შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი III, თავი 18] (18+)


21-11-2018, 20:48
ავტორი ჰაიკო
ნანახია 430

წყურვილი [ნაწილი III, თავი 18] (18+)

     იატაკზე სისხლის გუბეში გაშეშებული იწვა გოგონას სხეული, მისი ლამაზი, სისხლით მოსვრილი თავი კი მაგიდაზე იწონებდა თავს და გაყინული, ჩამქრალი თვალებით ლუციუსს მიშტერებოდა, გვერდით,  ლითონის განიერ ლარნაკში სისხლშემხმარი გული იდო...
     - ჯანდაბა, - ტუჩი მოიკვნიტა ქერა უკვდავმა და მობილური მოიმარჯვა.
     - ლუციუს, - გაისმა მიას შეშინებული ხმა.
     - ვწუხვარ, მის ჯეკსონ, ვერ გადავარჩინე, ვერ მოვუსწარი, - უემოციოდ თქვა ქერა უკვდავმა და ჯესიკას გახევებულ სხეულს მზერა შეავლო.
     - ღმერთო, - აღმოხდა მიას, შემდეგ მისი ქვითინი მოისმა და ტელეფონი გაითიშა.
     ლუციუსმა უხმოდ ჩაიცურა ტელეფონი კოსტიუმის შიდა ჯიბეში, შემდეგ მაგიდიდან ჯესიკას თავი და გული აიღო, სხეულის გვერდით დაალაგა, საწოლს ზეწარი გადახადა, გვამს გადააფარა, შემდეგ კვლავ მოიმარჯვა ტელეფონი და სენსორულ კლავიატურაზე 911 აკრიფა.
     - გადაუდებელი სიტუაციების სამსახური, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მოისმა ქალის მონოტონური ხმა.
     ლუციუსს არაფერი უპასუხია, ტელეფონი გათიშა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და მოჩვენების სისწრაფით გაუჩინარდა.

*****

     ბოგდანის ხისგან ნაგები სახლი უჩვეულო მდუმარებაში ჩაძირულიყო. კიბის საფეხურებთან, რომელიც ვერანდას უკავშირდებოდა, რამდენიმე ახოვანი მგელკაცი იდგა, დაბალი ხმით საუბრობდნენ, თითქოს არ სურდათ მიცვალებულისთვის მყუდროება დაერღვიათ. დრო და დრო სახლს გახედავდნენ ხოლმე.
     პირველი სართულის ჰოლიდან ავეჯი გაეტანათ, მხოლოდ შავი, ხისგან შეკრული მოჩუქურთმებული კუბო იდგა ოთახის შუაგულში. კუბოს ორივე მხარეს უკანა ფეხებზე შემდგარი, ხახადაღრენილი მგელი ამოეკვეთათ. კუბოს თავთან და ბოლოსთან სურნელოვანი ნახერხი ბოლავდა, ოთახი სუსტად იყო განათებული სანთლების შუქით, რომლებიც გარს შემორტყმოდნენ კუბოს.
     ოთახში ხალხის ნაკლებობა იგრძნობოდა, კუბოსთან იჯდა თავჩაღუნული ბოგდანი. ალფა მგელკაცი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შესამჩნევად მობერებულიყო, თითქოს მხრებში მოიხარა და თმაში ჭაღარა გამოერია, მძლავრად მომუშტული მარცხენა მუხლზე დაესვენებინა, მარჯვენა, დაძარღვული მკლავი კი კუბოს კიდეზე დაედო და თითებით გაუცნობიერებლად ეფერებოდა პრიალა მატერიას, რომელიც მისი შვილის სხეულს ფარავდა.
     ბოგდანმა ფრთხილად გადასწია სუდარა და ჯესიკას დააკვირდა, ხელი გაიწოდა, ლოყაზე თითის წვერებით შეეხო და გველცემულივით გახტა უკან. არა, კუბოში მწოლიარე თვალებგაყინული და ტუჩებგათეთრებული სხეული არ იყო მისი შვილი, ის აღარასდროს შეხედავდა მხიარული, ეშმაკური ღიმილით, აღარც სახლს აავსებდა მისი უდარდელი წკრიალი, მისგან მხოლოდ სიცივე მოდიოდა...
     - ბოგდან, - მხარზე შეეხო ურსაისი, მძლავრი აღნაგობის მგელკაცი, რომელმაც კასტორის სიკვდილის შემდეგ კლანში ბეტა მგელკაცის პოსტი ეკავა.
     ბოგდანი შეხტა, გაველურებული თვალებით მიმოიხედა ოთახში და როდესაც ურსაისის სახე დაინახა, დამშვიდდა და თვალებში კვლავ სევდა და უზომო ტკივილი აღებეჭდა.
     - რა ხდება?
     ბეტა მგელკაცი ყოყმანობდა, არ ჩქარობდა პასუხის გაცემას.
     - ურსაის! - ფოლადმა იელვა ალფას ხმაში.
     - ბიჭები შენთან შეხვედრას ითხოვენ, - განზე გაიხედა ურსაისმა, ვერ შეძლო თვალი გაესწორებინა ხროვის მეთაურის სამართებელივით მჭრელი გამოხედვისთვის.
     ბოგდანს თვალები დაუვიწროვდა.
     - რისთვის? მე ვგლოვობ!
     - მათ სურთ ყველამ ერთად გთხოვოს, ბოგდან..
     - მთხოვონ? - გაოცება გამოეხატა ალფას სახეზე, - რას გულისხმობ?
     - მათ სურთ ჯესიკასთვის შურისძიების უფლება გამოგთხოვონ, - მტკიცედ თქვა ურსაისმა, - მიეცი მათ ამის უფლება, ისინი შენთვის სიცოცხლეს გასწირავენ, ბოგდან.
     ბოგდანმა ნელა დააქნია თავი, მხარზე ხელი დაადო ბეტა მგელკაცს, ოდნავ მოუჭირა.
     - კარგი, - თქვა ბოლოს, - უთხარი მათ, რომ შევხვდები. როდის სურთ ეს?
     - ისინი უკვე აქ არიან, ბოგდან, - გაიღიმა ურსაისმა.
     ბოგდანმა კუბოში მწოლიარე სხეულს დახედა, დაიხარა, გაყინულ და ნაცრისფერშეპარულ შუბლზე ფრთხილად აკოცა, სუდარა გადააფარა და კარისკენ გაემართა, ურსაისი და კიდევ ორი მგელკაცი, რომლებიც ხროვის იერარქიაში მესამე და მეოთხე პოზიციას იკავებდნენ, უკან მიჰყვნენ.
     ვერანდაზე გასულ ბოგდანს საოცარი სანახაობა გადაეშალა თვალწინ. სახლს და ტყეს შორის მდებარე პატარა მდელო ერთიანად გაევსოთ მაქციებს, უხმოდ იდგნენ, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებულნი, ამაყი გამოხედვით, თავები მაღლა აეწიათ და უტეხი მზერით შეჰყურებდნენ ალფას, ხროვის უპირველეს მგელკაცს, ყველა მაქცია ტრანსფორმირებული იყო, მოყვითალო-მომწვანო თვალებს მრსხანედ აელვარებდნენ, ადგილზე ვერ ისვენებდნენ, ფეხს ინაცვლებდნენ, ალფა მგელკაცის ტკივილს გულით და სულით იზიარებდნენ და ყრუდ ღმუოდნენ, რა დროსაც მთვარის ცისფერ სხივებს მათ საშინელ ეშვებზე გაჰქონდა ციალი.
     ალფა მგელკაცმა თვალები მოჭუტა, შინაგანი კმაყოფილება იგრძნო, მთვარეს ახედა და მკერდიდან მრისხანე ყმუილი ამოუშვა, მდელოზე შეკრებილებმა მას მიბაძეს.
     ბოგდანმა ელვისებური ნახტომი გააკეთა, ჰაერში ტრანსფორმირდა და ხროვის შუაგულში დახტა ოთხზე, წამოიმართა და ხროვის წევრებს საშინელი, გამანადგურებელი მზერა მოავლო.
     მის მზერას ვერ გაუძლო ვერც ერთმა მათგანმა, ყველა ცალ მუხლზე დაეშვა და თავი ჩაღუნა, სანამ ბოგდანმა არ ანიშნა, ადექითო.
     - ძმებო, - მიმართა მრისხანე ხმით, - დღეს ჩვენს ხროვას კიდევ ერთი უბედურება ეწვია, კასტორის შემდეგ სისხლისმსმელებმა ჩემი შვილიც მოკლეს...
     ხროვამ სინანულით დაიყმუვლა.
     - ურსაისმა თქვენი შეკრების მიზეზი გადმომცა, - ბეტა მგელკაცისკენ გაიწოდა ხელი, - მე თანახმა ვარ!
     ამ სიტყვებს აღტაცების ღრიალი მოჰყვა.
     - მაგრამ, - ბოგდანმა ხელი მბრძანებლურად ასწია და მაქციები მყისიერად დადუმდნენ, - მე არ მსურს რომელიმე თქვენგანი უაზროდ დაიღუპოს, მტერი ძლიერია, ძალიან ძლიერი...
     - მათი არ გვეშინია, - დაიღრინა ურსაისმა და ეშვები გააელვა.
     ბოგდანი სწრაფად მოტრიალდა და თვალი-თვალში გაუყარა.
     - ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას, ურსაის, მინდა რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ.
     - ბოგდან, ნება მოგვეცი მთელი სალემი სისხლში ჩავახრჩოთ, ისე მოვექცეთ მათ, როგორც ჩვენ გვექცევიან!
     - რას აპირებთ? - ჰკითხა ალფა მაქციამ.
     - ჯესიკასთვის და კასტორისთვის, - დაიღრიალა ურსაისმა და მაქციებს თვალი მოავლო, შემდეგ ბოგდანს მიუბრუნდა, - ამ ქალაქში ყველა ჩვენი მტერია, ბოგდან, საიდუმლო საბჭო, ვამპირები, ხალხი... ვანახოთ მათ, რომ მაქციათა კლანი არ დასუსტებულა, არ დაძაბუნებულა და მტერს საკადრის პასუხს გასცემს, ყველგან და ყოველთვის.
     - შენი გეგმა როგორია?
     - ქალაქგარეთ მდებარე ბარიდან დავიწყებთ, - მიუგო ურსაისმა, - შემდეგ საიდუმლო საბჭოს წევრებს მივადგებით, ყველას ვცნობთ, ვერავინ წაგვივა ცოცხალი, - მას ბოროტად აუელვარდა თვალები, - შემდეგ კი სისხლისმსმელების ჯერიც დადგება.
      ბოგდანმა ორივე ხელი მხარზე დაადო ბეტა მგელკაცს, წინ გადაიხარა და თვალებში ჩააცქერდა.
     - წადით, - დაიღრინა მან, - წადით და ყველა მოკალით, ყველა, ვისაც უმცირესი წვლილიც კი მიუძღვის ჩვენს უბედურებაში, არავინ დაზოგოთ, ურსაის, მოქმედების სრულ თავისუფლებას გაძლევთ!
     ურსაისს სახეზე გაშმაგება გამოეხატა, თავი დაუკრა ხროვის წინამძღოლს, მისი ხელი აიღო, ჯერ მოწიწებით ეამბორა, შემდეგ წამოდგა და ხროვას თვალი მოავლო.
     - ძმებო, თანხმობა მიღებულია, სიკვდილი ჩვენს მტრებს!
     - სიკვდილი ჩვენს მტრებს! - ექოდ გაისმა ჩაბნელებულ ტყეში მაქციების მრისხანე ღრიალი.
     - ურსაის, - მიმართა ბოგდანმა წასვლამდე, - დაიმახსოვრე, მე ის მხოლოდ ცოცხალი მჭირდება, მხოლოდ ცოცხალი!
      ურსაისმა კიდევ ერთხელ დაუკრა თავი ალფას, კიდევ ერთხელ ეამბორა ხელზე და ტყის სიბნელეში გაუჩინარებულ ხროვის წევრებს მიჰყვა.
     ბოგდანი ერთხანს ტყეს გაჰყურებდა, შემდეგ სახლისკენ გაემართა, მცველები უკან მიჰყვნენ.
     არავის შეუმჩნევია სახლის სიახლოვეს მდგარი ტანმაღალი ხის ვარჯში გაყურსული მამაკაცი, რომელიც შავი თვალებით ზვერავდა გარემოს და სიტუაციას, ამ დროს ღრუბლებიდან მთვარემ გამოანათა და მის მარცხენა ხელის არათითზე წამოცმული გვირგვინოსანი ბეჭედი ავისმომასწავებლად და ავბედითად ააბრჭყვიალა...

*****

     რამდენიმე წლით ადრე. ფლორიდის ჯუნგლები...


- ბატონებო და ქალბატონებო, - ყურადღების უკეთ მისაქცევად საშუალო სიმაღლის, ძალიან ლამაზი, შოკოლადისფერთვალებიანი ქალი წაქცეულ ხეზე შემომდგარიყო, სავსე მკერდზე შვენოდა თეთრი, უსახელოებო მაისური, ჯინსის შარვალი და CATERPILLAR-ის მაღალყელიანი სალაშქრო ბათინკი, რომელსაც ძირითად შემთხვევებში უსწორმასწორო რელიეფზე გადაადგილებისას იყენებენ ხოლმე.
     მისი ტკბილი ხმის გაგონებისას დაახლოებით ათი-თხუთმეტი კაცი, ქალი და ბავშვი მისკენ შემოტრიალდა, რომლებიც მანამდე ჯუნგლების თვალიერებით იყვნენ გართული.
     - ოც დოლარს ჩამოვდივარ, რომ ტურის დასრულებამდე ის ჩემი გახდება, - გადაულაპარაკა ერთმა ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის მამაკაცმა მეორეს, ნაკლებად სიმპათიურს, ჟღალწვერას და ხუჭუჭთმიანს.
     - თანახმა ვარ, - ღიმილით დაეთანხმა ხუჭუჭთმიანი.
     - დღეს აზრი აღარ აქვს ლაშქრობის გაგრძელებას, მეგობრებო, - ხალხს მიმართა ქალმა და ჯუნგლების კიდესთან მდებარე მცირე ველს თვალი მოავლო, - ამაღამ აქ დავბანაკდეთ, ხვალ დილას კი გზა განვაგრძოთ, ღამე კოცონთან გეპატიჟებით, - ღიმილით დაასრულა მან და საკუთარი, პატარა კარვის გაშლას შეუდგა.
     - მიყვარს ამერიკელი ქალები, - კვლავ გადაულაპარაკა სიმპათიურმა ხუჭუჭთმიანს, - ისინი ისეთი თბილები და უშუალონი არიან.. - და მეგობარს თვალი ჩაუკრა.
     ხუჭუჭთმიანს მის ორაზროვან სიტყვებზე ხმამაღლა გაეცინა, თავი გააქნია და ზურგჩანთა მოიხსნა.
     დაღამდა. მხიარული საზოგადოება კოცონის გარშემო შეკრებილიყო, აქ იყვნენ იტალიელები, ფრანგები, ინგლისელები, შორეული ავსტრალიიდანაც ჩამოსულიყო ცოლ-ქმარი, ყველა გასუსული იჯდა, ლუდს წრუპავდნენ და ყურადღებით უსმენდნენ მისის ჯეკსონს, ამ ლაშქრობის გიდს და წინამძღოლს.
     - ადრე ამ ადგილებში, სადაც ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით, - მისის ჯეკსონმა ხალხს თვალი მოავლო, - ინდიელები ცხოვრობდნენ, სემინოლების ტომი, რომლებიც ფლორიდის ნახევარკუნძულის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდნენ, მათ ფლორიდაში ესპანელთა ბატონობა დაამხეს და თავისუფლება მოიპოვეს, ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ, ნადირობდნენ, თევზაობდნენ... შემდეგ კი.. - მან კოცონს გაუშტერა თვალი.
     ერთხანს სიჩუმემ იმეფა.
     - მისის ჯეკსონ..
     - მაპატიეთ, - გამოცოცხლდა ქალი, - შემდეგ კი მათი სიმშვიდე მოულოდნელად დაირღვა, გამოჩნდნენ თეთრკანიანები, რომელთა უძღებ ბუნებას საოცრად იზიდავდა ეს ნაყოფიერი და ლამაზი მხარე, მათ არტილერია და ცეცხლსასროლი იარაღის დიდი მარაგი ჰქონდათ, ინდიელებს კი მშვილდ-ისრები და იშვიათ მათგანს ესპანელებისგან დატოვებული კაჟის თოფები.. ინდიელები დიდი ხნის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ მშობლიური მიწის დასაცავად, უამრავი თეთრკანიანი დაიღუპა მათთან ბრძოლაში, მაგრამ საბოლოოდ მტრის მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა, სემინოლები დამარცხდნენ.. პრეზიდენტმა ენდრიუ ჯეკსონმა ისინი დასავლეთით, ტეხასის და მიმდებარე შტატების ხრიოკ ტერიტორიებზე გადაასახლა.. 
     კოცონის ირგვლივ შეკრებილთა შორის სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა ფიქრებით გადაშვებულიყო იმ სისხლიან დროში და ინდიელთა ტრაგედიაზე ფიქრობდა, თანაუგრძნობდნენ თავისუფლებისთვის თავგანწირულ გმირებს.
     მისის ჯეკსონმა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა და ლუდი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა, შემდეგ წამოდგა, ხალხს თავაზიანად დაემშვიდობა და საკუთარი კარვისკენ გასწია.
    .... დაახლოებით შუაღამე იქნებოდა, როდესაც მისის ჯეკსონს გამოეღვიძა, უფრო სწორად, რაღაც ხმაურმა გამოაღვიძა, მოეჩვენა, თითქოს ვიღაცამ თუ რაღაცამ ჯუნგლების ზოლში ხმაურით გაიარა, ტოტების ლაწა-ლუწს მიამსგავსა. ჩუმად იწვა, საძილე ტომარა ნიკაპამდე შეეკრა და შიშისგან თვალებგაფართოებული აყურადებდა გარემოს.
     ხმაური აღარ განმეორებულა. მისის ჯეკსონმა იფიქრა, მომეჩვენაო, ჩაიცინა, ხელი გაიწოდა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, მაგრამ სანთებელა ვერაფრით იპოვნა, მთელი კარავი მოჩხრიკა, მაგრამ ამაოდ.
     - ჯანდაბა, - გაიფიქრა უკმაყოფილოდ.
     ერთხანს კუშტი სახით იწვა თავქვეშ ხელებამოდებული და კარვის ჭერს მიშტერებოდა, ბოლოს ნიკოტინის ნაკლებობამ მის ნებისყოფას სძლია, უკმაყოფილო ბურტყუნით ამოიცვა მოკლე შორტი, შიშველი ფეხები ბათინკებში ჩაყო და კარვიდან გამოძვრა.
     - მისის ჯეკსონ, რამ შეგაწუხათ ამ შუაღამისას? - სიმპათიური ყმაწვილი, რომელიც მისი გულის და არამარტო გულის მოგებით იმუქრებოდა, ხის ტანს მიყრდნობოდა და უდარდელი გამომეტყველებით აბოლებდა სიგარეტს.
     - როგორ შემაშინეთ, - გაიღიმა მისის ჯეკსონმა, - სანთებელას ვეძებდი, მაგრამ სადღაც გაქრა, შეგიძლიათ მომიკიდოთ?
     - რა თქმა უნდა, სიამოვნებით, - მიუგო ყმაწვილმა, - მე სტენლი მქვია, ლონდონიდან ვარ.
     - სასიამოვნოა, - მიუგო ქალმა და სიაგრეტზე მოკიდება ვერ მოასწრო, რომ უეცრად რაღაცამ გაიელვა და სტენლი გაქრა. მისის ჯეკსონი გაოგნდა, სიგარეტი არ გახსენებია, აკანკალებული ხელით მოჩხრიკა ჯინსის ჯიბე და ხელის ფანარი მოიძია.
     ხესთან, სადაც სტენლი იდგა, სისხლის გუბემ გაიელვა ფანრის შუქზე, ქალმა პირზე აიფარა ხელი, რომ არ წამოეყვირა და ბანაკში პანიკა არ გამოეწვია, საკუთარ თავს სძლია, ფანარი მოიმარჯვა და ჯუნგლებში ფრთხილი ნაბიჯით შევიდა.
     - სტენლი, - დაიძახა ხმადაბლა.
     ხშირი ჯუნგლები მთვარის შუქს ხელს უშლიდა, რომელიც ტანმაღალი ხეების ვარჯის გავლით ზანტად მოიწევდა ქვემოთ. გამწვანებულ გვიმრებს და ხავსმოდებულ ლოდებს ოხშივარი ასდიოდა, ჯუნგლებში ჰაერი უკიდურესად დამძიმებული და გასქელებული იყო.
     - სტენლი..
     არც ამჯერად მიუღია პასუხი. ქალმა მთვარის სხივებით სუსტად განათებულ მდელოს მიაღწია.
     - სტენლი...
     - ვწუხვარ, - გაისმა ცინიკური ხმა და მდელოს მეორე ბოლოში შავი ჩრდილი აღიმართა.
     ქალმა მზერა დაძაბა, სცადა უცნობის სახის ნაკვთები გაერჩია, მაგრამ ვერ შეძლო.
     - სტენლი, ეს შენ ხარ? - მის ხმაში შიშმა გაჟონა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
     - არა, მისის ჯეკსონ, - ზედ მის ყურთან გაისმა, ამავდროულად რკინასავით მტკიცე ხელი ყელში სწვდა და მაღლა ასწია.
     ქალს ფანარი ხელიდან გაუვარდა, ყელზე შემოჭდობილი ფოლადის თითების ზემოქმედებით ხრიალი აღმოხდა და უმწეოდ აფართხალდა, ის კი მტკიცედ იდგა, ბოროტად იღრინებოდა და წყვდიადივით შავი თვალებით უმოწყალოდ შემოჰყურებდა ქვემოდან.
     - ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდით, მისის ჯეკსონ, - დაილაპარაკა დემონმა და მოელვარე ეშვები გამოაჩინა, - პირადული არაფერი, უბრალოდ ძალიან მშიერი ვარ, თქვენს სისხლს კი ისეთი სუნი ასდის... - მტაცებელმა თვალები დახუჭა და სახეზე ნეტარება გამოესახა.
     - გთხოვთ... - ამოიხრიალა ქალმა.
     - ნუ მთხოვ, - თავი გააქნია მტაცებელმა და თვალები გაახილა, რომლებიც სისხლის ტბებს დამსგავსებოდა, შემდეგ სახეზე ბოროტი ღიმილი გადაეფინა, ქალის სახესთან საზარელმა ეშვებმა გაიელვა და მისის ჯეკსონის ხრიალი სისხლში ჩაიძირა...

*****

     კეი ჩუმად იჯდა დივანზე, ყავას მიირთმევდა და მია ჯეკსონის ლამაზ პროფილს შეჰყურებდა. ლუციუსის ზარის შემდეგ მიაც და კეიც დამწუხრდნენ, მართალია, ბოლო დროს ჯესიკა მათ მტრად ითვლებოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მათი კურსელი და ყოფილი მეგობარი იყო.
     - რაღაც თემაზე მინდა ვილაპარაკოთ, - უხერხულად ჩაახველა კეიმ და ფინჯანი პატარა მაგიდაზე დადგა.
     - გისმენ, - გოგონა არ იჩენდა დიდ ყურადღებას.
     - მარკზე მინდოდა საუბარი..
     მია შეკრთა, თუმცა არ მოუხედია კეისკენ. გულის სიღრმეში ყოველთვის გრძნობდა უდიდესი დანაშაულის გრძნობას თავისი პირველი სიყვარულის წინაშე, ამაზე ხშირად ფიქრობდა, თითქოს გული ორად ჰქონდა გაყოფილი, თითქოს ორივე პიროვნების სიყვარულს იტევდა იგი, მარკისასაც და შავგვრემანი პირველყოფილისასაც, მაგრამ ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ კოვაქსისადმი მისი გრძნობა განწირული იყო, დიდად გამოცდილი არასდროს ყოფილა ასეთ საკითხებში, მაგრამ ხვდებოდა, რომ დიდი ალბათობით ეს გრძნობა ფიზიკური ლტოლვა უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარული, რა შეეძლო შეეთავაზებინა მას კოვაქსისთვის, ამ ცხოვრებაზე გაბოროტებული და შეშლილი ვამპირისთვის, რომელიც ახლა ღმერთმა იცის სად დაეხეტებოდა და რა საშინელებებს სჩადიოდა..
     მიამ ამოიოხრა.
     - ვიცი, რომ მას საშინლად მოვექეცი, კეი, - ის ბიჭისკენ შებრუნდა, - მაგრამ როგორ მომექცა ის მე? რატომ მომექცა ასე?
     - მან ბევრი მათგანი სიკვდილისგან და ქალაქი განადგურებისგან იხსნა, - პირქუშად მიუგო კეიმ.
     - ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, თუ ჩვენ.. - მიას სიტყვა კარზე კაკუნმა გააწყვეტინა, როგორც ამ ბოლო დროს ხშირად ხდებოდა ხოლმე.
     - ვინ უნდა იყოს? - იკითხა კეიმ და შიშით გახედა ჩაბნელებულ დერეფანს, რომლის ბოლოშიც კარი მდებარეობდა.
     - არ ვიცი, - გოგონა წამოდგა, თუმცა ყოყმანობდა, მისულიყო თუ არა კართან, - ლუციუსი არასდროს აკაკუნებს, ის მირეკავს, როდესაც კართანაა..
     კაკუნი განმეორდა, უფრო მომთხოვნად და დაჟინებით.
     - არ გააღო, - წამოდგა კეიც.
     - ჩვენს ბედს მაინც ვერსად გავექცევით, - ამოიოხრა მიამ და კარის გასაღებად გასწია, კეი უკან მიჰყვა.
     მიამ ფრთხილად გამოაღო კარი და გაოცდა, კართან მდგარი პიროვნებები კი იყვნენ სისხლისმსმელები, მაგრამ საერთოდ არ იწვევდნენ მასში შიშს და სიფრთხილეს, არანაკლებ გაოცებული იყო კეიც.
     - მისტერ ვესტმორლენდ...
     - უნდა ვილაპარაკოთ, მის ჯეკსონ, - თბილი ხმით წარმოთქვა ჰეიტემმა და მეზერსს გადახედა, - ძმაო, ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყავი.
     მეზერსმა უხმოდ დაუქნია თავი და ღამის წყვდიადს მოჩვენებასავით შეერია.
     მიამ უცნაური სიმშვიდე იგრძნო, ხვდებოდა, რომ ჰეიტემ ვესტმორლენდს უხილავი ძაფები აკავშირებდა მასთან და ეს ყველაფერი ახლა, აქვე უნდა გარკვეულიყო, მან ფართოდ გამოაღო კარი და შოკოლადისფერთვალებიანი პირველყოფილი ჰიბრიდი სახლში შეიპატიჟა..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი უცნაური მე

კარგია ახალი თავი! :) მჭირდებოდა ნამდვილად :D წავიკითხავ და მოვალ მერე!

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
კარგია ახალი თავი! :) მჭირდებოდა ნამდვილად :D წავიკითხავ და მოვალ მერე!


კარგი:) მე კიდევ თქვენ მჭირდებით, თქვენი კომენტარები, სითბო და კრიტიკა:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3 წევრი goddess

როგორ საინტერესო მომენტზე აჩერებ ხოლმე რა laughing იმდენად საინტერესოდ წერ რომ რასაც დებ რაც არ უნდა დიდი მოცულობის იყოს მაინც არ მყოფნის heart_eyes ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ხარ ამ საიტზე heart_eyes და იმედია ახლა თავსაც მალევე დადებ heart_eyes

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

goddess
როგორ საინტერესო მომენტზე აჩერებ ხოლმე რა laughing იმდენად საინტერესოდ წერ რომ რასაც დებ რაც არ უნდა დიდი მოცულობის იყოს მაინც არ მყოფნის heart_eyes ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ხარ ამ საიტზე heart_eyes და იმედია ახლა თავსაც მალევე დადებ heart_eyes


სამ-ოთხ დღეში დავდებ ახალს. მადლობა რომ კითხულობ:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№5  offline წევრი უცნაური მე

კოვაქსი... კი ვიცოდი რომ მიას დედა მან მოკლა, მაგრამ მაინც იმოქმედა დეტალებში აღწერილმა.. :(
ჰეიტემის გამოჩენა მიხარია, იმედი მაქვს მიას დაიცავს, და ალბათ სიმართლესაც ეტყვის ვინ არის სინამდვილეში..
ბოგდანის და მისი ხალხის მე მეშინია :) კარგი რომ არაფერი მოხდება კი ვხვდები..
ძალიან დაძაბულობაა და ყოველი ახალი თავი მაშინებს, მყავს რამდენიმე გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟი, რომელთა სიკვდილიც არ მინდა.. თუმცა რას გვიმზადებ ავტორო წინასწარ შეუძლებელია განვსაზღვრო, იმდენად არაპროგნოზირებადიხარ))
მოკლედ ველოდები გაგრძელებას.. შენ კი კარგი ხარ!!

 


№6  offline წევრი ნორმი

ნამდვილად სუპერ!აქმადე წაკითხვა ვერ მოვასწარი ეხლაც სიკვდილის ღირსად მეზარებოდა,დავატანე საკუთარ თავს ძალა და სამი თავი ერთAდ წავიკითხე.
იმედია ჰეიტემი მალე ეტყვის მიას სიმართლეს!
დიდ თავებსდებ მაგრამ მაინც არ მყოფნის.
--------------------
ფარვანა

 


№7  offline წევრი უცნაური მე

მეგობარო, ახალი თავი როდის იქნება? ;) მოვიწყინე კოვაქსის გარეშე :P ველოდები უახლოეს დღეებში!

 


№8  offline მოდერი ჰაიკო

უცნაური მე
მეგობარო, ახალი თავი როდის იქნება? ;) მოვიწყინე კოვაქსის გარეშე :P ველოდები უახლოეს დღეებში!


პარასკევამდე მაცადეთ, არ მცალია მანამდე;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent