შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაუჩინარებული (დასასრული)


16-11-2018, 21:45
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 482

გაუჩინარებული (დასასრული)

ახალი ამბები ჭორივით გავრცელდა მთელს ქალაქში. ტელევიზორიდან, ქერა, ახალგაზრდა ქალის ხმა დაძაბული ტონით გადმოსცემდა, რომ სახლიდან წავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა გოგონა, კეკელინა ჯაფარიძე, რომელსაც მთელი ქალაქი ეძებდა დღე და ღამე. მართლაც იმედის ძებნას ჰგავდა მისი ძიება. ქუჩების ყველა კუთხე კუნჭულში გამოჭიმულიყო მისი სურათები, წარწერით: იძებნება.
დაღლილიყვნენ სურათებიც. ნაცრისფერი ელვარება გადაუვლიდათ ხოლმე და ხვდებოდნენ, ვიღაცა როგორი მონდომებით, როგორ გრძნობით ანთებული თვალებით ეძებდა გაუჩინარებულ გოგოს.
იმედი იყო კეკელინა.
წელში მოკაკული, ძაძებიანი ქალი ეკლესიის უზარმაზარი გალავნის წინ იდგა. ხელები კარიბჭეზე ჩაემბღუჯა მაგრად და მთელი ძალით კიოდა:
- ვაი მე! ვაი მე! - კანზე ნაოჭები ასხმოდა ცხოვრების სამკაულებივით და თითები დაკოჟრებოდა. სულისშემძვრელი იყო მისი განწირული კივილი, რომელსაც დროდადრო, თვალიდან მომავალი ცრემლებიც ერწყმოდა.
- ვაი ჩემს თავს! ვაი ჩემს თავს - აგრძელებდა გოდებას კეკელინას დიდი ბებია. გზაზე გამავალი ხალხი, ჯერ შორეახლოდან შესცქეროდა მის ვაებას, შემდეგ კი, დათრგუნულები, ნელი ნაბიჯებითა და თვალებშიჩამდგარი თანაგრძნობით უახლოვდებოდნენ და ეკითხებოდნენ, რა სჭირდა.
ქალი არაფერს პასუხობდა.
- დამიბრუნე! დამიბრუნე! - აგრძელებდა ყვირილს.
ღმერთთან შეთანხმება რომ შესძლებოდათ, ყველა ადამიანი აღიმართებოდა სხვადასხვა ეკლესიის კარიბჭესთან და გაუჩერებელად, არაადამიანურად დაუცაცხანებდნენ შემოქმედს. თუმცა დასაბრუნებელი ხალხი, ოხრად ესვენნენ ხის აკლდამებში, რომლებიც მალე მათ ხორცს შეეზრდებოდნენ და ერთად იქცეოდნენ მიწის მასად. უცნაურია, რომ ამ ცხედრიანი აკლდამების ცოცხალი პატრონები ღმერთის დაგმობის მაგივრად, მასთან დამეგობრებას არჩევდნენ... ლოცულობდნენ, ტიროდნენ, გრძნობდნენ, უკეთესები ხდებოდნენ.
მხოლოდ ეს ქალი ეჩხუბებოდა დაუსრულებლად და ცრემლით გადაჭედილი, იმედიანი თვალებით განაგრძობდა იმის მოთხოვნას, რაც წესით და კანონით, მისი საკუთრება უნდა ყოფილიყო იქამდე, სანამ თავად არ შეუერთდებოდა ცის ნათელ საფეხურებსა თუ მიწისქვეშეთის ჯურღმულებს.
მისი ყვირილი, მთვარისშუქგანდევნილ, ჩაბნელებულ ღამეს ერწყმოდა და ჯოჯოხეთურ იდუმალებას ასხივებდა, რათა ადამიანთა გულებისთვის გაეხსენებინა, რომ სიცოცხლის ბედნიერებასთან ერთად, არსებობს გამოუთქმელი ტანჯვაც, რომლის შეგრძნება, მხოლოდ ამ ქალის გლოვის გაგონებისას ხდებოდა შესაძლებელი.
რა ექნა, გარდა ტირილისა?
ქმრის გარდაცვალების გლოვა ახლა თავისი საყვარელი ბავშვის გლოვას შეეცვალა. გლოვობდა არა გარდაცვალებას, არამედ დაკარგვას. გლოვობდა პატარა ხელებს, რომელსაც 22 წლის წინ, ფრთხილად და შიშით შეახო დაბერებული ტუჩები და მაშინ, პირველად აენთო თვალებში ახალგაზრდული ბედნიერება. ბედნიერება იყო მისთვის თავისი შვილიშვილი. ბედნიერება იყო კეკელინა და მისი დაკარგვა, ყველა სიხარულით გაჟღენთილი წუთის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა. მისი დაკარგვა, ახალი ძაძებით შემოსავდა მოხუცის სხეულს - უფრო მომწამვლელი, მტკივნეული, საზიზღარი ძაძებით.
ირწეოდა საქანელა...
6 წლის გოგონა გაუნძრევლად უყურებდა საქანელას.
არ ჯდებოდა.
არ უყვარდა, როცა თავისით ჯდებოდა, რადგან დას უნდა დაესვა, მის დას უნდა გასძრომოდა სული საათობით, მის რწევაში. ევა ნამდვილ დედოფალს ჰგავდა. გარშემო, ყველა მისთვის იხარჯებოდა და თვითონ ამაყად შეჰყურებდა სხვების შრომას, რადგან სჯეროდა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ბუნების კანონად მიაჩნდა.
ახლა სად იყო ის, ვინც სუნთქვასაც კი დათმობდა ევას გასართობად? სად იყო? რომელი ჭაობის აყროლებული წყალი ავსებდა მის ფილტვებს? ნეტავ თუ სუნთქავდა საერთოდ?
ევა ახლა უჩვეულოდ გაზრდილიყო. მისი სხეული ისეთივე პატარა და უმწეო ჩანდა, თუმცა სული დაბერებულიყო ნაადრევად, რადგან სასოწარკვეთას მოეცვა.
ვინ იბრძოლებდა იმ კეკელინასთვის, რომელსაც ყოველთვის თავად უწევდა ბრძოლა? ევა ფიქრობდა, რომ ნამდვილ ლიდერებს უსამართლო ბედი არგუნა გამჩენმა - ისინი გამუდმებულ ომში ატარებენ ცხოვრებას, გამუდმებული დამტკიცებაა მათი ყოფა, მაგრამ როცა საქმე მათ დახმარებაზე მიდგება, ყველას წამში ერთმევა ძალა.
ჰო, უსამართლოა ლიდერთა ხვედრი, რადგან მათ იშვიათად სწონის ფათერაკი. თუ ღმერთმა არ ჰქნა და მართლა გადასწონა, ამ ფათერაკის დაძლევის ძალა სხვას არავის შესწევს.
ირწეოდა საქანელა.
არც ქარი იდგა, არც ნიავი.
საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში და შერჩენილი იმედის გაფერმკრთალება არწევდა საქანელას.
მაშინ, როცა უფროსი დის წერილს, ცხოვრების მეგზურივით დაატარებდა გულის ჯიბით, სანიმ ზუსტად იცოდა, რომ ყველაფერი ვერ იყო რიგზე. უფრო მეტიც, საერთოდ არაფერი იყო რიგზე. ვერ გრძნობდა კეკელინას. თავისი საყვარელი ადამიანის არსებობას ვერ გრძნობდა. ჰაერი, უწინდებურად ვეღარ გაჟღენთილიყო კეკელინას არსებობის იმედით და ბიჭი ხვდებოდა, რომ ძლიერი უბედურება, ბუმერანგივით უბრუნდებოდათ უკან. გაქცეულ საფრთხეს სხვებთან ყველა ანგარიში გაესწორებინა, ყველა გაეყენებინა კუთვნილი გზისთვის. ახლა კი, ხელებდაკაპიწებული მოილტვოდა მათკენ და უკანასკნელი იმედის გადასანსვლის სურვილით უკაწკაწებდა კბილები...
- სად ხარ? რატომ არ მესმის შენი ფიქრების ჩურჩული? - ეკითხებოდა სანი უვარსკვლავო ღამეში გაბნეულ წყვიადის შუქებს.
პასუხი აგვიანებდა.
ან ასეთ ხმაურიან დუმლში, ძლიერ უჭირდა რამის გარკვევა.
ზოგჯერ მაინც, სრულიად მოულოდნელად შეიმოსებოდა ხოლმე უხილავი შიშის სამოსით და ჩაესმოდა ბუნდოვანი ხმა, რომელიც ავბედით ამბებს მოუთხრობდა:
- დავპირდი, რომ წავიყვანდი... კიდევ ბევრი იყო მისი მსურველი. მე მხოლოდ გოგონას გაყინვა მევალებოდა. მე მხოლოდ მისი ხორცის გაყინვა, მისი ცისფერი თვალების გაქვავება, მისი ამოსუნთქვის ჩახშობა მევალებოდა. სულს სხვა ყორნები გამოუჩნდებოდნენ. სულსაც ბევრი ჰყავდა მუშტარი.
სანი კვდებოდა.
უჭრილობოდ კვდებოდა, რადგან თავისი დის გაქრობაზე მეტად, არაფრის ეშინოდა ამ სიცოცხლეში. ვაი თუ, ისე მომკვდარიყო, რომ მომდევნო ცხოვრებაში ვეღარ შეხვედროდა კეკელინას? წამით, იმაზე ფიქრს შეუდგა, აქ თუ დაიხოცებოდნენ, სად დაეწერა მესიჯი მომდევნო სამყაროსთვის, რომ ხელახლადაბადებულებს, ერთმანეთი გახსენებოდათ.
იცოდა, სისულელე იყო ამაზე ფიქრები.
იცოდა, ვერც ერთ ცხოვრებაში ვერ აიტანდა, თუ კეკელინაზე ადრე მოკვდებოდა.
ძალიან უყვარდა.
ვერ პატიობდა საკუთარ თავს, რომ არც ერთხელ, სათანადოდ არ გამოუხატავს მის მიმართ სიყვარული. ვერ ცხრებოდა, ვერ წყნარდებოდა. შეუჩერებლად გარბოდა უსასრულობისკენ და ვერასოდეს გაჩერდებოდა. მხოლოდ სიკვდილი შეაჩერებდა ალბათ. ან ისიც ვერ შეძლებდა, რადგან როცა გიყვარს, სიკვდილიც კი ყველაზე უბადრუკ დაბრკოლებად გესახება.
უნდა ეპოვნა თავისი და.
უნდა ეპოვნა, რომ ყველაფერი ეთქვა, რისი თქმაც ბოლო ცხრამეტი წლის მანძილზე ვერ მოასწრო.
უნდა ეთქვა, რომ სამყაროში, ყოველთვის მასზე ერთი დღით ადრე მოკვდებოდა. ან ერთი საათით, ან ერთი წამით, რათა არასოდეს შეეხედა მისი გაქვავებული სხეულისთვის.
- თუ კი შენს გვამს იპოვნიან უსუსლოდ დაგდებულს მიწაზე, თვალებს დავითხრი და გვერდით მოგიწვები, რომ არასოდეს დავინახო, როგორ შეგჭამა სიკვდილმა - ეუბნებოდა თავის დას.
ღმერთმა იცის, ესმოდა თუ არა კეკელინას.
22 წლით ადრე:
- დედა ძალიან სუსტი იყო - ცდილობდა, მშობლისთვის აეხსნა ექიმს. - ბავშვი ძლივს გამოვიყვანეთ, თუმცა ქალბატონს სისხლდენა დაეწყო და გადარჩენა ვერ მოვახერხეთ.
მხოლოდ ის გაიგო, რომ შვილი მოუკვდა.
მხოლოდ ის გაიგო, რომ ვიღაც ბავშვმა, შვილი მოუკლა.
საათობით ეხუტებოდა თავის გაქვავებულ ქალიშვილს. უკოცნიდა ქვადქცეულ ლოყებს, ჩაცვენილ თვალებს, უსუნთქვო მკერდს.
კალათაში ჩასვა ჩვილი.
ჯერ სახლში წაიყვანა - დედიშობილა, გაყინული, ტირილისგან გაწითლებული და დიდხანს უმზერდა. სურდა, დანა პირდაპირ გულში ჩაესო.
ვერ შეძლო.
- სიცოცხლეს გაგიმწარებ და შენი სიკვდილის მიზეზიც თავად გავხდები - წარმოთქვა ხმამაღლა. წყევლასავით დაადო თავისი სიტყვები ჩვილის სიცოცხლეს.
წამით შეეცოდა.
მოქარგულ, შალის პლედში გაახვია და საკუთარი თავის შერცხვა რომ სიბრალულით შეჰყურებდა თავისი შვილის მკვლელს.
საავადმყოფოში დაბრუნდა.
ალბათ, შეამჩნიეს, თუმცა მაინც დააწვინა ეზოში, ჭიშკართან და დატოვა იმ იმედით, რომ გაიზრებოდა და მაშინ, როცა აღარ იქნებოდა ასეთი უმწეო, გოგონას მოაკითხავდა. მოაკითხავდა, რადგან ეძია შური.
თავად გარდაიცვალა, მოკვდა ან თავი მოიკლა. კაცმა არ იცის, რა ბედი ეწია მოხუცს, თუმცა სიკვდილის წინ, დარდითა და ზიზღით გაჟღენთილმა მისმა გულმა, გარეგნულადაც დაასვა დაღი: ზღაპრის ბოროტ დედაბერს დამსგავსებოდა დაკოჟრებული ხელებით, უზარმაზარი კლანჭებითა, აყროლებული სუნთქვით.
მხოლოდ შურისძიებას ნატრობდა. ნატრობდა, სიკვდილის შემდეგ, საზიზღარ აჩრდილად ქცეულიყო და გოგონას სასთუმალთან დაედო ბინა, მოესპო მისთვის უშფოთველი ძილი, დაესამარებინა მისი მშვენიერი თვალები.
* * *
პალატაში გეგის დედა, დეიდა და ბიძა შეკრებილიყვნენ. თვალცრემლიანი დედა ნერვიულად დაჰყურებდა კაცის უგონო სახეს და ჩუმად მოთქვამდა.
- არ ვიცი, რა დაემართა. ეს ბოლო პერიოდი, აღარ გვეკარებოდა, თავის თავსსაც აღარ ჰგავდა. სად მიდიოდა? რატომ მიდიოდა ასეთი სიჩქარით?
- არ ვიცით ნინო. აბა, რა გითხრათ? - გაურკვევლობაში იყო ბიძამისი.
- მის სახელს ბოდავს ხოლმე. გონზე ვერ მოდის, თუმცა მის სახელს ამბობს. იმ საწყალი, დაკარგული გოგოს სახელს ამბობს. ნეტავ, რა იცის, რას ეძებს? - კვლავ ჯიუტად სვამდა ქალი კითხვებს, რომელზე პასუხიც, არავინ იცოდა.
- კეკელინა - აღმოხდა გეგის - კეკელინა - გაიმეორა. როგორ უნდოდა, ამდგარიყო და გაქცეულიყო. იქამდე ერბინა, სანამ საყვარელი ქალის სახეს არ დაინახავდა. გარშემო, ყველგან ბურუსი ჩამოწოლილიყო. ნისლით შემოსილიყო მთელი გარემო. წყლის ხმა ესმოდა. ოღონდ, არა აბობოქრებული ტალღების, არამედ ერთ ადგილას ჩაძირული, ჩამყაყებული წყლის, რომლის ფსკერზეც, ათას საიდუმლოებას მოეყარა თავი.
საკუთარ სხეულს ძალა დაატანა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- კეკელინა! - დაიყვირა ხმამაღლა და ამ სახელში ჩააქსოვა ყველა გრძნობა, მთელი სამყარო. მართლაც, სამყაროს ფასი ჰქონდა მის სახელს.
„ჩემო ერთადერთო სიყვარულო. ენით გამოუთქმელო სიყვარულო, ნეტავ სად გეძებო? ნეტავ რომელი სამყარო მალავს შენს მშვენიერებას? ნეტავ, ვის დააჩაგვრინე თავი, რა ადგილმა მიისაკუთრა შენი სიცოცხლე?“ - იმეორებდა გულში, მაგრამ ვერ ამბობდა. რცხვენოდა ამ ყველაფრის ხმამაღლა წარმოთქმა.
გაუჩინარებულ, წასულ ხალხსა და დარჩენილ ხალხს შორის, მხოლოდ უთქმელი სიტყვების ტრაგედია გრძელდება სამარადისოდ. ჩვენ ვგლოვობთ, ვჩერდებით და ისევ ვგლოვოთ. ეს გლოვა, სევდაში ჰპოვებს გასაქანს, სევდა კი დროს მიჰყავს თავისთან და ოდესმე მაინც ვპოვებთ ხოლმე შვებას, თუმცა უთქმელი სიტყვები გვაჩნდება დაღად სამარადისოდ. ის უთქმელი სიტყვები, რომლის გამოაშკარავებაც გვსურდა, თუმცა ვერ გავბედეთ, არ გავბედეთ ან საჭიროდ არ ჩავთვალეთ, გვეთქვა.
- გეგი? - გაიგონა ხმადაბალი ხმა. კეკელინას ხმა იყო, თუმცა უფრო წყნარი, იდუმალი, შეშინებული. ზუსტად ისეთი ხმა, როგორიც არასოდეს სჩვეოდა.
- აქ ხარ? - იკითხა გაოგნებულმა. ბურუსში, საყვარელი გოგონას სილუეტი დაინახა. ნამდვილად კეკელინა იყო. მხოლოდ, ჩამქრალი თვალები აეჭვება. ისე გაფერმკრთალებულიყო გოგონას სიცოცხლით სავსე მზერა, რომ გეგონებოდა, მილიონ ტკივილს ებრძვისო.
- ოდესმე მაპატიებ? ოდესმე დამიბრუნდები?
- არ ვიცი. პატიება გამიჭირდება, დაბრუნება კი უფრო ძნელი იქნება ჩემთვის. - ამოიოხრა გოგონამ. თავისი გაყინული ხელები შეახო კაცის გაქვავებულ მკლავებს. - მეშინია... ჩემი სიკვდილის კი არა, ჩემი საყვარელი ადამიანების სევდის მეშინია.
- შენ არ მოკვდები - გამბედაობა მიეცა გეგის - შენი სიკვდილი არ შეიძლება. შენ ღმერთი ხარ ჩემთვის და სად გაგონილა, ღმერთი მომკვდარიყოს?
- ეგ არაფერი, ადამიანები ღმერთსაც კლავენ. ადამიანებს ყველაზე ძვირფასისა და ძლევამოსილის მოკვლა შეუძლიათ.
- მაგრამ შენი არა! რატომ ვეღარ გხედავ? სად ხარ? სად დაიმალე? არა, ასე არ გამოვა - ვერ ცხრებოდა ბიჭი - სახლში უნდა დაგაბრუნო, ასე არ გამოვა. ჯერ უნდა გითხრა, რომ მიყვარხარ და თუ სიკვდილია, ერთად მოვკვდეთ. კეკელინა!
გოგონა აღარსად ჩანდა....
მასთან ერთად სიკვდილის მსურველი კი სხვაც ბევრი იყო.
* * *

კედელსმიშტერებული ქალი, უძრავად იჯდა სკამზე. თვალსაც კი არ ახამხამებდა. მხოლოდ, დროდადრო ირწეოდა ისტერიულად და იმეორებდა ფრაზას:
- დამიბრუნე ჩემი იმედი! - არ ვიცი, შესაძლოა, ისიც ღმერთთან ცდილობდა შეთანხმების მიღწევას. სახეზე, რამდენიმე ნაოჭი ეტყობოდა მკრთალად. ხანში შესული იყო, თუმცა, როგორც იტყვიან, კარგად მოვლას მაინც შეენარჩუნებინა მისთვის ახალგაზრდული იერი. ტანზე, ბუნებრივი ბეწვისგან შეკერილი ქურთუკი ემოსა. გარედან არ ჩანდა, თუმცა სამკაულებით გადაევსო ხნიერი გულმკერდი.
აღარც ბრილიანტები უნდოდა...
მზად იყო, ოხრადდატრიალებული ცეცხლისთვის შეენთო თავისი ძვირიანი ტანისსამოსი, ოღონდაც თავისი იმედი დაებრუნებინა.
ქალი არ ყვიროდა, არც ტიროდა, არც გოდებდა.
უბრალოდ, ერთადგილას გაშეშებულიყო და ხელოვნურად მომართული მექანიზმივით, ერთი მიმართულებით ეზიდებოდა სხეული წინ და უკან. სახეც გაქვავებოდა. ერთი შეხედვით, კაცი იფიქრებდა, რომ მიმიკის ნასახიც არ ებადა, თუმცა გადმოუცემ ტანჯვას ასხივებდა მისი უსიტყვო სახე.
უცრემლოდ კიოდა, კივილის გარეშე მოთქვამდა, მოთქმის გარეშე იხოკდა სახეს და სახის დახოკვის გარეშე უჩნდებოდა შემზარავი ნაკაწრები სამუდამო ტკივილისა. გული, გამეტებით ამოეგლიჯა ვიღაცას მისთვის და სულში, გავარვარებულ მაზუთს უღვრიდნენ, რათა ვეღარასოდეს გასთეთრებოდა ცხოვრება.
- დამიბრუნე ის, რაც მე მეკუთვნის და ცხოვრების ბოლომდე, ჩემთვის იყო განკუთვნილი - ჩაილაპარაკა გულში.
სადღა ჰქონდა გული?
გული გაყინული ცხედარივით ესვენა მის წინ და აღარ სცემდა, აღარ სუნთქავდა. ლურჯად შეღებილიყო გულის თეთრი ბაგეები. კანი იმაზე თეთრი ჰქონდა გულს, ვიდრე ოდესმე.
ეს სითეთრე, არც თოვლის მსუბუქ ფანტელებს ჰგავდა და არც ბამბის სასიამოვნო გუნდას.
ეს იმაზე საშინელი თეთრი ფერი იყო, ვიდრე სიკვდილს შეიძლება მოსდევდეს გადაფითრებული ნისლის სახით.
ოთხკუთხა ყუთში მომწყვდეული, ახალგაზრდა ქალის რობოტისებური ხმა კი მაყურებელს არაფრისმთქმელი გამომეტყველებითა და დაყენებული ხმის ტემბრით ამცნობდა, რომ სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა ვიღაცა... ვიღაც მნიშვნელოვანი, რომელსაც გაცხარებული მონდომებითა და სულის უღრან ტყეში მიძინებული, საშინელი წინათგრძნობით ეძებდნენ.
იმედს ჰგავდა ის, ვინც სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
იმედი ყველაფერი იყო ადამიანებისთვის და მისი პოვნა იქნებოდა რწმენის დაბრუნების მსგავსი.
- დამიბრუნე! - კვლავ გაისმოდა აუღელვებელი, ნელი სიტყვები ქალისა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში წამოკივლებულ, საყვარელი ადამიანის სახელს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩურჩულს.
აღარც ბრილიანტები სურდა...
აღარც რამე, მსგავსი სიმდიდრის.
მხოლოდ თავისი თვალმარგალიტის დაბრუნება უნდოდა, რომელიც სახლიდან გასული, ჯერ არ დაბრუნებულიყო შინ.
* * *

დანახშირებული მანქანიდან გადმოვარდნილი ცხედარი მერქვა ალბათ, გაუნძრევლად ვესვენე აყროლებული ტბის ნაპირას. მართლაც, რა საშინელი, ზიზღის სურნელი ასდიოდა გარშემო ყველაფერს. ვერ ვინძრეოდი, ხმასაც ვერ ვიღებდი.
მძებნელთა ქაოსი ჩამესმოდა ყურში.
- იქნებ, შენ მაინც მიშველო რამე - გამოუთქმელად ვევედრებოდი კაცს, რომლის მსგავსი თვალებიც დამბედებოდა ბავშვობიდან.
ბოლოს, მხოლოდ დაკოჟრებული დედაბრის სილუეტი დავინახე და როცა დატორმუზება ძლიერ გვიანი იყო, ზუსტად მაშინ მივადგი ფეხი ტორმუზს.
ეს საშინელი რეფლექსები. სჯობდა, მომეკლა დამპალი ალქაჯი, ვიდრე ამ ჯოჯოხეთში გადმოვჩეხილიყავი. კაცმა არ იცის, წყევლაა თუ სინამდვილეა. ან რა ჯანდაბად გადაეკიდა ჩემს თითოეულ ამოსუნთქვას?
მაგას ვუჩვენებ!
დაბრუნდებიან, მიპოვნიან და მაგას უჩვენებენ სეირს!
თავს ვიმშვიდებდი თუ იმედგადაწურულიც კი არ ვკარგავდი დამპალ ლექსიკას?
გარშემო ყველაფერს სიკვდილის ფერი დაჰკრავდა. ნელი, მძიმე ნაბიჯებით ვიგრძენი საკუთარი წყევლის მოახლოება.
თავზე წამომდგომოდა ის მოხუცი, ბოლო წამებში რომ დავინახე ავარიამდე და მომღიმარი სახით დამყურებდა.
- მე მხოლოდ შენი სიკვდილი მევალებოდა... სულს ჭირიც კი წაუღია, სულს ბევრი სხვა მუშტარი გამოუჩნდება. - მითხრა აუღელვებლად.
მთელი ღონე მოვიკრიბე.
ერთადერთი კითხვა მქონდა მასთან, ერთადერთი და ისიც არ ვიცოდი, თუ შემწევდა ამის კითხვის ძალა.
- შენ რაღა დაგიშავე? - აღმომხდა უსუსურად.
- ყველაფერი - გაისმა არც თუ ისე ამომწურავი პასუხი. - ეს ყველაზე კარგი დროა შენს დასატანჯად. ყველაზე კარგი დრო - მიღიმოდა. ბედნიერი ჩანდა. ვერც კი ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, სხვის უბედურებას ასე გაეხარებინა ვინმე.
მართალი იყო.
ეს ყველაზე უკეთესი დრო გამოდგა ჩემს მოსაკლავად.
- პატარასა და უსუსურს, არაფერი გებადა დასაკარგი. ახლა, შესანიშნავი დროა. შესანიშნავი - იმეორებდა, საკუთარი თავით კმაყოფილი.
ახლა, უფრო გარკვევით ვხედავდი ტელევიზორში გამოკეტილ ქალს, რომელსაც თმის თითოეული ღერი დაევარცხა თანმიმდევრობით, თმის ფერი არც ძალიან ღია და არც ძალიან მუქი ჰქონდა. ალბათ, ბევრს ფიქრობენ ხოლმე თავიანთ ვიზუალზე, რომ ზედმეტად თვალშისაცემიც არ ყოფილიყო, თუმცა ეფექტურობა მაინც შეენარჩუნებინა. ყავისფერი თვალები ჰქონდა, ზოგჯერ ახამხამებდა და მუდამ ზომიერად მომღიმარი გამომეტყველებით აცნობდა მაყურებელს, რომ სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა ის, ვინც ვიღაცეებისთვის, ზედმეტად ძვირფასი იყო.
ის, ვისაც ჩემი სახელი ერქვა.
კადრმა ნელა გადაინაცვლა კაცის თვალებზე.
„ღმერთო, რა ლამაზი ლურჯი თვალები აქვს“ - ვფიქრობდი და მის დანახვაზე, ღიმილი იპყრობდა ჩემს დავრდომილ სხეულს. ისედაც თეთრი კანი, სახეზე შემაძრწუნებლად გადაფითრებოდა, სქელი ტუჩებიდან კი უკანასკნელ წვეთამდე გამოდევნილიყო ცხოვრების ტკბობის ყველანაირი კვალი.
ის გიჟს ჰგავდა... შეურაცხადს.
ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი, ცალ-ცალკე ათვალიერებდა ჭაობებს, ტყესა და მინდვრებს. კაცი კი, ერთდროულად ყველა მათგანთან ახერხებდა ყოფნას და თავისი მიმართულებითაც, უგზო-უკვლოდ დარბოდა.
ვიცოდი, რომ მას ფრენა შეეძლო.
-მერე აფრინდი და მაღლიდან შეათვალიერე ყველა კუნჭული - ტელეპატიურად ვცდილობდი, მისთვის ეს სიტყვები მიმეწვდინა. – აფრინდი, შენ ხომ ანგელოზი ხარ. ვიცი, რომ შეგიძლია ფრენა. აფრინდი და მიპოვნე!
მაგრამ რას შეაგნებინებდი ანგელოზს, რომელსაც კვლავ ადამიანი ეგონა თავი?
და საერთოდ, რას შეაგნებინებდი ადამიანს, რომელიც გადარეულივით, თავისი ცხოვრების უკანასკნელ იმედს ეძებდა?
- დამიბრუნე! დამიბრუნე! დამიბრუნე! - მოთქვამდა კაცი უხმოდ. სურდა,მუხლებზე დამხობილიყო და მთელი ძალით, თავისი იმედიანი გლოვის სულიშემძვრელი მძვინვარება დაენახვებინა მთელი სამყაროსთვის.
- დამიბრუნე! დამიბრუნე ის, ვისთვისაც დავიბადე, ვისთვისაც მოვევლინე ამ ქვეყანას. მხოლოდ ის დამიბრუნე, სხვა იმედი მე არ მჭირდება,სხვა იმედი, არ არსებობს.
ზღვისფერი თვალები მოღრუბლვოდა და აღელვებული ტაღებივით გმინავდა. როგორ უნდოდა, მიწაზე განთხმულიყო, როგორ უნდოდა, თავისი სისუსტე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოემჟღავნებინა.
- ჯანდაბა! დათრგუნე ეს სიამაყე, დათრგუნე ეს დაწყევლილი სიამაყე და სიმწრისგან, მიწისჭამა დაიწყე. შენც ხომ ეგ გინდა? მიწის ჭამა გინდა, რადგან შენი იმედი, მიწაზე თუ აღარ დააბიჯებს, მიწაზე ხომ მაინც გდია? ჭამე ეს წყეული მიწა! იქნებ მიწამ მაინც გაგანდოს, მასში ჩამარხული საიდუმლოება. - ეჩხუბებოდა საკუთარ თავს.
სიცოცხლისთვის სჭირდებოდა იმედი.
ჯერ თავად უნდა მომკვდარიყო და შემდეგ გამქრალიყო ისიც თუ ბედისწერას ასე სურდა, მაგრამ პირიქით, არასდროს!
ერთი წამიც ვერ იცხოვრებდა სამყაროში, რომელშიც მისი სურნელი, სიცილი, თვალები არ იარსებებდა. არ სურდა. მისით საზრდოობდა, ჰაერის მაგიერ, მის სახელს სუნთავდა.
მე კი ყვირილსაც ვერ ვბედავდი, რომ საკუთარი ადგილსამყოფელი მემცნო მისთვის.
ჯანდაბა, ცოცხალს თუ მაინც ვეღარ მომისწრებს, სხეულს ხომ ნახავს, გაყინულს ლოდივით?
* * *
- ვინ ხარ კეკელინა? - მკითხა სისხლიანმა გოგონამ.
ვიცანი.
ახლა, ზუსტად ახლა იყო ჩემზე შურისძიების დრო ალბათ.
- კიდევ არავინ დარჩა სხვა რომ პასუხი მაგებინოს? - კითხვითვე ვუპასუხე. - ნუ მოგერიდებათ. იქნებ, რომელიმე ეშმაკის მოციქულს დაუგროვდა გულში ბოღმა? ეგეც ამოუშვას ჩემზე, რა პრობლემაა - ვეჩხუბებოდი გახრწნილ ცხედარს ძველი ნაცნობის.
გარემო უცნაურად შეცვლილიყო.
თითქოს წამოვდექი, თუმცა სხეული მაინც დამრჩა მიწაზე მიჯაჭვული.
- ვინ ხარ? - გამიმეორა მან, ვისაც გადაჩეხილი თავიდან სდიოდა წებოვანი სითხე... წებოვანი და თან წითელი.
- ბოროტმოქმედი, შესაძლოა მკვევლიც. - ვუპასუხე და ამ პასუხით, თითქოს დავნებდი.
- შესაძლოა?
- ჰო.
- შენ ხომ არავინ მოგიკლავს?
- განა მკვევლი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ალესილ დანისპირს აუსმევ ვინმეს ყელზე? არა. ნამდვილ მკვლელად მაშინ იწოდები, თუ ადამიანს სულს წაართმევ. ჰო, მე შენ სული წაგართვი და მნიშვნელობა არ აქვს, ავარიამ შეგიწირა თუ ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ემსხვერპლე. შენი სული უკვე კარგა ხნის მკდარი იყო. ვიცი, რომ მელოდი. არ ვიცი, რატომ მელოდებოდი ასე ერთგულად, ნუთუ ჩემი უბედურების ხილვა გსურდა?
- არა. შენი უბედურება ვერ გაათბობს ჩემს გაყინულ სხეულს. მკვდრებს შურისძიება აღარაფერში გვჭირდება. მხოლოდ ერთი რამით მიშველიდი - ახსარებით. ვინ იცის, იქნებ, გულისსიღრმეში, მსურს რომ აქ დარჩე და სამუდამოდ, შენი გაუბედურებულ სახეს ვუცქერდე. ჯანდაბა! მიყვარდი. ისე მტკივნეულად და ძლიერად მიყვარდი, როგორ ძლიერადაც მჩაგრავდი და მტაჯდავდი. ამიტომაა უცნაური ადამიანი. მუდამ ის უყვარს, ვინც სულით ხორცამდე უმწარებს სიცოცხლეს. შესაძლოა, ბოროტი იყავი, თუმცა ამ თვისების გარდა, თავისუფლებას ვხედავდი შენში. შენ მუდამ თავისუფლება გებადა. ვერანაირი საზღვარი და ჩარჩო ვერ გაჭრიდა ბუმბულებითა და შავი ბრილიანტებით მორთულ ფრთებს.
- არ ვყოფილვარ თავისუფალი. მუდამ სინდისის ქენჯნა იყო ჩემი მუდმივი თანამგზავრი და იმისთვის, რომ სინდისი მომეკლა, უარეს ბოროტებას ვიმატებდი. არასდროს მიფრენია მარიამ. იცი, როგორი მძიმე ვიყავი? ვერავინ და ვერაფერი აზიდავდა ცაში ჩემს დამძიმებულ სულს. ეს სინდისი, დღემდე მაწუხებს. მრავალჯერ მსურდა, შიშველი ხელებით მომეგრიხა მისთვის სხეული, თუმცა იცი ერთხელ მამაჩემმა რა თქვა?
- რა თქვა?
- თუ ვინმეს სინდისი ქენჯნის, ესეიგი ჯერ კიდევ ადამიანია. სინდისი ღმერთმა გამოგზავნა დედამიწაზე, რათა თავის პირმოშებისთვის შეეხსენებინა, რომ ისინი არ იყვნენ მარტონი. თუ იტანჯები, ესეიგი ღმერთისგან გამოგზავნილი პატარა ნაწილი, ჯერ კიდევ შენს გულში ჩქეფს და მე მივხვდი, რომ აღარ უნდა გავნთავისუფლებულიყავი ტვირთისგან, რადგან ყველას შეუძლია თავისი წილი ცოდვების ზიდვა. ეს ბუნებრივია. შენ ჩემი ტვირთი ხარ და სამუდამოდ დარჩები ჩემში, რადგან სადაც წავალ, ყოველთვის თან წაგიყვანო, თუმცა აქ დარჩენას ვერ მომთხოვ. მე აქ ვერ დავრჩები.
- რომც გინდოდეს, ვერ დარჩები.
- მეძებენ.
- გეძებენ...
- მეძებენ. გეგის სიახლოვეს ვგრძნობ, ჩემი ოჯახის სიახლოვესაც ვგრძნობ. - გავიმეორე ეს სიტყვები კვლავ და მივხვდი, როგორ ვთავისუფლდებოდი ტაჯვისგან.
- გეძებენ, რადგან სახლიდან წახვედი და უკან აღარ დაბრუნებულხარ. წასულებს აღარავინ ეძებს, თუმცა მშობლიური კერიდან გაქცეულები, სამუდამოდ იძებნებიან.
- უნდა დავბრუნდე!
ოთხკუთხა ყუთში მომწყვდეული, ახალგაზრდა ქალის ხელოვნურად მომღიმარი ხმა ხალხს აცნობდა, რომ იპოვნეს ის, ვისაც მთელი ქალაქი, იმედის პატარა ნაპერწკალივით ეძებდა შეუჩერებლად. ქალაქის ბოლოს, აყროლებულ ჭაობთან ახლოს გადაჩეხილიყო მანქანა. გოგონას სხეულს კი ათასი ჭრილობის მიუხედავად, სასწაულებრივად დამჩნეოდა სიცოცხლის კვალი.
გოგონა იპოვნეს და იგი ცოცხალი იყო.
პოლიციას, დიდი ხნის წინათ გაუჩინარებული ახალგაზრდა მარიამის ცხედარიც ეპოვნა, რომელიც იმავე ტბაში ჩაძირულიყო თავისივე მანქანით.
თვითმკვლელობის დასკვნა უბედური შემთხვევით შეიცვალა.

დასასრული.
მადლობ, რომ მომთმენები და ერთგულები იყავით. დიდი მადლობა, თითოეული კომენტარისა და შეფასებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, კარგი იყო თუ ცუდი. შეიძლება ჩათვალოთ, რომ საბოლოოდ, რომანტიკული სცენები დააკლდა, თუმცა საჭიროდ აღარ ჩავთვალე. ყველაფერი ისედაც აშკარა იყო და ზოგი რამ, უბრალოდ მკითხველს უნდა მიანდო.
დიდი ალბათობით, მეორე ნაწილსაც დავწერ, რომელიც კეკელინას ცხოვრებაზე იქნება დაახლოებით, 7 წლის შემდეგ.
მანამდე, ახალი რაღაცეების წერას ვიწყებ, ცოტახანს, სხვაზეც უნდა გადავერთო, რადგან უფრო მრავალფეროვანი აზროვნება გიხდება, როცა სხვადასხვა სტილს მიედ-მოედები.
მოკლედ, მიყვარხართ და მიხარიხართ <3

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ანნა ა

მართალი ხარ არ იყო რომანტიკა საჭირო რაც სატქმელი იყო ყველაფერი თქვი მომეწონა ახლა მივხვდი რაშიც იყო საქმე :დ წარმატეები და ველი ახალ ისტორიას heart_eyes

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ანნა ა
მართალი ხარ არ იყო რომანტიკა საჭირო რაც სატქმელი იყო ყველაფერი თქვი მომეწონა ახლა მივხვდი რაშიც იყო საქმე :დ წარმატეები და ველი ახალ ისტორიას heart_eyes

დიდი მადლობა ანნა <3 მალე იქნება ახალი :*

 


№3 სტუმარი ნათია41

არა ენ სხვა დასასრული ამას არ უნდოდა. ისედაც გასაგებია. შიში მიპყრობდა რომ ვერ იპოვიდნენ. ის შეშლილი ბებია თავისას იზავდა და ერთგვარი შვება იყო მისი გამოჩენა . მარიამის დიდსულოვნებამ შემძრა და მიხარია რომ გაგრძელება ექნება. დაგელოდები სულ.მიყვარხარ ძალიაჯ????

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნათია41
არა ენ სხვა დასასრული ამას არ უნდოდა. ისედაც გასაგებია. შიში მიპყრობდა რომ ვერ იპოვიდნენ. ის შეშლილი ბებია თავისას იზავდა და ერთგვარი შვება იყო მისი გამოჩენა . მარიამის დიდსულოვნებამ შემძრა და მიხარია რომ გაგრძელება ექნება. დაგელოდები სულ.მიყვარხარ ძალიაჯ????

მეც ძალიან მიყვარხარ ნათი <3
მადლობა, რომ ჩენთან ხარ და ყველაფერი გესმის :*

 


№5  offline წევრი Tamuna Gogaladze

ძალიამ კარგი იყო.ზუსტად ისე როგორც არის.უკეთესი დასასრული არც მოუხდებოდა♥♥ძალიან ვისიამოვნე და მადლობა შენ

Tamuna Gogaladze
ძალიამ კარგი იყო.ზუსტად ისე როგორც არის.სხვანაირი დასასრული არც მოუხდებოდა♥♥ძალიან ვისიამოვნე და მადლობა შენ

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Tamuna Gogaladze
ძალიამ კარგი იყო.ზუსტად ისე როგორც არის.უკეთესი დასასრული არც მოუხდებოდა♥♥ძალიან ვისიამოვნე და მადლობა შენ

Tamuna Gogaladze
ძალიამ კარგი იყო.ზუსტად ისე როგორც არის.სხვანაირი დასასრული არც მოუხდებოდა♥♥ძალიან ვისიამოვნე და მადლობა შენ

გაიხარე საყვარელო, უღრმესი მადლობა :*

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.