შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლში მოცეკვავე (თავი 22,23,24,25)


11-07-2018, 02:30
ნანახია 201

სისხლში მოცეკვავე (თავი 22,23,24,25)

თავი 22
ქალბატონმა ლუსიმ რამდენიმე დღით კალიფორნიაში, თავის დის მოსანახულებლად მოისურვა წასვლა. ლორენი მეუღლესთან ერთად მთაში, დიდ რანჩოში ცხოვრობდა, ცხენებს უვლიდა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოფისში აგენტად მუშაობდა და თავს ამით ირჩენდა. საღამო ხანი იყო, როდესაც პალმ სპრინგსის საერთაშორისო აეროპორტში ლუსის დის ქმარმა, ჰოვარდ მეიერმა სახლში წასაყვანად მანქანით მიაკითხა:
-როგორ ხართ?
-როგორ ვიქნებით, ჰოვარდ? ლიზას ამბავმა ყველა გაგვანადგურა. ძნელია, უყურო საკუთარ შვილს, რომელიც ყოველ დღე, ასეთ საშინელ წუთებს განიცდის.
-მესმის. პოლიცია რას ამბობს, ახალი ხომ არაფერია?
-ჯერ-ჯერობით არაფერი. სამხილები არ აქვთ, მოწმეები არ ჰყავთ. ეს ართულებს საქმეს. ახლა, ლიზას დღიურზე მუშაობენ, შეიძლება კვალზე გაგვიყვანოსო და ვნახოთ, რა იქნება.
-ლიზას დღიური?
-ჰო, ჩანთაში უპოვეს.
-საინტერესოა.
-შენ როგორ ხარ?
-არამიშავს, ვმუშაობ, ჯერ-ჯერობით ჯანმრეთელობა ხელს მიწყობს.
-შეკვეთები გაქვს?
-კი, არ ვუჩივი. თვეში ოთხ ბუხარს მაინც ვაკეთებთ.
-კარგია. პრეტენზიული კლიენტები ხომ არ გყავს?
-მაგათ გარეშე როგორ იქნება? -გაეცინა ჰოვარდს.
-მართალი ხარ.
-ესეიგი, ლიზას დღიურზე მუშაობენ, არა? -გამოძიების თემას მიუბრუნდა ჰოვარდი.
-ჰო, რა იყო?
-არა, არაფერი. პირიქით, კარგია, იქნებ რაღაცას მიაგნონ.
-ჰო...
-იცით, რა წერია დღიურში, თუ ჯერ არა?
-ლიზა ქართულ ენაზე წერდა, ამიტომ ჩვენ არ ვიცით იქ რა წერია, მაგრამ როგორც დედამისი ამბობს, ისეთი არაფერი, განსაკუთრებულ ყურადღებას რომ იმსახურებდეს. ჯერ უნდა გადაითარგმნოს და მერე ვნახოთ. მოკლედ, ველოდებით რას იტყვის პოლიცია. იმედი მაქვს, სიმართლე გაირკვევა. შენ ის მითხარი, ჩემი და როგორ არის?
-კარგად, ვახშამს გიმზადებს, ლუსის სათანადოდ უნდა დავხვდეო. -გაეცინა მამაკაცს.
-რას ამზადებს?
-ზღვის პროდუქტებს გიმზადებს.
-იცის, რაც მიყვარს.-თვალები გაუნათდა ლუსის.
-სხვა როგორ ხართ? დეივიდი როგორ არის?
-ხომ გითხარი, ძალიან დათრგუნულია. ვცდილობ, ვანუგეშო, მაგრამ არ გამომდის.
-ისევ იქ მუშაობს?
-კი, იქ მუშაობს.
-მახსოვს, ერთხელ თანამშრომელ ქალთან ერთად იყო კალიფორნიაში ჩამოსული, ჩვენთანაც მოვიდნენ სტუმრად.
-აილინზე ამბობ?
-კი, სწორედ ეგ სახელი ერქვა.
-მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ეს მაშინ იყო, სანამ ლიზას გაიცნობდა.
-რა მოხდა, რატომ დაშორდნენ ერთმანეთს?
-სიმართლე გითხრა, არ ვიცი, მაგრამ რთული ხასიათის გოგო იყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ მათ ურთიერთობას დიდი დღე არ ეწერა, მაგრამ ამას როგორ ვეტყოდი დეივიდს? არ მინდოდა, გული სტკენოდა. ხომ იცი, მის პირად ცხოვრებაში არასოდეს ჩავრეულვარ. თვითონაც ისეთია, არც მოეწონება.
-ახლა სად არის აილინი?
-ისევ დეივიდთან მუშაობს და როგორც ვიცი, სხვაზე დაქორწინდა.
-პირველი ცოლი როგორ არის, კავშირი გაქვთ?
-პირველმა ცოლმა ნარკოტიკებს თავი დაანება და სარეაბილიტაციო კურსს გადის. ადრინდელივით მანჰეტენზე ოჯახის ბიზნესს უძღვება.
-კარგია, რომ ნარკოტიკებს აღარ ეკარება. როგორც ჩანს, შვილის დაკარგვისგან მიღებულ ტრამვას საბოლოოდ მოერია.
-მორევით რა გითხრა, ამ ტკივილს რომელი მშობელი გაუმკლავდება, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ცხოვრებისკენ ისევ მოიხედა. ეჰ, რამდენჯერაც პატარა ენდრიუ გამახსენდება, იმდენჯერ ცხადად წარმომიდგება ხოლმე, როგორ გამოგვეცალა ხელიდან და ლამის გული გამეგლიჯოს. შენ რა გგონია, ან დეივიდი და ან ევა მას როდისმე დაივიწყებს? არასოდეს!
-მართალია. -დაეთანხმა ჰოვარდი.
-ჰოვარდ, ეს ხომ თქვენი სახლია, რატომ გაცდი? -სახე შეეცვალა ლუსის.
-აჰ, ბოდიშს ვიხდი, ლაპარაკში გავერთე და ამის ბრალია. -კეფაზე ხელი მოიკიდა დაბნეულმა მამაკაცმა და მანქანა უკან დახია.
-რა გჭირს, ხომ კარგად ხარ?
-ფიქრებს გავყევი. - გაეღიმა მამაკაცს.
-მესმის, მძიმე დიალოგი გვქონდა. -ამოიოხრა ლუსიმ.
მანქანიდან გადმოვიდნენ და სახლში შევიდნენ. ლორენი იქ არ დაუხვდათ, საჯინიბოში ცხენებთან წასულიყო და საკვებს აძლევდა. ცოტა ხანში, კოვბოის ქუდით, ჯინსებით, ჩექმებით და კუბოკრული პერანგით შემოსული ლორენიც გამოჩნდა და დის დანახვაზე სახე გაებადრა.
-რატომ არ დამირეკეთ, როცა მოხვედით? მობილური ტელეფონი მუდამ თან დამაქვს. -უსაყვედურასავით ახლად მისულებს.
-არ გვინდოდა, საყვარელი ცხოველებისთვის ჭამის სიამოვნება მოგეკლო. -გაეხუმრა ჰოვარდი ცოლს.
-მერე რა მოხდა, გვიან ვაჭმევდი. -კისკისებდა ლორენი, მერე დას მიუბრუნდა: - როგორ იმგზავრე?
-კარგად, მადლობა.
-იმისთანა ვახშამი მოგიმზადე, სჯობს აღარ დავაყოვნოთ და მაგიდის გაშლას შევუდგები.
-მოგეხმარები. -ფეხზე წამოდგა ლუსი.
-იყოს, თავადაც მივხედავ, დაისვენე, დაღლილი იქნები.
-როგორც გინდა. -აღარ შეეწინააღმდეგა დას.
ვიდრე ლორენი მაგიდას გააწყობდა, ლუსი გარეთ გავიდა და ძაღლებს ესიყვარულებოდა, ფიქრებით კი სხვაგან წასულიყო.

***
მეორე დილას, ჰოვარდი სამუშაო ტანსაცმელში გამოეწყო, ხელსაწყოები მანქანის საბარგულში ჩაალაგა და ქალბატონებთან სასაუზმოდ მოემზადა.
-იცი, ჰოვარდ, -წამოიწყო ლუსიმ. -მთელი ღამე ვფიქრობდი შენს სიტყვებზე.
-რასთან დაკავშირებით?
-გუშინ რომ დეივიდის წარსული სასიყვარულო კავშირები გაიხსენე, მივხვდი, შენი ეჭვები საით მიგყავდა.
-ეჭვი ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაგვიჩნდეს, მაგრამ ამავდროულად რეალობა სულ სხვა იყოს.
-რაზე ლაპარაკობთ?-საუბარში ჩაერთო ლორენი.
-გუშინ, ვიდრე აეროპორტიდან სახლამდე მოვიდოდით, დეივიდზე და მის წარსულ სიყვარულზე ვსაუბრობდით. ჰოვარდს ჰგონია, რომელიმე მათგანმა მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.
-მე არაფერი მგონია ლუსი, უბრალოდ გამორიცხული არ არის. -ამის თქმა მინდოდა.
-რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ მკვლელი მამაკაცია.
-მერე რა, შეიძლება ის მამაკაცი ქალის დაქირავებულიც იყოს.
-ღმერთო, უკვე აღარ ვიცი ვისზე ვიფიქრო, თავში დიდი აბდა-უბდა მაქვს.
-მოდი გავყვეთ, ვის შეიძლებოდა, ლიზას სიკვდილით ხელი მოეთბო? -ისევ ჩაერთო საუბარში ლორენი.
-ვერ გეტყვი ლორენ, შეიძლება ეს მკვლელობა ისეთის ჩადენილი იყოს, ჩვენ რომ ეჭვითაც ვერ მივალთ, ამიტომ მირჩევნია, ცოდვა არ ჩავიდინო და ხელი არავის დავადო. ისე, უამრავი ვინმე შეიძლებოდა ყოფილიყო, ვისაც ლიზას სიკვდილი აწყობდა. ამ თემაზე მე და დეივიდს ბევრჯერ გვიმსჯელია.-მძიმედ ამოისუნთქა ლუსიმ.
-კარგი, სჯობს, სხვა თემაზე ვისაუბროთ. ვატყობ, ყველას ძალიან გვამძიმებს ლიზას მკვლელობაზე საუბარი. -რას იტყვი ჰოვარდ?-მიუტრიალდა ლორენი მეუღლეს.
-რა თქმა უნდა. -დაეთანხმა მეუღლეს. საუზმის დროს, მამაკაცი დროდადრო მაჯის საათს უყურებდა, რომ დრო ეკონტროლებინა და სამსახურში არ დაგვიანებოდა.
-დღეს, მე და ლუსი მოლში მივდივართ, რამე ხომ არ გინდა, გიყიდო?
-გასულ კვირას, სამუშაო ფეხსაცმელი რომ ვნახეთ, წინ რკინით გაწყობილი, თუ კიდევ არის იმ მაღაზიაში, მიყიდე და სახლში რომ მოხვალ, ფულს მოგცემ.
-კარგი.
-ზომა ხომ გახსოვს?
-42.
-ყოჩაღ!-თვალი ჩაუკრა მეუღლეს. მერე წამოდგა და დაიბარა, საღამოს ექვსი საათისთვის დავბრუნდებიო.
ლორენმა ქმარი გააცილა და ცხოველების გამოსაკვებად გარეთ გავიდა. ლუსიმ მაგიდა აალაგა და ისევ ფიქრებთან განმარტოვდა. ერთ საათში დები მანქანაში ისხდნენ და სავაჭრო ცენტრისკენ მიდიოდნენ.
-ლორენ, როგორ მიდის სამსახურის ამბები?
-კარგად, არ ვუჩივი. ღვთის წყალობით თვეში ორ-სამ ბინას ვყიდი, ზოგს ვაქირავებ და ასე თუ ისე, შემოსავალი მყოფნის.
-ალბათ, ჰოვარდიც გეხმარება.
-აბა, რაა? სხვანაირად, ამხელა ხარჯებს რანჩოში როგორ გავწვდებით? ჰოვარდიც ბევრს მუშაობს და მეხმარება. რატომ მეკითხები?
-არა, ისე...
-მისმა ნამუშევრებმა ისე გაითქვეს სახელი, ერთმა კლიენტმა ამას წინათ, ნიუ-იორკის შტატში მიიწვია და იქ გააკეთებინა მარმარილოს დიდი ბუხარი. სახლი კი არა, სასახლე ჰქონდაო-გაოცებული ამბობდა, როცა ჩამოვიდა.
-ნიუ-იორკში იყო და ჩვენ არ გვინახულა? ეს როდის მოხდა?
-დეკემბრის დასაწყისი იყო, სადღაც ათი დღე დარჩა. ხომ იცი, როგორი დატვირთული გრაფიკი აქვს, თან თქვენგან შორს, Upstate New-York-ში მუშაობდა.
-რომელ ქალაქში იყო?
-მგონი კუპერსთაუნში, ოთსეგოს ტბასთან ახლოს.-ამბობდა, ულამაზესიაო. აუცილებლად მინდა, ერთ ზაფხულს იმ ადგილს ვეწვიო და დავისვენო.
-ჰო, კარგი იქნება. -განწყობა შეეცვალა ლუსის.
-რა მოხდა, ცუდად ხომ არ ხარ? -მალე შეამჩნია გუნების შეცვლა ლორენმა დას.
-არა, რაღაცაზე ჩავფიქრდი, ყურადღებას ნუ მომაქცევ.
იმ დღეს, დებს საყიდლებზე დიდ ხანს არ უვლიათ. მხოლოდ საჭირო ნივთები და რამდენიმე ხელი ტანსაცმელი შეიძინეს. შემდეგ პიცა და გაზიანი სასმელი მიირთვეს და სახლში დაბრუნდნენ. ლორენი საჯინიბოსკენ გაემართა და დაღლილობის მოსახსნელად საყვარელ ცხენთან ერთად მთაში გაიჭრა. ლუსიმ თავის ტკივილი მოიმიზეზა და სახლში დარჩა.


***
ლუსიმ გეგმები შეცვალა და მეორე დილით, ნიუ-იორკში გამგზავრება გადაწყვიტა. გონებაარეულმა გაიარა რეგისტრაცია და ავტომატურად მიჰყვა წესებს. როგორც კი თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩნდა, მთელი ღამის უძინარი მალევე ძილმა წაიღო. ძილბურანიდან გამოსული კვლავ თავის ფიქრებს დაუბრუნდა და ცდილობდა, ჰოვარდი ლიზას მკვლელობისთვის დაეკავშირებინა. ფიქრობდა მოტივზე, რა შემთხვევაში აწყობდა მამაკაცს, ლუსის რძალი მოეკლა, მაგრამ ამოცანას ახსნა ვერ მოუძებნა. ბოლოს, საკუთარი აზრების თავად შერცხვა და ფიქრი შეწყვიტა.

თავი 23
დეტექტივები და კაპიტანი ფერგესი ლიზას მკვლელობის საქმეში ამოტივტივებულ ახალ დეტალებზე მსჯელობდნენ:
-დადგინდა, რომ დღიური ნამდვილად ლიზა მეტრეველის ხელით არის დაწერილი. ასევე უკვე ითარგმნა კიდეც და დიდი იმედი მქონდა, რომ რამე ახალს ვიპოვიდით, მაგრამ ყველაფერს ის ართულებს, რომ გარდაცვლილის ხელით ბოლო გვერდზე დაწერილი წერილი არანაირ კოდირებულ და დაშიფრულ ანბანში არ ჯდება.
-არა და როგორი იმედი მქონდა... -სინანულით თქვა რებეკამ.
-როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, ლიზას მიერ მოხაზული უცნაური გამოსახულების ასოები ძველი ქართული დამწერლობის ასოებს წააგავს, თუმცა არც ერთი მათგანი ემთხვევა მათ რეალურ მნიშვნელობას, რომ სიტყვები შედგეს და გარდაცვლილის მიერ დაწერილი ტექსტი გაიშიფროს.-გააგრძელა ფერგესმა.
-ესეიგი დღიურიდან ვერაფერს გავარკვევთ? მეტი არაფერი გვაქვს? -საუბარში ჩაერთო კრისტოფერი.
-არის რაღაც, რაზეც დაფიქრება გვმართებს.-გააგრძელა კაპიტანმა.-ვიდრე ლიზა მეტრეველი საქართველოდან წამოვიდოდა, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ვინმე დიმასთან და როგორც ჩანს, დაქორწინებასაც აპირებდნენ. ამას ადასტურებს ლიზას მრავალი ჩანაწერი აღნიშნულ პიროვნებაზე, მაგრამ მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი ფაქტი:- ლიზას მოულოდნელად ნიუ-იორკის საბალეტო დასის ქორეოგრაფის რეკომენდაციით, სამუშაო კონტრაქტზე შეთავაზება მოსდის და ახალგაზრდა წყვილის გეგმები თავდაყირა დგება. ლიზა და დიმა ერთმანეთს შორდებიან და ბალერინა ამერიკული ოცნებების ასახდენად ამერიკაში ჩამოდის, ხოლო ძალიან მალე აქაურ მოქალაქეზე ქორწინდება და ბედნიერ ცხოვრებას იწყებს.
-ანუ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა, დიმას ეჭვიანობის ნიადაგზე მოეკლა ლიზა?
-დიახ, სწორად მიმიხვდი მარკ, ამიტომ ამ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოსთან მოგვიწევს დაკავშირება. გვაინტერესებს 1990 წლის 11 მაისს დაბადებული დიმიტრი მიქავა, რომელიც ცხოვრობს თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე და მუშაობს „თიბისი“ ბანკში. სამწუხაროდ, მეტი არაფერი ვიცით მასზე, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, გავარკვევთ. ახლა მთავარია, ჩვენს შორეულ კოლეგებს დავუკავშირდეთ და საქმეს ერთდროულად მივხედოთ. დანარჩენ ნაბიჯებს მომავალი გვიჩვენებს.

თავი 24
დილის 04:50 საათი იყო, როდესაც ამანდა ჰანცინგერის საძინებელ ოთახში შუქი აინთო. დაახლოებით ნახევარ საათში გარაჟიდან საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა და ჩამქრალი წინა ფარებით და დაბალი სიჩქარით საცხოვრებელი სახლის მისამართს გაეცალა.
ქუჩის მეორე კუთხიდან სხვა ავტომობილი დაიძრა და ასევე ნელი სვლით და ჩამქრალი წინა ფარებით მანქანას აედევნა.
რამდენიმე წუთში, ამანდამ მანქანა გააჩერა, საბარგული გახსნა, დიდი პარკით რაღაც ამოიღო, აქეთ-იქით ფრთხილად მოავლო არემარეს თვალი და როცა დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა, ნელი ნაბიჯებით ტყისკენ გაუყვა გზას. ცოტა ხანში, ერთ ადგილს მიადგა, ისევ საგულდაგულოდ დაათვალიერა იქაურობა, მერე პარკი მთლიანად გადმოაპირქვავა და გადმოყრილი ნივთები ერთ ადგილას ხელით მოაგროვა. გოგონას სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა. ჯიბეში რომ ხელი ჩაიყო, იქ ვერაფერი აღმოაჩინა და იმედგაცრუებული მანქანისკენ გაბრუნდა.-აშკარა იყო, რაღაც დაავიწყდა.
რამდენიმე ხანში, ასანთით ხელში უკან დაბრუნდა, მობილურის ეკრანზე ნაცნობი სახელი და გვარი მოძებნა და დაურეკა:
-ჯეიმს, შენ ხარ? -დაბალი და აკანკალებული ხმით ჰკითხა გოგონამ და პასუხს დაელოდა.
-მე ვარ, ამანდა. -მეორე მხრიდან მამაკაცის ხმა გაისმა.
-აქ ვარ, სადაც მომასწავლე.
-მერე, დაწვი?
-არა, ჯერ კიდევ.
-რაღას ელოდები?
-ცოტა ქარია და მეშინია, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს და აქეთ-იქით მიმიაბნიოს ნივთები.
-სასწრაფოდ გააკეთე რაც გითხარი, დაელოდე და ვიდრე ბოლომდე არ ჩაიწვება, ფეხი არ მოიცვალო.
-მეშინია.
-შიშის დრო არ არის, ან ახლა, ან არასოდეს!-მკაცრი ტონით უთხრა მამაკაცმა და ტელეფონი გაუთიშა.
ამანდამ ჯიბიდან ასანთი ამოიღო, გაჰკრა და ნივთებზე ცეცხლის წასაკიდებლად რომ დაიხარა, უკნიდან ისეთი მაღალი ხმით დასჭექეს, ადგილზე გაშეშდა.
-ამანდა ჰანცინგერ, დააგდე, რაც ხელში გიჭირავს, მუხლებზე დადექი და თავზე ხელები შემოიწყე!
გოგონას მთელ სხეულში წარმოუდგენელმა შიშმა დაუარა, მუხლებზე მოწყვეტით დაეშვა და უკან მიუხედავად დაემორჩილა ბრძანებას.

თავი 25
მთელი ღამე არ ეძინა დეივიდ მილერს. უკვე გარიჟრაჟი იყო, როცა საწოლში ბევრი წრიალის შემდეგ წამოდგა და სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად გავიდა. საძინებელ ოთახს ფინჯანი ყავით დაუბრუნდა და ლეპტოპი ჩართო. ეკრანზე ლიზას და თავის სურათების ალბომი მოძებნა და დათვალიერება დაიწყო. რამდენიმე სურათის ნახვის შემდეგ, იგრძნო, რომ მეუღლე ძალიან ენატრებოდა, ცრემლები ვეღარ შეიკავა და უნებურად წამოსული მლაშე სითხე ტუმბოზე მდგარი ყუთიდან ერთჯერადი ცხვირსახოცების ბღუჯით შეიმშრალა. ამოიოხრა, ლეპტოპი გამორთო და გვერდზე გადადო. მოუსვენრად იყო, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ფურცელი და კალამი აიღო და მოწოლილი ემოციები წერილად გადააქცია:
ლიზა, ვერ ვიჯერებ, რომ შენს დაბადების დღეს მარტო ვხვდები. არა და როგორ გიყვარდა ეს დღე. გაზაფხულზე დაბადებული იყავი და ამ სეზონივით ლამაზი და ლაღი ხასიათი გქონდა, ჩემს ცხოვრებაშიც მუდამ გაზაფხულები მოგქონდა... იცი, როგორ მომენატრე? სულ შენ გეძებ, ყველგან და ყველაში, მაგრამ იმდენად ერთადერთი და გამორჩეული იყავი, ვერსად ამოგიცანი. როგორ მიყვარდა ბალეტი და რაც შენ აღარ ხარ, იქ ფეხიც არ დამიდგავს, ან რად მინდა? ვიცი, რომ მხოლოდ შენ გამახსენდები და უფრო ცუდად გავხდები. ვიდრე შენთვის წერილის მოწერას დავაპირებდი, შარშანდელი დაბადების დღე გამახსენდა. ძალიან საინტერესო დღე იყო. მართლა გამაოცე. მუდმივად სხვადასხვა აღმოჩენებს ვაკეთებდი შენში. რაც მეგონა, რომ არ მოგეწონებოდა, ზუსტად ის მოგწონდა. რას ვიფიქრებდი, ეს სიფრიფანა და ნაზი გოგო ექსტრემალური რაღაცების მოყვარული თუ აღმოჩნდებოდი. ჰმ, ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმომხტარი ლიზა მეტრეველი... ნეტა წელს რა საჩუქარს მომთხოვდი? რით გამაკვირვებდი?
დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო.
წერილის წერა რომ დაამთავრა, კალამი გვერდზე გადადო, მკლავები მოხარა და თავი ჩარგო. რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ, ფურცელზე დაწერილი წერილი ხელში აიღო, სიმწრისგან მუჭში მოიქცია და ხელი ისე მოუჭირა, ფრჩხილები კანში ჩაესო და სისხლის კვალი დაემჩნა. საწოლისკენ წავიდა, მძიმედ დაეშვა და საბანი წაიფარა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Mokled adamianis dabneva namdvilad shegizliaaaa, axali zafi, kidev erti saidumlo, ise mainteresebs vinaaa mkvleliii agar vici ravqnaaaa, msle dade gtxov momdevno tavii, vai guli

 




Qeti qimucadze
Mokled adamianis dabneva namdvilad shegizliaaaa, axali zafi, kidev erti saidumlo, ise mainteresebs vinaaa mkvleliii agar vici ravqnaaaa, msle dade gtxov momdevno tavii, vai guli

გამაცინე smile შევეცდები, მალე დავდო მომდევნო თავებიც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent