შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქცევა (სრულად)


16-08-2018, 21:54
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 477

გაქცევა (სრულად)

ყურადღების ცენტრში ყოფნა, ჭუჭყიან სარეცელზე მომწყვდეული, ჭლექიანი დედაბერივით მაგრძნობინებდა თავს, რომელსაც, ყოველი ამოხველებისას, ავისმომასწავებელი ბლანტი სისხლი ამოსდის პირიდან. ყველა ძარღვი გიტარის სიმებივით მეჭიმებიდა და ვუყურებდი ხალხს, რომლებსაც ჩემი გარდაცვალების დღეს, ყველაზე გულწრფელი ღიმილი ეფინებოდათ სახეზე.
მიყვარდა ფაქტების გაბუქება...
არ იყო დღეს ჩემი ხორციელი გარდაცვალება, თუმცა სული მთელი თავისი სიდიადით მილპებოდა, მზეზე უპატრონოდ მიგდებულ მსხალს დამსგავსებოდა და ყველაფერ სურნელოვნად ჩაფიქრებულს, გახრწნილი ხილის ამაზრზენ სუნს სჩუქნიდა ეს წუთები.
ჩემს მეჯვარეს ვეძებდი თვალებით...
ვიპოვნე...
ძალაუნებურად, თვალზე ცრემლები მოადგა და ისე ამარიდა სახე, გეგონება ჩემს წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვაში მიუძღვოდა ბრალი.
- ნუ გეშინია ალასკა - გავიფიქრე ჩემთვის - ამ ცოდვაში, მარტო ვარ და არ ვაპირებ, შენც ამოგაგანგლინო ხელები.
ყველა მეგობარს ვხედავდი და თითქმის, ყველა მათგანი ხვდებოდა, რომ სამუდამო ტანჯვისთვის, თავადვე გამემეტებინა ჩემი თავისუფალი ბუნება, რომელიც აქამდე, მხოლოდ მარტოობისგან იღებდა საზრდოს. ახლა კი, გეგონება, დედის მკერდს მოსწყვიტეს ახალშობილი ლაწირაკი და საკვების წყარო გამოაცალეს პირიდან.
„ვდგავარ და ვეწევი, ვეწევი უზომოდ
ფილტვები დასკდეს, აივსოს კვამლით.
სულში ბინდია, დავრჩი უხორცოდ
თავს ვისახიჩრებ და ვიკლავ ძალით!
გამოჩნდი, გამოჩნდი, სად არის ამდენ ხანს?
რატომ მაწამებს ასე ლოდინი?
თუ ცოცხალს მაინც ვეღარ მომისწრებს,
ქუჩაში მნახავს, გაყინულს ლოდივით.“ - უაზრო სიტყვებს გულში რითმებად ვაქცევდი, ისტერიულად ვიმეორებდი და ისედაც რთულ მომენტებს, უფრო აუტანელს ვხდიდი. მომწონდა, რომ იმაზე უბედური ვჩანდი, საკუთარ თავთან, ვიდრე მართლა ვიყავი.
გვერდზე კაცი მედგა.
იმ ფაქტზეც კი მეცინება, რომ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ვიწონებდი თავს და გვერდით, კაცი მიმშვენებდა სივრცეს.
არასდროს მიყვარდა ქორწილი და თუ ოდესმე ამ კაბას ჩავიცმევდი, ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორიც ახლა მეცვა - გრანდიოზული, განსხვავებული, ეპატაჟური, დაწყევლილი... თითქმის ისეთი, როგორიც მე ვიყავი და ერთხელ მაინც თუ გადავიხრებოდი, ყველა დაინახავდა ჩემს, არც ისე, დიდ მკერდს. საერთოდ, მთლიანად თუ აღვწერდი, რაც მეცვა, კაბის კი არა, ჩემი სხეულის ზუსტი ანალიზი გამოვიდოდა.
მომწონდა ხალხის გაღიზიანება და დღევანდელი დღის შავ-თეთრი ფერებით მოკირწყლულ გალავანზე, მხოლოდ ის მხიბლავდა, რომ ახლაც ვაღიზიანებდი ყველას.
ალბათ, სწორედ ამით ვუხდიდი სამაგიეროს, რომ ისინი ჩემზე ბედნიერები იყვნენ.
მეორე ვარიანტიც მქონდა: მაგალითად, შავი კაბით მოვსულიყავი, გარშემო ამოუცნობი, ეზოთერიკული სიმბოლოები ექნებოდა ამოქარგული და ყველა ეშმაკის მოციქულად ჩამთვლიდა, თუმცა ეს ბავშვის ნათლობისთვის შემოვინახე.
ჯანაბდა ჩემს თავს!
სიტყვა ბავშვიც კი მაღიზიანებდა.
ისევ ჩემს მეჯვარეს შევხედე და წამით მივხდი, რომ ისიც იმას ფიქრობდა, რასაც მე...რომ აუცილებლად უნდა გადამერჩინა თავი, სანამ საკუთარი ფეხებით ავიდოდი უზარმაზარ გილიოტინაზე.
ჯერ ხალხი არ მოგროვებულა... ჯერ კიდევ მაქვს შემორჩენილი საბედისწერო 15 წუთი, რომელმაც შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს.
- ძალიან ლამაზი ხარ - მომესმა ყველაზე თბილი მამაკაცის ხმა და მორიდებულად მაკოცა ყელში.
შესაძლოა, ამ კოცნას შეეცვალა ყველაფერი...
შანსი ჰქონდა, მაგრამ უპატრონო გვამივით უგრძნობი დავრჩი.
ვაღიარებ, ოდნავ დამიარა სხულში ჟრუანტელმა და მოგონებებმა, ძარღვებში სისხლის ადგილი დაიკავეს.
ამ კოცნას შეეძლო ყველაფრის შეცვლა და შეცვალა კიდეც... წარსულის კადრები, მომაკვდავის სუნთქვასავით ხშირი და მიუწვდომელი გახდა.
„ჩვენ იქნებ გამოგვსვლოდა რამე“ - მითხრა ამ მოგონებებში გაჟღერებულმა ხმამ, რომელიც ნელი სიოსავით მომელამუნა სახეზე და ისე შემახო თბილი ბაგეები, თითქოს ეს შეხება ყოფილიყო სიცოცხლის უკანასკნელი იმედი.
იმ კოცნამ შეცვალა ცხოვრებაში გაჟღერებული ყველა ჰანგი და ამ კოცნამ, იძულებული გამხადა, გამეხსენებინა, რომ ოდესღაც, მეც მკოცნიდნენ, როგორც ყველაზე სასურველ ადამიანს დედამიწაზე. მკოცნიდნენ, როგორც ერთადერთ იმედს, ნესტოებით ჩასუნთქულ ჰაერის პირველ ტალღასა და უკანასკნელი სიყვარულის მარცვალს.
- ამის დედაც! - ვუთხარი საკუთარ თავს და ისეთი ბილწსიტყვაობა ავტეხე გულში, რომ საკუთარი არსებობის შემრცხვა.
- საპირფარეშოში უნდა გავიდე - თითქოს ნებართვა ავიღე ჩემი საქმროსგან, რომელიც ეს-ესაა, ქმარი გახდებოდა, თუ რამეს არ ვიღონებდი და ცხოვრება დაენგრეოდა(ჩვენ, ორივეს დაგვენგრეოდა).
უნიტაზს სახურავი დავახურე და ზედ დავჯექი ამ ჩემი ავისმომასწავებლად თეთრი კაბით. წამით, გავიფიქრე, რომ ზედმეტად რომატიკული სანახავია პატარძალი, რომლის ფითქინა კაბასაც, სისხლის წვეთები ერევა - ჯერ პატარა ლაქა უჩნდება, შემდეგ კი მსხვილდება. თეთრი და წითელი ფერი ისე ერწყმის ერთმანეთს, როგორც მთვარისა და წყვდიადის დაწყევლილი ცეკვა...
ს არ ვაპირებდი, უბრალოდ, ფართო წარმოსახვის უნარი მქონდა...
სუიციდისთვის, ზედმეტად ეგოისტი და საკუთარ თავზე შეყვარებული ვიყავი.
ღვთაებრივიც(ესეც ნარცისიზმისგან გამოწვეული ეპითეტი იყო, რომელსაც სრულ ჭეშმარიტებად მივიჩნევდი).
- სასწრაფოდ ჩამოწერე ათი რამ, რის გამოც, ვერ გათხოვდები - ჩავჩურჩულე საკუთარ თავს. ერთი შეხედვით, უცნაური დასანახი იქნებოდა, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვესაუბრებოდი ხოლმე საკუთარ თავს ყველა იმ ენაზე, რომელიც ვიცოდი.
უეცრად გავაანალიზე, რომ ქაღალდი და საწერი კალამი არ აქვთ საქორწინოდ გამზადებულ პატარძლებს, რომლებიც უნიტაზებზე სხედან, ამიტომ აქაც ყველაფერი წარმოსახვისთვის გავიმეტე:
მიზეზები, რომლის გამოც, ვერ გავთხოვდებოდი:
პირველი - საკუთარ თავთან საუბარი მიყვარდა, რაც ხშირ შემთხვევაში, გაუგებარი და მიუღებელი ხდებოდა ყველასთვის.
მეორე - არ მიყვარდა ბავშვები და საკუთარის შეყვარებას, ნამდვილად შევძლებდი, თუმცა გამაუბედურებდნენ.
მესამე - არ მსურდა, ვინმესთან სარეცლის, სახლისა და სიცოცხლის განაწილება.
მეოთხე - ეგოისტი ვიყავი და გავაუბედურებდი ყველას, ვისაც ვეყვარებოდი.
მეხუთე - მარტოობის მანიაკური სიყვარული. შეიძლება ითქვას, სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი, როცა მარტო ვიყავი.
მეხუთე - მიყვარდა მარტო ჭამა და ვინმესთან ერთად, ვერ ვახერხებდი, სრულფასოვნად მეკვება.
მეექვსე.....
ჯანდაბა ჩემს თავს! თქვი ეს მეექსვე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეათასე მიზეზი.
„გამოჩნდი, გამოჩნდი, სად არის ამდენ ხანს?
რატომ მაწამებს ასე ლოდინი?
თუ ცოცხალს მაინც ვეღარ მომისწრებს,
ქუჩაში მნახავს, გაყინულს ლოდივით.“
კვლავ გავიმეორე არაფრისმომცემი, მრავლისმთქმელი სიტყვები, რომელიც მელოდიასავით დამტრიალდებდნენ გონებაში და ისე ებღაუჭებოდნენ ჩემს სულს, როგორც მაისის წვიმიან ამინდში, ცისარტყელას თავზე, მუნჯად დარჩენილი მზის სხივები.
ერთი პატარა ფანჯარა იყო, არ ვიცი, ამ ტუალეტს ეგ განიავებაში როგორ ეხმარებოდა, მაგრამ ნათქვამია, თავს თუ გაატევ, სხეულიც გაგეტევაო და ეგ თქმულება, საკუთარ თავზე უნდა მომესინჯა.
უნიტაზზე დავდექი... სხვა ვეღარაფერს ვაკეთებდი. მხოლოდ ვიდექი და ჩემი მოუქნელი სხეულით, არაფრის კეთება შემეძლო.
სხვა გზაც ხომ უნდა არსებობდეს?
ტუალეტიდან დამნაშავესავით გამოვიძურწე. ალბათ, ყველანი დარბაზში იქნებოდნენ. მიკვირდა კიდეც, ჩემ მოსაძებნად რომ არავინ გამოეგზავნათ. გარეთ უპრობლემოდ გავიდოდი, მაგრამ მომსვლელი სტუმრები რომ დამხვედროდნენ მანქანებიდან გადმოსული, მერე სად გადავჩეხილიყავი?
ქურთუკების ჩამოსაკიდებთან მეთვალყურე იჯდა. უცნაური, პატარა ქუდი ეხურა და თვალებგაფართოებული შემომცქეროდა.
- უკანა გასასვლელი არ არის აქ სადმე? - ვკითხე ჩურჩულით და ამ ჩურჩულში, ისიც ჩავაქსოვე, რომ ეს ცხოვრების გადამწყვეტი მომენტი იყო და დახმარება მჭირდებოდა. უსიტყვოდ გააღო პატარა კარი და თავისი ოთახისკენ მიმანიშნა. ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს... ერთი კითხვაც...
არ მჯეროდა, რომ ჩაპუტკუნებული, ყავისფერსა და რუხ ფერებში შემოსილი თვალებბრიალა ქალი, ყველაზე ჩუმი იქნებოდა სამყაროში და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, ჩირაღდნით ხელში გამიძღვებოდა.
- მადლობ! - ვუთხარი ენის ბორძიკით და თვალებში ცრემლები შემომეპარა. წამით, ისიც ვიფიქრე, მაკიაჟი გამიფუჭდება-თქო, თუმცა ვის რა ჩემ ფეხებად ადარდებდა მაკიაჟი? ქორწილიდან გავრბოდი.
გარეთ გასულმა, თითქოს პირველად ჩავისუნთქე სიგრილით გაჟღენთილი ჰაერი და ზეცაში მომწყვდეული სიხარულის პატარა მოლეკულებს, მადლობა გადავუხადე, რომ გაქცევის შანში მომეცა.
- თქვი ეს დაწყევლილი მეექვსე მიზეზი ელა, თქვი! - ვუმეორებდი საკუთარ თავს და მთელი ძალით გავრბოდი ადგილიდან, რომელსაც შავი ღრუბლების მუზარადი გადაფარებოდა და ჭექაქუხილის შემზარავი ჰანგებით კიოდა ჩემს სახელს, რათა უკან დავებრუნებინე.
ტაქსი გავაჩერე.
გაოგნებული მიყურებდა კაცი, როცა უკითხავად შევვარდი მანქანაში.
- საით? - მკითხა დაბნეულმა.
- სადმე. ოღონდაც, ჩქარა წავიდეთ და გზაში გამახსენდება. - ვთხოვე უსუსურად. ხელ-ფეხი მიკანკალებდა, ტუჩებიც ამთრთოლებოდა და მაგითი მივხვდი, რომ გულამოსკვნილი ვტიროდი.
- ცუდად ხომ არ ხარ გოგონა? - მკითხა კაცმა. ჩვენ ორივემ მშვენივრად ვიცოდით, რომ ცუდად ვიყავი, თუმცა კითხვა მაინც საიჭიროა ხოლმე.
- არაფერია. ყველაფერი უკან მოვიტოვე - ამოვისლუკუნე. ნეტა, თუ მიხვდა, რომ ქორწილიდან გამოვიქეცი? არამგონი, რთული შესამჩნევი ყოფილიყო ჩემი კაბის გადამკიდე, რომლის ბოლოც, მანქანის კარს როცა ვხურავდი, მაშინ მომყვა და საჭიროდაც კი არ ჩავთვალე, კარი თავიდან გამეღო, რათა ბროლის ნატეხებივით ძვირფასი კაბის ნაჭერი გამენთავისუფლებინა.
ხეები თვალისდახამხამებაში ანაცვლებდა ერთმანეთს, ნაცნობი შენობები დაავადებული იერით მიხრიდა თავს და წარსულიდან შემორჩენილ სევდას მისამძიმრებდა.
თქვი ეს დასამარებული მეექსვე მიზეზი, თქვი! - ვაიძულებდი საკუთარ თავს, მოგონებებით აღვსილი ტანჯვის მორევში, თავით გადაშვებას.
თქვი, თქვი ელა, თქვი!
- გააჩერეთ! - აღმომხდა და მთელი მონატრება, ამ სისტყვებში გადმოვანთხიე.
გააჩერა.
ფული არ მქონდა. მაჯიდან, ვერცხლის საათი მოვიხსენი და კაცს გავუწოდე.
- არ მინდა შვილო - შემომხედა ჩემი სევდით შეწუხებულმა.
- მე მაინც აღარაფერში დამჭირდება - შევევედრე, რომ დღევანდელი დღის სახსოვარი, თამამად გამოეგლიჯა ხელიდან.
გამომართვა და გადავედი.
თქვი ეს დაწყევლილი მეექვსე მიზეზი ელა, თქვი!
ჩემი ქუჩისკენ გავიქეცი. თვალებიდან ნიაღვარი მომდიოდა უზარმაზარ წვეთებად და თავგანწირული ეხეთქებოდა ასფალტს.
ამ ქუჩაზე, ყველაფერი ჩემი იყო.
საბედისწეროდ დაიგრუხუნა ზეცამ და თავისი ერთგული შვილის საპატივცემულოდ, მასაც წასკდა ტალღებადქცეული სევდა.
ჩემია ეს ქუჩა!
მე კი ამ ქუჩას ვეკუთვნი!
ყველა შენობა, კვლავინდებურად მესალმებოდა და ნანობდა ჩემს წასვლას, დაბრუნებას კი ამინდის უეცარი ცვლილებით აღნიშნავდა. მე ხომ, მზით ვერ შემომეგებებოდა? აბა მზეს როგორ მაკადრებდა თავის ერთგულ პირმშოს, როდესაც აღვირახსნილი ნიაღვრისა და სეტყვადგადმოღვრილი ტანჯვის შვილი ვიყავი?
არ არსებობდა, არანაირი მე... მე და ეს ქუჩა, ჩვენ ვიყავით და ისიც ვერ იარსებებდა, ჩემს გარეშე, რადგან მრავალი ცხოვრების ნაღველი, ისე მონდომებით გავცურეთ ერთად, რომ სიკვდილმისჯილის სკამს გამოვლილები, ახლა ორივე ძლივსღა ვსუნთქავდით.
თქვი ეს დაქცეული მეექსვსე მიზეზი, რატომაც ვერ გათხოვდები და აქციე იგი ერთადერთ მიზეზად. შენ ხომ მხოლოდ ამ მიზეზის გამო შეწყვიტე არსებობა შე სულელო არსებავ!
ერთ-ერთი კოპუსის წინ, პატარა სკამზე ჩამოვჯექი და თვალები მივაპყარი მედიდურად აღმართულ, აგურისფერ კორპუსს, რომელსაც მხოლოდ ერთი შეხედვით შერჩენოდა ღირსება. სინამდვილეში კი გაუპატიურებული, ნაცემ-ნაგვემი და სიკვდილთან ბრძოლაგამოვლილი მომჩერებოდა. ალბათ უკვირდა, რომ მეც ცოცხალი დავრჩი ასეთი საბედისწერო ბრძოლის შემდეგ.
ჩვენ ორივე ძლიერები და ამავე დროს, საოცრად სუსტები ვიყავით.
თქვი ეს დაქცეული მეექსვე მიზეზი ელა!
სხვა მსურდა.
მეექვსე მიზეზი - სხვა მსურდა.
მეშვიდე - იმ სხვას, წვრილი თითები, ყოველ ამოსუნთქვაში ჩაგუბებული ცხელი დემონები, მიუწვდომელი ზღვის არომატი და მილიონობით ამოუხსნელი ფიქრი ჰქონდა.
მერვე - იმ სხვას, ხავერდივით ნაზი თმა მედიდურად ჩამოშლოდა ძვლებდამჩნეულ ზურგზე. ყოველთვის, როცა ამ თმაზე ვეხებოდი, ვგრძნობდი რომ სამყარო იმაზე მეტ სიამოვნებას მპირდებოდა, ვიდრე ვიფიქრებდი.
მეცხრე - ის სხვა, მარტის გვირილასავით ნაზი და ზაფხულის ვარდივით სურნელოვანი იყო.
მეათე - ღიმილისას, ტუჩებთან მიძინებული ვარსკვლავები დასთამაშებდნენ და მზის კოცნასავით, ნათელი უხდებოდა თვალები, როცა მხედავდა.
მეთერთმეტე - კიდევ რამდენი მიზეზის ჩამოთვლა მჭირდებოდა, რომ სული ამომხდომოდა?
მოგონებები, ცხოველის ლეშის გარშემო მფრინავი სვავებივით დამტრიალებდნენ და ცდილობდნენ, ვერმიძინებული გრძნობები ამოეწოვათ ჩემი გამომშრალი სულიდან.
- გაიხსენე ელა, ყველაფერი გაიხსენე, რომ ორივემ მოვიპოვოთ სამარადისო სიმშვიდე და ვიცხოვროთ ამ სიმშვიდეში, ტკივილთან ერთად! - მევედრებოდა აგურისფერი შენობა - ტკივილი არაფერია, ერთმანეთში გავინაწილებთ და აღარ იქნება ისეთი ტანჯული, როგორიც ვერატირებული, ახლადდაბადებული ბავშვი.
პირველი მოგონება:
წვიმისგან გალუმპული შევედი მეგობრის სამსახურში. საცხობში დატრიალებულმა მადისაღმძვრელმა სურნელმა და ცივ ჰაერთან ბრძოლის შემდეგ, ცხვირზე დაჯახებულმა სითბომ, კიდევ უფრო უარესად მაგრძნობინა თავი.
- რა მოგართვათ? - მკითხა მომღიმარმა ალასკამ და თვალები უცნაურად შემითამაშა.
- შოკოლადის ხვეული და რძიანი ყავა - გავუღიმე - ათამდე ვერ დაამთავრებ მუშაობას? - შევაპარე ჩურჩულით.
- სამწუხაროდ, ვერა.
10 წუთის შემდეგ, ხმადაბლა ვახრუპუნებდი ძალიან ცხელ ყავას და შოკოლადიანი ფუნთუშით ვირთობდი თავს, როცა ქალის ყვირილი გავიგონე:
- ვერ ხედავ, რომ აქ ვუხვევ იდიოტო? გადააყენე მანქანა! - ამ სიტყვებს, გარეთ ისეთი ხმაური მოჰყვა, მელა ქათამს არ ჩაავლებდა კბილს. ყველაფერმა რომ მშვიდობით ჩაიარა და მსხვერპლიც არ მოჰყოლია , ქალი შემოვიდა ბუტბუტით - დამპალი გარეწარი! - ლანძღავდა თავის მოქიშპეს.
ხელები ამიკანკალდა, მეტყველების უნარი დავკარგე და ეალასკას შევხედე, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ უსიტყვოდ მამხნევებდა.
აქედან უნდა გავსულიყავი, სანამ მთელ სხეულზე, ჟრუანტელი პატარა ბუშტუკებად გამომაყრიდა და ადამიანისგან, აღარაფერი შემრჩებოდა.
წამოვდექი.
სახეწაშლილი ალასკა, ჩემკენ წამოვიდა.
- უკვე ზედმეტად გემჩნევა ყველაფერი - გაეცინა, რომ ძალიან საეჭვო არ გამოჩენილიყო.
- არაუშავს - სხვა ვერაფრის წარმოთქმა ვერ შევძელი. თავი ჩავღუნე და გაურკვეველი მიმართულებისკენ ავიღე გეზი.
მოულოდნელად, რომელიღაცა მაგიდის კიდეს შევასკდი წელით და ისეთი ტკივილი ვიგრძენი, მზად ვიყავი, მთელი დღე, გადაბმულად მეკივლა. ჩანთა ხელიდან გამივარდა და მისგან გადმოვარდნილი ქაღალდები, თოვლის უზარმაზარი ფანტელებივით აფრინდა ჰაერში.
- ბოლოს ასე რომ დამემართა, მაგრად დავლურჯდი - გავიგონე ქალის სიცილი.
ჯანდაბა! ის იყო...
ჩემი ქაღალდებისკენ დაიხარა. მე ჯერ ისევ, თვალებზე ბინდი გადამკვროდა ტკივილისგან და ენაც გადამეყლაპა.
მექანიკურად, ჩახედა ნაწერებს... რამდენიმე წამს, აკვირდებოდა.
აზრზე როგორც კი მოვედი, ღიმილით გამოვართვი ჩემი ნივთები.
- მადლობ - ვუთხარი და ასე მეგონა, რომ სადღაც, შორიდან მომესმა ჩემი დაგუბებული, ჩახშული სიტყვა.
- მაპატიე, შემთხვევით, წავიკითხე. შენი ლექსებია?
- დიახ.
- წარმატებებს გისურვებ - გამიღიმა და ამ ღიმილში, ყველა ის ფიქრი გამიკრთა, რომელსაც მას ვუძღვნიდი.
გამოვედი იქიდან...
სადღაც, გულში ჩაკლული ხმა კი მთელი ძალით უყვიროდა: - რიტა, შენია ეს ლექსები. ყველა ბგერა, ყველა ამოსუნთქვა შენია!
მეორე მოგონება:
ალასკამ სურათებით გადატენილი ტელეფონი მომაწოდა და გამომძიებელივით, ოფიციალური, შიშისმომგვრელი ლაპარაკი წამოიწყო:
- გუშინ, საღამოს შვიდ საათზე შემოიარა. ლურჯი, კოპლებიანი მაისური და შავი შარვალი ეცვა. შენ რომ გიყვარს, ის ფუნთუშა იყიდა. უფრო სწორედ, ის ფუნთუშა იყიდა, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეგიყვარდა, რომ რიტა ყიდულობდა ხოლმე. სახლში წავიდა, არავინ ახლდა. მისმა მანქანამ, მეორე მოსახვევში ჩაუხვია, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ მოსახვევში არ ცხოვრობს. მრცხვენია ამისი თქმა, თუმცა უფროსი მოვატყუე, რომ მოსაწევად მივდიოდი და სინამდვილეში, მანქანის ტრაექტორიას ვაკვირდებოდი სირბილით. მანქანიდან გადმოვიდა, მსუქან მეზობელს მიესალმა და სახლში ავიდა. მაპატიე, სადარბაზოში ვერ შევყევი და არ ვიცი, რომელ ბინაში ცხოვრობს.
- არაფერია, მიპატიებია მეგობრობის სახელით - გამეცინა უზომოდ კმაყოფილს.
- ღმერთო, დიდ ცოდვაში მაგდებ ადამიანის თვალთვალის გამო, თუმცა ჩვენი ეჭვები მართლდება, რადგან მისი სტუდენტი ჩემი მეზობელია და ლექციაზე უთქვამს, რომ წიგნების ფესტივალზე მიდის, დღეს საღამოს.
- ჯანდაბა! - აღმომხდა დაბნეულად - არ ვარ მზად, რომ კიდევ ერთხელ შევხვდე.
- მე რომ მარბენინო წინ და უკან, მაგისთვის ხომ მზად ხარ? ერთადერთი დასვენების დღე მაქვს და მაგასაც, შენ გწირავ. ამიტომ კეთილი ინებე, საჯდომი ასწიე და წავიდეთ ფესტივალზე. რამდენიმე წიგნის ყიდვაც არ გვაწყენდა, თორემ ამ ბოლო დროს, მხოლოდ „როგორ მოვიტაცოთ უცნობი“, „როგორ ვუთვალთვალოთ შეუმჩნევლად“, „როგორ ვიყოთ უხილავნი“ და მსგავს წიგნებს კითხულობ.
- ეგეთი წიგნები არ არსებობს - გულიანად გადავიხარხარე.
- გონზე თუ არ მოხვალ, მე ვიქნები ავტორი.
უზარმაზარ, ხალხით გადატენილ დარბაზში როცა შევედი, მივხვდი, რომ კიდევ უფრო გამირთულდა რიტას მოძებნა. გაგიჟებული ვაცეცებდი თვალებს და შუბლზე დიდი, არარსებული ასოებით მეწერა, რომ მანიაკურად მიყვარდა ქალი, რომელსაც, არც კი ვიცი, ახსომდა თუ არა ჩემი არსებობა.
ერთ-ერთი გამომცემლობის რიგში მივაკვლიე... ზურგზე ჩამოშლილი, ღიაწაბლისფერი თმითა და მოშიშვლებული მხრებით ვიცანი. სიგამხდრისგან, ყველა ძვალი უჩანდა ერთმანეთის მიყოლებით და ამოსუნთქვისას, ისე ზნიქავდა მკერდს, გეგონება უკვდავების უშრეტი წყარო უჩქეფდა სხეულში.
ანა გავალდას „მე ის მიყვარდა“ ავიღე სასწრაფოდ და ზურგს უკან ამოვუდექი. თმაზე საუცხოო სურნელი დასტრიალებდა. ვგრძნობდი, რომ მთელ სამყაროს გაეღო თავისი წილი მსხვერპლი მისი შექმნისთვის და თავის სრულყოფილებას ისე ამზეურებდა ხალხში, გეგონება ყველა მათგანის თვალი იმსახურებდა მის ხილვას.
წამით, შემოტრიალდა.
ცოტახანს დამაკვირდა, გაიხედა და უეცრად, ისევ მე მომაპყრო თვალი.
- გვერდნაღრძობი გოგონა საცხობიდან? - მკითხა ნაზი, არომატული ხმით. ჰოო, უცნაურია, თუმცა მე მის ხმაშიც კი ვგრძნობდი ათასობით გრძნობის არომატს, რომლებიც მთელი სიმძლავრით ასკდებოდნენ მის ბაგეებს და აღვირახსნილები სცვიოდნენ გარეთ, რათა ყველა სხვა დანარჩენი მოკვდავისთვის ეგრძნობინათ, მათი არსებობის ამაოება.
და მეც ვგრძნობდი.
ვგრძნობდი, რომ უხარისხო, უფერული და გახუნებული იყო რიტას გარშემო გადაშლილი სივრცე, რადგან მხოლოდ მას გააჩნდა სიცოცხლით აღვსილი, მჩქეფარე ვნება. ვგრძნობდი, რომ მის ფეხქვეშ განთხმულიყო ყოველი სიხარული ამ ცხოვრების და მოხლმოდრეკით ემორჩილებოდა მის ამოსუნთქვას დედამიწა. ის იყო ცენტრი ყველაფრის და ყველაფერი, ხდებოდა არაფერი, მასთან მიახლოებისას.
- დიახ, მე ვარ - გავუღიმე თვალებარეულმა. რაღაც მომენტში, ალასკას სახე დავიჭირე, რომელიც ტუჩების მძაფრი მოძრაობით, უთქმელად მიკიოდა: „აკოცეე! აკოცე!“.
გაუცნობიერებლად გამეცინა.
- რის წაკითხვას აპირებ? - მკითხა თავისთვის დამახასიათებელი ინტონაციით (დიახ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, მე მაინც ყველა მისი ბგერის, გამოთქმისა და საუბრის მანერას ვცნობდი). მთელ სხეულში ისე დამიარა ჟრუანტელმა, გეგონება შუშის პატარა ნაწილაკები განაწილებულიყო ჩემში და ყოველი მოძრაობისას, ერთიანად მგვრიდა აუტანელ ტკივილს.
- წაკითხული მაქვს. უბრალოდ, წიგნებს ჯერ ვკითხულობ და შემდეგ ვყიდულობ.
- ჭკვიანურია. ძალიან მიყვარს ანა გავალდა. მსუბუქი წერის მანერა აქვს, ერთი ამოსუნთქვით დაგამახსოვრებს თავს. დასასრულისას, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს შვებულებაში ვიყავი რამდენიმე დღით.
- მეც მომწონს... - კვლავ გამეღიმა. ამჯერად კი სულელივით. არ მეგონა, ოდესმე, ზედიზედ, ამდენ სიტყვას თუ მეტყოდა გადაბმულად. - უცნაურია, რომ ადამიანებს, ნამდვილი სიყვარულის შანსი, შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ მიეცეთ და მაინც გაუშვან ხელიდან ბედნიერება. სიყვარულდაკარგულები კი, საკუთარი თავის გარდა, კიდევ სხვა მრავალსაც აუბედურებენ.
- მართალია - ცალი ტუჩის კუთხე, მიმზიდველად აზნიქა მაღლა. - შენს ლექსებშიც ამაზე წერ?
- ამაზე, რაზე? - ვერ მივხვდი.
- დაკარგულ სიყვარულზე.
- არა... მოქმედ სიყვარულზე ვწერ.
მისი რიგი მოვიდა.
ამის დედაც, ნეტავ სამუდამოდ ასე ვმდგარიყავით, დაუსრულებელ რიგში და საბოლოოდ, რამდენიმე თვის შემდეგ, სიყვარულშიც გამოვუტყდებოდი. შემდეგ, მეტყოდა, რომ ავადმყოფი გერონტოფილი ვარ და სილას გამაწნიდა.
საბედნიეროდ, სხვაგვარად წარიმართა მოვლენები.
ფეხი აითრია, სანამ მეც ვყიდულობდი წიგნს და თავისი ცოცხალი თვალებიდან მომავალი ხალისი გადმომდო.
- სიგარეტს ხომ არ ეწევი? გარეთ გასვლას ვაპირებ. იმდენი ხალხია, რომ სუნთქვაც ჭირს და თან, ეზოში ლამაზი ბაღია.
- ვეწევი - ვუპასუხე მოკლედ, კონკრეტულად და ძალიან სწრაფად.
დარწმუნებული ვიყავი, ალასკა ამ დროს, საერთო ჩათში, ჩვენს ყველა საერთო მეგობარს აცნობებდა, ჩემი გაბედნიერების შესახებ.
რიტა საოცრად გრაციოზული იყო... ყოველთვის უცხო, იშვიათი სილამაზის კაბები ეცვა, რაც მის მშვენიერ სხეულს, კიდევ უფრო სასურველს ჰხდიდა.
მხოლოდ მასზე კი არა, მის გარდერობზეც ვოცნებობდი. წარმოდგენა არ მქონდა, სად შოულობდა მსგავს ტანისსამოსს, რომელიც ისედაც გამორჩეულს, უფრო მეტად გამოჰყოფდა ყველასგან და ნებისმიერ ადგილას, ისე ყვიროდა მისი გარეგნობა, რომ შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
- მშვენიერი ადგილია. აქ მარტოც ვსეირნობ ხოლმე, მუზას მიღვიძებს. - გამომიცხადა და სიცოცხლის ელექვით შეირუტეს მისმა ტუჩებმა, თამბაქოს მომწამვლელი კვამლი.
- მე გამონაბოლქვით გაჟღენთილი ქუჩები და ჩემი ჩახუთული სახლის კედლებიც მიღვიძებს მუზას.
- მხოლოდ ლექსებს წერ?
- არა, ზოგჯერ ჩანახატებსაც.
- რომელიმეს წამიკითხავ? - თვალები უხერხულად მოჭუტა. - ჩემი მოსწავლეებიც ხშირად წერენ რაღაცეებს და ძალიან მიხარია, როცა ვხვდები, რომ სული აქვთ. სწორად გამიგე. სული ისედაც ყველას აქვს, ბოროტსაც და კეთილსაც, ჭკვიანსაც და სულელსაც, მაგრამ გრძნობა, რომელიც ადამიანს რაღაცას აწერინებს, უფრო ლამაზი სულიდანაა წარმოქმნილი.
ჯანდაბა! მე კი არც ერთი სიტყვა მქონდა დაწერილი, იმისი ღირსი, რომ მის ყურებს მოჰფერებოდნენ.
- თან არაფერი მაქვს. ზეპირად კი, მხოლოდ ერთი ვიცი - ამიცახცახდა ხმა.
საპასუხოდ, ისე გამიღიმა, მზად ვიყავი, მისი ბროლის კბილებისთვის შემეწირა განვლილი და გასავლელი ცხოვრება.
- ქარში იკარგება შენი ზმანება
და სუნთქვას აყოლილი, ვგმინავ შენზე ნაღველს,.
ჩუმი ლოცვა უკვე აღარ მეხმარება,
შენი მონატრებაც, სნეულს, მალე დამეცმს.
ამ სულს, უანგაროდ, წვიმას გავატანდი,
ბასრ ცელს ჩემს კისერზე ოხვრად ჩამოევლო,
ოღონდ კიდევ ერთხელ, სადმე მენახე და
ოღონდ ამ ქუჩაზე, კიდევ გამოგევლო. - წარმოვთქვი ენის კანკალით და თან, ლამის სიცილი წამსკდა. ჩემი ყველა ლექსი ისედაც მას ეძღვნებოდა და ახლა, თვით რიტას ვუკითხავდი.
- ძალიან ლამაზად ჯღერს - მითხრა ჩაფიქრებულმა. - ვინმე ღირსეულის გამოვლას ელოდები?
- ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი ღირსეულის - ვუპასუხე მისით შეპყრობილმა.
* * *

„ოღონდ კიდევ ერთხელ, სადმე მენახე და
ოღონდ ამ ქუჩაზე, კიდევ გამოგევლო.“ - ჩავილაპარაკე და ვიწრო აღმართს შევავლე თვალი.
- რიტა, ჩამოიარე რა - შესთხოვა ჩემმა სულმა ზეცას.
ვხვდებოდი, უკაცრიელი კუნძულივით, მარტოსული და ყველასგან შორი ვიყავი. სხეულს ვეღარაფერი მითბობდა და მასზე შემორჩენილი ალერსის კვალსაც ჩამორეცხავდა დრო, თავისი ბასრი კლანჭებით.
- კიდევ კარგი, თავი არ მოიკალი - დაიკივლა ალასკამ და ჩემკენ სირბილით გამოექანა. მემგონი, უნდოდა, რომ ჩამხუტებოდა, თუმცა იმდენად საცოდავი სანახავი ვიყავი, სენტიმენტებით აღარ დამიმძიმა აურა.
- გეგონა, თავს მოვიკლავდი? - უსუსურად ჩამეცინა. ნამდვილად.... ვინც კი დაუთვლელი ტრაგედიებით აღვსილი, ჩემი ცხოვრების სიუჟეტები იცოდა, ყველას მიაჩნდა, რომ თავის მოსაკლავად მქონდა საქმე.
- მეშინოდა - ამოილუღლუღა სქელი, წითლად შეღებილი ტუჩებიდან.
- იქ რა ხდება, მეძებენ?
- კი. მთელი ამბები ტრიალებს. უცნაურია, მაგრამ როდესაც ყველამ გაიგო შენი გაქცევის შესახებ, მხოლოდ სიძის მხარემ დაგიწყო გულწრფელი ძებნა. შენებს მემგონი, გაუხარდათ კიდეც.
- ჰო - ჩამეღიმა. ჩემები გულიდან ამოტივტივებულ, გამოუთქმელ სიტყვებსაც კი იგებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები, მათთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, მაინც ჩემს ბედნიერებას ანიჭებდნენ უპირატესობას.
- ძალიან ლამაზი ხარ ელა - ახლა უკვე, ცრემლების გარეშე შემათვალიერა.
- შენც ლამაზი ხარ... სამწუხაროა, რომ შეუფერებელ დროს და შეუფერებელ ხალხში აღმოვჩნდით, ასეთი ლამაზები.
* * *
მოგონება, რომელსაც აღარ სჭირდება დათვლა:
- პაპარაცივით, სურათებს გიღებდით შორიდან. რანაირი საყვარელიკოები იყავით - ჩვენით გულაჩუყებულმა, ყველა სურათი გამომიგზავნა და მათი შეხედვისას, ერთი საათის განმავლობაში, ლაპარაკის უნარი შემეზღუდა. - დღეს 7-ის მერე, შემოიარე საცხობში, ლექციებს ამთავრებს და შემოდის ხოლმე.
საღამოს ექვს საათზე, გამოძახებულივით ვიჯექი მაგიდასთან და გამჭვირვალე მინიდან, მისი ვერცხლისფერი მანქანის გამოჩენას ველოდი.
- ელა, რამდენი ხანი შეგიძლია დაელოდო? - მეკითხებოდნენ, ქუჩის გადაღმა, პარა სკვერში, ხეებზე ჩამწკრივებული ჩიტები.
- უსასრულოდ - ისმოდა ჩემს მაგივრად, ჰაერში გამეფებული ნიავის პასუხი.
- რამდენად გიყვარს ელა? - არ ცხრებოდა, ჩემი გრძნობების გამოსაცდელად მოფიქრებული შეკითხვები.
- იმდენად, რომ თავის სუნთქვას, დაუფიქრებლად დააბინავებდა მის სათუთ თმაში და ყველა ბგერას მიუძღვნიდა ქალის უძლურად ჩამოყრილ კლავებს. დათმობდა თავის სითბოს, მზეს მოიჩრდილავდა და თავის წილ სხივებს, მხოლოდ მის სასთუმალთან აცხოვრებდა, რათა არასოდეს ეგრძნო სიცივე. თავად კი, მარადიული ყინულის სამყაროს გაუყვებოდა, სადაც არც სინათლეა და არც სითბო... და მაინც ბედნიერი იქნებოდა, რადგან ეცოდინებოდა, რომ თავისი არსებობის მიზანი, ღიმილით აღსავსე მოკალათებულიყო ბუხართან, ცხელი შოკოლადით ხელში. - საუბრობდა ჩემი მეგობარი ქარი და ვგრძნობდი, რომ კიდევ ბევრი ჰქონდა სათქმელი. ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდა მას ჩემი. ყოველთვის მზად იყო, ქაოსით გადაჭედილი სივრციდან, რიტას სურნელი მოეპარა და ჩემი ცხვირის ნესტოებისთვის გაეხახუნებინა თავისი ნაზი, ცივი ხელებით.
მიყვარდა ქარი.
ჩვენ ბევრ საიდუმლოსა და საერთოს ვიტევდით.
- ერთი ცხელი შოკოლადი - მომესმა რიტას ხმა...
ცალი წარბი, მედიდურად აეზიდა მაღლა და ტელეფონში ჩაჰკირკიტებდა რაღაცას. ეტყობოდა, ცოტათი გაღიზიანებული იყო.
- პოეტი გოგონა? - მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა. რაღაც, საეჭვოდ აღარ იღიმოდა.
- გრძელთმიანი ლექტორი წიგნების ფესტივალიდან? - შევუბრუნე კითხვა და საკუთარი სითამამე ვიზეიმე.
- დღეს, ძალიან დაღალეს გრძელთმიანი ლექტორი - წუწუნით ჩამომიჯდა და ტუჩები ოდნავ გამოსწია წინ. ჭკუიდან მშლიდა, მისი ყველა მიმიკისა და ნაქვთის მოძრაობა.
- გაკვეთილი არ იცოდნენ?
- არა, მე მათი გამოკითხვა არ მევალება. უბრალოდ, ძალიან საეჭვო კითხვებს სვამდნენ. ხომ იცი, ლექტორებს უყვართ, როცა მოსწავლეები ბევრ რამეს ეკითხებიან, თუმცა ყველას ეტყობოდა, რომ ჩემი ჩაჭრა ჰქონდათ განძრახული. გულდასაწყვეტია...
- ეგ არაფერი - გავუღიმე - ეგაა ზედმეტად ლამაზი ადამიანების სასჯელი. ავტომატურად, თავიანთი განათლება და ინტელექტი, ეჭვქვეშ ექცევა.
- ჰო. ჰგონიათ, რომ რექტორის საყვარელი ვარ. მანქანა გაფუჭებული მქონდა და ერთი-ორჯერ, სამსახურში მიმიყვანა.
იმ წამსვე, ფერი გადამივიდა სახიდან.
ჩემი ეჭვიანი მეორესული, პირველს, მთელი ძალით ეჯახებოდა და მის ჩანაცვლებას ცდილობდა.
- როცა გასართობი ცოტაა, იმაზე ფიქრს იწყებ, გარშემო, ვინ ვისი საყვარელია. - ვანუგეშე რიტა, თუმცა საკუთარი თავი ვერა.
მას გაეღიმა.
რა მაგარია, მისი გაღიმება შევძელი.
ტუჩის კუთხეებიდან, უხილავი ანგელოზები ეღვრებოდა და მაგიდაზე შემოწყობილი ჩემი თითების წინ ეცემოდნენ ხითხითით.
- რამდენი წლის ხარ ელა?
ისევ ენა ჩამივარდა.
პირველად წარმოთქვა ჩემი სახელი. ახლა, სულ სხვაგვარად მესმოდა ეს სამი ბგერა. გეგონება, ზეციური, წკრიალა ზარები რეკდნენ და თან შეუჩერებლად იმეორედნენ „ელა, ელა, ელა“. მისი ბაგიდან გაჟღერებული, ყველაფერი სამარადისო არსებობისთვის მემეტებოდა და მათ როგებში, სრულიად მოულოდნელად, ჩემი სახელიც აღმოვაჩინე...
ახლა ვეღარასდროს ავიტანდი, როცა სხვა დამიძახებდა.
მე ხომ უკვე, მისი ხმის მიერ შობილი მქონდა გაგებული.
- ჩემი სახელი საიდან იცით? - აღმომხდა მოულოდნელად. უცნაურია, მაგრამ როცა ჩემი გული, მარადიული გრძნობების ჩანჩქერში ეშვებოდა და სულ ფეხებზე ეკიდა გარე სამყარო, ამ დროს, გონება, სასწაულის მეშვეობით, ლოგიკური აზროვნების უნარს ინარჩუნებდა.
- მე.. მე შენ მითხარი - დაიბნა. საერთოდაც არ მაინტერესებდა, როგორ და რანაირად გაიგო. მთავარია რომ იცოდა და შავი ვარდივით გადაფურჩქნულ, ათასგვარ ემოციებში, ახლა კიდევ ერთი ვუმხილე - დაბნევა, რომელიც ალმასებით შემკული სამკაულივით უმშვენებდა სახეს.
- 25 წლის ვარ - ვუთხარი ღიმილით.
- პატარა ყოფილხარ...
- რასთან შედარებით?
- ზოგადად.
გამეღიმა.
მრავლისმომცველი უხერხულობა ჩამოწვა და სიჩუმით დაიფარა ჩვენი ბაგეები, თუმცა ამ სიჩუმეშიც მესმოდა სასიამოვნო ღიღინი, ჩემი აშლილი გრძნობების.
- ვინმეს ხომ არ ელოდები? დაუკითხავად ჩამოგიჯექი, არ დავფიქრებულვარ, თუ შეიძლებოდა...
- არა, არავის. - მოკლედ მოვუჭერი.
- მე, ისედაც წასვლას ვაპირებ- უკანასკნელი ყლუპები მოსვა ცხელი შოკოლადის და ზედა ტუჩზე, პატარა ულვაში გაუკეთდა.
ალბათ, ზედმეტად უადგილო იქნებოდა თუ კი ჩემი ხელსახოცით მოვწმენდდი.
კი, ნამდვილად უადგილო იქნებოდა.
არც დამჭირვებია, რადგან მექანიკურად, თავადვე შეიმშრალა სველი ტუჩები და მასთან ერთად, ჩემი უკანასკნელი შანსიც გაქრა, რომ შემთხვევით, მის სახესთან, ასე ახლოს მივსულიყავი.
- ერთი ღვინის ბარი ვიცი და თუ თავისუფალი დრო გექნებათ, შეგვიძლია, იქაც ვისაუბროთ.. ოდესმე… - შევთავაზე, არც თუ ისე თამამად.
იმ წამებში, მზად ვიყავი, მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავეტანე... ნეტავ, როგორი მოსასმენი იქნებოდა უცხო ყურით? ან საერთოდაც, ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, მეგობრულ გასეირნებაზე დამეპატიჟა. აუცილებელი ხომ არ იყო, რომ ისე მიეღო ეს სიტყვები, როგორც პაემანი?
- ხვალ არ ვმუშაობ და დიდი სიამოვნებით წამოვალ თუ სხვა ლექსებსაც წამაკითხავ.
- ხვალ... მშვენიერია - სიტყვებს შორის, პაუზებს ვაკეთებდი, რათა ფიქრის უნარი შემრჩენოდა.
- ჩემს ნომერს მოგცემ - ტყავის საფულიდან, სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა.
მისი წასვლის შემდეგ, ალასკა გვერდით ამომიდგა გაკვირდებული.
- მეჩვენება თუ პაემანზე მოგყვება?
- მისთვის, არაა პაემანი.
- შენთვის კი იმედების მთელი კორიანტელი. საწყალო - თავი დანანებით გააქნია.

შემდეგი მოგონება:
იმ დღეს, ზედმეტად მოვინდომე. ყოველთვის კლასიკური ჩაცმის სტილი მახასიათებდა და ზამთარში, თუ ძალიან არ შემცივდებოდა, შარვლით არ ვიმოსებოდი. დღეს კი, გოგონას კი არა, ქალს უფრო დავიმსგავსე თავი. ვფიქრობდი, რომ ეს უფრო შესაფერისი სტილი იქნებოდა. ღვინის ბარი ლამაზი და დახვეწილი იყო, ხის აქსესუარებითა და ავეჯით გაფორმებული. ეზოში, პატარა ჰამაკები ეკიდა და ხის გრძელი საქანელები ჩამოეკონწიალებინათ თავისი მაგიდით. უცნაურად და ლამაზად გამოიყურებოდა ყველაფერი.
ყველაზე ლამაზი კი რიტა იყო თავისი სქელი ნაწნავითა და ჩაჩუტული ლოყებით, რომელიც მაინც სასიამოვნო მოსაფერებელი ჩანდა...გარედან.
- უმშვენიერესი ადგილია. უცნაურია, რომ აქამდე, ყოველთვის ბროლის ჭაღიან და თვალ-მარგალიტით მორთულ რესტორნებში მეპატიჟებოდნენ. სინამდვილეში კი, ჩემთვის თავის მოწონება თუ უნდა ვინმეს, მსგავს ადგილას უნდა მომიყვანოს. - საუბრობდა მხიარულად.
- შეგიძლიათ, თავადაც შესთავაზოთ ხოლმე იდეები.
- სურვილი არ მაქვს. შენზე რატომ არაფერს მიყვები? მაგალითად, შენი საიდუმლო სიყვარული, რომელსაც ლექსებს უძღვნი.
- კარგი ვინმეა - ცოტაოდენი ალუბლის ღვინო მოვსვი ყელის გასასველებლად და შემდეგ, უფრო თამამად გავაგრძელე თხრობა - მემგონი, იმსახურებს ჩემს ლექსებს.
- რატომ არ ხართ ერთად? რა უნდა იყოს, რომ რომელიმე კაცმა, შენ მსგავს გოგონაზე თქვას უარი?
- არ მიცნობს. არც კი გამომიჩენია მისი გაცნობის ინიციატივა.
- პლატონური სიყვარული?
- შესაძლოა. ადამიანებს, ზოგჯერ მაზოხისტურ სიამოვნებას გვანიჭებს მიუწვდომელ სიყვარულზე ფიქრი. ძალიან გვიყვარდება... გონებაში, მისი ხასიათის ათასობით შესაძლო ვარიანტს ვქმნით. ამ ათასიდან კი, ერთს, საუკეთესოს ვირჩევთ და ამ ილუზიით ვცხოვრობთ. გვეშინია, ახლოს გაცნობისას, არ აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენს გულში ჩასახული სიყვარულის მთელი რიგი სხივების ღირსი არ ყოფილა.
- და თუ აღმოაჩენ, რომ სხვანაირია?
- ვფიქრობ, მაინც მეყვარება. უცნაური რამეა სიყვარული. ნამდვილად, საშიშ განცდებს ვემსახურები და შესაძლოა, იმედი გამიცრუვდეს, თუმცა საბოლოოდ, ზოგჯერ ყველაზე უარესი რამ გვატყდება თავს - ის უღირსი აღმოჩნდება, ჩვენ კი უარესად გვიყვარდება ამის გამო.
- გოგონებო, ეს თქვენ - მოულოდნელად, სიმყუდროვე დაგვიფრთხო მიმტანმა და ერთი ბოთლი, წითელი ღვინო დაგვიდგა მაგიდაზე.
- არ შეგვიკვეთავს.
- მეზობელ მაგიდაზე, ორი ბიჭი ისე მოიხიბლა თქვენით, რომ 20 წუთის განმავლობაში მარჩევინებდნენ, რომელი ღვინო გამოეგზავნათ.
მიგვანიშნა ბიჭებისკენ.
მეც და რიტამაც გავუღიმეთ.
ეგრევე წამოდგნენ და ჩვენკენ აიღეს გეზი.
- გამარჯობა - მოგვესალმა ერთდერთი და მეორე, დაწვრილებული თვალებით ამოუდგა უკან. ერთი მე მომჩერებოდა, მეორე რიტას და ძალიან იოლი ამოსახსნელი ხდებოდა, რომელი, რომელმა მოვნუსხეთ.
- გამარჯობა და დიდი მადლობა - გაუღიმა რიტამ.
- თუ მარტო ხართ, იქნებ კომპანიონობა გაგიწიოთ?
- მარტო არ ვართ, ერთად ვართ და მეუღლეებს ველოდებით - ვუპასუხე ზრდილობიანი ღიმილით. რიტამ ეშმაკურად გამისწორა მზერა.
- უკაცრავად, ცუდი ჩანაფიქრი არ გვქონია - პირშიჩალაგამოვლებულებმა დაიხიეს უკან.
- პირიქით, დიდი მადლობა.
ისევ თავის ადგილებს რომ დაუბრუნდნენ, რიტამ გამიცინა.
- ჭკვიანური იყო. - თავისი პორცია, მთლიანად დალია და ახალი კითხვის დასასმელად მოემზადა: - პირველად, როდის დაინახე შენი პრინცი?
- ერთი წლის წინ.
- და ეგრევე ლექსი მიუძღვენი?
ბევრი ლაპარაკი აღარ დამჭირვებია.
პირდაპირ წყნარი ხმით ამოვთქვი სათქმელი.
- ჩვენი პირველნახვის წამებია,
თავზე დაგთამაშებს მთვარის შუქი.
ვეღარ გააგრძელებს ჩვეულ სუნთქვას,
შენით შეპყრობილი ჩემი სული.
ჩვენი პირველნახვის წამებია...
ღმერთო, ნამანათლე იმის მზერა,
რომლის სურნელიც ძგერს ახლა გულში
და ვერც ლექსები მგვრის წყეულ შვებას. - დავასრულე...
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რიტასთვის არ მომიშორებია თვალი.
გაშეშებულიყო...
არაფერს ამბობდა.
მოულოდნელად წამოდგა.
- მაპატიე ელა, უნდა წავიდე. - თქვა და გასასვლელისკენ გავიდა.
გაოგნებული გავყევი უკან.
- რა მოხდა? - ძლივს ვეწეოდი.
- იცი, დიდხანს ვფიქრობდი, ცოტა ახლოს გამეცანი თუ არა... სიმართლე გითხრა, მეშინოდა. - ისე უეცრად ალაპარაკდა ამოუხნელ თემაზე, რომ გაოგნებული დავრჩი - თავიდან, რამდენიმე თვის წინ შეგამჩნიე. ჯერ შენ დაგინახე, ჩემს ჩასახვევში როგორ მომყვებოდი, შემდეგ შენი დაქალი შევამჩნიე, როგორ მიღებდა სურათებს. თავიდან ვიფიქრე, გადაუვლის, ბავშვია-თქო, შემდეგ ძალიან შემეშინდა - მანიაკი მეგონე. თან დამაინტერესა, რა იქნებოდა შენი მომდევნო ნაბიჯები - მესაუბრებოდა გაწონასწორებული, მშვიდი ხმით. მე კი მღელვარება, ფეხისთითებიდან მაცოცდებოდა და პატარა ჭიანჭველებივით მედებოდა მთელ სხეულზე.
საშინლად მკბენდნენ წყეული მწერები, სულს მიკორტნიდნენ, სხეულს მითრთოლებდნენ.
სუნთქვაც კი გაუსაძლისი ხდებოდა.
- მოკლედ, იმიტომ გაგიცანი, რომ...
- შეგეშინდა, სადმე არ გამეტაცებინე და არ გამეუპატიურებინე? - შევხედე გონდაკარგულმა.
- სიმართლე გითხრა, გაუპატიურებაზე აქამდე, არ მიფიქრია, თუმცა ამის შემდეგ, მაგისიც შემეშინდება. - ლამაზი კბილებიდან გამოსცრა და წამით მომეჩვენა, რომ გველივით მესისინებოდა, თუმცა მაინც თვალისმომჭრელი იყო.
მე მას ლექსები წავუკითხე.
და მეგონა, რომ გულწფელ ღიმილს მჩუქნიდა.
სინამდვილეში კი მანიაკი ვეგონე.
- ახლა ვხვდები, რომ შენი ახალგაზრდობის გატაცება ვარ. არაფერია ელა, ხდება ხოლმე. მალე გადაგივლის. პირობას გაძლევ, რომ გადაგივლის.
- იცი რაა? - მთელი ძალა მოვიკრიბე და თითქმის დავუყვირე - მე შეიძლება, შენზე პატარა და გამოუცდელი ვარ, თუმცა არც ისე უჭკუო.
- უჭკუო რომ არ ხარ, ვხვდები - ირონიული ღიმილი მაჩუქა.
- ძალიან კარგი. თან, შესაძლოა, ჩემი გამოჭერისთვის ყველა საჭირო დეტალი განსაზღვრე, თუმცა არსებობს ერთი ძალიან დიდი პრობლემა... ზედმეტად არაპროგნოზირებადი ვარ! გილოცავ, ამის შემდეგ, შენ მე ვეღარასოდეს მნახავ! - ვთქვი და ტუჩებში ვაკოცე.
ვერ გეტყვით, რომ ეს წმინდა ბაგეების ზეციური შეხება იყო და ამ დროს, ჩვენი სულები ზეიმობდნენ მარადიულ სიყვარულთან ზიარებას, რადგან ერთ წამში მოვახერხე, რომ მეკოცნა და შემდეგ, უკანმოუხედავად გავქცეულიყავი....
* * *
- რა დამართე საწყალ ქალს, გახსოვს? - ეცინებოდა ალასკას.
- არ თქვა. ჩემი წასვლის შემდეგ, ერთი საათი, გაუნძრევლად იდგა და თვალსაც არ ახამხამებდა. შემდეგ, იმაზე დაიწყო დარდი, ვინმემ ხომ არ დამინახაო.
- რამდენმა დაგინახათ?
- ყველამ.
შემდეგი მოგონება:
დღეები ისე გავიდა, რომ ერთხელაც არ გამივლია მის ქუჩაზე... გული მეკუმშებოდა, მეგონა, მთელი სამყაროს ტკივილი მხრებზე დამედო ვალად და ასე, ხურჯინივით გადაკიდებული დამქონდა. ამიტომ იყო, ყოველი მოძრაობა რომ გაუსაძლის ტანჯვას მაყენებდა.
განძრევაც აღარ მინდა.
აღარც რიტა მინდოდა.
მის სიყვარულს არასოდეს უტკენია ჩემთვის, რიტამ კი გაცნობისთანავე მატკინა. ბრაზი მომდიოდა, მისი სახით, ყველა ადამიანზე, რომლებიც უანგარო და წრფელ სიყვარულს ვერ აფასებდნენ. მე ხომ სანაცვლოდ არაფერს ვითხოვდი? მხოლოდ მისი დანახვა მსურდა. თან დანახვა რამდენიმე წამით, ისე, რომ არც შევემჩნიე.
სულ ეს იყო.
ერთი კვირის განმავლობაში, პირველად გავედი გარეთ და მაშინაც, ბიბლიოთეკას მივაშურე. ალასკას ნახვა მსურდა, თუმცა, სანამ თავად არ გამოძებნიდა თავისუფალ დროს ჩემთან მოსასვლელად, სამსახურში ვერ ვესტუმრებოდი.
რიტას ნახვა ისე მსურდა, როგორც სიცოცხლით ტკბობა...
თუმცა არ მინდოდა, მასაც დავენახე.
რა თქმა უნდა, კვლავაც მიყვარდა. ან საერთოდ, როგორ შეიძლებოდა არ მყვარებოდა, როდესაც თავისი უარყოფითი სახე გამომიტანა სააშკარაოზე? მე ახლა თითქოს ყველანაირს ვიცნობდი - ცუდსა და კარგს. ეს კი მაიძულებდა, იმაზე მეტად მყვარებოდა, ვიდრე ოდესმე.
სელმა ლაგერლოფის „მეფორნეს“ ვკითხულობდი ბიბლიოთეკაში.
ცხვორებაში, პირველად წავაწყდი, ჩემსაზე უიღბლო, ტკივილით სავსე, დამღუპველ, უანგაროსა და ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას.
უცნაური იყო... წიგნის მთავარი პერსონაჟი, დავიდი, საშინელი ადამიანი ჩანდა - ეგოისტი, მოძალადე და ბოროტი, თუმცა როგორც მკითხველი, მაინც ვერ ვახეერხებდი მის შეძულებას. მისი სულის წიაღში, პატარა სინათლის ნაპერწკალი ჩანდა, რომელიც, კარგად თუ გაღვივდებოდა, ყველაფრის გამოსწორებას შეძლებდა. როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება, ყველა ბოროტ ადამიანს აქვს თავისი წარსული, რომელიც მის ყველა საშინელ საქციელს, ლოგიკურ ახსნას უძებნის. დავიდსაც ჰქონდა ეს ახსნა. ზედმეტად სასტიკი იყო, რადგან აქამდე, არავის უგრძნობინებია მისთვის ადამიანური სითბო, სიკეთე და სიყვარული. რა თქმა უნდა, თუ არავინ გვასწავლის, როგორ ვიყოთ კეთილები, რთულია, სიკეთებმდე მისასვლელი ბილიკი, თავადვე მოვნახოთ...
- პოეტი გოგონა საცხობიდან? - გავიგონე რიტას ხმა... საკუთარი თვალებით ვიხილე, როგორ ჩამომიჯდა ცხვირწინ და დამნაშავის სახით გამიღიმა.
ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ რეალურად ვხედავდი. კარგა ხანს, ჩემი წამოსახვის ნაყოფი მეგონა.
- გრძელთმიანი ლექტორი, რომელიც ყველა ჩემი ლექსის ახსნაა და რომელმაც, ხელის ერთი მოსმით გათელა ფეხქვეშ ყველა სიტყვა, რაც კი ოდესმე დამიწერია? - გავუღიმე ცინიკურად. - აქ როგორ მომაგენი?
- შენს დაქალს ვეხვეწე ერთი საათით. შემდეგ ყველაფერი დავაფიცე, რომ შენთან არ ჩავეშვი. - გამომიტყდა რიტა. მე კი, დაგვიანებით დავხედე ხმადაწეულ ტელეფონს, რომელზეც, ალასკას 12 ზარი და 20 მესიჯი აღბეჭდილიყო. მაფრთხილებდა, შენი მიჯნური, შენკენ მოილტვისო. - რას კითხულობ? - თვალები ჩემს წიგნს მიაპყრო.
- მეფორნეს.
- კარგია?
- კი, ძალიან.
- რაზეა?
- ერთ უღირს კაცზე, რომელიც ძალიან სპეტაკსა და კეთილ ქალს უყვარდება... კაცი კი იქამდე არ აფასებს მის სიყვარულს, სანამ ქალი არ კვდება. პრინციპში, სიკვდილის შემდეგაც არ დააფასებდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, მისი უკანასკნელი სიტყვები მოისმინა. შემდეგ, თავში აგური დაეცა, გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, და მიხვდა, რომ ეს ქალი უყვარდა.
- იცი, ზოგჯერ ძალიან ცუდად ვექცევით ხოლმე მათ, ვისაც ვუყვარვართ. რა ერქვა მაგ კაცს?
- დავიდი.
- ალბათ, დავიდმა საოცარი სიცარიელე იგრძნო, როცა... ქალს რა ერქვა?
- ედითი - ვპასუხობდი ხელოვნური სიბრაზით (რადგან მასზე ჭეშმარიტად გაბრაზება, არ ძალმიძდა).
- იმის თქმა მსურს, რომ ალბათ დავიდმა ერთ მშვენიერ დღეს, გაიღვიძა და საოცარი სიცარიელე იგრძნო, როდესაც გაიაზრა, რომ ედითი აღარასდროს უთვალთვალებდა, აღარასდროს გამოივლიდა მის ქუჩაზე, აღარასდროს მიუძღვნიდა ლექსებს. სამყაროში, ყველაზე საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ლამაზ სიტყვებს გიკითხავენ და ხვდები, რომ ამ სიტყვების ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი გულისცემა შენ გეკუთვნის. ხვდები, ქვეყნად არავის ეყვარები ისე წრფელად, როგორც ყველაზე მშვენიერ პოეტს უყვარხარ. ერთხელ, დავიდს საოცრად მოუნდა, ლამაზი გოგონას იდუმალი მზერა კვლავ მოხვედროდა ზურგზე და როცა გაიაზრა, რომ შესაძლოა, ეს აღარასოდეს მომხდარიყო, საშინლად ინანა თავისი დაუფიქრებელი საქციელი.
- გასაგებია, მაგრამ რა უნდა დავიდს?
- არ ვიცი, რა უნდა. დავიდი ედითზე გაცილებით უფროსია... 15 წლით უფროსი და ცოტა რთულადაა საქმე.
- ედითს ფეხებზე ჰკიდია დავიდის წლოვანება. მაინც, ვიქტორია სეკრეტის ანგელოზს ჰგავს დავიდი და თან, 30 წელზე მეტს, ვერ მისცემ. - მივიხედ-მოვიხედე, სამკითხველოში არავინ იყო. სახე საეჭვოდ ახლოს მივუტანე.
- რას აკეთებ? - მკითხა დაბნეულმა.
- არ მინდა ტკბილი სამოთხე, თუ ჯოჯოხეთის შვილი ხარ,
მაგ ტუჩებს როცა ვუყურებ, ვხვდები, რომ მაგრად მინდიხარ. - აღმომხდა და ნელა გავეხახუნე ცხვირით მის ცხვირს, შემდეგ კი ჩემი ბაგეები შევახე მისას. მსურდა, ამ წამის ყველა ამოსუნთქვა, ყველა შეხება, გულის ჯიბეში, სამუდამო საგზლად ჩამედო და ცხოვრების თილისმად მექცია.
* * *
ვერცხლისფერ მანქანას მივუახლოვდი. ჯერ ისევ აქ იდგა. აბა სხვაგან სად წავიდოდა მტვრიანი, მიტოვებული და უპატრონო?
- მე აქ ვარ - ამოვიოხრე. ერთი შეხედვით, მანქანასთან ლაპარაკი, ყველაზე უცნაური რამე იყო, თუმცა ამ მომენტში ვთვლიდი, რომ ამაზე ლოგიკური, ჯერ არაფერი გამეკეთებინა. - მე აქ ვარ და აღარსად გავიპარები - ხელი გადავუსვი.
ღიაყავისფერი ნაწილაკები ამეკრო ხელზე.
„ჩვენი საყვარელი მტვერი“ - ჩავილაპარაკე ჩუმად.
უკანასკნელი მოგონება:
ჩემმა მეგობრებმა, კარგად იცოდნენ, რომ ცხოვრების ერთადერთ და უკანასკნელ სიყვარულთან ერთად ვატარებდი მთელ ზაფხულს, დღესა და ღამეს. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი მშობლებზე, თუმცა ვიცოდი, უსიტყვოდ ხვდებოდნენ ჩემი გულის ძახილსა და ბედნიერებას, რომელსაც სხვა მანიჭებდა...
ის სხვა, არ ჰგავდა არავის, აქამდე დაბადებულს.
ზაფხულის ერთად გატარების შემდეგ, ცხოვრებასაც ვგეგმავდით, თუმცა, ერთ მშვენიერ საღამოს, ლამაზ, მენთოლისფერ ტახტზე წამომჯდარი დამხვდა - სევდიანი და ცრემლებდამჩნეული თვალები ჰქონდა.
- რა მოხდა რიტა? - ვკითხე შეძრწუნებულმა.
- სამსახურიდან გამომიშვეს.
- რა მიზეზით?
- რა მიზეზით? - სიცილით გაიმეორა ჩემი კითხვა და რაღაც მომენტში, მომეჩვენა, რომ ვძულდი. - ჩვენზე გაიგო მთელმა სამყარომ. სულელები ვიყავით. ერთმანეთის გარდა, არავინ გვადარდებდა და ისე აგვეკიდნენ არამკითხე თვალები, ისე გააბრუეს ერთმანეთი გესლიანი ჩურჩულით, რომ ყველას შევძულდი... ერთმა მოსწავლემ იცი რა მითხრა?
- არ ვიცი. - ხმა ჩამიწყდა.
- ქალთან იმიტომ ხარ, რომ ალბათ, ნამდვილი მამაკაცი არ გამოგიცდიაო.
მწარედ ამოვიოხრე.
გვერდით ჩამოვუჯექი.
ჩვენი კაბის მაქმანები, ერთმანეთს სასიამოვნოდ გაეხახუნნენ და მგონი, მათაც იგრძნეს, ჰაერში დარტიალებული, მწარე განშორების მოლოდინი. ძალიან არ ეთმობოდათ ერთმანეთი. მაგრად ებღაუჭებოდნენ ერთიმეორეს და ჩუმი ქვითინით, გვევედრებოდნენ შველას.
- წავიდეთ - ვუთხარი რიტას.
- სად წავიდეთ?
- სადმე გავიქცეთ... სადაც გინდა.
- გაქცევით თავს ვერ ვუშველით. შენ ისევ ისეთი იქნები, როგორიც ხარ და მეც.
- მაშინ, თუ ყველგან მოგვაგნებს ეს ავი მზერა, რა აზრი აქვს ნერვიულობას? მათ ჩვენი ერთად ყოფნა კი არ ჰგვრით დისკომფორტს, არამედ ის, რომ ბედნიერბი ვართ. ჩვენ იმას განვიცდით, რისი განცდის საშუალებაც, ერთხელაც კი არ ეძლევა ზოგჯერ ადამიანს.
- გთხოვ, არ გინდა! - შემაწყვეტინა დაჟინებით - მე არაფერი მიჭირს, თუმცა შენი მომავალიცაა რისკის ქვეშ.
- მე საკუთარ სიცოცხლესაც შემოვდებდი რისკის უზარმაზარ ლანგარზე, ოღონდ შენს გვერდით ვყოფილიყავი.
- პატარა ხარ და გგონია, რომ სიყვარული ყოვლისშემძლეს გხდის. თუმცა დრო გავა, მეც ფერფლად ვიქცევი, ჩვენი ვნებაც გაბათილდება და დანგრეული სამოთხე შეგვრჩება ხელში, რომელსაც ჩვენი სიყვარულით ვეღარ გავაცოცხლებთ.
- გულს მტკენ მაგ სიტყვებით. - ლაპარაკი აღარ შემეძლო.
- სჯობს ახლავე გეტკინოს გული. წადი! - ისეთი შეუვალი ხმა ჰქონდა, ვიცოდი, ვერაფერს გავხდებოდი, მაგრამ ცდად მაინც მიღირდა.
- არსად წავალ!
- არ ვარ შენნაირი ელა - წამომიხტა და სასტიკი თვალები გამიყარა გულში. - მე არ ვარ ბოლომდე შენნაირი.
- რას ჰქვია, ჩემნაირი? ადამიანს რომ შევუყვარდე, აუცილებლად, ჩემნაირი უნდა იყოს? რაღაც სულელური სახელების გარეშე გვსურდა ურთიერთობა. არ არსებობდა, შენნაირი, ჩემნაირი და სხვებისნაირი, რადგან ერთმანეთი გვიყვარდა და ეს იყო მთავარი.
- ეტყობა, სათანადოდ არ მყვარებიხარ, რადგან ვინანე ყველაფერი, როგორც კი სინანულის საშუალება მომეცა.
აღარაფერი მითქვამს.
უსიტყვოდ წამოვედი.
აღარც ცრემლი მქონდა, აღარც გრძნობა, აღარც სიცოცხლე. ყველაფერი რიტასთან დავტოვე და მხოლოდ საშინელი ტკივილი შემომრჩა თანამეგზურად, რომ ყოველ ჯერზე გაეხსენებინა, როგორი ბედნიერი ვიყავი უწინ.
ეზოში გავედი და მისი მანქანა დავინახე.
როგორც ყოველთვის, გაურეცხავი იყო, თუმცა ახლა, ყველაზე მეტად მიჭირდა მასთან განშორება.
ხელი შევახე... მტვრის ნამცეცები ამკვროდნენ უხვად და მათაც არ ვეთმობოდი.
-ფიქრებს გამოვატან გრძნობებს,
რომლის კვლავ შემოგვრჩა წრმენა.
კოცნა ცოდვასავით დაგვსდევს
და თან ვერც ახორცებს სევდას.
სიტკბო ათრთოლებულ ბაგის,
კვალად დამჩნევია ყვრიმალს,
მოდი, ისევ შევხვდეთ ღამით,
ყველა მეზობელს რომ სძინავს.
თუ კი კიდევ ერთხელ წახვალ,
წამსვე გადამყლაპავს მტერი.
თითებს არ მიტოვებს მარტოს
ჩვენი საყვარელი მტვერი... - არც ამ ქუჩას ვეთმობოდი, რომელიც ჩვენი ცოდვისა თუ საიდუმლოს თანამოაზრე გამხდარიყო. მე, რიტა და ეს ქუჩა ვიყავით, სამუდამო სასჯელის მატარებელნი და თანამზრახველებს, ერთად ყოფნას გვიკრძალავდა მთელი სამყარო...

მოგონების გარეშე დარჩენილი მოგონება:
რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც შავი მზე ამობრწყინდა ცის კაბადონზე და თავისი შავი სხივებით გამომაღვიძა, მივხვდი, რომ დაშორების გამო, სამყარო სასტიკ სასჯელს გვიმზადებდა. წყვდიადისფერი მოსცხებოდა გარშემო ყველაფერს და მთელი სიმძლავრით გმინავდა ზეცა, რადგან გაეხსენებინა ჩემთვის, რომ დედაბუნებისგან ნაბოძები, ჭეშმარიტი სიყვარული, უბრძოლველად დავცი მიწაზე.
ამიტომაც, ზუსტად მაშინ გადავწყვიტე ბრძოლის გაგრძელება, როცა უკვე ძლიერ გვიანი იყო.
რიტას კარი ღია დამხვდა...
სისხლის სურნელით გაჯერებული კედლები, ჯოჯოხეთური ტკივილის მოახლოებას მიქადდა და ხელფეხშეკრულს, განძრევის საშუალებასაც არ მაძლევდა.
- რაა გააკეთე? - წამოვიკივლე და ვენებგადახსნილი, ჯერ კიდევ, სუნთქვაშემორჩენილი ცხედრის წინ დავემხე.
სისხლით ავსებულმა გუბეებმა, ჩემს მუხლებში შეაღწიეს და იქვე დაიბინავეს.
- არ ვიცი, თუ დამიჯერებ, რომ ძალიან მიყვარხარ - ძალაგამოცლილი სხეულიდან, სიცოცხლისფასად დაუჯდა ამ სიტყვების წარმოთქმა.
- რიტა, რა თქმა უნდა, მჯერა - სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. მკლავებში მოვიქციე სისხლგამოდევნილი და ტუჩები შეგებებისა თუ განშორების სამახსოვრო კოცნებით შევუწუხე.
ღიმილად დამჩნეოდა სახეზე ჩემი ნახვის კვალი...
ის ისევ ლამაზი იყო, უზომოდ ლამაზი.
არ მახსომს, რამდენჯერ ჩამოჰკრა ზეცაში საბედიწერო ზარმა ან როგორ დამაცხრნენ ყვავყორნები მისი ცხედრის გამოსაგლეჯად...
- არ გაგატანთ! - ვუყვიროდი სამოთხიდან გამოდევნილ შავ ანგელოზებს და მაგრად ვებღაუჭებოდი გაქვავებულ ცხედარს, რომელიც იღიმოდა.
- ჩვენ არ გჭირდება - მპასუხობდნენ კივილით - სიკვდილს უნდა, სიკვდილს მიჰყავს... სიკვდილი ყველას წაიყვანს!
- საიქიოდან გამოიქცევა და მაინც ჩემთან დარჩება! - ვღრიალებდი.
ცრემლების ზღვა, საყვარლის სისხლში ირეოდა თამამად და მის ყველა უჯრედს ეალერსებოდა.
ლურჯი ფერი, მოწიწებით შეჰპარვოდა მის ნატიფ სხეულს და დაესადგურებინა თოვლივით მკრთალი კანის ადგილას, რათა მთელი ძალით ეკივლა თავისი სიდიადე სიკვდილს. ეკივლა, თუ როგორი ძლევამოსილი და ყოვლისმომცველი იყო.
ეკივლა, როგორ ადვილად შეძლო წაერთმია ჩემთვის ერთადერთი იმედი ბედნიერებისა.
ეკივლა, რომ ის იყო, არის და იქნებოდა უკანასკნელი შიში, კაცობრიობის.
ეკივლა, რომ მე ვეღარასოდეს შევიგრძნობდი სითბოს და სამარადჟამოდ, ჩემი მეგზური გახდებოდი.
სიკვდილს ვუყვარდი, ძალიან ვუყვარდი და მომიკლა სულის ყვავილი, რათა მხოლოდ მე დავეტოვებინე ცოცხალი სამყაროში... სხვა ყველასთვის დაენთხია თავისი ურჩი კლანჭების რიცხვა. სიკვდილს სურდა, ჩემი ხელებიდან გამოეცალა დაისისფრად შეღებილი მშვენიერება და დარჩენლიყო მხოლოდ თვითონ, რადგან სხვა საყვარელი არ გამეჩინა ცხოვრებაში.
სიკვდილმა შეძლო!
სიკვდილი გახდა თანამგზავრი უკანასკნელი.
თუმცა ერთი რამ ვერ შეცვალა...
ვერ შეძლო ის, რაც ყველას ცხოვრებაში, ხელშეუხებელი და უკვდავი რჩება. ვერ შეძლო ის, რის შეძლებასაც, მილიონობით წელი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ - ვერ წამიშალა მოგონება, რომელშიც, ყოველთვის შემომყურებდა ღიმილმოგვრილი რიტა... ვერ წამიშალა მოგონება, სადაც ჩემი ლექსების ჰანგებს აყოლილი, თავის გრძელ, გამჭვირვალე კაბას დააფრიალებდა ჰაერში და მისი თმა ეფერებოდა ოთახის ყველა მიმართულებას.
მან სიყვარული ვერ წამიშალა!
და ვერც ლექსებს შეახო წმინდა ხელები.
„ქარი მოგონებებს უწყის სასტიკ დაშლას,
შენ კი სევდას ივსებ ყალბი წვიმის წვეთით,
წადი, ვეღარ განუგეშებს უკვე, ამ გზის სიო,
რადგან ამოწურა მანაც ყველა ცრემლი.
თვალებს უგზო-უკვლოდ დააცეცებ,
მის კანს შეგახსენებს, დღესაც, ცივი თოვა...
ქუჩას კვლავ ჯიუტად, მარტო მიუყვები,
მაგრამ ვინც დავკარგე, იცი, ვეღარ მოვა“.


ეძღვნება ყველას, ვისაც, ერთხელ მაინც ჰყვარებია...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი abezara98

გეფიცები, ახლაც კი სხეულში ჟრუანტელი მივლის და ეკალი მაყრის. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. საოცრება იყო!

 



№2 სტუმარი en jeini

abezara98
გეფიცები, ახლაც კი სხეულში ჟრუანტელი მივლის და ეკალი მაყრის. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. საოცრება იყო!


dzvirpaso abezara, dzalian mixaria rom chemma nawerma, ase imoqmeda shenze. imedi maqvs, arc momavalshi gagicrueb imeds ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent