Blue Neighborhood (13) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (13)


25-07-2018, 12:24
ავტორი Nickolson
ნანახია 305

Blue Neighborhood (13)

19.

სამშაბათობით რეზიზე ადრე მიმთავრდებოდა ლექციები, ამიტომ მასთან მივდიოდი ხოლმე აკადემიაში, ნახევარ საათს ველოდებოდი და შემდეგ იქიდან ერთად მოვდიოდით მისი ველოსიპედით. დღესაც ვაპირებდი მასთან გავლას, მაგრამ ის იყო, უნივერსიტეტიდან გამოვედი, რომ დამირეკა და მითხრა, მე არ დამელოდო, პირდაპირ წადი სახლშიო. ვკითხე, რა მოხდა–მეთქი, მაგრამ მიპასუხა, არაფერი, უბრალოდ დღეს ძალიან დავიღალეო. დაღლილზე ნამდვილად ძნელი იყო ერთის მაგივრად ორი ადამინით დამძიმებული ველოსიპედის წაყვანა, მაგრამ მისი ხმა არ მომეწონა. ცდილობდა მხიარულად მოეჩვენებინა თავი, მაგრამ კარგად ვიცნობდი, რომ მივმხვდარიყავი, რაღაცას მიმალავდა. ფეხით ჩავედი აკადემიამდე. ის იყო, ეზოში შევედი, რომ მოშორებით მდგარი რეზი დავინახე. გამიკვრდა, ლექციებზე რომ არ იყო. მასთან ერთად ორი ბიჭი იდგა, ერთ–ერთი მათგანი ველოსიპედთან ჩამუხლულიყო და რაღაცას ამოწმებდა, მეორე კი უშედეგოდ ცდილობდა ანერვიულებული რეზის დამშვიდებას.
გაოცებული მივუახლოვდი მათ. რეზიმ მხოლოდ მაშინ დამინახა, როცა უკვე გვერდით ვედექი.
– მაინც მოხვედი? – ამოიოხრა მან.
– რა მოხდა?
– ისეთი არაფერი, – მიპასუხა რეზიმ და მოიღუშა.
მომესმა, როგორ გაბრაზებით ჩაახველა მის გვერდით მდგარმა ბიჭმა. მხოლოდ მაშინ შევხედე თავგადაპარსულ ბიჭს, რომელსაც ყურზე უზარმაზარი რგოლი ეკეთა. საიდანღაც მეცნობოდა, მაგრამ ვერ გავიხსენე, საიდან.
– ვიღაცამ ველოსიპედის საბურავები გადაუჭა, – მითხრა თავგადაპარსულმა ბიჭმა, – გამარჯობა, მე ნიკოლოზი ვარ, – მან ხელი გამომიწოდა.
– დავითი, – გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
– უი, შენ ის ხარ? – წამოიყვირა უცებ და სახე გაუბრწყინდა. მაშინვე მივხვდი, რასაც გულისხმობდა და თავი დავუქნიე, – მიხარია, რომ გაგიცანი.
– მე ვაკო ვარ, – ხელი დამიქნია ველოსიპედთან ჩაცუცქულმა ბიჭმა.
– გამარჯობა, – მასაც მივესალმე, ბოლოს კი რეზის მივუბრუნდი: – რას ნიშნავს, ველოსიპედის საბურავები გადაგიჭრეს? – დავიბენი.
– აი, შეხედე, – ვაკომ საბურავს ხელი მოუჭირა, მისი აჩეხილი ნაწილები კარგად რომ გამოჩენილიყო.
წამში გავიაზრე რაც ხდებოდა. დაზაფრულმა შევხედე რეზის, რომელიც საწყლად დაჰყურებდა საყვარელ ველოსიპედს.
– საბურავები სურათის გამო გადაგიჭრეს?
– მგონი... არ ვიცი, – ჩუმად თქვა მან.
– აბა რის გამო? – გაბრაზებული ჩანდა ნიკოლოზი, – კარგია რომ მოხვედი, – მომიბრუნდა მე, – დაცვასთან ვაპირებდი წასვლას, იქნებ კამერებმა რამე დააფიქსირეს–მეთქი, მაგრამ ეს ისეთი განერვიულებული იყო...
– ეგ კარგი აზრია, – დავეთანხმე მას.
თავი დამიქნია.
– მეც გამოგყვები, – უთხრა ვაკომ.
სირბილით წავიდნენ აკადემიის შენობისკენ.
რეზის მივუბრუნდი, რომელიც დამწუხრებული დაჰყურებდა საყვარელ ველოსიპედს.
– კარგად ხარ?
– არც ისე. აქედან წასვლა მინდა.
– მოვიდნენ ბიჭები და წავიდეთ.
მსუბუქად, თითქმის შეუმჩნევლად ჩამოვუსვი მკლავზე ხელი. ოდნავ გახსნა შეკრული შუბლი და გაიღიმა.
– რომ გითხარი, ჩემს ჯგუფელს აქვს გამოფენა–მეთქი, ეგ ის ნიკოლოზია, – მითხრა უცებ მან.
– მართლა? – როგორც ჩანს, ყურადღების გადატანა სჭირდებოდა, – წეღან ვფიქრობდი, საიდან მეცნობა–მეთქი და ვერ გავიხსენე.
– არაფრის ხალისი აღარ მაქვს. აღარც გამოფენა მინდა და არც ეს ველოსიპედი, – გაბრაზებულმა ფეხსაცმლის წვერი პატარა ქვას წაჰკრა.
– კარგი რა, მასე ნუ ამბობ, – როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და დამემშვიდებინა, მაგრამ აქ არ შემეძლო, – რეზი, – დავუძახე, ჩემთვის რომ შემოეხედა. ჩაწითლებული თვალებით გამომხედა. ერთხანს მხოლოდ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, ბოლოს დაღლილმა ჩამოყარა მხრები, მომიახლოვდა და შუბლი მხარზე დამადო. თმაში შევუცურე თითები. ამ დროს ჩვენკენ მომავალი ნიკოლოზი და ვაკო დავინახე.
– ბიჭები მოდიან.
რეზიმ თავი ასწია და მათკენ გაიხედა.
– ესე იგი, – დაიწყო ნიკოლოზმა, – კამერებმა კი დააფიქსირეს, მაგრამ სახეები კარგად არ ჩანს. სამნი იყვნენ. მე არც ერთი მეცნო.
– არც მე. აღნაგობითაც ვერავის მივამსგავსე.
– ასლი მოგვცეს და წამოგიღე, – ნიკოლოზმა რეზის დისკი გაუწოდა.
– ასე უცებ როგორ ჩაწერეთ? – დაბნეულმა გამოართვა დისკი.
– პირდაპირ იწერებაო, – მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა.
– მადლობა, სახლში ვნახავ.
– პოლიციაში დარეკვას ისევ არ აპირებ? – ჰკითხა ვაკომ.
– არა. წავალთ ჩვენ, რა, – რეზი ძალიან დარგუნული ჩანდა.
– კარგი, – დანებების ნიშნად ამოიოხრა ვაკომ.
– მადლობა ყველაფერისთვის, – ბიჭებს გაუღიმა რეზიმ.
– რა მადლობა... სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, დავით, – მომიბრუნდა ნიკოლოზი.
– ჩემთვისაც. შაბათს შევხვდებით.
– მართლა? – წამოიძახა მან, – ძალიან გამიხარდება, თუ მოხვალ.
– აუცილებლად, – ველოსიპედს ხელი წავავლე და გაჭირვებით გავაგორე, – დროებით.
– კარგად, – ხელი დაგვიქნიეს ბიჭებმა.
– კარგად, – დაემშვიდობა რეზიც.
აკადემიიდან გასულებმა ტაქსი გავაჩერეთ. გზაში რეზის ჩავკიდე ხელი და ძლიერად მოვუჭირე. სავარძლის საზურგეზე გადაწვა და თვალები დახუჭა. მთელი გზა ჩუმად იყო.
მეორე სართულზე ველოსიპედის აგორება არც ისე ძნელი იყო. რეზიმ კარი გააღო და შევიდა, შემდეგ კარი ხელით დაიჭირა, სანამ მეც შევიტანდი ველოსიპედს და ჩაკეტა. შესასვლელში გავაჩერე და მაშინვე მასთან მივედი. მოწყენილი ბიჭი გულში ძლიერად ჩავიკარი და თმაზე ვაკოცე. მძიმედ ამოიოხრა, თვითონაც მომხვია ხელები. ყელში მისი კოცნა ვიგრძენი. ბოლოს თავი ასწია და ნაძალადევად გამიღიმა. ბოლოს მომცილდა და მთავარ ოთახში გავიდა. მეც გავყევი. დივანზე მოცელილივით დაეხეთქა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და იქვე მიაგდო.
– გამიხარდა დღეს რომ მოხვედი, – მითხრა უცებ მან.
– ტელეფონში შენი ხმა არ მომეწონა, – მის წინ, სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი.
– მაინც ვერ გავიგე, ველოსპედა რა დაუშავათ. თუ რამე პრეტენზია ჰქონდათ, პირდაპირ ჩემთან მოსულიყვნენ, – გაბრაზებულმა, როგორც იქნა, ლაპარაკი დაიწყო.
– პირდაპირ შენთან ვერ მოვიდოდნენ. მშიშრები არიან.
– ბოროტები, – ზიზღით ამოთქვა მან.
– არ გინდა, ვიდეოს ვუყუროთ?
– არ შემიძლია. ვერ ვუყურებ, როგორ მინადგურებენ ველოსიპედს.
– ჰო, მაგრამ ვინმე ნაცნობი რომ იყოს? ხომ უნდა იცოდე, ვინ არის. ეგეც რომ არა, პოლიციაში დარეკვა რატომ არ გინდა? ხულოგნობის ბრალდებით შეიძლება მათი დაკავება.
– და რამდენიმე საათში 200–ლარიანი ჯარიმით გამოუშვებენ, – მიპასუხა მან, – რა აზრი აქვს?
– ჰომოფობიურ ნიადაგზე ბრალდება დაუმძიმდებათ.
– ორასის მაგივრად 500 ლარს გადაახდევინებენ? – შემომიბღვირა მან.
ამოვიოხრე.
– დავიჯერო საერთოდ არ გაინტერესებს, ვინ იყვნენ?
რეზიმ ტუჩები მოკუმა, ბოლოს კი ყოყმანით ჩაიდუდღუნა:
– მაინტერესებს... მაგრამ ჯერ ძალიან გაბრაზებული ვარ და ვერ ვნახავ, – სწრაფად დაამატა მან.
– ლუკასთან, ოფისში ხომ არ წავიდეთ?
– არ მინდა, ახლა არა. ახლა სახლში ყოფნა მინდა.
– კარგი. ჩაის გაგიკეთებ.
თავი დამიქნია.
სამზარეულოში გავედი. ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ ჩაიდნის ავსებისას შევამჩნიე, რომ ხელები მიკანკალებდა. მეშინოდა, რომ თუ რეზის ველოსიპედის გაფუჭება გაბედეს, შემდეგში მასაც დაუშავებდნენ რამეს. გავიგონე, რეზი თავის ოთახში როგორ შევიდა. მობილური ამოვიღე და ლუკასთან დავრეკე.
– ჰო, – მიპასუხა მან.
– დღეს რეზის ველოსიპედს საბურავები გადაუჭრეს, – მისალმების დაგრეშე დავიწყე ლაპარაკი, – კამერებმაც დააფიქსირა, მაგრამ სახეები არ ჩანს.
– კამერების ჩანაწერები გაქვთ?
– კი.
– კარგია, შეგიძლია გამომიგზავნო?
– ახლა არა, საღამოსკენ.
– არა, ახლავე, – მითხრა მან, – რეზი როგორ არის?
– დათრგუნულია და შეშინებული, – ამოვიოხრე, – ვიცი, ასეთ ამბებს როგორი გაგრძელებაც აქვს ხოლმე, მერე ალბათ რეზისაც დაუშავებენ რამეს.
– კაი, ნუ ნერვიულობ. გამოიყვანე ოფისში, ფსიქოლოგთან ლაპარაკი დაეხმარება.
– არ მომყვება, არ უნდა, – ჩაიდანი გაზქურიდან გადმოვდგი.
– მე ხომ არ გამოვიდე?
– ჯერ არა. თუ დამჭირდი, დაგირეკავ.
– კარგი.
– მადლობა, ლუკა.
– ნუ სულელობ რაღაცას, – ჩაიდუდღუნა და ვიგრძენი, როგორ გაუთბა ხმა.
მობილური გამოვრთე. ფერის დასაყენებელში ცაცხვის გამხმარი ყვავილები ჩავყარე და წყალი დავასხი.
– ლუკას ელაპარაკებოდი? – მომესმა უცებ რეზის ხმა.
მოულოდნელობისგან შემეშინდა. მისკენ შევტრიალდი, თავისი სამუშაო კომბინიზონი ეცვა.
– ჰო.
– რა გითხრა?
– ჩანაწერი გამომიგზავნეთო. ჯერ თუ არ გინდა ნახვა, მე ვნახავ და გავუგზავნი.
– კარგი.
– ხატვას აპირებ?
– ხო.
ჭიქებში შაქარი ჩავყარე და ცაცხვის ჩაი დავასხი, შემდეგ ადუღებული წყალი დავუმატე და კოვზით ამოვურიე.
– მადლობა, – გამიღიმა რეზიმ და ჭიქა აიღო.
მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. ჩაიხითხითა.
– შენ რას გააკეთებ?
– ჩანაწერს ვნახავ, მერე კი ვიმეცადინებ.
– შეგიძლია ჩემთან ისწავლო, – შემომთავაზა მან.
– მერე, შენი ნახატი რომ დავინახო?
– ისე ვადგავ, რომ ვერ დაინახავ, – გამხიარულდა ის.
– როდის დაამთავრებ? – დავიწუწუნე მე.
– მალე, – ღიმილით მიპასუხა მან, – მალე მოდი, – მითხრა და სამზარეულოდან გავიდა.
ჩაი მისაღებში გავიტანე და ლეპტოპი წამოვიღე ჩემი ოთახიდან. დისკი ჩავდე და გახსნას დაველოდე. პატარა ვიდეო იყო, სამწუთიანი. როგორც ჩანს, დაცვამ მხოლოდ საჭირო მომენტის ჩანაწერი გამოატანა ბიჭებს.
ეკრანზე აკადემიის ეზო გამოჩნდა. როგორც ჩანს, კამერა ეზოში შესასვლელი კარისკენ იყო მიტრიალებული, ამიტომ რეზის ველოსიპედის მხოლოდ უკანა ბორბალი ჩანდა, ისიც მარჯვენა ზედა კუთხეში. დავინახე, როგორ გადაჭრა ეზო სამმა ბიჭმა. კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ და სახეები კარგად არ უჩანდათ. ვიდეოც არ იყო კარგი ხარისხით, შავ–თეთრი იყო და რამდენიმეწამიანი შუალედებით წყდებოდა კიდეც. ბიჭები ველოსიპედს მიუახლოვდნენ. ცოტა ხანს გარს უვლიდნენ, შემდეგ ერთ–ერთი მათგანი ჩაიმუხლა. არ ჩანდა რას აკეთებდა, მაგრამ ყველაფერი ნათელი იყო. ისინი ველოსიპედის საბურავს ჭრიდნენ. გაბრაზებულმა ვიდეოს ბოლომდე ყურება ვერ შევძელი. სწრაფად გამოვრთე და ლუკას მეილზე გადავუგზავნე. ჩაის ჭიქას დავავლე ხელი, ჩემი ოთახიდან სასწავლი მასალა ავიღე და რეზისთან შევედი.
ფანჯარასთან ზურგშექცევით იდგა, მოლბერტი ისე დაედგა წინ, რომ მე ვერანაირად ვერ დამენახა, რას ხატავდა. ჩემს შესვლაზე თავი გამოყო და სევდიანად გამიღიმა.
– ნახე ჩანაწერი?
– ჰო, მაგრამ სახეები კარგად არ ჩანს. ლუკას გავუგზავნე.
მის სამუშაო მაგიდასთან დავჯექი და კონსპექტები გადავშალე.
– ხმამაღლა რომ წავიკითხო, ხელს შეგიშლი?
– არა, წაიკითხე, – მიპასუხა მან.
კითხვა დავიწყე. მნიშვნელოვან ადგილებს ფანქრით ვხაზავდი. ხანდახან ზურგზე რეზის მზერას ვგრძნობდი. ყურადღება მეფანტებოდა, თუმცა კონცენტრირებას ვცდილობდი. რამდენჯერმე ჩუმად გამეცინა კიდეც. ბოლოს მოვახერხე, რომ მისი ოთახში ყოფნა დამევიწყებინა და მთლიანად სასწავლზე გადავერთე.
– დავით, – რეზის ძახილმა გამომაფხიზლა, – მოვრჩი.
– რა? რას მორჩი? – დაბნეული შევტრიალდი მისკენ.
– ნახატი დავამთავრე.
ასეთი რეზი აქამდე არ მენახა. ვხედავდი, რომ აღტაცებული იყო, თან ძალიან ღელავდა.
– შეიძლება ვნახო?
– კი, – სწრაფად მიპასუხა.
ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი. მის გაბრწყინებულ და ნათელ თვალებს ვუყურებდი. ბოლოს გავბედე და ნახატისკენ შევტრიალდი. გაოცებული მივაშტერდი. ეს სულ სხვანაირი იყო. რეზი ასე არ ხატავდა ხოლმე. მის ნახატებში ყოველთვის მკვთრი ფერები დომინირებდა. ერთმანეთში არეული არასწორი ხაზები და ირეალური არსებები, მისი ფატაზიის უსაზღვრო გამოვლინება იყო. ეს ნახატი საოცრად ბუნებრივი იყო. იმ საღამოს, როცა მე და რეზიმ პირველად მოვწიეთ ერთად სიგარეტი, აივნის მოაჯირზე მუცლით ვიყავი გადაკიდებული და ქვემოთ ვიყურებოდი. მან მითხრა, რომ გავსწორებულიყავი, თორემ გადავვარდებოდი. სწორედ ის მომენტი დაეხატა, როცა მე აივანზე წინ გადაწეული სადღაც ვიყურებოდი. ბინდი იყო, ცივი ფერების მიუხედავად, ნახატი საოცრად თბილი იყო, საოცრად სევდიანი. სწორედ ასეთს მხედავდა რეზი მე.
ვიგრძენი, როგორ მომეხუტა ზურგიდან, ხელები მუცელზე შემომხვია და ნიკაპი მხარზე ჩამომადო. გული გამალებით მიცემდა. ბედნიერებისგან ლამის ფეხები მომეკეცა.
– მოგწონს? – მკითხა ჩურჩულით.
– ძალიან, – ხმა გამებზარა, – ძალიან მომწონს, – მისკენ შევტრიალდი და ძლიერად ჩავეხუტე, – შენ საოცრება ხარ...
თავი ჩემს ყელში ჩამალა.
– მიხარია, თუ მოგწონს. მადლობა.
თვალები დავხუჭე და გავირინდე. წამით მომეჩვენა, რომ დრო გაჩერდა.
– ვაი! – წამოიყვირა უცებ რეზიმ და ელდანაკრავივით მომციდა.
– რა? – უცებ ვერ მივხვდი რა მოხდა.
მან საღებავებით მოსვრილ კომბინიზონზე დაიხედა და შემდეგ მე შემომხედა შეწუხებულმა.
– ტანსაცმელი გაგიჭუჭყე.
შარვალზე მართლაც მესვა ცოტა ლურჯი საღებავი. ორივეს გაგცვეცინა.
– არაუშავს, – ვუთხარი და ცხვირზე თითი ჩამოვკარი.
მხიარულად გაიცინა მან.
– წავალ, გამოვიცვლი.
კიდევ ერთხელ შევავლე ნახატს თვალი, მერე უეცრად რეზის ტუჩებში ვაკოცე და საოცრად გაბედნიერებული გავედი ჩემს ოთახში.
ვიცვლიდი და რეზის ნახატზე ვფიქრობდი. არ მეგონა, ასეთი ნიჭიერი თუ იყო. უფრო სწორად, ეს სულ სხვა მხარე იყო, სულ სხვა დონე. აღმაფრთოვანებდა მისი სურეალისტური ნახატები. შეიძლება სწორედ ამის გავლენა იყო, როცა ვფიქრობდი, რომ რეზი სწორედ ასე აღიქვამდა რეალობას. მისი ნახატების და მისი რეალობა რადიკალურად განსხვავდებოდა სხვებისგან, მაგრამ ამ ნახატით თითქოს ჩემთვის ნაცნობი ხაზი გადაკვეთა. ამ ნახატში ზესტად ჩემს მონათხრობს ვხედავდი.
– ჰეი, – მომესმა უცებ რეზის ხმა.
– შემაშინე, – მისმა ხმამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა.
– კარგად ხარ? – მკითხა გაოცებულმა.
– კი, უბრალოდ ნახატზე ვფიქრობდი, – გავუღიმე მას.
– მინდა, რომ შენ გქონდეს, – რეზი მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა.
– მე მქონდეს? – რატომღაც, მისი ნათქვამი არ მომეწონა, – რატომ?
– იმიტომ, რომ შენ ხარ და მინდა ჩემგან სამახსოვროდ გქონდეს.
– არ მომწონს რასაც ამბობ. რატომ უნდა მქონდეს შენგან სამახსოვროდ რამე, როცა თავად შენ მყავხარ? – გაოცებული მივუჯექი გვერდით.
– ისე, უბრალოდ, – მხრები აიჩეჩა მან და გამიღიმა.
„ნუთუ, დაშორებას აპირებს?“ – გამიელვა თავში და სუნთქვა შემეკრა. პირი გავაღე ჰაერი რომ ჩამესუნთქა. უცებ ისე ცუდად ვიგრძენი თავი, ხელები ძლიერად მოვმუშტე ყურადღება რამეზე რომ გადამეტანა.
– ნუ დაიძაბე, – მხიარულად გამკრა მხარი მან, – უბრალოდ მინდა, რომ ნახატი შენ გქონდეს. ესაა და ეს, – თბილად მითხრა და უეცრად ლოყაზე მაკოცა.
იმდენად მოულოდნელი იყო ეს კოცნა, რომ მთელი სხეული დამიბუჟდა და მოგვრილმა ჟრუანტელმა დამადამბლავა.
– გინდა, რამე ფილმს ვუყუროთ? – შემომთავაზა მან.
– კი, მინდა.
– ბალიშებს წამოვიღებ და მოვალ.
– ლეპტოპიც გამოაყოლე, მაგიდაზე დევს.
– კარგი.
– ჰეი, – დავუძახე კართან მისულმა. მაშინვე შემოტრიალდა, – ველოსიპედი როდის გავაკეთოთ.
– არ მინდა, – მიპასუხა მოღუშულმა და სანამ გავაპროტესტებდი, ოთახიდან გავიდა.
შუბლშეკრული ვუყურებდი კარს, საიდანაც ის გაუჩინარდა. არ დავუშვებდი, რომ ველოსიპედით სეირნობაზე უარი ეთქვა.
მალევე დაბრუნდა. ცუდ ხაისათზე ჩანდა. ლეპტოპი კარადაზე შემოდო, შემდეგ საწოლი გადაშალა და ბალიში დააგდო. შედეგ სწრაფად გაიხადა კომბინიზონი და საწოლში შეძვრა.
ჩუმად ვადევნებდი თვალს და ვუბღვერდი, ის კი ჯიუტად არ იმჩნევდა ჩემს გაბრაზებას.
– რატომ არ გინდა? – ვერ მოვითმინე მე. მის გვერდით დავჯექი და ბალიშებს მივეყუდე.
– უბრალოდ აღარ მინდა, – ჩაიბურტყუნა ოდნავ ხმააკანკალებულმა.
– რატომ?
– აღარ მინდა და მორჩა!
– ან მეტყვი რატომ, ან კიდევ ლუკას დავურეკავ და ფსიქოლოგთან ერთად აქ მოგვადგება, – ულტიმატუმი წავუყუენე.
მან ამოიოხრა და დანებების ნიშნად მხრები ჩამოყარა.
– სურვილი აღარ მაქვს... მეშინია... და... – რეზი გაჩუმდა და თავი ჩახარა.
– და?
– ჩემს დას ყოველთვის ასეთი ველოსიპედის ყიდვა უნდოდა. როცა საბურავები გადაჭრეს, თითქოს მას მიაყენეს შეურაცხყობა. აღარ მინდა იგივე განმეორდეს, – ხმა გაებზარა.
– მაპატიე, რეზი, – დავუჩურჩულე უცებ და სწრაფად მოვეხვიე, – ყველაფერი ჩემი ბრალია.
– რა? შენ რა შუაში ხარ? – გაოცებული მომცილდა და შემომხედა.
– მე რომ არ გამოვჩენილიყავი, არც ის სურათი იქნებოდა, არც ველოსიპედის ინციდენტი და შენი მშობლები...
– გაჩუმდი! – ყვრილით გამაწყვეტინა უცებ მან, – არ გაქვს მაგისი თქმის უფლება. არ უნდა იდანაშაულებდე შენ თავს. ჩემზე ძლიერი უნდა იყო... იმიტომ, რომ ყოველი მომდევნო საშინელი დღის შემდეგ სახლში, შენთან მოსვლა და წუწუნი უნდა შემეძლოს... იმიტომ, რომ მე ეგ მჭირდება. მჭირდება, რომ შენ გამამხნევო და არა ბოდიშს მიხდიდე შენი შეყვარების გამო, – გაბრაზებულმა ყვრილით ამოთქვა და თვალები ცრემლებით აევსო.
სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რეზის ცხოვრებაში ამ ურთიერთობით გაცილებით ბევრი ცუდი მოხდა, ვიდრე კარგი. ვერასდროს ვიშორებდი ამ შეგრძნებას. მაგრამ ახლა მისმა ნათქვამმა ისე იმოქმედა, თითქოს ცივი წყალი გადამავლეს გამოსაფხიზლებლად. ჰო, მის გამო უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. ახლა პათეტიკური თავის დადანაშაულების დრო არ იყო.
– მაშინ გავაკეთოთ ველოსიპედი. არ დანებდე ასე მარტივად, – ვუთხარი და თმაზე მოვეფერე.
ცოტა ხანს ჩუმად იყო. ფიქრობდა.
– კარგი, ოღონდ ჯერ არა.
– კარგი.
– აბა ფილმი, შეარჩიე? – მკითხა უცებ მან და სასაცილოდ შეიკრა წარბები.
– ახლავე შევარჩევ, – გამეცინა.
კარადიდან ლეპტოპი ავიღე და ჩავრთე. რეზიმ ხელები წელზე შემომხვია და თავი მხარზე დამადო. ღიმილით დავხედე ჩემზე მოკრულ ბიჭს. სწრაფად ვაკოცე ცხვირზე და სიცილით გავსწორდი. მასაც გაეცინა.
– რამე დებილობა აარჩიე, სერიოზული ფილმის ყურება არ მინდა, – მითხრა მან.
– როგორი დებილობა?
– მოიცა, მოვიფიქრე, – ლეპტოპი გამომტაცა და წამოჯდა. ვერ ვხედავდი რას აკეთებდა, რადგან მისი ზურგი მეფარებოდა, – აი, ეს, – მალე იპოვა ფილმი. ლეპტოპი ფეხებზე დამადო და კვლავ მკერდზე მომეკრა.
– არ ვიცი ეს ფილმი.
– ძალიანაც კარგი, – გაეცინა მას და ფილმი ჩართო. რობინ უილიამსი მონაწილეობდა და ფილმს RV ერქვა. სულ უაზრო რომც ყოფილიყო, რობინის გამო ყურება ღირდა.
ფილმმა კარგად გაგვამხიარულა. ძალიან ბევრი ვიცინეთ. ვინანე კიდეც, აქამდე რომ არ მქონდა ნანახი.
რეზი შედარებით გამოვიდა მდგომარეობიდან. ვიდეოს ყურებაც მოინდომა. ერთად ვუყურეთ. ვერც მან იცნო ხულიგნები.
– თუ მართლა იმ სურათის გამო გადაჭრეს საბურავები, გამოდის, რომ მეგობრებში უნდა მყავდეს რომელიმე, მაგრამ ვერავის ვცნობ.
– ჩემი მეგობრებიდან არ იქნებოდნენ, უკიდურესად გაფილტრული სია მაქვს.
– ჰო, ეგ ვიცი, – მიპასუხა მან, – ამაღამ გადავათვალიერებ ჩემს მეგობრებსაც.
– თუ სურათის გამო არა, აბა რისთვის გადაჭრიდნენ?
– არ ვიცი, ვერაფერს ვფიქრობ, – მიპასუხა მან და ამოიოხრა, – ხვალ აკადემიაში არ წავალ.
– რატომ?
– ხვალ არ მინდა.
– მარტო ხვალ?
თავი დამიქნია.
– ოღონდ არ გადააბა.
– რა თქმა უნდა, – გამოიღიმა და უეცრად ორივე ხელი შემომხვია.
– მაშინ ხვალ მეც დავრჩები.
– არა, – თავი გააქნია მან, – შეიძლება შენთან წამოვიდე უნივერსიტეტში?
– კი. ოღონდ მარტო ლექციებზე.
– რამდენი ლექცია გაქვს ხვალ?
– ორი ლექცია და ერთი სემინარი.
– მაშინ ლექციებზე დაგესწრები.
– კარგი, – გავუღიმე და ჩემზე მოწებებულ ბიჭს თმაზე ვაკოცე, – გინდა სურათების გადასაღებლად წავიდეთ?
– კი.
უამრავ ძველ დ უცნობ უბანში ვიხეტიალეთ. პირველ რიგში, იქ წავედით, სადაც ადრე ვიყავი და გადავწყვიტე, რომ შენობები გადამეღო. მაგრამ შენობების მაგივრად რეზის ვიღებდი. ის კი მეჩხუბებოდა, ნუ გავიწყდება აქ რისთვის ხარო.
სახლში გვიან და ძალიან დაღლილები დავბრუნდით. ფოტოები ჩემს ოთახში შევიტანე და საწოლის მიპირდაპირე ორ კედელზე გაბმულ თოკზე გავფინე. რამდენიმე უხარისხოდ იყო გადაღებული, რამდენიმეც გადღაბნილიყო, რადგან რეზის იმდენ სურათს ვუღებდი, მათი გაშრობისთვის არ მეცალა. რეზი ღიმილით მიყურებდა. ბოლოს მომიახლოვდა და ფოტოების დათვალიერება დაიწყო.
– სამაგრები არ მყოფნის, – ვთქვი სიცილით.
– რამდენი ლენტა გამოიყენე?
– ბევრი.
– იმდენი სურათი გადამიღე რომ...
– არ მოგწონს? – ვკითხე მოღუშულმა.
– როგორ არა, – რეზიმ შუბლი შეიჭმუხნა, – ცუდად გამომივიდა, – უხერხულად გამიღიმა, – ფოტოები ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ შენობების გადასაღებად წავედით და არა ჩემი.
– შენობებიც გადავიღე.
– ერთი, ორი, სამი, ოთხი, – რეზიმ თოკზე გაფენილი ფოტოებიდან შენობების დათვლა დაიწყო, – სულ ოთხი სურათი.
– ხუთი, – მაგიდაზე დახვავებული სურათებიდან კიდევ ერთი გამოვაძვრინე.
რეზიმ ცალი წარბი ასწია.
– შენ იმიტომ გიღებ, რომ შენობებზე მეტად ფოტოგენური ხარ.
– ოო, მადლობა, – სიცილით მითხრა მან.
– დავიღალე. არ დავიძნოთ?
– დღეს შენთან დავიძინოთ, – მითხრა მან და ტანსაცმლის გახდა საწოლისკენ მიმავალმა დაიწყო.
დარჩენილი ფოტოები მაგიდაზე სწრაფად გადავშალე და მეც საწოლიკენ წავედი. უცებ გავიძრე ტანსაცმელი და საბნის ქვეშ შევძვერი.
– მგონი გათბობა უნდა ჩავრთოთ, უკვე ცივა, – ვუთხარი და ცხელ სხეულს მივეხუტე.
რეზიმ ორივე ხელი შემომხვია და ფეხები ჩემს ფეხებში ახლართა.
– მე გაგათბობ, – ჩურჩულით მითხრა.
თავი მკერდზე დავადე და მისი სითბოთი გაბრუებულმა თვალები დავუჭე.
– დედაშენმა დაგირეკა?
– არ ვპასუხობ.
– უნდა უპასუხო.
– ხვალ ვუპასუხებ.
– ყველაფერს ხვალისთვის რატომ დებ? – გაბრაზებულმა ავწიე თავი და შევუბღვირე.
– იმიტომ, რომ ახლა მეძინება.
– ჰო, ლოგიკურია, – დავეთანხმე და ისევ მკერდზე დავადე თავი. მკლავზე ჩამოვუსვი ხელი და ინსტუნქტურად დავიწყე მის თხელ თმაზე თამაში.
მალე დამიმძიმდა თვალები. სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი, ბოლოჯერ მივეხუტე მის ცხელ სხეულს. ვერ გავიგე როდის ჩამეძინა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი talia

Kargi iyo,imedi maqvs rezis araferi mouva

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent