შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა არსებობისთვის (თავი 2)


21-11-2018, 19:34
ავტორი P.A.
ნანახია 1 107

გზა არსებობისთვის (თავი 2)

***
ადრე, ტყუპები რომ ნუცასხელები იყვნენ, ისე უყვარდათ სოფელი, ლაზარეს შემოეხვეოდნენ ხოლმე ფეხებზე და ეხვეწებოდნენ, მთელი ზაფხულით დავრჩებითო. წამოსვლა აღარ უნდოდათ, უყვარდათ ბებია–ბაბუასთან ყოფნა. ლაზარე კი, ვერ ტოვებდა. არ შემიძლია უთქვენოდო ეტყოდა ხოლმე და ხელში აიტაცებდა აწუწუნებულებს, სახლში მივდივართ ყველა ერთადო. სულ სხვა დრო იყო, მაშინ მაშოს საყვარელი ადგილი ლაზარეს კისერი იყო, ნიკოლოზისთვის კი ისიც საკმარისი იყო, მამა რომ ჩამოადებდა მძიმე ხელს პატარა მხარზე, მარცხნივ ამოიყენებდა და კაცურად გაუბამდა ლაპარაკს. ანა კი, ანა მუდამ მამის მარჯვენა მკლავში ჩამალული ახსოვთ პატარა ტყუპებს.
ნუცას სულ არ ახსოვდა ასეთი მამა, არც დედა.. რომ გეკითხა, შენ მშობლებს ერთმანეთი თუ უყვართო, ამაზეც ვერ გაგცემდა პასუხს. ნუცასთვის ლაზარე კაცი იყო, რომლის დანახვაზეც ხშირად ოთახში მიმალვა უნდებოდა. მუდამ ერიდებოდა, არ უნდოდა თვალში მოხვედროდა. ვახშმობის დროსაც კი მამისგან მოშორებით ჯდომა დასჩემდა. რაღაც უხილავი კედელი აღმართულიყო თითქოს მამა–შვილს შორის და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მყარდებოდა, დიდდებოდა და საოცნებო, გმირი მამის სახე ნელ–ნელა უფერულდებოდა. მხოლოდ ერთ რამეს ვერ შლიდა გონებიდან პატარა ნუცა, მამის გულზე გატარებულ ღამეებს, მისგან წამოსულ სითბოს და ძილისწინ მოყოლილ ზღაპრებად ქცეულ ამბებს დედასა და უფროს და–ძმაზე. მაშინ ჯერ კიდევ ოთხი წლის იყო ნუცა, მაგრამ არასდროს დავიწყებია ასეთი ლაზარე. ახლაც, მამის მკაცრ სახეს და უხეშ სიტყვებს რომ ასკდებოდა პატარა სახით დივანზე მოფუზული, ასეთ მამას იხსენებდა. ასე ცდილობდა გადაეფარა ის შიში და შეშფოთება, რომელიც ყოველ შეხედვაზე, ყოველ მის მოძრაობაზე ეუფლებოდა.
–ნუცა, მოდი აქ, ჩაიცვი ეს.. – მხრებზე ეხვევა მაშოს მიერ გამოწვდილი მოსაცმელი და დის ღიმილიან სახეზე თვითონაც უჩნდება ლოყებზე ნაჩვრეტები
–ზღვაზე აღარ წავალთ? – ეკითხება მაშოს და მამისკენ აპარებს მზერას.
დივანზე, მძიმე სახით ზის ლაზარე და მდუმარედ ელოდება, როდის ჩალაგდებიან. ნუცას კითხვაზე თავს აბრუნებს და პირდაპირ თვალებში უყურებს უმცროს ქალიშვილს. როდის დაეშვა ასე? როდის გადაწყვიტა, რომ შვილების ყველა ღიმილი უნდა გაექრო? ნუცას დიდრონი თვალების დანახვაზე სწრაფად დგება ფეხზე და ფანჯარასთან მიდის
–ანა! – იძახის და ოთახიდან გამომავალს მკაცრ გამომეტყველებას აგებებს
–რა ხდება?
–რით ვერ ჩალაგდით? გუშინ ღამე რას აკეთებდი, ვერ ჩაალაგე?
–არ მეცალა ამისთვის, ლაზარე. შენი არ ვიცი.. შენ არ ვიცი ღამე რას აკეთებდი, მაგრამ მე არ მეცალა.. – პასუხობს გაღიზიანებით და უკან ბრუნდება, ბოლო ჩანთის გამოსატანად.
ცოლის მკვახე პასუხი ტუჩებს უბრიცავს. ნერვებმოშლილი, სიგარეტს იჩრის პირში და ისევ გაღიზიანებით სვამს კითხვას
–სად არის ნიკოლოზი?
პასუხს რომ ვერ იგებს, ქალიშვილებისკენ ბრუნდება. ხედავს, როგორ უკრავს თასმებს დივანზე ჩამომჯდარ, უკვე გამზადებულ ნუცას მაშო
–მარიამ, სად არის ნიკოლოზიმეთქი?
–ნუცას წამლების საყიდლად წავიდა, მალე დაბრუნდება. ყველაფერი ჩაალაგა უკვე
პასუხზე გონება ეყინება. ისიც არ იცის, რა წამლები სჭირდება ნუცას. სწრაფად მიდის მათთან, უმცროსი ქალიშვილის ფეხებთან, მაშოს გვერდით იკუზება და დაბლიდან შეჰყურებს გაყურსულ პატარას
–რა გჭირს, მა?
–სიცხე მაქვს, – პასუხობს ნუცა და მისკნ იწევს – ამიყვან მამიკო?
ერთადერთია ნუცა, რომელიც არასდროს კარგავს იმედს. ახლაც, ხელებგამოწვდილი სწორედ ამ იმედს ებღაუჭება და მამის სახეზე ღიმილს ხედავს თუ არა, იცის რომ გაიმარჯვა.. მაინც შეაღწია მის გულში, თუნდაც რამდენიმე წამით
–აგიყვან, რატომ არ მითხარი მა? გტკივა რამე? – ეკითხება და წელზე ეხვევა მისი პაწაწინა ფეხები.
–იყვირე რომ მოხვედი, დედამ მითხრა მალე მოვა მამაო, მაგრამ შენ გვიან მოხვედი და ყვიროდი, სულ გამიფუჭე ნახატი! – გულწრფელად საყვედურობს და ოდნავ უმრგვალდება თვალები, თითქოს მამის რეაქციის ეშინიაო.
ლაზარე ღრმად სუნთქავს, შუბლზე ეხება ტუჩებით ნუცას და ისევ დივანზე აბრუნებს. უხმოდ მიდის საძინებლისკენ, შედის თუ არა ზურგით მდგარ ანას ხედავს და ზურგსუკან ხურავს კარს
–რატომ არ მითხარი, ბავშვი თუ ცუდად იყო?
–რას იზავდი, ლაზარე? მოლბებოდი და სცენას აღარ გაგვიმართავდი? – ცინიზმით აქვს ხმა გაჟღენთილი და ლაზარეს მთელი სხეული ეჭიმება ასეთი ცოლის შემხედვარე
–ნუ მელაპარაკები ასე..
–როგორ?
–იცი როგორც, ნუ ცდილობ ჩემთან ერთად დაეცე, ანა!
–უკვე აღარ მადარდებს, ლაზარე, აღარ ვდარდობ..
–რამდენი აქვს სიცხე? – ეკითხება დაბალი ხმით და კედელს ეყრნობა
–დაუწია უკვე, ღამე იყო ცუდად, უბრალოდ მირჩევნია აქედანვე მოვიმარაგო საჭირო წამლები
–ნამდვილად კარგად არის? გავუზომოთ კიდევ..
–ნამდვილად კარგად არის. შეგიძლია გაიტანო ჩემოდნები, მზად ვართ.
ბრუნდება და ოთახიდან ისე გადის, ზედ არც უყურებს.

***
მანქანა ანას სახლის ჭიშკართან გააჩერა. უხმოდ შემოუარა, კარი გაუღო და ფრთხილად შეახო ხელი წელზე, გადმოსვლაში დაეხმარა. უკვე შედიოდნენ, ანა რომ შეყოვნდა და მძიმე ნერწყვი გადააგორა ყელში
–რა მოხდა, ანა? – ჩაეკითხა ლაზარე. სახლიდან წამოსვლის შემდეგ, მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა
–არაფერი, შევიდეთ..
სახლში შესვლისთანავე ანას დედ–მამის მტრულ მზერას შეეჩეხა და მაშინვე ხელი მოუჭირა ანას წელზე, როგორც კი მუშტებმომარჯვებული მამამისი შენიშნა.
–მობრძანდით არა? აბა, რა ხდება? გისმენ, ბიჭო! – ლაზარეს ცხვირწინ დასჭექა ძლიერმა ხმამ და ცალი ხელით გოგონა გამოაცალა ხელებიდან.
–დავსხდეთ თუ შეიძლება, – ამოილაპარაკა ლაზარემ და თავი დაუკრა იქვე მდგარ ანას დედას, რომელიც ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა შვილს.
დივანზე ჩამოსხდნენ, ყველა ერთად. ოღონდ მას შემდეგ, რაც ანას კარგად ყოფნაში დარწმუნდნენ. მერე კი, ლაზარემ წამოიწყო
–ძალიან მინდოდა თქვენი შვილის ცოლად შერთვა. მართალია თქვენგან უკითხავად წაყვანა კარგი საქციელი არ იყო, მაგრამ..
–ვბრუნდები, დედა! – დაასწრო ანამ და ლაზარეს გულში ჩასწყდა რაღაც. პირი აუმჟავდა. თავისი ანიკოს ბედნიერმა სახემ და წამოძახილმა სიტყვა ვეღარ ათქმევინა
–შენ გოგო, ნორმალური ხარ? – დასჭექა ყველასგან მოულოდნელად მამამისმა და შვილისკენ გაიწია. ძლიერად ჩააფრინდა მკლავში
–მამა.. – ამოილუღლუღა ანამ და ცრემლით აევსო სწორედ ის თვალები, რომლებითაც წამის წინ მთელ ოთახს ანათებდა
–შენ რა, გგონია ხალხს ავალაპარაკებ? – ყვიროდა და ცალი ხელით ქალიშვილი ჩაებღუჯა. მერე ლაზარეს შეუტრიალდა
–უკან მომიყვანე, არა? რა იყო, კაცობა არ გეყო? არ მოგეწონა? არ ივარგა?
ლაზარე ფეხზე წამოიმართა, მთელი ყელი დაძარღვოდა, ანას დამრგვალებულ თვალებს ჭკუიდან გადაჰყავდა
–ხელი გაუშვით! – თავისკენ მოქაჩა გოგონა და ტკივილისგან ატირებული გულზე აიკრა. მერეღა შენიშნა, ჯერ ისევ ანას მკლავზე მოჭერილი მამის სქელი თითები
–გაუშვით ხელი, ახლავე! – დაიღრიალა და მაჯაზე ჩააფრინდა კაცს
ანას სახე მოეღრიცა, თავი ასწია და ცალი ხელით შეიმშრალა ცრემლები
–არ გაპატიებთ, არცერთს არ გაპატიებთ.. დედა, ასე გიყვარს შენი ერთადერთი შვილი არა? არც გიკითხავს, როგორ გავთხოვდი, რატომ გავთხოვდი. არც გიკითხავს, მინდოდა თუ არა, მიყვარდა თუ ვიტანჯებოდი. არაფერი გიკითხავთ.. არ მოგიძებნივართ.. – იმდენად მტკიცე ხმით ლაპარაკობდა, ისე იყო გაბოროტებული, ლაზარე გაოგნებული შეჰყურებდა. სულ ვეღარ ცნობდა გოგონას, რომელიც ასე აიკვიატა. სამი დღის განმავლობაში სულ მის მისუსტებულ, ნაწყენ, განადურებულ სახეს შესცქეროდა, ახლა კი.. მშობლების წინ, როცა თავი მარტო, მიტოვებულად იგრძნო, საოცარ სიმამაცეს იჩენდა. ინსტიქტურად ლაზარეს შემოხვეულ მკლავს ჩაფრენოდა თითებით და დედამისის ცრემლიან, მაგრამ ცივ სახეს შეუვალი მზერით შეჰყურებდა
–როგორ ბედავ? – დაიღრიალა მამამისმა და ლაზარემ იგრძნო, როგორ შეკრთა ანას სხეული, მაგრამ წარბიც არ შეუხრია. უცნაური სიამაყის გრძნობამ მოიცვა, ვერ გაეგო რა გაეკეთებინა. დაპირდა, რომ დააბრუნებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. ახლა, ორმაგად უფრო უნდებოდა სამუდამოდ წაეყვანა ამ სახლიდან და უკან აღარასდროს დაებრუნებინა
–ანუ, არ მიმიღებ არა, მამა? – ირონიით წარმოთქვა ანამ და თვალი თვალში გაუყარა. ლაზარემ იგრძნო, როგორ აუთრთოლდა მის მაჯაზე ჩაფრენილი თითები ანას. ეშინოდა, მამის ეშინოდა, მაგრამ არ იტყობდა
–მოვკლავ ახლა ამას, ნამდვილად მოვკლავ! – ქალიშვილისკენ გაიწია და ხელის მოქნევას აპირებდა, ლაზარემ რომ ამოიყენა გოგონა უკან. შეკრული წარბებით, შემზარავი სახით მიაჩერდა მის წინ აღმართულ კაცს და ყბის ძვალი ისე დაეჭიმა, ერთიანად მოექცა სახის გამომეტყველება
–არც კი შეეხოთ, თითს არ დააკარებთ დღეიდან. ხომ გადმომილოცეთ, ხომ არ გჭირდებათ? დღეიდან იცოდეთ, მასზე უფლება მხოლოდ მე მაქვს, მხოლოდ მე! – თვითონაც ვერ მიხვდა ისე კატეგორიულად ამოილაპარაკა. მერე ამოისუნთქა, რომ დამშვიდებულიყო, ოდნავ შებრუნდა და თვალებგაფართოებულ ანას თითებით შეეხო ნიკაპზე
–წავიდეთ? – კითხა და ანამ სასოწარკვეთილი მუდარა ამოიკითხა მის თვალებში. თითქოს კი არ ეკითხებოდა, ეხვეწებოდა, რომ წაყოლოდა, რომ მისთვის დაეჯერებინა
–წავიდეთ, – თავი დააქნია ანამ და მის თითებს ჩაეჭიდა. საკუთარი სახიდან მოაშორებინა ხელი და ის იყო ლაზარემ იფიქრა, ჩემმა შეხებამ გააღიზიანაო, ათრთოლებულმა ანამ თავისი თითები რომ ახლართა მისაში.

***
–დავიღალე დედა, – მოწყენილი სახით გადაიწია მანქანის სავარძლებს შორის ნუცა და აწითლებული ლოყით ჩამოეყრდნო დედის მხარს
–გასწორდი ნუცა, რამდენჯერ გითხრა, რომ არ შეიძლება ასე გადმოწევა? – გაუბრაზდა ლაზარე და შუბლშეკრულმა შეხედა
–დაიღალა, ცუდად არის, ნუ ეჩხუბები! – საყვედურნარევი სახით გახედა ანამ და ლოყაზე მოეფერა კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დამდგარ პატარას
–ცხელია ისევ? – ჩაეკითხა და საქარე მინაში გაიხედა
–ცოტა..
–ნუცა, გტკივა რამე, მამა? – ახლა მას ჰკითხა და ოდნავ გაუღიმა
–ხო, ყველაფერი, სულ ყველაფერი! ხელი, ფეხი, მუცელი, ყველაფერი ამატკივა სიცხემ, მართლა! – ამოიწუწუნა პატარამ და მანქანაში ყველას ხმამაღლა გაეცინა. უჩვეულო მხიარულება დაატრილა ნუცამ
–გშია მა?
–მშია, მაშოს და ნიკოლოსაც შიათ, ვჭამოთ რა მა, ხო სულ ვაჩერებთ ხოლმე რესტორანთან, ახლაც გააჩერებ? შევჭამთ? მწვადებს და ხინკლებს! – გამხიარულდა უცებ და მანქანაში ფეხზე წამოხტა, ხტუნაობა დაიწყო
–შევჭამთ, ოღონდ დაჯექი და მოისვენე, – გაეღიმა ლაზარეს.
იმდენად გულუბრყვილო, იმდენად წმინდა იყო, ლაზარეს ხშირად მასთან კონტაქტიც კი ენანებოდა. ეშინოდა, მასაც იმ თვალებით არ შეეხედა მამისთვის წლების მერე, როგორც ახლა ტყუპები უყურებდნენ. ისევე არ აერიდებინა თავი მისთვის, როგორც ახლა, მთელი მგზავრობის დროს იქცეოდნენ ისინი. ეშინოდა, საოცრად ეშინოდა საკუთარი თავის. ნუცასხელები რომ იყვნენ მარიამი და ნიკოლოზი, მათთვის ხომ მამა ყველაზე დიდი იმედი, გამოგონილი სუპერგმირი იყო. იქნებ მერე ნუცასაც არ მოენდომებინა მისი სახის დანახვა, იქნებ მისთვისაც ისე გაეცრუებინა იმედები, როგორც ამას ტყუპებთან აკეთებდა. და რატომ? როდის დაწყო ასეთი ტანჯვა? იცოდა ლაზარემ ამის მიზეზი. იცოდა, რომ მამისა და ძმის დაკარგვას გადააყოლა საკუთარი ოჯახი. ისედაც სიმწრით ნაგები, მცირე ბედნიერებებზე, წამიერ სიკეთეებზე აგებული. ანასთან ერთად ძლივს დალაგებული ცხოვრება სწორედ მათ დაკარგვას შეეწირა. ვერ შეძლო, ვერ აიტანა ამხელა ტკივილი ლაზარემ და მთელი ბოღმა ცოლსა და შვილებზე გადმოანთხია. ნელ–ნელა, მძიმე ნაბიჯებით ანადგურებდა მათ მომავალს. მათ ყოველ დღეს, ყოველ წამს ცრემლსა და სიმწარეს ამატებდა. ექვსი წლის ტყუპებს იმედგაცრუებასა და ცრემლს აჩვევდა, რადგან მამა იცვლებოდა. იცვლებოდა, ისე, რომ ვერ ხვდებოდნენ, ვერ იჯერებდნენ. ვერაფრით გაეგოთ, როგორ შეიძლებოდა სახლში მოსულს აღარ შეგებებოდნენ, მაგრამ ლაზარემ შეაჩვია. იმდენი შეძლო, რომ შეაჩვია ჩხუბს და ყვირილს პატარები. შეაჩვია შიშს, რომელიც მამის სახლში დაბრუნებისას ეუფლებოდათ. ახლა კი, ამ მგზავრობის დროსაც, წლების მერეც, გულში ალაგებდა მაშო სიტყვებს, რომ მამისთვის მიემართა. ეს არის მშობლობა? შვილი წინასწარ უნდა ფიქრობდეს, როგორ დაიწყოს ლაპარაკი მამასთან?
–მამა, – იმდენად გაუბედავად წამოიწყო, ნიკოლოზმა უკმაყოფილოდ გადმოხედა დას
–გისმენ, მარიამ
–შეიძლება სოფლიდან წამოვიდეთ მე და ნიკოლოზი და ბავშვებს შევუერთდეთ? ზღვაზე მიდიან, ხვალ დილას..
–არა, მარიამ, არ შეიძლება და მე დედაშენს უკვე გასაგებად ვუთხარი ეს!
მაშომ თავი ასწია, ფანჯრის მინას ჩაუწია და სახე ჰაერს შეუშვირა. არ დაუშვებდა ახლა ეტირა. არადა როგორ უნდოდა, როგორ უნდოდა ერთი კარგად ეღრიალა, რომ გულში დაგროვილი სიმწარე ერთიანად ამოეღო
–მაშო, აუწიე, შემცივდა. ცუდად ვარ მე! – არ მოისვენა ნუცამ და ხელზე დაეჯაჯგურა დას
მაშოს უარესად მოეშალა ნერვები, ხელი გამოგლიჯა და ფანჯრისკენ შებრუნდა
–აუწიოს, აუწიოს, უთხარი დე!
–ნუცა, გაჩერდი! – ერთდროულად გაისმა ნიკოლოზისა და ანას ხმა და პატარამაც უცებ გადმოატრიალა ტუჩი
ანამ ამოიოხრა, ღვედი ოდნავ მოუშვა და მთელი სხეულით შებრუნდა შვილებისკენ
–მაშო, დე, აუწიე ფანჯარას, ძალიან გთხოვ, – გაუღიმა გოგონას, მერე ტყუპებს შორის მჯდარ, გაბუტულ ნუცას დახედა, – ნუციკო, დაადე თავი ნიკოლოზს და წაუძინე ცოტა, დე..
–არ მინდა, დავრჩები მერე მშიერი, – ამოიბურტყუნა სასაცილოდ და თავი გააქნია
–არ დარჩები მა, გაგაღვიძებს ნიკოლო, მიდი, დაიძნე.. – გამოხედა ლაზარემაც.
შვილის „ნიკოლო,“ წამოსცდა და ნიკოლოზს სული გაეყინა. სწორედ მამის მიერ შერქმეულ სახელს ეძახდა პატარა და, მისგან შეჩვეულს. არ აღიარებდა, მაგრამ ყოველთვის უცნაური გრძნობა ეღვრებოდა ხოლმე გულში, როცა მამა ამ სახელით მოიხსენიებდა. ასეთი იყო ლაზარე.. შვილებს ისე მიმართავდა, როგორც არავინ. მაშოსაც, პატარაობიდან, მხოლოდ ის ეძახდა მარიამს. არავინ სხვა, მხოლოდ მამა.. მასაც, მხოლოდ მამისგან უყვარდა ამ სახელის გაგონება. ერთხელ, ჯერ ისევ ბავშვობაში, ახალმა მასწავლებელმა რომ მიმართა მარიამით, მატრაკვეცა მაშო სწრაფად წამოიმართა ფეხზე და ამაყად გამოუცხადა, მაშო ვარ მე, მაშო დამიძახეთ, მარიამს მხოლოდ მამიკო მეძახისო.
–გამაღვიძებ? ნიკო, გამაღვიძებ? – იდაყვზე დაქაჩა ჩაფიქრებულ ძმას ნუცამ და მის მუხლებზე მოთავსდა
–გაგაღვიძებ, ჰო.. – ამოილაპარაკა და თავზე ინსტიქტურად გადაუსვა ხელი
მალევე ჩაეძინა ნუცას. ჩაეძინა და ისევ შემოიპარა საშინელი დაძაბულობა, ისევ მოედო ოთხივეს სხეულს.

***
–არ გეგონოს, რომ შემიყვარდები. არ გეგონოს, რომ ეს რამეს ნიშნავს.. – ამოილაპარაკა შევიდნენ თუ არა სახლში და მისაღებში გახევებული ლაზარე დატოვა.
მერე, დაიწყო მათი უფერო დღეები. უფერო და უსიყვარულო, გრძნობებს მოკლებული.. დაიწყო ყოველდღიური რუტინა, ჩუმი საუზმით რომ იწყებოდა და სამსახურიდან დაბრუნებული, დაღლილი ლაზარეს მუდმივი ცდებით, რომ როგორმე გაემხიარულებინა. შოკოლადებსა და ორცხობილებს ყიდულობდა ხოლმე, მის საყვარელ წიგნებს, ლამაზ კაბებს. ყველაფერი იცოდა, ყველაფერი გაეგო რაც უყვარდა და არ უყვარდა ანას, მაგრამ ის მაინც ჯიუტად დუმდა. არც ლაზარეს არჩეული ფილმები უნდოდა, არც მისი შეხება, არც სასეირნოდ წასვლა. უფრო და უფრო ცივდებოდა, ზედ არ უყურებდა, მასთან ერთად ოთახშიც არ ჩერდებოდა
–ანა, გინდა შვებულებას ავიღებ და ზღვაზე წავიდეთ.. – შესთავაზა ერთ საღამოს. ბედნიერი იყო, რომ მოიფიქრა. არც ის აინტერესებდა, რომ ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა, არც ის უფიქრია, ნამდვილად მისცემდნენ თუ არა შვებულებას. სულ წამოვიდოდა, სულ დაანებებდა ყველაფერს თავს, ოღონდ ანას თუნდაც ერთი დღე გაეფერადებინა
–არ მინდა, – იყო პასუხი. ისევ..
სამზარეულოში შეიკეტა და აღარც გამოსულა. ისევ ლაზარემ შეაკითხა. მაგიდასთან ჩამოჯდა, უყურებდა, როგორ აწყობდა თეფშზე ხილს ანა. სიმეტრიულად და ლამაზად, ერთმანეთის მონაცვლეობით ჭრიდა ფორთოხალს და მსხალს
–დავიღალე, ანა..
–დაისვენე მერე!
ლაზარეს ჩაეცინა. სახე ჩამოადო მაგიდაზე დაყრდნობილ ხელებს
–შენ ჩემი ცოლი ხარ..
–მერე?
–იქნებ როგორმე გამოგვენახა საერთო ენა, ანიკო..
ანამ შეხედა, დანის ტარს ძლიერად მოუჭირა ხელი და მთელი სხეულით გაშეშდა
–მადლობელი ვარ, ლაზარე. ვერც წარმოიდგენ როგორი მადლიერი ვარ, მაგრამ.. მე მიმაგდეს. მიმაგდეს მშობლებმა და იძულებული გავხდი, რომ ვიღაცის ცოლი მრქმეოდა. მე მთელი ცხოვრებაა სხვას ვეკუთვნი, სხვას და არა საკუთარ თავს.. მეც დავიღალე, მეც მომბეზრდა ასეთი სულერთი რომ ვარ ყველასთვის..
–მე არ ვარ ვიღაც, ეს მეორედ არ გაიმეორო.. – უბრალოდ ამოილაპარაკა ლაზარემ და მარტო დატოვა.
ასეთი ცივი არასდროს ყოფილა მასთან. მხოლოდ იმ დღეს, მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ..

***
ლილი კივილით, ხელგაშლილი ხვდება შვილიშვილებს და სამივეს ერთად იხუტებს გულში. მერე ნიკოლოზი ეხვეწება, ცოტა შეგვიშვი ხელიო და დებთან ერთად ძლივს უსხლტება რბილი ხელებიდან. ახლა ანას ეხვევა თბილი ცრემლებით და დარდს იწყებს
–სულ დაგასველე შვილო, რატომ არ მითხარით თუ ჩამოდიოდით. ბავშვებს დავახვედრებდი რამეს!
–კარგი რა, ლილი, არაფერი უნდათ, ჭამეს გზაში, – უღიმის და ქმარს უთავისუფლებს დედისკენ გზას
–დედა, ხომ კარგად ხარ? – ღიმილით ეკითხება ლაზარე და ხელს ხვევს. მის შეხებაზე ქალი თრთის და ცრემლებით უკვე მთელი სახე უსველდება
–ბავშვებთან არა, დედა, ბავშვებთან არ იტირო.. – ეჩურჩულება ყურთან და სწრაფად უმშრალებს სახეს
თითქოს თვითონ არ ანახებდეს ტკივილს. თითქოს თვითონ არ ატირებდეს საკუთარ შვილებს..
–ნუციკო, ბები, რამხელა ხარ, მომხედე აქეთ, – ისევ მათკენ მიდის ქალი და საღამომდე მის ფერებაშია. დიდები აღარ უჩერდებიან, ნუცა კი ბებოს კალთაში თავსდება და მხიარულად უყვება ამბებს სკოლის დამთავრების აღსანიშნავ ზეიმზე
–ყვავილი ვიყავი, ვარდისფერი, სამი ლექსი მქონდა ბებო, ინგლისურად! – ამაყად სწევს თავს და ყელს იღერებს
–იცი ბებო ამდენი ინგლისური? – იკვირვებს ლილი და თმებზე ეფერება შვილიშვილს
–კი, დედა დამეხმარა სწავლაში! იცი, რამდენი სურათი გადამიღო? მაშო და ნიკოლოც იყვნენ..
–მამა? მამას მოეწონა, ბე?
ნუცა ჩუმდება, წარბები ეჭმუხნება და მამას შესცქერის.
–არა, მამა არ იყო, გვიან მოვიდა და დედას უყვიროდა. ნიკოლოზსაც უყვირა, სულ დაუმტვრია გიტარა. ცუდი დღე იყო ბებო. ჩემი ზეიმი კარგი დღე იყო, ნახევარი დღე ბედნიერი იყო, მერე კიდევ, მამა რომ მოვიდა, საღამოს უკვე აღარ მიხაროდა. შემაშინა, გახსოვს მა?
როგორ შეუძლია ასეთი პირდაპირი იყოს? როგორ შეუძლია ასეთი თბილი ტიტინით გული მოუკლას ლაზარეს? როგორ შეუძლია, ასე ცხადად აგრძნობინოს, რომ ნაგავია, რომ არ არის ნუცასნაირი შვილის ღირსი?
ოთახში დაძაბულობა იმატებს და ლილის სახე ეყინება. საყვედურით შეჰყურებს ლაზარეს და ატყობს, როგორ ეშვება ვაჟიშვილის მზერა სადღაც შორს, ტანჯვით.
–დე, ჩვენ გავისეირნებთ რა! – ისმის მაშოს ხმა ზედა სართულიდან და შორტითა და მოკლე მაისურით კიბეზე ჩამორბის, ოთახში მყოფთ გაკვირვებით გადახედავს, მერე კი ნიკოლოზისკენ ტრილდება
–წამო, თათამ დამირეკა, აქ ყოფილან ეგ და გიო. წყაროსთან შეგხვდებითო, – ხელით ანიშნებს ძმას
–ვინ გიო, ბებო, გოგლიკოს გიო?
–ჰო ბე, – უღიმის და ნიკოლოზს ექაჩება ხელზე
–მაცადე, გოგო, გამოვიცვლი მეც ზედას, დამცხება ასე..
–მიდი, მალე რა! – წუწუნებს მაშო და დივანზე ეშვება
–ფრთხილად იყავით, მარიამ.. – ესმის მამის ხმა და თავს უქნევს.
ლაზარე კედელს მიყრდნობია, სიგარეტით ხელში და ახსენდება, როგორ დადიოდნენ ხოლმე გურიის ჩანჩქერებზე ერთად – ის, გოგოლიკო, დაჩი, მაცაცო, ნინო და ანა, თავისი ანა.. სწორედ აქ შეუყვარდა ანა, აქ გადაწყვიტა რომ მისი ცოლი გახდებოდა. სულ რამდენიმე წლით იყო ტყუპებზე დიდი. მაშინ ეგონა, რომ ქვეყნის გადადგმა შეეძლო, ეგონა, რომ ყველაფერს მიიღებდა, რასაც მოისურვებდა. ახლა კი.. ახლა იძულებით ჰყავს ოჯახი გვერდით და იმასაც ვერ ახერხებს, რომ ცოლ–შვილი როგორმე გააბედნიეროს
–წამო, მაშო, ადე.. – ჩამოდის ნიკოლოზიც და სახლიდან გადიან. გასვლამდე უკან ბრუნდება ნიკოლოზი და დედას შეჰყურებს თვალებში
–მალე მოვალთ, დე..
–არ იჩქაროთ, ნიკოლოზ, გაერთეთ, – უღიმის ვაჟიშვილს და სითბო ეღვრება სხეულში, – მომიკითხეთ თათა და გიო, მოიყვანეთ აქაც, თუ ლილი ბებოს არ შეაწუხებენ..
–მოიყვანეთ ბებო, აბა როგორ, აუცლებლად მოიყვანეთ! – იღიმის ლილიც და ახლა ახალ თოჯინებზე ისმენს ამბებს ნუცასგან.

***
–ბიჭები მოდიან დღეს, რომ იცოდე.. – გააფთხილა გასვლისას და სახლი დატოვა.
მთელი დღე უხასიათოდ დაბორიალებდა ოთახებში. გოგონებმაც ვერ მოიცალეს, რომ ენახა, ამიტომ მალევე მოიწყინა. ვერც წიგნს დაუდო გული, არც ფილმების ყურება უნდოდა. შუადღემდე ოთახში იყო და ფოტოებს ახარისხებდა. მონატრებოდა სურათების გადაღება.. დასვენებაც ენატრებოდა, მაგრამ გაჯიუტდა და ლაზარეს ყველა შემოთავაზებაზე ჯიბრით ამბობდა უარს. ახლა საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, რადგან ლაზარე ამაზეც მშვიდად თანხმდებოდა და არაფერს აძალებდა. ისიც კი ნერვებს უშლიდა, ყველაფერს რომ უთმობდა. ოთახიდან გასულს სახლში არეულობა დახვდა. მტვერიც გადასაწმენდი იყო, ჭურჭელიც ამოსარეცხი. წინა დღეებში მეგობრებთან ერთად იყო და ვერაფრის გაკეთება მოესწრო ანას, ლაზარე კი გვიანობამდე მუშაობდა და გვიან მოსულს აღარაფრის თავი ჰქონდა. ჯერ იფიქრა დავალეგებო, მერე ისევ სევდა მოაწვა და რომ გაახსენდა, აქ ყოფნა, ლაზარეს ცოლობა, მისი სახლის დალაგება არ უნდოდა, ისევ ოთახში შეიკეტა. საწოლზე წამოწვა, მუსიკა ჩართო დაბალ ხმაზე და მიეძინა კიდეც. რამდენიმე საათი ისე გავიდა, ვერც გაიგო. ხმაურმა გამოაფხიზლა, ბიჭების ხმა ესმოდა ოთახში, მათი სიცილი და ხორხოცი და ნელა წამოიზლაზნა საწოლიდან. აბურდულ თმებს ისწორებდა, კარი რომ შემოაღო ლაზარემ
–კარგად ხარ? – ჩაეკითხა მაშინვე შეშუპებული უპეების დანახვაზე
–კი, მეძინა, ახლა გამეღვიძა..
–რატომ გეძინა, ვერ გამოიძინე ღამე?
–არ არის საჭირო ჩემზე დარდი, მიხედე მეგობრებს, – შეუბღვირა ანამ და ზურგი აქცია
–გამოდი და მიესალმე ბიჭებს! – გაიგო უცებ მისი მჭექარე ხმა. მიუხედავად იმისა, რომ დაბალ ხმაზე უთხრა, ისე, რომ ბიჭებს არ გაეგოთ, მაინც გააჟრჟოლა ანას
–ახლავე.. – ამოიბურტყუნა და ტანსაცმელი შეისწორა.
ოთახიდან გასულს ღიმილიანი სახეებით შეეგებნენ ბიჭები. ლევანს თავადაც გადაეხვია და ზრდილობიანად მოიკითხა, გაცნობის პირველი დღიდან პატარა დასავით ექცეოდა ანას და მალევე დაიმსახურა მისი ნდობა და კარგი დამოკიდებულება. ხოლო როცა გოგლიკო და დაჩი ღიმილით გადაეხვივნენ და მეგობრულად შესცინეს, ანას ცივ თვალებს გადააწყდნენ და მაშინვე უკან დაიხიეს. ლაზარეს საბოლოოდ მოეშხამა ნერვები, ძლივს აიყვანა თავი ხელში
–ეს რატია, არ იცნობ.. – ამოილაპარაკა ჯერ ისევ გაღიზიანებულმა, – რატი ეს ჩემი მეუღლეა, ანა
–სასიამოვნოა, – ხელი ჩამოართვა რატიმ და ანამაც მკრთალად გაუღიმა. მერე შებრუნდა, დაგტოვებთო ღიმილით უთხრა ბიჭებს და ისევ ოთახისკენ წავიდა
–არ უყურებ ჩვენთან ერთად ფეხბურთს? მოდი რა, ანა! – შეევედრა ლევანი და ანას უკან მიმავალ ძმას თვალები დაუბრიალა, შეატყო საჩხუბრად რომ მიყვებოდა
–არა, ლევან, არ მიყვარს ფეხბურთი, თავს მატკიებს, მადლობა.. – ამოილაპარაკა და ოთახში შევიდა, ზურგსუკან კარის მიკეტვა ვერ მოასწრო. შემობრუნდა თუ არა, ლაზარეს ნაწყენ მზერას გადააწყდა და უემოციო გამომეტყველება შეაგება
–რამე მოხდა?
–არ შეგეძლო დივანზე დაყრილი ტანსაცმელი მაინც აგეღო? არ აქვს მნიშვნელობა.. არ ადარდებთ ასეთი რაღაცები ჩემ ბიჭებს, არც მე.. არავის ადარდებს, მაგრამ არ შეგეძლო გეფიქრა? არ შეგეძლო ერთი წამით მაინც გაგხსენებოდა, რომ დილას გაგაფრთხილე, ბიჭებთან ერთად მოვდივარმეთქი?
–რას მთხოვ? – ირონიით ჩაეკითხა ანა და ხელები გადახლართა ერთმანეთში, მკერდთან მოუყარა თავი
–სულ ცოტა პატივისცემას, ანა, მეტს არაფერს.. – ამოილაპარაკა და მაშინვე დატოვა ოთახი
მთელი სხეული აეწვა. უნდოდა გარშემო ყველაფერი დაელეწა. უნდოდა, საკუთარი ცხოვრება ჯანდაბაში მოესროლა, რომ ასე აღარ სტკენოდა. იმის გააზრება, რომ ახლა ლაზარე იყო მისი ერთადერთი ოჯახი და ამასაც ხაზს უსვამდა, საკუთარ თავს აზიზღებდა, მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო. ცრემლმორეული ჩამოჯდა საწოლზე და ის იყო, ტირილის დაწყებას აპირებდა, მობილურის ზარმა რომ მოიყვანა გონს
–რა ხდება კატო?
–გამო ჩემთან, ყველა აქ ვართ, მთელი კლასი. მიდი, მალე, შენი ბიჭიც წამოიყვანე და გაგვაცანი. აქ ხარ? ანა..
–ჰო, აქ ვარ..
–გამო რაა, აი გიგა გეძახის. გამოხვალ? ბიჭებმა მოგვენატრაო..
–გამოვალ. შენთან ხო?
–ხო, წამოიყვანე ლაზარეც..
–არა, არ სცალია, მეგობრები ჰყავს. მე გამოვალ..
–კარგი ხო, ოღონდ გამო. მიდი, მალე, უშენოდ არ ვსვამთ იცოდე..
–ვერ დავლევ კატო ისედაც, დაიწყეთ თქვენ, მე ნუ დამელოდებით, – გაეცინა ანას
–ოჰ, კაი ერთი. მიდი, მიდი, მალე!
–კარგი, გავემზადები
გაუთიშა თუ არა მზადება დაიწყო. უკვე ჩაცმული, თვალზე ისვამდა ღია ჩრდილებს, ლაზარე რომ გაახსენდა. არც გაუფრთხილებია, არც უთქვამს რომ გადიოდა, წინა დღეებშიც არ აფრთხილებდა, მაგრამ თითქმის სულ მისი სამსახურში ყოფნის დროს ხვდებოდა მეგობრებს და ლაზარეც ყოველ ერთ საათში ერთხელ კითხულობდა, ყოველთვის იცოდა სად იყო. ახლა კი, ახლა არც გააფრთხილა ისე გაემზადა, არადა უკვე საკმაოდ გვიანი იყო. არც ის უთქვამს, ისიც რომ დაპატიჟეს მისმა მეგობრებმა. ისე მოეშხამა ხასიათი, გადაწყვიტა მეტი აღარ ეფიქრა და ოთახიდან გავიდა. სანამ ხმას ამოიღებდა, მანამ შენიშნა ბიჭების მზერა. გასასვლელად გამზადებული რომ დაინახეს, გაუკვირდათ. ლაზარეს პირთან მიტანილი ლუდის ბოთლი ხელში გაუშეშდა და მაგიდაზე დააბრუნა
–სად მიდიხარ?
–მეგობრებთან.. კლასელის სახლში არიან, – აუხსნა, მიხვდა ახლა აღარ იყო ჭირვეულობის დრო
–ახლა? – წარბები უნებურად აეზიდა ლაზარეს და მაჯის საათს დახედა
–ჰო, რა მოხდა მერე! – იწყინა და თავი დახარა, – კარგად ბიჭებო..
–გაგიყვან! – ფეხზე წამოდგა ლაზარე
–ნასვამი არ ხარ? – შეიცხადა ანამ
–ლაზარე ასე არ დაჯდე, ტაქსით გადით, – დაარიგა ლევანმა უმცროსი ძმა
–რა ტაქსით, თუ ძმა ხარ, მზად ხარ? გავიდეთ უკვე? – ფეხსაცმლის ჩასაცმელად მისაღებისკენ წავიდა ლაზარე
–არ მინდა გაყვანა, ჩემითაც გავალ. ნასვამი ხარ..
–შენით არ გახვალ. თუ გასვლა გინდოდა, უნდა გეთქვა და არ დავლევდი.. – ღიმილით შეჰყურებდა უკვე ჩაცმული ლაზარე და ცალი თვალი ჯერ ისევ ტელევიზორისკენ ეჭირა
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ანა, უცებ ყველამ ერთხმად, ძალიან ხმამაღლა რომ დაიღრიალა მორიგ გოლზე და ადგილზე ისე შეხტა, კინაღამ დაეცა. გაკვირვებულმა გახედა ჯერ დივნიდან წამომხტარ ბიჭებს, მერე კი მის გვერდით მდგარ, სახეგაბადრულ ლაზარეს და თვალები გაუფართოვდა
–ვახ ჩემი, ეს რა თამაშია! – აღტკინებით წამოიძახა ლაზარემ და მისკენ შებრუნდა, – აბა, წავედით?
–დარჩი, უყურე.. – შეეხვეწა ისევ ანა
–წამო, წამო, მომიყვებიან მერე ბიჭები..
ზურგზე ისე უბიძგა, შეხება თითქმის ვერც იგრძნო ანამ. გააზრებამ, რომ ასე უფრთხილდებოდა, ასე ცდილობდა ზედმეტად არ შეხებოდა, არ შეეწუხებინა, ისევ ცუდ ხასიათზე დააყენა.

***
–სად გდიხარ, არ უნდა გეთქვა თუ ჩამოდიოდით? გამო ჩემთან!
–გამოვალ გოგლიკო, ამომასუნთქე! გააქვს ჩაციებული ლუდი?
–აუ მიტრაკებს თამუნა, არ მასმევს, მე ხო არ გამოვიდე? ანასთან ერთად ხარ თუ მარტო ბავშვები ჩამოიყვანე?
–ანასთან ერთად.. გამოხვალ?
–გამოვალ, ვნახავ ანას და ლილისაც
–თამუნა არ დამიტოვო, წამოიყვანე და ბავშვებიც აქ მოვლენ მერე პირდაპირ, დავაწყებინებ დედაჩემს ხაჭაპურებს, – ეცინება და აქოთქოთებულ ლილის შეჰყურებს
–ბაზარი არაა, გნახავ ლაზო..
ტელეფონს გათიშვისთანავე ბრუნდება და მოფუსფუსე დედასა და ცოლს შორიდან აკვირდება. მერე ნელი ნაბიჯით უახლოვდება მათ და მაგიდასთან ჯდება. ხელით სწევს გამზადებულ მწვანილს
–ნუ გადამიყარე, ბიჭო, დაგვაცადე ახლა!
–გოგლიკო და თამუნა მოვლენ, გაამზადებთ რაღაცებს? – კითხულობს და ცოლს უყურებს
–გავამზადებთ.. – ისევ ცივია ანა, ისევ შორსაა
–გავამზადებთ დედა, აბა რას ვიზამთ! არ გინდა ყავა? დაგალევინო?
–ჩემი ცოლი არ დამალევინებს, არა? – კითხულობს და ისევ ანას თვალებს ეძებს
–გეყოფა, ლაზარე!
ლილი იძაბება, არ მოსწონს ასე მტრულად რომ უმზერენ ერთმანეთს
–დამალევინე ყავა, ანა! – კბილებს შორის ცრის და სიგარეტს უკიდებს
ლილის ტირილი უნდება, უცებ ხვევს ხელებს რძალს და მხრებზე ეფერება
–შენ იყავი შვილო, მე მოვადუღებ ყავას და ერთად დავლიოთ სამივემ!
–ანა, ვერ გაიგე? – ნერვები ეშლება ლაზარეს და მაგიდას ისე ძლიერად ურტყავს მუშტს, პომიდვრები ძირს ცვივა. ძლიერად ეხეთქება იატაკს და საზიზღარი, წითელი აზელილი მასა ესხმევათ ფეხებზე
–ახლავე, ლაზარე, ახლავე გაგიკეთებ ყავას, რომელიც იმედია ცეცხლად შეგერგება! – ძლიან ჩუმად, ხაზგასმით ამბობს ანა და თვალებში უყურებს, მერე ბრუნდება და სამზარეულოსკენ მიდის. შესული არაა, მის ხელს რომ გრძნობს იდაყვთან
–მოიქეცი ისე, როგორც ჩემ ცოლს შეეფერება! გასაგებია? – ხელს უჭერს და თავისკენ ქაჩავს
–გახსოვს ეს სიტყვები რომ მითხარი პირველად, რა გააკეთე? შენი ქმრობა რომ დამიმტკიცე.. გახსოვს, ლაზარე? – მკრთალად იღიმის, მაგრამ იმხელა ტკივილი ეწერება მოგონებების წამოშლისას სახეზე, ლაზარე დამფრთხალი ხტება უკან. მაინც შეძლო და გაახსენდა, მაინც ამოანთხია ის ზიზღი, მაშინ.. ჯერ ისევ პატარა ანა რომ გრძნობდა.
–ნუ ამბობ ამას, ანა.. იცი, რომ ვნანობ იმ დღეს. იცი, რომ თავი მეზიზღება ამის გამო.. – ჩავარდნილი აქვს ხმა
–ყავას გაგიკეთებ, ლაზარე..
ბრუნდება ანა და დაცემულს ტოვებს. ფსკერზე დაცემულს, უპატიებელს, განადგურებულს..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი mariami

გამორჩეულად საინტერესოა! გუშინ რამდენჯერ შევამოწმე და თურმე ატვირთული ყოფილა და არ ჩანდა :( დღეს დილით შოკი მქონდა ახალი თავის დანახვაზე ???? ძალიან საინტერესო სიუჟეტია და მაინც ამასა და მისი შვილების გამო ვკითხულობ ჯერჯერობით, რატომღაც ლაზარე მესუსტება... ვნახოთ, როგორ განვითარდება სიუჟეტი ^_^ დღეს დადე რა შემდეგი ????

 


№2  offline წევრი Tatutatu

შენ სულ უნდა წერო ...)) მართალია წინა ისტორიაზე არ დამიწერია კომენტარი მაგრამ ძალიან მომეწონა .. ასაკობრივი სხვაობა ხო სისუსტეა რატომღაც ჩემი : ))) ჩემი სახით ერთგული მკითხველი გყავს იცოდე და აბა შენ იცი )) წარმატებებიი !!!

 


№3  offline წევრი დარინა

უკვე ძალიან მიყვარს ეს ისტორიაა, აი ძალიან ცხოვრებისეულიაა, დღევანდელი ცხოვრების რეალურობას ასახავს, სულ მინდა რომ შენი ისტორიები ვიკითხოოო, მართლა ძალიან მეამაყებიი, აი ასეთი რომ ხარ, მიხარია რომ აღმოგაჩინეე, ჯერ კიდევ ვიკავებ თავს პერსონაჟების შეფასებაზეე, მაგრამ ლაზარეზე ცოტაზე მაინც გაბრაზებული ვარ, ტკივილმა ასე არ უნდა დაგაბრმავოს რომ ასეთი სისულელეები აკეთოო, არ ვიცი ამის შემდეგ როგორ უნდა მოიგოს ოჯახის გულიი, ჯერ კიდევ რეზის იმედგაცრუება გამომყვააა, ხომ იცი როგორ ვაიდეალებდი თავიდან და ნინამ აპატია მაგრამ მე ვერ ვაპატიე იმედგაცრუებააა, ახლა ლაზარეს პერსონაჟის განვითარებას ველოდებიიი, აი მინდა, რომ ცოტათი იმედები გამიმართლოს მაინც. სულმოუთქმელად ველოდები შემდეგს.

 


№4  offline წევრი qetulaa

Imdeni emociaaa zambarasavit dachimuli vkitxulobdi, lazare araa namdvili mamakacii, sustia zaliann, imedia ragac moxdeba bizgi da gamoafxizlebss, mixvdeba eom uarwsi ubedurebac sheizleba arsebobdess, mis ojaxs araferi daushavebiaa, yochagg, zalian magariaaa

 


№5  offline მოდერი Tamta.k

ძალიანნ კარგია, მომწონს❤️❤️

 


№6  offline წევრი გლოკტა

უნიჭიერესი გოგო ხარ.
ყველაფერი წავიკითხე შენი და გავვოცდი, იმდენად სწორად და გამართულად წერ.
სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება, გამოჩნდა მიზეზიც რის გამოც ასე შიეცვალა ლაზარე. უფრო დავინტრიგდი.
ინტერესი მკლავს როგორ განავითარებ ისტორიას და როგორ წაიყვან, შენი ფანტაზიის იმედი ნამდვილად მაქვს.
გელოდები და იცოდე, რომ ერთ-ერთი უმაგრესი გოგო გამოუჩნდა საიტს შენი სახით .

 


№7  offline წევრი P.A.

mariami
გამორჩეულად საინტერესოა! გუშინ რამდენჯერ შევამოწმე და თურმე ატვირთული ყოფილა და არ ჩანდა :( დღეს დილით შოკი მქონდა ახალი თავის დანახვაზე ???? ძალიან საინტერესო სიუჟეტია და მაინც ამასა და მისი შვილების გამო ვკითხულობ ჯერჯერობით, რატომღაც ლაზარე მესუსტება... ვნახოთ, როგორ განვითარდება სიუჟეტი ^_^ დღეს დადე რა შემდეგი ????

შეძლებისდაგვარად მალე ვდებ ხოლმე, თუმცა მაშინვე არ იტვირთება.. მიხარია რომ მოგწონს, წინ ბევრი რამ გელით და იმედი მაქვს ისიამოვნებ..<3

Tatutatu
შენ სულ უნდა წერო ...)) მართალია წინა ისტორიაზე არ დამიწერია კომენტარი მაგრამ ძალიან მომეწონა .. ასაკობრივი სხვაობა ხო სისუსტეა რატომღაც ჩემი : ))) ჩემი სახით ერთგული მკითხველი გყავს იცოდე და აბა შენ იცი )) წარმატებებიი !!!

უღრმესი მადლობა, იმედი მაქვს იმედს არ გაგიცრუებ და ბოლომდე გამომყვები<3

დარინა
უკვე ძალიან მიყვარს ეს ისტორიაა, აი ძალიან ცხოვრებისეულიაა, დღევანდელი ცხოვრების რეალურობას ასახავს, სულ მინდა რომ შენი ისტორიები ვიკითხოოო, მართლა ძალიან მეამაყებიი, აი ასეთი რომ ხარ, მიხარია რომ აღმოგაჩინეე, ჯერ კიდევ ვიკავებ თავს პერსონაჟების შეფასებაზეე, მაგრამ ლაზარეზე ცოტაზე მაინც გაბრაზებული ვარ, ტკივილმა ასე არ უნდა დაგაბრმავოს რომ ასეთი სისულელეები აკეთოო, არ ვიცი ამის შემდეგ როგორ უნდა მოიგოს ოჯახის გულიი, ჯერ კიდევ რეზის იმედგაცრუება გამომყვააა, ხომ იცი როგორ ვაიდეალებდი თავიდან და ნინამ აპატია მაგრამ მე ვერ ვაპატიე იმედგაცრუებააა, ახლა ლაზარეს პერსონაჟის განვითარებას ველოდებიიი, აი მინდა, რომ ცოტათი იმედები გამიმართლოს მაინც. სულმოუთქმელად ველოდები შემდეგს.

მემგონი წინა ისტორიაზე მძიმე გამომდის.. იმდენი აზრი მიტრიალებს თავში, რა როგორ გაამიბრუნდება მეც არ ვიცი ჯერ:დ მადლობა შენ, რომ ისევ აქ ხარ..<3

qetulaa
Imdeni emociaaa zambarasavit dachimuli vkitxulobdi, lazare araa namdvili mamakacii, sustia zaliann, imedia ragac moxdeba bizgi da gamoafxizlebss, mixvdeba eom uarwsi ubedurebac sheizleba arsebobdess, mis ojaxs araferi daushavebiaa, yochagg, zalian magariaaa

ეჰ, მხოლოდ ეს რომ იყოს:დ იმდენი რამ მოხდა მათ შორის.. ნელ-ნელა ყველა კარტი გაიხსნება..

Tamta.k
ძალიანნ კარგია, მომწონს❤️❤️

მადლობა დიდი, მიხარია რომ მოგწონს<3

გლოკტა
უნიჭიერესი გოგო ხარ.
ყველაფერი წავიკითხე შენი და გავვოცდი, იმდენად სწორად და გამართულად წერ.
სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება, გამოჩნდა მიზეზიც რის გამოც ასე შიეცვალა ლაზარე. უფრო დავინტრიგდი.
ინტერესი მკლავს როგორ განავითარებ ისტორიას და როგორ წაიყვან, შენი ფანტაზიის იმედი ნამდვილად მაქვს.
გელოდები და იცოდე, რომ ერთ-ერთი უმაგრესი გოგო გამოუჩნდა საიტს შენი სახით .

ისეთმა გაბადრულმა წავიკითხე ეს კომენტარი, ჩემ თავზე მეციბა:დ უღრმესი მადლობა ასეთი თბილი და მაგარი სიტყვებისთვის და, რაც კიდევ უფრო მთავარია, იმ სტიმულისთვის, რაც ახლა შენმა სიტყვებმა მომცა.. როგორ არ უნდა ვეცადო ამის მერე კიდევ უფრო, რომ ძალიან მაგარი გამოვიდეს ისტორია..<3

 


№8  offline წევრი dakarguli

საოცარი სტილი გაქვს წერის, რა მაგარი ხარ ❤
ძალიან მეცოდება ლაზარე, ვფიქრობ ყველაფერში მხოლოდ თვითონ არ უნდა იყოს დამნაშავე... საინტერესოა რა მოხდება მომავალში და რა მოხდა წარსულში
ჩემი ფავორიტი ხარ ❤❤

 


№9  offline წევრი P.A.

dakarguli
საოცარი სტილი გაქვს წერის, რა მაგარი ხარ ❤
ძალიან მეცოდება ლაზარე, ვფიქრობ ყველაფერში მხოლოდ თვითონ არ უნდა იყოს დამნაშავე... საინტერესოა რა მოხდება მომავალში და რა მოხდა წარსულში
ჩემი ფავორიტი ხარ ❤❤

ვაიჰ, დიდი მადლობა!<3 საოცრად მიხარია, მართლა.. სულ მალე დაიდება ახალი თავიც^^

 


№10  offline წევრი LI_BE

ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ლაზარე მეცოდებოდეს. არ ვიცი, ვინ რა დააშავა წარსულში, მაგრამ ერთი ვიცი, რომ არც ტყუპებს და არც ნუცას არაფერი დაუშავებიათ. ამიტომ ჯერ, ლაზარეს ატანა არ მაქვს. და მისი თბილი და მზრუნველი მზერა და ხმა უფრო ყალბი მეჩვენება, ვიდრე მისი გამყინავი და მკაცრი ცხვირპირი.

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.