შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცირკში


18-10-2018, 13:14
ავტორი lukakhati
ნანახია 281

ცირკში

ორი წლის წინ, როდესაც ამ ქალაქში პირველად ჩამოვედი ძალიან მომინდა ამ ქუჩებში დავკარგულიყავი. ხშირადაც ვიკარგებოდი კიდეც - ყოველი აგურით აშენებული, მაღალი შენობა ერთმანეთს ჰგავს - დაუსრულებელ დერეფანს ქმნის. შუა საუკუნეებს მახსენებს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ. მიზიდავდნენ გახუნებული, ფერდაკარგული კედლები, რკინის, დაჟანგულ ჯაჭვზე ჩამოკიდებული ლამპიონები, საღებავგადასული კარ-ფანჯრები. არ მინდოდა წარმომედგინა, თუ როგორი იყო აქაურობა წლების წინ. მე ეს ადგილი ასეთი შევიყვარე.
შეიძლება ძველმოდურიც ვარ. ალბათ, ასაკის ბრალია. აგვისტოს ოცადაცამეტი წელი შემისრულდა. ვერ აღვწერ, თუ როგორ ვგრძნობ თავს - მოხუცად თუ ბავშვად, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი - ხის ტოტს ფოთოლი მოწყდა, კლდის პირას ამოსულ ხის ტოტს, დაუნდობელ ქარს გაყვა, ლურჯი ზღვის გაღმა, ჰორიზონს გაცდა და დაჭკნა.
ახლა, აქ გაუჩინარების აღარ მეშინია და სწორედ ეს მაშფოთებს. ერთი ქუჩა განსაკუთრებით მიზიდავს. იქ ყოველთვის სიმშვიდეა. ერთ-ერთი ხავსით დაფარული კედლის გაყოლებაზე ტალახიანი, მოძველებულ სარკე იმალება. ყოველი ჩამოსვლისას ვპოულობ. ვცდილობ გავწმინდო. შემდეგ კი ვუყურებ საკუთარ თავს და ეს ის ერთადერთი წუთია, როდესაც უფლება მაქვს აღვიქვა არსებობა. დავაკვირდე ჩემს სახეს, ვკითხო ჩემს თავს - შევიცვალე თუ არა ამ ერთი წლის შემდეგ?
…ხვალ, როგორც კი დავისვენებ მის საპოვნელად წავალ, თუმცა არ ვიცი ამჯერად რას ვნახავ და მეშინია, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ძალიან მეშინია.
მატარებელი საზღვარს მიუახლოვდა. იმედი მაქვს, შეეშვებიან მგზავრების განუწყვეტელ ჩხრეკას, ხალხის გამძლეობაზე თამაშს. ნეტავ, თვითონ მაინც თუ იციან რას ეძებენ ან იქნებ უბრალოდ უნდათ რაიმე საპოვნელი ჰქონდეთ.
აქ ყოველი წლის დეკემბერს ჩამოვდივართ - ზამთარი არ იგრძნობა, არ ცივა, არ თოვს. სულ უფროდაუფრო ცოტანი, უფროდაუფრო დამძიმებულნი, მაგრამ მე მუდამ ვბრუნდები. ხო, ერთი მეგზური მყავს - ურიელი. შავი, ბებერი ჩემს მსგავსად გაჭაღარავებული კატა.
მშვიდად სძინავს, მგზავრობა არ უყვარს. მატარებლის დაძვრამდე ჩემს კალთაში მოკალათებული ნებივრობს.
რამდენიმე თვის წინ მოვიშინაურე. გამოსვლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ კარავთან ვიპოვე. არავინ მიჯერებს, მაგრამ შესასვლელში იჯდა და უყურებდა- ძველი კეთილდღეობის ნარჩენებს თვალს მდუმარედ ადევნებდა. წესით, უნდა გამეგდო, მაგრამ ამის მაგივრად გვერდით მივუჯექი. ცვრიანი ბალახიდან მსახიობების ყურება სულ სხვა შეგრძნება ყოფილა. ჩვენ გვესმოდა ერთმანეთის, მე ვფიქრობდი იმას, რაც მას უნდა ეფიქრა და ის გრძნობდა იმას, რაც მე უნდა მეგრძნო. ორივეს გვქონდა ის, რაც მეორეს აკლდა.
ამ საღამოს შემდეგ განუყრელები ვართ.
მატარებელი ჩერდება. სადგური ცარიელია. არც ერთი გამცილებელი, არც ერთი დამხვედრი, მხოლოდ დაცვა - სახე დამალული აქვს, თვალები ცარიელი, იარაღი არ აქვს, მხოლოდ ყუთი, მუდამ ცარიელი, არ იცის ვის რა ჩამოართვას, სიცარიელე რითი შეავსოს.
გასვლამდე უნდა შემამოწმონ :
-საღამო მშვიდობის.
-მოგესალმებით.
-რისთვის ჩამოხვედით?
-ცირკის დასის წევრი ვარ.
-ნებართვა მაჩვენეთ.
…თხელ ფურცელს ვუწოდებ. რამდენიმე წუთი კითხულობს. სულ ხუთიოდე წინადადება წერია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვნერვიულობ.
ფურცელს ატრიალებს, ათვალირებეს.
მაინტერესებს რაზე ფიქრობს. ყოველ წელს ახალი დაცვის წევრი მხვდება და ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს ვიგებ. ვერ ვბედავ ვკითხო. ნეტავ მომავალ წელს კვლავ დამხვდეს. ახალგაზრდაა, ჩემზე ასე ათი წლით უმცროსი. სადგურის შესასვლელთან ზის. ზევიდან ვუყურებ.
ფურცლის დათვალიერებას ეშვება. ბეჭედს ამოწმებს.
მარცხენა მხარზე ქალაქის გერბი ახატია. შავ ფონზე გამოსახული სამი მთვარე. გარშემო ნამგალი, შუაში-სავსე. ყოველ მთვარეს საკუთარი ამბავი აქვს. აქ რომ პირველად ჩამოვედით, მაშინ მიამბეს. აღარ მახსოვს.
-ყველაფერი წესრიგშია.
…ფურცელს მიბრუნებს.
-კატა თქვენია?
-დიახ.
-რა ქვია.
-ურიელი.
-ლამაზი სახელია.
-უცხო.
-რამდენი დღე რჩებით?
-ორი კვირა.
-სასიამოვნო დროს გისურვებთ.
-მადლობელი ვარ.
ხელით შესასვლელისაკენ მიმანიშნებს, თითქოს აქ პირველად ვიყო. გასასვლელში დასის სხვა წევრებს ველოდები. სულ შვიდნი დავრჩით. მე ყველაზე პატარა ვარ.
ურიელი იღვიძებს. თამაში უნდა. აქ არ შეიძლება. შავ ბალადაში ვმალავ. ცოტა უნდა მოითმინოს. მალე სასტუმროში წავალთ. იმედია აივანი იქნება. მოწევა მინდა. ხშირად არ ვეწევი. მხოლოდ ღამით. მიყვარს, როდესაც კვამლი აივნიდან ზევით ადის, შორიდან ურიელი მიყურებს. სიბნელეში დაკარგული ნაპეწკალს მის მწვანე თვალებში ვხედავ - მწვანე მდელოზე მოკიდებულ ხანძარს, გახუნებულ, სიცოცხლეწართმეულ ბალახს.
ეს ყველაფერი უკან დარჩა. მე სიცარიელეში ვარ. მხოლოდ ვუყურებ. ვერ ვუახლოვდები. უკუნი არ მიშვებს. ღამე ბნელია. წარსულს მახსენებს. მდელოდან წამოსული ალი სურათს ედება. მოგონებებს წვავს. მორიგ ნაფაზს ვარტყამ. ნიკოტინი მაბრუებს. ფერფლი ქრება. ყველაფერი იკარგება.
-მართა, რაზე ფიქრობ?
-ბათე. გავერთე.
-განსაკუთრებით, გიზიდავს აქაურობა.
ბალთაზარი ჩვენი გამაერთიანებელია. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია. მეგობრები ბათეს ვეძახით. ის ვერ ხედავს, მაგრამ დაბერდა. გაჭაღარავდა. სადმე სარკეს თუ გადაეყრება გაუკვირდება. წვერი გასაპარსი აქვს, მაგრამ ღიმილი ძველებურად ცოცხალი. მას სჯერა ჩვენი, ჩვენი ცირკის, მიზნის.
-იმედია, ამინდი ხელს შეგვიწყობს.
-მოღრუბლულია. აქ ყოველთვის წვიმს.
-ისე ლაპრაკობ თითქოს აქედან არც არასდროს წასულხარ.
-არ არის გამორიცხული ასეც იყოს.
...მიახლოვდება. ურიელს ეფერება. კატა ურჩობს. არ უყვარს, როდესაც სხვა ეხება. მიხარია. ის მხოლოდ ჩემია. მე ვუყვარვარ. ვიღაცას ვუყვარვარ.
-მართა, თუ გინდა დარჩი.
-არ მინდა.
-ჩვენ მოხეტიალები ვართ - ურიელს თავს ანებებს, თვალებში მიყურებს, მაგრამ არ მისმენს. - სახლი არ გვაქვს. შენ აქაურობა გიყვარს. შეგიძლია დარჩე. ეს დაიმსახურე - ჭრელი თვალები აქვს- გულწრფელად მეუბნება, მაგრამ უნდა უარი ვუთხრა. კვლავ შევახსენო, რომ ცირკისთვის ვცხოვრობ. ხანდახან ეჭვი ეპარება. იღლება და სჭირდება ადამიანი, რომელიც დაეხმარება. ეტყვის, რომ ყველაფერი გამოვა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ.
...ჩემს პასუხს ელოდება. იცის, რომ შემიძლია დავთანხმდე. აქ დავრჩე. ბოლო დროს შეეჩვია. ყოველ ქალაქში ჩვენგან ერთ-ერთს ეკითხება. ბევრი დათანხმდა, ამიტომ დავრჩით შვიდნი.
კითხვა ტერორია, მაგრამ ვნებას აღძრავს. გსურს დათანმდე, მაგრამ გეშინია. ეს ტრაგედიაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ეროსი და თანატოსი - ასე ქვია. ადრე ბევრი მასწავლეს, მაგრამ ეს ერთადერთი მახსოვს.
მე უარს ვეტყვი. არ ვუღალატებ, მაგრამ იქნებ უნდა რომ დავთანხმდე? შეიძლება ხელის ჩაქნევაც უნდა. ხანდახან იქნებ კარავში ჩუმად ქვითინებს. საკუთარ თავს ადანაშაულებს, მაგრამ მე არსად წავალ. იმის მიუხედავად, რომ წლები გადის. არაფერი იცვლება. ისევ აქ დავბრუნდით. მორიგ წრეს გავყევით. აქაურობა საწყისი წერტილია. კიდევ ოთხი სეზონი გასულა. დროის სვლას ვერ ვამჩნევ, მაგრამ ურიელზე ვნერვიულობ. არ ვიცი, რამდენი წლის არის. მეშინია მის გარეშე დარჩენის. სიკვდილი მაშინ არის უფრო საზარელი, როდესაც მოულოდნელად მოდის. ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი.
-არა, ბათე. ჩემი ადგილი ცირკშია. თქვენთან ერთად. შენთან ერთად - შევეცადე გამეღიმა, მაგრამ ვერ დავარწმუნე. ძალიან დავიღალე. სასტუმრო ოთახზე ვფიქრობ, აივანზე მოწევაზე.
...ამოისუნქა:
-მიხარია ამის გაგონება.
-შემიძლია წავიდე?
- ძალიან დაღლილი ჩანხარ.
-მაპატიე, დანარჩენების ლოდინი აღარ შემიძლია.
-აბა მარტო არასდროს დაგტოვებო?
-უბრალოდ დაგამშვიდე.
-იპოვი სასტუმროს?
...პასუხი არ გამიცია. ზურგი შევაქციე. გონებაში სცენა დავხატე. წამით ნამდვილ მსახიობად ვიგრძენი თავი.
...თვითონაც იცის, რომ ვიპოვი. ისიც იცის, რომ ამ ქალაქს ძალიან კარგად ვიცნობ და ეს აშინებს.
საღამო ღრუბლიანია. ჰაერი-ლმობიერი, ქუჩები-გადატვირთული. ხალხი ორ მწკრივად მოძრაობს. ნელა, მოთმინებით. ყველა მუქი ფერითაა შემოსილი. ამინდს უხდება. სერიოზული იერი აქვთ. თითქოს რაღაცაზე ფიქრობენ. ეს ილუზიაა, მათი გამოხედვა კი არაფრისმთქმელი.
წინ იყურებიან, მაგრამ გზას არ უყურებენ. ერთმანეთს მიჰყვებიან. გვერდი-გვერდ ჩამწკრივებულ სახლებში.
მეც ბრბოს მივყვები.ალბათ, აღარ ვჩანვარ.
...ურიელს თავზე ვეფერები . ვცდილობ დავმალო - არავის ყურადღება მივიპყრო. მას ესმის ჩემი გულისთქმა. მემორჩილება. ჩუმად იმალება. არ მოძრაობს. საფრთხეს გრძნობს. აქ მხოლოდ ის გრძნობს.”скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ცირკი... მსახიობები... თანამედროვე ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე თავის ფაცი-ფუცით და თან, თითქოს არაფრით გამორჩეულით... როგორი სიმბოლური იყო ცირკი და მსახიობები...და კატაც, რომელიც ნამდვილ სიყვარულთან დააკავშირე და რომელსაც ვმალავთ ხოლმე ადამიანები, რომ ამისაც არ შეშურდეთ, არ წაგვართვან და არ მოგვაკლდეს ერთადერთი სულიერი კომფორტი ამ გაშავებულ სამყაროში.

 


№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ქეთი იმერლიშვილი
ცირკი... მსახიობები... თანამედროვე ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე თავის ფაცი-ფუცით და თან, თითქოს არაფრით გამორჩეულით... როგორი სიმბოლური იყო ცირკი და მსახიობები...და კატაც, რომელიც ნამდვილ სიყვარულთან დააკავშირე და რომელსაც ვმალავთ ხოლმე ადამიანები, რომ ამისაც არ შეშურდეთ, არ წაგვართვან და არ მოგვაკლდეს ერთადერთი სულიერი კომფორტი ამ გაშავებულ სამყაროში.

ქეთი, ყოველთვის მახარებს შენი კომენტარი და ის ფაქტი, რომ სწორად აღიქვამ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent