შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (თავი 4)


11-11-2018, 00:24
ავტორი P.A.
ნანახია 2 756

არ გადამიფიქრო! (თავი 4)

***
–რამდენი წლის არის, ბიჭო? – მესამედ ეკითხებოდა თაზო, თითქოს ეს რამეს შეცვლიდა
–შეეშვი ახლა, დაანებე თავი! – შეუღრინა ძმაკაცს სანდრომ და რეზის მიუბრუნდა
–რეზი, ხომ არ გერევა, ანუ ხო ხვდები, რა პონტში გეკითხები. იქნებ ისე, პროსტა დაგევასა და უეჭველი გადაგივლის ან რამე..
–მარიამსაც არ გადავუყვანივარ ასე ჭკუიდან თავის დროზე, სანდრო, – თქვა გულწრფელად და მაშინვე ცხადი გახდა ბიჭებისთვის მისი გრძნობები
–ხოდა, ამ კარგ ამბავს გაუმარჯოს მაშინ! – გამოცოცხლდა უცებ თაზო
–ბაზარი არაა! აიღე ჭიქა, რეზი! – აყვა სანდროც და ორივემ ბოლომდე ჩაცალა სასმელი
–ჩემი შვილისხელაა თითქმის, ჩემი ლუკასხელა. ლადოს და გიოსხელაა, ბიჭო.. მათზე ერთი წლით დიდი, – ამოილაპარაკა რეზიმ და მოკუმული მუშტი დაირტყა მუხლზე
–მორჩი თვითგვემას! ვის არ მოსწონებია პატარა გოგო? – გაეცინა მაინც თაზოს და მალევე მოკუმა პირი
–ისეთი ლამაზია, ისეთი სხვანაირი.. – ალაპარაკდა უცებ და მერე, თითქოს ახლაღა აღიქვა რას აკეთებდა, გაჩუმდა. შუბლშეკრულმა გადახედა ძმაკაცებს
–გაგვაცანი რეზი! – წამოიძახა სანდრომ და თვალებში ჩააშტერდა ძმაკაცს
–არა, არა – იუარა უცებ – ხო დააფრთხეთ! ხო გადარია თაზომ! ისეთი მორიდებული და პატარაა.. რა გაგაცნოთ..
–კი გამოგიჭირა და ეძახე მორიდებული და პატარა – გადაიხარხარა თაზომ და სანდროს მძიმე ხელი მაშინვე მოხვდა მხარში
–აჰა, ხო ვთქვი, – ხელი აიქნია მისკენ სიცილით რეზიმ და წამოდგა, ოთახიდან გავიდა
–ვითომ გადაუვლის? – სანდრომ სახე ახსლოს მისწია თაზოსთან და ჩუმად ჩაეკითხა
–გინახავს შენ ასეთი რეზი? – გაეღიმა თაზოს – უყვარს ეგ გოგო!

***
ადრე ადგომა და მომზადება უწევდა, მაგრამ ღამენათევმა თავი ვერ ასწია ბალიშიდან. მაღვიძარას მობეზრებულ ხმაზე კიდევ ერთხელ ამოიკვნესა და მობეზრებით დახედა საათს. ლოგინიდან დაფეთებული წამოდგა. ისე სწრაფად ემზადებოდა, რამოდენიმეჯერ წამორძიკდა კიდეც დერეფანში და ნიკოლოზის მოცინარ სახეს დაბღვერილი მიაჩერდა
–დამშვიდდი მა, მოჩქარეს მოუგვიანდესო, ხომ გაგიგია! – არხეინად მიუგო მამამ და შემოსასვლელი კარის ჩარჩოს მიეყრდნო ფეხებგადაჯვარედინებული, ყავით ხელში
–სულ არ მიშველის ეს ქართული ანდაზები და შეგონებები მამა, 15 წუთში რედაქციაში თუ არ ვიყავი! – შეუბღვირა ისევ
–რომელზე მოხვალ, ნინა? – ქმარს ამოუდგა თინა გვერდით
–სამსახურის მერე, 7–ზე ლექცია მაქვს და იქიდან პირდაპირ წამოვალ, სავარაუდოდ განადგურებული და ნერვებაშლილი ვიქნები, ამიტომ მერიდეთ!
მის შემყურეს ორივეს გაეღიმა და მისი უსახიათობის მიუხედავად, მაინც თბილი ხმით უსურვეს წარმატებული დღე. ტაქსიში მოუსვენრად იჯდა, მაჯის საათზე ყოველ ორ წუთში ერთხელ იყურებოდა და ადგილზე ცქმუტავდა. რედაქციაში შესვლისას ისე შეანელა სვლა, თითქოს ცდილობდა მისი ფეხის ნაბიჯის ხმა არავის გაეგო. თუმცა ყველაფერი წყალში ჩაეყარა, როცა ზურგსუკან ჯერ მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგო, შემდეგ კი უკვე ნაცნობი სურნელი ეცა ცხვირში. ინსტიქტურად გულზე მიიჭირა მარჯვენა ხელი და რეზისთან სალაპარაკოდ შეიმზადა თავი.
–რომელი საათია, ნინა? – არ დააყოვნა რეზიმ კითხვის დასმა და გვერძე ამოუდგა
–დამაგვიანდა, მაპატიეთ! – ჩაილაპარაკა და ხელები აუხურდა, ვერ გაეგო სად წაეღო. ბოლოს უშნოდ გადახლართა ერთმანეთში და გულზე დაიკრიფა. რეზისგან განსხვავებით ნინა ვერაფრით ისვენებდა.
ისევ არ ესიამოვნა ოფიციალური მიმართვა. წამით ისიც კი გაიფიქრა, ავუკრძალავ ასე ლაპარაკს, მე ხომ მისი უფროსი ვარო, მაგრამ საკუთარ ურთიერთგამომრიცხავ ფიქრებზე გულში ჩაეღიმა.
–აღარ განმეორდეს მეხუთედ მსგავსი რამ! – თავს ვერ მოერია რეზი და სიმკაცრე მაინც გაურია ხმაში.
ნინას თვალები გაუფართოვდა, მან სულ იცოდა ნინა როდის აგვიანებდა? რანაირად? როგორ? დღეს ხომ პირველად შეხვდა
–ნინა, გაიგე? ლაპარაკი უნდა ისწავლო.. – ამოიოხრა უეცრად
–გასაგებია, დიახ, გასაგებია, ბატონო რეზი, – გაიღიმა და პირდაპირ თვალებში შეხედა
რეზის ისევ უკმაყოფილება გამოესახა სახეზე, თავადვე იგრძნო როგორ დაეჭიმა ტანი
–მისმინე.. – წამოიწყო ნელა
–გისმენთ
–ნინა, თქვენობით ნუ მომმართავ, თუ ღმერთი გწამს! – თვალები ოდნავ მოჭუტა და ისე დააკვირდა სახეზე
–აბა? – გაუკვირდა უცებ პატარა ბავშვივით
–რეზი.. რეზი დამიძახე რა
ნინას გაეღიმა და მორჩილად დაუქნია თავი
–რის თქმას აპირებდი? – სითამამე შესძინა რეზის გაშინაურებამ
–შეიძლება დღეს საღამოს ერთად ვივახშმოთ? – ლიფტის კარი გაიღო და რეზი დაელოდა, რომ ნინა გასულიყო, მაგრამ გოგონა გაშეშებული, გაფითრებული სახით იდგა ერთ ადგილას
–ნინა, დავრჩებით აქ, თუ არ გახვალ – სიცილით, წელზე სულ ოდნავ უბიძგა და გარეთ გაიყვანა
–მე.. მე..
–თუ წინააღმდეგი არ ხარ, რა თქმა უნდა, – წამოიძახა უცებ და ოდნავ მოშორდა გოგონას. იფიქრა, დავაფრთხეო.
–არა, წინააღმდეგი არ ვარ – ისეთი გრძნობით, ისეთი გულწრფელი ღიმილით ახედა ერთი თავით მაღალ მამაკაცს, რომ რეზის ისევ მოუნდა მის სახეზე თითების გადატარება
–ძალიან კარგი! – ცდილობდა ემოციები შეეკავებინა და ისე ელაპარაკა – სამსახურის მერე პირდაპირ წავიდეთ
–არა, მაგ დროს არ შემიძლია, – თავი დახარა ნინამ, მამაკაცს მოეჩვენა, რომ ოდნავ წამოწითლდა კიდეც
–რატომ? სხვა გეგმები გაქვს? – ეჭვიანი ქმარივით ჩაეკითხა და მხოლოდ მერე მიხვდა ამას
–ლექციაზე ვარ წასასვლელი, – უცებ უთხრა ნინამ. ეშინოდა, არ გადაეფიქრებინა რეზის მასთან საღამოს გატარება
–მაშინ უნივერსიტეტში გამოგივლი, – გაუღიმა – რას იტყვი?
–კარგი, – თავი დაუქნია და საერთო ოფისის კართან შედგა
–აბა მიხედე ახლა საქმეს და საღამოს შევხვდებით, – სითბოთი სავსე ხმით ლაპარაკობდა რეზი.
სანამ საკუთარ კაბინეტს შეაფარა თავი, ათასი რამ იფიქრა. ნუთუ მართლა შეეძლო ნინასთან ერთად ერთი ჩვეულებრივი საღამო გაეტარებინა? იქნებ, არც ისეთი ზრდასრული იყო? საერთო ენა რომ ვერ გამოენახათ? მაგრამ უნდა შეხვედროდა, უნდა ენახა უფრო ახლოს, ისევ უნდა შეხებოდა. ხვდებოდა, რომ ნინამ რაღაც შეუძლებელი შეძლო. წლები ისე გადიოდა, რომ არცერთ ურთიერთობაში ასეთი რამ არ უგრძვნია რეზის, არცერთ მანამდე შემხვედრ ქალთან თავი არ დაუკარგავს. ვერც ხვდებოდა, მაინც რა იყო ამ პატარა გოგოში ისეთი, რაც საკუთარ პრივილეგიებზე, პრინციპებზე უარის თქმას აიძულებდა.

***
-ნინა, წამოდი ვჭამოთ სადმე, არ დაიღალე? – ზურგსუკან გაიგო გიგის ხმა, რომელიც ნუცასთან ერთად ამოუდგა გვერდით
–რაღაც საქმე მაქვს, გიგუნა, – გაუცინა სასაცილოდ და ხელი მიჰკრა მუცელზე
–ნუ მეძახი ასე! რა საქმე? მთელი დღეა საქმეებში არ ხარ? – გაოცდა და ხელი შემოხვია თბილად
–რომ ვამბობ ესეიგი მაქვს, – მიეხუტა და ნუცასთვის დააპირა ლაპარაკი გაება, როცა რეზის თვალებს გადააწყდა.
ტანში ცხელმა ჟრუანტელმა გაუარა, როცა ღიმილნარევი გამომეტყველებით, მანქანაზე მიყრდნობილი, ხელში სიგარეტით შენიშნა. ისეთი დახვეწილი, სიმპატიური, გამომწვევი ეჩვენა, თავი ვეღარ შეიკავა და გიგაზე ჩაფრენილი მარჯვენა ხელი უნებურად მოემუშტა. შენიშნა, როგორ დაასერიოზულა მზერა რეზიმ და თავით ანიშნა, რომ ელოდებოდა. სწრაფად დაემშვიდობა ბავშვებს და მისკენ გაემართა. არც უკან მყოფების გაკვირვებული მზერა დაუნახავს და აღარც მათ მოსალოდნელ რეაქციაზე უფიქრია. ახლა მხოლოდ რეზის სახეს ხედავდა, მისკენ მიიწევდა და თან გულში ლოცულობდა, ფეხი არ არეოდა ან სიწითლე არ შერეოდა სახეზე.
–საღამო მშვიდობის, – დაიჩურჩულა მის ყურთან რეზიმ და მოულოდნელად სხეულზე აიკრა. უკვე მეორედ, ზუსტად ისე, როგორც თავის კაბინეტში..
–ზუსტ დროს მოსულხარ, – გაეცინა მის მკერდში თავჩარგულს. ვერაფრით მიმხვდარიყო, ასე კარგად რატომ გრძნობდა მასთან თავს.
–ნახევარი საათია აქ ვდგავარ, ნინა! – გამხიარულდა რეზიც.
ისე, რომ მოხვეული ხელი არ მოუშორებია, მანქანის კარი გაუღო და დაელოდა, სანამ ჩაჯდებოდა. თავისი ადგილი რომ დაიკავა ნინას გადახედა, რომელსაც ფანჯარაზე ჰქონდა მიყრდნობილი თავი და თვალებს ნელ–ნელა ახამხამებდა
–დაიღალე არა დღეს? – მანქანა დაძრა და თბილად ჩაეკითხა
–ჰო, დავიღალე, არც მიძინია და გამოვიფიტე უკვე, – გაანდო უცებ ახლობელი ადამიანივით ნინამ, ისე, რომ ვერც მიხვდა. სამაგიეროდ, რეზის ესიამოვნა ძალიან მისი ალაპარაკება
–ნაჭამი მაინც გაქვს რამე? კაფეტერიაშიც არ დამინახიხარ დღეს, – გაახსენდა უცებ
–არა, არ მიჭამია. ვიფიქრე დავასრულებ საქმეს და მერე ჩავალთქო, მაგრამ გამიგრძელდა ძალიან. მერე ლექცია მქონდა და.. – რეზის გამოხედა და ლამაზად გაუღიმა
–არ შეიძლება ასე, ნინა, – დაარიგა პატარა ბავშვივით – ვფიქრობდი სადმე კოქტეილს ან შავ ღვინოს დავლევდით და ვილაპარაკებდით, მაგრამ მოდი ჯერ გემრიელ სტეიკს გაჭმევ, კარგი? – შეუთანხმდა და გზიდან გადაუხვია .
ნინამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დაუქნია, მერე ხელი მანქანაში დამონტაჟებული სენსონური მაგნიტოფონისკენ წაიღო
–შეიძლება ჩავრთო? – ჰკითხა და თვითონვე გაეცინა საკუთარ საქციელზე.
რეზიმ მობეზრებული სახით გადმოხედა და კითხვის აბსურდულობაში დაანრწმუნა ნინა. მთელი გზა წყნარი მუსიკის მოსმენაში გაატარეს, ბევრს არ ლაპარაკობდნენ. თითქოს ორივე მოსალოდნელი საუბრისთვის იკრეფდა ძალას
–მთაწმინდა? – კითხვასავით გაიჟღერა ნინას სიხარულნარევმა ხმამ ცოტახანში.
რეზიმ მანქანა თავისუფალ საპარკინგე ადგილას დააყენა და სანამ ნინამ ღვედი მოიხსნა, უკვე მისთვისაც ჰქონდა კარი გაღებული. ღიმილით შეაგება ხელი და ასეთივე ღიმილით მიაცილა დიდ, განათებულ ვერანდაზე, მათთვის გამზადებულ მაგიდასთან. დაჯდომისთანავე მისცა მიმტანს შეკვეთა და ნინას მიუბრუნდა
–კიდევ რაიმე ხომ არ გინდა?
–არა, ზედმეტიც მოგივიდა, – თავი გააქნია უარის ნიშნად
რეზი მიმტანის წასვლას დაელოდა, მერე კი ხელები ჩამოაყრდნო მაგიდას და ნინას ჩახედა თვალებში
–იცი აქ რატომ ვართ? – ჰკითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა
–უნდა გაარკვიო, რატომ ვაფუჭებ რედაქციაში მუდმივად საქმეს? –მისკენ მიიწია ნინა
–არა, – გაეცინა რეზის – თუმცა, ამის განხილვაც არ იქნებოდა ურიგო, – მარჯვენა ხელი აათამაშა მაგიდაზე
–კიდევ ერთხელ ბოდიში, რომ ასეთი დიდი პრობლემა გავხდი, – წარბშეჭმუხნილმა ამოილაპარაკა
–ვერც წარმოიდგენ რამხელა პრობლემა.. – ღრმა ამოსუნთქვით, იმდენად ჩუმად ამოილაპარაკა რეზიმ, რომ ნინამ გაკვირვებით შეხედა
–რა თქვი? ვერ გავიგე..
–არაფერი.. შენ არ იდარდო, რედაქცია ჩემია და სწორედ ჩემი მოვალეობაა თანამშრომლების გაფუჭებული გამოვასწორო, – აუხსნა ღიმილით.
თავი ოდნავ დახარა გოგონამ და ქვევიდან შეხედა, მერე კი ოდნავ გვერძე გაიხედა და მიმტანი დალანდა
–სტეიკი მოიტანეს, – წამოიძახა უცებ და ცხვირი ააცმაცუნა სასაცილოდ
რეზიმ გადაიხარხარა და თავი უნებურად გადასწია გვერძე. უყურებდა, როგორი სიხარულით დასცქეროდა საჭმელს ნინა და ეღიმებოდა
–ღვინო დაგისხათ? – მიმართა რეზის ახალგაზრდა მიმტანმა ბიჭმა
–არა, მადლობა, ჩემით, მხოლოდ გახსენით, – თვალი მოსწყვიტა წამით ნინას და ახედა.
სანამ ნინა ხორცს დასტრიალებდა, ჭიქებში ღვინო ჩამოასხა და თავისი თეფში ოდნავ უკან გასწია, ახლა ჭამას ნინას ლამაზი სახის ყურება ერჩია
–მთელი დღე მშიერი სიარული რომ არ შეიძლება, არ იცი შენ? – ჰკითხა სასაცილოდ დანამომარჯვებულს
–ჰო, ვიცი, მაგრამ ხშირად მომდის ასე, რომ ვერ ვიცლი ხოლმე, – სტეიკის დაჭრა დაიწყო, თუმცა მალევე დაიღალა
–ეს რა დანებია, საერთოდ არ ჭრის, – ამოიფრუტუნა უცებ და რეზის ახედა
–მომეცი აქ! – ისევ გულით გაეცინა, ნინას თეფში დაიდო წინ და ხელის მსუბუქი მოძრაობით, ლამაზად დაიწყო ხორცის დაჭრა
–მადლობა, ბატონო რეზი – გაეცინა ნინას, როცა უკვე დაჭრილი სტეიკი წინ დაუდო
–რაზე შევთანხმდით? – წარბები შეკრა საყვედურის ნიშნად
–კარგი, რეზის დაგიძახებ. უბრალოდ, სამსახურში ცუდ ტონად არ ჩაითვალოს, – პატარა ბავშვივით აიჩეჩა მხრები
–ვგავარ კაცს, რომელსაც ეს დააინტერესებს? გინდა სალათიც შევუკვეთოთ? – ჰკითხა, როცა შეხედა, როგორ გემრიელად მიირთმევდა ნინა მის გამზადებულ ხორცს
–არა, ამდენსაც ვერ შემჭამ! შენ რატომ არ ჭამ?
–არ მშია, დესერტს მივირთმევ შენთან ერთად მერე, – ღვინო მოსვა და გაუღიმა
–თუ გგონია მაგდენს შევძლებ, ძალიან ცდები! – გაეცინა ნინას და თვითონაც მოსვა ღვინო
–გემრიელია..
–ჰო, კარგი ღვინოა ეს. აბა, როგორ მოგწონს რედაქციაში?
–ძალიან მომწონს, მართლა. უბრალოდ ბევრი ვინერვიულე ყველაფერი რომ ჩემ გამო აირია, ასეთი სულელი როგორ ვარ, მეგონა მაშინვე გამაგდებდი და იქ დასრულდებოდა ჩემი ყველანაირი სამსახური. ორი დღე განუწყვეტლივ ვტიროდი, – სწრაფად ატიტინდა ნინა, თითქოს უფროსს კი არა, ანანოს ან ბექას უყვებოდა თავის ამბებს
–ტირილით მოგვარებული საქმე გინახავს შენ? – გაეღიმა რეზის
–საქმეზე გამახსენდა, საინფორმაციო სვეტში არის ორი სტატიით ზედმეტი, რომელიმე უნდა ამოვიღო, მაგრამ ყველაზე შენი ბეჭედი იყო დასმული გასამზადებლად და შეუთანხმებლად ვეღარ გადავწყვიტე..
–მოდი მაგ ამბავზე ხვალ, ჩემს კაბინეტში ვილაპარაკოთ, კარგი? – საოცრად იზიდავდა მისი უშუალო, თბილი საუბარი
–კარგი, – თავი დაუქნია და სკამზე გასწორდა
ნახევარი სტეიკიც არ ჰქონდა შეჭმული თავი რომ მიანება და მთელი ჭიქა ღვინო გამოცალა. რეზის გაეღიმა, ისევ შეავსო ჭიქები და სასმელი ოდნავ ზევით ასწია
–მოდი, ვიყოთ ბანალურები და ამ ჭიქით ჩვენი სადღეგრძელო შევსვათ!
–გაგვიმარჯოს! – მხიარულად დაუქნია თავი ნინამ და მეორე ჭიქაც დალია
–დამელოდე ცოტა, თორემ ჩემზე მალე დათვრები, – გაეცინა რეზის
–და მამაჩემი სახლში არ შემიშვებს, – თვალები დაქაჩა, მერე მობილურს დახედა ინტერესით.
რეზის უსიამოვნო ფიქრებმა გაურბინა, არ ესიამოვნა ნინას სიცილნარევი ხმით ნათქვამი. საღამოს ატარებდა ქალთან ერთად, რომელსაც ჯერ ისევ აკონტროლებდა დედ–მამა, შეიძლება მისთვის საყვედურიც კი ეთქვათ სახლში ნასვამი რომ მისულიყო. ეცადა, მალევე უკუეგდო მსგავსი ფიქრები და მიმტანს დაუძახა. დესერტი, ხილი და კიდევ ერთი ბოთლი ღვინო შეუკვეთა და ნინას მიუბრუნდა
–სულ ეს იყო შენი ჭამა? ამიტომ ხარ ასეთი სიფრიფანა, – დამთბარი ხმით ლაპარაკობდა და ნინასაც არ გამოპარვია მისი მზერა
–რამდენი წლის ხარ რეზი? – ჰკითხა უცებ და ღვინო მოსვა, ნელ–ნელა სითამამე ეპარებოდა.
რეზიმ ხელები დაუშვა, ოდნავ უკან გაიწია და წამოზრდილ წვერზე ჩამოისვა მარჯვენა ხელი
–დიდი ვარ, ნინა, დიდი! – გულდაწყვეტას ჰგავდა მისი ნათქვამი
–მითხარი რა, – აწუწუნდა სასაცილოდ ნინა და თვალებში მიაშტერდა
–ოცდათვრამეტის, – თქვა და ზუსტად ისე ჩამოეყრდნო მაგიდას, როგორც ნინა. ორივე მკლავი ზედაპირზე დაეყრდნოთ და სახეები ახლოს მიეტანათ ერთმანეთთან. ნინას მხოლოდ გაეღიმა მის პასუხზე, მარჯვენა ხელი ასწია და ლოყაზე შეახო მამაკაცს
–იცი რა კარგად გამოიყურები? – ჭინკები აუცეკვდა თვალებში.
რეზიმ ვერც ახლა შეიკავა თავი, გემრიალდ გადაიხარხარა და სიცილით გააქნია თავი. მერე ისე, რომ გამომეტყველება არ შეუცვვლია, ორივე ხელი მოხვია პატარა სახეზე და თავისთან მისწია. ისე ჩაიკარგა რეზის ხელებში ნინას ლოყები, რომ სულ აღარ ჩანდა. ოდნავ სველი ტუჩები შუბლზე შეახო გოგონას და მანამ არ მოშორდა, სანამ ნინას ღრმა ამოსუნთქვა არ იგრძნო ლოყასთან.
–ახლა ასე უნდა იყოს? – წყენა ისმოდა ნინას ხმაში, რომელსაც ორივე ხელით ჩაებღუჭა რეზის მარცხენა და თითებით ეთამაშებოდა ხელისგულზე
–როგორ ასე, ნინა? – გაეღიმა მის ქცევაზე რეზის და მათ ხელებს დახედა
–რადგან პატარა ვარ, ასე, შუბლზე უნდა მაკოცო ხოლმე და ჩახუტებისასაც კი დისტანცია დაიჭირო?
–ასე არ ჯობია? უფრო სწორი არაა? – შეუბრუნა კითხვა რეზიმ
–არა, არ ჯობია! – სასმელს თავისი გაეტანა. ნინა აპროტესტებდა იმას, რაზეც აქამდე ხმასაც ვერ ამოიღებდა.
სანამ რეზი რამეს ეტყოდა, ნინას ტელეფონი ამღერდა მაგიდაზე. ალბათ არც უპასუხებდა, რომ არა ასეთი დაძაბული სიტუაცია, მაგრამ წამით თავის დაღწევა მოუნდა
–მაპატიე, – ჩაილაპარაკა და მობილური ყურზე მიიდო
–ჰო, ბექა. არა, არ ვარ სახლში.. არ ვიცი, რა ხდება?.. შეიძლება წამოვიდე, ზუსტად არ ვიცი.. გვიან თუ აპირებთ წასვლას, წამოვალ. ახლა უნდა წავიდე, ბექა.. კარგი, მეც გკოცნი, – გაუთიშა და მაგიდაზე დააბრუნა
–საქმე გამოგიჩნდა? – მოჩვენებითი ღიმილით ჰკითხა რეზიმ
–კლუბში აპირებენ ჩემი მეგობრები წასვლას დღეს და..– გაუმხილა უცებ და მერე მიხვდა, რომ მთელი საღამოს განმავლობაში მისთვის არაფერი დაუმალავს
–რომელ კლუბებში დადიხარ ხოლმე? – ჩაეკითხა უკმაყოფილოდ
–რა დროს კლუბებია, რაზე ვლაპარაკობდით? – ისევ მოსვა ღვინო ნინამ და სახეზე მიაშტერდა რეზის
–ნინა, არ არის მარტივი ამბავი ჩვენი ერთად ყოფნა, – ტკივილი ამოაყოლა სიტყვებს რეზიმ და გოგონას ფრთხილად გამოართვა ხელიდან ჭიქა
–არ მეგონა, სიმარტივე თუ გიყვარდა, – გაეცინა ნინას და თმა დაუდევრად გადაიყარა უკან.
რეზიმ ვეღარ გაუძლო მის გამოხედვას, გვერდით გაიხედა, მერე სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და სწრაფად მოუკიდა
–ხომ არ გაწუხებს? – სიგარეტიანი ხელი ასწია
ნინამ უხმოდ გააქნია თავი და მაგიდასთან მოახლოებულ მიმტანს ინსტიქტურად გაუღიმა. სანამ შეკვეთას აწყობდნენ, ორივე უხმოდ, შუბლშეკრული შეჰყურებდა ერთმანეთს. მარტო დარჩნენ თუ არა, საფერფლეში ჩაწვა სიგარეტი რეზიმ და ღმად ამოისუნთქა
–ყველაზე ლამაზი ქალი ხარ , ნინა! – თვითონაც ვერ გაიაზრა საკუთარი სიტყვები.
ნინას გააკანკალა, სიამოვნებისა და დაბნეულობისგან სიტყვებს თავი ვერ მოუყარა და ისღა მოახერხა, კიდევ ერთი ჭიქა გამოეცალა
–არ მინდა ძალიან ნასვამი მიგიყვანო სახლში და მერე, ასეთ მდგომარეობაში კლუბში წახვიდე, – ხაზგასმით წარმოთქვა სიტყვები რეზიმ და წამით იმ უფროსს დამესგავსა, პირველად რომ დაიბარა ნინა თავის კაბინეტში
–შენ რატომ გადარდებს.. – პატარა ბავშვივით გაბუტულმა ჩაილაპარაკა ნინამ
–ნინა, პირველივე შეხვედრაზე ნუ ვიჩხუბებთ, – გაუღიმა რეზიმ და მისი ჭიქა თავისას მიუდგა გვერდით
–ხომ არ წავიდეთ? – გაღიზიანებულმა, ჩუმი ხმით იკითხა ნინამ და ხელის გულებს დააყრდნო სახე
–გაიღიმე, მოდი ისევ ხასიათზე და ისე წავიდეთ, – დაუყვავა რეზიმ.
იცოდა, მისი სიტყვების გამო მოიწყინა, მაგრამ არ შეეძლო ასე მარტივად, ასე ერთი ხელის მოსმით მიესაკუთრებინა. ჩემთან იყავიო ეთქვა და მერე რომელიმეს ენანა. ნინა თუ არ ფიქრობდა მსგავს რაღაცებზე, მას უნდა ეფიქრა. მისი დანიშნულება მათ ურთიერთობაში სწორედ ეს იყო, კარგად უნდა აეწონ–დაეწონა რა იქნებოდა ნინასთვის უკეთესი. არა საკუთარი თავისთვის, არამედ თავისი, ჰო, თავისი ნინასთვის.
მის სახლთან გააჩერა მანქანა და სევდიანად გადახედა. გოგონა გადასვლას აპირებდა, როცა რეზი შეეხო მკლავზე და გააჩერა
–ხვალ არ დაგაგვიანდეს! – სულ სხვა რამის თქმა უნდოდა
ნინას გაეღიმა და თავი გააქნია
–არ დამაგვიანდება, – უთხრა და მხრებზე მოიხურა თხელი ქურთუკი
–ნინა..
ამჯერად მთელი ტანით შემობრუნდა და აწყლიანებული თვალები მიანათა რეზის. ამას კი ვეღარ გაუძლო. მის დაბუშტულ, ოდნავ შეღებულ ტუჩებს გადაუსვა ცერა თითი და ისე სწრაფად გადაისვა კალთაში, რომ აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო ნინამ
–საოცრად, საოცრად გემრიელი გოგო ხარ.. – დაიჩურჩულა და მხოლოდ მას შემდეგ შეეხო ტუჩებით ნინას ათრთოლებულ ბაგეებს, როცა მიხვდა, რომ გოგონა წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა.
ალბათ არც არასდროს მოშორდებოდნენ ერთმანეთს, ამოსუნთქვა რომ არ დასჭირვებოდათ. თითქოს ნაღვლიანად ამოისუნთქა რეზიმ მოსწყდა თუ არა მის ბაგეებს და მის მუხლებზე მჯდარ ნინას ორივე ხელი მაგრად მოუჭირა
–არ მინდა უშენოდ, რეზი, – თითქმის ამოიტირა ნინამ.
რეზის გაეღიმა, ცხვირი გაუხახუნა აბურდულ თმაზე და სახე ააწევინა. ლოყებზე შეპარულმა სიწითლემ გონება აურია, ისევ მოუნდა შეეგრძნო მისი ცხელი სუნთქვა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ცხვირის წვერზე შეეხო ტუჩებით
–ყველაფერზე თუ თვალები აგიწყლიანდა, ამას ნამდვილად ვერ გავუძლებ! – გაუღიმა და თავგადახრილი კიდევ ერთხელ დააკვირდა სახეზე
–ვეცდები გავითვალისწინო, – თვალები მოეჭუტა ღიმილისას ნინას
–მითხარი, რომ ასეთ მდგომარეობაში არ წახვალ კლუბში, – მუდარასავით ჯღერდა რეზის სიტყვები
–ბექას დავპირდი, კარგი რა.. – გაეცინა თითქოს მორიდებით
–რომელ კლუბში მიდიხართ? – ამოიოხრა რეზიმ
–ჯერ არ ვიცი, ბექა გამომივლის და მეტყვის
–მაგ ბექამ უნდა წაგიყვანოს? საერთოდ, როგორი მეგობარია? ახლოს ხართ? – დააყარა კითხვები და საკუთარი თავი საშინელ ეჭვიანობაში რომ გამოიჭირა, არ ესიამოვნა
–რეზი, რა გჭირს? – კოპები შეკრა ნინამ
–მომწერე კლუბის სახელი კარგი? გაიგებ თუ არა. გთხოვ, ნინა.. – ისევ მოეხვია გოგონას
–კარგი, მოგწერ, – დაპირდა და მისი მუხლებიდან გადაცოცდა.
რეზი უყურებდა ფეხარევით მიმავალს და უცნაური სითბო ეღვრებოდა გულში. ცალი ხელით საჭეს ჩაეჭიდა და მანქანა დაძრა, მეორეთი კი ტელეფონზე აკრიფა ნაცნობი ნომერი
–ჰოუ, რეზი, გისმენ!
–თაზო, ძმურად, შენთან და სანდროსთან მაქვს რაღაც თხოვნა რა..

***
კლუბში შევლისთანავე დაიკავეს გოგოებმა ადგილი, ცოტნე და ბექა კი სასმელის მოსატანად წავიდნენ ბარისკენ. ნინა გადაღლილი იყო და ხმაურიანი მუსიკა თავს ატკიებდა, თუმცა ისედაც შეზარხოშებულს ცეკვის ხალისი მაინც არ დაუკარგავს. იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა მაღალწელიან შარვალსა და მოკლე ზედაში, რომ მალევე მიიპყრო გარშემომყოფთა ყურადღება
–ნინა, მაინც ვერ გადაგვირჩები, ხვალ სამსახურის მერე, პირდაპირ ჩემთან გამოხვალ და ყველაფერს მოგვიყვები, – მუქარასავით ჟღერდა სალომეს სიტყვები, რომელზეც ანანოც მხნედ აქნევდა თავს
–ჰო, ჰო, მოგიყვებით, ახლავე მოვალ, – გადახედა გოგონებს სიცილით და მინერალური წლის საყიდლად, ბარისკენ გაემართა.
ბიჭებს ვერსად მოკრა თვალი და იფიქრა, უკვე მაგიდასთან დაბრუნდებოდნენო. ბარს ჩამოეყრდნო და სანამ ბარმენს გამოელაპარაკებოდა, მობილურზე შემოსულ შეტყობინებას დახედა. სახე ღიმილმა გაუპო, რეზის ნომერი იცნო თუ არა. „ძალიან ბევრს ნუ დალევ, ნინა! ყურადღებით იყავი, ვინმე არ აგეკიდოს და შენს მეგობრებს არ მოშორდე. დიდხანს ნუ დარჩები, დილას ადრე ხარ ასადგომი.. და კიდევ, გავიგე ძალიან ამოღებული ზედა გცმია, ბევრ ხარბ თვალს თუ შეამჩნევ, მაშინვე დამირეკე!“ ნინამ დაფეთებულმა მიიხედ–მოიხედა. ვერსად დაინახა რეზი, მაგრამ მაინც ჰქონდა ეჭვი რომ სადმე ახლოს იქნებოდა. აბა საიდან იცოდა რა ეცვა, რა სიტუაცია იყო კლუბში? ბარმენს მინერალური წყალი გამოართვა და იქვე ჩამოჯდა ჩაფიქრებული. ახლაღა გაახსენდა, რომ ფული არ წამოუღია და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი
–ახლავე გადავიხდი, საფულე დამრჩა, უკაცრავად, – მაგიდისკენ გაიქნია ხელი და წამოდგომა დააპირა, როცა გვერდიდან მამაკაცის ხმა შემოესმა. დაინახა, როგორ გადაიხადეს მის მაგივრად. ორი, არც თუ ისე პატარა, თუმცა საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი იდგა ბართან და დაკვირვებით უმზერდა ნინას. გაკვირვებით გადაუხადა მადლობა უცნობებს, მათ კი თბილი და სანდო ღიმილით დაუკრეს თავი. ვერცერთი იცნო, თუმცა არ შეშინებია, არცერთი მათგანისგან საფრთხე არ უგრძვნია. კლუბში ყოფნის პერიოდში პერიოდულად ბარისკენ იხედებოდა ხოლმე, სადაც ისევ ისე, მშვიდად მოსაუბრე მამაკაცები ისხდნენ. რამოდენიმეჯერ მათ მზერებსაც გადაეყარა, მაგრამ იფიქრა, ალბათ მეჩვენება, რომ მე მიყურებენო და მეტჯერ აღარც მიუხედავს. რა იცოდა ნინამ, თუ ორიოდ კვირაში იმავე მამაკაცებს საუკეთესო მეგობრებად წარუდგენდა რეზი.

***
უნივერსიტეტისა და სამსახურისგან გადაღლილი იყო, თუმცა მაინც ახერხებდა განწყობის შენარჩუნებას, რადგან იცოდა, რეზი ყოველთვის მის გვერდით იყო. სამსახურში საქმეს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა. მით უმეტეს, ახლა, როცა იცოდა, საკუთარი ურთიერთობით პრივილეგიებს იღებდა. თავს ცუდად გრძნობდა, როცა ხედავდა, როგორ ცდილობდა რეზი ყველა კონფერენცია, ყველა ახალი თათბირი ისეთ დროს გაემართა, რომ ნინას დასწრება შესძლებოდა. რაიმეს რომ ეტყოდა ამაზე, მე მხოლოდ შენს კარიერაზე მინდა ზრუნვაო, მოუჭრიდა ხოლმე მკაცრი ხმით და ნინაც ხმას ვერ იღებდა.
მთელი კვირა ისე გავიდა, სულ ორჯერ მოახერხეს რამოდენიმე საათით განმარტოება. რეზიც ძალიან დატვირთული იყო, მთელი დღე თავს ვერ სწევდა საბუთებიდან და სამსახურის მერეც, სახლში უწევდა საქმის კეთება. ერთადერთს, რასაც ახერხებდა, ნინას სახლში მიყვანა იყო სამსახურის მერე, ან უნივერსიტეტში დატოვება. ისეთ დროს კი, როცა ნინა თავისუფალ დროს გამონახავდა მეგობრებთან გასართობად, რეზი მუდამ ეკლებზე იჯდა. ბიჭები დასცინოდნენ, ან ლუკაზე ნერვიულობ, ან ნინაზეო. მართლაც, ხშირად ყოფილა დღეები, ერთმანეთის მიყოლებით, ორივე რომ დაუმოძღვრავს, სახლში დროულად დაბრუნებასა და ზომიერად გართობაზე. ჯერ–ჯერობით ისევ ვერ გაებედა ნინასთან ლუკას ხსენება, აშინებდა მისი რეაქცია და, თავის მხრივ, შვილსაც ვერ უმხელდა, რომ სერიოზული ურთიერთობა წამოიწყო. ლუკას არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, როცა საქმე მამამისის პარტნიორებს ეხებოდა, თუმცა ეს შემთხვევა მაინც აშინებდა რეზის. ხვდებოდა, ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, ამიტომ კვირის ბოლოს, საკუთარ კაბინეტში ძალებს იკრებდა, ნინასთან სასაუბროდ ემზადებოდა. თუმცა, ამ დღესაც გამოუვალი მდგომარეობა აღმოჩნდა და რეზის სამსახურიდან პირდაპირ საქმიან შეხვედრაზე წასვლა უწევდა. საერთო ოფისიდან გამომავალ ნინას მოწყენილი სახით შეხედა და მიუახლოვდა თუ არა გოგონა, ტუჩები მიაკრო შუბლზე.
–დაღლილი ჩანხარ, – შენიშნა მისი უხასიათობა ნინამ. ყვითელი, კოპლიანი კაბა ეცვა შიშველ ფეხებზე და რეზიმ თვალი ვერ მოაცილა
–სახლში უნდა მიგიყვანო და რესტორანში გავიქცე, ისევ შეხვედრა მაქვს, – აუხსნა ღიმილით და მასთან ერთად დატოვა რედაქცია
–მე კი მეგონა დღეს მაინც ვიქნებოდით ერთად, – ამოიოხრა ნინამ და მანქანაში ჩაჯდა
–არ გცივა ასე თხლად რომ გაცვია? – უსაყვედურა, როცა საჭესთან დაიკავა ადგილი და ისე, რომ არც დალოდებია პასუხს, გათბობა ჩართო მანქანაში
–მზიანი დღეა, რეზი, ნუ ხარ ასეთი! – ცხვირი მოჭმუჭნა ნინამ –თან ზოგჯერ მეც ხომ მინდა გამოპრანჭვა, – კეკლუცი ხმით ჩაილაპარაკა და გემრიელად მოთავსდა
–ოჰ! – შესძახა უცებ რეზიმ – უკაცრავად, მაგრამ ვის ეპრანჭები? მთელი დღე ოფისში ხარ, თანამშრომელ ბიჭებთან ერთად, ნინა. მათ ეპრანჭები? რათ გინდა, რომ მაგათ მოეწონო? არ გადამრიო! – რეზი იმდენად აღშფოთებული იყო, ვეღარ მოზომა ხმის ტემბრი
–რეზი, რეზი, ამოისუნთქე! – წამოიყვირა ნინამ და მარცხენა ხელით სახეზე შეეხო
–ნინა, ვიცი რომ გგონია ვაჭარბებ, მაგრამ.. – დაიწყო ისევ, ოღონდ შედარებით მშვიდად – ხომ იცი, ისედაც სულ მეფიქრება ჩვენს ურთიერთობაზე, ისედაც ძლივს გხედავ და ასეთ დროს, მეუბნები, რომ ამ ლამაზ ფეხებს იმისთვის აჩენ ოქტომბრის ბოლოს, რომ გაიპრანჭო!
–რეზი, მისმინე.. – ეღიმებოდა ნინას და ხელს არ უშვებდა მის გაფითრებულ სახეს
–ვიცი, რომ პატარა ხარ! ვხვდები, რომ ისე ვერ მოიქცევი, როგორც მე მინდა! ვერაფერს მოგთხოვ, მაგრამ გთხოვ ნინა.. – წამით თვალები დახუჭა და საჭეს უფრო ძლიერად ჩასჭიდა ხელი – გთხოვ, გამიგე. რომ ვფიქრობ სხვები ტკბებიან მთელი დღე შენი ყურებით, როცა ასე ახლოს ხარ ჩემთან, ამ ყველაფერს ჭკუიდან გადავყავარ, რატომ არ გესმის?
–მორჩი? – ჰკითხა ნინამ, რომელიც ისევ იღიმოდა და წვრილი თითები აატარა წვერიან, უხეშ ლოყაზე
–ახლა მე მომისმინე.. – წამოიწია და რბილი ტუჩები რეზის ტუჩის კუთხეს მიაკრო, მერე გასწორდა და ლაპარაკი განაგრძო
–იმისთვის ვიპრანჭები, რომ ვიცი, ყოველდღე შენ უნდა წამომიყვანო სახლში. მთელი დღე კარისკენ მაქვს თვალები, გონება, იმის ფიქრით, იქნებ რამე დაგჭირდეს, იქნებ რამე გაფუჭდეს, რომ ჩვენს ოფისში შემოსვლა მოგიწიოს. ეს ყვითელი კაბაც იმიტომ მაცვია, რომ წინა კვირას, კაფეტერიაში დავინახე, როგორ ამათვალიერე როცა მოკლე კაბით ვიყავი. მინდოდა დღესაც ამ მზერით გამომეჭირე და ასე მოხდა კიდეც.. მე მხოლოდ შენ გეპრანჭები რეზი, მხოლოდ შენ.. ხედავ? ზოგიერთ საკითხში თურმე ჩვენ ორიდან მეც მომეკითხება აზრი! – გადაიკისკისა ბოლოს და რეზის გაფართოებულ თვალებს დააცქერდა.
ნინას სიტყვებმა გული გაუთბო, მარჯვენა ხელით სახის ყველა ნაკვთზე ცალ–ცალკე მოეფერა და ბოლოს მის ხელს დაწვდა. პირთან მიიტანა მისი თითები და სათითაოდ დაუკოცნა. ბოლოს კი მუხლზე გადაატარა ხელი. ცივი ეჩვენა და რამოდენიმეჯერ გაუხახუნა თბილი ხელისგული
–არ გათბი? – მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა მისი საოცარი მონოლოგის შემდეგ
–მე სულ მთბილა შენს მანქანაში, შენთან ერთად! – შესცინა ნინამ და მის ფეხზე მოთავსებულ მამაკაცის ხელს მორცხვად დახედა
–როგორი პოეტური იყო, – გადაიხარხარა რეზიმ და უფრო ზემოთ ააცურა ხელი. ნინამ იგრძნო, როგორ აეწია ოდნავ კაბა რეზის ხელის გამოძრავებისას და სიცხემ დაუარა ტანში. სიამოვნებისგან ოდნავ, თითქმის უჩუმრად ამოიკვნესა. რეზიმ იგრძნო მისი დაძაბულობა და ეშმაკური ღიმილით გადახედა
–ჩემი გამოუცდელი, პატარა ნინაჩკა! – თქვა თუ არა ხელი მოაშორა და ისევ საჭეს შემოაჭდო.
მაშინ პირველად დაუძახა „ნინაჩკა,“ საოცარი სიამაყით, სითბოთი და გრძნობით. თითქოს ამ სახელის პატრონი მხოლოდ მისი იყო. თავიდანვე, დაბადების პირველი წუთებიდანვე..


***
მაინც რა არის სიყვარული არა?! ალბათ, აბსურდული მდგომარეობა. ერთდროულად იმდენ რამეზე ფიქრი, ბედნიერებისთვის დრო რომ აღარ გრჩება. იქნებ ზოგი ამიტომ გიჟდება ხოლმე, სიყვარულმა გადარიაო რომ ამბობენ.. თურმე ყოფილა შანსი გადაირიო ისე, რომ ყველა სოციალურად დადგენილი ნორმა უკუაგდო და ცხოვრების სტილში სპონტანურობა ჩაამატო, როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება. თუმცა არის დოგმებიც, რომელთაც ვერ გადაახტები, ვერ აუვლი გვერდს, თუ მართლა გიყვარს. როდესაც საყვარელ ადამიანთან ხარ, გიწევს მის მეგობრებს, ოჯახს, სანაცნობო წრეს მოერგო და ხშირ შემთხვევაში, ამას ახერხებენ ხოლმე. უნდა მიიღო მეორე ნახევრის სხვა ადამიანები ისე, როგორც გინდა რომ მან მიიღოს შენები.
ახლა, როცა რეზის მეგობრების გასაცნობად მიჰყავდა ნინა, მსგავს სიტყვებს უმეორებდა და ცდილობდა მის გაფითრებულ სახეზე ძველებური იერი დაებრუნებინა. სწორედ ამიტომ მოუწიათ თაზოს სახლის წინ, გაჩერებულ მანქანაში ნახევარი საათი ჯდომა. ნინა ისევ ტუჩებს იჭამდა და რეზი ისევ შენიშვნას აძლევდა. მერე ხელი მოხვია, გულზე აიკრა და თბილი ხმით დაამშვიდა. ისიც დაამატა, თუ რამოდენიმე წუთში კიდევ ვერ დაწყნარდები, არაფრის დიდებით არ აგიყვან მათთან, გპირდებიო. ნინასაც თითქოს მის გულთან ახლოს ყოფნა სჭირდებოდა, სიმხნევე შეემატა და ისე სწრაფად გააღო მანქანის კარი, მგონი თვითონვე ეშინოდა, ისევ არ გადაეფიქრებინა.
–რეზი, სად ხართ ამდენი ხანს? – ეკითხებოდა უკვე მესამედ ტელეფონში თაზო
–გააღე კარი, მოვედით
ორიოდ წუთში მართლაც კართან იდგნენ და ნინას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს რეზის მეგობრებთან შეხვედრით მისი ბედი წყდებოდა. კარის ჩარჩოსთან ასვეტილი თაზოს დანახვამ კიდევ უფრო დააბნია. თითქოს ეცნო, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა საიდან. იფიქრა, ალბათ რეზის სურათებში მყავს ნანახიო და მეტად აღარ დაუღლია ვარაუდით თავი
–თაზო, ეს ჩემი ნინაა! – ისეთი ხმით წარმოთქვა რეზიმ მისი სახელი, უნებურად სიამაყით აივსო. მის წელზე შემოხვეული ძლიერი ხელი კიდევ უფრო დიდ სიმხნევეს მატებდა
–სასაიამოვნოა ძალიან, – გულით გაიღიმა ბიჭმა და ფრთხილად ჩამოართვა რეზის სხეულზე აკრულ გოგონას ხელი – შემოდით რა!
მისაღებ ოთახში სხვებიც გააცნო რეზიმ. გოგოები საოცრად თბილად შეხვდნენ. ჯერ თათია, შემდეგ კი თიკა გადაეხვივნენ და გამხნევების ნიშნად მხარზე დაუსვეს ხელი
–ეს კიდევ სანდროა, – მეორე ძმაკაციც გააცნო რეზიმ და მისკენ წამოსული რომ დაინახა ნინამ, მაშინვე გაახსენდა კლუბში მყოფი ბიჭები
–სასიამოვნოა შენი გაცნობა, დიდი ხანია გვინდა! – მანაც ღიმილით დაუკრა თავი
–ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა.. – ამოილაპარაკა დაბალი ხმით და ინსტიქტურად ისევ რეზისკენ მიიწია. რეზიც მიხვდა მის სიმორცხვეს და თავზე შეახო ტუჩები
–ამოისუნთქე, სულ ჩემიანები არიან, ყველა! – უთხრა კიდევ ერთხელ უკვე დაზეპირებული ფრაზა.
პასუხად ნინამ გაუღიმა და თაზოს მიერ მითითებულ ადგილას ჩამოჯდა. მორიდებით ყოფნაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად გაუბეს გოგონებმა ლაპარაკი. ორივე საოცრად თბილი და მეგობრული ჩანდა. კარგად გაუგო მათ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრად დიდები იყვნენ.
–ნინა, ღვინოს ხომ დალევ? – სამზარეულოდან თავი გამოყო თაზომ
ნინა დაიბნა, ინსტიქტურად რეზის გადახედა, რაც არცერთს გამოპარვია. სანდროს გაეღიმა და ოდნავ მიკრა ხელი რეზის საყვედურის ნიშნად
–მაგას ნუ უყურებ შენ, – დაუბრიალა თვალები თაზომ სასაცილოდ
–არა, არ მინდა, მადლობა, – შესცინა ნინამ
–რეზიმ დაგაშინა? თუ ასეა, ჯობს ახლავე თქვა, წინასწარ უშველო თავს, – აგრძელებდა თაზო უკმაყოფილოდ ლაპარაკს
–არ უნდა, არა, ხვალ ბევრი საქმე აქვს, – გაეცინა რეზისაც და წელზე მოხვია ხელი ნინას
–ნინა, სწავლის საქმე როგორ მიდის? – ჩაეკითხა თიკა და ხილი დააწყო მაგიდაზე
–კარგად, შემდეგ წელს ვამთავრებ უკვე, – ბედნიერად წამოიძახა
–მაგისტრატურას საქართველოში აპირებ?
–არ ვიცი, მაგისტრატურამდეც მინდა ვცადო წასვლა. ახლაც გაგზავნილი მაქვს საბუთები და პასუხები მალე იქნება, – თქვა და მერეღა გაახსენდა, რომ რეზისთან არც კი უხსენებია გაცვლითი პროგრამა. ნინა სერიოზულად არც აღიქვამდა წასვლა–არწასვლის საკითხს, რეზისთან ყოფნის დროს კი დაშორებაზე ფიქრიც კი არ უნდოდა და სწორედ ამიტომ არ ჰყავდა აქამდე გაფრთხილებული, თუმცა მიხვდა, რომ ახლა, ამ სიტუაციაში რეზი ვერ გააცნობიერებდა ამას. იგრძნო კიდეც, როგორ დაეძაბა მამაკაცს მის წელზე ხელი და დივანზე სწრაფად წამოიწია. ნინას მისკენ გახედვაც ვერ მოეხერხებინა.
–მართლა? რა კარგია! საით აპირებ? – ღიმილით აგრძელებდა ლაპარაკს თიკა
–სკანდინავიის ქვეყნებში, შვედეთი და ფინეთი, – თითქმის ამოიოხრა, რადგან უკვე ელოდა რეზის გაცხარებას. მიუხედავად იმისა, რომ მისკენ არ გაუხედავს, ნათლად ხედავდა თაზოსა და სანდროს გამჭოლ მზერებს, რომლებიც ძმაკაცისკენ მიემართათ
–ამის თქმას ჩემთვის როდის აპირებდი, ნინა? – ყველასთვის განგაშივით გაისმა რეზის ხმა
–არც გამხსენებია, მართლა, – ამჯერად მისკენ შებრუნდა ნინა და უფრო მეტად აეკრო.
რეზიმ ოდნავ მოჭუტა თვალები, ძნელი იყო წყენა და ბრაზი არ შეგემჩნია მის გამომეტყველებაში
–აქედან წასვლის შემდეგ ვილაპარაკებთ იმაზე, რა გაგახსენდა და რა არა! – წამით ისევ ის, შეურაცხადი რეზი გახდა. ფეხზე წამოდგა და სიგარეტის მოსაწევად გავდივარო დაიბარა. უკან მხოლოდ თაზო გაჰყვა, დანარჩენებმა კი უხერხული ღიმილი აიკრეს სახეზე
–ყურადღებას ნუ მიაქცევ, ერთ–ორ ღერს გადავუშვებს ფილტვებში და დამშვიდდება, – ღიმილით მიუგო სანდრომ და ისიც წამოდგა – თათი, თიკა, გაუკეთეთ გოგოს ყავა ან ჩაი, დატრიალდით ახლა!
მომდევნო ერთი საათი მართლაც მხიარულად გაატარა. თაზოს ქალიშვილი, პატარა ტასოც გაიცნო და მოგვიანებით მისი თმის სამაგრების კოლექციაც ინტერესით დაათვალიერა, რაზეც ყველა ერთხმად დასცინოდა.
–რა ლამაზი თმა გაქვს, ნინა! – აღფრთოვანებული იყო მისით ტასო
–შენ ჩემზე ლამაზი რომ გაქვს, იცი? – გაეცინა ნინას და მის გრძელ თმას ჩამოუსვა ხელი
–შენ და რეზის ლამაზი შვილი გეყოლებათ, ორივეს მწვანე თვალები გაქვთ და ლამაზთვალება იქნება! – დასვა დიაგნოზი მატრაკვეცა ტასომ და სიამაყით ასწია თავი
ჯერ გაეცინათ, მერე კი წამით უხერხული სიჩუმე ჩამოდგა
–რას იტყვი, ნინაჩკა, გინდა შვილი? – ღიმილით შეხედა რეზიმ და უცებ მოხვია ორივე ხელი.
ნინამ ხმა ვერ ამოიღო, შუბლშეკრული მიაშტერდა რეზის და გულში მადლობა გადაუხადა თაზოს, რომელმაც რომელიღაც სახალისო ისტორიის მოყოლა დაიწყო
–მგონი, იქამდე ბევრი რაღაცის სწავლა მოგიწევს, არა? – მის ყურთან დაიჩურჩულა რეზიმ და ისევ გააწითლა ნინა. მერე ტუჩებით შეეხო მოშიშვლებულ ყელზე და ღმად შეისუნთქა მისი სურნელი
–მაპატიე, ასე აღარ ვიხუმრებ! – დაპირდა, მიუხედავად იმისა, რომ ნინა არ გაბრაზებულა
–იქნებ, ხუმრობა რომ არ დაგჭირდეს, მალე გესწავლებინა საჭირო რაღაცები? – ახლა მან ამოიჩურჩულა რეზის კისერში.
მამაკაცს გაეღიმა, მოუნდა იქვე, ისე, რომ აღარცერთი წუთი დაეკარგა, იმ წამსვე დაუფლებოდა ნინას ლამაზ სხეულს. მის წვრილ წელს შემოაჭდო ხელი და ღრმად ამოისუნთქა
–ამაზეც მოლაპარაკებაა საჭირო! – დაბრუნდა ისევ უფროსი რეზი და ნინას გაბუტულ მზერაზე თავს ვერაფერი მოუხერხა, მეგობრების თვალწინ დაეწაფა შეღებილ ტუჩებზე.

***
რეზიმ სახლის კარი ჩაკეტა და სადარბაზოს კიბეები სწრაფად ჩამოირბინა, უკვე მანქანასთან იყო, როცა მარიამმა დაურეკა. მანქანაში მოთავსდა, დაძრა და მობილური მონიტორზე მოათავსა, ხმამაღალ რეჟიმზე უპასუხა ყოფილ მეუღლეს
–გისმენ, მარიამ, როგორ ხარ?
–კარგად, შენ? გცალია, თუ გადმოგირეკო მერე?
–არა, არა, მცალია, სამსახურში მივდივარ. რამე მოხდა? ხომ კარგადაა ლუკა
–რეზი, რა უნდა გთხოვო. რამოდენიმე დღით მიწევს კახეთში გასვლა და არ მინდა მაინცდამაინც მარტო დატოვება ლუკასი
–რატო კაცო მარტო, ჩემთან დავიტოვებ!
–ჰო, ვითომ არაფერი მიჭირს მარტოო, მაგრამ უფრო მშვიდად ვიქნები, ხომ იცი შენთან რომ იქნება
–დავურეკავ მე, რას ქვია მარტო უნდა, მომინდომა დიდბიჭობა!
–ნუ აღრიალდები ახლა, – გაეცინა მარიამს – წესიერად უთხარი, არეული მეჩვენება ისედაც ამ ბოლო დროს
–კაი მარო, კაი, არ ინერვიულო შენ, ჩემთან დარჩება ეგ და ჩაგაბარებ ხელუხლებელს. წარმატებები აბა!
–მადლობა, რეზი. გავიქეცი ახლა მაშინ.
–მიდი, მიდი, დროებით.
მანქანა პარკინგზე დააყენა და გადმოსვლისას, რამოდენიმე თანამშრომელთან მდგარ ნინას მოჰკრა თვალი. ჯერ გაეღიმა, თბილმა ტალღამ დაუარა ტანში, თუმცა მალევე შეეკრა წარბები. დაინახა, როგორ შემოხვია წელზე ხელები ლაშამ და აკისკისებული გოგონა დაატრიალა. ხელები მოემუშტა, ღრმად ამოისუნთქა და მათკენ წავიდა. როგორც ყოველთვის, ახლაც საოცარი პატივისცემით მიესალმნენ რედაქციის უფროსს. რეზიმ უინტერესოდ დაუკრა თავი ყველას ერთად და სულ ორიოდ წამით ჩახედა ნინას თვალებში. მაშინვე შენიშნა მისი ათრთოლებული ხელები, თუმცა ახლა ამაზე ფიქრი უკუაგდო და ისე, რომ მას არც კი შეხებია, მკაცრი ხმით ამოილაპარაკა:
–ლაშა, გამომყევი!
ნინა მხრებჩამოყრილი უყურებდა მიმავალ რეზის და ფიქრიც არ უნდოდა იმაზე, რა მოხდებოდა მის კაბინეტში.

***
„ჩემთან გელოდები“, წაიკითხა შეტყობინება ნინამ და მაშინვე თვალები გადაატრიალა. ფრთხილად წამოდგა მაგიდიდან, ტანსაცმელი შეისწორა და მისი კაბინეტისკენ გაემართა.
–მარტოა? – ჰკითხა ანას შესვლამდე და დადებითი პასუხი რომ მიიღო, დაუკაკუნებლად შეაღო კარი. რეზი თავის სავარძელში იჯდა, ნინასდა გასაკვირად, ძალიან მშვიდი სახით
–ახლა უნდა გაგიჟდე? – ჰკითხა ნინამ და მიუახლოვდა
–როდის ვგიჟდები? – გაკვირვებით შეხედა რეზიმ
–აბა, რას წამოაყოლე ხელს ლაშა შენს კაბინეტში! – წამოიძახა და რომ მიხვდა, რეზი არ უბრაზდებოდა, მის კალთაზე მოთავსდა
–ლაშას წამოყოლება საჭირო იყო და შენ ეს არ გეხება, ნინა! შენ მსგავსი საკითხი არასოდეს შეგეხება! არ მინდა, მეორედ ეს გამამეორებინო! – ახლა კი ნამდვილად დაეტყო გაღიზიანება რეზის
–იქნებ ახლა პატარა ბავშვივითაც დამტუქსო და ისე გამიშვა კაბინეტიდან, – ამოილაპარაკა და ადგომა დააპირა, მაგრამ რეზის ხელებმა შეაკავა
–სად მიდიხარ, იყავი აქ!
–როგორ რაღაცებზე ბრაზდები, ატყობ მაინც? – აგრძელებდა ნინა
–დარწმუნებული ვარ მსგავსი რამ აღასადროს განმეორდება ლაშას მხრიდან, თუმცა, ნინა.. შემომხედე, შემომხედე და მისმინე კარგად, – ნიკაპზე მოსდო ხელი, რომ სახე პირისპირ გაესწორებინა – რომ დავინახო, კიდევ ვინმე ასე შეგეხო, ასეთი ბედნიერი თუ დაგინახე ვინმეს მკლავებში, მართლა არ ვაგებ საკუთარ თავზე პასუხს!
ნინა გაბრაზდა, ისევ წამოდგომა დააპირა, თუმცა ისევ ვერ შეძლო
–და ნუ გიყვარს გაქცევა! არ ხარ ასეთი პატარა, ნინა, რომ ვერ ხვდებოდე, რაზე გელეპარაკები, – თავი გადააგდო უკან და თვალები დახუჭა
ნინას შეკამათება უნდოდა, თუმცა მისი მოშიშვლებული ყელის დანახვისას თავი ვერ შეიკავა, თბილი ტუჩები შეახო რეზის და ერთი ადგილიდან მეორეზე მანამ დაასრიალებდა, სანამ მამაკაცმა ფრთხილად არ მოიშორა
–ნინა, ასე თავს დავკარგავ! – თვალებამღვრეული შეჰყურებდა
–საერთოდ არ გიზიდავ ხო? – წამოიძახა პატრა ბავშვის შეუფერებელი ინტონაციით
–არ მიზიდავ?! – თვალები დაექაჩა რეზის – ისე მიზიდავ, ახლა შეიძლება ყველა პრინციპს გადავახტე, ნინა!
–და რატომ არ აკეთებ ამას? – ამოიჩურჩულა ნაწყენმა
–შემომხედე.. – ისევ ნიკაპში მოკიდა ხელი, ისევ თვალებში ჩახედა
რამოდენიმე წუთი ასე აკვირდებოდა, მერე, სრულიად მოულოდნელად, კითხვა დაუსვა
–ნამდვილად ჩემთან გინდა პირველად სექსი გქონდეს?
ნინას მის კითხვაზე ჭარხლისფერი დაედო და თავი დახარა
–უბრალო შეკითხვის დროსაც კი გაწითლდი, ნინა! – ამოიოხრა რეზიმ და გულზე მიიხუტა გოგონა
–კი, რეზი, სწორედ შენთან მინდა ამის გაკეთება, მხოლოდ შენთან.
ნინა იმდენად გულწრფელად ლაპარაკობდა, რეზის სიყვარულით გაეღიმა
–მაშინ, მოდი, ნება მომეცი ეს განსაკუთრებულად გავაკეთო, კარგი? – ამოილაპარაკა ისე, რომ ტუჩები არ მოუშორიებია მისი საფეთქლისთვის.
ნინას სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. როგორ შეიძლება, ასეთი კარგი ყოფილიყო?! როგორ შეიძლება, ასე სათუთად მოქცეოდა?! ნუთუ არსებობდა მეორე მისნაირი?! არა, ნინასთვის არ არსებობდა!

***
არასოდეს არაფერი ისე არ ხდება ურთიერთობაში, როგორც დაგეგმილი ან წარმოდგენილი გაქვს. ახლაც, ნინა ხვდებოდა, რომ დიდი ჩხუბის გამოვლა მოუწევდათ. უკვე მეორედ უხსნიდა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო მეგობრებთან ერთად აგარაკზე
–ხო ვიცი არა, რა სიტუაცია იქნება! – დაახეთქა საბუთების მძიმე შეკვრა მაგიდაზე და გაღიზიანებული შებრუნდა მისკენ
–წამოდი შენც.. – შესთავაზა და დივანზე დაემხო, მობეზრებულად გადააგდო თავი
–სამი დღე *ლეზე დავიკიდო სამსახური და იმ ღრეობაში წამოვიდე, არა? – იყვირა ისევ
ნინამ სახეზე აიფარა ხელები
–მეყოფა რაც თვრამეტი წლის ასაკში ვიარე აგარაკებზე 50 კაცთან ერთად!
–აი რაში ყოფილა პრობლემა! – წამოიყვირა ნინამ და ფეხზე წამოხტა, ზურგი შეაქცია რეზის, არ უნდოდა სახეზე მომდგარი ცრემლები შეემჩნია
–რას გულისხმობ? – ჯერ ისევ გაბრაზებით ჩაეკითხა, თუმცა მალევე შეამჩნია მისი მხრების თრთოლვა და მიხვდა, ტიროდა.
–ნინა! – არც კი შემოუბრუნებია, ისე მოეხვია ზურგიდან და მის კისერში ჩამალა სახე
–ისევ იმ საკითხს დავუბრუნდით, ხედავ? ისევ იმას, რომ პატარა ვარ და ერთმანეთს ამიტომ ვერ ვუგებთ.. – ცრემლები ცვიოდა ნინას
–წახვალ.. წახვალ კიკეთში, დამშვიდდი, – დანებდა ბოლოს რეზი. მიხვდა, ვეღარ გაუძლებდა მის ტირილს
–შენ ხომ მენდობი? – შემობრუნდა გახარებული და ამოისრუტუნა, კისერზე შემოაჭდო მკლავები
–გენდობი, ამიტომ წახვალ! დაგირეკავ ხოლმე და მოგიკითხავ, არაფერია ამაში საგანგაშო.. – ნინას მოეჩვენა, რომ რეზი საკუთარ თავს იმშვიდებდა
–ჰო, მართალი ხარ! – თავისი ტუჩები მიაკრო მისას

***
კიკეთში ცოტნეს მანქანით ავიდნენ. სანამ დაბინავდებოდნენ, რეზიმ რამოდენიმეჯერ მოასწრო დარეკვა. ცოტნე და ბექა სიცილს ვერ იკავებდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ ეთანხმებოდა ნინა ყველაფერზე.
–რაო, სუნთქვა მოსულაო? – ჰკითხა მორიგი სატელეფონო საუბრის შემდეგ ცოტნემ და სასაცილო სახით შეხედა
–უი ეგ კიდევ კარგი არ გახსენებია იმას, თორე ხო დაუწესებდა შეზღუდვებს! – ბექაც არ ჩამორჩა, მაგრამ დაინახა თუ არა როგორ შეეკრა ნინას წარბები, მაშინვე თბილად მოხვია ხელი
–გაიცნობთ მაგ ბიჭს კარგად და თუ ილაპარაკოთ ასე, ნახავთ – ნინას მაგივრად სალომემ შეუტია ბიჭებს
–ასე რომ უბრწყინავს თვალები, ეგეც საკმარისია ჩვენთვის, – საფეთქელზე მიადო ტუჩები ბექამ, ამჯერად მართლა გულწრფელი იყო .
საღამოსთვის იმდენი ხალხი გაიცნო ნინამ, სახელები ერთმანეთში ერეოდა და გადაწყვიტა, თავი აღარც გადაეღალა მათი დამახსოვრებით. კიკეთის აგარაკზე გამართული წვეულება ბექას, მისი ძმაკაცისა და კიდევ ერთი, სრულიად უცხო ტიპის საერთო მეგობრებისგან შეკრებილი ხალხით შედგებოდა. მოსაღამოვდა თუ არა, უზარმაზარი კოცონიც დაინთო და იმდენად მყუდრო სიტუაცია შეიქმნა, თითქოს ყველა მათგანი ერთმანეთის ახლო მეგობრები ყოფილიყვნენ. სალომე, ნინა და ანანო ერთმანეთის გვერდით, მინდორზე ისხდნენ და უცხო ბიჭებს აკვირდებოდნენ, რომლებიც ცოტნეს და ბექას ელაპარაკებოდნენ მეგობრულად
–ნანო, ვინ არიან, არ იცნობ? – თავით ანიშნა ნინამ
–აზრზე არ ვარ, არც კი მეცნობიან
–არადა, ის რა კაი ბიჭია! – წამოიძახა სალომემ უცებ
–რომელი ის? – გაეცინათ გოგოებს
–აი, გრძელი თმით. რა საოცარი თმა აქვს პროსტა!
–პატარაა აშკარად, სალი, – გადაიკისკისა ანანომ
–ჰო, ძაან პატარას გავს, მაგრამ კარგი ბავშვია, – გაეცინა ნინასაც და უფრო კარგად დააკვირდა ბიჭს.
–ნაცნობი ნაკვთები აქვს, ვამსგავსებ ვიღაცას! – დაასკვნა ბოლოს
–რივერ ფენიქსს ალბათ! – გაეცინა სალომეს და ისევ ინტერესით შეხედა ქერა, მაღლა აწეული აბურდული კოსითა და სწორი, ლამაზი ნაკვთებით მომღიმარ ბიჭს.
გოგონებმა ლაპარაკი შეწყვიტეს, როცა მათკენ მომავალი ბიჭები შენიშნეს
–ესენი სალი, ნანო და ჩემი მეუღლე, ანანო არიან – ღიმილით წარუდგინა მათი თავი ცოტნემ
სამივემ მორიდებით დაუკრეს თავი და ბექას დაჟირებული მოთხოვნით მათ შეუერთდნენ
–გოგოებო, ესენი ლადო, გიორგი და ლუკა არიან
–სასიამოვნოა, – ამოილაპარაკა ღიმილით ყველას მაგივრად ნანომ. უკანასკნელისგან განსხვავებით, დანარჩენი ორი სულაც არ ჰგავდა პატარა ასაკისას. ბიჭებთან მალევე გამონახეს საერთო ენა და კარგადაც გაერთნენ. არც ისე ბევრს სვამდნენ, თუმცა წამითაც არ მოუწყენიათ. ბიჭები საოცრად ენამოსწრებულები და მხიარულები აღმოჩნდნენ. ნინა და სალომე თავს ვერ იკავებდნენ სიცილისგან, იმდენად მეამიტურად და ოსტატურად ყვებოდა რაღაც ისტორიას ლუკა.
–და რა გააკეთე მერე? – მთელ სახეზე წითელი ფერი დასდებოდა სალომეს. ახლა სულ სხვანაირად უყურებდა ბიჭს, არა როგორც მამაკაცს, არამედ როგორც საოცარ, პატარა ბიჭს
–ძალიან მეცნობა და რა გავაკეთო! – გადასჩურჩულა მის გვერდით მჯდარ ანანოს ნინამ
–ალბათ შეხვედრიხარ სადმე, ისეთი კაი ტიპია მარტივად ჩაგრჩებოდა გონებაში, –გამოთქვა მანაც ვარაუდი და შეზარხოშებული სახით შეხედა მეგობარს
–შენ ბევრი ხო არ დალიე, ლამაზო? – გადაიკისკისა ნინამ და უცებ ცხვირზე აკოცა
–ცოტნემ მითხრა, რამდენიც გინდა იმდენი დალიე, ოღონდ გვერდიდან არ მომცილდეო. თქვენც ასე გადმოგცათ, – სასაცილო სახით შეჰყურებდა ნანო
ნინას გაეღიმა და ისევ ბიჭებისკენ გაიხედა. დაინახა როგორ შესთავაზა ბიჭებს სიგარეტი ბექამ, მათ კი ერთხმად იუარეს და მადლობა გადაუხადეს
–არ ეწევით არცერთი? არ ვიცოდი, – გაიკივირვა და მხრები აიჩეჩა
–სპორცმენები არიან ბატონები და თავს და კარიერას უფრთხილდებიან, – განმარტა უცებ ცოტნემ და ანანოს შემოხვია თბილად ხელი.
კიდევ დიდხანს ილაპარაკეს, პლედები ჰქონდათ შემოხვეული მხრებზე გოგონებს და კომფორტულად მოკალათებულიყვნენ. ანანოს თავისი მეუღლის, სალომესა და ნინას კი ბექას მუხლებზე მოეთავსებინათ თავები და დაშლას არც ჩქარობდნენ. ალბათ ღამის კინოსაც სიამოვნებით უყურებდნენ, რომ არა უეცრად ატეხილი ჩოჩქოლი. ბიჭები სწრაფად წამოხტნენ და ამბის გასარკვევად ყურადღებით დააკვირდნენ სიტუაციას
–აქ იყავით, ფეხი არ მოიცვალოთ – დაარიგა უცებ გოგოები ცოტნემ და წამის შემდეგ ხუთივე მათგანი გაქრა. ნანო ვერაფერს ხედავდა, გარდა საშინელი არეულობისა. მერე, რამოდენიმეგან სისხლი შენიშნა და თვალებში დაუბნელდა. გაიგონა შემზარავი ყვირილი და ძლივს გამოსვენებული, თვალებმინაბული გოგონა. „დაჭრეს.. ვიღაც დაჭრეს!“ გაისმოდა აქეთ–იქიდან და ანანო, სალომე და ნინა ინსტიქტურად ერთმანეთს აეკვრნენ. ნელ–ნელა ხალში შემოეძარცვა უბდურებადატრიალებულ ადგილს და ნინამ დაინახა ძირს დაგდებული, მთლიანად სისხლიანი ბიჭი. იქვე მათი ბიჭებიც შენიშნა. ერთიანად აკანკალდა, ესმოდა, როგორ იძახდნენ, რომ ვერ გადარჩა, რომ დაიღუპა და გამაყრუებელი ტირილის ხმებს ჭკუიდან გადაჰყავდა. იგრძნო, რომ ვიღაცამ ძლიერად ჩაშჭიდა მხრებში ხელი და სახლში შეიყვანა. გონს რომ მოვიდა, გოგოებთან ერთად, დივანზე იჯდა, მათ წინ ჩამუხლულ ცოტნეს კი წყლის ჭიქები ეჭირა ხელში
–დალიეთ, დალიეთ და მოდით გონს! ყველაფერი კარგადაა.. – ჩუმად ამშვიდებდა გოგონებს.
–ცოტნე, ვინ იყო, ვინ მოკლეს? ვინ მოკლა? – პანიკურად იმეორებდა ანანო და მის ხელს იხუტებდა გულში
–პოლიცია მოვა წუთი–წუთზე, დამშვიდდი პატარავ, გთხოვ, ყველაფერი კარგადაა! – ჩაიხუტა ძლიერად აკანკალებული და ბექას გადახედა, რომელიც დანარჩენებთან ერთად რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდა. მერე გამოეყო ბიჭებს და სალომესა და ნინას შორის მოთავსდა. ორივე ხელი შემოხვია გოგონებს და ღიმილი აიკრა სხეულზე აქეთ–იქიდან
–ყველაფერი კარგადაა, ნუ შფოთავთ, ყველაფერი მოგვარდება, – ჯერ ნინას, მერე კი სალომეს მიაკრო ტუჩები თავზე.
ნინა ოდნავ მოეშვა, უფრო მეტად მიეკრო მის მკერდს
–ნინა, შენი მობილურია.. – შეაფხიზლა ბექამ გოგონა და თვითონ ამოიღო მისი ჯიბიდან მობილური, – რეზი გირეკავს, გინდა მე თვითონ დაველეპარაკო?
–არა, არა, – გამოართვა და სწრაფად უპასუხა
–ნინაჩკა, რას შვები? – გაისმა მისი თბილი ხმა და ნინას ისე მოუნდა ახლა მასთან ყოფნა, თავი ვერ შეიკავა, ცრემლებით დაუსველდა მთელი სახე
–რეზი.. აქ.. აქ ერთი ბიჭი მოკლეს.. რეზი, არ შემიძლია, – ამოიტირა და მოულოდნელად, ისე რომ აზრზე ვერ მოვიდა, ბექამ გამოსტაცა ხელიდან მობილური. ესმოდა, როგორ უხსნიდა რამოდენიმე სიტყვით მომხდარს, მერე კი გათიშა და ნინას ჯიბეში თავადვე დააბრუნა
–ასე, ხომ გაუსკდება გული, ნინა? რა დაგემართა? ასე უნდა მიახალო? – საყვედურნარავი ხმით უთხრა, თუმცა ისევ გულში იხუტებდა – ძალიან მალე აქ იქნება, უკვე მოდის, – უთხრა ბოლოს სიტყვები, რომლებიც ახლა ყველა სხვა დამშვიდებას ერჩივნა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი აბლაბუდა

რა საყვარლობა და თბილი ისტორია ყოფილა, ვნახოთ როგორ გაუქაჩავენ ასეთ სხვაობას ასაკში,, თუმცა მაინც მინდა ერთად იყვენენ

 


№2 წევრი დარინა

ასე ამ ბოლო დროს ისტორია მომწონებია, აი ისეთი სასიამოვნო წასაკითხია, სულ არ ვაქცევ მათ ასაკობრივ სხვაობას ისე უხდებიან ერმანეთს. თან ისიც მომწნს ყოველდღე რომ დებ და ლოდინი არ მიწევს.

 


№3 სტუმარი მერო

იმედია ვინც მოკლეს ლუკა არააა

 


№4  offline წევრი P.A.

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ, აფასებთ და საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამთ <3 ისტორია უკვე დასრულებული მაქვს, ამიტომ არ გალოდინებთ ხოლმე, ვეცდები ყოველ დღე თითო თავი ავტვირთო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!<3

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ასაკობრივ სხვაობაზე ისტორიები ჩემი სუსტი წერტილია, ოღონდ ერთადერთი შენიშვნა მაქვს, თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება: რეზის ეჭვიანობის, გაფრხდილების გამოხატვის ფორმა ძალიან, ძალიან ბებრულ ასაკს უსვამს ხაზს. არადა ურთიერთობაში ეგ არ უნდა იგრძნობოდეს.

 


№6  offline წევრი GentleWoman

დასრულებული გქონია უკვე და ატვირთე სრულად. მოუთმენლად ველი ყოველ ახალ თავს!

 


№7  offline წევრი P.A.

grafo
ასაკობრივ სხვაობაზე ისტორიები ჩემი სუსტი წერტილია, ოღონდ ერთადერთი შენიშვნა მაქვს, თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება: რეზის ეჭვიანობის, გაფრხდილების გამოხატვის ფორმა ძალიან, ძალიან ბებრულ ასაკს უსვამს ხაზს. არადა ურთიერთობაში ეგ არ უნდა იგრძნობოდეს.


მაქსიმალურად ვეცდები გავითვალისწინო, მადლობა რჩევისთვის:* დროთა განმავლობაში უფრო კარგად გამოჩნდება რატომაა რეზი ყველაფერზე ასეთი დაფეთებული:დ

GentleWoman
დასრულებული გქონია უკვე და ატვირთე სრულად. მოუთმენლად ველი ყოველ ახალ თავს!


ავტვირთავდი, მაგრამ დიდი ხნის წინ დავასრულე და ყოველი თავის ატვირთვისას რაიმეს ჩასწორება მიწევს, ან ზოგი ნაწილის გადაკეთება, ამიტომ ასე გადავწყვიტე რომ ეტაპობრივად ავტვირთო. თუმცა ვეცდები დიდი თავები დავდო ხოლმე. მიხარია რომ ასე ელი!<3

მერო
იმედია ვინც მოკლეს ლუკა არააა


შემდეგ თავში გაირკვევა^^

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ახლა წავიკითხე ოთხივე თავი და ყველაზე მეტად ამ თავში დავიძაბე ... იმედია ეს მკვლელობა არცერთთან არიქნება კავშორში იმედია!! რაც შეეხება ასაკს მომწონს ასეთი სხვაობა არც ძაან დიდია და არც ძაან პატარა ანუ უფრო საინტერესოა თან მიყვარს ასეთი ისტორიები მაგრამ ეს რაღაც განსხვავებული ჩანს .. არვიცი ძაან ავფორიაქდი და იმედია ყველაფერი კარგად იქნება და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს წარმატებები

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.