წყურვილი ნაწილი III, თავი 9 (18+) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 9] (18+)


29-07-2018, 01:10
ავტორი ჰაიკო
ნანახია 619

წყურვილი [ნაწილი III, თავი 9] (18+)

მიუხედავად სალემში მიმდინარე ზებუნებრივი ომისა და ქიშპობისა, ქალაქის განწყობას არაფერი ეტყობოდა, არაფერი შეცვლილა მოსახლეობის ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაში, ისევ სამსახური - დღის განმავლობაში, სამსახურის შემდგომ - სახლი, ლუდი, ან ქალაქგარეთ მდებარე ბარი, გამაგრილებელი ან ალკოჰოლური სასმელი, გონების დაკარგვამდე დათრობა, ცხარე დებატები პოლიტიკაზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, სალემის მცირერიცხოვანი მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა მხოლოდ სალემით არ შემოიფარგლებოდა.
ახლაც, ამ მშვიდ და გრილ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული ხალხის კატეგორია "სტივის ბარში" შეკრებილიყო, განხილვის თემას ტორნადო წარმოადგენდა, რომელმაც რაღაც სასწაულის ძალით სალემს შემოუარა და მიმდებარე ქალაქებს დაატყდა რისხვად.
საუბარში, რომელსაც ნელ-ნელა კამათის სახე ეძლეოდა, არ იღებდა მონაწილეობას ბართან განმარტოებით მჯდომი მამაკაცი, ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყო, როგორც ოკეანეში - "მფრინავი ჰოლანდიელი", აქაურს არ ჰგავდა, სახის გამომეტყველება მკაცრი და პირქუში ჰქონდა, შოკოლადისფერი თვალებით ვისკის ჭიქას დასჩერებოდა და თითქოს ჭიქაში მდგარ ყავისფერ სითხეში ცდილობდა საკუთარ ფიქრებზე პასუხის მოძებნას, შიგდაშიგ ხალხს თვალს გადაავლებდა და ამ მომენტში მისი მზერა დაძაბულ და ყურადღებიან ელფერს იძენდა, თითქოს ვიღაცას ელოდა, თუ რაღაცას...მოყავისფრო-მოშავო თმა მოკლედ შეეჭრა, გარშემო თითქმის წმინდად აეპარსა, სამხედრო ყაიდაზე, ფართო ნაიარევი წარბის შუა ნაწილთან იწყებოდა, შუბლის გავლით თავს ჰკვეთდა და კისერთან სრულდებოდა, ეს მას უკიდურესად საშიშ იერს სძენდა, თუ ამას მივათვლით უცნაურად მომზირალ თვალებს, მისი კუთხოვანი ნიკაპი რკინისებურ ხასიათზე მეტყველებდა, შავი ტყავის ქურთუკი სრულებითაც ვერ ფარავდა მისი ტანის ათლეტურ აღნაგობას, ასეთივე შავი, კოვბოური სტილის "LEVI'S"-ის ჯინსის შარვალზე მძიმებალთიანი, ირემის ტყავისგან დაწნული ქამარი შემოერტყა, მის მტკიცე იერს მძიმე ჩექმები აგვირგვინებდა.
ვისკის ჭიქის გვერდით მცირე ზომის ფოტოსურათი იდო, რომელსაც მამაკაცი დროდადრო ხელში აიღებდა, აკვირდებოდა და სახე მაშინვე მჭმუნვარებით ეცვლებოდა. ფოტოზე გამოსახული იყო ძალიან ლამაზი ქალი, შოკოლადისფერი თმით და თვალებით, რომელიც პატარა გოგონას ჩაჰხუტებოდა. ფოტოს მეორე მხარეს ლამაზი ხელით გამოყვანილი წარწერა ამშვენებდა - "მიას დედიკოსგან"...
- მეგობარო, - ხმაც გარეგნობასთან შესაბამისად მტკიცე და მრისხანე ჰქონდა.
- დიახ, სერ! - ბარმენი, რომელიც თაროებზე გამოფენილი ალკოჰოლური სასმელების ბოთლების წმენდით იყო დაკავებული, მაშინვე მიუახლოვდა.
- ფურცელი და კალამი, თუ შეიძლება.
ბარმენმა, რომელმაც მაშინვე შიში და პატივისცემა იგრძნო ამ უცნობი მამაკაცის მიმართ, წამში აღასრულა ბრძანება და გაეცალა.
მამაკაცი ერთხანს სუფთა ფურცელს დაჰყურებდა, კალამს ფოლადის მზემოკიდებულ თითებში ათამაშებდა და ფიქრობდა, შემდეგ თითქოს გადაწყვეტილება მიიღო, ვისკის ჭიქა მკვეთრი მოძრაობით გასწია განზე, ფურცელი წინ დაიდო და წერას შეუდგა.
თეთრ ქაღალდს ნელ-ნელა, მეთოდურად იპყრობდა მუქი მელანი.
გაბრიელი...
ნათანიელი...
რაფაელი...
სომერსეტი...
ფრანკლინი...
ბენიამინი...
ლუციუსი...
კოვაქსი...
მარკუსი...
კონორი...
რებეკა...
მამაკაცმა წერა შეწყვიტა, ვისკის ჭიქა ერთი მოყუდებით დაცალა და ფურცელზე ჩამოწერილ სიას შურისმაძიებელი, სასტიკი მზერა მიაპყრო, ერთხანს ასე აკვირდებოდა, შემდეგ მისი ყურადღება კარის გაღებისას წარმოქმნილმა უმცირესმა ხმაურმა მიიპყრო, არ შებრუნებულა, თავი ოდნავ დახარა და ფურცელს ჩააშტერდა დაძაბული მზერით, სინამდვილეში კი ხალხის საუბარს გაფაციცებული სმენით აყურადებდა.
- მშვენიერი ადგილია განტვირთვისთვის, - თქვა ერთ-ერთმა ახალმოსულმა.
ბართან მჯდომმა მამაკაცმა კალამს ხელი მოჰკიდა და "ფრანკლინი" შემოხაზა.
- დიახ, აბსოლიტურად გეთანხმები, - მიუგო მეორემ.
ამჯერად ამ ხმის გაგონებისთანავე მამაკაცმა "რაფაელი" მონიშნა, შემდეგ ოდნავ მარცხნივ შებრუნდა მთელი ტანით და კართან მდგარ ახალშემოსულებს დააკვირდა მოჭუტული თვალებით, მისმა მახვილმა მზერამ მამაკაცებში მაშინვე ამოიცნო პირველყოფილ ვამპირთა კლანის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ორი მათგანი - რაფაელი და ფრანკლინი, მზერა გაუცივდა, მისი თვალებიდან ზიზღში აღრეულმა გაცოფებამ გამოჟონა, ჯიბიდან მოკლე, გასაშლელი დანა ამოიღო და ხელისგულზე გადაისვე, საიდანაც მდორედ გამოჟონა სისხლმა, შემდეგ ნელა წამოდგა, ოთახი გადაკვეთა და კართან მივიდა.
- ჯანდაბა, - ჩუმად დაიღრინა ფრანკლინმა, - სისხლის სუნი მცემს, თან მაშინ, როდესაც ასე ძლიერ მწყურია..
- ჰო, - დაეთანხმა რაფაელი, შინაგანი მხეცი დაიოკა და ხალხს თვალი მოავლო, შემდეგ მზერა კარისკენ მიმავალ ტანმაღალ მამაკაცზე შეაჩერა, - სისხლის სუნი მას მიჰყვება... წავედით.
ორივე პირველყოფილი წამოდგა და უკან გაჰყვა მამაკაცს, რომელიც გარეთ გავიდა, ბარის ავტოსადგომი გადაკვეთა და ტყის ზოლში შევიდა.
ტყეში სიბნელე და სამარისებური მდუმარება გამეფებულიყო.
- ასე უცებ სად გაქრა? - გაკვირვებული ხმით თქვა ფრანკლინმა, ყნოსვა დაძაბა და მიმოიხედა, - სისხლის სუნსაც ვეღარ ვგრძნობ...
ეს მისი ხანგრძლივი არსებობისას წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა, მის უკან მოჩვენებასავით გაიელვა რაღაცამ, წამის მეასედში კი პირველყოფილის უთავო სხეული მუხლებზე დაეცა, შემდეგ უკიდურესი გაოგნებისგან თვალებგადმოკარკლული რაფაელის ცხვირწინ გაყინული სივრცე ფრანკლინის ჯერ კიდევ მფეთქავმა ორგანომ გადაკვეთა და ბალახზე გაგორდა.
რაფაელმა პირველად იხილა ის, რასაც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, ვიღაც, როგორც მოჩვენება ისე სწრაფად დაესხა მათ თავს და როგორც ქათამი - ისე ადვილად მოკლა უხუცესი პირველყოფილი, რაფაელს ძალიან უნდოდა ეს სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ მის ამ ძლიერ სურვილს უთავო პირველყოფილის სხეული და ბალახზე გაგორებული, ამოგლეჯილი გული ამსხვრევდა.
- ვინ ხარ? - იყვირა რაფაელმა და უკან დაიხია, ფიქრებში მხოლოდ მარკუსის სახელი მოსდიოდა, მხოლოდ მას შეეძლო ასე ერთი ხელის მოსმით, აუღელვებლად და ადვილად მოეკლა პირველყოფილი ვამპირი, - მარკუს...
მაგრამ ტყის ჩაბნელებული კორომიდან სრულიად სხვა პიროვნებამ გამოაბიჯა, ეს არ იყო მარკუსი, ეს ზუსტად ის მამაკაცი იყო, ვინც ბარში სასიკვდილო სია შეადგინა, ვინც ასე ოსტატურად გამოიტყუა ტყეში გონებამახვილი უხუცესები და ვინც უპრობლემოდ წააცალა თავი უხუცეს პრიმუმს.
- ჰეიტემ... - გაოგნებული ხმა ჰქონდა რაფაელს, როდესაც მის გასისხლიანებულ მარჯვენას და სასტიკად მომზირალ შოკოლადისფერ თვალებს შეავლო მზერა.
ჰეიტემმა დემონურად გაიღიმა და შემპარავი ნაბიჯით დაიძრა რაფაელისკენ.
- რაფაელ, გსმენია რამე პირველყოფილ ჰიბრიდზე? არა? რა საინტერესოა, ნახვამდის, რაფაელ, - ჰეიტემმა ელვისებური მოძრაობით დაფარა მას და პირველყოფილ უხუცესს შორის მანძილი, მკერდში ოდნავ უბიძგა და წყვდიადში გაქრა.
რაფაელს პირიდან სისხლი წასკდა, მკერდზე იტაცა ხელები და როდესაც ოდესღაც მძლავრად მფეთქავი გულის ადგილზე სიცარიელე აღმოაჩინა, ტუჩის კუთხე მწარე ღიმილმა აუგრიხა, თავი სინანულით გააქნია და თვალებგაყინული გაიშხლართა ბალახზე...

*****

ექიმი ალდო ტომპსონი ყველანაირი ხერხით ცდილობდა რამდენიმე დღის წინ მომხდარის დავიწყებას, მართალია მან შერიფს დახმარება და მხარში დგომა აღუთქვა ამ ზებუნებრივი საქმის გამოძიებაში, მაგრამ მოვლენები იმდენად უცნაურად და წარმოუდგენლად ვითარდებოდა, რომ სულით ხორცამდე შეძრწუნებული ექიმი შერიფისთვის არაფრის თქმას არ აპირებდა, ბოლო დღეები კლინიკიდან შვებულება აიღო და გადაწყვიტა, ეს დრო დასაფიქრებლად და დასამშვიდებლად გამოეყენებინა. ამ უიკენდზე ის საკუთარ სახლში ჩაიკეტა, მაგარ-მაგარი სასმელები მოიმარაგა და გუგლის საძიებო სისტემას ჩაუჯდა, მისი ძებნის ობიექტს რაღათქმაუნდა უკვდავი არსებები და მათ შესახებ ინფორმაცია წარმოადგენდა. მოკვლევის შედეგი კი, როგორც ექიმი ვარაუდობდა, მრავალფეროვანი და ზღვა ინფორმაცია აღმოჩნდა, დაწყებული ბუგიმენით და დამთავრებული ვლად ცეპეშით, იგივე საყოველთაოდ ცნობილი დრაკულათი, ექიმი ვისკის წრუპავდა და მეთოდურად მიჰყვებოდა ლეპტოპის ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას, აქ თითქმის ყველაფერი იყო, მაგრამ არა ის, რასაც ალდო ტომპსონი კონკრეტულად ეძებდა, მის მიერ ნანახი რეალური ვამპირი არ შეესაბამებოდა ინტერნეტში მოძიებულ რომელიმე სისხლისმსმელი არსების ტიპაჟს, ექიმი მათგან თავის დაცვის საშუალებებზე გადაერთო, აღმოაჩინა, რომ თურმე ნიორი, ჯვარცმა, ნაკურთხი წყალი მომაკვდინებელია ვამპირებისთვის, ყოველშემთხვევაში ასე ირწმუნებოდა რომელიღაც ინკოგნიტო ბლოგერი.
ტომპსონმა კედელზე ჩამოკიდებულ ჯვარცმას გახედა და ფიქრიანად დააქნია თავი. ასევე აღმოაჩინა, რომ თურმე ვამპირებს უცხო სახლში შესვლა არ შეუძლიათ სახლის მფლობელის ნებართვის გარეშე, ამ ცნობამ საბოლოოდ დაამშვიდა მისი აფორიაქებული სული, ჭიქა ვისკის მორიგი ულუფით შეივსო და დააპირა კუჭისთვის ალკოჰოლის მოზრდილი ყლუპი მიეწოდებინა, როდესაც ზარის ხმამ მისი ყურადღება მიიპყრო.
ექიმმა ცივად დადგა ჭიქა მაგიდაზე და კარის გასაღებად ბუზღუნით წავიდა, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ვიღაც თავხედი ბედავდა და მას - კლინიკის მთავარ ექიმს უიკენდზე წინასწარ შეუთანხმებლად სტუმრობდა, ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, ის ადამიანი კი ამჟამად ვაშინგტონში იყო გამოძახებული, ამიტომ არანაირი შანსი არ არსებობდა იმის, რომ კართან შერიფი კრამერი მდგარიყო.
ექიმის ვარაუდი გამართლდა, ზღურბლთან შერიფზე გაცილებით საშიში არსება იდგა, ჩვეულებისამებრ უზადოდ გამოწყობილი, ტუჩები მკაცრად მოეკუმა და გამსჭვალავი ცისფერი თვალებით ექიმის შუბლის ძვალს ბურღავდა.
თავზარდაცემულმა ექიმმა ერთბაშად რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, რამაც სტუმრის სახეზე მხოლოდ ცივი ღიმილი გამოიწვია.
- საღამო მშვიდობის, ექიმო, - კვლავ ზრდილობიანად ჟღერდა მისი ხმა, - მიხარია თქვენი დანახვა, რასაც თქვენზე ვერ ვიტყვი, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე...
ექიმმა გამბედაობა მოიკრიბა, დარწმუნებული იყო, რომ უკვდავი სახლში ვერ შემოვიდოდა მისი მოწვევის გარეშე, ამიტომ გაიჯგიმა, სახეზე უტეხი გამომეტყველება მოირგო და გამმწვევად შეაჩერდა ვამპირს უკიდურესად ცისფერ, თითქმის უფერულ თვალებში.
- სერ... თქვენი სახელი შემახსენეთ, თუ შეიძლება.
- ლუციუსი, თქვენი მონა-მორჩილი, - გაიღიმა უკვდავმა და ოდნავ დახარა თავი.
ექიმმა სწრაფად ჩამოხსნა კედლიდან ჯვარცმა და მოიმარჯვა.
- ჩემგან რა გინდათ?
ლუციუსმა ღიმილით შეავლო თვალი ჯვარცმამომარჯვებულ ექიმს და დაგვიანებით გასცა პასუხი.
- თქვენი დახმარება გვჭირდება, ექიმო.
- მართლა? ალბათ რომელიმე ჯოჯოხეთის მოციქულს სიცხემ აუწია ხომ? - დაგესლა ექიმმა.
- შეიძლება ასეც ითქვას, - კვლავ გაიღიმა ლუციუსმა და მიმოიხედა, - თქვენი ეპითეტი კოვაქსს ძალიან მოეწონება და საერთოდაც, ჩემი ღრმა რწმენით, თქვენ ერთმანეთს მშვენივრად გაუგებთ.
ამ სიტყვებთან ერთად ლუციუსმა ელვისებური მოძრაობა გააკეთა და ოთახში აღმოჩნდა, პირდაპირ თავზარდაცემული ექიმის ცხვირწინ.
ექიმი გაშრა, შიშისგან აკანკალდა, ჯვარცმა ხელიდან გაუვარდა და ხმაურით დაეცა იატაკზე. ლუციუსი მშვიდად დაიხარა, ჯვარცმა მოწიწებით აიღო, სული შეუბერა, მტვერი მოაცილა და კედელზე დააბრუნა.
- ლეგენდებს მაინცდამაინც ნუ ენდობით, ექიმო, - თქვა მან, - თქვენ ხომ განათლებული კაცი ხართ, იმედია ამ მშვენიერი ხალიჩის ქვეშ ნიორი არ გაგიშლიათ, - ის დამცინავად მიაჩერდა ექიმის სულელურ გამომეტყველებას.
- არა... ჯანდაბა... - როგორც იქნა ენა ამოიდგა ექიმმა.
ქერა პირველყოფილმა ზურგზე ხელები დაიწყო და ნელა გაიარ-გამოიარა ოთახში, ის წიგნების თაროების წინ შესდგა და ყურადღებით შეათვალიერა ლიტერატურის სახელგანთქმული კორიფეების ნაწარმოებები.
- თომას ჯეფერსონი, მემუარები, - ამოიკითხა ერთ-ერთი წიგნის დასახელება, - თქვენთან შემოთავაზება მაქვს, ექიმო.
ექიმს ეუცნაურა მისი სიტყვები, როგორც სჩანს, ვამპირი მის მოკვლას სულაც არ აპირებდა.
- რა გნებავთ?
- არაფერი არ იძლევა იმდენ უპირატესობას სხვებზე, რამდენიც უნარი, დარჩე მშვიდი და გულცივი ნებისმიერ ვითარებაში, - გაიღიმა ლუციუსმა და მკვეთრად შემობრუნდა.
- ეს თომას ჯეფერსონის სიტყვებია, - გათამამდა ექიმი და დივანზე დაეშვა.
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა ლუციუსი და მის მოპირდაპირედ მოკალათდა სავარძელში.
- მე მისი თაყვანისმცემელი ვარ, - მიუგო ექიმმა, წამოდგა, კედლის ბარიდან ჭიქა გამოიღო, ვისკით შეავსო და უკვდავს მიაწოდა, თავისდაუნებურად აღმოაჩინა, რომ ამ უცნაური ვამპირისმაგვარი სასიამოვნო მოსაუბრე იშვიათად თუ შეხვედროდა.
ლუციუსმა თავის დაქნევით მადლობა გადაუხადა, ჭიქა ჩამოართვა და გაუღიმა.
- რა გსურთ შემომთავაზოთ? - ექიმი დივანს დაუბრუნდა.
- ჩვენ სამალავი გვჭირდება, - მიუგო ლუციუსმა და ვისკი მოსვა, შემდეგ ჯიბიდან ქათქათა ცხვირსახოცი ამოიღო და ელეგანტურად მიიდო ტუჩებზე, - უფრო სწორად თუ ვიტყვით, ჩემს მეგობარს.
- მას, ვისთანაც ვიყავი?
- დიახ, - დაემოწმა ლუციუსი, - მანამდე, სანამ სრულად გამოჯანმთელდება.
- ჯანდაბა, - ცივად თქვა ექიმმა, - და თუ უარს გეტყვით?
- მაშინ იძულებული გავხდები შთაგაგონოთ, - გაიღიმა ვამპირმა, - ზოგადად, მე ძალმომრეობის წინააღმდეგი ვარ, ექიმო, მაგრამ თუ სხვა გზას არ დამიტოვებთ, მაშინ...
- აქ, ჩემს სახლში?
- აქ, თქვენს სახლში, - დაბეჭდა ლუციუსმა.
ექიმმა სწრაფად გაანალიზა სიტუაცია.
- და რას მთავაზობთ სამაგიეროდ? ალბათ სიცოცხლის უფლებას.
- ეგ თავისთავად იგულისხმება, - თეთრი კბილები გააელვა უკვდავმა და წინ გადმოიხარა, - ბონუსად კი ისეთ რამეს შემოგთავაზებთ, რაზედაც თქვენ, თომას ჯეფერსონის თაყვანისმცემელი უარს ვერ იტყვით.
- ჯანდაბა... - გაიმეორა ექიმმა და ნერწყვი გადაყლაპა, საუბარი აშკარად საინტერესო და სასურველ მიმართულებას იძენდა, - გისმენთ.
ლუციუსმა კმაყოფილებით გაიღიმა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ვისკის ჭიქა შეატრიალა ხელში.
- თუ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი აქ, ამ სახლში ყოფნა აბსოლიტურად საიდუმლოდ უნდა დარჩეს...
- დიახ, დიახ, - სწრაფად უპასუხა ექიმმა.
- მე თქვენ საჩუქრის სახით გადმოგცემთ...
- რას? - მოთმინება გამოელია ექიმს.
- თომას ჯეფერსონის მემუარებს, - გაიღიმა ლუციუსმა, - დედანს, და არა ასლს.
- ჯანდაბა... - პირი ღია დარჩა ექიმს, - მეხუმრებით?
- ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილვარ.
- და თქვენს ხელში საიდან მოხვდა ეს ფასდაუდებელი განძი?
- მე მას პირადად ვიცნობდი, ექიმო.
- მეხუმრებით? - კვლავ გაიმეორა სახტად დარჩენილმა ექიმმა.
- არა, რა თქმა უნდა, - ლუციუსი ფეხზე წამოდგა და ჭიქა ფრთხილად დადგა ჟურნალების დაბალ მაგიდაზე, - შევთანხმდით?
ასეთ შემოთავაზებაზე მხოლოდ გიჟი თუ იტყოდა უარს, ეს სწრაფად გაიაზრა ექიმმა და რამეთუ სულაც არ იყო გიჟი, გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო, თომას ჯეფერსონის მემუარების დედანის გამო ლუციუსს კი არა, თუნდაც ეშმაკს მიჰყიდდა სულს.
- შევთანხმდით, - გამოწვდილი ხელი მტკიცედ ჩამოართვა და აღმოაჩინა, რომ ვამპირის კანი სულაც არ იყო ცივი და გაქვავებული.
ლუციუსი წამის უსწრაფესად გაჩნდა კართან და სანამ გავიდოდა, ექიმს გამოხედა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა და საერთოდაც თქვენთან ურთიერთობა, ექიმო, მწამს, რომ ასევე გააგრძელებთ ჩემს მოხიბვლას.
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა ექიმი და ვისკი მოსვა, - ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ... - ის შეჩერდა, რათა შესაბამისი სიტყვა მოეძებნა თავის მრავალსიტყვიან ლექსიკონში.
- თუ ვამპირთან მოგიწევდათ ურთიერთობა, თან ასეთ მშვიდ და სასიამოვნო ფარგლებში, - ღიმილით დაასრულა ქერა უკვდავმა, გამოღებულ კარში გაუჩინარდა და ექიმი ალდო ტომპსონი უკიდურესად გაკვირვებული დატოვა...

*****

დაპირებისამებრ, ლუციუსმა კოვაქსი ექიმის სახლში გადაიყვანა შუაღამისას. მიას მარტოობის შეგრძნება დაეუფლა, რებეკას და პირველყოფილების გარეშე სახლი თითქოს უფრო დიდი და უფრო ცარიელი გამოჩნდა. გოგონამ ყურადღების გადატანა სახლის მილაგებით სცადა, ზედა სართულიდან დაიწყო და ის იყო, ქვედა სართული, კერძოდ სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება უნდა დაეწყო, რომ კარზე უხეშად დააკაკუნეს, მიას ჩვარი არ დაუდია, ისე მიაშურა კარს გასაღებად, გამოაღო და მის გულში ათასგვარი გრძნობა აირია, ტკივილი, სიყვარული, სიხარული, ისევ ტკივილი, იმედგაცრუება... კართან ბოროტად მომზირალი მარკუსი იდგა.
გოგონას არ გაჰკვირვებია მისი დანახვა, ლუციუსისგან იცოდა, რომ მარკუსი ადრე თუ გვიან მის სახლსაც მოაკითხავდა, ის ხომ ახლა გაბრიელთან იყო შეკრული.
- რა გინდა? - გოგონა კარის წირთხლს მიეყრდნო და მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.
მარკუსმა მის უკან მდებარე ოთახის სივრცე დაკვირვებული მზერით მოათვალიერა, შემდეგ სმენა დაძაბა და სახეზე იმედგაცრუება და გაშმაგება გამოეხატა.
- კოვაქსს წამალი მოვუტანე, - თქვა მან და ერთი ფართო ნაბიჯით ოთახში აღმოჩნდა.
გოგონამ უკან დაიხია.
- აქ არ არის, აღარ.
- ვიცი, - დაიღრინა მარკუსმა და მოელვარე ეშვები გამოაჩინა, - წამალი მოიცდის, სანამ მას მოვძებნი, მანამდე კი... - ის შემპარავი ნაბიჯით დაიძრა გოგონასკენ, - მის ჯეკსონ, შენს სხეულში ტალიაა ჩასახლებული და მე ის აუცილებლად უნდა გავანადგურო, პირადული არაფერია, მხოლოდ...
- არ მომეკარო, - ჩაიჩურჩულა მიამ და მიმოიხედა, საშველი არსაიდან ჩანდა.
- სწრაფად მოხდება, ვერაფერს იგრძნობ, - მარკუსის სახე საზარელ ნიღაბს დაემსგავსა, ლოყაზე ამობურცულ მსხვილ სისხლძარღვებში მოძრავი ალისფერი სითხე შეუჩერებლად გადაადგილდებოდა სისხლის ტბებად ქცეული თვალებისკენ.
შველა კი არსაიდან, არაფრისგან გაჩნდა, ოთახში ჩრდილმა გაიელვა და წამის წინ გოგონას და მასზე თავდასხმისთვის გამზადებულ პირველყოფილს შორის ტანმაღალი მამაკაცი იდგა, ზურგით გოგონასკენ, მია მის სახეს ვერ ხედავდა.
მარკუსი შესდგა და დაკვირვებით შეათვალიერა უცნობი, არ ეცნო, არასდროს ენახა, მაგრამ აშკარად იგრძნო მისგან მომავალი უხილავი ძალა.
- ვინ ხარ? - დაიღრინა მარკუსმა.
- უკან დაიხიე, - მამაკაცს პასუხი არ გაუცია, მისი ხმა სასტიკად და დამთრგუნველად ჟღერდა, - ამ სახლში არაფერი გესაქმება.
მარკუსს სახის გამომეტყველება შეეცვალა, ბრაზი და გააფთრება მოაწვა, თვით პრიმუმთა უმაღლესი საბჭოს წევრებსაც კი არ მიუმართავთ მისთვის ესოდენ თავხედურად და გამომწვევად.
- გამეცალე, - თვალებიდან ცეცხლი დაკვესა პირველყოფილმა, - ვინ არ უნდა იყო, ჩემს საქმეში ნუ ჩაერევი.
- მართლა? - თავხედურად გაწელა უცნობმა და ტუჩის კუთხე სასტიკმა, ირონიულმა ღიმილმა აუგრიხა, - და თუ გეტყვი, რომ ეს ჩემი საქმეცაა?
- რას გულისხმობ? - მარკუსი უკვე მოთმინებას ჰკარგავდა.
- შენ ხარ ჩემი საქმე, - დაიღრინა უცნობმა და ნაბიჯი პირველყოფილისკენ გადადგა, ამ მოძრაობამ მარკუსს მოთმინება საბოლოოდ დააკარგვინა, ელვასავით ეცა მოწინააღმდეგეს, მაგრამ უცნობი მასზე გაცილებით სწრაფი აღმოჩნდა, ის წამის მეასედში სწვდა ყელში პრიმუმთა შორის უძლიერეს პირველყოფილს, გამოღებულ კარში როგორც ნაჭრის თოჯინა, ისე მოისროლა და როდესაც მარკუსი ზურგით დაეცა სახლის წინ მდებარე მწვანე გაზონზე, უცნობი უკვე იქ იდგა, ის დაიხარა, საყელოში სწვდა ვამპირს, კედელზე ზურგით მიაყუდა და სახეში ყინულივით ცივად მომზირალი შოკოლადისფერი თვალები მიაბჯინა, შემდეგ მოულოდნელად მარცხენა მოიქნია, ფოლადივით თითებმა მარკუსის მკერდის კუნთოვანი ქსოვილი გაგლიჯა, სხეულში მარტივად შეაღწია და გულს შემოეჭდო.
- მარკუს... - მშვიდად თქვა უცნობმა, - რა სამწუხაროა ასეთი დასასრული, მაგრამ გახსოვდეს, რომ ჩვენ ყოველთვის იმას მივიღებთ, რასაც გავცემთ, მშვიდობით.
წამიც და მარკუსი უსულოდ დაეცემოდა მწვანე გაზონზე, მაგრამ უცნობის მოქმედება გოგონას ხმამ შეაჩერა.
- არა, გთხოვთ, - იკივლა მიამ, როდესაც მიხვდა, რასაც აპირებდა უცნობი.
- უკაცრავად? - გაუკვირდა უცნობს, - თქვენ მთხოვთ, რომ ეს დემონი ცოცხალი დავტოვო?
- დიახ... - მიუგო მიამ და მზერა მარკუსს შეავლო, - მე ის მიყვარს... ოდესღაც მიყვარდა... სანამ ასეთი გახდებოდა..
- ჯანდაბა, - უცნობს ყბის კუნთები აუთამაშდა, ძლივს აიძულა თავი, მარკუსის გულისთვის ხელი შეეშვა, მაგრამ კვლავინდებურად საყელოთი ეჭირა და გასაქანს არ აძლევდა, მან ყურთან მიუტანა ტუჩები.
- შენს ცოდვილ სიცოცხლეს ამ გოგონას უმადლოდე, მარკუს, - ჩასჩურჩულა ხრინწიანი ხმით, - აქედან გაეთრიე და ილოცე, რომ არსად გადამეყარო, აი მაშინ კი ცოცხალი ვეღარ წამიხვალ, - მან მძლავრი მოქნევით მარკუსი ხეებისკენ მოისროლა, ცხვირსახოცით გასისხლიანებული ხელი შეიმშრალა და გვერდულად გამოხედა კართან მობუზულ გოგონას.
- ვინ ბრძანდებით?
- ის აღარ შეგაწუხებთ, - პაუზის შემდეგ მიუგო უცნობმა, - ვეღარავინ შეგაწუხებთ და ვეღარაფერი დაემუქრება თქვენს სიცოცხლეს, მანამ, სანამ მე აქ ვარ, მშვიდად იძინეთ, მის ჯეკსონ, ღამემშვიდობის, - უცნობი იმდენად სწრაფად გაუჩინარდა, რომ გოგონამ თვალის შევლებაც ვერ მოასწრო...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი ჰაიკო

ციფერთვალაგოგო
როგორც იქნაა, ღმერთო რამდენ ხანს ველოდი. ამ სტილმა ცხოვრებაში პირველად დამაინტერესა... რათქმაუნდა ძალიან მაგარი იყო.
heart_eyes

გმადლობ :) ეს საუკეთესო და ურთულესი ჟანრია.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ გვანებივრებ ახალი პერსონაჟებით.საინტერესოა ვინაა ჰეიტემი და რატომ უყურებდა მიას და დედამისის სურათს(რატომღაც მგონია მათი სურათია)ან რას ერჩის პირველყოფილებს.საინტერესოა და ველი ახალ თავს.გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი
--------------------
ლანა

 



№3  offline მოდერი ჰაიკო

La-Na
მოკლედ გვანებივრებ ახალი პერსონაჟებით.საინტერესოა ვინაა ჰეიტემი და რატომ უყურებდა მიას და დედამისის სურათს(რატომღაც მგონია მათი სურათია)ან რას ერჩის პირველყოფილებს.საინტერესოა და ველი ახალ თავს.გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი


ჰო, ფანტაზიას არ ვუჩივი, ჯერჯერობით :) გაირკვევა ვინაა ჰეიტემი და რა სურს ამ ცხოვრებისგან :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№4  offline წევრი ბელუ შეროზია

ჰეიტემი?
ჰმმ...მგონი დიდი პრობლემა აქვთ ჩვენს პირველ ყოფილებს stuck_out_tongue
საინტერესოა ვინ არის, ალბათ მიას მამა ან რამე მსგავსი?
შენ როგორც ყოველთვის არაპროგნოზირებადი ხარ და რაღათქმაუნდა შეუდარებელი ამ ჟანრში!
იმედია აღარ გვალოდინებ და მალე ვიხილავთ შემდეგ თავს. kissing_heart

 



№5  offline წევრი Farvana

ძალიან მაგარი თავი იყო კი ღირდა ლოდინად.იმედია მომდევნოს მალე დადებ

 



№6  offline მოდერი ჰაიკო

ბელუ შეროზია
ჰეიტემი?
ჰმმ...მგონი დიდი პრობლემა აქვთ ჩვენს პირველ ყოფილებს stuck_out_tongue
საინტერესოა ვინ არის, ალბათ მიას მამა ან რამე მსგავსი?
შენ როგორც ყოველთვის არაპროგნოზირებადი ხარ და რაღათქმაუნდა შეუდარებელი ამ ჟანრში!
იმედია აღარ გვალოდინებ და მალე ვიხილავთ შემდეგ თავს. kissing_heart


მადლობა, თქვენ ხართ შეუდარებელი მკითხველები. იმედია საქმეები აღარ გამომიჩნდება და დიდი პაუზა აღარ იქნება :)

tako.izek
ძალიან მაგარი თავი იყო კი ღირდა ლოდინად.იმედია მომდევნოს მალე დადებ


გმადლობ თაკო :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№7  offline წევრი უცნაური მე

გამეხარდა რომ დაბრუნდი. იმედია ჩვეულად გააგრძელებ დადებას. უბრალოდ სულ მინდა ვიკითხო ისეთი ჩამთრევია.

 



№8  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
გამეხარდა რომ დაბრუნდი. იმედია ჩვეულად გააგრძელებ დადებას. უბრალოდ სულ მინდა ვიკითხო ისეთი ჩამთრევია.


იმედია ხელს აღარაფერი შემიშლის და ჩვეულებრივ გავაგრძელებ. ჰოდა იკითხე :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent