - თავი დაუქნია ქალმა, - უბრალოდ მან მთელი ჩემი ენერგია შეისრუტა, - დასვენება მჭირდება...გირჩევთ, გაღვიძებისას აქ იყოთ, მის გვერდით და არსად გაუშვათ, სანამ გააცნობიერებს ვინ გახდა....
- ჯარედი ამას გაუმკლავდება, - დარწმუნებით თქვა კოვაქსმა და სიამაყით გახედა სამკუთხედში მწოლიარე სხეულს.
- იმედია, - თქვა ქალმა, - მე უნდა წავიდე, ის რამდენიმე წუთში გაიღვიძებს და ჩემი აქ ყოფნა არ შეიძლება.
- რა თქმა უნდა, - სწრაფად დაეთახმა ლუციუსი და კარამდე მიაცილა, სანამ ქალი გავიდოდა, ხელი მოჰკიდა და შოკოლადისფერ თვალებში ჩახედა, - რებეკა...მე.. მინდოდა მეთქვა...მოკლედ, ფრთხილად იყავი.
ქალმა თბილად გაუღიმა, თავი დაუქნია და კარებში გაუჩინარდა, მისი წასვლის შემდეგ ლუციუსმა სწრაფი ნაბიჯით გადმოკვეთა ოთახი და სამკუთხედში მწოლიარე ბიჭთან შედგა, სადაც კოვაქსი მუხლებზე იდგა და ყურადღებით დაჰყურებდა ბიჭის სახეს.
- შეხედე, - უთხრა მან ლუციუსს და ბიჭის შუბლზე ამოჭრილ იეროგლიფებზე მიუთითა, რომლებიც სწრაფად ხორცდებოდა მათ თვალწინ და იარების კვალიც კი აღარ რჩებოდა, - რებეკამ ყველაფერი სწორად გააკეთა, მის სხეულში ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და ძალიან მალე როგორც პირველყოფილი, ისე გაიღვიძებს...



******



კოვაქსი ბართან იჯდა მაღალ სკამზე, იდაყვებით დაყრდნობოდა და ფიქრებში წასულიყო, საფიქრალი კი იმაზე გაცილებით მეტი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს. არ უნდოდა, მაგრამ ლუციუსის სიტყვებს ეთანხმებოდა, ყველანაირად ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია ყოვლისმომცველი უცნაური გრძნობისკენ, რომელიც ყველა მხრიდან თავს ესხმოდა და უტევდა მის გაყინულ გულს და სხარტ გონებას, გოგო? სიყვარული? კოვაქსმა ჩაიცინა. ის ხომ პირველყოფილი ვამპირი იყო, ზებუნებრივთა სამყაროში ყველაზე ცნობილი სადისტი და შეუბრალებელი, მასზე არ მოქმედებდა ხვეწნა-მუდარა, ცრემლიანი თვალები, ყოველთვის იმას აკეთებდა, რასაც თვითონ თვლიდა სწორად და არავის აზრს ანგარიშს არ უწევდა. მან კვლავ ჩაიცინა და ვისკი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა, ცეცხლოვანმა სითხემ ყელი ჩაიარა და მკერდი გაუთბო. მან თავი გააქნია, მას არ სჭირდებოდა ეს ყველაფერი, არ უნდოდა ვინმე ჰყვარებოდა ან ვინმეს ჰყვარებოდა, არ დაუშვებდა ვინმეს შეეცოდებინა...მაგრამ...ნუთუ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მის შეხედულებებს ეს თითისტოლა გოგო დაანგრევდა, ვისაც ნორმალურად არც კი სცნობდა? ვისთან საუბარიც მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა? არა, ერთადერთი მიზანი, რაც მას თავისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში ჰქონია-ეს იყო მოკვლის დაუძლეველი სურვილი, სისხლის წყურვილი, ტკივილის მიყენების სურვილი, ის ყოველთვის ამას აკეთებდა და ამ საქმეში დიდოსტატი იყო, ახლა კი...კოვაქსმა ჩუმად შეიგინა და ბარმენს კიდევ ერთი ბოთლი ვისკი შეუკვეთა. "მე ასეთი ცხოვრება არ ამირჩევია", თითქოს თავის გასამართლებლად გაიფიქრა, "რა თქმა უნდა", - ეუბნებოდა შინაგანი ხმა, - " არ აგირჩევია, მაგრამ ამდენი მკვლელობები და დაღვრილი სისხლი ხომ შენი არჩევანია? "... კოვაქსმა კბილები გაახრჭიალა, სქელი შუშის ბოთლს ხელი მოუჭირა და ნამსხვრევებად აქცია, ხელისგულიდან სისხლმა გამოჟონა.
- სერ, - ჩუმად მიმართა ბარმენმა, - იქნებ...დღეისთვის საკმარისია?
კოვაქსმა ბოროტად ჩაიცინა, კვლავ ვიღაც ცდილობდა მისთვის ჭკუის სწავლებას. მან ხელისგულზე უკვე შეხორცებულ ნაიარევს თითი გადაუსვა და ბარმენს გახედა წყვდიადივით შავი თვალებით.
- ასე გგონია?
ბარმენმა გულუბრყვილოდ დაუქნია თავი.
- კარგი, - მოულოდნელად თქვა კოვაქსმა, ძლივს შეიკავა თავი, რომ ბარმენისთვის ეს უტვინო თავი არ წაეცალა, - ალბათ მართალი ხარ, - მან ოცდოლარიანი დააგდო და წასასვლელად ადგა, შემობრუნებისას კი შეეჩეხა ოცდახუთიოდე წლის ბიჭს, რომელსაც მოდური ვარცხნილობა ამშვენებდა, ქერა თმა ჰქონდა და თაფლისფერი თვალები, უცნაური ღიმილით გამომწვევად უყურებდა.
- ჯარედ, - დაიღრინა კოვაქსმა და მიმოიხედა.
ბიჭმა ბართან მაღალ სკამზე დაიკავა ადგილი.
- როგორც ვხედავ, შენს შექმნილთან შეხვედრა არ გახარებს, - ირონიულად თქვა ბიჭმა და ბარმენს მიუბრუნდა, - ერთი "სპრაიტი", თუ შეიძლება...შენ რას დალევ?
- შენთან ერთად არაფერს, - ცივად მიუგო კოვაქსმა, წასვლა გადაიფიქრა და სკამზე ჩამოჯდა, - აქ რას აკეთებ?
ჯარედმა "სპრაიტის" ქილა გახსნა.
- იმავეს, რასაც შენ, ვსეირნობ, აქაური ხედებით ვტკბები, ვისვენებ...შენც ხომ იგივეს აკეთებ, კოვაქს, თუ ვცდები? - ის კოვაქსისკენ გადაიხარა და თავლებში ღიმილით მიაშტერდა, - აქაურ საცოდავ გაზეთში ამოვიკითხე, რომ ვინმე მისტერ დარსიმ კოლეჯის დაფინანსება თავის თავზე აიღო, ჰოდა ვიფიქრე, წინა საუკუნეში ეს მისტერ დარსი ილინოისში აფინანსებდა კოლეჯს და უცებ აქ გაჩნდა, ყველაფერს მარტივად მივხვდი, კოლეჯი, მეცენატობა, მისტერ დარსი...ეს ხომ კოვაქსია-მეთქი, ამიტომ გამოვწიე აქეთ, ამ უბადრუკ ქალაქში, - ჯარედმა მონოლოგი დაასრულა და გამაგრილებელი სასმლის ქილა მოიყუდა, - ამას რა თქმა უნდა, სისხლი სჯობს, მაგრამ...
- ჩუმად, - კბილებში გამოსცრა კოვაქსმა და მიმოიხედა, - ვინმემ რამე რომ გაიგოს, ხომ იცი, ლუციუსი არ დაგინდობს.
- ლუციუსი? - სწრაფად შემობრუნდა ჯარედი, - ის აქ არის?
- არ იცოდი? - ირონიულად ჟღერდა კოვაქსის შეკითხვა.
- არა, მართლა არ ვიცოდი, - მიუგო ჯარედმა, - კოვაქს, შენი წყალობით მე პირველყოფილი ვარ და ამით დანარჩენ ვამპირებზე მაღლა ვდგავარ, გპირდები, კარგად მოვიქცევი, - მან გაიღიმა და შავგვრემან უკვდავს თვალი ჩაუკრა, - ესე იგი, ლუციუსიც აქაა...
- ჰო, - მოკლედ დაუდასტურა კოვაქსმა.
- რაღაც ხდება, ხომ? - ყურადღებით დააკვირდა ჯარედი, - სხვა შემთხვევაში თქვენ ერთდროულად ორივე ერთ ადგილას ვერ აღმოჩნდებოდით, არ მგონია, ეს უბრალო დამთხვევა იყოს.
- არა, არაფერი, - მიუგო კოვაქსმა უდარდელად, ბარმენს თავის დაკვრით დაემშვიდობა და წასასვლელად შებრუნდა.
- ჯანდაბა, - იყვირა ჯარედმა და ქილა დაბლა მოისროლა, - მე აქ კოლეჯში ჩარიცხვის აღსანიშნავად მოვედი, შენ კი ასე აპირებ მომილოცო? პასუხისმგებლობას ნუ გაურბიხარ...
კოვაქსს მხოლოდ სიტყვა "კოლეჯი" მოხვდა ყურში და ადგილზევე გაიყინა, მაშინვე გაიფიქრა, რომ ჯარედის მახვილ თვალს არ გამოეპარებოდა ამავე კოლეჯის მცირერიცხოვან სტუდენტთა შორის შოკოლადისფერთვალება მშვენიერი არსება. ის სწრაფად შემობრუნდა, ჯარედს საყელოში ჩაავლო ხელი და გარეთ გაათრია, დაწესებულების ავტოსადგომზე.
- უხეშობა რა საჭიროა, - თავი გაითავისუფლა ჯარედმა, - მაგრამ ეს ხომ შენი სტილია.
- ყურადღებით მომისმინე, - მრისხანე სახით გამოსცრა კოვაქსმა და ცხვირთან თითი დაუტრიალა, - კოლეჯს ახლოს არ გაეკარო, შეგიძლია მთელ სალემს გამოსჭრა ყელი, მაგრამ კოლეჯის სიახლოვეს თუ შეგნიშნე, იცოდე მოგკლავ...
- მართლა? - თავხედურად მიუგო ჯარედმა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, - ასეთი რა ხდება იმ კოლეჯში? თანაც, მე მხოლოდ სწავლა მაინტერესებს, - უცოდველი სახით დაასრულა მან.
კოვაქსს მოთმინება გამოელია, თვალები სისხლით აევსო, ეშვები წამიერად ჩამოეზარდა და ჯარედს ყელში სწვდა, ტუჩები ყურთან მიუტანა.
- შენ რა გაინტერესებს, ეს მე არ მაინტერესებს, - ჩასჩურჩულა, - უკანასკნელად გაფრთხილებ, იქაურობას არ გაეკარო, გასაგებია? - და ისე შეანჯღრია, ჯარედის კბილებმა კაწკაწი დაიწყო.
- გასაგებია, - ხელის კვრით მოიშორა ჯარედმა და თვალი გააყოლა, როგორ ჯდებოდა მანქანაში შავგვრემანი უკვდავი, - რაღაც შენს თავს არ ჰგავხარ, სად გაქრა ის შეუბრალებელი სადისტი, მე რომ ვიცნობდი? ეს აუცილებლად უნდა გავარკვიო, - თავის ქნევით თქვა მან და ბარში შებრუნდა, კოვაქსს, რასაკვირველია, მისი ბოლო სიტყვები არ გაუგონი, მანქანაში ჩაჯდომისთანავე ბოლომდე დააწვა აქსელერატორს და სალემისკენ გასწია, სწრაფად შევიდა ქალაქში, ერთ-ერთ მიყუჩებულ ქუჩაზე გააჩერა მანქანა და გზა ფეხით განაგრძო. მცირე ხნის შემდეგ გაჩახჩახებულ ორსართულიან სახლს მიაღწია, რომელსაც ერთ მხარეს ხეების რიგი ჩამოსდევდა, კოვაქსი ხეებს მოეფარა და სახლს გახედა. მეორე სართულის ფანჯარაში ადამიანის სილუეტი მოჩანდა, სავარაუდოდ გოგონა იყო, ის სარკის წინ იჯდა და შოკოლადისფერ გრძელ თმას ივარცხნიდა.
კოვაქსმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა, ერთხანს ზუმერს უსმენდა, შემდეგ ვიღაცამ უპასუხა.
- ჯარედი აქაა, სალემში, არ ვიცი აქ რას აკეთებს, მაგრამ გავარკვევ, - მიაყარა კოვაქსმა, აპარატი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა, შემდეგ ხის ტანს მიეყრდნო ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, გოგონას სილუეტი შეათვალიერა, თავი გააქნია და ამოიოხრა.

თავი 4

....მამაკაცს ცხენი ჩორთით მიჰყავდა, უნაგირზე წელგამართული იჯდა, ამაყად გადმოჰყურებდა ზემოდან, როგორც ზევსი-ოლიმპოს მთიდან, გლეხები, რომლებიც ურმით ეზიდებოდნენ ტყიდან შეშას, ცხენოსნის ჩავლისას გზის პირას ჩერდებოდნენ, ქუდს იხდიდნენ და თავის დაკვრით ესალმებოდნენ. მალე გზა გაილია, ის კოხტად მოწყობილ ეზოსთან მთავრდებოდა, ჭიშკრიდან მოხრეშილი ბილიკი მიდიოდა სახლამდე. მხედარი ცხენიდან ჩამოხდა, ღობეს საბელით გამოაბა და ჭიშკარი შეაღო. სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, მამაკაცმა მიმოიხედა, ეუცნაურა სიტუაცია, ასეთი სიწყნარე არასდროს ახსოვდა საკუთარ ეზოში, სადაც შვილები ფეხებში ებლანდებოდნენ და იქაურობას ჟრიამულით იკლებდნენ, ახლა კი...
მამაკაცმა, შავგვრემანი, სიმპათიური სახით და შავი თვალებით, სახლის შემოგარენი ფრთხილი მზერით მოათვალიერა და მარჯვენა ხელი ქამარში გარჭობილ მოკლე მახვილის ტარს დაასვენა, ამ დროს მისი ყურადღება სახლის კარების ჭრიალმა მიიპყრო, მამაკაცი შესდგა და დაძაბული მიაჩერდა.
სახლის კარები ძალიან ნელა გაიღო, გამოჩნდა წაბლისფერთმიანი ქალი, რომელიც პირქვე დაცემული გაჭირვებით მოფორთხავდა და სისხლის კვალს ტოვებდა, თეთრი პერანგი სისხლით შეღებვოდა.
- ღმერთო ჩემო, - აღმოხდა მამაკაცს, მახვილს ხელი შეუშვა, ქალთან მიირბინა და მის წინ მუხლებზე დაეცა, გაოგნებული და შეძრწუნებული სახით ათვალიერებდა სისხლში მოსვრილ, უკვე სასიკვდილო აგონიაში მყოფ ქალს და სახეზე ეფერებოდა.
- ელიზავეტა, ელიზ, ელიზ, - გაუთავებლად იმეორებდა მამაკაცი და ცოლს სახეზე ეფერებოდა, - რა... რა მოხდა.. ღმერთო... ბავშვები სად არიან... - მან შეშლილი სახით მიმოიხედა გარშემო და თვალი შეასწრო, სახლიდან როგორ გამოვიდა ორი მამაკაცი.
- კოვაქს, - უკანასკნელი ძალების დაძაბვით ამოიხრიალა ქალმა და სიტყვებს სისხლის შადრევანი ამოაყოლა, - კოვაქს...გაიქეცი...- და სამუდამოდ დახუჭა თვალები.
სახლიდან გამოსულები თავზე დაადგნენ უბედურ ცოლ-ქმარს და ღიმილით დაჰყურებდნენ.
- არასდროს მესმოდა ადამიანური გრძნობების, - თქვა ერთმა, საშუალო სიმაღლის, ერთიანად შავებში ჩაცმულმა მამაკაცმა.
- გეთანხმები, - მიუგო მეორემ, რომლის ჩაცმულობა, გარეგნობა და ხმის ტონი მის აღმატებულ მდგომარეობაზე მეტყველებდა, ხელთ უცნაურად მოჩუქურთმებული კვერთხი ეპყრა, მუქი ლურჯი მოსასხამი მოეგდო მხრებზე, უკან გადავარცხნილი ჭაღარაშერეული თმა მხრებზე ეყარა, მწვანე თვალები და შევერცხლილი წვერი ჰქონდა. მან წვერზე ნელა ჩამოისვა ხელი და ცოლის გაცივებულ გვამთან დამხობილმა მამაკაცმა თვალი შეასწრო მსხვილ ოქროს ბეჭედს, რომელსაც სამეფო გვირგვინის გამოსახულება ამშვენებდა.
- რა ვქნათ, გაბრიელ, ესეც მოვკლათ? - იკითხა შავოსანმა.
- ნუ იქნები მტარვალი, ნათანიელ, - ირონიული ღიმილით შენიშნა ლურჯმოსასხამიანმა და გვირგვინოსან ბეჭედს თითი გადაუსვა, - მე ის ძალიან მომწონს, მასში შინაგან ძალას ვხედავ...მეხსიერება წაუშალე და თან წამოიყვანე, ის პირველყოფილი უნდა გახდეს....



*******



კოლეჯის პირველი სართულის აღმოსავლეთის ფრთაში განლაგებული იყო კაფეტერია, სადაც სტუდენტებს ლექციებს შორის შესვენებისას შეეძლოთ წაეხემსათ. ახლაც, კაფეტერიაში ჟრიამული იდგა, სტუდენტები ჯგუფ-ჯგუფად იჯდნენ პატარა, სხვადასხვა ფერის ოვალურ მაგიდებთან. მიას და მის მეგობრებს ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დაეკავებინათ ადგილი, მაგიდაზე ნახევრადშეჭმული პიცა და კოკა-კოლის რამდენიმე ქილა იდგა. ჯესიკა რაღაც სასაცილო ამბავს ჰყვებოდა და დრო და დრო თვალს აპარებდა კაფეტერიის შორეულ კუთხეში მჯდარი ბიჭისკენ, რომელიც ორ თანამოსაუბრესთან ლაზღანდარაობით იქცევდა თავს.
- ჯეს, - მიმართა მიამ და კეის თვალი ჩაუკრა, - აქ ერთ ბიჭს ძალიან მოსწონხარ.
- ვის, იმ უცნობ სიმპათიურ ბიჭს, ახლახანს რომ გადმოვიდა? - იკითხა ჯესიკამ, - მოიცა, მგონი ჯარედი ჰქვია, ხომ?
კეის სახე შეეცვალა, ამოიოხრა და სკამის საზურგეს გადააწვა.
ჯესიკას მისი რეაქციისთვის იოტისოდენა ყურადღება არ მიუქცევია, გატაცებით აგრძელებდა ლაპარაკს ამ ახლადგადმოსულ ბიჭზე და მის გარეგან ღირსებებზე, თან ცოტა გაბრაზებული იყო მასზე, ის არ იყო ჩვეული უყურადღებობას, მაგრამ რატომღაც ეს ქერა, თაფლისფერთვალება ბიჭი საერთოდაც არ აქცევდა ყურადღებას.
ამ დროს კაფეტერიაში მაღალი, სიმპათიური, შავგვრემანი მამაკაცი შემოვიდა, წამიერად შესდგა, მაგიდებთან მსხდომთ სწრაფი მზერა მოავლო და კატისებური ნაბიჯით მიაშურა იმ ქერა ბიჭის მაგიდას. მისი დანახვისთანავე შესვენებაზე ჩამოსულ მდედრობითი სქესის ლექტორთა და სტუდენტთა ნახევარს ოხვრა აღმოხდა, ზოგმა თვალები დაუპარპალა, ზოგმა მისი ტუჩები გამობუშტა, ზოგმაც თმას დაუწყო წვალება მისი ყურადღების მისაქცევად. მაგრამ შავგვრემანი, ახოვანი მამაკაცი, წყვდიადივით შავი თვალებით, შეჩერებას არ აპირებდა, მან სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა კაფეტერია და ქერა ბიჭის და მისი მეგობრების მაგიდას მიადგა.
ქერას სახე შეეცვალა, მაგრამ იხტიბარი არ გაუტეხია. შავგვრემანი ირონიული ღიმილით მიესალმა მის მეგობრებს.
- ჯარედ, - თქვა მან და ქერას მიაპყრო მზერა, - მეგონა, შევთანხმდით, რომ აქ არ მოხვიდოდი.
- მისტერ კოვაქს, მე არაფერს ვაშავებ, - თქვა ჯარედმა და თვალი თვალში გაუყარა, - სანამ რამეს არ მაიძულებენ... რა ვქნა, ასეთი ხასიათი ჩამომიყალიბა ჩემმა გამზრდელმა, - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით დაამატა და თეთრი კბილები გააელვა.
ჯარედის მეგობრებს დანახვისთანავე არ მოეწონათ ეს საკუთარ თავში დაჯერებული უცნობი, რომელიც უძვირფასეს კოსტიუმს ატარებდა და დახვეწილი მანერებით გამოირჩეოდა. მათ აგდებულად ახედ-დახედეს კოვაქსს და ჯარედს მიუბრუნდნენ.
- ძმაო, მასთან პრობლემები გაქვს?
- შეგვიძლია დაგეხმაროთ, თუ თავი მოგაბეზრა, - ჩაიქირქილა მეორემ და იმავ წამს მხარზე კოვაქსის მძიმე ხელი შეიგრძნო.
- რამე პრობლემა გაქვს? - ფეხზე წამოდგა და პირისპირ აეტუზა კოვაქსს, მაგრამ მისმა უცნაურმა მზერამ და თვალებში გაელვებულმა ცეცხლმა დამთრგუნველად იმოქმედა მასზე, უხმოდ დაეშვა სკამზე და გაიტრუნა.
- დაბრძანდით, მისტერ კოვაქს, - ზრდილობად იქცა ჯარედი, - წავალ, შეკვეთას მოვიტან და მოვალ.
კოვაქსმა ერთხანს შეფიქრიანებული მზერით შეხედა, შემდეგ თავი დაუქნია და მაგიდას მიუჯდა.
რამდენიმე წუთი გავიდა, ჯარედის მეგობრები ხმას არ იღებდნენ, თვალს არიდებდნენ ამ უცნაურ მამაკაცს, რომლისგანაც აუხსნელ ძალას და საფრთხეს გრძნობდნენ.
- ჯარედი სად გაქრა ამდენ ხანს, - იკითხა ერთ-ერთმა.
კოვაქსი სანახევროდ შემობრუნდა სკამზე და მიას მაგიდას გახედა ფარული მზერით, კაფეტერიაში შემოსვლისთანავე შეამჩნია შოკოლადისფერთვალება გოგონა და მისი მეგობრები. მაგრამ ახლა მია მაგიდასთან არ ჩანდა, არც მისი ჯინსის ქურთუკი იყო გადაკიდული სკამის საზურგეზე, არ ჩანდა ასევე წითურთმიანი გოგონაც, რომელზეც უკვე მოეძიებინა ინფორმაცია კოლეჯის დამფინანსებელს და იცოდა, რომ მისი ისტორიული მტრის ქალიშვილი იყო.
ჯარედის, მიას და ჯესიკას გაუჩინარება არ შეიძლებოდა დამთხვევა ყოფილიყო, ჯარედი ძალიან, ძალიან ჭკვიანი იყო, ალბათ მან საიდანღაც მაინც შეძლო გაერკვია მარკუსის შესახებ, შემდეგ კი მიას და მარკის კავშირი დაადგინა, რასაც კოვაქსის და მისი შეხლა-შემოხლა დაერთო, და ჯარედიც ამოქმედდა.
ეს ყველაფერი კოვაქსმა ნახევარ წამში გაიფიქრა და ფეხზე წამოიჭრა, სწრაფი ნაბიჯით მიაშურა მიას მეგობრების მაგიდას, კეიმ იცოდა რეალურად რასაც წარმოადგენდა კოლეჯის დამფინანსებელი, ამიტომ ოდნავ შემკრთალი შეეგება.
- სად არიან მის ჯეკსონი და მის ო'ნილი? - დაძაბული ხმით იკითხა კოვაქსმა.
- არ ვიცი, - მიუგო კეიმ, - ქერა ბიჭი, ჯარედი მოვიდა, გაგვეცნო, შემდეგ მიას და ჯესიკას გასეირნება შესთავაზა...მიას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ჯესიკამ დაიყოლია..
კოვაქსს მეტი აღარ მოუსმენია, წამის შემდეგ უკვე კოლეჯის ავტოსადგომზე იდგა და ყურადღებით ათვალიერებდა გარემოს. არ იცოდა, რა მოდელის მანქანა ჰყავდა ჯარედს, ამიტომ მიას ციცქნა "ნისანს" დაუწყო ძებნა, მალევე იპოვა, რომელიც ჯესიკას პიკაპის გვერდით იდგა.
- ამის დედაც, - შეიგინა კოვაქსმა და ნერვიულად მოიწიწკნა წვერი, - ჯანდაბა...
- რა ხდება? - ზურგსუკან მოესმა კეის ხმა, რომელსაც კაფეტერია მიეტოვებინა და შეუმჩნევლად გამოჰყოლოდა.
კოვაქსი სწრაფად შემობრუნდა, გაუკვირდა კეის გამბედაობა, მაგრამ ისიც ხომ კრამერის გვარს ატარებდა, ამიტომ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. კოვაქსი ერთხანს მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა.
- ანუ ჯარედი, მის ჯეკსონი და მის ო'ნილი ერთად წავიდნენ?
- დიახ, - თავი დაუქნია კეიმ, - ეს რა, პრობლემაა?
- პრობლემაა, - დაიღრინა კოვაქსმა და კეიმ ერთბაშად სამი ნაბიჯით დაიხია უკან, მაგრამ კეი მარკის ბიძაშვილი იყო, საქმე კი მიას ეხებოდა, ამიტომ უნდა გაერკვია, რამ გამოიწვია შავგვრემანი უკვდავის უცაბედი გაღიზიანება და შეშფოთება.
- რა ხდება? - კეის დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ პასუხს მიიღებდა, მაგრამ...
- ჯარედია ჩვენი პრობლემა, - კოვაქსმა პაუზა გააკეთა და ეს "ჩვენ" კეის უცნაურად მოხვდა ყურში, მაგრამ უარესი გაოცება და შეშფოთება წინ იყო, - ის პირველყოფილია, როგორც მე, - დაასრულა კოვაქსმა.
- რა? - ორი ოქტავით მაღლა იკითხა კეიმ.
- პირველყოფილი ვამპირია, - გაიმეორა კოვაქსმა, - მართალია ჩემსავით ძლიერი ვერა, მაგრამ ჩვეულებრივ ვამპირზე ბევრად ძლიერია, მას მის ჯეკსონი და მის ო'ნილი ჰყავს, ესაა პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემა, ის უმართავი და ემოციურად გაუწონასწორებელია.
- მარკს უნდა დავურეკო, - მცირე ფიქრის შემდეგ თქვა კეიმ და მობილური მოიმარჯვა. იგივე მოიმოქმედა კოვაქსმაც.
დარეკვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თითქოს ციდან ჩამოვარდაო, ავტოსადგომზე ლუციუსი გაჩნდა, მცირე ხნის შემდეგ კი მარკიც მოგრიალდა მანქანით. ის სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, კოვაქსს მიეჭრა, მისი სახე უკიდურეს განრისხებას გამოხატავდა.
- შე , ეს ყველაფერი შენი ბრალია...
ლუციუსი მათ შორის ჩადგა, ერთი ხელი კოვაქსს მიადო მკერდზე, მეორეთი კი მარკის შეჩერებას ცდილობდა.
- კოვაქსი არაფერ შუაშია, - მკაცრად თქვა ლუციუსმა და მარკს თვალები დაუბრიალა, - ეს ყველაფერი ჯარედის ოინებია.
- მის შესახებ მე რატომ არაფერი ვიცოდი? - გაიქაჩა მარკი, მაგრამ ლუციუსს მტკიცედ ეჭირა, - მას მია ჰყავს...ჯანდაბა.
- ამ სიტუაციამდე არ მივიდოდით, დროულად რომ მიგეღო გადაწყვეტილება, - ავად დაიღრინა კოვაქსმა და შავ თვალებში ცეცხლი გაუკრთა.
- მოიცა, მოიცა, - ჩაერია კეი, - რაღაც ვერ გავიგე...რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი?
ერთხანს სიჩუმემ დაისადგურა.
- მე პირველყოფილი უნდა გავხდე, - კოვაქსისთვის თვალის მოუშორებლად თქვა მარკმა, - თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ.
კეიმ სულელური გამომეტყველებით დააღო პირი და ასე შეჰყურებდა მარკს, ბოლოს ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.
- მარკ, ჯანდაბა, არა...რა სისულელეს ამბობ? ამათ გადაგიბირეს ხომ?
- არა, - მარკი მანქანას მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა, - ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს, ამ წუთას მხოლოდ მიას უსაფრთხოება მადარდებს.
- ის შენი შხამითაა შექმნილი, - მიუბრუნდა ლუციუსი კოვაქსს, - იქნებ განვსაზღვროთ, რა სურს მას.
- გამორიცხულია, - კოვაქსს უცნაური მღელვარება ეტყობოდა, ყველანაირად ცდილობდა ამის დაფარვას, რასაც ადამიანების-კეის და მარკს ოსტატურად უმალავდა, მაგრამ ლუციუსის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარებოდა.
- დამშვიდდი, - ჩუმად გადაულაპარაკა ლუციუსმა, - მას ვიპოვით, არაფერი დაემართება.
- იმედია, - მიუგო კოვაქსმა, - იმედია, ჯარედს აზრიანობა ეყოფა და მას არაფერს დაუშავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი სიკვდილით მოკვდება.
ლუციუსს არაფერი უპასუხია, მოკლე, ჟღალ წვერზე ხელი ჩამოისვა და ამ დროს კოვაქსის მობილური აწკრიალდა. კოვაქსი მოშორებით გადგა, ტელეფონი ამოიღო, დახედა და მაშინვე იცნო ჯარედის ნომერი.
- შენ... - ნელა და მრისხანე ხმით წარმოთქვა კოვაქსმა, - თუ მათ რამეს დაუშავებ, იცოდე..
- კონკრეტულად რომელზე უფრო ნერვიულობ? - ირონიული ხმა მოისმა ტელეფონიდან, - წითურზე თუ შავგვრემანზე? რა რომანტიკაა, ვინ წარმოიდგენდა, მანიაკი, სადისტი კოვაქსი და ეს ლამაზი გოგონა... ჰა-ჰა-ჰა..
- რას ითხოვ? - კოვაქსს მთელი სხეული დაეჭიმა, პირში დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო, ახლა, ამ წუთას ჯარედი რომ ხელში ჰყოლოდა, დაუფიქრებლად დაანაწევრებდა.
- მინდა, რომ ლუციუსს ის მშვენიერი სარები მოპარო და მომიტანო, სამი დღის შემდეგ, გასაგებია? - უკვე ბოროტად ჟღერდა ჯარედის ხმა, - წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ ამ შავგვრემანი ანგელოზის მარჯვენა ხელს გამოგიგზავნი, შემდეგ მარცხენას, შემდეგ თავს...გასაგებია?
- რაში გჭირდება?
- ზედმეტ კითხვებს სვამ, - ტელეფონი გაითიშა.
კოვაქსმა კბილები გაახრჭიალა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
- რა ხდება? - ჰკითხა ლუციუსმა, რომელის სწრაფად უახლოვდებოდა, მიხვდა, ვინც ურეკავდა კოვაქსს.
კოვაქსს პასუხი არ გაუცია, ყოყმანობდა.
- არ მენდობი? - მოიღუშა ლუციუსი, - მეგონა, ერთმანეთში ყველა პრობლემა მოვაგვარეთ.
- რა თქმა უნდა, - ღრმად ამოისუნთქა კოვაქსმა და ყბა ნერვიულად აუტოკდა, -... მას სარები სჭირდება.
- რაო? - გაიკვირვა ლუციუსმა.
- სამი დღის შემდეგ, ანუ სავსე მთვარის მეორე დღეს.
- ჯანდაბა, - ლუციუსმა სიგარეტს მოუკიდა.
- ის მას მოკლავს, ლუციუს, - სწრაფად თქვა კოვაქსმა, - თუ სარებს არ მიიღებს.
- ზუსტად იმ დღეს, როდესაც მარკუსის გაღვიძებას ვაპირებთ, - ფიქრიანად თქვა ლუციუსმა, - ნეტავ რას გეგმავ, ჯარედ...
- და კონორიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, - დაამატა კოვაქსმა, - სარების გარეშე ვერ მოვკლავთ...ჯანდაბა.
- გამოუვალ სიტუაციაში ვართ, - თქვა ლუციუსმა, რომელიც ასეთი ფორსმაჟორული შემთხვევების დროსაც არ კარგავდა საღი აზროვნების უნარს, - თუ მიას უვნებლად არ დავაბრუნებთ, მარკი არ დაგვთანხმდება მარკუსის გამოღვიძებას, მარკუსი თუ არ გავაღვიძეთ, კონორთან და მის მოკავშირეებთან უშანსოდ ვართ.
- ასეა, - დაეთანხმა კოვაქსი და კვლავ აწკრიალდა მისი მობილური, ლუციუსმა სწრაფად ჩამოართვა.
- ჯარედ...
- ოჰო, თვით მრისხანე ლუციუსი, - დაცინვით თქვა ჯარედმა, - ჩემთვის მოულოდნელია კოვაქსის ტელეფონიდან შენი ხმის გაგონება, ეს ყველაფერი უფრო და უფრო საინტერესო ხდება, - მან გადაიხარხარა, - იცი, გოგონები უკვე ეზიარნენ მწარე სიმართლეს, ხომ მაგარია? უნდა გენახა მათი სახე, ლუციუს, განსაკუთრებით მის ჯეკსონის...ისე, უკვე შეამჩნიე, რომ მის ჯეკსონი ძალიან, ძალიან ჰგავს ჩვენს საყვარელ ჯადოქარს? ამაზე არ გიფიქრია? გირჩევ იფიქრო, - ტელეფონი გაითიშა.
ლუციუსმა ნელა დაუშვა ხელი, მისი ყინულივით ცისფერი თვალებიდან გაკვირვება გამოსჭვიოდა.
- რა ხდება? - ჰკითხა კოვაქსმა.
- არაფერი, - სწრაფად მიუგო ლუციუსმა და ტელეფონი დაუბრუნა, - მიამ და ჯესიკამ უკვე იციან, ვინც ვართ ჩვენ და რაც ხდება აქ, სალემში.
- მოვკლავ, - საშინელი ეშვები გააელვა კოვაქსმა.
- ამ ფაქტს მხოლოდ სიამოვნებით შევხვდები, - მიუგო ლუციუსმა ბოროტი ღიმილით და ხელში წითლად მოვერცხლილი სარი შეათამაშა, - ჩემი დახმარება დაგჭირდება...- მან მარკს გახედა, - მაგრამ მანამდე ბიჭი უნდა დავარწმუნოთ, რომ მარკუსის გამოღვიძება არ გადაიფიქროს..

თავი 5

ბოგდანის ტყისპირა სახლში სიჩუმე გამეფებულიყო, ისევე, როგორც ჩაბნელებულ ტყეში, სადაც ხანდახან ბუ თუ დაიკივლებდა ხოლმე მჭახე ხმით. ჩაბნელებულ ზეცას აქა-იქ მუქი ღრუბელი ფარავდა, რომელთა შორისაც დრო და დრო უზარმაზარი, სავსე მთვარე გამოანათებდა ხოლმე. სახლის ირგვლივ, ბუჩქნარში ხანდახან გაიელვებდა ხოლმე ყვითლად ანთებული თვალები-მაქციები სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცდაოთხსაათიან მეთვალყურეობას აწარმოებდნენ და ერთგულად იცავდნენ კლანის მეთაურს.
სახლის მეორე სართულზე, კორიდორში, ჯესიკას ოთახის წინ კედელზე მიყრდნობილიყო მაქციათა კლანის მეთაური, მისი მოადგილე კასტორი კი შორიახლოს იდგა და დაძაბული მზერით აყურადებდა ოთახიდან გამომავალ ხმებს.
- თითქმის უკვე შუაღამეა, - ბოგდანმა საათი შეამოწმა და ნერვიულად გახედა ფანჯრიდან მომზირალ ღამის მნათობს.
- იქნებ შევსულიყავით? - შესთავაზა კასტორმა, მთელი სხეულით თრთოდა, მიუხედავად იმისა, რომ კლანის ბეტა მაქცია იყო, თავშეკავების უნარით ძალზედ ჩამორჩებოდა მეთაურს, გრძნობდა, როგორ ედებოდა შინაგანი ცეცხლი, გრძნობდა საოცარი ძალის მოზღვავებას და ცდილობდა ყველანაირად შეწინააღმდეგებოდა იმ ფენომენის შემოტევას, რასაც მგელკაცებისთვის სავსე მთვარეობა ერქვა, ეს ბუნებრივი მოვლენა თვეში ერთხელ ხდებოდა, რა დროსაც მგელკაცები უზომო ფიზიკური ძალით ივსებოდნენ და რომ არა ბოგდანის განუსაზღვრელი ავტორიტეტი, ყოველ სავსემთვარეობისას სალემი უბედურების და ხოცვა-ჟლეტის ასპარეზად იქცეოდა.
- არა, - თავი გააქნია ბოგდანმა, - მან თავად უნდა გააცნობიეროს და იგრძნოს პირველი ტრანსფორმაციის ტკივილი.
- მისი მარტო დატოვება ძალიან საშიშია, - შეეპასუხა კასტორი.
- ის საკმაოდ გამძლე ჯაჭვებითაა დაბმული, - უპასუხა მშვიდად ბოგდანმა, - ამ ჯაჭვებს ყველაზე ძლიერი მგელკაციც კი ვერ გაწყვეტს, დამშვიდდი, ეს მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება, სანამ მთვარე ბოლომდე შეივსება, მერე კი შევალთ.
კასტორმა უხმოდ დაუქნია თავი და კორიდორში გაიარ-გამოიარა. ოთახიდან საწყალობელი ყვირილი და ძვლების მტვრევის ხმა მოისმა.
- ბოლო სტადია, - თქვა ბოგდანმა.
ოთახიდან გამომავალი ძვლების მტვრევის და ყვირილის ხმა საშინელმა, ცხოველურმა ყმუილმა შეცვალა და კასტორმა შეშფოთებით გადახედა ბოგდანს.
- შენ ყველაზე ხნიერი მაქცია ხარ ჩვენს შორის, ასეთი რამ ოდესმე მოგისმენია?
- არასდროს, - შეფიქრიანებული ხმით თქვა ბოგდანმა და ჩარაზულ კარებს ფრთხილად მიუახლობდა, - როგორც წესი, ისინი ყვირიან, ტირიან და ა.შ. მაგრამ ყმუილი? მის პირველივე სავსე მთვარეობისას?
ბოგდანმა კარის შეღება ვერ მოასწრო, შიგნიდან რაღაცის მტვრევის და შუშის მსხვრევის ხმა მოისმა და ყველაფერი ჩაწყნარდა.
- ჯანდაბა, - იყვირა ბოგდანმა და მხრით დაეტაკა კარს. ხის კარმა მისი დარტყმის ძალას ვერ გაუძლო, ანჯამებიდან ამოვარდა და ბოგდანი და კასტორი ჯესიკას ოთახში შეიჭრნენ, მათ თვალწინ უჩვეულო სანახაობა წარმოუდგათ.
საწოლი, რომელზეც გოგონა იყო დაბმული, ერთიანად დალეწილიყო, იატაკზე ავეჯის ნამტვრევები და მსხვილი ჯაჭვების ნაწყვეტები ეყარა, ფანჯრის შუშა ჩამსხვრეული იყო. ბოგდანმა გაგლეჯილი ჯაჭვი ხელში აიღო და გაოგნებული დააკვირდა, ასეთი რამ არასდროს ენახა, შემდეგ სწრაფად გაჩნდა ფანჯარასთან და ტყეს გახედა.
- ის ტყეში გაიქცა, - თქვა კასტორმა, - წავალ, ბიჭებს შევკრებ.
- არა, მოიცა, - შეაჩერა ბოგდანმა, - აზრი არ აქვს, ეს უაზრო რისკი იქნება, მას ალფას გარდა ვერავინ შეაჩერებს, თქვენ აქ რჩებით, ყველა, - მან ბოლო სიტყვა გამოკვეთილად მბრძანებლური ტონით წარმოთქვა, ფეხზე გაიხადა, ქურთუკი სკამზე დაუდევრად მიაგდო და სწრაფი მოძრაობით გაქრა ფანჯარაში.
.... ბოგდანი ტყეში მიჰქროდა, ძალიან სწრაფად, ტრანსფორმაცია არ გასჭირვებია, ის, როგორც კლანის ყველაზე ძლიერი მაქცია, ამას მხოლოდ რამდენიმე წამს ანდომებდა. სწრაფად და უშეცდომოდ მიჰყვებოდა მგლის სპეციფიკურ სუნს, რომლის გარჩევაც მხოლოდ მგელკაცებს შეეძლოთ, ას წელზე მეტი იყო გასული, რაც ამ ტყეში უკანასკნელად ნახეს ნამდვილი მგელი, მგელკაცების მუდმივად აქ ყოფნის გამო ისინი თანდათანობით გადაშენდნენ, ამიტომ იყო დარწმუნებული ბოგდანი, რომ ზუსტ კვალს მიჰყვებოდა-საკუთარი ქალიშვილის სუნს.
მცირე ხნის შემდეგ ბოგდანი მცირე მდელოზე შესდგა, თავი ოდნავ მაღლა ასწია და ჰაერი ცხვირით ჩაისუნთქა, მაქციის სუნის კვალი აქ მთავრდებოდა. ბოგდანმა მიმოიხედა. გვერდიდან რაღაცამ გაიფაჩუნა, ბოგდანმა მოტრიალება ვერ მოასწრო, გვერდიდან გრიგალივით დაეტაკნენ და მოისროლეს. ბოგდანმა ჰაერში რამდენიმე ბრუნი გააკეთა, მიწაზე მსუბუქად დახტა და ყრუდ დაიღრინა. მის წინ ახალგაზრდა მაქცია იდგა, წითური თმა მხრებზე სცემდა, სახის ლამაზი ნაკვთები სისხლით, ოფლით და ტალახით მოსვროდა, გაღებული პირიდან ეშვები მოუჩანდა, საიდანაც მდორედ ჟონავდა დუჟი, ხელები ოდნავ განზე გაეწია, თითებს წამახული კლანჭები აბოლოვებდა.
- ჯეს, გაჩერდი, - ბრძანა ბოგდანმა და ყვითლად მოელვარე თვალებში მიაშტერდა.
წითურთმიანმა მაქციამ დაიღრინა და ოდნავ მოიხარა წელში, ბოგდანი მიხვდა, რომ ჯესიკა თავდასხმას აპირებდა და მოემზადა.
- ჯეს, ეს მე ვარ, - კვლავ მიმართა ბოგდანმა, - ვიცი, რომ ჩემი გესმის.
ჯესიკამ ეშვები გაახრჭიალა და შემპარავი ნაბიჯით წამოვიდა ბოგდანისკენ. ალფა მაქციამ თავი დანანებით გააქნია და ამოიოხრა, არც ისე ადვილი აღმოჩნდა მაქცია-ქალიშვილის მოთვინიერება, ამიტომ მას ერთი გზა რჩებოდა, ალფა მაქციის მისტიკური ზემოქმედების უნარი უნდა გამოეყენებინა.
ბოგდანმა თვალები დახუჭა. მისმა სხეულმა და სახემ ტრანსფორმაცია დაიწყო, მკერდიდან ყრუ, შემზარავი ღმუილი ამოსდიოდა, სახის ნაკვთები შეეცვალა, გაუუხეშდა, თვალები ჩაუყვითლდა, მხრებში კიდევ უფრო გაიშალა, მაისურმა ვერ გაუძლო მისი სხეულის საოცარ ზრდას და ხმაურით გაირღვა, ბოგდანს ლოყებზე ბალანი გამოეზარდა, პირიდან კი ეშვებმა იწყო ჩამოზრდა, ისინი ოდნავ ჩამოსცდა ქვედა ტუჩს, ბოგდანი თითქოს სიმაღლეშიც გაიზარდა. ზუსტად ეს იყო კლანის ალფა მაქციის საოცარი უნარი. ჩვეულებრივ, როდესაც მაქცია ტრონსფორმირდებოდა, არ იცვლიდა სხეულის ფორმას, ეცვლებოდა მხოლოდ თვალის ფერი, ეზრდებოდა ეშვები და ფრჩხილები. ალფა მაქცია კი იზრდებოდა სიმაღლეში, მისი სხეული ტრანსფორმაციას განიცდიდა, ეზრდებოდა სხეულის კუნთოვანი ქსოვილი, ეცვლებოდა სახის ნაკვთები, ეშვები კი ჩვეულებრივ მაქციასთან შედარებით თითქმის ორჯერ გრძელი და საშინელი ჰქონდა.
ბოგდანმა ტრანსფორმაცია დასრულება ძლივს მოასწრო, რომ ჯესიკამ ნახტომი გააკეთა მისკენ.
- სდექ, - ჩაბნელებულ ტყეში ექოდ გაისმა ალფას მრისხანე, შემზარავი ღრიალი, ეს ხმა აბსოლიტურად განსხვავებული იყო ყველა სხვა მაქციის ხმისგან, ამ ხმას თითქოს თან საოცარი ძალა მოჰყვებოდა, ეს ხმა ვიბრირებდა და წითურთმიანი მაქციის ტვინის ყოველ კუნჭულში აღწევდა, ხელ-ფეხს უბორკავდა, ძალას აცლიდა და წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი მცდელობის სურვილს უკარგავდა.
ჯესიკა ძალაგამოცლილი დაემხო დემონ მგლად ქცეული კლანის მეთაურის წინაშე, შიშისგან თრთოდა, მიწამდე ჩაეხარა თავი და ვერ ბედავდა თვალებში შეეხედა მისთვის. მისი ტრანსფორმაცია დასრულდა. ახლა ჩვეულებრივ აზროვნებდა და კვლავ თვალწინ ედგა სცენა, რამდენიმე წამის წინ როგორ იხილა მოსიყვარულე მამის ალფად ტრანსფორმირება.
- ადექი, - უბრძანა ალფამ და ჯესიკა წამსვე დაემორჩილა.
ალფა შებრუნდა და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა ნელი ნაბიჯით. ჯესიკა თავჩაღუნული გაჰყვა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, კვლავ მისი ძალის ზემოქმედების ქვეშ იყო, გაუცნობიერებლად ემორჩილებოდა მის ყოველ ბრძანებას და უცნაურ, დამთრგუნავ აურას.
სახლს მიაღწიეს. კასტორი უმალ მათ წინ გაჩნდა და საწოლის გადასაფარებელი შიშველ მხრებზე მოახურა გოგონას. ჯესიკამ თვალებით გადაუხადა მადლობა და არეული ნაბიჯით მიაშურა კიბეს.
ბოგდანი წამიერად გარდაისახა, კასტორის მოტანილი ქურთუკი გადაიცვა და სიგარეტს მოუკიდა, შემდეგ კმაყოფილებით გახედა ბეტა მგელკაცს.
- დამთავრდა, - თქვა მან, - ის უკვე მაქციაა. ახლა ემოციების კონტროლი უნდა ვასწავლოთ, ამას კი შენს გარდა ვერავის ვანდობ.
კასტორს თვალები გაუბრწყინდა და სწრაფად დაუქნია თავი.
- მე მივხედავ, - აღუთქვა და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა სახლს.
....ჯესიკა ძილში შფოთავდა, ხანდახან შეხტებოდა ხოლმე. მის სიზმარში წინა დღეს მომხდარი მოვლენები ფილმის კადრებივით ცვლიდა ერთმანეთს.
....ის და მია ფიცრულ ფარდულში მიწაზე ისხდნენ, ზურგით მიყრდნობოდნენ კედელს, მიას თვალებში შიში ჩასდგომოდა. ჯესიკას მისთვის მაგრად ჩაეჭიდა ხელი და გოგონას დამშვიდებას ცდილობდა. უამრავი საშინელი სიახლე მოულოდნელად დაატყდათ თავს, მაგალითად ის, რომ ეს მომხიბლავი ქერა ბიჭი, ვინც მათ გასეირნება შესთავაზათ და შემდეგ გოგონები გაიტაცა, ვამპირი აღმოჩნდა, ასევე ვამპირი იყო კოლეჯის დამფინანსებელი მისტერ კოვაქსი. ჯესიკას საბედნიეროდ, ჯარედმა ბოგდანის და ჯესიკას კავშირი ვერ დაადგინა, ამიტომ ამაზე სიტყვა არ დაუძრავს. ჯარედი დამცინავი სახით შეეხო მარკსაც და კოვაქსსაც, მიას ირონიულად ჰკითხა, შენი ლამაზი ღიმილის მოსაპოვებლად ადამიანს უფრო მეტი შანსი აქვს თუ პირველყოფილ ვამპირსო. მიას თავში ათასი რამ უტრიალებდა, უჩვეულო რეალობის აღქმა უჭირდა, ვერ დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა.
ყველაზე მოულოდნელი კი ის იყო, რომ ჯარედმა ჯესიკა გაათავისუფლა, მას მხოლოდ მია სჭირდებოდა. გოგონა სახლში დაბრუნდა, მაგრამ მომხდარზე სიტყვა არ დაუძრავს, პრობლემები და საფიქრალი ისედაც თავზე საყრელად ჰქონდა, მომდევნო ღამეს ხომ ის მაქცია უნდა გამხდარიყო...



******



დაცარიელებულ ბარში მაგიდას ლუციუსი, რებეკა და მარკი უჯდნენ. კოვაქსი იქვე ბოლთას სცემდა შეფიქრიანებული. საკუჭნაოში ბარის მფლობელი იწვა გაკოჭილი და პირაკრული.
- გაუგებარია, რატომ გაათავისუფლა ჯარედმა ჯესიკა, - თავისთვის თქვა ლუციუსმა.
- მის ჯეკსონი კი დაიტოვა, - უპასუხა რებეკამ, - ვფიქრობ, მან არაფერი იცის მარკუსის გამოღვიძებასთან დაკავშირებით ჩვენი გეგმები და არც ის იცის, რომ ჯესიკა ბოგდანის შვილია, ეს რომ სცოდნოდა, გაცილებით უარესად წავიდოდა საქმე.
კოვაქსი სასმელების ბარს მიუახლოვდა, ვისკის ბოთლს თავი მოხსნა და მოიყუდა. რამდენიმე მოზრდილი ყლუპის შემდეგ ტუჩები სახელოთი შეიმშრალა და მარკს გახედა.
- ასე უქმად ჯდომას და სასწაულის ლოდინს აზრი არ აქვს, - თქვა მან, - რამე უნდა მოვიფიქროთ...სწრაფად უნდა მიიღო გადაწყვეტილება.
მარკმა ნერვიულად მოისრისა საფეთქლები და სიგარეტს მოუკიდა.
- მას ასე ვერ მოვექცევი, - დაღლილი ხმით გაეპასუხა, - სანამ მარკუსად ვიქცეოდე, მიამ ყველაფერი უნდა იცოდეს...
- ჯანდაბა, - იყვირა კოვაქსმა და ვისკის ბოთლი კედელს შეახეთქა, - ჩვენი არსებობის საკითხს განვიხილავთ.
- კოვაქს, - ლუციუსი ელვის სისწრაფით დაუდგა წინ, როგორც კი კოვაქსის ემოციური მდგომარეობის ცვლილება შენიშნა, - ეს საკმაოდ რთული საკითხია..
- ვითომ? - შეეპასუხა შავგვრემანი პირველყოფილი, - ეშმაკმაც დალახვროს ეს დამპალი ქალაქი, ეს ბიჭიც და ის გოგოც, ლუციუს, რატომ უნდა გვადარდებდეს ეს ყველაფერი, როდესაც შეგვიძლია უბრალოდ ავდგეთ და აქაურობას გავეცალოთ?
- აზრი არ აქვს, - ლუციუსის მაგივრად უპასუხა რებეკამ, - ჩვენ ყველა, ამ ბიჭის გამოკლებით, ძალიან კარგად ვიცნობთ კონორს და მის ბუნებას, ის ვამპირებზე მონადირეა და არ მოგეშვებათ, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, დაპირისპირება აქ მოგიწევთ თუ სხვაგან? თან მარკს შეუძლია მარკუსის გამოღვიძებაში დაგვეხმაროს, მარკუსის გარეშე მათ ვერ დაამარცხებთ...
- ჩვენ ერთხელ უკვე დავამარცხეთ ისინი, - დაიღრინა კოვაქსმა და მაგიდას ბრაზით დასცხო მუშტი.
- რა თქმა უნდა, - არ დანებდა რებეკა, - მაგრამ მაშინ მარკუსი ცოცხალი იყო, თქვენზე კი პირველყოფილებზე დაგეშილი პირველყოფილი არ ნადირობდა.
ლუციუსმა შეატყო, რომ კოვაქსი ოდნავ დამშვიდდა, ამიტომ თავის სკამს დაუბრუნდა მაგიდასთან.
- ყველას უნდა გამოვემშვიდობო, - თქვა მარკმა უცებ, - არ ვიცი რად ვიქცევი, ამიტომ...
- ეს გამორიცხულია, - ცივად თქვა ლუციუსმა და მარკს თვალი თვალში გაუყარა.
- მაგრამ...
- არანაირი "მაგრამ", - დაიღრინა ლუციუსმა და მუქარით გადმოიხარა წინ, - ადამიანთა ის რაოდენობა, ვინც ჩვენს შესახებ და ამ ზებუნებრივ სამყაროზე იცის, საკმაოდ დიდია, საფრთხე იმისა, რომ ჩვენ გამოაშკარავების საფრთხის წინაშე დავდგებით-ძალიან დიდია, - ის კვლავ სკამის საზურგეს მიეყრდნო, - შენ თუ მაინც გააკეთებ ამას, იძულებული გავხდები ვამპირთა კოდექსის მიხედვით ვიმოქმედო.
მარკი შემკრთალი უსმენდა ქერა ვამპირს, მანამდე არასდროს გამოუცდია მისი დამთრგუნავი აურის ზემოქმედების უნარი, ახლა კი დაიჯერა, რომ პირველყოფილები მიზნის მისაღწევად არაფერს მოერიდებოდნენ.
- რას გულისხმობ? - ჩაეკითხა მარკი.
- რისკი საკმაოდ დიდია, - უემოციოდ უპასუხა ლუციუსმა და კოსტიუმის შიდა ჯიბიდან ამოღებული მოვერცხლილი სარი შეათვალიერა, - შენ შენს მშობლებს ეტყვი, ისინი თავიანთ მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და ა.შ. ჩვენს შესახებ მთელ სალემს ეცოდინება, ასეთ შემთხვევაში კი, - მან პაუზა გააკეთა და მარკს გახედა, - იძულებული გავხდები ყველა მათგანი დავხოცო.
- რა? - მარკი გაოცებული წამოვარდა ფეხზე, - შენ...შენ ხომ ასეთი არ ხარ.
ლუციუსი ელვისებური მოძრაობით ყელში სწვდა მარკს, წამის შემდეგ კი ბარის შორეულ კუთხეში კედელზე ჰყავდა აკრული და ცივი, მრისხანე მზერით ბურღავდა.
- შენ არაფერი იცი ჩემს შესახებ, - დაიღრინა მან, - არ იცი რა მაქვს ჩადენილი ამდენი საუკუნის განმავლობაში, შენ ჩემი ნამდვილი სახე არ იცი...მე შენ გაგაფრთხილე, ამას კი მხოლოდ ერთხელ ვაკეთებ, დამიჯერე, არც შენზე ამიკანკალდება ხელი, გასაგებია? - მან მძლავრად შეანჯღრია მარკი, როდესაც პასუხი ვერ მიიღო, - გასაგებია?
კოვაქსმა ჩაახველა და ფრთხილად მიუახლოვდა მათ.
- ლუციუს, დამშვიდდი...
- უკან, - დაიღრინა ლუციუსმა, სარი მოიმარჯვა და ჩასისხლიანებული თვალებით გახედა კოვაქსს.
კოვაქსმა სწრაფად შეაფასა მდგომარეობა, უხმოდ ასწია ხელები და დამნაშავე ბავშვის სახით გადგა გვერდზე. მან იცოდა, იცნობდა ლუციუსს-ვამპირთა "კანონის წიგნის" მცველს და დამნაშავეთა მსაჯულს, იცოდა რაოდენ სასტიკი და უმოწყალო ხდებოდა ხოლმე მთელ რიგ სიტუაციებში...
ლუციუსი კვლავ მარკს მიუბრუნდა.
- გასაგებია რაც ვთქვი?
- გასაგებია, - ამოიხრიალა სუნთქვაშეკრულმა მარკმა, როდესაც ქერა ვამპირმა ხელი შეუშვა და ნახევრად გაგუდული მის ფერხთით დაენარცხა იატაკზე.
ერთხანს ბარში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- მარკ, - თქვა რებეკამ ბოლოს, - დრო არ ითმენს, გასაგებია, რომ გინდა ყველას დაემშვიდობო, მაგრამ...პასუხი ახლავე უნდა ვიცოდეთ.
- აქვე და ახლავე, - დაემოწმა კოვაქსი.
მარკმა დალურჯებულ ყელზე ხელი მოისვა, კვლავ მაგიდას მიუჯდა და სიძულვილით გახედა ლუციუსს.
- მეგონა, მათგან განსხვავდებოდი, - ბრაზით მიუთითა კოვაქსზე.
კოვაქსმა ჩუმად ჩაიცინა.
- მე პირველყოფილი ვარ, ვამპირი, - უემოციოდ თქვა ლუციუსმა, - როდესაც საფრთხე ჩემი და ჩემი რასის არსებობას ემუქრება, ემოციები უადგილოა, - მან მწუხარე სახით გახედა ფანჯრიდან ტყის ზოლს.
მარკმა ბინძურად შეიგინა და შემდეგ რებეკას მიუბრუნდა.
- კარგი, - თქვა მან და სამივეს მზერა შეავლო, - თანახმა ვარ, მარკუსი გამოვაღვიძოთ... ეს როდის მოხდება?
- ხვალ, - უპასუხა საქმიანი იერით ქალმა, - ზუსტად ღამის თორმეტ საათზე.
- უსაფრთხო ადგილი დაგვჭირდება, - თქვა კოვაქსმა.
- არის ასეთი ადგილი, - მიუგო ლუციუსმა, რომელიც საკუთარ მყუდრო ფიცრულ სახლს გულისხმობდა, - რებეკა, ყველაფერი მზად გაქვს?
- რა თქმა უნდა, - თავი დაუქნია ქალმა და მარკს გახედა შეწუხებული და თანამგრძნობი მზერით, - მხოლოდ მარკის სხეული მჭირდება...

თავი 6

ვრცელ დარბაზში, რომელსაც ბრწყინვალედ მორთულ-მოკაზმული მარმარილოს სვეტები ამშვენებდა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი პუბლიკა შეკრებილიყო. უძვირფასესი ხისგან დამზადებული სავარძლები წრიულად იდგა, ასევე ლურჯი მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ იატაკზე სქელი, მუქი შინდისფერი ნოხი ეფინა. დარბაზის ერთ მხარეს, ოდნავ შემაღლებულ ადგილზე ერთმანეთის გვერდით იდგა სამი სავარძელი, დარბაზში მდგართაგან განსხვავებული, უფრო მდიდრული, უფრო სრულყოფილი, ამ სამი სავარძლიდან შუა სავარძელს შავი ხავერდით გაწყობილი საზურგე და უცნაური იეროგლიფებით მორთული ფეხები ამშვენებდა.
დარბაზში შეკრებილნი ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ, ესენი იყვნენ უკიდურესად დახვეწილი მანერების, ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცები და ქალები, რომლებიც მშვიდად საუბრობდნენ და მაღალწელიანი სირჩებიდან ალისფერ, ბლანტ სითხეს მიირთმევდნენ.
უცებ საზოგადოების ყურადღება მეორე სართულიდან ჩამომავალ ხვეულ კიბეზე ნელი ნაბიჯით მომავალმა მამაკაცმა მიიპყრო, დარბაზში შეკრებილნი ერთდროულად, სინქრონულად შებრუნდნენ ყურადღების ობიექტის მიმართულებით და მამაკაცები ამაყად, ქალები კი აღტაცებით მიაჩერდნენ. ეს იყო მაღალი, ახოვანი მამაკაცი, დაახლოებით ორმოციდან ორმოცდაათ წლამდე, უკან გადავარცხნილი შეჭაღარავებული თმა მხრებზე ეყარა, სხარტი, მწვანე თვალებით ამაყად იცქირებოდა, შევერცხლილი წვერი სოლიდურ იერს სძენდა მის ისედაც თვალშისაცემ გარეგნობას, მაგრამ....მისგან თითქოს საოცარი სისასტიკე და ენერგია მოდიოდა, დამთრგუნველი ძალა, რომელსაც როგორც მზე, ისე ასხივებდა. მარჯვენა ხელში უძველესი სიმბოლოებით მოჩუქურთმებული ხის კვერთხი ეპყრა, მარცხენა ხელის არათითს კი მსხვილი ოქროს ბეჭედი უმშვენებდა, რომელზეც სამეფო გვირგვინის გამოსახულება იყო ამოკვეთილი...უკან მოჰყვებოდა შავ ტანისამოსში გამოწყობილი საშუალო სიმაღლის მამაკაცი, მათ კიბე ჩამოათავეს, დარბაზში შეკრებილი საზოგადოების მიერ უნებურად შექმნილი ცოცხალი დერეფანი გაიარეს და შემაღლებულ ადგილას მდგარ სავარძლებზე დაიკავეს ადგილი. მწვანეთვალება შუა სავარძელში ჩაეფლო, შავებში გამოწყობილი მამაკაცი კი-მისგან მარჯვნივ.
პუბლიკამ დარბაზში წრიულად მდგარი სავარძლები შეავსო და სიჩუმე ჩამოვარდა.
- ბატონებო, - თქვა მწვანეთვალებამ და დარბაზს თვალი მოავლო, მისი ხმა მტკიცედ და ფოლადივით ჟღერდა, - დღეს წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც ხვალ ჩვენს კლანს შემოუერთდება, მას განსაკუთრებული შინაგანი ძალა და შეუპოვრობა ახასიათებს, რაშიც სულ მალე თავად დარწმუნდებით.
შავტანისამოსიანმა კართან მდგომ მცველს ანიშნა, მანაც დარბაზის უზარმაზარი, ორფრთიანი კარი გაჭირვებით გააღო და გამოჩნდა მაღალი, შავგვრემანი, შავთვალა მამაკაცი, შავი თმა მხრებზე ტალღებად დაჰფენოდა, უჩვეულოდ სიმპათიური სახე და მტკიცედ მოკუმული ტუჩები ჰქონდა, რაც მის ურყევ ხასიათზე მიუთითებდა, გადაყვლეფილ მაჯებზე ბორკილი ედო, რომელიც ჭრილობებიდან გამონადენი სისხლით ალისფრად იყო შეღებილი, ტანთ თეთრი, დაფლეთილი სამოსი ეცვა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა სისხლის ლაქები, რომლებიდანაც ზოგი ძველი იყო, ზოგიც-სრულიად ახალი, ნახევრადშიშველი დაკუნთული სხეული ერთიანად ჭრილობებით და ნაიარევებით დაფარვოდა. აქეთ-იქიდან ორი მცველი ედგა, კარის გაღებისთანავე მათ ხელი უხეშად ჰკრეს საცოდავ ტყვეს და დარბაზში შეაგდეს, ტყვემ ინერციით გაიარა რამდენიმე ნაბიჯი და დარბაზის მარმარილოს იატაკზე დაეცა, ხმა არ ამოუღია, არც უყვირია, კვნესაც კი არ გაუგია დარბაზში შეკრებილ ბრწყინვალე პუბლიკას, რომელთა თვალებში თანაგრძნობის ნატამალსაც კი ვერ იპოვიდით, მათი მზერიდან მხოლოდ სიამაყე და ცივი ქედმაღლობა გამოსჭვიოდა, ისინი ზიზღით ათვალიერებდნენ სისხლით და ჭუჭყით მოთხვრილ მამაკაცს, რომელიც ჯერ ცალ მუხლზე წამოიმართა, შემდეგ გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და დარბაზს გამანადგურებელი მზერა მოავლო.
- გაბრიელ, - გადაულაპარაკა შავტანისამოსიანმა მწვანეთვალებას, - ვერ ვხვდები, რა საჭიროა ეს მასკარადი...
- ცოტაც მოიცადე, ნათანიელ, ცოტაც, - ღიმილით მიუგო გაბრიელმა, - ნუ იქნები სულსწრაფი.
დარბაზში შეკრებილთაგან რამდენიმე მამაკაცი და ქალი გარს შემოეხვია ბორკილდადებულ ტყვეს, ისინი ხელით ეხებოდნენ სახეზე, ტანზე, დამცინავ სიტყვებს არ იშურებდნენ და ისე აფასებდნენ მის ფიზიკურ ღირსებებს, როგორც გასაყიდი ნივთისას, ტყვე ყველანაირად ცდილობდა მათ მოშორებას, მაგრამ შებორკილი ხელები ამის საშუალებას არ აძლევდა, გული ტკივილით, შეურაცხყოფის გრძნობით და ზიზღით ავსებოდა თავისი მტანჯველებისადმი, მაგრამ ის უბრალოდ ადამიანი იყო, უსუსური, და ამ ზებუნებრივ არსებებთან გამკლავება არ შეეძლო.
მისი ღია ჭრილობებიდან მომდინარე სისხლი კიდევ უფრო ახელებდათ გაბრიელის აზარტში შესულ სტუმრებს, ისინი ტყვეს ხელს ჰკრავდნენ და ათასგვარი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობდნენ.
- აი, - ამბობდნენ ისინი, - ადამიანი, ყოვლად უძლური და დაუცველი, ისინი ისე ადვილად შეგვიძლია გავსრისოთ, როგორც მატლები, ისინი არაფერს წარმოადგენენ, ისინი უკანასკნელი არსებები არიან...
ერთ-ერთმა ვერ მოითმინა და მკერდში ძლიერად დაარტყა, ტყვე დარბაზის მარმარილოს სვეტს ზურგით შეეჯახა და პირქვე დაეცა, მისი პირიდან ამოხეთქილმა სისხლმა წითლად შეღება იატაკის მარმარილოს ფილები.
მამაკაცი გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, ხელით მოიწმინდა სისხლი და დაბინდული მზერით მოათვალიერა თავისი მტანჯველნი.
- მე თქვენ ყველას დაგხოცავთ, - შეშლილი ხმით დაიღრიალა მან, - ვერ დამიმონებთ...
მის სიტყვებს დარბაზში ხარხარით შეხვდნენ.
- ხედავთ? - დარბაზს მიმართა გაბრიელმა და თავი მოწონებით დააქნია, - მისი სულიერი გატეხვა შეუძლებელია, ის ჩვენ გვგავს და ჩვენიანი უნდა გახდეს, შეგვიძლია ეს ძალიან მარტივად გავაკეთოთ, მაგრამ მინდა, რომ მან ჩვენს წინაშე დაიჩოქოს და ერთგულება შემოგვფიცოს, როგორც მონამ, - გაბრიელი სასტიკი მზერით დააშტერდა ტყვეს.
- არასოდეს, - ამოიხრიალა მამაკაცმა და მისი პირიდან კვლავ იფეთქა სისხლმა, - მე თქვენ ყველას დაგხოცავთ....
გაბრიელმა ლურჯი მოსასხამი აიკეცა, წამიერად ძირს დაცემულის გვერდით გაჩნდა, თმაში ხელი ჩაავლო, მაღლა ააწევინა და ტუჩები ყურთან მიუტანა.
- ბატონო კოვაქს, მხოლოდ ერთი სიტყვაა საჭირო და თქვენი ტანჯვა დასრულდება, მხოლოდ ერთი სიტყვა, შემოგვფიცე.
მამაკაცმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ პირიდან მომდინარე სისხლის ნაკადი უშლიდა ხელს.
- მას რაღაცის თქმა სურს, ბატონებო, - წელში გაიმართა გაბრიელი და მცველებს ანიშნა, წამოაყენეთო.
მცველებმა იღლიებში ხელი გაუყარეს, ფეხზე ააყენეს ერთიანად დაუძლურებული ადამიანი და დარბაზისკენ შეაბრუნეს.
მამაკაცმა პირიდან სისხლი გადმოაფურთხა, დაუძლურებული ხელით სახეზე ჩამოშლილი თმა გადაიწია და გაბრიელს უტეხი მზერა მიაპყრო.
- არასოდეს, ეშმაკის მოციქულო, - ძლივს, გაჭირვებით ამოთქვა, შემდეგ ცნობიერება დაკარგა, მუხლები აუთრთოლდა და მარმარილოს იატაკზე მოწყვეტით დაეცა.
- ბატონ კოვაქსს არ სურს შემოუერთდეს უკვდავთა საზოგადოებას, - დანანებით, თვალთმაქცურად მიმართა ხალხს გაბრიელმა, - რა გაეწყობა, ამის გაკეთება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოგვიწევს, - და მცველებს ანიშნა, გაიყვანეთო.



******
მარკი ლოდზე იჯდა, ტბის პირას, თავისი და მიას საყვარელ ადგილას და ტბას გასცქეროდა ნაღვლიანი მზერით, ყველაფერი დასრულდა, მისი ადამიანები ცხოვრება, ამ ღამეს ის პირველყოფილი ვამპირი უნდა გამხდარიყო, ისეთივე შეუბრალებელი-როგორც ლუციუსი, ისეთივე სასტიკი და სისხლმოწყურებული-როგორც კოვაქსი...აღარ იარსებებდა შოკოლადისფერთავლება ულამაზესი გოგონა, რომელსაც ყოველ სასწავლო დღეს მოუთმენლად ელოდებოდა კოლეჯის შესასვლელთან, აღარც დედა იარსებებდა მისთვის-ყოველთვის თბილი და მზრუნველი, აღარც კეი-მხიარული, მუდამ დაბნეული, რომელსაც ყოველთვის სადღაც აგვიანდებოდა...მარკმა უნებურად აღმოაჩინა, რომ მის მოგონებებში აღარც მამა იქნებოდა, რომელთანაც ასე თუ ისე, შეძლო ურთიერთობის დალაგება, ყველასგან დაუმშვიდობებლად და სიტყვის უთქმელად მიდიოდა, სიმართლე მხოლოდ კეიმ იცოდა, მაგრამ მარკი დარწმუნებული იყო, რომ ბიძაშვილს არაფერი დასცდებოდა, ყველაზე მეტს კი საკუთარ მომავალზე ფიქრობდა, არ იცოდა ვინ გაიღვიძებდა მის სხეულში, ემახსოვრებოდა თუ არა რამე, თუნდაც მშობლიური ქალაქი, პრიმუმთა კლანის ჯადოქარი გარკვევით ვერაფერს ამბობდა, ან იქნებ იცოდა, რაც მოხდებოდა და ამიტომაც არაფერს ამბობდა?
მარკი ნაბიჯების ხმამ გამოარკვია. რებეკა მის გვერდით ჩამოჯდა ქვაზე, კენჭი აიღო და ტბაში მოისროლა.
- ერთ დროს მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, - თქვა მან, - და ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს ადამიანური ყოველდღიურობით, მაგრამ ერთხელაც ყველაფერი დასრულდა, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჩემი უნარების და შორეული წინაპრების შესახებ გავიგე...
მარკს არაფერი უთქვია, კვლავ ტბას გასცქეროდა.
- მარკ, - გაისმა ხმა გვერდიდან.
მარკი და რებეკა შეხტნენ მოულოდნელობისგან, ტყიდან წითურთმიანმა გოგონამ გამოაბიჯა და როგორც კი რებეკას ხელზე ავბედით ბეჭედს მოჰკრა თვალი, მაშინვე შესდგა.
- ეს მაქციების ტერიტორიაა, - თქვა გოგონამ და ზიზღით მიაჩერდა, - აქ სისხლისმსმელების ადგილი არაა.
- მე ვამპირი არ ვარ, - ნაწყენი ხმით თქვა რებეკამ, წამოდგა, შუბლშეკრულმა გახედა ჯესიკას და მარკს მიუბრუნდა, - მარკ, იცი სადაც უნდა მოხვიდე.
მარკმა უხმოდ დაუქნია თავი. ჯესიკამ შეიცადა, სანამ რებეკა წავიდოდა, შემდეგ მარკს გვერდით მიუჯდა.
- მადლობელი ვარ დახმარებისთვის, - თქვა ბიჭმა.
- არაფრის, - გოგონას შეწუხებული ხმა ჰქონდა, - ვინ არის ის ქალი?
- ის პირველყოფილებს ეხმარება, - მიუგო მარკმა, - ალბათ უკვე იცი ამის შესახებ.
- ჰო, - თავი დაუქნია ჯესიკამ, - მამამ ყველაფერი მიამბო და ისიც ვიცი, რომ ომი თითქმის დაწყებულია, რა როლს თამაშობს აქ ჯარედი?
- არ ვიცი, - თავი გააქნია მარკმა, - მას არასდროს მქონია ურთიერთობა, მეც ჩვეულებრივი სტუდენტი მეგონა, ისევე, როგორც ყველას.
დუმილი ჩამოვარდა.
- ჯეს, - თქვა ბიჭმა და შემობრუნდა, - დღეს ყველაფერი დამთავრდება..
- რას გულისხმობ? - ვერ მიხვდა გოგონა.
- ამ ღამეს პირველყოფილები აპირებენ, რომ ჩემს სხეულში მარკუსი გააღვიძონ...
- რა? - გოგონა გაფითრებული წამოხტა ფეხზე და შეშფოთებულმა შეხედა მარკს, მას მამამისისგან მოსმენილი ჰქონდა დიდი ხნის წინ მომხდარი ომის შესახებ და იცოდა, ვინ იყო და რასაც წარმოადგენდა იდუმალი პირველყოფილი.
- ასეა, - თავი ჩაღუნა მარკმა.
- როგორ?
- რებეკა, - თქვა მარკმა, - ქალი, რომელიც აქ იყო, ჯადოქარია, მას შეუძლია მარკუსის სული ჩემს სხეულში გამოაღვიძოს.
- და შენ დასთანხმდი? შენ... შენ... - რებეკა სიტყვებს ვერ პოულობდა, - მიაზე არ გიფიქრია, ან მშობლებზე, ან მეგობრებზე...
- გამოსავალი არ მაქვს, - ამოიოხრა მარკმა, - ეს რომ არ გავაკეთო, ეს არსებები მთელ სალემს გაანადგურებენ, ყველას.
- ჯანდაბა, - თქვა გოგონამ, - ახლა გასაგებია....
- გთხოვ, არავის არაფერი უთხრა, არც მაქციებს, თორემ ლუციუსი და კოვაქსი მოვლენ და ყველას დახოცავენ, კარგი?
- არც მამაჩემს? - ეჭვით ჰკითხა ჯესიკამ.
- თუ მამაშენის სიკვდილი არ გსურს, ეს საიდუმლოდ უნდა შეინახო.
- კარგი, - დაუქნია თავი გოგონამ.
- და კიდევ, - განაგრძო მარკმა, - როდესაც ყველაფერი დასრულდება და მიას ნახავ, გადაეცი, რომ მე ის ძალიან, ძალიან მიყვარდა, და რომ მე სხვა გზა არ მქონდა, ყველაზე მეტად ამას მისთვის ვაკეთებ...
- აუცილებლად ვეტყვი, - აღუთქვა ჯესიკამ და მარკს თანაგრძნობით მოუთათუნა ხელი მხარზე, - მაგრამ ჯერ წინასწარ არაფერი ვიცით, მჯერა, რომ შენში ძველი მარკის რაღაც ნაპერწკალი მაინც დარჩება, მჯერა, რომ მიას იცნობ და თვითონ ეტყვი ამ ყველაფერს, და ისიც გაგიგებს, მას ხომ უზომოდ უყვარხარ.
მარკს ტკივილით აღსავსე ღიმილი გამოესახა სახეზე.
- ყველაზე მეტად ამაზე ვოცნებობ, არ მინდა მისი დაკარგვა, არ შემიძლია.
- არ დაკარგავ, - არწმუნებდა ჯესიკა, - შენ ხომ ისევ ის იქნები...უბრალოდ რაღაც-რაღაცეების გახსენება მოგიწევს.
- რებეკა ასეთი დარწმუნებული არ არის, - თავი გააქნია მარკმა, - ის ამბობს, რომ ჩემი სული სამუდამოდ გაქრება, რადგან ორი სული ერთ სხეულში ვერ იარსებებს, ეს მისი სიტყვებია.
ჯესიკას აღარაფერი უთქვია, ღრმად ამოისუნთქა და ტბას გახედა, სწუხდა, რომ ვერაფრით შველოდა მეგობარს, შეეძლო ბოგდანისთვის ეთქვა, მაგრამ მამის საფრთხეში ჩაგდება არ სურდა.
მარკი მიხვდა ჯესიკას წუხილის მიზეზს, თმა მხიარულად აუწეწა და გაუღიმა.
- ნუ დარდობ, იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ბოლოსდაბოლოს, თავიდან გაგიცნობთ ყველას.
ჯესიკამაც გაიღიმა, ის მიაზე ფიქრობდა, ამ სუსტ არსებაზე, ერთადერთ ადამიანზე, რომელიც ამ ზებუნებრივი არსებების შეტაკებაში აღმოჩნდა ჩართული.
- ყველაფერი არა, - თქვა გოგონამ, - შენ პირველყოფილი ვამპირი გახდები, - მაქციების მტერი, ჩემი მტერი, ჩვენ ვეღარ ვიმეგობრებთ, მარკ...
მარკი ჩაფიქრდა, ჯესიკა ლოგიკურად აზროვნებდა, ვამპირები და მაქციები ხომ ისტორიულად მოსისხლე მტრები იყვნენ.
- მარკ, - სიჩუმე დაარღვია ჯესიკამ, - იქნებ შენ მაინც შეძლო ისტორიის გადაწერა, იქნებ დასრულდეს ეს საუკუნობრივი მტრობა.
- არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელი იქნება, - მიუგო მარკმა, - ჯერჯერობით კი მხოლოდ ერთ რამეზე ვნერვიულობ..
- მია, - თქვა გოგონამ.
- ჰო, - დაუდასტურა მარკმა, - ვცდილობ მომავალში გავიხედო და განვსაზღვრო, რამდენად მიიღებს მია ამ ყველაფერს, მაგრამ ვერაფერს ვფიქრობ.
- ყველანაირად უნდა ეცადო, - ხელზე ხელი დაადო გოგონამ, - ხომ იცი, შენი და მიას პირველი გულშემატკივარი მე ვარ და თუ თქვენ ერთმანეთს არ დაშორდებით, ძალიან გამიხარდება.
- ვეცდები, - თქვა მარკმა და სიგარეტს მოუკიდა, - მარკუსის გამოღვიძების შემდეგ თქვენი დახმარება დამჭირდება....
თორმეტს დაახლოებით თხუთმეტი წუთი აკლდა, როდესაც მარკმა ლუციუსის განმარტოებულ საცხოვრებელს მიაღწია და მაშინვე შენიშნა სახლის მიმდებარე ტერიტორიის სახეცვლილება. სახლის წინ ჩაბნელებულ, წრიულ, პატარა მდელოს ჩირაღდნების შუქი ანათებდა, რომლებიც მდელოს კონტურების გასწვრივ ასევე წრიულად იყო განლაგებული, წრის შიგნით პატარა სადგამებზე დამაგრებული სანთლები პენტაგრამის გამოსახულებას ქმნიდა, ხუთკუთხა ფიგურის ცენტრში ადამიანის საშუალო სიგრძის და დაახლოებით ერთი ფუტის სიმაღლის ბრტყელი ლოდი დაედოთ, ქვასთან რებეკა იდგა, მასაც უჩვეულო, მისტიკური ელფერი გადაჰკრავდა. გრძელი, კოჭებამდე დაშვებულ შავ მოსასხამში გახვეულიყო, ხელებზე და კისერზე უამრავი სამკაული აეხორხლა, შოკოლადისფერი თმა გაეშალა, თავზე უცხო ქვებით მოოჭვილი დიადემა ედგა, რომლის წინა ნაწილსაც წითლად მოელვარე პენტაგრამის გამოსახულება ამშვენებდა, ხელში ობსიდიანის შუშისგან დამზადებული დანა ეჭირა.
რებეკას მარცხნივ კოვაქსი იდგა, ტრადიციულად შავებში გამოწყობილი, წყვდიადივით შავი თვალებით და კობრასავით მომაკვდინებლად მომხიბლავი, მარჯვენა მხარე ლუციუსს ეკავა, რომლის მკაცრ სახეზე ვერანაირ ემოციებს ვერ ამოიკითხავდით, ცეცხლის შუქი სახეზე დასთამაშებდა და ცივ ცისფერ თვალებს შუშასავით უპრიალებდა, მას ზურგზე დაეწყო ხელები და მარკს მწუხარე სახით მისჩერებოდა.
მარკი დაჰიპნოზებულივით შესცქეროდა ამ მისტიკურ სურათს და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, ბოლოს, სიჩუმე კვლავ კოვაქსმა დაარღვია, როგორც ყველაზე მოუთმენელმა.
- დრო არ ითმენს, რებეკა, - მიმართა ქალს, - რამდენიმე წუთში თორმეტს გადასცდება.
რებეკამ უხმოდ დაუქნია თავი და მარკი ხელის ქნევით მიიხმო თავისთან, თითქოს შემკრთალი ჩანდა.
- არ მინდა წინასწარ რაიმეს იმედი მოგცე, - თქვა ქალმა, - არავინ იცის რიტუალის დროს რა მოხდება, ასეთ რამეს პირველად ვაკეთებ.
- ვიცი, - მარკს ხმა უთრთოდა.
- შენ ძალიან მამაცი ხარ, - ჩვეულებისამებრ, მაღალფარდოვანი ტონით მიმართა ლუციუსმა, - ვაფასებ შენს საქციელს, ამით ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენ.
- იმედია, - პასუხი დაუბრუნა მარკმა.
- გამოღვიძების შემდეგ, - ჩაურთო რებეკამ, - პირველი, ვისაც დაინახავ, ეს ლუციუსი იქნება, მასთან შენ არანაირი მტრობა და ცუდი მოგონებები არ გაკავშირებს, მე მართალია ჯადოქარი ვარ, მაგრამ მაინც ადამიანი ვარ, ამიტომ აქ ყოფნას არ გავრისკავ, აი კოვაქსმა კი თავის საქმისა თვითონ იცის...
- მე აქ ვრჩები, - კატეგორიული ტონით თქვა კოვაქსმა.
- დარწმუნებული ხარ? - ჩაეკითხა ლუციუსი, - არ მგონია, მარკუსს შენზე კარგი მოგონებები ამოუტივტივდეს.
- ეს თემა დახურულია, - მტკიცედ განაცხადა კოვაქსმა.
ლუციუსმა მხრები აიჩეჩა და მარკს მიუბრუნდა.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მარკ, - და ხელი გაუწოდა.
მარკმა ხელი ჩამოართვა და კოვაქსს გახედა, რომელსაც ხელის გაწვდა აზრადაც არ მოსვლია, მხოლოდ ძლივსშესამჩნევი ღიმილით დაკმაყოფილდა.
- დაწექი და ხელები გულზე დაიწყე, - უთხრა ქალმა.
მარკი გრილ ქვაზე წამოწვა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და თვალები დახუჭა.
რებეკამ ობსიდიანის დანა ლუციუსს გადასცა, თვითონ გაცრეცილი, მრავალი სუკუნის ქარცეცხლგამოვლილი წიგნი მოიმარჯვა და შელოცვის კითხვა არამეულ ენაზე დაიწყო.

თავი 7


....ძალიან ლამაზი ქალი ოქროთი მოვარაყებული სარკის წინ იჯდა სრულიად შიშველი, სხეული იტალიური რენესანსის ხანის მოქანდაკეთა ნახელავს მიუგავდა, იდაყვებით სარკის მაგიდას ეყრდნობოდა, შიშველი მკერდის ვარდისფერი კერტებით ოდნავ ეხახუნებოდა სარკის მაგიდის ძვირფას გადასაფარებელს. წვრილი წელი და ვნებისაღმძვრელი თეძოები ჰქონდა, მომხიბლავი, თლილი ფეხები ერთმანეთზე გადაედო.
სარკის მოპირდაპირედ, ოთახის შორეულ კუთხეში წვერშევერცხლილი, მწვანეთვალება მამაკაცი იწვა თავქვეშ ხელებამოდებული და ქალის უნაკლო სხეულის მზერით ტკბებოდა.
- გაბრიელ, - ქალმა სარკიდან მისი მზერა დაიჭირა.
- ძვირფასო, - მიუგო გაბრიელმა და გაუღიმა, შემდეგ დასერიოზულდა, - შენი დახმარება მჭირდება.
- ამიტომ ჩამიწვინე ლოგინში? - შუბლი შეკრა ქალმა, - ყველა გამვლელ-გამომვლელს ასე ექცევი?
- რასაკვირველია არა, - უარყო მამაკაცმა, - იმ ბიჭის თაობაზე მინდოდა მოგლაპარაკებოდი..
- ვის გულისხმობ, უსუსურ ადამიანს, რომელიც შენ და შენმა მონებმა ძაღლივით აბუჩად აიგდეთ და აწამეთ? - დამცინავად თქვა ქალმა და სკამიანად შემობრუნდა.
- ისინი მონები არ არიან, - ბრაზით თქვა გაბრიელმა, - მათ თავისუფალი ნება გააჩნიათ.
- მართლა? - რიტორიკული ტონით იკითხა ქალმა, წამოდგა და ოთახში თეძოების ქნევით გრაციოზულად გაიარ-გამოიარა, შემდეგ შუა ოთახში შესდგა და გაბრიელს გვერდულად გამოხედა.
- მართლა, - დაუდასტურა გაბრიელმა, - მოკლედ, მინდა, რომ ბატონი კოვაქსის მოქცევაში დამეხმარო.
- რას გულისხმობ?
- მინდა პრიმუმთა კლანს შეუერთდეს, - გაბრიელი უკვე მოთმინებას კარგავდა.
- რისთვის? ისედაც არ გაკლია მკვლელთა არმია, - კვლავ დაცინვით თქვა ქალმა.
გაბრიელს მოთმინების უნარი ამოეწურა, საწოლიდან ღრიალით წამოიჭრა და ქალისკენ ელვისებური ნახტომი გააკეთა, მაგრამ მისმა ნახტომმა მიზანს ვერ უწია, ქალმა სწრაფად გაიწოდა ხელები მამაკაცისკენ, რომელიც მისი ხელისგულებიდან გამოტყორცნილი უხილავი ტალღის ზემოქმედებით უკან, საწოლს შეასკდა და ხელოვნების ეს ნიმუში ნაფოტებად აქცია, გაბრიელი წამში წამოხტა ფეხზე, დაიღრინა და ეშვები გაახრჭიალა, თვალები კი უცნაურად ჩაუსისხლიანდა.
ამ დროს კარი გაიღო და ჩრდილმა გაიელვა, ნახევარი წამის შემდეგ კი ქალსა და გაბრიელს შორის მაღალი, შავთმიანი და შავგვრემანი, სიმპათიური მამაკაცი იდგა, უცნაურად მომზირალი მელანქოლიური თვალებით.
- რა ჯანდაბაა, - დაიღრინა გაბრიელმა, - მარკუს, როგორც წესი, შესვლამდე აკაკუნებენ ხოლმე...
- დაასრულე, - ცივად მოუჭრა მარკუსად წოდებულმა.
- ჩემს საქმეში ნუ ერევი, - ბრაზით თქვა გაბრიელმა და მის წინ მდგარი მუქარით შეათვალიერა.
- შენი რიგითი მსახური ხომ არ გგონივარ? - ბასრი, საშინელი ეშვები გააელვა მარკუსმა.
გაბრიელს არ უპასუხია, ქალს გახედა, რომელიც სანახევროდ ამოფარებოდა მარკუსის განიერ ბეჭებს.
- ჩვენს საქმეს ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ, - დაგვიანებით გასცა პასუხი.
- რა საქმეზე ლაპარაკობს? - ქალს მიუბრუნდა მარკუსი და სანთლის შუქმა მისი საშინლად ნაიარევი სახის მეორე ნახევარი გაანათა.
- მას იმ ვიღაც კოვაქსის პირველყოფილად გარდაქმნა სურს, - უპასუხა ქალმა, - მე უარი ვუთხარი.
მარკუსი რამდენიმე წამით დაფიქრდა, შემდეგ კვლავ გაბრიელს მიუბრუნდა.
- ამის შემდეგ, - დამარცვლით უთხრა, - ამ ქალს თუ კიდევ შეეხები, ან დაემუქრები, მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით, თუ მისი სიცოცხლე შენი მიზეზით საფრთხეში ჩავარდება, იცოდე მოგკლავ, - მან თვალი თვალში გაუყარა გაბრიელს და კარისკენ შებრუნდა, სანამ გავიდოდა, ქალს შეხედა, - გააკეთე, რასაც გთხოვს, თორემ უდანაშაულო ადამიანს მოკლავს...
ქალმა უხმოდ დაუქნია თავი და როდესაც მარკუსმა ოთახი დატოვა, მზერა გაბრიელს მიაპყრო.
- აბა, - დაცინვით თქვა გაბრიელმა, - ხომ ხედავ, მარკუსიც კი ჩემს აზრს ეთანხმება.
- ურჩხული ხარ, - ზიზღით მიუგო ქალმა და სარკისკენ შებრუნდა.

რებეკა შელოცვას აგრძელებდა, წინ და უკან რიტმულად ირწეოდა და ნელ-ნელა უმატებდა ხმას. კოვაქსი და ლუციუსი ყურადღებით მისჩერებოდნენ.
- კოვაქს, - ჩუმად გადაულაპარაკა ლუციუსმა, - როგორც ვატყობ, ამას დრო დასჭირდება, ამასობაში კი ჯარედის მიერ დათქმული ვადა იწურება, მის ჯეკსონი საფრთხეშია...
კოვაქსმა მოუთმენლად მიმოიხედა გარშემო.
- ჯანდაბა, - თქვა, როცა გამოსავალი ვერ იპოვა, - რა ვქნათ?
ლუციუსმა ტუჩი მოიკვნიტა, შემდეგ ფეხებთან დაგდებულ პატარა ჩანთას დასწვდა და კოვაქსს გაუწოდა.
- ეს რა არის? - შავგვრემანმა უკვდავმა ჩანთა შეათვალიერა.
- სარები, - უბრალოდ მიუგო ლუციუსმა და თვალი აარიდა.
კოვაქსმა ჩანთა ჩამოართვა, მხარზე მოიგდო და სანამ წავიდოდა, ლუციუსს გამოხედა.
- ხვდები, რასაც აკეთებ?
- რა თქმა უნდა, - მტკიცედ მიუგო ლუციუსმა, ნაბიჯი წინ გადადგა და კოვაქსს მხარზე დაადო ხელი, - წადი და გადაარჩინე ის, ვიცი, რამდენსაც ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის.
- ვითომ? - აგდებულად ჟღერდა კოვაქსის ხმა.
- უბრალოდ შენ ამას ჯერ ვერ აცნობიერებ, - დარწმუნებით უთხრა ლუციუსმა, - ბედნიერება, ეს ყველაფერია, სიყვარული კი-გვირგვინი, რომელიც მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია, ახლა კი წადი, უკვე იგვიანებ, - ლუციუსმა კოვაქსს ზურგი შეაქცია და ქვაზე მწოლიარე მარკთან დაბრუნდა.


კოვაქსმა, როგორც კი მანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე გაიყვანა, მობილურზე ჯარედის ნომერი აკრიფა.
- უკვე ვფიქრობდი, რომ ეს გოგო არაფერს ნიშნავდა შენთვის, - უკმაყოფილოდ გაისმა ჯარედის ხმა.
- საქმეზე ილაპარაკე, - მოუჭრა კოვაქსმა.
- აი ეს მომწონს, სარები შენ გაქვს?
კოვაქსმა გვერდით სავარძელზე დადებულ ჩანთას გახედა.
- გოგონა როგორ არის? - საპასუხო შეკითხვა დაუბრუნა კოვაქსმა.
- რა თქმა უნდა, კარგად, აბა სხვას რას ელოდი?
- კარგის გარდა ყველაფერს, - დაცინვით უთხრა კოვაქსმა.
- მასწავლებელს ვგავარ, - არ ჩამორჩა ჯარედი.
- გვეყო ამდენი ლაყბობა, - მოუთმენლად თქვა კოვაქსმა, - სად უნდა მოვიდე?
- ო, აი ეს სხვა საქმეა, მოკლედ, ბარიდან სამხრეთით, დაახლოებით ათ მილში, გაუქმებული ქარხნის შენობაა, იქ მოდი.
- ათ წუთში მანდ ვარ, - ჩასძახა კოვაქსმა, ტელეფონი გათიშა და აქსელერატორს ბოლომდე დააწვა, მტკიცე და ავისმომასწავებელი მზერით იყურებოდა წინ, - ცოტაც მოითმინე, ცოტაც გაუძელი, ცოტაც...
ძალიან მალე უკვე ქარხნის ტერიტორიაზე იყო, იქაურობა მხოლოდ ნაგავს და დაშლილ-განადგურებულ ხელსაწყო-დანადგარებს მოეცვა, გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არ ჩანდა.
კოვაქსმა ყურადღებით მოათვალიერა გარემო, მანქანის კარი უხმაუროდ მიხურა და ქარხნისკენ ფრთხილი ნაბიჯით დაიძრა, მის გამახვილებულ სმენას ვერაფერი გამოეპარებოდა.
ქარხნის ინტერიერი წარმოადგენდა ერთ დიდ ნახევრადდანგრეულ ოთახს, სადაც უწესრიგოდ ეყარა დამტვრეული სკამები, ნახერხი და ფიცრის სხვადასხვა ზომის ნამტვრევები, ეს ავეჯის დამამზადებელი ძველი დაწესებულება იყო.
კოვაქსი შესასვლელთან შეყოვნდა, ვრცელ ოთახში შეიხედა და გახევებული შესდგა.
ოთახის ცენტრში სკამზე დაბმული იჯდა შოკოლადისფერთმიანი გოგონა, პირი საიზოლაციო ლენტით ჰქონდა აკრული, შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით და უშედეგოდ ცდილობდა საკმაოდ მსხვილი ჯაჭვებისგან თავის დაღწევას. კოვაქსის დანახვისთანავე შეცბა და გაკვირვებული, ოდნავ შეშინებული მზერა მიაპყრო.
კოვაქსმა ოთახი კიდევ ერთხელ მოათვალიერა და გოგონასკენ დაიძრა.
- მის ჯეკსონ, - მიმართა დამცინავი ხმით, - მოხარული ვარ ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს და ვწუხვარ, რომ ასეთ გარემოში, - მან ხელის სწრაფი მოძრაობით გაგლიჯა ჯაჭვები და გოგონა ფეხზე წამოაყენა, - ახლა პირს გაგითავისუფლებ, - მან სანახევროდ ააცალა წებოვანი ლენტი.
გოგონამ მაშინვე ყვირილი მორთო.
- ცუდი იდეა იყო, - კოვაქსმა ნახევრადაცლილი ლენტი კვლავ ტუჩებზე დააწება და ბრაზით მიაჩერდა, - მე აქ შენს წასაყვანად მოვედი, რაც სხვათაშორის სულაც არ მეხალისება, მაგრამ იქნებ ოდნავ უფრო გონივრულად მოქცეულიყავი?
მიამ რაღაც ანიშნა თვალებით.
- ჰო, ვამპირი ვარ და ეს უკვე იცი, - მოუთმენლად თქვა კოვაქსმა, - მაგრამ ახლა ამის დრო არაა, აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ.
გოგონამ სწრაფად დაუქნია თავი.
- დაიმახსოვრე, შენს შეჭმას არ ვაპირებ, - კოვაქსმა ფრთხილად ააცალა წებოვანი ლენტი, - ჯერჯერობით, თუ ძალიან არ გამაბრაზებ, არ ილაპარაკო, თუ რამეს არ გკითხავ, გასაგებია?
გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ის სად არის?
- ვინ? - ვერ მიხვდა მია.
- ჯარედი.
- არ ვიცი, გონს რომ მოვედი აქ მარტო ვიყავი.
- გონს რომ მოხვედი? - კოვაქსი შესდგა და ეჭვით დააცქერდა გოგონას, - ხომ არ გიკბინა?
- არა, - მიას გააჟრჟოლა, ვერ ხვდებოდა, რატომ ზრუნავდა და ნერვიულობდა მასზე ეს შავგვრემანი, სიმპათიური ვამპირი.
- კარგი, წავედით, გვერდიდან არ მომცილდე, - კოვაქსი სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ, მაგრამ გასვლა ვერ მოასწრეს, რომ კარში მაღალი მამაკაცი გამოჩნდა.
- ჯანდაბა, - კოვაქსი შეჩერდა და ელვისებური მოძრაობით წინ აეფარა მიას, - ბოგდან...
ალფა მაქცია ნელი ნაბიჯით შემოვიდა და სასტიკი მზერით შეათვალიერა კოვაქსი და მია.
- მისტერ ო'ნილ, - მიას უკიდურესად გაოცებულს აღმოხდა, საუკეთესო მეგობრის მამა რომ დაინახა.
- ის მაქციების ალფაა, - გადაულაპარაკა მიას კოვაქსმა და შემდეგ ბოგდანს მიუბრუნდა, - იმედია, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არ მოსულხარ.
- სულაც არა, - სხვამ უპასუხა უკნიდან, კოვაქსი სწრაფად შემობრუნდა და მრისხანე მზერით მიაშტერდა ჯარედს, რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იქედნურად იღიმებოდა.
- მოგკლავ, - დაიღრინა კოვაქსმა.
- ნუ იჩქარებ, ჯერ პატარა საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, ჩემი სარები სადაა?
- მოლაპარაკება შენი მხრიდან დაირღვა, - კოვაქსი უკვე გრძნობდა პირში დამდნარი ფოლადის გემოს.
- ნუ იქნები სულელი, - ცივად თქვა ჯარედმა, - მე მხოლოდ სარები მჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივეს მოგკლავთ.
- მართლა? და ამის გაკეთებას როგორ აპირებ?
ამ დროს სცენას კიდევ ერთი პიროვნება შემოუერთდა.
- ამას მე გავაკეთებ, - ბოროტი ხმით თქვა მაღალმა, წითელკანიანმა მამაკაცმა, რომელსაც თმა გარშემო შემოეპარსა, კეფიდან დაშვებული ნაწნავის ბოლო კი მხარზე გადმოეგდო, - დროა, შენს საცოდავ სიცოცხლეს დაემშვიდობო, კოვაქს, - ამ სიტყვებთან ერთად წითელკანიანმა ქურთუკი გადაიწია, საიდანაც ავად გამოანათა ვერცლისწყალში ამოვლებულმა, იეროგლიფებით მორთულმა სარმა.
- კონორ... - კოვაქსს სიტყვა გაუწყდა, მიხვდა, რომ თავს ვეღარ დაიძვრენდა, ამიტომ მიას სწრაფად მოჰკიდა ხელი და კედელთან მიაყენა, თვითონ კი ჯებირივით აეფარა წინ.
- ჯერ შენ მოგკლავ, მერე გოგოსაც მივხედავ, - საშინელი ღიმილით თქვა კონორმა.
კოვაქსმა სწრაფად მიმოიხედა, მიხვდა, რომ ბრძოლა უნდა მიეღო.
- გოგონას არაფერი დაუშავებია, გაუშვი ის და დავილაპარაკოთ.
- რატომ? - გაწელა სიტყვა კონორმა და სარი ხელში შეათამაშა, - ორივე ხელში მყავხართ, სისულელე იქნება თქვენგან ერთ-ერთის გაშვება.
- კლანიდან მე არ მომიკვეთიხარ, - ესროლა კოვაქსმა.
- ჰო, მაგრამ არც ჩემი მხარე დაგიჭერია, - მიუგო კონორმა, - მნიშვნელობა არ აქვს, ყველა უნდა მოკვდეთ, უკლებლივ.
- ვნახოთ, რა შეგიძლიათ, - მუქარით წარმოთქვა კოვაქსმა და სწრაფი მოძრაობით გაიძრო ძვირფასი კოსტიუმი, ინანა, ლუციუსისგან წამოღებული სარები მანქანაში რომ დატოვა, - მე მომეფარე, - ჩუმად უჩურჩულა გოგონას, - და როდესაც საშუალება გამოჩნდება, მაშინვე გაიქეცი, ეზოში ჩემი მანქანა დგას, - და ჯინსის შარვლის ჯიბეში შეუმჩნევლად ჩაუცურა მანქანის გასაღები, შემდეგ ლამაზ, შოკოლადისფერ თვალებში ჩახედა, - სანამ მომკლავენ, მინდა იცოდე, რომ....არა, არაფერი, დაივიწყე, - კოვაქსი შემობრუნდა, წელში ოდნავ მოიხარა და მკერდიდან შემზარავი ღმუილი ამოუშვა, ეშვები სწრაფად ჩამოეზარდა, ლოყებზე სისხლძარღვები შავად დაებერა, რომლებშიც მოძრავი სითხე სისხლის ტბებად ქცეული თვალებისკენ გადაადგილდებოდა.
- ამას ძალიან დიდი ხანი ველოდი, - კონორმა სარი მოიმარჯვა, ბოგდანს და ჯარედს ნიშანი მისცა და კოვაქსისკენ შემპარავი ნაბიჯით დაიძრა...

ლუციუსი შეფიქრიანბული ჩანდა, აშკარა იყო, რომ მარკუსის გამოღვიძებას იმაზე მეტი დრო დასჭირდებოდა, ვიდრე თავად ვარაუდობდა, კოვაქსისგანაც არაფერი ისმოდა, არც ურეკავდა და არც მის ზარებს პასუხობდა, ლუციუსი გრძნობდა, რომ ახლა ყველაზე მეტად სწორედ კოვაქსს სჭირდებოდა, მაგრამ რებეკას მარტო ვერ დატოვებდა, უცებ მარკუსს რომ გამოეღვიძა, ქალს ვეღარაფერი უშველიდა, ლუციუსმა იცოდა, რა შეეძლო ჩაედინა მშიერ პირველყოფილს, ამიტომ იცდიდა და იმედს იტოვებდა, რომ კოვაქსი ყველაფერს მოაგვარებდა და აქაც უმტკივნეულოდ ჩაივლიდა ყველაფერი.
სავსე მთვარე ზუსტად მდელოს თავზე დაეკიდა. რებეკამ შელოცვა დაასრულა და წიგნი გვერდით გადადო.
- დაასრულე? - ჰკითხა ლუციუსმა.
- არა, მაგრამ ბოლო რიტუალი დარჩა, - უპასუხა ქალმა და მარკს მკერდზე დააწყო ხელისგულები, - ახლა მარკი ტრანსში უნდა გადავიყვანო.
- ანუ გული უნდა გააჩერო?
- ჰო, - მოკლედ მიუგო ქალმა და თვალები დახუჭა.
ლიციუსმა უხმოდ დაუქნია თავი და მოთმინება მოიკრიბა.
რებეკას უცნაური ხმები ამოსდიოდა მკერდიდან, ეს იყო ყრუ ბუტბუტის და ღიღინის ნაზავი, ლუციუსმა თვალი მოჰკრა, ქალოს ხელისგულებიდან გამომავალი უცნაურად მანათობელი ტალღა როგორ იკარგებოდა მარკის მკერდში, მარკს სხეული დაეჭიმა, თითები მოეკრუნჩხა და სახე გაუფითრდა, ქალი განუწყვეტლივ აგრძელებდა ბუტბუტს და უფრო და უფრო ძლიერად აჭერდა ხელებს მკერდზე, მთელი ტანით თრთოდა, სახე შეეშალა, უცებ მარკს ხელები უშვა და დაღლილი სახით შემობრუნდა ლუციუსისკენ.
- მისი სული ტრანსშია, სხეული თავისუფალია, - თქვა მან, - დროა მარკუსის სული გავაღვიძოთ.
ლუციუსმა თავი დაუქნია და უფრო ახლოს მივიდა ქალთან.
რებეკამ თიხის ფიალაში ლუციუსის და კოვაქსის სისხლი შეაზავა და "ვერცხლის ფიჭვის" ნაცარი შეურია, შემდეგ ლუციუსს ობსიდიანის დანა გამოართვა თიხის ფიალაში წარმოქმნილ ბლანტ სითხეში ამოავლო და მარკის თავთან წამოიმართა. ფრთხილი მოძრაობით ამოჰკვეთა უცნაური, უძველესი იეროგლიფები ჯერ შუბლზე, შემდეგ ორივე ხელზე და შემდეგ დარჩენილი სითხე პირში ჩაასხა.
ლუციუსმა კითხვის გამომხატველი მზერით შეხედა.
- ჯერ არა, - თავი გააქნია ქალმა და ჯიბიდან ოქროს მსხვილი ბეჭედი ამოიღო, რომელსაც სამეფო გვირგვინოსანი ბეჭედი ამშვენებდა.
- მარკუსის ბეჭედი, - მაშინვე იცნო ლუციუსმა, - ეს საიდან გაქვს?
- როდესაც კოვაქსმა მარკუსის სხეული გაანადგურა, მაშინ ავიღე შეუმჩნევლად, - ღიმილით თქვა რებეკამ.
- საოცრად საშიში ქალი ხარ, - გაუღიმა ლუციუსმა.
- ეს ბეჭედი მარკუსს ეკუთვნოდა, ის მისი პიროვნების და ძალის განუყოფელი ნაწილია და მის სულთან მჭიდრო ემოციური კავშირი აქვს, - თქვა ქალმა და მარკს მარცხენა ხელის არათითზე წამოაცვა ბეჭედი.
მდელოს არსაიდან მონაბერმა სიომ გადაუარა და ხეთა კენწეროები შეარხია.
- ის უკვე აქაა, - იდუმალი ხმით თქვა ქალმა და ხეებს თვალი მოავლო, - დროა დავასრულოთ რიტუალი.
მან მარკს კვლავ მკერდზე დააწყო ხელები და ლუციუსს გამოხედა.
- დამეხმარე, ის ყველანაირად ეცდება წინააღმდეგობის გაწევას.
ლუციუსი ქვას მეორე მხრიდან ამოუდგა და რებეკას ხელები ხელებზე დაალაგა.
- არ მისცე საშუალება, რომ მომიშოროს, თორემ რიტუალის გაწყვეტა მის სიკვდილს გამოიწვევს, - თქვა ქალმა, თვალები დახუჭა და შელოცვა დაიწყო.
ცა მოულოდნელად შავი ღრუბლებით დაიფარა, ქარიშხალი ამოვარდა, რასაც მრისხანე ჭექა-ქუხილის ხმა უერთდებოდა.
ლუციუსი გრძნობდა, რომ რაღაც ძალა უკან ეწეოდა, მაგრამ უკანასკნელი ძალების დაძაბვით შეძლო, რებეკას ხელები მარკის მკერდზე დაეფიქსირებინა და მძლავრად დააწვა.
ჩაბნელებულ ცაზე თვალისმომჭრელად გაიელვა, შორს, ტყეში მაღალ ფიჭვს მეხი დაეცა და ნაცარტუტად აქცია.
რებეკა შეუპოვრად აგრძელებდა შელოცვას, თავი მაღლა აეწია, ჩირაღდნების შუქი სახეზე დასთამაშებდა და მისი შინაგანი ტანჯვის კვალს ააშკარავებდა.
უცებ ქარშხალმა ძალუმად დაიგრგვინა, მდელოს გარშემო დანთებული ჩირაღდნები ერთდროულად ჩაქრა და ყველაფერი სიწყნარემ მოიცვა. ქარიშხალი ჩადგა, ღრუბელი გადაიყარა და მოწმენდილ ცაზე კვლავ გამოანათა უზარმაზარმა სავსე მთვარემ.
რებეკამ თვალები გაახილა, ნელა წამოდგა და ნახევარი ნაბიჯით მოშორდა ქვაზე მწოლიარე სხეულს.
ლუციუსიც წამოდგა.
- რა ხდება?
- დასრულდა, - დაღლილი ხმით ამოილაპარაკა ქალმა და რომ არ წაქცეულიყო, მუხლებზე დაეშვა, სულ მთლად გამოსცლოდა ძალა.
- ის უკვე...
- კარგად დააკვირდი, თვალი არ მოაშორო, - მიუგო ქალმა.
ლუციუსი ყურადღებით დააკვირდა ქვაზე მწოლიარე სხეულს და დაინახა, რომ თავისი მრავალსაუკუნობრივი არსებობის მანძილზე დაუჯერებელი მოვლენის მომსწრე ხდებოდა.
სხეული საოცარ ტრანსფორმაციას განიცდიდა, თითქოს თვალსა და ხელს შუა ბერდებოდა, არა, კი არ ბერდებოდა, უფრო სრულდებოდა, უფრო გამოკვეთილ და ახოვან ფორმებს იძენდა. მხრებში გაიშალა, ერთბაშად დაებერა ხელის, მკერდის და ფეხის კუნთები, სახეზე მოკლე, შავი წვერი გამოეზარდა, წარბთან ხორცი გაიხსნა, ნელ-ნელა ჩამოჰყვა ლოყას, ყურის ბიბილოსთან შეჩერდა და შეხორცებული ნაიარევის სახე მიიღო, ეშვები ოდნავ გაღებული პირიდან ჩამოეზარდა, ქვედა ტუჩს დაახლოებით ერთი სანტიმეტრით ჩამოსცდა და წაწვეტებული სახით შეაჩერა ზრდა, ხელები გაუმკვრივდა და დაეძარღვა...გაოცებული ლუციუსის თვალწინ კვლავ ძველი მარკუსის სხეული ცოცხლდებოდა, ამას რებეკაც კი არ ელოდა. ლუციუსის ყურადღება ძალუმად მფეთქავმა ორგანომ მიიპყრო, ხმა ქვაზე მწოლიარე სხეულის მკერდიდან მოდიოდა, გული მძლავრი ტუმბოსავით მუშაობდა და სისხლს მთელ ორგანიზმში ანაწილებდა...
- დროა აქაურობას გაეცალო, - სწრაფად მიმართა ლუციუსმა რებეკას და მარკის მანქანის გასაღები გადაუგდო.
რებეკამ თავი დაუქნია, წამოდგა, გაჭირვებით მივიდა მანქანასთან და ჩაჯდა.
ლუციუსმა თვალი გააყოლა და როდესაც ქალმა მდელო დატოვა, კვლავ სხეულს დააცქერდა, აშკარა იყო, რომ მარკუსი სულ რამდენიმე წუთში გაიღვიძებდა.
წუთი წუთს მისდევდა, მარკუსს სუნთქვა დაურეგულირდა. ლუციუსი ფრთხილად დაიხარა მის სახესთან და დააკვირდა.
მოულოდნელად სხეულმა ხელი სწრაფი მოძრაობით ასწია, ლუციუსს ყელში სწვდა და მძლავრად მოუჭირა, შემდეგ თვალები ნელა გაახილა და შავი, უცნაურად მელანქოლიური, სასტიკი და საოცრად გაკვირვებული თვალებით ცისფერ თვალებში ჩახედა ლუციუსს.
- მარკუს... - ამოიხრიალა ლუციუსმა.

თავი 8


უძვირფასესი ხით მოპირკეთებულ კაბინეტში მამაკაცი მისჯდომოდა მასიურ მაგიდას, სავარძელში გადაწოლილიყო და თვალმოუშორებლად მისჩერებოდა ქვიშის საათს, თითები ერთმანეთში გადაეხლართა და ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა.
კაბინეტის კარი გაიღო და საშუალო სიმაღლის მამაკაცი შემოვიდა, შავი მოსასხამით. მაგიდასთან მჯდომი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ზურგზე დაიწყო ხელები.
- გაბრიელ...
- ნათანიელ, როგორ ჩაიარა რიტუალმა? - უკანმოუხედავად ჰკითხა ფანჯარასთან მდომმა.
- ძალიან კარგად, ის უკვე პირველყოფილი ვამპირია და ნელ-ნელა იწყებს ამის გაცნობიერებას, კვლავ საკანში დავაბრუნეთ და გამოსაცდელად სამი ვამპირი შევუშვით...
გაბრიელი სწრაფად შემოტრიალდა, მწვანე თვალებში მოუთმენლობა ეხატებოდა.
- მერე?
- დამიჯერე, ასეთი რამ არასდროს მინახავს, გაბრიელ, - ღიმილით წარმოთქვა ნათანიელმა და ხელები გაშალა, - ის უბრალოდ შეუდარებელია, თითქოს გონება გაეთიშა, ის თვით ჯოჯოხეთიდან მოვლენილი სატანაა.
- ესე იგი, მისი ღირსებების შედარებისას არ შევმცდარვარ.
- აშკარად, - თავი დაუქნია ნათანიელმა, - თუ ლუციუსი ძალიან სამართლიანია, ხოლო მარკუსი უძლიერესთა შორის უძლიერესი და უსწრაფესთა შორის უსწრაფესი, კოვაქსი-ესაა პრიმუმი, რომელსაც არანაირი ადამიანური გრძნობა აღარ აქვს შერჩენილი, ის სადისტია, ამ ორის შემდეგ ის უდავოდ მესამეა კლანში.
- შესანიშნავია, შესანიშნავი, - კმაყოფილებით თქვა გაბრიელმა, - ახლა, - მან პაუზა გააკეთა, - ტერიტორიების დაპყრობაზეც შეიძლება ფიქრი..
ის კვლავ ფანჯრისკენ შებრუნდა და სასახლის წინ გადაშლილი ხედის ზღაპრულ სილამაზეში ჩაიძირა...



******
კოვაქსი სწრაფად ბრუნავდა მარცხნივ და მარჯვნივ, თავდასასხმელად გამზადებული კონორის, ჯარედის და ბოგდანის მოძრაობებს ფხიზლად უთვალთვალებდა, რომლებიც მაინცდამაინც არ ჩქარობდნენ თავდასხმას, მათ იცოდნენ, რასაც წარმოადგენდა შავგვრემანი უკვდავი, იცოდნენ, რომ ერთი დაშვებული შეცდომა, ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი დაუგეგმავი შეტევა და სიკვდილისგან ვეღარაფერი იხსნიდათ, თავისთავად, ცალ-ცალკე კოვაქსი ბევრად ძლიერი იყო კონორზეც, ჯარედზეც და ბოგდანზეც, მაგრამ კონორს წითელ ვერცხლისწყალში ამოვლებული "ვერცხლის ფიჭვის" სარი ჰქონდა, რაც კოვაქსის უპირატესობას მინიმუმამდე ამცირებდა, ეს კოვაქსმაც მშვენივრად იცოდა, ამიტომ ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ კონორზე ჰქონდა გამახვილებული, მთელი ტანით ფარავდა მიას, რომელიც თითქმის შეხორცებოდა კედელს და უცნაურ სპექტაკლს შიშისგან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა.
- გაიხსენე ამდენი საუკუნის განმავლობაში შენს მიერ დახოცილი უდანაშაულო ხალხი, - დაცინვით მიმართა კონორმა, - ძალიან გაუხარდებათ, როდესაც ჯოჯოხეთში შეხვდები მათ.
- მე ისინი კლანის ინტერესების გამო მოვკალი, - დაიღრინა კოვაქსმა და ალესილი ეშვები გამოაჩინა.
კონორმა აგდებულად ჩაიცინა.
- ვითომ? მე ასე არ მგონია, შემიძლია უამრავი შემთხვევა გავიხსენო, სადაც კლანის ინტერესები ადგილს შენს სიბოროტეს და სადისტობას უთმობს ადგილს.
კოვაქსს არაფერი უპასუხია, არ მოსწონდა, როდესაც მის სულს აშიშვლებდნენ და სააშკარაოზე გამოჰქონდათ, მაგრამ სათქმელი არაფერი ჰქონდა.
შენობის გარეთ ხმაური მოისმა და ოთახში მყოფ საზოგადოებას კიდევ ხუთი მაქცია და დაახლოებით ორი ამდენი ვამპირი შემოუერთდა.
- კარგად მომზადებულხარ, - შემომატებულებს თვალი მოავლო კოვაქსმა, - შენ რა, ახლა ამ ბინძურ ძაღლებთან და მდაბალი რასის ვამპირებთან მუშაობ?
ეს ეპითეტი არავის ესიამოვნა, მაქციებმა და ვამპირებმა ნახევარწრე შეკრეს კოვაქსის გარშემო, ისინი მხოლოდ კონორის ბრძანებას ელოდებოდნენ, რომელიც სულაც არ ჩქარობდა, ჩანდა, სიამოვნებას იხანგრძლივებდა.
- მიზანი ამართლებს საშუალებას, - გაიკრიჭა კონორი, - მას შემდეგ, რაც შენ და ლუციუსს მოგიშორებთ, მერე იმ ბიჭს მოვძებნი, რა ჰქვია? მარკი ხომ?
კოვაქსი შეფიქრიანდა, კონორის სიტყვებიდან ჩანდა, რომ მან არ იცოდა რიტუალის შესახებ, რომელიც ამ წუთებში ლუციუსის განმარტოებულ სახლში მიმდინარეობდა, იქნებ მოესწრო რებეკას მარკუსის გამოღვიძება. კოვაქსმა იმედის პატარა სხივი დაინახა და ჩაეჭიდა.
- მარკისგან რა გინდათ? - აკანკალებული ხმით თქვა მიამ და კონორს მუდარით სავსე მზერა მიაპყრო, - გთხოვთ, მას ნურაფერს დაუშავებთ..
კონორმა ბოლთის ცემა შეწყვიტა და თვალთმაქცური გამომეტყველებით მიაჩერდა გოგონას, შემდეგ კოვაქსზე გადაიტანა მზერა.
- როგორ, მან არაფერი იცის?
- ამის ცოდნა არაფერში სჭირდება, - ავად დაიღრინა კოვაქსმა.
- შესაძლოა, - დაეთანხმა კონორი, შემდეგ სარი ხელში შეატრიალა, - ვფიქრობ, სალაპარაკო თემა ამოვწურეთ, დავიწყოთ?
კოვაქსს არაფერი უპასუხია, ოდნავ მოიხარა წელში და პირველ ვამპირს, რომელიც ეშვებდაღრენილი მივარდა, თითქოს მკერდში ოდნავ უბიძგა, მაგრამ ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა, ვამპირს სახეზე ნაცრისფერი დაედო, დაიხრიალა და მის ფეხებთან დაეცა, კოვაქსმა ბოროტად გაიღიმა, ხელისგულზე მოთავსებულ მკვდარი ვამპირის გულს დახედა და კონორს ფეხებთან მიუგდო.
- ბატონებო, - უაღრესად დამცინავად თქვა მან, - შემდეგი ვინ იქნება?
მისი რიტორიკული შეკითხვის საპასუხოდ, ერთ-ერთი ვამპირი სწრაფად მიუახლოვდა და ფიცრის წაწვეტებული ნაჭერი მოიქნია, რომელიც მის სხეულზე იყო გამიზნული, მაგრამ შავგვრემანი უკვდავი წამის მეასედში გახტა ნახევარი ნაბიჯით გვერდით, წვეტიანმა ფიცარმა კი უმიზნოდ გაიშხუილა ჰაერში, კოვაქსი ელვის სისწრაფით სწვდა გამბედავ ვამპირს თმაში, ზურგით თავისკენ მოიქცია, ფიცარი გააგდებინა, მსხვერპლი მკერდზე ძლიერად მიიკრა და მოელვარე ეშვებით ყელში ჩააფრინდა, სამიოდე წამის შემდეგ სისხლისგან დაცლილი სხეული გვერდით მოისროლა და ირგვლივ მყოფთ გამხეცებული მზერა მოავლო, ტუჩის კუთხეებიდან სისხლი პატარა ნაკადულებად ჩამოსდიოდა და ნიკაპთან ერთდებოდა.
- კონორ, რატომ აიძულებ მათ, რომ თავი შემომაკლან? - სისხლიანი ეშვები გააელვა კოვაქსმა, - ხომ იცი, რომ ვამპირის სისხლი მხოლოდ მაძლიერებს.
ვამპირებმა შეფიქრიანებულებმა გადახედეს ერთმანეთს და ორი ნაბიჯით დაიხიეს უკან, აღარავის ეხალისებოდა ამ გამხეცებულ პირველყოფილთან შებმა.
ბოგდანის მარჯვნივდა მარცხნივ მდგარი ახალგაზრდა მაქციები, რომლებიც არასდროს შეხვედროდნენ პირისპირ პირველყოფილ ვამპირს და არც მათი ძალა გამოეცადათ, ცმუკავდნენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩაებმებოდნენ ბრძოლაში, მხოლოდ ბოგდანის მუქარაშერეული ღრენა აკავებდათ..



******



- მარკუს, - ამოიხრიალა ლუციუსმა და ყელზე შემოჭდობილი ფოლადის თითებისგან გათავისუფლებას შეეცადა, რაც არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
მარკუსი, ლუციუსისთვის ხელი არ გაუშვია, სწრაფი ნახტომით წამოიმართა და მრისხანედ დაიღრინა, შემდეგ მარცხენა ხელით მკერდში ძლიერი დარტყმა მიაყენა. ლუციუსი რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით სახლის კედელს შეეხეთქა ზურგით და პირქვე დაეცა, მაგრამ წამის შემდეგ უკვე საბრძოლო პოზაში იდგა წელში ოდნავ მოხრილი და ჩასისხლიანებული თვალებით, ღრენით მისჩერებოდა მარკუსს, რომელიც ლოდს გამოსცდა, დაბნეული სახით მიმოიხედა, ჯერ სხეულზე დაიხედა, გაოგნებულმა შეათვალიერა ტანისამოსი, სახლს გახედა, ტყე დაზვერა და შემდეგ ლუციუსს მოუბრუნდა, მის თვალებში უკიდურესი გაოცება და შეშფოთება ჩაბუდებულიყო. საბრძოლო პოზა არ მიუღია, შეჩერდა და მელანქოლიური მზერით გამოხედა ლუციუსს.
ლუციუსი მიხვდა, რომ მარკუსი მასზე თავდასხმას არ აპირებდა, შვებით ამოსუნთქა და წელში გაიშალა.
მარკუსმა მარცხენა ხელი ასწია და გვირგვინოსან ბეჭედს დააკვირდა, სახეზე ჩრდილმა გადაუარა.
- მარკუს... - ლუციუსმა ფრთხილად გადადგა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი და საკუთარი ბეჭედი დაანახა.
მარკუსმა სწრაფი, გამჭრიახი მზერით შეათვალიერა ლუციუსი და კვლავ ბეჭედს დახედა.
- ლუციუს, - წარმოთქვა პირველი სიტყვა, ისე, რომ თავი არ აუწევია.
ლუციუსის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მარკუსმა ის იცნო, პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დანარჩენიც თავისთავად მოგვარდებოდა. ეს ყველაფერი ისე გაივლო გულში ლუციუსმა, სახეზე არანაირი ემოცია არ დასყობია, კვლავ ფრთხილად აკვირდებოდა და მარკუსის მოქმედებებს.
- ალბათ გშია, - ლუციუსმა წინასწარმომარაგებული სისხლით სავსე პაკეტი გადაუგო, მარკუსმა ჰაერშივე დაიჭირა, თავი მოხსნა და პირველი ყლუპი უდიდესი ნეტარებით დალია, თან თვალს არ აშორებდა ლუციუსს.
ლუციუსმა შეიცადა, სანამ მარკუსი სისხლის დალევას დაამთავრებდა და მაშინვე მეორე პაკეტიც გადაუგდო.
- დალიე, ეს ახლა აუცილებელია შენთვის.
მარკუსმა ეჭვით გამოხედა, მაგრამ პაკეტი მაინც გახსნა.
- რა ხდება აქ? - იკითხა, როდესაც მეორე პაკეტიც გამოცალა, ტყეს თვალი მოავლო და ქვაზე ჩამოჯდა, - სად ვარ?
- პირველ ყოვლისა, - ლუციუსი ფრთხილად დაიძრა მისკენ, - მინდა გავარკვიო, შენი ნდობა შეიძლება, თუ არა.
- თავს ვაკონტროლებ, - მკაცრად თქვა მარკუსმა, - რა ხდება აქ, ლუციუს?
ლუციუსი მის წინ შესდგა და ზურგზე ხელები დაიწყო.
- უცნაურად გამოიყურები, - მარკუსმა კვლავ შეათვალიერა, - ეს ვარცხნილობა, ეს ტანსაცმელი...
- მარკუს... - ლუციუსმა პაუზა გააკეთა, - შენ ძალიან დიდხანს გეძინა, ახლა ოცდამეერთე საუკუნეა...
მარკუსს სახეზე გაოცება გამოეხატა, ქვიდან წამოდგა და ლუციუსს მიუახლოვდა.
- რა თქვი?
- ახლა ოცდამეერთე საუკუნეა, შენ მოგკლეს, უფრო სწორად შენი სხეული, და რებეკას დახმარებით გამოგაღვიძეთ...
- მომკლეს? - იკითხა მარკუსმა და ლუციუსს გამოწვდილი სარკე ჩამოართვა, შეათვალიერა და შემდეგ ჩაიხედა, ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა საკუთარ სახეს, - ეს მე ვარ, მაგრამ...უფრო ახალგაზრდა.
- ჰო, - დაემოწმა ლუციუსი, - ეს რთული ასახსნელია, იმედია რებეკა აგიხსნის ამას, როდესაც შევხვდებით.
მარკუსი კვლავ საკუთარი სახის თვალიერებით იყო გართული.
- ვინ მომკლა? - იკითხა ბოლოს.
- ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, - პასუხს თავი აარიდა ლუციუსმა, ქვაზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა, - მთავარია, რომ ახლა აქ ხარ, კვლავ ცოცხალი.
მარკუსი ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა, შემდეგ ნელა დაუქნია თავი.
- ჰო, მაგრამ მაინც მაინტერესებს, ვინ მომკლა, ლუციუს?
ლუციუსი დიდხანს ჩაჰყურებდა მელანქოლიურ თვალებში, შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და ღრმად ამოისუნთქა.
- შენ...მე მოგკალი, მარკუს.
მარკუსს კვლავ გაოცება გამოეხატა სახეზე, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და იქიდან შემოხედა ლუციუსს.
- რატომ? - მის ხმაში ტკივილი იგრძნობოდა.
- იცი...
- მე და შენ მეგობრები ვიყავით, ლუციუს, ასეთი რა დაგიშავე?
- შენ რებეკას მოკვლას ცდილობდი, - სწრაფად თქვა ლუციუსმა, - სხვა გზა არ მქონდა.
მარკუსი ჩაფიქრდა.
- ეს არ მახსოვს, არ მახსოვს, როგორ მომკალი, - და ეჭვით გახედა ლუციუსს, რომელიც ღმერთს ევედრებოდა მარკუსი მის სიცრუეს ვერ მიმხვდარიყო.
- შემდეგ ეს ძალიან ვინანე, შენი დაბრუნების გზებს ვეძებდი და მაინც დაგაბრუნე.
- რატომ დამაბრუნე?
- სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, ომი დაიწყო, - მიუგო ლუციუსმა.
- მაქციები? - მარკუსის თვალებში ბოროტმა ცეცხლმა იელვა.
- ყველა ერთად, - უპასუხა ლუციუსმა, - მაქციები, ვამპირები, ადამიანები....პირველყოფილები.
მარკუსი კიდევ ერთხელ გაოცდა.
- პირველყოფილები? ჩვენიანები?
- კონორი და ჯარედი, - დააზუსტა ლუციუსმა, - კონორს სარები აქვს. ჯარედმა კი ადამიანი მოიტაცა.
- კონორის მოტივი გასაგებია, - მცირე ფიქრის შემდეგ თქვა მარკუსმა, - მაგრამ ჯარედი..
- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ლუციუსმა, - მოკლედ, მან ადამიანი მოიტაცა, რომელიც კოვაქსისთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასია...
- კოვაქსიც საქმეშია?
- ჰო, - თავი დაუქნია ლუციუსმა, - ახლა ის ჯარედთან წავიდა და სარები წაიღო გამოსასყიდის ვარიანტში..ეს მოითხოვა ჯარედმა.
- ვინ ჰყავს ჯარედს?
- მია ჯეკსონი, - თქვა ლუციუსმა და მარკუსის სახეს დააკვირდა, რომელზეც არავითარი ემოციური ცვლილება არ იკითხებოდა.
- არასდროს გამიგია, - თავი გააქნია მარკუსმა, - მოდი, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი, იქნებ გაპატიო კიდეც ჩემი მოკვლა...



******
ხის გაუქმებულ საამქროში კი ბრძოლა გრძელდებოდა, თვალებჩასისხლიანებული კოვაქსის ირგვლივ სისხლით დაცლილი ვამპირები და მაქციები ეყარნენ, უმრავლესობას თავი ჰქონდა მოგლეჯილი, დანარჩენს-ზოგს გული ამოგლეჯილი, ზოგსაც ხელ-ფეხი მოწყვეტილი და სისხლისგან დაცლილი.
მია ამ სისხლიან სცენას გაოგნებული ადევნებდა თვალს, უძლიერესი შოკი მიეღო, ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა, მხოლოდ მისჩერებოდა კოვაქსს, რომელიც ელვასავით სხარტად მოძრაობდა, იმდენად სწრაფად, რომ თითქმის შეუძლებელი იყო მისთვის თვალოს დევნება, შიშისგან სიგიჟის პირას მისული გოგონა თვალებს ხუჭავდა, ყურებზე ხელს იფარებდა და ცდილობდა არ მოესმინა საწყალობელი ყვირილისთვის, რომელიც კოვაქსის ყოველ მოძრაობას მოჰყვებოდა ხოლმე.
- თქვენი ტაქტიკა არ ამართლებს, - ღიმილით თქვა ერთიანად მოწინააღმდეგის სისხლში ამოსვრილმა კოვაქსმა, - შენ როდის აპირებ, შემებრძოლო, კონორ?
კონორს უკვე დიდი ხანია ეჭვი შეეპარა თავის გამარჯვებაში, ეს შავგვრემანი სადისტი აუღელვებლად, მათემატიკური სიზუსტით ზედიზედ ამცირებდა მის მომხრეთა რიცხვს, სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა.
კონორმა დრო შეურჩია, როდესაც კოვაქსმა მორიგი მსხვერპლი მოიგდო მკლავებში, კონორმა სარი მოიქნია და მისი მიმართულებით გასტყორცნა, სარმა შხუილით გადაჭრა ოთახი და კოვაქსს მუცელში ჩაესო, უკვდავმა ტკივილისგან დაიღმუვლა, მუხლებზე დაეცა და სარს ორივე ხელით ჩაეჭიდა.
- ავაცილე, - მშვიდი სახით თქვა კონორმა და ბოგდანს და ჯარედს ანიშნა, წამოაყენეთო.
ბოგდანი და ჯარედი მხრებში შეუდგნენ სარის ზემოქმედებისგან ძალაგამოცლილ კოვაქსს, ფეხზე წამოაყენეს და ხელები გაუკავეს.
კონორმა განზრახ ნელა ამოაძრო სარი მუცლიდან, რასაც კოვაქსის გამწარებული ყვირილი მოჰყვა, ვერცხლისწყალი მას გაუსაძლის ტკივილს აყენებდა და ყოველგვარ ძალას აცლიდა.
კონორმა თვალებში ჩახედა კოვაქსს და სარის წვერი გულზე მიაბჯინა.
- მშვიდობით, კოვაქს.
- წადი შენი... - უხამსად შეიგინა კოვაქსმა.
კონორმა ცინიკურად გაიღიმა, ბოგდანს და ჯარედს ანიშნა, მაგრად გააკავეთო და სარს ნელა დააწვა, ოთახი კოვაქსის საშინელი ღრიალით აივსო, გარეთ გამოიჭრა და სივრცეს შეერია.
სარმა თითქმის სანახევროდ შეაღწია გულში, კოვაქსს ყელიდან ნაცრისფერი შემოეპარა...
და ამ დროს მისი ყვირილი გაცილებით ხმამაღალმა, საზარელმა და უცნაურმა კივილმა გადაფარა, რომელიც კოვაქსის ზურგს უკნიდან მოდიოდა და რომელსაც საოცარი ენერგია მოჰყვებოდა.
უხილავმა, უძლიერესმა ტალღამ ოთახის შორეულ ბოლოში მოისროლა კონორი, ჯარედი და ბოგდანი, იატაკზე მიყრილ-მოყრილი გვამები და ავეჯის ნამსხვრევები საოცარი ძალის მეშვეობით ჰაერში აიწია, რამდენიმე წამის შემდეგ კი, ყვირილის დასრულებისთანავე, ზათქით და ხმაურით მიმოიფატა იატაკზე.
ძირს დაცემული კოვაქსი გაჭირვებით წამოიწია იდაყვებზე და მუხლებზე დაცემულ გოგონას შეხედა.
- მის ჯეკსონ, მის ჯეკსონ...
გოგონას სადღაც შორიდან შემოესმა ეს ძახილი, თითქოს თვითონ წყალქვეშ იყო და წყალი გარესამყაროში არსებულ ხმებს ახშობდა. მან ნელა და გაოცებით შეხედა კოვაქსს.
- დამეხმარე, - სისხლი ამოანთხია პირიდან კოვაქსმა და გაჭირვებით მიხოხდა გოგონასთან, - სარი ამოიღე, გთხოვ, დააჩქარე, თორემ მოვკვდები, - უკანასკნელი სიტყვები ბოლო ძალების დაძაბვით წამოყვირა და უგონოდ განერთხო იატაკზე.
მია კოვაქსის გულში ნახევრადჩარჭობილ სარს ჩააფრინდა და ძლიერად მოქაჩა, სარი რთულად, მაგრამ მაინც ემორჩილებოდა.
გოგონამ სარი სხეულიდან ამოიღო და სიძულვილით მიაგდო გვერდით, კოვაქსმა იმწამსვე გაახილა თვალები.
- კარგად ხართ? - ჰკითხა გოგონამ, ჯერ კიდევ კანკალებდა გადატანილი ემოციებისგან.
კოვაქსს არაფერი უპასუხია, ოთახს თვალი მოავლო, შემდეგ ზურგით კედელს მიეყრდნო და გოგონას ლამაზ, შოკოლადისფერ თვალებში ჩააშტერდა, დიდხანს უყურა გამოუცნობი მზერით, შემდეგ კვლავ უცნაური ძალის მეოხებით შემუსრულ ოთახს მოავლო თვალი.
- შენ... - მტკიცედ წარმოთქვა და კვლავ გოგონას მიაშტერდა, - ეს შენ გააკეთე...ჯანდაბა... ასეთი ძალა რებეკასაც კი არ აქვს....ვინ ხარ?

თავი 9

ციხე-სიმაგრის ტიპის შენობას გარს ბაღი ეკრა, დეკორატიული ბუჩქები და მარადმწვანე მცენარეულობა თვალისთვის სასიამოვნო დასანახ პეიზაჟს ქმნიდა. ირგვლივ მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და მერცხლების ჟრიამული ისმოდა. გამწვანებულ ბაღს კვეთდა წითელი აგურის ფხვნილით მოხრეშილი ბილიკი, რომელიც უზარმაზარ ალაყაფთან მთავრდებოდა. ამ ბილიკს ზურგზე ხელებდაწყობილი დინჯი ნაბიჯით მიუყვებოდა მამაკაცი, ქალს კი მარაო მოემარჯვებინა და მზის მცხუნვარე სხივებს მისი მშვენიერი სახის ამბორის და შოკოლადისფერი თმით თამაშის საშუალებას არ აძლევდა.
- მოხარული ვარ, რომ ყოველგვარი გაუგებრობა წარსულს ჩაბარდა, - ამბობდა მამაკაცი.
- თუ ღმერთი გწამს, გაბრიელ, - ირონიულად მიუგო ქალმა, - რა საჭიროა თვალთმაქცობა, მაშინ მარკუსი რომ არ გამომქომაგებოდა, ალბათ ახლა სისხლისგან დაცლილი ვეგდებოდი სადმე...
- მხოლოდ წამიერად დავკარგე კონტროლი, - თავი იმართლა გაბრიელმა, - მადლობას გიხდი მისი მოქცევისთვის.
ქალი შეჩერდა და გაბრიელს მწვანე თვალებში ჩააჩერდა.
- გაბრიელ, - მან პაუზა გააკეთა, - არ გეშინია, რომ მას ერთხელაც ყველაფერი გაახსენდეს?
გაბრიელმა დაუდევრად ჩაიქნია ხელი.
- არ გაახსენდება, - თქვა დარწმუნებით, - ნათანიელმა სამუდამოდ წაუშალა მეხსიერება.
- შენს ადგილას ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი, - ჩაილაპარაკა ქალმა და გზა განაგრძეს.
- რას გულისხმობ?
- შენ იცი რასაც ვგულისხმობ, ნებისმიერ პირველყოფილს შეუძლია მას მეხსიერება აღუდგინოს, ამისთვის ნათანიელი სულაც არაა საჭირო.
გაბრიელმა წარბები შეჭმუხნა და ჩაფიქრდა. აწონ-დაწონა ქალის სიტყვები და სიტუაცია სწრაფად შეაფასა.
- შენი ვარაუდი, ვჰგონებ, არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული, - მან გალავანს მიღმა ჩამუქებულ ტყეს გახედა, - მაგრამ თითოეული მათგანი რომ განვიხილოთ, ვინ შეიძლება წავიდეს კლანის ინტერესთა საწინააღმდეგოდ?
ქალს არაფერი უპასუხია, ოქროს წვრილ და გრძელ მუნდშტუკში ელეგანტურად მოათავსა სიგარეტი. გაბრიელმა მაშინვე მოუკიდა, რამოდენიმე კვირის წინ მომხდარის გამო ცდილობდა ქალთან ურთიერთობა გამოესწორებინა, ეს ქალი მხოლოდ მას კი არა, კლანსაც ჰაერივით სჭირდებოდა, გაბრიელი კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კლანის წინაშე აგებდა პასუხს.
- ლუციუსი ჩვენს წინააღმდეგ არ წავა, - თავისსავე კითხვას გასცა პასუხი გაბრიელმა, - ის უაღრესად კეთილშობილია, ის "კანონის წიგნის" მცველია და მისი ვალია კლანს ემსახუროს...მარკუსი კი.. - გაბრიელმა სიძულვილით წარმოთქვა ეს სახელი, - ყოველთვის ლუციუსის მხარეს იქნება, ასე რომ, - მან ღიმილით მოიფშვნიტა ხელები, - ამ ძაღლისშვილს ჩვენს წინააღმდეგ ძალა არ ეყოფა.
ქალი შეჩერდა და გაბრიელს შეხედა.
- ასე რატომ გეზიზღება კოვაქსი? მას შენთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით-შენ მას ოჯახი ამოუხოცე, მეხსიერება წაუშალე და პირველყოფილ ვამპირად აქციე.
- დიადი მიზნისთვის ნებისმიერის გაწირვა ღირს და ნებისმიერი საშუალება ამართლებს, - ავად დაისისინა გაბრიელმა, პირში დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო, მაგრამ მარკუსის გაფრთხილება გაახსენდა და ბრაზს წამსვე ამოსდო ლაგამი, ისევ ჩვეული-კეთილხმიერი და მოწყალე მმართველის ნიღაბი აიფარა.
ერთხანს უხმოდ მიუყვებოდნენ ბილიკს, შემდეგ გაბრიელი შეჩერდა, ქალს მკლავში გამოსდო ხელი და ბაღის სიღრმეში მდებარე პატარა შენობისკენ წაიყვანა.
- წამოდი, რაღაც მინდა გაჩვენო.
მათ თვალწინ გადაიშალა სურათი, რომელმაც სულით-ხორცამდე შესძრა ქალის ნაზი არსება.
უსახურავო შენობაში, რომლის კედლებსაც მსხვილი გისოსები წარმოადგენდა, ძალზედ მსხვილი ჯაჭვით იატაკში ჩასმულ რკინის რგოლებზე მიბმული იყო მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი, ის ცოფმორეულივით აბრიალებდა სასტიკ, წყვდიადივით შავ თვალებს, თმა სისხლით მოსვრილ სახეზე ჩამოშლოდა, ისევ ის თეთრი ტანისამოსი ეცვა, ალისფერი ლაქებით დამშვენებული. მამაკაცი გალიაში დამწყვდეული მხეცივით მიმოდიოდა ვიწრო საკანში და თვალებს შეშლილივით აბრიალებდა. ქალმა იცნო ბედკრული არსება, რომელიც მცირე ხნის წინ კლანის ულმობელი მეთაურის ბრძანებით პირველყოფილად აქცია.
- შეხედე, - სიამაყით მიუთითა ქალს გაბრიელმა, - ეს არსება მე შევქმენი, მე უნდა მიმადლოდეს თავის საცოდავ არსებობას მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში.
ქალს არაფერი უთქვია, უფრო ახლოს მიიწია გისოსთან და მამაკაცი სიბრალულით შეათვალიერა.
- შენ მას ყველაფერი წაართვი, გაბრიელ.
- მე მას გაცილებით მეტი ვუბოძე, ვიდრე ოცნება შეეძლო, - მიუგო გაბრიელმა და საკნის შესასვლელთან მდგარ მზერაგაყინულ მცველს რაღაც ანიშნა.
მცველმა არბალეტი მოიმაჯვა, მამაკაცს დაუმიზნა და გაისროლა. ისარმა ოთახი გადაკვეთა და მამაკაცს ბარძაყში ჩაესო, იმავდროულად მცველმა საკანში სამი, შიშისგან სახეშეშლილი მამაკაცი შეაგდო.
- ვამპირები, - თქვა ქალმა.
გაბრიელმა ღიმილით დაუქნია თავი და საკანში გამომწყვდეულ მამაკაცს მიუბრუნდა.
- კოვაქს, მათ ჩვენი კლანის დამხობა განიზრახეს, - და ვამპირებზე მიუთითა, - მე გაძლევ იმის პრივილეგიას, რომ ისინი დასაჯო.
კოვაქსმა ყურადღებით მოუსმინა გაბრიელის თითოეულ სიტყვას, შემდეგ თავი ოდნავ დახარა, მკერდიდან შემზარავი ღმუილის ხმა ამოსდიოდა, ტუჩის კუთხეებიდან წვრილ ნაკადულებად ჩამომავალი სისხლი ნიკაპთან შეხმობოდა.
ვამპირების საწყალობელ ყვირილს კოვაქსის მხეცური ხარხარის ხმა შეერია, რასაც ძვლების მტვრევის და ხორცის გლეჯვის ხმა მოჰყვა....
- ასე დაემართება ყველას, ვინც კლანის ინტერესების წინააღმდეგ წავა, - განგებ ხმამაღლა და დამარცვლით წარმოთქვა გაბრიელმა და ფარული მუქარით გახედა ქალს...



******



კოვაქსმა სული მოითქვა, სწრაფი ნახტომით წამოიჭრა ფეხზე და ტანსაცმელი ჩამოიბერტყა.
- ფეხი არ მოიცვალო, - უბრძანა მიას და წამის უსწრაფესად ოთახის შორეულ კუთხეში გაჩნდა. გამჭრიახი მზერით ჩხრეკდა ოთახის ყოველ კუთხე-კუნჭულს, მაგრამ კონორის და ჯარედის კვალი არსად ჩანდა. მხოლოდ ერთი სხეული ეგდო ნანგრევებს და შემუსრული ავეჯის ნამსხვრევებში. კოვაქსმა კისერში ხელი ჩაავლო და ოთახის ცენტრში გამოათრია. ფეხზე წამოაყენა, მარცხენა ხელი ყელში ჩაავლო და ყინულივით ცივი მზერით მიაშტერდა.
- ბოგდან, მუხანათური თავდასხმა ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს, - მან მარჯვენა ხელი მოიმარჯვა და თვალები წამიერად ექცა სისხლის ტბებად, - ამ ომის დასასრულს სამწუხაროდ შენ ვეღარ იხილავ.
- არა, - გაისმა გოგონას ყვირილი და კოვაქსს სასიკვდილოდ მოქნეული მარჯვენა ჰაერში გაუშეშდა.
გოგონა ფრთხილად მიუახლოვდა კოვაქსს ზურგიდან და ზურგზე ხელი დაადო. კოვაქსს გააჟრჟოლა და გული გაუცხელდა. მან ნელა დაუშვა ხელი, ბოგდანისთვის თვალი არ მოუშორებია.
- მის ჯეკსონ, ერთი მიზეზი მაინც მითხარით, რატომ არ უნდა მოვკლა.
- ის ჩემი საუკეთესო მეგობრის მამაა, - მავედრებლად ჟღერდა მიას ხმა, მან უცებ საკუთარ თავში აღმოაჩინა, რომ სულაც არ ეშინოდა ამ შავგვრემანი პირველყოფილის.
- არ გცოდინიათ მეგობრების არჩევა, მის ჯეკსონ.
- გთხოვ, - მიას კოვაქსის ზურგზე დადებული ხელი აუთრთოლდა, - გთხოვ, ნუ მოკლავ...
კოვაქსმა კბილები ბრაზით გაახრჭიალა, ბოგდანი სწრაფი მოძრაობით მოისროლა კედლისკენ და მიასკენ შემობრუნდა, მონუსხული ჩააჩერდა თბილ, შოკოლადისფერ თვალებში.
- მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მთხოვე, - ყრუდ უთხრა გოგონას, - აქედან უნდა წავიდეთ.
მიამ თავი დაუქნია და უკან გაჰყვა მანქანისკენ მიმავალ უკვდავს.
ეზოში გასულმა კოვაქსმა ფრთხილად მოათვალიერა გარემო, შემდეგ დაელოდა, სანამ მია მანქანაში ჩაჯდებოდა, თვითონ საჭეს მიუჯდა და საბურავების წივილით დასძრა ადგილიდან, ტრასაზე გავარდა და სალემისკენ მიმავალ გზას დაადგა.
არცერთი ხმას არ იღებდა, მია შიგ და შიგ შეფარული მზერით შეათვალოერებდა ხოლმე, მტკიცე, სასტიკი გამომეტყველების უკვდავს, რომელიც დაძაბული ჩაფრენოდა საჭეს, აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა.
- კარგი, - თქვა ბოლოს და სვლა შეანელა, შემდეგ გზიდან გადავიდა და შეჩერდა, - პასუხები მჭირდება.
- პასუხები? - მია დაიბნა.
- ჰო, - კოვაქსის ხმა მბრძანებლურად ჟღერდა, - ვინ ხარ?
- ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები, - აღშფოთდა გოგონა.
კოვაქსმა ამოიოხრა, რაც დაახლოებით "ღმერთო მომმადლე მოთმინება"-ს ნიშნავდა.
- ვიცი, რომ მია ჯეკსონი გქვია, მაინტერესებს რა ძალას ფლობ, ორი პირველყოფილი და ალფა მაქცია მიწასთან რომ გაასწორე, - ირონიულად თქვა კოვაქსმა და სიგარეტს მოუკიდა.
მიამ ნაღვლიანი მზერით გახედა ტყეს, რომელიც მაგისტრალს ორივე მხრიდან ჩასდევდა.
- არ ვიცი, - თქვა მან, - ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია...მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
კოვაქსმა უხამსად ჩაიცინა.
- ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც მე.
მიამ ტკივილით აღსავსე თვალები მიაპყრო, რომლებშიც მარგალიტებივით უბრწყინავდა ცრემლები, კოვაქსმა თვალი აარიდა...
- არ ვიცი ეს როგორ გავაკეთე..
- კარგი, - კოვაქსი მიხვდა, რომ გოგონა ნერვული აშლილობის ზღვარზე იმყოფებოდა, - უნდა დაწყნარდე, - მან კვლავ ჩართო ძრავი და ნელი სვლით დასძრა მანქანა.
- მარკი სად არის? - მცირე ხნის შემდეგ იკითხა გოგონამ, - მეგონა ის მოვიდოდა ჩემთან...
კოვაქსს ყბებზე კუნთები აუთამაშდა, მაგრამ თავს სძლია.
- მარკს და ლუციუსს მცირე შეფერხება შეექმნათ, - თავი აარიდა პირდაპირ პასუხს.
- გასაგებია, - გულნატკენმა თქვა მიამ და ტყეს გახედა, შემდეგ კვლავ შემობრუნდა, - შენ...სისხლით იკვებები?
კოვაქსს გაეღიმა.
- ადამიანის და ვამპირის სისხლით.
- ვამპირის? - გოგონა აშკარად გაოცებული ჩანდა.
- რა თქმა უნდა, - კოვაქსმა გამოხედა და გაუღიმა, შემდეგ ცინიკურად დასძინა, - მეგონა საკმარისი მოვიმოქმედე, ეს რომ შეგემჩნია.
მიას ავეჯის ქარხანაში კოვაქსის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის კადრები გაახსენდა და გააჟრჟოლა.
- ერთმანეთის სისხლს როგორ სვამთ?
- ერთმანეთის სისხლს არ ვსვამთ, მე პირველყოფილი ვარ, მათი სისხლი ჩემთვის იგივეა, რაც ადამიანებისთვის ენერგეტიკული სასმელი, სტიმულატორი, - კოვაქსს საკუთარ სიტყვებზე გაეცინა.
გოგონამ ფიქრიანად დაუქნია თავი.
- მათგან კიდევ იმით განვსხვავდებით, რომ ძალიან ძლიერი თვითკონტროლი გაგვაჩნია, - კოვაქსმა პაუზა გააკეთა, - მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინდივიდუალურია.
- რატომ გადამარჩინე? - არასასურველი შეკითხვა დასვა გოგონამ.
კოვაქსმა ერთბაშად შეაჩერა მანქანა და გაკვირვებული მზერით მოტრიალდა.
- არ უნდა გადამერჩინე?
- როგორ არა, უბრალოდ, შეგეძლო არ გადაგერჩინე, შენ ხომ მათზე გაცილებით სწრაფი ხარ, შეგეძლო ქარხნიდან წამოსულიყავი..
- შემეძლო, - დანებების ნიშნად ამოიხვნეშა კოვაქსმა.
- და რატომ არ წამოხვედი?
კოვაქსი შოკოლადისფერ თვალებში ჩააშტერდა, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეხილა ასეთი ლამაზი თვალები, ახლა კი მეორედ ხედავდა. გოგონა უტეხი მზერით შეჰყურებდა, კოვაქსმა თავი გააქნია და გზას გახედა.
- ძალიან ბევრ შეკითხვას სვამ, არ მიყვარს, როცა ბევრ კითხვებს მისვამენ.
გოგონამ თავი ნელა დაუქნია.
- უბრალოდ, შენზე სხვანაირი წარმოდგენა მქონდა..
- სხვანაირი როგორი, კარგი? ვწუხვარ, თუ იმედები გაგიცრუე, - ცინიკურად ჟღერდა უკვდავის ხმა.
- არა, კარგი წარმოდგენა ეხლა მაქვს.
კოვაქსს პასუხი არ გაუცია, შეუმჩნევლად ჩაიღიმა და მანქანის მართვა განაგრძო..



******



კოვაქსი მობილურით დაუკავშირდა ლუციუსს.
- რა ხდება? - მოუთმენლად იკითხა ქერა ვამპირმა.
- ყველაფერი რიგზეა, გოგო უსაფრთხოდაა, - კოვაქსმა ცალი თვალით გახედა მიას, რომელსაც მშვიდად ჩასძინებოდა გვერდით სავარძელზე.
- კარგია. მარკუსმა გამოიღვიძა...
კოვაქსმა აპარატს ხელი მოუჭირა.
- ჰმ, მეგონა ცოტა დიდხანს ვიცოცხლებდი.
- შენ საფრთხე არ გემუქრება.
- რას გულისხმობ? - გაუკვირდა კოვაქსს.
- როგორ გითხრა, - შეყოვნდა ლუციუსი, - მარკუსს ვუთხარი, რომ მე მოვკალი, შენზე არაფერი იცის და იცი რა? ის თითქოს... სხვანაირია, რაღაცნაირად.
- თითქმის მანდ ვარ, - კოვაქსმა ტელეფონი გათიშა, მანქანა ლუციუსის საცხოვრებლის ეზოში შეიყვანა და მანქანა გააჩერა. გადმოსვლისთანავე შენიშნა ლუციუსი და მარკუსი, ისინი ვერანდაზე იჯდნენ და რაღაც სასმელს შეექცეოდნენ.
კოვაქსი ფრთხილი, შემპარავი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ, კიბეზე ავიდა და ვერანდის სვეტს მიეყრდნო, ყურადღებით დააკვირდა მარკუსს.
- გვიხარია, რომ მშვიდობით დააღწიე მათ თავი, - ლუციუსი წამოდგა და გაიღიმა, შემდეგ მარკუსს გახედა, - მარკუს...კოვაქსი ხომ გახსოვს?
მარკუსი წამის უსწრაფესად გაჩნდა კოვაქსის წინ, შეათვალიერა, მცირე ხანს თვალებში უყურებდა...ლუციუსს სხეული დაეჭიმა, ყოველ წამს მზად იყო, შუაში ჩახტომოდა მათ, მაგრამ...
მარკუსმა ხელები გაშალა და კოვაქსს მხრებზე წაავლო.
- რა თქმა უნდა, მახსოვს, - თქვა მან შემპარავი ღიმილით.
- ჩვენ ერთად ვართ, - მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა ლუციუსმა და მარკუსს თვალი-თვალში გაუყარა, შემდეგ კოვაქსს მიუბრუნდა, - გოგონა სად არის?
კოვაქსმა ხელით ანიშნა მანქანაზე.
- ცოცხალი სისხლი, - მარკუსს მზერაში სისასტიკე შეეპარა და კიბეებზე ჩასვლა დააპირა, მაგრამ კოვაქსმა ელვის სისწრაფით გადაუღობა გზა და მკერდზე ხელი მიადო.
- ეს რას ნიშნავს? - მუქარით დაიღრინა მარკუსმა.
- ის საკვები არ არის, - პასუხად დაუღრინა კოვაქსმა და საზარელი ეშვები გამოაჩინა, - უკან დაიხიე.
მარკუსს გაოცება გამოეხატა სახეზე, როდესაც კოვაქსის ასეთი სითამამე იხილა.
- არ მინდოდა, ჩვენი შეხვედრა ასეთი ყოფილიყო, - ის ყელში სწვდა კოვაქსს და მაღლა ასწია, მაგრამ ამ დროს ლუციუსის მძიმე ხელი იგრძნო მხარზე.
- მარკუს, ჩვენ ერთად ვართ, - გაიმეორა მან, - ეს გოგო ჩვენ გვეხმარება.
მარკუსმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სიტყვა ჩანასახშივე გაუქრა, როდესაც დაინახა იშვიათი სილამაზის გოგონა, რომელიც თვალებგაფართოებული მიყრდნობოდა მანქანას და მათ უცქერდა.
- ჯანდაბა, - ჩაილაპარაკა ლუციუსმა და უკან აედევნა მარკუსს, რომელმაც კოვაქსს ხელი უშვა და გოგონასკენ გაემართა.
კოვაქსი მათ ვერანდიდან ადევნებდა თვალს.
მარკუსი და ლუციუსი მიას წინ შესდგნენ. ლუციუსი გაფაციცებული აკვირდებოდა მარკუსის ემოციებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ამჩნევდა.
- მარკ, - წარმოთქვა გოგონამ და მისი უჩვეულო გარეგნობით გაოცებულმა ფრთხილად წარსდგა წინ ნაბიჯი.
მარკუსმა ლუციუსს გახედა, შემდეგ მზერა კვლავ გოგონაზე გადაიტანა.
- უკავრავად, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს?
- რა თქვი? - გაოგნებული ჩაეკითხა გოგონა, - ასე რატომ იქცევი, ან...
- მის ჯეკსონ, - სასწრაფოდ ჩაერია ლუციუსი, - სიტუაცია სერიოზულია, თანდათანობით აგიხსით ყველაფერს.
- მინდა, რომ აქვე და ახლავე ამიხსნათ, - კერპად იქცა გოგონა.
- მოკლედ, - გოგონა შეხტა, როდესაც უკნიდან კოვაქსის ხმა გაიგო, ის შეუმჩნევლად ამოსდგომოდა ზურგში, - მარკ კრამერი აღარ არსებობს, მის ჯეკსონ, თქვენს წინაშე მდგარი პიროვნება მარკუსია, ის პირველყოფილია, ისევე, როგორც მე, - მიაყარა კოვაქსმა.
- მაგრამ... - ცრემლებმა თავისით იპოვა გზა და გოგონას ხმა აუკანკალდა, - მას რა გაუკეთეთ, - გოგონა მთელი სხეულით აცახცახდა, მოიბუზა და ყვირილი დააპირა.
- ჯანდაბა, - იყვირა კოვაქსმა, - ოღონდ აქ არა მის ჯეკსონ, ოღონდ აქ არა..

თავი 10

კოვაქსი ცოფიანი მხეცივით აწყდებოდა გალიის გისოსებს, მაგრამ მსხვილი ფოლადის წნულების დამსხვრევა და საპატიმროდან თავის დაღწევა მის ძალებს აღემატებოდა. უკვე მესამე წელიწადი იწურებოდა, ყოველი დღე კი ერთფეროვნად მიედინებოდა, შეშლილი, ჭკუიდან გადასული პირველყოფილი, საკანში შემოგდებული მსხვერპლი და ქვის იატაკი, რომელიც ყოველდღიურად სისხლით ირწყვებოდა...ამ ყველაფერს კი პრიმუმთა კლანის მეთაური ცივსისხლიანი სიმშვიდით ადევნებდა თვალს, მისი მიზანი იყო, ამ ახლადშექმნილ პირველყოფილში ყოველგვარი ადამიანური ემოცია ჩაეკლა და მისგან მხოლოდ სიკვდილის მანქანა მიეღო, უბედურ პატიმარზე ექსპერიმენტების ჩატარების გვირგვინს კი უდავოდ პატიმრობის ბოლო დღე წარმოადგენდა...
ამ დღეს კოვაქსი იატაკზე იჯდა, ზურგით გისოსს მიყრდნობოდა, სხეული სისხლის ლაქებით დაფარვოდა, არაფრისმთქმელი, დაჩლუნგებული მზერით გაჰყურებდა საპატიმროს გარსშემორტყმულ გამწვანებულ ბაღს და არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ერთი სურათი ედგა თვალწინ, ის განუწყვეტლივ კლავდა, შეუსვენებლად კლავდა, სიამოვნებით კლავდა, კლანის ინტერესების გულისთვის, გაბრიელის სიამოვნების გულისთვის...
მზის სხივებს რაღაც ჩამოეფარა და კოვაქსს სახეზე დაეცა, უკვდავმა ნელა ასწია თავი და დაინახა მწვანეთვალება, მდიდრულად გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც გისოსს მიყრდნობოდა და დამცინავად უმზერდა, კოვაქსმა მიმოიხედა, ის შოკოლადისფერთვალება ლამაზი ქალი არსად ჩანდა, მუდამ გაბრიელს რომ უმშვენებდა ხოლმე გვერდს.
- კოვაქს, - კლანის მეთაურის ხმა საზეიმოდ ჟღერდა, - დღეს ღირსშესანიშნავი დღეა, დღეს საბოლოო გამოცდას გაივლი და ჩვენი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდები..
კოვაქსს არაფერი უპასუხია, მხოლოდ მზერა მიაპყრო გაბრიელს, რომლის მიმართაც მხოლოდ პატივისცემას და ოდნავ შიშს გრძნობდა.
- მზად ხარ? - ჰკითხა გაბრიელმა და ავმა ღიმილმა გადაუარა სახეზე.
კოვაქსი ელვის სისწრაფით წამოიჭრა ფეხზე, მისი სახე მხოლოდ მოუთმენლობას გამოხატავდა.
- მზად ვარ, - ხმაც ისეთივე სასტიკი და უემოციო ჰქონდა, როგორც მზერა.
გაბრიელმა მცველს ანიშნა და საპყრობილის კარი ჭრიალით გაიღო, კოვაქსი სწრაფად შებრუნდა და სისხლისმწყურვალი მზერა მიაპყრო მსხვერპლს, რომელიც შეძრწუნებული და გაოგნებული მზერით შეჰყურებდა. ეს იყო შუახნის ქალი, ტანსაცმელი სანახევროდ შემოხეოდა, ჭაღარაშეპარული თმა სახეზე ჩამოშლოდა, გაძვალტყავებული ხელები ციებიანივით უკანკალებდა.
კოვაქსმა ყრუდ დაიღრინა, თვალები სისხლის ტბებად ექცა, ლოყებზე სისხლძარღვები შავად დაებერა, მან საზარელი ეშვები გააელვა და მსხვერპლისკენ შემპარავი ნაბიჯით დაიძრა.
- შვილო... - მოულოდნელად წარმოთქვა ქალმა და მუხლებზე დაეცა, ხელები კი კოვაქსისკენ გაიწოდა ვედრებით.
კოვაქსი შესდგა და გაოცებული მზერა მიაპყრო ქალს, შემდეგ გაბრიელს გახედა.
- მას სურს თავი შეგაცოდოს, - თავი გააქნია გაბრიელმა, - დაიმახსოვრე...პირველყოფილის პირველი მტერი ემოციაა, ეს ქალი ცრუობს.
კოვაქსმა თავი დაუქნია და კვლავ ქალისკენ შებრუნდა ღრენით.
- არ გატყუებ, - სასოწარკვეთილმა ამოთქვა ქალმა, მტვრიანი და ჭუჭყიანი სახე ცრემლებმა დაუღარა, - რა გაგიკეთეს...შენ ჩემი შვილი ხარ, კოვაქს... ნუთუ აღარ გახოვარ, ნუთუ აღარ გახსოვს შენი მეუღლე და შვილები...კოვაქს გამოფხიზლდი, შვილო..
- მოკალი, - შემპარავად დაისისინა გაბრიელმა.
- მატყუებ, მე გაბრიელის მჯერა, შენ არ გიცნობ, - ზიზღით თქვა კოვაქსმა და წამის უსწრაფესად ქალის წინ გაჩნდა, ერთი ხელით თმაში სწვდა, ბასრმა ეშვებმა გაიელვეს და ქალის გაგლეჯილი არტერიიდან სისხლმა იფეთქა, კოვაქსი მთელი ძალით ჩააფრინდა ქალს კისერში და ყლუპ-ყლუპად დაიწყო ცხელი, მჩქეფარე სისხლის დალევა..
- შვილო, შვილო, - ხროტინებდა ქალი, წინააღმდეგობას არ უწევდა, ნელ-ნელა გამოეცალა ძალა, თვალები დახუჭა და გაირინდა, კოვაქსმა ხელისკვრით მოიშორა სისხლისგან დაცლილი სხეული, ტუჩები დაუდევრად მოიწმინდა და წამოდგა...
გაბრიელი მოწონებით უმზერდა, შემდეგ შემოტრიალდა და სასახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუდგა სწრაფი ნაბიჯით, კიბეებთან რომ მიაღწია, შესდგა და კითხვის გამომხატველი მზერით შეხედა ქალს, რომელიც ზიზღშერეული სიამაყით უცქერდა.
- შენ ნამდვილი სატანა ხარ, გაბრიელ.
გაბრიელმა წვერზე ხელი ჩამოისვა და ნელა გადააქნია თავი.
- ცდები, ეს ჩვენი შინაგანი ბუნებაა, ძვირფასო.
- რომელ ბუნებაზე მელაპარაკები, შენ ის აიძულე მშობელი დედა მოეკლა, ასეთი საშინელების მოფიქრება მხოლოდ შენ შეგეძლო, - ხმას აუწია ქალმა.
- გთხოვ, სერიოზულად ნუ მიიღებ ამ ყველაფერს, - ცინიკურად თქვა გაბრიელმა და ხელი საპყრობილის მიმართულებით გაიშვირა, - ამ სიტუაციაში შვილი და დედა არაფერ შუაშია, ამ ყველაფერს ისე შეხედე, როგორც ვამპირის და ადამიანის ბუნებრივ ურთიერთდამოკიდებულებას, - მან ქალს თავი ღიმილით დაუკრა, სწრაფი ნაბიჯით აიარა ქვისგან გამოთლილი კიბეები და ციხე-სიმაგრეში გაუჩინარდა...



*****



მია ჯეკსონმა სწრაფადვე გააცნობიერა, რაც მოხდა. ლუციუსის მონათხრობის მიხედვით, პრიმუმთა კლანის ჯადოქარმა-რებეკამ მარკის სხეულში მარკუსი გამოაღვიძა, უძლიერესი პირველყოფილი ვამპირი, ლუციუსმა ისიც დასძინა, ასე რომ არ მოვქცეულიყავით, სალემს ხოცვა-ჟლეტა არ ასცდებოდაო.
მიას არაფერი უთქვია, მხოლოდ უსმენდა. უსმენდა ამ გალანტურ ქერა ვამპირს და გული მილიონ ნაწილად ეხლიჩებოდა, მოზაიკასავით ეშლებოდა მთელი სული და სხეული, ჭრილობებიდან სისხლი მოსჩქეფდა, ტკივილით და დარდით გაჯერებული, ეს სისხლი მას ახრჩობდა, ცხოვრების და სიცოცხლის ხალისს უკარგავდა, ამაზე დიდი საშინელება რა უნდა მომხდარიყო, სალემში დადიოდა ბიჭი, რომელიც ფიზიკურად მარკი იყო, მარკი-მისთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი.. და ეს ადამიანი მას ვეღარ სცნობდა...
მია ტბის პირას, თავის საყვარელ ლოდზე იჯდა, ფეხები მაღლა აეკეცა, ხელები მუხლებზე შემოეხვია და ნიკაპი მუხლებზე ედო, თითქოს ასე ცდილობდა უდიდესი ტკივილის შეგრძნების ჩახშობას. მის გვერდით ჯესიკა იჯდა. მან უკვე იცოდა, რომ მარკ კრამერი აღარ არსებობდა.
- მეგობრებიდან ბოლოს მე ვნახე, - თქვა ჯესიკამ, - მან მთხოვა გადმომეცა, რომ ცხოვრებაში შენსავით არასდროს არავინ ჰყვარებია და რომ ამ ყველაფერს მხოლოდ შენი უსაფრთხოებისთვის აკეთებს..
მიას არაფერი უთქვია, მხოლოდ ცრემლები ჩამოუგორდა შავგვრემან ლოყებზე.
- მას ძალიან უყვარდი, - განაგრძო ჯესიკამ.
- ვიცი....- თქვა მიამ, - მასთან დამშვიდობება ვერ მოვასწარი...
- ის საუკეთესო ადამიანი და მეგობარი იყო, და... - ჯესიკამ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ მათ სიახლოვეს ხმელ ტოტზე დაბიჯებისას გამოცემული ხმა გაისმა, ჯესიკა წამოდგა და უკმაყოფილო მზერით მიაშტერდა სიმპათიურ მამაკაცს, რომელიც მკერდზე ხელებდაკრეფილი იდგა და ღიმილშეპარული მზერით ზომავდა გოგონებს.
- ხომ არ შეგახსენო, ვის ტერიტორიაზე იმყოფები?
- კარგი რა, - ხელები გაშალა კოვაქსმა, - როგორც მეგობარი, ისე მოვედი, მეტი დამაჯერებლობისთვის, შემიძლია თეთრი დროშაც ავაფრიალო.
- ჩვენ შენი მეგობრები არ ვართ, - უკმეხად თქვა ჯესიკამ.
- მეგობრებში შენ არ მიგულისხმიხარ, - გაიღიმა კოვაქსმა, - ეს რასაკვირველია, შენთვის დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ..
- ცინიზმი შენი ყველაზე კარგი თვისებაა? - ვალში არ დარჩა ჯესიკა.
- ნუ იყეფები ძაღლივით, - თქვა კოვაქსმა და ზურგით მჯდომ მიას გახედა, შემდეგ ეშმაკური მზერა კვლავ ჯესიკაზე გადაიტანა და თვალი ჩაუკრა.
ჯესიკამ თვალები დაუბრიალა, ტუჩებზე თითი მიიდო და მუქარით გააქნია თავი, რა თქმა უნდა მიხვდა, რომ ამ ცინიკოს პირველყოფილს სიტყვა "ძაღლით" მისი შეურაცხყოფა არ უცდია, მან იცოდა, რომ ჯესიკა მაქცია იყო, რაც არ იცოდა მიამ და ჯესიკას არანაირი სურვილი არ ჰქონდა მეგობრის ისედაც დატანჯული გული კიდევ უფრო დაემძიმებინა.
- აქ რატომ მოხვედი, კოვაქს? - არ მოუხედია, ისე იკითხა მიამ, - შენი უნდა გვეშინოდეს?
- არა, რა თქმა უნდა, - სწრაფად მიუგო კოვაქსმა და სიგარეტს მოუკიდა, - შენთან სალაპარაკო მაქვს, - მან ჯესიკას გახედა, - პირისპირ..
- გამორიცხულია, - თქვა ჯესიკამ, - მასთან მარტო არ დაგტოვებ, მია.
- ნუ გეშინია, - თქვა მიამ დაღლილი ხმით, - ის არაფერს დამიშავებს, მან სიკვდილს გადამარჩინა.
ჯესიკამ ეს იცოდა, მაგრამ მაინც ეგონა, რომ მია არ მოისურვებდა პირველყოფილთან ლაპარაკს, მაგრამ მისდა გასაოცრად სულაც არ აღმოჩნდა ასე, ამიტომ უხმოდ აკრიფა თავისი ნივთები.
- საღამოს დაგირეკავ, - უთხრა მეგობარს და კოვაქსს მუქარით გახედა, რომელმაც ღიმილით დაუკრა თავი და ტყისკენ მიუთითა.
ჯესიკას წასვლის შემდეგ კოვაქსი ხეს მიეყრდნო.
- როგორ ხარ?
- შენი აზრით როგორ უნდა ვიყო?
- არ ვიცი, - თქვა კოვაქსმა, - ჩემთვის ადამიანური ემოციები უცხოა.
მიამ ერთბაშად შემობრუნდა და გაკვირვებული მზერით შეათვალიერა, მისი შოკოლადისფერი თვალებიდან წამოსული მზერა ცხელ ტალღად დაეძგერა უკვდავის გულს, ხვდებოდა რომ ნელ-ნელა სულით-ხორცამდე ამ გოგონაზე დამოკიდებული ხდებოდა.
- რის შესახებ გსურს ლაპარაკი? - ჰკითხა ბოლოს გოგონამ.
კოვაქსმა ჩაახველა, კენჭი აიღო და ტბაში ისროლა.
- როგორ გითხრა, აქ ლუციუსის და მარკუსის თხოვნით ვიმყოფები..
მარკუსის ხსენებაზე მიას მტკივნეულად შეეკუმშა გული, სახეზე ჩრდილმა გადაუარა. კოვაქსის მახვილ თვალს არაფერი გამოჰპარვია.
- რა ხდება? ალბათ ბოლომდე ვერ დაანგრიეთ ჩემი და მარკის ცხოვრება ხომ?
კოვაქსი ამას არ ელოდა, სიტყვა პირზე შეეყინა.
- მომხდარში მე მადანაშაულებ?
- ყველას, - მიუგო გოგონამ, - ანუ შენც.
- მარკმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, - ურჩი ხმით თქვა კოვაქსმა, - მე კონკრეტულად რაში მადანაშაულებ?
გოგონამ ტბას გახედა. ერთხანს ფიქრობდა.
- შენ და ლუციუსმა ის იმ ზომამდე მიიყვანეთ, რომ სხვა გადაწყვეტილებას უბრალოდ ვეღარ მიიღებდა.
კოვაქსს არაფერი უთქვია, წამიერად თითქოს ტკივილმა გაურბინა წყვდიადივით შავ თვალებში.
- მოკლედ, ჩვენ გვაინტერესებს, მიმდინარე ომში შენ რა როლს შეასრულებ, რებეკა ფიქრობს, რომ შენი უნარი დაუხვეწავია, ამიტომ ჯობს გვერდით გადგე.
- ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ მაინც მადლობა, ვიფიქრებ.
კოვაქსმა უხმოდ დაუქნია თავი და ტყისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა, სანამ გაუჩინარდებოდა, შემობრუნდა და თავისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ გოგონა მთელი ტანით შემობრუნებიყო და მას უცქერდა.
- რამის თქმა დაგავიწყდა? - ღიმილით შეეკითხა უკვდავი.
- ჰო, - მიუგო გოგონამ, - მინდოდა მეთქვა, რომ თავს ჩემს მეგობრად ნუ ჩათვლი, მე არ მჭირდება მეგობრები, რომლებიც ადამიანებს კლავენ..
ეს მწარე სიტყვები ლახვარივით ჩაესო გულში კოვაქსს, სახე დაეჭიმა.
"მე შენ ყოველთვის გიცავდი, ყოველთვის, ყოველ წუთს, ყოველი გაჭირვებისას, მე შენ რამდენჯერმე სიკვდილს გადაგარჩინე, მე მარკუსს არ მივეცი უფლება მოეკალი, მე შენი გულისთვის სიკვდილზე მივდიოდი, გდარაჯობდი, როდესაც გეძინა, და შეუმჩნევლად გიცავდი, როდესაც გეღვიძა... "
ეს სიტყვები რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ უთქვია კოვაქსს, მხოლოდ თავი დაუქნია.
- როგორც გინდა, - და ტყეში გაუჩინარდა.



*****




სალემის აღმოსავლეთით, განმარტოებით მდგარ სახლში, შეღამებისას ქალაქის საიდუმლო საბჭო შეიკრიბა, რომელსაც ბოლოდროინდელ მოვლენებზე უნდა ემსჯელა.
საბჭოს, როგორც ყოველთვის, სახენაიარევი მოხუცი უძღვებოდა, დამატებით, მოწვეულნი იყვნენ მაქციათა კლანის ლიდერი-ბოგდანი და პრიმუმთა კლანიდან განკვეთილი პირველყოფილი, ვამპირებზე მონადირე-კონორი, ყველას მეტისმეტად დაძაბული სახეები ჰქონდათ, რაც უთუოდ წარუმატებლად დასრულებული თავდასხმა იყო.
- ბატონებო, - ამბობდა მოხუცი, - როგორც ჩანს, ბატონი კონორის დაპირება, რომ პირველყოფილებს მოგვაშორებდა, ვერ სრულდება...
მაგიდის ბოლოში მჯდომი წითელკანიანი პრიმუმი სწრაფად წამოიმართა და მაგიდას დაეყრდნო.
- ისინი ასეთ ბრძოლებში ძალიან გამოცდილები არიან, - თქვა მან და საბჭოს თვალი მოავლო.
- მაგრამ შენ სარი გქონდა, - შეეპასუხა მოხუცი, - მიუხედავად ამისა, რამდენიმე მგელკაცი და შენს მიერ მოყვანილი ვამპირებიც დაიღუპნენ, იმ დემონმა კი თავი დააღწია და გოგოც თან წაიყვანა, - მოხუცი სავარძელში გადაწვა და ჩაფიქრებული მზერა კონორს მიაპყრო, - ჯარედი ხომ? იქნებ არ ღირს მასზე ფსონის დადება?
კონორი ადგა და ვრცელ დარბაზში გაიარ-გამოიარა.
- რამდენიმე დღე გვჭირდება...
- დრო ცოტა გვაქვს, ჩვენ გვინდა ჩვენს მტერს უფრო კარგად ვიცნობდეთ, რა შეგიძლია გვითხრა მათზე?
კონორი ჩაფიქრებული სახით დაუბრუნდა სავარძელს.
- პრიმუმთა კლანი, - თქვა მან და დარბაზში შეკრებილნი სმენად იქცნენ, - ანუ პირველყოფილ ვამპირთა კლანი, განსხვავდება ყველა ზებუნებრივი არსებისგან თავისი წევრებით და მათი შესაძლებლობე ით...მათ ჰყავთ კლანის ლიდერი, მას გაბრიელი ჰქვია, ძალიან ძლიერია და ჭკვიანი, ქარიზმატული პიროვნება, რომელმაც ეს კლანი შექმნა, ის რამდენიმე საუკუნეა არ მინახია და ამიტომ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, შესაძლოა აღარცაა ცოცხალი...
- ეს დიდ დროს წაიღებს, - შეაწყვეტინა მოხუცმა, - მათზე მოგვიყევი, ვისთანაც პირისპირ მოგვიწევს შეჯახება.
- კარგი, - თავი დაუქნია კონორმა, - ლუციუსი, ვამპირთა ე.წ. "კანონის წიგნის" მცველი, მას პრიმუმთა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ევალება, მოკლედ რომ ვთქვათ, კანონის დამრღვევებს ლუციუსი უსწორდება... ის ძალიან ძლიერი და სწრაფია, მისი ეშინიათ და პატივს სცემენ, ეშინიათ იმიტომ, რომ დამრღვევების მიმართ შეუბრალებელია, პატივს იმიტომ სცემენ, რომ სამართლიანია.
- გასაგებია, - თქვა მოხუცმა.
- მეორე, - განაგრძო კონორმა, - კოვაქსი, ვისთანაც უკვე მოგვიწია შეჯახება, ვამპირთა სამყაროში ის ყველაზე შეუბრალებელია, თავისთავად ძალიან სწრაფი და ძლიერია, შეუძლია იყოს შეუდარებლად თავაზიანი და სასწაულად სისხლისმღვრელი, ის უბრალოდ სადისტია, მკვლელობა მას სიამოვნებას ანიჭებს...კოვაქსის დამარცხება ძალიან ძნელია, ორთაბრძოლებში ის ერთ-ერთი საუკეთესოა პირველყოფილთა შორის..
- მაგრამ ჩვენ მას მაინც დავამარცხებთ, - წარმოთქვა მოხუცმა თვითკმაყოფილებით და საბჭოს წევრებს გახედა.
- ამჟამად ისინი ერთ ნავში სხედან, - თქვა კონორმა, - მაგრამ არსებობს ერთი რამ, რასაც კოვაქსსა და პრიმუმთა კლანს შორის უთანხმოების ჩამოგდება შეუძლია, - კონორმა ღიმილით გადაავლო თვალი დარბაზში შეკრებილთ, - პირველყოფილთა მეთაურმა, გაბრიელმა, მას ოჯახი ამოუწყვიტა, მეხსიერება წაუშალა და პრიმუმად აქცია...
- ჯანდაბა, - სიხარულით თქვა მოხუცმა და ხელები მოიფშვნიტა, - ეს უკვე კოზირია.
- შემდეგ საკუთარი დედის მკვლელობა აიძულა და კვლავ წაუშალა მეხიერება, კოვაქსს საერთოდ არაფერი ახსოვს თავისი ადამიანური ცხოვრებიდან... როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს შურისმაძიებელი პირველყოფილი, თუ მას დავიჭერთ, მეხსიერებას აღვუდგენთ და გავათავისუფლებთ?
კონორმა წინ წაიწია, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და გარშემო მზაკვრული მზერა მოატარა.
- და ვინ აღუდგენს მას მეხსიერებას? -იკითხა ერთ-ერთმა.
- მეხსიერებას მე აღვუდგენ, ის უკვე მრავალი საუკუნეა შთაგონების ქვეშ იმყოფება, - კონორმა პაუზა გააკეთა, - მე შემიძლია მოვხსნა შთაგონება...

თავი 11

შუაგულ ტყეში მდგარ ხის სახლს მთვარის ცისფერი სხივები ეცემოდა და მისტიკურ, არარეალურ ელფერს აძლევდა, ხეების კენწეროები სულ ოდნავ ირხეოდა ოკეანიდან მონადენი ნიავის წყალობით, ირგვლივ, ტყეში ყოველგვარი არსება გაყურსულიყო, თვით დაუდეგარ კოდალასაც კი შეეწყვიტა ხეზე კაკუნი, არც თავხედი ტურები ჩანდნენ სადმე, ჯგუფ-ჯფუფად რომ დასუნსულებენ და საკვებს ეძებენ ერთთავად, ქოხის გარშემო თითქოს თვით ჰაერიც კი გაყინულიყო შიშის ყინულით, ამის მიზეზი კი გახლდათ ადამიანი, უფრო ზუსტად-არსება, რომელსაც ქოხში, ფანჯარასთან მიდგმულ დივანზე თითქმის უშფოთველად და ღრმად ეძინა, ისე, როგორც პატიოსან, შრომით დამაშვრალ ხალხს სძინავს ხოლმე, მაგრამ კარგად დაკვირვებული თვალი შიგ და შიგ მაინც შეამჩნევდა მის სახეზე ემოციათა სწრაფ შინაგან ცვლილებას, ის ტანზევით შიშველი იწვა გულაღმა, მარცხენა ხელი დაბლა გადმოეშვა, ფოლადისმაგვარი მტკიცე თითებით თითქმის ეხებოდა ქოხის ხის იატაკს, მეორე ხელი დაუდევრად გადაეგდო კედლისკენ, მძლავრი, თითქოს ქვისგან გამოკვეთილი მკერდი არათანაბარი სუნთქვისგან აუდიოდ-ჩაუდიოდა, ტუჩები მაგრად მოეკუმა, ყელზე ძარღვები ებერებოდა, ხანდახან მოზღვავებული ემოციებისგან ოდნავ ხსნიდა ტუჩებს და ამ მომენტში საშინელი, წვეტიანი ეშვები გამაფრთხილებლად გაიელვებდა ხოლმე...
- ვითომ სიზმარს ხედავს? - იკითხა ლუციუსმა.
- ალბათ, - გამოეპასუხა კუთხეში წყნარად მჯდომი ქალი, - ვაღიარებ, შენ მართალი იყავი, ის თითქოს მარკუსია და ამავდროულად არც არის მარკუსი.
ლუციუსი წამოდგა და ჩაბნელებულ ოთახში დინჯად გაიარ-გამოიარა ზურგზე ხელებდაწყობილმა, შემდეგ კუთხეში მდგარ გლობუსთან მივიდა და ნელა დაატრიალა.
- იქნებ რამე არასწორად გავაკეთეთ? მის გამოღვიძებას ვგულისხმობ.
- არა, - თავი გააქნია ქალმა, - ყველაფერი ზუსტად ისე გაკეთდა, როგორც ეტრატებზეა, მომავლის წინასწარმეტყველება კი შეუძლებელია, რადგან ის კონკრეტული ადამიანის მოქმედებებზეა აგებული და მუდმივად იცვლება.
ქერა ვამპირს ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა, გლობუსს მოშორდა, ფანჯარასთან მივიდა და მთვარის სხივებით განათებულ მდელოს გახედა.
- მე მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი, მასში და მის შესაძლებლობებში არასდროს შემპარვია ეჭვი, მაგრამ...
- მაგრამ რა?
ლუციუსმა მხრები აიჩეჩა, ნატიფი მოძრაობით მოუკიდა სიგარეტს და მთვარისფერი კვამლი გამოღებული ფანჯრისკენ გაგზავნა.
- მე მას ვაკვირდები, - თქვა მან, - მის ყოველ ქცევას, ის თითქოს ემოციებს ვერ აკონტროლებს.
- ლუციუს, ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ძალიან დიდ ხანს ეძინა, - მიუგო ქალმა, - არავინ იცის, პირველყოფილის გამოღვიძების შემდეგ რა მოხდება,მით უმეტეს, ჩვენ არ ვიცით, რა ხდება იქ, ტრანსში.
ამ დროს გარეთ ბუმ გამაფრთხილებლად დაიკივლა, რებეკამ ყურადღება მოიკრიბა და თვალები დახუჭა, ლუციუსი კი მოჩვენებასავით სწრაფად გაჩნდა ვერანდაზე და გარემოს ქორისებრი მზერა მოავლო. ხეების ჩრდილქვეშ ხეზე მიყრდნობილი იყო ჩამუქებული ფიგურა, წყვდიადი მისი სახის გარჩევის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანური თვალისთვის, პირველყოფილის მახვილმა თვალმა კი სულ ადვილად გაარჩია მისი ნაკვთები, შავგვრემანი, სიმპათიური სახე და ჩვეული, ირონიული გამომეტყველება, ლუციუსმა ჩაიცინა და წელში გაიშალა.
- ვამპირი რომ არ იყო, ვიფიქრებდი, რომ მთვარეული ხარ.
მის სიტყვებს მსუბუქი ჩაცინება მოჰყვა, ჩრდილი ხეებიდან გამოვიდა და ნელი ნაბიჯით დაიძრა ვერანდისკენ.
- პატიებას ვითხოვ, თუ რომანტიკული საუბრის ჩაშლის მიზეზი გავხდი, - თავის სტილში, ცინიკურად ჩაილაპარაკა კოვაქსმა და მხარზე ხელი დაუტყაპუნა ლუციუსს.
ქერა ვამპირმა პასუხად გაიღიმა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს გაყინული ჰაერი ქალის გულშემზარავმა კივილმა შეარყია. პირველყოფილები მყისიერად შეტრიალდნენ ოთახისკენ, საიდანაც კივილის ხმა მოდიოდა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს, ტყის ჩაბნელებული კორომიდან რაღაცამ გაიშხუილა, ლუციუსმა დაჭრილი ცხოველივით დაიღრიალა და მუხლებზე დაეცა, კოვაქსი შედგა და გაოგნებული მიაჩერდა უცნაური იეროგლიფებით მორთულ სარს, რომელიც ზურგში ჩასობოდა ქერა უკვდავს და მოძრაობის ყოველგვარ საშუალებას უსპობდა, კოვაქსს დრო არ დაუკარგავს, სწრაფად სტაცა ხელი სარს და ლუციუსის ზურგიდან ამოძრობა სცადა, მაგრამ ამ მომენტში საშინელი ტკივილი იგრძნო ფერდში და ძალაგამოცლილი დაეცა ვერანდის ფიცრულ იატაკზე.
- ჯანდაბა, - დამცინავი ხმით წარმოთქვა ძალიან ნაცნობმა ხმამ, - ორი გასროლა, ორივე მიზანში, თქვენი ნახვით კონორი უაღრესად გაიხარებს, ბატონებო.
ლუციუსმა პირიდან სისხლი გადმოაფურთხა, ძლივს ასწია თავი და სიძულვილით მიაჩერდა ამ დამცინავი სიტყვების ავტორს.
მათ წინ ჯარედი იდგა მკერდზე ხელებდაკრეფილი.
- შენ... - დაიხრიალა კოვაქსმა, - შენ...
- მე ვარ, ჯარედი, - გაიცინა პირველყოფილმა, - ალბათ არ გეგონა, ასე მალე თუ კვლავ შევხვდებოდით ერთმანეთს, ხომ? ამჯერად არ გაგიმართლათ, ჩემმა ვამპირმა თქვენი ლამაზი ჯადოქარი დაიჭირა, თქვენ კი ჩემს ხელთ ხართ, - მან კმაყოფილებით გაიცინა და მიუთითა ვამპირზე,რომელმაც ყელში ხელწავლებული გამოიყვანა ქალი ვერანდაზე.
- მეტი არავინაა სახლში, - თქვა მან და ქალს დახედა, - მოვკლა?
- ჯერ არა, - მიუგო ჯარედმა, - რამდენიმე სიტყვა მაქვს მათთვის სათქმელი, - მან ძირს დაცემულ ლუციუსს და კოვაქსს დახედა.
ლუციუსი ტკივილისგან მოიგრიხა, ხოლო კოვაქსმა ბინძურად შეიგინა.
- უნდა მომეკალი, როდესაც საშუალება მქონდა..
- მართალი ხარ, - გაიღიმა ჯარედმა, - ვწუხვარ, რომ როლები შეიცვალა, ახლა მე უნდა მოგკლა, მაგრამ დამიჯერე, ამის გაკეთება სულაც არ მსიამოვნებს...
- რას ამბობ, - დაიღრინა კოვაქსმა, - აი გიყურებ და ანგელოზს ვერ გამსგავსებ, ფრთები გაკლია..
ჯარედს ბრაზისგან სახე შეეშალა, წამოხტა, კოვაქსის ფერდში ჩასობილ სარს სტაცა ხელი და ძლიერად დააწვა, შავგვრემანმა პირველყოფილმა დაიგმინა და უღონოდ განერთხო ვერანდაზე.
- შენ არასდროს აღმიქვამდი სერიოზულად, - თქვა ჯარედმა, - მე შენთვის მხოლოდ არშემდგარი პროექტი ვიყავი, ხომ ასეა?
კოვაქსმა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, მაინც შეძლო ბოროტად გაეღიმა.
- ამას შენით მიხვდი თუ კონორი დაგეხმარა?
ჯარედს არაფერი უთქვია, სიძულვილით მისჩერებოდა, შემდეგ თვალები მოწკურა და ვამპირს გახედა, რომელსაც რებეკა მტკიცედ ჰყავდა ჩაბღუჯული,შემდეგ ლუციუსზე გადაიტანა მზერა.
- ლუციუს, შენ მისთვის არასდროს არაფერი გითქვამს შენი გრძნობების შესახებ, ვაფასებ ამ ჯენტლმენურ საქციელს...
- გაჩუმდი, - უღონოდ დაიღრინა ქერა ვამპირმა, პირიდან კვლავ სისხლი ამოანთხია.
- შენ ნახე ის პირველად, როდესაც კლანს შემოუერთდა, ნახე, როგორ მოხიბლა გაბრიელმა, შემდეგ ნათანიელს გადაულოცა... შენი კი არასდროს ყოფილა..
რებეკამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვამპირმა მუქარით მიადო ტუჩებზე თითი.
- შენ ყველაფერი ნახე, - განაგრძო ჯარედმა, - ახლა კი მის სიკვდილს ნახავ..
- არა, - სასოწარკვეთილი ხმით თქვა ლუციუსმა და ხელი გაიწოდა რებეკასკენ, - მაპატიე, მაპატიე....
ჯარედმა ბოროტად გაიცინა და ვამპირს რაღაც ანიშნა.
- ამას ნუ გააკეთებ, - დაიჩურჩულა ქალმა და მუდარით აღსავსე თვალებით შეხედა ჯარედს.
- მოკალი, - დაიღრინა ჯარედმა.
ვამპირმა თავი დაუქნია, თვალები ჩაუსისხლიანდა, პირი გააღო და.... ვერანდაზე თითქოს სუსტმა ნიავმა დაჰქროლა და რაღაცამ გაიელვა, თავზარდაცემული და გაოგნებული ჯარედი შეშლილი სახით მიშტერებოდა ვამპირის უთავო სხეულს, რომელიც ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და კისრიდან ამოჩრილი არტერიებიდან ბიძგებით ჩქეფდა სისხლი, შორიახლოს მცირე ხმაური და ვერანდის ფიცრის იატაკზე მძიმე საგნის დაცემის ხმა გაისმა და ჯარედის ფეხებისკენ ვამპირის თვალებგაყინული, სისხლით მოსვრილი, მოგლეჯილი თავი გაგორდა...
რებეკამ სულიერ ღელვას ვერ გაუძლო და უგონოდ ჩაიკეცა, რასაც თავმოგლეჯილი სხეულის დაცემის ხმა ჩაენაცვლა და ყველაფერი კვლავ სიჩუმეში
ჩაიძირა...
ჯარედი ნელა იხევდა უკან, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მაგრამ ხედავდა მხოლოდ ძირს დაცემულ კოვაქსს, ლუციუსს, რებეკას და მკვდარ ვამპირს, მაშ ვის შეეძლო ჩაედინა ეს?
მოულოდნელად კისერში ვიღაც სწვდა და ძლიერად მოიქნია, ჯარედი მდელოსკენ გაფრინდა, ხის ტანს შეეჯახა და პირქვე დაეცა, მაგრამ სწრაფად წამოხტა და მიმოიხედა, დაასკვნა, რომ უჩინარი მოწინააღმდეგე მასზე გაცილებით ძლიერი და სწრაფი ჩანდა.
- ჯარედ, - წარმოთქვა უცნაურად მელანქოლიურმა ხმამ.
ჯარედმა მიმოიხედა, ბნელ კორომს ტანმაღალი, წელსზევით შიშველი მამაკაცი გამოეყო და აუჩქარებლად დაიძრა მისკენ, ჯარედი თითქოს დაჰიპნოზდა, ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებდა, იდგა და გახევებული მისჩერებოდა ვამპირთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში უძლიერეს პირველყოფილად შერაცხულ პიროვნებას, რომელიც ჯერ კიდევ მკვდარი ეგონა..
მარკუსი ერთიანად აკანკალებული ჯარედის წინ შედგა და თვალი თვალში გაუყარა.
- მარკუს... - ძლივს მოაბრუნა ენა ჯარედმა და თავისდაუნებურად უკან დაიხია, - შენ...
- შენდა სამწუხაროდ, მე ცოცხალი ვარ, - საშინელი ღიმილით თქვა მარკუსმა, - ჩემს გარდა ნებისმიერის ნახვას ელოდი, ხომ?
ამასობაში რებეკა გონს მოვიდა, სწრაფად გახოხდა და ლუციუსი და კოვაქსი სარებისგან გაათავისუფლა, წამის შემდეგ კი ისინი მარკუსის გვერდით იდგნენ.
- სახლში დაგველოდე, სანამ ამ საქმეს მოვაგვარებთ, - აუჩქარებლად წარმოთქვა ლუციუსმა.
ქალმა უხმოდ დაუქნია თავი, შებრუნდა და ოთახში გაუჩინარდა.
ლუციუსმა მოვერცხლილი სარი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ზურგში ჰქონდა ჩასობილი და აუტანლად სტანჯავდა, ავისმომასწავებელი ღიმილით შეათამაშა ხელში და ჯარედს გახედა, რომელსაც მთლად დაეკარგა გამბედაობა.
- შენში შევცდით, - თქვა კოვაქსმა, - ვაღიარებ, რომ შენი პრიმუმად ქცევა ძალიან დიდი შეცდომა იყო, ამის გამოსწორების დრო მოვიდა, ჯარედ.
ჯარედს მუხლი მოეკვეთა და შეუბრალებელი სამეულის წინაშე მიწაზე დაეშვა.
- შეცდი, როდესაც კონორის მხარე აირჩიე, - პირქუშად თქვა ლუციუსმა, - ბეჭედი მოიხსენი.
ჯარედს გული შიშით აევსო, მაგრამ დაუმორჩილებლობა ვერ გაბედა, სწრაფად წაიძრო თითიდან სამეფო გვირგვინოსანი ბეჭედი და ლუციუსს გადაუგდო, რომელმაც, თავის მხრივ აუჩქარებლად შეათვალიერა და შემდეგ ჯიბეში ჩაიდო.
- გთხოვთ, - სწრაფად თქვა ჯარედმა და შეძრწუნებულმა მიმოიხედა, შველა არსაიდან ჩანდა, - ნუ მომკლავთ.
- გააკავეთ, - ცივი ხმით ბრძანა ლუციუსმა.
კოვაქსი და მარკუსი მხრებში სწვდნენ ძალაგამოცლილ ჯარედს და ხის ტანს გააკრეს.
ლუციუსმა მოვერცხლილი სარი ორივე ხელით აღმართა და ჯარედს მიუახლოვდა, რომელიც ამაოდ ცდილობდა თავის დახსნას.
- პრიმუმთა კლანის და ვამპირთა კანონის წიგნის სახელით, - უემოციო ხმით თქვა ლუციუსმა, - შენ, ჯარედ, ბრალი გედება კლანის ღალატში, თანამოძმეზე და საკუთარ შემქმნელზე თავდასხმაში..
- არა, - იყვირა ჯარედმა.
- ვადასტურებ, - ერთდროულად წარმოთქვეს მარკუსმა და კოვაქსმა.
- ამ ბრალდებების მიხედვით და კლანის მიერ ბოძებული უფლებით, მე, ლუციუსი, ვამპირთა კანონის წიგნის მცველი, სიკვდილს გისჯი, - განაგრძო ლუციუსმა და სარის წვეტიანი ბოლო გულზე მიაბჯინა, - შენ მოკვდები, ასეთია კანონი.
ჯარედმა საშინელი ტკივილისგან იღრიალა, როდესაც ლუციუსი შეუბრალებლად და უყოყმანოდ დააწვა სარს და ბოლომდე შეიყვანა გულში. მარკუსმა და კოვაქსმა ხელი უშვეს და ოდნავ უკან დაიხიეს.
ჯარედი ზურგზე დაეცა, ხროტინებდა, პირიდან და გულიდან აქაფებული სისხლი თქრიალით მოსდიოდა, დაუძლურებული ხელბით ფხოჭნიდა მიწას... ნაცრისფერი შეუმჩნევლად შემოეპარა ფეხის თითებიდან, ტანს ამოჰყვა და ყელს მოაღწია... ჯარედმა ნელ-ნელა შეწყვიტა ბორგვა და როდესაც ნაცრისფერმა მთელი მისი სხეული და სახე მოიცვა, თვალები შუშისებურად გაეყინა, ხელ-ფეხი გაუშეშდა, თავი უკან გადააგდო და მოძრაობა შეწყვიტა...რამდენიმე წუთის შემდეგ გაშეშებული პირველყოფილის სხეულს მსუბუქი კვამლი ავარდა, ცეცხლმა იფეთქა და ჯარედის სხეული გავარვარებულ ალში გაეხვია...
ლუციუსი უხმოდ შეტრიალდა სახლისკენ...
კოვაქსმა ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა და მარკუსს გახედა.
- მიჭირს ამის თქმა, მაგრამ გამიხარდა შენი დანახვა... დროულად გაიღვიძე.
მარკუსმა თავი დაუქნია და სახლისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. კოვაქსმა დანახშირებულ-დაფერფლილ მასას დახედა, რომელსაც ოდესღაც პირველყოფილის სხეული ერქვა, თავი გადააქნია და სიგარეტს მოუკიდა, ხარბად დაარტყა რამდენიმე ნაფაზი და მთვარეს ახედა.
....ოთახში მოუთმენლად მიმოდიოდა რებეკა და დრო და დრო აყურადებდა, ბოლოს კარი გაიღო და ლუციუსი გამოჩნდა, მან უხერხულად ჩაახველა, ჟღალ წვერზე ხელი ჩამოისვა და კედელს მიეყრდნო.
- ლუციუს, არაფრის თქმა არაა საჭირო, - თქვა რებეკამ და თვალი აარიდა, - ვხვდები, რატომაც არ მეუბნებოდი არაფერს..
- ხოო... - გაწელა ლუციუსმა, - ჯარედის ენა ყოველთვის უსწრებდა წინ გონებას.
რებეკა დივანზე ჩამოჯდა. ერთხანს სიჩუმემ იმეფა.
- ვერ ვიტყვი, რომ შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ, - თქვა ბოლოს ქალმა.
ლუციუსმა ფრთხილი მზერით გამოხედა.
- მაგრამ, - განაგრძო რებეკამ, - ხომ გესმის... გაბრიელი არასდროს მყვარებია, მან შანტაჟით შეძლო ჩემი მოპოვება, შემდეგ კი მონასავით გადამცა ნათანიელს... არაფრის გაკეთება შემეძლო, გაბრიელი მომკლავდა...
ლუციუსმა სიგარეტს მოუკიდა და ქალს გაუშტერა მზერა.
- მე შენგან არაფერს ვითხოვ, რებეკა, - თქვა მან, - არ მინდა ჩემს წინაშე თავს დავალებულად გრძნობდე, იმის გამო, რომ... რომ...
- იმის გამო, რომ გიყვარვარ, - ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა და ამოიოხრა, - რომ შემეძლოს ყველაფრის თავიდან დაწყება.. - მან თვალები დახუჭა, დიდხანს ფიქრობდა, წარსულს გადასწვდა, საუკუნეებს გადაუფრინა და როდესაც დაბრუნდა, როდესაც თვალები გაახილა, ლუციუსი ოთახში აღარ იყო, სამაგიეროდ კოვაქსი იდგა შუა ოთახში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და წყვდიადივით შავი თვალებით უცქერდა.
- მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ, - თქვა კოვაქსმა.
- ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს, - მოუჭრა ქალმა და წასასვლელად ადგა.
კოვაქსი წამის უსწრაფესად კართან გაჩნდა და გზა გადაუღობა.
- მოთმინებიდან ნუ გამომიყვან, - დაუბღვირა ქალმა.
- მია ჯეკსონი, - პასუხად მიუგო შავგვრემანმა უკვდავმა, - შენ უკვე იცი მის შესახებ და მის ძალებზეც გაქვს წარმოდგენა..
ქალმა მოუთმენლად გადაატრიალა თვალები და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
- მერე?
- შენ ჯადოქარი ხარ, ისიც, - კოვაქსი ფანჯარასთან მივიდა, გაიხედა.
- ეგ უკვე ვიცი, - მოუჭრა რებეკამ.
- ის სიმაღლითაც გგავს და გარეგნობითაც, - ამ სიტყვებთან ერთად კოვაქსმა მობილური ტელეფონი ამოიღო, გალერეაში სასურველი ფოტო შეარჩია და მობილური რებეკას გაუწოდა.
ქალმა ჩამოართვა და ყურადღებით დახედა. ფოტოზე გოგონა კოლეჯის ფონზე იყო გამოსახული, შავგვრემანი, შოკოლადისფერი თმით და თვალებით... რებეკას გაოგნებისგან ენა ჩაუვარდა, იმდენი მსგავსება აღმოაჩინა საკუთარ თავს და გოგონას შორის.
- ამით რის თქმა გინდა? - ტელეფონი კოვაქსს გაუწოდა.
უკვდავმა სწრაფად ჩამოართვა, შეინახა და შემდეგ ქალს გამომცდელი თვალებით დააკვირდა.
- რებეკა....როგორ ფიქრობ, ერთდროულად ამდენი დამთხვევა შესაძლებელია?
ქალმა კოვაქსის სიტყვები სწრაფად გაიაზრა, კვლავ დივანზე დაეშვა და ფიქრჩამდგარი შოკოლადისფერი თვალები სივრცეს გაუშტერა..

თავი 12

გოგონა თავის საყვარელ ლოდზე იჯდა, ტბის პირას და უყურებდა, როგორ დასეირნობდა ორი თეთრი გედი ტბის სარკისებრ ზედაპირზე. თბილი ამინდი იყო, სულ ოდნავ ქროდა ნიავი და მხრებზე შოკოლადის მდინარეებად დაყრილ თმებს ეთამაშებოდა. გოგონა ჩვეულ პოზაში იჯდა, ფეხები შეეტყუპებინა, მაღლა აეწია და ხელები გარს შემოეხვია, ნიკაპი კი მუხლებზე დაეყრდნო.
ზურგსუკან ნაბიჯების ხმა გაისმა, გოგონა მთელი ტანით შემობრუნდა და როდესაც სტუმარს თვალი შეავლო, გული კვლავ ნაღველით და უსიგრძეგანო ტკივილით აევსო, მას შემდეგ, რაც მარკის სხეულში პირველყოფილი გამოაღვიძეს, ვერასდროს უყურებდა ემოციების გარეშე ნაცნობ სახეს, რომელსაც ახლა ნაიარევი "ამშვენებდა", მაგრამ ეს ნაიარევიც თითქოს რაღაცნაირად უხდებოდა პირველყოფილის ახოვან გარეგნობას. მიამ შენიშნა, რომ არამხოლოდ გარეგნობის მცირე ცვლილებისა, მარკის გამოხედვაც სადღაც გაქრა, მის თვალებში ვეღარ პოულობდა სითბოს, თანაგრძნობას და სიყვარულს, ამ დადებით გრძნობებს ადგილი დაუთმო ცივმა გამოხედვამ, ირონიამ და უსაშველო მელანქოლიამ.
მარკუსს უზადოდ ეცვა, ყველაზე გემოვნებით ჩაცმული, ვინც კი მიას ენახა, ეს ლუციუსი იყო, მაგრამ მარკუსიც არ ამბობდა ამ სიამოვნებაზე უარს, ამაზე მისი შავი, უძვირფასესი კოსტიუმი და შარვალი მეტყველებდა, ჰალსტუხს არ ატარებდა, თეთრი პერანგი ზედა ორ ღილზე ჩაეხსნა, საიდანაც მშვენივრად იკვეთებოდა რელიეფური მკერდი და დაკუნთული კისერი, ხელბი ჯიბეებში ჩაეწყო, უხმოდ იდგა და გოგონას ჩვეული, საოცრად მელანქოლიური მზერით აკვირდებოდა.
- გამარჯობა, - მიესალმა გოგონა.
მარკუსმა თავი ოდნავ დაუქნია და მიმოიხედა, დაძაბული ჩანდა, ეს არც იყო გასაკვირი, ის ხომ მაქციების ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
- მის ჯეკსონ, აქ რატომ მომიყვანეთ?
მია წამოდგა, ჯინსის ვიწრო შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიჩურთა და ლოდის წინ გაიარ-გამოიარა. გადაწყვიტა, ყველაზე მარტივით დაეწყო, იქნებ რამე გამოსვლოდა.
- ეს ჩვენი საყვარელი ადგილი იყო, სანამ... სანამ...აქ მოვდიოდით და საათობით ვიჯექით ხოლმე, შენ ტბის ყურება გიყვარდა.
პირველყოფილის სახეზე არანაირი ემოციის კვალი არ ჩანდა.
- გახსოვს, დედაჩემის შესახებ რომ გიყვებოდი? ის გიდი იყო და რომელიღაც მხეცმა დაგლიჯა ჯუნგლებში...
კვლავ არანაირი რეაქცია, მარკუსმა მხოლოდ ჩაახველა და ხეს მიეყრდნო.
- ნუთუ არაფერი გახსოვს? - შეევედრა გოგონა და თვალები ცრემლით აევსო.
მარკუსი ჩაფიქრდა, შემდეგ ნელა გააქნია თავი.
- ვწუხვარ, მის ჯეკსონ...
- მითხარი ერთადერთი რამ მაინც, რაც გახსოვს, - არ ნებდებოდა მია.
მარკუსი კვლავ ჩაფიქრდა, თვალები მოჭუტა, მარცხენა ხელის თითები თმებში შეიცურა, ეს ჟესტი საერთოდ არ ეცნო მიას, ეს არ იყო მარკის ჟესტი, ეს არ იყო მარკი...
- ბოლო, რაც მახსოვს, - თქვა მარკუსმა და გოგონას შეხედა, - მე ვიწექი, რებეკა კი ჩემს გვერდით მუხლებზე იდგა... მას ტრანსში გადავყავდი..
მიამ ამოიოხრა და იმედგაცრუებულმა გააქნია თავი.
- ვწუხვარ, - გაიმეორა მარკუსმა, - მაგრამ მე ნუ დამადანაშაულებთ, მის ჯეკსონ, ჩემი იდეა არ ყოფილა თქვენი შეყვარებულის სხეულში პირველყოფილის გამოღვიძება.
გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი და კვლავ ლოდზე ჩამოჯდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, თითქოს მწარე სიმართლისგან იცავდა თავს.
მოულოდნელად მარკუსი წამის მეასედში გაჩნდა მის გვერდით და თვითონაც ქვაზე ჩამოჯდა, ისინი იდაყვებით ეხებოდნენ ერთმანეთს, მიას გააჟრჟოლა.
- რებეკას გამოვკითხე ამ ყველაფრის შესახებ, - თქვა მარკუსმა, დაიხარა, კენჭი აიღო და ტბაში ისროლა.
მიას თვალები გაუფართოვდა, ძლივს შეიკავა გულის სიღრმიდან ამოხეთქილი სიხარულის ყვირილი, კენჭის წყალში სროლა-ეს არაფრისმთქმელი მოქმედება, ძალიან ბევრისმთქმელი იყო გოგონასთვის, ეს მარკის ჩვეული და საყვარელი ჟესტი იყო, გოგონა ხვდებოდა, რომ მარკუსმა ეს მხოლოდ ინსტინქტურად გააკეთა, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისი იყო.
- რის შესახებ ელაპარაკე? - მიამ მღელვარება დაიოკა, ისე შეეკითხა მარკუსს.
- გამოღვიძებაზე, - იყო პასუხი, - და იმაზეც, შესაძლებელია თუ არა უკუმოქმედება.
- ანუ?
- ანუ პირველყოფილის დაძინება და ადამიანის გამოღვიძება, - გვერდულად შეხედა მარკუსმა და ძლივს დაფარა გაოგნება, პროფილში გოგონა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა რებეკას.
მიას გული აუჩქარდა.
- რა თქვა?
- უარყოფითი პასუხი არ მიმიღია, - მიუგო მარკუსმა და მიას გულში იმედი ჩაესახა, - მაგრამ არც დადებითი, მან უბრალოდ არ იცის ეს როგორ გააკეთოს, ან საერთოდ შესაძლებელია თუ არა.
გოგონამ კვლავ უხმოდ დაუქნია თავი.
მარკუსმა სწრაფი მოძრაობით ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ამოაძრო და მოუკიდა. მიას კიდევ ერთხელ დაუარა სიხარულის ჟრუანტელმა, "ქემელი", მარკის ფავორიტი სიგარეტი..
- "ქემელს" ეწევი? - ფრთხილად თქვა გოგონამ.
- ჰო, - თავი დაუქნია პირველყოფილმა, - ადრე ასეთი რამ არასდროს მომიწევია, მაგრამ ახლა... არ ვიცი...რატომღაც მომწონს ეს მარკა...რატომ მეკითხები?
- არა, ისე, - სწრაფად მიუგო მიამ.
- კარგი, - მარკუსი წამოდგა, - უნდა წავიდე, მაპატიეთ, მაგრამ მე თქვენს მიმართ ვერაფერს ვგრძნობ და ვერც ვერაფერს ვიხსენებ.
მიამ ტუჩი მოიკვნიტა.
- კარგი, - ოდნავ უთრთოდა ხმა, მაგრამ ეს არ იყო სულიერი ტკივილით გამოწვეული თრთოლვა, ეს იყო მიზანდასახული ადამიანის ხმა, რომელმაც მტკიცედ გადაწყვიტა, ყველანაირი მეთოდით ეცადა მარკი დაებრუნებინა.
მან თვალი გააყოლა ახოვან პირველყოფილს, რომელიც სწრაფი ნაბიჯით გაუჩინარდა ტყეში და როდესაც ტბისკენ შემობრუნდა, მოულოდნელობისგან შეხტა, მის წინ კოვაქსი იდგა, ერთ ხელში ვისკის ოთხკუთხა ბოთლი ეჭირა და წყვდიადივით შავი თვალებით იღიმებოდა.
- ჯანდაბა, - მიამ გულზე ხელი მიიდო, რომ აღელვება ჩაეწყნარებინა და გამკიცხავად შეხედა შავგვრემან უკვდავს.
- ბოდიშს ვიხდი, თუ შეგაშინე, - სარკასტულად წარმოთქვა კოვაქსმა და მის გვერდით ჩამოჯდა ქვაზე.
- დაჯდომის ნებართვა არ მომიცია, - შუბლი შეკრა გოგონამ.
- თავაზიანი მანერებით არ გამოვირჩევი, - ცინიკურად თქვა კოვაქსმა და ბოთლს კორპის თავსახური მოხსნა.
გოგონა ბრაზით მისჩერებოდა.
- ასე უცებ და ასე სწრაფად საიდან გაჩნდი აქ?
- მე პირველყოფილი ვამპირი ვარ, - თავმომწონედ მიუგო კოვაქსმა, - უცებ გაჩენის კი რა მოგახსენო...დიდი ხანია აქ ვარ..
- მთელი ჩვენი საუბარი მოისმინე? - კვლავ გაბრაზდა მია.
- რა თქმა უნდა, - თავი დაუქნია კოვაქსმა და ვისკი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა.
- რა უწესობაა, - აღშფოთდა მია, - არ მახსენდება, აქ დამეპატიჟე, ამიტომ ლოგიკური შეკითხვა მიჩნდება, აქ რას აკეთებ?
პირველყოფილმა ირონიულად გაიღიმა.
- ტბის პეიზაჟით ვტკბები.
ამჯერად მიამ ჩაიცინა.
- ეს ვერსია არც ისე დამაჯერებელია და ვერ ხსნის შენი აქ ყოფნის მიზეზს...
- ის ახალგაღვიძებულია, - მოუბრუნდა კოვაქსი და შოკოლადისფერ თვალებში ჩააცქერდა, - მისი ემოციური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.
გოგონა ჩაფიქრდა, კოვაქსმა ამჯერად დამაჯერებელი მიზეზი მოიყვანა.
- კარგი... მაგრამ შენ რა განერვიულებს?
- მას მერე, რაც მე და შენ ერთად გადავიტანეთ, - შეყოვნდა კოვაქსი, - ვიფიქრე, რომ..
მია ეშმაკურად თვალებმოჭუტული შეჰყურებდა.
- იფიქრე, რომ შეგეძლო როგორც მეგობარი, ისე მოსულიყავი და ვისკი მოგეტანა? - შეეშველა გოგონა.
- შენ უკვე მითხარი, რომ ჩემთან მეგობრობა არ გინდა, - სწრაფად თქვა კოვაქსმა, - კარგი... შეგვიძლია ამას საქმიანი პარტნიორობა ვუწოდოთ, - კოვაქსმა კვლავ მოსვა ვისკი და შემდეგ ბოთლი მიას გაუწოდა, - პირობითად, რა თქმა უნდა.
მიამ მცირე ყოყმანის შემდეგ ბოთლი ჩამოართვა და გამაფრთხილებლად ასწია თითი.
- პირობითად, მხოლოდ საქმიანი პარტნიორობა.
კოვაქსმა გაიღიმა და თავი დაუქნია.
გოგონამ რამდენიმე ყლუპი მოსვა, დაიმანჭა, როდესაც მხურვალე სითხემ ყელი ჩაუწვა და ტუჩები ქურთუკის სახელოთი მოიწმინდა.
- სხვათაშორის, - თქვა მიამ, - მე პირველკურსელი ვარ.
- როგორც კოლეჯის მფლობელი, ნებას გაძლევ, ჩემთან ერთად დალიო, - დიდსულოვნად დართო ნება კოვაქსმა და ბოთლი ჩამოართვა, - ჩემი ზედამხედველობის ქვეშ.
მიამ გაიცინა და თავი დაუქნია.
- რაც საქმიან პარტნიორებს შორის ხდება, მათ შორისვე რჩება, მისტერ კოვაქს, ხომ ასე?
- რა თქმა უნდა, - მიუგო უკვდავმა და ბოთლი დაუბრუნა, - შეგიძლია უბრალოდ კოვაქსი დამიძახო.
მიამ თავი დაუქნია და ფარულად გახედა, თავით-ფეხებამდე შეათვალიერა შეუმჩნევლად, ეს არ იყო მზერა, რომელსაც მდედრი მამრს სტყორცნის ხოლმე, როდესაც მოსწონს და უნდა, რომ მისი ყურადღება მიიქციოს, მია თავიდანვე დააინტერესა ამ უჩვეულო პირველყოფილმა, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა სხვა პირველყოფილებს, ვისაც მია იცნობდა-ლუციუსს და ჯარედს. კოვაქსი ხასიათებით აშკარად განსხვავდებოდა მათგან და სწორედ ამან გამოიწვია ინტერესი გოგონაში, მას, უხეშად რომ ვთქვათ, ფეხებზე ეკიდა საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებული და დადგენილი დოგმატური კანონები, განა იმიტომ, რომ ვამპირი იყო და შეეძლო როგორც მოესურვებინა, ისე ეცხოვრა, არა, გოგონამ აღმოაჩინა, რომ კოვაქსი მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა თავისუფლების ყოველგვარ შეზღუდვას, მას საკუთარი შეხედულებები და იდეები გააჩნდა და თავისდა გასაოცრად გოგონამ აღმოაჩინა, რომ ამ შავგვრემანი პირველყოფილის და მისი საკუთარი შეხედულებები ძალიან ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს, გოგონამ მასში სულიერი მოკავშირე ამოიცნო, კოვაქსი არასდროს შეზღუდავდა მას, არასდროს გაკიცხავდა, არასდროს მიუთითებდა რამეზე, მას ზუსტად ასეთი მეგობარი სჭირდებოდა, მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ კოვაქსი ადამიანი არ იყო, ის იყო ადამიანის სხეულით მოსიარულე დემონი, დემონებთან ურთიერთობა კი მიას არ სურდა, მაგრამ თავისდაუნებურად სალემში მიმდინარე ზებუნებრივ ომში აღმოჩნდა ჩართული, ამ ომში კი მოკავშირეების გარეშე შეუძლებელი იყო თავის გადარჩენა, ამიტომ მია არჩევნის წინაშე რომ დამდგარიყო, და იცოდა რომ ეს აუცილებლად მოუწევდა, მეგობრად ორ საშინელებას შორის ალბათ მაინც შავგვრემან უკვდავს აირჩევდა, ბოლოსდაბოლოს მან ხომ რამდენჯერმე იხსნა უეჭველი სიკვდილისგან, ყოველთვის დროულად და ზუსტად იქ ჩნდებოდა, სადაც მიას სჭირდებოდა და როდესაც უჭირდა...
ორივე ჩუმად იჯდა ლოდზე და ჩამავალი მზის ცქერით ტკბებოდნენ, დროდადრო ბოთლს აწვდიდნენ ერთმანეთს.
- კარგი, - თქვა გოგონამ და ადგა, - ჩემი წასვლის დროა, - მან ნაბიჯი გადადგა და წაიბორძიკა, ლამის დაეცა, ალკოჰოლმა სისხლში შეაღწია და მთელ სხეულს მოედო.
კოვაქსი ელვის სისწრაფით გაჩნდა მის გვერდით და ხელი შეაშველა.
- მე თვითონ, - ენის ბორძიკით თქვა გოგონამ და ხელი გააშვებინა, მაგრამ როგორც კი მომდევნო ნაბიჯი გადადგა, კვლავ წაიფორხილა, ამჯერად თავი ვერ შეიკავა და წაიქცა, კოვაქსი კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და ირონიული ღიმილით მისჩერებოდა.
გოგონამ კვლავ სცადა წამოდგომა, მაგრამ ამაოდ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დატრიალდა, მთვარემ საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, ხოლო ცამ ტბას ადგილი გაუცვალა. მიამ ამოიოხრა, იდაყვზე წამოიწია და მომღიმარე უკვდავს, რომელიც აუჩქარებლად შეექცეოდა სასმელს, დაბინდული მზერა მიაპყრო.
- იცი... ალბათ შენი დახმარება დამჭირდება.
კოვაქსმა ხმამაღლა გაიცინა და ლოდზე ჩამოჯდა.
- მეგონა შენით შეგეძლო.
- ჯანდაბა, - მიამ კვლავ სცადა წამოდგომა, მაგრამ ამაოდ.
- დაგეხმარები, - გაუღიმა კოვაქსმა, - თუ მთხოვ, რა თქმა უნდა, პარტნიორო.
მია ერთხანს ბრაზით მისჩერებოდა, შემდეგ დანებების ნიშნად ამოიოხრა და თავი დაუქნია.
- გთხოვ, სახლამდე მიღწევაში დამეხმარე.
კოვაქსმა გაიღიმა, ბოთლი ლოდზე დადგა, წამის უსწრაფესად გაჩნდა გოგონას გვერდით და უცებ მიას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მიწა გამოეცალა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ შავგვრემან ვამპირს ხელში ჰყავდა ატაცებული და გულზე მიეკრა.
- დამსვი, - გააპროტესტა მიამ, - ახლავე.
კოვაქსმა ხმამაღლა გაიცინა და თეთრი კბილები გააელვა.
- არ მგონია ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ სიარული შეძლო, - მაგრამ მაინც ფრთხილად დაუშვა მიწაზე.
გოგონას როგორც კი ხელი შეუშვა, კვლავ მუხლები მოეკვეთა და აუცილებლად დაეცემოდა, ისევ კოვაქსს რომ არ აეტაცა ხელში წამიერად.
- ხედავ? - ნიშნის მოგებით ჰკითხა უკვდავმა და მაგისტრალისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს დაადგა ნელი ნაბიჯით.
მია ოდნავ გამოფხიზლდა, ვამპირის მძლავრ მკლავებში მოქცეული უსაფრთხოდ და მყუდროდ გრძნობდა თავს, თვალები დაეხუჭა, ლოყა კოვაქსის მკერდზე მიეყრდნო, უცებ გაიფიქრა, რომ მის მიერ ფილმებში ნანახი ვამპირის ტიპიური სახე სრულიად დაიმსხვრა, პირიქით, როგორც ლეგენდები ჰყვებოდნენ, სულაც არ აღმოჩნდა ისე, კოვაქსის კანი სულაც არ იყო ყინულივით ცივი, პირიქით, ლოყით გრძნობდა მის გულისცემას და მკერდიდან მომავალ სითბოს, კანიც არ ჰქონდა გაქვავებული, როგორც ფილმებში, მისი კანი ისევე ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, როგორც ნებისმიერი ადამიანის. ეს აღმოჩენა რომ გააკეთა, მია კიდევ უფრო დამშვიდდა, კოვაქსი უფრო მეტად ადამიანს ჰგავდა, ვიდრე ვამპირს, უცებ მოუნდა, რომ უფრო მეტი სცოდნოდა მის შესახებ.
- მადლობა, - ჩაიდუდუნა ჩუმად, იმის იმედად, რომ კოვაქსი ვერ გაიგებდა.
- რისთვის? - მიამ სწორად ვერ შეაფასა ვამპირის შესაძლებლობები, სრულად ვერ გათვალა რამდენად მახვილი სმენა შეიძლება ჰქონოდა.
- იმისთვის, რომ ყოველთვის მეხმარები, -მიუგო გოგონამ.
- როგორც პარტნიორი პარტნიორს?
- დიახ, - მიუგო მიამ.
- პარტნიორები ერთმანეთს უანგაროდ არ ეხმარებიან, - ჩაიცინა კოვაქსმა და ზემოდან დახედა მიას, რომელსაც ამჯერად იმდენად საშინლად აღარ მოსჩვენებია მისი თვალები.
- ჰო... - გაწელა გოგონამ, ვამპირი აშკარად მართალი იყო, - კარგი, გნებდები, ეს მეგობრული ჟესტი იყო.
კოვაქსმა კვლავ ჩაიცინა და კიდევ უფრო შეანელა ნაბიჯი.
- რაღაცეების აღიარებას იწყებ, - რიტორიკული ტონით თქვა მან.
- ალბათ, - დაეთანხმა გოგონა და თითი ასწია, - მაგრამ იმედი ნუ გექნება, რომ შენს მიერ დახოცილ ხალხს დავივიწყებ... უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, შეგვიძლია ვიმეგობროთ.
ამჯერად კოვაქსმა გულიანად გადაიხარხარა.
- ასე მალე?
- ხომ გითხარი, შეგვიძლია ვიმეგობროთ, ოღონდ ერთი პირობით.
ვამპირმა შუბლი შეჭმუხნა.
- პირობებს არ ვიღებ, არც ულტიმატუმებს.
- ჩემთან მეგობრობა თუ გინდა, მოგიწევს, - უტეხად თქვა გოგონამ.
- რა პირობებია?
- ადამიანებს აღარ მოკლავ, - მიუგო მიამ.
კოვაქსმა ჩაიცინა.
- მე არცერთი ადამიანი არ მომიკლავს აქ.
- არცერთი? - დაეჭვდა გოგონა.
- ყოველ შემთხვევაში, ჩემი ხელით მაინც, - მიუგო უკვდავმა.
- მოკლედ, არანაირი მკვლელობები და კარადაში დამალული ჩონჩხები, გასაგებია?
- გასაგებია, თანახმა ვარ, - ღიმილით მიუგო კოვაქსმა, მანქანის კარი გამოაღო და გოგონა ფრთხილად მოათავსა სავარძელზე...
ვერცერთმა ვერ შეამჩნია მამაკაცი, რომელიც ხეების ჩრდილს შეჰფარებოდა, ქერა თმა უკან გადაევარცხნა და ზურმუხტივით მწვანე თვალებით გამოუცნობი მზერით აკვირდებოდა მათ.
კოვაქსი საჭეს მიუჯდა, აქსელერატორს დააწვა და ქალაქის მიმართულებით დაიძრა, მწვანეთვალება მამაკაცი კი მოასფალტებულ გზაზე გამოვიდა და მანქანას თვალი გააყოლა, ამ დროს ღრუბლის ნაფლეთს ამოფარებულმა მთვარემ გამოანათა და მწვანეთვალება მამაკაცის მარცხენა ხელის არათითზე წამოცმული ოქროს მსხვილი ბეჭედი ააბრჭყვიალა, რომელზეც სამეფო გვირგვინის გამოსახულება იწონებდა თავს..

თავი 13

... ყველაფერი რძისფერი ნისლის მუქ საბურველში იყო გახვეული, რომელიც მას ყოველი მხრიდან შემორტყმოდა, ნელა მიდიოდა, ფრთხილად, ფეხაკრეფით, საბრძოლო პოზაში, ოდნავ წელში მოხრილი, მოჭუტული თვალებით, ყველაფერს აკონტროლებდა გარშემო, ყველა მოძრაობას, უმცირეს ხმაურს, ის ხომ მტაცებელი იყო, ყველაზე ძლიერი, ყველაზე სწრაფი, ყველაზე დაუნდობელი, როგორც სიკვდილი...
გვერდიდან რაღაც დაეტაკა და მოისროლა, ზურგზე არ დაცემულა, კატასავით მსუბუქად დახტა ოთხზე და ნადირივით მიმოიხედა, ვერავინ დაინახა, ვერც სუნი იგრძნო, სისხლის, ვერც ოფლის, ვერც შიშის, მაგრამ იგრძნო-ბრაზის, განრისხების, ეს ყველაფერი შინაგანად, სულიერად, ფიზიკურად კი-კუნთების დაძაგვრა, სხეულის ყოველი სანტიმეტრის დაჭიმვა, პირში დამდნარი ფოლადის გემო, ამღვრეული, წყვდიადივით ჩაშავებული თვალები, ენით შესაგრძნობი წვეტიანი ეშვები, მკვლელობის სურვილი, განადგურების სურვილი, გაქცევის სურვილი... გაქცევის, ყველასგან, ყველაფრისგან, ყველაზე მეტად კი საკუთარი თავისგან...
რძისფერი ნისლი კი ყოველი მხრიდან უტევდა, რაღაც იყო საშინელი ამ ნისლში, მასზე ძლიერი, მასზე სწრაფი, იყო რაღაც, რაც დარჩენას აიძულებდა, პასუხისმგებლობის აღებას აიძულებდა, ამ რაღაცამ უკვე შემოარტყა უწყვეტი ჯაჭვები, საიმედოდ დააბა, როგორც ნადირი, ამ ქალაქზე, ამ სიტუაციაზე, შოკოლადის ტბებზე...
მტანჯველი ბურანისგან მობილურის ზარმა გამოაფხიზლა. ხელი გაიწოდა და ტუმბოზე მოაფათურა, ეზარებოდა თვალების გახელა, თორემ არ დასჭირდებოდა ხელის ფათური, ის ხომ სიბნელეშიც ისევე ხედავდა, როგორც დღის სინათლეზე. როგორც იქნა იპოვა, ეკრანზე გამოსახულ ნომერს დააკვირდა და წამიერად გამოფხიზლდა, სწრაფად წამოჯდა და ფართო საწოლის მუხის თავს მიეყრდნო კუნთოვანი ბეჭებით.
ერთხანს ეკრანს დაჰყურებდა, ვერ იჯერებდა, ეს ნომერი თუ როდისმე დაფიქსირდებოდა მის ტელეფონში, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, ის რეკავდა და რეკავდა განუწყვეტლივ.
- აშკარად შეუფერებელი დრო შეარჩიე, - ცინიკურად ჩასძახა.
- მართლა? - ტელეფონის მეორე მხრიდან გოგონას შემკრთალი ხმა გაისმა, - თუ არ გცალია, შემიძლია მოგვიანებით დაგირეკო..
- არა, არა, გისმენ, - უფრო მოხერხებულად მოეწყო.
- მინდოდა მარკზე გველაპარაკა, - გაისმა მცირე დუმილის შემდეგ.
გული წამიერად აემღვრა, მაგრამ სწრაფადვე შეძლო ემოციების მოთოკვა.
- რა ხდება?
- როგორ ფიქრობ, მისი დაბრუნება შესაძლებელია?
- არ მგონია.
- რატომ?
- რებეკას ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია, თან ვფიქრობ, მარკუსიც არ იქნება თანახმა, რომ ისევ დავაძინოთ, ხომ გესმის.
ამ სიტყვებს კვლავ დუმილი მოჰყვა.
- მესმის... კარგი, დაივიწყე, არ უნდა დამერეკა.
- არაუშავს, მეგობარს შეგიძლია ნებისმიერ დროს მიმართო, - სარკასტულად ჩაიცინა.
- ჰო.... ისე, შენს სიტყვებზე ვფიქრობდი და ერთი შეკითხვა დამებადა.
- დაკითხვა გრძელდება? - ამოიოხრა.
- არა... შეგიძლია არ მიპასუხო.
- რა გაინტერესებს? - წამოდგა, სამზარეულოში გავიდა, მაცივრის კარი გამოაღო, სისხლის პაკეტი გამოიღო, ხელის მოჭერით გამჭვირვალე ჭიქაში ჩამოასხა და მოსვა.
- შენ მითხარი, რომ აქ ჯერ არავინ მოგიკლავს..
- დიახ, გითხარი. მერე?
- მაინტერესებდა...
- რას ვჭამ? - ღიმილით შეაწყვეტინა სიტყვა, სწრაფი მოძრაობით ახტა ფანჯრის რაფაზე, ჩამოჯდა და ქალაქს გახედა, რომელიც დილის ტკბილ ძილს მისცემოდა.
- ჰო, - გაუბედავად დაუდასტურა გოგონამ.
- სისხლს, - მოკლედ უპასუხა.
- ეს უკვე ვიცი... ანუ ბოლოს როდის ჭამე?
- ამ წუთას, - კვლავ გაიღიმა.
- ამ წუთას? ახლა?
- ამ წუთას, - დაუდასტურა.
- ვინმე მოკალი? - შეშინებული ხმა გაისმა.
- ჰო, სისხლის პაკეტი, - გულიანად გადაიხარხარა.
- ცოტა სერიოზულად.
- მართლა პაკეტი მოვკალი.
- ანუ მასე იკვებები?
- ჰო, როდესაც ცოცხალი სისხლის დეფიციტია, - კვლავ გაიცინა.
- კარგი... უნდა წავიდე, ღამემშვიდობის.
- უკვე დილამშვიდობის, - ფანჯრიდან ამომავალ მზეს გახედა, - და თავს გაუფრთხილდი.
- კარგი, შენც, - ტელეფონი გაითიშა.
მობილური დაუდევრად მიაგდო ტუმბოზე, ფარდები გადაწია და მზის პირველ სხივებს შეეგება..

მიტოვებული ქარხნის ეზოში მუქი ყავისფერი "მერსედესი" იდგა. გარშემო წრედ შემორტყმოდნენ დაძაბული გამოხედვით მომზირალი მამაკაცები, ქარხანას და მიმდებარე ტერიტორიას ფრთხილი, ფხიზელი თვალით ჩხრეკდნენ. მანქანაში, უკანა სავარძელზე მამაკაცი იჯდა, მაგრამ მუქად ტონირებული შუშები მისი სახის ნაკვთების გარჩევას შეუძლებელს ხდიდა.
ქარხნის მიმდებარედ, ტყის ზოლში სუსტი ფაჩუნის ხმა გაისმა და ხეებიდან მაღალმა, მუქკანიანმა მამაკაცმა გამოაბიჯა, თმა გარშემო შემოეპარსა, კეფაზე კი ცოტა დაეტოვა, დაეწნა და ნაწნავი დაუდევრად გადმოეგდო მხარზე.
ის სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა "მერსედესს", კარი გამოაღო და ჩაჯდა.
- გამარჯობა, ბოგდან, - მიესალმა მანქანაში მჯდომს.
- გამარჯობა, - საპასუხოდ დაუბრუნა ალფა მაქციამ და დაკვირვებული მზერით შეათვალიერა.
- ალბათ ხვდები, რატომაც გთხოვე შეხვედრა.
- ვერ ვხვდები, - თავი გააქნია მგელკაცმა, - საიდუმლო შეკრებაზე ჩვენ თითქმის ყველაფერი განვიხილეთ, კონორ.
კონორმა სუსტად ჩაიღიმა და ნაწნავის ბოლოს გაეთამაშა.
- ჰო, თითქმის.
- რის თქმა გინდა?
- ჩვენ შევთანხმდით, რომ კოვაქსს ავიყვანდით.
- შევთანხმდით, - მიუგო ბოგდანმა, - მაგრამ შენი გეგმა კვლავ ჩავარდა, ვერც პირველყოფილები ავიყვანეთ და ჯარედიც სადღაც დაიკარგა, სავარაუდოდ, მათი მსხვერპლი გახდა.
კონორმა ჩაახველა.
- მართალია, მაგრამ არ მგონია, კოვაქსს ჯარედი მოეკლა.
- რატომ?
- ჯარედი კოვაქსის შხამით შეიქმნა, რა თქმა უნდა, ჯადოქრის დახმარებით.
- და ეს რას ცვლის?
- ბევრ რამეს, - მიუგო კონორმა, - ვიცით, რომ საერთოდ კოვაქსის მოქმედებები ძნელად პროგნოზირებადია, მაგრამ ვფიქრობ, მაინც არ მოკლავდა ჯარედს.
- იქნებ მას არც მოუკლია? იქნებ ეს ლუციუსმა გააკეთა?
- შესაძლებელია, - ჩაფიქრდა წითელკანიანი პირველყოფილი.
ბოგდანს კი უკვე მოთმინება ამოეწურა.
- აქ რისთვის მომიყვანე?
- მის დასაჭერად შენი მაქციები მჭირდება, - იყო პასუხი, - ბევრი, ალბათ თხუთმეტიოდე მაინც.
- გამორიცხულია, - იუარა ბოგდანმა.
- უარს მეუბნები? - თვალები დაუვიწროვდა კონორს, - იქნებ ისიც მითხრა, რომ საქმიდან გადიხარ?
ბოგდანს არაფერი უპასუხია.
- იქნებ შეგახსენო, რა მოჰყვება ამ ყველაფერს, თუ მათ არ შევაჩერებთ? ბოგდან, ისინი მთელ ქალაქს გაანადგურებენ, ნელ-ნელა, მეთოდურად... შენი შვილიც ამ ქალაქში ცხოვრობს, თუ არ ვცდები.
ბოგდანს სახეზე სიწითლემ გადაჰკრა, ყელზე ძარღვები დაებერა.
- მემუქრები?
- არა, ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ, - დამცინავად უპასუხა კონორმა.
ბოგდანი ჩაფიქრდა, აწონ-დაწონა სიტუაცია.
- რას გეგმავ?
კონორმა გაიღიმა, მოეწონა, როგორც იქნა, ალფამ ინტერესი გამოიჩინა, შვილის ხსენება საკმაოდ ძლიერი მოტივატორი აღმოჩნდა.
- მე დიდი ხანია მათ ვუთვალთვალებ, მას და იმ გოგოს.
- მია ჯეკსონს გულისხმობ?
- ჰო.
- მისი უნარი ნუ დაგავიწყდება, - გამაფრთხილებლად თქვა ბოგდანმა.
- მისმინე, - წინ გადმოიხარა და ჩურჩულით განაგრძო კონორმა, - ჩემმა ხალხმა თქვა, რომ მის ჯეკსონს და კოვაქსს შორის რაღაც კავშირია.
- რას გულისხმობ? - ვერ მიხვდა ბოგდანი.
- სადაც მის ჯეკსონია, იქ კოვაქსია, მიხვდი?
- ანუ?
- ანუ ეს გოგო გვჭირდება, რომ კოვაქსი ავიყვანოთ.
- ჩვენ უკვე ვცადეთ მსგავსი რამ, - დაცინვით თქვა ბოგდანმა, - თვითონაც იცი როგორც დამთავრდა ეს, ეს პირველყოფილი ნამდვილი გადარეული ნაბი*ვარია.
- ეს ჯარედის გეგმა იყო, - მშვიდად თქვა კონორმა, არ შეიმჩნია მაქციის დამცინავი ტონი, - ვფიქრობ, ის ხალხმრავალ ადგილას უნდა შემოვიტყუოთ... მაგალითად ბარში.
- ეს რას ცვლის? გგონია კოვაქსს ხალხი შეაჩერებს?
- ზუსტად მასე მგონია, - კონორმა პაუზა გააკეთა და გამარჯვებულის სახით შეხედა ბოგდანს, - ჩვენ უნდა ავიყვანოთ მის ჯეკსონი, უნდა გვყავდეს ბარში, დღისით-მზისით, ხალხის გარემოცვაში, შემდეგ კოვაქსი იგებს, რომ ჩვენ გოგო გვყავს და ბარში მოდის, დარწმუნებული ვარ, მას მის მიმართ გარკვეული ინტერესები და სიმპათიები გააჩნია, აქედან გამომდინარე, არ ეცდება ხალხის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს და მის ჯეკსონის თვალში საკუთარი იმიჯი შელახოს, ჩვენ კი მას გავთიშავთ და დავიჭერთ, - შეაჯამა კონორმა და კმაყოფილი სახით გადაწვა სავარძელზე.
ბოგდანი ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა.
- ჯარედი და მასთან ერთად ის ორი სარიც დაიკარგა, რომლითაც მათ მოკვლას ვცდილობდით, მათ წინააღმდეგ ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, როგორ აპირებ ბარში მის დაჭერას, არ მგონია ასე უბრალოდ ჩაგვბარდეს.
კონორს თვალები აემღვრა, წინ გადაიხარა, მისი სახე სისასტიკეს გამოხატავდა.
- როდესაც მის ჯეკსონის ყელზე სისხლს შენიშნავს, დამიჯერე, ის თავისი ნებით ჩაგვბარდება, ეს პირველი ნაბიჯი იქნება მათ გასანადგურებლად. შემდეგ მას მეხსიერებას აღვუდგენთ, გავათავისუფლებთ და როდესაც უკვე ეცოდინება, თუ ვინაა მისი ნამდვილი მტერი, აი მაშინ კი დიდი სანახაობა გველოდება, ისინი თვითონ გაანადგურებენ ერთმანეთს.
ბოგდანმა კეფა მოიქექა და ტყეს გახედა, სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და დაგვიანებით გასცა პასუხი.
- ყველაფერი გასაგებია, მაგრამ... რაღაც ძალიან მარტივად ეწყობა ყველაფერი... ერთი ეს მითხარი, თუ ასე მარტივად ხელში ჩასაგდებნი არიან, ამდენი საუკუნის განმავლობაში რატომ ვერავინ შეძლო ეს?
კონორმა მხრები აიჩეჩა.
- ისინი ყოველთვის სამნი იყვნენ, ლუციუსი, მარკუსი და კოვაქსი, და მაქციებს და საიდუმლო საბჭოს ებრძოდნენ, მათ წინააღმდეგ არასდროს გამოსულა ასეთი სერიოზული ძალა, როგორიც ჩვენ ვართ.
- კარგი, - ბოლოს მიუგო ბოგდანმა, - მე რა უნდა გავაკეთო?
- ჩვენთვის ცნობილია, რომ შენი შვილი და მის ჯეკსონი მეგობრები არიან.
ბოგდანს კვლავ დაეჭიმა კუნთები.
- ჩემს შვილს ამ ამბავში ვერ გავრევ, ეს კარგად დაიმახსოვრე.
- არც გაერევა, - უდარდელად მიუგო კონორმა, - შეგვიძლია ჯესიკას მობილური ტელეფონიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნოთ და შეხვედრა ვთხოვოთ ბარში.
ბოგდანმა მოუთმენლად მიმოიხედა, მაინცდამაინც არ მოსწონდა საქმის ასე მოწყობა, როგორც კონორი სთავაზობდა.
- დამიჯერე, შენი შვილი ვერაფერს გაიგებს, - დარწმუნებით თქვა კონორმა, - ეს დღესვე უნდა გავაკეთოთ, ბოგდან, მის ჯეკსონი საღამოს შვიდ საათზე ბარში უნდა იყოს.
კონორი მანქანიდან გადავიდა, ბოგდანის მცველებს საზარელი ღიმილით გაუღიმა და წამის უსწრაფესად გაუჩინარდა ტყეში.

მიას სწრაფად მიჰყავდა მანქანა, სალემს გასცდა და "სტივის ბარისკენ" მიმავალ გზას დაადგა, ფიქრობდა და ვერაფრით მიმხვდარიყო, რა საქმე შეიძლებოდა ჰქონოდა ჯესიკას. შეტყობინებაში გარკვევით არაფერი იყო ნათქვამი, არანაირი მინიშნება, მხოლოდ ის ეწერა, რომ სასწრაფოდ სთხოვდა ბარში მისვლას, ძალიან სერიოზულ საკითხზე სურდა საუბარი.
მიამ ფიქრისგან ატკივებული თავი გააქნია, თითქოს ფიქრები მოიშორა, გზიდან გადაუხვია და გზისპირას მდებარე ბარის ავტოსადგომზე შეუხვია, ეჭვი არაფერზე აუღია, მანქანის კარი ჩაკეტა და ბარში შევიდა, შესასვლელშივე შესდგა და მაგიდებთან მსხდომ ხალხს თვალი მოავლო, ჯესიკა ვერსად დაინახა, ალბათ მოსვლა შეაგვიანდაო, გაიფიქრა და ამ დროს ბარმენიც მიუახლოვდა.
- მის ჯეკსონ, თქვენს სახელზე მაგიდაა დაჯავშნილი, გთხოვთ, აქეთ მობრძანდეთ, - თავაზიანად გაუღიმა მან და ფანჯარასთან მდგარ მაგიდაზე მიუთითა.
გოგონამ თავი დაუქნია, სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა მაგიდებს შორის სივრცე და მითითებულ მაგიდას მიუჯდა. საათს დახედა, ჯესიკა იგვიანებდა.
მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომი ორი შუახნის მამაკაცი ლუდს შეექცეოდა და დაჟინებით მიშტერებოდა, თითქოს საიდანღაც ეცნო მათი სახეები, მაგრამ ფიქრის ძაფი სკამის გამოწევის ხმამ გაუწყვიტა, მის წინ წითელკანიანი, უცნაური ვარცხნილობის მამაკაცი ჩამოჯდა და სასტიკი მზერით მიაჩერდა.
მიამ მაშინვე იცნო და ძარღვებში სისხლი გაეყინა.
- მის ჯეკსონ, მიხარია, რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს.
- მისტერ კონორ, - მიამ მიმოიხედა.
- შველას ნუ ელი, - თქვა კონორმა, - შენთვის რაიმეს დაშავებას არ ვაპირებ.
გოგონას გაუკვირდა.
- მაშინ, აქ რას აკეთებთ?
კონორმა ჩაიცინა და შემზარავი ეშვები გამოაჩინა, შემდეგ წამოდგა, მიას გვერდით სკამზე გადმოჯდა და მხარზე ხელი დაადო.
- კარგად მომისმინე, ახლა აქ კოვაქსი მოვა, უკვე იცის რომ აქ ხარ, ერთი არასწორი მოძრაობა და ამ ბარში შენი ჩათვლით ყველას დავხოცავ, - კონორმა ხალხზე მიუთითა, - აქ უამრავი მაქციაა გარეული, არ გირჩევ მათი მოთმინებიდან გამოყვანას, გასაგებია?
გოგონამ შეშინებული თვალებით შეხედა და სწრაფად დაუქნია თავი.
- კარგი გოგო ხარ, - გაიღიმა კონორმა, - ჩვენი სტუმარი მოსულა, - ის წამოდგა და იქედნური ღიმილით შეეგება შავგვრემან უკვდავს, რომელიც დაჭიმული სახით შესდგა მათ მაგიდასთან, მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო, წინ გადაიხარა, ჯერ მია შეათვალიერა შეშფოთებული მზერით, შემდეგ კონორს შეხედა.
- აქ რა ჯანდაბა ხდება?
- მშვიდად, მშვიდად, - დაისისინა კონორმა, - ჩემს მოთმინებაზე ნუ ითამაშებ, კოვაქს, ის ჩემს გვერდით ზის, სულ რაღაც ათ სანტიმეტრში, ისე სწრაფად შემიძლია მოვკლა, შენც კი აღტაცებული დარჩები.
კოვაქსმა გამაფრთხილებლად დაიღრინა და მიმოიხედა.
- მაქციები, - თქვა ბოროტი ხმით, - აქაურობა ამ ბინძური ძაღლებით გაგივსია... რა გინდა?
- შენი სული, - იყო პასუხი.
- ბევრი გდომებია, - კვლავ დაიღრინა კოვაქსმა და მიას შეხედა, - როგორ ხარ, ხომ არაფერი დაგიშავა?
მიამ ხმის ამოღება ვერ გაბედა, მხოლოდ თავი გააქნია.
- შენ ჩემთან ერთად წამოხვალ, - თქვა კონორმა და წამოდგა, ბართან მჯდომ ორ მამაკაცს რაღაც ანიშნა, რომლებიც აქეთ-იქიდან შემოუჯდნენ მიას.
კოვაქსმა ბინძურად შეიგინა.
- ტელეფონი, თუ შეიძლება, - ხელი გაუწოდა კონორმა და როდესაც კოვაქსმა ხელში მობილური ჩაუგდო, ღიმილით ჩაუშვა ვისკით სავსე ჭიქაში, შემდეგ შუა ბარში დადგა და ხელები თეატრალურად გაშალა.
- მოგმართავთ ყველას, მეგობრებო..
ხალხმა სმას და საუბარს თავი ანება, შემობრუნდნენ და ამ უცნაურ კაცს მიაჩერდნენ.
- თქვენ არაფერი გაგიგიათ, არაფერი დაგინახავთ და არც არაფერი მომხდარა, - კონორმა არწივისებური, რენტგენისებური მზერა მოავლო ხალხს, - შეგიძლიათ მოლხენა განაგრძოთ, გმადლობთ.
- რას აკეთებს? - დაიჩურჩულა მიამ.
- მასობრივ შთაგონებას მიმართავს, - ასევე ჩუმად უპასუხა კოვაქსმა და მოახლოებულ კონორს შუბლშეკრული მიაშტერდა.
კონორი ღიმილით ამოუდგა გვერდით კოვაქსს.
- ერთი ზედმეტი მოძრაობა და გოგო მოკალით, - მიმართა მაქციებს და კოვაქსს ხის სარი გაუწოდა.
- ეს ვერ მომკლავს, - ცინიკურად თქვა კოვაქსმა, - ეს ხომ ვერცხლის ფიჭვის სარი არ არის.
- არც მინდა შენი მოკვლა, - მიუგო კონორმა და ამ სიტყვებით კოვაქსის აშკარა გაოცება გამოიწვია, - ამ სარით დროებით გამოგიყვან მწყობრიდან, შენთან დაკავშირებით გაცილებით შორს მიმავალი გეგმები მაქვს, ვიდრე შენი მოკვლაა.
კოვაქსი ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა წყვდიადივით შავი თვალებით.
- გოგო გაუშვი, - თქვა ბოლოს, - ის არაფერში გჭირდება.
კონორმა ნიკაპი მოიფხანა, თავი მოაჩვენა, ვითომ ორჭოფობდა, შემდეგ დიდსულოვნად გაიღიმა.
- კარგი, წავიდეს.
- წადი, - მიას მიუბრუნდა კოვაქსი, - სწრაფად.
მია წამოდგა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ კოვაქსმა არ დაანება.
- წადი, ახლავე, წადი, - და მრისხანე სახით მიაჩერდა.
უყურებდა, როგორ მიდიოდა გოგონა კარისკენ და როდესაც გავიდა, კონორს მიუბრუნდა, სარი ჩამოართვა და გულზე მიიბჯინა.
კონორმა გაიღიმა და ხელით ანიშნა, ნუ აყოვნებო. კოვაქსმა კიდევ ერთხელ შეიგინა ბინძურად, სარს დააწვა და როდესაც ხის იარაღი თითქმის ბოლომდე ჩაიმალა მკერდში, პირიდან სისხლი წასკდა და ბარის ხის იატაკზე უხმოდ დაეცა.
კონორმა ხალხს გახედა, რომლებიც ჩვეულებისამებრ, მხიარულად სვამდნენ და ერთმანეთს ელაზღანდარავებოდნენ.
- ჯაჭვებით შეკარით, - მიმართა მაქციებს კონორმა, - და საბარგულში მოათავსეთ, ის ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენს, რის ნახვა მოუწევს..

თავი 14

... 1099 წელი, იერუსალიმი... ქალაქის ცენტრში იდგა ყველა შენობისგან გამორჩეული ნაგებობა, გარს უზარმაზარი გალავანი ერტყა, რომლის კუთხეებში დატანებულ საგუშაგო კოშკებზე გუშაგები მიმოდიოდნენ, ესენი იყვნენ წვერ-ულვაშიანი, ახოვანი აღნაგობის და ცხოვრების ქარტეხილთაგან სახეგაუხეშებული ჯარისკაცები, რომლებსაც ლურჯად მოელვარე აბჯრის ზემოდან თეთრი მოსასხამები მოეგდოთ, მოსასხამზე კი წითელი ჯვარი იყო გამოსახული, გუშაგები შეიარაღებულნი იყვნენ გრძელი, მძიმე შუბებით, ფარებით და გრძელი, ორლესული მახვილებით, რომელთა ტარსაც ასევე ჯვრის გამოსახულება წარმოადგენდა. სასახლის შიდა ეზო ერთობ თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენდა, აქ ვერ მეფობდა გაუსაძლისი სიცხე, როგორც წმინდა მიწის სხვა ქალაქებში, ვერც ტრადიციულ, მტვრით გაჯერებულ ჰაერს შეისუნთქავდით. ციხესიმაგრის შიდა ტერიტორიაზე მწყობრად მიმოდიოდნენ საგანგებოდ სადღესასწაულოდ თუ განსაკუთრებული სტუმრის დასახვედრად შერჩეული ტანმაღალი მეომრები, მცირე რაოდენობა იმ მრავალთაგან, რომლებიც ევროპიდან გამოეშურნენ წმინდა მიწის და ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად, დაამხეს სარკინოზთა სისხლიანი ბატონობა და ქალაქის თავზე ქრისტიანული სიმბოლო-ჯვარი აღმართეს.
სასახლე ერთიანად სიმწვანეში ჩაფლულიყო, მარცხენა მხარეს მცირე ფანჩატური მდებარეობდა, სადაც იერუსალიმის მეფე ძირითად შემთხვევებში განსაკუთრებულ სტუმრებს, ელჩებს და სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებს ღებულობდა ხოლმე, აი ახლაც, ეს ტანმაღალი, მძლავრი აღნაგობის ადამიანი, ვისაც ბედმა თვით იერუსალიმის აღება უბოძა, ფანჩატურში განმარტოებულიყო სტუმართან ერთად, ეს სტუმარი კი ერთობ შესანიშნავ შესახედს წარმოადგენდა, მაღალი, უკან გადავარცხნილი ქერა თმა მხრებზე დაჰყროდა, ზურმუხტივით მწვანე თვალებით სხარტად იცქირებოდა გარშემო, მეფის საუბარს ყურადღებით უსმენდა და დრო და დრო ხან თავის დაკვრით გამოხატავდა თანხმობას, ხანაც წარბებს შეჰყრიდა ხოლმე უარის და უკმაყოფილების ნიშნად. ტანთ შესანიშნავი ტანსაცმელი ემოსა, უძვირფასეს ლურჯ მოსასხამში გახვეულიყო, შავი შარვალი და რომელიღაც ცხოველის ტყავისგან დამზადებული წყალგაუმტარი მძიმე ჩექმები ეცვა, რომლებზეც პატრონის განსაკუთრებული სიმდიდრის ხაზგასასმელად კიაფობდა მძიმე ოქროს დეზები, ამ მომხიბლავ მამაკაცს იარაღი არ ჰქონდა, რაც მეფის და მეფის მხლებელთა აშკარა გაოცებას იწვევდა, ისეთ დროში უხდებოდათ ცხოვრება, რომ იარაღის გარეშე ქალაქში, მითუმეტეს ქალაქის კედლებს მიღმა სიარული საკმაოდ საშიში იყო, გარშემო, განსაკუთრებით შეღამებისას სარკინოზთა მცირე ჯგუფები დაძრწოდნენ, ისინი ეულ მგზავრებს, ადამიანთა მცირე ჯგუფებს და ქარავნებს თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ, ხშირად კი ამ თავდასხმებს ადამიანთა სიცოცხლეც მიჰქონდა.
- ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, - ფიქრიანად თქვა მეფემ და ვერცხლის თასიდან ღვინო მოსვა და სტუმარსაც ანიშნა, დალიეო.
- ჩემო მეფეო, ამაღამ საკმაოდ დიდი გზა მიდევს წინ, - ზრდილობიანად დახარა თავი ზურმუხტისფერთვალება მამაკაცმა.
მეფემ გაიღიმა, ღვინო აღარ დაუძალებია.
- ჩემს ბიძაშვილს სალამი გადაეცით დიდი სიყვარულით, თუ შეიძლება.
- აუცილებლად გადავცემ, ჩემო მეფეო, - კვლავ თავი დახარა სტუმარმა.
ამ დროს ფანჩატურის შესასვლელთან ერთიანად მტვერში ამოგანგლული მამაკაცი შედგა, ეტყობოდა, რომ რამდენიმე წამის წინ ჩამომხდარიყო ცხენიდან, სახეზე ჩამონადენი ოფლი მტვერში იზილებოდა. ეს იყო ფრანსუა, მეფის პირადი შიკრიკი, მხოლოდ მას ჰქონდა უფლება ყველას დაუკითხავად შეეწუხებინა მეფე.
- რა მოხდა, ფრანსუა? - მშვიდად შეეკითხა მეფე.
- თქვენო ბრწყინვალებავ, - ფრანსუა მუხლებზე დაეცა და შუბლი მიწამდე დახარა.
- წამოდექი და მომახსენე, - უბრძანა მეფემ და თვითონაც სწრაფად წამოდგა ფეხზე, მიხვდა, რომ არც ისე სასიამოვნო ამბის მაუწყებელი უნდა ყოფილიყო შიკრიკი.
ფრანსუამ მეფის ბრძანება შეასრულა, წამოდგა და მოკრძალებით დახარა თავი.
- ილაპარაკე, - თქვა მეფემ.
- თქვენო ბრწყინვალებავ, როგორც მოგეხსენებათ, რომის პაპმა ურბან მეორემ იერუსალიმის აღების აღსანიშნავად რომიდან ძვირფასი საჩუქრები გამოგიგზავნათ..
- მერე? - მოუთმენლად შეეკითხა მეფე.
- მის მიერ გამოგზავნილ ჯგუფს პაპის გვარდიის უფროსი, ვინმე ლუციუს კორნელიუსი მეთაურობდა, წმინდა მიწამდე მშვიდობით და ყოველგვარი შემთხვევების გარეშე იმგზავრეს, აქ, იერუსალიმიდან რამდენიმე ლიეს მოშორებით კი ყაჩაღი სარკინოზები დაესხნენ თავს, ცხარე ბრძოლა გაიმართა...
- სარკინოზები? - მრისხანედ წარმოთქვა მეფემ და ქვეცნობიერად ხელი სარკინოზთა სისხლისმღვრელ მახვილს დაასვენა.
- დიახ, თქვენო უმაღლესობავ, - დაუდასტურა შიკრიკმა.
- ყველა დაიღუპა?
- არა, თქვენო ბრწყინვალებავ, მხოლოდ ჯგუფის მეთაური გადარჩა, მაგრამ ისეა დაჭრილ-დაჩეხილი, რომ არ მგონია გადარჩეს, ჩვენ ის წამოვიყვანეთ და ახლა ჩვენი მკურნალები მიხედავენ.
მეფემ თავი დაუქნია, ერთხანს ფიქრობდა.
- პაპის გვარდიის უფროსი, - თქვა ბოლოს, - როგორც კი გამომჯობინდება, მისი ნახვა მინდა.
- დიახ, თქვენო ბრწყინვალებავ, - შიკრიკმა თავი დაუკრა, წელში ოდნავ მოიხარა და ასე უკუსვლით გავიდა ფანჩატურიდან...
.... უკვე შუაღამე იყო, როდესაც ავადმყოფის სარეცელთან ჩრდილი აღიმართა, ის შავ მოსასხამში იყო გახვეული და სახეზეც მოსასხამის კაპიუშონი ჩამოეფარებინა, თითქოს ფრთხილობდა, ვინმემ არ დამინახოსო, ის ყურადღებით დააკვირდა სარეცელზე მწოლიარე მამაკაცს, რომელსაც, როგორც სჩანს, მაღალი სიცხე ჰქონდა, ოფლი ასხავდა, ბორგავდა და განუწყვეტლივ ბოდავდა.
სარეცელზე მწოლიარე იყო საკმაოდ მაღალი პიროვნება, ერთიანად კუნთოვან მასად ქცეული სხეულით, ქერა, აბურდული თმა ჭუჭყისგან და ოფლისგან მოსვრილ, სისხლშემხმარ სახეზე ჩამოშლოდა, ამ აბურდული თმიდან დრო და დრო სიცხისგან ავადმყოფურად აელვარებული ცისფერი თვალები გამოანათებდა ხოლმე, მთელი სხეული ჭრილობებს დაეფარა, რომელიც სარკინოზთა მრავალრიცხოვან მახვილებს მიეყენებინა, ზოგი მეფის მკურნალებს შეეხვიათ, ზოგგან კი ჭუჭყიანი ჩვრები დაეფარებინათ, საიდანაც შიგ და შიგ სისხლი მოწვეთავდა და ჩალაში იკარგებოდა, რომელიც დაჭრილისთვის ქვეშაგებად დაეგოთ.
- ძლიერი ხარ, - ჩაილაპარაკა ჩრდილმა და სისხლის დანახვაზე უცნაურად აემღვრა თვალები, - ძალიან ძლიერი, ამდენმა ჭრილობამაც კი ვერ მოგკლა, მაგრამ აქ აუცილებლად დაიღუპები, - ის ჩაფიქრდა და მბორგავ სხეულს მიაშტერდა.
გარეთ მთვრალი ჯარისკაცების უხამსი გინება და ხმამაღალი ხარხარი მოისმა.
- ვითომ გაუძლებ? - თვალებმოჭუტულმა ჩაილაპარაკა ჩრდილმა და ლუციუს კორნელიუსის დაჭრილი სხეული ყურადღებით შეათვალიერა.
სარეცელზე მწოლიარე წამიერად მოვიდა გონს, ბორგვა შეწყვიტა და ჩრდილს მიაჩერდა შიშჩამდგარი ცისფერი თვალებით.
- ვინ ხარ?
- მე გაბრიელი ვარ, ლუციუს.
- არ გიცნობ, - დაჭრილმა ოთახი მოათვალიერა, - ჩემი ხალხი სად არის, ჩემი ცხენი, ჩემი იარაღი, სად ვარ?
ჩრდილმა გაიღიმა.
- იერუსალიმში, შენ თავს სარკინოზები დაგესხნენ და ყველა ამოხოცეს, პაპის გამოტანებული საჩუქარი კი წაიღეს, შენ ცოცხალ-მკვდარი გიპოვნეს მეფის მსახურებმა.
დაჭრილი ეჭვით მიაცქერდა ჩრდილს.
- სახეს რატომ მალავ? - ჰკითხა ბოლოს.
ჩრდილმა ჩაიცინა, სწრაფი მოძრაობით კაპიუშონი გადაიძრო და დაჭრილის თვალწინ მისმა სიმპათიურმა სახემ და მწვანე თვალებმა საოცარი ტრანსფორმაცია დაიწყო...პაპის პირადი გვარდიის უფროსი ლუციუს კორნელიუსი თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა ამ საშინელ სანახაობას, სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა..
მწვანეთვალება დემონმა გაიღიმა, საზარელი ეშვები დაკრიჭა და დაჭრილისკენ დაიძრა, საზარელმა ყვირილმა მთელი ლაზარეთი შეარყია, გარეთ გამოიჭრა და ღამის იერუსალიმის მშრალ და ცხელ ჰაერს შეერია...
მეორე დილას კი მეფეს აცნობეს, რომ მისი სტუმარი და პაპის გვარდიის დაჭრილი უფროსი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ, მეფემ ძებნა ბრძანა, მაგრამ ორი დღის უშედეგო ძებნის შემდეგ დაღლილ-დაქანცული მაძებრები იერუსალიმში დაბრუნდნენ, მათი კვალი ვერ იპოვეს, თითქოს მიწამ ჩაყლაპა..


******


ამ დილას კოლეჯში მშობელთა კრება იმართებოდა, სტუდენტების მშობლები მიწვეულნი იყვნენ კოლეჯის რექტორის მიერ. მიწვეულთაგან მხოლოდ მია ჯეკსონის მშობლები არ იყვნენ, დედამისი, გასაგები მიზეზების გამო ვერ ესწრებოდა კრებას, მამა კი მუშაობდა და ვერ შეძლო ჩამოსვლა.
კრების შემდეგ მია ნელა მისეირნობდა კოლეჯის მწვანე გაზონზე, ჩანთა მხარზე მოეგდო და თვალს აყოლებდა სტუდენტთა ჯგუფებს, რომლებიც მხიარულად მიიჩქაროდნენ სადღაც, ზოგი ბარში, ზოგიც წვეულებაზე.
კოლეჯის ეზოს შესასვლელთან შერიფის მანქანა დალანდა და ამოიოხრა, ეს როხროხა და დათვივით კეთილი კაცი ვერ ეგუებოდა მარკის უცაბედ გაუჩინარებას, ყველანაირად ცდილობდა სიმართლის დადგენას, მაგრამ ყველაფერი გაუგებრად იხლართებოდა, მიამ რასაკვირველია ყველაფერი იცოდა, მაგრამ ხმას რა ამოაღებინებდა? სულაც არ უნდოდა დარჩენილი სიცოცხლე საგიჟეთში გაეტარებინა, სიმართლის გაგება კი უკიდურესად საშიში იყო ყველასთვის, ვინც ჯერ არ იყო გათვითცნობიერებული სალემში მიმდინარე ზებუნებრივ მოვლენებზე. მიამ ამოიხვნეშა, ეზოს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და უცებ ქერა უკვდავი შენიშნა, რომელიც გზის გადაღმა მანქანას მიყრდნობოდა და დაძაბული მზერით ადევნებდა თვალს, მია სწრაფად შემობრუნდა საპირისპირო მიმართულებით, არ სურდა მასთან შეხვედრა, მაგრამ წამის უსწრაფესად ქერა პირველყოფილი მის წინ გაჩნდა.
- ლუციუს, - უკან დაიხია გოგონამ.
- მის ჯეკსონ, გთხოვთ, თქვენთან საუბარი მსურს, - ლუციუსი როგორც ყოველთვის, უზადოდ გამოიყურებოდა, ამ ეფექტს კი მისი არისტოკრატული საუბრის სტილი აძლიერებდა.
მიამ უცებ გაიაზრა, რომ ლუციუსის თხოვნას მოთხოვნის ელფერი უფრო დაჰკრავდა, გულში გაივლო, რომ როდესაც პირველყოფილი ვამპირი რამეს გთხოვს, ჯობია მის ნებას დაჰყვე.
- რა გნებავთ? - ოფიციალური ტონით შეეკითხა მია.
ლუციუსმა გვერდით ჩავლილ სტუდენტებს თვალი გააყოლა, შემდეგ გოგონას ანიშნა, გამომყევიო და ეზოს დასასრულს ჩაყოლებული დეკორატიული ბუჩქნარისკენ გაიწია.
- კოვაქსის შესახებ მინდა საუბარი, - თქვა, როდესაც უცხო თვალთა მზერას მოეფარნენ.
- მართლა? - თვალთმაქცურად გაიკვირვა გოგონამ, - მასზე რატომ უნდა ვილაპარაკოთ?
- ამდენი დრო არ მაქვს, მის ჯეკსონ, - მკაცრად თქვა ლუციუსმა და მიამ გაიფიქრა, რომ ქერა ვამპირი უფრო ჰგავდა ვამპირს, ვიდრე კოვაქსი.
მიას არაფერი უთქვია, მხოლოდ კითხვის გამომხატველი მზერით შეხედა.
- ნუ მაიძულებ, სიმართლის თქმა შთაგაგონო, - ცივად თქვა ლუციუსმა, - სად არის კოვაქსი, ბოლოს როდის ნახე ის?
გოგონამ სარკასტულად ჩაიცინა.
- მე ჯადოქარი ვარ, ჩემი გონებით მანიპულაცია შეუძლებელია, ლუციუს.
ლუციუსმა შუბლი შეკრა, ერთხანს მრისხანედ, თვალებმოჭუტული აკვირდებოდა, შემდეგ ჩაახველა.
- მომისმინე, ის სამი დღეა არ გამოჩენილა, სახლში არ არის, ზარებს არ პასუხობს, მეგონა, შენ მაინც გეცოდინებოდა რამე.
- ასე რატომ ნერვიულობ მასზე? - ჰკითხა მიამ და ბეტონის ბორდიურს მიეყრდნო.
ლუციუსმა გაოცებით შეხედა.
- მე და კოვაქსი მრავალი საუკუნეა ერთმანეთს ვიცნობთ, მის ჯეკსონ, ამიტომ ბუნებრივია, თუ მასზე ვნერვიულობ.
მიამ ამოიოხრა და თმები მსუბუქად აიწეწა, ამას მაშინ აკეთებდა ხოლმე, როდესაც რამეზე ნერვიულობდა ხოლმე, მიხვდა, რომ შეცდა, როდესაც ლუციუსს მაშინვე არ დაუკივშირდა, როგორც კი კონორმა და მაქციებმა კოვაქსი აიყვანეს, ეგონა თუ ამას გააკეთებდა, კონორი მოკლავდა კოვაქსს.
- ის კონორს ჰყავს, - თქვა და სირცხვილისგან გაწითლებულმა თვალი აარიდა ქერა უკვდავს.
ლუციუსმა პირი დააღო გაკვირვებისგან, თავით-ფეხებამდე შეათვალიერა გოგონა და ნელა გააქნია თავი.
- და შენ ამას ახლა მეუბნები? წარმოგიდგენია მაინც, რა ტანჯვაშია ის მთელი ეს დრო?
მიამ თავი ჩაღუნა და ჯინსის ქურთუკის ღილს დაუწყო წვალება.
- მეგონა ასე უკეთესი იქნებოდა...
- სულ ტყუილად გეგონა, - მკაცრად ჟღერდა ლუციუსის პასუხი, მან ტელეფონი მოიმაჯვა და სწრაფად აკრიფა ნომერი, მიას ზურგი შეაქცია, - რებეკა.. მე ვარ.
- რა ხდება, ლუციუს, - გაისმა ტკბილი ხმა ტელეფონის მეორე მხრიდან.
- კონორს კოვაქსი ჰყავს, - თქვა ლუციუსმა, - ამიტომ არ ჩანდა სამი დღე...უნდა მოვძებნოთ, შეგიძლია ამის გაკეთება?
- როგორ?
- რა ვიცი აბა, სისხლის შელოცვა ან რამე ასეთი..
პასუხად ტელეფონიდან ხმამაღალი სიცილი მოისმა.
- რა გაცინებს? - მოიღუშა ლუციუსი.
- ლუციუს, ეს ყველაფერი სისულელეა, ასეთი რამ არ არსებობს, ასეთი ძებნის შელოცვა არასდროს გამიგია.
- მაგრამ ხომ ამბობენ რომ შეიძლებაო? - ამ ნებდებოდა ლუციუსი.
- იმასაც ამბობენ, ბეჭდის გარეშე ვამპირი მზეზე დაიწვებაო, - მიუჰო რებეკამ და დასერიოზულდა, - ვიცი, რომ გულით გინდა მისი მოძებნა, ლუციუს, მაგრამ დამიჯერე, მისი ძებნის შელოცვა არ არსებობს, ასეთი რამ არარეალურია...დაველოდოთ, იქნებ კონორი თვითონ დაგვიკავშირდეს.
- ასე უქმად ვერ ვიჯდები, - მიუგო ლუციუსმა, ტელეფონი გათიშა, ჯიბეში ჩაიდო, მიას თავი დაუკრა და მანქანას მიაშურა.
- მოიცა, - წამოხტა გოგონა, - სად მიდიხარ.
- კოვაქსი უნდა მოვძებნო, - იყო პასუხი.
- სად?
ერთხანს სიჩუმემ იმეფა.
- არ ვიცი, - მიუგო ბოლოს ლუციუსმა და სახეზე სასტიკი გამომეტყველება აღებეჭდა, - მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ბოგდანს ეცოდინება.
მიას ერთბაშად მუხლები მოეკვეთა მღელვარებისგან, ბორდიურს ჩაეჭიდა.
- ლუციუს, ის ჩემი საუკეთესო მეგობრის მამაა.
- ვიცი და ვწუხვარ, თუ სიმართლეს არ მეტყვის, მე მას მოვკლავ, - ცისფერი თვალებიდან ცეცხლი დააკვესა ლუციუსმა და წასასვლელად შებრუნდა.
- გთხოვ...
- ნუ მთხოვ, - ბოროტი ხმით დაუბრუნა ქერა ვამპირმა, - მე ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ და ბევრი ვინმე გავითვალისწინე...ახლა მოქმედების დროა.
ლუციუსი ისე სწრაფად გაქრა, მიამ თვალის შევლება ვერ მოასწრო, გოგონამ საკუთარი უძლურების შეგრძნებით ამოიოხრა და ჯიბეში სწრაფად მოძებნა ტელეფონი, მაგრამ თავისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ ჯესიკას ნომერი აღარ ეწერა..



******



სახენაიარევი მოხუცი რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით იდგა კედელში ჩასმულ რკინის რგოლებზე ჯაჭვებით მიბმულ შავგვრემან უკვდავთან, რომელიც ჯერ არ მოსულიყო გონს, სახეზე ნაცრისფერი დასდებოდა, ოდნავ ღიად დარჩენილი პირიდან წვეტიანი ეშვები მოუჩანდა, თვალები დაეხუჭა და თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა, წელზევით გაეშიშვლებინათ, კონორის განკარგულებით, ფეხები საკმაოდ მსხვილი ჯაჭვით შეებორკათ.
მოხუცმა ხელი ფრთხილად გაიწოდა, ტუჩის კუთხე აუწია და გაოცებული სახით დაუთვალიერა ეშვები, შემდეგ ნიკაპში მოჰკიდა ხელი, თავი ააწევინა და სახის ნაკვთებზე დააკვირდა, შემდეგ ობმოდებულ ძველ წიგნს ჩახედა, უცნობი ავტორის მიერ ფანქრით ნაჩქარევად დახატულ პორტრეტს შეადარა და გაოცებულმა მოავლო თვალი დარბაზში შეკრებილ საიდუმლო საბჭოს.
- ჯანდაბა... ნამდვილად ის არის, ჩვენმა წინაპრებმა მისი სახე ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიმახსოვრეს და შემდეგ ამ წიგნში ჩახატეს, ნამდვილად ისაა, თუმცა ოდნავ შეცვლილია, წიგნის ჩანახატის მიხედვით გრძელი თმა აქვს..
- ეგ ნახატი დაახლოებით სამი საუკუნისაა, - გააწყვეტინა კონორმა, - ახლა აღარავინ ატარებს მსგავს ვარცხნილობას, მით უმეტეს, კოვაქსი, რომელსაც ყოველთვის უყვარდა თავის მოწესრიგება.
მოხუცმა თავი დაუქნია, კედელზე მიჯაჭვულ პირველყოფილს მოშორდა და მაგიდასთან დაიკავა ადგილი.
- ახლა რას ვუპირებთ მას?
კონორმა ჩაახველა და წამოდგა, ხელები ზურგზე დაიწყო და მაგიდის გარშემო ბოლთის ცემას მოჰყვა.
- ბატონებო, პირველყოფილის დასასუსტებლად საჭიროა, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში კვება შეუწყვიტოთ, - კონორი შედგა და კოვაქსზე მიუთითა, - ის უკვე სამი დღეა ამ მდგომარეობაშია, მას არცერთი წვეთი სისხლი არ მიუღია და აქედან გამომდინარე, მისი სხეული გამოფიტულია...
ამ სიტყვებს დარბაზში მოწონების შეძახილებით შეხვდნენ.
- თუ პირველყოფილის სხეული გამოფიტულია, - განაგრძო კონორმა, - ძალიან ადვილად შეიძლება მას შთაგონება მოვუხსნათ, ანუ მეხსიერება აღვუდგინოთ... ხოლო მისი მეხსიერების აღდგენას რა მოჰყვება, უკვე იცით.
საბჭოს წევრებმა ერთმანეთში სჯა-ბაასი გამართეს, ბოლოს რღაცაზე შეთანხმდნენ და კონორს მოუბრუნდნენ, რომელიც აუჩქარებლად ექაჩებოდა სიგარეტს.
- ჩვენ არ გვაქვს სრული გარანტია, რომ თუ მას გავუშვებთ, უკან არ მოგვიბრუნდება.
- მე ამის სრულ გარანტიას გაძლევთ, ბატონებო, - გაიღიმა კონორმა, - გარწმუნებთ, ის ეშმაკს სულს მიჰყიდის შურისძიებისთვის.
მოხუცმა, რომელიც საიდუმლო საბჭოს მეთაურობდა, წვერი მოიწიწკნა და ერთადერთი საღი თვალი კონორს მიაპყრო.
- ლუციუსს რას ვუპირებთ?
- ჯერ კოვაქსის მოქმედებებით დავტკბეთ, - მიუგო კონორმა, - მერწმუნე, კოვაქსის დაბრუნების შემდეგ ლუციუსს ჩვენთვის დრო აღარ დარჩება, ისინი ერთმანეთს გაანადგურებენ.
- და გაბრიელი?
- ოო... გაბრიელი, - თვალები მრისხანებით აევსო კონორს, - ლუციუსს არ ეცოდინება, კოვაქსმა რომ ყველაფერი იცის, ამიტომ მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით ლუციუსს მოკლავს, შემდეგ კი ყველა ერთად იმ სატანის მოციქულს გავანადგურებთ...
- მასზე ბევრი მსმენია, - თქვა მოხუცმა, - მართლაც ასეთი საშინელი არსებაა?
კონორმა ბოროტად ჩაიცინა.
- ვერც კი წარმოიდგენთ, ის რამდენად ბოროტი და უმოწყალოა, ის თვით სატანაა. მისი დანდობა არ შეიძლება.
მოხუცმა თავი დაუქნია და იმწამსვე მათი ყურადღება ყრუ ღრენამ მიიპყრო, კოვაქსი გამოფხიზლებულიყო და ამაოდ ცდილობდა ჯაჭვების გაწყვეტას...



******


შებინდებული იყო, როდესაც ბოგდანმა კიბეები სწრაფად ჩამოირბინა, მანქანას მიაშურა, სანამ ჩაჯდებოდა, შემობრუნდა, რომ ჯესიკასთვის ხელი დაექნია, იცოდა, მეორე სართულის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს და ამ დროს უჩვეულო შეგრძნება დაეუფლა, მანქანის ნახევრად გამოღებული კარი ფრთხილად, უხმაუროდ მიხურა და ეზოს თვალი მოავლო, მისი მცველები არსად ჩანდნენ, მხოლოდ სახლის გვერდით მდგარი ტანმსხვილი ხის უკნიდან ისმოდა სუსტი ფაჩუნი, ბოგდანი ფეხაკრეფით დაიძრა ხისკენ, ნელა შემოუარა მეორე მხრიდან და ადგილზევე გაიყინა, მისი კლანის ერთ-ერთი ახალგაზრდა მაქცია მუხლებზე იდგა, პირიდან სისხლი მოსდიოდა, აშკარად სასიკვდილო აგონიაში იყო, ხელები მოტეხილი ტოტებივით ჩამოვარდნოდა, მის ზურგსუკან ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი იდგა, დემონურად მოელვარე ცისფერი თვალებით, მარცხენა ხელი დაბლა ჩამოეშვა, მარჯვენა კი მუხლებზე დაცემული ახალგაზრდა მაქციის ზურგში ჩაემალა და ფოლადისმაგვარი თითები ჯერ კიდევ მფეთქავი გულითვის შემოეჭდო.
- ლუციუს, - ბოგდანმა წამში გაიაზრა ყველაფერი, - არ გინდა..
უკვდავმა ბოროტად გაიღიმა და მოელვარე, წვეტიანი ეშვები გამოაჩინა.
- რატომ? თქვენ გგონია კოვაქსის სახით უკვე ნახეთ საშინელება? ცდები, ბოგდან, საშინელება ჯერ არ გინახავთ, - ამ სიტყვებთან ერთად პირველყოფილმა სწრაფი მოძრაობა გააკეთა და გაქრა.
თვალებგაფართოებული ბოგდანის ფეხებთან კი უსულო მაქციის სხეული გაიშხლართა, ხოლო სისხლით მოსვრილი გული ბალახზე გაგორდა..
ბოგდანმა საშინელი ღმუილი ამოუშვა მკერდიდან, წამში გარდაისახა, ეშვები გააელვა და გარემოს მაქციის დაკვირვებული თვალი მოავლო, მას მრავალჯერ დაუმარცხებია ვამპირები პირისპირ ბრძოლაში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შეხვედროდა პრიმუმს-მარკუსს, და ეს ერთადერთი შეხვედრა დღესაც მტკივნეულად ახსოვდა.
ბოგდანი ნელი ნაბიჯით ბრუნავდა და გარემოს ზვერავდა, იცოდა, ლუციუსი სადღაც აქ იყო, მაგრამ თვითონ ბევრად ჩამორჩებოდა პირველყოფილს სისწრაფეში და ძალაში.
მარცხნივ ჩრდილი დალანდა, მაგრამ მობრუნება ვერ მოასწრო, ვამპირი წამის უსწრაფესად დაეტაკა და სახლის მიმართულებით მოისროლა, ბოგდანი მოაჯირს დაეჯახა და სწრაფად წამოიმართა ცალ მუხლზე.
ქერა ვამპირმა საშინელი ღიმილით გაიღიმა და ნელა დაიძრა მისკენ.
ამ დროს საიდანღაც ბოგდანის კიდევ ერთი მაქცია გამოვარდა, ლუციუსს გზა გადაუჭრა და ეშვებდაღრენილი მიაჩერდა წელში ოდნავ მოხრილი.
- უკან, - უბრძანა ბოგდანმა.
მაგრამ მაქციას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ის თავის მოვალეობას ასრულებდა, ის ალფას იცავდა და თუ საჭირო გახდებოდა, სიცოცხლესაც უყოყმანოდ გასწირავდა.
- გამეცალე, - ცივად თქვა ლუციუსმა და თვალები ჩაუსისხლიანდა.
მაქციამ ღმამაღლა დაიღრინა და უარის ნიშნად თავი გააქნია.
- როგორც გინდა, - ლუციუსმა სწრაფი ნახტომი გააკეთა და გზა განაგრძო, მის უკან კი მაქციის უთავო სხეული უხმოდ, ბელტივით დაემხო მიწაზე.
ლუციუსს მაქციის მოგლეჯილი თავისთვის თმაში ჩაევლო ხელი, ის წამის უსწრაფესად გაჩნდა ბოგდანის წინ, თვალებგაყინული თავი გვერდზე მიაგდო და ბოგდანს ყელში სწვდა, ბოგდანი შეეწინააღმდეგა, მაგრამ პირველყოფილის უზომო ძალას ვერ აჯობებდა.
ლუციუსმა გამსჭვალავი მზერით ჩახედა თვალებში და მარჯვენა მოიქნია, ელვისებური დარტყმით შეუნგრია მკერდის ძვალი, ბოგდანის ძალუმად მფეთქავი გული მტკიცე თითებში მოიქცია და თვალები გააკვესა.
- სად არის კოვაქსი?
ბოგდანმა დაიხრიალა, პირიდან და მკერდიდან სისხლი წასკდა და პირველყოფილის წინ მუხლებზე დაეცა.
- სად არის კოვაქსი? - გაიმეორა ლუციუსმა.
- იქ... მიტოვებულ სახლში... კონორთან, - დაიხრიალა ბოგდანმა.
უცებ მაღლიდან შუშის მსხვრევის ხმა გაისმა, მეორე სართულიდან რაღაცამ გაიელვა და ოდნავ გაკვირვებული ლუციუსის წინ მაქციად გარდაქმნილი წითურთმიანი გოგონა ოთხზე დახტა, შემდეგ სწრაფად წამოიმართა და ლუციუსს ყვითელი, მოელვარე თვალებით მიაშტერდა, ყრუდ იღრინებოდა, წელში ოდნავ მოხრილიყო, ხელები განზე გაეშალა, თავდასხმისთვის ემზადებოდა.
ლუციუსმა დამცინავად ასწია წარბი და თვალები ჩაუსისხლიანდა, პირიდან კი წამიერად ჩამოეზარდა ალესილი ეშვები...

თავი 15

.... In sleep he sang to me, In dreams he came, That voice which calls to me, and speaks my name, And do I dream again for now I find, The Phantom of the Opera is there, Inside my mind....

მია შეშინებული წამოიჭრა საწოლიდან და ჩაბნელებულ ოთახს თვალი მოავლო, ფანჯრებზე ჩამოფარებულ თეთრ ფარდებს გარედან მთვარის ვერცხლისფერი სხივები ეცემოდა და ოთახში შემოღწევას ლამობდა. მია ვერ მიხვდა, რა იყო ეს, რამ გამოაღვიძა უსიზმრო ძილიდან, თითქოს გონებაში ჩაესმოდა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა, ყოველი სტროფი, აჰიპნოზებდა და სადღაც სიბნელეში, უსასრულობაში ითრევდა...
- მია... - სადღაც ჭერში გაისმა.
გოგონა გაოგნებული წამოხტა, თხელი ღამის ხალათი შემოიცვა და მეორე სართულისკენ ამავალ შიდა კიბეზე აირბინა, მაგრამ მეორე სართულის ჩაბნელებული ოთახებიც ისეთივე ცარიელი იყო, როგორც პირველი სართულის.
- მია... დამეხმარე, - თითქოს ეზოდან შემოიტანა ნიავმა მილეული ხმა, რომელიც სადღაც შორიდან ისმოდა.
მიამ კიბე ჩამოირბინა, სიბნელეში ჟურნალების მაგიდას დაეჯახა და იატაკზე პირქვე დაეცა, ეტკინა მუხლები, მაგრამ არ შეიმჩნია, წამოხტა და ეზოში გასასვლელ კარს ეცა, გამოაღო და გიჟის გამომეტყველებით მიმოიხედა, აქაც არავინ იყო..
- მია, - ახლა ზურგს უკნიდან მოესმა ხმა, მოტრიალდა, მაგრამ კვლავ ვერავინ აღმოაჩინა.
გოგონა ვერანდაზე ამავალ კიბეზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა, სამი ვარიანტი არსებობდა. პირველი: ის გაგიჟდა და არარსებული ხმები ესმოდა, მეორე: ის არ გაგიჟებულა, უბრალოდ სიზმარში იყო, მესამე: ის არც გაგიჟებულა, არც სიზმარში იყო, ეს ნაცნობი ხმა რეალურად ესმოდა, ქვეცნობიერად, ის დასახმარებლად იხმობდა...
სწრაფად წამოდგა, ოთახში შევიდა, სინათლე არ აუნთია, ტელეფონი მოძებნა და ნომერი აკრიფა, ზუმერი ერთხელ, მეორედ, მესამედ, ქერა ვამპირი არ პასუხობდა, მიას უბედურების მომასწავებელი შეგრძნება დაეუფლა და ვერანდაზე ნერვიულად მოჰყვა ბოლთის ცემას, შემდეგ ნომრების ჩამონათვალს ჩამოჰყვა, როდესაც სასურველი ნომერი იპოვნა, მცირე ხანს შეყოყმანდა, შემდეგ თავი გააქნია და CALL სენსორს დააწვა.
- გისმენთ, - საოცრად თბილი ხმა მოესმა.
- მე... - მია შეყოვნდა, უცნაური გრძნობა დაეუფლა, წამიერად თითქოს წლების წინ დაბრუნდა, ამ ხმამ ბავშვობაში დააბრუნა, მაგრამ თვითონაც ვერ ხსნიდა, რატომ დაეუფლა ასეთი შეგრძნება.
- გისმენთ, - გაიმეორა ქალის ხმამ.
- მე... ბოდიშს გიხდით, ასე გვიან რომ გაწუხებთ.. მია ჯეკსონი ვარ, კოვაქსის და ლუციუსის.... ასე ვთქვათ, მეგობარი.
- მივხვდი, - მიუგო ქალის ხმამ, - რამე მოხდა?
- ზუსტად არ ვიცი, - მია ჩაფიქრდა, - არ მინდა ამ თემაზე ტელეფონით საუბარი... უფრო სწორად, ლუციუსთან მსურდა საუბარი.
- ის აქ არ არის, ვწუხვარ. რამე მოხდა?
ქალმა მეორედ გაუმეორა იგივე შეკითხვა, ის რა, მასზე ნერვიულობდა? უცნაურია.
- დიახ, იცით... მე... არ ვიცი როგორ აგიხსნათ, თქვენ ხომ..
- ჯადოქარი ვარ, - უხერხულობიდან გამოიყვანა ქალმა და ლაღად გაიცინა, - ისევე, როგორც შენ.
მიას დაძაბულობა მოეხსნა და გაეღიმა.
- დიახ.. იცით, მე თითქოს მისი ხმა მომესმა..
- კოვაქსის?
- დიახ, - გაოცდა გოგონა, - საიდან...
- ჩვენ ჯადოქრები ვართ, ძვირფასო, - ყველანაირი სარკაზმის გარეშე, თბილად უთხრა ქალმა, - ოდესღაც შენც მიხვდები უთქმელად რაღაც-რაღაცეებს.
- ანუ მისი ხმა რომ მესმის, ეს ნორმალურია?
ქალი ოდნავ შეყოვნდა.
- ეს ხმა ქვეცნობიერად გესმის, რეალურად არ არსებობს, როგორც სჩანს შენ და კოვაქსს იმდენად ახლო ემოციური კავშირი გაქვთ...
- ჩვენ? კავშირი? - კიდევ ერთხელ გაოცდა მია.
- სხვა ახსნა არ მაქვს, - მიუგო ქალმა, - როდესაც ადამიანთან სულიერად ძალიან ახლოს ხარ, როდესაც გენატრება, შენს ტვინში ყოველთვის ამოტივტივდება მისი სახე და ხმა... სიზმარში არ გინახავს?
მია გაინაბა.
- მხოლოდ რამდენჯერმე, - აღიარა ბოლოს დარცხვენილმა, - მაგრამ...
- ვიცი ძვირფასო, - კვლავ გამოიყვანა მდგომარეობიდან ქალმა, - ეს უბრალოდ ქვეცნობიერია...რა გითხრა ხმამ?
- დახმარებას მთხოვდა...
ამ სიტყვებს ხანმოკლე დუმილი მოჰყვა.
- ჩვენ მას ვერაფრით დავეხმარებით, იქნებ ლუციუსმა შეძლოს მისი პოვნა...
მიას კვლავ გაახსენდა, რომ ქერა ვამპირი ბოგდანის სანახავად წავიდა და გული მტკივნეულად შეეკუმშა...


******

კონორი კვლავ ბოლთას სცემდა მაგიდის გარშემო და დრო და დრო კოვაქსს გახედავდა ხოლმე შეფიქრიანებული მზერით, არ იცოდა, შინაგანად რამდენად ძლიერი იყო შავგვრემანი პირველყოფილი და რამდენად ღრმად იყო წარსულის მოგონებები მის ქვეცნობიერში დამარხული, იცოდა, რომ მას მეხსიერება ერთ-ერთმა ძლიერმა პირველყოფილმა-ნათანიელმა წაუშალა, ამიტომ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ საუკუნეების წინ დადებული შთაგონების მოხსნას შეძლებდა.
კოვაქსი ყოველი გავლა-გამოვლისას თვალს ადევნებდა, მოღუშული იყო, ისედაც წყვდიადივით შავი თვალები კიდევ უფრო ჩაშავებოდა, წვეტიანი ეშვები ოდნავ დაეკრიჭა და დრო და დრო ყრუდ იღრინებოდა, მალევე მიხვდა, რომ ასე დასუსტებული ამ მსხვილ ჯაჭვებს ვერ გაწყვეტდა, ამიტომ მოთმინებით ელოდა მოვლენების განვითარებას, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებოდა, რატომ დატოვა კონორმა ის ცოცხალი, იმ დროის განმავლობაში, რაც გონს მოვიდა, ყველა შესაძლო სცენარი განიხილა, მაგრამ ჭეშმარიტებამდე მაინც ვერ მიდიოდა, თითქოს რაღაც აკლდა, როგორც ჯაჭვს ერთი რგოლი, რგოლი, რომელიც ყველაფერს გააერთიანებდა და თავის ადგილზე დააყენებდა.
- მაშ ასე, - კონორმა ბოლთის ცემა შეწყვიტა და კოვაქსის წინ შესდგა, - კოვაქს...შენ უკვე ძალიან დიდი ხანია პირველყოფილი ხარ, გახსოვს როგორ მოხდა ეს, ვგულისხმობ შენს პირველყოფილად გარდაქმნას.
კოვაქსმა თვალები მოჭუტა და დაკვირვებით შეხედა ვამპირებზე მონადირეს, მაგრამ არ უპასუხია.
- მე შენს წინააღმდეგ არ ვარ, როდის უნდა შეიგნო ეს? - ბრაზით თქვა კონორმა.
კოვაქსმა ჩვეული, ირონიული გამომეტყველება მიიღო.
- ფაქტები საწინააღმდეგოს ადასტურებს, - მან ჯაჭვებს გახედა, - შენ უკვე ორჯერ სცადე ჩემი მოკვლა, მაქციები და ვამპირები მომიგზავნე, შემდეგ ჯარედი გამოგზავნე.
- მოდი წვრილმანებს ნუ გამოვეკიდებით, - მოუთმენლად გააქნია ხელი კონორმა, - მე მხოლოდ შენი დახმარება მინდა.
კოვაქსი ცდილობდა, რაც შეიძლება დიდი დრო გაეყვანა, იმედოვნებდა, ლუციუსი მოახერხებდა რამეს, ამიტომ გადაწყვიტა კონორს საუბარში აჰყოლოდა.
- ჩემი დახმარება...რას გულისხმობ?
კონორმა გაიღიმა.
- მე მათ კლანიდან მომკვეთეს, კოვაქს, ვიცი რომ შენ ამაში მონაწილეობა არ მიგიღია, მე მათ ყველას გავანადგურებ, გირჩევ გვერდით გადგე, მე შენს წინააღმდეგ არ ვიბრძვი...
- ვის წინააღმდეგ იბრძვი? - შეაწყვეტინა კოვაქსმა და ფარულად კიდევ ერთხელ მოსინჯა ჯაჭვების სიმტკიცე, რაც კონორის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია.
- ეს ვერ გიშველის, - გააფრთხილა კონორმა მოღუშული სახით, - სამი დღეა წვეთი სისხლი არ მიგიღია, შენ გამოფიტული ხარ, კოვაქს, თუნდაც მოგხსნა ჯაჭვები, წინააღმდეგობას ვერ გამიწევ.
შავგვრემანმა უკვდავმა თვალები დააკვესა.
- იქნებ მაინც გეცადა? ერთი-ერთზე, პირისპირ, მხოლოდ მე და შენ..
- არ გინდა, - ხელი ჩაიქნია კონორმა, - რატომ? ჯაჭვებით მყავხარ დაბმული, როგორც ძაღლი, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებ, უბრალოდ მინდა რომ მომისმინო, ჯანდაბა, ნუთუ ეს ასე ძნელია? არ გაინტერესებს შენი წარსული? - კონორმა ბოლო სიტყვები დამარცვლით წარმოთქვა და კვლავ ნელა გაიარ-გამოიარა ზურგზე ხელებდაწყობილმა.
კოვაქსს აშკარად გაუკვირდა მისი სიტყვები, მაგრამ არც იმდენად, რისი მოლოდინიც კონორს ჰქონდა.
- მე პირველყოფილი ვარ, ჩემი წარმოშობა გაბრიელის დამსახურებაა და არასდროს დავინტერესებულვარ რატომ და რისთვის.
კონორმა დამცინავად გაიღიმა.
- მეგობარო, მთელი შენი ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია და არც შენ ხარ განებივრებული პრინცი, როგორსაც შენს თავს იცნობ და როგორც შთაგაგონეს.
კოვაქსმა ეშვები გამოაჩინა და ყრუდ დაიღრინა.
- რას გულისხმობ, რომელ შთაგონებაზე ლაპარაკობ?
კონორი მკვეთრად შეჩერდა და გვერდულად გამოხედა კოვაქსს.
- ყველაფერი სიყალბეა, შენ შთაგონებული ხარ, კოვაქს.. და იცი რატომ გაშიმშილებდი ბოლო სამი დღე? შენი დასუსტება და გამოფიტვა მინდოდა, გამოფიტულ ვამპირს შედარებით ადვილად მოგხსნი შთაგონებას.
კოვაქსი ჩაფიქრდა, თვალები დახუჭა.
- გასახსენებელი არაფერი მაქვს, მე ვკვდებოდი და გაბრიელმა გადამარჩინა, როდესაც ვამპირად მაქცია, - თქვა ბოლოს.
კონორმა კვლავ გაიღიმა.
- დარწმუნებული ხარ რომ ეს რეალური სიმართლეა?
კოვაქსს არაფერი უპასუხია, მოღუშული მისჩერებოდა.
- აი, ხედავ? - ნიშნისმოგებით მიმართა კონორმა, - არ ხარ დარწმუნებული...შენ ვამპირი ხარ და იცი, რომ ვამპირი ვამპირად არ იბადება, ადამიანი იქცევა ვამპირად, შენც ხომ ადამიანი იყავი, კოვაქს...შენი ადამიანური ცხოვრების შესახებ გაბრიელს არაფერი უთქვია, ხომ ასეა?
კოვაქსი დუმილს განაგრძობდა.
- ასეა, - თავისავე შეკითხვას გასცა პასუხი კონორმა და სიგარეტს მოუკიდა, ორი ნაფაზი დაარტყა და შემდეგ სიგარეტი კოვაქსს ჩაუდო პირში, კოვაქსმა ხარბად მოქაჩა, - მას არასდროს სიტყვა არ დაუძრავს შენი წარსულის შესახებ, - განაგრძო კონორმა, - კოვაქს... შენი ადამიანური წარსული ერთი უზარმაზარი ტკივილია, ამ ტკივილზე სიცრუეა აგებული, რომელშიც ამდენი საუკუნის განმავლობაში გაცხოვრებდა გაბრიელი..
კოვაქსმა სიგარეტი დაბლა დააგდო.
- ჩემი ადამიანური წარსული არ მაინტერესებს, - უხეშად თქვა მან.
- არ მჯერა, - არ დაეთანხმა კონორი, - ყველამ უნდა იცოდეს თავისი წარსულის შესახებ, შენ უნდა იცოდე, ვინ ხარ, ვინ არის გაბრიელი, ვინ არის ნათანიელი, ვინ არის ლუციუსი, მე შენ მათ ნამდვილ სახეს განახებ, - ამ სიტყვებთან ერთად კონორი პირისპირ დაუდგა კედელზე მიჯაჭვულ უკვდავს და საფეთქლებში ხელები მოჰკიდა.
- რა ჯანდაბას აკეთებ, - დაიღრინა კოვაქსმა და გაიბრძოლა, მაგრამ ჯაჭვებით საიმედოდ იყო დაბმული.
- მე შენ მეხსიერებას დაგიბრუნებ, - მიუგო კონორმა და თვალებში ჩახედა, - გინდა ეს თუ არა, ყველაფრის გახსენებას გაიძულებ.
კოვაქსმა კვლავ გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდა, ოთახი მისი ბინძური გინებით აივსო.
კონორმა სუსტად გაიღიმა, უფრო მძლავრად შემოაჭდო საფეთქლებზე ხელები, შუბლი შუბლზე მიადო და თვალები დახუჭა...



******
ლუციუსი თვალებმოწკურული, სასტიკი მზერით მისჩერებოდა ახალგაზრდა ქალ-მაქციას, რომელიც განუწყვეტლივ იღრინებოდა და მის გარშემო ნელა მოძრაობდა წრეზე.
- ბოგდან, - ნელა თქვა ლუციუსმა, ისე, რომ ჯესიკასთვის თვალი არ მოუშორებია, - ახლა ყველაზე ნაკლებად ბავშვის მოკვლა მინდა, უთხარი აქედან წავიდეს.
ბოგდანი უღონოდ ჩასჭიდებოდა მის მაჯას და პირიდან დრო და დრო სისხლს ანთხევდა.
- ჯეს, შვილო...
- მამაშენს დაუჯერე, - გამოსცრა ლუციუსმა, - შენი მოკვლა არ მინდა.
ჯესიკამ ბრუნვა შეწყვიტა და ზიზღით დაიღრინა.
- გაუშვი, მას არაფერი დაუშავებია.
- მან კოვაქსის მოკვლა სცადა, მეორედ კი მის გატაცებაში დაეხმარა კონორს, - კბილები გაახრჭიალა ლუციუსმა.
- კონორი მას აშანტაჟებს, - შესძახა ჯესიკამ, - მას სხვა გზა არ ჰქონდა...წინააღმდეგ შემთხვევაში კონორი მას შვილს მოუკლაბდა, ანუ მე მომკლავდა.
ლუციუსს არაფერი უთქვია, მზერა უფრო სასტიკი და გამსჭვალავი გაუხდა.
- იმისთვის მოკლავ, რომ თავისიანს იცავდა? რომ საკუთარ შვილს იცავდა? - იყვირა ჯესიკამ, - შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილზე?
ლუციუსმა ოდნავი გაკვირვებით შეხედა.
- მე შვილები არ მყავს.
- მერე რა? ეს შენს საქციელს არ ამართლებს...
- გაუშვი, თავი დაანებე, - სულ სხვა მხრიდან გაისმა მტკიცე, ძალიან ნაცნობი ხმა, ლუციუსმა მოიხედა და დაინახა ის, ვის დანახვასაც აქ ყველაზე ნაკლებად ელოდა.
ჭიშკრის მხრიდან ნელი ნაბიჯით მოდიოდა მია ჯეკსონი, შოკოლადისფერი თმა ტალღებად დაჰყროდა სუსტ მხრებზე, სახეზე სიმტკიცე და შეუპოვრობა ესახებოდა, ის რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შედგა.
- მია... - გაკვირვებისგან ჯესიკას პირში სიტყვა გაუწყდა.
- უკან დაიხიე, ჯეს, ჩემს უკან დადექი.
- შენ აქ რას აკეთებ? - გამოსცრა ლუციუსმა, იმ გოგონას აქ ყოფნა, რომლის მიმართაც ლუციუსის აზრით კოვაქსს გარკვეული სიმპათიები გააჩნდა, მის გეგმებში არაფრით შედიოდა.
- მე ადამიანი ვარ და ადამიანებს ვიცავ, - იყო მტკიცე პასუხი.
- ისინი ადამიანები არ არიან, - დაიღრინა ლუციუსმა.
- ისინი იმაზე მეტად არიან ადამიანები, ვიდრე ეს შენ გგონია, - მიუგო მიამ და ხელები წინ გაიშვირა, ლუციუსის მიმართულებით, - ბოგდანს მოშორდი, თორემ...
- მემუქრები? მე? - აშკარად გაოცდა ლუციუსი.
- მე ჯადოქარი ვარ და იცი რაც შემიძლია, მე რებეკაზე გაცილებით ძლიერი ვარ, ეს კოვაქსმა მითხრა, მოშორდი ბოგდანს, არ მოგცემ უფლებას, ჩემი საუკეთესო მეგობრის მამა მოკლა.
- მან შენ მახე დაგიგო, - კბილები გააელვა ლუციუსმა.
- მე მას უკვე ვაპატიე, მოშორდი, - მიას უცნაურად აემღვრა თვალები, შოკოლადისფერი გუგები გაუუფერულდა და თეთრი შეფერილობა მიიღო, შემდეგ ხელები განზე გაშალა, თავი ოდნავ უკან გადასწია და გაოგნებული ჯესიკას, უფრო გაოგნებული ბოგდანის და საშინლად გაოცებული ლუციუსის თვალწინ დაახლოებით ერთ ფუტზე აიწია ჰაერში, ასე ლივლივებდა, როგორც მოჩვენება, სახეზე უცნაური ღიმილი გადაეფინა, თეთრი, უფერული თვალებით სადღაც შორს, სივრცეში იყურებოდა..
- ლუციუს, - ეს ხმა არ ეკუთვნოდა მია ჯეკსონს, არც ამ პატარა მდელოზე დანარჩენ სამ არსებას, არც ბოგდანის რომელიმე მაქციას, ეს იყო უცნაური, შიშის მომგვრელი ხმა, ხმა, რომელიც სადღაც მიას სხეულის შიგნიდან მოდიოდა, ეს ხმა იყო, რომელიც დემონური ჟღერადობით გამოირჩეოდა და რამაც წამში დაუყენა თმები ყალყზე ჯესიკას და ბოგდანს, ხოლო ლუციუსმა მაშინვე შეუშვა ხელი ალფა მგელკაცს და ერთბაშად რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან.
- ლუციუს, - კვლავ დაილაპარაკა დემონმა მიას პირით, - ცუდად იქცევი...
- ჯანდაბა... - ქერა ვამპირს შიშისგან ჟღალი წვერი აებურძგნა, - ტალია...ეს შენ...საიდან...როგორ...
ეს სიტყვები პირველყოფილის გახევებულ ბაგეს ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოსწყდა, შემდეგ შებრუნდა და წამის უსწრაფესად გაუჩინარდა ჩაბნელებული ტყის კორომში...
ლუციუსის გაუჩინარებისთანავე ჯესიკა ბოგდანს მივარდა, მხარში შეუდგა და წამოაყენა.
- შეხედე, - მიუთითა მიაზე ბოგდანმა.
ჯესიკამ მეგობარს გახედა, რომელიც კვლავ უცნაურად ლივლივებდა ჰაერში, შემდეგ მოწყვეტით დაეცა მიწაზე და გონება დაკარგა.
- მამა... რა ხდება, ვინ არის ის?
- აქამდე მეგონა, რომ ის შენი მეგობარი მია ჯეკსონი იყო, - ნელა თქვა ბოგდანმა, - მაგრამ...
- მაგრამ რა? ლუციუსმა მას ტალია უწოდა, ვინ არის ტალია?
ბოგდანი თვალს არ აშორებდა მიას სხეულს, რომელიც უგრძნობლად გაშხლართულიყო მდელოზე.
- მეგონა ის მხოლოდ ლეგენდებში არსებობდა... - თქვა ბოგდანმა, - ჯეს...ის ყველაზე ძლიერი დემონი ჯადოქარია, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწის ზურგზე, მაგრამ როგორც ჩანს, შენმა მეგობარმა ამის შესახებ ჯერ არ იცის.
ჯესიკამ გაოცებით გახედა მიას, რომელიც ნელ-ნელა მოდიოდა გონს.
- თუ ასეა, ალბათ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი.
- ჯერ არ ვიცი, - ფიქრიანად თქვა ბოგდანმა, - თუ მისი სხეული ტალიამ დაიპყრო, ეს ბევრ რამეს შეცვლის, ძალიან ბევრ რამეს, ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.
როგორც იქნა, ბოგდანს ჭრილობა შეუხორცდა, რეგენერაციის უნარი-მთავარი მახასიათებელი, რაც ვამპირებს და მაქციებს განსაკუთრებულებს ხდიდა.
მამა-შვილი ფრთხილად მიუახლოვდნენ ბალახზე მწოლიარე გოგონას, რომელმაც ნელა გაახილა თვალები და ჯერ ბოგდანს შეხედა, შემდეგ ჯესიკაზე გადაიტანა მზერა.
- ჯეს... რა მოხდა? - ამოილაპარაკა მისუსტებული ხმით.
ჯესიკამ გაოცებით და მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ალფა მაქციას.
- მის ჯეკსონ, არ გახსოვთ რა მოხდა? - ჩაეკითხა ბოგდანი.
მიამ გონება დაძაბა.
- მე აქ მოვედი, ვიცოდი, რომ ლუციუსი შენთან მოვიდოდა და შენს მოკვლას დააპირებდა...შემდეგ ჯესიკა დავინახე, ლუციუსი, რომელიც უკვე გკლავდა და....
- მერე? - მოუთმენლად შეეკითხა ჯესიკა.
- მეტი არაფერი, - თავი გააქნია მიამ და ბოგდანს შეხედა მავედრებელი მზერით, - მეტი არაფერი მახსოვს, მისტერ ო'ნილ, გთხოვთ, მითხარით... რა მჭირს?

თავი 16


ბოგდანის ტყისპირა სახლი სრულ მდუმარებაში ჩაძირულიყო, მხოლოდ ხანდახან გამოანათებდა ხოლმე ნამგალა მთვარე, რომელიც ზეცის დაგლეჯილი ღრუბლებისგან შეკერილ სამოსში ცურავდა. წყნარი ღამე იდგა, მხოლოდ მწერების ჭრიჭინი და ბუს კივილი არღვევდა ტყის წყვდიადში გამეფებულ სულისშემძვრელ მყუდროებას.
სახლში, პირველ სართულზე, სამზარეულოში მაგიდას მისჯდომოდნენ ბოგდანი, ჯესიკა და მია, რომელიც ჯესიკამ ძლივს დაიყოლია ხვეწნა-მუდარით, რომ ეს ღამე მათ სახლში გაეთია, მიზეზად კი სალემში გამეფებული არასტაბილური და საშიში სიტუაცია მოიყვანა, მიას არ უნდოდა საუკეთესო მეგობრისთვის ეწყენინებინა, ამიტომ დასთანხმდა, რა იცოდა, რომ ჯესიკას ერთი შეხედვით უანგარო თხოვნას სარჩულად მაქციათა კლანის ალფა მგელკაცის მოსაზრება ედო, რომელიც შვილს საიდუმლოდ გაუზიარა, ბოგდანი იმედოვნებდა, რომ მია როგორღაც მოახერხებდა თავის სხეულში ჩასახლებული დემონი ჯადოქრის მართვას, ამ შემთხვევაში კი სალემში მიმდინარე ზებუნებრივ და სისხლიან ომში გამარჯვებულის სასწორი მის მხარეს გადაიხრებოდა, ვინც ყველას დაასწრებდა და ამ უძლიერეს ჯადოქარს თავის ბანაკში გადაიბირებდა, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ბოგდანმა მიას ნდობის მოპოვება დაისახა, მან მიზნად დაისახა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ეს გოგონა მაქციათა კლანის წევრად ექცია, მას გულში გაცილებით ბნელი და შორსმიმავალი გეგმებიც ჰქონდა, გეგმები, რომლის შესახებ ჯესიკასთან კი არა, თვით კასტორთან-კლანის ბეტა მაქციასთანაც კი არ უსაუბრია. ეს გეგმა, რომელიც ტალიას სახელის გაგონებისთანავე მის გონებაში მყისიერად წარმოიშვა, მია ჯეკსონის მაქციად ქცევა იყო, ეს გეგმა მის მახვილ გონებაში ჯერჯერობით დამუშავების პროცესში იყო, მაგრამ შექმნილ გარემოებათა გათვალისწინებით მხოლოდ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, მიუხედავად ამისა, ბოგდანი ხვდებოდა, რომ მაქციათა კლანი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე გარდამტეხი მოვლენის წინაშე იდგა, მას-ბოგდანს შეეძლო ერთხელ და სამუდამოდ გადაეწერა ისტორია და მაქციათა კლანი ექცია დომინანტ კლანად მათ შორის, ვინც პირველობისთვის იბრძოდა, თუმცა გეგმას დახვეწა სჭირდებოდა, არავინ იცოდა, არსად ეწერა, არც არავის გაეგონა, რომ ჯადოქრის მაქციად გარდაქმნა შეიძლებოდა ისე, რომ ჯადოქარს ზებუნებრივი ძალები არ დაეკარგა და ერთდროულად ყოფილიყო როგორც ჯადოქარი, ასევე მაქციაც.
ისინი ჩუმად მიირთმევდნენ ლიმნიან ჩაის და ბოგდანს შეჰყურებდნენ, რომელიც უჩვეულოდ ჩაფიქრებულიყო.
- მამა, - მიმართა ჯესიკამ, - მოგვიყევი რამე ტალიას შესახებ, გთხოვ.
მიამაც თხოვნის თვალით შეხედა მეგობრის მამას, რომელსაც შეეძლო ნათელი მოეფინა ამ უჩვეულო რეალობისთვის.
ბოგდანმა ჩაახველა, ჩაის სმა დაამთავრა, სკამზე გადაწვა და სიგარეტს მოუკიდა, კვამლი ბოლქვებად გამოუშვა პირიდან და სივრცეს გაუშტერა თვალი.
- მსოფლიოს ზებუნებრივ ისტორიაში არ არსებობს უფრო ძლევამოსილი და უფრო საშიში არსება, როგორიც ტალიაა, დემონი ჯადოქარი, - დაიწყო ბოგდანმა მცირე ხნის ფიქრის შემდეგ, - მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ნამდვილი სახე, მისი ნამდვილი სხეული არავის უხილავს, ის შეიძლება ნებისმიერ ადამიანში ჩასახლდეს-ვამპირების გარდა, ალბათ ეს ვამპირთა განსაკუთრებული თვისებაა. ტალია მხოლოდ განსაკუთრებულებს ირჩევს...არავინ იცის, რომელი საუკუნიდან იწყება მისი ისტორია, ის მხოლოდ ლეგენდებში არსებობს და დრო და დრო ჩნდება სხვადასხვა სხეულებში, პირადად მე ის არასდროს მინახავს სხვა ადამიანში განსხეულებული, მხოლოდ მაშინ მივხვდი, ლუციუსმა მისი სახელი რომ ახსენა. არ ვიცი, რა აკავშირებს მასთან ლუციუსს და ფაქტია, რომ არც თუ კარგი მოგონებები აქვს, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ ტალია აქ არის, სალემში, და ჩვენ არ ვიცით, კვლავ როდის შეგვახსენებს თავს, - ბოგდანმა მიას გახედა.
გოგონა უსიამოვნოდ შეიშმუშნა სკამზე.
- სულ ეს არის, რაც ტალიაზე ვიცით? - იკითხა ჯესიკამ.
- კიდევ არის რაღაც-რაღაცეები, - უპასუხა ბოგდანმა, - მაგალითად, ლეგენდებში მოხსენიებულია მისი საოცარი ძალები, მას შეუძლია გონების არევა, ადამიანისთვის თვითმკვლელობის შთაგონება, გონების ძალით ნებისმიერი კონკრეტული არსების ნებისმიერ წერტილში პოვნა და ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია მისი უნარების, რასაც ლეგენდები მოგვითხრობს..
მია მამა-შვილის საუბარს ყურადღებით უსმენდა და ნელ-ნელა აცნობიერებდა ყველაფერს.
- ანუ მე დემონი ჩამისახლდა? - იკითხა ბოლოს.
- მთლად ასეც არ არის, - ბოგდანი შეყოვნდა, - ჯერ არ ვიცით ის შენში რამდენად იჩენს თავს.
- გასაგებია, - გოგონა ჩაფიქრდა.
- იცი... მინდა ამ შემთხვევის გამო მადლობა გადაგიხადო, - უხერხულად თქვა ბოგდანმა, - ვაღიარებ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი..
- ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი გარკვეულია, - გაიღიმა მიამ და წამოდგა, - ჯეს, ხომ არ დაგავიწყდა, რომ ხვალ კოლეჯში ვართ წასასვლელები?
- ეგ სულ დამავიწყდა, - წამოფრინდა ჯესიკა, - მამა, ჩვენ უნდა დავიძინოთ.
- კარგი, კარგი, - უბრალოდ დაეთანხმა ბოგდანი და ხელით ანიშნა, შეგიძლიათ დასაძინებლად წახვიდეთო.
გოგონების წასვლის შემდეგ ბოგდანმა სიგარეტს ახალ სიგარეტს მოუკიდა, გარეთ გავიდა და კიბეებზე ჩამოჯდა, ტყეს გახედა.
- კასტორ, ჩუმად მოპარვა საჭირო არ არის, - თქვა მან, როდესაც ზურგსუკან სუსტი ფაჩუნის ხმა გაიგონა.
კასტორმა ჩაიცინა და გვერდით ჩამოუჯდა ალფა მაქციას.
- მინდოდა მეთქვა, რომ...
- დამნაშავე არ ხარ, - გააწყვეტინა ბოგდანმა, - ყოველ წამს ჩემს გვერდით ვერ იქნები, შენც გყავს ოჯახი.
კასტორს აღარაფერი უთქვია, თავი დაუქნია და კიბის მოაჯირს მიეყრდნო...


*****


კოვაქსი მედგრად უწევდა წინააღმდეგობას კონორს, მაგრამ მისი გამოფიტული სხეული და გონება ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ემორჩილებოდა წითელკანიან პირველყოფილს. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაც მისი ტვინის გარშემო აშენებული მტკიცე კედლის გარღვევას ცდილობდა.
კონორს შუბლზე ოფლის მსხვილის წვეთები დააჯდა, რომლებიც საფეთქლების გავლით ლოყებს ჩამოუყვა.
კოვაქსს თვალები თავისდაუნებურად დაეხუჭა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით ცდილობდა შეწინააღმდეგებას, უეცრად იგრძნო, რომ თითქოს საკუთარ სხეულს გამოეყო და საშინელი სისწრაფით აიჭრა მაღლა, ზეცაში...
კონორი კედელზე მიჯაჭვულ პირველყოფილს მოშორდა და მაგიდასთან დაბრუნდა, ორივე ხელით დაეყრდნო და საიდუმლო საბჭოს წევრებს თვალი მოავლო.
- ბატონებო, შთაგონება მოხსნილია, - თქვა მან, - ძალიან მალე პირველ შედეგებს უნდა ველოდოთ.
საიდუმლო საბჭოს წევრებმა მოწონებით დააქნიეს თავები, მაგრამ მაინც შიშით და სიფრთხილით შეჰყურებდნენ კოვაქსს, რომელსაც უცნაური გამომეტყველება ჰქონდა, სადღაც სივრცეში იყურებოდა ისეთი ადამიანის თვალებით, რომელიც საოცარ ორჭოფობაშია ჩავარდნილი, მის გონებაში ამჟამინდელი რეალობა და სრულიად ახალი წარსული ებრძოდა ერთმანეთს, საკუთარი თვალით იხილა გაბრიელის მიერ საკუთარი მეუღლის მკვლელობის სცენა, როგორ აწამებდნენ, დასცინოდნენ, სულში აფურთხებდნენ და ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამის-პრიმუმთა კლანის სახელით აკეთებდნენ, მაგრამ ერთადერთი რამ, რამაც ამ მოგონებების გახსენების დროს სიამოვნება მოჰგვარა კოვაქსს, იყო ის, რომ ვერსად დაინახა ლუციუსის და მარკუსის დანაშაულის კვალი, ლუციუსის დადანაშაულება მხოლოდ ერთ რამეში შეიძლებოდა, მას შეეძლო კოვაქსის ტანჯვისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ რატომღაც არასდროს გაუკეთებია ეს, მარკუსი კი ძალიან იშვიათად ჩნდებოდა მის გონებაში ფილმის კადრებივით გაელვებულ მოგონებებში.
- აბა, - ღიმილით თქვა კონორმა და კოვაქსს მიუახლოვდა, - შენი ყველა მოგონება, ყველა გრძნობა, ყველა ემოცია თავისუფალია...
კოვაქსმა წყვდიადივით შავი თვალები დაჟინებით მიაპყრო.
- ვიცი, რომ ეს არც ისე ადვილია, - განაგრძო კონორმა, - მაგრამ ახლა შენ სიმართლე იცი შენი წარსულის შესახებ და შეგიძლია როგორც თავად გსურს, ისე მოიქცე, - კონორი საიდუმლო საბჭოს მიუბრუნდა, - ახლავე დატოვეთ აქაურობა, მე მას გავათავისუფლებ.
საიდუმლო საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ ღირდა ორ პირველყოფილთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა და როდესაც ბოლო მათგანმა შეკრების ადგილი დატოვა, კონორი კვლავ კოვაქსს მიუბრუნდა, ამჯერად ხელში სისხლის პაკეტი ეჭირა, თავი მოხსნა და კოვაქსს ნახევრად გაღებულ პირში ჩაასხა, შავგვრემანმა პირველყოფილმა უძლიერესი ნეტარება იგრძნო, ნეტარება ადამიანისა, რომელსაც სამი დღეა წყალი არ დაულევია და წყურვილი სტანჯავს, მან სულმოუთქმელად გამოსცალა პირველი პაკეტი და კონორის მიერ მიწვდილ მეორე პაკეტს დააცხრა ალესილი ეშვებით.
კონორი უხმოდ უყურებდა, თანდათანობით როგორ მოდიოდა ენერგიაზე კოვაქსი, და როდესაც მან მეორე პაკეტიც ბოლომდე გამოწურა, თვალებში ჩვეული თვითკმაყოფილება ჩაუდგა და სიამოვნებით მოიწმინდა ენით გასისხლიანებული ტუჩები.
- სად მიდიხარ? - მიმართა კონორს, რომელიც უკბე წასასვლელად გამზადებული იდგა კიბესთან.
- გეგონა მე თვითონ მოგხსნიდი ჯაჭვებს? - დამცინავად მიუგო კონორმა, - მთლად ასეც არ მომძულებია საკუთარი სიცოცხლე, თან ჩვენს შორის ჯერ ისევ მტრობაა.
კოვაქსმა ბოროტად დაიღრინა, მაგრამ არაფერი უთქვია, კონორი მართალი იყო, მიუხედავად მეხსიერების დაბრუნებისა, ის მისი მტრების სიაში კვლავ საპატიო ადგილს იკავებდა, რა თქმა უნდა, გაბრიელის შემდეგ.
- ახლა ამ ჯაჭვების გაწყვეტა არ გაგიჭირდება, - მიუთითა ჯაჭვებზე, - მხოლოდ ცოტაოდენი ძალის დაძაბვაა საჭირო, - კონორმა თავი დაუკრა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები, კარის გამოღება დააპირა, მაგრამ ზუსტად იმ წამს საშინელი ძალის მოქმედებით კარი ანჯამებიდან ამოვარდა, კონორს დაეტაკა და ძირს დასცა.
ოთახში ნელი ნაბიჯით შემოვიდა მაღალი, ჟღალწვერა მამაკაცი, რომლის თვალები სისხლის ტბებს დამსგავსებოდა, შუაში მანათობელი თეთრი წერტილებით, ყრუდ იღრინებოდა და ღრენის დროს საზარელი, წამახული ეშვები მოუჩანდა.
მეორე სართულიდან ლითონის ჟღრიალის და ლეწვის ხმა მოისმა, მაგრამ ლუციუსს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ის დარწმუნებული იყო, რომ კოვაქსი ცოცხალი აღარ იყო, ამიტომ მთელი კონცენტრაცია კონორზე ჰქონდა გადატანილი.
- გამარჯობა, კონორ! - მან ბოროტი ღიმილით ჩამოისვა ჟღალ წვერზე ხელი.
კონორს მონადირის ინსტინქტებმა სძლია, ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე, წამიერად მოახდინა გარდასახვა და ახლა ყრუ ღმუილით მისჩერებოდა ქერა პირველყოფილს.
ლუციუსმა იცოდა, რაოდენ მზაკვარი და გამჭრიახი გონების იყო ვამპირებზე მონადირე წითელკანიანი პირველყოფილი და იცოდა, ბრძოლაში რამხელა გამოცდილება გააჩნდა, ამიტომ პირდაპირ არ შეუტევია.
- სანამ მოგკლავ, - ღიმილით მიმართა ლუციუსმა კონორს, - ბოლო სიტყვის თქმა ხომ არ გსურს?
- მომკლავ? პრიმუმთა კლანის სახელით ხომ?
- რა თქმა უნდა, - ჩაიცინა ლუციუსმა.
- ხომ არ შეგახსენო, რომ მე დიდი ხანია შენი და მარკუსის წყალობით ამ კლანში აღარ ვირიცხები? - ასევე ირონიულად მიუგო კონორმა.
ლუციუსი შეყოვნდა, ჟღალი წვერი მოიწიწკნა.
- ეს არაფერს ცვლის, - თქვა მან.
- რა თქმა უნდა, ეს პრიმუმთა უმაღლეს საბჭოს სურს ხომ? ყოველთვის გაბრიელის ფინია ძაღლი იყავი, ლუციუს.
ლუციუსი გააოცა კონორის ასეთმა სითამამემ, ერთხანს მეტყველების უნარი დაკარგა.
- მე შენ მოგკლავ, - დაიღრინა კონორმა და წელში ოდნავ მოიხარა, ეშვები გააელვა.
- წარმატებებს გისურვებ, - დამცინავად მიუგო ლუციუსმა, ქურთუკის შიდა ჯიბიდან წითლად მოვერცხლილი სარი ამოიღო და კონორს საშინელი ღიმილით გაუღიმა.
ამ დროს გვერდიდან ხმაური გაისმა, რაღაც მძიმე ტყვიასავით სწრაფად დაეტაკა ლუციუსს მხარში, კედლისკენ მოისროლა და იმავდროულად ქერა ვამპირის ყურს ძალიან ნაცნობი ხმა მისწვდა.
- აქედან წადი, კონორ, ამ ერთხელ გაგიშვებ და შენთან ვალში აღარ ვიქნები.
კონორმა თავი დაუქნია და სწრაფი მოძრაობით გაქრა გამოღებულ კარში.
ლუციუსი წამოდგა და გაკვირვებული მიაშტერდა შავგვრემან უკვდავს, რომელსაც ხელები მკერდზე გადაიჯვარედინებინა, კედელზე მიყრდნობილიყო და ცივი მზერით ადევნებდა თვალს.
- კოვაქს....რა ჯანდაბა ხდება? - ლუციუსი წელში გაიმართა, ის ბუნებრივია, კოვაქსს მტრად არ მიიჩნევდა, ამიტომ აუჩქარებლად შეინახა სარი.
- რას გულისხმობ? - ჩვეული ცინიკური ტონით დასვა შეკითხვა კოვაქსმა.
- რატომ გაუშვი? - ბრაზით დაუბრუნა შეკითხვა ლუციუსმა.
კოვაქსმა ჩაიცინა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ნელა გაიარ-გამოიარა ოთახში.
- ჩემს შესახებ რა იცი ლუციუს?
ლუციუსს გაუკვირდა ასეთი უცნაური შეკითხვა, მაგრამ პასუხის გაცემა არ უჩქარია, დაფიქრდა, კოვაქსი კონორმა მოიტაცა, მაგრამ რატომღაც არ მოკლა, პირიქით, კოვაქსმა კონორი უეჭველი სიკვდილისგან იხსნა, ანუ რა გამოვიდა? კოვაქსი სიცოცხლით იყო დავალებული კონორისგან? რა მოხდა იმ სამდღიან მონაკვეთში, რაც კოვაქსი დაკარგული იყო? აშკარა იყო, რომ კონორმა რაღაც ისეთი მოიმოქმედა, კოვაქსის სიმპათია დაიმსახურა.
- შენ მრავალი საუკუნეა გიცნობ, - დაგვიანებით გასცა პასუხი ლუციუსმა, - ზოგჯერ ერთად ვიყავით, ზოგჯერ ერთმანეთის მოკვლაც გვინდოდა...
- ამას არ გეკითხები, - კოვაქსი ნელა მიუახლოვდა ლუცოუსს და თვალებში ჩახედა, - ლუციუს...შენ ხომ მიცნობდი, სანამ მე პირველყოფილი გავხდებოდი?
- მე...
- მე ყველაფერი გავიხსენე, - შეაწყვეტინა კოვაქსმა, კვლავ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ფანჯარას მიუახლოვდა, - ამაში კონორი დამეხმარა, მან თქვენი ნამდვილი სახე დამანახა.
ლუციუსმა კოვაქსის ხმაში მუქარის შემცველი ტონალობა დაიჭირა და დაიძაბა.
- კოვაქს, მას ნუ ენდობი.
- რატომ? - შემობრუნდა კოვაქსი, - მან ნათანიელის შთაგონება მომხსნა და ყველაფერი გამახსენდა..
- რა? - პირი ღია დარჩა ლუციუსს, ამას აშკარად არ ელოდა.
- მან ნათანიელის მიერ წაშლილი მეხსიერება აღმიდგინა, ლუციუს, - გაიმეორა კოვაქსმა და ბოროტი მზერით გამოხედა, - მე ყველაფერი გამახსენდა, გაბრიელმა მე ცოლ-შვილი დამიხოცა, უამრავი ადამიანის და არაადამიანის მკვლელობა მაიძულა, მან დედაჩემის მკვლელობა მაიძულა, მან ადამიანური სახე დამაკარგვინა, მონსტრად და სისხლისმსმელ ურჩხულად ჩამომაყალიბა, - ყვირილით დაასრულა კოვაქსმა და კვლავ ლუციუსს მიუახლოვდა.
ლუციუსი უხმოდ ადევნებდა თვალს.
- ახლა ერთი რამ მაინტერესებს, - განაგრძო კოვაქსმა, - შენ ხომ იცოდი ჩემი წარსულის შესახებ, ლუციუს, რატომ არ შეუშალე ხელი გაბრიელს ჩემს განადგურებაში?
ლუციუსმა ისე გააქნია თავი, თითქოს უკვირდა, ასეთ მარტივ ჭეშმარიტებას რატომ ვერ ხვდება კოვაქსიო.
- ის ხომ გაბრიელია, კლანის მეთაურია...
კოვაქსმა გადაიხარხარა, შემდეგ სწრაფად დასერიოზულდა, თვალები მოწკურა, სახე გაუბოროტდა და თითი გაიშვირა ლუციუსისკენ.
- იცი რას ვიტყვი, ლუციუს? კლანის დედაც.. გაბრიელის დედაც... შენი დედაც... - მან კბილები გაახრჭიალა, შებრუნდა და სახლიდან გავიდა.
ლუციუსმა ელვისებური მოძრაობა გააკეთა, წინ გადაუდგა და მკერდზე ხელი მიაბჯინა.
- მოიცა... ასე ვერ წახვალ.
- რატომ? - ჩაეკითხა კოვაქსი, - მე თქვენი სათამაშო არ ვარ, ლუციუს, მე თავისუფალი ნება გამაჩნია...ნუ ცდილობ ყველაფრის გამოსწორებას, ამის შესაძლებლობა დიდი ხნის წინ დაკარგე, ასე რომ, ჩამომეცალე და მიფრთხილდი, - მან სწრაფი მოძრაობით ხელი განზე გააწევინა ლუციუსს და მოჩვენებასავით გაქრა თვალთახედვის არედან...
ლუციუსმა ჯიბეში სწრაფად მოიძია ტელეფონი, ნომერი აკრიფა და მოუთმენლად მოიწიწკნა წვერი, რამდენიმე ზუმერის შემდეგ უპასუხეს.
- მე შენთან ლაპარაკი დავამთავრე, - უკმაყოფილოდ გაისმა კოვაქსის ხმა.
- ვიცი. რაღაცის თქმა დამავიწყდა.
- აღარ მაინტერესებს, ლუციუს.
- ვფიქრობ, დაგაინტერესებს.
ამ სიტყვებს დუმილი მოჰყვა.
- აბა? - ჩაეკითხა ლუციუსი.
- თქვი.
- ტალია დაბრუნდა, - სწრაფად მოსხიპა ლუციუსმა და კოვაქსის რეაქციას დაელოდა, რეაქცია კი ისეთი იყო, როგორსაც ფიქრობდა.
ამ სახელის გაგონებას რამდენიმეწუთიანი დუმილი მოჰყვა შავგვრემანი უკვდავის მხრიდან.
- რას ამბობ...
- სიმართლეს გეუბნები.
- გმადლობ. და რატომ მეუბნები?
- იცი... - ლუციუსი შეყოვნდა, - ვიცი ვისთანაც მიდიხარ.
- მერე შენ რა? - უხეშად გაისმა ტელეფონში.
- მინდოდა გამეფრთხილებინე, მოკლედ... ტალია მის ჯეკსონის სხეულშია.
ტელეფონის მეორე მხრიდან კბილების ხრჭიალი და აჩქარებული სუნთქვა მოისმა.
- ჯანდაბა, ლუციუს..
- ასეა, - მიუგო ლუციუსმა, - ფრთხილად იყავი და...თუ დახმარება დაგჭირდება, იცი სადაც უნდა მნახო.
კოვაქსს არაფერი უპასუხია, ტელეფონი გაითიშა.
ლუციუსმა მობილური ჯიბეში ჩაიცურა და ჭიშკარს მიაშურა, არ შეუმჩნევია სახლის სახურავზე მდგარი მაღალი მამაკაცი, უკან გადავარცხნილი ქერა თმით და ზურმუხტივით მწვანე თვალებით, რომელიც მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა, შემდეგ ტელეფონი ყურთან მიიდო და როდესაც ზარი გავიდა, ფართოდ გაიღიმა.
- გამარჯობა, რებეკა...
- გაბრიელ...

თავი 17

მია ჯეკსონი ქვეცნობიერად ხვდებოდა, რომ მაქციათა კლანის ლიდერს მის მიმართ არ გააჩნდა მაინცდამაინც წრფელი ზრახვები, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავდა-ეს იყო ლოდინი. ფიქრობდა კოვაქსზეც, ხვდებოდა, რომ შავგვრემანი პირველყოფილი მის მიმართ არ იყო გულგრილი, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა აბრკოლებდა მას ამ გრძნობის გამოხატვაში, ამას მის პირქუშ ხასიათს მიაწერდა, თუნდაც კოვაქსს მასთან საკუთარ გრძნობებზე ელაპარაკა, მია ფიქრობდა, რომ მისი პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი იქნებოდა, ფიქრობდა, რომ მის გულში მხოლოდ ერთი ადამიანის სიყვარული ეტეოდა და რომ ეს ადგილი არ იყო ვაკანტური, თანაც ვერ წარმოედგინა, მარკის მიმართ მის სიყვარულს ვინმე სხვისი სიყვარული თუ ჩაანაცვლებდა, თავს სამუდამოდ უბედურად თვლიდა, მაგრამ მარკის დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავდა, როგორც რებეკასთან საუბრისას გაარკვია, პირველყოფილის დაძინება და მარკის გამოღვიძება სრულიად ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად გაირკვა, რომ მია რებეკასავით ძლიერი ჯადოქარი კი არ იყო, არამედ გაცილებით სხვა, უძლიერესი უნარების მქონე ზებუნებრივი არსება, რომლის სახელის გაგონებაზეც მინიმუმ უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდათ როგორც მაქციათა, ასევე ვამპირთა სამყაროს წარმომადგენლებს და თვით უძლიერეს პირველყოფილებსაც კი. იქნებ ამ ძალის დამორჩილებით და სათავისოდ გამოყენებით მარკის დაბრუნება შესძლებოდა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მას მინიმუმ ლუციუსთან საუბარი სჭირდებოდა, ხოლო ლუციუსთან საუბარი რომ უკვე განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა, საკუთარი თვალით იხილა.
მიამ ამდენი ფიქრისგან ატკივებული თავი გააქნია, ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა, სადაც მყუდროდ მოკალათებული ცხელ შოკოლადს შეექცეოდა ხოლმე და სამზარეულოში შევიდა, ის იყო, ფინჯანი სარეცხ ნიჟარაში მოათავსა, რომ კარის ზარმა მელოდიური ხმა გამოსცა. გოგონას გაუკვირდა, ასე გვიან ვინ უნდა იყოსო, შეეძლო ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მასპინძლობის და თავაზიანობის საყოველთაოდ დადგენილ წესებს ვერ უღალატა და კარს მიაშურა, სადაც ბოლო დღეებში გადატანილი ემოციების მიუხედავად, კიდევ უფრო გასაოცარი რამ ელოდა.
კართან ზურგზე ხელებდაწყობილი და უჩვეულოდ დაძაბული იდგა ის, ვის ნახვასაც საკუთარი სახლის ზღურბლთან ყველაზე ნაკლებად მოელოდა, ის საოცრად ფრთხილი მზერით უყურებდა, სმენა გაემახვილებინა და სახლის ყოველი კუთხე-კუნჭულიდან მომავალ ხმებს მახვილი სმენით აყურადებდა, როგორც ყოველთვის, უზადოდ გამოიყურებოდა, და მოულოდნელად გოგონამ აღმოაჩინა, რომ... ვითომ ასე ძალიან მონატრებოდა ეს ცინიკური უკვდავი?
- კოვაქს...
ვამპირმა უხმოდ დაუქნია თავი და გაფაციცებული მზერით მის ზურგსუკან მდებარე ოთახის შიდა სივრცე სწრაფი მზერით შეათვალიერა.
- გამარჯობა, - მიესალმა უემოციო მზერით.
- შენ...
- მე ისეთი ცოცხალი ვარ, როგორც არასდროს, - გაიღიმა უკვდავმა, მაგრამ ეს ღიმილი რატომღაც არ ჰგავდა ღიმილს, უფრო შეიძლებოდა დაძაბულობისგან გამოწვეული ნერვული მიმიკა დაგერქმიათ.
- ლუციუსმა გადაგარჩინა?
- ლუციუსმა? - კოვაქსმა უხეშად ჩაიქირქილა და გამომწვევი მზერით შეათვალიერა გოგონა, - არ შემიპატიჟებ?
- იცი...
- ცნობისთვის, უცხო სახლის შელოცვა ვამპირებზე მოქმედებს, მაგრამ არა პირველყოფილებზე , - თვალები მოწკურა უკვდავმა, - არც ნიორი და არც ჯვარცმა.
მიას გულში გაეცინა, კოვაქსმა არასწორად გაიგო მისი მოქმედება.
- შემოდი, - გოგონამ გზა დაუთმო ვამპირს და როდესაც მან მისაღებ ოთახში შემოაბიჯა, კარი დაკეტა და უკან გაჰყვა.
კოვაქსი მისაღები ოთახის ცენტრში ძეგლივით გაშეშებული იდგა, სმენა უკიდურესად გაემახვილებინა და მეორე სართულთან დამაკავშირებელ შიდა კიბეს დაძაბული მზერით უთვალთვალებდა.
- აქ ჩემს გარდა არავინაა, - მიამ ჯინსის ჯიბეებში ჩაიყო ხელები და კედელს მიეყრდნო.
კოვაქსმა უხმოდ დაუქნია თავი, შემდეგ მოეშვა და შემობრუნდა, ამჯერად თვალებში ჩვეული, ირონიული გამომეტყველება ჩასდგომოდა.
- შეიძლება დავჯდე?
- რა თქმა უნდა, - გოგონამ სავარძელზე მიუთითა, - შემიძლია რამე შემოგთავაზო...
- მაინც რა? - ღიმილით ჰკითხა უკვდავმა და მწველი მზერით მიაჩერდა, მიას რომელიღაც წიგნში ამოკითხული ფრაზა გაახსენდა, "ჯანდაბა, მან მე თვალებით გამაშიშვლა".
- მაგალითად, კოკა-კოლა, ლუდი, ვისკი, - დამცინავად გაუღიმა გოგონამაც, - სამწუხაროდ, სისხლი გამოგველია.
კოვაქსმა მკვეთრად ჩაიცინა და ხელი კოსტიუმის შიგნით ჩააცურა.
- აქ არ ვეწევით.
- ჰო, რა თქმა უნდა, - კოვაქსს ხელი გაუშეშდა.
- აბა, რას დალევ? - ჰკითხა გოგონამ.
- მმმ...შენი გემოვნებით შემირჩიე, - შემპარავი ღიმილით მიუგო ვამპირმა.
- კარგი, - გოგონა სამზარეულოში გაუჩინარდა, შემდეგ სწრაფად დაბრუნდა უკან ფაიფურის ჭიქით ხელში.
- გმადლობ თავაზიანობისთვის, - კოვაქსმა ფინჯანი ჩამოართვა, მოსვა და მაშინვე გაკვირვებული ჩააშტერდა ფინჯანში მოლიცლიცე გამჭვირვალე სითხეს.
- ჰმ... ეს...
- ონკანის წყალი, - დამცინავად გაუღიმა გოგონამ, - ჩემს გემოვნებას სრულად აკმაყოფილებს.
- ჰო, - კოვაქსმა ჩაახველა, ფინჯანი ფრთხილად დადგა დივანთან მიდგმულ ჟურნალების დაბალ, შუშის მაგიდაზე და მიას წყვდიადივით შავი თვალებით შეხედა.
რამდენიმე წუთი გავიდა.
- ლამაზი ვარ?
კოვაქსი უკიდურესად გააოცა ასეთმა შეკითხვამ, მაგრამ შინაგან ბუნებას არ უღალატა.
- ვისთვის როგორ, - ცინიკურად უპასუხა.
- აბა ასეთი მზერით რატომ მიყურებ? - გოგონაც ირონიით იღიმებოდა.
- ვფიქრობ, შეკითხვა როგორი ფორმით დაგისვა.
- მეგონა ვამპირები სწრაფად ფიქრობდით, - ეშმაკურად თქვა გოგონამ, - ასე იმიტომ მიყურებ, რომ გაინტერესებს ამ მომენტში ტალია მაკონტროლებს თუ არა?
კოვაქსი კიდევ ერთხელ გააოცა გოგონას მიხვედრილობამ.
- ჰო, - გასცა პასუხი.
- არა, - მიუგო გოგონამ, - რაც ბოგდანი ვიხსენი ლუციუსის კლანჭებისგან, მას მერე არ გამოჩენილა.
- ნამდვილად?
- ნამდვილად, - დაუდასტურა გოგონამ, - ვინ არის ასეთი ეს ტალია, ასე რომ უფრთხით ყველა?
კოვაქსს არ უპასუხია, წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ წიგნების თაროსთან შესდგა, რომელსაც მთელი კედელი ეკავა იატაკიდან ჭერამდე.
- ერნესტ ჰემინგუეი, ჩარლზ დიკენსი, მაინ რიდი, ჯეკ ლონდონი...კარგი გემოვნება გქონია.
- მადლობა, - უბრალოდ თქვა გოგონამ და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო მკერდზე ხელებგადაჭდობილი.
კოვაქსი კი უხმოდ ათვალიერებდა წიგნებს, შემდეგ ერთ-ერთი გადმოიღო, რომელშიც სანიშნე იდო, გადაშალა და დააკვირდა.
- ლუციფერი, - ამოიკითხა მან, - სიტყვასიტყვით ნიშნავს განთიადის ვარსკვლავს, მისი სახეცვლილებაა ლათინური სახელი "ლუციუსი", გამოიყენებოდა ძველ რომში, საბერძნეთში... - მან თვალებმოჭუტულმა გამოხედა გოგონას, - ჰმ...შენ რა, ჩვენი კვლევით დაკავდი?
- რატომაც არა, ხომ უნდა ვიცოდე, რას წარმოადგენთ, - მიუგო გოგონამ, - კოვაქს, არ გინდა მითხრა, აქ რას აკეთებ?
ვამპირმა წიგნი სწრაფად დახურა, საკუთარ ადგილზე დააბრუნა და შემობრუნდა.
- მაინტერესებს, შეიძლება თუ არა შენს სხეულში ჩასახლებული დემონის კონტროლი.
- რატომ გაინტერესებს?
- მისი აქ ყოფნა, მითუმეტეს შენში, არავის აწყობს.
- ვითომ? - გაიკვირვა გოგონამ, - რატომღაც მომეჩვენა, რომ ვიღაც-ვიღაცეებს აწყობთ.
- ვის, ბოგდანს?
- თუნდაც, - დაუდასტურა კოვაქსმა.
- მომისმინე, - გოგონა სავარძელზე ჩამოჯდა, - მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, თქვენს ომში მე არ ვერევი, თუ საფრთხე ჩემთვის ძვირფას ადამიანებს არ ემუქრება...
კოვაქსს დამცინავად აეგრიხა ტუჩის კუთხე.
- მართლა?
- მართლა, - შუბლი შეკრა გოგონამ.
- სხვათაშორის, მე სასიკვდილო საფრთხე მემუქრებოდა, - თვალები მოჭუტა კოვაქსმა.
- მერე მე რა შუაში ვარ? - გაიკვირვა მიამ, - გგონია ჩემთვის ძვირფასი ადამიანების სიაში ხარ?
- უკვე აღარ მგონია, - მიუგო ვამპირმა და გოგონას მიუახლოვდა.
კოვაქსის ხმამ რაღაცნაირად გულდაწყვეტილი ადამიანის ტონალობაში გაიჟღერა და მიამ გულში მაშინვე ინანა საკუთარი სიტყვები.
- მე შენთვის არაფერი დამიშავებია...
- არაფერი დაგიშავებია, - დაბნეული დაეთანხმა გოგონა.
- პირიქით, - განაგრძო კოვაქსმა, - ბევრჯერ გიხსენი.
- რა თქმა უნდა, - კვლავ დაეთანხმა მია.
- ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემს წინაშე დავალებულად იგრძნო თავი.
- ვხვდები...
- მინდა საბოლოოდ გითხრა, რომ შენ ძალიან საშიშ ისტორიაში ხარ ჩართული, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, ვინ არის ტალია და რა არის მისგან მოსალოდნელი, მე გასაფრთხილებლად მოვედი, ახლა კი, თქვენის ნებართვით, მის ჯეკსონ, - ვამპირმა კიდევ ერთხელ სტყორცნა ცეცხლოვანი მზერა, შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა და კარს მიაშურა.
მია სწრაფად წამოხტა და უკვე კართან მისულს დაეწია და მხარზე დაადო ხელი, არ უნდოდა გულდაწყვეტილი გაეშვა "ადამიანი", ერთადერთი, ვინც ყოველთვის ზრუნავდა მასზე, უნდოდა სიტუაცია გამოესწორებინა.
კოვაქსი ელვის სისწრაფით მოტრიალდა, მაჯებში ხელები ჩაავლო და ზურგით კედელს ააკრა, სახე ძალიან ახლოს მიუტანა, მია მთელი სხეულით გრძნობდა მისგან წამოსულ უსაზღვრო ენერგიას და მღელვარებისგან მაღალი მკერდი ზღვასავით უღელავდა.
გოგონამ ოდნავ გახსნა ტუჩები და კოვაქსის ტუჩებს მიაგება, მაგრამ მოულოდნელად ვამპირმა დამცინავად ჩაიღიმა, პირიდან საზარელი ეშვები ჩამოეზარდა და თვალები სისხლის ტბებს დაემსგავსა. მან წამის უსწრაფესად მოარიდა ტუჩები, გოგონა გაოგნებული და უკიდურესად აღშფოთებული დატოვა და ალესილი ეშვებით ყელზე მფეთქავ ვენას შეეხო. მიამ კანზე მისი მხურვალე ტუჩების შეხება იგრძნო, ტანში მოთენთილობა დაეუფლა და კოვაქსის ძლიერ ხელებს რომ არ შეეკავებინა, ალბათ მუხლები მოეკვეთებოდა.
- მის ჯეკსონ, - ვამპირმა მსუბუქად უკბინა ყელში.
- რა...რას აკეთებ... - მიას სუნთქვა აღარ ჰყოფნიდა, აღგზნებისგან მთელი სხეული გაუხურდა და გული ყელში მიებჯინა.
- მის ჯეკსონ, - კოვაქსის ტუჩები ყელზე დასრიალებდა, - არ მიყვარს, როდესაც ზურგიდან მესხმიან თავს...ეს აღარასდროს გააკეთო, - მან ცინიკურად ჩაიღიმა, შემდეგ სწრაფი მოძრაობით ნახევარი ნაბიჯით გადგა გვერდზე.
მიამ ხელი გულზე მიიდო, ცდილობდა გულისცემა ჩაეხშო.
- ცუდად ხარ? - ირონიულად ჰკითხა კოვაქსმა.
- არა... მე...
- კარგი, მშვიდობიან ღამეს გისურვებ, ერთგული მეგობარი ან გადამრჩენელი თუ კიდევ დაგჭირდა, თქვენს სამსახურში მიგულეთ, - ვამპირმა დამცინავად დაუკრა თავი, კიდევ ერთხელ შეჭამა თვალებით და ღამის წყვდიადს შეერია...
მისი წასვლის შემდეგ მია ერთხანს წყვდიადს გაჰყურებდა დაბინდული მზერით, შემდეგ კარი ნელა მიკეტა, არეული ნაბიჯით მიაშურა დივანს, ჩამოჯდა და სცადა დაწყნარებულიყო, შავგვრემანი პირველყოფილისგან დატოვებული საოცრად ამაღელვებელი, აღმგზნები მუხტი და ცხელი ტალღა კვლავ სხეულში უვლიდა, გული ლამის მკერდიდან ამომხტარიყო, ნელა ჩამოისვა ხელი ყელის იმ ადგიკას, სადაც ვამპირის გავარვარებული ტუჩები შეეხო, არასდროს უგრძნია მსგავსი რამ, მარკისთვის უკოცნია, მარკის ხელებიც მოფერებია მის სხეულს, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს შეუგრძნია, ამ გრძნობასთან მიახლოვებულიც კი არასდროს უგემია, მან უცებ აღმოაჩინა, რომ კვლავ უნდოდა კოვაქსი აქ ყოფილიყო, მის გვერდით, მიხვდა, რომ ის გაცილებით მეტს ნიშნავდა მისთვის, ვიდრე უბრალოდ საქმიანი პარტნიორი, უბრალოდ მეგობარი...


*****


სალემის პოლიციის დეპარტამენტში დიდი არეულობა იყო, ყველგან ირეოდნენ პოლიციელები, რეპორტიორები, ყვითელი თუ შავ-თეთრი პრესის წარმომადგენლები, ასეთი უჩვეულო სიტუაცია არასდროს ყოფილა ამ ძველ შენობაში, სალემი ხომ სულ რაღაც ათი ათასამდე მაცხოვრებელს ითვლიდა.
შერიფი კრამერი, ეს უხიაგი ადამიანი საკუთარ კაბინეტში ჩაკეტილიყო საკუთარ მოადგილესთან ერთად და ცდილობდა ამ საშინელი და აბსურდული შემთხვევისთვის ახსნა მოეძებნა, შემთხვევა კი უკიდურესად საშიში და იმდენად შემაძრწუნებელი იყო, თვით შერიფი კრამერი-ეს მრავლისმნახველი და მრავალჭირგამოვლილი შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილი სერჟანიც კი გაოცებაში მოიყვანა.
- ჯანდაბა, - შერიფმა ამ სიტყვას ჩვეული ბინძური გინება მიაყოლა, - კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს ყველაფერი, ყველაფერი ქრონოლოგიურად მომიყევი.
შერიფის მოადგილემ, უფროსივით მკაცრი გამომეტყველების და სიტყვაძუნწმა მამაკაცმა ჩაახველა, თავი დაუქნია და ყვითელი საქაღალდე გადაშალა.
- მაშ ასე...სამი დღის წინ სალემის თომას ჯეფერსონის სახელობის კოლეჯის მეოთხეკურსელები ტბასთან წავიდნენ ასე ვთქვათ, ღრეობის მოსაწყობად...ისინი სახლში არ დაბრუნებულან, გუშინ მათმა მშობლებმა მათი დაკარგვის შესახებ განცხადება შემოიტანეს, ჩვენ გავგზავნეთ ჯგუფები სალემის მიმდებარე ტერიტორიების დასათვალიერებლად და მათი გვამები ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის ზოლში აღმოვაჩინეთ, - მოადგილემ საქაღალდე შერიფს გაუწოდა, - თქვენ თვითონ ნახეთ ფოტოები.
შერიფმა კრამერმა საქაღალდე ჩამოართვა და სურათებს გადახედა, ყველა გვამი უცნაურად გამოიყურებოდა, ფერშეცვლილი, გამოჭრილი ყელები, შენგრეული გულმკერდი, უცნაური ნაგლეჯი ჭრილობები...
შერიფმა თვალი აარიდა საშინლად დანაწევრებული გვამების ფოტოებს და მოადგილეს გახედა.
- მარკი მათ შორის არ არის, - უსიტყვო კითხვაზე გასცა პასუხი მოადგილემ.
შერიფმა შვებით ამოისუნთქა.
- კიდევ რა შეგიძლია დაამატო?
- მმმ....ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა, გვაქვს რაღაც-რაღაცეები, გვაქვს ექვსი ახალგაზრდის გვამი, მათი კანის ფერის ცვლილება სისხლის განსაკუთრებულად დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვითაა გამოწვეული, - უპასუხა მოადგილემ.
- თავდამსხმელებზე რა ვიცით?
- თავდამსხმელზე, - შეუსწორა მოადგილემ, - გვამებზე მიყენებული ჭრილობების ხასიათი მიუთითებს, რომ დანაშაულში მხოლოდ ერთი პიროვნება მონაწილეობდა.
- რა? - საკუთარ ყურებს არ დაუჯერა შერიფმა.
- ასეა, - მიუგო მოადგილემ.
- მაგის დედაც... - წამოჭარხლდა შერიფი, - კვალი?
- არანაირი, - თავი გააქნია მოადგილემ, - ზუსტად ეს მაოცებს და საგონელებში მაგდებს, არანაირი კვალი, არანაირი ანაბეჭდები, არანაირი დნმ, მკვლელი არსად მოვიდა და არსაით წავიდა... მის შესახებ საერთოდ არაფერი არ გაგვაჩნია ხელჩასაჭიდი, მაგრამ არის რაღაც...
- რა რაღაც?
მოადფილემ ფოტოების გროვიდან ერთი ამოარჩია და მიაწოდა.
- შუბლზე დააკვირდი.
შერიფი ფოტოს დააკვირდა.
- ეს რაღა ჯანდაბაა?
მკვდარი მოზარდის შუბლზე მჭრელი საგნით იყო ამოჭრილი უცნაური ფიგურა, რომელიც თითქოს გვირგვინს მიამსგავსა შერიფმა.
- ეს გვირგვინის გამოსახულებაა, - ეჭვი დაუდასტურა მოადგილემ, - ეს გვირგვინის გამოსახულებაა, რომელიც წრეშია ჩასმული, გვირგვინის და წრის შორის კი უცნაური, იეროგლიფების მაგვარი წარწერებია ამოკვეთილი.
- ჯანდაბა...გაარკვიეთ რა წერია?
- ეს არამეული დამწერლობაა, - თავი გააქნია მოადგილემ, - მკვდარი ენა, იესო ქრისტეს ენა, მოთხოვნა უკვე გავგზავნეთ და ცენტრიდან ამ ენის სპეციალისტებს გამოგვიგზავნიან.
შერიფი სავარძელში გადაწვა, ამერიკული წეს-ჩვეულების თანახმად ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და მაგიდაზე მოუთმენლად აათამაშა თითები.
- შერიფო, ვფიქრობ, დროა ფედერალური ბიურო ჩავრთოთ საქმეში.
- ჯერ არა, ექსპერტიზის საბოლოო პასუხს დაველოდოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ, - მიუგო მცირე ფიქრის შემდეგ.
- კარგი, - თავი დაუქნია მოადგილემ.
შერიფი შიდა ტელეფონის ყურმილს დასწვდა, რომელიც მდივანთან აკავშირებდა.
- ბრიჯიტ, სალემის ცენტრალურ კლინიკაში დარეკე, ექიმი ალდო ტომპსონი იკითხე, ერთ საათში ჩემთან ველოდები...დიახ, ალდო ტომპსონი...ჯანდაბა, ალ-დო, - დამარცვლა და ბრაზით დააგდო ყურმილი, შემდეგ სიგარას მოუკიდა, სავარძლიანად შებრუნდა ფანჯრისკენ და ფიქრებში ჩაიძირა...

თავი 18

ექიმი ალდო ტომპსონი შერიფის მეგობარი რომ იყო, ეს თითქმის მთელმა სალემმა იცოდა, ყოველ უიკენდზე ხედავდნენ მათ "სტივის ბარში" უგონოდ გამომთვრალებს, მაგრამ ექიმი არავის ენახა პოლიციის განყოფილებაში, ამიტომ მისმა მისვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ცხელი შუადღე იდგა, გავარვარებულ ჰაერს ვერც ოკეანიდან მონაბერი სიო აგრილებდა, ფოთოლიც კი არ იძროდა, სწორედ ამის გამო იყო, რომ პოლიციის დეპარტამენტში, ამ ძველ შენობებში მთელი ძალით აემუშავებინათ კონდიციონერები. ექიმმა გაოფლილი სახე ცხვირსახოცით მოიწმინდა და შენობის შესასვლელში მდგარ პოლიციელს მიესალმა, რომელმაც თავის მხრივ გულითადად დაუქნია თავი, არაპოლიციურად გაუღიმა და შერიფის კაბინეტისკენ წაუძღვა, სადაც, ამ ვიწრო სივრცეში, გამძვინვარებული ნადირივით აწყდებოდა კედლებს შერიფი კრამერი. ის მოუთმენლად მიმოდიოდა ოთხკუთხა, სალემის მწირი ბიუჯეტის შესაბამისად მოწყობილ კაბინეტში და ირგვლივ მრისხანებას და ლანძღვა-გინების კორიანტელს აფრქვევდა, ექიმის შესვლისთანავე შედგა, აჭარხლებული სახე შემოაბრუნდა და ნაჩქარევად მიესალმა, შემდეგ მკლავში ხელი გამოსდო და თითქმის ძალით ჩასვა სავარძელში.
ექიმი მიხვდა, რომ სიტუაცია გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე ვარაუდობდა, შერიფის სამუშაო მაგიდაზე სრული ქაოსი სუფევდა, იქაურობას ფოტოები, საქაღალდეები, ათასგვარი ბეჭდით შემკული დოკუმენტები და ყოველგვარი სახის მაკულატურა იკავებდა. ქაღალდების ამ ზღვაში იდგა ბურბონით ნახევრადსავსე ბოთლი და ბროლის დაბალი, განიერი ჭიქა, იატაკზე უწესრიგოდ ეყარა სიგარეტის დაჭ....ტილი კოლოფები, ჰაერში კი კვამლის და ალკოჰოლის ნარევის მძაფრი სუნი ტრიალებდა.
- რა ხდება, შერიფო? არ მომწონს თქვენი გამომოტყველება, - მაშინვე პროფესიული თვალით შეაფასა მეგობრის სახე ექიმმა.
შერიფმა ტრადიციულად უხეშად ჩაიცინა, ტლანქად შეიგინა და საკუთარ სავარძელში ჩაენარცხა.
- შენი დახმარება მჭირდება, ალდო.
შერიფს ადრეც უთხოვია მისთვის დახმარება და ექიმი ადრეც მონაწილეობდა რამდენიმე საქმის გამოძიებაში, როგორც შერიფის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, ამიტომ არ გაჰკვირვებია, მხოლოდ თავი დაუქნია.
შერიფმა ბურბონი დაუსხა და ხელის მსუბუქი წაკვრით მიუცურა ექიმს, შემდეგ მაგიდაზე მიმოფანტულ ქაღალდებში ფოტოები ამოარჩია, ერთ დასტად დააწყო და გაუწოდა.
- ექიმო, ჯერ ამას გადახედეთ.
ექიმმა ფოტოები უხმოდ ჩამოართვა, დიდხანს აკვირდებოდა ყურადღებით, შემდეგ შერიფს დაუბრუნა, თავი გააქნია და ბურბონი მოსვა.
- აბა, რას იტყვი? მე მეგობრის აზრი არ მჭირდება, რასაც ფიქრობ, მითხარი.
ექიმმა გაიღიმა, შერიფის სიტყვები სრულად ამართლებდა მის ხასიათს, როგორც პირდაპირი და პირში მთქმელისას.
- რა არის სათქმელი, - მიუგო ექიმმა, - საშინელებაა, ერთი შეხედვით ცხოველის ნამოქმედარს ჰგავს, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენს ტყეებში ცხოველები მჭრელი საგნებით არ დადიან.
შერიფმა მოუთმენლად დაუქნია თავი.
- გარდაცვლილებს უცნაური ფერი აქვთ, - განაგრძო ექიმმა, წინ გადაიხარა და კიდევ ერთხელ დააკვირდა ფოტოებს, - ისე გამოიყურებიან, თითქოს...თითქოს მათი სხეულებიდან სისხლი ბოლო წვეთამდე გამოწურეს.
- მართალი ხარ, - მიუგო შერიფმა, - იგივე დასკვნა გააკეთა ექსპერტიზამაც, გახსოვს ავარიის შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ცხოველის ნაკბენით დაიღუპა?
- მახსოვს, - მიუგო ექიმმა, სავარძელში გადაწვა და თითები გადააჯვარედინა.
შერიფი წამოხტა და ნერვიულად გაიარ-გამოიარა კაბინეტში.
- ეს საქმე დღესაც გაუხსნელია, ექიმო, - შერიფმა პაუზა გააკეთა, - მოკლულ მამაკაცს კისერზე უცნაური ნაგლეჯი ჭრილობები აღენიშნებოდა, მაშინ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მსხვერპლის კისერზე არსებული ჭრილობის მონახაზი სრულად ემთხვევა ზრდასრული ადამიანის კბილების განლაგებას...
ალდო ტომპსონმა თვალები მოჭუტა და სასწარფოდ მოსვა ბურბონი, საუბარი აშკარად უცნაურ და საინტერესო მიმართულებას იძენდა.
- მერე?
- მაშინ, ექსპერტიზის შედეგის დადებისთანავე, არსაიდან გაჩნდა უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს-NSA-ს აგენტთა ჯგუფი, მასალებს გაეცნო და ჩვენ ამ საქმეს ჩამოგვაშორეს...
ექიმმა ტომპსონმა თავი ფიქრიანად დაუქნია.
- ჰოდა, - მსჯელობა განაგრძო შერიფმა და პარალელურად პირში სიგარა გაირჭო, - რამდენიმე წუთის წინ სტუდენტების მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები მომაწოდეს, ყველა მათგანს აბსოლიტურად იდენტური ნაგლეჯი ჭრილობები აღენიშნება და...
- და ეს ჭრილობები ზუსტად იგივე ხასიათისაა, როგორც რამდენიმე თვის წინ მომხდარ შემთხვევაში.
შერიფმა მოწონებით დაუქნია თავი, კვლავ სავარძელში ჩაეცა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.
- საკითხი დავსვათ ასე, - თქვა მან და ბურბონის ჭიქა ბოლომდე გაივსო, - რასთან გვაქვს საქმე?
- რას გულისხმობ? - ჩაეკითხა ექიმი.
შერიფმა ბურბონის ჭიქა ერთი მოყუდებით დაცალა, წინ გადმოიხარა და ექიმს თვალებში ჩააშტერდა.
- ალდო, - შერიფი ჩურჩულზე გადავიდა, - სტუდენტების სხეულზე მიყენებული სხვა ჭრილობები არ ყოფილა სისხლის დაკარგვის მთავარი მიზეზი, მთავარი მიზეზი ის არტერიებია, საიდანაც კბენის დროს სისხლი ამოსწოვეს მათ.
- მოდი დავაზუსტოთ, - შეაჩერა ექიმმა, - შენ ამბობ, რომ მკვლელმა სტუდენტებს კისერში უკბინა, რის შედეგადაც მათ დაუზიანდათ არტერიები, საიდანაც მკვლელმა მათ სისხლი ამოსწოვა?
- დიახ, ზუსტად მაგას ვგულისხმობ, - თავი დაუქნია შერიფმა.
ექიმმა თვალები მოწკურა.
- შერიფო, ამ განცხადებით ხვდებით, რომ ფსიქიატრიულში მოთავსებას აწერთ ხელს?
შერიფმა ჩაიცინა და თავი გააქნია.
- ასე გგონია? - მან ბეჭედდარტყმულ დოკუმენტს ფართო ტორი დაადო, - ეს სიგიჟე მე არ მომიგონია, ალდო, ზუსტად ამაზე ღაღადებს ეს დაწყევლილი დასკვნა, რომელიც ჩვენი განყოფილების ექსპერტებმა დადეს, მე რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტს მაშინვე გრიფი დავადე და მათაც ავუკრძალე რაიმეს თქმა.
- ჯანდაბა, - ექიმი თვალებგაფართოებული უსმენდა, - ანუ ეს ოფიციალური დასკვნაა?
- აბსოლიტურად, - ყველანაირი იმედი გადაუწურა შერიფმა.
- ჯანდაბა, - გაიმეორა ექიმმა და სწრაფად შეივსო ჭიქა ბურბონით.
- ამიტომ, - განაგრძო შერიფმა, - გეკითხები : რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?
ამჯერად ექიმი წამოდგა, ანერვიულება ეტყობოდა, გაიარ-გამოიარა, კარს გახედა, კარი საიმედოდ იყო დახურული და ფარდებიც ჩამოფარებული.
- შერიფო, არსება, რომელიც სისხლს სწოვს ადამიანს? ანუ მათი სისხლით იკვებება?
შერიფს ნიშნისმომგები მზერა დასთამაშებდა სახეზე, უხმოდ დაუქნია თავი.
- ეს ხომ... - ექიმს სიტყვები არ ჰყოფნიდა, - ეს ხომ ფანტასტიკის სფეროა.
- იქნებ არც არის, - გამოეხმაურა შერიფი და მორიგ სიგარას მოუკიდა.
- შენ რას ფიქრობ?
- მე... - შერიფი ჩაფიქრდა, - არ მინდა რაღაც-რაღაცეები დავიჯერო, მაგრამ მე პოლიციელი ვარ და ფაქტებს ვეყრდნობი, ალდო.
- გასაგებია, - სწრაფად თქვა ექიმმა.
- ეს ხომ ჩემი მონაჩმახი არ არის, ეს ექსპერტიზის დასკვნით გამყარებული ფაქტია, რა უფლება მაქვს არ დავიჯერო, ან უნდობლობა გამოვუცხადო ექსპერტიზას?
- ჰო, - ძალაუნებურად დაეთანხმა ექიმი, - ფაქტებს ვერ გავექცევით.
- ჯანდაბა, მაგის დედაც, - წამოიყვირა შერიფმა, - აქ, ჩემს ქალაქში, რაღაც აუხსნელი ხდება და ვერაფერს ვაკეთებ.
ექიმი თავის ადგილს დაუბრუნდა.
- ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა მოეძებნოს ახსნა.
- თან რაც შეიძლება მალე, - დაეთანხმა შერიფი.
- ერთი იდეა მაქვს, - თქვა ექიმმა და ჩაფიქრებული მზერით გახედა შერიფს, - კეი...
შერიფს გაოცებისგან სახე მოექცა.
- კეი? ჩემი შვილი? რას გულისხმობ, ექიმო?
- მომისმინე, - დაიწყო ექიმმა, - ის მამაკაცი რომ მოკლეს, მანქანაში, - დააზუსტა მან, - და როდესაც იპოვეთ, მარკიც იქ იყო.
- მერე? - შერიფი ვერ ხვდებოდა, საით მიჰყავდა ლაპარაკი ექიმს.
- მარკი ტვინის სიმსივნისგან განიკურნა, რაღაცეებს ხედავდა, ავარიის დროს ჭრილობები არ მიუღია, დრო და დრო გონებას ჰკარგავდა, თითქოს არ გაჰკვირვებია მაშინ იმ მკვდარი მამაკაცის დანახვა, ან მისი ჭრილობა, თითქოს ელოდა კიდეც ამის ნახვას...
- გამაგებინე, ბოლოსდაბოლოს რის თქმას ცდილობ, - მოთმინება დაკარგა შერიფმა.
- მე მგონია, არა, დარწმუნებული ვარ, რომ მარკი ჩვენ არ გვგავდა, ანუ მთლად ჩვენნაირი არ იყო..
- რაო? - პირი ღია დარჩა შერიფს.
- შერიფო, არსებობენ მკითხავები, ჯადოს რომ აკეთებენ თუ შელოცვებს, არსებობენ შამანები, არსებობს ბერმუდის სამკუთხედი, არსებობს ადგილები, სადაც დედამიწის გრავიტაცია არ მოქმედებს, კომპასი არ მუშაობს, ბოლოსდაბოლოს არსებობს ის დაწყევლილი სახლი ამიტივილში...ხომ მეთანხმები, რომ ეს ყველაფერი რეალური ფაქტებია?
- გეთანხმები, - მიუგო შერიფმა.
- კარგი, ეხლა ცოტა გავართულოთ, - განაგრძო ექიმმა, - არსებობდა მაიას ტომის წინასწარმეტყველება, არსებობდა ნოსტრადამუსი და არსებობდა ვანგა, ასევე კაშპიროვსკიც, ესენი ყველანი ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები იყვნენ, ამაშიც ხომ მეთანხმები?
- აბსოლიტურად, - დაუქნია თავი შერიფმა.
- ანუ მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ არსებობს ამოუხსნელი მოვლენები, ამოუხსნელი ნიჭის და შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რატომ არ შეიძლება, რომ მსგავსი სიმპტომების მქონე მარკიც რამე ზებუნებრივი ნიჭით ყოფილიყო დაჯილდოვებული?
შერიფს ლამის ყბა ჩამოუვარდა გაკვირვებისგან, მაგრამ ექიმის მოყვანილი ფაქტები სულაც არ იყო ყურით მოთრეული, ეს იყო მშვენივრად დასაბუთებული მსჯელობა და შერიფი იძულებული იყო დასთანხმებოდა.
- კარგი...თითქოს არ ჰგავდა თავის თავს ბოლოს, - თქვა ბოლოს შერიფმა, - მაგრამ კეი რა შუაშია?
- კეი და მარკი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, - დაბეჭდა ექიმმა, - ისინი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, სკოლაში ერთად სწავლობდნენ და კოლეჯში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, მარკის შესახებ მშობელ დედასაც კი არ ეცოდინება იმაზე მეტი, ვიდრე კეის.
შერიფს არაფერი უთქვია, წამოდგა და ამჯერად დინჯად დაიწყო ბოლთის ცემა, გონებაში წონიდა ექიმის სიტყვებს. ექიმი უხმოდ ადევნებდა თვალს.
ბოლოს შერიფი შეჩერდა და გვერდულად გამოხედა მეგობარს.
- ანუ შენ მთავაზობ, რომ საკუთარი შვილი დავკითხო?
- არა, - უარყო ექიმმა, - დაკითხვის სახეს ნუ მისცემ.. ნუ დაგავიწყდება, რომ კეი იმ თაობას ეკუთვნის, რომელსაც მეამბოხეობა ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი, ჩემი აზრით, ჯობია წყნარად, მამა-შვილურად დაელაპარაკო, აუხსნა, როგორ წინ წავა გამოძიება, თუ დაგეხმარება.
- ვნახოთ, ვიფიქრებ შენს წინადადებაზე, - თავი დაუქნია შერიფმა და კვლავ ჩაფიქრდა, ცდილობდა მოენახა შესაფერისი სტრატეგია, რომელიც კეისთან საუბარში დაეხმარებოდა.


*******


რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კოვაქსი მიას ესტუმრა, მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, შინაგანად გოგონა ვერ გარკვეულიყო რას გრძნობდა შავგვრემანი უკვდავის მიმართ, მაგრამ ის კი ზუსტად იცოდა, რომ სულ სხვა კუთხით დაინახა ეს ურთიერთობა, რომელიც მეგობრობაზე გაცილებით მაღლა იდგა. უნდოდა, ძალიან უნდოდა მისი ამბის გაგება, მაგრამ სპეციალურად არ ურეკავდა, არც სწერდა, ცდილობდა საკუთარ არეულ გრძნობებში გარკვეულიყო, მაგრამ უშედეგოდ, თითქოს სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა მის თვალსაწიერში.
- მის ჯეკსონ, - ფიქრიდან ლექტორის, ჩია, სათვალიანი და მკაცრი ქალის ხმამ გამოარკვია.
- მაპატიეთ, - დარცხვენილმა ახედა თავს წამომდგარს, თავი ჩაღუნა და შოკოლადისფერ კულულს დაუწყო წვალება.
- გთხოვთ, ლექციაზე ყურადღებით იყოთ, მის ჯეკსონ, - მკაცრად ჟღერდა ქალის ხმა.
- დიახ, აღარ განმეორდება.
ლექტორმა თავი დაუქნია და მაგიდების რიგს ჩაუყვა, ზუსტად ამ დროს ჯინსის შარვლის ჯიბეში ვიბრაცია იგრძნო, შეუმჩნევლად ამოიღო ტელეფონი, ხელები მაგიდის ქვეშ შემალა და ეკრანს დააკვირდა.
"გამარჯობა"
"გაგიმარჯოს"
"ცოცხალი ხარ? "
"შენგან განსხვავებით-კი"
"ჰმ...ძალიან სასაცილოა"
"ვამპირებსაც გესმით იუმორის? "
"ვცდილობ გავიგო. რამდენიმე დღის წინ მომხდარზე მინდოდა მეკითხა"
"გისმენ"
"ასე არა, პირადად"
მია შეყოვნდა, შემდეგ კვლავ კლავიატურაზე აათამაშა თითები.
"სად? "
"სამხრეთით, მიტოვებული ოპერის შენობაში"
"მოკვლას ხომ არ მიპირებ? "
"ჯერ არა. ნახევარ საათში გელოდები"
მია გაბრაზდა.
"მართლა? და რა იცი, რომ მოვალ? "
"დარწმუნებული ვარ"
"არ მოვდივარ"
"ვიცი, რომ მოხვალ"
მიამ ტელეფონი კვლავ ჯინსის ჯიბეში ჩაიდო, ერთხანს ფიქრობდა, შემდეგ ხელი ასწია.
- მის ჯეკსონ, რამის თქმა გინდათ?
- მმმ...რამდენიმე წუთში შერიფის ოფისში მელოდებიან, მისის ლოიდ.
ლექტორმა სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და დაკვირვებით გამოხედა მიას, მისი აწითლებული ლოყები ეჭვით შეათვალიერა, მაგრამ შერიფის ოფისის დასახელებამ მაინც გაჭრა, გოგონას თავი დაუკანტურა, წადიო.
კოლეჯის ეზოში გამოსულმა მიამ მიმოიხედა, წამიერად ჩაფიქრდა, არ იცოდა სად იყო ოპერის მიტოვებული შენობა, მაგრამ მანქანის სათავსოში ქალაქის ტურისტული რუკა ეგულებოდა, ამიტომ უყოყმანოდ გასწია ავტოსადგომისკენ. რუკა მართლაც აღმოჩნდა მანქანაში, მია სავარძელში მყუდროდ მოეწყო, რუკა მუხლებზე გაშალა და სალემის სამხრეთით მითითებულ შენობას დაუწყო ძებნა, მალევე იპოვნა, ავტოსადგომიდან დაახლოებით ოცი წუთის სავალი იყო.
მთელი გზა ფიქრებში ჩაძირულმა გაიარა და უცებ აღმოაჩინა, რომ უკვე ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მანქანა შეაჩერა და იქაურობა ყურადღებით მოათვალიერა. სანახაობა კი უკიდურესად სავალალო და გულის დამამძიმებელი იყო. შენობა დიდი ხნის გაუკრეჭავ გაზონებში და ხეების ზღვაში ჩაფლულიყო, ერთ დროს ფილაქნით მოპირკეთებული ეზო ახლა ნაგავს და ნეშომპალას დაეფარა, კედლები მოჟამულად გამოიყურებოდა.
მიამ გადაწყვეტილება მიიღო, მანქანა დასტოვა და სწრაფი ნაბიჯით გასწია კარისკენ.
სალემი პატარა ქალაქი იყო, ადრე, როდესაც ეს შენობა ფუნქციონირებდა, სალემში სულ რაღაც ხუთი ათასამდე მაცხოვრებელი იყო დღევანდელისგან განსხვავებით, და ამ ხუთი ათასის ერთი ან მაქსიმუმ ორი პროცენტი თუ იქნებოდა ოპერის მოყვარული, ქალაქის მოსახლეობის ზრდასთან და განვითარებასთან ერთად მაყურებელთა პროცენტულმა რაოდენობამაც თანდათან იკლო, ბოლოს კი სულ შეწყდა, შენობა მიატოვეს...
მიამ კარი შეაღო, შევიდა და გაოცებული შესდგა. დიდი დარბაზი თითქმის მთლიანად იყო ჩაბნელებული, ყველგან მტვერი და უსუფთაობა სუფევდა, ჩაშავებული სარკმლებიდან შემომავალი დღის სუსტი შუქი საერთოდ ვერ უზრუნველყოფდა ადამიანის თვალისთვის შესაბამის განათებას.
ჩაბნელებული დარბაზის ცენტრში როიალი იდგა, რომელსაც მიასკენ ზურგშექცევით მისჯდომოდა მამაკაცი, დარბაზს რომელიღაც ძალიან ცნობილი კომპოზიტორის ნაზი და ნაღვლიანი მელოდია ავსებდა, როიალზე მტვრით დაფარული ვაზა იდგა, რომელშიც ერთი ცალი სისხლივით წითელი ვარდი იწონებდა თავს, იქვე იდგა ვისკის ოთხკუთხა ბოთლი და ორი ჭიქა. როიალის ორივე კიდეზე დადგმულ შანდლებში მოთავსებული დაბალი წითელი სანთლების ლიცლიცი აქაურობას უაღრესად მისტიკურ ელფერს სძენდა. გოგონა დაჰიპნოზებულივით შეჰყურებდა ამ უჩვეულო სურათს.
- ყოველთვის ვარსებობდი... - ხრინწიან ხმას აყოლებდა ნაღვლიან მელოდიას როიალთან მჯდომი.
მიამ რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადადგა და კვლავ შეჩერდა.
- და ყოველთვის ვიარსებებ, როგორც ჯოჯოხეთიდან მოვლენილი დემონი, როგორც წყვდიადში გატყორცნილი ელვა და მეხი...
გოგონამ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ნელა შემოუარა როიალს, იქვე დამტვრეულ სკამზე ჩამოჯდა და გაოცებული მიაჩერდა შავგვრემან უკვდავს, რომელსაც თვალები დაეხუჭა, მისი ფოლადისმაგვარი თითები სწრაფად და გატაცებით დასრიალებდნენ როიალის კლავიშებზე.
- მაგრამ შენ ნუ შეგეშინდება ჩემი, მე ყოველთვის შენთან ვიქნები, შენს სულში, შენს ფიქრებში, შენს თვალებში...
მია თვალგაშტერებული მისჩერებოდა, სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, იმდენად მონუსხა ამ სიტუაციამ.
- მიიღე ჩემი სიყვარული, - სევდიანად ჟღერდა ხმა, - ის შენ არ შეგაწუხებს, არამედ დაგიცავს, ყოველთვის, ყველასგან, ყველაფრისგან...
მოულოდნელად მუსიკა შეწყდა, უკვდავმა წყვდიადივით შავი თვალები გაახილა და ჩვეული ღიმილით შეხედა გოგონას.
- ვიცოდი, რომ აუცილებლად მოხვიდოდი, მის ჯეკსონ...



******


შერიფი ტელეფონის წკრიალმა გამოაღვიძა, მაგიდიდან თავი ასწია, თვალები მოიფშვნიტა და კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა, საათი 03:45 აჩვენებდა, გაუკვირდა, ისე გაეპარა დრო ძილ-ბურანში. შემდეგ ხელი გაიწოდა, ქაღალდების გროვაში ტელეფონი მოძებნა და ყურმილი აიღო.
- შერიფის ოფისი.
- მესამე ეკიპაჟის უფროსი ინსპექტორი ჰოლოვეი ვარ, შერიფო.
- რა მოხდა? - შერიფ კრამერს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.
- შერიფო, სტანდარტული შემოვლისას "სტივის ბარის" ავტოსადგომზე, ნაგვის ურნაში ორი ქალის გვამი აღმოვაჩინეთ.
შერიფი ერთბაშად გამოფხიზლდა, ფეხზე წამოხტა და კედელზე ჩამოკიდებულ ქამარს ეცა, რომელზეც ჩამოკონწიალებული თავს იწონებდა ლეგენდარული "მაგნუმი".
- ინსპექტორო, ტერიტორია შემოსაზღვრეთ, კრიმინალისტიკურ სამსახურს დაუკავშირდით, უკვე გამოვდივარ, - ჩასძახა ყურმილში, დაუდევრად დააგდო ტელეფონზე და კარს სწრაფი ნაბიჯით მიაშურა..

თავი 19

ასეთი უჩვეულო სურათის შემყურემ, მიამ დიდხანს ვერ ამოიღო ხმა, პირდაღებული შეჰყურებდა უკვდავს და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, აქამდე არასდროს უნახავს მისი ასეთი განსხვავებული მხარე, არასდროს წარმდგარა კოვაქსი მის წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებით და მომნუსხველობით, როგორც ახლა, და გოგონა გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი არ იყო.
- მის ჯეკსონ, - ვამპირმა მომხიბლავად გაიღიმა, - ცუდად ხომ არ გრძნობთ თავს?
- არა... მე... რატომ არ მითხარი როიალზე თუ უკრავდი?
- არასდროს გიკითხავს, - ჩაიცინა პირველყოფილმა, გოგონას შოკოლადისფერ თვალებში მომნუსხველად მიჩერდა და კლავიშებზე მსუბუქად აათამაშა თითები, - წილად გხვდა პატივი, რომლითაც ვერცერთი მოკვდავი ვერ დაიტრაბახებს.
დარბაზი კვლავ ჯადოსნური მელოდიით აივსო, კოვაქსი აღარ მღეროდა, მხოლოდ უკრავდა, გატაცებით, მთელი სულით და გულით, მთელი არსებით, მელოდია იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ მიას თვალებში ცრემლი მოაწვა და ლოყებზე ორ პატარა ნაკადულად გადმოედინა, ვამპირი თვალს არ აშორებდა.
როდესაც მელოდია დასრულდა, გოგონამ სწრაფად მოიწმინდა ცრემლები.
- ღმერთო, ეს ყველაფერი მე მომიძღვენი?
კოვაქსმა ჩაიცინა, ელვასავით სხარტად გაჩნდა მტვრით დაფარულ სარკმელთან, გაიხედა და შემდეგ მოტრიალდა.
- დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, მის ჯეკსონ.
მიამ თავი უკიდურესად შეურაცხყოფილად იგრძნო.
- მმმ... და ეს ვარდი..
- ეს ვარდი მხოლოდ მე მეკუთვნის, სასიამოვნო აურას მიქმნის, ხომ ლამაზი ვარდია?
მიამ ყელში მოწოლილი ბურთი გადაყლაპა და უხმოდ დაუქნია თავი.
- აქ რისთვის მომიყვანე?
კოვაქსი როიალს მოუახლოვდა, სასმელი დაისხა და ერთი ყლუპი მოსვა.
- მინდა რაღაც-რაღაცეები გავარკვიო.
- ანუ ეს საქმიანი შეხვედრაა?
- რა თქმა უნდა, - გაიღიმა უკვდავმა, - სხვა რამეს ელოდი? - მან ეშმაკურად მოწკურა თვალები.
- არა, მე... მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მითხარი და წავალ.
კოვაქსმა თავი დაუქნია და გაიარ-გამოიარა, როგორც სჩანს, სიტყვებს არჩევდა.
- ჩვენი მეგობრობა შეუძლებელია, მის ჯეკსონ.
მია გაოცდა.
- რატომ?
- განა ეს ნათელი არ არის? - გაიოცა კოვაქსმა, - მე ხომ ვამპირი ვარ, მკვლელი.
მიამ გადაწყვიტა არ დაეთმო.
- მკვლელი არ ხარ, - ჯიუტად გააქნია თავი და ვამპირის მახვილ ყნოსვას მისი თმის სურნელი მისწვდა, გული აუდუღდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- დიახ, მკვლელი ვარ, - მიუგო კოვაქსმა, - განა შენ მკვლელებთან მეგობრობ?
კოვაქსმა ზუსტად გაუმეორა ის სიტყვები, რაც მიამ რამდენიმე ხნის წინ უთხრა და შეცბა.
- ჰო... მაგრამ მაშინ სხვანაირი იყავი, ახლა სხვანაირი ხარ...
მაგრამ ვამპირმა მხოლოდ გაიცინა, მიუახლოვდა და თვალები მოწკურა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა ეშვები, თვალები კი სისხლის ტბებს დაემსგავსა, მან ნელა წაავლო ხელი ყელში და კბილებდაკრეჭილი მიაშტერდა სისხლისმწყურვალი მზერით.
- შემიძლია ისე სწრაფად მოგკლა, ჟიური რომ გვესწრებოდეს, შეფასების ათბალიანი სისტემით თერთმეტს დამიწერდა.
გოგონა შიშისგან აცახცახდა, შეძრწუნებული შეჰყურებდა საშინელ ნიღბად ქცეულ სახეში.
- შემომხედე, - განაგრძო ვამპირმა, - მე დემონი ვარ, სისხლისმსმელი, მე ადამიანებს ვკლავ, ეს ჩემი სტიქიაა, ჩემი ბუნებაა...
- არ მეშინია, - გოგონამ ხელი გააწევინა და ფეხზე წამოდგა, - მეც ზებუნებრივი ვარ, ასე რომ, ვგავართ ერთმანეთს.
კოვაქსი წამიერად გაოცდა, შემდეგ ოდნავ უკან დაიხია.
- შენ ჩემნაირი არ ხარ და ვერც იქნები...
გოგონამ ნაბიჯი მისკენ გადადგა.
- მეც შენნაირი ვარ, კოვაქს.
- არა, - დაიღრინა ვამპირმა, - ფიქრობ, რომ ჩემნაირი ხარ? კარგი, შეგიძლია ასეთი რამ მოიმოქმედო?
ამ სიტყვებთან ერთად კოვაქსი ელვის უსწრაფესად გაქრა.
- შენი სისწრაფით ვერ გამაკვირვებ, - გოგონამ მიმოიხედა, - უკვე ნანახი მაქვს, სხვა რით შეგიძლია აზრი შემაცვლევინო?
მოულოდნელად ჩაბნელებული კუთხიდან ხმაური მოისმა და მიას წინ ვიღაც მამაკაცი დაეცა, გოგონა დააკვირდა და მაშინვე იცნო მაქციათა კლანის ბეტა მგელკაცი.
- კასტორ...
- შეხედე, - კოვაქსი არსაიდან გაჩნდა მის ზურგსუკან, - ახლავე დაგიმტკიცებ, რომ შენი შეხედულებები ჩემს შესახებ, აბსოლიტურად მცდარია, - ის დაბლა დაიხარა, ყელში სწვდა მაქციას და ფეხზე წამოაყენა.
- კოვაქს, - შეჰკივლა გოგონამ, - ის ხომ...
- მიყურე, - დაიღრინა კოვაქსმა, - თვალი არ მომაშორო.
კასტორის საწყალობელი ყვირილი, მიას კივილი და კოვაქსის დემონური ხარხარი ერმანეთში აირია, პირველყოფილი ელვისებური მოძრაობით მოექცა ზურგსუკან მსხვერპლს, გოგონას თვალწინ მისმა შემზარავმა ეშვებმა გაიელვა და კასტორს ყელში ჩააფრინდა, საიდანაც შადრევანივით იფეთქა სისხლმა.
კოვაქსმა თითქმის ნახევარი ყელი გამოაჭამა მაქციას და ხორცის ნაგლეჯი გვერდზე გადააფურთხა, სისხლი ნიკაპზე ჩამოსდიოდა, დემონურად ანთებული თვალებით უყურებდა გოგონას.
- კოვაქს, შენ ასეთი არ ხარ, - მია მუხლებზე დაეცა.
პირველყოფილი შესდგა, გვერდულად გამოხედა.
- არა...გაცილებით უარესი ვარ, - მან ერთი მოძრაობით ამოგლიჯა გული მკერდიდან საცოდავ კასტორს, შემდეგ ელვისებური დარტყმით თავი წააცალა და როდესაც მაქციის უთავო სხეული იატაკზე დაემხო, მიასკენ შემობრუნდა, მარცხენა ხელში თმებით ეჭირა კასტორის თავი.
- დაიმახსოვრე, - მიმართა გოგონას, - მე პირველყოფილი ვამპირი ვარ, შენ კი ადამიანი, მე ეს გავაკეთე, შენ-ვერ გააკეთებ, ჩემნაირი მეგობარი არაფერში გჭირდება.
მან კასტორის თავი გვერდით მოისროლა, კიდევ ერთხელ შეავლო გოგონას წყვდიადივით შავი თვალები და გაქრა.
მია ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებდა, ამ რამდენიმეწუთიან მონაკვეთში მან კოვაქსის ორი, აბსოლიტურად განსხვავებული მხარეები იხილა, ვამპირმა მას რეალობა უჩვენა და არჩევანი მიანდო, ახლა თავისი გადასაწყვეტი იყო, მიიღებდა მას ისეთს, როგორიც იყო, თუ არა.
მიამ ტელეფონი ამოიღო და ნომრების ჩამონათვალს ჩამოჰყვა, შემდეგ არჩევანი ერთზე შეაჩერა და CALL სენსორს უყოყმანოდ დააწვა.
- გისმენთ.
- ლუციუს...მია ვარ.
- მივხვდი, - გაისმა ქერა ვამპირის მშვიდი ხმა.
- კოვაქსის შესახებ მინდოდა მეთქვა.
- საერთოდ, - შეყოვნდა ლუციუსი, - შენ ხელი შემიშალე მტრის მოკვლაში...ვფიქრობ ჩვენი ურთიერთობა მეგობრული არ უნდა იყოს, ხომ? მსუბუქად რომ ვთქვათ.
- მან კასტორი მოკლა.
ამ სიტყვებმა სათანადო ეფექტი მოახდინა ლუციუსზე, ის ერთხანს ფიქრობდა.
- მან თუ მაქცია მოკლა, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თანაც კოვაქსი ანგარიშვალდებული არ არის ჩემს წინაშე, როდესაც საქმე კლანის მტრებს ეხება.
- როგორ არ გესმის, - თითქმის იყვირა მიამ, - ბოლო დროს ის თითქოს გამოსწორდა, ახლა კი...
ლუციუსმა ჩაიცინა.
- გამოსწორდა? ეს ხომ აბსურდია, რაც მას კონორმა გაუკეთა...
მიამ მაშინვე დაიჭირა ეს სიტყვები.
- კონორმა რა გაუკეთა?
- მან კოვაქსს შთაგონება მოხსნა.
- რას გულისხმობ?
- ძველი ამბავია, - მიუგო ლუციუსმა, - კოვაქსი კლანის მეთაურმა გაბრიელმა გადააქცია ვამპირად, მანამდე ის ადამიანი იყო, მას შთაგონება დაადეს და არაფერი ახსოვდა, კონორმა კი მეხსიერება დაუბრუნა.
მია მიხვდა, რომ ლუციუსი ბოლომდე არ ეუბნებოდა სათქმელს.
- ლუციუს, ვიცი, რომ ჩვენს შორის მომხდარის შემდეგ შენთვის რაიმეს თხოვნის უფლება არ მაქვს, მაგრამ...იქნებ ყველაფერი მითხრა, მართლა მინდა მას დავეხმარო.
ლუციუსმა ჩაახველა, ორჭოფობდა, მაგრამ საბოლოოდ საკუთარმა შეხედულებებმა სძლია.
- მას ცოლ-შვილი ჰყავდა, მის ჯეკსონ...
- რა? - ყურებს არ დაუჯერა მიამ.
- ჰო...გაბრიელმა ისინი დახოცა.
- ღმერთო... - მიამ მწვავე ჩხვლეტა იგრძნო მკერდში, თითქოს უჩინარი ფოლადის თითები შემოეჭდო გულზე და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
- გაბრიელის ბრძანებით მას მანამდე აწამებდნენ, სანამ მთლად არ დაკარგა ადამიანობა და ადამიანური გრძნობები, ამიტომაა ასეთი სასტიკი, - განაგრძო ლუციუსმა.
- კონორმა კი ეს ყველაფერი გაახსენა, - ჩაილაპარაკა გოგონამ, - კარგი...მადლობა, ლუციუს.
მაგრამ ქერა ვამპირი ტელეფონის გათიშვას არ ჩქარობდა.
- მის ჯეკსონ...მისი დახმარება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
მია კიდევ ერთხელ გაოცდა.
- რას გულისხმობ?
- მისთვის ამომავალი ვარსკვლავი ხართ, წყვდიადში ერთადერთი ნათელი წერტილი ხართ, მიკვირს აქამდე რომ ვერ ხვდებოდით ამას, თუმცა კოვაქსს გრძნობების დაფარვა კარგად ეხერხება.
- კარგი, კარგი, ნახვამდის ლუციუს, - მიამ სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და კარს მიაშურა...


******


შერიფის ბრძანებით, სანაგვე ურნაში აღმოჩენილი გვამების გამო, ბარის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო სალემის შერიფის დეპარტამენტი და საექსპერტო-კრიმინალური განყოფილება. ქალაქში და პრესაში ვითარება ნელ-ნელა იძაბებოდა, ასეთ პატარა დასახლებაში დროის ერთკვირიან მონაკვეთში ამდენი გვამი მეტისმეტი იყო, სადაცაა საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო(FBI) ჩაერეოდა, პოლიციასა და ფედერალებს შორის ყოველთვის მიდიოდა ქიშპობა, მითუმეტეს ასეთ ცხელ-ცხელ საქმეებზე, ამ ქიშპობიდან გამარჯვებული უმეტესად FBI გამოდიოდა, რადგან პოლიციის სისტემა კონკურენციას ვერ უწევდა FBI-ში დანერგილ გამოძიების ინოვაციურ სისტემებს და ფინანსური სიძლიერითაც ხომ ვერანაირად ვერ შეედრებოდა, მიუხედავად ამისა, შერიფი კრამერი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ სიტუაციის მართვის სადავეები ხელიდან არ გაეშვა.
გვამები ნაგვის ურიდან ამოიღეს და ახლა პირველად, ზედაპირულ დათვალიერებას უტარებდნენ, საგანგებო მოწვევით აქვე იმყოფებოდა შერიფის მეგობარი ექიმი-ალდო ტომპსონი, რომელსაც სათვალეები გაეკეთებინა და ისე ყურადღებით სინჯავდა გარდაცვლილების სხეულებს, ეშხში შესულიც კი თავისუფლად შეიძლება გეწოდებინათ.
- ექიმო, - მიმართა შერიფმა, რომელიც ჩუმად უთვალთვალებდა ექიმის მოქმედებებს, - მალე დაამთავრებთ ამ ქალბატონებისთვის ხელების ფათურს?
ექიმმა გაიღიმა, სათვალის ზემოდან - როგორც მასწავლებლებმა იციან - გამოხედა მეგობარს და ცალი ხელიდან რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი წაიძრო, სიგარეტს მოუკიდა.
- სულსწრაფი ნუ იქნები, მეგობარო, - ის წამოდგა, შერიფს მკლავში ხელი გამოსდო და ავტოსადგომის შორეულ კუთხეში განმარტოვდნენ.
- რა შეგიძლია მითხრა? - ჰკითხა შერიფმა და თავადაც მოუკიდა სიგარეტს, ხან სიგარას ეწეოდა, ხან სიგარეტს - სიტუაციის და უფრო ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად, კარიბის ზღვის ქვეყნებიდან იმპორტირებული სიგარა ხომ გაცილებით ძვირი სიამოვნება იყო, ვიდრე ადგილობრივად დამზადებული უხარისხო სიგარეტი.
- ზუსტად ის არის, რასაც ფიქრობ, - მიუგო ექიმმა და მანქანას მიეყრდნო.
- ანუ...
- ანუ სისხლისგან დაცლილები არიან და ჭრილობა, რამაც ეს გამოიწვია-კისერზეა, სისხლის კვალი კი არ ჩანს, ორი ვარიანტია : ისინი სადღაც სხვაგან დახოცეს და გვამები აქ მოიტანეს, ან აქ დახოცეს, სისხლი ბოლო წვეთამდე ამოსწოვეს და ნაგვის ურნაში ჩაყარეს გვამები.
შერიფმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- თუ წინა შემთხვევებს გავიხსენებთ, მეორე ვერსია უფრო დამაჯერებელია, ვიდრე პირველი.
- ასეა, - მიუგო ექიმმა, - დროა ვაღიაროთ, რომ აქ, სალემში, ვიღაც ადამიანის სისხლით იკვებება.
- ჯანდაბა, - შერიფმა ნერვიულად მოიქექა თავი.
- დროა FBI ჩარიო საქმეში, შერიფო, - თქვა ექიმმა, - ეს შემთხვევები არათუ თქვენს კომპეტენციას სცილდება, თვით იმაშიც კი მეპარება ეჭვი, ფედერალებმა რამე გააკეთონ.
- შენც ასე ფიქრობ?
- ისევე, როგორც შენ, - გაიღიმა ექიმმა, - ეს საქმე ბუნებრივ საზღვრებს სცდება და ზებუნებრივში გადადის, იქნებ სჯობია პარაფსიქოლოგები და შეერთებული შტატების მეცნიერული კვლევისა და ძიების სამსახურის თანამშრომლებიც მოიწვიოთ?
- არ ვიცი, არ ვიცი, - მიუგო შერიფმა, - ჯერ ვცდი, იქნებ ჩვენ თვითონ შევძლოთ რაიმე ხელჩასაჭიდის პოვნა.
ერთხანს ჩუმად ეწეოდნენ სიგარეტს.
- კეის ელაპარაკე?
- ჯერ არა.
- სასწრაფოდ უნდა ელაპარაკო.
- ასე ფიქრობ? - გახედა შერიფმა.
- დარწმუნებული ვარ, - მიუგო ექიმმა, - ვფიქრობ მას შეუძლია ამ საქმეზე და რაღაც-რაღაცეებზე გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნას.
შერიფი ჩაფიქრდა.
- არ მინდა ამ სიგიჟეში მისი ჩარევა, ხომ გესმის, ის ჩემი შვილია.
- იქნებ ის უკვე ჩარეულია? - კონტრშეკითხვა დაუსვა ექიმმა, - პირდაპირ თუ ირიბად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეგობარო, დარწმუნებული ვარ რაღაც იცის...
- კარგი, კარგი, - შეაწყვეტინა შერიფმა, - რამეს მოვიფიქრებ...



******


კეი საპირფარეშოდან კისრისტეხით გამოვარდა, დერეფანში გაიქცა და გზად ლამის ინგლისური ენის მოხუცი ლექტორი წააქცია, აუდიტორიის კარს ეცა, შეაღო და შეიჭვრიტა.
დაფასთან ვიღაც უცხო მამაკაცი იდგა და ცარცით რაღაცას წერდა. კეი შეუმჩნევლად შეიპარა, სწრაფად გაიარა მერხებს შორის ხელოვნური დერეფანი და მიას მიუჯდა გვერდით.
- ეს ვინ არის? - უჩურჩულა გოგონას.
- არ ვიცი, - უპასუხა მიამ, - ახალი ლექტორია.
- მართლა? საიდან ჩამოვიდა?
- არ ვიცი.
კეიმ ისევ დააპირა რაღაცის კითხვა, მაგრამ ამ დროს ახალმა ლექტორმა დაფაზე წერა დაამთავრა, შემობრუნდა და ოთახში შეკრებილ აუდიტორიას ღიმილით მოავლო თვალი, მაგრამ ამ ღიმილში იყო რაღაც მტაცებლური, რაღაც არასასიამოვნო.
- რა სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცია, - მეორე მხრიდან უჩურჩულა ჯესიკამ მიას, - შეხედე, რა სიმპათიურია, რა აღნაგობა, როგორი კუნთები, მის გვერდით ბრედ პიტიც კი კვაზიმოდოდ მოგეჩვენება.
მიამ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გადაეხარხარა და ახალი ლექტორი შეათვალიერა, ამ პატარა ქალაქის პატარა კოლეჯში ხომ არც თუ ისე ხშირი იყო უცხო ხალხის, მითუმეტეს კოლეჯის ლექტორის გამოჩენა.
ის კი მართლაც ეფექტურად გამოიყურებოდა, მაღალი, ძალიან სიმპათიური, ხორბლისფერი კანით, უკან გადავარცხნილი ქერა, აქა-იქ ჭაღარაშეპარული თმით, მოკლედ შეკრეჭილი ვერცხლისფერი წვერით, სწორი ცხვირით და ზურმუხტივით მწვანე თვალებით, ტანზე მჭიდროდ მომდგარი მაისური მის ათლეტურ აღნაგობას ხაზს უსვამდა, გარეგნობით აქაურს არ ჰგავდა, უფრო დასავლეთ შტატების მაცხოვრებელს მოგაგონებდათ, ალბათ სადღაც ნევადიდან ან კალიფორნიიდან იქნებოდა.
- მოგესალმებით, - მამაკაცის ხმის ტემბრი სასიამოვნოდ ჟღერდა, - სანამ ერთმანეთს გავიცნობდეთ, მინდა იცოდეთ, რომ ამ ქალაქში ახალი ჩამოსული ვარ და ალბათ დიდხანს დავრჩები, - მან რატომღაც მიაზე შეაჩერა მზერა, რომელიც საოცრად დამთრგუნველი მოეჩვენა გოგონას.
- მე თქვენი ახალი ლექტორი ვარ, - განაგრძო მამაკაცმა და აუდიტორიას თვალი გადაავლო, - მე ანატომიის მეცნიერებას შეგასწავლით, სახელი კი...
- ნეტავ რა ჰქვია, - მიას ჩასჩურჩულა მოუთმენელმა ჯესიკამ.
- სახელი კი....შეგიძლიათ გაბრიელი დამიძახოთ.
გოგონებმა მოწონებით დააქნიეს თავები და გაიღიმეს, გაიპრანჭნენ, ყველა ცდილობდა დასაწყისშივე მოეხიბლა ახალი მამაკაცი. მიას კი მაშინვე ყურში მოხვდა ეს სახელი, გაახსენდა, რომ თითქოს ეს სახელი ლუციუსმა ახსენა მასთან სატელეფონო საუბარში, იქნებ ის იყო? პირველყოფილ ვამპირთა კლანის ძლევამოსილი მეთაური! ან იქნებ არც იყო? იქნებ სახელები უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს? თუმცა მია იმაშიც არ იყო დარწმუნებული, რომ ლუციუსმა ზუსტად ეს სახელი ახსენა, ვერც იქნებოდა დარწმუნებული, იმ მომენტში ხომ მხოლოდ კოვაქსზე ფიქრობდა.
გოგონას არ შეუმჩნევია ჯესიკას სახე, რომელიც პირდაღებული და შეძრწუნებული მისჩერებოდა ახალ ლექტორს, წეღანდელი აღტყინება სადღაც გამქრალიყო...

თავი 20

მოსაღამოვებულს საკმაოდ იყო გადაცდენილი, როდესაც ჟღალწვერა პირველყოფილმა მანქანა ქალაქგარეთ მდებარე "სტივის ბარის" გვერდით მდებარე ავტოსადგომზე შეაჩერა, გადმოვიდა და გარემო ყურადღებით მოათვალიერა, შემდეგ თავი ოდნავ მაღლა ასწია და ჰაერი დაყნოსა, მაქციის სპეციფიკური სუნი არ იგრძნობოდა, მან ქერა თმაზე ხელი გადაისვა და ბარში შესასვლელ კარს მიაშურა, მაგრამ კართან მისული შესდგა და მახვილი სმენით მიაყურადა ბარიდან გამომავალ მოგუდულ ხმებს.
მაგრამ ეს არ იყო ხმები, ეს იყო ხმა, მხოლოდ ერთი, ამ ხმას ლუციუსი მილიონ ხმაში ამოიცნობდა, ასეთი მომნუსხველი და დამცინავი ტონი მთელ ბუნებრივ და ზებუნებრივ სამყაროში მხოლოდ ერთ არსებას შეიძლებოდა ჰქონოდა.
ლუციუსმა კარი უხმაუროდ შეაღო და შევიდა, ასევე უხმაუროდ-მხოლოდ ვამპირებს რომ შეუძლიათ, ისე მიიხურა ზურგსუკან კარი და ბარში შეკრებილ ჭრელ საზოგადოებას თვალი მოავლო. შესვლისთანავე ეუცნაურა სიტუაცია, როგორც ყოველთვის, ახლაც თითქმის შევსებული იყო მაგიდები, მაგრამ რატომღაც არ ისმოდა ბარისთვის დამახასიათებელი ყაყანი, მხიარული გადაძახილები და კარგად გამობრუჟული ხალხის სიმღერა, რომლის მოსმენისას მსოფლიოს ყველაზე არშემდგარი მომღერალიც კი ყურში თითებს დაიცობდა. ისინი, როგორც ერთი, სინქრონულად შებრუნებულიყვნენ დარბაზის ცენტრისკენ, ხმას არ იღებდნენ და უემოციო მზერით შეჰყურებდნენ პიროვნებას, რომელიც დარბაზის შუაგულში იდგა, ხელში ვისკის ნახევრადდაცლილი ბოთლი ეჭირა, თეთრი ხალათი შარვლიდან სანახევროდ ამოსჩაჩვოდა, ხოლო შავი თმა შუბლზე ჩამოფხატვოდა და ნახევარ სახეს უფარავდა, ის ძალიან მთვრალი იყო, თვალები უჩვეულოდ უპრიალებდა.
- ბატონებო, - ყვირილით მიმართავდა საზოგადოებას, - გთხოვთ კიდევ ერთხელ შევსვათ ჩვენი დაკარგული წარსულის და განადგურებული მომავლის სადღეგრძელო, - მან ბოთლი მოიყუდა.
ხალხმაც მაშინვე მიბაძა, უხმოდ ასწიეს ჭიქები.
- აქ რა ჯანდაბა ხდება? - ჩუმად იკითხა ლუციუსმა, იცოდა, მის ხმას აუცილებლად გაიგონებდა შავგვრემანი უკვდავი, და ხალხს თვალი მოავლო.
კოვაქსმა ბოთლი ძირს დაუშვა, ამღვრეული თვალებით და დამცინავი მზერით მიაშტერდა ქერა ვამპირს.
- მოხარული ვარ, რომ შემოუერთდი ჩვენს წვეულებას, დიდო ლუციუს, ყველას გვიხარია, - გადაიხარხარა კოვაქსმა, შებარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო მაგიდის კიდეს ჩაებღაუჭა, - ბარმენო, - მიმართა შიშისგან აცახცახებულ ახალგაზრდა კაცს, რომელიც სასმელების თაროსთან ატუზულიყო, - მიართვით სასმელი მის უდიდებულესობას, თვით სამართლიანობას, - ბოლო სიტყვები კოვაქსმა ზიზღნარევი ღიმილით წარმოთქვა, - რას ინებებს თქვენი უმაღლესობა? შეგვიძლია შემოგთავაზოთ ვისკი, ღვინო, არაყი, მაგრამ შენ ხომ სისხლი გირჩევნია, სისხლი ბატონ ლუციუსს, - საშინლად ცინიკური ხმით ბრძანა მან და ვისკის ბოთლი მოიყუდა.
ბარმენი მაშინვე ლუციუსისკენ გაექანა, მიუახლოვდა, საყელო გადაიწია, კისერი მოიშიშვლა.
- თუ მამაკაცის სისხლი არ მოგწონს, - განაგრძო კოვაქსმა, პირიდან ალკოჰოლის მძაფრ სურნელს აფრქვევდა, - შემიძლია ქალის შემოგთავაზო, - მან ერთ-ერთი ქალბატონისკენ გაიშვირა ხელი, ან შავკანიანის, თუნდაც აფრო-ამერიკელის, მაგრამ ვფიქრობ ლათინო-ამერიკელის მოგეწონება, - ის ბარბაცით მიუახლოვდა ლუციუსს, მხარზე ჩამოეკიდა და ტუჩები ყურთან მიუტანა, - დამიჯერე, მოგეწონება, ეგზოტიკური გემო აქვს, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები, - მან დემონური ხმით გადაიხარხარა და ლუციუსს მოშორდა.
ლუციუსმა სწრაფი მოძრაობით გამოსტაცა ბოთლი და მაგიდაზე დადგა. კოვაქსმა გაკვირვებული თვალებით შეხედა, შემდეგ სახეზე კვლავ ირონიული ღიმილი გადაეფინა და ხალხს მიუბრუნდა თეატრალურად ხელებგაშლილი.
- და აი ისიც, უფროსი ძამიკო დალევას მიშლის.
- ძალიან მთვრალი ხარ, ადამიანური სახე დაგიკარგავს, - დაიღრინა ლუციუსმა.
- ძვირფასო ლუციუს, - შემობრუნდა კოვაქსი, - მოდი ტერმინოლოგია დავაზუსტოთ, მე ადამიანი არ ვარ.
- მართალი ხარ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანებივით მოვიქცეთ, - მიუგო ლუციუსმა.
- მართლა? - თავხედურად გაწელა სიტყვა კოვაქსმა, - და თუ არ მინდა?
- აბა რა გინდა?
- ჰმ... ახლავე გეტყვი რაც მინდა, - თვალები სისხლით აევსო შავგვრემან პირველყოფილს, - უფრო სწორად, გაჩვენებ, რაც მინდა.
ლუციუსმა რეაგირება ვერ მოასწრო, კოვაქსი ელვის სისწრაფით სწვდა თმაში ყველაზე ახლო მჯდომ მამაკაცს და მოელვარე ეშვებით ყელში ჩააფრინდა, წამის უსწრაფესად გამოსწოვა სისხლი და უსულო გვამი კვლავ სკამზე დაუშვა.
- ჯანდაბა, - კბილები გაახრჭიალა ლუციუსმა და ხალხს გადახედა, - ყველა შთაგონებული გყავს, ხომ?
- აი ეს მინდა, - ნიკაპზე ჩამოღვრილი სისხლი ხელით დაუდევრად მოიწმინდა კოვაქსმა, - მე ის ვარ, ვინც ვარ...ცოტა ფილოსოფიურად გამომივიდა, მაგრამ შენ გაიგებ, შენ ხომ განათლებული კაცი ხარ, - მან ერთ-ერთი მაგიდიდან ღვინის ბოთლი აიღო და მოიყუდა.
- საკმარისია, - თვალები გაკვესა ლუციუსმა.
- რატომ? - ყვირილით შეეწინააღმდეგა კოვაქსი, - ეს ჩემი წვეულებაა, შენ აქ არავის დაუპატიჟებიხარ, არც მე, არც ბარმენს, ხომ არ დაგიპატიჟებია, მეგობარო? - კოვაქსი ბარმენს მიუბრუნდა.
ბარმენმა უხმოდ გააქნია თავი.
- აი, ხედავ? - ნიშნისმოგებით შემობრუნდა კოვაქსი, - არავის დაუპატიჟებიხარ აქ, არავის სიამოვნებს შენი განთქმული მორალის კითხვა... წადი და სხვები მოატყუე, ოღონდ მე არა, ოღონდ მე არა, - ბოროტი ხმით გაიმეორა და სიგარეტს მოიკიდა.
- გეყოფა, - შეუბღვირა ლუციუსმა, - არ გეკადრება...
- ზუსტადაც მეკადრება, - დაიღრიალა კოვაქსმა, - როდესაც ჩემი ოჯახი ამოწყვიტეს მაშინ სად იყავი? როდესაც მაწამებდნენ და ადამიანობას მართმევდნენ, სად იყავი? რატომ იკადრე, რომ ხელი არ გაგეტოკებინა, როცა უდანაშაულოს ჩაგრავდნენ, კლავდნენ, ისევ და ისევ, ისევ და ისევ.
- შენი ოჯახის ამოწყვეტისას მე იქ არ ვყოფილვარ, - დაიღრინა ლუციუსმა.
- რა თქმა უნდა, შენ-ლუციუსს, ყოველთვის გაქვს თავის გასამართლებელი მიზეზი.
- ეს ასე არაა.
- ასეა, - ჯიქურ მიუგო კოვაქსმა, - თვითონაც იცი, რომ ასეა.
- გაუშვი ეს ხალხი.
- არა.
- გთხოვ..
- გამორიცხულია.
- იცი...თამაშში ახალი ძალა ჩაერთო, - ანკესი ისროლა ლუციუსმა.
მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო, კოვაქსმა თვალები მოჭუტა, ერთხანს გამომცდელად უმზერდა ქერა ვამპირს, შემდეგ ხალხს მიუბრუნდა.
- აქედან გაეთრიეთ, ყველა.
- ჩამოვჯდეთ, - მიმართა ლუციუსმა, მკლავში ხელი გამოსდო და მაგიდასთან მიიყვანა და როდესაც კოვაქსი დაჯდა, თვითონ მეორე მხრიდან მიუჯდა მაგიდას.
კოვაქსმა სიგარეტს მოუკიდა.
- ხალხი იხოცება, - მოკლედ თქვა ლუციუსმა.
- ვინ ხალხი?
- ჩვეულებრივი, უდანაშაულო ხალხი.
- მე არაფერ შუაში ვარ, - თვალები მოჭუტა შავგვრემანმა პირველყოფილმა.
- ვიცი, - თავი დაუქნია ლუციუსმა, - ვიღაც სხვაა, ხალხს კლავს და გვამების დამალვასაც არ ცდილობს.
- ჰმ, - უხეშად მიუგო კოვაქსმა, - ეს რატომ უნდა მადარდებდეს?
- მე მადარდებს, - გვერდულად გამოხედა ლუციუსმა.
- მშვენიერია, - გაიღიმა კოვაქსმა, - შეგიძლია თავად მიხედო საკუთარ პრობლემას.
- მარტო ვერ გავწვდები, - ლუციუსი წინ გადმოიხარა და თვალებში ჩააცქერდა, - ის ჩვეულებრივი ვამპირი არ არის, ვიღაც ჩვენიანია.
- პრიმუმი? - როგორც იქნა დაინტერესდა კოვაქსი.
- ასე ვფიქრობ, - დაუდასტურა ლუციუსმა.
- იქნებ კონორია? - ივარაუდა კოვაქსმა.
- გამორიცხულია, ის ახლა ჩვენ გვეომება და საიდუმლო საბჭოსთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს.
- ლოგიკასთან ახლოსაა, - დაეთანხმა კოვაქსი და ჩაფიქრდა, თითქმის მთლიანად გამოფხიზლდა, ვამპირობის კიდევ ერთი პლიუსი-მათი ორგანიზმი ძალიან სწრაფად ინელებდა ალკოჰოლს.
- მე გაბრიელი მგონია, ან ნათანიელი, - მოსხიპა ლუციუსმა.
კოვაქსს ბოღმით აევსო თვალები.
- გაბრიელი, - დაისისინა მან, - გაბრიელი, ეს გველი.
- თუ ნათანიელია, მაშინ გაბრიელის ბრძანებით და მითითებებით მოქმედებს, - დასვა წერტილი ლუციუსმა.
- საერთოდ რატომ ფიქრობ, რომ ამ ამბავში პრიმუმია გარეული?
- დაუკვირდი, - მიუგო ლუციუსმა, - ტალია გამოჩნდა და ეს ამბებიც დაიწყო, არ მგონია დამთხვევა იყოს.
ტალიას გაგონებაზე კოვაქსს მიასთან ბოლო შეხვედრა გაახსენდა და თითქოს გული მოეწურა, არა, გოგონა აშკარად არ იმსახურებდა მისგან ასეთ მოპყრობას.
- შენ ფიქრობ, რომ მის ჯეკსონს საფრთხე ემუქრება?
- თანაც ძალიან დიდი, - თავი დაუქნია ლუციუსმა, - თუ ეს მკვლელობები გაბრიელის ჩადენილია, ის აუცილებლად ეცდება მის ჯეკსონის მოკვლას.
- ჯანდაბა, - კბილები გაახრჭიალა კოვაქსმა, - სასწრაფოდ უნდა ველაპარაკო მას.
ლუციუსი სკამზე გადაწვა და კბილებში სიგარეტი გაიჩარა.
- მან მე დამირეკა, კოვაქს.
კოვაქსმა გაოცებით შეხედა.
- მან? შენ?
- ჰო, მითხრა, რომ კასტორი მოკალი, მის თვალწინ, - ლუციუსმა პაუზა გააკეთა, - ეს რატომ გააკეთე?
- მე მას ჩემი ნამდვილი სახე დავანახე, - მზერა აარიდა კოვაქსმა.
- ცდები, - მიუგო ქერა ვამპირმა, - შენ მასში მხოლოდ სიბრალული გამოიწვიე, მან შენს შესახებ ყველაფერი იცის, კოვაქს.
- ყველაფერი? - სწრაფად გამოხედა კოვაქსმა, - იცის, რომ...
- იცის, - გააწყვეტინა ლუციუსმა, - შენ მას სჭირდები, კოვაქს, შენ კი ის გჭირდება.
კოვაქსს არ უპასუხია, ჩამქრალი სიგარეტის ფილტრი საფერფლეში ჩაჭყლიტა და მეორეს მოუკიდა.
- წადი და გამოასწორე, - დამრიგებლური ტონით მიმართა ლუციუსმა, - წადი, დროს ნუ კარგავ, დაიბრუნე ის.
კოვაქსმა ეჭვით გამოხედა, ერთხანს ასე უცქერდა, შემდეგ თვალებში უცნაური სევდა ჩაუდგა, სწრაფად წამოდგა და ნახევარი წამის შემდეგ კართან იდგა, სანამ გავიდოდა, კიდევ ერთხელ გამოხედა ლუციუსს.
- დარწმუნებული ხარ?
- აბსოლიტურად, - მიუგო ლუციუსმა.
- ცნობისთვის, შენთვის ჯერ არ მიპატიებია, - თვალები მოჭუტა კოვაქსმა, - მაგრამ მაინც მადლობას გიხდი.
- წადი მასთან, - გაიმეორა ლუციუსმა, - აქაურობას მე მივხედავ.
კოვაქსმა თავი დაუქნია და კარებში გაუჩინარდა.


*****


მია ჯეკსონმა შხაპი მიიღო, შიშველ ტანზე პენუარი მოისხა, მარილიანი ბურბუშელა მოიმარაგა და დივანზე მყუდროდ მოკალათდა, ხასიათიდან გამომდინარე, რომელიმე რომანტიკული მელოდრამის ყურებას აპირებდა. ციფრული მაუწყებლობის მენიუში სასურველი ფილმი შეარჩია და ჩართო, თავისდა გასაკვირად, ისეთი ფილმი შეხვდა, საკუთარ თავთან უამრავი პარალელის გავლება შეეძლო.
.....ზარის წკრიალმა გამოაღვიძა, დივანზე ჩასძინებოდა, ტელევიზორს ოდნავ ჩაუწია და ტელეფონს დაუწყო ძებნა, ბოლოს იპოვა, მაგრამ ზარი ტელეფონიდან არ იყო.
ზარმა ისევ დაიწკრიალა, მია საბოლოოდ გამოფხიზლდა, მიხვდა, რომ კარზე რეკავდნენ, პენუარი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე და კარის გასაღებად გასწია.
კარი გამოაღო და ადგილზევე გაშეშდა, შემდეგ გაუცნობიერებლად მოსწყდა ადგილს, გაექანა და მჭიდროდ ჩაეკრა მკერდში..
- შენ დაბრუნდი...დაბრუნდი... - გაუთავებლად იმეორებდა, სანამ შავგვრემანმა პირველყოფილმა უხერხული ღიმილით ფრთხილად არ მოიშორა.
მია გამოერკვა, ძალიან შერცხვა, გაწითლდა და თავი ჩაღუნა.
- ჰო, დავბრუნდი, - გაიღიმა კოვაქსმა.
- და...სად იყავი? - შოკოლადისფერი თვალები შეანათა გოგონამ, მაგრამ კოვაქსის მწველ გამოხედვას ვერ გაუძლო და თვალი აარიდა, - მმმ... მაპატიე ეს სულელური საქციელი, ზოგადად ასე არ ვიქცევი ხოლმე.
ვამპირმა მომხიბლავად ჩაიცინა, შემდეგ ეშმაკურად შეხედა გოგონას.
- ერთ შეკითხვაზე მიპასუხე..
- მკითხე, - სასწრაფოდ დაეთანხმა მია.
- გჭირდები?
გოგონა კიდევ ერთხელ გაწითლდა, აირია, ენა დაება, ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
- ჯანდაბა...შენ ანუ... მეკითხები მჭირდები თუ არა?
- დიახ, - კოვაქსი ძლივს იკავებდა ღიმილს.
მიას გაახსენდა, რომ საუკეთესო თავდაცვა-თავდასხმაა, ამიტომ გადაწყვიტა კონტრშეტევაზე წასულიყო.
- შენ გჭირდები? - მტკიცედ გაუსწორა შოკოლადისფერი ტბები.
- როგორ გითხრა, - გაიკრიჭა კოვაქსი, - არ მინდა, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრისას რაც ჩავიდინე, ისევ ჩავიდინო, შენ თუ შეძლებ, რომ აღარ ჩავიდინო მსგავსი რამ, მაშინ ალბათ მჭირდები.
მია გულში გაბრაზდა, მის შეტევას შედეგი არ მოჰყოლია, ვამპირმა ძალიან ადვილად მოიგერია და აქეთ წამოაგო ინტრიგაზე.
- მოდი შევთანხმდეთ, - თვალები მოწკურა გოგონამ, - ჩვენ ისევ მეგობრები ვართ და დაგაკვირდები, ღირს თუ არა შენთან მეგობრობა.
- ჰმ, ლაბორატორიის ვირთხის როლს მთავაზობ?
- დაახლოებით, - მიუგო გოგონამ, - ახლა კი, თუ აღარაფერი გაქვს სათქმელი, შეგიძლია მიბრძანდე აქედან.
კოვაქსმა ირონიულად გაიღიმა.
- რამდენიმე წუთის წინ ხომ კარგად მეხუტებოდი?
- გაჩუმდი, - აენთო გოგონა და კვლავ გაუწითლდა ლოყები, - ეს შეცდომა იყო.
- შეცდომა? - თვალი-თვალში გაუყარა ვამპირმა.
- გაუგებრობა დავარქვათ, - ოქროს შუალედი მოძებნა მიამ, - აბა, დაგრჩა რამე სათქმელი?
კოვაქსი მოულოდნელად დასერიოზულდა.
- დიახ, ძალიან ბევრი, მაგრამ აქ არა, - მან მეზობლად მდგარ სახლებს გახედა, - შიგნით შემიპატიჟე, თორემ შენი მეზობლები დამინახავენ და ქუჩის ქალი ეგონები, - ბოლო სიტყვებს გულიანი ხარხარი მოაყოლა.
- ჯანდაბა, - მიამ მიმოიხედა, - კარგი...შემოდი, ოღონდ წესიერად მოიქეცი, გასაგებია?
- როგორც მიბრძანებ, - კოვაქსმა სახლში შეაბიჯა, სანამ კარს მიხურავდა, კიდევ ერთხელ დაძაბული მზერით მოათვალიერა გარემო.
მიამ მაცივრიდან გამაგრილებელი სასმლის ქილა გამოიღო, გახსნა და კოვაქსს მიაწოდა, თვითონ დივანზე დაჯდა, კუთხეში, ფეხები აიკეცა და კმაყოფილი მიაჩერდა შავგვრემან უკვდავს, გულში უხაროდა, რომ კოვაქსი მასთან იყო.
- აბა, კიდევ რა ხდება?
კოვაქსმა ამოიხვნეშა და მიას გვერდით ჩამოჯდა, მუხლებით თითქმის ეხებოდნენ ერთმანეთს.
- პოლიციამ გვამები აღმოაჩინა, - შუბლი მოისრისა მან, - ალბათ გეცოდინება...
- ჰო, - თავი დაუქნია მიამ, - კოლეჯშიც გამოაკრეს საინფორმაციო პლაკატები.
- მინდა რომ ფრთხილად იყო, - წყვდიადივით შავებით ჩააცქერდა შოკოლადისფერებში.
მიას გული გაუთბა, მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც მასზე ზრუნავდა.
- კარგი, შევეცდები.
- ცდა არ არის საკმარისი, - შუბლი შეკრა კოვაქსმა, - პოლიციას წარმოდგენაც კი არ აქვს, რასთან აქვს საქმე.
- მაშინ ყველანაირად შევეცდები, - გაუღიმა გოგონამ.
- კარგი, - კოვაქსი წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ მიას წინ შესდგა, - იცი, მინდოდა მეთქვა, რომ...
- ვიცი, - დაასწრო გოგონამ, - ყველაფერი. ამიტომ არ გამტყუნებ, მაგრამ უნდა შემპირდე, რომ რაც კასტორთან ჩაიდინე, აღარ განმეორდება.
- ვეცდები, - მიუგო კოვაქსმა, - სულ ესაა... სხვა რა ხდება შენსკენ?
- რა ვიცი, არაფერი, - მხრები აიჩეჩა გოგონამ, - ახალი ლექტორი გვყავს, ძალიან სიმპატიურია, გაბრიელი ჰქვია...
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ კოვაქსმა ხელი სტაცა და ტანზე მიიკრო, თითქმის გულში ჩაიკრა, გაფაციცებით მოათვალიერა ოთახი, შემდეგ მიასთვის ხელი არ გაუშვია, წამის უსწრაფესად გაჩნდა მეორე სართულზე და ყოველი კუთხე-კუნჭული დაათვალიერა.
- რა ხდება? - გოგონა მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო, ამიტომ სულაც არ ცდილობდა კოვაქსის ხელებისგან თავის დაღწევას, ტანით შეიგრძნობდა მის ათლეტურ აღნაგობას და ძალიან სიამოვნებდა.
- რა ფერის თვალები აქვს? გარეგნობა? საუბრის მანერა? - მიაყარა უკვდავმა.
- მწვანე თვალები აქვს, თმა უკან გადავარცხნილი, ქერა, მოკლე წვერს ატარებს, - მიუგო გოგონამ.
- ისაა, ის, - დაიღრინა კოვაქსმა, - გაბრიელი...
გოგონა მაშინვე მიხვდა, ვინც იგულისხმა კოვაქსმა, მაგრამ არაფერი უთქვია, მხოლოდ თანაგრძნობით მოუთათუნა მხარზე ხელი.
- და რისთვის ჩამოვიდა ის ქალაქში?
- არ ვიცი, - თავი გააქნია უკვდავმა, პირველ სართულზე ჩავიდა და მია ფრთხილად დაუშვა დივანზე, - მას და ტალიას შორის საუკუნობრივი მტრობაა, ალბათ გაიგო, რომ ტალია შენს სხეულშია.
- ჯანდაბა, - გოგონას თვალებში შიში ჩაუდგა, რაც წამსვე შენიშნა კოვაქსმა, ის კვლავ გვერდით მიუჯდა მიას და მოულოდნელად ხელი ხელზე დაადო ფრთხილად, გოგონას არ უცდია მისი ხელის მოშორება.
- ნუ გეშინია, - ჩუმად თქვა უკვდავმა, - მე დაგიცავ, ყოველთვის.
- ვიცი, - გაიღიმა გოგონამ.
- კარგი, - კოვაქსმა ჩაახველა, წამოდგა, - უნდა წავიდე.
მია წამოდგა, კოვაქსი კარამდე მიაცილა და როდესაც უკვდავი გავიდა, კარს მიეყრდნო, უკვდავი წასვლას არ ჩქარობდა, მომნუსხველი მზერით შეჰყურებდა და ძლივსშესამჩნევად უღიმოდა.
- რა?
მოულოდნელად კოვაქსი მის წინ გაჩნდა, ლოყებზე ხელები შემოაჭდო და სხეულით სხეულზე მიიკრა.
- ვერ გელევი, თავს ვერ განებებ...
გოგონას არაფერი უპასუხია, პენუარი გაღეღვოდა და მაღალი მკერდი სანახევროდ მოუჩანდა.
კოვაქსი ერთხანს გამომცდელად შეჰყურებდა თვალებში, შემდეგ თავი დაბლა დასწია და ვნებიანად დააკვდა ტუჩებზე, მიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მთელი არსებით მიენდო მას, კოვაქსი ვნებიანად ჰკოცნიდა, ტუჩებზე მსუბუქად კბენდა, შემდეგ სწრაფად ჩამოინაცვლა ნიკაპზე, მთელი სახე დაუკოცნა, ლოყები, თვალები, ყელს ჩამოჰყვა...
გოგონა ვნებისგან და სხეულში მოდებული ცეცხლისგან კვნესოდა და ძლიერად ეხუტებოდა ვამპირს, ტუჩებით და მთელი სხეულით შეიგრძნობდა კოვაქსის ტუჩების სიტკბოს და უჩვეულო არომატს.
ვამპირი ნელ-ნელა დამშვიდდა, მისი ტუჩები გოგონას ტუჩებს მოსწყდა, მია თავით მიეყრდნო კოვაქსს მკერდზე და თვალები დახუჭა. კოვაქსმა ორივე ხელი შემოხვია და მკერდში მჭიდროდ ჩაიკრა.
- მაპატიე...მაგრამ არ შემეძლო ეს ერთხელ მაინც არ გამეკეთებინა, ტკბილო, - მის თვალებში ჭინკებმა დაიწყეს ცეკვა, - ახლა შეგიძლია მეჩხუბო.
მია კიბის საფეხურზე ჩამოჯდა.
- ამას არ ვნანობ, - თქვა კოვაქსმა, - ძალიან ტკბილი ხარ, ძალიან, - ის დაიხარა, გოგონას მსუბუქად ეამბორა შოკოლადისფერ თმაზე და წამის მეასედში გაუჩინარდა.
მია ერთხანს სივრცეს გაჰყურებდა, ტუჩებზე ფრთხილად დააცურებდა თითებს, გული სიმხურვალით და სიხარულით ჰქონდა სავსე.
- არც მე ვნანობ, - ჩაიბურტყუნა და იმ მხარეს გაიხედა, სადაც შავგვრემანი პირველყოფილი გაუჩინარდა, - არა, არ ვნანობ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

რა კარგიაა :))
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline წევრი უცნაური მე

გმადლობ, რომ ითვალისწინებ მკითხველის აზრს.

 



№3  offline წევრი ჰაიკო

mirandaa31
რა კარგიაა :))

ისიამოვნე;)

უცნაური მე
გმადლობ, რომ ითვალისწინებ მკითხველის აზრს.

რათქმაუნდა, მკითხველის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№4  offline წევრი ბელუ შეროზია

აი ახლა ჩავუჯდები და წავიკითხავ! პაროლი არ მახსოვდა, აღდგენასაც ვერ ვაკეთებდი და დღეს შევძელი შემოსვლა smile ისე გახარებული ვარ რომ ეს ისტორია ნამდვილად არ მაწყენდა

 



№5  offline წევრი ჰაიკო

ბელუ შეროზია
აი ახლა ჩავუჯდები და წავიკითხავ! პაროლი არ მახსოვდა, აღდგენასაც ვერ ვაკეთებდი და დღეს შევძელი შემოსვლა smile ისე გახარებული ვარ რომ ეს ისტორია ნამდვილად არ მაწყენდა

ვაა ეს ვინ დაბრუნებულა;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№6  offline წევრი რუთენა

ძალიან, ძალიან კარგია <3
--------------------
რ/წ

 



№7  offline წევრი ჰაიკო

რუთენა
ძალიან, ძალიან კარგია <3

მადლობა რომ კითხულობ ჩემს ისტორიას:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№8  offline წევრი ჟიზელი

სად დაიკარგე. :(

 



№9 სტუმარი სტუმარი Cira

Ese didi shualedit interesi ikargeba.

 



№10  offline წევრი ჰაიკო

ბოდიშს გიხდით ყველას რომ ვაგვიანებ, რაღაც საქმეები მაქვს და.. სამშაბათიდან ჩვეულებრივ რიტმში გაგრძელდება.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№11  offline წევრი mirandaa31

ჰაიკო
ბოდიშს გიხდით ყველას რომ ვაგვიანებ, რაღაც საქმეები მაქვს და.. სამშაბათიდან ჩვეულებრივ რიტმში გაგრძელდება.

ველოდები სამშაბათს..
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent