შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 17] (18+)


18-11-2018, 15:54
ავტორი ჰაიკო
ნანახია 319

წყურვილი [ნაწილი III, თავი 17] (18+)

     "... მოვა სიკვდილი ალესილ ცელით და მოსრავს ხალხებს, ცის ბრწყინვალებას ჩამოაფარებს მგლოვარე თალხებს! " ჰაიკო.


     ლუციუსი გაოცებული მზერით მიშტერებოდა საკუთარ ორეულს, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სარკეში იყურებოდა, სარკე ცივი იყო, უსიცოცხლო, შემდეგ ნელ-ნელა დაალაგა აზრები ტვინის ხვეულებში და მზერაც შეეცვალა, კვლავინდებურად ამაყი, მიუდგომელი და ყინულივით ცივი გახდა, მისი გონება დაზეთილი მექანიზმივით სწრაფად და უშეცდომოდ მუშაობდა, სამი წამის განმავლობაში რამდენიმე შესაძლო ვარიანტი განიხილა, მაგრამ არსებულ რეალობას არცერთი შეესაბამებოდა, მისი ორეული კი უხმოდ იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და როგორც სჩანს, მისგან ელოდა პირველი ნაბიჯის გადადგმას.
     პირველი, რაც ქერა უკვდავმა მოიმოქმედა, ძირს დაცემული გოგონა ბუმბულივით აიტაცა ხელში, სახლში შეიყვანა, დივანზე დააწვინა და წამის უსწრაფესად კვლავ ვერანდაზე გაჩნდა, რენტგენისებური მზერით მოჩხრიკა სახლის შემოგარენი და შემდეგ საკუთარ ორეულს მიაბჯინა სახეში გაშმაგებული მზერა.
     - აქ რას აკეთებ? - ჩვეულებისამებრ ცივად და ქედმაღლურად ჟღერდა მისი ხმა, კოსტიუმის შიდა ჯიბიდან გახამებული ცხვირსახოცი ამოიღო, ელეგანტურად მიიდო ტუჩებზე და ისევ უკან ჩააბრუნა.
     - გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ უფრო თბილ დახვედრას ველოდი, - შუბლი შეკრა ამონმა, ლუციუსის ორეულმა და გაიარ-გამოიარა, - ყოველ შემთხვევაში, შენგან მაინც.
     ლუციუსს ცივმა, ზიზღით გალესილმა ღიმილმა აუგრიხა ტუჩის კუთხე.
     - მართლა? ვწუხვარ, თუ შენი მოლოდინი ვერ გავამართლე, ამონ.
     ამონმა გვერდულად გამოხედა, მიას სარწეველა სავარძელში ჩაეშვა და ფეხი ფეხზე გადაიდო, ორივე ხელის გადაჯვარედინებული თითები კი მუხლზე დააყრდნო, ერთხანს ასე შეჰყურებდა ქერა უკვდავს ცივ ცისფერ თვალებში.
     - არ მესმის შენი ამგვარი ქცევის მიზეზი, - თავი გააქნია ბოლოს.
     - შევეცდები შენთვის გასაგები გავხადო, - ფოლადმა იელვა ლუციუსის ხმაში, - მოკლედ რომ ვთქვათ, მე უკვე დიდი ხანია მარტოდმარტო ვიბრძვი ამ საგიჟეთში, მარტოდმარტო, ყველას წინააღმდეგ, - ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას, - და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი ძმა, ტყუპისცალი, უემოციოდ ადევნებს თვალს ამ ყველაფერს მაშინ, როდესაც დახმარება შეუძლია, მაგრამ მოდი ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, მცირე ხნით მაინც, - ლუციუსმა დინჯად მოუკიდა სიგარეტს და კვამლს თვალი გააყოლა, - სად იყავი ბოლო ორასი წლის განმავლობაში?
     - მილიონიანი შეკითხვაა, რომლის პასუხში მისტერ ბილ გეიტსი ალბათ საკმაო რაოდენობის თანხას გაიღებდა, - ირონიულად ჩაიცინა ამონმა და ჟღალი წვერი მოიწიწკნა, - ლუციუს, მე მძულს სისხლი, ბუნებით მე კაცთმოყვარე... - ის შეჩერდა და თვალები მოჭუტა, აშკარად შესაფერის სიტყვას ეძებდა.
     - კაცთმოყვარე ვინ? - რიტორიკული შეკითხვა დასვა ლუციუსმა, - ვამპირი? ჯადოქარი? თუ ორივე ერთად? მაგრამ არა ადამიანი.
     ამონს მრისხანება გამოეხატა სახეზე, ელვასავით გაჩნდა ლუციუსის წინ და თვალებში ჩახედა.
     - ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, - დაიღრინა მან, - ჩემდა სამწუხაროდ მიწევს შეხსენება, რომ ამ დაწყევლილ სისხლისმსმელად შენ მაქციე, შენ, ლუციუს!
     - მე ძმა მჭირდებოდა, რომელიც გვერდში დამიდგებოდა, - მიუგო ქერა უკვდავმა.
     - ისედაც შენს გვერდით ვიქნებოდი, რა საჭირო იყო ამის გაკეთება? - ტკივილი გამოსჭვიოდა ამონის ხმაში, - შენ მე ყველაფერი წამართვი, ლუციუს, ყველაფერი.
     - მე შენ ძალიან ბევრი მოგეცი, - დაიღრინა ლუციუსმა.
     - დიახ, - თავი დაუქნია ამონმა და სავარძელს დაუბრუნდა, - რა თქმა უნდა, წყურვილი მაჩუქე, სისხლის და კაცისკვლის, ბოლო ორასი წლის განმავლობაში ჯურღმულებში ვიმალებოდი, ვცდილობდი ეს გრძნობა ჩამეხშო ჩემში..
     ქერა უკვდავმა მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა და ვერანდის სვეტს მიეყრდნო.
     - მერე, გამოგივიდა?
     - ვფიქრობ, რომ დიახ, - მიუგო ამონმა.
     - ჩემი მიტოვების ხარჯზე, - გამოსცრა ლუციუსმა.
     - მიზანი ამართლებს საშუალებას, - არ დანებდა ამონი და წამოდგა, - ფრთხილად იყავი, ძმაო.
     - მიდიხარ?
     ამონმა მიმოიხედა.
     - ვფიქრობ, აქ აღარაფერი მესაქმება, ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც, ჯერჯერობით, - ის მოჩვენების სისწრაფით გაუჩინარდა წყვდიადში.
     ქერა უკვდავმა თვალი გააყოლა იმ მიმართულებას, საითაც ამონი გაუჩინარდა, მიას სავარძელში ჩაეფლო და ჩაფიქრდა, საფიქრალი კი ძალიან ბევრი ჰქონდა, სალემში მიმდინარე ზებუნებრივ ომს კიდევ ერთი მოთამაშე შეემატა, რომელზეც დამატებით მოუწევდა ნერვიულობა და ზრუნვა, ბოლოს და ბოლოს ის ხომ მისი საკუთარი ძმა იყო, მართალია გულნატკენი, გაბრაზებული, მაგრამ მაინც ძმა, მისი სისხლი და ხორცი, დრო განკურნავდა იარებს, დრო ზოგადი ცნება იყო ვამპირებისთვის, ორასი წელი უკვე გავიდა, კიდევ ორასი და ამონს შეიძლება ეპატიებინა მისთვის...
     ლუციუსმა ამოიოხრა და კვლავ სიგარეტს მოუკიდა.
     - რა ხდება, ლუციუს? - მია გონზე მოსულიყო, დაცემისას ნატკენ შუბლზე ხელი მიედო და კარს მიყრდნობოდა.
     - კარგად ხარ? - არ მოუხედია, ისე შეუბრუნა კითხვა ქერა უკვდავმა.
     - ახლა უკვე კარგად ვარ, - მიუგო გოგონამ, - ვინ იყო ის?.. ანუ მე ვგულისხმობ შენს ორეულს.
     - ის ჩემი ძმაა, - მარტივად გასცა პასუხი ლუციუსმა.
     მიამ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და მის წინ შეჩერდა.
     - ის არასდროს გიხსენებია.
     - არ მეგონა, ცოცხალი თუ იყო, ვამპირების ცხოვრება იმდენი მოულოდნელობითაა აღსავსე, რომ შეიძლება ჩვენი სიცოცხლე რამდენიმე საუკუნე გაგრძელდეს, ან რამდენიმე წუთს.
     - გასაგებია... და მისი გამოჩენა ჩვენთვის კარგია თუ ცუდი?
     - ჯერ არ ვიცი, - ფიქრიანად გააქნია თავი ლუციუსმა, - ის განსაკუთრებულია, მისი მსგავსი არავინ მინახავს, ის ჯადოქარია ვამპირის სხეულში.
     - ამას მივხვდი, - თავი დაუქნია გოგონამ, - მე ყავის დალევას ვაპირებ, შემიძლია..
     - დიდი სიამოვნებით, - არ დაასრულებინა უკვდავმა, წამოდგა და უკან მიჰყვა ოთახისკენ მიმავალ მიას..

*****

     - გამარჯობა მამა, - კეი კოლეჯის საერთო საცხოვრებლის მეორე სართულის დერეფანს მიჰყვებოდა, იღლიაში წიგნები ამოედო, - ვიცი, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში არ უნდა გირეკავდე, მაგრამ მინდა გითხრა, რომ... - კეი შეყოვნდა, იცოდა, მამამისს, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ყოფილ სერჟანტს სძულდა ყოველგვარი სენტიმენტალობის გამოვლენა, - მოკლედ, არაფერი, თავს გაუფრთხილდი, - მან მობილური გათიშა, ჯიბეში ჩაიცურა, დერეფნის ბოლოში მარცხნივ მოუხვია და დააპირა გასაღები საკეტში მოეთავსებინა, რომ შეამჩნია, კარი ოდნავ შეღებული იყო. კეიმ ფრთხილად მიმოიხედა, ოდნავ მიაწვა კარს და ოთახში შეიხედა, შემდეგ სინათლის ჩამრთველი გადაატრიალა და გაკვირვებული მიაშტერდა საწოლზე მჯდარ ჟღალთმიან მომხიბლველ გოგონას.
     - შემოდი, - მხიარულად გაუღიმა ჯესიკამ.
     მაგრამ კეი არ ჩქარობდა შესვლას, მან ოთახი ყურადღებით მოათვალიერა.
     - ჩემს გარდა აქ არავინაა, - შუბლი შეკრა გოგონამ, - ასე რატომ იქცევი, კეი, აღარ ვართ მეგობრები?
     კეი ოთახში შევიდა, კარი დახურა და კედელს მიეყრდნო.
     - მეგობრები? თუ არ ვცდები, მეგობრები მეგობრებს უსიამოვნებებში არ ხვევენ, - მან ოთახი გადაკვეთა, სამზარეულოში შევიდა და მაცივრის კარი გამოაღო, - დალევ რამეს?
     - რას შემომთავაზებ? - ეშმაკურად ჰკითხა გოგონამ.
     - შემიძლია შემოგთავაზო კოკა-კოლა, ლუდი ან წყალი.
     - კოკა-კოლა, თუ შეიძლება.
     კეიმ კოკა-კოლის ქილა გახსნა, გოგონას მიაწოდა, თვითონ "ჰეინეკენი" მოიმარჯვა და კომპიუტერის მაგიდასთან მდგარ სავარძელში ჩაეშვა, თვალს არ აშორებდა ჯესიკას.
     - ჯეს, რა გინდა?
     - ასე რატომ მელაპარაკები? - მოიწყინა გოგონამ.
     - იმიტომ, რომ შენ ჩვენ გვიღალატე, - ამ საღამოს კეი არ აპირებდა მის დანდობას.
     - რა უნდა მექნა, მამაჩემისთვის მეღალატა?
     კეის არაფერი უპასუხია, ლუდი მოსვა, გოგონა აშკარად მართალი იყო.
     - მითხარი რისთვის მოხვედი, - თქვა ბოლოს.
     - თქვენს გასაფრთხილებლად, - მიუგო ჯესიკამ და ბიჭის გაოცებული სახის დანახვაზე გაეღიმა.
     კეი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, შემდეგ მოტრიალდა.
     - რას გულისხმობ?
     - მომისმინე, - ჯესიკამ გვერდზე გადადო კოკა-კოლის ქილა და სახე დაუსერიოზულდა,- მამაჩემი რაღაცას ხლართავს, რაღაცას აპირებს მიას და მისი მეგობრების წინააღმდეგ, მას ვერ გავამტყუნებ, ვამპირებმა ბეტა მგელკაცი მოკლეს და მამაჩემი შურისძიებას აპირებს, - მან პაუზა გააკეთა, - ის მიას მოტაცებას აპირებს.
     ამ სიტყვებმა სასურველი ეფექტი მოახდინა, კეის ლუდი ყელში გადასცდა, ძლივს მოიბრუნა სული და აცრემლებული თვალები ხელისგულით მოიწმინდა.
     - ამას რატომ მეუბნები? ანუ რატომ ცდილობ მათ დახმარებას?
     - არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ჯესიკამ, - ვხვდები, რომ შორს შევტოპე.. - ის წამოდგა და კეისთან მივიდა, თბილი ხელისგული ლოყაზე მიადო და თვალებში ჩააცქერდა, - მენატრება ის დრო, მინდა რომ ჩვეულებრივი ადამიანივით ვიცხოვრო..
     კეიმ ფრთხილად მოიშორა მისი ხელი.
     - ეს შეუძლებელია, ჯეს.
     - ვიცი, - თვალები ცრემლით აევსო გოგონას, ამოიოხრა და კარს მიაშურა.
     - მადლობა, გადავცემ მიას, - დაადევნა კეიმ.
     გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი, კარი გამოაღო და გასვლა დააპირა, მაგრამ უეცრად დაიხრიალა, სხეული აუკანკალდა და უკან, ნელი სვლით შემოვიდა ოთახში, კეის შიშისგან თმა ყალყზე დაუდგა.
     ჯესიკას წინ შავგვრემანი უკვდავი იდგა, მარჯვენა ხელი გოგონას მკერდში ჩაემალა, მისი ფოლადისმაგვარი თითები გარს შემოსჭდომოდა მაქციის გულს. პირიდან საზარელი ეშვები მოუჩანდა, ლოყებზე დაბერილ სისხლძარღვებში ალისფერი სითხე უწყვეტად გადაადგილდებოდა თვალების მიმართულებით და მას საშინელ ელფერს აძლევდა, კოვაქსი მრისხანედ იღრინებოდა და მუქარით მისჩერებოდა ხან ჯესიკას, ხან კეის.
      - ჯანდაბა... - როგორც იქნა ხმა ამოიღო კეიმ, ლუდის ქილა ხელიდან გაუვარდა და კედელს აეკრა. უარეს მდგომარეობაში იყო გოგონა, ის ორივე ხელით უღონოდ ეჭიდებოდა პირველყოფილის მარჯვენას, პირიდან სისხლს ანთხევდა და უფრო და უფრო სუსტდებოდა.
     - მეც მიხარია თქვენი ნახვა, ბავშვებო, - ბოროტად გამოსცრა კოვაქსმა.
     - არ მოკლა, გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ, - შეეხვეწა კეი.
     - რატომაც არა, - გამოეპასუხა შავგვრემანი დემონი, - მაგრამ ჯერ რამდენიმე შეკითხვაზე უნდა გამცეს პასუხი, - მან ჯესიკას შეხედა.
     - გაუშვი ის, - დაიხრიალა გოგონამ, - ის უდანაშაულოა..
     კოვაქსმა ბოროტად ჩაიცინა, ერთხნას კეის აკვირდებოდა, შემდეგ კარისკენ გააქნია თავი.
     - წადი, სანამ გადამიფიქრებია, - შემდეგ კვლავ ჯესიკას მიუბრუნდა, - მე და შენ კი ერთი პატარა საქმე უნდა მოვაგვაროთ, პატარა მგელო..

*****

     ლუციუსი დივანზე ჩამოჯდა და თვალს ადევნებდა, როგორ ამზადებდა გოგონა ყავას. ბევრჯერ უფიქრია, ვამპირი რომ არ ყოფილიყო, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, ალბათ რომის რომელიმე მდიდარი მოქალაქის ქალიშვილს შეირთავდა, ის ხომ ყველასთვის სასურველი სასიძო იყო, ვის არ მოეწონებოდა და ვის არ ენდომებოდა მაღალი, სიმპათიური, ქერათმიანი, მდიდარი და რაც ყველაზე მთავარია-რომის პაპის პირადი დაცვის უფროსი, გამოჩენილი მხედართმთავარი და უბადლო მეომარი. შეირთავდა რომელიმე მდიდარ ქალიშვილს, ეყოლებოდათ შვილები და იცხოვრებდნენ ბედნიერად მანამ, სანამ სიკვდილი არ დააშორებდათ.
     ლუციუსმა ჩაიცინა. ერთადერთი, რასაც ნატრობდა და რაც მის საკუთარ ცხოვრებაში მიუღწეველ ოცნებად დარჩა-ოჯახი იყო, ცოლ-შვილი, მაგრამ იცოდა, რომ მის ოცნებას ასრულება არ ეწერა, ვამპირებს გამრავლება არ შეეძლოთ.
     მიამ ჭიქებით ყავა მოიტანა, ლუციუსი წამოდგა და ჩამოართვა.
     - გმადლობ.
     გოგონამ თავი დაუქნია, ის ნაწილობრივ ბედნიერი იყო, იმიტომ რომ ლუციუსმა არ მიატოვა, ყველაზე კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა და სიკვდილისგან იხსნა, როგორც ნამდვილი მეგობარი, ისე მოიქცა, ამისთვის კი გასამრჯელოს არ ითხოვდა, ეს უბრალოდ მის ხასიათში, მის შინაგან ვამპირულ ბუნებაში იჯდა.
     გოგონა მის პირდაპირ ჩამოჯდა.
     - ლუციუს, ჩემი მაშინდელი საქციელის გამო ძალიან ვწუხვარ, მაპატიე რომ...
     - არ არის საჭირო, - გაიღიმა ლუციუსმა, ორი თითით აიღო ფინჯანი, ცხელი სითხე მოსვა და ლამბაქზე დადგა, შემდეგ ხელსახოცით შეიმშრალა ტუჩები.
     - მაცადე, - თითი ასწია გოგონამ, - ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი, არ მინდა, რომ შენც მიმატოვო, ლუციუს, - მიას ხმა აუკანკალდა, - გავბედავ და ვიტყვი, რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, ყველამ მიმატოვა, ყველამ.. შენს გარდა, არ წახვიდე, ვიცი, რომ ჩემი გამოხდომების ატანა რთულია, მაგრამ იქნებ შეეცადო, მე ხომ ადამიანი ვარ..
     - ეს ბუნებრივია, - ჩაიცინა ქერა უკვდავმა, - ადამიანებს პრეტენზიები უჩნდებათ, პრეტენზიები უქრებათ, მათ სტკივათ, გრძნობენ, ისინი ტირიან, მათი გული გააჩნიათ... ბედნიერი ხარ, ადამიანი რომ ხართ, მის ჯეკსონ.
     - ანუ ისევ მეგობრები ვართ? - თვალები გაუნათდა გოგონას.
     - რა თქმა უნდა, - გაეღიმა ლუციუსს და ყავის ფინჯანზე მიუთითა, - ყავამ გადაგარჩინა.
     მიამ ხმამაღლა გაიცინა და ამ დროს სიცილი კარზე ატეხილმა ბრაგუნმა შეაწყვეტინა. გოგონამ შიშით გახედა ლუციუსს, რომელიც წამის მეასედში უკვე კართან იდგა და ჰაერს ყნოსავდა.
     - ადამიანია, - თქვა ბოლოს, კარი გამოაღო, კართან მდგარს ყელში სწვდა და ელვის სისწრაფით შემოათრია ოთახში, კედელზე გააკრა და სახეში მკაცრი მზერა მიაბჯინა.
     - მია... - დაიძახა კეიმ და შიშით გაუსწორა თვალი ქერა უკვდავის ცივ გამოხედვას.
     - ნახეთ ვინ გვესტუმრა, - ირონიულად თქვა ლუციუსმა და ღიმილით შეათვალიერა ბიჭის შეშინებული სახე.
     - ლუციუს, გაუშვი, - შუბლი შეკრა გოგონამ.
     ქერა უკვდავმა ამოიოხრა და განზე გადგა, მაგრამ კეის მრისხანედ გადახედა.
     - იცოდე თვალს გადევნებ, - უთხრა პირქუშად, - არ მიუახლოვდე, შეგიძლია აქედან ელაპარაკო.
     კეიმ აჩეჩილი საყელო გაისწორა და ვამპირს გაგულისებული მზერით გადახედა.
     - რა ეჭვიანი მამიკოსავით იქცევი, ამ ქალაქში მხოლოდ თქვენ ქმნით პრობლემას და არა ჩვენ..
     - რას გულისხმობ? - ჩაეძია ლუციუსი.
     - კოვაქსი თავს დაგვესხა, - სწრაფად თქვა კეიმ და კედელს მიეყრდნო.
     ამ სიტყვებს განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. ლუციუსი ელვის სისწრაფით აეფარა გოგონას წინ და გაველურებული მზერით მოათვალიერა სახლი, დაიძაგრა, თვალები ჩაუსისხლიანდა. მიას გაოცებისგან და შიშისგან თვალები გაუფართოვდა, მეხსიერების დაკარგვის შემდეგ კოვაქსისგან ხომ ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
     - სად არის, რა მოხდა? - იკითხა ლუციუსმა.
     - კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, - მიუგო კეიმ, - ჩემთან ჯესიკა იყო მოსული..
     - მაქცია? - გაიკვირვა ლუციუსმა.
     - ჰო, - მიუგო კეიმ, - გასაფრთხილებლად მოვიდა, - მან ლუციუსის ფართო ზურგს ამოფარებულ მიას გახედა, - ბოგდანი მიას მოტაცებას აპირებს..
     - რა? - გაშრა მია, რასაც ქერა უკვდავის მუქარაშერეული ღრენა დაერთო.
     - მის ჯეკსონ, - თქვა მან, - ახლა მაინც აღიარეთ, რომ შეცდომა დაუშვით, როდესაც მისი მოკვლა არ დამანებეთ.
     - მერე? - ლუციუსის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მიას.
     - ის შენს მოტაცებას გეგმავს, - გაიმეორა კეიმ, - ეს ჯესმა მითხრა, შემდეგ წასვლა დააპირა და ამ დროს არსაიდან გაჩნდა ის, თითქოს ციდან ჩამოვარდა... მას ჯესიკა ყავს და მერწმუნეთ, არც ისე დიდი დრო დარჩა, - კეიმ ლუციუსს შეხედა მუდარის გამომხატველი სახით.
     - ჩემგან რას ითხოვ? - მკაცრად თქვა ლუციუსმა და მიას მოშორდა, როდესაც დარწმუნდა, რომ გოგონას საშიშროება არ ემუქრებოდა, თუმცა მაინც მიას და კეის შორის იდგა.
     - გადაარჩინე ის..
     - რაო? - ლუციუსის ხმას რისხვა შეეპარა და ნელა დაიძრა კეისკენ, - ბიჭუნა, შენ მთხოვ, რომ ჩემი მტერი გადავარჩინო, სიკვდილს ვიხსნა, ერთი მიზეზი მაინც მითხარი, ეს რატომ უნდა გავაკეთო?
     - ეს ჩემთვის გააკეთე, - უკნიდან გაისმა მიას შემკრთალი ხმა, - გთხოვ ლუციუს, მისი ბრალი არაა ის რომ მაქციაა.. იხსენი კოვაქსისგან.
     ლუციუსი ერთხანს გაშმაგებული სახით შეჰყურებდა გოგონას, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა.
     - კარგი, - თქვა ბოლოს და კეის გახედა, - შეძლებ რომ სანამ მე აქ არ ვიქნები..
     - პრობლემა არ არის, - თავი დაუქნია კეიმ.
     ლუციუსი წამის მეასედში გაჩნდა მის წინ და რენტგენისებურად გამსჭვალავი თვალებით ჩახედა სულში.
     - გაფრთხილებ, - მისი ხმა ავისმომასწავებლად ჟღერდა, - მას რომ რამე დაუშავდეს, ყველაზე საშინელი სიკვდილით მოგკლავ მათ შორის, ვინც კი ოდესმე მომიკლავს, გასაგებია?
     ის ბიჭის პასუხს არ დალოდებია, მოჩვენებასავით გაუჩინარდა გამოღებულ კარში.
     მია ერთხანს კარს გაჰყურებდა, შემდეგ კეის მიუბრუნდა ღიმილით.
     - აბა, რა გავაკეთოთ, სანამ ჩემი მცველი დაბრუნდება?
     - შეგვიძლია ურთიერთობების აღდგენა ვცადოთ, - თავი ჩაღუნა კეიმ, - ვწუხვარ, მაპატიე, რომ შენგან შორს ვიჭერდი თავს..

*****

     კოვაქსს მტკიცედ ეჭირა მაქციის მორღვეული სხეული და როგორც ობობა ბუზს, ისე უყურებდა თავის მსხვერპლს.
     - მის ო'ნილ, - მისი ხმა ბოროტად ჟღერდა, - აბა, რას გეგმავს მამაშენი? მოდი ერთი პატარა თამაში ვითამაშოთ, მე კითხვებს დაგისმევ და შენ კი ან არა მიპასუხე, შევთანხმდით?
     ჯესიკამ ხმის ამოღება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, მხოლოდ სისხლი ამოანთხია პირიდან და სუსტად დაუქნია თავი.
     - მაგრამ მოიცა, - შავგვრემან პირველყოფილს თვალებში დამცინავი სხივი აუკიაფდა, - სხვა რამ მოვიფიქრე, - მან ჯესიკას ჯიბიდან მობილური ამოართვა და ნომრების ჩამონათვალში ასო "F"-ზე შეჩერდა, - რა საყვარლობაა, - დამცინავად შეხედა ქალ-მაქციას, - მამიკო, ასე გიწერია, - ის CALL სენსორს დააწვა.
     რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მობილურში ალფა მაქციის შეშფოთებული ხმა გაისმა.
     - ჯეს, სად ხარ?
     - ვწუხვარ, ის ამჟამად მიუწვდომელია, ბოგდან, - დაცინვით უპასუხა კოვაქსმა, - იმედია ჩემთან საუბრის წინააღმდეგი არ იქნები.
     - ღმერთო, - აღმოხდა ბოგდანს, - კოვაქს... არაფერი დაუშავო მას.. ჯანდაბა..
     - პატივისცემა დამანახე, - დაიღრინა კოვაქსმა, - მეტი მოტივაციისთვის გეტყვი, რომ ამწამს შენი ქალიშვილის გული ხელში მიჭირავს და ნებისმიერ მომენტში შემიძლია ამოვგლიჯო.
     - ღმერთო, - გაიმეორა ბოგდანმა, - რა გინდა, მითხარი, ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ, ოღონდ ჩემს შვილს არაფერი დაუშავო..
     - ყველაფერს? - შემპარავი ხმით ჰკითხა კოვაქსმა, - რამდენიმე შეკითხვა მაქვს, პირველი: სად არის კონორი?
     ამ კითხვას რამდენიმეწამიანი დუმილი მოჰყვა ალფა მაქციის მხრიდან.
     - ბოლოს ტაკომადან დამირეკა.. მეტი არაფერი ვიცი, გეფიცები.
     - ტაკომადან? - ჩაფიქრდა კოვაქსი, - ნეტავ რას უნდა აკეთებდეს იქ?
     - არ ვიცი, არ ვიცი, - სწრაფად მიუგო ბოგდანმა, - გთხოვ, გაუშვი ჩემი შვილი..
     - კარგი, კითხვა მეორე: შენ ან საიდუმლო საბჭოს გაქვთ თუ არა ვერცხლის ფიჭვის სარი?
     - არა, მე არ მაქვს, მათ არ ვიცი აქვთ თუ არა.
     - კითხვა მესამე: ვინ არის ჰეიტემ ვესტმორლენდი?
     - არ ვიცი, - წამიერი დუმილის შემდეგ გაისმა ბოგდანის ხმა, - პირველად მესმის.
     - კარგი.. და ბოლო კითხვა: შეიძლება თუ არა პირველყოფილის ნდობა?
     ბოგდანს სიცივემ დაუარა სხეულში, გახევდა.
     - არ ვიცი... - თქვა ბოლოს.
     - სიმართლე, - ჩაისისინა შავგვრემანმა უკვდავმა.
     - არა.. - ეს სიტყვები საბედისწეროდ მოსწყდა ბოგდანის ბაგეებს.
     - მართალია, გმადლობ ბოგდან, შენი შვილის სხეული კოლეჯის საერთო საცხოვრებელში დაგხვდება, უპირველეს ყოვლისა, მორგს დაუკავშირდი, - კოვაქსს ყურადღება არ მიუქცევია ალფა მაქციის საწყალობელი ყვირილისთვის, ტელეფონი გათიშა და დაუდევრად მოისროლა გვერდზე.
     ის ბოროტი მზერით მიაშტერდა ქალ-მაქციას, რომელსაც პირიდან აქაფებული სისხლი სდიოდა და მკერდზე ეღვრებოდა.
     - შეწყალება მთხოვე და იცოცხლებ, - ბოროტად გაიღიმა.
     მაქციამ თვალები დაახამხამა, სისხლი გაჭირვებით გადმოაფურთხა და უტეხი მზერით შეაცქერდა დემონს წყვდიადივით შავ თვალებში, ტუჩები ააცმაცუნა.
     - რა თქვი? - კოვაქსმა ყური ახლოს მიუტანა ტუჩებთან.
     - წადი შენი... - მხოლოდ ეს ორი სიტყვა მოსწყდა გოგონა-მაქციის სისხლით შეღებილ ტუჩებს.
     - სხვა რამეს არც ველოდი, - ჩაიცინა კოვაქსმა, სწრაფი მოძრაობით ამოგლიჯა გული მკერდიდან, შემდეგ მარცხენა მოიქნია და ჯესიკას უთავო სხეული იატაკზე დაეცა...

*****

     ლუციუსი ჩქარობდა, რამდენიმე წუთში გაჩნდა საერთო საცხოვრებელში, სწრაფად მოძებნა კეი კრამერის ოთახი და კარი შეაღო, სისხლის სუნი ეცა, ეს ძალიან ცუდად ენიშნა. ჩამრთველი გადაატრიალა და საშინელი სურათი წარმოუდგა თვალწინ.
     იატაკზე სისხლის გუბეში გაშეშებული იწვა გოგონას სხეული, მისი ლამაზი, სისხლით მოსვრილი თავი კი მაგიდაზე იწონებდა თავს და გაყინული, ჩამქრალი თვალებით ლუციუსს მიშტერებოდა, გვერდით,  ლითონის განიერ ლარნაკში სისხლშემხმარი გული იდო...
     - ჯანდაბა, - ტუჩი მოიკვნიტა ქერა უკვდავმა და მობილური მოიმარჯვა..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი goddess

ოჰოუ იმედია კოვაქს მეხსიერება დაუბრუნდება თორე აქ კარგი არაფერი დატრიალდება laughing დღეს ნამდვილად არ ველოდი ახალ თავს და ძალიან გამახარე heart_eyes იმედია შემდეგიც მალე იქნება

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

goddess
ოჰოუ იმედია კოვაქს მეხსიერება დაუბრუნდება თორე აქ კარგი არაფერი დატრიალდება laughing დღეს ნამდვილად არ ველოდი ახალ თავს და ძალიან გამახარე heart_eyes იმედია შემდეგიც მალე იქნება


დიახ, დროა ცოტა დაიძაბოს სიტუაცია, აქაურობას აშკარად დააკლდა სისხლი:D მომდევნო თავი შექმნის პროცესშია და სავარაუდოდ ხვალ დავდებ ან ზეგ.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3  offline წევრი უცნაური მე

მოკლედ კოვაქსი შეცდომას შეცდომაზე უშვებს.. ძველი კოვაქსი მომენატრა, რაღაც დოზით მაინც დააბრუნე ის კოვაქსი, მე რომ ასე მიყვარდა.
რატომღაც მგონია რომ კეი მიას ვერ დაიცავს..
კოვაქსს რაში სჭირდება ვერცხლის ფიჭვის სარი? გაბრიელი უნდა მოკლას?
ლუციუსი როგორ შემეცოდა.. ისე, რატომ არ შეუძლიათ გამავლება? :)
ანუ ამონი ჯადოქარია ვამპირის სხეულში? საინტერესოოა..
მოკლედ გაგრძელებას ველოდები, მალე შემოგვთავაზე.

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
მოკლედ კოვაქსი შეცდომას შეცდომაზე უშვებს.. ძველი კოვაქსი მომენატრა, რაღაც დოზით მაინც დააბრუნე ის კოვაქსი, მე რომ ასე მიყვარდა.
რატომღაც მგონია რომ კეი მიას ვერ დაიცავს..
კოვაქსს რაში სჭირდება ვერცხლის ფიჭვის სარი? გაბრიელი უნდა მოკლას?
ლუციუსი როგორ შემეცოდა.. ისე, რატომ არ შეუძლიათ გამავლება? :)
ანუ ამონი ჯადოქარია ვამპირის სხეულში? საინტერესოოა..
მოკლედ გაგრძელებას ველოდები, მალე შემოგვთავაზე.


შეცდომებს? რავიცი, ის ხომ ვამპირია. კი, ჯადოქარი ვამპირის სხეულში:) აქედანვე მიეჩვიეთ რომ თქვენი ბევრი საყვარელი პერსონაჟი ისტორიის დასასრულს ვერ მიაღწევს ცოცხალი;) მადლობა შენ კომენტარისთვის:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.