შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 15] (18+)


8-11-2018, 20:54
ავტორი ჰაიკო
ნანახია 361

წყურვილი [ნაწილი III, თავი 15] (18+)

      ირგვლივ ისედაც დაძაბული ატმოსფერო უფრო დაიმუხტა, ამას ყველა გრძნობდა, სხეულის თითოეული სანტიმეტრით, მაგრამ თავდასხმას არცერთი მხარე ჩქარობდა, ჯერ ყველაფერი ბოლომდე არ იყო გარკვეული. თითქოს ბუნებაც გრძნობდა მოსალოდნელი სისხლისღვრის მლაშე სუნს, უფრო ჩამოღამდა, შორს, ბარიდან გამომავალი ელექტროენერგიის სუსტი შუქი საერთოდ ვერ უზრუნველყოფდა მცირეოდენ განათებასაც კი, სავსე მთვარე ღრუბელს ამოეფარა შეშინებული, ირგვლივ, ტყეში ხმაური შეწყვიტეს ცხოველებმა, თვით მოუსვენარი ციყვიც კი გაიტრუნა.
- მარკუს, - ნახევარი ნაბიჯით უკან დაიხია კოვაქსმა, მაგრამ არა შიშის გამო, ეს გრძნობა მას საერთოდ არ გააჩნდა, უფრო იმიტომ, რომ გამოცდილი მებრძოლი იყო, ყველა გამოცდილი მებრძოლის პირველი მოქმედება საეჭვო სიტუაციაში ხომ ის არის, რომ მეტოქე სრულად ჰყავდეს თვალთახედვის არეში. ეს მარკუსსაც მშვენივრად მოეხსენებოდა, ცივად ჩაიცინა და გვერდულად გახედა ქერა ვამპირს, რომელიც მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა, მის ცივ,  ცისფერ თვალებში მარკუსის დანახვით გამოწვეული კმაყოფილება ირეკლებოდა.
       ჰეიტემს ერთხელ უკვე ჰქონდა მარკუსთან შეჯახების პატივი და გამარჯვებული გამოვიდა მასთან ხანმოკლე შეტაკებაში, მაგრამ ახლა, ამ მომენტში, მაშინ, როდესაც მათ წინააღმდეგ პირველყოფილ ვამპირთა კლანის სამი ლეგენდარული წარმომადგენელი იდგა, მსუბუქად რომ ვთქვათ, სისულელე იქნებოდა მათთან შეტაკება. არა, ჰეიტემს არ შეშინებია, მაგრამ ძალასთან და სისწრაფესთან ერთად ტვინზე ხვეულებიც საკმარისად გააჩნდა და სწრაფად გადაწყვიტა რა უნდა ექნა, საკუთარი ჯანმრთელობა არ ადარდებდა, მაგრამ მეგობრების დაშავებას ვერ დაუშვებდა, ის თავდაცვიდან თავდასხმაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიდოდა, თუ გამარჯვების ასპროცენტიანი გარანტია ექნებოდა, ახლა კი..
- ლუციუსის შეკითხვას გავიმეორებ, - აუჩქარებლად წარმოთქვა მარკუსმა და შემპარავად დაიწყო მოძრაობა მდელოს გარშემო, - აქ რა ხდება?
       ჰიბრიდები იცნობდნენ მას, ბევრი რამ გაეგოთ მის შესახებ, გაახსენდათ ჰეიტემის სიტყვები, რომ მარკუსი სწორედ მაშინაა საშიში, როდესაც ის მშვიდად ლაპარაკობს, ამიტომ ორივე ახალგაზრდა ჰიბრიდი ფრთხილად აკვირდებოდა მის ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს.
- შენი არ გვეშინია, - შეუღრინა ჰეიტემმა და ოდნავ უკან დაიხია, - მარკუს, ვიცი რომ ამ ორთან არ გაქვს მაინცდამაინც თბილი დამოკიდებულება, - მან მრისხანედ მომზირალ ლუციუსსა და შუბლშეკრულ კოვაქსზე მიუთითა, - გთავაზობ, გადმოდი ჩვენს მხარეს და გპირდები, რომ...
       ჰეიტემს სიტყვა მარკუსის საოცრად სწრაფმა მოძრაობამ გააწყვეტინა, მდელოზე მყოფნი გაოგნებულები მიაშტერდნენ მარველს, რომელმაც თვალები გადმოკარკლა, პირიდან სისხლი წასკდა, მკერდზე ხელები იტაცა და მოჭრილი ხესავით დაეცა პირქვე, ვერავინ მოასწრო რეაგირება, იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, თვით ყოვლისმნახველი ლუციუსიც კი გაოგნებული დატოვა.
        ორიოდე წამის შემდეგ მარველის გახევებულ სხეულს კვამლის ფარდა გადაეფარა და ცეცხლში გაეხვია. მარკუსი შესდგა, ხელისგულზე მოთავსებულ ჯერ კიდევ მფეთქავ ორგანოს უემოციო მზერით დახედა და შემდეგ ჰეიტემს გახედა.
- არა, - იღრიალა ჰეიტემმა, - მე შენ... - მან დააპირა მარკუსს დასძგერებოდა, მაგრამ მეორე ახალგაზრდა ჰიბრიდი წინ გადაუდგა და მტკიცედ შებოჭა, ამავდროულად ლუციუსი და კოვაქსი წამის მეასედში გაჩნდნენ მარკუსის გვერდით.
       მარკუსმა მარველის გასისხლიანებული გული ფეხებთან მიუგდო ჭკუიდან გადასულ ჰეიტემს და გრძელი, ალესილი ეშვები გააელვა.
- ჰეიტემ, შენ ჩემი ხალხის ღალატი შემომთავაზე, - თქვა მან, - ეს აღარასოდეს შემომთავაზო, აქედან წადით, ამ ერთხელ სიცოცხლეს გაჩუქებთ, თქვენი მეგობრის სიკვდილი კი მაგალითი იქნება თქვენთვის, თუ როგორ არ უნდა ისაუბროთ მასთან, ვინც მეგობრების ღალატს ჩვეული არაა, - მან ხელის აქნევით ანიშნა ტყისკენ.
      ლუციუსი და კოვაქსი მანამდე იდგნენ საბრძოლო პოზაში, სანამ ჰეიტემი და მისი მეგობარი ტყის სიღრმეში არ გაუჩინარდნენ.
- მშვენიერი ღამეა, - ხელები მოიფშვნიტა ლუციუსმა და ამით სცადა მარკუსსა და მოღუშულ კოვაქსს შორის ჩამოწოლილი უხერხული დუმილი დაერღვია.
- არ გინდა, - ცივად თქვა მარკუსმა და შავგვრემან პირველყოფილს გახედა, - თქვენი დახმარების სურვილი რომ არ მქონოდა, არც დაგეხმარებოდით..
- და რა? - შეაწყვეტინა კოვაქსმა და ირონიით ჩაიცინა, - ამისთვის რამდენი საუკუნის განმავლობაში უნდა ვიყოთ მადლობელი და შენგან დავალებული?
      ლუციუსმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ ირღვეოდა - კოვაქსი და მარკუსი კამათს იწყებდნენ.
- მე შენ სიკვდილისგან გიხსენი მაშინ, როდესაც ლუციუსს ანტიდოტი გამოვატანე, - დაიღრინა მარკუსმა და მუქარით წარსდგა წინ ნაბიჯი, მაგრამ კოვაქსის შეშინება არც ისე ადვილი იყო.
- მერე? აპლოდისმენტებს ხომ არ ელოდები? - მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა კოვაქსმა და დამცინავად მოჭუტა თვალები.
- კოვაქს, - მკაცრად თქვა ქერა უკვდავმა, - იქნებ ცოტა მადლიერება მაინც გამოგეჩინა?
       კოვაქსს არაფერი უთქვამს, ბრაზით გაახრჭიალა კბილები და სწრაფი ნაბიჯით გაიარ-გამოიარა მდელოზე, შემდეგ შეჩერდა, ხელი მარკუსისკენ გაიწოდა, თან ლუციუსს უყურებდა მრისხანე მზერით.
- რისთვის ლუციუს? მიპასუხე, რისთვის? იმისთვის, რომ კვლავ გაბრიელთან გაიქცეს ფინია ლეკვივით და კვლავ ჩვენზე ინადიროს? ოჰ, ბოდიში, ჩვენზე არა, ჩემზე, თქვენ ხომ მშვენივრად უგებთ ერთმანეთს, - ის ელვის სისწრაფით გაჩნდა მარკუსთან და თვალებში ჩახედა, - რა, ასე არ არის, მარკუს?
      მარკუსს არაფერი უპასუხია, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ადევნებდა თვალს კოვაქსის გამოსვლას.
- ასეა, - განაგრძო კოვაქსმა, - და ყოველთვის ასე იყო, გიკვირს ტრანსში ყოფნისას რომ მოგკალი? შენს ადგილზე რომ ვიყო, არ გამიკვირდებოდა, არ ვნანობ და არ მიმაჩნია რომ არასწორად მოვიქეცი, ის დრო რომ დაბრუნდეს, იგივეს მოვიმოქმედებდი, იგივეს, გესმის? - ის კვლავ მიუახლოვდა მარკუსს.
- მორჩი, - შეუღრინა მარკუსმა.
- რატომ? მწარეა სიმართლის მოსმენა? - აგდებულად შეეკითხა კოვაქსი, - იცი რა მაინტერესებს? რით მოგხიბლა გაბრიელმა? არ მგონია სექსუალური ორიენტაცია შეგეცვალა და მისი მწვანე თვალები მოგწონებოდა, აბა მაშ რით? ორივეს გვაინტერესებს, ხომ ასეა, ლუციუს? - ქერა უკვდავს გახედა კოვაქსმა.
      ლუციუსი შეიშმუშნა, ჩაახველა.
- დიახ, - დაგვიანებით გასცა პასუხი, - ორივეს გვაინტერესებს, მარკუს.
      მარკუსმა ბრაზით შეავლო თვალი ლუციუსს, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა და კოვაქსს გახედა.
- ვიცი, რომ იმ გოგონას მიმართ გრძნობები გაქვს, მაგრამ გეტყვი, რომ აზრი არ აქვს, მასში ტალიაა ჩასახლებული და ადრე თუ გვიან მისი მოკვლა მომიწევს, გირჩევ, შეეგუო ამას.
       ლუციუსი ყურადღებით აკვირდებოდა კოვაქსის გამომეტყველებას და გაოცდა, როდესაც შავგვრემანი პირველყოფილის სახეზე ვერანაირი ემოცია ვერ ამოიკითხა, კოვაქსი თითქოს დაბნეულად გამოიყურებოდა.
- მოიცა... გოგონა? ვინ გოგონა? - მან ჯერ მარკუსს შეხედა კითხვის გამომხატველი მზერით, შემდეგ ლუციუსს.
       მარკუსმა რაღაცის თქმა დააპირა, პირი გააღო, მაგრამ გადაიფიქრა და მანაც ქერა ვამპირს გახედა.
- რა ჯანდაბა ხდება? - დასვა შეკითხვა მარკუსმა.
      ლუციუსს არაფერი უპასუხია, კვლავ კოვაქსს აკვირდებოდა, შემდეგ წამის მეასედში გაჩნდა მის წინ და თვალი თვალში გაუყარა.
- კარგად ხარ?
- ამაზე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია, - ბრაზით მიუგო კოვაქსმა, - ჯანდაბა, ვინმე ამიხსნით, რა ხდება?
- გამართლდა ჩემი ვარაუდი, - ხმამაღლა ფიქრობდა ლუციუსი, - ანტიდოტმა მეხსიერება დაგიზიანა..
- რაზე საუბრობ? - მრისხანებამ იელვა კოვაქსის შავ თვალებში.
- ანტიდოტი, რომელმაც განგკურნა, - მიუგო ლუციუსმა, - მეხსიერება დაგიზიანა ფრაგმენტულად, ანუ რაღაცეები გახსოვს, რაღაც კი არა.
- რა დამალევინეთ? - ორი ნაბიჯით უკან დაიხია კოვაქსმა, მისი თვალები უკიდურეს ზიზღს გამოხატავდა.
- ანტიდოტი, რომელიც რებეკამ შექმნა, - ჩაერია მანამდე ჩუმად მდგომი მარკუსი, - მან ჰიბრიდის სისხლი და ვერცხლის ფიჭვის ნაცარი გამოიყენა.
- ასეც ვფიქრობდი, - დაემოწმა ლუციუსი და კოვაქსს მიუბრუნდა, - მია ჯეკსონი, ეს სახელი რამესთან ასოცირდება შენთვის?
      კოვაქსი ერთხანს ფიქრობდა.
- არა, - თქვა ბოლოს, - არასდროს მსმენია.
- მშვენიერია, - ბოროტი ღიმილით თქვა მარკუსმა, - ყველაფერი ძალიან მარტივადაა, გოგოს მოვკლავთ და საფრთხე აღარ დაგვემუქრება.
- პირადად მე არ ვაპირებ ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობის მიღებას, - მოღუშული სახით თქვა ლუციუსმა, - უფრო მეტიც, მას საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავ და შენც გირჩევ, მარკუს, კარგად დაფიქრდე ყველაფერზე.
      მარკუსმა ჩაიცინა.
- ანუ შენ ისევ შენ ხარ.
- რა თქმა უნდა, - ცივად დაუდასტურა ქერა უკვდავმა.
- კარგი.. - მუქარამ იელვა მარკუსის ხმაში, - შენ რას იტყვი, კოვაქს?
      კოვაქსი ჩუმად უსმენდა მათ დიალოგს, როდესაც მარკუსმა მას მიმართა, გამოცოცხლდა, ირონიულად გაიღიმა და ორივე ხელი გაშალა.
- არ ვიცი, რას აკეთებდა ძველი კოვაქსი, ან რას ფიქრობდა ამ ყველაფრის შესახებ, - ღიმილით თქვა მან, - მაგრამ ახალი კოვაქსის პოზიცია ასეთია, - მან ლუციუსისკენ გაიწოდა ხელი, - შენი დედაც, - შემდეგ მარკუსს მიუბრუნდა, - შენი დედაც, თქვენი ორივესი დედაც, აი ჩემი პოზიცია, ბატონებო, - მან სითავხედეში გადასული თავაზიანობით დაუკრა თავი გაოცებისგან პირდაღებულ პირველყოფილებს და მოჩვენებასავით გაუჩინარდა ტყეში.
       ლუციუსი უხმოდ გაჰყურებდა იმ მიმართულებას, საითაც შავგვრემანი უკვდავი გაუჩინარდა და ნელ-ნელა გონება უნათდებოდა.
- აშკარად სხვანაირია, შიშის გრძნობა საერთოდ არ აქვს, მეხსიერება დაზიანებული, უფრო სწრაფი.. რას უნდა ნიშნავდეს ეს ნეტავ? - თავისთვის ფიქრობდა, როდესაც ფიქრთა ძაფი მობილურის წკრიალმა გააწყვეტინა.
       გაკვირვებული ერთხანს ნომერს აკვირდებოდა, ბოლოს მაინც გადაწყვიტა, ეპასუხა.
- გისმენთ.
- ლუციუს, - მოისმა აღელვებული ხმა, - ლუციუს.
- გისმენთ, - ოფიციალურად და ცივად ჟღერდა ქერა ვამპირის ხმა.
- მიას ველაპარაკე და გავიგე, რომ კოვაქსის მოსაძებნად წასულხარ, ხომ ნამდვილად კარგად ხარ?
- შესანიშნავად, - ეჭვმა გაჰკრა გულში ლუციუსს, - რა ხდება?
- კოვაქსთან ფრთხილად იყავი, - შეყოვნდა ქალი.
- რატომ? ხომ არ შეგახსენო, ვინ ვარ მე?
- ვიცი ვინც ხარ და ეგ თავდაჯერებულობა მოიშორე, - გაბრაზდა ქალი, - ის ჰიბრიდია, ლუციუს, გესმის? პირველყოფილი ჰიბრიდი, შენზე და მარკუსზე გაცილებით ძლიერი და სწრაფი!
- ჯანდაბა, - ნელა თქვა გაოცებულმა ლუციუსმა, - აი თურმე რატომ არის ასეთი თავდაჯერებული...გმადლობ, - ჩასძახა ტელეფონში და გათიშა, შემდეგ მარკუსისკენ შებრუნდა, მაგრამ ის უკვე წასული აღმოჩნდა.
      ლუციუსმა მდელოს თვალი მოავლო, შემდეგ კვლავ მობილური მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა.
- ლუციუს, გთხოვე, რომ შორს დაგეჭირათ ჩემგან თავი, - მოისმა გოგონას ცივი ხმა.
- გამარჯობა, - ზრდილობას არ უღალატა ქერა ვამპირმა, - მე ის ვიპოვნე, მის ჯეკსონ.
      ამ სიტყვებს ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა.
- მერე? - იკითხა ბოლოს გოგონამ.
- ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მის ჯეკსონ, მაგრამ ანტიდოტმა მის მეხსიერებაზე ცუდად იმოქმედა..
- რას გულისხმობ? - ვერ მიხვდა მია.
- მას საერთოდ არ ახსოვხართ, - თქვა ლუციუსმა, - არ იცის ვინ ხართ, ვწუხვარ.
       მიას არაფერი უთქვია, ერთხანს სიჩუმემ იმეფა, შემდეგ ტელეფონი გაითიშა, ლუციუსმა თავი კუშტი გამომეტყველებით გააქნია, სიგარეტს მოუკიდა და ღრუბლიან ცას ახედა..

********

        სალემის აღმოსავლეთით მდებარე მიტოვებული იდუმალი სახლი ამ ღამეს მაინცდამაინც არ გამოიყურებოდა მიტოვებულად. პირველი სართულის შესასვლელთან რამდენიმე მამაკაცი იდგა, სიგარეტს აბოლებდნენ და წყნარად საუბრობდნენ, დრო და დრო ჭიშკრისკენ აპარებდნენ თვალს, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან პიროვნებას ელოდებოდნენ. მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ხან ძლიერი ქარი შეუტევდა ხოლმე ხისგან ნაგებ შენობას, ხან შხაპუნა წვიმა გადაუვლიდა, მაგრამ ეს სამი მამაკაცი ამას სულაც არ აქცევდა ყურადღებას.
- ყურადღებით, - თქვა ერთ-ერთმა, მობილური, რომელზეც მანამდე საუბრობდა, ჯიბეში ჩაიცურა, ქურთუკი გადაიწია და სწრაფად ამოიღო იარაღი.
- რა ხდება? - იკითხა მეორემ, მანაც მოიმარჯვა პისტოლეტი და გარს შემოჯარულ სიბნელეში გააცეცა თვალები. იგივე მოიმოქმედა მესამე მამაკაცმაც.
- უხუცესი მოდის, - თქვა მან, ვინც მობილურზე ლაპარაკობდა, - ზუსტად მას ველაპარაკებოდი და ფრთხილად ყოფნა მირჩია, ახლომახლოს სისხლისმსმელები დაძრწიანო...
- მხოლოდ სისხლისმსმელები? - იკითხა მეორემ, წვეროსანმა მამაკაცმა.
- იქნებ მაქციებიც, - უპასუხა პირველმა.
   თითქოს მისი სიტყვების დასტურად, სულ ახლოს, ტყეში ისეთი საზარელი ყმუილი გაისმა, სამივე მამაკაცს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ეს იყო სრულიად განსხვავებული, მრისხანე, მომთხოვნი, მბრძანებლობას და ძალაუფლებას მიჩვეული ხმა.
  - ბავშვობაში მამა ლეგენდებს მიყვებოდა ხოლმე, - დაიჩურჩულა წვეროსანმა, - ადამიანზე, რომელიც ადამიანებს გაექცა, გაექცა მათ უსამართლობას, ტყეს შეაფარა თავი, იქ კი მგლებს შეხვდა და...
      ქარის და წვიმის ხმა კვლავ გაჰკვეთა მრისხანე ყმუილმა.
- და რა? - ვერ მოითმინა პირველმა.
- ის მგლების ხროვას გადაეყარა, - განაგრძო წვეროსანმა, სიბნელეს თვალს არ აშორებდა, ამ მისტიკურ გარემოში მისი ხმა კიდევ უფრო საშიშად და იდუმლად ჟღერდა, - ის ალფა გახდა, ალფა.. ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი მგელი, ხროვის ლიდერი..
       წვეროსანს სიტყვა პირში გაუწყდა, სამივე მამაკაცი შიშისგან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა გარსშემოჯარულ სიბნელეს, სადაც როგორც ნაკვერჩხლები, ისე ბრდღვიალებდა თვალები..
- ამის დედაც, - დაიჩურჩულა პირველმა, - ერთი ამათ შეხედეთ, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი...
- ჩემსკენ თორმეტი წყვილი თვალი დავთვალე, - თქვა მეორემ.
- თექვსმეტი ჩემსკენ, - დაამატა მესამემ.
- ოცდათოთხმეტი მგელკაცი, - სწრაფად თქვა წვეროსანმა, - ჯანდაბა.. მთელი ხროვაა, ამდენი ერთად არასდროს მინახავს..
      წყვდიადით მოცულ კორომს ტანმაღალი, ჯმუხი აღნაგობის მამაკაცი გამოეყო, ტანზევით სიშიშვლე მის საოცარ აღნაგობას უსვამდა ხაზს, მიუხედავად საკმაოდ დაბალი ტემპერატურისა, მას საერთოდ არ ეტყობოდა რომ სციოდა. ის ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა იარაღშემართულ სამეულს, ჰაერი დაყნოსა და სახეზე კმაყოფილება გამოეხატა.
  - ალფა, - დაიჩურჩულა წვეროსანმა და მისი ორივე მეგობარი გაფაციცებული დააკვირდა ყურადღების ობიექტს, ისინი პირველად იმყოფებოდნენ საიდუმლო საბჭოს შეკრებაზე და პირადად არასდროს ენახათ ალფა მგელკაცი, მით უმეტეს, ასე ახლოს.
      ბოგდანმა სწრაფად შეათვალიერა სამეული.
- ეს რას ნიშნავს? - დაიღრინა მან და იარაღზე ანიშნა.
- უსაფრთხოების ზომებია, - მიუგო წვეროსანმა და ოდნავ უკან დაიხია, - ბოლო ინფორმაციით, სალემში სისხლისმსმელთა გააქტიურება შეინიშნება...
- ჰმ, - გააწყვეტინა ბოგდანმა, - ვითომ? საშიში არაფერია, ჩემი ბიჭები აქ არიან, ყველგან, - მან წრე მოხაზა სახლის გარშემო ტერიტორიაზე, - მთელი ჩემი ხროვა, - ამ ღამეს ვერცერთი ვამპირი ვერ შემობედავს აქ.
- სახლში შევიდეთ, - წვეროსანმა იარაღი შეინახა და შებრუნდა.
     ბოგდანი ტყისკენ შებრუნდა, სიბნელეს შერეულ უჩინარ ხროვის წევრებს რაღაც ანიშნა და როდესაც პასუხი მიიღო, კიდევ ერთხელ მოათვალიერა გარემო და სახლში შევიდა.
     ჩაბნელებულ ტყეს ორი ახალგაზრდა მაქცია გამოეყო, სახლს და ტყეს შორის მდებარე მცირე ტერიტორია გადმოკვეთა და სახლის შესასვლელთან დაიკავა პოზიცია, ალფა მგელკაცის დავალებით, მათ საიდუმლო საბჭოს შეკრების მიმდინარეობისას მათი უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყოთ, მათ არ შეუმჩნევიათ ერთიანად შავ ტანისამოსში ჩაცმული პიროვნება, რომელიც გრუნტიანი გზის გადაღმა, მოპირდაპირე სახლის კუთხეს ამოჰფარებოდა და ბოროტი მზერით აკვირდებოდა მის თვალწინ მიმდინარე მოვლენებს, მარცხენა ხელი ჯიბეში ჩაედო, რომ ღრუბლებს შორის მცურავ მთვარეს მისი გვირგვინოსანი ბეჭედი არ აებრჭყვიალებინა და მისი აქ ყოფნა არ გაეცა..

******

      შერიფი კრამერი საკუთარ კაბინეტში განმარტოებულიყო, უკვე მიეღო ვისკის საკმაო ულუფა და ახლა, სავარძელში მყუდროდ მოწყობილი, ისევ და ისევ ბარში კოვაქსთან შეხვედრის დეტალებს იხსენებდა, როდესაც მდივანმა დაურეკა.
- სერ, თქვენთან მამაკაცია მოსული, შეხვედრა უნდა, ამბობს საქმე მაქვსო, მისტერ შელტონად გაგვეცნო..
- ახლავე შემოუშვი, - ჩასძახა შერიფმა ყურმილში, მაგიდის უჯრიდან იაფფასიანი სიგარის ყუთი გამოიღო, ერთი ცალი ამოიღო, დასუნა, შემდეგ პირში გაირჭო, მოუკიდა და ხარბად მოქაჩა, სახეზე კმაყოფილება აღბეჭდოდა, როგორც ჩანს, ფორტუნა მაინც მისკენ იხრებოდა, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილ სერჟანტს ამ საღამოს ბედი სწყალობდა.
      კაბინეტში შელტონის დაძაბული სახე გამოჩნდა, შერიფი წამოდგა, მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა შელტონს, უსიტყვოდ, მაგრად ჩამოართვა ხელი და სავარძელზე მიუთითა. შელტონმა მიპატიჟება მიიღო, სავარძელზე ჩამოჯდა და არც შერიფის შეთავაზებულ ვისკიზე უთქვამს უარი, ჩათვალა, რომ ამ თემაზე ფხიზელი გონებით საუბარი შეუფერებელი იყო.
- მიხარია, რომ გადაწყვიტეთ ჩვენთან მოსვლა, - თქვა შერიფმა.
- ჰო, - გამოეპასუხა შელტონი, - ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე, რომ ასე უკეთესია... რაღაც მაქვს სათქმელი, რაც მაშინ, როდესაც თქვენ და ექიმი მესტუმრეთ, არ მითქვამს..
      შერიფი წინ წამოიწია და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, საუბარი აშკარად საინტერესო მიმართულებას იძენდა.
- გისმენთ, მისტერ შელტონ, - თვალებში ჩააცქერდა სტუმარს.
       შელტონი ერთახანს ყოყმანობდა, ბოლომდე ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა ის, რის თქმასაც აპირებდა.
- ხომ გახსოვთ, - თქვა ბოლოს, - მე რომ მოგიყევით, როგორ გადაიქცა ადამიანი მგლად, თუ რაღაც ამდაგვარ არსებად..
- დიახ, მახსოვს, - სმენად იქცა შერიფი, - მერე?
- ყველაფერი არ მითქვამს, - თვალი აარიდა შელტონმა.
- გისმენთ, მისტერ შელტონ, - მკაცრად თქვა შერიფმა და ვისკი მოსვა.
- მე.. ის ვიცანი, შერიფო, - ამოთქვა შელტონმა და შერიფს დაჟინებით მიაშტერდა.
- ვინ?
- მისტერ ო'ნილი! - მტკიცედ თქვა შელტონმა.
- რა ბრძანეთ? - პირი დააღო შერიფმა.
- მისტერ ო'ნილი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც მგლად იქცა ჩემს თვალწინ, შერიფო!
      შერიფმა ღრმად ამოისუნთქა, წამოდგა, კაბინეტში ჩექმების ბრაგა-ბრუგით გაიარ-გამოიარა და შელტონის წინ ჩამოჯდა პირდაპირ მაგიდაზე.
- ხვდებით, რომ ამ წუთას საზარელ ბრალს სდებთ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ მოქალაქეს?
- რა თქმა უნდა, - მიუგო შელტონმა, - მაგრამ ეს სიმართლეა, შერიფო, ადამიანი, ვინც მგლად იქცა, მისტერ ბოგდან ო'ნილი იყო! - დაბეჭდა მან.
- ჯანდაბა, - წამოიყვირა შერიფმა, კვლავ ხმაურით გაიარ-გამოიარა კაბინეტში და ფანჯარასთან შედგა, ერთხანს შერიფის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას გადაჰყურებდა კუშტი მზერით, შემდეგ შემობრუნდა, - რას მთავაზობთ, მისტერ შელტონ.. ანუ თქვენი აზრით, როგორ უნდა მოვიქცეთ?
- მე ვიცი ისინი როგორ უნდა გავანადგუროთ, შერიფო, - შელტონმა ვისკი მოსვა, - მე ისინი ძალიან კარგად შევისწავლე ამ დროის განმავლობაში და ვფიქრობ, შეგვიძლია ვაჯობოთ მათ..
- მათ? - შეუბრუნა კითხვა შერიფმა და თვალები მოწკურა, - მეგონა, მხოლოდ ერთ ადამიანზე ვლაპარაკობდით.
- დარწმუნებული ვარ მხოლოდ ერთი არ იქნება, - მიუგო შელტონმა და ვისკი მოსვა.
- კარგი, - თავი დაუქნია შერიფმა, - ვნახოთ, რის შემოთავაზება შეგიძლია, მისტერ შელტონ, მერე დავფიქრდები ჩემს წინანდელ შემოთავაზებაზე..

******

      კართან დარაჯად მდგარი ახალგაზრდა მაქციები სიგარეტს აბოლებდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს ელაზღანდარავებოდნენ, როდესაც მათ გვერდით ნიავივით ჩაიქროლა რაღაცამ თუ ვიღაცამ.
     მაქციები სმენად იქცნენ, ირგვლივ მზერით მოჩხრიკეს ჩაბნელებული შემოგარენი და ბოლოს თვალი შეასწრეს პიროვნებას, რომელიც მათკენ სახით იდგა, მთვარის სუსტი შუქი ზურგში სცემდა, ამიტომ მაქციები ვერ არჩევდნენ მის ნაკვთებს, ის ელვასავით სწრაფად გაჩნდა მათ წინ, ალესილი ეშვები გააელვა, ირონიული ღიმილით შეათვალიერა ელდანაცემი მაქციები და წყვდიადივით შავ თვალებში ზიზღი გამოუკრთა.
- ბატონებო, - მიმართა მაქციებს, - იმედი მაქვს, გართულებების გარეშე შემიშვებთ შიგნით..
- პირველყოფილი, - აღმოხდა ერთ-ერთს მისი ბეჭდის დანახვისას და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ მეორემ არ დაიჯერა, ის ჯიქურ, მუქარით მისჩერებოდა უცნობს, იღრინებოდა და ეშვებს აკრაჭუნებდა.
- უმალ მოვკვდები, ვიდრე მაგის უფლებას მოგცემ, - დაიღრინა მან.
- სიამოვნებით, - სატანურად გაიღიმა უცნობმა, ელვისებური მოძრაობით გაქრა წყვდიადში და სადღაც შორიდან მოისმა მისი ხარხარი, ხოლო შეშინებული მაქცია თვალებგადმოკარკლული მიაჩერდა მეგობარს, რომელიც ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, ხოლო მისი უთავო სხეული ცახცახებდა, თვალებგაყინული გასისხლიანებული თავი კი მის ფეხებთან გორაობდა, კისრიდან ამოჩრილი არტერიებიდან ბიძგებით იფრქვეოდა სისხლი და სახლის ხის კედელს წითლად ღებავდა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი უცნაური მე

პირველი მეე :)
წავიკითხავ და მოგახსენებ ავტორო..

 


№2 მოდერი ჰაიკო

მოკლედ, კაცი ვერ დაგასწრებს რა:) :)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3 წევრი უცნაური მე

ჰაიკო
მოკლედ, კაცი ვერ დაგასწრებს რა:) :)

გული მიგრძნობს ხოლმე :D

აქ რა ჯანდაბა ხდება??
კოვაქსი.. როგორ მაფიქრებს და მაშინებს ეს პერსონაჟი, თან ახლა როცა უკვე ვიცით, რომ ჰიბრიდია.. ძალიან არ მინდა მეტი სისულელე ჩაიდინოს..
ამ მიამ რა დააშავა ჩვენში დარჩეს მითხარი რაა :) ჯერ იყო და მარკი, ახლა კოვაქსსაც აღარ ახსოვს... იმედია იმ "შტერ" თავს სადმე ისე მიარტყმევინებ კოვაქსს, რომ გაიხსენოს მიაკო ;)
შერიფი კრამერი რას ხლართავს ძაან მაინტერესებს..
მიუხედავად ყველაფრისა, ყველა პერსონაჟი ძალიან მიყვარს და არ მინდა რამე დაემართოთ, თუმცა ვხვდები, რომ გარდაუვალია ბევრის სიკვდილი.. ძაან შემეცოდა მარველი და ახლა უკვე ჰეიტემი და მეზერსი მაშინებენ..
მოკლედ ავტორო.. ძალიან კარგი ხარ შენ! და ველოდები ახალ, მსუყე და ბევრის მთქმელ თავს... ❤️

 


№4  offline წევრი თე ოო

თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მგონია ძალიან მომწოს kissing_heart

 


№5 მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
ჰაიკო
მოკლედ, კაცი ვერ დაგასწრებს რა:) :)

გული მიგრძნობს ხოლმე :D

აქ რა ჯანდაბა ხდება??
კოვაქსი.. როგორ მაფიქრებს და მაშინებს ეს პერსონაჟი, თან ახლა როცა უკვე ვიცით, რომ ჰიბრიდია.. ძალიან არ მინდა მეტი სისულელე ჩაიდინოს..
ამ მიამ რა დააშავა ჩვენში დარჩეს მითხარი რაა :) ჯერ იყო და მარკი, ახლა კოვაქსსაც აღარ ახსოვს... იმედია იმ "შტერ" თავს სადმე ისე მიარტყმევინებ კოვაქსს, რომ გაიხსენოს მიაკო ;)
შერიფი კრამერი რას ხლართავს ძაან მაინტერესებს..
მიუხედავად ყველაფრისა, ყველა პერსონაჟი ძალიან მიყვარს და არ მინდა რამე დაემართოთ, თუმცა ვხვდები, რომ გარდაუვალია ბევრის სიკვდილი.. ძაან შემეცოდა მარველი და ახლა უკვე ჰეიტემი და მეზერსი მაშინებენ..
მოკლედ ავტორო.. ძალიან კარგი ხარ შენ! და ველოდები ახალ, მსუყე და ბევრის მთქმელ თავს... ❤️


გმადლობ თბილი და ვრცელი კომენტარისთვის უცნაური და მიხარია რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ!

თე ოო
თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში მგონია ძალიან მომწოს kissing_heart


შენ მგონი ახალი ხარ ამ ისტორიის მკითხველთა შორის ხომ? მიხარია ძალიან.მადლობა კომენტარისთვის.

ჩემო მკითხველებო,მომდევნო, XVI თავი ალბათ ხუთშაბათს იქნება,ვიცი რომ დროის დიდი ინტერვალია და ამისთვის წინასწარ გიხდით ბოდიშს,მაგრამ ვფიქრობ რომ სჯობს მომდევნო თავი უფრო საინტერესო,მძაფრსიუჟეტიანი და ვრცელი იყოს,ვიდრე წინამდებარე,რადგან ამ თავით მე თვითონ დავრჩი უკმაყოფილო. პატივისცემით - ჰაიკო.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№6  offline წევრი თე ოო

მკითხველი ვარ უკვე წლებია ამ საიტის და შენი ისტორია ეხლა ვნახე ბედნიერი ვარ რო აგმოგაჩინე ძალიან მიყვარს ასეთი ჟანრი და სულმოუთქმენლად დაველოდები შემდეგ თავს kissing_heart kissing_heart heart_eyes

 


№7  offline წევრი ely and baby

,,ვამპირის დღიურები" ამასთან ვერც მოვა, ეს გაცილებით უფრო მაგარია. ველოდები შემდეგს.

 


№8 სტუმარი სტუმარი მწარე

ყველა თავი და ნაწილი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე იმდენად კარგად ხწერთ ყველაფერს პიროვნებას ტყეს ადგილს მგონია რომ საკუთარი თვალით ვუყურებ ველოდები შემდეგ თავს ძალიან მომწონს და წარმატებები თქვენ????????

 


№9 მოდერი ჰაიკო

თე ოო
მკითხველი ვარ უკვე წლებია ამ საიტის და შენი ისტორია ეხლა ვნახე ბედნიერი ვარ რო აგმოგაჩინე ძალიან მიყვარს ასეთი ჟანრი და სულმოუთქმენლად დაველოდები შემდეგ თავს kissing_heart kissing_heart heart_eyes


შევეცდები ხარისხი არ დავაგდო:) მადლობა კიდევ ერთხელ:)

ely and baby
,,ვამპირის დღიურები" ამასთან ვერც მოვა, ეს გაცილებით უფრო მაგარია. ველოდები შემდეგს.


ოჰო, ვფიქრობ ლ.ჯეიმზთან ჯერ ახლოსაც ვერ მივალ:) მადლობა თბილი კომენტარისთვის.

სტუმარი მწარე
ყველა თავი და ნაწილი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე იმდენად კარგად ხწერთ ყველაფერს პიროვნებას ტყეს ადგილს მგონია რომ საკუთარი თვალით ვუყურებ ველოდები შემდეგ თავს ძალიან მომწონს და წარმატებები თქვენ????????


მადლობა მწარე, მიხარია რომ შემოუერთდი ჩემს მკითხველებს:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№10 სტუმარი ელლე

ძალიან მომწონს შენი ისტორია მაგრამ ამდენი დაგვიანება არ მომწონს???????? მალე დადე რა ახალი თავი ყოველ დღე შემოვდივარ საიტზე და ვამოწმებ თუ დადო თქო.

 


№11 მოდერი ჰაიკო

ელლე
ძალიან მომწონს შენი ისტორია მაგრამ ამდენი დაგვიანება არ მომწონს???????? მალე დადე რა ახალი თავი ყოველ დღე შემოვდივარ საიტზე და ვამოწმებ თუ დადო თქო.


მადლობა ელლე, მაგრამ მირჩევნია კვირაში ერთხელ ან ორჯერ დავდო და ხარისხიანი, ვიდრე ყოველდღე და არ ვარგოდეს.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent