შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 13] (18+)


1-11-2018, 20:57
ავტორი ჰაიკო
ნანახია 558

წყურვილი [ნაწილი III, თავი 13] (18+)

03:45... უეცრად გამოეღვიძა, თავს უცნაურად გრძნობდა, საწოლზე წამოჯდა და მიმოიხედა, ირგვლივ წყვდიადი და სიმყუდროვე სუფევდა, ისეთი სიბნელე იყო, თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი, მაგრამ მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავი, მისთვის კი ეს სირთულეს არ წარმოადგენდა. წყნარად იჯდა და ღამეულ ხმებს აყურადებდა, უცნაური და საგანგაშო არაფერი შეუმჩნევია, მხოლოდ ერთმა ხმამ მიიქცია მისი ყურადღება, ეს იყო მძლავრი, მწყობრი გუგუნი, საკუთარი გულისცემა, მისი მაცოცხლებელი ორგანო უშეცდომოდ, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე მუშაობდა და ფოლადისგან ჩამოსხმულ სხეულს ალისფერი სითხით ამარაგებდა. წყვდიადივით შავი თვალები სწრაფად მოატარა სხეულს, თავით ფეხებამდე შეამოწმა საკუთარი ვიზუალი, გამჭრიახი მზერით შეამჩნია, როგორ მოძრაობდა მსხვილ სისხლძარღვებში სისხლი, შემდეგ მარჯვენა ხელით თითქმის შეხორცებულ, ოდნავ ამობურცულ, ხავერდოვან ნაიარევს ფრთხილად შეეხო, ტკივილი არ უგრძნია, თითქოს რამდენიმე წლის წინ მიეყენებინოთ ჭრილობა.. კვლავ ოთახს მოავლო თვალი და მაგიდაზე ჭიქა შენიშნა, ფრთხილად წამოდგა, თითქოს არ ენდობოდა საკუთარ ფეხებს, როდესაც დარწმუნდა, რომ ფეხზე მყარად იდგა, სწრაფი ნახტომით მოჩვენებასავით გაჩნდა მაგიდასთან, ჭიქა ხელში აიღო და სითხე დაყნოსა, რომელიც ძირს ძლივს უფარავდა გამჭვირვალე ჭურჭელს, სუნით მიხვდა, რაც იყო... და უცებ აღმოაჩინა, რომ ეს მაცდური სითხე არ იზიდავდა, ვეღარ აღძრავდა მასში იმ წყურვილს, როგორც ოდესღაც, ვეღარ აღვიძებდა და აგიჟებდა მასში ჩაბუდებულ მძვინვარე მხეცს. ეს გრძნობა ეუცნაურა, ჭიქა მაგიდაზე უხმაუროდ დაუშვა და ჩაფიქრდა, თუმცა სწორ პასუხს ვერ პოულობდა, ყველანაირი ლოგიკით ის ახლა სასტიკად დამშეული უნდა ყოფილიყო და პირველივე შემხვედრი ადამიანისთვის ყელი უნდა გამოეღადრა, მისი სისხლი ბოლო წვეთამდე უნდა დაელია, ის ხომ პირველყოფილი ვამპირი იყო, სისხლის წყურვილი მისთვის ბუნებრივ სტიქიას წარმოადგენდა, მაგრამ ამჯერად...
- რა მჭირს? - გაიფიქრა და კვლავ ჭიქას დახედა, ერთხანს ფიქრობდა, შემდეგ ნელა გააქნია თავი, ბილწად შეიგინა და ტანსაცმლის გარდერობს მიუახლოვდა. პირველივე მაისური და შარვალი, რაც ხელში მოხვდა, სწრაფად ჩაიცვა და ტყავის კურტაკს მისწვდა, გაჩხრიკა და როდესაც მარცხენა ჯიბეში ის აღმოაჩინა, რასაც ეძებდა, ოთახში შემომავალ მთვარის ცისფერ შუქზე კმაყოფილებით შეათვალიერა, გაიღიმა და სწრაფად წამოიცვა მარცხენა ხელის არათითზე, შემდეგ კურტაკი მოირგო და ფანჯარას გახედა...

*****

     მია ჯეკსონი საწოლზე ჩამომჯდარიყო, სადაც სიცხისგან გათანგული ბოდავდა შავგვრემანი პირველყოფილი, მისი ოფლისგან დაცვარული ხელი თავის რბილ ხელისგულებში მოექცია და დაძაბული აკვირდებოდა.
     ქერა ვამპირი მოუთმენლად, ჩვეულებრივზე სწრაფად სცემდა ბოლთას პატარა ოთახში ზურგზე ხელებდაწყობილი და სულაც არ იმჩნევდა კუთხეში მჯდარი ექიმის ოდნავ შეშინებულ მზერას, რაც მისი გადაადგილების უჩვეულო სისწრაფით იყო განპირობებული. მისი გონება უშეცდომოდ, დაზეთილი მექანიზმივით სხარტად მუშაობდა, ორი ვარიანტი იყო, პირველი ის, რომ მარკუსის მოცემული ანტიდოტი კოვაქსს გამოაჯანმთელებდა და მთელი ეს ტანჯვა-წვალება წყალში არ ჩაიყრებოდა, მეორე ვარიანტი კი გაცილებით ცუდი იყო, ამ ვარიანტის მიხედვით ანტიდოტის მიღების შემდეგ კოვაქსი კვდებოდა, მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებდა, ლუციუსი კი სრულიად მარტო აღმოჩნდებოდა გაბრიელის, მარკუსის და მათი მკვლელების წინააღმდეგ, რაც უეჭველ დამარცხებას და აქედან გამომდინარე - მის სიკვდილს უდრიდა, ასევე უდრიდა მია ჯეკსონის სიკვდილს, ექიმ ტომპსონის სიკვდილს და თუ გაბრიელის სისხლმოწყურებულ ამფსონებს მივიღებთ მხედველობაში - ნახევარი სალემის სიკვდილს, ამიტომ მუდამ აუღელვებელი ქერა პირველყოფილი ამ მეტად მძიმე სიტუაციიდან მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავდა - კოვაქსი უნდა გადარჩენილიყო, მას არ ჰქონდა სიკვდილის უფლება.
- ვერაფერს ამჩნევ? - ფრთხილად იკითხა კუთხეში თაგვივით გაყურსულმა ექიმმა.
- არ ვიცი, - დაგვიანებით გასცა პასუხი გოგონამ, - ვფიქრობ ოდნავ ტემპერატურამ დაუწია და სახეც დაუმშვიდდა.
     ექიმი სავარძლიდან წამოდგა და ავადმყოფის საწოლს მიუახლოვდა, სწრაფად გადაავლო თვალი და თავისი მრავალწლიანი პრაქტიკით მიხვდა, რომ სიტუაცია არც ისე სახარბიელო იყო. კოვაქსს სახეზე ოფლის მსხვილი წვეთები დასჯდომოდა, თვალები უარესად ჩაუცვივდა, თვალის უპეები ჩაუმუქდა, ოდნავ გაღებული პირით სწრაფად სუნთქავდა.
       ექიმმა გამბედაობა მოიკრიფა, უფრო ახლოს მიიწია და შუბლზე ხელი დაადო. შავგვრემან ვამპირს შუბლი ყინულივით ცივი ჰქონდა.
       უეცრად კოვაქსი მთელი ტანით წამოიმართა, თვალები შეშლილივით დააბრიალა და რომ არა ლუციუსის წამიერი რეაქცია, გოგონა საკუთარ სისხლში დაიხრჩობოდა.
- დროებით დაგვტოვეთ, - მკაცრი ხმით თქვა ლუციუსმა და მიას და ექიმს თვალით კარისკენ ანიშნა.
       გოგონამ შეწინააღმდეგება დააპირა, მაგრამ ქერა ვამპირის გაყინულ მზერას რომ მოჰკრა თვალი, უხმოდ დაუქნია თავი და ექიმთან ერთად პირველ სართულზე ჩამავალ კიბეს ჩაუყვა.
- ლუციუს...
     ქერა ვამპირის გულში იმედის ნაპერწკალმა იელვა, მხრებში ფრთხილად მოჰკიდა ხელი კოვაქსს და საწოლზე დაუშვა.
- ლუციუს...
- მშვიდად, - მიუგო ლუციუსმა და სველი ტილო ფრთხილად შეახო შუბლზე, - გაუძელი, მალე გამოჯანმთელდები.
- არა... - დაიხრიალა კოვაქსმა და მთელი ძალით ჩააფრინდა ლუციუსს მკლავში, - უკვე გვიანია, ძალიან გვიანია... სიცივე...
- ჯანდაბა, - მრისხანედ წამოიყვირა ლუციუსმა, ფეხზე წამოიჭრა და კოვაქსს დააკვირდა.
- ლუციუს.. ძალიან ცივა.. სიცივე.. ცეცხლი.. აქ.. - ავადმყოფმა მარჯვენა ხელი მკერდზე მიიდო, შემდეგ თვალები ნელა დაეხუჭა და ხელი მოწყვეტით ჩამოუვარდა.
     ქერა პირველყოფილმა მთელი თავისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში პირველად იგრძნო შეძრწუნებისმაგვარი. კოვაქსს ეცა, ყური მკერდზე დაადო და როდესაც აღმოაჩინა, რომ გული აღარ უცემდა, სახე დაეჭიმა, ორჯერ-სამჯერ ძლიერად შეარხია შავგვრემანი ვამპირის სხეული.
- ჯანდაბა, კოვაქს.. ჯანდაბა..
     ის მიხვდა, რომ ამ შეშლილ სამყაროში აბსოლიტურად მარტო დარჩა, მარტო - ყველას წინააღმდეგ, მარტო - კოვაქსის გარეშე..
     ლუციუსმა ტუჩი მოიკვნიტა, კოვაქსის გახევებულ ცხედარს თვალი აარიდა და კარს გახედა, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მია შემოსულიყო ოთახში და რაც მოხდებოდა, ლუციუსისთვის სრულიად ნათელი იყო, ყველაზე მეტად კი ქერა ვამპირს ის არ სურდა, რომ ძლიერი ემოციური შოკისგან სრულიად შესაძლებელი იყო გოგონას სხეულში მთელი თავისი მრისხანებით აღმდგარიყო ტალია.
      უეცრად ლუციუსი მიხვდა, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა, კოვაქსის სიკვდილიდან უკვე თითქმის ათი წუთი იყო გასული, მაგრამ მისი სხეული აალებას არ იწყებდა. ქერა ვამპირი მოჭუტული თვალებით დააკვირდა საწოლზე მწოლიარე სხეულს. არა, შეცდომა გამორიცხული იყო, კოვაქსი აშკარად მკვდარი იყო, ლუციუსის მახვილ თვალს ეს არ გამოეპარებოდა.
     ის კვლავ დაიხარა კოვაქსის სხეულისკენ, მისი გაყინული სახე და სახეზე დაჭიმული კუნთები მის სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებდა, მან ხელები მკერდზე დაულაგა და ზეწარი შუბლამდე გადააფარა. შემდეგ წელში გაიმართა, თავი ოდნავ გააქნია და ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ, რათა პირველ სართულზე მყოფი გოგონასთვის და ექიმისთვის ეს ძლიერ სამწუხარო სიახლე შეეტყობინებინა.

*****

     ის უხმაუროდ, მოჩვენებასავით მიჰქროდა, მის თავზემოთ კი სავსე მთვარე უდრეკად და ჯიქურ მიარღვევდა გარსშემოჯარულ, ჩამუქებული ღრუბლების მღელვარე ტალღებს. ელვასავით მორბენალს რა თქმა უნდა არ ღლიდა არაადამიანური სისწრაფე, პირს ფართოდ აღებდა და გაყინულ ჰაერს უდიდესი ნეტარებით უშვებდა ფილტვებში, გრძნობდა, ყოველ წამს როგორ ემატებოდა ძალა. ქალაქს რომ გასცდა, ტყის უკუნ ზოლში შეჩერდა, რომელიც "სტივის ბარის" მოპირდაპირე მხარეს, მოასფალტებული გზის გასწვრივ გაწოლილიყო, დაწესებულება და მის წინ ახორხოცებული ხალხის არც თუ ისე ფხიზელი ჯგუფი ბოროტი მზერით შეათვალიერა და ჯიბეში მობილური მოიძია, ნომრების ჩამონათვალში სასურველი ნომერი შეარჩია და CALL სენსორს უყოყმანოდ დააწვა. სადაცაა გათენდებოდა, ამას მოწმობდა აღმოსავლეთით ალისფრად შეღებილი ჰორიზონტი. რამოდენიმე ზარის შემდეგ უპასუხეს.
- ლუციუს.. იცი რომელი საათია ახლა? - ქალის უკმაყოფილო ხმა სრულიად არ მიესადაგებოდა მის თბილ ტემბრს.
- რებეკა..
     ტელეფონის მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა, ერთხანს გახშირებული სუნთქვა ისმოდა, შემდეგ ქალის აღელვებულმა ხმამაც გაიჟღერა.
- ეს.. ეს შენ ხარ?
- დიახ, ვწუხვარ რომ არ აღმოვჩნდი ის ზრდილი ჯენტლმენი, რომელსაც ელოდი, - სარკასტულად ჩაიცინა მამაკაცმა და წყვდიადივით შავი თვალებით ბარის მიმდებარე ტერიტორია დაზვერა.
- რა გინდა? - უხეშობამ იმძლავრა ქალის ხმაში.
- შენთან საუბარი, - მოსხიპა მამაკაცმა და იქვე დააზუსტა, - ახლავე!
- მუქარის ტონით მელაპარაკები თუ მეჩვენება? - გაიოცა ქალმა.
- არა, - წამსვე დატკბა მამაკაცის ხმა, - რებეკა მომისმინე, ჩემს თავს რაღაც ხდება, ვფიქრობ... ვფიქრობ რომ ჩემში რაღაც შეიცვალა..
- რას გულისხმობ? - ცივად იკითხა ქალმა.
- მე.. მე სისხლის წყურვილს ვეღარ ვგრძნობ, - ფრთხილად თქვა მამაკაცმა და ხეებს სწრაფად მოეფარა, რადგან ორმა კარგად შეზარხოშებულმა ბაიკერმა, რომლებისთვისაც უზომოდ გალეშილი თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინათ, გზა გადმოკვეთა და ჩაბნელებულ კორომს ბანცალ-ბანცალით მოაშურა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
- რა თქვი? - ტელეფონში მოისმა უკიდურესად გაოცებული ხმა.
- მოიცა, - ჩასჩურჩულა მამაკაცმა, - რაღაც უნდა შევამოწმო, - მან მობილური გათიშა, ჯიბეში ჩაიცურა და ხეს ახედა, ტოტები შეათვალიერა, შემდეგ კატასავით სწრაფი, მოქნილი ნახტომით მიწიდან დაახლოებით ხუთი მეტრის სიმაღლეზე ხის ტანზე გამოზრდილ ტოტზე მსუბუქად ახტა და ბაიკერებს, რომლებიც ხის ქვეშ შესდგნენ, ჩასისხლიანებული, ჯოჯოხეთურად ბოროტი მზერით დააკვირდა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა მოელვარე ეშვები და მკერდიდან ყრუ ღმუილი აღმოხდა, ის კვლავ ჩვეულ ფორმაში იყო, მტაცებელი საწყის წერტილს უბრუნდებოდა.
-.... ჰოდა, მივდივარ სახლში მთვრალი, ძმაო, - უხეშად ჰყვებოდა ერთი, დაწნულწვერიანი შუახნის ბაიკერი და თან ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას სიამოვნებისგან კრუტუნებდა, - ჩემი მეუღლის ბიძაშვილი, ხომ იცნობ, ჯონ, როგორი კახპაცაა, მაგის დედაც.. ჯონ, მისმენ?
      ბაიკერი მოტრიალდა, მეგობრის პასუხი რომ ვერ მოისმინა და თვალები გაოგნებულმა აახამხამა, მისი მეგობარი ჯონი, უფრო სწორად მისი მეგობარი ჯონის  სულს განშორებული სხეული ხის ძირას იჯდა, ხის ტანზე ზურგით მიყრდნობილიყო, არტერიიდან მჩქეფარე ალისფერ სისხლს კი მისი ჟღალი წვერი შეეღება.
- ამის დედაც, - იყვირა ბაიკერმა, მთვრალი ადამიანის კვალობაზე უჩვეულო სიზუსტით და სისწრაფით შეიკრა შარვლის ელვაშესაკრავი და გასაქცევად შეტრიალდა, მაგრამ მას მეორე დღის გათენება არ ეწერა, მის წინ მაღალი, ათლეტური აღნაგობის შავგვრემანი მამაკაცი იდგა, ლოყებზე დაბერილ სისხლძარღვებში მოძრავი სითხე თვალების მიმართულებით გადაადგილდებოდა და მას სისხლის ტბებად აქცევდა, სანახევროდ გაღებული პირიდან მოელვარე ეშვები იწონებდა თავს.
      ბაიკერს უკიდურესი შიშისგან ენა ჩაუვარდა, ყელიდან გაურკვეველი ბგერები აღმოხდა და წაიბორძიკა, მის წინ მდგარმა ჯოჯოხეთის მოციქულმა სატანისებურად გაიღიმა და წამის უსწრაფესად ეცა ყელში, იქ, სადაც მაცდურად ფეთქავდა ცისფერი არტერია. ბაიკერი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი და ახოვანი იყო, მაგრამ თავდამსხმელის ძალასთან და სისწრაფესთან ახლოსაც ვერ მივიდოდა, უცნობმა წამში გამოსწოვა სისხლი, ძლიერი დარტყმით კისერი მოამტვრია, მორღვეული სხეული დაუდევრად მოისროლა გვერდით, ნიკაპზე წვრილ ნაკადულად ჩამომავალი სისხლი ხელით მოიწმინდა და გაჩახჩახებულ ბარს გახედა სასტიკი მზერით. ამ დროს მის ჯიბეში მობილური აწკრიალდა.
- რა ჩაიდინე? - მოისმა ქალის ხმა.
- ისეთი არაფერი, - ირონიულად ჟღერდა მამაკაცის ხმა, - მცირე ცდა ჩავატარე, არაუშავს, ამ ორი მანიაკის გარეშე სამყარო გაცილებით უკეთესი გახდა, - მან უხამსად გადაიხარხარა და შემდეგ დასერიოზულდა, - რებეკა, თქვენ მე რაღაც დამმართეთ, ახლავე უნდა შვხვდეთ და ყველაფერს ამიხსნი, ახლავე, ბარში, ქალაქგარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასაკლაოდ ვაქცევ აქაურობას, - მუქარით დაასრულა მან და ტელეფონი გათიშა.
     ტყის ზოლის გავლით მთავარ მაგისტრალამდე მიაღწია და სავსე მთვარეს ახედა უცნაური მზერით, ღამის მნათობი თითქოს იზიდავდა მას და აქამდე უცნობი, საშინელი ძალით აღავსებდა. მან ეჭვით გადააქნია თავი, გზა გადაკვეთა და ბარის მიმდებარე ტერიტორიას მიუახლოვდა. ბარის წინ შეკრებილმა საზოგადოებამ არაერთგავროვანი რეაქცია გამოავლინა მისი დანახვისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა უარესად მოიშიშვლეს ისედაც თითქმის შიშველი მკერდი, ბოტოქსით დაბერილი და გალამაზებული ტუჩები ურცხვად გამობუშტეს და მიბნედილი მზერა გააყოლეს შესასვლელისკენ მტკიცე და უჯიათი ნაბიჯით მიმავალს, ზოგი ნაცნობი მიესალმა, ზოგმა ხელი ჩამოართვა და მოჩვენებითი გულისტკივილი გამოხატა მისი ამდენი ხნით გაუჩინარების გამო, ის ხომ ბარის საკმაოდ ხშირი სტუმარი იყო, ამიტომ სალემის საზოგადოების ალკოჰოლის და გართობის მოყვარულთა კატეგორია ასე თუ ისე იცნობდა მას.
     ის კი ირონიაშეპარული ყალბი ღიმილით მიიწევდა შესასვლელისკენ და სტრატეგიული ღიმილით და მოკლე პასუხებით იშორებდა მისი ბედით დაინტერესებულ ამ საცოდავ მოკვდავებს, ბოლოს, როგორც იქნა შეაღწია ხალხით გამოტენილ ბარში, რომელიც როგორც ყოველთვის, ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა, მის ბედად ფანჯარასთან მისი მაგიდა - ჩვეულებისამებრ სადაც იკავებდა ხოლმე ადგილს, თავისუფალი აღმოჩნდა და ოფიციანტმა მაშინვე მოირბინა გაბადრული და ოდნავ შეშინებული სახით, გაბადრულით იმიტომ, რომ ეს გულუხვი კლიენტი ყოველთვის უტოვებდა ხურდას, რაც უმეტეს შემთხვევაში ათიდან ოც დოლარამდე მერყეობდა, შეშინებული იმიტომ, რომ ოფიციანტს ქვეცნობიერად ყოველთვის ეშინოდა ამ იდუმალი სტუმრის, რომელსაც წყვდიადივით შავი, სასტიკი თვალები და რაღაცნაირი, მტაცებლური გამომეტყველება ჰქონდა.
- მოხარული ვარ თქვენი კვლავ აქ ხილვით, სერ, - მდაბალად დაუკრა თავი, - რას ინებებთ?
- ჩვეულებისამებრ, მეგობარო, - გაიღიმა მამაკაცმა, ჯიბიდან "ვინსტონი" ამოიღო, მოუკიდა და ნეტარებით დაარტყა ნაფაზი.
- სუფთა ვისკი, წყლის გარეშე, - დააზუსტა ოფიციანტმა და როდესაც პასუხად თავის დაქნევა მიიღო, სწრაფად გაიქცა შეკვეთის მოსატანად.
     მამაკაცმა ბარს თვალი მოავლო და ღრმად შეისუნთქა დამძიმებული ჰაერი, მაშინვე გაარჩია ვისკის, ლუდის, ღვინის, შემწვარი სტეიკის, მწარე ტომატის, იაფფასიანი სიგარის, ოფლის, მდარე ხარისხის ტუჩსაცხის და ადამიანის სუნი, ჯერჯერობით არ იგრძნობოდა მისი დაუძინებელი მტრების - მაქციების სპეციფიკური სუნი, რომელიც რაღაცით მგლის სუნს წააგავდა. დამშვიდდა, მოეშვა და როდესაც ოფიციანტმა ბოთლით ვისკი და გამჭვირვალე ჭიქა მოიტანა, მეორე ჭიქის მოტანაც სთხოვა, შემდეგ ვისკი დაისხა და ჭიქა ნახვრამდე გამოცალა.
- მიხარია შენი ცოცხალ მდგომარეობაში ნახვა, - მოესმა და როდესაც თავი ასწია, ქალი დაინახა, რომელიც მაგიდასთან იდგა, მკაცრი, უემოციო მზერით შეჰყურებდა, შემდეგ სკამი გამოსწია და მის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი.
- გამარჯობა, რებეკა, - მიესალმა ღიმილით და ხელი გაუწოდა.
      რებეკას არ შეუმჩნევია გამოწვდილი ხელი, სასმელი დაისხა, ოდნავ მოსვა და ჭიქა მაგიდაზე დაუშვა.
- რა საქმე გაქვს ჩემთან? არ მომწონს, როდესაც მემუქრებიან, ეს ხომ კარგად იცი?
- მშვიდად, - ხელები ასწია მამაკაცმა და კვლავ გაიღიმა, - რაღაც საქმე მაქვს გასარკვევი, აქ საჩხუბრად არ დამიპატიჟებიხარ.
- კარგი, - ქალმა მიმოიხედა, - გისმენ.
- როგორც უკვე გითხარი, რაღაც მჭირს და კონკრეტულად რა, შენ უნდა გამარკვიო, - მტკიცე მზერით შეხედა ქალს შოკოლადისფერ თვალებში.
- ანუ სისხლის მოთხოვნილება აღარ გაქვს? - დაუბრუნა ქალმა.
- არა.
- სულ არა? - ეჭვმა გაიჟღერა რებეკას ხმაში.
- სულ არა, - დაუდასტურა და მოლოდინით მიაჩერდა.
      ქალი ერთხანს უნდობლად შეჰყურებდა, შემდეგ მისი ხელი ხელისგულებში მოაქცია და თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ხელი შეუშვა და თვალები გაახილა, მის შოკოლადისფერ ტბებში ამჯერად უდიდესი გაოცება ირეკლებოდა.
- შენ...
- რა? - მოუთმენლად შეეკითხა.
- ჯანდაბა... ნუთუ ეს შესაძლებელია...
- რა ხდება? - გაღიზიანდა მამაკაცი.
- შენს გონებაში ვერ ვაღწევ...
- ჰმ, - ზიზღით თქვა მამაკაცმა, - მეგონა მე მჭირდა რამე, რა გჭირს რებეკა, შენი უნარები...
- ჩემს უნარებს არაფერი დამართვნია, - გააწყვეტინა ქალმა, - კედლისკენ შემობრუნდი და გარდაისახე.
- რაო? - ამჯერად მამაკაცის გაოცების დრო დადგა, - აქ, ამდენ ხალხში... - მან ბარს თვალი მოავლო.
- აქ ვერავინ შეგვნიშნავს, - დაამშვიდა ქალმა, - ხომ გინდა რომ გაგარკვიო, რა გჭირს? ჰოდა ჩემს მითითებებს მიჰყევი.
     მამაკაცმა ბილწად შეიგინა, კედლისკენ სანახევროდ შეტრიალდა, ახლა მის სახეს ბარში მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ დაინახავდა, რებეკას გარდა.
- მიდი, - დააჩქარა ქალმა და ინტერესით დააკვირდა, - შენ ხომ პირველყოფილი ვამპირი ხარ და საკუთარი თავის კონტროლი შეგიძლია.
      მამაკაცმა გაიღიმა, თავი დაუქნია და თვალები დახუჭა, რამდენიმე წამის შემდეგ ოდნავ გაღებული პირიდან მოელვარე ეშვები ჩამოეზარდა, სხეული დაეჭიმა, პირში დამდნარი ფოლადის გემო იგრძნო, ლოყებზე ამობურცულ სისხლძარღვებში მოძრავი სითხე შეუჩერებლად გადაადგილდებოდა თვალების მიმართულებით და მას უცნაურ, საზარელ ელფერს აძლევდა, ეს იყო მუქი შავის, მოელვარე წითელის და ხასხასა მწვანე ფერის ნაზავი..
     ქალმა ჩუმად შეჰკივლა და ერთბაშად უკან დაიწია სკამიანად, მამაკაცმა მაშინვე შეწყვიტა ტრანსფორმაცია და შემობრუნდა, ქალი დაფეთებული სახით შეჰყურებდა.
- ახლა ვხვდები, რატომ ვერ შემოვაღწიე შენს გონებაში.
- რატომ?
- შენს გონებაში ვეღარ ვაღწევ, სისხლის წყურვილი გაგიქრა, მაგრამ ძველებურად უკვდავი ხარ, შეიძლება უფრო სწრაფი და უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე...
- მოკლედ თქვი, თუ შეიძლება, - უხეშად მოითხოვა მამაკაცმა.
- შენ ჰიბრიდი ხარ, - მოსხიპა ქალმა, - პირველყოფილი ჰიბრიდი, ნახევრად პირველყოფილი ვამპირი, ნახევრად მაქცია.. ჯანდაბა..
     მამაკაცი გაშეშდა, მზერა გაეყინა, პირი გააღო და ასე შეჰყურებდა ქალს რამდენიმე ათეული წამი, შემდეგ კვლავ დაუბრუნდა მეტყველების უნარი.
- რა თქვი?
- შენ პირველყოფილი ჰიბრიდი ხარ, - გაიმეორა ქალმა, - ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს!
- ჯანდაბა... ეს როგორ.. რანაირად?
- როდესაც შენ სალაზარმა გიკბინა, მისმა შხამმა შენს სისხლში შეაღწია, შენ დასუსტება დაიწყე, - თვა ქალმა, - ჭრილობა აღარ ხორცდებოდა, შენი თვითგანკურნების უნარი უძლური აღმოჩნდა ჰიბრიდის შხამის წინააღმდეგ..
- ეს ვიცი, - თავი დაუქნია მამაკაცმა, - მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი შორეულ წარსულში მოხდა, ფრაგმენტებად მახსოვს რაღაც-რაღაცეები, მაგრამ მთლიანი სურათის აღდგენას ვერ ვახერხებ...
- როგორც ჩანს, - განაგრძო ქალმა, - შხამმა მეხსიერებაც დაგიზიანა, ლუციუსი ყველანაირად ცდილობდა შენს განკურნებას, ის ექიმი ტომპსონის დახმარებით საკუთარ სისხლს გისხავდა და ეს ასე თუ ისე გშველოდა, მაგრამ ავადმყოფობას ვერ აჩერებდა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ლუციუსი მარკუსს დაუკავშირდა და გაბრიელთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა შენთვის ანტიდოტი ეშოვა, რომელიც ჰიბრიდის ნაკბენს განკურნავდა, მარკუსმა ლუციუსს მისცა ანტიდოტი, რომელიც ჰიბრიდის სისხლისა და ვერცხლის ფიჭვის ნაცრისგან იყო დამზადებული, შენ ეს ანტიდოტი დაგეხმარა გამოჯანმთელებაში, მაგრამ ამავდროულად ჰიბრიდად გაქცია... სულ ესაა.
      მამაკაცი ჩაფიქრდა, თითები ერთმანეთში გადახლართა და სივრცეს გაუშტერა თვალი.
- გამოდის, მე ყველა დამეხმარა, ლუციუსი, მარკუსი, გაბრიელი... ანტიდოტი ვინ დაამზადა?
- მე დავამზადე, - თვალი აარიდა რებეკამ.
- ანუ კვლავ იმ სატანისთვის მუშაობ, - ირონიულად თქვა მამაკაცმა.
- ყველაფერი არც ისე მარტივადაა, - მწარედ ამოიოხრა ქალმა, შემდეგ წამოდგა, - უნდა წავიდე, შენ რას აპირებ?
- არ ვიცი, - თავი გააქნია მამაკაცმა, - ამ ყველაფერზე კარგად უნდა დავფიქრდე, გმადლობ, რებეკა, - ის პასუხს არ დალოდებია, ფანჯრისკენ იბრუნა პირი და ფიქრებში ჩაიძირა..

*****

    შუშის ჩალეწვის ხმა პირველი რა თქმა უნდა ლუციუსს მოესმა, მან ხელი ფრთხილად წაჰკრა დივანზე ჩაძინებულ გოგონას და სანამ ის და ექიმი გონს მოეგებოდნენ, ელვასავით გაჩნდა იმ ოთახის კართან, სადაც კოვასის სხეული ეგულებოდა, ფრთხილად შეაღო და მახვილი მზერით მოჩხრიკა ოთახი, როდესაც მისი მხედველობის არეში საწოლი მოხვდა, სადაც ყველანაირი ლოგიკით გახევებული გვამი უნდა ყოფილიყო, გაოცებისგან შესდგა, საწოლი ცარიელი იყო, ფანჯრის შუშა - ჩამსხვრეული.
- რა ხდება? - ოთახში ერთდოულად შემოცვივდნენ მია და ექიმი, ლუციუსს ჯერ კიდევ არ გაემხილა მათთვის კოვაქსის სიკვდილის შესახებ.
- ღმერთო, - აღმოხდა მიას და სინათლის ჩამრთველი გადაატრიალა, შემდეგ ლუციუსს მკლავში მოჰკიდა ხელი და საწოლზე მიუთითა, - ლუციუს, ის...
- ვხედავ, - მკაცრად გამოეპასუხა ქერა ვამპირი, - ორი ვარიანტი მაქვს, ის ან საკუთარი ფეხით წავიდა, ან ვინმემ მოიტაცა, არ მგონია საკუთარი ფეხით წასულიყო, რადგან...
- რადგან რა? - თვალებში შეაჩერდა გოგონა და მოსალოდნელი უბედურების შეგრძნებისგან გული მტკივნეულად შეეკუმშა.
- რადგან ის... - ლუციუსს უმძიმდა სიმართლის თქმა, მდგომარეობიდან ტელეფონის წკრიალმა გამოიყვანა, ეკრანისთვის არც დაუხედია, ისე დააწვა ღილაკს.
- გამარჯობა, ლუციუს! - ამ ცინიკურად მჟღერადმა ხმამ ლუციუსს ყველა საფიქრალი დაავიწყა და გაოგნებით და იმედით აღავსო მისი სული.
- ჯანდაბა... კოვაქს!



P.S. ყველას ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ჩემი ასე უეცარი გაუჩინარების გამო, რაც პირადი პრობლემებით იყო გამოწვეული, მე არ გთხოვთ სიხარულით შეხვედრას და არც პატიებას ვითხოვ, ეს გაუჩინარება ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. მადლობა მათ, ვინც მელოდებოდა... და მათი მესმის, ვინც არ მელოდებოდა. ყველა ძალიან მომენატრეთ და ძალიან მაკლდით. ჰაიკო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Farvana

ვაიმე როგორ გამიხარდა ჯერ შენი გამოჩენა,მერე კიდე კოვაქსის გადარჩენა.
--------------------
ფარვანა

 


№2  offline წევრი უცნაური მე

ძალიან კარგია როგორც ყოველთვის. ვიცოდი კოვაქსი გამოძვრებოდა, სხვანაირად ვერც წარმოვიდგენდი.
ფომაში ხარ როგორც ყოველთვის.
ველოფები გაგრძელებას!

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია პრობლემები მოაგვარე და მიხარია რომ დაგვიბრუნდი.საინტერესოდ აგრძელებ როგორც ყოველთვის
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

რა კარგია რო დაბრუნდიიი.გელოდებოდი და ყოველდღე ვამოწმებდი ახალი თავი ხომ არ გედო:)მაგარიააა

 


№5  offline წევრი ely and baby

ძალიან მაგარი იყო, ველოდები შემდეგ თავს.

 


№6  offline მოდერი ჰაიკო

Farvana
ვაიმე როგორ გამიხარდა ჯერ შენი გამოჩენა,მერე კიდე კოვაქსის გადარჩენა.


ხოო აბა, კოვაქსის მოკვლა როგორ შეიძლება, ასე ხომ ნახევარ საიტს გადავიმტერებ :)

უცნაური მე
ძალიან კარგია როგორც ყოველთვის. ვიცოდი კოვაქსი გამოძვრებოდა, სხვანაირად ვერც წარმოვიდგენდი.
ფომაში ხარ როგორც ყოველთვის.
ველოფები გაგრძელებას!


კი, გამოძვრა და კიდევ ბევრჯერ გამოძვრება, ალბათ;)
დაელოდე და აუცილებლად იქნება, ალბათ დღეს საღამოს.

La-Na
იმედია პრობლემები მოაგვარე და მიხარია რომ დაგვიბრუნდი.საინტერესოდ აგრძელებ როგორც ყოველთვის


პრობლემების მოგვარების რა გითხრა. გმადლობ რომ არ დაგვიწყებია ეს ისტორია.

სტუმარი ნინი
რა კარგია რო დაბრუნდიიი.გელოდებოდი და ყოველდღე ვამოწმებდი ახალი თავი ხომ არ გედო:)მაგარიააა


მადლობა რომ კითხულობ ამ ისტორიას :)

ely and baby
ძალიან მაგარი იყო, ველოდები შემდეგ თავს.


მადლობა კომენტარისთვის. შემდეგი თავი ალბათ დღეს იქნება, მაშინ, როდესაც მზე ჰორიზონტს ჩასცდება :D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№7  offline წევრი უცნაური მე

დაპირებული ახალი თავი სადაა? მზე ჰორიზონტს ჩასცდა და მეორედ ჩასცდება მალე )))

 


№8  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
დაპირებული ახალი თავი სადაა? მზე ჰორიზონტს ჩასცდა და მეორედ ჩასცდება მალე )))


სადაა და აქაა :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent