სისხლში მოცეკვავე (თავი 46-49) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლში მოცეკვავე (თავი 46-49)


27-07-2018, 02:38
ნანახია 371

სისხლში მოცეკვავე (თავი 46-49)

ნაწარმოები „სისხლში მოცეკვავე“ არის დეტექტიური ჟანრის, სადაც იძიებენ ახალგაზრდა ქართველი ბალერინის, ლიზა მეტრეველის მკვლელობას. მოქმედება ორ ქვეყანაში-აშშ-ში და საქართველოში ხდება. გამოძიებას ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი და პარალელურად, სტუდენტები ნიკა ხურცილავა და ფაბიანა ვერდინო ატარებენ.
იდუმალებით მოცული მკვლელობა საზოგადოების დიდი ინტერესს იწვევს... არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ დასრულდება გამოძიება.

გეგმის მიხედვით, ნიკა და ფაბიანა პირველად დიმა მიქავას უნდა შეხვედროდნენ. ვიდრე დიმა სამსახურში იყო, ისინი ქალაქის ღირსშესანიშნაობებით ტკბებოდნენ, ხოლო საღამო ხანს, სამსახურის შესასვლელთან დაუხვდნენ, თავი წარუდგინეს და საუბარზე დაითანხმეს. დიმამ სტუმრები სამუშაო კაბინეტში შეიპატიჟა:
-სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ შეიძლება, დაგეხმაროთ, მაგრამ მზად ვარ, თქვენთან ვითანამშრომლო.
-ვიცით, რომ ლიზას არც თუ ისე სასიამოვნოდ დაშორდით და ალბათ, მიზეზიც გქონდათ. პირადი ცხოვრების დეტალების მოყოლა ყველასთვის რთულია, მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ, რომ დაგვეხმაროთ.
-გისმენთ, რა გაინტერესებთ?
-ლიზას პიროვნების აღწერა გვაინტერესებს. როგორი იყო, რა ინტერესები ჰქონდა და ა.შ. -ჰკითხა ფაბიანამ.
-ნიჭიერი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე და ცოტა ჯიუტი პიროვნება იყო. ყოველთვის იცოდა რა უნდოდა ცხოვრებაში, როგორი ნაბიჯები უნდა გადაედგა და რას მისცემდა თითოეული ქმედება მომავალში.
-რამდენად გახსნილი იყო ურთიერთობაში?
-ტყუილი არ უყვარდა, არც თავად ამბობდა და არც სხვას პატიობდა. ერჩივნა, სიმართლის გამო უსიამოვნება შემთხვეოდა, ვიდრე ვინმე მოეტყუებინა.
-რას გულისხმობთ, მზად იყო, სიმართლის გამო უსიამოვნება შემთხვეოდაო?
-სიმართლეს არავის უმალავდა, პირდაპირი იყო. რაღაცას რომ აკეთებდა, რაც კარგად იცოდა, რომ არ მესიამოვნებოდა და გამაღიზიანებდა, მეუბნებოდა: -ვიცი, არ მოგეწონება, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, საქმეს ასე სჭირდებაო.
-და რას აკეთებდა ასეთს, რომელიც თქვენ გაღიზიანებდათ?
-გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ჩემთან შეუთანხმებლად იღებდა ხოლმე.
-რასთან დაკავშირებით?
-თუნდაც სამსახურთან ან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ბევრი წვრილმანი იყო, რაც მერჩივნა, რომ ჯერ ჩემთან შეეთანხმებინა ან რჩევა ეკითხა. მე მესმის, რომ ძალიან დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ეს ზოგჯერ მეტისმეტად გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის. ურთიერთობაში კი ეს ხომ გესმით, მუდამ კომფლიქტური სიტუაციების მიზეზია.
-იცოდით, რომ ლიზა დღიურს წერდა?
-არა, ჩემთვის არაფერი უთქვამს.
-დღიურში ის თქვენთან დაშორების დღეზე და მიზეზზეც საუბრობს.
-მაშინ მასთან დაშორების მიზეზზე მოსაყოლიც არაფერი მაქვს.
-ჩვენ ვიცით, ლიზა რას წერს, მაგრამ გვაინტერესებს თქვენი პასუხიც.
-ერთ დღეს, ლიზამ ნიუ-იორკის საბალეტო დასიდან სამსახურის თაობაზე მოწვევა მიიღო. ჩემთვის არც უკითხავს, ისე დათანხმდ შეთავაზებას და ასე გაწირა ჩვენი ურთიერთობა.
-დღიურში წერს, რომ ძალიან გაბრაზდით.
-გაბრაზება ცოტა მსუბუქად ნათქვამია. ახლა რომ ვფიქრობ, ლიზა კარიერისტი იყო და ოჯახი და ვალდებულებები ალბათ, მისთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა, ამიტომ ძალიან მარტივად მიიღო გადაწყვეტილება, დავეტოვებინე და სხვა ქვეყანაში წასულიყო. მისი თქმით, ჩვენს ურთიერთობას ბზარი არ გაუჩნდებოდა, მაგრამ ყველამ კარგად იცის, ფიზიკური განშორება საკმაოდ მძიმე ასატანია და ადრე თუ გვიან, სიყვარული ფერმკრთალდება. ამ თემაზე არავისთან მისაუბრია, პირველები ხართ, ვისთანაც გულწრფელად ვთქვი რაც ჩვენს შორის მოხდა.
-ჩვენ ვიცოდით კიდეც რაც მოხდა, უბრალოდ გადავამოწმეთ, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს. ლიზა წერს, რომ მას ურთიერთობის შენარჩუნება სურდა თქვენთან.
-გასაგებია, მაგრამ აკი გითხარით, ფიზიკური განშორება ურთიერთობებს სპობს და წარმოდგენა არ მაქვს, სიყვარული როგორ უნდა შეგვენარჩუნებინა.
-მე ვერ შეგედავებით, რადგან ლიზა არ ვარ. –თქვა ფაბიანამ.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ საუბარი ნიკამ გააგრძელა:
-ლიზასთვის რაიმე უცნაური ინტერესი ხომ არ შეგინიშნავთ?
-ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ?
-კარგი, მაშინ დაგიკონკრეტებთ. ძველი დამწერლობების, მოხაზულობების ან მსგავსი ტიპის ინტერესებს ვგულისხმობ.
-არაფერი შემინიშნავს.
-თქვენ როგორ გაიცანით ერთმანეთი?
-ჩემი და და ლიზა ძალიან კარგი მეგობრები და თან კლასელები იყვნენ. ერთხელ, მე და მარიკომ მას სახლში მანქანით გავუარეთ და კონცერტზე წავიყვანეთ, თავსხმა წვიმა იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი.
-რამდენიმე კითხვა გვაქვს თქვენს დასთან და დედათქვენთან, როგორ შეიძლება მათთან დაკავშირება. ვერ დაგვეხმარებით? –ინტერვიუს გაწყვეტა მოინდომა ფაბიანამ, მიხვდა, რომ დიმასგან მეტს ვერაფერს გაიგებდა, რაც დღიურიდან არ იცოდა.
-ჩემი და ბათუმშია. ვკითხავ და თუ ნებას დამრთავს, რა პრობლემაა, მის ნომერს მოგცემთ. იგივე შემიძლია გითხრათ დედაჩემზეც.
დიმამ მარიკოს გადაურეკა და ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენა. მარიკო დათანხმდა, რომ ფაბიანასთვის და ნიკასთვის მობილურის ნომერი მიეცა. არც დედამისი იყო ახალგაზრდებთან შეხვედრაზე წინააღმდეგი.

***
გამომდინარე იქიდან, რომ მარიკო ერთი კვირა თბილისში დაბრუნებას არ გეგმავდა, ფაბიანამ და ნიკამ თავად გადაწყვიტეს ბათუმში ჩასვლა. თარიღსა და დროზე კი წინასწარ შეუთანხმდნენ. რაც შეეხება მათ დედას, დიმასთან საუბრის შემდეგ მეორე დღეს ესტუმრნენ სახლში.
ქალბატონმა ბაიამ ახალგაზრდა ახალგაზრდები თბილად მიიღო და ქართული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლა. ფაბიანამ და ნიკამ დიდ ხანს არ დააყოვნეს და საქმეზე გადავიდნენ.
-ქალბატონო ბაია…
-ბაია დამიძახე, ნიკა. -სიტყვა გააწყვეტინა ქალმა.
-კარგი, ბაია. თქვენ ინგლისური არ იცით, თარჯიმნობას მე გავწევ. მთავარია, მთელი სიზუსტით გაიხსენოთ ის დეტალები, რაც ფაბიანას და მე გვაინტერესებს.
-კი ბატონო, გისმენთ.
კითხვების დასმა ფაბიანამ დაიწყო:
-ვიცით, რომ მარიკო ლიზა მეტრეველის ახლო მეგობარი იყო და თქვენთან ხშირად მოდიოდა.
-დიახ, გოგოებს რომ გამოცდები ჰქონდათ, რამდენჯერმე აქაც დარჩენილა, ჩვენს ბინაში.
-როგორი იყო ლიზა მეტრეველი და რამე უცნაური ინტერესი ხომ არ გამოუვლენია ოდესმე?
-ლიზიკო ძალიან კარგი, თბილი და საყვარელი გოგონა იყო. ბალეტზე რომ თავდავიწყებით იყო შეყვარებული, ამაზე საუბარს აღარ მოვყვები, -ეს კარგად გეცოდინებათ. როგორც ჩემი შვილის მეგობარი, არაჩვეულებრივი იყო. არასოდეს შემინიშნავს, რომ მარიკო რამეზე მაინც გაენაწყენებინოს. რაც შეეხება დიმას, ალბათ, საქმის კურსში ხართ, რომ ჩემი ბიჭი შეყვარებული იყო და დაქორწინებას აპირებდა მასზე, მაგრამ ლიზა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და როგორც მერე გავიგე, დაშორებულან. დეტალებზე კი დიმას არასოდეს უსაუბრია ჩემთან. ამ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბის. ლიზას უცნაურ ინტერესებში არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ძალიან ნორმალური და კარგი გოგონა იყო.
-თქვენი გოგონას რვეულში, წიგნში, ნივთებზე უცნაური გამოსახულებები ხომ არ შეგიმჩნევიათ?
-არ ვიცი რას გულისხმობთ, მარიკოს ხატვა უყვარს, ზოგჯერ რვეულის ბოლო ფურცლებზე პატარა სიმბოლოების მსგავსი გამოსახულებები შემიმჩნევია კიდეც, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება ნამდვილად არ მიმიქცევია. ... და, მარიკო რა შუაშია, რატომ მეკითხებით?
-მარიკო ლიზას ახლო მეგობარი იყო და შესაძლოა, ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ. ხომ გესმით?
-აჰ, დიახ, გასაგებია. –თავი დაუქნია ქალბატონმა ბაიამ.
-როდის შეამჩნიეთ თქვენი შვილის უცნაური, პატარა სიმბოლოები?
-ჩემი მოუცლელი შვილის ხელში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ხშირად მიწევდა მისი ნივთების და გამოყენებული რვეულების დახარისხება და თავიდან მოცილება. როცა ვამოწმებდი, რომელი სჭირდებოდა და რომელი აღარ, მაშინ შევამჩნიე ის ნახატებიც.
-ნახატები იყო თუ სიმბოლოები?
-ზუსტად ვერ გეტყვით, ნახატები იყო თუ სიმბოლოები. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მეგონა, უბრალოდ თავს ირთობდა და მეტი არაფერი.
-სადმე შეგვიძლია, რომ თქვენი შვილის ჩანაწერები ვნახოთ?
-თუ სკოლის რვეულებს გულისხმობთ, ისინი დიდი ხნის წინ გადავყარე.
-შეიძლება, მარიკოს ოთახი დავათვალიეროთ?
-დიახ, აქეთ მობრძანდით. –წინ წაუძღვა ახალგაზრდებს ქალბატონი ბაია.
ნიკამ და ფაბიანამ საკმაოდ დიდი ხანი დაჰყვეს მარიკოს ოთახში, მაგრამ ლიზას დღიურში აღმოჩენილი მსგავსი ტიპის სიმბოლოები ვერსად ნახეს. ოთახიდან გამოვიდნენ და ქალბატონ ბაიასთან საუბარი გააგრძელეს:
-ლიზასთვის თუ შეგიმჩნევიათ, რომ მსგავსი ტიპის სიმბოლოები სადმე დაეხატოს, როგორსაც თქვენი შვილი თავისი რვეულების ბოლო ფურცლებზე ხატავდა.
-არასოდეს.
-ჩვენ ახლა ერთ გვერდს გაჩვენებთ, სადაც უცნაური ტიპის გამოსახულებებია. ძალიან გთხოვთ, იქნებ გაიხსენოთ. –ნიკამ ლიზას დღიურის ბოლო გვერდის ასლი გაუწოდა.
რამდენიმე წუთი აკვირდებოდა ქალბატონი ბაია ლიზას მიერ მოხაზულ გამოსახულებებს. ბოლოს თავი გააქნია და ახალგაზრდებს უთხრა:
-სამწუხაროდ არ მახსოვს. ჩემი შვილის სიმბოლოებიც კი არ მახსოვს, რას ხატავდა. ხომ გეუბნებით, ყურადღება არ მიმიქცევია. მეგონა, მხოლოდ ერთობოდა და დროს კლავდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სიმბოლოები რამე დატვირთვას ატარებენ?
-დიახ.
-ვწუხვარ, რომ ვერაფრით გეხმარებით.
-არაფერია, რას ვიზავთ. ახლა, ერთადერთი იმედი თქვენი შვილია. –ხასიათი წაუხდა ფაბიანას.
-გასაგებია.
-კარგი, მაშინ აღარ მოგაცდენთ. მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ და დაგემშვიდობებით.
-მეტი კითხვა არ გაქვთ? მეგონა, ბიოგრაფიული წიგნის დასაწერად სხვა კითხვებიც გექნებოდათ.
-ჯერ-ჯერობით არაფერი. – მიუგო ნიკამ და ფაბიანას ანიშნა-წავიდეთო.

***
მიქავების ოჯახიდან წამოსული ნიკა და ფაბიანა გზაში სულ სხვა იმედებით საუბრობდნენ:
-მგონია, რომ მარიკო ლიზას ბოლო გვერდს ამოხსნის. –ხმამაღლა ფიქრობდა ნიკა.
-წინასწარ ნურაფერს დავასკვნით, შესაძლოა მარიკო მართლაც თავს ირთობდა და პატარა ნახატების ხატვით იყო დაკავებული, მაგრამ მეც მაგის იმედი მაქვს, რომ ლიზას და მას რაღაც საიდუმლო ენა ჰქონდათ.
-მოდი დავფიქრდეთ, რაში შეიძლებოდა, რომ ლიზას და მარიკოს საიდუმლო ანბანი შეექმნათ? ესეიგი ვიღაცას რაღაცას უმალავდნენ.
- საინტერესოა, ვის რას უმალავდნენ ან რატომ?
-გაიხსენე, მარიკოს დედამ გვითხრა, რომ სკოლის რვეულების ბოლო ფურცლებზე ხატავდა.
-კი, ასეა.
-ესეიგი, სკოლის პერიოდში მათ რაღაც ისეთი ჰქონდათ საიდუმლო, რაც უნდოდათ, არავის სცოდნოდა.
-ასეთი საიდუმლო რა უნდა ჰქონოდათ ან ვის უმალავდნენ?
-ვის შეიძლებოდა, რომ წაეკითხა და გაეგო მათი ამბები? ვის მიუწვდებოდა მათ რვეულებზე ხელი?
-მასწავლებლებს, თანაკლასელებს და მათ შორის ოჯახის წევრებს.
-ხოდა ამოცანაც ამოხსნილია. სავარაუდოდ ამ სიმბოლოებით ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. შეიძლება შეყვარებულებზე ან თუნდაც მასწავლებლებზე და თანაკლასელებზე ჭორაობდნენ რამეს და არ უნდოდათ, რომ სხვებსაც გაეგოთ.
-ვინ იცის? არაფერია გამორიცხული.
-საინტერესოა, მარიკოს და ლიზას მასწავლებლებს ან კლასელებს თუ ახსოვთ მსგავსი ტიპის გამოსახულებები?
-ფაბიანა, ეს ყველაფერი ჩვენი ვარაუდებია და მოდი ჯერ მარიკოს შევხვდეთ და ვნახოთ რას იტყვის.
-რა პასუხიც არ უნდა მითხრას, მაინც ვერ მომატყუებს.
-რას ვერ მოგატყუებს?
-იცის თუ არა, ლიზას დღიურის ბოლო გვერდზე რა წერია.
-საიდან მიხვდები?
-აი, დაიმახსოვრე. თუ მარიკომ ამ გამოსახულებების შესახებ არაფერი იცის, მაშინ დახედავს თუ არა, იტყვის, რომ მანადე მსგავსიც არაფერი უნახავს, ხოლო თუ დიდ ხანს დაუწყო დაკვირვება და სახეზე განწყობა შეეცვალა, მაშინ ჩათვალე, რომ შინაარსს ეცნობა.
-და რატომ უშვებ, რომ თუ რამეს მიხვდება, დაგვიმალავს.
-ნიკა, რა გულუბრყვილო ხარ. გააჩნია აქ რა წერია, შინაარსიდან გამომდინარე ისე მოიქცევა, როგორც მას აწყობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვერ მომატყუებს ვერაფერს.
-ფაბიანა, ანუ უშვებ, რომ შეიძლება ლიზას მკვლელობაში მარიკოს ძმა რაღაცით მაინც იყოს გარეული?
-საიდან უნდა ვიცოდე? საერთოდ, ყველაფერი უნდა დაუშვა, თუმცა ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი გამოძიება.


თავი 47
ბათუმში გამგზავრებამდე ნიკა და ფაბიანა ყველას შეხვდნენ, ვინც ლიზას ძალიან ახლოს იცნობდა და ვისგანაც რაიმე სახის ინფორმაციის მიღება შეიძლებოდა, მაგრამ არც ერთი პიროვნება აღმოჩნდა გამოძიებისთვის საინტერესო. ბოლო იმედად ისევ მარიკო მიქავა რჩებოდა.
ადრიანი დილა იყო, როდესაც თბილისი-მახინჯაურის მატარებლიდან ნიკა და ფაბიანა ჩამოვიდნენ. ნიკას “ორბი რეზიდენსის” ახალაშენებულ კორპუსში ჰქონდა ერთ-ერთი ბინა წინასწარ ნაქირავები და კორპუსამდე ტაქსით მივიდნენ. მარიკოსთან შეხვედრა საღამოს 21:00 საათზე ჰქონდათ დათქმული. მანადე კი რამდენიმე საათით დაისვენეს და შემდეგ ქალაქის დასათვალიერებლად გავიდნენ. ბათუმის გაცნობამ იმდენად დიდი დრო წაიღო, მარიკოსთან შეხვედრის დრო მალე მოახლოვდა. ნიკამ მობილურზე გადაურეკა და შეხვედრის შესახებ შეახსენა. ნახევარ საათში ერთ-ერთ კაფეში შეიკრიბნენ.
-დედაჩემმა და დიმამ თქვენს შესახებ უკვე ბევრი მიამბეს, ვიცი, რომ ლიზა მეტრეველის პირადი ცხოვრების დეტალებით ხართ დაინტერესებული.
-დიახ, სწორედ ასეა.
-პირველ რიგში, ჩვენს თავებს წარმოგიდგენთ, შემდეგ კი შეკითხვებზე გადავალთ.
-რა გაინტერესებთ? სხვათაშორის თქვენ მახსოვხართ, ნიკა. მგონი ერთხელ ან ორჯერ უნდა მყავდეთ ნანახი.
-დიახ, მეც მახსოვხართ.
-სიმართლე გითხრათ, ლიზა თქვენზე ხშირად მიყვებოდა ხოლმე.
საუბარში ფაბიანა ჩაერთო და მარიკოს სიტყვა გააწყვეტინა.
-ალბათ ოჯახის წევრებმა უკვე გიამბეს, რომ ჩვენ ლიზას დღიურის ბოლო გვერდზე მოხაზული სიმბოლოებით ვართ დაინტერესებული. იცოდით, რომ ლიზა დღიურს წერდა?
-დიახ, მხოლოდ მე ვიცოდი.
-ესეიგი ის ძალიან გენდობოდათ.
-მეც ვენდობოდი მას. სხვანაირად არც შეიძლებოდა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით.
-როგორც ვატყობ, საიდუმლოებებსაც გიმხელდათ.
-დიახ, ასეა.
-მარიკო, შეგიძლია, გვითხრა, რაზე საუბრობდით ხოლმე?
-შეყვარებულებზე, ოჯახურ ამბებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რა გვილხინდა, რა გვტკიოდა და ა.შ. ბევრ რაღაცაზე, რაც შეიძლება, აწუხებდეს იმ ასაკის გოგონებს, რა ასაკშიც მაშინ ვიყავით.
-გასაგებია.
-საიდუმლო მიმოწერა თუ გქონდათ?
-ძირითადად ვსაუბრობდით ხოლმე, რატომ მეკითხებით?
-ამ სიმბოლოებს თუ ცნობ? –ფაბიანამ ლიზას დღიურის ბოლო გვერდი აჩვენა.
მარიკომ დახედა და უმალ გააქნია თავი.
-შეიძლება, სურათი გადავუღო?
-რატომ?
-არ ვიცი, ისე. დავაკვირდები და თუ რამეს გავიხსენებ, გეტყვით.
-ახლა არაფერი გახსენდება? დახედე, ჩვენ არსად გვეჩქარება, იმდენ ხანს დაგელოდებით, რამდენიც საჭიროა.
-არა, მირჩევნია, ჩავუღრმავდე. შეიძლება ახლა არა, მაგრამ მერე გამახსენდეს. თან დიდი დრო არ მაქვს, მეგობრები მელოდებიან, სადღაც უნდა წავიდეთ.
-კარგი, გადაუღე მაშინ.
მარიკომ ჯიბიდან მობილური ამოიღო და სიმბოლოებს სურათი გადაუღო, შემდეგ ნიკას და ფაბიანას ბოდიში მოუხადა და იქაურობას გაეცალა.
-რა იყო ახლა ეს? –გაოცებულმა ნიკამ ფაბიანას გადახედა.
-რა და ჩემი დიდი შეცდომა.
-რას გულისხმობ?
-მაშინვე არ უნდა მეჩვენებინა ეს სიმბოლოები.
-ვითომ რატომ?
-საერთოდ, ჯობდა პირველად მარიკო გვენახა და მასთან საუბრით დაგვეწყო ჩვენი გამოძიება. მან ოჯახისგან ზუსტად იცოდა, რასაც ვეძებდით. ის კი ამისთვის საკმაოდ კარგად მოემზადა. დარწმუნებული ვარ, რომ მარიკო ამ სიმბოლოებს ძალიან კარგად სცნობს.
-მგონი ლიზას დღიური საერთოდ არ უნდა გვეხსენებინა.
-ამ გოგოსთვის ლიზას დღიურის შესახებ საერთოდ არ უნდა გვეხსენებინა. როცა თავად მოგვიყვებოდა საიდუმლო სიმბოლოების შესახებ და რამდენიმე მსგავს მოხაზულობასაც გვაჩვენებდა, სწორედ მაშინ უნდა გამოგვეჩინა დღიური.
-კარგი, არ ინერვიულო, თუ ჩვენთვის რამის თქმა არ უნდოდა, მაინც არ გამოტყდებოდა.
-ყოველ შემთხვევაში უკან დასახევი გზა არ ექნებოდა, ფაქტს მაინც ვერ გაექცეოდა. ახლა კი კარგად იმსახიობა, თავი მოგვაჩვენა, რომ ასეთი არც არაფერი უნახავს.
-იქნებ, მართლა არაფერი იცის?
-რაღაც არა მგონია. გული მიგრძნობს, რომ იცის. ახლა ის წაიკითხავს, გაშიფრავს და შემდეგ გადაწყვიტავს, გვითხრას თუ არა შინაარსი.
-ღმერთმა ქნას, რომ გვითხრას.
შეხვედრის შემდეგ მარიკო მიქავა ნიკას და ფაბიანას არ შეხმიანებია და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა. დარწმუნდნენ, რომ გოგონა მათთან შეხვედრას აღარ აპირებდა და მესამე დღეს თბილისში დაბრუნდნენ.


თავი 48
ბრუკლინში East მე-15 ქუჩის და Ave.T-ის კვეთაზე მორიგი მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი 50 წლის აშშ-ში ემიგრირებული პაკისტანელი ქალბატონი აზრა ბჰაიტი იყო. მსხვერპლს ჭრილობები მუცლის აორტაში ჰქონდა მიყენებული, რამაც სწრაფი სიკვდილი გამოიწვია. აუტოფსიით დადგინდა, რომ სიკვდილამდე ელექტროშოკით გათიშეს. ექსპერტებმა ადგილზე დათვალიერებისას კარის სახელურზე დარჩენილი დნმ-ის ნიმუში ამოიღეს, რაც გარდაცვლილის დნმ-ს არ დაემთხვა და პოლიციელებს აფიქრებინებდა, რომ იგი სავარაუდოდ მკვლელს ეკუთვნოდა. მკვლელის ხელწერა ზუსტად იგივე იყო, რაც ლიზა მეტრეველის შემთხვევაში. საზარელი ფაქტი აქაც სწორედ დილის საათებში, 08.30 საათისთვის იყო ჩადენილი. მეზობელმა გარკვევით დაინახა, რომ დაახლოებით ცხრის წუთებზე, როცა ის სამსახურში მიდიოდა, გარდაცვლილის კართან მუშის უნიფორმაში ჩაცმული, შავთმიანი და ულვაშებიანი მამაკაცი იდგა და ზარი დარეკა.
გარდაცვლილი ქალბატონი პროფესიით ექთანი იყო და “Coney Island Hospital”-ში მუშაობდა. იგი ნაქირავებ სახლში მარტო ცხოვრობდა.
***
კაპიტან ფერგესს ნიუ-იორკის ერთ-ერთი განყოფილებიდან დაურეკეს და აზრა ბჰაიტის მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად მას გადასცეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს შემთხვევა ლიზა მეტრეველის მკვლელობასთან რაღაც კავშირში იყო და შესაძლოა, მისი გაგრძელებაც ყოფილიყო, რადგან ორივე ფაქტი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ბრუკლინის პოლიციის განყოფილების დეტექტივმა ხელთ არსებული მასალები პირადად გადასცა რიჩარდ ფერგესს:
-კაპიტანო, გვამი 25 ივლისს, დაახლოებით საღამოს 18.30 საათზე მეზობელმა აღმოაჩინა. იგი ამ დროისთვის უკვე 11 საათის გარდაცვლილი იყო. როგორც თავად ამბობს, სამსახურიდან დაბრუნებულმა 18:00 საათზე მოსაკითხად დაურეკა აზრა ბჰაიტს, უნდოდა შეემოწმებინა ყველაფერი რიგზე ჰქონდა თუ არა, რადგან დილით მის კართან სამუშაო უნიფორმაში ჩაცმული მამაკაცი დაინახა. სახლის შიგნიდან კარის სახელურზე ოფლი იყო დარჩენილი, შესაბამისად გვაქვს დნმ-ი, რომელიც სავარაუდოდ მკვლელს ეკუთვნის. თითის ანაბეჭდები არსად დაფიქსირებულა, ალბათ, თავდამსხმელს ხელთათმანები ეკეთა. სახლში ყველაფერი ხელუხლებელი დაგვხვდა, ეჭვს ბადებს, რომ განზრახ მკვლელობაა.
-მხოლოდ დნმ-ის ნიმუში გვაქვს?
-დიახ. როგორც ჩანს, სიცხემ თავის საქმე გააკეთა. –გაეღიმა დეტექტივს.
-... და მკვლელმა სახე მოიწმინდა და შემდეგ სახელურზე დნმ-ის კვალი დაგვიტოვა.
-კრიმინალთა ბაზაში დნმ-ის მიხედვით არავინ დაემთხვა?
-სამწუხაროდ არა.
-ეს ფოტორობოტი მეზობლის აღწერით შედგა?- ჩაფიქრებული უყურებდა ფერგესი სურათს.
-დიახ. ვიზუალით ძალიან ჰგავს ლიზა მეტრეველის მკვლელს და ამ ყველაფრის ფონზე ვიფიქრეთ...
-გასაგებია. ვიდეო ჩანაწერი არსებობს?
-უბანში მხოლოდ ერთ სახლს აქვს გარეთ დამაგრებული ვიდეო კამერა. ჩანაწერებში მსგავსი ტიპის აღწერილობის ადამიანი არსად დაფიქსირებულა. გარდაცვლილის ტელეფონიდან არც ერთ კომპანიაში არ არის ზარი შესული, რაც ოფიციალურად გვაფიქრებინებდა, რომ სახლში რაღაც ჰქონდა შესაკეთებელი და მან გამოიძახა შესაბამისი პერსონალი.
-საინტერესოა. მანქანით იყო?
-არ ვიცით.
-კარგი, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
-წარმატებებს გისურვებთ.
-მადლობა.
კაპიტანმა დეტექტივი გააცილა, სასწრაფოდ დეტექტივები დაიბარა და ახალი საქმის ვითარებას გააცნო.


თავი 49
ერთ საღამოს, მარიკო მიქავა ბალეტის მასწავლებელს, მაია ნამორაძეს სახლში ეწვია. მაიამ ყოფილი მოსწავლე განერვიულებული რომ დაინახა, შეცბა:
-მარიკო, შენ ხარ?
-მაია მასწავლებელო... –გოგონა შეწუხებული სახით ჩაეხუტა და მის მხრებზე აქვითინდა.
ახალგაზრდა ქალმა გოგონა სახლში შეიყვანა, ვალერიანის ნაყენის წვეთები დაალევინა და რომ დარწმუნდა, უკვე საუბარი შეეძლო, დაბალი ხმით ჰკითხა:
- მოხდა რამე საყვარელო?
მარიკომ ცრემლები მოიწმინდა და სასაუბროდ მოემზადა:
-საშინელი ამბავი შევიტყვე, მერჩივნა, არაფერი მცოდნოდა. ისიც არ ვიცოდი, ვინმესთვის მეთქვა თუ არა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს თქვენ გამახსენდით. ვიცი, რომ კარგ რჩევას მომცემთ, თქვენ ხომ ლიზასთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყავით?
-რაც მას ეხება, ჩათვალე, რომ მეც მეხება. შეგიძლია ყველაფერი თავისუფლად მიამბო.-ძალიან აღელდა მასწავლებელი.
გოგონამ მძიმედ ამოისუნთქა და საუბარი განაგრძო:
-ალბათ იცით, რომ ლიზას მკვლელობა გაუხსნელია და მკვლელს ჯერ კიდევ ეძებენ. რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკიდან ლიზას მეგობარმა ნიკა ხურცილავამ და ვიღაც ამერიკელმა გოგომ ფაბიანამ ჩამომაკითხეს და ჩემთან შეხვედრა მოინდომეს. ისინი ლიზას შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. წინასწარ ვიცოდი, რა თემაზეც სურდათ ჩემთან საუბარი. დედაჩემმა და ჩემმა ძმამ მითხრეს, რომ ლიზას დღიურში გაკეთებულ უცნაური ჩანაწერის გაშიფვრით იყვნენ დაინტერესებულები. მაშინვე მივხვდი, რომელ სიმბოლოებზე იყო საუბარი და შეხვედრაზე დავთანხმდი, რადგან მაინტერესებდა, დიდ მნიშვნელობას რატომ ანიჭებდნენ იმ სიმბოლოებს -ასეთი რა ეწერა. მათ ლიზას დღიურის ბოლო გვერდზე მოხაზული გაურკვეველი გამოსახულებები მაჩვენეს და მკითხეს, შემეძლო თუ არა გამეშიფრა. თავი მოვაჩვენე, რომ იმ გამოსახულებებს არ ვცნობდი, თუმცა მობილურით სურათი გადავუღე და დავპირდი, რომ თუ რამეს გავიხსენებდი, მათაც აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებდი. მოგვიანებით სახლში ლიზას ჩანაწერს გავეცანი, ყველაფერი ამოვხსენი და ახლა აღარ ვიცი რა გავაკეთო, ვიღაცის რჩევა მჭირდება.
-ერთი წუთით, საყვარელო, ვერაფერს მივხვდი. ეგ ახალგაზრდები ჩემთანაც იყვნენ და უცნაური გამოსახულებები მეც მაჩვენეს, მაგრამ რაც ლიზას ვიცნობდი, მისთვის მსგავსი ტიპის ინტერესები არასოდეს შემინიშნავს. შენ ამბობ, რომ ეს სიმბოლოები შენთვის ნაცნობია?
-სწორედ, ასეა. ეს ჩემი და ლიზას გამოგონილი ანბანია. ძირითადად გაკვეთილებზე ვიყენებდით ხოლმე, როცა გვინდოდა, რომ ჩვენს მეტს არავის წაეკითხა.
-ანუ ერთმანეთს ამ სიმბოლოების ენით ელაპარაკებოდით?
-დიახ, თუ რამე მნიშვნელოვანი გვინდოდა ერთმანეთისთვის გვეთქვა და გვსურდა, რომ მასწავლებელს საუბრის გამო შენიშვნა არ მოეცა, წერილებს ვწერდით. ისინი ვინმეს რომც დაენახა, ვერაფერს მიხვდებოდა.
-კი, მაგრამ რა გქონდათ ასეთი საიდუმლოებები, რომ საკუთარი ანბანი შექმენით?
-ხან მასწავლებლებზე ვიყავით განაწყენებულები, ხან კლასელებზე და ხან ჩვენ შეყვარებულებზე ვწერდით ერთმანეთს. ხომ გესმით, თინეიჯერების ამბავი...
-კარგი, მითხარი რა ეწერა ლიზას დღიურის ბოლო გვერდზე, რომ იმის გულისთვის ის ახალგაზრდები ამერიკიდან აქ ჩამოვიდნენ?
-მგონი ვიცი, ვინც მოკლა ლიზა.
-რაა?.. იქ მკვლელის სახელი და გვარი ეწერა? მარიკო, არაფერი დამიმალო! რა მოხდა სინამდვილეში, ვინ გაიმეტა ჩვენი ლიზა ამ სასტიკი სიკვდილისთვის? –ხმა შეეცვალა მასწავლებელს.
მარიკომ მობილური ამოიღო, სიმბოლოებს დახედა და სიტყვა სიტყვით ყველაფერი წაუკითხა მაიას. როგორც კი კითხვა დაასრულა, მასწავლებელს შეხედა და შენიშნა, რომ ქალს სახეზე ფერი დაჰკარგვოდა. დიდ ხანი დასჭირდა მის გონზე მოსვლას. მერე მარიკოს მიუბრუნდა და ჰკითხა:
-რას აპირებ?
-არ ვიცი. აქ გარკვევით წერია, რომ ლიზა ამის თქმას არავისთვის აპირებდა და საიდუმლოს სამარეში წაიღებდა.
-მიუხედავად იმისა, რომ ლიზა საიდუმლოს თქმას არავისთვის აპირებდა, იმ გარეწარმა ხმა მაინც სამუდამოდ ჩააკმენდინა. –გაბრაზებით წარმოთქვა მაიამ და ყელში ბოღმა მოაწვა.
-უფ... საშინელებაა...
-მარიკო, სიმართლე უნდა თქვა. ახლავე დარეკე იმ ახალგაზრდებთან და გააცანი აქ რაც წერია. ისინი ამ ამბავს იქამდე მიიტანენ, სადაც საჭიროა.
-ამას ვერ გავაკეთებ.
-რატომ?! –გაოგნებით შეხედა ქალმა, ასეთ პასუხს არ ელოდებოდა.
-მაია მასწავლებელო, გარკვევით წერია, რომ ლიზას არავისთვის უნდოდა, რომ ეს ამბავი მოეყოლა. ამისთვის დღიურში ჩვენი სიმბოლოების გამოყენებაც კი დასჭირდა. არ მინდა, მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდე.
- შენ რა, მეხუმრები? გინდა, მისი მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს, ბედნიერად შეირგოს ცხოვრება და ყველას ეგონოს, რომ არაჩვეულებრივი და იდეალური ადამიანია? მან შენი მეგობარი მოკლა და იცი ეს რას ნიშნავს? ის მკვლელია, საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება და კიდევ რომ დასჭირდეს, ისევ იგივეს ჩაიდენს, ისე, რომ ხელი არც აუკანკალდება.
-ლიზას უკანასკნელი სურვილი?
-ლიზა ცოცხალი აღარ არის. მკვლელი მას არ ენდო, რომ არ გასცემდა და მოკლა. ბოროტმოქმედს ხელს აფარებ და ამ წუთში შენც დამნაშავე გამოდიხარ. გესმის?!
-იქნებ მას არ ჩაუდენია დანაშაული? აქ ხომ კონკრეტულად არაფერი ჩანს?
-რა გულუბრყვილო ხარ, მარიკო. მე მეგონა, უფრო ჭკვიანი იყავი. ასე რომც იყოს, მაგას უკვე პოლიცია დაადგენს. მთავარია, გამოძიება სწორ კვალს დაადგეს.
-ახლა, როცა სიმართლე თქვენც იცით, რის გაკეთებას აპირებთ, მაია მასწავლებელო?-შეწუხებული სახით შეხედა მარიკომ.
მაია დიდ ხანს დადიოდა ნერვიულად ოთახში და რაღაცაზე ფიქრობდა. ბოლოს, მარიკოს მიუბრუნდა:
-ნათიასთვის ვაპირებდი ყველაფრის მოყოლას, მაგრამ გადავიფიქრე. არ მინდა, აქედან პანიკა შევქმნა. სჯობს, იმ ნიკას და ფაბიანას შეხვდე და ყველაფერი უამბო, რაც იცი. ისინი შემდეგ ამერიკაში ჩავლენ და ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც საჭიროა. არ მინდა, ზედმეტი ჩარევით გამოძიებას ხელი შევუშალო. შენც ასე უნდა მოიქცე! დამპირდი, რომ რაც იცი, იმ ახალგაზრდების გარდა, არავის ეტყვი.
-გპირდებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ცარიელი

იმედია მარიკო დაურეკავს ნიკას და ფაბიანას და ეტყვის რაც ამოიკითხა ვაიმე როგორ მაინტრესებს.. ისე ამ ქალის მოკვლა რაში დასჭირდა ვერ მივხვდი იმედია მალე გავიგებთ. გელოდებიი
--------------------
ხელმოწერა

 




mirandaa31
იმედია მარიკო დაურეკავს ნიკას და ფაბიანას და ეტყვის რაც ამოიკითხა ვაიმე როგორ მაინტრესებს.. ისე ამ ქალის მოკვლა რაში დასჭირდა ვერ მივხვდი იმედია მალე გავიგებთ. გელოდებიი

ცოტაც მოითმინე და მივალთ ჭეშმარიტებამდე wink heart_eyes

 



№3 სტუმარი სტუმარი ეკო

ვაიმეე ეს რა იყო ღმერთო, წაკითხულის ან შოკში ვარ ვერ ვაზროვნებ, სულმოუთქმელად. ველოდები მოვლენების განვითარებას, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მარიკო ამოხსნისას ამ თავსატეხს, გელოდები მალე დადე გთხოვ

 



№4 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime, vaimee, nervebi chemi gadachimulia saqartvelos eqssazgvramdeee, nikofsiidan darudarbamdee, uhhhh

 




სტუმარი ეკო
ვაიმეე ეს რა იყო ღმერთო, წაკითხულის ან შოკში ვარ ვერ ვაზროვნებ, სულმოუთქმელად. ველოდები მოვლენების განვითარებას, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მარიკო ამოხსნისას ამ თავსატეხს, გელოდები მალე დადე გთხოვ

ეკო, შევეცდები, მალე ავტვირთო მომდევნო თავებიც heart_eyes

Qeti qimucadze
Vaime, vaimee, nervebi chemi gadachimulia saqartvelos eqssazgvramdeee, nikofsiidan darudarbamdee, uhhhh

ვაჰ, რა გავაკეთო, რით გიშველო? მალე დასრულდება შენი ნერვების წყვეტა, გპირდები wink

 



№6 სტუმარი სტუმარი Cira

Keti shkara gamagebine vin aris mkvleli

 




სტუმარი Cira
Keti shkara gamagebine vin aris mkvleli

დღეს ავტვირთე ახალი თავები და სავარაუდოდ ხვალისთვის მისცემენ დასტურს. დაელოდე, ყველაფერს თავის დრო აქვს wink

 



№8 სტუმარი სტუმარი თამარი

უმაგრესი თავი იყო, ისეთი დაძაბული ვკითხულობდი როლში შევედი და ბოლოს მოვეშვი როცა ჩავამთავრე წაკითხვა. მგონია რომ ძალიან ახლობელი ადამიანის გაკეთებულია. ის გაიგო ან დაინახა ლიზამ რაც არუნდა სცოდნოდა.

 




სტუმარი თამარი
უმაგრესი თავი იყო, ისეთი დაძაბული ვკითხულობდი როლში შევედი და ბოლოს მოვეშვი როცა ჩავამთავრე წაკითხვა. მგონია რომ ძალიან ახლობელი ადამიანის გაკეთებულია. ის გაიგო ან დაინახა ლიზამ რაც არუნდა სცოდნოდა.

მომწონს, კარგად მსჯელობ, თუმცა სიმართლე მხოლოდ მე ვიცი stuck_out_tongue_winking_eye

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent