შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გადამიფიქრო! (თავი 7)


14-11-2018, 00:22
ავტორი P.A.
ნანახია 9 805

არ გადამიფიქრო! (თავი 7)

მთელი ღამე გაათენა, ვერაფრით ისვენებდა საწოლში. ბალიშზე დებდა თუ არა თავს, ნინას შეშინებული მზერა ახსენდებოდა და თავს ვერაფრით აძლევდა ჩაძინების უფლებას. ეშინოდა, ინსტიქტურად არ მოეხვია ხელი მისთვის, როგორც სჩვეოდა და კიდევ არ დაეფრთხო. მან ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ქალი შეაშინა და უკვე იცოდა, რომ საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებდა ამას. ისე, რომ არ მიკარებოდა, საწოლიდან წამოდგა. გააზრებაზე, რომ ეს გააკეთა, ზიზღით გააჟრჟოლა, გულდამძიმებული წამოდგა და სუფთა ჰაერზე გავიდა. საათის ისრებიც თითქოს სპეციალურად, მის დასატანჯად, ძლივს მიუახლოვდა ხუთის ნახევარს. რამოდენიმე წუთში საწოოლთან გატანჯული სახით იდგა და ცდილობდა ნაზი შეხებით გაეღვიძებინა ცოლი. რომ ვერაფერს გახდა, ცხვირი მის კისერში შესაშური სიფრთხილით ჩარგო და ცხელი კოცნით დაურღვია ძილი.
–ვიცი, ძალიან ადრეა, მაგრამ უნდა გაემზადო.. – ამოიჩურჩულა დამნაშავესავით და მაშინვე მოშორდა
ნინა ძლივს გამოერკვა რა ხდებოდა, მერე გამოფხიზლდა და რეზის ხელს ჩაეჭიდა, თავისკენ დაქაჩა
–მეგონა, არ უნდა მოგკარებოდი.. – ტკივილიანი ხმით ამოილაპარაკა მამაკაცმა და საწოლთან ჩაიმუხლა, ორივე მკლავი ძლიერად მოხვია
–ძალიან სერიოზულია რამე? – მხოლოდ ეს ჰკითხა და ტუჩები საფეთქელზე მიაკრო
–სანამ არ ჩავალთ, ვერ გავარკვევ. შეგიძლია, რომ ამ ერთხელ დამიჯერო და ზედმეტი კითხვები არ დამისვა? – ფრთხილად ჰკითხა და მის ტუჩებს დაეწაფა მონატრებული
–კარგი.. – ამოილაპარაკა, როგორც კი რეზი მოშორდა
–გაგიმზადე ტანსაცმელი, უცებ ჩაიცვი, უნდა ისაუზმო და გავიდეთ, თორემ დავაგვიანებთ, – საწოლში წამოაყენა და თმები ჩამოუვარცხნა თითებით
–არ მშია.. – ამოიწუწუნა
–შანსი არ გაქვს ახლა! წუწუნის გარეშე! – სიმკაცრე შეურია ხმაში რეზიმ და პერანგი თავად გადააძრო.
ისე იმგზავრეს, რეზის მკლავს არ მოშორებია, არცერთი წუთით. თითქოს მას უფრო მძაფრად განეცადა საკუთარი სიტყვები, ვიდრე რეზის. აქამდე არც დაფიქრებულა, თუ რეზიზე ასე მოქმედებდა ფაქტი, რომ გაღიზიანებული ნინა ზედ არ იკარებდა. არადა, მას ხომ თავისი მიზეზი ჰქონდა. ისედაც უგონოდ შეყვარებული, მის მკლავებში ვეღარც გაბრაზებას და ვეღარც საყვედურის თქმას ახერხებდა ხოლმე. ყოველთვის, როცა რაიმე ეწყინებოდა, ცდილობდა მისგან შორს ყოფილიყო, რომ რეზის ძლიერ ხელებს ყველაფერი დანარჩენი არ გადაეფარა, არ გადაევიწყებინა. ახლა კი, ახლა ხვდებოდა, რომ რაღაც აწუხებდა, რაღაც ისეთი, რომ მასაც კი ვერ გაუმხილა. ამის გააზრებისას უფრო მეტად აეკრო რეზის სხეულს და მისმა თბილმა შეხებამ თავზე, შინაგანადაც უფრო მეტად გაათბო.

***
ასეთი რთული პერიოდი თითქმის არასოდეს გამოუვლია რეზის. პირველ რიგში, ცოლის სიმშვიდეზე უნდა ეზრუნა, რომელსაც წამითაც ვერ ტოვებდა მარტო. ამას ვაჟიშვილიც ემატებოდა, რომელმაც დედის მარტო დატოვებაზე და რეზისთან გადასვლაზე უარი განაცხადა, სამაგიეროდ მამას დაჰპირდა რომ ზედმეტი გართობისგან თავს შეიკავებდა და შეგნებულად, ყოველ საღამოს დროულად ბრუნდებოდა სახლში. მარიამს უკვირდა კიდეც ლუკას ასეთი სახეცვლილება. აღარ უწევდა დაუსრულებლად მასთან რეკვა, რომ სახლში მოსულიყო, არ დარჩენილიყო რომელიმე ძმაკაცთან გაუფრთხილებლად, კლუბებსა და ბარებში უცხო ქალებთან გართობა არ მოენდომებინა ან ვარჯიშის მერე არ გადაკარგულიყო. ლუკამ იცოდა, რომ ახლა ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ისე, როგორც მამა ეტყოდა და ასეც იქცეოდა. არ იმჩნევდა მუდამ მის ახლომახლო მყოფ დაცვის თანამშრომლებს და ცდილობდა, ცუდზე არ ეფიქრა. ნინასთან ლაპარაკიც აკრძალული ჰქონდა ამ თემაზე. რეზის ჯერ კიდევ ვერ გაემხილა მეუღლისთვის სიმართლე და მუდმივად ნერვიულობდა მის გარეშე სადმე უსაფრთხო ადგილას არ მოხვედრილიყო.
ცოლის წამოზრდილი მუცელი იმხელა ბედნიერებას ანიჭებდა, ზოგჯერ ეჭვი ეპარებოდა, რომ იმსახურებდა ამ ყველაფერს. დილას, თმააბურდულ ნინას გემრიელად ჩაკოცნიდა ხოლმე და სამსახურშიც თავად მიჰყავდა, მერე კი სახლში ერთად ბრუნდებოდნენ. მორჩენილი საქმეც შინ მოჰქონდა, იმდენად არ უნდოდა ნინას მარტო ეარა. რამოდენიმე თვე ისე გავიდა, რეზიმ შეძლო ნინას უშფოთველად ეცხოვრა. მეგობრებთან ხშირად წუწუნებდა ხოლმე, რეზი ბოლომდე რაღაცას არ მეუბნებაო, თუმცა ნანო და სალომე ამშვიდებდნენ, ფეხმძიმედ რომ ხარ ამიტომ ღელავსო. ისიც თავს აქნევდა, არ იჯერებდა, მაგრამ უნდოდა დაჯერება და თავს უფლებას აძლევდა, რომ ცოტახნით მაინც არ ეფიქრა ცუდზე.
ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, სანამ ნინამ ბიჭების თამაშზე წასვლა არ მოინდომა ისეთ დროს, როცა რეზის სერიოზული შეხვედრა ჰქონდა დანიშნული ამერიკიდან ჩამოსული ერთ–ერთი ცნობილი, გლობალური რედაქციის წარმომადგენლებთან. ვერ დაუშვებდა, რომ შეჯიბრზე გაეშვა ამდენ ხალხში. ვერც ბიჭებს სთხოვდა გაჰყოლოდნენ, რადგან თაზო ცოლ–შვილით დასვენების ბოლო კვირას აგარაკზე ატარებდა, ხოლო სანდრო რამოდენიმე დღით ისევ მივლინებაში იყო წასული. ჯერ მშვიდად უხსნიდა, რომ არ უნდოდა მარტო გაეშვა, მერე კი, ნინას წუწუნზე, რომ მეგობრებთან ერთად წავიდოდა, მოთმინება დაელია. თავში რამოდენიმე დღის წინ მიღებული წერილი უტრიალებდა, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ მუქარა არა მხოლოდ ნინას, არამედ მათ ჯერ არ დაბადებულ პატარასაც ეხებოდა. რეზი ისედაც ძლივს იკავებდა თავს, რომ სახლში არ გამოეკეტა ქალი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. ახლა კი ისევ თავიდან იწყებოდა მისი ჭირვეულობა. საძინებელში, ზურგზე იწვა ნინა და მოწყენილი სახით კედელზე შემოეწყო თლილი ფეხები
–გთხოვ, წავალ რა! ბოლო ორი თამაში ისედაც გამოვტოვეთ. ერთზე მითხარი გვიანია და დაიღლებიო, მეორეზე კიდევ.. მეორეზეც რაღაც მსგავსი. რატომ არ გინდა, რომ თამაშებზე ვიარო?
–როგორ არ მინდა, უბრალოდ დღეს ვერ წახვალ, ნინა.. – სარკეში პერანგს ისწორებდა და ცდილობდა მშვიდად აეხსნა
–წავალ, აუცილებლად წავალ! – წამოდგა უცებ და კარადასთან მიირბინა, რომ ტანსაცმელი აერჩია
–ბატონო?!
რეზის ხმამ შეაკრთო. ბოლო დროს ხშირად ხდებოდა ასეთი შეუვალი, მკაცრი სახით შეხედავდა ხოლმე და აფეთქების პირას მყოფს ჰგავდა. ნინას კი ან ეტირებოდა, ან იცოდა, ვერ გადაიტანდა ასეთ რეზისთან ჩხუბს და ნებდებოდა. თუმცა, ახლა სულ სხვაგვარად მოქცევა გადაეწყვიტა. ბოლო თვეების განმავლობაში მისი ყოველი ნაბიჯის შემოწმებითა და დევნით შეწუხებული უკან დახევას აღარ აპირებდა
–ჰო, თამაშზე მივდივარ! ბექა გამომივლის..
–არსად არ მიდიხარ! გასაგებია? – წამოიყვირა რეზიმ და ყველა ემოცია ერთად შემოაწვა, თავს ვეღარ იკავებდა, ასე აღარ შეიძლებოდა, ასე ნამდვილად გაგიჟდებოდა
–ნუ მიყვირი.. – ამოისლუკუნა ნინამ და ადგილს მიეყინა. გაოგნებული სახით შეჰყურებდა კაცს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ნინა ბედნიერი ყოფილიყო.
ახლა კი რა ხდებოდა?! სამი თვის ორსულ ცოლს მუდმივად მკაცრად ელაპარაკებოდა, არსად უშვებდა წინასწარი გამოკითხვის გარეშე და მუდმივად მის კონტროლში მყოფს ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდა. ნინას თავიდანვე ეჭვები ღრღნიდა, ეგონა რომ აღარ უყვარდა რეზის.. ეგონა, რომ აღარ უნდოდა მასთან ყოფნა. თუმცა ყოველთვის, როცა ღამეს ერთად ატარებდნენ, რეზი იმდენად იყო ხოლმე მისით მოცული, იმხელა სითბო იღვრებოდა მისგან, ნინას მალევე ეფანტებოდა გონებიდან ცუდი ფიქრები. ახლაც, წინა ღამე გაახსენდა და გული მოეწურა, ნუთუ ასეთი ცვალებადი შეიძლებოდა ყოფილიყო რეზი? ასეთ რეზის არ იცნობდა ნინა..
–ნინა, მისმინე.. დაურეკე შენებს და აქ მოვიდნენ. შეხვედრიდან გამოვალ თუ არა დასალევს ამოვიტან, შენს საყვარელ ტკბილეულს გიყიდი, გთხოვ ნინაჩკა, ძალიან გთხოვ..
ნინა გაფართოებული თვალებით უყურებდა. ჯერ არაფერი უთხრა, მერე კი ჩაილაპარაკა, მომშივდა, წარმატებები შეხვედრაზეო და ოთახიდან გავიდა. რეზიმ ამოისუნთქა, ვერ იტანდა ბოლოდროინდელ მდგომარეობას, ფაქტს რომ ნინას ნაწყენს და გულნატკენს ტოვებდა. ისე დატოვა სახლი, რომ წესიერად არც დამშვიდობებია, რომ უარესად არ გაეღიზიანებინა. გოგონა კი უაზროდ დადიოდა ოთახიდან ოთახში. რამოდენიმეჯერ დაურეკეს ანანომ და სალომემ, ამჯერად აღარ მოუნდა ეთქვა უკვე ჩვევად ქცეული სიტყვები, რომ „წასვლას ვერ შეძლებს, რადგან რეზი ინერვიულებს,“ ამიტომ შეხვედრის დროზე შეუთანხმდა გოგოებს. როგორც მოილაპარაკეს, ცოტნე და ანანო პირდაპირ თამაშზე შეხვდებოდნენ დანარჩენებს. უკვე ჩაცმული ნინა მისაღებში იჯდა და გემრიელად შეექცეოდა ორცხობილებს ბექამ და სალომემ რომ მიაკითხეს. მხიარულად აიღო ჩანთა და სახლი დატოვა.
–რეზის შეხვედრა აქვს რამე? – ჰკითხა მანქანაში ბექამ
–ჰო, ძალიან სერიოზულიაო..
–ჰო, გაგვიკვირდა ლუკამ და ბიჭებმა რომ გვითხრეს, არ იქნებიან რეზი, თაზო და სანდროო. სამაგიეროდ ჩვენ ვუგულშემატკივრებთ, არაუშავს, – მხიარულ ნოტაზე იყო ბექა
–ჰო.. – ჩაილაპარაკა ისევ ნინამ და მანქანიდან გადმოსული სწრაფად შეყვა მეგობრებს შენობაში.
შორიდანვე შენიშნეს ბიჭები და დაიკავეს თუ არა ადგილები მხიარულად დაუქნიეს ხელი. ნინას მოეჩვენა, რომ ლუკამ უკმაყოფილოდ შეკრა წარბები, თუმცა იფიქრა, თამაშის წინ ნერვიულობსო და აღარ მიუქცევია ყურადღება.

ზოგჯერ ხომ არის მომენტები, რომ ყველაფერი გავიწყდება – ლმიბიერება, სინაზე, სითბო, სიყვარულიც კი. ყველა თვისება, რაც თავს ადამიანად გაგრძნობინებს და ფიქრობ მხოლოდ იმ ერთზე. ეს კი მაშინ ხდება, როცა წარმოიდგენ, რომ ხელიდან გამოგაცალეს, ვეღარ ხედავ და ვეღარ ეხები. ასეთ დროს გინდება რომ სუნთქვა შეწყვიტო და სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვალ, ყველაზე რთული მომენტია. აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება, რომ რამე იღონო, რაიმე მოიმოქმედო. უნარი კი, გგონია, რომ აღარაფრის გაგაჩნია. რეზიც ასე გრძნობდა თავს, შეხვედრიდან სახლში დაბრუნებულს ცარიელი რომ დახვდა სახლი. ჯერ ვერ იჯერებდა, სწრაფად შემოიარა ყველა ოთახი, აბაზანა, სამზარეულო, აივნები, მერე კი იგრძნო, რომ ტანს ვეღარ იმორჩილებდა. მანქანაში იჯდა და ნინას ნომერს უკვე მესამედ კრეფდა. არ პასუხობდა.. სახლში არ იყო და მობილურზეც არ პასუხობდა.. სუნთქვა ეკვროდა, ჰალტუხი ისე მოიგლიჯა ყელიდან ვერც გაიაზრა. კიდევ ერთხელ აპირებდა ნომრის აკრეფას, როცა ლუკასგან თამაშის პერიოდში, შესვენების დროს გამოგზავნილი შეტყობინება მოუვიდა. „მა, ნინაა თამაშზე მოსული, ხომ მითხარი, რომ შეხვედრა გქონდა და მარტო ვერ გამოუშვებდი, ყველაფერი რიგზეა? სად ხარ?“ ორიოდ წამში იმდენად სწრაფად მართავდა მანქანას და ისე იყო გაცოფებული, რომ საკუთარი თავის კონტროლსაც კი აღარ ცდილობდა. შუა თამაშის დროს, ისე რომ საკუთარი შვილიც არ დაუნახავს, ხალხში დაიწყო ნაცნობი სახის ძებნა. მალევე დაინახა ბექას და ანანოს შორის მდგარი ცოლი და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მათკენ. ნინამ ბოლო წამს შენიშნა რეზი ანთებული თვალებით და უნებურად, ძალიან ღრმად ამოისუნთქა. თითქოს წამში გადაიღალაო, მაშინვე სკამზე ჩამოჯდა. თავი დახარა და მის მოახლოებას დაელოდა
–ნინა, რეზი მოვიდა.. ნინა, მგონი რაღაცაზე ბრაზობს, – უჩურჩულა ანანომ და მათ წინ ასვეტილ რეზის თბილად მიესალმა, რომელმაც უხმოდ, ნაძალადევად გაუღიმა ყველას ერთად, მერე კი ნინას გაუყარა თვალი თვალში
–სწრაფად, უხმოდ მანქანაში! ახლავე! – ნინას მის ხმაზე ცივმა ოფლმა დაასხა და თავი სწრაფად დააქნია
–უნდა წავიდე ნანო.. – დაიჩურჩულა და სანამ რეზი ისევ ამოიღებდა ხმას, თვითონ წავიდა მისკენ
–სად მიდიხართ? – გაკვირვებით წამოიძახა ბექამ, როცა დაინახა როგორ ჩაეჭიდა მკლავზე რეზი გოგონას. ყველა მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა მათ შორის, რაღაც უსიამოვნო
–უნდა წავიდეთ, ამ დღეებში შეგხვდებით, დროებით, – ძლივს მოაბა ორიოდ სიტყვას თავი რეზიმ და ნინას მოხვია წელზე ხელი. ისე ძლიერად უჭერდა, რომ ნინას ტკივილისგან სახე შეეჭმუხნა. ისე სწრაფად მიიყვანა მანქანამდე და ისეთი მკაცრი სახით ჩასვა შიგნით, ნინა ხმას ვერ იღებდა. მერე მანქანს მოუარა, თავისი ადგილი დაიკავა და ორივე ხელი სახეზე აიფარა
–რეზი..
–ხმა არ ამოიღო! – გამოსცრა კბილებს შორის და მანქანა დაძრა. სახლამდე მისკენ არც გაუხედავს. ნინას უნდოდა თავად ეთქვა რამე, თუმცა ხედავდა, როგორ სდიოდა ოფლი შუბლზე რეზის და გაოცებისგან ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა. მისი ათრთოლებული ხელები უარესად ურევდა გონებას. იმდენად უხეშად შეიყვანა სახლში, ნინას ცრემლები მოადგა თვალებზე. შესვლისთანავე დივანზე ჩამოჯდა, ფეხსაცმელი გაიძრო და ფეხები აკეცა, ხელებს შორის კი დიდი ბალიში მოიქცია და ნიკაპი პატარა ბავშვივით ჩამოაყრდნო ზედ. უყურებდა როგორ იძრობდა რეზი ტანსაცმელს. რამოდენიმე წუთში ოთახიდან ნაცრისფერი პერანგით და სპორტულით გამოვიდა და მის წინ უხმოდ ჩამოდგა. იმხელა აგრესია დაინახა ნინამ მის თვალებში, გააჟრჟოლა. ვეღარ აიტანა მისი დაჟინებული, უხმო ყურება და თავად ამოიღო ხმა
–რეზი, უბრალოდ თამაშზე წავედი, სხვა არაფერი დამიშავებია..
–არც კი იცი, რა გადავიტანე, არ იცი.. წარმოდგენა არ გაქვს.. – ჩაწყვეტილი ხმით ამოილაპარაკა რეზიმ. იმის თავიც აღარ ჰქონდა, დაეყვირა ან გამკიცხავი ტონი გაერია სიტყვებში
–რატომ რეზი? რატომ ნერვიულობ, მითხარი.. – ვედრება ისმოდა მის ხმაში
–მემუქრებიან ნინა! მემუქრებიან, გესმის? შეგიძლია გაიგო, რომ ვერ ივლი შენს ნებაზე? – იმხელა ხმაზე ყვიროდა, აკანკალებული გოგონა დივანს მიეკრო ზურგით და ბალიში აიფარა სახეზე. ეშინოდა, ისევ ეშინოდა.. თუმცა, ახლა, ყვირილზე მეტად რეზის სიტყვებმა დააფრთხო
–ვინ? – თვითონაც გაუკვირდა კითხვის დასმა რომ შეძლო
–არ ვიცი ნინა, დღედღეზე გავარკვევ..
–რეზი.. – შიში ჩაუდგა თვალებში ნინას და ცრემლებით აევსო
–შენ კიდევ ვერაფერი გაგაგებინე! რომც არ ყოფილიყო ეს ამბავი, ასე უნდა გეკიდო? ასე უნდა გეკიდოს ჩემი სიტყვა? ანუ ახლა ასე ვართ ხო? – ყვიროდა უკვე მოთმინებიდან გამოსული რეზი
–მაპატიე, მაპატიე, გთხოვ – უკვე ტიროდა ნინა, ფეხზე წამოდგა და საძებელში შევარდა
რეზიმ ცოტა დრო მისცა, რამოდენიმე ღერი სიგარეტი ერთამენთის მიყოლებით ჩაწვა, მერე წამოდგა და ფრთხილი ნაბიჯით გაემართა მათი საძინებლისკენ. შესულს ნინა ჩაძინებული დახვდა. დაიხარა, მის შეშუპებულ თვალებს დააკვირდა და გაეღიმა. მერე უცებ, ისე რომ არც დაფიქრებულა, გვერდით მიუწვა და მკლავებში მოიქცია ცოლის სხეული. ვერ გადაიტანდა მის დაკარგვას.. ვერ გაუძლებდა იმას, რაც სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანა. გრძნობა, რომ წაიყვანეს, მოსტაცეს, სულს უყინავდა და გაუცნობიერებლად უფრო და უფრო მეტად იკრავდა მის სხეულს გულში. ნინა შეიშმუშნა, თვალები გაახილა და წამით გაოგნებისგან გამომეტყველება ეცვალა
–მოვკვდები უშენოდ, თავს ვერ ვიცოცხლებ, – ისე უბრალოდ და აუღელვებლად წარმოთქვა რეზიმ სიტყვები, ნინა მიხვდა, რომ უკვე ყველანაირი ემოციისგან დაცლილიყო
–შეგიძლია მომიყვე? – ამოიჩურჩულა ნინამ და თითები გადაატარა მის დახუჭულ თვალებს
–მოგიყვები, მოგვიანებით მოგიყვები, ცოტა ხნით შენთან ვიქნები, ასე.. უბრალოდ, კარგი? მეგონა დაგკარგე.. მეგონა ვეღარ გნახავდი და..
–აღარასდროს მოგშორდები! – ამოიტირა ნინამ ისევ და მის მაისურს ჩაებღაუჭა ორივე ხელით
–ეს რა მესმის! – ღიმილით დახედა რეზიმ, სახეზე ჩამოუსვა ძლიერი ხელი და ყელისა და მკერდის გავლით მუცლისკენ ჩაჩოჩდა. ხელისგულით მის წამოზრდილ მუცელს გრძნობდა და მონოტონურად, ცერა თითით ეფერებოდა
–როდის ვართ ჩაწერილები ექოსკოპიაზე? – ჰკითხა და ცხვირზე მიაკრო ტუჩები
–ზეგ, სქესი უნდა გავიგოთ, შეძლებ წამოსვლას? – ბედნიერი ღიმილით ახედა ნინამ
–რა თქმა უნდა! – წამოიძახა უცებ სასაცილოდ რეზიმ
–ლუკა მეხვეწა, მეც წამოვალო, – სიცილი აუტყდა ნინას – სახელებსაც კი არჩევს უკვე, შეიძლება წავიყვანოთ?
–თუ შენც გინდა, წავიყვანოთ
–მინდა.. – დაიჩურჩულა და მის მკერდში ჩამალა სახე
–მიხარია ლუკასთან ასე რომ მეგობრობ, – თბილად ჩაილაპარაკა რეზიმ
–ხომ უსაფრთხოდ იქნება? ლუკაზეც ხომ არ გემუქრებიან? – შიშნარევი ხმით იკითხა ნინამ
–ნუ გეშინია რა, ნინა.. სიცოცხლის აზრს მხოლოდ შენ და ლუკა მაძლევთ, თქვენამდე არც მახსოვს რა ვიყავი.. ვინ ვიყავი. არ დავუშვებ ვინმემ რამე დაგიშავოთ, ხომ იცი ეს?
–ვიცი, – თავი დააქნია და მის მუცელზე მოთამაშე რეზის ხელს დახედა – რას ფიქრობ, ბიჭი რომ იყოს, დავარქვათ თომა?
–თომა? ცუდი არ არის.. – გაეღიმა და ამღერებულ მობილურს გადაწვდა
–ლუკა რეკავს, შენზე ღელავდა, მან მომწერა რომ თამაშზე იყავი.. – ჩაილაპარაკა რეზიმ და მხიარული ხმით უპასუხა შვილს
–ჰო მა, რა ქენით?
–მოვიგეთ მა!
–ყოჩაღ, კარგები ხართ! მაგრები ხართ, მა!
–ბარში წავიდეთო ცოტნემ და ბექამ, მოდით რა.. ხომ ყველაფერი კარგადაა?
–კი მა, მადლობა, რომ მომწერე. ვკითხავ ნინას თუ უნდა და გამოვალთ, მომწერე სად იქნებით. ჭკვიანად მა, ნუ მოშორდები მეგობრებს, – დაარიგა მშვიდი ხმით
–კაი მა, სულ ვხედავ შენი დაცვის ბიჭებს, ყველგან ეგენი არიან, – ჩაიბუზღუნა სასაცილოდ ლუკამ
–ცოტაც მა..
–გაარკვიე რამე?
–არ მინდა ასე ლაპარაკი, მომწერე სად იქნებით კარგი?
–კაი. წავედი, უნდა ჩავიცვა, ახლა გადავივლე წყალი, მელოდებიან. წამოიყვანე ნინა იცოდე!
რეზის გაეცინა, ლუკამ სიმკაცრე რომ გაურია ხმაში. გათიშა თუ არა ტელეფონი, აღარაფრის თქმა არ დასჭირვებია. ნინა, რომელმაც ყველაფერი მოისმინა, ფეხზე წამოხტა და კარადისკენ დინჯი სახით დაიძრა
–რას აკეთებ? – გაეცინა რეზის
–ხომ წავალთ? მითხარი, რომ წავალთ, – თვალები აატრიალა და მავედრებელი მზერით შეხედა
–ჰო, წავალთ, მაგრამ არ გაცვია უკვე? – ეღიმებოდა ნინას საყვარელ ცქმუტვაზე
–აღარ მომწონს ესენი, კაბა უნდა ჩავიცვა რამე, – დაიწუწუნა და მოკლე, შავი, წელმოშიშვლებული კაბა გამოიღო, მერე სარკის წინ მიიზომა და ღიმილით შებრუნდა რეზისკენ
–ძალიან მოკლეა? მუცელი რომ მეზრდება, უფრო და უფრო მიმოკლდება ხოლმე ეს კაბები, – წუწუნებდა პატარა ბავშვივით – რას იცინი, რეზი, მითხარი რა..
–მერე რა, დამოკლდეს! ისეთი კარგი ხარ, რომ შემეძლოს შიშველს გატარებდი, რომ ყველას დაენახა შენი ლამაზი ტანი.
ნინამ გადაიკისკისა და კიდევ ერთხელ გადაატრიალა თვალები
–შენ მგონი უკუღმართი კაცი ხარ! – წამოიძახა უცებ
რეზი ღიმილით, უპასუხოდ წამოდგა, მობილურს დახედა და ოთახიდან გასვლამდე ნინას შუბლს მიაკრო ტუჩები, სულ რამოდენიმე წამით
–სად წახვედი? ჩაიცვი რა, მალე გავიდეთ, – გასძახა უკვე ოთახიდან გასულს
–დავრეკავ ერთი–ორგან და ჩავიცვამ, რამოდენიმე წუთი მინდა, გაემზადე შენ, – მოესმა რეზის ხმა უკვე შორიდან .
ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ახლა უფრო მარტივად სუნთქავდა, როცა ნინას ყველაფერი გაუმხილა. უხაროდა, რომ როგორც მოელოდა, ბავშვური მეამიტობით მიიღო ახალი ამბავი და ცდილობდა ვერც გაეაზრებინა ბოლომდე, რომ დიდ საფრთხეში შეიძლება ჩავარდნილიყვნენ. რაც ყველაზე მთავარია, იცოდა, ახლა აღარ მოუწევდა ნინასთან ჩხუბი მისი ზედმეტი ყურადღების ან აქეთ–იქით სიარულის გამო. მალე უნდა გაერკვია სიმართლე, ახლოს იყო წერილების ადრესატის გაგებამდე, თუმცა მაინც ვერ ითმენდა, უნდოდა მალე დასრულებულიყო მუდმივი შფოთვა ცოლსა და შვილზე, უკვე არ დაბადებულ შვილზეც კი. რეზი ხვდებოდა, რომ მხოლოდ ყველაფრის გაგების და მოგვარების მერე შეძლებდა რეალური ბედნიერების შეგრძნებას, მანამდე კი.. მანამდე თავს ამის უფლებას ვერაფრით აძლევდა.

მანქანა საპარკინგო ადგილას დააყენა რეზიმ და ლუკას და ნინას ღიმილით გადახედა
–აბა, მზად ხართ უფრო ახლოს გავიცნოთ პატარა ოჯახის წევრი?
–თან როგორ! გადმოდით, მალე, მალე, – სიცილით გადახტა მანქანიდან ლუკა და ნინას და რეზის თბილმა ღიმილმა გაუპო სახეები. ლუკა წინ მიდიოდა და მათაც აჩქარებდა, თან წუწუნებდა მაინც დავაგვიანეთ, აქამდე შეიძლება სქესიც კი გვცოდნოდაო. მერე ნინას შეუღრინა რა მნიშვნელობა ჰქონდა რომელ ფეხსაცმელს ჩაიცვამდი, გული როგორ გითმენსო და რეზისგან უჩუმრად, მისგან მუჯლუგუნიც მიიღო. პასუხად კი თბილად გაუღიმა და შიშით, კიდევ არ გაემეორებინა ამ სიფრიფანა გოგონას იგივე, ჩამოშორდა და ისევ წინ წავიდა
–შენ რომ მალე შეხვალ, სქესს უფრო ადრე გაიგებ? – ხითხითებდა ნინა და ლუკას შეკრულ წარბებზე უფრო გულიანად უნდებოდა სიცილი
–იცი რაა, რომ გაიზრდება და ვეტყვი, ჩემზე მეტად არავინს აინტერესებდა გოგო იყავი თუ ბიჭითქო, ნახავ შენ!
–ოჰ, უყურეთ ბატონ ლუკას! ხომ არ გინდა, შენ გააჩინო ბარემ?
–ნუ ხართ პატარა ბავშვებივით, მოისვენეთ! – მკაცრი ხმა გაისმა უცებ და ორივემ მოკუმა პირი. რეზის გაეცინა და თბილად მოხვია ხელი წელზე ნინას.
ძალიან მალე ორივე ნინას მარცხნივ, მის მუცელთან ახლოს იდგნენ და გაურკვეველი სახეებით შესცქეროდნენ მონიტორს.
–ამ ბიჭს რომ არ ვიცნობ? – თბილად ჩაეკითხა ექიმი. როგორც ჩანს, ვერ წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა ლუკაც რეზის ვაჟიშვილი ყოფილიყო
–ჩემი ბიჭია, პირველი მეუღლისგან, – სერიოზული სახით აუხსნა რეზიმ და ნინას გამოწვდილ ხელს ჩასჭიდა თავისი
–ძმასავით გყავთ! – ლუკას ესიამოვნა ექიმის კომპლიმენტი და ყურებამდე გაეწელა ტუჩები
–აი, სქესიც ჩანს..
წამით სამივემ ერთად შეწყვიტა სუნთქვა. ლუკა ადგილზე ვერ ისვენებდა, რეზის და ნინას კი ერთმანეთში გადახლართული თითები დაეჭიმათ და ერთობლივი ძალა, სიხარულის შეგრძნება მოაწვათ
–გოგოა, პატარა გოგონა გყავთ, – ღიმილით ჩაილაპარაკა ექიმმა და მათ გაფითრებულ სახეებზე გულით გაეცინა – ამოისუნთქეთ ახლა, გილოცავთ! – მხარზე დაკრა ხელი რეზის.
ლუკამ სასაცილოდ შეჰყვირა, ხელი ხელს შემოჰკრა და ხომ ვამბობდიო ისე გაიძახოდა, თითქოს დიდი აღმოჩენა გაეკეთებინოს. სულ არ ახსოვდა ნინა და მამამისი ახლა, ისე შეჰყურებდა მომავალი დის ჯერ ისევ გაურკვეველ სილუეტს, გეგონებოდა ამაზე ლამაზი აქამდე არაფერი ენახა. რეზის კი ცოლის სახე მოიქცია ხელებში და მოუთმენლად უკოცნიდა ათრთოლებულ ტუჩებს. მოშორდა თუ არა, ნინას სიხარულის ცრემლებით დანამულ სახეს ღიმილიანი მზერა მოავლო და ისევ მისკენ დაიხარა, მჭიდროდ მიაკრო შუბლზე ტუჩები. იქიდან ისე გამოვიდნენ, ისე დაძრა მანქანა, ისე მიიყვანა სახლში სიხარულისგან ატირებული ცოლი და აჟიტირებული შვილი, რომ აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო. გზად საკონდიტროში შეიარა და იქიდან ნინას საყვარელი ნამცხვრებით სავსე ყუთით გამოვიდა.
–ეს რა არის, ხილის ნამცვარი ვაბშე არ გიყვარს? – ამოიწუწუნა ლუკამ ჩაიჭყიტა თუ არა ყუთში, დივანზე იჯდა და ისევ ნინას ბურღავდა თვალებით
–გიყიდე შენც, წესიერად ნახე, – გაეცინა რეზის
–დას რომ გიჩენ ხომ არ დაგავიწყდა? წესიერად მომექეცი, – სიცილით ჩამოუჯდა გვერდით ნინა და კეტები გაიძრო ორივე ფეხიდან
–რომელი გინდა? რომელი გადმოგიღო? ყავა გაგიკეთო? – კითხვები დააყარა უცებ და ფეხზე წამოდგა.
რეზი ღიმილს ვერ იკავებდა მათ ურთიერთობაზე, მომავალი ნახევარი საათის განმავლობაში რომ კინკლაობას ვერ დაანებეს თავი. ეცინებოდა ლუკას მზრუნველობასა და ნინას ეშმაკურ სურვილებზე.
–წავედი მე ახლა, მადლობა ძალიან ბედნიერი დღისთვის! – ლოყაზე მიაკრო ტუჩები ბოლოს ლუკამ ნინას და წასასვლელად მოემზადა
–დარჩი რა მა დღეს ბარემ
–არა, წავალ, მოეფერე შენს გოგოებს წესიერად, ხელს აღარ შეგიშლით, – გულწრფელი, თბილი ღიმილი შეაგება მამის მზერას და მოეხვია, მერე კი უცებ მოიცვა ქურთუკი და სწრაფად გაქრა ოთახიდან.

გამოძიება ბოლოში გადიოდა და რეზიც ბოლომდე იყო მასში ჩაფლული. რედაქციაშიც კი იშვიათად დადიოდა. დილაობით ნინას დატოვებდა ხოლმე და ზოგჯერ მისი სამსახურის საათების დამთავრებამდე საგამომძიებლო ბიუროში უწევდა გამომძიებლებთან ერთად საქმის ვითარების განხილვა. რა თქმა უნდა, დაცვა ყოველთვის იდგა საერთო ოფისთან, არცერთი წუთით შორდებოდა ოფისის კარებს, ისევე როგორ თავად რედაქციის შესასვლელთან ასვეტილი ბიჭები. თავდან მითქმა–მოთქმა დაიწყო ამის შესახებ და ბევრი კითხვები გაჩნდა, მერე კი, ერთ–ერთ თათბირზე რეზიმ მკაცრი სახით გამოაცხადა, რომ დაცვის მუდმივი მზადყოფნა აუცილებელი იყო პირადი უსაფრთხოების მიზნით და აღარ უნდოდა თუნდაც ზურგსუკან მოესმინა ეჭვნარევი და ცნობისმოყვარე კომენტარები. ასეც მოხდა, სიტუაცია ჩაწყნარდა. ნინა ყველაფერს ეგუებოდა, მხოლოდ მაშინ დგებოდა წუწუნის ხასიათზე, დაცვის მაღალი თანამშრომელი საპირფარეშოშიც რომ მიჰყვებოდა და კართან მოთმინებით იდგა მის გამოსვლამდე. ეს კი, ორსულობის გამო, დღეში რამოდენიმეჯერ ხდებოდა.
–არ შეიძლება თავისუფლად ვიარო ტუალეტში? – გაღიზიანებით ეჩურჩულებოდა რეზის ტელეფონში და თან ხელებს იბანდა
–ამაზე ხომ ვილაპარაკეთ ნინაჩკა?
–არ მომწონს სულ რომ დამყვებიან, ყველა უცნაურად მიყურებს მერე..
–ვინ გიყურებს უცნაურად? ვინმემ რამე გაწყენინა? – ხმა გაუმკაცრდა რეზის
–არა, არა, ეგ არ მიგულისხმია.. – ამოიოხრა და ნიჟარას ჩამოეყრდნო ხელებით
–ეს საკითხი დახურულია! მომისმინე ახლა.. დღეს სახლში დაგტოვებ თუ არა, რამოდენიმე დღით გამგზავრება მომიწევს..
–რატომ? სად? – შეშფოთებულმა წამოიძახა
–საქმე გაიხსნა ნინა, დღეს დილით..
–მართლა? რა კარგია! შენი წასვლა რა საჭიროა? გთხოვ, არ წახვიდე..
–აუცილებლად უნდა წავიდე, ჩემი თვალით უნდა ვნახო ის , ვისგანაც მოდიოდა ეს წერილები. ამის საშუალება მომეცა და სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ორ საათში გამოგივლი და სახლში დაგტოვებ, კარგი?
–კარგი..
–ნინა, არ მინდა ასეთი პასუხი, გთხოვ, პატარავ..
–როგორი პასუხი?
–არ მინდა, რომ მოიწყინო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია..
–მესმის, მართლა რეზი!
სამუშაო დღის დასრულებამდე ვეღარაფერს მოაბა თავი, იმდღევანდელი გეგმაც შემდეგი დღისთვის გადადო და რეზიმ მოაკითხა თუ არა, მაშინვე ჩანთას და ქურთუკს დაავლო ხელი. გაუცნობიერებლად, ჩვეულებრივზე ძლიერად მოეხვია მამაკაცს და მანქანაში ჩასვა თუ არა რეზიმ, თვალები მოხუჭა
–მომხედე, ნინა..
–რამე რომ დაგემართოს? – ჰკითხა უცებ და თვალები აუცრემლიანდა
–გპირდები, რომ არაფერი დამემართება! – მისი სახე მოიქცია ხელებში და ღიმილით შეხედა
–შენი აზრით, შენ და ჩვენს პატარას დავტოვებ? შენი აზრით დავუშვებ, რომ ჩემი შვილის დაბადებას ვერ მოვესწრო?
–მპირდები? – ნიკაპი აუკანკალდა ნინას
–გპირდები! – ძლიერად მოეხვია და რამოდენიმე წუთი გულზე ჰყავდა აკრული
–გასწორდი ახლა, ღვედი გაიკეთე, – უთხრა ბოლოს თბილი ხმით და მის სხეულს მოშორდა თუ არა ნინა, მანქანა დაძრა.

ადამიანობას მაშინ ვკარგავთ, როდესაც ვინმე ძალიან ძვირფასი ხელიდან გვეცლება. იმდენად ძვიფასი, რომ გგონია მისით სუნთქავდი, მისი შეხებით იკვებებოდი და მერე, თუ შენგან შორს მყოფს აღმოაჩენ, შერძნება გიჩნდება, რომ ეს ყველაფერი თურმე არც გჭირდებოდა. ნებდები, სადღაც ფსკერზე იძირები და სამყაროსადმი ინტერესს კარგავ. მაგრამ, რას ნიშნავს დაკარგვა? შეიძლება ადამიანი ცოცხლობდეს და მაინც დაკარგო? გიყურებდეს, წინ გედგას, შენ კი უჩინარი კედელი აღმართო? არ შეეხო, ვერ შეეხო სიბრაზისგან, ზიზღისგან, სიმწარისგან რომ გატკინა. რომ გაგაუბედურა. რომ თურმე არაფრად გაგდებდა. ყველაფერი ილუზია გგონია ასეთ დროს და გინდა რომ დღეები, რომელსაც საუკეთესო დაარქვი, სადღაც შეჩურთო, ღრმად ჩამარხო, ისე რომ ამოტივტივება ვეღარასოდეს შეძლონ. პრობლემა ისაა, რომ ასეთი დღეები მუდამ ტოვებენ კვალს. ეს კვალი კი არა მხოლოდ მოგონება, არამედ უფრო მეტად რეალურიც შეიძლება იყო. იმდენად რეალური, რომ ხელისგულზე გრძნობდე. საკუთარ ხელისგულზე, ოდნავი ფეთქვასავით.. და ეს მხოლოდ გრძნობა კი არა, ცოცხლად დატოვებული კვალია. სწორედ ის კვალი, უკვე შვილი რომ დაარქვი.
დღეში რამოდენიმეჯერ ურეკავდა, ყოველ წვრილმანს მოთმინებით უხსნიდა. არა იმიტომ, რომ საჭიროდ თვლიდა, უბრალოდ არ უნდოდა ენერვიულა. წარმოიდგენდა მის პატარა, შეწუხებულ სახეს და ცდილობდა მის ხმას დამაიმედებელი სიტყვებით ოდნავი მხიარულება მაინც დატყობოდა. სამი დღე ასეთ წვალებაში გავიდა, მეოთხე დღეს კი, გადაყვლეფილი ხელებით და დაძაბული სხეულით სავარძელში იჯდა და ცდილობდა როგორმე სუნთქვა დაერეგულირებინა, რომ ნინასთან მშვიდი ხმით ლაპარაკი შეძლებოდა
–რეზი, რამდენჯერ გითხარი, ჯერ ჩვენ ავიყვანთთქო, მაინც მიადექი, მაინც დაასისხლიანე, ახლა შენც მოგიწევს სასამართლოებზე სიარული! – ვერ ცხრებოდა კობა და ბოლთას სცემდა ოთახში
–არ შემეძლო სხვანაირად კობა, ახლა მშვიდად ვარ, ახლა დაიჭირეთ, – ტელეფონს ატრიალებდა ხელში მოუსვენრად
–ამიტომ წამოხვედი არა? ამიტომ გაიგიჟე თავი?
–ჰო.. – ნომერი აკრიფა, თუმცა ისევ წაშალა
–და რა გინდოდა, რეზი? რატომ გაართულე საქმე? – ვერ ცხრებოდა კობა
–ჩემი ცოლით მემუქრებოდა! – დაიღრიალა უცებ – ჩემთვის ყველაზე წმინდას შეეხო! ჩემ ოჯახს შეეხო, ეგ ! ისევ მათზე ვფიქრობ, თორემ ახლა დასისხლიანებულს კი არ გადაიყვანდით საავადმყოფოში საკნამდე, პირდაპირ მორგში მოგიწევდათ წაყვანა! – უკვე ისიც ფეხზე იდგა და გაცეცხლებული ყვიროდა
–კარგი! კარგი! – მხრებში ჩაავლო ხელი კობამ – გააკერინე ეგ ხელები და გადაიხვიე, სწრაფად ახლა! ჰა.. აღარ ამოიღო ხმა! ახლა მაინც დამიჯერე!
რეზიმ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. ახლა მხოლოდ ნინას ხმის გაგება უნდოდა, რამოდენიმე ზარი და მისი ნანერვიულები, წკრიალა ხმა მთელ სხეულში გაეფანტა, ყველა წერტილს მოედო
–ყველაფერი დამთავრდა, პატარავ! – საბოლოოდ მოიკრიბა ძალა და მოჩვენებითი მხიარულებით შესძახა
–როდის დაბრუნდები? – ტირილი აუტყდა ნინას
–ნუ ტირი, ნუ ტირი, გთხოვ.. ხვალ დავბრუნდები. ხომ კარგად ხარ? მარტო ხომ არ ხარ?
–არა, ნანო და სალომე აქ არიან. სალომე ღამეც დარჩება
–ძალიან კარგი, მადლობა გადაეცი ჩემგან.. არ ინერვიულო, მოიშორე ახლა ეგ ცრემლები და დამშვიდებული გულით იჭორავე გოგოებთან – დაარიგა პატარა ბავშვივით
–ძალიან მიყვარხარ, რეზი!
–მეც, ნინაჩკა, ყველაზე მეტად მიყვარხარ ამ დამპალ ქვეყანაში!
ხელებს მიხედა თუ არა, გამაყუჩებლის დალევაზე უარი თქვა და დასალევად ნაცნობ ბარში წავიდა. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც უკრაინაში არ ყოფილა. არ უყვარდა აქ ყოფნა, ცუდი მოგონებები ჰქონდა. აქაურ რედაქციებთან კონტაქტიც არ გამოუვიდა და ამიტომ შეწყვიტა თანამშრომლობა, მათ კი როგორც ჩანს ზარალი განიცადეს. სწორედ ეს გახდა მიზეზი ამბებისა, რომელიც სულ რამოდენიმე საათის წინ მოგვარდა. მართალია რეზიმ საქმე უფრო მეტად გაართულა და ახლა მისი სახელიც ამოისვრებოდა ამ სიბინძურეში, მაგრამ ეს არ ადარდებდა. მთავარი ის იყო, რომ მუდმივი შფოთვა მის პატარა ცოლზე აღარ შეაწუხებდა. ახლა იცოდა, რომ მხოლოდ საყვარელ ვისკის დალევდა ბარში, ბოლო დღეების განმავლობაში პირველად შეძლებდა ღამით გამოძინებას და ხვალ საღამოს უკვე საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში იქნებოდა.
გადაღლილი, ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. უკვე წამოდგომას აპირებდა ნაცნობი სახე რომ შენიშნა და წამით სახე გაუქვავდა.
–ნატალია? – გაკვირვებით აზიდა წარბები ზევით და იგრძნო, იმდენად მთვრალი იყო, წამოდგომის დროს, ბარზე ხელებდაყრდნობილმაც კი ძლივს შეიკავა თავი, რომ არ წაქცეულიყო
–რეზი, ღმერთო ჩემო, რამდენი დრო გავიდა, როგორ ხარ? – აღფრთოვანებით გაიძახოდა ქალი და კისერზე ეხვეოდა მამაკაცს
–რამდენი დაგილევია, საიდან გაჩნდი აქ? როდის ჩამოხვედი?
–რამოდენიმე დღეა, მეც გამიხარდა შენი ნახვა – უაქცენტო რუსულით გასცა პასუხი და გაუღიმა
–ოჰ, როგორ მომენატრა ეს ღიმილი! წამოდი რა ჩემთან, ცოტა ვილაპარაკოთ!
–არა, ნატალია, არ გამოვა ასე.. – თავი გააქნია რეზიმ
–გთხოვ! ნახე, ძლივს ადგამ ნაბიჯებს, – გადაიკისკისა. საოცრად ლამაზი ქალი იყო, ბოლოს როგორიც დატოვა ზუსტად ისეთი. ტუჩებით ისეთივე წითელი, მბზინვარე პომადით შეეღება, როგორც ადრე და ამოღებულ, ლამაზ დეკოლტეშიც მიმზიდველად მოუჩანდა რეზისთვის ძალიან კარგად ნაცნობი მკერდი
–სასტუმროში უნდა დავბრუნდე, ნატალია, ხვალ ფრენა მაქვს, – გაუღიმა ისევ და ოდნავ უკან დაიხია, ისევ ვერ შეიკავა წონასწორობა
–წამოდი, ცოტა ხნით გამოფხიზლდი და ისე წადი მაგ შენს სასტუმროში – ისევ მოხვია კისერზე ხელები და თითქმის მთელი სხეულით აეკრა ტანზე
–ჯანდაბა! ნუ აკეთებ ამას! – წამოიყვირა რეზიმ
–რეზი, ძალიან მომენატრე.. – უკვე ყელთან ესმოდა მისი ჩუმი ხმა, მერე მისი ტუჩების შეხებაც იგრძნო და ისედაც გონებაარეულმა სულ დაკარგა აზროვნების უნარი.
ხარბად კოცნიდა, წელზე ძლიერად, უხეშად უჭერდა ხელებს და თმაში აფრინდებოდა. ჰაერი არ ჰყოფნიდა, ვისკის თითქმის მთელმა ბოთლმა თავისი ქნა და ყველა დაგროვილი ემოცია თითქოს ახლა გამოუშვა გარეთ
–ავიდეთ, ნომერში ავიდეთ, – უჩურჩულა ისევ ნატალიამ და რეზიც გაუცნობიერებლად, მაშინვე გაჰყვა.
მერე იყო ღალატი. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ვერ აზროვნებდა. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ოდნავადაც არ უყვარდა, რომ ახლა ცოლის სხეული ედგა თვალწინ, მისი თვალები ელანდებოდა, მისი კანის შეხება ენატრებოდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს, როცა სხვის სხეულზე დაატარებდა ხელებს, სხვას უტოვებდა კოცნის კვალს.
არასოდეს, არასოდეს შეზიზღებია ისე ძლიერ თავისი თავი, როგორც მეორე დილას. სწრაფად, საოცრად უხეშად მოიშორა შიშველი სხეული და ჩაცმა დაიწყო. არცერთი კითხვა, არცერთი სიტყვა არ გაუგონია ნატალიას ნათქვამი. უნდოდა, რაც შეიძლება მალე მოშორებოდა ამ დაწყევლილ ქვეყანას, რაც შეიძლება მალე უნდა დაენახა ნინას სახე. მაგრამ შეძლებდა კი? გამწარებულმა, გარეთ გამოსვლისთანავე დაუშინდა მუშტები ბეტონის კედელს და ვერც იგრძნო, როგორ გადაეხსნა წინა დღეს გაკერილი ჭრილობები. ვერაფერი გაეაზრებინა გარდა იმისა, რომ უკანასკნელი ადამიანი იყო, უკანასკნელი კაცი, საშინელი მეუღლე, მამა, ძმაკაცი. ყველა ზღვარს სცდებოდა. ახლა ყველაზე მეტად მოუნდა, მაგრამ არ შეეძლო, არ შეეძლო ნინასთვის არ ჩაეხედა თვალებში, არ შეეძლო მისთვის პატიება არ ეთხოვა. გულდამძიმებულმა გააჩერა ტაქსი, ხმაჩავარდნილმა თავაზიანი უარი უთხრა დახმარებაზე, გადასვლისას ხურდა აღარ გამოართვა და სწრაფი ნაბიჯით ავიდა სასტუმროს ოთახში, რომ ფრენისთვის მომზადებულიყო.

სახლის ზღურბლზე წაშლილი სახით მდგომი რომ დაინახა, მაშინვე ცუდი აზრები ამოუტივდივდა გონებაში. მერე მისი ხელები შეამჩნია და შეშინებულმა წამოიყვირა
–რეზი, რატომ გაქვს ხელები სისხლიანი? აბა ყველაფერი კარგადააო? – სხეულზე აეკრა და მის ყელში ჩარგო აცრემლებული სახე
–ყველაფერი კარგადა.. – მოსწყდა სიტყვები ინსტიქტურად მის პირს და გააკანკალა, – უსამართლობისგან, დაუმსახურებლობისგან. უნდოდა მოეშორებინა ნინას სხეული, ეგონა შეხებით მასაც წაბილწავდა, მასაც გადასდებდა მახინჯ სულს..
–რეზი, ვიცოდი რომ იჩხუბებდი, ხომ დამპირდი არაფერი დამიშავდებაო? – აგრძელებდა ნინა და პატარა ხელებით ოთახისკენ ექაჩებოდა.
ინსტიქტურად გაჰყვა, დივანზე ჩამოჯდა და გატანჯული სახით ახედა მის წინ მდგარ, ამქვეყნად ყველაზე ლამაზ, ყველაზე სუფთა სხეულს
–მომირჩება ორ დღეში, კარგი? – დაამშვიდა ხმაჩაწყვეტილმა და ძლივს შეძლო გაღიმება
–მომენატრე! – მის წინ ჩაიმუხლა და ლამაზი ღიმილით მიანათა სახე
–მეც, მეც ძალიან მომენატრე, როგორ მომენატრე.. – ხელები მოხვია და ისე ძლიერ ჩაიკრა გულში, ნინამ ტკივილისგან სიცილნარევი კვნესა ამოუშვა
–რეზი, ყველაფერი კარგადაა?
ვერაფერს გამოაპარებდა. არც გამოაპარებდა, თუმცა, ვერც შეძლებდა ამას. ზედმეტად ჭკვიანი იყო მისი პატარა ნინაჩკა..
–ნინა.. – ხელები დაუჭირა და ტუჩები მიაკრო თითებზე
–რეზი, მითხარი, – ჯერ ისევ თბილად იღიმოდა გოგონა
–ნინა.. რომ იცოდე რა არაადამიანი ვარ!
–რეზი, მაშნებ! –კოპები შეეკრა ნინას, შეშფოთებამ გაირბინა მის თვალებში
–როგორ გთხოვო, არ გადამიფიქროთქო, ჩემო ნინაჩკა..– გული ამოაყოლა სიტყვებს, ამოაყოლა და ნინას გადაუგდო დასაძიძგნად, გასანადგურებლად, მის საწამებლად. მხოლოდ ასე თუ ჰპოვებდა შვებას.
ნინას თვალები აუცრემლიანდა. არა იმიტომ, რომ რაიმეს მოეფინა ნათელი. არა, ამიტომ არა. უბრალოდ საოცრად დიდი ტანჯვა დაინახა მამაკაცის სახეზე, ასეთი რეზი ნანახი არ ჰყავდა, არასოდეს, არცერთ სიტუაციაში
–მითხარი.. – ამოიჩურჩულა და ძლიერად ჩაეჭიდა წვრილი თითებით მის მაისურს
–სხვასთან ვიწექი ნინა, გუშინ..
ეგონა საუკუნე გავიდა, სანამ ნინა ხელებს შეუშვებდა მის მაისურს. არ განძრეულა, უყურებდა როგორ შორდებოდა ნელ–ნელა, როგორ მიდიოდა მისგან. აკანკალებული ხელები პირზე აეფარებინა ნინას, რომ უნებურად მოწოლილი ემოციები, არაადამიანური ღრიალი როგორმე ჩაეხშო, თითქოს რეზი ვერ დაინახავდა, თითქოს ვერ გაიაზრებდა მის მდგომარეობას
–არ ღირს, ჩემ გამო არ ღირს.. – მკლავებში ეცა რეზი გოგონას და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მისგან უნდოდა თავის დაღწევა, არაფრით შეუშვა ხელი
–ნუ.. ნუ მეხები – ამოიხავლა. რეზის რომ არ სცოდნოდა რას ეუბნებოდა, რომ არ სცოდნოდა ახლა რას ეტყოდა, შეიძლება ვერც გაერჩია მისი სიტყვები იმდენად ჰგავდა ნინას თხოვნა უაზრო ქვითინს
–გაგიშვებ, აუცილებლად გაგიშვებ ხელს, ოღონდ ახლა უნდა დამშვიდდე, – მუდარით სავსე ხმით ეჩურჩულებოდა და მკლავებზე ჩაფრენოდა ორივე ხელით, გულზე იკრავდა მის ხელებს, რომ ერთ ადგილას გაეჩერებინა, რომ არ დავარდნილიყო – ახლა უნდა ამოისუნთქო, გთხოვ.. მიდი, ნინა, ამოისუნთქე! აი ასე.. ასე.. კარგი გოგო ხარ, – ცალი ხელი შეუშვა და მის უნებურად მოდუნებულ სხეულს შემოხვია
–წავალ, დღესვე წავალ, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ კარგად ხარ. მორჩი ტირილს, არ ღირს.. არ ვღირვარ..
–არ მინდა, რომ გეხებოდე.. – ჩაწყვეტილი ხმით ამოიტირა ნინამ. იმის თავიც არ ჰქონდა გაძალიანებოდა, მკლავებიდან გამოცლოდა
–ვიცი ნინა. დაგაწვენ რა, გთხოვ.. ვერ დგახარ ფეხზე, დაგაწვენ და დამამშვიდებელს მოგცემ, კარგი? სულ რამოდენიმე წუთი მინდა, რომ გამიძლო..
ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წავიდა. გული მოეწურა, როცა საყვარელი ქალის სხეულმა მაშინვე აქცია ზურგი. ემბრიონის ფორმაში მოკეცილს დაჰყურებდა და ოცნებობდა, მასაც ნინასავით ტირილი შეძლებოდა. დამამშვიდებელი და წყლით სავსე ჭიქა დაუდო გვერდით, თბილი პლედი ისე გადააფარა, რომ ოდნავადაც არ შეხებოდა. სპორტულ ჩანთაში რამოდენიმე საჭირო ნივთი ჩაალაგა და ფრთხილად დატოვა ოთახი. მისაღებში ჩამოჯდა, არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა გაუნძრევლად. ალბათ ორი, სამი საათი.. მხოლოდ რამოდენიმეჯერ წამოდგა, ნინას დახედავდა ხოლმე, მის სუნთქვას მიაყურადებდა და უკან გამოდიოდა. მერე მიხვდა, რომ დრო იყო. ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა
–სალომე, როგორ ხარ? – საკუთარი ხმა ეუცნაურა
–კარგად რეზი, დაბრუნდი? ხომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა?
–კი, კი დავბრუნდი.. სალომე, შეგიძლია დღეს ნინასთან დარჩე? შეგიძლია გამოხვიდეთ? იქნებ ანანოს და ბექასაც უთხრა, ძალიან გთხოვ..
–მოხდა რამე? – აფორიაქდა მაშინვე გოგონა
–ახლა ვერ აგიხსნი. ძალიან გთხოვთ, მჭირდება, რომ აქ იყოთ, ნინას სჭირდება. შეგიძლია?
–რა თქმა უნდა, ახლავე გავემზადები და გამოვალ..
–მადლობა.. – ტელეფონი გათიშა და თავი გადააგდო დივანზე.
ნახევარ საათში კი ბოლოჯერ შეიხედა მის ოთახში, შესვლა კიდევ ვერ გაბედა. ეშინოდა, ნინას მისი მიახლოება არ ეგრძნო და უფრო მეტად არ შეზიზღებოდა.
–არც იფიქროს აქედან წასვლა, ჩემს გასაღებსაც ვტოვებ. უთხარით, რომ არ გაბედოს წასვლა, მისი სახლია ეს.. – მხოლოდ ეს უთხრა საოცრად დაბნეულ ბექას და და სალომეს და სახლი დატოვა.. მათი სახლი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

აუუუ ეს რა იყო რააა,მაგრამ ვიცი რომ შერიგდებიან,

 


№2 სტუმარი სტუმარი nita

auu ra iko es .moyvars es wyvili ????????

 


№3 სტუმარი აბლაბუდა

რეზისნაირი კაცისგან ღალატის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი, ასეთი უნებისყოფოები როგორ არიან ეს კაცები ამის დედაც რა, ქალის შეხებაზე ეგრევე უჩუჩუნხებაგ (გაბრაზების სმაილი), არადა ტიპი სიყვარულს იჩემებდა რა

აბლაბუდა
რეზისნაირი კაცისგან ღალატის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი, ასეთი უნებისყოფოები როგორ არიან ეს კაცები ამის დედაც რა, ქალის შეხებაზე ეგრევე უჩუჩუნდებათ (გაბრაზების სმაილი), არადა ტიპი სიყვარულს იჩემებდა რა

 


№4 სტუმარი სტუმარი Babilina

რა ცუდ დროს დასრულდა ???? საკმაოდემოციური დასაიტერესო თავი იყო. დიდი მადლობა, რომ ასე მალე დადეთ ახალი თავი, ხვალაც დაველოდები 12-ის შემგ ახალ თავს.

 


№5 სტუმარი Anni sweetiko

ვააა ახალიი თავიი უკვეე <3
თან როგორიი.
შემეცოდა რეზიც. ნინაზე მეტად თვითონ განიცდის მგონი. სულელიკო, როგორი კაცური და ზედმეტად "სწორი" ტიპია, ეგრევე რომ მიახალა.
მაგრამ ეგრე ჯობდა ალბათ, მაინც ერთმანეთისთვის შექმნილები არიან და გადალახავენ ამასაც.
ძალიან საყვარლები, მეტი რა ვთქვა.
მეც მინდა პერსონალური რეზი :||||

 


№6  offline წევრი დარინა

რატომ? ეს რეზის არ უნდა დამართნოდააა, ყველა კაცი ერთნაირიაო და მართალიც არის, მოკლედ რაც არ უნდა უყვარდეს ქალი მაინც ღალატობენ რა მნიშვნელობა აქვს მთვრალი იქნება თუ არაა, ღალატი ღალატია და მოღალატის პატიებაც რთულიაა, მე პირადად ვერ წარმომიდგენიაა, ასეთი იმედ გაცრუებული რა ხანია არ ვყოფილვარ, რატომ არის რომ ყველა კაცი ერთი ადგილოთ აზროვნებს, არ ვიცი ნინა რას გააკეთებს, ისტორია ნამდვილად უმაგრესია უბრალოდ ბოლო ნაწილმა მომცელააა, ასე არაფერზე მიდარდია, საშინლად საშინლად გული დამწყდააა მინდოდა, რომ რეზი ბოლომდე იდეალურად დარჩენილიყოოო.

 


№7 სტუმარი tekle22

უფფ რამდენი ხანია ესეთი დრამით და სიყვარულით სავსე ისტორია არშემხვედრია კარგია ძალიან მითუმეტეს დამწყებისთვის ზედმეთად კარგი განაცხადია ახალ თავს ველოდები რაც შეიძლება მალე

 


№8  offline წევრი P.A.

ვიცოოოდი, ვიცოდი რომ რამოდენიმე თქვენგანს იმედები ძალიან გაგიცრუვდებოდათ და იქნებ როგორმე მაპატიოთ:( რეზისაც აპატიოთ, ნინამ თუ არა, თქვენ მაინც, დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა:დდ არც ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ მართლა უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ჩემთან ხართ და ემოციებს მიზიარებთ!<3

 


№9 სტუმარი სტუმარი Babilina

ახალ თავს როდის დადებთ?

 


№10 სტუმარი tekle22

ახალი თავი მესაჯიროება სასწრაფოდ მალე რა P.A

 


№11 სტუმარი სტუმარი Salome

ახალ თავს აღარ დებთ?????????

 


№12  offline წევრი P.A.

სტუმარი Salome
ახალ თავს აღარ დებთ?????????

tekle22
ახალი თავი მესაჯიროება სასწრაფოდ მალე რა P.A

სტუმარი Babilina
ახალ თავს როდის დადებთ?


უკვე ავტვირთე და იმედია მალე დაიდება????

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.