შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (დასასრული)


11-07-2018, 21:26
ავტორი Keke27
ნანახია 15 188

-25-
_ რას ვაკეთებ არა? ნეტავ რატომ გაგიკვირდა? შენ, მე, ვინ გგონივარ? სწრაფად მანქანაში!! - ხმის ტონს არ ვწევდი დაბლა.
_ კარგი, დარო, დამშვიდდი. - აბაშიძემ ხელები მაღლა ასწია. სახეზე ფერი არ ეცვლებოდა.
_ ვინმემ პოლიციაში დარეკეთ! - დაიძახა ვიღაცამ. პოლიციის ხსენებაზე ყურები ვცქვიტე და ცოტა დავიბენი კიდეც.
_ სწრაფად მანქანაშითქო! - ისევ დავჭექე. - არავინ გაბედოს პოლიციაში დარეკვა, თორემ, არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღე. - ძალიან შევიჭერი როლებში მოკლედ.
_ დარო, რა მოგივიდა, გოგო, რას გავს შენი საქციელი? - ნიკო მოგვიახლოვდა.
_ ნიკო, შენ ნუ ერევი! - ვუბრძანე მას, - შენ კი, ნუ მალოდინებ, მანქანაში ჩქარა! - მივმართე მერე გიგის. ერთი შემომხედა გაცეცხლებული თვალებით, მორჩილად დახარა თავი და დინჯი ნაბიჯებით მომიახლოვდა. - იარე, იარე.
_ იქნებ კარი გამიღოთ, მე ხომ, ჩემი უდიდებულესობა ვარ? - არა, ეს ნახე რა?! ხუმრობის ხასიათზე რომ არის მაინც. მინდოდა გამცინებოდა "ჩემი უდიდებულესობაზე" მაგრამ, აბა, რა დროს სიცილი იყო? ვჩქარობდი, იქაურბას სასწრაფოდ უნდა გავცლოდი, სანამ მართლა ვინმე დარეკავდა პოლიციაში.
_ თქვენითაც მშვენივრად შეძლებთ კარის გაღებას, თქვენო უდიდებულესობავ. - მივუგე ცინიკურად და თავი დავუკარი. პისტოლეტიან ხელს კი ცოცხალი თავით არ ვწევდი დაბლა.
ორივენი მანქნაში ჩავსხედით და სწრაფად მოვწყვიტე ადგილს.
_ მომიტაცე? - მესმის მისი ხმა. სიცილის შეკავებას ვცდილობ. სახიდან ბრაზიან გამომეტყველებას არ ვიშორებ. წარბები ისეთი შეჭმუხნული მაქვს, გეგონებათ მხოლოდ ერთი წარბი მაქვს.
_ მოგიტაცე ხო. სოფელში მიმყავხარ ჩემებთან. ბებოს და პაპას გავახარებ. ეზოში რომ გავაჩერებ მანქანას ძალიანაც ნუ გამოიდებ თავ-პაიჯს, არ გადმოვალ და ეგეთები. - ეს ისე ვუთხარი სახის გამომეტყველება არ შემცვლია.
უცებ აბაშიძემ ისეთი გადაიხარხარა, შევცბი.
_ კარგი, იყოს ისე, როგორც შენ იტყვი. - თქვა სიცილს რომ მორჩა. - ღმერთო ჩემო, ასეთ ცოლზე არ ვოცნებობდი მე. ამ მოძალადეს და სისხლისმსმელ ქალს რატომ გადამყარე? - დასძინა საწყალი ხმით მერე.
_ შენნაირებს, სწორედ ასეთი ქალები უნდა ჰყავდეთ. დღეში სამჯერ, გამოწერილივით, დილას, შუა დღეზე და საღამოს, რომ დაუნაყოს ცხვირ-პირი. - აგრესიულად გამოვცერი კბილებში.
პისტოლეტიანი ხელით საჭეს ვიყავი ჩაფრენილი.
_ რატომ, კაცო, კი მაგრამ, ასეთი რა დავაშავე? - გაკვირვება დაეტყო.
_ ანუ, შენ ვერ ხვდები ხო, ასე რატომ მოვიქეცი? აქ რატომ ზიხარ ასეთ მდგომარეობაში, ვერაფერს ვერ ხვდები? - გავცეცხლი.
_ ვერა და იქნებ ამიხსნა! - ხმა გაიმკაცრა. - მოვრჩეთ ამ მაიმუნობას, მანქანა გააჩერე! გეყოს უკვე, ნამეტანი მოგივიდა ამ საღამოს.
_ გავაჩერებ, მაგრამ ჯერ არა! მანამდე კი შენი ხმა არ გავიგო! - არ ჩამოვრჩი სიმკაცრეში მეც.
_ დარო!
_ გიგი!
_ მოთმინების ფიალა ამევსო უკვე და სულაც არ მეჩვენება ახლა სასაცილოდ შენი გამოხტომა!
_ სწორედაც! სულაც არაა სასაცილო ეს ყველაფერი, რადგან საშინლად გაბრაზებული ვარ შენზე და თუ არ გაჩუმდები, აი, ამას ხომ უყურებ? - იარაღიანი ხელი საჭეს გავუშვი და ცხვირწინ ავუფრიალე.
_ შენ მართლა გაგიჟდი. - დამისვა დიაგნოზი.
_ დიახ გავგიჟდი და შენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვის ამაში.
_ მანქანა გააჩერე! - დაიღრიალა მთელი ხმით. მისმა ხმამ თითქოს ჰიპნოზივით იმოქმედა ჩემზე და სვლა შევანელე. მანქანა გზის პირზე გავაჩერე.
ღრმად ამოისუნთქა, სავარძელს მიაწვა და მზერა საქარე მინის იქით სივრცეს გაუსწორა. ჩუმად ვისხედით. - აბა გისმენ, რა გეტაკა? - მკითხა ისე, მზერა სივრცისთვის არ მოუცილებია.
სანამ ჩემს პასუხს ელოდა, წვიმა დაიწყო.
_ ღმერთო ჩემო, რა ბანალურია. - ფანჯრიდან ცას ავხედე.
_ იმდენად საშინელი გამოხტომა გქონდა, ამინდიც კი ტირის სიბრალულისგან. - იკადრა და გამომხედა. გამვლელი მანქანების ფარები სახეზე გვანათებდნენ.
მის თვალებში ბრაზი, სიმკაცრე, სითბო, სიყვარული, გაოგნება.. ყველაფერი ერთად ამოვიკითხე და უფრო მეტად დავიძაბე. თითქოს ახლა გავათვიცნობიერე ჩემი ჩადენილი საქციელი და შევძრწუნდი. თუმცა არ გავტყდი.
_ მეუბნები მიყვარხარო, ცოლად გამომყევიო, შენ კი ამ დროს ვიღაც ძუკნებთან ერთად გართობას აპირებდი არა? შენ გეგონა ეს შეგრჩებოდა? - არც მე მოვერიდე ხმის ტემბრს.
_ მოდი, იცი რას გეტყვი? ჩამოყალიბდი რა გინდა, იფიქრე როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩები. იფიქრე მართლა გინდა თუ არა ჩემთან ურთიერთობა და მერე მოდი ჩემთან პრეტენზიებით. - აშკარად საშინლად გაბრაზებული ამბობდა ამ სიტყვებს აბაშიძე. - მე, შენ, სერიოზული წინადადება შემოგთავაზე, შენ კი უარი მითხარი... რა გინდა, ჩემგან რას მოითხოვ? გინდა კუდში გდიო, სადარბაზოებთან დაგხვდე, დაგიჩოქო, გეხვეწო თუ რა გინდა რა, გამაგებინე!!
_ შენთვის თუ მართლა მნიშვნელოვანი ვარ, ეგეც უნდა გააკეთო. მომინდომა აქ იოლად ჩემი ხელში ჩაგდება. - მივუგე მკვახედ.
_ შენთვის ოჯახის შექმნა... - სათქმელი ვერ დაასრულა გიგიმ, რადგან ჩვენს წინ პატრულის ორი მანქანა გაჩერდა და იქედან იარაღ მომარჯვებული პოლიციელები გადმოცვივდნენ. თხემიდან ტერფამდე გამაჟრჟოლა და ცივმა ოფლმმა დამასხა.
_ იარაღი დააგდე და მანქანიდან გადმოდი! - დაიყვირა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე გამომშრალ ყელში.
_ მშვენიერია, როგორ ჩანს გართობა ახლა იწყება. - ცალყბად ჩაიცინა ჩემმა მძევალმა და მანქანის კარი გააღო. - ბატონებო, - მიმართა პოლიციელებს მან, - არ არის საჭირო ასეთი აჟიოტაჟი. საგანგაშო არაფერი მომხდარა. ყველაფერი რიგზეა.
_ განაცხადეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით გაგიტაცეს და ჩვენც რეაგირება მოვახდინეთ. ახლა კი გამტაცებელი პოლიციას უნდა ჩაბარდეს.
_ მსგავსი არაფერი მომხდარა. - გაეცინა გიგის. თუმცა ეს სიცილი სამართალდამცავებისთვის უფრო დამაჯერებლი რომ ყოფილიყო მისი ნათქვამი, იმისთვის იყო.
მე გაშეშებული ვიჯექი. პისტოლეტი ჯერ კიდევ ხელში მეჭირა. პოლიციელი ახლოს მოვიდა ფანჯარასთან.
_ მას მართლა აქვს პისტოლეტი! - მიმართა დანარჩენებს განგაშის ხმით. ისევ მოიმარჯვეს იარაღები. მე მიმიზნებდნენ. ღმერთო ჩემო, რას ვიფიქრებდი, ჩემი უწყინარი ხუმრობა, თუ ასე სერიოზულ პრობლემად მექცეოდა.
გიგი მიხვდა, აზრი არ ჰქონდა იმის მტკიცებას, რომ საშიში არ ვიყავი.
_ დარო, გადმოდი მანქანიდან - საქარე მინაზე დამიკაკუნა - და აჩვენე ამ ბატონებს, როგორ შადრევანივით შეუძლია შენს იარაღს წყლის გასხმა. - ღიმილს ვერ იკავებდა. მგონი მოვკვდი რამდენიმე წამი და მერე გავცოცხლდი.
მეთქი როგორ მიხვდა?
_ წყლის პისტოლეტია? - იკითხეს გაოცებით პოლიციელებმა და ერთმანეთს გადახედეს.
ძალა მოვიკრიბე და მანქანიდან გადავედი.
_ დიახ წყლისაა. - ისე სიამაყით განვაცხადე, თითქოს წუთის წინ, სირცხვილისგან საიქიოს სანახავად არ ვყოფილიყავი წასული. ისეთი სიცილი ატეხეს, ისე დამცინეს, მეორედ მაშინ მოვკვდი. ღმერთო, რა ცუდია, როდესაც სირცხვილის გამო "კვდები" , ყველას მზერას შეიგრძნობ, თითოეულ გამოხედვას და უამრავი რამ შეგიძლია წაიკითხო მათ თვალებში. ჩვეულებრივი სიკვდილი უფრო მარტივია ალბათ, რადგან მართლა კვდები, არ გესმის, ვერ ხედავ და არ გიწევს ინატრო, ნეტავ მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს.
_ მაჩვენე, რომ დავრწმუნდე. - ახლოს მოვიდა ახალგაზრდა პოლიციელი. სათამაშო იარაღი გავუწოდე. გადაატრიალ-გადმოატრიალა და სიცილს უმატა. - ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არასოდეს ყოფილა.
_ არც იქნებოდა, განა ვინმე შეიძლება იყოს ჩემი ცოლისნაირი შეშლილი? - აყვა სიცილში აბაშიძეც. თვალებგაფართოვებულმა გავხედე მას.
_ თქვენი მეუღლეა? - პისტოლეტის ამბავზე მეტად ამ ამბავმა გააოცა სამართალდამცავები.
_ ბიძია, - ჭაღარა თმიანმა ფორმიანმა გიგის ბეჭზე ხელი დაადო ღიმილით. - როგორც ჩანს ძალიან გაგიბრაზებია შენი მეუღლე. - მერე სხვებს მოავლო თვალი - ასეთ ქალებს უფრთხილდით. ისინი ბევრ რამეს პატიობენ საყვარელ მამაკაცს, მაგრამ თუ ყელში ამოადენ, მაშინ ჯოჯოხეთის ცეცხლს დაგინთებენ და სიცოცხლეს სანანებლად გაგიხდიან.
_ მართალი ბრძანდებით, ძია. - ღიმილითვე დაეთანხმა აბაშიძე. მერე მრავლისმეტყველი მზერით შემომხედა.
_ კარგი, წავედით ჩვენ და ჭკვიანად იყავით. სჯობს ხმაურის გარეშე მოაგვაროთ ხოლმე ოჯახური კონფლიქტი. თუმცა ამას კონფლიქტსაც ვერ დავარქმევ. - ისევ ატეხეს სიცილი.
_ოქმში რა ჩავწეროთ ახლა? - იკითხა ერთმა.
_ არავითარი ოქმი არ იქნება. - განაცხადა ჭაღარამ.
როგორც იქნა სამართალდამცავები წავიდნენ. ჩვენ კარგა გვარიანად გავიწუმპეთ წვიმაში.
_ ჩაჯექი დარო, სახლში წავიდეთ, თორემ გაცივდები, სულ სველი ხარ. - როგორ შეუძლია ამ ბიჭს მაშინაც კი, როდესაც ჩემზე საშინლად გაბრაზებულია, ასეთი თბილი ხმით მომმართოს და იზრუნოს ჩემზე?
_ როგორ მიხვდი პისტოლეტი წყლის რომ იყო?
_ რა დიდი მიხვედრა მაგას უნდოდა, ლულის შეღებვა ვერ გაითვალისწინე ალბათ. ორიგინალი ნარინჯისფერი ყოფილა. ეჰ, რა დასანანია, როგორი ოპერაცია ჩაგივარდა წყალში. - მოჩვენებითი სინანულით გადააქნია თავი. მკლავში დამავლო ხელი და მძღოლის გვერდით ადგილზე დამსვა. მეც ცხვარივით გავყევი. თვითონ საჭეს მიუჯდა.
_ ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელი. - ვაღიარე. ჩემი ხმა ვერ ვიცანი.
_ არა უშავს. ჩვენი შვილებისთვის სახალისო ამბავი გვექნება მოსაყოლი. თან რომ დაუკვირდე, ჩვენი ურთიერთობა გაცნობის დღიდან დღემდე კომედიაა და ვინ იცის, წინ რამდენი ასეთი შემთხვევა გველოდება, შენი გადამკიდე. - აბაშიძე იცინოდა. მეც გამეცინა.
_ შენს თავს დააბრალე. თავად მაიძულე ასე მოქცევა. არა, მაინც, ვინ იყვნენ ის გოგოები? ასე როგორ მომექეცი?
_ აჰა, დარო დაბრუნდა, ნამდვილი დარო. ეჭვიანი და მესაკუთრე.
_ პასუხს თავს ნუ არიდებ! - თითქმის ვუბრძანე.
_ არ მოგეწონება რომ გითხრა, ამიტომ თავს შევიკავებ. - მითხრა და ძრავა ჩართო.
სიბრაზისგან სისხლი ამიდუღდა. სახეზე წამოვწითლდი.
_ გადაწყვიტე ჩემს ნერვებზე ითამაშო არა? თუ მეხსიერება არ გღალატობს, გაიხსენე, არც ერთი შენი მცდელობა უპასუხოდ არ დამიტოვებია. სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ, თქვენო უმაღლესობავ. - გამოვცერი კბილებში.
ის კი სიცილს უმატებდა. წვიმა ნაკადულივით მოედინებოდა საქარე მინაზე. საწმენდები უძლური იყო.
_ ეს მანქანა სად ააგდე? - მკითხა სიცილს რომ მორჩა, თან თემის შეცვლაც ოსტატურად გამოუვიდა.
_ ჩემი ძმის მეგობრისაა.
_ შენი ძმის მეგობარს ჭკუა არ ჰქონდა თავში მერე?
_ რატომ?
_ აბა, შენ, რომელი ჭკუათმყოფელი გათხოვებდა მანქანას? თუ მასაც იარაღით დაემუქრე?
_ როგორი მიხვედრილი ხარ, დედა შემოგევლოს . - ცალყბად ჩავიცინე.
გიგიმ შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, რომელიც ვიბრაციაზე ჰქონდა ჩართული და რეკავდა.
_ ეს ტელეფონი კიდე, გაუჩერებლად რეკავს რააა... აჰა, ნათქვამია, კარგი ადამიანები მაშინ ჩნდებიან როდესაც ახსენებენო. დედა დედოფალი მირეკავს. - ამ ქალის ხსენება ყოველთვის ჟრუანტელს მგვრიდა. - გისმენ დედა, რა ხდება?.... კი, კარგად ვარ... არა, დღეს არ მოვალ სახლში, ნუ დამელოდები... კარგი რა, დედა, საქმეები მაქვს... ნუ ბრაზდებით, ქალბატონო კლარა, ხომ იცით, მავნებელია ჯანმრთელობისთვის...- ხუმრობის ხასიათს იანარჩუნენდა აბაშიძე, - კარგი, ხვალ გნახავ... გკოცნი. - ტელეფონი გათიშა და ისევ ჯიბეს დაუბრუნა.
_ მთელი ღამე საქმეები გაქვს ანუ.. - წამოვხურდი სახეზე.
_ დიახ, მთელი ღამე დაკავებული ვიქნები მეტად მნიშვნელოვანი საქმით, რომელიც ჩემს მომავალს უკავშირდება. - განმიცხადა მეტად სერიოზული ტონით.
შევფიქრიანდი.
_ ასეთი რა ხდება? - ვერ დავმალე ცნობისმოყვარეობა.
_ გაიგებ მალე. - მომიგო მოკლედ.
_ ანუ საქმეში მეც ვარ? - ინტერესი გამიმძაფრდა.
_ როდესაც საქმე ჩემს მომავალს ეხება, შენ ავტომატურად მოიხსენიები. - თვალი ჩამიკრა და ოდნავ გაეღიმა.
_ მოიცა, სად მივდივართ? - ახლაღა დავაკვირდი გზას, რომელიც აშკარად არ ჰგავდა ჩემი სახლისკენ მიმავალს.
_ ჩვენს სახლში.
_ ხომ არ გაგიჟდი? ჩემი ძმა გააფრენს სახლში რომ არ მივიდე და მანქანის გასაღები არ ჩავუდო ხელში. ახლავე მოაბრუნე მანქანა და სახლში წამიყვანე. - შევიცხადე. პანიკაში ჩავვარდი.
_ ეგ მე არ მეხება, შენ სასჯელი დაიმსახურე ჩემგან, შენი საქციელით, ამიტომ ძმასთან თავად მოაგვარე პრობლემა. სასჯელი კი ნამდვილად არ აგცდება. - შეუვალი ჩანდა აბაშიძე.
_ მეხუმრები ხო? - ნერვული სიცილი ამივარდა. - არა, ნამდვილად მეხუმრები.
_ სულაც არა.
_ გიგი, სულაც არაა ეს სასაცილო უკვე, სახლში წამიყვანე.
_ ჩემი არა, არაა! აზრის შეცვლას არ ვაპირებ.
_ რატომ ფეხები არ დამატყდა შენთან რომ წამოვედი. - ხმამაღლა გავიფიქრე.
_ შენი ამბავი რომ ვიცი, ეტლით მომადგებოდი მაინც იქ და ისე დამიმიზნებდი იარაღს.
გავჩუმდი, გონებაში აზრების მოკრებას ვცდილობდი. დავრწმუნდი რომ გიგი აზრს არ შეიცლიდა და ძმისთვის სახლში არმისვლის მიზეზს ვეძებდი სათქმელად. თავი როგორ მემართლა. მოვიფიქრე, რადგანაც ძლიერი წვიმა იყო და თან ღამე, ცუდი ხილვადობის გამო სიფრთხილე გამოვიჩინე და ლიკასთან დავრჩი. დილით კი ადრე მივიდოდი სახლში. ოჰ, ეს დაქალთან დარჩენები რომ არ არსებობდეს, რა გვეშველებოდა ამდენ შეყვარებულ გოგოს.
_ სასჯელი როგორი სახის იქნება? - ვიკითხე გაპარული ხმით.
_ რა იყო, ხომ არ გეშინია?
_ მე და შიში? ჰმ, კიდევ რას ინებებ?
_ კარგი კითხვაა. ბევრ რამეს ვინებებ.. ძალიან ბევრს..- თვალი ხარბად მომავლო.
_ მაგ თვალებს დაგთხრი!! - დავემუქრე.
_ და მერე ხელჩაკიდებული მატარებ ხო? როგორი რომანტიკულია.. - დამცინა. სიცილი ვერ შევიკავე და გადავიხარხარე.
_ ჰო, ხან კედელს მიგაჯახებ, ხან ბოძს, ხან მაგიდას, სკამებს...
_ ეგრე თუ იზამ, ხელჩაკიდებული კი არა, ხელში აყვანილი მოგიწევს ჩემი ტარება. ამაშიც არის რომანტიკა, ვერაფერს ვიტყვი.
_ ხუმრობის ხასიათზე კი ხარ, ვერ დაგიკარგავ.
_ რა თქმა უნდა, ვარ.
_ კარგია.
_ არა, ასეთი გიჟი როგორ შეგიძლია იყო? - მკითხა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ისეთი ტონალობით, თითქოს დიდი ხანია ეს კითხვა აწუხებდა და როგორც იქნა მკითხა.
_ ძალიან მარტივად. - მივუგე უდარდელად, - ასეთი უნდა დაიბადო, - დავძინე მერე ისეთი ხმით, თითქოს დიდი ფილოსოფიური აზრი ჩამედოს ნათქვამში.
_ გეთანხმები, შენ იშვიათობა ხარ. - იღიმოდა.
_ სანამ სახლში მივალთ, რამდენიმე კითხვას დაგისვამ, კარგი?
_ კარგი. - დამთანხმდა მაშინვე.
_ რისი გეშინია? - ვკითხე და მის რეაქციას დავაკვირდი. წარბები აზიდა. ტუჩები გამობურცა. - ნუ ფიქრობ, უცებ გამეცი პასუხი.
_ თაგვების. - ეს პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სიცილი ვერ შევიკავე. - რას დამცინი, მართლა ეგრეა.
_ კარგი, ჰო, კარგი. შეცდომა, რომლის გამოსწორებაც არ შეგიძლია. - დავსვი მეორე კითხვა სიცილს რომ მოვრჩი.
_ არ არსებობს ეგეთი.
_ დაუვიწყარი დღე შენს ცხოვრებაში.
_ ბევრია ეგეთი, მაგალითად ჩემი ახლობლების დაბადების დღეები არ მავიწყდება არასოდეს და კიდე დღესასწაულები. - მომიგო სიცილით.
_ დაბადების დღეები არ მიგულოსხმია, მაგრამ კარგი, ჩაგითვლი და მაშინ მიპასუხე, როდის არის ჩემი დაბადების დღე?
_ ვაიმე, დარო, მაპატიე, ეგ მართლა არ ვიცი. - ისეთი სახით და ხმით მითხრა ეს, დავიჯერე. სადღაც გულის სიღრმეში მეწყინა.
_ ჰმ, ჩემი დაბადების დღე არ იცი როდის არის, არადა ცოლად მოყვანას მიპირებ. - ვთქვი ირონიით სავსე ტონით.
_ ოჰ, რას ამბობ, შენ ხომ იცი როდისაა ჩემი დაბადების დღე, არადა მზად ხარ ცოლად გამომყვე. - არ ჩამომრჩა ისიც.
_ და ვინ გითხრა, რომ მზად ვარ ცოლად გამოგყვე? რაღაც არ მახსენდება მე, ეგ რომ მეთქვას. - გავკაპასდი.
_ შენ არც გეკითხები. - მომიგდო უდარდელად.
_ უკაცრავად?! - წამოვენთე სახეზე. როგორ მარტივად შეუძლია ამ ბიჭს ჩემი მწყობრიდან გამოყვანა და მერე ჩემს ნერვებზე თამაში.
_ რა იყო? ხომ არ გავიწყდება ვისთან გაქვს საქმე? თვით, გიგი აბაშიძესთან! - მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და ისე გამომიცხადა მისი სახელი და გვარი. - ასე რომ, ამ ადამიანთან ხუმრობას არ გირჩევ.
_ დედაა, როგორ შემეშინდა. შიშისგან სად დავიმალო აღარ ვიცი. - ვუთხარი დაბრეცილი სახით და დავეჭყანე.
მანქანა კორპუსის წინ გააჩერა. ღიმილით სავსე მზერით შემომხედა. რამდენიმე წამს მაკვირდებოდა. მერე სახეზე ხელი ჩამომისვა. ჩემი ნიკაპი ორ თითში მოიქცია და ჩემკენ გადმოიხარა. ჟრუანტელის ეპიცენტრში მოვხვდი. ისევ დამაბნია მისმა ასეთმა სიახლოვემ.
_ 29 ივნისი. - მითხრა იდუმალი ხმის ტემბრით.
_ რა 29 ივნისი? - ამოვილუღლუღე. მის ტუჩებს მივაჩერდი.
_ შენი დაბადების დღე. - ხმის ტემბრს არ იცვლიდა აბაშიძე.
_ ა, ჰო, ჩემი დაბადების დღე. - გავიმეორე დაჰიპნოზებულივით. გიგის თეთრი კბილების გამოჩენამ, მომაფხიზლა. იცინოდა.. არა, მე დამცინოდა. - მოიცა, შენ რა, იცოდი? - გაკვირვება ვერ დავფარე.
_ რა თქმა უნდა. - ახლა ორივე ხელში მოიქცია ჩემი ლოყები და ძალიან ნელა მომიახლოვდა. სუნთქვა გამიხშირდა. გული უკვე ყელში მებჯინებოდა. კოცნას მიპირებდა. მისი სუნთქვით ვსუნთქავდი. თითქმის შეეხო მისი ტუჩები ჩემს ბაგეს. ის იყო მეც უნდა მეკოცნა, უცებ ცივად გასწია თავი უკან და ხელებიც მიშვა. ვერ მივხვდი რა მოხდა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ცივი წყლით სავსე ავზში ჩამაგდეს.
_ გადმოდი მანქანიდან, მოვედით უკვე. - თითქმის მიბრძანა.
მივხვდი, რომ რაღაც ვერაგული ჩაიფიქრა. დაპირებული სასჯელი გამახსენდა. მეთქი დარო, აბა შენ იცი, მყარად დადექი, არ გატყდე, გაუძელი და ისე გააკეთე, რომ დასჯილი იქეთ გამოვიდესთქო. ცალი წარბი ავწიე. ცინიკურად ჩავიცინე და მანქანიდან გადავედი.
სანამ ბინაში ავიდოდით ლიკასთან და ჩემს ძმასთან მოვაგვარე ყველაფერი.
სახლის კარი მძიმედ შეაღო. შუქი აანთო.
_ დღეს ამ სახლის დამლაგებელი იქნები. დილამდე უნდა მორჩე. - გამომიცხადა და სახლის და მანქანის გასაღები კომოდზე დადო.
ხმამაღლა გავიცინე. მას ნაკვთი არ შეტოკებია სახეზე. სიცილი გაურკვეველ ღიმილში გადამეზარდა და ნელ-ნელა სახე დავაწყნარე.
_ იმედია ხუმრობ.
_ შეგიძლია აბაზანიდან დაიწყო დალაგება. -კითხვა ბანზე ამიგდო, - ჩემს საძინებელს არ შეეხო, დაძინებას ვაპირებ. - მითხრა და მართლა წავიდა საძინებლისკენ.
_ გიგი, მოიცა, მართლა მეუბნები ამას? დასალაგრბლად მომიყვანე აქ, ამ ბინაში? - თვალებზე ცრემლი მომერია, სწორედ ამ სახლში გავხდით ერთი მთლიანობა. სწორედ აქ ვიგრძენი, რომ ის იყო ადამიანი, რომელთანაც დიდხანს მინდოდა ყოფნა. გზაში ვფიქრობდი, რომ მაპატიებს ჩემს საქციელს, ცდუნებას ვერ გაუძლებს და მომეხვევა, გულში ჩამიკრავსთქო, მაგრამ მწარედ შევცდი. როგორც აღმოჩნდა, ძალიან გამინაწყენებია, გიგი აბაშიძე. ახლა გამოამჟღავნა.
_ დიახ, - ისეთი ტონით მითხრა, თითქოს, რატომაც არაო. ესაა სასჯელი, გავიფიქრე. მე კი მეგონა ხუმრობსთქო. ცალყბად ჩავიცინე.
_ანუ ამ საღამოს უბრალოდ დამლაგებელი ვარ შენ სახლში და არა საყვარელი ქალი. - ჩავილაპარაკე.
_ მოდი რაღაცას გკითხავ. - ცალი თვალი მოჭუტა და ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. - ოღონდ გულით საყვარელს გაფიცებ, სიმართლე მითხარი.
_ კარგი, გისმენ. - დავიძაბე.
_ ის პისტოლეტი რომ ნამდვილი ყოფილიყო, მაინც მოხვიდოდი იქ და დამიმიზნებდი? - სახეზე ყოველ გატოკებულ ნაკვთს აკვირდებოდა, თითქოს უნდოდა არაფერი გამოპარვოდა, მიმიკით მიხვედრილიყო მართალს ვუპასუხებდი თუ მოვატყუებდი.
_ კი, მოვიდოდი. - ვაღიარე სიმართლე.
პასუხმა რამდენიმე წამიანი დუმილი დაასადგურა ჩვენს შორის. მერე ისევ აგდებით ჩაიცინა.
_ საყვარელი ქალი არა? როცა უყვართ ასეთ საქციელს არ ჩადიან. - დაასკვნა.
_ ცდები! - ხმას ავუწიე. - შენ წარმოდგენა არ გაქვს, თუ რისი გაკეთება შეუძლია შეყვარებულ ქალს, გასაგებია? ვგებულობ რომ სხვა ქალთან ერთად აპირებ გართობას და როგორ უნდა ვმჯდარიყავი სახლში მშვიდად? ფეხებზე სიამაყე და თავმოყვარეობა ამ შემთხვევაში, ამის უფლებას ვერ მოგცემდი სხვასთან ყოფილიყავი, თუნდაც მხოლოდ ხორციელი სიამოვნებისთვის. შენ ერთ ქალთანგაქვს ურთიერთობა-ჩემთან და მხოლოდ მე უნდა ვარსებობდე შენთვის, თუ არადა, მითხარი, რომ აღარ გინდა ჩემთან ყოფნა, დავასრულოდ აქვე და ახლავე ყველაფერი და მერე კისერი გიტეხია, ვისთანაც გინდა იმასთან იყავი! - ხმა მიკანკალებდა, ტირილის შეკავებას ვცდილობდი, თუმცა ამავე დროს შეუვალი იყო ჩემი ხმის ტემბრი.
_ შენ მე ეგეთი გგონივარ? - წარმოსთქვა დაბალ ხმაზე გაკვირვებულმა. - ყოჩაღ, დიდი მადლობა. შეგიძლია გასაღები აიღო და წადი. მე ვიძინებ. - დიდი წყენა ვიგრძენი მის ხმაში. იმდენად დიდი, რომ საშინლად დამნაშავედ ვიგრძენი თავი. შემოვბრუნდი, გასაღები ავიღე და კარი გამოვიხურე. აზრი არ ჰქონდა დარჩენას. ნათქვამი სიტყვები უკან არ ბრუნდება. სანამ ვიტყვით მანამ უნდა დავფიქრდეთ რის თქმას ვაპირებთ.
მაინც არ მითხრა ვინ იყვნენ ის ქალები, თუმცა იმას კი მივხვდი ბოლოს, რომ არც ერთ მათგანთან დაწოლას არ აპირებდა.
მანქანა ლიკას სახლთან გავაჩერე. გამიკვირდა ნიკოც იქ რომ დამხვდა. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მელოდა.
_ ოჰ, განსტერი დარო მოსულა. - მომეგება გაშლილი ხელებით და სიცილით.
_ შენი დაცინვაღა მაკლდა ახლა, ნიკო, კარგი რაა. - ვთქვი დაღლილი ხმით და ბუხრის წინ სავარძელში ჩავეშვი. ნიკოს ადგილი დავიკავე.
_ გავიგე რაც მოხდა, - თქვა ლიკამ სიბრალულით სავსე ხმით.
_ აქ რატომ ხარ? - უხერხულად გამომივიდა შეკითხვა წიკლაურის მისამართით.
_ მგონი აქ ჩემი ნათესავი ცხოვრობს. - მომიგო სიცილით.
_ მაპატიე. უტაქტობას ჰქონდა ადგილი ჩემი მხრიდან.
_ ჩაის ხომ დალევთ? - ჩაერია ლიკა საუბარში. - ახლავე მოვიტან.
_ ძალიან ვაწყენინე, ბევრი ცუდი ვუთხარი. შეურაცხყოფა მივაყენე. - ვთქვი თავჩაქინდრულმა, ჩემი მეგობარი რომ გავიდა ოთახიდან.
_ მივხვდი. ველაპარაკე წეღან.
_ როგორ არის? - თავი სწრაფად ავწიე.
_ შენზე მხოლოდ ის თქვა, რომ სახლში წავიდაო. დაღლილი ვარ, დაძინებას ვაპირებო. მართლა ძალიან დაღლილი ხმა ჰქონდა.
_ ვინ იყვნენ ის ქალები, ნიკო? მე ხომ მაქვს უფლება, რომ ვიცოდე? უფლება მაქვს ვიცოდე იმიტომ რომ მასში ეჭვი არ შემეპაროს.
_ ის შენს წინაშე არ დაიწყებდა თავის მართლებას, მით უმეტეს მაშინ, როცა მართალია.
_ ხო მაგრამ მე საიდან უნდა ვიცოდე, რომ მართალია?
_ აი, მაგას ამბობდა სულ გიგი, არ მენდობაო. ვუყვარვარ, მაგრამ არ მენდობაო. - მითხრა ნიკომ. გული დამიმძიმდა. მეგონა საცაა ჩამწყდებათქო.
_ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. - მაინც ჩემი საქციელის გამართლება ვცადე.
_ შენს საქციელს თუ სიფრთხილე ჰქვია, რა მოგიტანა ამ ქცევამ? ჰო, აი, გეკითხები, რა მოგიტანა ამ საქციელმა? დარო, ზოგჯერ საჭიროა ადამიანს ბრმად ენდო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იმ ადამიანს უყვარხარ... მართლა და წრფელი გულით. ასე რომ არ იყოს, ის შენთან ერთად ოჯახის შექმნაზე არ დაიწყებდა ფიქრს. მე, გიგი, ასეთი არასოდეს მინახავს. შენი გაცნობის მერე, სულ სხვანაირი გახდა. მე სხვა გიგის ვიცნობდი. ახლა კი, სიყვარულით დამწვარი რომეო გამეჩითა. - ბოლო წინადადება სიცილით თქვა წიკლაურმა.
ლიკამ ჩაი მოგვიტანა და თვითონაც მოგვიჯდა გვერდით.
_ მაპატიეთ, ჩავერევი თქვენს საუბარში, - თქვა მან ღიმილით. - არც მე ვიცნობდი ასეთ დაროს. მეც ჯულიეტა გამეჩითა. - ღიმილი სიცილში გადაეზარდა. ნიკომაც აუბა მხარი.
_ დამცინით არა? - ვიწყინე ვითომ მე.
_ ღმერთო ჩემო, არ მესმის, რატომ ტანჯავთ ერთმანეთს? და სულ ბავშვებივით კინკლაობთ.
_ დარო, შენ უნდა მოაგვარო ეს პრობლემა, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თორემ ჩემი ძმაკაცის ხასიათი რომ ვიცი....
_ მე ვერაფერს შევცვლი. შანსი არაა. ძალიან ნაწყენია ჩემზე და უფრო გაღიზიანდება... მე როცა მაწყენინებენ, მირჩევნია ჩემგან შორს დაიკავონ თავი, შერიგების და შეცდომის გამოსწორების მცდელობა უფრო მაღიზიანებს.
_ მაგაშიც კი ერთმანეთს გავხართ. - ნიკოს გაეღიმა.
_ კარგი, მაგრამ მაინც, ვინ იყვნენ ის გოგოები. - ჰკითხა ლიკამ და ეჭვის თვალით დააკვირდა ბიძაშვილს.
_ არა რა, უნდა მიგეცა ნასოსის თემა გაიჩითა. - გადაიხარხარა წიკლაურმა. ჩვენს გაგვეცინა. - ის გოგოები უკრაინიდან ჩამოვიდნენ, გიგის მეგობრები არიან. მართლა მეგობრები, დარო, მხოლოდ მეგობრები. - დამიმარცვლა ბოლო სიტყვები. თან ხმამაღლა.
_ კარგი, გავიგე. ყრუ კი არ ვარ.
_ მერე მოკლედ აქაური სიტუაციები აინტერესებდათ და ამიტომაც დაპატიჟა გიგიმ ბარში და მეც წამიყვანა.. მშვენიერი გოგოები არიან, აიი - ხელი ყურის ძირში დაიდო, - აქედან ეწყებოდათ ფეხები. ისე, მადლობა უნდა გადაგიხადო, ხო იცი შენ!? - გაეცინა, - რომ მოვარდი იქ პისტოლეტით და გიგი წაიყვანე, ერთს ისე შეეშინდა, სანამ არ ჩავიხუტე, მანამ ვერაფრით დამშვიდდა.
_ რა საზიზღარი ხარ, ნიკო. - უთხრა სიცილით ლიკამ და მუჯლუგუნი ჰკრა. მე მხოლოდ გამეღიმა. ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლის ალს თვალი გავუსწორე და ღრმად ჩავიძირე ფიქრებში.
გეგმა დავსახე, როგორ უნდა შემომერიგებინა გიგი.

მეორე დღეს აკო და ლიზი კლინიკაში წავიდნენ. ჩემმა ძმამ შვილის გულიცემა მოისმინა და სიხარულისგან ისეთი დაბნეული იყო, აზრებს და სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
იქედან დაბრუნებულებმა, დასავლეთში წასასვლელად მოვემზადეთ. სოფელში ბებო და პაპა გველოდნენ.
გიგი არ შემხმიანებია. არც მე დამირეკავს მისთვის. რვა იანვარს დავბრუნდი თბილისში. ჩემი ძმა და რძალი სოფელში დარჩნენ. ლიზისთვის აუცილებელი იყო სუფთა ჰაერზე ყოფნა და ნატურალური პროდუქტით კვება. თან ასე უფრო დაუახლოვდებოდნენ ერთმანეთს აკო და ლიზი. უფრო ააწყობდნენ ურთიერთობას. იქ ვერ დაიძინებდა სხვა ოთახში ჩემი ძმა. ვერ შეუყრიდა ცოლს წარბებს. ვერ აუწევდა ხმას და ცივად ვერ მოექცეოდა. ბებო და პაპა არ მისცემდა ამის უფლებას. მათი იქ დარჩენის ინიციატორი მე ვიყავი.

თბილისში დავბრუნდი.
ჰო აქვე იმააც გეტყვით, რომ ნიაკოს დავურეკე, მასთან შეხვედრა და საუბარი მინდოდა, მაგრამ მან უარი მითხრა, თბილისში არ ვარო. მეთქი რა გაეწყობა.
ისევ არ შემხმიანებია ეს დღეები მისი უდიდებულესობა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თბილისშია. მეორე დღეს უკვე სამსახურში მიწევდა დაბრუნება. კლარას პირქუში სასახლე მელოდა.
მანამდე კი, აბაშიძე უნდა შემომერიგებინა. დაშვებული შეცდომა უნდა გამომესწორებინა, თორემ იმ სახლში მისვლას ვერ შევძლებდი. ვერ ავიტანდი, გიგის გვერდი ჩაევლო ჩემთვის და ზედაც არ შემოეხედა. არ შემძლებოდა მისი შეხება. მასთან საუბარი, მისი მწყობრიდან გამოყვანა და მის ნერვებზე თამაში. საშინლად მენატრებოდა. მონატრებამ კიდევ უფრო იცის სიყვარულის გამძაფრება.
გეგმის სისრულეში მოყვანას შევუდექი.
ბარემ ამ ამბავსაც მოგიყვებით და დავასრულებ ჩემი ისტორიის თხრობას. თუ ეს გეგმა არ გაამართლებდა, გადავწყვეტილი მქონდა, მე უარს ვიტყოდი ყველანაირ მცდელობაზე, გიგისთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მე დავასრულებდი, თითქმის ისედაც დასრულებულ ამ ურთიერთობას და შესაბამისად კლარასაც უარს ვეტყოდი სამსახურზე.
თამროს დავურეკე, მოვიკითხე და ვითომ სასხვათაშორისოდ გიგიც ვიკითხე.
მითხრა, რომ ახლახანს მოვიდა სახლში, მგონი ცოტა ნასვამიც იყოო.
საათს დავხედე, საღამოს შვიდი იყო.
ჩემს უბანში მოხუცი მუსიკოსები ცხოვრობდნენ. ადრე, როდესაც ვინმე გარდაიცვლებოდა, მათ ეძახდნენ პანაშვიდებზე და გასვენებაზე. ისინი ჭირისუფლის ტირილს, დოლით და დუდუკით, სამგლოვიარო, სევდიანი მუსიკით აფორმებდნენ.
მოურიდებლად დავაკაკუნე სევა და კუკური ძიას კარებზე. ისინი ძმები იყვნენ.
კარი შეზარხოშებულმა სევამ გამიღო. ჩემი დანახვა გაუკვირდა.
_გამარჯობა, ძია სევა, ახალწელს გილოცავთ. მაპატიეთ რომ გაწუხებთ. - დავიწყე მორიდებით და ფართოდ გაღიმებულმა.
_ თქვენც ასევე, დაროჯან. მობრძანდი.
_ თქვენი და ძია კუკურის დახმარება მჭირდება.
_ გისმენთ, აბა, აქ ვართ, თუ რამ შეგვიძლია. - ოთახში კუკურიც შემოვიდა.
მათ ჩემი გეგმა გავაცანი და სიტუაცია ავუხსენი. ერთმანეთს შეფიქრიანებულებმა გადახედეს. სევამ წვერზე ხელი მოისვა. თავი გადაიქნია და ძმას უთხრა:
_ დოლი მოჭიმე და გავედით, დროს ნუ ვკარგავთ -ო.
_ ანუ თანახმა ხართ, რომ დამეხმაროთ? - შევძახე გახარებულმა.
_ რა თქმა უნდა. - მითხრა კუკურიმ ღიმილით. - ასეთი რამ, ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არც გამიგია ვინმეს გაეკეთებინოს და არც მინახავს.
_ დიდი ეშმაკი გოგო ხარ, შენ, დარო. - დასძინა თითის ქნევით და ქირქილით სევამ და წამოდგა.
_ ფიალაც გაამზადე.
_ ჰო, აბა, მის გარეშე როგორ იქნება?
_ ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს დაგივიწყებთ ამას. - მადლიერებით და სიხარულით ვვიყავი სავსე. მღელვარებამ იმატა. არ ვიცოდი როგორ ჩაივლიდა ეს ყველაფერი. როგორ გავართმევდი თავს. ან რა რეაქცია ექნებოდა ამაზე გიგის.
მოკლედ, ტაქსი გამოვიძახე და ჩემს მუსიკოსებთან ერთად, აბაშიძეების სასახლისკენ გავწიე.
ეზოში თენგიზი შემომეგება.
_ დარო, შვილო, რა ხდება? - მკითხა და უცნობ ხალხს მოავლო მზერა, რომლებსაც ერთს დოლი მოემარჯვა და მეორეს დუდუკი.
_ ძია თენგის, გიგი ხომ სახლშია? სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც მე ვიცი რა ხდება და რას ვაკეთებ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ რაღაც უნდა გავაკეთო რათა გიგი შემოვირიგო. - ვუთხარი აღელვებულმა. სიცივისგან და ნერვიულობისგან ვცახცახებდი.
_ აჰა, გასაგებია ახლა ყველაფერი, - ჩაიცინა თენგიზმა. - ოჰ სიყვარულო, სიყვარულო!! - დასძინა მერე მაღალფარდოვნად.
_ ბაღში გავალთ, გიგის ფანჯარასთან უნდა მოვხვდეთ აუცილებლად.
_ კი ბატონო, მაგრამ, დარო, ქალბატონი კლარაც სახლშია. - მფშვოთარე ხმით გამაფრთხილა. კლარას ხსენებაზე, მთელ ტანში დამაჟრიალა.
_ სხვა გზა არ მაქვს, ძია თენგიზ. - ვთქვი ისეთი ხმით, თითქოს სასიკვდილო განაჩენისთვის მომეწეროს ხელი.
ის იყო ეზო გავიარეთ და ბაღში გასვლას ვაპირებდით, რომ კლარას ხმა დაგვეწია და ადგილზე გავქვავდი.
_ მანდ რა ხდება? თენგიზ, ვინ არიან ეს უცხო კაცები? დაროოო? - კითხვები დაგვაყარა კლარამ და ჩემი დანახვისას შეიცხადა. - რა ხდება, სად მიდიხარ? აქ რას აკეთებ ამ კაცებთან ერთად? ან ეს.. - ხელი დოლისკენ და დუდუკისკენ გაიშვირა. - საკრავები რად გინდათ? ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება? - ქალი ლამის გადავიდა ჭკუიდან ისეთი სახე მიიღო.
_ ქალბატონო კლარა, - დავიწყე მე, გამბედაობა მოვიკრიბე. - სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. ძალიან გთხოვ ხელს ნუ შემიშლი, ადამიანს არ ვგავარ ერთი კვირაა. რაც არ უნდა დამიშალოთ თქვენ ჩემი ეს ქმედება, მე მაინც გავაკეთებ იმას რაც ჩავიფიქრე. - ვუთხარი და გზა განვაგრძე. სევა და კუკური გაკვირვებული სახეებით ხან მე მიყურებდნენ ხან კლარას, მაგრამ უკან მომყვებოდნენ მაინც. გიგის ფანჯრის ქვეშ დავდექი. კლარა დამედევნა. გვერდებზე მოგდებული თავშალი ძირს დაუვარდა. თენგიზი დაწვდა, აიღო და ისიც უკან დაგვედევნა. თვალები კაკლისოდენა გახდომოდა ჩემს მომავალ დედამთილს. ალბათ როგორი მოკრძალებული, კდემამოსილი, სათნო, ნაზი და დამჯერი გოგო ჰყავდა წარმოდგენილი მის რძლად. ამ დროს კი, როგორი შევრჩი ხელში. ქვის ქვაზე არ დამტოვებელი.
_ მზად ხართ? - მივმართე მუსიკოსებს.
_ კი, მზად ვართ.
_ მოიცათ, ფიალა?
_ ჰო, აანთე ფიალა მიდი.
_ დარო, რას გავს შენი საქციელი, ქალს არ შეეფერება ეს! - განმიცხადა მკაცრად კლარამ.
_ ქალბატონო კლარა, რას ბრძანებთ, შეყვარებული არასოდეს ყოფილხართ? - ვკითხე და თან ჩანთაში ვიქექებოდი. ფიალა ამოვიღე. - დამიჭირეთ ეს, გეთაყვა, თუ შეგიძლია. - ვუთხარი კლარას და ხელში ფიალა მივაჩეჩე. ქალი გაოგნდა. მე ბამბის, სპირტის და ასანთის ძებნას შევუდექი. ვიპოვე. ბამბის ნაგლეჯი თიხის ფიალაზე მოვათავზე, ზედ სპირტი დავასხი და მერე ცეცხლიც გავუკიდე. მთელი ეს დრო, ფიალა კლარას ეკავა ხელში. შოკში იყო, სათქმელს და აზრებს თავს ვერ უყრიდა. ანთებული ფიალა ჩამოვართვი, მადლობა გადავუხადე და მუსიკოსებს ვანიშნე დაიწყეთთქო.
და დაიწყეს..
აკვნესდა დუდუკი, ჩემი მწუხარებასავით.
დოლმა კი, ისეთი ხმა გამოსცა, როგორიც ჩემი გულის ხმა იყო, როდესაც აბაშიძეს ვხედავდი.
აბაშიძეების სასახლის ეზოში მუხამბაზი აჟღერდა მისი უდიდებულესობის ფანჯრის ქვეშ. სიმღერა დავიწყე, თან გიგის ფანჯარას ვიყავი მიჩერებული ყელმოღერილი.
_"ეს რა მიყო სიყვარულმა,
ამირია გზა და კვალი.
დარდის ხმაზე მათამაშებს,
როგორც ფოთოლს ქარიშხალი.
დაუბერა ჩემს სატკივარს
გადამკიდა ცეცხლის ალი,
ვიწვი და ვიფერფლები,
ისე ღვივის ნაპერწკალი." - მთელი ხმით და გრძნობით ვმღეროდი. მუსიკოსები კი დიდი მონდომებით და გულით უკრავდნენ. დიასახლისი ისევ შოკში იყო. არც მაწყობდა მისი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ჯერ. თენგიზი იღიმოდა. მათ მზარეული თამროც შეუერთდა, განცვიფრება და ღიმილი ერთად აღბეჭვდოდა სახეზე. გიგის ოთახში შუქი აინთო და მეც უფრო მონდომებით გავაგრძელე სიმღერა. -"ცხელი ცრემლით დამინამა, იისა და ვარდის ყანა,
ჩემი სახლი დამავიწყა, შენს კარებთან მომიყვანა." - და აი, მისი უდიდებულესობაც გამოჩნდა ფანჯარაში. გაბურძგნული თმებით, შეშუპებული თვალის უპეებით და გაურკვევოვლებით გარემოცული. -"სიმღერა, რომ არ ვიცოდი, დამათრო და ამამღერა.
ეს რა მიყო სიყვარულმა, სახლში აღარ გამაჩერა"- სიმღერას მოვრჩი. სევამ და კუკურიმ მუსიკა შეცვალეს. ძალიან შეიჭრნენ როლში და არ ჩერდებოდნენ. მეც გავაგრძელე. -" გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ, თვალს გავახელს, ზედ წამწამზე მიზიხარ. ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის.... - ვერ დავასრულე ტექსტი, ისეთი დაიღრიალა გიგიმ ფანჯრიდან "დაროოო", უცებ ყველა გავჩუმდით. სავას დუდუკი ტუჩებზე შეეყინა. კუკურის თითები გაუშეშდდა თითქოს. მე ხმა გავკმინდე. არე- მარე სამარისებული სიჩუმე გამეფდა.
_ მანდ რას აკეთებ, ეს რა კონცერტი გამიმართე აქ? - მრისხანე ტემბრს არ ცვლიდა აბაშიძე. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და მეთქი დარო, გაიქეცი, თავს უშველე. მაგრამ სათქმელად ადვილია გაიქეცი, ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოვახერხე. მისი უდიდებულესობა ფანჯარას მოშორდა. მივხვდი დაბლა აპირებდა ჩამოსვლას. და ისიც გამოჩნდა. ამ ყინვაში მოკლესახელოებიანი მაისურით გამოვიდა გარეთ.
_ დედა, შენც ამ ამბის მონაწილე ხარ? - გაოცებულმა ჰკითხა დედამისს.
_ ის არაფერ შუაშია, მე ვაიძულე. - კლარას ნაცვლად მე ვუპასუხე. ფიალაზე ჯერ კიდევ თამაშობდა ცეცხლის ალი.
_ შენ აიძულე? ხო, რა თქმა უნდა, ნეტავ რატომ არ მიკვირს შენგან ეს. - ჩაილაპარაკა ირონიულად. - კარგი დედა, შედი სახლში, მე და დაროს სალაპარაკო გვაქვს.
_ შვილო ასე გაცივდები, სახლში შემოდით და იქ ილაპარაკეთ. თან ეს ბატონებიც შევიპატიჟოთ. - კლარას გარდასახვის მოწმე გავხდი წამებში. ისეთი ხმით წარმოსთქვა ეს სიტყვები, რომ აქამდე მე მისგან მსგავსი ჟღერადობით არც ერთი სიტყვა არ მქონდა მოსმენილი.
_ გამარჯობათ ბატონებო, მაპატიეთ აქამდე ვერ მოგესალმეთ, ისეთი დაბნეული ვარ. - გიგიმ ახლაღა შეამნია სევა და კუკური. მათ ხელი ჩამოართვა. - გთხოვთ, სახლში შემობრძანდით. ძია თენგიზ, სტუმრებს გაუმასპინძლდი, გთხოვ. - მიმართა თენგიზს. სტუმრებს კი ხელით და მოკრძალებულად თავის დაქნევით ანიშნა თენგიზს გაჰყოლოდნენ. მუსიკოსები მასპინძლის სურვილს დაჰყვნენ. კლარა დაწინაურდა და პირველი ის შევიდა სახლში.
_ დარო, შვილო, შენ ხომ კარგად ხარ? - მომიბრუნდა სევა.
_ კი, კი, კარგად ვარ, ძია სევა. დავილაპარაკებთ და მალე წავიდეთ სახლში. - დავამშვიდე.
_ კარგი, ჩვენ შიგნით დაგელოდებით.
_ ვერსადაც ვერ წახვალ. - ჩამილაპრაკა ყურთან გიგიმ. - და ჩააქვრე ეს ცეცხლი, თორემ აგივიდა მწვადის სუნი თითებზე ვერ გრძნობ? - ფიალა ჩამომართვა, ამოაყურავა და ალმოდებული ბამბა მიწაზე დავარდა. ფეხის დაბიჯებით ჩააქრო ცეცხლი.
_ გიგი, ბოდიში მინდა მოგიხადო, ჩემი საქციელის გამო. მართლა ძალიან ვწუხვარ რომ გაწყენინე. როცა ჩემზე გაბრაზებული ხარ, თავს ცუდად ვგრძნობ, ვერ ვისვენებ, ადგილს ვერ ვპოულობ. სულ შენზე მეფიქრება. არ მინდა ჩემ გამო ცუდად იყო. დაღვრემილი და განერვიულებული დადიოდე. მინდა ბედნიერი იყო. მინდა ჩვენს შორის უნდობლობა არ იყოს. ერთმანეთს ვენდობოდეთ. ერთმანეთის გვჯეროდეს. ამ სიყვარულის გვწამდეს. ჩემზე უარი არ თქვა რა, როცა გაწყენინებ. ხომ იცი, როცა გაბრაზებ ამას გულით არ ვაკეთებ. უბრალოდ მომწონს როცა შენს ნერვებზე ვთამაშობ. მაგრამ აქ კარგი განზრახვით მოვედი მართლა. შენი შემორიგება მინდოდა. ამიტომ ეს მოვიფიქრე. მივედი ძია სევასთან და კუკურისთან და დახმარება ვსთხოვე. ისინიც დამთახმდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ერთი ნასვამია და მეორე ნაბახუსევი. ისინი მართლა კარგი მუსიკოსები არიან. ხომ მოისმინე რა კარგად დაუკრეს? ჩვენს უბანში ვინმე რომ გარდაიცვლებოდა მათ ეძახდნენ პანაშვიდებზე და გასვენებებში. სან აქ ვიმღერებდი, სახლში გავიარეთ რეპეტიაცია.. ძალიან მინდოდა შენთან შერიგება და ამიტომ ეს გზა გამოვნახე. თუ შემირიგდები, ჩვენი შვილებისთვის კიდევ ერთი ისტორია გვექნება მოსაყოლი. -ნამეტანი გულწრფელი გავხდი საუბრისას და ისეთი რაღაცეებიც ვთქვი მერე, რაც არ უნდა მეთქვა, ნერვიულობისგან მე თქვითონ არ ვიცი რას მივედ- მოვედე. ის კი, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და მისმენდა. ბოლოს გაჩუმებას რომ არ ვაპირებდი, ღიმილი ვერ შეიკავა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ჩამხედა და მთელი გრძნობით მაკოცა ტუჩებზე. იმ ყინვაში უცებ გავთბი. სახე მიხურდა. ჟრუანტელი თხემიდან ტერფამდე მივლიდა.
_ მეც მაპატიე, უხეშად მოგექეცი იმ დღეს.. დარო, რა მოსაწყენი იქნებოდა ჩემი ცხოვრება შენს გარეშე, უკვე ვიცი. რა კარგია, რომ არსებობ. რა კარგია, რომ ეს გიჟი გოგო, ჩემი ცხოვრების ნაწილია. რა კარგია, რომ იმ დღეს ჩემს ოთახში შემოხვედი და შემთხვევით გნახე. რა კარგია, რომ შენთან ერთად არანორმალურად ვგრძნობ თავს... შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე. შენ მე შემცვალე. შენ ჩემი აწმყო და მომავალი გახდი. შენ ჩემი ველური ორქიდეა ხარ..
_ მგონი სიზმარში ვარ.- ვთქვი სიყვარულისგან გაბრუებულმა.
_ არა, არა.. ეს რეალობაა და შეიგრძენი ბოლომდე. - მითხრა ღიმილით და ისევ მაკოცა. მეც ავყევი მისი ტუჩების მოძრაობას. მერე გულში ჩამიკრა და ასე ვიყავით მანამ, სანამ მზარეულმა თამრომ არ გამოგძახა და შეგვახსენა გარეთ რომ ყინავდა.
სახლში გიგიმ მოგვიყვანა. სევას და კუკურის მადლობა გადაუხადა.
_ დედამ ყველაფერი იცის უკვე. - მითხრა მანქანიდან გადმოსვლას რომ ვაპირებდი. - მართალია სამსახური დაკარგე, მაგრამ მშვენიერი ბიჭი ჩაიგდე ხელში. - დასძინა სიცილით.
მეც გამეცინა მის ნათქვამზე.
_ანუ, ჯერ სწავლა უნდა დაამთავრო, მერე პროფესიით მუშაობა დაიწყო და მერე გამომყვები ცოლად ხო? - სევდიანი ღიმილი ერია მის შეკითხვას.
_ კი, ზუსტად ეგრეა.
_ ჯიუტად არ იშლი ხო?
_ დიახ, არ ვიშლი.
_ როგორც ყოველთვის ისეა, როგორც შენ გსურს.
_ არა, როგორც სწორია, ყველაფერი ისეა.
_ კარგი არ გეკამათები. ხვალ საღამოს გამოგივლი, ჩემთან წავიდეთ.. უფრო სწორად ჩვენს სახლში წავიდეთ, იქ დავრჩეთ.
_ რატომ? ისევ დასალაგებელია? - ვკითხე სიცილით.
_ ჰო, ჰო, ისეთი არეულობაა, მთელი ღამე მოგვიწევს დალაგება. - ორაზროვნათ თქვა და მივუხვდი რასაც გულისხმობდა. ისევ გამეცინა.
_ მოდი გაკოცებ და ავალ მერე სახლში, გვიანია უკვე, დილით ადრე ვარ ასადგომი. - ვუთხარი და მის ბაგეს დავეწაფე. არ უნდოდა ჩემი გაშვება. ვერ მელეოდა.
_ ხვალ გამოგივლი, არ დაგავიწყდეს. - მომაძახა მანქანიდან რომ გადმოვედი.
ხელი დავუქნიე და სადარბაზოში აჩქარებული გულისცემით შემოვედი. სიხარულიდგან და ბედნიერების განცდისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. სახლში მარტო ვიყავი, ლაპარაკი მინდოდა, ემოციების გაზიარება.. ჩემი სიხარულის და ბედნიერების სხვისთვის გაზიარება... ლიკას დავურეკე. ისიც თხუთმეტ წუთში ჩემთან გაჩნდა. ჩაი გავიმზადეთ, დივანზე მოვკალათდით პლედებით და ბოლოს განვითარებული მოვლენები მოვუყევი.
_ დარო, ისეთი არანორმალური სიყვარულის ისტორია გაქვს, ვფიქრობ სხვებსაც უნდა მოუყვე ეს ამბავი. - მითხრა სიცილით.
_ ალბათ ძალიან ბევრს იცინებენ. გამხიარულდებიან.
_ დარწმუნებული ვარ.
_ კარგი, მაშინ სხვებსაც მოვუყვები და რამდენიმე ადამიანისთვის კარგი განწყობის მიზეზიც გახდება ჩემი და მისი უდიდებულესობის ამბავი. - ვთქვი სიცილით.
_ ჰოდა, დაიწყე, ლეპტოპით დაწერ თუ ტელეფონით?
_ ლეპტოპით. - ავდექი, ლეპტოპი ჩავრთე და წერა დავიწყე.
ასე იყო ყველაფერი. ახლა თქვენც ამ ამბის მოწმეები ხართ.
ვიმედოვნებ ჩემი ვარაუდი გამართლდა და რამდენიმე ადამიანის გახალისება შევძელი ჩვენი ისტორიით.
გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ და წაიკითხეთ.
ლამაზ სიყვარულს გისურვებთ ყველას.


დასასრული.




№1  offline მოდერი abezara98

უბრალოდ მიყვარს ეს ისტორია და გული დამწყდა, რომ დასრულდა heart_eyes წარმატებები heart_eyes

 


№2  offline მოდერი naattii

ნუ კეკე როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ ❤

 


№3 სტუმარი მერო

რომელ წელს დაიწყო და როდის დამთავრდა ვაიიიიიმეეეეეეეე.????????????????

 


№4  offline ახალბედა მწერალი Keke27

არ მჯერა რომ დავასრულე. ამ ისტორიის შექმნამ იმდენი ენერგია წაიღო ჩემი, რომ წერა აღარ მინდა მეტად. რომ გავიფიქრებ, რომ რაღაც უნდა დავწერო, მაჟრიალებს ????
თუმცა ერთი ისტორია რომლის სახელია "შეხვედრა" აუცილებლად უნდა დავწერო რადგან დაწყებული მაქვს და ამით დავასრულებ წერას საერთოდ. არ ვიცი რამე თუ მოხდება ისეთი რომ წერა დამაწყებინოს მერე.
საქართველოდან რომ დავბრუნდი 2016-ში მაინ დავიწყე დაროზე და გიგიზე წერა. ერთი წელი საერთოდ ჩამივარდა, სიტყვაც კი ვერ დავწერე. ახლა კი როგორც იქნა დავასრულე და შეგიძლიათ მომილოცოთ ????
მადლობა ყველას ვინც მოთმინებით ელოდით ყოველ თავს და კითხულობდით. ❤️❤️❤️
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№5 სტუმარი სტუმარი ეკო

მიხარია რომ დაამთავრე ეს ისტორია, შენი ერთგული მკითხველი ვარ და ვიცი შენი ყველა ისტორია ზეპირად, ამ ისტორიას რაც შეეხება მესმის შენი ასე რატომაც გაგიგრძელდა, არ შეწყვიტო წერა ვინც შენი ერთგული მკითხველის ის ყოველთვის დაგელოდება❤️ სასწაული გრძნობით წერ რომ ვკითხულობ შენს ისტორიებს მეც ერთ ერთი გმირი მგონია თავი???? რამდენ ისტორიას ვკითხულობ და არც ერთი მათგანის წაკითხვაზე თავით არ გადავშვებულვარ???? შენ რაღაც სასწაულს შვები, ღამეებს მათენებინებდა ყოველთვის თავს ვერ ვანებებდი კითხვას❤️???? მიყვარხარ და წარმატებები.

კითხვის ნიშნები ტელეფონმა მონიშვნა და ყურადღება ვერ მივაქციე ბოდიში????????????

 


№6 სტუმარი mariami

ქმედება ოცნების ნაცვლად მესამე ნაწილს როდის ველოდოთ ? <3

 


№7 სტუმარი Ani

Chemo keke 1weli da 5 tvea gelodebi rodis gaagrdzelebdi am istorias,madloba rom mainc daasrule,momewona dzalian bevric vicine,da dzalian kargic xar... warmatebebs gisurveb da agar damekargo...

 


№8 სტუმარი სტუმარი life is good

ვაიმეე...შენ რახან ეს დაასრულე რაღა მომკლავს:))) იცი როდის წავიკითხეე? ბავშვობაში მგონი...იმდენი დრო გავიდა წინა თავების შინაარსი აღარც მახსოვდაა..:*

 


№9 სტუმარი Ablabuda13

ვაიმეე არ მჯერა რომ დასრულდა ისტორია, ვიფიქრე კიდე მიატოვე ისტორია, როგორ მიყვარხარ შენ და შენი ისორიები, არ მიატოვო წერა რა, პატარა ალექსანდრე ბურდულზე არის ეჰ ისტორია?)))-;*

 


№10 სტუმარი Marta

ნამდვილად არ იყო ცუდი . მაგრამ მოლოდინი უფრო მეტის მქონდა. ძალიან მშრალად დასრულდა. თუმცა კარგია რომ დაასრულე

 


№11  offline წევრი ქეთათო4

პირველი მოთხრობა, რომელმაც მაიძულა ექაუნთი შემექმნა❤ ვგიჟდები ამ მოთხრობაზე თითოეულ პერსონაჟზე❤
უჩვეულო სიგიჟეზე, სიყვარულზე, ბედნიერებაზე, საქციელებზე და საერთოდ ყველაფერი რაც აქ ამ მოთხრობაშია გასაგიჟებელია❤
ველოდებოდი თანაც ძალიან დიდხანს და მეღირსა მაგრამ არ მინდოდა დასრულებულიყო იმდენად კარგი მოთხრობაა, რომ გული დამწყდა❤
მიყვარხარ ძალიან და დაველოდები როდის გადაწყვეტ დაიწყო ახალი მოთხრობა❤

 


№12  offline მოდერი Nanaga

კეკე სუპერი ხარ, აი ძალიან მაგარი <3
მიყვარს ყველა შენი ისტორია <3

 


№13 სტუმარი Qeti qimucadze

Iseti sayvareli da saxaliso siyvarulis istoria iyooo, mec kimomindaaaa, madlobaaaa

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიკა

გულიანათ ვიცინე ამ მხიარულ პერსონაჟებზე

 


№15  offline წევრი tebea

ძალიან კარგი იყოო ❤️

 


№16  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან სახალისო ისტორია იყო.

 


№17  offline წევრი mako-makako

კეკე ამ ისტორიას უივრ იმდენი ხანია ველიდები რომ სულ გადამავიწყდა.ეხლა თავიდან ჩავუჯდები და წავიკითხავ.ძალიან მომწონდა თავიდან და ვიცი რომ ბოლომდე საოცრება იქნრბა.როცა დავამთავრებ კომენტარსაც დაგიტოვებ????????????
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Kargi iyoo yochag ❤️❤️Momenatra sheni istoriebii keke saocreba xaar

 


№19 სტუმარი teo

აკო და ლიზიზეც დაწერე პატარა ისტორია გთხოვ ????????????????

აკო და ლიზიც რა ❤️

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

შენს ყველა ისტორიას შენეული, კეკესეული დასასრული აქვს

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიწუწუნებ რა...
კარგი იყო მაგრამ უცებ დამთავრდა....
კარგი იყო მაგრამ უცებ დაასრულე...
ბოლო არ მეყო კიდევ მინდოდა

 


№22  offline მოდერი ანუბისი

გიგის პერსონაჟი მომეწონა, აი დარო კიდე რაღახ 2 წლის ბავშვის ასაკშია ჩარჩენილი. რაღახ მხრივ უხდება ქალს ბავშვურობა, მაგრამ ეს ცოტა ზედმეტი იყო, თან მომენტებში ძალიან "ქაჯდება". სიუჟეტი ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ :*

 


№23 სტუმარი Life is beautiful

ვაიმე რა კარგად ვიცინე და ასე ხო არ ამეხსნა ბიჭისთვის სიყვარული? :-)

 


№24 სტუმარი HEBH12

გამარჯობა❤️❤️
პირველ რიგში ძალიან მომეწონა????
ძალიან კარგი სიუჟეტია და კარგად არის გადმოცემული❤️
ძალიან მინდა თქვენი ნამუშევარი დავდო Wattpad ზე რათქმაუნდა თქვენი სახელის მითითებით❤️
თუ წინააღმდეგი არ ხართ...

 


№25 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან მომეწონა კიდევ მინდა რომ გაგვახალისოთ ასეთი მოთხრობებით
მადლობა რომ ცხოვრებას გვილამაზებთ ემიგრანტებს

 


№26 სტუმარი სტუმარი თეკლა

დღეს საღამოს გადავწყვიტე ამ ისტირიის წაკითხვა და ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხწ,არ ვიცი სიტყვებს თავს ვერ ვუყრი იმდენი ემოციით ავივსე,ყველაფერი უნიკალური იყო წერა, ისტორია, პერსონაჟები,დიალოგები,ასე ლამაზად და სასიამოვნოდ დაწერილი ისტორია იშვიათობაა ამ საიტზე,აღარაფერს ვამბობ იმაზე რამდენი ვიცინე,რაც უფრო ვუახლოვდებოდი დასასრულს გული მწყდებოდა,მე შევიყვარე ეს ისტირია და რათქმაუნდა ავტორიც,დიდი მადლობა ამხელა სიამოვნებისთვის heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent