შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (თავი 3)


10-11-2018, 00:41
ავტორი P.A.
ნანახია 8 271

არ გადამიფიქრო! (თავი 3)

***
–უნდა გენახა, როგორ მიყვიროდა ბექა, – გულამომჯდარი ყვებოდა ნინა და ჩანგალს უაზროდ დაატარებდა საჭმლიან თეფშზე
–კიდევ ერთხელ თუ გიყვირა, მე მითხარი, – სასაცილოდ შეკრა წარბები ბექამ და ნინასაც მაშინვე გაეცინა
–არ არის ცუდი კაცი, წარმატებებიც კი მისურვა ბოლოს, თან მაგან ამიყვანა სამსახურში, – წამოიძახა უცებ
–მაინც რამდენია ზარალი? ჭამე თან შენ, – თავით თეფშზე ანიშნა
–არ ვიცი, ალბათ ბევრი, – ამოილაპარაკა ჩუმად
– დამშვიდდი, მოაგვარებს. ამხელა რედაქციის პატრონია, რამეს იზამს, – უღიმოდა ბექა
–ძალიან გამიტყდა! ეს როგორ მომივიდა?!
–ნინა, დამშვიდდი! არ იცოდი, არც გასწავლეს წესიერად. სხვა დროს აღარ მოგივა. ოჰ, მოვიდნენ როგორც იქნა!
კაფეში ცოტნე და ანანო შემოვიდნენ და დაინახეს თუ არა მეგობრები, მათკენ გამოემართნენ
–აბა, გამომაგდეს უკვეო? – ჩამოჯდა ცოტნე და ნინას მაგივრად ბექას მიაჩერდა სერიოზული სახით
–ცოტნე, რა გაგაფრთხილე! – იდაყვზე მოქაჩა ანანომ და გვერდით მჯდარ ნინას ჩამოადო მხარზე თავი
–უარესის ღირსი ვარ! – გაიბუტა ნინა
-მორჩი ახლა თვითგვემას! – შეუძახა ისევ ბექამ და მოცინარ ცოტნეს შეუღრინა – რას უშლი ბავშვს ნერვებს?
ცოტნეც მოლბა, გამამხნევებელი სიტყვები დააყარა ნინას და ცოლისგანაც მიიღო გულწრფელი ღიმილი. ეცინებოდათ ნინას ნერვიულობაზე, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც მის გვერდით იყვნენ და თავისებურად ამშვიდებდნენ. სახლში დაბრუნებისას თავს ნამდვილად უკეთ გრძნობდა. მეორე დღისთვის ლამაზი მოკლე კაბაც კი აარჩია სამსახურში წასასვლელად, ისევ მოვიდა გამოპრანჭვის ხასიათზე. შემორჩენილი დავალებებიც დაასრულა და ბოლო კვირის განმავლობაში პირველად ჩაეძინა მშვიდად.

***
სამი ოქტომბერი თენდებოდა და ნინას, რა თქმა უნდა, არ ეძინა. ახლა თაიასთან იყო, გულით, სულით, გონებით. მხოლოდ სხეული ესვენა საკუთარ საწოლზე. ცხელი სითხე მიიკვლევდა გზას ყურებისკენ და ბალიშზე დაფენილ თმებში უჩინარდებოდა. სახეზე თან ტანჯვა, თან ემოციაგამოცლილი გამომეტყველება ესახებოდა. განა მონაცვლეობით, ორივე ერთად. ყოველ ღრმა ამოსუნთქვას ჩუმ გმინვას აყოლებდა ნინა და აკანკალებულ ხელებს მონოტონურად ათამაშებდა საკუთარ მუცელზე.
–დაბადების დღეს გილოცავ, თაი, – დაიჩურჩულა და ოდნავ ჩაეღიმა.
ფანჯრიდან უკვე მოჩანდა ოდნავი ნათება, მალე მზეც ამოვიდოდა. უძინარი წამოჯდა საწოლზე და გახსენებაზე, რომ წინ სამუშაოს დამღლელი დღე ელოდა, მძმედ ამოიოხრა. თაიას დაბადებისდღე იყო, აუცილებლად ადრე გაეთავისუფლებოდა და მივიდოდა პატარა დასთან, აუცილებლად მოუყვებოდა ზღაპარს კეთილ მეწისქვილეზე, აუცილებლად გააკკეთებდა ყველაფერს, რომ მის მშობლებს წინა წელთან კიდევ უფრო მეტად მსუბუქად ეგრძნოთ თავი, აუცილებლად ეცდებოდა, რომ წელს ნაკლებად დაედანაშაულებინა თავი. შეძლებდა რო?! გააკეთებდა ყველაფერ იმას, რაც ასე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი?!
ოთახიდან გასვლისთანავე შენიშნა მისაღებში, სანთლებთან მდგარი, თვალებაცრემლებული დედა. ფრთხილი ნაბიჯით ჩაუარა გვერდით და დივანზე დაეშვა, ოდნავ მოხუჩა თვალები. „როგორ გვაკლიხარ..“ გაუელვა ისევ თავში და მიხვდა, რომ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, ტკივილს ვერაფერი შეუმსუბუქებდათ თინას და ნიკოლოზს. ცოტახანში დედის მიახლოება იგრძნო
–დილამშვიდობისა, დე..
–გილოცავ ჩვენი თაიას დაბადების დღეს, ნინა! – ზურგიდან მოეხვია დედა და წამით სუნთქვაშეკრულს ქვითინი აღმოხდა
რამდენი ხანი უნდა გასულიყო, რომ ამ ოჯახში ისევ ისე გაეცინათ? ისევ ისე მსუბუქად ეგრძნოთ თავი, როგორც მაშინ, ოთახიდან ოთახში თაია რომ დარბოდა? იქნებოდა კი მსგავსი დღეები?



***
–ზაზა, დღესვე დაგეგმე თათბირი, 6 საათზე, ყველა შეიკრიბოს კაბინეტში, – ოფისში შედიოდა რეზი და თან მითითებებს აძლევდა ზაზას
–კარგი, ასისტენტებიც უნდა დაესწრონ თუ მხოლოდ..
–ყველამეთქი, ზაზა! პრობლემის გამოსასწორებლად ერთობლივი მუშაობაა საჭირო, თავად გავცემ ყველასთვის მითითებებს
–კიბატონო, ახლავე შევატყობინებ ყველას, – თავი დაუქნია ზაზამ და გაბრუნდა.
იმდენი საქმე ჰქონდა დაგროვილი, შუადღემდე ვერ ასწია თავი. სადილობაც ვერ მოესწრო, მხოლოდ რამოდენიმე ჭიქა ყავა დალია და ბოლოს გადაწყვიტა ოფისიდან გასულიყო, რომ სუფთა ჰაერი ჩაეყლაპა თათბირის დაწყებამდე. შიდა ეზოს შეაფარა თავი და იმ წამსვე სიგარეტს მოუკიდა. სკამზე ჩამოჯდა, გრილი ნიავი ესიამოვნა. თვალების დახუჭვას და განტვირთვას აპირებდა, გვერდიდან რომ მოესმა ხმა. გარეთ გამოსული ნინა ტელეფონზე ლაპარაკობდა.
–თაიას დაბადების დღეა.. ჰო ნანო, ვეცდები მალე გამოვიდე. აუცილებლად, მაგრამ სანამ ავალთ მინდა ცოტახნით მარტო.. –შენიშნა თუ არა რეზი, მაშინვე გაუწყდა სიტყვა
–დაგირეკავ ცოტახანში, ნანო – დაიჩურჩულა და პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა
ტელეფონი ჯინსის ჯიბეში ჩააცურა და სანამ უკან მიბრუნდებოდა, ოდნავ თავის დაკვრით მიესალმა რეზის
–ნახევარ საათში თათბირია, – საათზე დაიხედა რეზიმ და ღრმა ნაპასი დაარტყა
–დიახ, ვიცი.. – თითქოს დაპატარავდაო, თითქოს ტყუილში გამოიჭირეს
–და სად აპირებ წასვლას, ნინა? – თვალები გაუფართოვდა რეზის – ყური მოვკარი – დაამატა ბოლოს, როცა მიხვდა, გოგონა პასუხს ვერ სცემდა
–იცით, ჩემი დის დაბადების დღეა და..
–და? თათბირს აცდენ, რომ სტუმრების სიას არ გამოაკლდე? ნინა, მე მგონია, რომ ამ სამსახურს არასერიოზულად ეკიდები!
–არა, რას ამბობთ! – ტირილი მოუნდა, ხმას ვერ იღებდა. იგრძნო, რომ ახლა არ შეეძლო მასთან თაიაზე ლაპარაკი. მით უმეტეს, ასეთ დროს, როცა რეზი ცივი გამომეტყველებით შეჰყურებდა და მკაცრი, დაბოხებული ხმით აძლევდა შენიშვნას
–თათბირზე არ დააგვიანო! – მოკლედ მოუჭრა, სიგარეთი ნაგვის ურნაში მოისროლა და ოფისში შებრუნდა.
რამოდენიმე წუთი ფეხზე მდგარი, ერთ ადგილას გაყინულიყო ნინა. თვალდახუჭული, ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა თავისთვის ზედმეტად აღელვების საშუალება არ მიეცა.
თათბირი მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. საკითხი ნინას მიერ გაფუჭებულ საქმეს ეხებოდა. რეზი დაწვრილებით უხსნიდა თითოეულ თანამშრომელს მათ მოვალეობას, მითითებებს იძლეოდა და მოსალოდნელ შედეგებს განიხილავდა. თან ხშირ–ხშირად იხედებოდა მაჯის საათზე. ნინა ფიქრობდა, მასაც ეჩქარებაო და ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ დაბნელებამდე მოასწრებდა დისთვის რამოდენიმე სიტყვის თქმას, სანამ ჯერ კიდევ მისი დაბადების დღე იყო. თუმცა, თათბირი საღამოს თერთმეტ საათამდე გაგრძელდა. ნინა მოუსვენრად იჯდა სავარძელში, აღარავის უსმენდა. ნერვებაშლილი, შინაგანად განადგურებული მხოლოდ ტუჩების დაჭმას ახერხებდა. თავს ვეღარაფერს უხერხებდა. ცოტახანში ყრუდ ჩაესმა რეზის სიტყვები – „მემგონი ყველაფერი ნათელია, ხვალიდან უფრო მონდომებით შეუდექით საქმეს, თავისუფლები ხართ. ბოდიშს გიხდით, რომ შეხვედრა დადეგმილზე მეტხანს გაგრძელდა..“. ნინამ დაინახა, როგორ წამოიშალა ხალხი, ნელ–ნელა მთელი ოთახი დაიცალა და ისიც მოეგო გონს. ფეხზე წამოდგა, თუმცა ცოტა შემორძიკდა. ხელი მაგიდას დააყრდნო და ღრმად ამოისუნთქა. მთელი დღის უჭმელსა და ნანერვიულებს ძალები აღარ შერჩენოდა. სწრაფად მოიცვა ქურთუკი, მხარზე გადაიგდო ჩანთა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა რედაქცია. სისუსტე ისევ იგრძნო გარეთ გასვლისას, ცოტაც და დაეცემოდა, ამიტომ იქვე, ძირს ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. იფიქრა, ცოტას დავისვენებ და ბექას და ცოტნეს ვთხოვ, რომ მომაკითხონო, თუმცა ისე გავიდა დრო, აზრზე ვერ მოვიდა. თავი ასწია და მობილური ამოიღო ჯიბიდან, უამრავი ზარი იყო შემოსული ოჯახისა დამეგობრებისგან. უკმაყოფილოდ ამოისუნთქა, მერე კი საათს დახედა. თაიას დღე აღარ იყო.. ნინამ გამოტოვა თაიას მეშვიდე დაბადებისდღე.. სიმწრის ცრემლებმა დაუსველა ლოყები და იგრძნო, რომ ვეღარ გაჩერდებოდა, ახლა ვერაფრით გაჩერდებოდა. ხმა რომ ჩაეხშო პირზე აიფარა ორივე ხელი და მხრები აუკანკალდა. ტიროდა, ძირს, ღამე, ქუჩაში, მარტო იჯდა ნინა და ტიროდა
–ნინა?! – მოესმა გვერდიდან შეძახილი და უფრო მეტად უმატა ტირილს. ახლა მარტო ყოფნა უნდოდა, ახლა არ უნდა შეემჩნიათ
–ნინა! – გაისმა კიდევ ერთხელ და იგრძნო, როგორ შეეხო მხრებზე ძლიერად რეზი, რომელიც მის წინ ჩამუხლულიყო
–მე.. მე.. – ძლივს ამოთქვა და უფრო მეტად უმატა ტირილს
–ნინა, რა მოხდა? – ხმაჩაწყვეტილი ეკითხებოდა რეზი. წამით გაუშვა გოგონას ხელები და პიჯაკის ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო
ისე, რომ არც უკითხავს, ცალი ხელით ორივე მაჯა ერთად შეუბოჭა, მეორე ხელით კი სველი სახე ნაზად შეუმშრალა
–არ მეტყვი, რა მოხდა? – ჰკითხა ისევ და მის წამოყენებას ეცადა, მაგრამ გოგონა გაუძალიანდა
–თაიას დაბადებისდღე იყო, მე.. მე.. უნდა ვყოფილიყავი თაიასთან.. უნდა მიმელოცა.. არც ვიცი მელოდა თუ არა, არც ვიცი უნდოდა თუ არა, მაგრამ მე უნდა მიმელოცა.. – პანიკურად იმეორებდა ნინა და ხელები უკანკალებდა
–შემომხედე! – მკლავებში ჩააფრინდა რეზი, რომ გონზე მოეყვანა
–უნდა მივსულიყავი..
–შემომხედე, ნინა! – ხმას აუწია რეზიმ, რომ მისი ყურადღება მიექცია
ნინა წამით გაშეშდა და მთლიანად სველი, დასიებული სახით შეხედა რეზის
–ახლა აგაყენებ და მანქანაში ჩაგსვამ, კარგი?
–კარგი.. – დააქნია თავი სუსტად
ფრთხილად მოხვია ხელი და წამოაყენა, მიხვდა, რომ თავად წონასწორობას ვერ იკავებდა, ამიტომ მჭიდროდ მიიკრა გულზე და საოცარი სინაზით ჩასვა მანქანაში. ღვედიც თვითონვე შეუკრა და შემდეგ დაიკავა საჭესთან ადგილი
–წავიდეთ ნინა სახლში თუ სადმე სხვაგან გირჩევნია? – თითქოს მის გონებაში შეეღწია
გოგონამ დაღლილი სახით შეხედა და ამოიტირა
–სასაფლაოზე, თაიასთან წამიყვანე, შეგიძლია?

***
საფლავზე დამხობილი გამხდარი სხეული სულს უყინავდა რეზის. მიუხედავად ოქტომბრის ცივი ღამისა, საშინლად ახურდა სახეზე და ცხოვრებაში პირველად, პატარა ბიჭივით მოუნდა გაქცევა ძალიან შორს ამ ადგილისგან. მაგრამ ამასაც ვერ ახერხებდა, იდგა ერთ ადგილას მიყინული და ვერც უახლოვდებოდა ნინას და ვერც მეტად შორდებოდა. მოჩურჩულე გოგონას სილუეტი ისე ღრმად იდგამდა ფესვებს მის გონებაში, რომ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა. გზაში, ნინას მიერ დანაწევრებულად ნათქვამი რამოდენიმე სიტყვიდან ცდილობდა აზრის გამოტანას და მომენტებში თავის ტკივილი უტევდა. თაია ნინას პატარა, დაღუპული და იყო, სწორედ მის დაბადებისდღეზე ლაპარაკობდა ნინა რედაქციის ეზოში. კადრები ენაცვლებოდა ერთმანეთს რეზის გონებაში და რამოდენიმე წუთში მიხვდა, რომ არაფრის გააზრება აღარ სურდა. მოჭიმული სხეული ოდნავ მოადუნა და იქვე, სასაფლაოს შემოსაზღვრულ ნაწილთან მდგარ გრძელ სკამზე მძიმედ ჩამოჯდა. ახლა ზუსტად იცოდა რეზიმ რა უნდა ექნა. თუ საჭირო გახდებოდა ასე ჩუმად იჯდებოდა მთელი ღამე, მაგრამ ნინას არ მოშორდებოდა გვერდიდან. იქნებოდა დღეს ღამე მისი მესაიდუმლე, მისი საყრდენი, მისი უკანასკნელი იმედი. თითქოს ეს ნინაზე მეტად მას სჭირდებოდა ახლა.
არც კი იცოდა, რატომ აღელვებდა ეს გოგო ასე ძლიერ. ვერ აღიქვამდა ბავშვივით, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაზე სულ რამოდენიმე წლით იყო დიდი. შეიძლება ემეგობრა კიდეც ნინას მის შვილთან. ამის გაფიქრებისთანავე უნებურად შეეკრა შუბლი და ისევ შეხედა საცოდავად მოკუნტულ სხეულს, რომელიც ბევრად დამშვიდებული ჩანდა. ნინას სუნთქვაც დაერეგულირებინა, ხელების კანკალიც შეეწყვიტა და წამით რეზის გვერდიდან ისიც კი მოეჩვენა, რომ ოდნავ ჩაეღიმა. ღამის ოთხი სრულდებოდა და ისინი ისევ ისე, ჩუმად ისხდნენ პატარა გოგონას საფლავთან. მთელ სასაფლაოზე, მხოლოდ ორნი
–ნინა, აცივდა მემგონი.. – გაბედა ბოლოს თქმა რეზიმ
ძნელი იყო საოცარი სიფრთხილე და სითბო არ შეგემჩნია მის ხმაში
–მაპატიეთ, მაპატიეთ, ბატონო რეზი – წამოდგა ნინა და მანაც იგრძნო, რომ ზურგი, მხრები გაყინვოდა
„ბატონო რეზი“, უშნოდ მოხვდა რეზის ყურში, მაგრამ მაინც გაუღიმა მობუზულ გოგონას.
–გაიყინე, ხედავ? – უთხრა და წამში გაიძრო პიჯაკი, ნინას მოახურა მხრებზე
–გმადლობთ.. – დაიჩურჩულა და ქვევიდან ახედა
რეზის თვალი უკვე შეეჩვია სიბნელისთვის და ნინას მორცხვი მზერა შენიშნა. საოცრად ელამაზა იმ წამს, მოუნდა საკუთარი ხელებით, სხეულით გაეთბო, მოხვეოდა და ეთქვა, რომ დღეის მერე აღარ ეტკინება. თუმცა, ვერაფერი თქვა, ვერაფერი მოახერხა
–წავიდეთ? –ესღა ჰკითხა ჩუმად
ნინამ თავი დაუქნია და მის წინ წავიდა. მანქანაში უჩვეულო სითბო იგრძნო ორივემ. თითქოს მათ შორის უხილავი ძაფები გაბმულიყო, რომელთაც წამით, ანთებული თვალებით გაცვლილი მზერა განამტკიცებდა
–მადლობა, უღრმესი მადლობა – გული ამოაყოლა სიტყვებს ნინამ და თვალები დახუჭა
რეზის გააჟრჟოლა. მოეჩვენა, რომ უყვარდა მისი ათრთოლებული ხმა. თითქოს გაგიჟებით უყვარდა ეს გოგონა, თითქოს ვერასოდეს გადაიყვარებდა.

***
მომდევნო რამოდენიმე დღე ნინა ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა რეზისთვის, თავადაც ვერ ხვდებოდა ამას რატომ აკეთებდა. თავის მხრივ, არც რეზი აწუხებდა. ჩუმად დაუკრავდნენ ხოლმე ერთმანეთს თავს რედაქციაში და სულ ეს იყო. თუმცა, თავშეკავება ორივეს უჭირდა. ორიოდ კვირაში გოგონა მუდამ თვალებით დაეძებდა უფროსს, რეზი კი თავისდაუნებურად ლანჩის კაფეტერიაში მირთმევას შეეჩვია. იცოდა, ამ დროს ნინა ყოველთვის იქ იყო, თანამშრომლებთან ერთად. შეიძლებოდა მისკენ არც გაეხედა, მაგრამ თავს მშვიდად გრძნობდა, როცა იცოდა მისი მომღიმარი სახე ახლოს ეგულებოდა.
მთელი დღე ოფისში იჯდა და სტატიებს ამოწმებდა, თან ცხელ ყავას სვამდა. მომენტებში შუბლი ეჭმუხნებოდა. მაგიდაზე მისი ტელეფონი ახმაურდა, სწრაფად დახედა და მაშინვე უპასუხა
–ჰო თაზო
–სამსახურში ხარ?
–ჰო, რა ხდება? – სავარძელს მიეყრდნო, წამით თავი დაანება ფურცლებს
–დავლიოთ დღეს რა, არ მოიმიზეზო ახლა არაფერი იცოდე
–შუა კვირაში რა დროს დალევაა თაზო, – გაეცინა, თუმცა არ გაკვირვებია, არ ესწავლებოდა თაზოს ახირებული ხასიათი
–რა გითხარი ამ წამს? ხო გამოხვალ?
–სად გამოვალ, სადმე ბარში არ გავიდეთ?
–არა, არა, ტასო და თიკა წყნეთში დავტოვე დღეს დილით და მარტო ვარ, ჩემთან გაიჩითეთ შენ და სანდრო რა. შეიძლება ნიკუშას და ზურასაც დავურეკო
–არ გინდა ნიკუშა და ზურა რა, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკოთ – გულიდან წამოუვიდა სიტყვები რეზის. ბავშვობის მეგობრებისთვის გულის გადაშლა მოუნდა, ხვდებოდა ვეღარ გაძლებდა სხვაგვარად
–რამე მოხდა ბიჭო? – თაზოს ხმაში შეშფოთება შენიშნა რეზიმ და გაეღიმა
–არაფერი საგანგაშო თაზო, დამშვიდდი! – დააწყნარა უცებ
–კაი, გელოდებით მოკლედ. ვაბშე ეგრევე ამოდით რა სამსახურის მერე, თუ მასეა საქმე – დაინტერესდა თაზო ძმაკაცის „ახალი ამბით“
–რა ამოვიტანო?
–ვაბშე ყველაფერი მაქვს რეზი, რავიცი, რამე თუ გამახსენდა დაგირეკავ
–კარგი, – გაუთიშა და საათს დახედა.
სამუშაო დღის დასრულებამდე ორიოდ საათი რჩებოდა, ამიტომ ისევ სტატიებს მიუბრუნდა და ცოტახანში უზუსტობა შენიშნა. იძულებული გახდა ასისტენტებისთვის მიემართა, რომელთაც საქმის გამოსწორებას დაავალებდა. ანას დაუძახა და გაუბედავად მოსთხოვა ნინასთვის და ელენესთვის დაეთქვა შეხვედრა. შეეძლო ნინას მაგივრად გიორგისთვის ან ირაკლისთვის დაეძახა, თუმცა ჯიუტად და უცნაური ჟინით წარმოთქვა მისი სახელი მდივანთან. გოგონების კაბინეტში შესვლისას გულისცემა პატარა ბიჭივით აუჩქარდა და საკუთარ თავზე გაბრაზდა, მაგრამ კმაყოფილებით აეწია ტუჩის კუთხე, როცა მსგავს სიტუაციაში მყოფი ნინა შენიშნა. ორივეს მისცა დავალება და რამდენიმე მითითება. ელენე შემართებით უქნევდა თავს, ნინასგან განსხვავებით. რეზიმ შენიშნა, რომ ზედმეტად მოწყენილი იყო და რაღაცას განიცდიდა. არადა ბოლო პერიოდში ხშირად დაუნახავს მისი ღიმილიანი, ლაღი გამომეტყველება. თვალწინ საფლავთან დაპატარავებული ნინა წარმოუდგა და გული მოეწურა, მისი ნაღვლიანი თვალები ვერ აიტანა. უკვე შემჩნეული ჩვევებიც მალევე დააფიქსირა, მისი ტუჩებიდან ათრთოლებულ ხელებზე გადაიტანა მზერა და უნებურად შუბლი შეეკრა. ელენეს კითხვებს უკვე უინტერესოდ და მოუთმენლად სცემდა პასუხს და იმაზე ფიქრობდა, როგორმე ნინას ცუდი განწყობის მიზეზი გამოეცნო.
–სულ ეს არის ბატონო რეზი? – ჩაეკითხა ელენე
–ჰო, სულ ეს არის, – თავი დააქნია და გოგონების წამოდგომისთანავე მოუთმენლად წამოიძახა
–ნინა, დარჩი თუ შეიძლება! – საოცარი სიფრთხილით წარმოთქვა მისი სახელი
ელენემ გაიხურა თუ არა კარი, ფეხზე წამოდგა და ფრთხილად დააკვირდა გოგონას. სანამ ნინა ხმას ამოიღებდა, თვითონ შეამცირა მათ შორის გაჩენილი მანძილი და ზემოდან, თბილად დახედა
–ნინა, რა გჭირს?
იმდენად გულწრფელი, იმდენად თბილი იყო ამ დროს რეზი, ნინას სიამოვნებისგან მთელს ტანში გააკანკალა. ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ მის წინ იდგა და ტირილის პირას მყოფი, უნებურად იხრებოდა მამაკაცის ოდნავ გამოწვდილი ხელებისკენ. არა, ახლა ვერ ეტყოდა, რომ მისი მონატრება სულს უყინავდა, რომ საოცრად უნდოდა მოხვეოდა და ეთქვა, რომ მგონი პატარა, სულელი გოგოსავით თავდავიწყებით შეუყვარდა.
–ნინა, დამელაპარაკე, გთხოვ! ვხედავ, რომ რაღაც გაწუხებს – თითქმის დაიჩურჩულა რეზიმ და ისე, რომ ვერც გაიაზრა, გოგონა გულზე აიკრა.
ეს იყო რაღაც ახალი, გამოუცდელი, სასწაულებრივად ამაღელვებელი, სევდიანიც და საზეიმოც ერთდროულად. ნინას პატარა, ცხელ ხელებს გრძნობდა ზურგზე, მის სასცილო სიძლიერეს, რომელიც ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად მიკვროდა რეზის სხეულს. თითქოს მასში შეძრომა, მასთან შეერთება სურდა. რეზიც, გრძნობებმორეული ვეღარ შორდებოდა გოგონას და მის თმაში ცხვირჩარგულმა ისიც კი გაიფიქრა, ასეთი ტკბილი სუნი არცერთ ქალს ჰქონია მათგან, ვისაც კი ოდესმე შევხებივარო. წელზე მოხვეული ხელები მკლავებზე ააცურა და ფრთხილად მოიშორა მკერდიდან
–აბა, არ მეტყვი რა მოხდა? – უღიმოდა და მის სახეზე დაატარებდა თითებს
–მგონი გამიარა – ამოილაპარაკა ღიმილით ნინამ და უცებ დახარა თავი
რეზის ხმით გაეცინა, თავი უკან გადააგდო და რომ მიხვდა, დამფრთხალი როგორ მოშორდა გოგონა, მაშინვე დასერიოზულდა
–რა პატარა ხარ, ნინა! – გვერდულად შეხედა გაბუტულს
ნინამ თვალები გადაატრიალა, თითქოს სულაც არ გაკვირვებია მისი სიტყვები
–რა უნდა ვქნა ახლა მე? – დასვა უცებ კითხვა რეზიმ თავისთვის
ნინას გაეცინა, კიდევ უფრო უკან დაიხია
–წავალ მე, უფროსმა ბევრი საქმე მომცა და თუ მინდა სახლში ადრე მივიდე არ უნდა ვიზოზინო – ბოლო სიტყვა სასცილოდ გაწელა და კარისკენ მიბრუნდა
–ნინა! – გააჩერა ისევ რეზიმ
ნახევრად შემობრუნდა, თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა
–მე გაგიყვან დღეს სახლში, – გაუღიმა, მიუახლოვდა და ფართოდ გაუღო კარი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი დარინა

აი ძალიან მომწონს რეზის და ნინას წყვილი, მათგან ისეი სითბო მოდის მეც მათბობენ, მომწონს ლამაზი ისორიააა.

 


№2  offline წევრი P.A.

დარინა
აი ძალიან მომწონს რეზის და ნინას წყვილი, მათგან ისეი სითბო მოდის მეც მათბობენ, მომწონს ლამაზი ისორიააა.


უფრო და უფრო დათბება, მერწმუნეთ:დ დიდი მადლობა^^

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.