შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედუინი (თავი 3. ფრენა ფრთებით)


9-07-2018, 13:25
ავტორი ნეფერტარი
ნანახია 206

ბედუინი (თავი 3. ფრენა ფრთებით)

ცოტა ხანს მეძინა, მაგრამ დამშვიდებულს გამეღვიძა. ჩემი საათი დილის ხუთს უჩვენებდა. სიზმარი ცხადად მახსოვდა. ისევ ვგრძნობდი მთელ სხეულზე სითბოს, მკლავებზე კი ცხენის ღონიერ და უღალატო კისერს. სიზმარი არ მეთმობოდა და დანანებით ამოვიხვენშე.

ჩინელი გოგონები გავაღვიძე. ნამძინარევი ღიმილით მადლობა გადამიხადეს და თვალების ფშვნეტით წამოდგნენ. მილოში სახელდახელო საუზმეს აცხელებდა ცეცხლზე. შეჯგუფებული კაცები დაკვირვებით ათვალიერებდნენ დიუნების კალთებს და ერთიმეორეს ჟესტიკულაციით აგებინებდნენ სათქმელს. არც ერთმა არ იცოდა ერთმანეთის ენა.

უდაბნოში მზის ამოსვლა პირველად უნდა მენახა და გაფაციცებით ველოდი. ნელ-ნელა აღმოსავლეთის ჰორიზონტზე დიუნების და აქა-იქ ამოშვერილმა კლდის წვერებმა ფერი იცვალეს, ოქროს გვირგვინები დაიდგეს და უჩვეულოდ აციალდნენ. არეკლილ სინათლეს თვალი რომ არ აეჭრელებინა, ხელით მოვიჩრდილე. ქვიშა ათასფრად ელვარებდა და სხივებს ისროდა. ნათება წარამარა იცვლიდა ფერს. სხივების მანათობელი ხიდები ერთი მწვერვალიდან მეორეზე გადადიოდნენ. დიუნებმა ნელ-ნელა დაუთმეს ოქროს გვირგვინები დღის მბრძანებელს და მის ნაცვლად ციდა ჩრდილები დაიკიდეს კისრებზე. მზემ ჰაერი საგრძნობლად გაათბო და ნიავმაც წამოუბერა.

მოულოდნელად მზე ორად გაიყო. ერთი მზე მეორის ქვეშ ჰორიზონტალურად გაწოლილიყო და ლიცლიცით ტრიალებდა. ქვიშის დიუნები ცაზე თავდაღმა დაეკიდნენ და წვერებით ნამდვილ დიუნებს დაუკავშირდნენ. ნამდვილი მზე დინჯად და დიდებულად ამოიზარადა და ანარეკლთან წრე შეკრა. ერთი მზე ზემოთ იწევდა, მეორე - ჩვენკენ.
საჰარის ცაზე ორი მზე ერთად ამოდიოდა.

-მირაჟი! - აღმომხდა განცვიფრებულს... სანახაობას ყველა მონუსხული მიაჩერდა. საჰარა თავის განსაკუთრებულ სილამაზეს გვიჩვენებდა. მირაჟმა ხუთოდე წამს იციალა და გაქრა.

საჰარაში გათენდა.
მილოშმა ცეცხლთან, საუზმეზე მიგვიპატიჟა და ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა. კაცები მოტოციკლებზე გაანაწილა, ჩინელი გოგონები და მე - კვადროციკლებზე. მერე სერფით უნდა გვესრიალა დიუნების კალთებზე. ყველაზე გაბედულებსა და თავზე ხელაღებულებს დელტაპლანი უცდიდა.

ჩადრის მოსახსნელად მანქანასთან მივბრუნდი და გარემოს თვალი მოვავლე. ვიგრძენი, რაღაც მოხდა. რაღაც ისე არ დამხვდა, როგორც დავტოვე. თუმცა, თითქოს არაფერი იყო შეცვლილი. გარემო უფრო ყურადღებით მოვათვალიერე. მოპირდაპირე დიუნის კალთაზე რამდენიმე ჩაღრმავება შევნიშნე, რომელიც ჩვენი ბანაკიდან მიემართებოდა. ნაკვალევი ქვიშას ამოევსო, მაგრამ კარგად ეტყობოდა. ადამიანისას მივამსგავსე და მილოშს დავანახვე. მან მხრები აიჩეჩა, ხელის ჩაქნევით მანიშნა, ეგ არაფერიაო და ბანაკისკენ მიმაბრუნა.

ძრავების გუგუნმა უდაბნოს სიჩუმე გააპო. სერფზე ყველამ უარი თქვა და მოტოციკლებს შემოასხდნენ. აღმუვლებული მოტოციკლები ქვიშის კალთებზე დაეშვნენ. ადრენალინმა მთელი ძალით იფეთქა და ჟივილ-ხივილად, ყვირილად და აზარტულ შეძახილებად გადმოსკდა. გოგოები ტოლს არ უდებდნენ კაცებს და თავიანთი კვადროციკლებით ეჯიბრებოდნენ, აღიზიანებდნენ, წინ ეჩხირებოდნენ, შემდეგ კი გაურბოდნენ. იყო თავდავიწყებული დევნა და ცალ ბორბალზე შემდგარი რკინის რაშების თავაწყვეტილი რბოლა. მოტოციკლები ერთი დიუნის კალთიდან დაბლა მიექანებოდნენ, მეორის კალთაზე ფრენით ადიოდნენ, ჰაერში ტრიალდებოდნენ, ეშვებოდნენ და ახლა სხვა დიუნის კალთაზე მიფრნავდნენ აღმა. გოგონები მოტოციკლებისთვის გზის მოჭრას ცდილობდნენ. კაცები ბრაზობდნენ, გოგონებს მისდევდნენ და კვადროციკლებიდან მათ გადმოყრას ცდილობდნენ.

მე ჩემი კვადროციკლით კუსავით მივღოღავდი ბაიკერების გატკეპნილ გზაზე და ჩემს გამომეტყველებაზე მთელი ჯგუფი ხალისით იცინოდა. მე ვითომ ვიბუტებოდი და ხუმრობით მუშტებს ვუქნევდი სიხარულით გაცისკროვნებულ ადამიანებს. როგორც იქნა, ბანაკში მივჩაქჩაქდი, ქვიშაზე გაბრაზებული გავიშოტე და ცას ავაცქერდი. მილოშს ჩემი განმარტოება და ბრაზი არ გამოჰპარვია და გვერდით მომიჯდა.ერთხანს დასავლეთს უყურა, მერე ნელა და ფრთხილად მკითხა:

- ნილნა, არ გინდა, ნამდვილი ბედნიერება იგრძნო ?
- როგორ?
- შეხედე... _ მილოშმა ფრთებგაშლილი მწვანე დელტაპლანი დამანახა.
- რას ამბობ, მილოშ, კვადროციკლით ძლივს დავღოღავდი და მაგაზე ხომ კისერს მოვიტეხ! მთელი შენი ქირურგიული ტალანტებიც კი არ გეყოფა ჩემს ასაწყობად, - გადავიხარხარე გულიანად.
- ნახე, რა კარგი ნიავია, თან საპირისპირო ნაკადებია ცაში. აქედან სამი კილომეტრის მოშორებით მშვენიერი კლდოვანი ქარაფია. ეს მოწყობილობა ძალიან მარტივია, უბრალოდ, სწრაფად უნდა მოძებნო ჰაერის ნაკადი და საჭე სწორად მართო, დაშვებისას კი ოცდაათგრადუსიანი კუთხით გადმოინაცვლო ჰაერის ქვედა ნაკადზე... როცა მიწასთან ახლოს მოხვალ, ფეხები უნდა გაითავისუფლო, დელტაპლანის ცხვირი ზემოთ ასწიო და დაჯდები. ერთხელ მაინც უნდა გაბედოს ადამიანმა ფრენა. ეს აუცილებელიც კია საკუთარი თავის შესაყვარებლად. - გაიღიმა მილოშმა.

- კარგი რა... - ხელი კი ჩავიქნიე, მაგრამ დელტაპლანს მაინც დაკვირვებით გავხედე.

- დაიცა, ნილნა, მე სერიოზულად გეუბნები, შენ უბრალოდ სცადე. ხომ ხედავ, როგორ დაგცინოდნენ ბაიკერები. იმათ უფრთოდ ფრენა იციან, სამაგიეროდ, შენ შეგიძლია, ფრთებით იფრინო და კამარა შეკრა საჰარის ცაში... ზემოდან ულამაზესია უდაბნო, დაუვიწყარი სანახაობაა. მთავარია, გეზი ქვიშრობისკენ გეჭიროს და დასავლეთით, ჰამადისკენ არ გაგიტაცოს ქარმა. ჰამადი კლდოვანი უდაბნოა და მანქანა ვერ გაივლის, აქ კი ქვიშრობია და ჯიპით წამში მოგადგები. არ შეგეშინდეს, მეც აქ არა ვარ? - თბილად შემომხედა მილოშმა. მერე ცოტა ხანს დაფიქრდა და დაამატა:

- არაფრად ღირს სიცოცხლე, თუ ერთხელ სიგიჟემდე არ გყვარებია, ერთხელ ცაში ჩიტივით არ გიფრენია და ერთხელ დიდი უნაგარო სიკეთე არ გაგიკეთებია. სხვა ყველაფერი ყოველდღიური ყოფაა.

- ფილოსოფოსიც ხარ, მილოშ ? - გამეღიმა ინსტრუქტორის ნათქვამზე.

- ეს სიცოცხლის საზრისია. ექიმი ვარ და სიკვდილს ხშირად ვხედავ. სიცოცხლის გადარჩენა დიდი მისიაა, მაგრამ ადამიანები ინსტინქტურად ებღაუჭებიან უბადრუკ სიცოცხლეს, რომელიც მიწაზე საღოღად, საკვების მოსაპოვებლად და ბავშვების გასაჩენად სჭირდებათ. იშვიათად შემხვედრია ვინმე, ვინც სიცოცხლის შესაგრძნობად და მისი არსის შესაცნობად დიდი რისკის გაწევას შეძლებდა საკუთარი სიცოცხლის ფასად.

- და რატომ გგონია, რომ მე შემიძლია? - ვკითხე და უფრო დაკვირვებით გავაცქერდი დელტაპლანის კონსტრუქციას, თითქოს რთული არ უნდა ყოფილიყო...

- წუხელ, როცა დიუნის თავზე იწექი და ღამის ცას ასცქეროდი, მაშინ ვიფიქრე, შეუძლია-მეთქი. თავის ფლობაც არ გიჭირს და ძლიერი ხარ. წუხანდელ ამბავზე სხვას ისტერიკა დაემართებოდა, შენ კი ისე მიამბე, თითქოს ძილის წინ ზღაპარს მიყვებოდი. ჯგუფის აქედან გასვლამდე ორი საათია დარჩენილი. როდის ან რა ადგილას მოგეცემა კიდევ ასეთი შესაძლებლობა? გაბედე და არ ინანებ. ბედნიერება ეგაა. მოიფიქრე, ნილნა, მანამდე სხვებს გავაფრთხილებ, რომ საათ-ნახევარში ბანაკში შეგროვდნენ.

მილოშს პასუხისთვის არ დაუცდია. კვადროციკლით დიუნის კალთაზე ირიბად დაეშვა და სწორედ მაშინ მიადგა ჩინელ გოგონებს, როცა მათ კორეელმა ბაიკერებმა კვადროციკლები ამოუყირავეს და მოტოციკლით თავზე გადააფრინდნენ.

ინსტრუქტორმა მართლაც კარგად იცოდა საჰარის ეს ნაწილი. მალე ჩვენი ჯიპიანად ქარაფის წვერზე ვიდექით. ჩემთვის დელტაპლანს ამზადებდა და თან გამოყენებას მასწავლიდა. ქარაფზე ქარი უბერავდა. თავზე არაბული ჰიჯაბი ისე მოვიხვიე, მხოლოდ თვალები მიჩანდა. მილოშმა ჩაფხუტი მომარგო. საჭის მოხმარების წესი ამიხსნა, ფეხებზე აპარატის მარყუჟები ამომაცვა, ტრაპეციაზე ხელები ჩამაჭიდებინა და ზუსტად ამიხსნა, როგორ უნდა გამომეყენებინა საკუთარი წონა სამართავად. მერე საფრენი ტრაექტორია ჰაერში ხელით მომიხაზა და მითხრა:

- გახედე, ნილნა, აქედან აღმოსავლეთით, ჰორიზონტამდე ქვიშრობი უდაბნოა, დასავლეთით კი ჰამადი - კლდოვანი უდაბნო იწყება. ჰამადისკენ თუ გაგიტაცა ქარმა, მაშინვე დაბლა ნაკადზე ჩამოინაცვლე და აღმოსვლეთისკენ მობრუნდი, აი, ასე.... - საჭირო მოძრაობა მიჩვენა მილოშმა, - ახლა კი ყველაზე სანუკვარზე იფიქრე! წარმოიდგინე, თითქოს, აი, იქ, ჰაერში კიდია. გაიქეცი, გაეკიდე და ფეხქვეშ არ იყურო, ქარაფის კიდეს გასცდები თუ არა, ჰორიზონტალურად გაწექი და გაფრინდი. დაჯდომისას მიწიდან სამი მეტრის სიმაღლეზე დელტაპლანის წვერი მაღლა სწრაფად ასწიე და ძალიან ადვილად დაჯდები... მიდი, ნილნა!

ადრენალინმა გული შემიფრიალა, მაგრამ უკან აღარ დამიხევია. მთელი ძალით გავიქეცი, ქარაფიდან მოწყვეტით გადავეშვი და თვალები დავხუჭე. რაღაც წამების მანძილზე თავისუფალი ვარდნით ვეშვებოდი, მაგრამ დელტამ სწრაფად დაიჭირა ქარი და ცისკენ წამიღო. ტრაპეციას ჩავებღაუჭე და ჰორიზონტალურად გავწექი.

გავბედე და თვალი გავახილე...
ვფრინავდი! ვფრინავდი! და მერე როგორ!

თავშეუკავებელი შეძახილი თავისით აღმომხდა და ქართულმა „ეჰეჰე... ჰეეეეიმ“ საჰარას გადაუქროლა. იმ წუთში არც კი მიფიქრია, რომ შეიძლება ჩამოვვარდნილიყავი და კისერი მომეტეხა ამ უკიდეგანო უდაბნოში. ცაში ჩიტივით ფრენა მართლა ღირდა მთელ დახარჯულ და დასახარჯ სიცოცხლედ... ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამოთხეში ნეტარებით დავლივლივებდი და არცერთი ცოდვა არ მამძიმებდა.

ჩვენი ბანაკიც გამოჩნდა. ბაიკერები გაკვირვებით შემოსცქეროდნენ ცაში გაშლილ ჩემს ულამაზეს მწვანე ფრთებს. მე, რომელიც კუსავით დავღოღავდი მიწაზე და მაქილიკებდნენ, ახლა მათ თავებს ზემოთ ფრთების შრიალით მივფრინავდი! სად შეეძლოთ ჩემამდე ამოღწევა.

ჰაერის ნაკადი მარჯვნივ წრიულად უხვევდა და მეც ირაოს შეკვრა გადავწყვიტე. ნელ-ნელა მოვბრუნდი, ორიენტირად ქარაფი და ზედ შემდგარი ჯიპი ავირჩიე. მილოში ორივე ცერს მაღლა იშვერდა და ხელით მიჩვენებდა მორიგ ტრაექტორიას.

„ახლა რაც გინდა მოხდეს!“ - გავიფიქრე და ვიგრძენი, ცაში ფრენამ როგორი ღირსებით ამავსო და გამაამაყა. ამ რამდენიმე წუთმა მთლიანად შემცვალა, დაფიქრებაც კი დამჭირდა იმის გასარკვევად, მე, მართლა ის „მე“ ვიყავი თუ აღარ?! ცას და მიწას ერთად ვათვალიერებდი. დიუნებს კლდეები ცვლიდა, მერე ისევ დიუნები და კლდეები... ყველაფერი ხელისგულზე მოჩანდა... მიწა ჩემ ქვემოთ მიცურავდა.

საჰარა თავის სახეს უშურველად მიჩვენებდა ჩადრმოხდილი ქალივით.

ნამდვილ საჰარას ვხედავდი, ზუსტად ისეთს, როგორიც ოცნებებში მქონდა წარმოდგენილი.
ყველაფერი ძალზე ნატიფად იყო დახატული დედამიწაზე. უდაბნოს თეთრი და უდაბნოს ყვითელი ყველაზე ლამაზ ფერებად მეჩვენებოდა, ქვიშის მთების მოხაზულობა - ყველაზე ნარნარ ხაზებად. მათ კალთებზე მოდებული ქვიშის მომცრო შლილი ტალღები უნაზესი ლივლივით გადადიოდნენ ერთმანეთში და უსასრულობაში იკარგებოდნენ. საჰარის ქვიშისფერი მზე ჩემს ბეჭთან ეკიდა და აღმოსავლეთს მიჩვენებდა.

სიხარულის და ბედნიერების განცდა ყელში მომებჯინა.
უნებურად ცრემლები წამომივიდა. ბედნიერებისგან უხმოდ ვტიროდი.
ნაცნობ ჰორიზონტს ზემოდან დავცქეროდი და თანაც წინ ახალი და უცნობი ჰორიზონტი მქონდა - ზეციდან დანახული ჰორიზონტი. მივფრინავდი და ვგრძნობდი, როგორ დასრიალებდა ქარი ჩემს სხეულზე. ძალიან მსიამოვნებდა მისი შეხება, მიხაროდა, რომ სიცოცხლეში პირველად დავიჭირე ქარი და ისიც საჰარის თავზე.

ო, რა მადლობელი ვიყავი მილოშის!.. ისევ ქარაფისკენ გადავწყვიტე მობრუნება. დიდი ნახევარწრის გაკეთება იყო საჭირო ჰამადის თავზე და ცოტა შევშინდი. კარგა ხანი იყო, მილოში ხელს მიქნევდა, მობრუნდიო, დასაშვებ ადგილს მიჩვენებდა ქარაფის ქვემოთ გაშლილ ქვიშრობზე... მეც ჩავდივარო - მანიშნა. ჯიპს ეცა და ისეთი სისწრაფით დაიძრა, კარი არც მიუკეტავს.

ტრაპეციას ჩავეჭიდე და წრეზე მობრუნება დავიწყე. ის იყო ცაში ნახევარწრე შემოვხაზე, რომ უცბად ჰამადის კლდეებს შორის ჩვენკენ მომავალ ვიწრო ხეობაში ადამიანების ჯგუფი დავინახე, ორი დახურული სატვირთო მანქანით და ერთი ჯიპით. ათნი იყვნენ. ჯერ სხვა ტურისტული ჯგუფი მეგონა, მაგრამ ყველას თეთრი გალაბია ეცვა და თავზე იგალით დამაგრებული შემაგები ეხურათ.

„არაბები! სანადიროდ არიან? მაგრამ ანტილოპების რემა რომ არ დამინახავს? “ - უცებ დიუნის კალთაზე წუხელ ორჯერ გასრიალებული ჩრდილი გამახსენდა. მერე წუხელ შემჩნეული და ამდილანდელი წაშლილი ნაკვალევი ამომიტივტივდა გონებაში. ავფორიაქდი. ბანაკამდე მანძილი თვალით გავზომე. ჩემი ქარაფი უფრო ახლოს მეჩვენა. მილოშიც უკვე ქვიშრობზე მიცდიდა.

„როგორმე უნდა ვანიშნო, რომ აქ ვიღაცები არიან... შეიძლება ჩვენზეც არიან დაგეშილები.“
მილოშს ვუახლოვდებოდი. ძლივს გავითავისუფლე მარცხენა ხელი. დელტაპლანი მაშინვე მარჯვნივ დაქანდა. ორი თითი თვალებთან მივიტანე, არაბების ადგილსამყოფელზე ხელით მივანიშნე და ორჯერ ვაჩვენე გაშლილი ხუთი თითი. ტრაპეციას ისევ ორივე ხელით ჩავეჭიდე და შიშისაგან გულშექანებულმა დელტაპლანი ძლივს გავასწორე. კიდევ ერთი, ოღონდ პატარა წრის შემოვლა მჭირდებოდა უსაფრთხოდ დასაშვებად. ქარის ნაკადზე ჩამოვინაცვლე. დასაშვებ ადგილს ვარჩევდი. მოულოდნელად მარჯვენა ფეხის წვივი მწარედ ამეწვა. ფეხი შევარხიე, თითქოს არაფერი მჭირდა, მაგრამ აუტანელმა წვამ მთელი სხეული გამისერა და გულამდე ამოაღწია. წამში ცივმა, წებოვანმა ოფლმა დამასხა და თვალი მომჭრა მანქანის მინიდან არეკლილმა სხივმა. თვალები მოვჭუტე. მილოში რაღაცას მანიშნებდა სარკით. უკვე ახლოს ვიყავი და ინსტრუქტორს კარგად ვხედავდი.
„რაში სჭირდება სარკე?“ - გავიფიქრე თუ არა, მისი გაქვავებული სახე უცხოდ შემომეფეთა.
მილოში ჯიპთან ჩაჩოქილიყო, ხელში სარკე კი არა, ვერცხლისფერი მაყუჩიანი პისტოლეტი ეჭირა.
მე მიმიზნებდა...

თვალებს არ დავუჯერე, მაგრამ ტყვიამ დელტაპლანის ფრთა გახვრიტა. დელტაპლანი ინსტინქტურად მოწყვეტით მარჯვნივ გადავაქანე და ქარის ზედა ნაკადს დავუბრუნდი. შიშმა ერთიანად შემიპყრო. შევეცადე, მორიგი ტყვია როგორმე ამერიდებინა.

ბანაკისკენ მოვიხედე. არაბებს ტურისტები თავიანთი სატვირთო მანქანების ალყაში მოექციათ, წრე შეეკრათ ბანაკის გარშემო და ძარაში ხალხს და მოტოციკლებს ერთად ყრიდნენ. ზოგიერთი გამბედავი წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ სასტიკად სცემდნენ ავტომატის კონდახებით. ჩინელი გოგონების კივილი მესმოდა, კაცები გინებით და მუჯლუგუნებით გაწეწილებს ქვიშაზე მიათრევდნენ მანქანაში შესაგდებად. მივხვდი, ფეხშიც ტყვია მქონდა მოხვედრილი. თავის გადასარჩენად დელტაპლანით უნდა გავქცეულიყავი, ჰაერით უფრო სწრაფად გავეცლებოდი ამ ადგილს. მილოშის, არაბების და ბანაკის სამკუთხედი მახე იყო. მზე მიჩვენებდა, რომ აღმოსავლეთისკენ მივფრინავდი, მე კი კლოდვანი უდაბნოსკენ უნდა შევბრუნებულიყავი, სადაც მანქანებით ვერ გამომეკიდებოდნენ. ისე სწრაფად ჩამოვინაცვლე ჰაერის ქვედა ნაკადზე, სული შემეხუთა. დიდი წვალებით შევბრუნდი დასავლეთისკენ. დელტაპლანმა დაიტკარცალა და ჰაერს ნაკადმა სწრაფად გამიტაცა ჰამადისკენ.

შიშისგან და მომხდარისგან დაზაფრული, აღარც ვაქცევდი ყურადღებას საით მივფრინავდი. ცრემლი ღაპაღუპით მდიოდა და მექანიკურად ვებღაუჭებოდი დელტაპლანის ტრაპეციას. მანქანები დიდი სისწრაფით დაიძრნენ, მათ უკან ქვიშიანი მტვრის ბუღი გველეშაპის კუდივით აქანავდა და მალევე მიეფარნენ თვალს. რამდენიმე კაცი დარჩა, რომლებიც ჩემი მიმართულებით იშვერდნენ ხელს. ქარი დასავლეთისკენ ისე სწრაფად მიმაქანებდა, მალე მხედველობიდან ის ადგილი საერთოდ დავკარგე.

მზე ზენიტში ავიდა და სასტიკად დაცხა.

ხელები დამეღალა, ოფლისაგან მთლიანად სველი ვიყავი, დაბუჟებულ ფეხს ვეღარ ვგრძნობდი. რამდენ ხანს მივფრინავდი, ვერ ვიხსენებდი. უკვე ანგარიშმიუცემლად ვეკიდე დელტაპლანზე და ჩემ წინ მოულოდნელად გამოჩენილ სიმწვანეს შევჩერებოდი, რომელიც კლდეებში ჩაკარგულ ტაფობს მიაგავდა.

„ოაზისია? ბაჰრის ოაზისი?.." - გავიფიქრე და დაშვებისთვის მოვემზადე. ფეხის ყოველი შერხევა აუტანელ ტკივილს მაყენებდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სიმწვანეს, უფრო მშორდებოდა...
- მირაჟია!.. - როგორც იქნა მივხვდი.

უკვე ჰამადში ვიყავი. ქარით დაბერილი დელტაპლანი ქარის ნაკადზე ეკიდა და შეუჩერებლად ტკარცალებდა, თითქოს მახსენებდა, ნამდვილი ფრთოსანი არ ვიყავი. ჰაერი მტრულად განწყობილ სტიქიად იქცა და ავად მანიშნებდა, რომ მე, უბადურკ ორფეხას, მხოლოდ მიწაზე შემეძლო მეღოღა და ცაში ჩემი ადგილი სულაც არ იყო. ახლა მიწა მენატრებოდა, მხოლოდ მიწა მინდოდა.

კლდოვანი უდაბნო მომძლავრდა. ქარის ნაკადს პირდაპირ კლდეებისკენ მივყავდი, ზედ რომ არ შევსკდომოდი როგორმე უმტკივნეულოდ უნდა დავშვებულიყავი. კლდეებს ათიოდე მეტრიღა მაშორებდა და სწრაფად ვარჩევდი დასაშვებ ადგილს. ძლივს შევნიშნე კლდეებს შორის პატარა ქვიშიანი ტაფობი. ფეხები მარყუჟებისგან გავითავისუფლე, მტკივან ფეხს ძალიან ვუფრთხილდებოდი, და ყურადღება გამეფანტა. ტრაპეცია უხერხულად მივაბრუნე და ტაფობს ავცდი. კლდოვანი ქარაფის კბილები ძალიან ახლოს რომ დავინახე, უკვე გვიან იყო. ნატკენი ფეხით და მარჯვენა მხარით კბოდეს ისე მივეხალე მთელი ძალით, რომ ტრაპეცია გადატყდა, დელტაპლანი უკან გადაიხარა, პირაღმა ამომატრიალა და მომწყდა. ოთხიოდე მეტრის სიმაღლიდან მთელი სიმძიმით გულაღმა დავენარცხე მიწას. დელტაპლანის გადარჩენილმა ნაწილმა თავზე გადამიფრინა და უჩემოდ გააგრძელა გზა.

დაცემისას დაჭრილი ფეხი ცუდად მომეკეცა და ისე მეტკინა, ლამის გონება დავკარგე. ჩაფხუტი ძლივს მოვიხსენი და ქარაფთან წვალებით მივხოხდი. ჩრდილის ვიწრო ზოლი მკერდამდე მომწვდა. ფეხი გაუჩერებლად და ძლიერად მტკიოდა. ტანსაცმელზე ხელი მოვისვი და ჯიბეები მოვისინჯე. მთელი ჩემი ავლადიდება წუხანდლიდან შემორჩენილი ნახევარი ბოთლი წყალი, დანა, მაჯის საათი, სიგარეტი, სანთებელა და მარშრუტის რუკა იყო.

ქარაფს ზურგით მივეყრდენი. ნატკენი ფეხი ორივე ხელით მუხლში მოვხარე და ჭრილობის გარშემო სისხლით გაჟღენთილი ქსოვილი დანით გაჭირვებით შემოვჭერი. ნატყვიარს დავაკვირდი. შედედებული შინდისფერი სისხლი წვრილად გადმოდიოდა. ტყვია ფეხში მქონდა. თავიდან ჰიჯაბი მოვიგლიჯე და გავხიე. ერთი ნახევარი კბილებში ჩავიდე, მეორე სახვევად მოვამზადე. დანის წვერი სანთებელას პატარა ალზე გადავატარე და ჭრილობას სწრაფად დავუსვი. ბასრმა დანამ სამართებელივით გაჭრა კუნთი. ნეკით ტყვიას მივწვდი, დანის წვერი მივახმარე და, როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით ამოვიღე. საზარელმა ტკივილმა გული კინაღამ მართლა გამიჩერა. ჩემმა შეკივლებამ უდაბნოს შედედებული ჰაერი გასერა და ჰამადში ჩაიკარგა. გულამომჯდარი ვტიროდი, ტკივილი კი არა და არ ნელდებოდა და ბოლო ძალას მაცლიდა. ხელით ცრემლებს ვიწმენდდი და სლუკუნით ვცდილობდი, ფეხი როგორმე შემეხვია და გონება არ დამეკარგა.

როგორც იქნა, სული მოვითქვი. დარჩენილი წყალი გავყავი, ნაწილით ჭრილობა მოვიბანე, სიგარეტიდან წამოყრილი თამბაქო ჭრილობაზე დავიყარე და ფეხი მჭიდროდ შევიხვიე. ბოთლში ერთი ჭიქა წყალი დარჩა. თავი დავახურე და ჩრდილში მივწიე. დაბუჟებული ფეხი წვალებით გავშალე. მოძრაობაზე ტკივილი ისევ ტვინში ამივარდა და ყველა ნერვს დაუარა.
ქარაფს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე...
„ოღონდ ფეხი არ დამიჩირქდეს, ოღონდ სიარული შევძლო, კომპასი და რუკა ხომ მაქვს... აქ რომ მიპოვოს მილოშმა და მომკლას? თუმცა ჯიპით აქ ვერ შემოვა. იფიქრებს, ჩამოვარდა და ამ კლდეებში კისერი თვითონ მოიტეხაო. არ მომძებნის. მაგრამ იქნებ მუჰამედმა მომძებნოს, იქნებ მიპოვოს... რა უნდოდა, რატომ მესროლა?! თან როგორ მიმიზნებდა, როგორ ცდილობდა, არ აეცილებინა...“ - ვფიქრობდი და თან ტკივილს ვუსმენდი.

ახლა რაღა უნდა მექნა? სამი ამოცანა მქონდა. პირველი, მიუხედავად აუტანელი სიცხისა და გადატანილი განსაცდელისა, სანამ დღე იყო, როგორმე უნდა დამეძინა ძალების მოსაკრებად. ეს ენერგიას და წყალს დამიზოგავდა, მეორე, თუნდაც გაუსაძლისი ტკივილისაგან, გონება არ უნდა დამეკარგა და მესამე, ღამის სიცივისთვის უნდა გამეძლო.

გარემო მოვათვალიერე. ჩემ უკან, ეტყობა, პატარა ქარაფი იყო, ჩემ წინ - ის ქვიშის ბორცვი, რომელზეც დავენარცხე. მის იქით - ისევ კლდოვანი ქარაფი. გარშემო სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ჩანდა, მხოლოდ ქვიშა და კლდეები... და უცებ გავიაზრე, რა მოხდა და სად ვიყავი...
აფრიკა.
საჰარა.
ჰამადი.
ვიწექი უდაბნოში... მარტო... უცნობ ადგილას, თაკარა სიცხეში... დაჭრილი და მშიერი. სიარული არ შემეძლო. შუადღის სიცხისგან საფარი მჭირდებოდა და არ მქონდა; ღამის სიცივისგან დასაცავად ცეცხლი მჭირდებოდა და ვერც მას მოვიპოვებდი. სიკვდილი სულ ახლოს, ჩემ წინ, ქვიშის პატარა ბორცვზე ჩამომჯდარიყო. ქვიშის სახე და სხეული ჰქონდა... სახელად საჰარა ერქვა. ცელის ნაცვლად ქვიშის პეშვი მოემარჯვებინა. შიგ წყალი ესხა, რომელიც წვეთებად იღვრებოდა და ჰაერშივე შრებოდა.

ეს უკვე აღარ იყო მირაჟი... თვალი ავარიდე და ცას გავხედე...
ახლა მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი და ერთი მუჭა იმედიღა მქონდა.
ხელი მუშტად შევკარი და გულთან მივიტანე.
იმედი ზუსტად გულისხელა იყო.

(გაგრძელდება)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ნამდვილი, კლასიკური სათავგადასავლო წიგნია.
ცხადად წარმომიდგა ყოველი დეტალი. იმ მანქანაშიც მეძინა, დელტაპლანითაც ვიფრინე, ჩამოვვარდი, ტყვიაც მესროლეს და უდაბნოს ქვიშასთან მარტოც დავრჩი. ბრავო ნინა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent