შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 13 თავი


19-10-2018, 20:53
ავტორი lullaby
ნანახია 1 729

ნაკაწრები 13 თავი

2016 წელი, 16 სექტემბერი
ღამე


მოულოდნელად გვერდიდან რაღაც მეჯახება, თავის მარყუჟებში მაქცევს და ადგილს მწყვეტს. თავბრუსხვევის საშინელი შეგრძნება რეალობას მწყვეტს. თვალებს ვერ ვახელ, თუმცა ვგრძნობ, რომ ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს. ტრიალებს და არ ჩერდება. ფრენის შეგრძნება მეუფლება და მგონია, რომ ანანურის ხიდიდან ვეშვები. ჩემს დამძიმებულ გონებაში დაჩის ღიმილი კრთის და მეც ვუღიმი. ისე ვუღიმი, თითქოს მისი ძმა ჩემს მეგობრებს არ ხოცავდეს. თითქოს ეს ჩემი ბრალი არ იყოს.
ვეცემი და მარცხენა ხელის ტკივილი ერთხანს მაფხიზლებს. გაბუჟებული სხეულის ამოძრავებას ვცდილობ, მაგრამ ჩემზე დაწოლილი რაღაც სიმძიმე ამის საშუალებას არ მაძლევს. საფეთქლები მეწვის და ასე მგონია, თვალები რომ გავახილო თავი ამიფეთქდება, მაგრამ ინსტიქტი თავისას შვრება. დაბინდული მხედველობა ნელა იწმინდება და ადამიანს ვხედავ. ადამიანს, რომელმაც სავარაუდოდ გზიდან გადმომათრია. მისი შავი, ჩაბნელებული თალები მკაცრად და გაღიზიანებით დამცქერიან, თუმცა, სახე, რომელიც აღელვებისგან გაფითრებულა სულაც არ ჩანს ბოროტი.
- კარგად ხართ? - მეკითხება ის. ხმა ძალიან, ძალიან შორიდან ჩამესმის. იმდენად შორიდან, რომ რეალურიც კი არ მგონია. იქნებ არცაა... იქნებ გადარჩენის ინსტიქტის გამო მეჩვენება? პასუხის გაცემას არ ვცდილობ. თვალები ისევ მეხუჭება. პირში საშინელ მწარე გემოს ვგრძნობ. დაცემისგან გაჩენილი ტკივილი თანდათან უფრო მძაფრდება. უჰაერობა მგუდავს და მახველებს. ხველება ტირილში გადამდის, ბეტონზე ვიკეცები და ვყვირი. მთელ ხმაზე ვყვირი. ვყვირი, რადგან სხვა არაფერი შემიძლია, რადგან არაფერი ვარ და სიკვდილითაც არ ვკვდები. ვყვირი, რომ არავინ მომეკაროს და მარტო დავრჩე. ვყვირი და ამომაქვს ის, რაც აქამდე არ მითქვამს. ვყვირი მანამ, სანამ ფიზიკურ ტკივილს სულისა არ აჭარბებს. ვყვირი და ვიცლები, ვცარიელდები, ვიფიტები... სხეულში გაჩენილი ქაოსი პირიდან იღვრება და გველივით მიიკლაკნება ჩემგან. შორს არა. იქვე აყოვნებს და უცდის შესაფერის დროს უკან დასაბრუნებლად. როცა ძალა მეცლება და ხმა მეკარგება, ჩემი სახელის ძახილი მესმის და მხრებზე ძლიერ შეხებას ვგრძნობ. ზურგზე მაბრუნებენ და ჩემს სახეს ხელებში იქცევენ. მარჯვნივ მათეა, სველი თვალებითა და შეშლილი მზერით. მარცხნივ კი კალე - შეკრული შუბლითა და ცივი გამომეტყველებით. მერე კი ორივეს სიბნელე ცვლის. მშვიდი და უტყვი სიბნელე.



***
ისე გიზგიზებს კოცონი, თითქოს მთელი დედამიწის გათბობას და განათებას ცდილობდეს. ძალიან ძალიან ახლოს ვზივარ, მაგრამ მისი სიმხურვალე არ მაწუხებს. კოცონს მიღმა დაჩია. ცეცხლის ენები მის ლამაზ სახეზე ლივლივებენ და ნარინჯისფრად ანთებენ მის ცის თვალებს. მომღიმარი დაჩი თალს არ მაშორებს. ისეთი მშვიდია მისი მზერა, რომ ყველაფერი მავიწყდება. მავიწყდება ყველა სიკვდილი, რომელმაც გადამიარა და რომელიც მე გამოვიწვიე. ვუყურებ და მისი მზერა იმ ღვინოსავით მაბრუებს მე და მან რომ მოვიპარეთ. ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და ამ სიმშვიდის შენარჩუნებას სიჩუმით ვცდილობ.
მაგრამ კოცონი ხმაურს უმატებს და სიმხურვალეც იზრდება. მისი ენები გრძელდებიან და მომნუსხველად ფრიალებენ. მარცხნივ ვიხედები. იქ კალეა. ცეცხლს უყურებს და ჯოხით მის გაღვივებას ცდილობს. ასე თუ გააგრძელა, დავიწვებით.
- კალე... - ვეძახი შესაჩერებლად, მაგრამ არ ესმის. კოცონს დაჟინებით მიშტერებია და საქმეს ისე განაგრძობს, თითქოს მისიად აკისრია. გაღიზიანებული ვუყურებ. რას აკეთებს? ცეცხლი ხომ მასაც ავნებს? ისიც დაიწვება. საკუთარი თავის გამო მაინც რატომ არ ეშინია? - კალე! - ვუყვირი, მაგრამ ყურადღებას ისევ არ მაქცევს. ვერ ვხვდები, რატომ.
- მირა. - მესმის მარჯვნიდან ხმა და ამ ხმას ის მოსდევს, რაც ყველაფრის დამშვიდებას შეძლებს. მათესკენ ვიხედები. თმა ისევ გრძელი აქვს. შავი, პრიალა ხვეულები შუბლსა და კისერზე აყრია. ისე მიხარია... ისე მიხარია, რომ სუნთქვა მეკვრება. მიხარია, რომ ყველაფერი ძველებურადაა. ძველებურად მიღიმის და ხმაც ისევ ისეთი ტკბილი აქვს. ანთებულ ცეცხლს ერთხელ ავლებს თვალს და ვხედავ, ნელ-ნელა როგორ პატარავდება კოცონი. ჰაერი აფრიალებული ნაპერწკლები ღამის ფერში იკარგებიან და ძალას კარგავენ. ნიავისგან აფრიალებული ფერფლი სხეულზე მეფინება და ნაცვლად იმისა, რომ შემეშინდეს, ვმშვიდდები.


***
2016 წელი, 16 სექტემბერი
შუაღამე


რეალობას ნელ-ნელა ვუბრუნდები. პირველი, რასაც ვგრძნობ, საშინლად მწარე სუნია, რომელიც საფეთქლებს მიწვავს. ვფიქრობ, ვფიქრობ და ვხვდები, რომ ეს სუნი წამლებისაა. თვალებს ვახელ. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში სიჩუმეა. მხოლოდ დახურული კარიდან აღწევს სუსტი ხმაური.
ვუშმუშნები და ახლაღა ვგრძნობ ხელზე ტკივილს, რომელზეც წვეთოვანი მაქვს მიერთებული. შემდეგ მახსენდება, რომ დავეცი. მახსენდება მანქანების სიგნალების ხმა, კიბეზე ქაოსურად მოსიარულე ადამიანები და ელენეს კივილი. და თენგო... მისი შეშინებული თვალები, უჰაერობისგან გაფითრებული სახე, მისი ხრიალი, დაცემა და პირიდან ამონთხეული სისხლი მახსენდება.
- შენი ბრალია! - ვეუბნები საკუთარ თავს. - შენი ბრალია, უგულო, უტვინო იდიოტო! - ვენაში შეყვანილ ნემსს თითებს ვუჭერ და ვიძრობ. მტკივა. მერე სისხლიც გამოდის, მაგრამ არ მადარდებს.
- მირა. - მესმის ოთახის ჩაბნელებული ნაწილიდან ნაცნობი ხმა და მისკენ ვიხედები. კალე მიახლოვდება და ზემოდან დამყურებს. ერთხანს ისეთ გაუცხოებას ვგრძნობ მის მიმართ, რომ უემოციობისგან მამცივნებს. - რას აკეთებ, გაგიჟდი? ჯანდაბა! როგორ ხარ? - ერთდროულად მელაპარაკება და თან ჩემი ვენიდან გამოდენილ სისხლს შიშველი თითებით მწმენდს. პასუხს არ ელოდება, კარისკენ მიდის და ექთანს ეძახის.
არავინ მჭირდება. მე აქ არ უნდა ვიყო. მე ცოცხალი არ უნდა ვიყო. ჩემს გადარჩენაზე არავინ უნდა ფიქრობდეს. ჩემზე არავინ უნდა ზრუნავდეს. საწოლიდან სწრაფად ვდგები. მინდა კარისკენ წავიდე, მაგრამ საშინელი თავბრუსხვევა მაბრკოლებს. ყურებში მიგუბდება და მხედველობა მიორდება. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს.
- მირა, მირა! - შორიდან ჩამესმის კალეს ხმა. ხელებს მხრებში მავლებს და ჩემს საწოლში დაბრუნებას ცდილობს. - ნუ დგები. კარგად არ ხარ. დასვენება გჭირდება.
- არაფერი არ მჭირდება. - ვამბობ და ვცდილობ დავბრუსხვევას მოვერიო. - უნდა წავიდე.
- რას ამბობ, სად მიდიხარ! - შუბლს ჰკრავს და თვალს მავლებს.
- მასთან... მასთან...
- ვისთან?!
- მე... ცოცხალი არ უნდა ვიყო... - ფეხზე ვდგები.
- რას ლაპარაკობ, მირა, ხომ არ გაგიჟდი? - მუცელზე მხვევს ხელებს და უკან მაბრუნებს.
- ის... ის გაგიჟდა კალე... -თვალებში ვუყურებ და ვცდილობ დავარწმუნო, მაგრამ მისი მზერა უცნაურად გულგრილია. მგონია, რომ არც ერთი ჩემი სიტყვა მის სმენამდე არ აღწევს. და ეს მაკვირვებს, რადგან კალესგან ძალიან დიდი ყურადღება და თანაგრძნობა მახოვს ჩვენი ერთად ყოფნიდან ყოველ წამს. - ის შენთანაც მოვა. მათესთანაც. ლელასთანაც. სანამ მე ცოცხალი ვარ, ის მოვა. აღარ ვიქნები და არ მოვა, გესმის?
- ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. - ჩემს სახეს ხელებში იქცევს. - გთხოვ, საწოლში დაბრუნდი, კარგი?
- არა, არ გესმის... - მის თითებს ვიშორებ და კარისკენ მივდივარ, მაგრამ იქიდან შემოსული ექთანი წინ მეღობება.
- ასე როგორ შეიძლება, სუსტად ხართ. - ამბობს უკმაყოფილოდ და ის-ისაა ხელზე მეხება, რომ მხარს ვუქცევ და პალატიდან გავრბივარ, მაგრამ მალევე მიჭერს კალე და უკან მაბრუნებს.
- გამიშვი, გამიშვი გთხოვ, გამიშვი! - ვყვირი და მისი ხელებიდან დასხლტომას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. საკუთარი უძლურება მაღიზიანებს და ყელში გაბერილ, მძიმე ბურთად მეჩხირება. - კალე, გთხოვ, გამიშვი! მანდ არ მინდა. უნდა წავიდე. გემუდარები, გამიშვი! - ვყვირი და არაფერი მესმის საკუთარი სიტყვების გარდა. ვერც ექთნის ნათქვამს ვიგებ, ვერც კალესას. ისინი ჩქარობენ და ჩემს შეჩერებას ცდილობენ. პალატაში მათ გარდა კიდევ რამდენიმე თეთრხალათიანი შემოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან წასვლის შანსები საერთოდ ქრება. გაღიზიანებული ვერც სხეულს ვიმორჩილებ. უცბად ტუმბოზე დადებულ ნემს ვხედავ და ყურებში მანქანების გამაყრუებელი სიგნალების ხმა ჩამესმის. საწოლში დაბრუნებული სწრაფად ვიწევი მისკენ და ის-ისაა ნემსს ვიღებ, რომ კალე ხელს მიჭერს და თითებიდან მაგდებინებს. გაღიზიანებული რაღაცას მეუბნება, მაგრამ არ მესმის. სანამ ნემსის დასაბრუნებლად მისკენ ვიწევი, მხარზე ჩხვლეტას ვგრძნობ და ვყვირი. ექთანი ხელებს მიკავებს და თავს მიქნევს. მისი პირი მოძრაობით ვხვდები, რასაც ამბობს.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.
არ იქნება. სანამ ისინი სიკვდილის ნებას არ მაძლევენ, კარგად არაფერი იქნება. ნელ-ნელა სხეული მიმსუბუქდება და ძილი მერევა. ვცდილობ, თავს მოვერიო და სიფხიზლე შევინარჩუნო, მაგრამ ისევ სიბნელეში ვეშვები. ისევ იქ, სადაც არაფერი ხდება.


***
2016 წელი, 18 სექტემბერი


- ჩემო გოგო, ჩემო საბრალო... - ჩამესმის ტკბილი, მაგრამ სევდიანი ხმა. - ღმერთო, ეს როგორ გვემართება... ჩვენ ეს რანაირად გვემართება.
- ვიპოვი ლელა, აუცილებლად ვიპოვი. - მეორე ხმა უფრო ტკბილია, ისეთი ტკბილი, რომ ყველაფრის მოშუშებას შეძლებდა, რომ არა ბზარი, რომელიც მის სიტკბოს ამჩნევია. რომ არა ტკივილი და სიმძიმე.
- როგორ მახსოვს... ყველაფერი ისე მახოვს, თითქოს გუშინ ყოფილიყოს. ღმერთო, მათე, ვიცოდი, რომ ოდესმე ეს ამბავი აუცილებლად შეგვახსენებდა თავს. - ამბობს ლელა და ხელზე მისი თითების შეხებას ვგრძნობ. მინდა ვუპაუხო, მაგრამ სხეულს ვერ ვმართავ. - ვიცოდი, რომ ის, რაც ზურგს უკან მოვიტოვეთ, აუცილებლად დაგვხვდებოდა წინ. როგორ შევძელით საერთოდ ამის დავიწყება...
- არ ვამბობ, რომ ცუდად არ მოვიქეცით, მაგრამ ის კლავს, ლელა. დაჩის თავის ნება ჰქონდა. ჰო, შეგვეძლო გადაგვერწმუნებინა, მაგრამ მან თვითონ გადაწყვიტა. მისი ძმა კი კლავს. სიცოცხლეს გვართმევს. ამის დედაც... ლელა, გაგვჟლიტა ისე, რომ არაფერი უკითხავს.
- მესმის და ვგრძნობ მის სისასტიკეს. უკვე ხუთი თვეა ყოველ წუთს მტკივა მისი საქციელი. ჩვენი მეგობრები... ისინი... ისინი აღარ არიან. ნელ-ნელა ვეგუებით, ძნელია, მაგრამ ვეგუებით და მომავალში კიდევ უფრო გაგვიადვილდება ალბათ მათე, მაგრამ ბექა? ბექა ყოველ დღე კვდება ჩემთვის. და ეს არ ჩერდება. რომ ღამდება გული მტკივდება. ასე მგონია, რომ დილა უმისოდ გათენდება. სულ მგონია, რომ სადაცაა ისიც გაქრება. განსაკუთრებით ახლა, ამ შეტევის და ოპერაციის შემდეგ. - ღრმად ისუნთქავს გოგო ჰაერს და ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებს. - იცი, ხანდახან მგონია, რომ მას თავისი სამართალი აქვს.
- აღარ გაიმეორეო. - მათეს ხმა მკაცრია.
- ვიცი ეს არ ჟღერს ჩვენი მხრიდან კარგად და განსაკუთრებით ჩვენების ოჯახებისთვის საშინელი მოსასმენი იქნებოდა, მაგრამ... ვფიქრობ ხოლმე დაჩის ძმაზე... შეუძლებელია არ ვფიქრობდე... მიუხედავად იმისა, რაც მან ბექას და ჩვენ დაგვმართა, ალბათ გულის ძალიან ღრმა ნაწილში მისი მესმის..
- ლელა!
- მათე, წარმოგიდგენია ძმა რომ გყავდეს და ასეთ, ძალიან პრიმიტიულ მიზეზს შეეწიროს? მოგიკვდეს და მკვლელი არ არსებობდეს? მაგრამ არებობდნენ პოტენციური მკვლელები, რომლებიც არ დასჯილან და ცხოვრებას ისე აგრძელებენ, თითქოს არაფერი მომხდარა? ამ დროს კი ის აღარ გყავს, ვინც ცხოვრებას გერჩივნა? მე... მე ალბათ ძალიან არაადეკვატური გავხდებოდი, მათე... ადამიანის ფსიქიკა ფურცელივითაა. იმ სახეს მიიღებს, რასაც მასზე დახატავ. დაწვავ და საერთოდ ქრება, იშლება...
- შენ კეთილი ხარ, ლელა. ძალიან კარგია, რომ ყველას და ყველაფერს შეგიძლია გაუგო, მაგრამ ახლა არა... მას არა. - ლელა არაფერს პასუხობს. - ეს როგორ უნდა შერჩეს იმ ნაბიჭვარს, ლელა... - მათეს ხმა ისეთი დაძაბულია, რომ მგონია, სადაცაა გასკდება. - ან როგორ მოახერხა? ამის დედაც... ამდენ ხალხში ისე როგორ ავნო, რომ ვერავინ შენიშნა?
- მთვრალი იყო. სიმთვრალეში ბევრ რამეს არ აქცევს ადამიანი ყურადღებას. - მესამე ხმა. ხმა, რომელიც დანარჩენ ორ ხმაზე გაცილებით მშვიდია. კალეც აქაა. - წვეულებაზე მოსვლის წუთიდან სვამდა. ძალიან მთვრალი იყო.
- ბოლო ხომ შენ ელაპარაკე.
- ცოტა ხნით. ნაცნობმა გამიყვანა და ყურადღება აღარ მიმიქცევია. მერე მირასთან მივედი და მაშინ დავინახე, რომ ცუდად იყო. წარმოდგენა არ მაქვს, როდის მოასწრო.
- და კამერები? იქ არ იყო კამერები?
- არა. შენობა რემონტის პროცესში იყო, როცა წვეულებისთვის იქირავეს. მისი მოწესრიგება დააჩქარეს და კამერების მონტაჟი არ იყო დასრულებული. - ამბობს მათე.
- მაგრად გაუმართლა ტიპს. - კალეს ხმა უფრო სუსტად ისმის. ალბათ მოშორებით დგას.
- ან იქ როგორ შემოვიდა? მოსაწვევით?
- არა, რაღაცნაირად შემოაღწია. სტუმრების სია შეამოწმეს. საეჭვო არავინაა. - პასუხობს მათე ლელას. - სტუმრებს შორის ზედმეტი არავინ ყოფილა.
- მიმტანები?
- აი ეგ არ ვიცი.
- ზუსტად ეგ ეჭვი მქონდა. მომსახურე პერსონალად ხომ არ გაასაღა თავი? - კალეს ხმა ნელ-ნელა მიახლოვდება. - გამომძიებელს ვკითხე, მაგრამ საქმეში არ მახედებს.
- ეს გამოძიებაც ისე გაიყინება, როგორც სხვა დანარჩენები. - კბილებში სცრი მათე.
- ზარი აღარ ყოფილა?
- რა ზარი?
- წინა შემთხვევებში ერთი დღით ადრე რომ გირეკავდათ...
- არა... ეგ გამოგვრჩა... არ დაურეკავს. რა შეიცვალა ვითომ...
ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებს.
- მის პოვნას როგორ აპირებ? - კალეს ხმაა.
- რაა? - შეკითხვას უბრუნებს მათე.
- ხომ თქვი, ვიპოვიო.
- რამენაირად.
- შემიძლია დაგეხმარო?
- ახლა მხოლოდ მირა მადარდებს. - ხმა ურბილდება ბიჭს. მინდა გავუღიმო და ვუთხრა, რომ ჩემზე არ უნდა დარდობდეს, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. შემდეგ მარცხენა ხელზე შეხებას ვგრძნობ, მაგრამ ეს მათე არაა. ეს კალეს თითებია. ხელის გულს მტევანზე მადებს და ფრთხილად ასრიალებს. მათი აქ ყოფნა, სამივეს აქ ყოფნა სიმშვიდეს მგვრის, მაგრამ ვიცი, რომ ეს დროებითია...



***
2016 წელი, 20 სექტემბერი


- ძალიან ცუდადაა ბატონო გიორგო. - მათეს ხმა შორიდან ჩამესმის და მაფხიზლებს.
- მისი დაკითხვაც საჭიროა. როგორც კი გაიღვიძებს, მასთან საუბარიც უნდა ვცადოთ. - გიორგი? ეს ხმა ნაცნობია. მოგვიანებით მახსენდება ცივთვალება გამომძიებელი.
- არ მგონია რამე გამოვიდეს. - მათე მკაცრ უარზეა. - მეც არ მომწონს ამდენ ხანს რომ ძილში ატარებს. დარწმუნებული ვარ ამის გამო თვითონაც გაგვიბრაზდება, მაგრამ...
- ეს ყველაფერი მესმის. პოლიციელი კი ვარ, მაგრამ ადამიანურობა ჯერ არ დამიკარგავს. მირანდას ჩვენება საქმეს სჭირდება.
- მისი ფსიქიკა მადარდებს. - შედარებით ჩუმად ამბობს მათე. ვკრთები და თვალების გახელას ვცდილობ.
რა სჭირს ჩემს ფსიქიკას? რატომ ამბობს მათე ამას? მხოლოდ იმიტომ ამბობს ამას, რომ მისი გადარჩენა მინდა? ფსიქიკა მხოლოდ იმიტომ ვერ მაქვს წესრიგში,რომ ჩემი სიცოცხლით დანარჩენების სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობ? ღმერთო, მათე, რა გჭირს?
- ვეღარ უძლებს. თავი ძლიერად მოაქვს, მაგრამ დიდი ხანია გატეხილია. ძალიან დიდი ხანია. - ცოტა ხნით სიჩუმეა. - ბატონო გიორგი, რამე უნდა მითხრათ.
- გამოძიება ამის საშუალებას არ მაძლევს. ჩვენ...
- გამოძიებას არ ვგულისხმობ. მე თქვენი აზრი მაინტერესებს. ადამიანის, რომელსაც ეჭვი აქვს და ვერ ამტკიცებს.
- ეს მირამაც მკითხა. - ოხრავს პოლიციელი. - კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მათე. თქვენი სამეგობრო... ჰო ეს ძალიან უხეშად ჟღერს, მაგრამ თქვენი სამეგობრო გაქრა. და მოდი, ვაღიაროთ, რომ უმიზეზოდ ეს არ მოხდებოდა. ჩემგან გინდა იმის, მოსმენა, თუ ვინ შეიძლება იყოს მკვლელი. ამასობაში კი შესაძლოა თქვენ ჩემზე უკეთ იცოდეთ. - გამომძიებლის ხმა მკაცრი და დაღლილია.
- რას გულისხმობთ...
- კარგად იცი, რასაც. დარწმუნებულები ხართ, რომ ჩვენთან ბოლომდე თანამშრომლობთ?
- რამდენადაც შეგვიძლია.
- საქმეც მაგაშია. - ამბობს ის და მობილურის ზარს პასუხობს.
თვალებს ვახელ, ნელა. პალატაში ისეთი მკვეთრი სითეთრეა, რომ თავს მატკიებს. როგორც კი კართან მდგომ ორ ფიგურას ვამჩნევ, მაშინვე წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ კიდურები ისე მაქვს მოდუნებული, თითქოს არც მქონდეს.
ჩემს გამოფხიზლებას პირველი გამომძიებელი ხედავს. მობილურს მაშინვე თიშავს და მათეს ჩემზე ანიშნებს. ბიჭი მაშნვე საწოლთან ჩნდება და ღიმილით დამყურებს.
- გაიღვიძე? - მეკითება წეღანდელისგან სრულიად განსხვავებული, თბილი და მზრუნველი ხმით და თმაზე მისვამს ხელს. - მითხარი, როგორ ხარ?
- კარგად. - ვპასუხობ ჩაწყვეტილი ხმით. ცალი თვალით მოახლოებულ პოლიციელსა და მის მიღმა ღიად დარჩენილ კარს ვათვალიერებ.
- წყალი გინდა?
თავს ვუქნევ. მათე ოდნავ წამოწევაში მეხმარება და წყალსაც თვითონ მასმევს. ეჭვი მეპარება ახლა ფეხზე დგომა შევძლო, მაგრამ ისე მაქვს აკვიატებული აქედან გაქცევა, რომ სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ.
- დიდი ხანია მძინავს?
- ორი დღეა. - ყოყმანით ამბობს მათე და თითებს მიჭერს.
- თენგო?
- არ გინდა, მირა...
- დაკრძალეს? - არ ვეშები.
- ზეგ კრძალავენ. - ორი წამით თვალებს ხუჭავს ბიჭი და თავს ხრის.
- მირანდა, შეძლებ, რომ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი გამცე? - მეკითება სერიოზული გამომეტყველებით აქამდე ჩუმად მდგომი პოლიციელი.
- ახლა არა! - კბილებში სცრის მათე.
- შემიძლია, - ვამბობ. - აქედან თუ გამიყვანთ. წამოვალ და ყველაფერს მოგიყვებით.
- მირა, რას ამბობ. - თვალებგაფართოებული დამყურებს მათე. - რატომ აიკვიატე საავადმყოფოდან წასვლა? კარგად არ ხარ. მიეცი საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ გამოკეთდე.
- უნდა მოვკვდე, მათე.
- გადაირიე? - ხმას უწევს ის და ხელს მიშვებს. ანთებულ თვალებში ნაპერწკლები უკრთიან.
- ამის ნება უნდა მომცეთ, გთხოვთ, ხელს ნუ მიშლით. - ისე უცბად ღიზიანდებიან ჩემი ნერვები, რომ გაცნობიერებასაც კი ვერ ვასწრებ. ცრემლები ლოყებს მისველებენ და მათი შეგრძნება მსიამოვნებს კიდეც. ესე იგი რაღაცის განცდა კიდევ შემიძლია.
- რას ნიშნავს, ყველაფერს მომიყვები? - კაცს ინტერესით უწვრილდება თვალები. ჩემკენ იხრება და თითქოს დაჟინებული მზერით ცდილობს ჩემგან პასუხების ამოღებას.
- იმას, რაც აქამდე უნდა გვეთქვა. ან აქედან წამიყვანეთ, ან სიკვდილის ნება მომეცით.
გამომძიებელი ნერვიულად ისვამს სახეზე ხელს და ზურგს გვაქცევს. თხელ პლედს ვეჭიდები და გადახდას ვცდილობ, მაგრამ მათე მაშინვე მიჭერს ხელს.
- გონს მოდი, მირა! თავი ხელში აიყვანე. შენ არ მოკვდები. ამის უფლებას არ მოგცემ! - მათეს ხმა კატეგორიული, მაგრამ ოდნავ დამფრთხალია.
უფლების შეზღუდვას, თანაც მისი მხრიდან წყობიდან გამოვყავარ. ისე ვარ აქედან გაქცევაზე ორიენტირებული, რომ სხეულს ვეღარ ვაკონტროლებ. თითქოს ერთბაშად მეძლევა ძალა თავისუფლებისთვის. პლედს ვიძრობ და მათეს ხელებიდან ვუსხლტები. ზურგით მდგარ პოლიციელს გვერდს ვუვლი, მაგრამ პალატიდან გასვლას მაინც ვერ ვახერხებ. ცრემლებისგან დაბინდული თვალებიდან ვერ ვხედავ, ვინ მიჭერს. კიდურებს ვიქნევ, იქნებ მოვერიო, მაგრამ არ გამომდის. ჰაერში ატაცებული სრულიად უმოქმედო და უძლური ვარ. ყვირილი და ტირილი ყელს მიკაწრავს. ასე მგონია, სადაცაა ჩემი გასიებული გული გასკდება. ვგრძნობ, რომ სიფხიზლე მკლავს. სიფხიზლე გონების აქტიურობას ნიშნავს. ეს კი მონიტორზე გამოსახული კადრებივით საშინლად მკვეთრია. ჩემი გარდაცვლილი მეგობრები მოგონებების თითოეულ კუნჭულში არიან. ყველგან, ყველგან, საითაც კი ჩემი გონება გაიხედავს მათი თვალები და მომღიმარი ბაგეები კრთებიან.
ხელებგაკავებული და გულზე მიკრობილი სურნელით ვგრძნობ, რომ მათეს მკლავებში ვარ. არ ვნებდები და ისევ ვუძალიანდები, მაგრამ ვიცი, რომ არაფერი გამომივა.
- მაპატიე... მაპატიე, მირა, გთხოვ. - ყურთან მესმის მისი ნათქვამი და მხარზე ისევ ჩხვლეტას ვგრძნობ. ვიცი, ეს უმნიშვნელო ტკივილი ისევ სიბნელეში დამაბრუნებს და რეალობას გამოთიშული, ისევ ყველაფერი ცუდი ჩემგან დამოუკიდებლად მოხდება.
- არ გესმის... - ხმა მიწყდება და სხეულიც ნელ-ნელა იწყებს შემსუბუქებას.
- დაისვენე, უბრალოდ დაისვენე. - შუბლზე ვგრძნობ მისი თბილი ტუჩების შეხებას და მათით გამთბარი ჩემს ორგანიზმში გაშლილ წამალს ვნებდები.


***

2016 წელი, 22 სექტემბერი


- დამთავრდა? - კალეს ხმა ძალიან შორიდან ჩამესმის. მინდა დავინახო ვის ეკითხება, მაგრამ ჩემი გონება სხეულს ვერ მართავს.
- დამთავრდა. - მათეს ხმა გატეხილია. ის უფრო ახლოსაა ჩემთან.
- წადი თუ გინდა, დაღლილი ხარ. აქ ყოფნა აუცილებელი არაა. მაინც სძინავს.
- აუცილებელია. არ გაუღვიძია?
- არა. - კალეს პასუხიც უკვე ახლოდან მესმის. ცოტა ხნით სიჩუმეა, რომელსაც მალევე არღვევს მათე.
- შენ ის არ გიყვარს.
კალე ერთხანს არაფერს ამბობს. ვიძაბები და ყვირილი მინდა. არა... ამას რატომ აკეთებ მათე!
- ისე გამოიყურები, თითქოს გიყვარს, მაგრამ ასე არაა. მისგან რა გინდა.
- იცი პირველად რომ მირა დავინახე, რა ვიფიქრე? ვიფიქრე, რომ მის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს მომცემდა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელი ვეძებდი. აღმოჩნდა, რომ მასაც ეს სჭორდებოდა. ჩვენი გაცნობა ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა თურმე ერთმანეთი უნდა გვეპოვნა. შენი აზრით, მათე, რა უნდა მჭირდებოდეს მირასგან გარდა იმისა, რომ ის ჩემი სიმშვიდის გარანტიაა? მით უმეტეს, რომ ისიც ანალოგიურს იღებს ჩემგან. შენი აზრით, სიყვარული რა არის გარდა იმისა, რომ ადამიანში საკუთარი თავის ნაწილს ხედავ?
- მე შენთვის სიყვარულის განმარტება არ მითხოვია. მირა შეიცვალა.
- ის მე არ შემიცვლია. იმან შეცვალა, რაც ხდება. ეს ძალიან მარტივი მისახვედრია.
- ტკივილი ადამიანს ამძიმებს, მაგრამ ის, რაც მირას სჭირს, სიმძიმეზე გაცილებით მეტია. მე მას ცხრა წელია ვიცნობ და ვიცი, რომ ადამიანის გავლენის ქვეშ არ ექცევა.
- გგონია, მე მას რაიმეს ვაიძულებ? - კალეს ჩაცინება მესმის. - არა, ეს შეჩვევა და ადამიანზე მიჯაჭვულობაა. შეიძლება ზუსტად ის სიყვარულია, შენ რომ ეძებ ჩემსა და მირას შორის. სიყვარული ხომ ცვლის ადამიანებ, ასე არაა?
- მხოლოდ უკეთესობისკენ. მირა კი ქვემოთ ეშვება.
- გინდა, რომ შევეშვა?
- მინდა, რომ თვითონ შეგეშვას.
- თუ ფიქრობ, რომ ახლა ამის დროა..
- ვიცი, როცა იქნება ამის დრო.
- ძალიან კარგი.
კალეს მშვიდი ტონი პირველად მაღიზიანებს. მაღიზიანებს მათეს დამოკიდებულებაც. რა ხდება აქ? თითქოს მათე ხელებიდან ჰგლეჯდეს ჩემს თავს კალეს და ის არც კი უწევდეს წინააღმდეგობას. ამ დროს კი შორიდან მოთვალთვალე მკვლელი გულიანად იცინის და ფიქრობს, რომელია შემდეგი. ჯანდაბა! ახლა მე არ ვარ მნიშვნელოვანი. არც არასოდეს ვყოფილვარ. რით ვერ შეიგნეს ეს?!
- ძალიან კარგი? - გაკვირვება კრთება მათეს ხმაში და მასაც ეცინება. - ასე მარტივად? მერე შენი სიმშვიდის გარანტია?
- მე ხომ გითხარი, რომ მას არაფერს ვაძალებ. მე მას არც ვთმობ. უბრალოდ საშუალებას მივცემ არჩევანი გააკეთოს ჩემსა და შენს შორის.
- არც კი იცი, რას ამბობ. - კბილებში სცრის მათე და ხმა ეძაბება. ჩემი საწოლი ოდნავ ირხევა, ალბათ თითებით მას ეჭიდება.
ღმერთო! კალე ამას რატომ ამბობს? ნუთუ ხვდება, მათე რასაც გრძნობს ჩემს მიმართ? ამას აქამდეც ხვდებოდა? დიდი ხნის მანძილზე? ღმერთო!
- მე ის ვიცი, რომ შენ მისთვის იბრძვი. ეს კი საკმარისია. არ მეთანხმები?
- მე მისი სიმშვიდისთვის ვიბრძვი. განვლილი ცხრა წელია ამას ვაკეთებ და ამას გავაკეთებ ყოველთვის. შენ იქნები მის გვერდით თუ სხვა, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ექნება.
- ვერ ვხვდები, რატომ არ მენდობი დასაწყისიდანვე.
- მიზეზის ცოდნა არ გჭირდება. მთავარია ამას ხვდები.
- ამ სიტუაციაში შენგან ასეთ პირდაპირობას არ ველოდი. - კალეს სიტყვებს ღიმილი ატყვიათ.
- ახლა მინიშნებებით ლაპარაკი მხოლოდ დროის კარგვაა. ასე, რომ თუ შენც რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი, ჯობია ახლავე მითხრა.
- რაც არ უნდა იყოს?
- რაც არ უნდა იყოს.
ცოტა ხნით სიჩუმე ისადგურებს. დაძაბულობისგან ვგრძნობ, რომ სხეული მეჭიმება და ახლაღა ვაცნობიერებ, რომ კიდურებს ვიმორჩილებ. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თვალებს ვახელ. მათე ჩემი საწოლის კიდეს ეყრდნობა და საწოლის მეორე მხარეს, გულხელდაკრეფილ კალეს პირქუშად შეჰყურებს. ოთახში ცივა.
- მცივა. - ვამბობ და საკუთარ ხმას ვერ ვცნობ. ეს ვიღაც სასოწარკვეთილი, განადგურებული, გატეხილი ადამიანის ჩაწყვეტილი ხმაა. ორივეს ჩემკენ გადმოაქვს მზერა და ორივეს მაშინვე ეცვლება გამომეტყველება.
- მირა! - ორივეს ერთდროულად სცდებათ ჩემი სახელი და ჩემი გაყინული თითები მათ ხელებში იწყებენ გათბობას.
- როგორ ხარ? მოიცადე, ექიმს დავუძახებ. - კალე გარეთ გადის და რამდენიმე წუთში ნაცნობ ექიმთან ერთად ბრუნდება. კაცი შეკითხვების კორიანტელს მაყრის. უნდა დარწმუნდეს, რომ ისტერიკა აღარ დამემართება. ხოდა მეც ვაძლევ იმას, რაც უნდა. ჩემი გეგმები არ შეცვლილან, მაგრამ ძილი აღარ მინდა. არ მინდა დარჩენილი დრო უმოქმედოდ გავატარო. აქედან მშვიდად უნდა გავაღწიო. დაე ეგონოთ, რომ ყველაფერი რიგზეა.
- შეიძლება ჩაი დავლიო? - ვეკითები თეთრხალათიანს და მისი ღიმილით ვხვდები, რომ საბოლოოდ მოვიპოვე ნდობა.
- შეიძლება. - თავს მიქნევს ის. - ახლა გავალ და წამლებს გიტოვებ, რომლებიც ერთ საათში უნდა დალიო. და იმედი მაქვს, არ ვინანებ, რომ გტოვებ.
- ჩვენ აქ ვართ. - ამბობს კალე და ექიმს არწმუნებს, რომ მომხედავენ.
- როგორი ჩაი გინდა? ახლავე მოგიტან. - ჩემკენ იხრება მათე და ლოყაზე მეფერება.
- იცი, როგორიც. - ვცდილობ გავუღიმო.
- ხომ კარგად იქნები? - მეკითხება ის მშვიდი ხმით, თუმცა მის თვალებში აშკარად ვხედავ ყოყმანს და აფორიაქებას.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. მათე გასაღებსა და საფულეს იღებს და სანამ ოთახიდან გავიდოდეს კალეს ავლებთ თვალს. ის კი სკამს შემკენ აჩოჩებს, ჯდება და მიღიმის.
- ყველაფერი მესმოდა. - ვეუბნები და მისი ღიმილი მალევე ქრება. - მე ამად არ ვღირვარ კალე. ოდნავადაც არ ვღირვარ.
- ახლა ამაზე საუბრის დრო არაა, მირა. ჯერ უნდა გამოკეთდე. ხომ ხედავ პრობლემები ისედაც არ გვანებებენ თავს.
- ამ პრობლემების სათავე მე ვარ და მევე დავამთავრებ ყველაფერს. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება.
- მირა, უბრალოდ შეწყვიტე ამ სისულელეზე ფიქრი, კარგი? შენი სიკვდილი ყველაფერს დამაკარგვიმნებს, რაც აქამდე მომიგროვებია. უფლება მომეცი, შენი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვიზრუნო. მენდე, მკვლელს შენი სიკვდილი არაფერს შეაცვლევინებს.
- მაშინ რატომ აქამდე არ მომკლა? თუ ის დაჩის ძმა არაა და თუ ის ამის გამო არ დაგვსდევს, რატომ მაყურებინებს ჩემი მეგობრების სიკვდილს?
- ნუ გავიწყდება, რომ მათე და ლელა შენთან არიან.
- იქნებ ამის მიზეზი აქვს.
- მირა გეყოფა. შეწყვიტე ამაზე ფიქრი. ეცადე ყურადღება გამოჯანმრთელებაზე გადაიტანო. დამიჯერე, პოლიცია რაღაცას მაინც ნახავს. როდემდე შეძლებს ის სუფთად მუშაობას? შენ ახლა მე უნდა დამიჯერო. მეც და მათესსაც. შენამდე არავის მოვუშვებთ და ხო, საკუთარ თავებსაც გავუფრთხილდებით, თუ ეს გადარდებს.
აწყლიანებულ თვალებს ცრემლებისგან ვცლი. კალეს სიტყვებზე გული მისივდება და მიხარია, მისგან კვლავ სიახლოვეს და ერთგულებას რომ ვგრძნობ, მაგრამ ეს არ ცვლის არაფერს. ამიტომ, კამათის თავიდან ასაცილებლად თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ვცდილობ, თავიდან ამოვიგდო გონებაში გაჩენილი მომაკვდავი თენგოს სურათები, რომლებიც ყველაფერს ერთად მატკიებენ. მაგრამ არ გამომდის. კალეს საუბარს ვუსმენ და თან ვხედავ, როგორ იგუდება ჩემი მეგობარი უჰაერობისგან. როგორ ინთხევა მისი პირიდან სისხლი და ყველაფერი წითელში ეხვევა. მახსენდება სისხლით დასვრილი თეონას სახე და სხეული. ოთოს საფეთქელიდან გადმოღვრილი სიწითლე. ნატას უშნოდ გახსნილი ყელი და ჩემი გასისხლიანებული ხელები. ამდენი საზიზღარი სიწითლე ზედმეტი და აუტანელია. როგორ ვიცხოვრო ამით? როგორ შევძლებ ამის დავიწყებას?
მათე დროულად მოდის. ხელში სამი ქაღალდის ჭიქა უკავია და მოწესრიგებას ჩქარობს. ღიმილით აპარებს ჩემსკენ თვალებს და თან მეუბნება, ძლივს ვიშოვე პიტნის ჩაიო. კალე ბალიშს მაღლა მიწევს და წამოჯდომაში მეხმარება. მათე ერთ ჭიქას კალეს უწვდის, მეორეს მე. ცხელ სითხეს თითებს ვხვევ და თამამად ვუშვებ ფილტვებში მის საოცარ სურნელს. კალე ჩაის პატარა მაგიდაზე დებს და ღიმილით ადევნებს თვალს ჩემს სიამოვნების წამებს.
- ცხელია. - მიხსნის, როცა ხვდება, რასაც ვუყურებ. მეცინება და მზერა მათეზე გადამაქვს, რომელსაც ჩემსავით თითებში მოუქცებია ჭიქა. ბიჭი თვალს მიკრავს და ჩაის ერთად ვსვამთ. ახლა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც წარსულში, როცა ყველა ცოცხალი იყო და არაფერზე ვდარდობდის მომავალი დღის დაგეგმვის გარდა. ნოსტალგიისგან ტუჩები მებრიცება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ტირილის შეკავებას ვახერხებ.
- იცით, დაჩის პიტნაზე ალერგია ჰქონდა. - ღიმილით მახსენდება ანანური. - მათე, გახსოვს, მე და ის შოთას სახლში რომ შევიპარეთ ღვინის მოსაპარად? შოთამ ხო ლამის გამოგვიჭირა... სარდაფის კუთხეში ავიტუზეთ, ვიმალებოდით, და უცბად ცემინება აუტყდა. - მეცინება. - მერე მითხრა, ალერგია მაქვს პიტნაზეო. გაგიგიათ? პიტნაზე. კიდევ კარგი შოთამ ვერაფერი გაიგო, თორემ, სარდაფიდან მართლა ვერსად გავექცეოდით.
- ჰო, ეს არასდროს გითქვამს. - მათე თვალებში შემომყურებს და სახეზე აწერია, რომ ჩემი ალაპარაკება, თანაც არა იმ თემაზე, რაზეც წესით უნდა ვსაუბრობდეთ, უზომოდ უხარია. - ანანური კარგი იყო, შოთაც, დაჩიც, მაგრამ... მაგრამ ახლა არ გვინდა ამაზე. მითხარი, როგორ გრძნობ თავს?
- უკეთ ვარ. იმდენ ხანს მაძინეთ, რომ ხანდახან ისევ ძილი მერევა და ვცდილობ გამოვფხიზლდე.
- საჭირო რომ არ ყოფილიყო, ამას არ ვიზამდით. - თავს აქნევს კალე უკმაყოფილოდ. ამბობს ერთი წუთით გავალო, მობილურს იღებს და გვტოვებს. მათე ჩაის დებს და ღიმილით მაცქერდება. ეს მომხიბვლელი ღიმილი მედება და სიმშვიდეს მგვრის, თუმცა მასზე დამჩნეული სევდა ფერს უცვლის გაჩენილ მუხტს.
- მადლობა, რომ ასეთი ძლიერი ხარ, მათე. - თვალებს ვხრი. რთულია, ამ სიტყვებს ეუბნებოდე და თვალებში უყურებდე მაშინ, როცა ამ სიძლიერეს ვერ უფასებ.
- ეს შენ გამოა, მირა, მხოლოდ შენ გამო.შენ კი, ის აკვიატება... ის რაღაც სისულელე... - კბილებში სცრის და თავს აქნევს. - რანაირად ფიქრობ, რომ ჩემი მიტოვება შეგიძლია? როგორ უშვებ ჩემს ცხოვრებას უშენოდ? ამის წარმოდგენას საერთოდ როგორ ახერხებ?
პასუხის გაცემა არ მინდა. არ მინდა, რადგან ვიცი, ეს როგორ დამთავრდება. მე კიი იმ მცირე კომფორტს ვერ ჩავშლი, რომელიც მათეს და კალეს ჩემს გვერდით ყოფნით იბადება. ცოტა ხნით მაინც, სულ ცოტა ხნით მაინც მინდა, რომ დავტკბე ამით. ზუსტადაც, ამ შეუფერებელ დროს.
- მაპატიე, რომ განერვიულე. - ამასღა ვამბობ და მის თითებს ვუყურებ, რომლებიც პლედის ზემოდან, ჩემს მუცელზე გაშლილან. - უბრალოდ ამის ატანა უკვე შეუძლებელია, მათე. რაღაცამ უნდა შეაჩეროს ტატე. ზღვარს გადავიდა. თუ საერთოდ აქვს ზღვარი ამ ყველაფერს.
- შევაჩერებთ, მირა. მე ხომ დაგპირდი. იმ გოგოს ზარს ველოდები. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. დღეს დილით კიდევ დავურეკე. ასე თქვა, ხვალ დილით წამოვალთ ბათუმიდან და მივალ თუ არა სახლში სურათებს გამოგიგზავნიო. ასე, რომ სულ ცოტაღა დარჩა მირა და ვიპოვით.
თავს ვუქნევ ოდნავ იმედგაჩენილი და ოთახში დაბრუნებულ კალეს ვავლებ თვალს. მათე ფრთხილად იღებს ხელს ჩემი მუცლიდან და წელში სწორდება. ვგრძნობ, რომ ეს არ მსიამოვნებს, თუმცა ვიცი, რომ ახლა გრძნობებზე ფიქრის დრო არაა და ვცდილობ ამაზე ფიქრს არ ავყვე.
- ჩაი გაგიცივდა. - ვეუბნები კალეს უხერხული სიტუაციის გასამუხტად. ის ჭიქას იღებს და ცხვირს მანჭავს.
- თანაც ისე, რომ დასალევად აღარც ვარგა. - ამბობს და ჩემს აღებულ თითებს ფრთხილად კოცნის. ის-ისაა მათე დგება და ზურგს გვაქცევს, რომ მისი მობილური რეკავს. რამდენიმეწამიანი საუბრის შემდეგ ტელეფონს თიშავს და ჩვენსკენ ბრუნდება.
- გამომძიებელი იყო. ამბობს ანონიმური ზარი შემოვიდა და ახლა ერთი ტიპის დასაკავებლად მივდივართ, რომელიც წვეულებაზე მიმტანად მუშაობდაო.



***
ლოდინი მაგიჟებს. ვცდილობ მათესთვის მიცემული პირობა შევასრულო და საკიუთარი ნებით დავიძინო, მაგრამ შეუძლებელია. ბიჭი არც მესიჯზე მპასუხობს, არც ზარზე. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება პოლიციის განყოფილებაში, სადაც მათე წავიდა. ყველაფერი მინდა ვიცოდე, მაგრამ არ გამოდის. დივანზე მიწოლილ, დაღლილ კალეს ხელში სიგარეტის ვერცხლისფერი ფოლგა უკავია და ზანტად ცდილობს მისგან რაიმე ფიგურის გამოყვანას. ვხედავ, რომ თავს ძალას ატანს იფხიზლოს. ვთხოვ, რომ დაიძინოს, მაგრამ ჩემი ასე ვთქვათ მარტო დატოვება არ უნდა.
სხვა არაფერი დამრჩენია. ბალიშს ქვემოთ ვწევ, დანიშნულ წამლებს ვიღებ და ნებას ვაძლევ იმოქმედონ. მსუბუქი დამამშვიდებელი დაქანცულ გონებასა და სხეულს მალევე ერევა და ბურანი იწყებს ჩემს თრობას. ცოტა ხანში ვითიშები და წყვდიადში პირდაპირ თავით ვეშვები. მაგრამ, იქიდან მობრუნებული, როცა გამოფხიზლებასა და თვალების გახელას ვცდილობ, კალეს აფორიაქებული ხმა ჩამესმის. ბიჭი ტელეფონზე ლაპარაკობს და როგორც ვხვდები, მათესთან.
- ორი წამით გავედი, ამის დედაც! კარი ღია დავტოვე, სპეციალურად... ყავისთვის გავედი. ხო იცი, ის აპარატი დერეფნის ბოლოშია. მობრუნებულმა დავინახე. პალატის კარში იდგა. ჩემკენ. შავი კაპიუშონიანი ზედა ეცვა... არა, ვერ დავინახე, შორს ვიყავი... გაიქცა ის ! გავეკიდე, მარა თვალს მოეფარა... ვიცი, მაგრამ, როგორ გგონია, ეგ ჯობია?.. მაქვს იდეა... სახლი მაქვს სოფელში და ახლავე შემიძლია იქ წავიყვანო... რო წამოხვალ დამირეკე და მოგასწავლი... კარგი, გავალთ.
კალე ლაპარაკს ასრულებს და ის-ისაა თვალებს ვახელ, რომ ისიც მეხება.
- მირა. - ჩურჩულებს ის.
- აქ იყო? - ენას ძლივს ვამოძრავებ. როგორც ჩანს, ისევ წამლისგან ვარ გაბრუებული.
- უნდა წაგიყვანო. ხო, აქ იყო, მაგრამ ნუ გეშინია.
- იქაც მოვა, კალე.
- ადგომას შეძლებ?
- არ ვიცი.
- კარგი, მოიცადე.
კალე ცოტა ხნით მშორდება. შემდეგ კი ხელში მიტაცებს და პალატიდან გავყავარ. მანამ, სანამ მის მანქანაში არ ვხვდები, ფრენის შეგრძნება არ მშორდება. ვიცი, რომ კიბეზე ჩავდივართ, მაგრამ თავი ხიდზე გამობმული და სივრცეში მოქანავე მგონია.
- მირა. - ღვედს იკეთებს კალე, ჩემკენ იხრება და სახეზე თითებს მაკრობს. - დაიძინე, სიფხიზლეს ნუ ცდილობ. რომ ჩავალთ გაგაღვიძებ.
- გამოგვყვება. - ვცდილობ თვალებში შევხედო და მათი ქარვისფერი ელვარება დავინახო, მაგრამ მთვლემს. ვერ ვხვდები, უბრალო დამამშვიდებელმა ასე როგორ გამომაცალა ძალა.
- ვერა, მირა. ვერ გამოგვყვება. - კალე კიდევ რაღაცას ამბობს, მაგრამ ვერ ვაცნობიერებ. მისი ხმა სივრცეში იკარგება. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი abezara98

ღმერთო ჩემო, რა უნდა ვთქვა? როგორც ყოველთვის შესანიშნავი იყო და ძალიან გამახარე ამ ახალი თავით heart_eyes იმითაც, რომ როგორც იქნა, მირა ხვდება, რომ მისი ერთადერთი წყნარი ნავსაყუდელი ისევ დ ისევ მათეა heart_eyes ვაიმეე, ოხ, ეს თვალთმაქცი კალე! ისევ და ისევ კალე! angry კვლავ რა ტექნიკურად გამოძვრა პიტნის ჩაის დალევისგან?! მერე ეს ანონიმური ზარი პოლიციაში და ბოლო ტყუილი ხომ საერთოდ გამაოგნებელი იყო, დავინახე, მირას უყურებდაო unamused unamused ვაიმე, მირას რა ეშველება ახლა? იმედია, მათე მოახერხებს რამეს და იპოვის cold_sweat ისედაც მთლად გამტყდარ მირას, კიდევ ეს უნდა? sob მათეე, შენ იმედზე ვართ pensive
იმდენად მსუყე თავი იყო, არ მეყოო რა ნამუსით დაგიწერო? sweat_smile ამიტომ, გეტყვი, რომ სულმოუთქმელად გელოდები heart_eyes

 


№2  offline წევრი Other side

Vaimee raxan shen daginaxe raga momklavs? Vgijdebi am istoriaze da ase dzalian rato mogvanatre? Erti amosuntqvit wavikitxe. Rogorc yoveltvis arachceulebrivi xar.
--------------------
Other side

 


№3 სტუმარი Wow

ვაიმე ხალხო კარგი ფსიქატრი არ იცით? მგონი ჰალუცინაციები დამეწყო... ნაკაწრების მეცამეტე თავს ვხედავ უკვე. შიზოფრენია არ მექნება ჰო? :D

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

ოხ ეს კალე ვინ არი ამისთანა ნერვებს მიშლის,ესენი იმედია მალე მიხვდებიან რომ კალეა.ან ამ პიტნის ჩაიზე როგორ ვერ მიხვდენენ არ მიაქციეს ყურადღება იმედია მათე მალე მიხვდება და გაუგება რომ კალეა.თუმცა კი მირა უკვე მის ხელშია ხო საინტერესოა რა მოხდებაშემდეგ

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

აუ რა კარჰგი იყოო :)) ეხლა 14 თავი ერთ თვეში იქნება კიდე ??? :)))

 


№6  offline წევრი Nameless Girl

მათე ძალიან მიყვარს.ამ ადამიანზე ძლიერი პერსონაჟი არ არსებობს.სხვა მის ადგილზე არც კი ვიცი რას იზავდა.ერთი ვიცი რო სხვას მირა დიდიხნის მიტოვებული ეყოლებოდა.ასე რომ ცოდოა მათეც,ამასაც ხომ უნდა ბედნიერება.
ბევრი მათე და მირა.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ისე მიხარია თითქოს მე დამედოს ახალი ისტორია. უსაზღვროდ კარგი თავი იყო. ლელასა და მათეს დიალოგი მომეწონა, ერთადერთი ადამიანია ლელა ვინც სხვა მხრიდანაც უყურებს ამ ყველაფერს და ამის გამოც და არა მარტო მომწონს. მირას მეგობრებიდან ლელა ყველაზე ადეკვატურია. მათე საოცრება, ასეთი კარგი როგორ შექმენი?!

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

და აი მივედით იმ მომენტთან , რითაც დაიწყე ისტორია ხომ?არა და მაინც ვფიქრობდი რომ კალე არ იქნებოდა და ეს უბრალოდ ისევ ჩვენი დაბნევისთვის თქვი.როგორ გამიხარდი შენ აზრზე არ ხარ საყვარელო
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი მეგი1

აი საუკეთესოა ???? შემდეგი თავი მალე რა :((

 


№10  offline წევრი i want

აუუუუუუუ როგორ მომენატრაა ნაკაწრები :)))) იმედია დასასრული მალე იქნება. გულის ფანცქალით ველი ^^ ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent