სისხლში მოცეკვავე (თავი 50-55) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლში მოცეკვავე (თავი 50-55)


1-08-2018, 03:59
ნანახია 242

სისხლში მოცეკვავე (თავი 50-55)

თავი 50
ნათია მეტრეველმა დეივიდ მილერს სთხოვა, რომ სასწრაფოდ ენახა.
სამსახურის დამთავრების შემდეგ დეივიდი ნათიასთან ბინაში ავიდა.
-დეივიდ, უკვე რამდენიმე დღეა სრულ კოშმარში ვცხოვრობ. სამსახურში ჩემს სახელზე ეს წერილი მოვიდა. არ ვიცი ვინ გამოგზავნა. კონვერტზე მხოლოდ ადრესატის სახელი წერია.
დეივიდმა ნათიას წერილი გამოართვა და გაეცნო. კითხვის დროს სახეზე აღელვება დაეტყო. გამოუტყდა, რომ მსგავსი ტიპის წერილი ლიზას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მასაც გადასცეს, რომელზეც ამ წერილის მსგავსად გამომგზავნის სახელი მითითებული არ იყო.
-რას ფიქრობ, დეივიდ? ვინ შეიძლება იყოს?
-არც კი ვიცი რა გითხრა. გამოგიტყდები და იმ წერილმა მეც ამაფორიაქა. თავიდან ვიფიქრე, რომ მკვლელის გამოგზავნილი იყო, ალბათ, დამცინის-მეთქი, მაგრამ რაში უნდა აწყობდეს?
-იქნებ მართლა არსებობს ვიღაც, ვინც მკვლელის ვინაობა იცის?
-თუ მკვლელს იცნობს, რატომ არ მიდის პოლიციაში? ჩვენ რატომ გვიგზავნის ასეთი შინაარსის წერილებს?
-უფ... ეგ რომ ვიცოდე...…-ამოიოხრა ნათიამ.
-გონება ისე მაქვს არეული, ათას რამეს ვფიქრობ, მაგრამ მაინც ვერ მივდივარ ჭეშმარიტებამდე...
-რას აპირებ?
-პოლიციაში უნდა მივიდეთ და წერილები ვაჩვენოთ. ეს უკვე სახუმარო საქმე აღარ არის.
-მეც ასე ვფიქრობ.
***
მეორე დღეს, ნათია და დეივიდი პოლიციის განყოფილებაში წავიდნენ და რამდენიმე დღის წინ მიღებული წერილები დეტექტივებს წარუდგინეს. საქმეს ახალი დეტალები დაერთო, ყველაფერი ერთმანეთში აიხლართა...

თავი 51
ფაბიანასთვის და ნიკასთვის საქართველოში ყოფნის დრო იწურებოდა, მალე ამერიკაში უწევდათ დაბრუნება. ცხრა დღის განმავლობაში უამრავ ხალხთან შეხვედრებმა ვერანაირი ნაყოფი გამოიღეს და ხელჩასაჭიდსაც ვერაფერს მიაგნეს. გადაწყვიტეს, რომ წასვლამდე კახეთის უმშვენიერეს მხარეს, ყვარელს გასცნობოდნენ და ილიას ტბასთან, სასტუმრო კომპლექს “როიალ ბატონში” დაბინავდნენ. იქაური ბუნებით და კახური სტუმართმოყვარეობით მოხიბლული ფაბიანა წარუმატებელი გამოძიებისგან მიღებულ იმედგაცრუებას ივიწყებდა და არ მოსცილებია ტურისტულ ცენტრს, ექსკურსიამძღოლებს, რესტორნებს და სუვენირების მაღაზიებს:
-დიდებული მხარეა კახეთი. –ფაბიანა კმაყოფილი სახით გახედავდა ხოლმე ნიკას და ქართული ეკლესია-ნაგებობების ყურებით ტკბობას განაგრძობდა. გარინდული უყურებდა, თითქოს უძველესი ქვებით ნაგები ისტორიული ძეგლების ამბებს ფიქრებით წარსულში წაჰყვებოდა და გონებაში გიდის მიერ მოყოლილ ფრაგმენტებს აცოცხლებდა...
საღამოობით დაღლილები ავიდოდნენ სასტუმროს ოთახში და ფინჯანი ყავით ხელში მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ემოციებს და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს, მერე მეორე დღის გეგმებს აწყობდნენ და ცდილობდნენ, გამგზავრებამდე მაქსიმალურად მოესწროთ და ყველაფერი დაეთვალიერებინათ.
-კახეთი შემოდგომაზე კიდევ უფრო მეტად საინტერესო სანახაობებს სთავაზობს ტურისტებს. დასანანია, რომ სექტემბრის ბოლო არ არის.
-მერე რა პრობლემაა, ნიკა? შემოდგომაზეც ვეწვიოთ. გული მწყდება, რომ ორი კვირა ამ დიდებული ქვეყნის დათვალიერებას არ ეყო, მაგრამ პირობა მომეცი, რომ სექტემბერში დანარჩენ რეგიონებსაც დამათვალიერებინებ. –გაეცინა ფაბიანას.
-თუ მართლა ასე მოგწონს აქაურობა, პირობას ვდებ, ასეც იქნება.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ნიკა, როდესაც მის მობილურზე მარიკო მიქავასგან ზარი შევიდა. ეკრანს დახედა თუ არა, ნომერი ეცნო, ცოტა კი გაუკვირდა, ასე გვიან, რომ დაურეკა, მაგრამ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს რაღაც კარგ ამბავს შეატყობინებდა. როდესაც მარიკოს ანერვიულებული და აკანკალებული ხმა გაიგო, მიხვდა, რაღაც სერიოზულის თქმას აპირებდა მისთვის:
-ნიკა, ნი კა, მე... მე... სასწრაფოდ უ... ნდა გნახოთ. ახლა მეტს ვე... რაფერს გეტყვით... –ძლივს ლუღლუღებდა მარიკო.
-მარიკო სად ხართ?
-თბი...ლისში ჩა...მოვედი...
-კარგი, დაწყნარდი, აუცილებლად გნახავთ. –ნიკას ბევრი აღარ ულაპარაკია მასთან, ტელეფონი გათიშა და ფაბიანას აცნობა:
-ჩვენი გეგმები იცვლება, სასწრაფოდ თბილისში უნდა წავიდეთ, მარიკო მიქავას ჩვენი ნახვა სურს.
მიუხედავად დაღლილობისა, იმ ღამეს არცერთს მოუხუჭავს თვალი. ორივე მეორე დღის გათენებას და თბილისში გამგზავრებას ელოდა.



თავი 52
დეივიდმა დილიდანვე ბარგის ჩალაგება დაიწყო, სხვაგან გამგზავრებას აპირებდა. შემთხვევით, მის ოთახში ლუსი შევიდა და ჩემოდანი რომ დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა:
-სადმე წასვლას აპირებ, დეივიდ?
-დიახ, დედა. სამსახურიდან შვებულება ავიღე. მუშაობის ძალა აღარ მაქვს, დასვენება მჭირდება.
-აქედან ისე მიდიოდი, ჩემთვის არაფრის თქმას აპირებდი? ის მაინც მითხარი, სად აპირებ გამგზავრებას?
-ბიძია სემს უნდა ვეწვიო.
-სამხრეთ დაკოტაში რა გინდა?
-მარტო ცხოვრობს, ჩემსავით ნადირობა უყვარს, თევზაობა, სროლა, ხოდა ვიფიქრე ცოტას დავისვენებ და ამდენი ხნის დაგროვილი ცუდი ენერგიისგან განვთავისუფლდები-მეთქი.
-უცნაურია, არც ჩემს ძმას უთქვამს რამე. კარგი, როგორც გენებოს. –მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა.
***
საღამო ხანი ახლოვდებოდა, როდესაც დეივიდი სამხრეთ დაკოტას შტატში, ქალაქ ებერდინში ბიძამისის პატარა სახლს მიადგა. თეთრად შეღებილი ხის სახლის წინ, პატარა ბაღი ლამაზი, დაბალი ბუჩქებით და დეკორატიული ხეებით იყო გაშენებული. ვიდრე სტუმარი ზარს დარეკავდა, მისტერ ერიკსონმა კარები გააღო და დისშვილს სიხარულით შეეგება:
-ოო, დეივიდ, როგორც იქნა, გადაწყვიტე და მესტუმრე. აბა, როგორ იმგზავრე?
-კარგად, გმადლობთ. ცოტა კი დავიღალე.
-არაუშავს, დაისვენებ და დილით ადრე ჩემთან ერთად სანადიროდ წამოხვალ.
-უკვე დაგეგმე?
-ჰეჰ, ვითომ არ მიცნობ. წამოდი, ჩემი ახალი ძაღლი უნდა გაგაცნო.
სემმა სტუმარი უკანა ეზოში გაიყვანა. პატრონის დანახვაზე ინგლისური ჯიშის პოინტერი მასთან შურდულივით მოვარდა.
-აბა, რას იტყვი, როგორი ბიჭი მყავს?
-კარგია! რამდენი წლის არის?
-3 წლის არის. როგორ ნადირობს იცი? ხვალ უნდა გაჩვენო ამის ყოჩაღი ხასიათი.
-მომწონს, სუპერ ძაღლი ჩანს. –დეივიდი ძაღლს მიეფერა და წაეთამაშა.
-მოდი, ახლა მანქანას გამოვიყვან და აქვე, ახლოს მდებარე რესტორანში წავიდეთ და ჩვენებური “Chislic”-ი მივირთვათ, მე გეპატიჟები.
-დიდი სიამოვნებით, მომენატრა სამხრეთ დაკოტაში მომზადებული “Chislic” –აქ მაინც სულ სხვა გემო აქვს.
-აბა რაა... –კმაყოფილი სახით ჩაიცინა სემმა და ჯიბეში მანქანის გასაღებს დაუწყო ძებნა.

***
ვახშმის შემდეგ, სახლში დაბრუნებულებმა სანადიროდ იარაღი მოამზადეს და მეორე დღის დაგეგმვა დაიწყეს.
ახლა დეივიდისთვის ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი ყოველდღიური ცხოვრების, დატვირთული განრიგისა და დაძაბული დღეების თავის არიდება სწორედ რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო და განტვირთვა იმდენად ესაჭიროებოდა, როგორც არასდროს.


თავი 53
ნიკა და ფაბიანა მეორე დილით ადრე წამოვიდნენ სასტუმროდან. დაახლოებით 09:00 საათი იყო, როდესაც თბილისში ჩავიდნენ. ნაქირავებ ბინაში მივიდნენ, საუზმე მიირთვეს და მარიკოს 11:00 საათზე კაფე “კანაპეში” შეხვედრაზე შეუთანხმდნენ.
პირველად კაფეში “ახალგაზრდა დეტექტივები” მივიდნენ, ღია ცის ქვეშ გაშლილ ერთ-ერთ მაგიდას მიუსხდნენ და მენიუს დათვალიერებას შეუდგნენ, თან ხშირად გასცქეროდნენ აბაშიძის ქუჩას და იქვე, ახლომდებარე ადგილებს, რომ სტუმრის მოსვლა არ გამორჩენოდათ. ცოტა ხანში მარიკოც გამოჩნდა. ეტყობოდა, რომ ისე აღარ ნერვიულობდა, როგორც ნიკასთან მობილურზე საუბრისას. წყვილს მიესალმა და მაგიდას მიუჯდა.
-რას ინებებთ? - ნიკამ მენიუზე თვალით ანიშნა.
-მხოლოდ ერთ ფინჯან ყავას დავლევ, მეტი არაფერი მინდა.
ფაბიანამ და ნიკამ თავისთვის ნატურალური წვენი და ნამცხვრები შეუკვეთეს და მარიკოს მოსასმენად მოემზადნენ:
-მარიკო, ვხვდებით, რომ აქ ისე არ მოსულხარ. ალბათ, ჩვენთვის რამე გაქვს სათქმელი. –სწორედ ასეა. დიდ ხანს ვიფიქრე მეთქვა თუ არა ეს თქვენთვის, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამერიკაში ისე არ გამეშვით, სიმართლე არ გცოდნოდათ. დამალვას აზრი არ აქვს.
-ანუ შენ იცი რას ნიშნავს ის სიმბოლოები?
-დიახ. ის სიმბოლოები მარიკოს და ჩემი გამოგონილი ანბანია. სკოლის მოსწავლეები რომ ვიყავით, მაშინ ვიყენებდით ხოლმე.
-და რატომ დაგვიმალე და გვითხარი, რომ არ გეცნო?
-იმიტომ, რომ წინასწარ არ ვიცოდი იქ რა ეწერა და ვიფრთხილე. როცა თქვენ დაგშორდით, სახლში მისვლისთანავე სიმბოლოების დატვირთვა გონებაში აღვიდგინე და ჩანაწერი გავშიფრე. სიმართლემ შემზარა და ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი, რადგან ჩემი მეგობრის უკანასკნელი სურვილი იყო, რომ საიდუმლო, რომელიც მან შეიტყო, არავისთვის გაენდო.
-და რა წერია, აღარ გვეტყვი?
მარიკომ ჩანთიდან პატარა ფურცელი ამოიღო და ნიკას გადასცა: -აქ ლიზას ხელით დაწერილი ანალოგიური სიმბოლოებია, გვერდით კი ქართული ანბანის შესატყვისი ასოები უწერია. მე ამ ფურცელს დაგიტოვებთ, დანარჩენს კი თავად გაარკვევთ. წარმატებებს გისურვებთ.- ეს თქვა, დაემშვიდობა და იქაურობას გაეცალა.
***
ნიკა და ფაბიანა დიდ ხანს ჩაჰკირკიტებდნენ ლიზას ხელით დაწერილ სიმბოლოებს. საბოლოოდ, როგორც იქნა გაშიფრეს და არც თუ ისე კმაყოფილი სახეებით გადახედეს ერთმანეთს. სიმართლის გაგება არცერთს ესიამოვნა, გაოგნებულები დარჩნენ.

თავი 54
დეტექტივებმა კრისტოფერ გრეიმ და დებორა გარეტმა გარდაცვლილი აზრა ბჰაიტის და ლიზა მეტრეველის საქმეში ერთ მეტად საინტერესო ფაქტს მიაგნეს. მათ საერთო ნაცნობი, ქალბატონი ლუსი მილერი ჰყავდათ. წლების წინ, აზრა ბჰაიტი ლუსი მილერის პედიატრად მუშაობის პერიოდში მისი პირადი ექთანი იყო.
აზრას საბანკო ანგარიშების შესწავლისას საეჭვო რამ აღმოაჩინეს. ყოველ თვე მის ანგარიშზე საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა ირიცხებოდა ქალბატონი ლუსი მილერისგან. გადამოწმდა გარდაცვლილის კომპიუტერში შენახული ელექტრონული ფოსტა, სადაც ყოფილი ექთანი ლუსის ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ თანხას არ გადაურიცხავდა, ოჯახის წევრებს მის საიდუმლოს ეტყოდა.
ხელთ არსებული ინფორმაციის ფონზე პოლიციამ იეჭვა, რომ უცნაური წერილების ავტორი აზრა ბჰაიტი იქნებოდა და ვიდეო ჩანაწერების საშუალებით ძალიან მარტივად დაადგინა, რომ დეივიდ მილერის და ნათია მეტრეველისთვის იმ წერილების მიწოდებაზე თავად აზრამ იზრუნა.
პოლიციის მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან არც ის ჩანდა, რით აშანტაჟებდა აზრა ლუსი მილერს, არც ის მტკიცდებოდა, რომ მან მოკლა ლიზა მეტრეველი, რადგან ლუსი მილერს ლიზას მკვლელობამდე ჰქონდა დაწყებული ყოფილი ექთნისთვის თანხების გადარიცხვა, ამიტომ ერჩივნათ, გამოძიების სასარგებლოდ ჯერ არაფერი გაეხმაურებინათ და მეტი მასალა მოეპოვებინათ.
***
პოლიციამ აზრა ბჰაიტის მკვლელობის ადგილას ყველა ახლო თუ შორს მდებარე ტერიტორია შეისწავლა, დაჰკითხა უამრავი პიროვნება და საბედნიეროდ ერთ მეტად მნიშვნელოვან მოწმეს მიაგნო. გარდაცვლილის სახლიდან რამდენიმე ქუჩის შემდეგ “Diner” -ში მომუშავე მამაკაცმა ნათლად გაიხსენა, რომ მკვლელობის დღეს, სეზონისთვის მეტად შეუფერებლად ჩაცმული მამაკაცი შევიდა და ტუალეტისკენ წავიდა. რამდენიმე ხანში, იქიდან სხვა ტანსაცმელში ჩაცმული ხანში შესული ქალბატონი გამოვიდა, რომელსაც ხელში შავი პარკი ეკავა. აშკარა იყო, რომ გამოცვლილი ტანსაცმელი იმ პარკში ედო. “Diner” -ში მომუშავეს კარგად ახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა სავარაუდო დამნაშავე. პოლიციამ სთხოვა, რომ ბოროტმოქმედის ფოტო რობოტის შედგენაში დახმარებოდა.
ამასობაში შემოწმდა ქუჩაში დამონტაჟებული კამერებიც, მაგრამ როგორც ჩანს დამნაშავე ქალბატონი საკმაოდ ფრთხილად მოქმედებდა და მის კვალს ვერსად მიაგნეს. ახლა უკვე ცხადზე ცხადი იყო, აზრა ბჰაიტის სახლში აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში რატომ ეკუთვნოდა ქალს.


თავი 55
ნიუ-იორკში ახლად ჩამოსული ნიკა და ფაბიანა შეთანხმდნენ, რომ ჯერ მილერების ოჯახისთვის მიეკითხათ და ბოლო დეტალი გადაემოწმებინათ. შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში წასულიყვნენ და ხელთ არსებული ინფორმაცია გამომძიებლებისთვის გადაეცათ. მილერების სახლის ტელეფონს მოსამსახურე ქალმა უპასუხა. ნიკამ ქალბატონი ლუსი იკითხა. მისის მილერი სახლში აღმოჩნდა.
-გამარჯობა ქალბატონო ლუსი. ნიკა ხურცილავა ვარ, როგორ ბრძანდებით?
-კარგად, ნიკა, შენ როგორ ხარ, დეივიდმა მითხრა, რომ შენ და ფაბიანა საქართველოში წახვედით, უკვე დაბრუნდით?
-დიახ, უკვე აქ ვართ. ქალბატონო ლუსი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენთან შეხვედრა გვინდა, იქნებ დრო გამონახოთ და ცოტა ხანს დაგვითმოთ.
-რა თქმა უნდა, როცა გენებოთ.
-დღეს საღამოს რომ იყოს?
-ჩემთან სახლში მობრძანდით, გარეთ ნუღარ გამომიყვანთ, დღეს თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
-არ არის პრობლემა, რომელ საათზე მოვიდეთ?
-თუ გცალიათ, საღამოს 19:00 საათზე იყოს.
-კარგი, შევთანხმდით. 19:00 საათზე მე და ფაბიანა თქვენთან ვიქნებით.
ლუსი მილერთან შეხვედრამდე სულ რაღაც ერთი საათი რჩებოდა. ნიკა და ფაბიანა ღელავდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომ იმ დღეს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმეოდა და ლიზა მეტრეველის მკვლელობაში პოლიციას სერიოზული ეჭვმიტანილი გამოუჩნდებოდა.
ზუსტად 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც ორი ახალგაზრდა დეტექტივი მილერების კარის ზღურბლთან იდგნენ. კარები შუახნის მოსამსახურე ქალმა გააღო და სახლში შეიპატიჟა.
ქალბატონი ლუსი საძინებლიდან გამოვიდა და ახალგაზრდებს სასაუბროდ მისაღები ოთახისკენ გაუძღვა:
- აბა, გისმენთ ახალგაზრდებო, რით შემიძლია, დაგეხმაროთ?- მშვიდი ხმით მიმართა ხანშიშესულმა ქალბატონმა ნიკას და ფაბიანას.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ლუსი დეივიდის წყალობით ახალგაზრდებს კარგად იცნობდა და მათაც იცოდნენ ეს, საკუთარი თავები მაინც წარუდგინეს და შემდეგ შეკითხვებზე გადავიდნენ:
-მისის მილერ, შეგიძლიათ, დეტალურად გაიხსენოთ 9 დეკემბრის დილა?
-დიახ, როგორ არ შემიძლია, რა დამავიწყებს იმ უბედურ დღეს? -მძიმედ ამოიოხრა და დაიწყო: -დაახლოებით 09:00 საათი იქნებოდა, როდესაც ჩემმა დიასახლისმა გამაღვიძა და წამალი დამალევინა. შემდეგ შხაპი მივიღე, ვისაუზმე და დილით მოსულ მეილს გავეცანი. ჩემი დიასახლისი პროდუქტების საყიდლად წავიდა, მე ჩემს მეგობართან ვაპირებდი გავლას, შეთანხმებულები ვიყავით, რომ სპა სალონში გამაჯანსაღებელ მასაჟზე წავსულიყავით. წინასწარ ჩაწერილებიც ვიყავით. ის იყო, სახლიდან გასვლას ვაპირებდით, რომ დეივიდმა დამირეკა და ეს საშინელი ამბავი შემატყობინა.
-უკაცრავად, თქვენი დიასახლისი ქართველია? –ჰკითხა ნიკამ.
-დიახ, რატომ მეკითხებით?
-აქცენტზე შევატყე, რომ ქართველი იქნებოდა. შეიძლება გავესაუბროთ?
-რა თქმა უნდა, ახლავე დავუძახებ.
-გმადლობთ.
რამდენიმე წუთში ოთახში ქალბატონი თამარი შემოვიდა. ახალგაზრდებს გაუღიმა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ლუსიმ ახალგაზრდების შესახებ უამბო და სთხოვა, მათი კითხვებისთვის ამომწურავი პასუხები გაეცა. ისიც უპრობლემოდ დათანხმდა. საუბარი ნიკამ დაიწყო:
-ქალბატონო თამარ, ჩვენ გვაინტერესებს, დეტალურად გაიხსენოთ ლიზა მეტრეველის მკვლელობის დღე.
-კი, ბატონო. ჩემი მაღვიძარა 8.45 საათზე მაქვს დაყენებული. ყოველ დილით, ამ დროს ქალბატონი ლუსისთვის წამალი შემაქვს ხოლმე, აუცილებლად საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიიღოს, რადგან საუზმის დროს, კიდევ ერთი წამლის მიღება უწევს და ეს შუალედი მკაცრად მაქვს დაცული. ასე, რომ წამალი მივეცი და შემდეგ სამზარეულოში საუზმის მოსამზადებლად შევედი. საუზმის შემდეგ ქალბატონი ლუსი თავის ოთახში კომპიუტერთან დაჯდა, მე პროდუქტების საყიდლად წავედი.
-როგორ წახვედით?
-ჩემი მანქანით.
-ქალბატონი ლუსის მანქანა გარაჟში იყო?
-დიახ, აბა სად უნდა ყოფილიყო? ამას რატომ მეკითხებით?..
-ისე გკითხეთ. –უთხრა ფაბიანამ და გააგრძელა: -ქალბატონო თამარ, ლუსი მილერი ამბობს, რომ შხაპიც მიიღო.
-დიახ, შხაპს ყოველ დღე იღებს... თუ რა თქმა უნდა, თავს კარგად გრძნობს.
-გასაგებია.
-დაახლოებით რომელ საათზე გახვედით სახლიდან?
-ალბათ, დილის 10:30 საათი იქნებოდა.
-როდის დაბრუნდით?
-მე რომ დავბრუნდი, სახლში არავინ დამხვდა. როგორც შემდეგ გავიგე, ქალბატონი ლუსი უკვე მანჰეტენზე იყო თავის შვილთან.
-კარგი. ალბათ, ლიზას თქვენც იცნობდით, ოჯახის რომელიმე წევრთან კომფლიქტი ხომ არ ჰქონია?
-ლიზა არაჩვეულებრივი გოგონა იყო. რომელ კომფლიქტზეა საუბარი? ოჯახში ყველას ძალიან უყვარდა და თავადაც დიდ სითბოს ამჟღავნებდა მათ მიმართ. მეც დიდ პატივს ვცემდი. იმდენად ყურადღებიანი იყო, აქ მოსვლისას მუდამ მომიკითხავდა და არასოდეს დაავიწყდებოდა, ახალ წარმოდგენებზე მეც დავეპატიჟებინე. ორ ბილეთს ყოველთვის მჩუქნიდა და უხაროდა, როცა ჩემს ბედნიერ სახეს ხედავდა, კარგად იცოდა, რომ თავადაც ხელოვანს ამაზე უკეთეს საჩუქარს არაფერს გამიკეთებდა. ძალიან კარგი გულის ბავშვი იყო. –ცრემლები მოიწმინდა თამარმა.
-კარგი, ჩვენ თქვენს მიმართ მეტი კითხვა აღარ გვაქვს, შეგიძლიათ დაგვტოვოთ. –უთხრეს ახალგაზრდებმა, აღარ უნდოდათ უფრო მეტად აეღელვებინათ ატირებული ქალბატონი.
ნიკა და ფაბიანა მილერების სახლში დიდ ხანს აღარ გაჩერებულან, ორივე ქალბატონს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს, დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ.
-აბა, რას იტყვი ფაბიანა?
-ერთადერთი რაც მაეჭვებს, მოსამსახურის მიერ გაცემული პასუხია. მისი მოყოლილი ჩვენს ეჭვებს ეწინააღმდეგება.
-მეც მაგაზე ვფიქრობ. ჩვენ სხვანაირად გვეგონა, მისი ნაამბობით კი დრო არ ემთხვევა!
-მოკლედ, რაც ხელში გვიჭირავს, ყველა ვარიანტში პოლიციაში მივდივართ და გადავცემთ. დანარჩენს თავად მიხედავენ.
-მართალია.-დაეთანხმა ნიკა.
***
მეორე დილას, დაახლოებით 09.30 სთ იქნებოდა, როდესაც ნიკა და ფაბიანა პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და კაპიტანთან შეხვედრა ითხოვეს. რიჩარდ ფერგესს გაეცნენ და კერძო გამოძიების შედეგად მიღებული შედეგები გააცნეს:
-კაპიტანო ფერგეს, მე და ნიკა საქართველოში ჩავედით. მჯეროდა, რომ იქ აუცილებლად აღმოჩნდებოდა პიროვნება, ვინც ამ სიმბოლოების გაშიფრაში დაგვეხმარებოდა და არც შევმცდარვარ. ლიზა მეტრეველის ბავშვობის მეგობარმა გარდაცვლილის ხელით დაწერილი ანბანი გადმოგვცა, რაც მოგვიანებით დღიურში დაწერილი სიმბოლოების ამოხსნაში დაგვეხმარა.
-ანუ ეს სიმბოლოები ლიზას მოგონილი იყო?
-სწორედ, რომ ასეა. ისინი სიმბოლოებს სკოლის პერიოდში იყენებდნენ და მნიშვნელობებიც მხოლოდ მათ იცოდნენ- ლიზამ და მისმა მეგობარმა მარიკო მიქავამ.
-კარგად მახსოვს, ლიზას არაერთხელ ჰყავს მარიკო მიქავა დღიურში ნახსენები, მაგრამ მათ თუ ეს საიდუმლო ანბანი ჰქონდათ, რას მოვიფიქრებდი? ამ თემაზე იქ სიტყვაც არაფერი ეწერა. ...და რა გაშიფრეთ? – რიჩარდ ფერგესი ინტერესს ვერ მალავდა, ერთი სული ჰქონდა, შინაარსი გაეგო.
ფაბიანამ სიმბოლოებით გამოსახული ლიზას დღიურის ბოლო გვერდის ინგლისური თარგმანი წარუდგინა კაპიტანს. იქ რაც ეწერა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:
2 დეკემბერი, შაბათი, 2016 წელი
დღეს ცუდი დღე მაქვს. საშინელი ამბავი შევიტყვე... მერჩივნა, არაფერი მცოდნოდა... “Manhattan Beach”-ზე ჩემი დედამთილის სახლში მივედი, რომ თამარისთვის და მისთვის “მაკნატუნას” ბილეთები გადამეცა. ვიცოდი, რომ ძალიან გაუხარდებოდათ. სახლს რომ მივუახლოვდი, დავინახე, თამარი თავის მანქანით სადღაც მიდიოდა და ხელით მანიშნა, რომ კარი ღია იყო და შევსულიყავი. მანქანა გარეთ დავაყენე და სახლში შევედი. გავიგონე, ჩემი დედამთილი გაბრაზებული ხმით როგორ ელაპარაკებოდა ვიღაცას: ვეღარ დაამთავრე ჩემი შანტაჟი? არ გეყო, რასაც გიხდიდი წლების განმავლობაში?! მე ჩემი უბედურებაც მყოფნის, რომ შეცდომა დავუშვი და ბავშვს ვაქცინების ნაცვლად, გამოხდილ წყალს ვუკეთებდი. ეს ტკივილი ორმაგად მოუნელებელია, რადგან ვიცი, მე ვარ ენდრიუს სიკვდილში დამნაშავე და ამას ვაცნობიერებ და ძალიან ვნანობ, მაგრამ გთხოვ, დაამთავრე, ნუ სარგებლობ ჩემი პირადი ტრაგედიით და ერთხელ და სამუდამოდ შემეშვი.
ეს სიტყვები, რომ გავიგონე, თავზარი დამეცა. არ ვიცი, ვის ელაპარაკებოდა ჩემი დედამთილი, მაგრამ არ მინდოდა, როცა საუბარს დაამთავრებდა, მასთან მარტო დავრჩენილიყავი და სწრაფად გამოვედი სახლიდან. იმიტომ არა, რომ მისი ნუგეში არ მსურდა ან არ შემეძლო, არამედ იმიტომ, რომ არ მინდოდა გაეგო, მისი საიდუმლო ვიცოდი. არ ვიცი რატომ არ სცრიდა ენდრიუს, მაგრამ წარმომიდგენია, როგორ ნანობს, რომ ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც შვილიშვილის სიკვდილად დაუჯდა.
მე ღმერთი არ ვარ, ვინმე განვსაჯო და რამეში დავადანაშაულო. ვიცი, სიმართლის გამჟღავნებით ბევრი ადამიანი დაზარალდება. არ დავუშვებ, დეივიდს დედა ისე შევაძულო, მისკენ გახედვა აღარ უნდოდეს, არ დავუშვებ, ევამ პოლიციაში იჩივლოს, არ დავუშვებ ოჯახში აურზაური ატყდეს... ამას არ დავუშვებ!.. ამიტომ ეს საიდუმლო ამ სიმბოლოებში აიხლართება და მხოლოდ ამ დღიურში დარჩება.
კაპიტანმა წერილი მაგიდაზე დადო და ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ფაბიანას ჰკითხა:
-დარწმუნებული ხარ, რომ ლიზას დაწერილი ანბანი გადმოგცეს?
-აბსოლუტურად.
-მაშინ სასწრაფოდ ექსპერტიზაზე უნდა გავაგზავნოთ და ვნახოთ, რა პასუხი მოვა.
-ლიზას ხელია, აშკარად ეტყობა.
-ჩვენ მაინც უნდა გადავამოწმოთ.
-გასაგებია.
-ყოჩაღ! ძალიან კარგად იმუშავეთ. –კმაყოფილი სახით უთხრა ფერგესმა ახალგაზრდებს.
-მადლობა.
-ამისთვის ჯილდო და სპეციალური მადლობის წერილი გეკუთვნით.
-კიდევ ერთხელ მადლობა. –გაუღიმეს ახალგაზრდებმა.
-ყველაფერს მივხედავთ და დამნაშავეს დავსჯით, არ ინერვიულოთ. –კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ფერგესს.
-ჩვენც ამის იმედი გვაქვს.
ნიკამ და ფაბიანამ პოლიციის განყოფილება იმ იმედით დატოვეს, რომ ახლა უკვე გამოძიება წინ წაიწევდა და მალე წარმატებით დასრულდებოდა.
-საინტერესოა დეივიდ მილერის სახე, როდესაც სიმართლეს გაიგებს. –თქვა ნიკამ.
-ორი აზრი არ არის, რომ ამ შედეგს არ ელოდება.
-უნდა თუ არა, მაინც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება.
-ახლა რას ვაპირებთ?
-რას და... ჯერ ვისაუზმოთ, საღამოს კი ვახშამზე გეპატიჟები.- გამხიარულდა ნიკა.
-კარგი აზრია. –თვალებში ჩახედა გოგონამ და პარტნიორს თბილად გაუღიმა.
-იცი, რაღაცაში უნდა გამოგიტყდე. არ ვიცი რამდენად შესაფერისი დრო და ადგილია, მაგრამ ვგრძნობ, ლიზას საქმეზე მუშაობამ ამ მოკლე ხანში ერთმანეთთან ისე დაგვაახლოვა, ეს იმ გრძნობაზე მეტია, ვიდრე გვქონდა.
-მეც ასე ვფიქრობ. –თვალები გაუბრწყინდა ფაბიანას, ხელები შემოხვია და მკერდზე მიეკრო ნიკას.
-ვხვდები, რომ შენი ჩახუტება არ ტყუის, არც შენი ლამაზი და თბილი ხელები, არც გულისცემა, რომლის აჩქარებულ რიტმს ჩემს მკერდზე ვგრძნობ, არც შენი ლურჯი თვალები... –გოგონას თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. – საბედნიეროდ არის რაღაცები, რაც არ სტყუიან და ვერ სტყუიან. – დაიჩურჩულა ბიჭმა და გოგონას ბაგეებს დაეწაფა.
ნიუ-იორკის ქუჩებში არსებულმა ქაოსმა მალე მოსწყვიტა ახალგაზრდა შეყვარებულები ერთმანეთს და ჯერ კიდევ სიყვარულის ალმოკიდებული სახეებით ცდილობდნენ, გარკვეულიყვნენ, რომელი მიმართულებით აეღოთ გეზი.
-არ გაგიკვირდეს, ერთ დღეს, პოლიციის განყოფილების წინ ხელი რომ გთხოვო.- თვალი ჩაუკრა ნიკამ ფაბიანას.
-შენ ისეთი გადარეული ხარ, არ გამიკვირდება, მაგრამ შენმა ქვეყანამ ისე მომხიბლა, მირჩევნია, ხელის თხოვნა და ქორწილიც სწორედ იქ, რომელიმე ულამაზეს რეგიონში, ბუნების საოცრებებში მოხდეს.
-კარგი, რადგან საქართველომ მოგაჯადოვა, ასე იყოს, თანახმა ვარ. ახლა კი მობილურში დაგუგლე და სენდვიჩების მაღაზია იპოვე, თორემ მოვკვდი, ისე მშია.
რამდენიმე წუთში, შეყვარებული წყვილი იქვე, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მდებარე კაფეში დამსხდარიყვნენ და საუზმეს მიირთმევდნენ, ბედნიერი სახეებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მომავალზე საუბრობდნენ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მაკა

რატომ მგონია, რომ კიდევ გვაბნევ და დეივიდის დედას არ მოუკლავს? ასე მგონია მკვლელი სხვა ვიღაცაა

 




სტუმარი მაკა
რატომ მგონია, რომ კიდევ გვაბნევ და დეივიდის დედას არ მოუკლავს? ასე მგონია მკვლელი სხვა ვიღაცაა

მორჩა, აღარ დაგაბნევთ. დასასრულისკენ მიდის smile

 



№3 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან საინტერესო თავია. დავაფიქსირებ ჩემს აზრს. შესაძლოა მართლაც იყოს ლუსი დამკვეთი. 1) თამარმა დამალა, რომ ლიზა დაიანახა და კარისკენ მიუთითა და ასევე დამალა, რომ მოსულს ლუსი წასული დახვა. ვფიქრობ დაბრუნებული თამარი ლუსის ეტყოდა ლიზა იყო დავინახეო და ლუსი მიხვდებოდა, რომ ლიზამ მოისმინა მისი საუბარი. ან ეს ვარიანტია ან ლუსი საერთოდ არაფერშუაშია.

 




სტუმარი ნინა
ძალიან საინტერესო თავია. დავაფიქსირებ ჩემს აზრს. შესაძლოა მართლაც იყოს ლუსი დამკვეთი. 1) თამარმა დამალა, რომ ლიზა დაიანახა და კარისკენ მიუთითა და ასევე დამალა, რომ მოსულს ლუსი წასული დახვა. ვფიქრობ დაბრუნებული თამარი ლუსის ეტყოდა ლიზა იყო დავინახეო და ლუსი მიხვდებოდა, რომ ლიზამ მოისმინა მისი საუბარი. ან ეს ვარიანტია ან ლუსი საერთოდ არაფერშუაშია.

ო..., კარგი ლოგიკური აზროვნების უნარი გქონია, ნინა wink მომწონს შენი მსჯელობა. ხვალ მომდევნო თავებს დავამატებ და ყველაფერი ნათელი გახდება. მიყვარს თქვენნაირი მკითხველები heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent