შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა არსებობისთვის (თავი 1)


20-11-2018, 21:45
ავტორი P.A.
ნანახია 1 461

გზა არსებობისთვის (თავი 1)

–ლაზარე, რას ქვია ცოლი მოგყავს? – იმხელა ხმაზე ისმის ლილის ყვირილი, მთელი სახლი მისაღებში იკრიბება. დედის შეშფოთებულ სახეს მამაკაცების გაკვირვება ერთვის და იმდენი ემოცია ირევა ერთმანეთში, ლაზარეს, ოჯახის წევრების შემხედვარეს, პატარა, ანცი ბიჭივით უბრწყინავს თვალები.
–რას გადაირიე, დედა, შენ არ მითხარი შვილიშვილებს მინდა მოვესწროო? ხოდა, ვიჩქარებ, შენი ხათრით, გპირდები! – უღიმის, უახლოვდება და ორივე ხელს ლოყებზე კიდებს, გემრიელი კოცნით უსველებს სახეს.
–წესიერად თქვი ბიჭო, რა ცოლი, რის ცოლი! – ახლა დემეტრე უახლოვდება და წარბშეკრული შეჰყურებს უმცროს ვაჟიშვილს.
–ჰო, ცოლი მომყავს! რატომ გადაირიეთ? სულ არ გიხარიათ? – უკვირს და ხასიათი უფუჭდება. მერე ძმისკენ ბრუნდება, მის ღიმილიან სახეს ამჩნევს და თვითონაც ფართოდ იღიმის.
–ლევან, შენ ხომ მაინც გიხარია, ჰა? – ეკითხება და სავარძელში ჯდება. მოწყვეტით და თან მძიმედ, თითქოს მთელი დღის დაღლილ ტანს ასვენებსო. სულ ასე იცის, ყველაფრის მძიმედ კეთება..
–ვინ არის ასეთი იღბლიანი, თქვი აბა! – მის წინ, მაგიდას ეყრდნობა ლევანი და მამას ანიშნებს, დააცადე ლაპარაკიო.
–ანა, ჩემი ანიკო წერეთელი!
–მე რომ არ ვიცოდი შეყვარებული თუ გყავდა დედა? – ხმამაღლა იცხადებს ჯერ ისევ აღელვებული ლილი და ხელებს იტყაპუნებს სახეზე.
–არ არის დედა შეყვარებული, – სახეზე ეტყობა, უკვე მობეზრდა დედის დამშვიდება.
–აბა? აბა, რანაირად მოგყავს ცოლად? – უფერულდება და რომ არ წაიქცეს, ქმრის მკლავებს ეყრდნობა.
–მინდა და მომყავს!
ისევ ფეხზე დგება და ოთახიდან გადის. ზურგსუკან დედის შეძახილები ესმის და მალე გულწასულის მობრუნება უწევს დემეტრეს. ლევანი კი რწმუნდება თუ არა, რომ დედა კარგადაა, მაშინვე ძმის ოთახისკენ მიიწევს
–ლაზარე, ბიჭო! – იწყებს კარის შეხსნისთანავე და ისე, რომ მის გადატრიალებულ თვალებს ყურადღებას არ აქცევს, საწოლთან უჯდება
–რა, ლევან?
–მომიყევი წესიერად, რას დააგდებ ხოლმე ასე ორ სიტყვას და გადიხარ ოთახიდან, რა კაცი ხარ შენ!
–ნუ უფროსობ, ლევან, რა – ხელს უქნევს და თავქვეშ ბალიშს ისწორებს
–უფროსი ვარ, კი არ ვუფროსობ. ახლა კიდევ, ამიხსენი წესიერად, რას ქვია გოგო მოგყავს ცოლად. იცის მაინც?
–არ იცის!
–მერე? დაავლებ ხელს და ასე მოიყვან?
–ჰო, არ მომწონხარო, არ შემიყვარდებიო და ვნახავთ თუ არ შევუყვარდები. ისე შევუყვარდები, როგორც დაგიბარებია!
–ჯიბრზე მოგყავს ბიჭო ცოლი? – ეცინება ლევანს, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის სიმძიმეს იაზრებს
–ჯიბრი რა შუაშია, ლევან, მიყვარს! – წარბებს კრავს ლაზარე
–როდის შეგიყვარდა კიმარა!
–ჭიშკარზე რომ გადმოღოღდა, იმ დღეს!
–რა ჭიშკარი? რა გადმოღოღდა? – ხელებს შლის გაკვირვებული ლევანი
–ოო, დამანებე თავი, თუ ძმა ხარ! – გვერდს იცვლის ლაზარე. იცის, ახლა ლევანთან ლაპარაკს რომ შეყვეს, ძმის აზრები რომ მოეხვეს თავზე, აუცილებლად იჩხუბებენ
–არ მოიტაცო გოგო იცოდე! – ესმის ლევანის მკაცრი ხმა
–გამომყოლოდა და არ მოვიტაცებდი! – ფეხზე ხტება უცებ ლაზარე და კუშტი სახით შეჰყურებს ძმას
–რა დროს შენი ცოლია, ბიჭო, ოცი წელიც არ შეგსრულებია!
–მერე რა, რაებს მიგონებ, მაინც არ გადავიფიქრებ. ეგ გოგო ჩემი ცოლი იქნება, აი ნახავთ!
–იცნობ მაინც ბიჭო წესიერად? აქაურია?
–თბილისელი, აქ ჩამოდიან ხოლმე, გურიაში, ჩვენსავით, ზაფხულობით. ბებია–ბაბუასთანაა ჩამოსული, წელს გავიცანი, – ჩამოურაკრაკა უცებ
–მერე, ასე უცებ ჩაგივარდა გულში?
–ჰო, ასე უცებ
–რომ არ შეუყვარდე, მერე?
–რაო? – თითქოს ახლაღა გაიაზრაო
–ჰო, რომ არ შეუყვარდე, უკან რომ წაიყვანონ
–შევუყვარდები! მე არ ვიყო ლაზარე ჟღენტი, თუ არ შევუყვარდე!
–რამხელაა ეგ შენი ანიკო?
–მეთვრამეტე წელშია უკვე!
–უკვეო? მთლად ბავშვი ყოფილა, იცოდე მოდი გონს, ლაზარე!
–მეძინება ახლა, გადი, ლევან.. მიდი, მიდი, გადი – გადაბრუნდა, ზურგი აქცია და ძმის გოდებაზე ღიმილიც შეეპარა სახეზე
–დაანებე მაგ გოგოს თავი, ლაზარე! – გასვლისას კიდევ ერთხელ დაუბარა ლევანმა
–არ დავანებებ! – ჩაიბურტყუნა უკვე მარტო მყოფმა.
არც დაანება. მეორე დღეს, გოგლიკოსთან და დაჩისთან ერთად მიადგა სოფლის გოგონებს, გარეთ გამოატყუებინა ღიმილიანი ანა და სულ სიცილ–კისკისით ჩასვა მანქანაში. იმდენი მოახერხეს, გოგონები წყაროსთან ჩამოსვეს და ხელიც ბედნიერად დაუქნიეს. თვითონ, ლაზარე და გოგლიკო კი აქეთ–იქიდან მოუსხდნენ უკანა სავარძელზე თვალებდაჭყეტილ ანას და დაჩის მხარზე დაკვრით ანიშნეს, რომ დრო იყო, თბილისისკენ აეღო გეზი.
–რა ხდება? ლაზარე, რა ხდება? – ისე ჩაფრენოდა მკლავებზე ანას თითები, მიხვდა, აუცილებლად ერთი ამბავი ატყდებოდა
–მოგიტაცე, ანიკო, ჩემი ცოლი იქნები. გახსოვს რომ გითხარი, აუცილებლად მოგიტაცებმეთქი? კი არ მომიტყუებიხარ, არასდროს მოგატყუებ, გპირდები! –მშვიდი ხმით უხსნიდა ლაზარე და ის იყო, ხელის მოხვევას აპირებდა, გოგონას სუსტი ხელები რომ ჩააფრინდა სახეზე
–გააჩერეთ, გააჩერეთ ახლავე მანქანა, არსადაც არ წამოვალ, გააჩერეთ! – ყვიროდა და ფრჩხილებს ისე ასობდა სახეზე ლაზარეს, ამ უკანასკნელს მისი მაჯებით დაჭერა მოუხდა
–გაჩერდი, გოგო! სულ დამკაწრე. რა გაცინებს ბიჭო, მომეხმარე, დამასახიჩრა! – ახლა გოგლიკოს შეუღრინა და ისიც წამსვე გამოფხიზლდა. ორივე ერთად ამშვიდებდა ანას, საჭესთან მჯდომი დაჩიც ისროდა წინიდან შიგადაშიგ სიტყვებს, მაგრამ ანა ისევ ისე გაჰკიოდა. ბოლოს დაიღალა, მაჯებიც ეტკინა და ცრემლიანი სახით, უნებურად მიეყრდნო ლაზარეს მკერდს
–ნუ ტირი რა, გეხვეწები! – დაიჩურჩულა ლაზარემ და თავადაც მოუდუნდა სხეული.
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოდგა მანქანაში. ახალდაწყებული წვიმის უჩინარი წინწკლების ხმაც კი გაიგეს აწეულ ფანჯრებში. ლაზარე დაიხარა, თავზე შეახო ანას ტუჩები და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. უნდოდა, როგორმე მიეხვედრებინა, რომ სულერთი არ იყო რას გრძნობდა, რომ იცოდა, როგორ ატკინა. უნდოდა, ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ეცდებოდა ჩადენილი დანაშაული გამოესწორებინა, მაგრამ ვერაფერი თქვა. ზედმეტად დიდ სიმშვიდეს ნერგავდა მის გულში მანქანაში გამეფებული დუმილი. ის–ის იყო, იფიქრა ჩაეძინაო, ოდნავ რომ შეირხა ანას ტანი, ღრმა ამოსუნთქვა ამოაყოლა ბოლო ცრემლს და განაჩენივით გაისმა სუსტი, ჩავარდნილი ხმა
–მეზიზღები, ლაზარე..
არც კივილს, არც ჩხუბს, არც მის მიერ დასისხლიანებულ სახეს გადაუყვანია ისე ჭკუიდან, როგორც ერთმა უსუსურმა, საყვარელი ქალის ნათქვამმა გულიდან ამოვარდნილმა სიტყვამ შეძლო ეს. იმდენად არეული ემოციები მოაწვა ლაზარეს, რომ ახლა მზად იყო, საკუთარი ხელებით მოეკლა ასეთი მტკივნეული სიტყვის პატრონი. მაგრამ.. მაგრამ გაახსენდა, რომ ეს თავად დაიწყო ზიზღით გაჟღენთილი ურთიერთობის აგება. რა აზრი ჰქონდა ასეთ სიყვარულს. ან, უყვარდა კი? თუ ვერ გამოიცნო, რომ ამას მიიღებდა პასუხად, თუ ამისთვის მზად არ იყო, როგორ შეძლებდა თქმას, რომ უყვარდა? ეს უკვე აღარ იცოდა ლაზარემ. ისევ ისე, გაუნძრევლად მიეკრა ქალის სხეული გულზე, მზერა კი სულ სხვა მიმართულებით, სადღაც შორს გაეშტერებინა. და ასე, ტკივილიანი სახით წაიყვანა სახლში, გამოუცხადა ჩემი ცოლი ხარო და პასუხად მისი სიძულვილით აღსავსე მზერა რომ მიიღო, ფრთხილად გამოუხურა კარი. იმ ღამეს მის კართან მიყრდნობილს გაეტარებინა, ვერ ბედავდა წასვლას. ასე უფრო იოლი იყო, ხშირ–ხშირად მის სუნთქვას ამოწმებდა და ისევ ზურგით აეკვრებოდა კარის ჩარჩოს. გრძელი მოეჩვენა ის ღამე, გრძელი და დამღლელი.. არადა, როგორ ეგონა რომ ოჯახის შექმნა მხოლოდ ბედნიერებასთან იყო დაკავშირებული..

***
მაგიდა ხუთი კაცისთვისაა გაშლილი. სუფრის თავში არავინ ზის, ჯერ არავინ.. ეს მამის ადგილია. მოგვიანებით უერთდება ოჯახს და ერთი მზერით, ერთი გამოხედვით ანაწილებს განწყობას. მერე ისეა, როგორც ეს მზერა ისურვებს.. ყველაფერი ისე ხდება, უთქმელად, შეუთანხმებლად.. მუდამ აქ ზის, რაც თავი ახსოვთ. სულ, სულ აქ ზის მამა. მხრებში გაშლილი, ხან ღიმილით, მაგრამ უფრო ხშირად კუშტი მზერით და თითქმის არ ლაპარაკობენ. არც საუზმის დროს, არც სადილის და არც ვახშმის. მხოლოდ ოჯახის პატარა წევრი თუ ამოიღებს ხმას, და–ძმას წაეკინკლავება ან დედას დამატებით შოკოლადის ბურთულებს სთხოვს კარგი ქცევისა და საჭმლის ბოლომდე გათავებისთვის. ზოგჯერ მამაც იკითხავს ხოლმე შვილების ამბებს, მაგრამ, არა ყოველდღე.. ალბათ, კვირაში ერთხელ. მათ კი, ისეთი გრძნობა აქვთ, თითქოს ყველაფერი უკვე იცის, წინასწარ აქვს ნანახი და გაგონილი. იქნებ ასეცაა, არასდროს ეკითხებიან. მხოლოდ მის კითხვებს პასუხობენ, რაც დრო გადის მით უფრო მოკლედ და კონკრეტულად და ისიც მონოტონურად, ნელა აქნევს თავს, იმის ნიშნად, რომ უსმენს.
–ნუცა, გასწორდი და ისე ჭამე! – ჩვეული გაფრთხილებით მიმართავს შვიდი წლის გოგონას და მაგიდაზე აკაკუნებს თითს. ეს გაფრთხილებაა, რომ წინ იყუროს..
ნუცა სწორდება. მამა რომ ეუბნება, მაშინვე იგებს. სხვებს თუ ეკამათება, მამასთან ამას ვერასდროს ბედავს.
–აღარ მინდა, ავდგები რა! – წუწუნებს ცოტახანში პატარა და დედ–მამას მონაცვლეობით შეჰყურებს
–ჯერ ჭამა დაასრულე, ნუცა.. – მშვიდი ხმით აჩერებს დედა
–აღარ მინდა, მოვრჩი, სულ არ მინდა! – ხელებს ატყაპუნებს მაგიდაზე
–ნუცა, წესიერად! – ისევ ანაა, უკვე ბრაზდება. დაიღალა მისი უჭმელობით
–ადგეს! – ისმის ლაზარეს მჭექარე ხმა და ნუცაც ფეხზე ხტება, ხტუნვა–ხტუნვით მიდის ოთახისკენ.
ნუცას წასვლის წუთიდან ისევ სიჩუმე ისადგურებს მაგიდასთან, მხოლოდ ჩანგლების ოდნავი კაკუნის ხმა ისმის. შორიდან რომ შეხედო, ერთი ჩვეულებრივი ოჯახია. დედა, შველივით მოღერებული ყელითა და კეფასთან დამაგრებული ქერა, ლამაზი თმით. მის გვერდით მოთავსებული თხუთმეტიოდე წლის ტყუპები, გოგო–ბიჭი და ოჯახის უფროსი, მხარბეჭიანი მამაკაცი. ლამაზი ოჯახია, სიძლიერეს ასხივებენ, მაგრამ ადრე.. სულ რამდენიმე წლის წინ სიძლიერესთან ერთად სითბოც იფრქვეოდა მათი სახეებიდან. ახლა კი, ყველაფერი ისეთი შეცვლილია, ტყუპისცალს – ბიჭს, ყელში ებჯინება ბოღმა და კბილებს შორის, უხეშად ცრის
–რატომ მოუნდება აქ ჯდომა, გიჟი ხომ არაა, რატომ უნდა აიტანოს!
ზამბარასავით იჭიმება მისი სიტყვები, ოჯახის ყველა წევრთან აღწევს და სანამ ანა ვაჟიშვილს მავედრებელ მზერას ესვრის, მამის ხმა ეხეთქება კედლებს
–ახსენი, ნიკოლოზ, რა გინდა!
–ნიკოლოზ, გეყოფა! – დედაა, მაჯაზე ეხება შვილს და ოდნავ უჭერს თითებს
–ამოიღე ხმა, რა უნდა აიტანოს. რის ატანაზეა საუბარი? – ღრიალებს ლაზარე და ვაჟიშვილისკენ იხრება
–აი ეს, ეს ვითომ მშვიდი ოჯახი! მეზიზღება ასე, თბილი ოჯახივით, ყოველდღე ერთად საუზმობას რომ გვაძალებ, მეზიზღება ასეთი დღეები! ყოველი დღე მეზიზღება! – სისხლი აწვება თვალებში და იმდენად ეძარღვება ყელი, დის ჩაფრენილ ხელებსაც ვერ გრძნობს მკლავზე
–გაჩერდი, გაჩერდი, ნიკოლოზ! – ეჩურჩულება მაშო ყურთან და მერე, ოდნავ უკან იხევს, რადგან ხედავს, როგორ წამოიმართა მამა სკამიდან
–გაიმეორე, გაიმეორე აბა ეს სიტყვები! – იმდენად დიდი სისასტიკე ისახება მის სახეზე, უნებურად შვილის წინ იმართება ანას სხეული. უნახავს ასეთი ლაზარე, უნახავს და არ დაუშვებს, რომ შვილებმაც ნახონ, არ დაუშვებს მისი ყველა მხარე დაინახონ
–გაიწიე, ანა! გამეცალე! – ცოლს უყურებს თვალებში და მუჭებს კუმავს, რომ არ შეეხოს
–დაანებე ბავშვს თავი!
როდის არის დედა ყველაზე ძლიერი? როცა შვილს ჩაგრავენ? როცა ცუდად არის? როცა რაიმეს განიცდის და მის კალთას ეძებს? არა! დედა მაშინაა ყველაზე ძლიერი, როცა ხედავს, როგორ ინგრევა მისი ოჯახი, როგორ ეკარგებათ მის შვილებს მამის იმედი. მაშინ, როცა საჭირო ხდება, საკუთარ ვაჟიშვილს გადაეფაროს, მამისგან დაიცვას, მისი გამოხედვის, მისი მომუშტული ხელებისგან. ამ დროს არის ქალი ყველაზე ძლიერი და ახლაც, ლაზარე გრძნობდა, რომ მხოლოდ ასეთ ანას ვერ გადააბიჯებდა, მხოლოდ ასეთი ცოლის შემყურე დაიხევდა უკან
–შედი შენს ოთახში და სანამ მე არ ვიტყვი გამოსული არ გნახო! – ცოლის ზურგსუკან მიმართავს თვალებჩასისხლიანებულ ნიკოლოზს და ბრუნდება, ხმაურით გადის სახლიდან. მძიმე კარის ხმაზე სამივე ერთიანად ხტება. ანა საყვედურით შესცქერის ნიკოლოზს, მაშო კი ისე ეკვრის ტყუპი ძმის მხარს, თითქოს მისთვის რამის დაშავებას აპირებდნენ
–გაიგე რა გითხრა მამაშენმა? – მაგიდის ალაგებას იწყებს ანა და ცრემლი უგორდება თვალიდან
–დედა.. – უძლურია ნიკოლოზი. ახლა გრძნობს, რომ სიძლიერე, რომელმაც ფეხზე წამოაგდო, სადღაც გაქრა, გადაიკარგა
–არ მინდა არაფრის გაგება, ნიკოლოზ!
–დედა, გთხოვ.. – სიმძიმე აწვება მხრებს, ვეღარ სწორდება
–შედი ოთახში. მაშო, მოდი, მომეხმარე..
ნიკოლოზი თავს ხრის, დის მკლავებს ნაძალადევი ღიმილით იშორებს და ოთახისკენ ბრუნდება.

***
უკვე ორი დღე იყო გასული, რაც თბილისში ჩამოიყვანა. თავისებს დაუბარა, არც გაბედოთ და არ მომაკითხოთო, ანას მშობლებს კი თავად გააგებინა ახალი ამბავი. საღამოს დაჩიმ დაურეკა, ანას დედას შეტევა ჰქონია, ნერვიულობის ფონზე და საავადმყოფოში დაუწვენიათო. არ აპირებდა ანასთვის თქმას, მაგრამ ოთახში შემოსულმა შემთხვევით გაიგო, ტელეფონზე რომ საუბრობდა ლაზარე და მორიგი ისტერიკის ჯერი დადგა
–შენი ბრალია, შენ გამოა დედაჩემი ცუდად, გამიშვი! ვერ გიტან, გამიშვი! – ყვიროდა ანა და ტირილითა და ღრიალით ისე ძლიერად დაუშვა მუშტები ლაზარეს მკერდს, ბიჭმა ძლივს შეიკავა ადგილზე თავი
–ნუ ყვირი, ანა, კარგად იქნებაო, დამშვიდდი! – მის შეჩერებას ცდილობდა, თუმცა გოგონა უარესად აკივლდა. ვერაფერი რომ ვერ მოახერხა, პირველად.. სულ პირველად მაშინ აუწია ანასთან ხმას
–გაჩერდი! – იმხელაზე დაუღრიალა, ცრემლიანი სახით ადგილზე გაიყინა. რამდენიმე წამი ჩაწითლებული თვალებით უყურა ლაზარეს, მერე კი მის ფეხებთან ჩაიკეცა და თავიდან მორთო ტირილი
–ხომ არ გექცვი ცუდად, ანიკო.. გეხვეწები, ნუ მაიძულებ რა, ასე არაადამიანივით ვიღრიალო. მომხედე.. – მასთან ჩაიკუზა და ხელები მოხვია ათრთოლებულ მხრებზე
–ნუ, ნუ მეხები! – ამოიტირა ანამ და უხეშად მოიშორა
–კარგად იქნება დედაშენი, მოვიდა გონს.. კარგად არისო
–შენი ბრალია, ყველაფერი შენი ბრალია
–წამოდი, ოთახში შეგიყვან, დაწექი, კარგი? – ეცადა წამოეყენებინა, თუმცა ისევ უხეშად მოიშორა ანამ
–დედას ნახვა მინდა, სახლში მინდა, არ მინდა შენთან! – ტიროდა და მუჭებით იწმენდდა ცრემლებს
–შენს სახლში ხარ უკვე, ანიკო! – თვითნაც გაუკვირდა, როგორ შეძლო გაღიმება
–ნუ მეძახი ანიკოს, არ არის ეს ჩემი სახლი! არ ვარ შენი ცოლი! არ ვიქნები! – ტირილს შორის შესვენებებში ძლივს ამოილაპარაკა და ისევ მუშტები შეკრა, ამჯერად სუსტად დაუშინა მის წინ, მუხლებზე მდგარ ლაზარეს
–ჩემი ცოლი ხარ, აბა რა ხარ, ხვალ დილას ხელს მოვაწერთ და ჯვარს დავიწერთ, მერე კახეთში წავალთ, გოგლიკოსთან, რომ შენებმა არ გვიპოვონ
–არა, არ მინდა! გეხვეწები, ლაზარე!
პირველად სთხოვა, პირველად შეხედა თვალებში და ლაზარე გატყდა. უცებ აიტაცა დაუძლურებული სხეული ხელში და საძინებელში შეიყვანა. ფრთხილად მიაწვინა საწოლზე, გადასაფარებელი ამოუკეცა და თავზე მიაკრო ტუჩები
–რამეს გაგიკეთებ, დღეს მაინც უნდა ჭამო, თორემ ცუდად გახდები. თუ შეჭამ, დედასთან დაგარეკინებ, შევთანხმდით? – დაუყვავა და თბილად გაუღიმა
–არ გაქვს უფლება ასე მექცეოდე! – უღონოდ ამოილაპარაკა ანამ და ზურგი აქცია.

***
–დე, არ წავალთ ზღვაზე?
–წავალთ დე, აუცილებლად, ხომ დაგპირდი? არ წაიქცე, ნელა..
–ტყუპები? მაშო და ნიკოლოზი? – ცქმუტავდა ნუცა და შუა ოთახში კაბის ფრიალით ტრიალებდა
–რა ტყუპებიო, რა გინდა მატრაკვეცა? – ოთახში შემოვიდა მაშო და დედის გვერდით მოთავსდა, კალთაში ჩაუდო თავი და ლამაზი თვალებით ახედა
–ზღავე უნდა წავიდეთ! ხომ კარგია, მაშო? – თავბრუ დაეხვა ნუცას და ძირსვე ჩამოჯდა
–დე, მე და ნიკოლოზი ბავშვებთან ერთად წავალთ რა ზეგ და მერე, თქვენ რომ ჩამოხვალთ, შეგხვდებით რა! გთხოვ.. – ყელი გაიწელა მაშომ, პატარა ნუცასავით
–ზეგ მიდიან? ვინ და ვინ?
–საბა, იკაკო, გვანცა და ტასო. ხომ გაგვიშვებთ, დე?
–დაველაპარაკები მამას, – გაუღიმა ანამ და თმაზე გადაუსვა თხელი თითები
–რომ არ გაგვიშვას? – შეშფოთება შეერია მაშოს ხმას
–არ ვიცი, დე, დაველაპარაკები.
დაელაპარაკა.. გვიან მოვიდა იმ ღამესაც ლაზარე, როგორც წინა ორი ღამით. უძინარ, მომლოდინე ცოლს გვერდი აუარა და აბაზანაშიც უხმოდ შევიდა. იქიდან გამოსული პირდაპირ დასაძინებლად დაწვა. სინათლეს აქრობდა ოთახში, საწოლზე წიგნით ხელში მოთავსებულ ცოლს რომ გახედა
–იყოს შუქი?
–არა, ჩააქრე..
–თუ კითხულობ, დავტოვებ
–არ მინდა, – წიგნი დახურა, გვერდით გადადო და საწოლში გასწორდა
–რატომ არ გძინავს? – შუქი ჩააქრო და მის გვერდით დაწვა
–გელოდებოდი
–რატომ? როდიდან მელოდები? – ირონია გაურია ხმაში და ღრმად ამოისუნთქა
–დალაპარაკება მინდოდა..
–საჩქაროა? მეძინება, ანა..
–ბავშვებს უნდათ ზღვაზე წასვლა, მეგობრებთან ერთად, – ფრთხილი ხმით დაიწყო
–რომელ მეგობრებთან ერთად?
–თავიანთ მეგობრებთან ერთად, არავინ უცხო არ იქნება. ყველას ვიცნობ..
–არა..
–ლაზარე..
–არამეთქი, არ არიან ჯერ იმხელები, რომ მარტო წავიდნენ, – ზურგი აქცია და ბალიში გაისწორა თავქვეშ
–ცოდოები არიან, ყველა მათი მეგობარი მიდის
–ანა, როდესმე სხვებით ვინტერესდებოდი? – უცებ წამოიწია და გაღიზიანებით ჩაეკითხა
–სად იყავი?
–რა?
–დღეს, გუშინ.. ასე გვიანობამდე სად იყავი?
–დაიძინე, ანა, დაიძინე..
ანას სისხლი მოაწვა სახეზე. მანაც ზურგი აქცია და წამწამები მიაკრო ერთამენთს. ასეთ დროს გრძნობდა ხოლმე, რომ ოჯახი შეიძლება იმხელა უბედურებად იქცეს, რომ გაქცევა გინდოდეს. იმდენად უცხო გახდეს ადამიანი, რომელსაც შენს გვერდით სძინავს, რომ მისი სახის დანახვაც გაღიზიანებდეს. ასე მთავრდება ისტორიები. ვეღარც შვილები, ვეღარც წარსული, ვეღარც მოგონებები გინარჩუნებენ მხნეობას და ნებდები. ისღა დაგრჩენია, როგორმე თავი შეიმაგრო და არ დაეცე. განსაკუთრებით კი იმის წინაშე, ვინც ცხოვრების ნახევარზე მეტი შენთან ერთად გაატარა. ვინც გადაწყვიტა, რომ შენთან ერთად ოჯახი უნდა შეექმნა
–ანა.. – ჩაესმა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს ხმა
–რა?
–ნიკოლოზი გარეთ ხომ არ გასულა დღეს?
ჩაეცინა. ეგონა, რამე შეიცვალა. ეგონა, შვილები შეეცოდა, მაგრამ არა.. მხოლოდ აინტერესებდა, ვაჟიშვილმა მის სიტყვას ხომ არ გადაუხვია..
–არა, არ გასულა..
–დილას ადრე გავდივარ, ალბათ ვერ ვნახავ, გადაეცი არც ხვალ გავიდეს!

***
დივანზე წოლისგან სულ დაუბუჟდა მხრები. იმ დილასაც, წამოჯდა თუ არა, ზურგის წვა იგრძნო და კისერიც ძლივს გაამოძრავა. ნელა წამოდგა ფეხზე, მხოლოდ შარვლისამარა იყო, სწრაფად გადაიცვა მაისური და ოთახისკენ დაიძრა. ფრთხილად დააკაკუნა, მერე კი სახელურს დაწვდა, მაგრამ ვერ გააღო
–ანა, ანიკო.. რითი ჩაკეტე. გამიღე კარი! – დაეჯაჯგურა და ის იყო, შემტვრევას აპირებდა, ყვირილის ხმა რომ მოესმა
–არ შემოხვიდე, არ მინდა შენი ნახვა, წადი, წადი!
–ანა, კარგი რა.. მოსამზადებელი ხარ, უნდა გავიდეთ. დედაშენთანაც დავრეკოთ. ანა.. – ელაპარაკებოდა, თან სახელურს აწვალებდა. თურმე, სკამი მიუდგამს და ოთახში ნაპოვნი ლაზარეს ქამარიც მოუხვევია ჩასაკეტად. ოროდ წამში უკვე ღია კარში იდგა ლაზარე. ოთახი უცებ მოათვალიერა, მერე კი, მოპირდაპირე მხარეს, საცოდავად, კუთხეში მოკუნტული სხეულისკენ დაიძრა
–კარგად ხარ, ანა?
–წადი!
–ეს რა გიჭირავს? რას აკეთებ? – მისკენ დაიხარა და შენიშნა თუ არა სუფრის დანა, მაშინვე მზერა გაეყინა. უნიჭოდ მალავდა აკანკალებული ანა ზურგსუკან
–წადი, თორემ მოვიკლავ თავს! გეფიცები, მოვიკლავ!
–კარგი რა, ანა, მომეცი ეგ.. – უღონოდ ამოილაპარაკა და მისკენ გაიწია
–წადი! მოვლენ ჩემი მშობლები და ნახავ რაც მოგივა!
ისე ბავშვურად, ისე საცოდავად დაემუქრა, ლაზარეს უნებურად გაეღიმა. უკან დაიხია და მის წინ, ფეხმორთხმით დაჯდა
–მესამე დღეა ჩემს ბინაში ვართ ანა, აქამდეც უნდა მოსულიყვნენ წესით.. – ისევ ღიმილით შეჰყურებდა მის ცრემლიან სახეს
–ალბათ, ალბათ არ იციან სად ვართ.. – ამოილუღლუღა და გაკვირვებით მიაშტერდა ლაზარეს
–ეჰ, ანა, საერთოდ არ ფიქრობ, არა? – ეღიმებოდა მისი შემხევარე
–მოვიკლავ თავს, არ მინდა შენი ცოლობა! – ყელზე მიიბჯინა დანა და ხმით ატირდა.
ლაზარე გაშეშდა. სახე გაუქვავდა, მის დამშვიდებას ეცადა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. პირიქით, უფრო და უფრო იჭერდა ყელზე დანას აკანკალებული ანა
–კარგი, კარგი.. მოდი, ჩაიცვი და წაგიყვან. გპირდები, სახლში წაგიყვან, ანა! – დანებდა ბოლოს და იმდენად მტკივნეულად ამოთქვა სიტყვები, თავადვე ვერ გაუძლო, სახე ჩამალა ხელებში
–მართლა? მატყუებ, არა?
–არასდროს! არასდროს მოგატყუებ! მომიტყუებიხარ? არასდროს, ანა! მომეცი ეს დანა.. მომეცი.. აი, ასე. ადექი. ჩაიცვამ? გავალ ახლა მე და შენ ჩაიცვი. გავემზადები მეც და სახლში წაგიყვან, კარგი? – ელაპარაკებოდა და ძალიან ოდნავ, ძლივს შესამჩნევად ეხებოდა, რომ არ დაეფრთხო
ოთახი ანერვიულებულმა, შინაგანად შერყეულმა დატოვა. უხმოდ, დივანზე ჩამომჯდარი ელოდა ანას გამოჩენას. დაინახა თუ არა ოთახიდან გამოსული, ფეხზე წამოდგა და შემოსასვლელი კარისკენ წავიდა, ფართოდ გამოაღო და დაელოდა, როდის გავიდოდა. მთელი გზა ხმა არ გაუცია, არც კი შეუხედავს. ერთსაათიანი გზა საუკუნედ გაიწელა. მძიმედ გადმოვიდნენ მანქანიდან, ორივე. ანას სიხარულისგან უცემდა გული, ლაზარეს ბრაზისა და შეურაცხყოფისგან. ვერ შეინარჩუნა, ვერ დანიშნა, ვერ უწოდა თავისი ცოლი. მაინც გატყდა, ვერაფრით შეაჩერა..

***
ისედაც ამღვრეულ ხასიათს სასმელიც ემატება და მისი გამოჩენისას სახლში ისეთი დაძაბულობა იგრძნობა, მხოლოდ ლაზარეს კი არა, ერთმანეთსაც გაურბიან. თითქოს ეშინიათ ხმის ამოღების, ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვისა და რაიმეს თქმის. ის კი, თითქოს შარს ეძებსო, განგებ იწყებს ოთახებში სიარულს და შვილებისთვის საყვედურების ჩამორიგებას. რამდენიმე წუთიც და, მათი დუმილისგან უარესად ეშლება ნერვები
–როდესაც ვლაპარაკობ, გამეცით პასუხი! – მოკუმული მუშტი ეხეთქება მაგიდას და ანას ოდნავი წამოყვირება ერთიანად აფხიზლებს ბავშვებს. სამივე ოთახის კუთხეში მიყუჟულა, ტყუპები ერთმანეთის გვერდით, ნუცა კი მათ წინ, სახატავითა და ფანქრებით ხელში. თითქოს არაფერი გაუგიაო, კუშტად დაშტერებია საკუთარ ნახატს და ჯიუტად არ ანებებს თავს ჭრელი ქოლგის გაფერადებას.
–ნიკოლოზ, რა გინდოდა დღეს ნოდართან სახლში? – ისმის ლაზარეს გამყინავი ხმა და მათკენ მიიწევს. ოდნავ ირწევა, ძლივს უჭირავს თავი
–წიგნები მქონდა მისი შვილის, დღეს მთხოვა და დავუბრუნე.. – არც უყურებს, ისე პასუხობს და ფეხზე დგება
–დაჯექი! – ადგილზე ყინავს მამის ხმა. ახლაღა სწევს თავს და იმდენად დაღლილ სახეს ახვედრებს მამას, რომ ანას გული ეფლითება. უღონოდ ჯდება დივანზე და სივრცეს უშტერებს მზერას
–მამა, მთხოვეს დაბრუნება, სხვაგან არსად გავსულვარ..
–მე შენ გითხარი, რომ სახლიდან ფეხი არ გაგედგა! ახლა ასე სცემ არა ჩემ სიტყვას პატივს?
ნიკოლოზს უარესად უცივდება სახე, ღრმად სუნთქვას იწყებს და ის–ისაა უნდა აფეთქდეს, მაშოს თითები რომ ეხვევა მაჯაზე
–მიპასუხე! ამის დედაც, გამეცი პასუხი! – ღრიალებს ისევ ლაზარე და ისე ეკვრება ბინდი სახეზე, ვეღარაფერს ხედავს გარშემო. ვერც მისკენ წამოსულ ცოლს და ვერც შვილების შიშისგან გაფართოებულ თვალებს.
მერე, ფანქრები იფანტება ძირს, ნუცას ნახატი შუაზე იხევა და მაგიდის შუაგულში მდგარი გრაფინი ხმაურით ეხეთქება იატაკს. ფეხები უსველდებათ, ყველას.. თუმცა, მხოლოდ ნუცა გარბის ოთახიდან. მომდევნო რამდენიმეწამიან სიჩუმეს მხოლოდ მისი ტირილი არღვევს და ლაზარე თითქოს ახლაღა ფხიზლდება. გაფითრებულ სახეზე სიცივე გადაკრავს და ცოლს უბრუნდება
–ხვალ დილას გურიაში მივდივართ, მზად იყავით!
ამბობს და მიდის. ის ღამე სახლში არ ბრუნდება, მხოლოდ გამთენიისას ესმის მისი მანქანის ხმა ანას და ფანჯრიდან ცხადად ხედავს, მხრებჩამოშვებულ, სახემოღრეცილ ქმარს, მანქანას რომ მიყრდნობია, ფეხებგადაჯვარედინებული. ბევრს არც ფიქრობს, გვერდით მწოლ ნუცას ბალიშს უსწორებს, თხელ პლედს იხვევს და გარეთ გადის. მის გვერდით, ისიც მანქანას ეყრდნობა და რამდენიმე წუთს სიჩუმეში ატარებენ
–რა გინდა აქ, ანა? – იმდენად სხვა კაცის ხმით ეკითხება, ანას ტირილი უნდება, მაგრამ მაინც ამაყად სწევს თავს
–არ უნდათ ბავშვებს სოფელში წასვლა
–მე ვიკითხე? ვიკითხე ვის რა უნდა? – მშვიდ ხმაზე ატყობს ცოლი, რომ ბოლომდეა გამოფხიზლებული. თითქმის არასდროს უწევს ხმას სიფხიზლეში ლაზარე
–ნუ დააძალებ, ძალიან გთხოვ, ლაზარე! – მუდარით უყურებს და მისკენ ოდნავ ბრუნდება.
ოდნავ ეღიმება, წამით თვალებში უყურებს ცოლს, მერე უცებ სწყდება მის სახეს, მანქანისკენ ბრუნდება, ქურთუკს იღებს და ისე, რომ არც ელოდება სახლისკენ მიდის. კარებში მაშო ხვდება და უნებურად კუნთები ეძაბება რომ ატყობს, როგორ მოარიდა ქალიშვილმა სხეული
–ჩაალაგეთ უკვე, მარიამ? წყალს გადავივლებ და გავდივართ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი GentleWoman

საინტერესო დასაწყისია. წინა ისტორია მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოწესრიგებული, ნიჭიერი ავტორი ხარ. ამიტომ ამ ისტორიისგანაც ველი დიდი სიამოვნების მიღებას. იმედია, ყოველ დღე გაგვანებივრებ ახალი თავით. წარმატებები!

 


№2  offline წევრი დარინა

ჯერ პერსონაჟებზე ვერფერს ვიტყვიი რადგან ჯერცოტა დაბნეული ვარ, საერთოდ რატომშექმნეს ოჯახიი ამ ორმააა ეგ მაინტერესებს რადგან სიყვარული ვერ დავინახე მათ შორის, ნიკოლოზი შემეცოდა უკვე დიდია და ძნელია ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ცხოვრებაა, ისტორია ძალია მომწონს ველოდები ახალ თავს.

 


№3  offline წევრი P.A.

GentleWoman
საინტერესო დასაწყისია. წინა ისტორია მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოწესრიგებული, ნიჭიერი ავტორი ხარ. ამიტომ ამ ისტორიისგანაც ველი დიდი სიამოვნების მიღებას. იმედია, ყოველ დღე გაგვანებივრებ ახალი თავით. წარმატებები!

აუცილებლად ვეცდები, რომ იმედები არ გაგიცრუო, მადლობა რომ წაიკითხე:*
დარინა
ჯერ პერსონაჟებზე ვერფერს ვიტყვიი რადგან ჯერცოტა დაბნეული ვარ, საერთოდ რატომშექმნეს ოჯახიი ამ ორმააა ეგ მაინტერესებს რადგან სიყვარული ვერ დავინახე მათ შორის, ნიკოლოზი შემეცოდა უკვე დიდია და ძნელია ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ცხოვრებაა, ისტორია ძალია მომწონს ველოდები ახალ თავს.

ნელ-ნელა ყველაფერი გახდება ცხადი, იმედი მაქვს ჩანაფიქრი გაამართლებს და ისეთი ისტორია გამოვა როგორიც მინდა რომ იყოს.. მადლობა, რომ უკვე ჩემი ერთგული მკითხველი ხარ<3

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

როგორ გამიხარდა გუშინ შენი ისტორია რომ დავინახე. მე ძალიან მომწონხარ ზოგადად. ყველაფერი წავიკითხე რაც დაბეჭდე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ალბათ ეს ისტორიაც ისევე სასიამოვნოდ გაოცებულს დამტოვებს. რაც მთავარია ბანალური დასაწყისი არ არის როგორც ყოველთვის განსხვავებულია და საინტერესო. დაააა რაც მთავარია მალე დებ ისე რომ არ მავიწყდება რა ხდებოდა.

 


№5 სტუმარი სტუმარი ინგა

ძალიან კარგად წერ ჩემო კარგო.წინა ისტორია არ გადამიფიქრო საოცარი გრძნობით არის დაწერილი.ბევრჯერ ამეტირა კიდეც.ახალი ისტორიის დაწყება კი ძალიან მახარებს.ერთ კომენტარებში ახსენეს რომ ადრე ჰქონდათ წაკითხული ანუ ახალი არ ხარ.თუ რამე გაქვს ადრე დაწერილი იქნებ შეძლოთ და დამილიმკოთ?..

 


№6 სტუმარი აბლაბუდა

ჯერ ცოტა გაურკვეველია ისტორია, ყველაფერს გავიგებთ ალბათ, და მჯერა ისეთივე ლამაზი იქნება როგორც წინა ისტორია :-*

 


№7  offline წევრი P.A.

სტუმარი მაკო
როგორ გამიხარდა გუშინ შენი ისტორია რომ დავინახე. მე ძალიან მომწონხარ ზოგადად. ყველაფერი წავიკითხე რაც დაბეჭდე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ალბათ ეს ისტორიაც ისევე სასიამოვნოდ გაოცებულს დამტოვებს. რაც მთავარია ბანალური დასაწყისი არ არის როგორც ყოველთვის განსხვავებულია და საინტერესო. დაააა რაც მთავარია მალე დებ ისე რომ არ მავიწყდება რა ხდებოდა.

დიდი მადლობა, რა კარგია ორივე რომ მოგწობებიათ.. ვეცდები ეს ისტორიაც მალე დავდო ხოლმე<3

სტუმარი ინგა
ძალიან კარგად წერ ჩემო კარგო.წინა ისტორია არ გადამიფიქრო საოცარი გრძნობით არის დაწერილი.ბევრჯერ ამეტირა კიდეც.ახალი ისტორიის დაწყება კი ძალიან მახარებს.ერთ კომენტარებში ახსენეს რომ ადრე ჰქონდათ წაკითხული ანუ ახალი არ ხარ.თუ რამე გაქვს ადრე დაწერილი იქნებ შეძლოთ და დამილიმკოთ?..

წავიკითხე ასეთი კომენტარი და სხვათაშორია გამიკვირდა ძალიან, დიდი ხნის დაწერილი მქონდა წინა ისტორია, თუმცა რაღაცები გადავაკეთე და არასდროს არსად გამომიქვეყნებია, მხოლოდ ერთი-ორმა ახლო მეგობარმა იცოდა. შეიძლება პერსონაჟების სახელები ეცნოთ ან სიუჟეტი მიამსგავსეს რაიმე სხვა ისტორიას, ვერ გეტყვით.. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ იდეა არავისთვის მომიპარავს:დ მეორე იატორიაც ცოტა ხნის წინ ავტვირთე და მხოლოდ აქ დევს. მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ და მოგწონთ<3

აბლაბუდა
ჯერ ცოტა გაურკვეველია ისტორია, ყველაფერს გავიგებთ ალბათ, და მჯერა ისეთივე ლამაზი იქნება როგორც წინა ისტორია :-*

შეიძლება გაგაღიზიანოთ მთავარმა მოქმედმა გმირებმა, განსაკუთრებით ლაზარემ, თუმცა იმედი მაქვს მასაც გაუგებთ ხოლმე..:დ

 


№8 სტუმარი სტუმარი მაკო

მეც დამილინკე რაა რამე თუა რაც აქ არ არის სიამოვნებით წავიკითხავ

 


№9  offline წევრი dakarguli

ძალიან მომეწონა, საინტერესოა რა მოხდა ამ წლების მანძილზე და რატომ არის ასეთი დაძაბული სიტუაცია ეხლა
როგორ მიხარია რომ აღმოგაჩინე ❤❤❤

 


№10  offline წევრი LI_BE

როგორი ლაღი იყო ლაზარე დასაწყისში. ვერ ვიფიქრებდი, რომ მისგან შეიძლება ასეთი ადამიანი მიგვეღო, რაც წლების მერე მივიღეთ. არ ვიცი, რა მიზეზი ან არგუმენტი შეიძლება ქონდეს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ლაზარეს გაგება შევძლო.

 


№11  offline წევრი P.A.

dakarguli
ძალიან მომეწონა, საინტერესოა რა მოხდა ამ წლების მანძილზე და რატომ არის ასეთი დაძაბული სიტუაცია ეხლა
როგორ მიხარია რომ აღმოგაჩინე ❤❤❤

ვაიმეე, ძალიან დიდი მადლობაა<3 ნელ-ნელა ყველაფერში გაგარკვევთ..:დ

LI_BE
როგორი ლაღი იყო ლაზარე დასაწყისში. ვერ ვიფიქრებდი, რომ მისგან შეიძლება ასეთი ადამიანი მიგვეღო, რაც წლების მერე მივიღეთ. არ ვიცი, რა მიზეზი ან არგუმენტი შეიძლება ქონდეს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ლაზარეს გაგება შევძლო.

სამწუხაროდ აქვს მიზეზი ასე შეცვლის, ვეცდები საინტერესო გზებით გადმოვცე მათი ისტორია..<3

 


№12  offline წევრი qetulaa

Zalian kargi dasacyisiaa, tumca davibeni cotaa, araushavss, yvelafers gzadagza gavigebt vimedovnebb, gelodwbi moutmenladd, yochagg

 


№13  offline წევრი Cicinatela17

ჰოოო რა უნდა ვთქვა... მეტი ინდივიდუალიზმი კარგიიქნებოდა და საკუთარი პერსონაჟები რომ გყავდეს. ასეთი გადამღერება უკვე არსებული ისტორიის პირველივე თავიდან რომ იგრძნობა რავიცი რავიცი. არა მესმის გავლენა იყოს აშკარადაც იგრძნობოდეს ეს გავლენაც მაგრამ ესე ქოფიფეისთით და სახელების შეცვლა მხოლოდ. ესე მგონია ორიგინალის მოკლე შინაარს ვკითხულობ...

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.