შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 16] (18+)


17-11-2018, 14:57
ავტორი ჰაიკო
ნანახია 361

წყურვილი [ნაწილი III, თავი 16] (18+)

"... შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე".  ლეონარდო და ვინჩი.


      ქალაქის საიდუმლო საბჭოს შეკრებაზე, მეორე სართულზე აშკარად დაძაბულობა სუფევდა, ბოგდანი გრძელი მაგიდის გასწვრივ ბოლთას სცემდა ზურგზე ხელებდაწყობილი. მაგიდის ირგვლივ მჯდარი საიდუმლო საბჭოს წევრები კი გაფაციცებული მზერით ადევნებდნენ თვალს ალფა მგელკაცის ბორგვას. ბოლოს, ბოგდანი შესდგა, მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო, წინ გადაიწია და უხუცესს მრისხანე გამომეტყველებით შეაჩერდა სახეში.
     - არ მომწონს თქვენი რეაქცია ამ ყველაფერზე, - დაიღრინა მან, - მე და ჩემი ხროვა უკვე დიდი ხანია ველით, რომ რაიმე სასარგებლოს გააკეთებთ ამ ქალაქის დასაცავად, მაგრამ როგორც სჩანს, შევცდი...
     - დამშვიდდი, ბოგდან, - უხუცესმა წვერზე ხელი დინჯად ჩამოისვა, - აჩქარებით მხოლოდ ვავნებთ საქმეს.
     - მათ კასტორი მოკლეს, - მუქარით განაგრძო ბოგდანმა, - მე კი თქვენს მითითებებს მივყვები და არაფერს ვაკეთებ, იცით ეს რას ნიშნავს ჩემი ხროვის თვალში? შიშს! მათ ეზიზღებათ ეს სისხლისმსმელები და მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც კი გაწირონ, თუ მე მათ ვუბრძანებ, მაგრამ ამ დროს რა ხდება? ალფა არაფერს აკეთებს, ალფა უფუნქციოა... მე აქ კონკრეტული პასუხის წასაღებად მოვედი, - ბოგდანმა მრისხანე მზერა მოავლო ოთახში შეკრებილთ, - თუ ხროვას დამაკმაყოფილებელ პასუხს არ გავცემ, ისინი მოქმედებას დაიწყებენ.
     - რას გულისხმობ? - იკითხა ერთ-ერთმა.
     - ისინი ყველას გაანადგურებენ, ვინც ამ ამბავშია გარეული, - ყრუ, საშინელი ხმით გაეპასუხა ალფა მაქცია, - და გარწმუნებთ, ამის გაკეთებას ამ ოთახიდან დაიწყებენ, მე კი ხელს არ შევუშლი მათ!
     - გვემუქრებით, მისტერ ო'ნილ? - თვალები მოჭუტა მისმა თანამოსაუბრემ.
     - როგორც გინდათ, ისე მიიღეთ, - შეუღრინა ბოგდანმა, - მე ჩემი სათქმელი გითხარით, - ის წელში გასწორდა, ფართო ნაბიჯით გადაკვეთა ოთახი და სავარძელში ჩაეშვა.
      უხუცესმა ჩაახველა, კვლავ წვერზე ჩამოისვა ხელი, მოიწიწკნა, წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა, მდგომარეობა აშკარად საგანგაშო იყო, ქალაქი მაქციათა კლანის მხარდაჭერის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე იდგა, აქ ფრთხილი და მოზომილი მოქმედება იყო საჭირო, ემოციურად გაუწონასწორებელ და იმპულსურ მაქციებთან ხუმრობა არ შეიძლებოდა, მოხუცს რამე უნდა მოეფიქრებინა სასწრაფოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში საიდუმლო საბჭო სრულიად მარტო რჩებოდა სისხლმოწყურებული და მძვინვარე პირველყოფილების წინააღმდეგ.
     - ბოგდან, - თქვა მან შემპარავი ხმით, - თქვენ, მაქციები ნახევრად ადამიანები ხართ და ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ შეთანხმების მიღწევა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვისაც.
     - მე დაუყოვნებლივ მოქმედებაზე გადასვლას მოვითხოვ, - მტკიცე და კატეგორიული იყო ბოგდანის პასუხი, - კასტორის სიკვდილს არ ვაპატიებთ არავის.
     - ასე პირდაპირ ვერ დავეტაკებით, - არ დაეთანხმა მოხუცი, - მათი სუსტი წერტილი გვჭირდება, კონორს შეეძლო დაგვხმარებოდა, მაგრამ..
     - კონორი, - ზიზღით გააწყვეტინა ბოგდანმა, - ისევე უცებ გაქრა, როგორც გამოჩნდა, თქვენს ადგილას, მე მისი იმედი არ მექნებოდა, მე მას აღარ ვენდობი.
      მოხუცი ერთხანს მდუმარედ შეჰყურებდა მაქციათა კლანის მეთაურს, ბოლოს საკუთარ სავარძელში ჩაეშვა.
     - რას გვთავაზობ?
     ბოგდანმა ჩაახველა, მხრებში გაიშალა, წინ წამოიწია და საბჭოს თვალი მოავლო. ალფა მგელკაცს ზუსტად ეს უნდოდა, სიტუაციაზე კონტროლს მაქციათა კლანი იღებდა.
     - რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებაა, - თქვა მან, - არსებობს ისეთი ფაქტორები, რაც მათ ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებთ ჩვენთან მიმართებაში.
     მაგიდასთან მჯდომნი თავის ქნევით დაეთანხმნენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ხვდებოდნენ, რას გულისხმობდა ბოგდანი.
     - ადამიანი, რომელსაც მაგიური შესაძლებლობები გააჩნია, - განაგრძო ალფა მგელკაცმა, - ჯადოქარი, რომელიც მათ ჰყავთ, ჩვენ კი სამწუხაროდ-არა. ჩვენც რომ გვყავდეს მსგავსი უნარების ადამიანი, ეს ძალიან ბევრ რამეს შემოაბრუნებდა ჩვენს სასიკეთოდ.
     - რა გეგმა გაქვს? - დასვა შეკითხვა უხუცესმა.
     - მია ჯეკსონი, - თქვა ბოგდანმა და წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა და ხარბად დაარტყა ნაფაზი, შემდეგ ცისფერი კვამლი ჭერისკენ გაგზავნა და საბჭოს წევრებს გადახედა.
     - ეს ხომ ის გოგონაა, მცირე ხნის წინ რომ გადმოსახლდა სალემში, - თქვა ერთ-ერთმა, - თუ არ ვცდები, ჯეფერსონის კოლეჯში სწავლობს.
     ბოგდანმა აგდებულად ჩაიცინა და კედელს მიეყრდნო.
     - ბატონებო, რომელიმე თქვენგანს რამე გსმენიათ ტალიას შესახებ? ეს არის დემონი ჯადოქარი, რომლის მსგავსი მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს..
     - ეს რა შუაშია იმ სტუდენტ გოგონასთან? - იკითხა ერთმა.
     - ტალია, - მიუგო ბოგდანმა, - როგორც ცნობილია, დიდი ხნის წინ გაქრა, სავარაუდოდ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ის იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია სხვის სხეულში ჩასახლდეს...
     - ჯანდაბა, - სიხარულმა იელვა უხუცესის სახეზე, რომელიც მანამდე ჩუმად ისმენდა საუბარს, - მისტერ ო'ნილ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ...
     - დიახ, - დაუდასტურა ბოგდანმა და საბჭოს გამარჯვებულის ნიშნისმომგები ღიმილით გადახედა, - ტალიას სული მია ჯეკსონის სხეულშია... და მას ჯერ კიდევ არ გამოუვლენია მთელი თავისი ძალა.
     ამ სიტყვებს გაოცებული წამოძახილები და ჩოჩქოლი მოჰყვა, მოხუცმა ხელის აწევით დააშოშმინა საბჭოს აღელვებული წევრები და გამჭრიახი მზერა ბოგდანს მიაპყრო.
     - თუ სწორად გავიგე, - გაწელა მან და თითები გადააჯვარედინა, - შენ ადამიანის მოტაცებას და ჩვენი მიზნებისთვის გამოყენებას გვთავაზობ, ასეა?
     - რა თქმა უნდა, - მიუგო ალფა მგელკაცმა.
     - არ გეჩვენება, რომ ჩვენი მხრიდან ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, ამორალური საქციელია?
     - რატომ? - გაიკვირვა ბოგდანმა.
     - იმიტომ, რომ ჩვენი საბჭო ზუსტად ადამიანთა დაცვისთვისაა შექმნილი და არა მათი გამოყენებისთვის და...
     - თუ ღმერთი გწამთ, - ხელის აქნევით შეაწყვეტინა ბოგდანმა, უხუცესს მიუახლოვდა და ცხვირწინ მუქარით დაუქნია თითი, - ნუ მელაპარაკებით ასე და ნუ ცდილობთ ჩემს სინდისზე ითამაშოთ მაშინ, როდესაც ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩემი ქალიშვილია ჩართული..
     - მისთვის არავის დაუძალებია ეს, - დაისისინა უხუცესმა.
     ბოგდანს მრისხანებისგან სახე გაუხურდა, კუნთების მასად ქცეული სხეული დაეჭიმა, სახე უფრო ახლოს მიუტანა გულქვა მოხუცს და კბილების ღრჭენით შეათვალიერა, ძლივს იკავებდა თავს, შუაზე არ გაეგლიჯა.
     - მე ალფა ვარ, - ყრუდ დაიღრინა მან, მოხუცისთვის თვალი არ მოუშორებია, - არ გირჩევ ჩემთან თავხედურად მოქცევას, შემიძლია ახლავე მივცე ნიშანი და რამდენიმე წამში თქვენი არსებობა ისტორიას ჩაბარდება... ნუ მაიძულებ ასე მოვიქცე, - ის კიდევ მცირე ხნის განმავლობაში მიშტერებოდა მოხუცს, შემდეგ წელში გაიმართა და საბჭოს მბრძანებლური თვალი მოავლო, - ჩემი გეგმა შემდეგში მდგომარეობს, ჩვენთვის მთავარი  მია ჯეკსონია, ჩვენ ის უნდა მოვიტაცოთ და მისი უნარი სისხლისმსმელთა წინააღმდეგ გამოვიყენოთ, ჩვენი პირველი სამიზნე ლუციუსია, პირველყოფილი, ვისზეც დაფუძნებულია პრიმუმთა კლანის ძლიერება და სიმტკიცე, მისი განადგურებით მათი კავშირი დაიშლება, ლუციუსის გარეშე პრიმუმთა კლანი მყიფეა, ბატონებო, - მან პაუზა გააკეთა, - მის წინააღმდეგ ფრთხილად მოქმედებაა საჭირო...

*****

     შავგვრემან პირველყოფილს არ მიუქცევია ყურადღება მეორე, ცოცხლად გადარჩენილი მაქციისთვის, სიბნელეს შეერია და მიმდებარე ტერიტორიის დაზვერვა განაგრძო, მალევე აღმოაჩინა, რომ სახლი გარსშემორტყმული იყო მგელკაცებით და შეფიქრიანდა, ეუცნაურა, ბოგდანი - მაქციათა კლანის მეთაური არასდროს მისულა საიდუმლო საბჭოს შეკრებაზე ამხელა ამალით, პრინციპში ამას ამალაც აღარ ეთქმოდა, ეს იყო მთლიანი კლანი, მაქციებს სრული მობილიზება გამოეცხადებინათ, რაღაც სერიოზული იგეგმებოდა, ხოლო როდესაც საიდუმლო საბჭო და მგელკაცები რამეს გეგმავდნენ, ეს აუცილებლად პირველყოფილთა წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
     კოვაქსმა უზრუნველად ჩაიცინა, მთვარეს ახედა და მარცხენა ხელის არათითზე წამოცმულ გვირგვინოსან ბეჭედს თითი გადაუსვა, სიძლიერის სიმბოლოს, ამ ბეჭდის დანახვისას შიშისგან თრთოდა უკვდავ-მოკვდავთა სამყარო.
     კოვაქსმა სიგარეტს მოუკიდა და გონების თვალით სცადა განეჭვრიტა მომდევნო დღეების მოვლენები. როგორც მიხვდა, მარკუსი - ეს უძლიერესი პირქუში და მელანქოლიკი პრიმუმი მერყეობდა, არჩევნის წინაშე იდგა, გაბრიელი თუ ლუციუსი? ანუ ბოროტება თუ მცირე ბოროტება? კოვაქსის აზრით მისი ნდობა არ შეიძლებოდა, თუმცა ლუციუსი არ ეთანხმებოდა, ის პრაქტიკოსი იყო და ერჩივნა საკუთარ მხარეზე ჰყოლოდა ბრძოლებში გამობრძმედილი პირველყოფილი. კოვაქსმა ლუციუსზე შეაჩერა ფიქრი, იცოდა, რომ ქერა ვამპირი აუცილებლად ეცდებოდა მის მოძებნას, ის ყოველთვის ასე იქცეოდა, მაგრამ როგორ მოიქცეოდა ის, თუ გაარკვევდა, რომ კოვაქსი ჰიბრიდი გახდა?
      კოვაქსმა თავი გააქნია, ფიქრები მოიშორა, სიგარეტის ნამწვი ქუსლით გასრისა და კვლავ სახლს მიაპყრო გამჭრიახი მზერა...

*****

     მია ჯეკსონმა თავსმოხვეული უსიამოვნო ფიქრების მოსაცილებლად მეცადინეობა გადაწყვიტა, თუმცა გული ვერ დაუდო, ცივი, ქარიანი ღამე იყო. მისი კოხტა სახლის გარშემო ხეები სუსხისგან აწურულიყვნენ, მობუზულიყვნენ და მოთმინებით ელოდნენ დილის დადგომას, რათა სახეში შეეხედათ უზარმაზარი ოქროსფერი ბურთისთვის და მისგან წამოსული მაცოცხლებელი სითბო ფოთლებით შეესრუტათ. გოგონამ სერვანტესის "დონ კიხოტი" იღლიაში ამოიდო, პლედს წამოავლო ხელი და ვერანდაზე გავიდა, ხის სარწეველა სავარძელში ჩაეფლო, პლედი მჭიდროდ მოიხვია მხრებზე და წიგნი გადაშალა, თავს საკუთარ ბუდეში მყუდროდ მოწყობილი ბეღურასავით გრძნობდა.
     ასოები, სიტყვები, აბზაცები ერთმანეთს მიჰყვებოდა, მაგრამ გოგონას მაინც რაღაც უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა, ვერაფერი ავსებდა იმ სიცარიელეს, რასაც შავგვრემანი პირველყოფილის საქციელს გამოეწვია, მიამ წიგნი დახურა, გვერდით გადადო, თბილი ბლუზის სახელოები მოქაჩა და სიცივისგან გაყინული თითები შიგნით ჩამალა, ფეხები ასწია, სავარძელზე შეაწყო, იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს და აწითლებული ცხვირი მოკეცილ იდაყვში ჩარგო, ჩაფიქრდა.
        თუმცა მისი მყუდროება დიდხანს არ გაგრძელებულა, ჩვეულებისამებრ, როგორც ბოლო დროს ხდებოდა ხოლმე.
     - გოგონა წიგნით, მოწყენილი და სევდიანი, - მოისმა ხმა, მიამ სწრაფად ასწია თავი, სახლის წინ მდებარე მცირე დეკორატიულ მდელოს თვალი მოავლო და შიშისგან გახევდა, მდელოს შუაგულში მკერდზე ხელებდაწყობილი იდგა და ზურმუხტივით მწვანე, გველის უძრავი თვალებით მისჩერებოდა, ჭაღარაშეპარული ქერა თმა უკან გადაევარცხნა, შევერცხლილი წვერი მოკლედ, კოხტად შეეკრიჭა, როგორც ყოველთვის, პრიმუმთა კლანის მეთაური საკუთარ თავს არ ღალატობდა, ირგვლივ ყველაფერი ჩაწყნარდა, ქარი ჩადგა, ფოთლებმა შრიალი შეწყვიტეს, ჰაერი გაბრიელისგან წამოსული უარყოფითი ენერგიით და სიბოროტით დაიმუხტა, გაშავდა, გასქელდა და გოგონას აუტანელ ტვირთად დააწვა სხეულის თითოეულ სანტიმეტრზე.
    მია წამოდგა, პლედი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და მიმოიხედა, გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ამას თავიდანვე მიხვდა, მაგრამ იქნებ ეს მწვანეთვალება დემონი სულაც არ იყო მის მოსაკლავად მისული?
     - რა გნებავთ? - უკან დაიხია მიამ ამ დროს გაბრიელის უკან მისი ორი განუყრელი მხლებელი და მცველი შენიშნა.
     გაბრიელს შხამიანად გაეღიმა, ელვისებური მოძრაობით დაფარა მას და გოგონას შორის მანძილი, ვერანდაზე გაჩნდა და თვალებში ჩახედა. მიას თითქოს ძალა გამოეცალა, ვერანდის ხის იატაკს მიელურსმა, კიდურებს ვეღარ ამოძრავებდა, ვერც ხმას იღებდა, გაბრიელის სუსხიანი მზერა საოცრად თრგუნავდა მას, გაქცევის და ყვირილის საშუალებას და სურვილს უსპობდა. გაბრიელს თვალები დაუვიწროვდა, პირიდან წამიერად ჩამოეზარდა ალესილი, მოელვარე ეშვები, ლოყებზე სისხლძარღვები შავად დაებერა, რომელშიც მოძრავი ალისფერი სითხე უწყვეტად გადაადგილდებოდა თვალების მიმართულებით და მას საზარელ ელფერს აძლევდა. პრიმუმთა კლანის მეთაურმა ხელი ნელა ასწია შიშისგან გაყინულ გოგონას ფოლადისმაგვარი თითები ნელა და დემონსტრაციულად შემოაჭდო ყელზე, ამავდროულად წინ გადაიხარა და ცხვირის წვერით ოდნავ შეეხო გოგონას ყელზე ცისფრად ამობურცულ მფეთქავ სისხლძარღვს. მისი ორი მხლებელი შორიახლოს იდგა და უემოციო მზერით ადევნებდა თვალს მეთაურის მოქმედებებს.
       მიამ კანით იგრძნო გაბრიელის შეხება, გააჟრჟოლა, ოღონდ არა სიცივისგან, ვამპირი სულაც არ იყო ცივი, პირიქით, თბილიც კი თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინათ, უბრალოდ გოგონას უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, საკუთარ თავზე სცდიდა იმ არსების ზეგავლენის საოცარ ძალას, რომელმაც პრიმუმთა კლანი შექმნა, ლუციუსი და კიდევ მრავალი მათგანი სისხლისმსმელ დემონებად აქცია, მია სულ რამდენიმე სანტიმეტრში იდგა პირველი პირველყოფილისგან, უეცრად გააცნობიერა, რამდენად უიმედო და საშინელ სიტუაციაში იყო ჩავარდნილი და გული მოეწურა, გაბრიელს სრულიად მარტივი მოძრაობით შეეძლო მისი ხანმოკლე ცხოვრება აქვე დაემთავრებინა. გული დასწყდა, მიხვდა, რომ ლუციუსი თვალს აღარ ადევნებდა, აღარ იცავდა, კოვაქსი კი ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ამ წამს გაბრიელი უფრო ახლობლად ეჩვენებოდა გოგონას, ვიდრე შავგვრემანი პირველყოფილი.
     გაბრიელმა ღრმად შეისუნთქა მიას სხეულიდან წამოსული ტკბილი არომატი, გოგონას ხელი შეუშვა, წელში გაიმართა და თვალები დახუჭა, სახე დაუმშვიდდა და როდესაც თვალები გაახილა, კვლავინდებურად მწვანედ ელვარებდა მისი თვალები. მან სიგარეტს მოუკიდა, ერთხანს მდუმარედ უყურებდა გოგონას, შევერცხლილ წვერს ზანტად, მოზომილი მოძრაობით იწიწკნიდა, შემდეგ ხის სვეტს მიეყრდნო და სიგარეტის ცისფერ კვამლს გააყოლა თვალი.
     - მის ჯეკსონ, - უსიამოვნოდ და ბოროტად ჟღერდა მისი ხმა, - ალბათ ხვდებით, რომ აქ პიცის მოსატანად არ ვარ მოსული...
     - მმმ.. დიახ, - ხმა ჩაუვარდა მიას და ძლივს წამოიკნავლა, მიხვდა, რომ სულ რამდენიმე წუთის სიცოცხლე დარჩენოდა, გაბრიელი მხოლოდ სიამოვნებას იხანგრძლივებდა, კატის პოზიციაში იმყოფებოდა, რომელსაც საცოდავი, განწირული თაგვი თათებში მოექცია და წყნარად კრუტუნებდა, თუმცა მის ამ კრუტუნში აშკარად და გამოკვეთილად იგრძნობოდა ვეფხვის მრისხანე ღრენა.
     - სიკვდილის გეშინიათ, მის ჯეკსონ? - დასვა შეკითხვა გაბრიელმა, სიგარეტი ფილტრამდე ჩაიყვანა, ფილტრი თითებში მოჭყლიტა და კიბის საფეხურთან მდგარ ურნაში ჩააგდო, ხელები ზურგზე დაიწყო და დინჯად გაიარ-გამოიარა ვერანდაზე.
     გოგონა ნელ-ნელა მშვიდდებოდა, გააცნობიერა, რომ პანიკას აზრი არ ჰქონდა, ის ყველა ვარიანტში უნდა მომკვდარიყო, ამიტომ რა მნიშვნელობა ჰქონდა ინერვიულებდა თუ არა? გადაწყვიტა, აჰყოლოდა საუბარში პრიმუმთა კლანის მეთაურს.
     - დიახ, - რამდენიმე წამის შემდეგ გასცა პასუხი, - სიკვდილის ყოველთვის მეშინოდა.
      გაბრიელი შესდგა და გამოუცნობი მზერით გამოხედა, რომელიც ისეთი ბოროტი აღარ მოსჩვენებია გოგონას, როგორც რამდენიმე წუთის წინ.
     - რატომ გეშინიათ სიკვდილის, მის ჯეკსონ?
     მია ჩაფიქრდა.
     - არ ვიცი, - თქვა ბოლოს, - ალბათ ის გამოუცნობი მაშინებს, რაც სიკვდილის შემდეგ იქნება...
     - სამოთხე ან ჯოჯოხეთი, - შეეშველა გაბრიელი.
     - დიახ, ასეა, - დაეთანხმა გოგონა.
     - თქვენ, ადამიანები, - გაბრიელმა ხელი გაიწოდა მიასკენ, მის ხმაში ბოღმამ და ბრაზმა იძალა, - ბედნიერები ხართ, რადგან იცით, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვდებით, სამოთხე-თავის თავს თვითონ გულისხმობს და ზედმეტ განმარტებას არ საჭიროებს, აი ჯოჯოხეთი კი, ჩემი აზრით ის ადგილია, ის განზომილება, სადაც ღმერთი არ არსებობს, - ის უეცრად გაჩუმდა და მიას ბოროტი მზერით დააკვირდა, - ადამიანები ბედნიერები ხართ, ეს რომ გაგაჩნიათ, ჩვენ კი... - მან პაუზა გააკეთა.
     - სისხლისმსმელები, - ირონიულად გაუღიმა მიამ და თვითონვე გაუკვირდა, ეს რომ შეძლო.
     - დიახ, სისხლისმსმელები! - კატეგორიული ტონით დაეთანხმა გაბრიელი, - ჩვენ ეს ყველაფერი არ გვაქვს, სიკვდილის მერე სად მოვხვდებით, არავინ იცის...
     - მისტერ გაბრიელ, - შეაწყვეტინა მიამ და ამით მისი გაოცება გამოიწვია, - ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ამ დიალოგით აზრს შევიცვლი თქვენზე, ჩვენ ყველამ ვიცით რას წარმოადგენთ..
     ვამპირი თვალის დახამხამებაში გაჩნდა მის წინ.
     - რას წარმოვადგენ, მის ჯეკსონ?
     - თქვენ ძალიან ბევრი ადამიანის სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი, - მტკიცედ მიუგო გოგონამ.
     გაბრიელმა ურცხვად ჩაიცინა, წვერი მოიწიწკნა.
     - ყველაზე დიდი ჰუმანურობა ბუნებაში ბალანსის დაცვაა, მის ჯეკსონ.
     - რა ცინიზმია, - თქვა მიამ, - გააკეთეთ, რისთვისაც აქ მოხვედით, მისტერ გაბრიელ, - გოგონამ თვალები დახუჭა.
     რამდენიმე წუთი გავიდა, მიას გაბრიელის ყრუ ღრენა მოესმა და დაიძაბა, მომდევნო წამს უკვე სამოთხეში შეხვდებოდა, ან ჯოჯოხეთში, თუმცა...
     გოგონას ჯერ დარტყმის ხმა მოესმა, შემდეგ რბილ მიწაზე დახტომის თუ დაცემის ხმა, გაბრიელის მცველების ღრენა და პრიმუმთა კლანის მეთაურის განრისხებული ღმუილი. მიამ თვალები გაახილა და უცნაური სცენის მომსწრე შეიქმნა. მისი სახლის წინ მდებარე მომცრო დეკორატიულ მდელოზე სახით სახლისკენ ცალ მუხლზე დაჩოქილი იდგა გაბრიელი, ორივე ხელისგულით მიწას ეყრდნობოდა, მრისხანედ იღრინებოდა და სახლისკენ იყურებოდა. მცველები აქეთ-იქიდან ამოსგომოდნენ დაცვით პოზაში მდგარნი. მია გაბრიელს დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ ვამპირი სულაც არ უყურებდა მას, გოგონამ მზერა გააყოლა და მაშინვე შენიშნა გაბრიელის და მისი მცველების ყურადღების კონცენტრირების ობიექტი. ეს იყო მაღალი, პროპორციული აგებულების ქერათამიანი მამაკაცი, ძალიან გემოვნებით გამოწყობილი შავ კოსტიუმში. ორივე ხელის თითები შეეტყუპებინა და ნელი ნაბიჯით მოძრაობდა გაბრიელის მიმართულებით, მიასგან დიაგონალურად, გოგონამ ვერ შეძლო მისი სახის ნაკვთების გარჩევა, თუმცა მისი აგებულება ძალიან მიამსგავსა მას, ის სახლსა და გაბრიელს შორის შესდგა, მიასკენ ზურგით, ხელის თითები კვლავ შეტყუპებული ჰქონდა.
     - შენ... - დაიღმუვლა გაბრიელმა, თუმცა თავდასხმა არ უცდია, - აქ საიდან?...
     - მე ძალიან დიდხანს გადევნებდით თვალს, - საოცრად ნაცნობი ფოლადივით მჟღერი და ყინულივით ცივი ხმით დაილაპარაკა მამაკაცმა.
     - ნუ ჩაერევი, გირჩევ, - ბოროტად გამოსცრა გაბრიელმა.
     - მე ვერავინ მირჩევს, - თავი გააქნია მამაკაცმა, - მე ყოველდღიურად ვხედავდი თქვენს მოქმედებებს, სიბოროტეს, შუღლს და ღვარძლს.
     - შენ არ იცი, რა ხდება აქ!
     - ასე გგონია? - ჩაიცინა მამაკაცმა, ამ სიტყვებთან ერთად ხელები ოდნავ განზე გასწია, მიწისკენ დაუშვა და მიას თვალწინ უცნაური მოვლენები განვითარდა.
     ერთაბაშად განათდა, მიწამ რყევა დაიწყო, უცნაური ძალის მოქმედებით ამ უცნობი მამაკაცის მარცხნივ და მარჯვნივ ყველაზე ახლოს მდებარე ხეები ძირფესვიანად ამოიძირკვა მიწიდან, ჰაერში დაახლოებით სახლის სიმაღლეზე აიწია და გაჩერდა, მდელოზე აქა-იქ გაბნეული თითოეული ქვა და კენჭი ჰაერში ლივლივებდა, მამაკაცის სხეული თითქოს უთვალავი ბრილიანტის ბრწყინვალების ძალით ასხივებდა, ეს ენერგია და სხივები მისგან ყველა მიმართულებით იფრქვეოდა, გაბრიელმა და მისმა მცველებმა ხელები წინ გაიწოდეს, მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ ტალღის გამანადგურებელ ზემოქმედებას, მაგრამ ამაოდ, მათივე ნების საწინააღმდეგოდ, სამივე ვამპირი ჰაერში აიწია, ერთხანს ასე, მისტიკურ სიტუაციაში ეკიდნენ მიწიდან ათიოდე ფუტის სიმაღლეზე, შემდეგ მამაკაცმა ხელები წინ გაიწოდა და ვამპირები როგორც თოჯინები, ისე გასტყორცნა გზის მეორე მხარეს, მის ფეხქვეშ მიწა დაიბზარა, უამრავ წვრილ უფსკრულში ლავა დუღდა და მიწის ზედაპირისკენ მოიწევდა...
      უეცრად მიას ვიღაცამ ხელი სტაცა, წამის უსწრაფესად ააკრა კედელს და თვითონ წინ აეფარა, ლიციუსის ფართო ზურგს ამოფარებულმა გოგონამ ერთბაშად მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნო თავი.
     - გმადლობ, ლუციუს, - ჩაიბუტბუტა მან.
     ლუციუსს პასუხი არ გაუცია, წელში მოხრილი იდგა სახით მდელოსკენ, საბრძოლო პოზაში, თავი ოდნავ დაბლა დაეხარა და მკერდიდან ყრუ ღმუილი ამოსდიოდა.
     მდელოზე მდგარი მამაკაცი ერთბაშად შემობრუნდა, ჰაერში აიწია და ელვისებურად გაჩნდა ვერანდასთან, ორივე ხელი ოდნავ განზე გაეშალა, ქათქათა თაბაშირივით თეთრი თვალებით ზეცას აჰყურებდა და გაუგებრად ბუტბუტებდა.
     ლუციუსმა ორივე ხელი თავზე იტაცა, დაიღმუვლა, ჯერ ცალ მუხლზე დაიჩოქა, შემდეგ კი მოწყვეტით დაეცა ვერანდაზე.
     - შეწყვიტე, - იღრიალა მან, - გოგონას არაფერი დაუშავო, გესმის? ჯანდაბა, შეწყვიტე!
     ბუნება ნელ-ნელა დამშვიდდა, ისევ ჩამოღამდა, მილიონ ნაპრალად დამსკდარმა მდელომ პირვანდელი სახე დაიბრუნა და კვლავ მწვანედ ახასხასდა, მამაკაცი ნელა დაეშვა მიწაზე, ჯერ ფეხის წვერებით შეეხო მდელოს, შემდეგ მყარად დადგა ფეხზე, მის თვალებში სითეთრე სიშავემ შეცვალა და თვალებმა ჩვეულებრივი შეფერილობა მიიღო, მამაკაცმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ჯერ ვერანდის ფიცრულ იატაკზე გართხმულ ლუციუსს დახედა, შემდეგ მიას მიაპყრო მკაცრი მზერა.
     გოგონას თავი სიზმარში ეგონა, ლუციუსს დახედა, არა, სიზმარი გამორიცხული იყო, მის ფეხებთან მოკუნტული უკვდავი აშკარად ლუციუსი იყო, მაგრამ... მაგრამ ვინ იყო პიროვნება, ვინც ასეთი საშინელი ძალის მოქმედებით განდევნა პრიმუმთა კლანის მეთაური და მისი თანმხლები, ვინ იყო ეს მამაკაცი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ლუციუსს, ოღონდ მისგან განსხვავებით შავი თვალები ჰქონდა, სიმაღლე, გარეგნობა, აღნაგობა, ჩაცმულობა, ყველაფერი ერთი-ერთზე ემთხვეოდა, გამოხედვაც ლუციუსივით ცივი და გამსჭვალავი ჰქონდა.
       ამასობაში ვერანდაზე მწოლიარე ქერა უკვდავი გონს მოვიდა, წამოხტა და კვლავ გოგონას აეფარა. ის გაოგნებული თვალებით მისჩერებოდა საკუთარ ორეულს, საბრძოლო პოზა აღარ მიუღია, არც ტრანსფორმაცია ჩათვალა საჭიროდ, მხოლოდ უკიდურესად გაოცებული, გაფართოებული ცისფერი თვალებით უყურებდა მას, ორეულიც მკაცრად ჩაშტერებოდა თვალებში გამკიცხავი და ზიზღის გამომხატველი მზერით, ცალი ხელით ჟღალ წვერს იწიწკნიდა, მიამ თვალი შეასწრო, რომ ლუციუსისგან განსხვავებით მას მარცხენა ხელის არათითზე არ ჰქონდა წამოცმული გვირგვინოსანი ბეჭედი - პირველყოფილ ვამპირთა კლანის განმასხვავებელი ნიშანი.
     - ამონ... - ძლივს ამოიღო ხმა ქერა პირველყოფილმა.
     ორეულს პასუხი არ გაუცია, კვლავ მკაცრი მზერით ზომავდა, შემდეგ ორივე ხელი ჯიბეებში ჩაიწყო და მზერაში დამცინავი ტონალობა შეეპარა.
     - გამარჯობა, ძმაო!...
     გოგონამ ამდენ სულიერ ღელვას ვერ გაუძლო, მოიღვენთა, თვალებზე ბინდი გადაეფარა და უგრძნობლად დაეცა ვერანდაზე. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი goddess

ღმერთო ეს რა იყო კიდევ ეს მინდოდა sweat_smile როგორც ყოველთვის უნიკალური იყო heart_eyes იმედია ახალი თავიც მალე იქნება smiley

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

goddess
ღმერთო ეს რა იყო კიდევ ეს მინდოდა sweat_smile როგორც ყოველთვის უნიკალური იყო heart_eyes იმედია ახალი თავიც მალე იქნება smiley


:D გმადლობ ჩემო ერთგულო მკითხველო :) დიახ, კიდევ ეს გინდოდა და ჯერ სად ხართ;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3  offline წევრი უცნაური მე

აქ რა ხდებააა??
ამონ.. ველოდი მის გამოჩენას.. ვინ არის, რა არის? რა უნდა? აი ყველაფერი მაინტერესებს მის შესახებ.
ბოგდანი და მისი ბინძური ზრახვები!! დიდი იმედი მაქვს მიას ვერაფერს დაუშავებს.
კოვაქსი ძაალიან მაფიქრებს..
რომ მგონია ნელ-ნელა კარტები გაიხსნა და ვხვდები რამეს, თურმე ვერაფერსაც ვერ ვხვდები.. უშრეტი ფანტაზია გაქვს შენ ავტორო და ყოჩაღ! ყოჩაღ! და კიდევ ყოჩაღ!!
არ შემიძლია არ აღვნიშნო ბუნების და გარემოს აღწერა.. ფილმად რომ ვხედავ ყველაფერს ეგ ათასჯერ მაქვს უკვე ნათქვამი, მაგრამ ბოლო ეპიზოდს ისე ვკითხულობდი, თითქოს ფენტეზი კი არა, ჩვეულებრივი მოვლენაა ამონის ჯადორობები :D ისე, ბეჭედი არ ეკეთა და მართლა ჯადოქარი ხომ არაა შემთხვევით? :D
მოკლედ რაღა გითხრა სხვაა? გმადლობ შენ ამ მსუქანი, მსუყე და გემრიელი თავისთვის და ველოდები იგივენაირ გემრიელობას!! წარმატებები.. ))

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
აქ რა ხდებააა??
ამონ.. ველოდი მის გამოჩენას.. ვინ არის, რა არის? რა უნდა? აი ყველაფერი მაინტერესებს მის შესახებ.
ბოგდანი და მისი ბინძური ზრახვები!! დიდი იმედი მაქვს მიას ვერაფერს დაუშავებს.
კოვაქსი ძაალიან მაფიქრებს..
რომ მგონია ნელ-ნელა კარტები გაიხსნა და ვხვდები რამეს, თურმე ვერაფერსაც ვერ ვხვდები.. უშრეტი ფანტაზია გაქვს შენ ავტორო და ყოჩაღ! ყოჩაღ! და კიდევ ყოჩაღ!!
არ შემიძლია არ აღვნიშნო ბუნების და გარემოს აღწერა.. ფილმად რომ ვხედავ ყველაფერს ეგ ათასჯერ მაქვს უკვე ნათქვამი, მაგრამ ბოლო ეპიზოდს ისე ვკითხულობდი, თითქოს ფენტეზი კი არა, ჩვეულებრივი მოვლენაა ამონის ჯადორობები :D ისე, ბეჭედი არ ეკეთა და მართლა ჯადოქარი ხომ არაა შემთხვევით? :D
მოკლედ რაღა გითხრა სხვაა? გმადლობ შენ ამ მსუქანი, მსუყე და გემრიელი თავისთვის და ველოდები იგივენაირ გემრიელობას!! წარმატებები.. ))


მადლობა უცნაურო ვრცელი კომენტარისთვის, ყოველთვის მიხარია შენი აქ დანახვა! მიხარია რომ მოგეწონა. ამონს რაც შეეხება.. მოკლედ მომდევნო თავში დავკონკრეტდები მის შესახებ:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent