შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ იპოვი გზას (ნაწილი 1)


9-09-2018, 15:09
ავტორი ანაკონდა
ნანახია 178

თუ იპოვი გზას (ნაწილი 1)

ზოგიერთი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ იმისათვის ჩნდება, რომ რაღაც გვასწავლოს. ,,გაკვეთილის“ დასრულების შემდეგ კი ისევე სწრაფად იკარგება, როგორც გამოჩნდა.
მერიემი ამ აზრს არასოდეს იზიარებდა. გულის კარს ადამიანებს იშვიათად უღებდა და , თუ უღებდა, შიგნით სამუდამოდ იტოვებდა კიდეც. ამის გამო იყო სწორედ , რომ ოცი წლის ასაკში გვერდით ერთი ისეთი მეგობარიც კი აღარ შერჩა, ვისთან ურთიერთობაც ბეწვზე არ ეკიდა, ან არ გაცვეთილიყო ძველი, გადასაყრელი სამოსივით. გაფუჭებული ურთიერთობების კოლექციონერი ვარო, ფიქრობდა ხოლმე და მწარედ ეღიმებოდა. არც ის ესმოდა, პრობლემა სად უნდა ეძებნა. მაშინ, როცა ბოლო დარტყმა აიტანა ადამიანისგან, რომელსაც საუკეთესო მეგობრად თვლიდა, საბოლოოდ მიხვდა: ადამიანებმა მეგობრობის ფასი კი არა, არსიც არ იციან. ნამდვილი და ღრმა გრძნობები კი გაქცევის სურვილს უმძაფრებთ. გულწრფელობისა ისე ეშინიათ, როგორც, ვთქვათ, რომელიმე სტიქიური უბედურებისა. და, რაც ყველაზე მთავარია, ეს ყოველივე აშინებთ, როცა თავად განიცდიან და, მაშინაც კი, როცა სხვები გრძნობენ მათდამი.
ნოემბრის იმ სუსხიან დილით თბილ ჟაკეტში გახვეული მერიემი ამ ფიქრებით მიიკვლევდა გზას უნივერსიტეტისკენ. მესამე კურსზე სწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა და ცოტა ჯერ კიდევ უჭირდა დასვენებას შეჩვეული გონებისა და სხეულის სამუშაოდ მომართვა. ჰოდა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კი არ მიდიოდა, მიიზლაზნებოდა. ,,ჩვენი კუც კი ბევრად უფრო სხარტად დაიარებაო“ _ გონებაში გაუელვა და თავის ფიქრებზევე გაეღიმა გოგონას. როგორც იქნა, უნივერსიტეტის შენობასაც მოჰკრა თვალი. სწრაფი ნაბიჯებით შევიდა. ლექცია უკვე დაწყებულიყო, შესაბამისად (და საბედნიეროდ) არავისთან მისალმება აღარ დასჭირვებია. ლექტორის მისამართით ხმადაბლა ჩაიბურტყუნა, ბოდიშიო და ამოჩემებული ადგილისკენ, ფანჯარასთან, სწრაფი ნაბიჯით გაეშურა. ახლოს მისულმა აღმოაჩინა, რომ ,,თავისი“ ადგილი უკვე დაეკავებინათ. ბიჭი, რომლისთვისაც არაერთხელ მოეკრა თვალი უნივერსიტეტის ეზოში სეირნობისას, ან სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას, მის წინ მოკალათებულიყო. ერთი ამოხედა უტეხად, თითქოს თვალებით უთხრა, გიცანიო. აღშფოთებული და გაოცებული მერიემი სწრაფად მიუჯდა გვერდით. თავისუფალი ადგილის ძებნა მეტ დროს წაართმევდა და ლექტორსაც ხელს შეუშლიდა, თორემ ამ ბიჭის დანახვა იმ რამდენიმე წამითაც საოცრად აბნევდა და მთელ ორ საათს მის გვერდით სიამოვებით ნამდვილად ვერ გაატარებდა. ბიჭის აქ დანახვა ძალიან გაუკვირდა. იცოდა, რომ სხვა ფაკულტეტზე სწავლობდა. მერე დაასკვნა, ალბათ, ეს საგანი აინტერესებს და თავისუფალ მსმენელად ესწრებაო. მალევე მიხვდა, რომ ლექტორის ახსნილი მასალიდან ერთი სიტყვაც არ გაუგია და ეცადა, უფრო მეტად მოეკრიბა გონება. სკამზე მოხერხებულად მოკალათდა, ხელებს სახით ჩამოეყრდნო და ტანითაც ლექტორისკენ შებრუნდა. უკვე თითქმის გადაავიწყდა გვერდზე მჯდომის არსებობა, რომ ყურთან ძალიან ახლოს გაიგონა:
_ შენთვის არ უსწავლებიათ, რომ ასე ადამიანისთვის ზურგის შექცევა უზრდელობაა?
გოგომ სახე მიაბრუნა. ბიჭი სულ ახლოს მოჩოჩებულიყო და ცინიკურად უღიმოდა. წამები დასჭირდა მერიემს გასააზრებლად (და გასაბრაზებლადაც):
_ლექციის მოსმენას ვცდილობ და ხელს ნუ მიშლი, თუ შეიძლება!_ მიახალა, რაც შეეძლო ხმადაბლა და ისევ ზურგი აქცია.
_ ,,თქვენობით“ ლაპარაკიც არ გცოდნია, არადა ზრდილობიანი გოგო მეგონე, _ დანანებით ნათქვამი შემოესმა და თან საგულდაგულოდ ჩაწნულ თმაზე მოქაჩვაც იგრძნო. სულ გადაირია მერიემი, ეს თავხედი რას გადამეკიდაო. ისიც კი ვეღარ გაიაზრა, რომ თავად კიდევ უფრო ბავშვურად მოიქცა და გამაღიზიანებელს მთელი ძალით ჩასცხო ფეხსაცმლის ქუსლი ფეხში. თან მოხედა და გაუღიმა. ბიჭმა თავი ვერ შეიკავა და ამოიკვნესა, მერე გოგოს მკლავს თითებით მისწვდა და ძლიერად უჩქმიტა. მერიემი ამას აღარ ელოდა და ხმადაბლა შეჰკივლა ტკივილისაგან. ამ დროს ლექტორის ხმაც მოესმათ:
_ ჟორჟოლიანო და ბერიაშვილო, ახლავე დატოვეთ აუდიტორია!
მერიემი საშინლად გაწითლდა. ჩანთას ხელი დაავლო და თავქუდმოგლეჯილი გავარდა აუდიტორიიდან. მსგავსი რამ არასოდეს დამართნია. სკოლის პერიოდშიც კი არასოდეს დაუყენებიათ კუთხეში. მთელი კურსის წინაშე შერცხვა და ბოღმა ყელში მოაწვა. ბიჭის სიცილი რომ შემოესმა, უკან მოიხედა. მერე მისკენ დაიძრა. ის კი უკვე თითქმის ხარხარებდა, მერიემის ცრემლებითა და ბრაზით სავსე თვალებს რომ შეხედა, ისე სწრაფად შეწყვიტა სიცილი, თითქოს ეკრანს ფარდა ჩამოაფარესო. გოგოს მხრებში ხელი ჩაავლო, წელში მოიხარა ( ოდნავ მაინც რომ შეემცირებინა მანძილი თითქმის ორი თავით დაბალთან) , რამდენიმე წამით თვალებში შეცბუნებული უყურებდა, მერე ჰკითხა:
_ რა გატირებს, პატარა სულელო?
პასუხმა მარჯვენა ლოყა აუწვა.
_ ჩემთან დალაპარაკება კი არა, გამოხედვაც აღარ გაბედო, შენ... შე უტიფარო ბიჭო!
გაბრიელი გაბრაზდა, მერე გაოგნდა: პირველად გაარტყეს. ამასობაში მერიემმა ზურგი აქცია და უნივერსიტეტის დერეფანში გაუჩინარდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში მერიემს ერთხელაც კი აღარ მოუკრავს თვალი ბიჭისათვის. სამაგიეროდ მის საძმოს ხედავდა ხშირად. ისინიც ისე გამოაყოლებდნენ ხოლმე თვალს, თითქოს ან ახლა მიესალმებიან, ან ახლაო. მაგრამ მსგავსი არაფერი ხდებოდა. დაღლილობასთან ერთად გოგო უჩვეულო გაღიზიანებასაც გრძნობდა და ცდილობდა, ეზო სწრაფად გადაეჭრა.
იმ დღეს ერთი ლექცია გაუცდა და სამსაათიანი თავისუფალი შუალედი გამოუჩნდა. ჯერ დააპირა, სწრაფი კვების ობიექტში გაეტარებინა ეს დრო, მაგრამ მალევე მოაგონდა, რომ საკუთარ თავს დაჰპირდა, ნაკლები მავნე საკვები ეჭამა და დედის მიერ გამოგზავნილ თანხასთანაც უფრო მომჭირნედ მოქცეულიყო. ჰოდა საყვარელი კაპუჩინო პლასტმასის ფინჯნით მიწისქვეშა გადასასვლელში შეიძინა, უნივერსიტეტის ეზოს ბოლოს პატარა მომრგვალებულ მინდორზე ჩამოჯდა, ჩანთიდან წიგნი ამოაძვრინა და კითხვას შეუდგა. ცოტა ხნის მერე იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. მიმოიხედა, გაზონების მიღმა რამდენიმე სტუდენტს მოჰკრა თვალი. ახალგაზრდებს არ იცნობდა. ერთმანეთთან საუბარში გართულიყვნენ და მერიემისკენ არცერთი არ იყურებოდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ მოეჩვენა და კითხვა განაგრძო. ცოტა ხნის მერე ისევ იგრძნო დაჟინებული მზერა. ამან შეაწუხა, სწრაფად შეაგროვა ნივთები და წასვლა დააპირა. ის ის იყო დაიძრა, რომ ვიღაც მაჯაზე ჩააფრინდა და თავისკენ შეაბრუნა. მერიემს გული გაუსკდა და გაფართოებული თვალებით მიაცქერდა უცნობს. კაცს ხელი არ გაუშვია მისთვის. ოცდაათს გადაშორებული იქნებოდა, დაფლეთილი ტანსაცმელი კიდევ უფრო უწესრიგოდ ამოეცვა , ფეხსაცმელებიც ალაგ-ალაგ გადაქლეთოდა და უსიამოვნო სუნი ასდიოდა. წელში ოდნავ მოხრილი ცოტა კოჭლობით დააბიჯებდა და მერიემს ქვემოდან უყურებდა. გოგო ზუსტად ამ მზერამ დააბნია და ვეღარ შეძლო დროულად მოსულიყო გონს. უცნობს თითქმის გამჭვირვალე, ცისფერი თვალები და ნაიარევი სახე ჰქონდა. თითქოს დააჰიპნოზა, განძრევა ვეღარ მოახერხა.
_ დამეხმარე, გოგონა, ფული ძალიან მჭირდება, _ საუბრისას გვერდზე იხრებოდა და ცოტა ენა ებმოდა კაცს, _ დამეხმარე.
მერიემი თითქოს ახლაღა მოეგო გონს და დასჭყივლა:
_ ვინ ჯანდაბა ხარ, გული გამიხეთქე, წადი აქედან!
_ დამეხმარე, გემუდარები,_ კიდევ ერთხელ შეევედრა კაცი.
_ ფული არ მაქვს!_ ფული მართლა არ ჰქონდა. ყავა რომ იყიდა, რაც დარჩა ,ერთიანად დარიცხა სამგზავრო ბარათზე. გაცლა დააპირა, მაგრამ უცნობი ისევ მისწვდა მკლავში და ამჯერად ხელი უფრო მაგრად მოუჭირა. შესაბრალისი სახე ერთიანად გაუბოროტდა, ხელი ოდნავ გადაუგრიხა და კბილებში გამოსცრა:
_ გაქვს და მომცემ კიდეც!
ახლა კი მართლა შეეშინდა მერიემს. ადრენალინის მოზღვავება იგრძნო და ერთიანად აუხურდა სახე. კაცს ერთი ხელი ჯერაც ჯიბეში ედო. იქნებ დანაც ჰქონოდა? გოგოს დანის გარეშეც მარტივად გაისტუმრებდა საიქიოს. თითქოს ჯიბრზე ერთი ადამიანიც კი აღარ ჩანდა უნივერსიტეტის ეზოში. მერიემმა იქაურობისადმი ენით აღუწერელი ზიზღი იგრძნო და კივილი დააპირა. უცნობმა ბინძური ხელი მაგრად ააფარა პირზე, მეორით თმაში მოქაჩა და ბილიკიდან ისევ მინდვრისკენ გაათრია. გოგოს შიშით გული გადაუქანდა. იცოდა, რომ იმ მხრიდან გზა ქვემოთ ეშვებოდა. იმ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ წყვილები, ჰორმონების მოზღვავებას რომ ვერ უმკლავდებოდნენ და, როგორც ჩანს, არც სასტუმროს ფული ჰქონდათ, არც ერთმანეთის ბინებში მიესვლებოდათ სასიყვარულოდ და ასევე ის ტიპები, რომლებიც მაინცდამაინც სალექციო პერიოდში ინდომებდნენ ხოლმე დაბოლებას ( ლეგალიზაციის მერე, ალბათ, ამ სამალავს აღარც გამოიყენებდნენ). ჰოდა, ასე. სწორედ იქით მიათრევდა ახლა გოგოს ეს საზიზღარი კაცი. თვალებდაჭყეტილი მერიემი გამალებით იხსენებდა ყველა დეტექტივს, ტრილერს, სადაც მსგავსი სცენა ენახა და ფართხალით ცდილობდა, როგორმე თავი დაეხსნა. ბოლოს მიხვდა ( არა, ამას ვერ იზამდა, რა საზიზღრობაა!) და იმ ჭუჭყიან ხელზე მთელი ძალით უკბინა. არამზადამ ხმამაღლა დაიღრიალა ტკივილისგან და გოგოს ხელი გაუშვა, მერიემიც სწორედ ამ ერთ წამს ელოდა გაფაციცებით. რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიწივლა, მიშველეთო და ისევ ეზოსკენ უკანმოუხედავად გაიქცა. აღმართზე სირბილი სულ უფროდაუფრო უძნელდებოდა. ძლივსღა სუნთქავდა. უკვე უნივერსიტეტის შენობის წინ იდგა, როცა მობრუნება გაბედა. უცნობი არსად ჩანდა. გოგოს გააჟრჟოლა და შიგნით შევარდა. თვალი მიმოავლო დერეფანში მოსიარულე და ჩამომსხდარ ახალგაზრდობას და ცოტა დამშვიდდა. თავი დაიხსნა.
საპირფარეშოში როგორც შეძლო, ისე ჩამოირეცხა სიბინძურე, რომელსაც ახლა კიდევ უფრო მძაფრად გრძნობდა და ლექციას მაინც დაესწრო. თან ჯერ კიდევ ეშინოდა გარეთ გასვლისა. ამჯერად გაბრიელ ჟორჟოლიანი ისევ დაუხვდა ფანჯარასთან. გოგო ისე იყო დაღლილი და არეული თავსგადახდენილის გამო, რომ წინა შემთხვევა არც გახსენებია, ისე დაიკავა ადგილი ბიჭის გვერდით. გაბრიელს ცალყბად ჩაეღიმა და უჩურჩულა:
_ჰმ, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უჩემოდ დიდხანს ვერ გაძლებდი, ბერიაშვილო!
_ გაბრიელ, დღეს არა, გთხოვ..._ ხმა წასვლოდა მერიემს. ამან ერთიანად დააბნია ბიჭი. გაჩუმდა და დარჩენილი სალექციო დროის განმავლობაში სიტყვაც აღარ დასცდენია. უბრალოდ გოგოსკენ მიიწია იმდენად, რომ მხრით შეხებოდა. მერიემი ადგილიდან არ დაძრულა. ვერც აღიქვა ვაჟის სიახლოვე. გაბრიელი მიხვდა, რომ რაღაც მოხდა.
ერთმანეთი, პრაქტიკულად, არც არასდროს გაუცნიათ. გაბრიელი უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ ბიჭებს შორის ერთერთი იყო. წელში ოდნავ მოხრილი, თავზე სათვალეწამოკოსებული დადიოდა ხოლმე ეზოში თავის რამდენიმე მეგობართან ერთად. ამ მეგობრების რაოდენობა მერიემმა და მისმა ძველმა, თითქმის საუკეთესო მეგობარმა ვერადავერ დაადგინეს. თუმცა ზოგიერთი მაინც გამორჩეულად უყვარდა ჟორჟოლიანს და ამას მისი სოციალური გვერდის გადაქექვის მერე მიხვდნენ. მერიემს გაბრიელი თავიდანვე არ მოსწონებია. თეკლამ აიძულა , ბიჭი შეემჩნია და მერე უკვე იმდენად ხშირად ხედავდა, რომ რაღაცნაირ ნაცნობებად იქცნენ. მერიემი ამჩნევდა, რომ თავის მეგობარს მართლა მოსწონდა ბიჭი, მაგრამ თეკლა ამაში თავსაც არ უტყდებოდა და ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ თავადაც შეიძლებოდა მისდამი რამე ეგრძნო. გოგონები ბევრს იცინოდნენ ხოლმე გაბრიელსა და მის მეგობრებზე, რომლებიც აბსოლუტურად ყველგან ხვდებოდნენ: უნის შენობის წინ, ეზოს ნებისმიერ კუთხეში, მიწისქვეშა გადასასვლელთან თუ ავტობუსის გაჩერებასთან. ლამის პარანოია დაემართათ გოგონებს. უკვე ყველგან ისინი ეჩვენებოდათ. ბიჭები თითქმის ყოველთვის ესროდნენ ხოლმე მრავალმნიშვნელოვან მზერებს. მერიემი თეკლას ეუბნებოდა, ცოტა ხანში ავდგები და მივესალმებიო.
მერე ერთ დღეს მეგობართან ერთად ლექციის გაცდენა დააპირა. თეკლა შეიპარა აუდიტორიაში, რომ როგორმე დასწრების ქულა ორივესთვის აღერიცხა. მერიემი მის მოლოდინში ეზოში დასეირნობდა და ისიც დაინახა. გაბრიელმა ნელი ნაბიჯით ჩაუარა. ეზოს მოზრდილი ნაწილი ისე გადაჭრა, გოგოსთვის თვალი არ მოუშორებია. მერიემი პირველად აღმოჩნდა ბიჭთან ასე ახლოს და მის თაფლისფერ თვალებშიც პირველად ჩაიკარგა. გონს მაშინ მოეგო, როცა თეკლა დაბრუნდა და მიხვდა, თავი შეირცხვინა ბიჭთან. მეგობარს ესეც უამბო. თეკლა დასცინოდა. მეგობარი...
ახლა გაბრიელი მის მხარს მხრით ოდნავ ეხებოდა. მერიემი კი მხოლოდდამხოლოდ იმ უცნობ ფულის გამომძალველზე ახერხებდა ფიქრს. ლექტორის ხმაც ისე ესმოდა, თითქოს მეზობელ ოთახში საუბრობდა ქალი. ბოლოსდაბოლოს, ზარიც დაირეკა. მერიემმა ჩანთას ხელი სტაცა და კიბეზე დაეშვა. შენობის კარი გააღო, აქეთ-იქით მიმოიხედა და სირბილით აპირებდა მისვლას გაჩერებამდე, რომ ისევ ჩააფრინდნენ მკლავში. დაფეთებულმა თავი ვეღარ მოთოკა და ხმადაბლა შეჰკივლა. მისი შეშინებული თვალები გაბრიელის გაოცებულ თაფლისფერებს შეხვდა და მყისიერად დამშვიდდა. ბიჭმა ხელი შეუშვა:
_ რა გჭირს, მერიემ?_ პირველად მიმართა სახელით.
_ არაფერი, მეჩქარება.
_ ეგ მეც შევამჩნიე.
_ ჰოდა, წავალ
_მერიემ, რა გჭირს-მეთქი?_ ხმა გაუმკაცრდა ბიჭს. გოგომ ვერც გაიგო, საუბარი რით დაიწყო. მთელი გრძნობით ყვებოდა, როგორ შეხვდა იმ საშინელ კაცს და როგორ დაუსხლტა ხელიდან. თითქმის ათი წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა. მონოლოგის ბოლოს კიდევ ერთხელ თვალი გადაავლო მომხდარს და გააჟრჟოლა. ახლაღა მიხვდა იმასაც, რომ მხოლოდ თხელი კოფთა ეცვა და საკმაოდ ძლიერად უბერავდა ქარი. იმასაც მიხვდა, რომ თითქმის უცნობ ბიჭთან ზედმეტად ბევრი ილაპარაკა. გაბრიელს ერთხელაც არ შეუწყვეტინებია. ერთდროულად დაღლილობა და შვება იგრძნო. ის მას არ უყურებდა. თითქოს არც უსმენდა. ერთხანს დუმილი ჩამოწვა. მერე სიჩუმე ისევ ბიჭმა დაარღვია. აბუზულ გოგოს დახედა, ტყავის ქურთუკი გაიძრო, სწრაფად მოახურა და უწინდელ დისტანციაზე დაბრუნდა.
_ წამო, უნდა გაგაცილო.
მერიემმა ქურთუკის გახდა დააპირა.
_ შეგცივდება, საჭირო არაა, მართლა, აღარ მეშინია.
_ მე კი არ გკითხე, ვთქვი უნდა გაგაცილო-მეთქი.
ბიჭის სერიოზულობამ მერიემი ისე დააბნია, ჩვეული შეპასუხების სურვილიც კი გაუქრა, ამის აღარც თავი ჰქონდა და გაჩერებისკენ დაიძრა. უკვე ბინდდებოდა. ცოტა ხალხი იყო და ავტობუსში გვერდიგვერდ დასხდნენ. გაბრიელმა არ მოისვენა და ზუსტდ მერიემის სახლის კართან დაშორდნენ. გოგომ ქურთუკი მიაწოდა, მადლობა გადაუხადა და გაუღიმა. ბიჭი ასეთი სერიოზული არასოდეს ენახა. წასვლამდე ხელის ზურგი ჩამოუსვა ლოყაზე გოგოს და მისი ეზოდან გავიდა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მერიემი უნივერსიტეტის ეზოში სეირნობისგან თავს იკავებდა. პირდაპირ ლექციების მოსასმენად შედიოდა და შუალედებს ხალმხრავალ ადგილებში ატარებდა ხოლმე. თანდათან ის ინციდენტი სულ მიავიწყდა.
დროდადრო კურსელების გარემოცვაში ძველ მეგობარსაც მოჰკრავდა ხოლმე თვალს. თეკლა სულ თავს არიდებდა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ზედაც აღარ უყურებდა . მერიემი მიეჩვია ამას, მაგრამ ხანდახან გულში მაინც რაღაც მწარედ გაჰწიწკნიდა ხოლმე. ზოგადად მისი ურთიერთობა კურსელებთან ჯგუფური საპრეზენტაციო სამუშაოებით იწყებოდა და მთავრდებოდა. ყველასთან ნორმალურად ურთიერთობდა, მაგრამ ახლოს არავისთან იყო და ეს უწინდელივით აღარც აწუხებდა, სანამ თეკლა ჰყავდა გვერდით. მერე კი, მასთანაც ყველაფერი აირია... ძველ ამბებზე ფიქრში და იმის გამოც, რომ უნდოდა კურსელების მზერის არეალს მოშორებოდა, ვერც შეამჩნია, ისე გაეშურა ისევ ეზოს სიღრმისკენ. საყვარელი მინდორი კვლავაც თავისუფალი დახვდა. ერთი კი შეყოყმანდა, მაგრამ მერე სწრაფად ჩამოჯდა ბალახზე. მიწა შემოდგომის მზით შემთბარიყო. მზემ გოგოს წაბლისფერ თმაშიც შეაღწია და აუფერადა. თვალები დახუჭა და სახე მიუშვირა მნათობს. მოეწონა, რომ შიში დაძლია.
საღამოს სახლში მისულმა პირდაპირ აბაზანას მიაშურა. მარტო ცხოვრების ერთერთი უპირატესობა სწორედ ეს იყო: შეეძლო იმდენი დრო გაეტარებინა აბაზანაში, რამდენიც სურდა. მერე ელ-ფოსტა შეამოწმა. არცერთი დამსაქმებელი არ შეხმიანებია, არადა რეზიუმე ბევრგან გაგზავნა წინა კვირას. ღრმად ამოიოხრა და თითები შემოაჭდო ცხელი ყავის ფინჯანს. დიდი ხანია, დაავიწყდა, სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე მეგობარს რომ სწერდა ხოლმე, სამზარეულოში დედა ფუსფუსებდა და ყოველთვის სასიამოვნო სუნი იდგა, ლექციების მერე დაღლილი რომ ბრუნდებოდა ხოლმე. ყველაფერი შეიცვალა. ექვსი თვის წინ დედა საფრანგეთში გაემგზავრა . ოჯახის ახლობლის რეკომენდაციით ერთერთ ოჯახში აღმზრდელად მოეწყო და შვილთან საუბარს კვირაში ერთხელ ძლივს ახერხებდა უდროობის გამო. ამ ყველაფრის გახსენებამ მერიემს ხასიათი გაუფუჭა და... ძალიან მოანდომა შოკოლადი. სახლთან ახლოს სუპერმარკეტი ეგულებოდა. ფართხუნა ქურთუკში გაეხვია, თავზეც კაპიუშონი წამოიმხო და მუსიკის თანხლებით ჩაირბინა კიბეები. გარეთ საკმაოდ ციოდა. მხრებში მოხრილი მაღაზიაში სწრაფად შევარდა. იქ დამხვდარი სითბო ესიამოვნა. სწრაფად მონახა სასურველი ტკბილეული და სალაროსთან რიგში ჩადგა. რიგი საკმაოდ სწრაფად მიიწევდა წინ.
ყელი სუპერმარკეტიდან გამოსვლისთანავე ჩაიკოკლოზინა და შედგა. მის წინ ის აჯაჯული უცნობი იდგა და ჭროღა თვალებით ცივად უყურებდა გოგოს. იმის მაგივრად უკან მაღაზიაში შევარდნილიყო და დახმარება ეთხოვა, შეშლილივით გაიქცა სახლისაკენ, კიბეები ერთი ამოსუნთქვით აირბინა და კარი სამივე საკეტით ჩარაზა. ერთხანს შემოსასვლელში იდგა. მუხლები უკანკალებდა და ჟანგბადი აღარ ჰყოფნიდა.
იმავე საღამოს სოციალურ ქსელში გაბრიელ ჟორჟოლიანისგან მეგობრობის თხოვნა მოუვიდა. დათანხმების მერე ბიჭმა მოიკითხა, მაგრამ მერიემს იმ კაცზე სიტყვა აღარ დასცდენია.
დაძინებამდე კარის საკეტი კიდევ ერთხელ შეამოწმა და საბანში ჩაძვრა. ასე ღრმად ბავშვობაში, სოფელში გატარებული ერთერთი ზაფხულის მერე აღარაფრისა შეშინებია. მაშინ მეგობრებმა ,,გაუჩალიჩეს“, ერთ მიტოვებულ სახლში შეიტყუეს და თეთრ ზეწრებში გახვეულები გამოეკიდნენ. შიშისგან გოგომ ნაბიჯიც კი ვერ დაძრა. მაშინ მხოლოდ სამი წლისა იყო. ამის გამო მის მეგობრებს გვარიანად მოხვდათ იმ საღამოსვე. ახლა ამაზე გაეღიმა მერიემს და ვერც მიხვდა, როდის ჩასთვლიმა.
შუაღამისას უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა. თითქოს რაღაც დაიმსხვრა. გულგამსკდარმა სინათლის ანთებაც ვერ გაბედა. ფეხაკრეფით წამოდგა საწოლიდან. მობილურს ხელი სტაცა და საძინებლის მიხურული კარი სულ ოდნავ გამოხსნა, რომ სასტუმრო ოთახში გაეხედა. ფანჯარასთან შავ, წელში მოხრილ ჩრდილს მოჰკრა თვალი. რომ არ ეკივლა, პირზე ხელი აიფარა. ბინიდან რომ გასულიყო, ის ოთახი უნდა გადაეჭრა, სადაც ის ვიღაც იდგა. საძინებელი შიგნიდან არ იკეტებოდა. აბაზანაში შევარდა და კარი გადაკეტა. მერე პატარა კომოდი და ერთი სკამი მიაჩოჩა და ისინიც კარს მიაყრდნო. პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა. მერე კი... გაბრიელთანაც გააგზავნა ალალბედზე შეტყობინება: ,,ჩემს სახლში ვიღაც შემოიპარა.“ ბიჭი ერთადერთი იყო, ვისთვისაც ამის მიწერა შეეძლო. საფრანგეთში მყოფ დედას ყოველი შემთხვევისთვის დაუმესიჯა, ძალიან მიყვარხარო და მაშინვე საკუთარ თავზე გაბრაზდა, ეს ვიღაც ვერ მოერეოდა, თავს აუცილებლად დაიცავდა. აბაზანის კარსაც მთელი ძალით დაეჯახა რაღაც. მერიემს ნერვებმა უმტყუნა და დაიყვირა. კარზე ისევ ატყდა ბრახუნი. გოგო კომოდს ეცა და მაკრატელი მონახა. მოიმარჯვა და დაელოდა, როდის შემოაღწევდნენ. დიდხანს მოცდა არც მოუწია.საკეტის მსხვრევის ხმა გაისმა, მერე კარს მოაწვნენ და უცნობი ნაცნობი, მოწყალების მთხოვნელი თუ მერიემის კინაღამ გამტაცებელი მის წინ აღმოჩნდა. კაცი მხრებში აღარ იხრებოდა და ავად იღიმებოდა. ხელში დანა ეჭირა. მერიემმა შეამჩნია, რომ ამჯერად კაცს საკმაოდ კარგად ეცვა. კატასავით ისკუპა და გოგოს მაკრატელი ერთბაშად დააგდებინა. მოიქნია და მთელი ტანით მიაჯახა სარკეს. პოლიცია არ ჩანდა. გარეუბანში ასე მალე ფიზიკურად ვერ მივიდოდნენ. ნამსხვრევებმა შიშველი ტერფები და იდაყვი გაუჭრა გოგოს. დაიკვნესა და ტკივილისგან გამწარებულმა უცნობს სახე მთელი ძალით ჩამოფხოჭნა, მერე დანაზე ხელი აუკრა და ისიც სადღაც გადავარდა. მერიემი აბაზანიდან გამოიქცა. ფეხი ისე სტკიოდა, სიარულს ძლივსღა ახერხებდა, მაგრამ სამზარეულოსკენ გარბოდა. გზაში უნებურად შეხედა შემოსასვლელ კარს. სამივე საკეტი გაეტეხა ნაძირალას. ის ის იყო ბართან მიაღწია და პურის საჭრელ დანას უნდა მისწვდენოდა, რომ კაცმა თმაში მოქაჩა და უკან მოისროლა. გოგო კედელს შეასკდა და უღონოდ ჩაცურდა იატაკისკენ.
_ რას მერჩი, რა გინდა?_ ამოიკვნესა.
_ ეგ დედაშენს უნდა ჰკითხო,_ გამარჯვებულის ღიმილით უახლოვდებოდა კაცი._ უი, გამახსენდა, რომ ვერაფერს ვეღარ ჰკითხავ, მაგრამ ნუ ღელავ, აუცილებლად შევატყობინებ, რომ მე მოგკალი._ შეშლილივით ახარხარდა და გოგოს ყელში სწვდა. ზემოთ ასწია. მერიემს თვალები გაუფართოვდა. პირს ფართოდ აღებდა ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ იგუდებოდა. უცბად კაცმა ისევ ძირს დააგდო. გოგომ იგრძნო, რომ რომელიღაც ძვალი გაუტყდა. კაცი თითქოს ფიქრობდა. მერიემმა კიდევ ერთხელ დაიყვირა. სახლს სქელი კედლები ჰქონდა. მეზობლებიც არცთუ ისე ახლოს ცხოვრობდნენ. უკანასკნელად სცადა თავის შველა და გასასვლელისკენ გახოხდა. უცნობმა თმაში სტაცა ხელი და აივნისკენ გაათრია. გოგოს სული შეუგუბდა ტკივილისგან. არა, გონებას მაინც რატომ არ კარგავდა? ასეთ სცენებში ფილმებში ხომ სულ ვიღაც იხსნის ხოლმე პერსონაჟებს, ასეთი უბადრუკი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო? ჯანდაბა, რაებზე ფიქრობდა. ბრძოლით დაიღალა. კაცმა მოაჯირამდე მიათრია. მეორე სართულზე იყვნენ, მაგრამ გოგოს აივანი ერთი ღარტაფის თავზე იყო პირდაპირ მოქცეული. კლდოვანი, დამრეცი ფერდობი ჩადიოდა ტრასამდე. იქ დაგორების შემდეგ, როგორც მინიმუმ, სიარულის უნარი სამუდამოდ წაერთმეოდა ადამიანს.
_სიამოვნებით მოგიყვებოდი, წლების წინ დედაშენმა როგორ გამამწარა, მაგრამ არ მინდა, პოლიციას აქ დავხვდე. აქედან გადაგიშვებ და ყველას ეგონება, რომ მარტოხელა თინეიჯერულად სუიციდით ჩაძაღლდი. შენ არაფერ შუაში ხარ, მაგრამ შური უნდა ვიძიო, ბოდიში.
ეს თქვა და გოგოს ოდნავ უბიძგა. მერიემი ტანით ნახევრად აღმოჩნდა აივნიდან გადაკიდებული. უცბად ვიღაც ეცა კაცს და აივნის იატაკზე დასცა. გოგომ დასუსტებული სხეული ვეღარ მომართა და მოაჯირიდან ფერდობისკენ გადაყირავდა. ვიღაც აყვირდა, არაო. მერიემი სასწაულებრივად ჩაეჭიდა მოაჯირს ცალი ხელით. ასე იოლად არ უნდოდა სიცოცხლესთან დამშვიდობება. აივანზე ვიღაცები ძიძგილაობდნენ. გოგოს თავის ზემოთ აწევაც კი აღარ შეეძლო. ცოტაც და გაოფლიანებული ხელი გაეშვებოდა, მაგრამ მძლავრად მოუჭირეს მაჯაზე. მთელი ძალით აქაჩეს მაღლა. მერე წელზეც იგრძნო ვიღაცის მკლავების ძალა და ფეხი აივანზე მყარად რომ დაადგმევინეს, გადამრჩენელსაც შეხედა. გაბრიელი შეშფოთებული უყურებდა და თან სიხარულისგან თვალები ღიმილით მოჭუტვოდა:
_ მოგისწარი..._ ჩასჩურჩულა გოგოს და წელზე ოდნავ უფრო მოუჭირა ხელები. მერიემმა თვალებით გაუღიმა და გულწასული ჩაესვენა მის მკლავებში. პოლიციის სირენების ხმა მხოლოდ ახლაღა გაისმა. ის არამზადა კი ბინიდან გაპარულიყო. მერიემი საავადმყოფოში წაიყვანეს. თითქმის ერთდღიანი უწყვეტი ძილის შემდეგ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს როგორც იქნა რომ დააშორა, თავის საწოლზე თავჩამოდებული ბიჭი პირველი დაინახა. გაბრიელს ეძინა და ის სახე, ათობით ( იქნებ მეტი) გოგოს გულის ასაჩქარებლად რომ ესოდენ ხშირად იყენებდა, ერთიანად ბავშვური გახდომოდა. მერიემმა ღმერთს მადლობა შესწირა გადარჩენისთვის და უცნაური სადენებისგან შედარებით თავისუფალი ხელი ფრთხილად შეაცურა ბიჭის წამოზრდილ, რბილ თმაში. სიმშვიდე ერთბაშად მოედო მის სხეულს: ვინ იცის, ამაზე რამდენჯერ უოცნებია.
იმ ერთი კვირის განმავლობაში, სანამ მერიემი საავადმყოფოში მკურნალობდა, გაბრიელი ყოველდღე აკითხავდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა, რომ დედისთვის არაფრის მოყოლა არ ღირდა. ბიჭი კი აიძულებდა, ეამბა მისთვის.
_უნდა მოუყვე, ის ტიპი შეიძლება ისევ დაბრუნდეს, მოსაკლავად გიმეტებდა, სულელო!_ პაწაწინა პალატაში დიდი ნაბიჯებით სცემდა ბოლთას გაბრიელი. მერიემი ყოველდღე ისმენდა მსგავს წინადადებებს და მობეზრდა.
_ წადი, გაბრიელ სახლში და დაისვენე, ჩემს თავს მოვუვლი, ნუ დარდობ!
_ კი, კარგად უვლი თავს, სულ ცოტაც რომ დამეგვიანა..._ არა და არ ცხრებოდა ბიჭი.
_ მადლობელი ვარ,მაგრამ...
_ რა მაგრამ, მერიემ, პოლიციამ ვერც კი იპოვა ის ტიპი, იმ სახლში მარტო როგორ გააგრძელებ ცხოვრებას, აუცილებლად უნდა გაარკვიო...
_ შეწყვიტე!_ უცბად დაუყვირა გოგომ. გაბრიელი შედგა_ გასაგებია, რომ შენ გადამარჩინე და მე მადლიერი ვარ ამის გამო, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი გადაწყვეტილება და შენ არავინ გეკითხება. წადი და მიხედე კუდში რომ დაგდევენ იმ შენს თაყვანისმცემლებს და მე შემეშვი, კარგი? არ გიხდება მზრუნველი ბიჭის როლი. დიდხანს მაინც ვერ გაქაჩავ,
ჟორჟოლიანი აშკარად შოკში ჩააგდო საავადმყოფოს სადენებში გახლართული ნეკნებდალეწილი თმააჩეჩილი გოგოს უმადურებით აღსავსე ტირადამ. ამ დროს ხმაურით შეშფოთებული ექთანიც შემოვარდა. ბიჭმა ერთი წინადადება ესროლა და ოთახიდან შურდულივით გავარდა. მერიემს ეს წინადადება თავში ექოსავით უტრიალებდა მას მერე, რაც ექთანიც გავიდა და ოთახში მარტო დარჩა: ,,ინანებ შენ ამას...“
როგორც შეეძლო ისე გადაბრუნდა საწოლში, ცრემლები მოიწმინდა და აჩურჩულდა: ,,ვიცი, რომ ვინანებ. უნდა ვინანო, ღირსი ვარ.“

მოგესალმებით, მეგობრებო. ამ ისტორიის წერა რატომღაც გამეწელა. უკვე დაწერილთან დაკავშირებით თქვენს შეფასებებს მოვისმენ და ამის მერე გადავწვყვეტ,მინდა თუ არა გაგრძლება. ისე კი მომენატრეთ <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი იზუკა

ძალიან კარგია..გააგრძელო უნდა აბა რაა!ასე ხოარ უნდა დამტოვო მე მაინც სხვა თუ არა ????

 



№2 წევრი დარინა

სულ ასე განსხვავებულ და ძალიან მაგარ ისტორიებს ქმნიი, უკვე მერიემიც და გაბრიელიც მიყვარს ისე დაძაბული ვკითხულობდი ბოლო მომენტებს ერთი სული მქონდა გაბრიელი როდის მოვიდოდაა, ბოლოს სულელურად მოიქცაა და გაბრიელის არ იყოს ინანებს, უკვე მომწონს ეს წყვილი და ველოდები შემდეგ თავს.

 



№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ მიყვარს შენი ისტორიები და ყოველთვის გგულშემატკივრობდი, ასე რომ უნდა გააგრძელო, ამას კითხვა არ სჭირდება.

 



№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

Didi siamovnebit vitrevdi tmidan merems

 



№5 წევრი უცნაური მე

ეს რომ არ გააგრძელო, რაღაც დამემართება და შენი ბრალი იქნება :დდ გთხოვ, გთხოვ გააგრძელე რაა აუცილებლად.. ძალიან ძალიან მომეწონა.. მთავარია გააგრძელო წერა და რამდენ ხანსაც გინდა დაგელოდები.. ძალიან კარგად წერ. სუნთქვაშეკრულმა წავიკითხე მთელი თავი დაა ძლივს ამოვისუნთქე ბოლოში.. ველოდო ხოო გაგრძელებას?? :) <3

 



№6 წევრი უცნაური მე

მაინტერესებს ამ ისტორიას აღარ აგრძელებ? თუ ტყუილად ველოდები ხოლმე ყოველ დღე?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent