შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 14 თავი


9-12-2018, 18:19
ავტორი lullaby
ნანახია 2 304

2016 წელი, 23 სექტემბერი


***
სივრცეში დაკარგულივით ვგრძნობ თავს. ასე მგონია დედამიწაზე განვმარტოვდი. იმასაც ვერ ვხვდები, მაშინებს თუ არა ეს. არც ემოციებია, არც გრძნობები. შიში და ტკივილი გამქრალა. ცარიელი ვარ. უკუნეთს ვუსწორებ თვალს და ვცდილობ, რაღაც ვიგრძნო, მაგრამ არაფერია. ვაყოვნებ. ვიცდი, მაგრამ არაფერი ხდება. ერთხანს შეგუებას ვცდილობ, თუმცა შემდეგ ვაცნობიერებ, რომ არაფერი - ეს საშინელებაა. არაფერი ხდებოდეს, ვერაფერს გრძნობდე, იგივეა, არ არსებობდე. არაფრის შეგრძნება ისევ შიშს მგვრის და თითქოს თავიდან ვიბადები. მაგრამ ეს დაბადება არაა მშვიდი. ვიბადები ტკივილთან და ნაკაწრებთან ერთან. არსებობა, ადამიანობა რთულია, განსაკუთრებით ჩემი ფიქრებით და წარსულით, მაგრამ უარაფრობა გაცილებით უარესია.
ვარდნის შეგრძნებასთან ერთად მეღვიძება და ის-ისაა თვალებს ვახელ, რომ რაღაც ხმაურობს. ვერ ვარჩევ რა არის. კარის ძლიერად დახურვის, ჩამოვარდნის თუ დარტყმის ხმა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს დიდად ვერ მაფხიზლებს. ჩემზე საშიშად აღარ მოქმედებს, თითქოს უკვე მივეჩვიე ხმაურსა და ცუდს. თვალებს ისევ ვხუჭავ, მაგრამ მალევე ვაცნობიერებ, რომ გარემო უცხოა და ისევ ვუბრუნდები ოთახს. იდაყვებზე ნელა ვიწევი და პატარა სპილოსძვლისფერკედლებიან სივრცეს ვათვალიერებ. მერე მახსენდება გუშინდელი ღამე და ისე სწრაფად ვდგები საწოლიდან, რომ თავბრუ მეხვევა. ფეხებში ისეთ საშინელ სისუსტეს ვგრძნობ, რომ მეშინია არ წავიქცე და ცოტა ხნით საწოლზე ვჯდები.
აქ კალესთან ერთად ვარ... არ ვიცი სად, მაგრამ მარტო არ ვარ და ეს უკვე კარგია... მახსენდება ჩემი აკვიატება. ის, თუ როგორ ვცდილობდი წინა დღეებში თავი მომეკლა და ამით დამესრულებინა აუარებელი პრობლემები, მაგრამ ახლა ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ ისაა, თუ სადაა მათე და რატომ არ რეკავს.
საწოლის გვერდით პატარა ძველ ხის ტუმბოზე წყალი და აბი დევს... იქვე წარწერაა, რომ დავლიო და ეზოში გავიდე. ჩემი მობილური არაა, არადა ჰაერივით მჭირდება ახლა მათეს ხმის გაგება... რა მოხდა გუშინ მას მერე, რაც საავადმყოფოდან წამოვედით? ასე უსულოდ როგორ მეძინა?
თეთრ აბს პირში ვიდებ და წყალს ვაყოლებ. სითხე მსიამოვნებს. შემდეგ ისევ ნელა ვდგები და საკუთარ თავს ვაკვირდები. უკეთ ვარ. ფანჯარასთან მივდივარ, გაუმჭვირვალე თეთრ ფარდას ვწევ და გარეთ ვიხედები... ცას ნაცრისფერი დასდებია, მაგრამ მზე მაინც ანათებს. ფანჯრის მინები წვიმის წვეთებითაა დაწინწკლული. ოთახს მიღმა მოზრდილი ეზოა. ეზო კი პირდაპირ ტყეს უერთდება... ჯერ ისევ მუქ მწვანედ შეფერილი ხეთა რიგი ერთდროულად მომნუსხველად და შემაძრწუნებლად გამოიყურება. რაღაც ძალიან ნაცნობ შეგრძნებას მიღვიძებს ეს გარემო, მაგრამ ვერ ვხვდები რას.
ვბრუნდები და ოთახიდან გავდივარ. სასტუმრო ოთახი ლამაზია. ოდნავ ცარიელი, მაგრამ მაინც ლამაზი. კალეს თბილისის სახლს ჰგავს. აქაც რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს. ნაცრისფერი ავეჯი, შავი მაგიდა და რამდენიმე კუთხის ყვავილი დგას. ჩამოფარებული მუქი ლურჯი ფარდების გამო ოდნავ ბნელა. სინათლეს ვრთავ და ჩემს მობილურს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ.
- კალე! - ვეძახი ბიჭს და ვაყურადებ, მაგრამ არ მპასუხობს. მოშორებით კიდევ ერთ ოთახს ვხედავ და მისკენ მივდივარ. ურდულს ვწევ, მაგრამ ვერ შევდივარ. კარი დაკეტილია. ის-ისაა ვბრუნდები, რომ გარედან ნაბიჯების ხმა მესმის და რამდენიმე წამში კალესაც ვხედავ. ხელი თავზე მიუბჯენია. მეორე ხელში პარკი უჭირავს და როგორც კი მხედავს მაგიდაზე დებს.
- გაიღვიძე? - მიღიმის, თუმცა ეს ღიმილი ის არაა, რაც უნდა იყოს. ჩემკენ მოდის და ჩასახუტებლად ხელებს განზე სწევს. მეხვევა, მაგრამ მე მაინც ვასწრებს მის შუბლზე წითელი ზოლის დანახვას. თმიდან სისხლი მოჟონავს.
- რა გჭირს, რა მოხდა? - უკან ვიხევ და მის თავს ვაკვირდები.
- ნუ გეშინია, ფარდულში ვიყავი და კარს მივარტყი თავი. - ისევ ეღიმება და სისხლისგან დასვრილი ხელისგულის სალფეთქით გაწმენდას ცდილობს. - იმდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, რომ დამავიწყდა, რამდენად დაბალია.
- ძალიან გტკივა? სად გაქვს აფთიაქის ყუთი? მოდი მივხედოთ...
- არ გინდა მირა... - შუბლზე ისვამს სველ სალფეთქს და წითელი ზოლიც ქრება. მიახლოვდება და ჩემს სახეს ხელებში იქცევს. - დაისვენე? თავს როგორ გრძნობ?
- ასე ხომ არ იქნები... - თვალს ვერ ვწყვეტ მის თავს.
- გეყოფა. - მაცქერდება კალე და მეც მის ქარვისფერ თვალებს ვუყურებ. დაღლილია, მაგრამ მათში ისეთი უცხო სხივი კრთის, აქამდე რომ არ შემინიშნავს. - უბრალო ნაკაწრია. ხსენებაც კი არ ღირს იმასთან, რაც შენ გემართება.
გული მეწურება. მისი სიტყვები იმაზე ფიქრს მაიძულებენ, რის განდევნასაც დროებით მაინც ვცდილობ. ვერაფრით ვეგუები იმ ფაქტს, რომ დარჩენილი ცხოვრება, თუ ამას გადავწყვეტ, მათზე ფიქრით მომიწევს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ყელში გაჩენილი ბურთის გადაყლაპვას ვცდილობ.
- სად ვართ? - ვეკითხები მას და თვალს ვარიდებ.
- უსაფრთხო ადგილას. - მოკლედ მპასუხობს, თუმცა ჩემგან განსხვავებით შორს ყოფნას არ ცდილობს. პირიქით. თითებს მიჭერს და მეც უკან გადადგმულ ნაბიჯს ვაჩერებ.
- ადევნება არ გაუჭირდებოდა.
- ამაზე ნუ ღელავ, მირა. - ისეთი დარწმუნებული ტონი აქვს, რომ მიკვირს. ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანი, რომელიც თავისი გეგმის ბოლოსკენ უშეცდომოდ გავიდა, ახლა, კალემ გააცურა. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენ მისგან თავის დაღწევა შევძელით.
- კარგი, ვთქვათ, აქ არაფერი გვემუქრება. რა უნდა გავაკეთოთ? სამუდამოდ აქ ხომ ვერ გავჩერდებით?
- მოდი, ჯერ მათე მოვიდეს. - ხელს მიშვებს კალე და ზურგს მაქცევს. მის მხრებს ვავლებ თვალს. მოუსვენრად ვარ. მოლოდინის და საფრთხის შეგრძნება არ მასვენებს, მიუხედავად კალეს სიმშვიდისა.
- ელაპარაკე? იცის სად ვართ?
- იცის. ღამით ავუხსენი.
- ჩემი მობილური სადაა? ვერ ვნახე.
- ხო, ეგ. გუშინ ისე უცბად წამოვედით საავადმყოფოდან, რომ... აღარც გამხსენებია.
- შენი მათხოვე, მათეს მინდა დაველაპარაკო. - ხელს ვუწვდი.
- ვცადე, გამორთული აქვს. - სავარძელში ჯდება კალე და ოხრავს. ხელი ისევ თავზე უდევს. გვერდით ვუჯდები და მის თითებს ვუყურებ, რომლებშიც სისხლით დასვრილ სალფეთქს ატრიალებს და მშვიდად სუნთქავს.
- იქნებ გამაყუჩებელი მაინც დალიო? - მისგან განხვავებით მისი თაავის გამო ვერ ვისვენებ.
- ასეც არ მტკივა.
- კარგი, არ ჩაგაცივდები. - გული მომდის, ასე უყურადღებოდ რომ ტოვებს ჭრილობას.
- მირა. - ამოსუნთქვას აყოლებს ჩემს სახელს და თითებს მიჭერს. - შეეშვი ამას. და მითხარი, თავს როგორ გრძნობ?
- არ ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ და ჩვენს ხელებს ვაკვირდები. მეუცხოვება. ადრე ყოველი მისი უმნიშვნელო შეხებაც კი მაღელვებდა და თავს მაკარგვინებდა. ახლა უბრალოდ დაცულობის განცდას მგვრის. მადლიერი ვარ, რომ ჩემს გვერდითაა და გულს მიჩქარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს განვლილ თანაცხოვრებას დღეს მხოლოდ ვნებიან წარსულად ვთვლი. ამას ვაცნობიერებ და ის, რომ ჩემი და კალეს დასასრულის მიზეზი მე ვარ, რომ დამნაშავე ისევ მე ვარ, უარესად მხდის.
მახსენდება მისი გაცნობის დღე, მისი თითები ვისკის ჭიქაზე, თითოეული ვნებიანი ჩაჩურჩულება ყურთან და ყველა რისკიანი ნაბიჯი მასთან ერთად. მახსენდება საკუთარი თავი კალემდე და მის შემდეგ. მან ჩემში ბევრი რამ აღმომაჩენინა და მიუხედავად იმისა, რომ მაინც ის დავრჩი, რაც ვიყავი, სიახლეების შემდეგ ყველაფერს სხვაგავარდ ვუყურებ. მახსენდება მისი დამოკიდებულება იმ პრობლემებთან, რომლებიც ჩემთან ერთად გამოიარა და ჯერ კიდევ გაოცებული ვარ, როგორ და რატომ დარჩა მაინც ჩემთან. შემდეგ ვხვდები, რომ ამის მიზეზი ჰქონდა. ეს მითხრა კიდეც, მაშინ, საავადმყოფოში, როცა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. მითხრა, რას გრძნობდა ჩემს მიმართ და მახსოვს საკუთარი რეაქცია მის სიტყვებზე. მახსოვს და წარმოდგენა არ მაქვს, ამას როგორ შეველიე. თუმცა, როგორ არა. ჩემში ძალიან, ძალიან ძველმა, ყველაზე ძლიერმა და ყველაზე სანდო გრძნობამ გაიღვიძა. ამას მოლოდინში ვგრძნობ, მათეს მოლოდინში და რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ სულელი ვარ. სულელი ვარ, რადგან მთელი ჩემი ცნობიერი და ზრდასრული ცხოვრება გვერდით მყავდა ადამინი, რომელზეც ვერასოდეს ვამბობდი უარს და თურმე ეს არ ყოფილა მეგობრული ეგოიზმი. ეს უფრო დიდი და ძლიერი გრძნობა იყო. მე კი ბრმა და იმდენად ჩაკეტილი ვიყავი, რომ ლამის დავკარგე ის, რაც თურმე ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა. ახლა, როცა კალეს თითები ჩემს ხელისგულზე დასრიალებენ და მე შეხების გარდა ვეღარაფერს ვგრძნობ, ვხვდები რაც იყო ჩვენს შორის და ვხვდები რაცაა ჩემსა და მათეს შორის. მაგრამ ახლა... არ ვიცი ახლა რამდენადაა ამ თემაზე საუბრის დრო.
- ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხეულიდან ყველაფერი გამომაცალეს. ტირილი მინდა. ასე მგონია მიშველის, მაგრამ ცრემლებს ვერაფრით ვიგროვებ. მეგობრები მინდა ვიგლოვო... ღმერთო, თენგოც... ის ხომ სულ ახლახანს... - ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ემოციებს ვნებდები მაგრამ არა, ცრემლები არსად ჩანან. - მაგრამ ვერც ამას ვაკეთებ, კალე. ვერაფერს ვაკეთებ. არაფერი აღარ ვარ. - ჩემი სიზმარი მახსენდება და გულზე რაღაც მიჭერს. - ისინი დავკარგე და არაფერი აღარ ვარ.
- შენი კარგად მესმის. - ამბობს ის. რამდენიმე წამით გვერდიდან მიყურებს და შემდეგ ფეხზე დგება.
- შეენ? შენ როგორ... - თვალს ვაყოლებ მაგიდისკენ წასულს.
- დანაკარგის შეგრძნება ვიცი რაცაა. სულ ერთია ვინ იქნება ეს, მთავარია, რომ შენთვის მნიშვნელოვანია. კარგავ და მასთან ერთად იკარგება წარსულიც. ისე ქრება ყველაფერი, თითქოს არც უარსებია. დარჩენილი მოგონებები კი სიზმრებივით არიან. უკვე ვეღარ ხვდები რეალურად იყო ისინი, თუ არა. საბოლოოდ გამოგონილ რეალობას იღებ და თავს არარაობად გრძნობ.
- თან არსებობ და თან არა.
- თან არსებობ და თან არა. - იმეორებს ჩემს სიტყვებს. - შენთვის ახლა ძნელია. გგონია, რომ ვერ გაუძლებ, მაგრამ დრო გავა და მიხვდები, რამდენი შეუძლია ადამიანს. რამდენის ატანა და მოთმენა. და შემდეგ ამ მოთმენილით ცხოვრება.
- შენზე ბევრი რამ არ ვიცი კალე.
- დამიჯერე, - მის პროფილს დაძაბულ ღიმილს ვამჩნევ. - იცი.
- არა. მთელი ეს დრო ჩემს პრობლემებს დასდევდი. ჩემზე ვსაუბრობდით. ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებდა. შენ ჩემ გვერდით იყავი, ყოველთვის, მაგრამ დამავიწყდა, რომ შენზე ბევრი რამ უნდა მცოდნოდა.
კალე ჩემკენ ტრიალდება და მაგიდას ცალი ხელით ეყრდნობა. ისე მავლებს თვალს, თითქოს პირველად მხედავდეს და პირველად იქმნიდეს ჩემზე წარმოდგენას. ალბათ ნაწყენია და სულაც არ მიკვირს.
- ბევრი რამის ცოდნა. მგონი ამის დანაკლისი არასდროს გქონია, მირა. ჩვენ ერთმანეთისგან იმას ვიღედით, რაც გვჭირდებოდა. არ მეთანხმები? - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. თუმცა მისი საუბრის წარსული ფორმა ოდნავ მაბნევს. - თუ გგონია, მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩემზე არ ვსაუბრობდით და ჩემს ცხოვრებაზე შეკითხვებს არ მისვამდი, ცდები. ჩემში ეჭვი არასოდეს შეგპარვია, ხომ ასეა? - ისევ თავს ვუქნევ. - პირიქით რომ ყოფილიყო, შეკითხვებიც იქნებოდა. ასე, რომ ყველაფერი რიგზეა, მირა. - ის-ისაა შეპასუხებას ვაპირებ, რომ ისევ თვითონ აგრძელებს. - შეხედე, უკვე ორი დაიწყო, შენ კიდევ არაფერი გიჭამია. რაღაცები ვიყიდე, ცოტა წავიხემსოთ, სანამ მათე მოვა. მომეხმარები სამზარეულოში? - მაგიდიდან პარკს იღებს და პასუხისმომლოდინედ ღიმილით მიყურებს.



***
სამი საათი ხდება და მათესგან ისევ არაფერი ისმის. ფორიაქი იმდენად მაწუხებს, რომ სახლში ვეღარ ვჩერდები და ეზოში გავდივარ. უცნაური ამინდია. მიწა წვიმისგანაა დარბილებული. როგორც ჩანს, აქ წინა დღეებში წვიმდა. ირგვლივ ყველაფერი ჩამუქებულია. მოღრუბლულია, მაგრამ ნაცრისფერი ციდან მზე მაინც ცდილობს თავისი სხივების ჩვენამდე მოწვდენას. არ ცივა. აქაურობა არაჩვეულებრივი იქნებოდა ზაფხულში, მხურვალე ქალაქისგან შორს. ახლა კი მხოლოდ თავშესაფარია და ისიც კი არ ვიცი, რამდენად საიმედო. უკანა ეზოდან ქვის ბილიკი ორად იყოფა. ერთი ტყის პირას, პატარა ფარდულისკენ მიდის, მეორე კი სახლის წინა მხარეს. ერთხანს ფარდულს ვუყურებ. დროის გასაყვანად იქ მისვლას და მის დათვალიერებას ვფიქრობ, მაგრამ მაინც საპირისპირო მხარეს მივდივარ.
ჭიშკართან კალეს ვხედავ, რომელსაც მანქანისთვის სახურავი აუხდია და რაღაცას საქმიანობს. ალბათ ნაბიჯების ხმა ესმის, ღიმილით მავლებს თვალს და საქმეს განაგრძობს. სახლის წინა ეზო გაცილებით პატარაა. ქვის ბილიკი ჭიშკრამდე მიდის. აქედან ნათლად ჩანს, რომ კალეს სახლი საკმაოდ დაშორებულია სოფელს. ქუჩა ცარიელია. ალბათ ამინდის გამო.
- ისევ იწვიმებს. - მესმის კალეს ხმა.
- უხდება აქაურობას.
- აქ არ გიცხოვრია და ამას ამიტომ ამბობ.
- ალბათ დიდი ხანია აქ არ ყოფილხართ.
- მშობლები კი, წლებია არ ყოფილან. შარშანდელი ზაფხული აქ გავატარე.
უცბად შორიდან რაღაცის ხმა აღწევს ჩვენამდე. დავარდნისას ან ჩამოყრის ხმას ჰგავს. უკან ვიხედები. ფარდულის გარდა ვერაფერს ვხედავ.
- მეზობლის ძაღლი იქნება. - ამბობს კალე ისეთი გამომეტყველებით, თითქოს იმ ძაღლს ვერ იტანდეს.
- ვნახოთ, ხომ არაფერი გააფუჭა. - ის-ისაა ნაბიჯებს ვდგამ, რომ მანქანის ხმა მესმის. ჭიშკრისკენ ვბრუნდები და შორიდანვე ვხედავ მათეს მანქანას. სიხარულისგან ჰაერს ხარბას ვისუნთქავ და ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ, თითქოს არაფერი მაწვებოდეს გულზე. თითქოს აქ დასასვენებლად ვიყო და არა დასამალად. - მოვიდა. - ვამბობ გაუცნობიერებლად და კარისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდივარ. გარეთ გასული მოუთმენლად ველოდები, როდის მოაღწევს უსწორმასწორო გზაზე მოსიარულე მანქანა ჩემამდე. კალე ჩვარზე ხელების წმენდით მიახლოვდება და თვალებდაწვრილებული უყურებს ჩვენს წინ გაჩერებულ შავ ჯიპს. იქიდან გადმოსული მათე პირდაპირ ჩემკენ მოდის და ისე ძლიერად მიკრავს გულში, ლამისაა ფილტვები გამისკდეს. მინდა ასე ვიყო იმდენ ხანს, სანამ დგომით არ დავიღლები და სანამ მის არყოფნით გაჩენილ დანაკლისს არ ავინაზღაურებ, მაგრამ მახსენდება, რომ ჩვენს უკან კალე დგას და ფრთხილად ვითვისუფლებ თავს ბიჭის მკლავებისგან.
მათე ხელებში იქცევს ჩემს სახეს და თვალებში ჩამყურებს, ერთ ხელში მობილური ჩაუბღუჯავს და აფორიაქებული მაკვირდება.
- კარგად ხარ? - მეკითხება და ერთი წამით კალესკენ აპარებს მზერას. ვუყურებ და ასე მგონია, სადღაც ეჩქარება. მგონია რაღაცის თქმა უნდა და თავს იკავებს.
- არამიშავს. - თავს ვუქნევ. - შენ? რა ხდება თბილისში?
- სად გაქვს მობილური? - არ მპასუხობს შეკითხვაზე.
- საავადმყოფოში დარჩა. - შეწუხებული ვჭმუხნი შუბლს. ალბათ ინერვიულა, რომ ვერ დამიკავშირდა. მაგრამ კალესთან რატომ არ სცადა დარეკვა? თუმცა, კალემ სცადა და მითხრა გამორთული ჰქონდაო. მათეს მობილური კი ჩართულია. რაღაც არ ემთხვევა.
- კარგი, - ოხრავს ის და ხელებს მიშვებს. - კარგი, არაუშავს. მთავარია კარგად ხარ. - თავს აქნევს და ისევ კალესკენ იხედება.
- შევიდეთ. - ამბობს ჭიშკარში მდგომი და გზას გვითმობს.
სახლამდე სამივე ჩუმად ვართ.
- იმ მიმტანზე რა გაარკვიეს? - ეკითხება კალე მათეს სახლში შესვლისთანავე.
- ბევრი არაფერი ვიცი. და არც მაინტერესებს. ის არაა და არც პრობლემა გადაჭრილა. პოლიცია რას ფიქრობს და რას გაარკვევს დიდად არ მაინტერესებს. - დაძაბული ხმა აქვს. მის ყელსა და საფეთქლებზე დაჭიმულ ძარღვებს ვხედავ და მეც ვიძაბები.
- მათე, რამე მოხდა? - ვეკითები ფრთხილად. და აზრები მაშინვე ყველაფერს საშინელებას ხატავენ. მახსენდება, რომ თბილისში ლელა და ბექა არიან. ჩემი ორი ცოცხალი მეგობარი, მარტო, ჩვენს გარეშე და მაშინვე შიში მიტანს. - ბექა და ლელა?..
- რა?.. - მათეს მზერა კალედან ჩემზე გადმოაქვს და ხვდება თუ არა, რასაც ვფიქრობ, მაშინვე ეშვება. - არა, არა მირა. ნუ გეშინია. კარგად არიან. ლელას ველაპარაკე წამოსვლამდე. ნუ ნერვიულობ. უბრალოდ... - ჰაერს ხარბად ისუნთქავს. ყოყმანობს. - შენს წასაყვანად ჩამოვედი.
- რაა? - მასწრებს კალე გაკვირვებას.
- ხო. - ტუჩებს მკაცრად აჭერს ერთმანეთს მათე და ხელში მომწყვდეულ მობილურს კიდევ უფრო ბღუჯავს.
- ხო არ დაგავიწყდა, აქ რისთვის ჩამოვიყვანე? - შუბლს ჰკრავს კალე.
- ჯობია თბილისში იყოს.
- რატომ? იქნებ რამეა რაც ჩვენ არ ვიცით? - მის ხმაში ირონია კრთის და საშინლად უსიამოვნოა.
- მირა, - ჩემკენ ბრუნდება მათე. - რაღაც არის... გეტყვი. არ მინდა ისე წაგიყვანო, რომ არ იცოდე. მაგრამ უნდა დამპირდე, რომ მაშინვე არ აფეთქდები.
- მითხარი. - ახლა უკვე მეც არ მომწონს მისი შესავალი.
- დედაშენი ჩამოვიდა. - ფრთხილად ამბობს მათე და მაკვირდება.
- რა თქვი? - გაოგნებისგან თვალები მიფართოვდება და ერთხანს სუნთქვა მეკვრის. - რა თქვი?
- შენი ნახვა უნდა... გვიან გაიგო, რაც ხდებოდა აქ...
- მათე, გაჩუმდი... - გაღიზიანებული ვაქცევ ზურგს და გარეთ გასასვლელად კარისკენ მივდივარ, მაგრამ ბიჭი ხელს მიჭედრს და მაჩერებს.
- ნუ გარბიხარ, მაცადე და მომისმინე. - ხმა უმკაცრდება. ვუყურებ და ბრაზი მახრჩობს. - უნდა ნახო. ასე არ გაუშვა, მირა. ძალიან ღელავს, ნერვიულობს.
- გავუშვა? ანუ ისევ მიდის? მათე ხვდები რას მეუბნები? წლებია არ მინახავს, წლებია მისი დანახვაც კი არ მინდა. ახლა ჩამოდის, თურმე ნერვიულობს და თან ისევ მიდის. მე უნდა ჩავიდე? მე უნდა ვნახო?
- რატო არ წამოიყვანე. - თვალს ავლებს კალე მათეს. ბიჭი მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და ისევ ჩემთან აგრძელებს ლაპარაკს.
- ახლა სიჯიუტის დრო არაა მირა. დამიჯერე შენ ის გჭირდება. ახლა ბრაზობ, მაგრამ...
- მათე, რა გჭირს? - ვერ ვხვდები მის დაჟინებას. - მეგონა იზიარებდი იმ ქალის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. მეგონა ვერც შენ პატიობდი ჩემს მიტოვებას. რა შეიცვალა?
- დრო გავიდა, მირა. იქნებ ისიც შეიცვალა. შენზე დარდობს. ვნახე, ველაპარაკე და გულწრფელია. მე ხომ მენდობი? ხოდა დამიჯერე, ის ნამდვილია.
სიტყვები ყელში გროვდებიან და ამოთქმას ცდილობენ, მაგრამ იმდენად დაულაგებელია ჩემი აზრები, იმდენად გაღიზიანებული და არეულია თითოეული მათგანი, რომ სიჩუმეში იკარგებიან. ზამბარასავით დაჭიმული ვდგავარ და არ ვიცი, რა გავაკეთო. არ ვიცი იმ ქალზე გავბრაზდე, მათეზე თუ საკუთარ თავზე.
მაშინ, როცა მე და მამა დაუფიქრებლად მიგვატოვა და საბერძნეთში წავიდა, ჩემთვის სამუდამოდ გაქრა. ამბობდა, რომ ოჯახის სარჩენად მიდიოდა, მაგრამ გავიდა დრო და გავიგეთ, რომ იქ გათხოვდა და ჩვენთან კონტაქტიც შეწყვიტა. საკმაოდ პატარა ვიყავი იმისთვის, რომ გამეაზრებინა, მისი საქციელი, მაგრამ ტკივილი უდედობით დაიწყო და მისითვე დამთავრდა. როცა ვხედავდი, როგორ ცდილობდა მამა ლულუს დატოვებული ცარიელი ადგილი შეევსო, რომ ამისთვის ყველაფერს აკეთებდა შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც, ამ ქალის მიმართ ჩემი ბრაზი კიდევ უფრო ღრმავდებოდა. შემდეგ მივხვდი, რომ მის გარეშეც შემეძლო ცხოვრება გამეგრძელებინა და ყველანაირი გრძნობა წავშალე დედაჩემის მიმართ, რაც კი გამაჩნდა. ვიყავით მე და მამა და არ არსებობდა არანაირი დანაკლისი. პირიქით, რაც გვქონდა, ჩვენთვის საკმარისზე მეტი იყო. ერთმანეთს ვავსებდით და არ გვჭირდებოდა სხვა არავინ. ბრაზი მხოლოდ ერთხელ, მაშინ განმიახლდა, როცა მამა დაიღუპა, რადგან ის არ ჩამოსულა. ბებიისგან გავიგე, რომ დარეკა, მაგრამ არ დავინტერესებულვარ მისი ამბით. მისი საქციელი იმაზე მეტყველებდა, რომ მამას გარდაცვალებას დიდად არ დაუმწუხრებია. არც იყო გასაკვირი. ამიტომ ამ ბრაზმაც მალევე გადამიარა. ახლა კი... ახლა ჩამოდის, თავს მახსენებს, თურმე ნერვიულობს და...
- რა უნდა ჩემგან... - ძლივს ვახერხებ ნერვებისგან ჩამწყდარი ხმის ყელიდან ამოშვებას.
- მე ნუ მეკითხები ამას მირა, მე არ ვიცი. - თავს აქნევს მათე. - დაფიქრდი, არ გეუბნები, რომ ახლავე მიიღო გადაწყვეტილება. იფიქრე მაინც...
- იქ წამოსვლას არ ვაპირებ, ამაზე ფიქრიც კი არაა საჭირო... მისი დანახვა არ მინდა.
- ნუ გაჯიუტდები, კარგი რა, პატარა ხომ აღარ ხარ... - მათეს ხმას ვერ ვცნობ. მის საქციელს ვერ ვხვდები. ასე რატომ მაცივდება. რატომ უნდა ჩემი მასთან წაყვანა.
- ნუ აძალებ. წამოსვლა არ უნდა. - მიახლოვდება კალე, თითებს მიჭერს და მათეს არ აშორებს თვალს.
- ეს შენ არ გეხება. - ცივად სცრის კბილებში მათე და ერთი წამით ჩვენს ხელებს ავლებს თვალს. - და უკეთესი იქნება, თუ მარტოს დაგვტოვებ.
- გინდა, რომ გავიდე? - თვალებში მაცქერდება კალე.
ჩემსა და მათეს შორის ისე დგას, თითქოს მისგან მიცავდეს. კანზე ცივი ეკალი მაყრის, როცა წარმოვიდგენ, რომ შესაძლოა მათე ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. მერე მახსენდება ბათუმში, ოთოს სიკვდილის დღეს აღმოჩენილი სისხლიანი სალფეთქი და მათეს ჭრილობა. მასენდება ჩემი საშინელი ეჭვები მის მიმართ და დანაშაულის შეგრძნება ყელში მიჭერს. შიგნიდან ვიღაც მიყვირის, რომ ეს მეორედ აღარ უნდა განმეორდეს. მეორედ მათეში ეჭვი აღარ უნდა შევიტანო. უნდა მოვუსმინო, უნდა ვენდო... საკუთარი დასკვნები გვერდით უნდა გადავდო. აფეთქება უნდა ჩავაცხრო. რამენაირად თავს უნდა მოვერიო.
- საჭირო არაა ეს... კალე, არა. ასე ნუ იქცევი. ასე ნუ იქცევით. - ახლა მე ვდგები მათ შორის და ორივეს ვავლებ თვალს. ვყოყმანობ, მაგრამ სიტუაციის დაძაბვა არ მინდა. აქ არა. - რომ არ წამოვიდე, აქ არ დარჩები?
- უნდა წამოხვიდე, იმიტომ, რომ აქ დარჩენას, არც ერთი ჩვენგანისას აზრი არ აქვს.
- მის მაგივრად გადაწყვეტილებას ნუ იღებ. - ერთ ნაბიჯს დგამს კალე მათესკენ.
- შენ კიდევ ნუ ერევი მეთქი უკვე გითარი! - თითს სწევს მათე. ხელში ისევ მობილური აქვს ჩაბღუჯული. შუბლშეკრული და გაღიზიანებული ვუყურებ ორივეს.
- გეყოფათ! - ხმას ვუწევ. - მაცადე, რომ მოვიფიქრო. - ვეუბნები მათეს და შემდეგ მზერა კალეზე გადამაქვს. - მე თვითონაც არ ვიცი რა ჯობია, კალე. ორივე დამშვიდდით და დრო მომეცით. სააბაზანოში გავალ.
კალე ერთხანს თვალებში მიყურებს. ასე მგონია, ისიც კი აღიზიანებს, რომ საერთოდ აქედან წასვლაზე უნდა ვიფიქრო. არ ვიცი, რატომაა ასე დარწმუნებული, რომ აქ არაფერი გვემუქრება. თუმცა ის, რომ დარწმუნებულია, უკვე საკმარისია ჩემი სიმშვიდისთვის. თუმცა, ვერ გავურბივარ იმაზე ფიქრს, რომ მათესაც უნდა ვენდო და დავუჯერო.
კალე ოდნავ აქნევს თავს და ისევ მათეს უბრუნდება უკმაყოფილო მზერით.
- არ მინდა იმაზე იკამათოთ, რაც ჩემი გადასაწყვეტია. კარგით?
ორივე ჩუმადაა.
- კარგით? - ვიმეორებ უფრო მკვეთრად.
- კარგი. - ზურგს მაქცევს კალე და ჯდება.
- გავიგე. - შუბლს ჭმუხნის მათე და ისიც ბრუნდება.
გული მეწურება. გაურკვევლობა მახრჩობს.
- ლელამ რა გითხრა, ბექა როგორაა? - ვეკითხები მათეს. ვცდილობ მისი ყურადღება მივიქციო და ეს დაძაბულობა გავფანტო, მაგრამ ის არც კი ბრუნდება, ისე მპასუხობს.
- არაფერი შეცვლილა. ისევ სძინავს. - შემდეგ ნებისყოფადაკარგულივით სწრაფად ტრიალდება. - მირა, იქნებ მალე მორჩე შენს საქმეს და გადაწყვიტო...
- ასე თუ დამაძალებ, ვერაფერსაც ვერ გადავწყვეტ. - ვბრაზდები.
- მე მგონი ატ.რაკებ. - კბილებში სცრის კალე და დივანზე მჯდარი ქვემოდან გაღიზიანებული იყურება. - შენი მარტო აქ წამოსვლით ისედაც გავრისკეთ.
- რა გარისკე... - ირონიით ეცინება მათეს.
- შეიძლება აგდევნებოდა და ხო, შეიძლება შენი დამსახურებით, აღარც ეს ადგილი იყოს უსაფრთხო.
მათე ტუჩებს ერთმანეთს მაგრად აწებებს და ვხედავ, როგორ ცდილობს თავის შეკავებას, რომ წყობიდან არ გამოვიდეს. ასე მგონია, სადაცაა მის მუჭში მოქცეული მობილური ფერფლად იქცევა.
- ცოტა ხნის წინ რაღაცას დამპირდით, გახსოვთ? - ვეკითხები ორივეს. ისინი ისევ ჩუმად არიან. - მივდივარ. - ვამბობ, ორივეს ვტოვებ და სააბაზანოში მარტო ვრჩები. ცხელი წყალი მოდუნების საშუალებას მაძლევს, მაგრამ ფიქრები იმდენად მძიმეა, რომ დაღლა ერთიანად მაწვება მხრებზე. ტრაპს ვკეტავ და ვანაში ვწვები. წარსული ერთიანად იყრის თავს ჩემს გონებაში. საშინელი ქაოსია და არც დასალაგებლად ვაკეთებ არაფერს. ვიცი, რომ კარგად უკვე აღარაფერი იქნება. ახლა ის უნდა გადავწყვიტო, ამ სიტუაციისთვის რა ჯობია. წასვლა თუ დარჩენა. კალესი მჯერა, მჯერა, რომ აქ უსაფრთხოდ ვიქნებით, მაგრამ როდემდე. სანამ პოლიცია მკვლელს არ იპოვის? თითქმის ხუთი თვე გავიდა და ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავთ. ვინ იცის, როდის გავლენ კვალზე? რამდენი ხნით მომიწევს აქ ყოფნა? ან როგორ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ბოლოსდაბოლოს აქაც ვერ მოგვაგნებს დაჩის ძმა?
და მათე? იმასთან ერთად, რომ უნდა, დედაჩემი ვნახო და ველაპარაკო, ფიქრობს, რომ აქ დარჩენას აზრი არ აქვს. ჰგონია, რომ ეს ადგილი უსაფრთხო არაა. და ზუსტად ესაა, რაც მაფიქრებს. გუშინ ღამით, როცა კალე მას ელაპარაკა და ჩემი აქ წამოყვანის იდეა შესთავაზა, არც უყოყმანია, ისე დათანხმდა, ყოველ შემთხვევაში მოსმინილიდან ეს დასკვნა გამოვიტანე. ახლა კი, სულ რამდენიმე საათში აზრი ეცვლება და მიუხედავად იმისა, რომ ამას პირდაპირ არ ამბობს, არ უნდა რომ აქ დავრჩე.
მეე? მე არ ვიცი. დედაზე ვფიქრობ და ბრაზისგან გული მისივდება. ვიცი, რომ მისი ნახვა არ მინდა. მაგრამ ის ძალიან პატარა ფაქტი, რომ როგორც იქნა გავახსენდი, როგორც იქნა ჩემი ტკივილით შეწუხდა, ყოყმანის საფუძველს მიქმნის და ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს. ოც წელზე მეტია არ მინახავს, თუ არ ჩავთვლით რამდენჯერმე მისი ფეისბუქისკენ ხელების გაქცევას და სურათების ნახვას. ახლა ზუსტადაც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება. არ ვიცი რა უნდა ჩემგან. ის სენტიმენტალური ფაქტი, რომ ახლა უკვე ასაკშია და შესაძლოა ჩემი ამბავი გულთან უფრო მარტივად მიიტანა, დიდად ვერ მეხმარება აქედან მის სანახავად წასვლის გადაწყვეტაში. თუმცა, რადგან ვყოყმანობ, ალბათ წავალ კიდეც. რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება, აქაც და თბილისშიც. მე ხომ ისედაც აღარ გავურბოდი სიკვდილს. ეს მათე და კალე ცდილობენ მისგან ჩემი თავის დახსნას.
წყლიდან ამოვდივარ, ვშრები და ვიცვამ. აბაზანიდან გამოსულს სიჩუმე მხვდება. ოთახში, სადაც ბიჭები დავტოვე, არავინაა. შემდეგ ოთახისკენ მივდივარ საწოლის გასასწორებლად და ის-ისაა ურდულს ვეჭიდები, რომ იქიდან კალე გამოდის. იმ წამს ვხვდები, რომ კარი შემეშალა და ეს სწორედ ის ოთახია, რომელიც დილით დაკეტილი დამხვდა. ზღურბლთან შეჩერებული ჩემს დანახვაზე ერთხანს კრთება, შემდეგ კარს ხურავს და ზემოდან დამყურებს.
- იმ ოთახში მივდიოდი, სადაც მეძინა... შემეშალა. - ვეუბნები და მის ზურგს უკან კარისკენ ვაპარებ თვალს. კალე თითქოს თავისი დგომით მეუბნება, რომ რაღაცას ვაშავებ.
- ის ოთახია. - გვერდით აქნევს თავს. ხმა ცივი აქვს.
- ჩემზე ბრაზობ? - ვეკითხები და თვალებში შევყურებ. ის კი მზერას მარიდებს.
- როგორ გავბრაზდე იმის გამო, რომ დედაშენის ნახვა გინდა.
- არ მინდა... უფრო სწორად... კალე, არ ვიცი. არ მინდა ამ ადგილის დატოვება. მაგრამ ასე მგონია, რომ...
- შენთვის უკვე ყველაფერი სულ ერთია? - მაწყვეტინებს და მიახლოვდება.
- სულ ერთია, რა მომივა. მაგრამ მანამდე არის რაღაცები, რაც უნდა გავაკეთო.
- მაგალითად? - მეკითხება ისეთი ინტერესით, რომ მიკვირს. მისი ეს ტონი, იმაზე უცხო და საშინელია, ვიდრე ჩემზე გაბრაზების შემდეგ უნდა იყოს.
- რამე მოხდა, კალე? - ვეკითხები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სანამ მე სააბაზანოში ვიყავი, მართლაც რაღაც მოხდა.
- შეიძლება. თხუთმეტ წუთში ბევრი რამ შეიძება მოხდეს. შეიძლება დაივიწყო, რაც ერთად გამოვიარეთ, შეიძება დაივიწყო რა ვარ მე შენთვის. ანდაც, დამ.იკიდო და აღმოაჩინო, რომ მათე გიყვარს. მერე ესეც დაი.კიდო და სიკვდილი გადაწყვიტო.
ტანში მცრის. დაზაფრული ვუყურებ, როგორ იცვლება ჩემს თვალწინ კალე. ერთიანად ეცვლება გამომეტყველება და სულ სხვა ადამიანი ჩნდება მის ნაცვლად. ნაბიჯებს დგამს და გვერდს მივლის. ჩემ წინ რჩება მხოლოდ მისგან დატოვებული, ძველი, ნაცნობი, მომნუსხველი აურა, ჩემ უკან კი არსაიდან გაჩენილი დაძაბულობა იდგამს ფესვებს.
ეს სიტყვები... კალეს ნათქვამი სიტყვაბი ყურებში მიგუგუნებს. ვფიქრობ, ხომ არ მომესმა. ეს ის ხმა ხომ არაა, რომელმაც სინდისის ქენჯნა უნდა მომგვაროს, მაგრამ არა. ისინი ისეთი რეალურია, ისეთი მძაფრი და ისეთი მტკივნეული, რომ გულს მუჭში მოქცეულივით მიკუმშავენ.
- რას ამბობ... - თავს ძალას ვატან, რომ მეც მისკენ შევბრუნდე.
კალე არაფრისმთქმელი გამომეტყველებით, თუმცა დაჟინებით მიყურებს და მელოდება. ვხედავ მის ქარვისფერ თვალებში, როგორ ქრებიან ის სხივები, მე რომ მომწონდა და მათ ადგილს ყინულივით გამჭოლი ისრები ჩნდებიან. მინდა ამაზე რამე ვუთხრა. მინდა, ამიხსნას, რა ემართება, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, რადგან ის, რაც მან თქვა, მამუნჯებს.
- რას ელოდები. - ამბობს და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხმა მისი პირიდან ამოდის. ეს ხმა არასდროს მომისმენია. მისი ხმა მაცდური, მზრუნველი და იდუმალი იყო. ეს კი ზამთრის ქარს გავს.
- სადაა მათე... - მის ნათქვამს პასუხს ვერ ვცემ. ალბათ ინსტიქტურად ვბლოკავ ახლა იმაზე საუბარს, რაც გარდაუვალია და რასაც თურმე კალე მშვენივრად ხვდებოდა. ის ფაქტი, რომ ბიჭი კარგად ხედავდა აქამდე რაც მჭირდა და ჩუმად იყო, მაფრთხობს. გაქცევა მინდა, როგორც ყოველთვის გაქცევა უკანმოუხედავად. წასვლა და გაუჩინარება, ისე, თითქოს არც არასოდეს ვარსებულვარ და არავისთვის მიმიყენებია ტკივილი.
- ნუ გამირბიხარ, მირა. ამის დრო აღარაა. - ერთი წამით თვალებს ხუჭავს და თავს აქნევს. - იქნებ ახლა მაინც მარტომ დაიცვა საკუთარი თავი და მათეს შეეშვა.
- თავის დაცვა რისგან მჭირდება, კალე. - ჩემი ხმა დაბნეული და დაღლილია.
- ფაქტებისგან, რომლებსაც ვერასდროს ვერსად გაექცევი, როგორც არ უნდა ეცადო.
- მაშინებ.
- მაგრამ ისე აღარ, როგორ მაშინ, ბათუმში გეშინოდა. ხომ ასეა? - ცალ წარბს ზემოთ სწევს. ისე მიყურებს თითქოს, პასუხი არც აინტერესებდეს, რადგან უკვე იცის, რასაც ვეტყვი, თითქოს ზედმიწევნით კითხულობდეს ჩემს აზრებს.
- ეს შეიცვალა. ხო, ეს შეიცვალა, მაგრამ მათე... ის...
- არაფერ შუაშია?
- კალე...
- მხოლოდ იდიოტი ვერ მიხვდება, რა ხდება თქვენს შორის, მირა. ჯერ კიდევ მაშინ დავინახე ეს, ბანკეტზე. მე გამირბოდი და მას ეფარებოდი. გგონია ეს მხოლოდ ინსტიქტია? საშინლად, საშინლად გამოუცდელი ხარ გრძნობებში და სულელი სიყვარულში.
- ეს შენ არ ხარ.
- სწორედ, რომ ეს ვარ მე და არა ის, ვისაც ხუთი თვე იცნობდი. შენს აქამდე მოსაყვანად ძალიან ბევრი ვიცადე.
ელდანაცემი ვუყურებ. ტუჩები მიშრება უთქმელობისგან. იმდენი რამე მინდა ვუთხრა, ვკითხო და მოვისმინო, მაგრამ მისი მზერა, ეს გაბოროტებული, ირონიული და რამდენადაც საშინელი არ უნდა იყოს ნამდვილი მზერა მამუნჯებს. ჯერ კიდევ ამოუთქმელ სიტყვებს პირშივე შლის.
- გაოგნება შენთქვის ყველაზე მარტივია. - აგრძელებს ის. - ფაქტობრივად არაფერი გამოგდის ამის გარდა. და ხო კიდევ, უგულებელყოფა, ყველაფრის.
- არა, ასე არაა. შენ მიცნობ და იცი, რომ ასე არაა. რა დაგემართა კალე. ასე ერთიანად რამ შეგცვალა. ეს... ეს მხოლოდ იმის გამოა, რომ თბილისში შეიძლება დავბრუნდე? მხოლოდ ამის გამო მებოროტები ასე?
კალე ერთხანს არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მიყურებს. შემდეგ სახე ეხსნება და სიცილს იწყებს. ისე გულიანად იცინის, თითქოს მთელი ეს დრო იკავებდა თავს. ვუყურებ და ვერ ვხვდები. საერთოდ ვერაფერს ვხვდები.
- შენ, - ჩემსკენ იშვერს თითს და საკუთარი თავის ხელში აყვანას ცდილობს. მალევე ისევ სერიოზულდება და სიტყვებს ცივად სცრის ტუჩებიდან. - გებოროტები? არა, მე ვცდილობ დაგანახო, როგორია ცხოვრება შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გარეშე.
ვისმენ, ვისმენ ამ სიტყვებს, მაგრამ ძალიან შორიდან. ვისმენ, მაგრამ რაღაცას ვერ ვხვდები. ამას კალე რატომ ამბობს. ის არ უნდა ამბობდეს. სხვა კი, მაგრამ ის არა. ის არა, რადგან მან გამომათრია ნატას სისხლის გუბედან, მან გამომიყვანა ოთოს სიკვდილის შემდეგ მდგომარეობიდან, როცა მათე არ იყო ჩემთან. მისმა გაღებულმა კარმა მოკლა თეონა, მისმა და არა ჩემმა. და შემდეგ საპატიმროშიც კი იყო. იქ იყო რამდენიმე დღის წინ, როცა თენგო კვდებოდა და ის მის გადარჩენას ცდილობდა. ის იყო თითოეულ მტკივნეულ წამს ჩემს გვერდით და ის ხედავდა, როგორ ვტყდებოდი თანდათან. ის მამშვიდება და მაძლევდა ენეგიას, რომ ფეხზე ვმდგარიყავი. ის მიტანდა და მიძლებდა. ამიტომ ვერ ვხვდები, ვერაფრით ვერ ვხვდები.
- ამას შენ რატომ ამბობ კალე. შენ რატომ... - ვამბობ და ინსტიქტურად უკან ვადგამ ერთ ნაბიჯს. ნუთუ ჩემი ქვეცნობიერი ჩემზე ჭვიანია?
- მეზიზღებოდა, როცა კალეს მეძახდნენ და დღემდე მეზიზღება. - თავს აქნევს ისე, თითქოს ცუდი მოგონებების გაფანტვას ცდილობსო. - ყოველთვის ტატე მერჩივნა. - მხრებს იჩეჩავს. - დაჩი ასე მეძახდა.



პ.ს. მოკლედ ახსნებს აზრი არ აქვს. ვიცი, რომ მუღამი დაგაკარგვინეთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ვიც წერს, ის მაინც გამიგებს და მენდობა, რომ მართლა ძალიან ვწუხვარ, ასეთი საშინელი ინტერვალები რომ მქონდა, ბოლო ორ თავზე. უღრმესი მაქლობა, მათ, ვინც მითხრა, რომ ჩემი ესმის და მადლობა წინასწარ თქვენ, ვინს ყველაფრის შემდეგ ისევ წაიკითხავთ "ნაკაწრებს".
ვფიქრობდი, რომ მე-13 თავით უნდა დამესრულებინა, მაგრამ წერის პროცესმა მაჩDვენა, რომ ძალიან დიდი გამოდის. ხოდა აწყვეტ აქ და მე-14 თავს, ანუ დასასრულს უსიკვდილოდ იმ კვირაში დავდებ. ვეცდები ოთხშაბათს არ გადავაცილო. თუ არადა, კვირის ბოლომდე აუცილებლად იქნება...
იმედია გაბრაზებას დაივიწყებთ და აზრებს გამიზიარებთ :დ <3 <3 მადლობა წინასწარ <3
ძალიან მომენატრეთ <3



№1  offline წევრი ანნა ა

არ ვიცი რა გოთხრა ოსეთი დაძაბული ვარ ველი შემდეგ თავსს.
ვაი არა კი ვხვდებოდი კალე რო იყო, მარა მაინც რაღაცნაირად ვერა რა თან მათეს რამე დაუშავაა?? ახ არ ვიციიი რაღაცით მესმის ტატესი,მაგრამ ასე შურისძიებაა?! თითქოს მუღამი დაკარგული მქონდა მაგრამ ამ თავების შემდეგ...მალე დადე რააა
პ.ს ამ თავების გამო არ გიბრაზდები, მესმის შენი heart_eyes

 


№2  offline წევრი L.eli13

ჩემი მათე.
ეღირსება მგონი ბედნიერება

 


№3  offline წევრი An-El

ეს რას ვხედააავ :* როგორ გამიხარდაა ,,ნაკაწრების" დანახვა :) იმედია მათეს ისსაშინელება არ დაემართა რაც დანარჩენებს, ტატეს გაბოროტების მესმის, მაგრამ ასეთი ხოცვა -ჟლეტა არუნდა დაეშვა! გელი დიდი ინტერესით :*

 


№4  offline მოდერი abezara98

ვაიი, როგორ გამახარეე შენი გამოჩენიით heart_eyes როგორც იქნა, კალემაც გამოამჟღვნა თავისი რეალური სახე! არის, არის არის! laughing მოიცადეთ, მოიცადეთ, სად გაქრა მათე? ვაიმე, კალე ხარ, ტატე თუ კალისტრატე, რა უქენი მათეს? მეტი არ მინდა მათეს ხელი დაედოს! smile ვაიმე ტატეე, მოგკლავ და პოლიციასაც დავასვენებ, მათესაც, მირასაც, ლელასაც და ბექასაც sweat_smile
მმმ... როგორ მომნატრებია ეს ისტორიაა და ერთი სული მაქვს, ვნახო როგორი დასასრული ექნება blush წარმატებები შენ და მოუთმენლად გელოდებიი heart_eyes

 


№5  offline წევრი ket-kat

მთელი ისტორიის მანძილზე ვფიქრობ და ვერ ვიგებ, რა იქნებოდა მირასთვის 2 გრამი ტვინი რომ მიგეცა??? უსუსტესი პერსონაჟია და საერთოდ არ იმსახურებს მთავარობას ჩემი აზრით... უბრალოდ გთხოვ, დაასრულე ოდესმე ეს ისტორია !!!მართლა აღარ შემილია როცა გადამავიწყდება მაშინ ჩნდები და ისევ მანდომებ, თან ვიცი რომ ძაან გაიწელა და დამეკარგა ინტერესი თან ვერ ვეშვები და მაინც ვკითხულობ, რაღაცას მეთამაშება ეს ისტორია მემგონი...)) სხვა არაფერი მაქვს სათქმელი ამ ეტაპზე (ძაან რო მიყვარხარ და უძველესი დროიდან რო გკითხულობ ეგ ისედაც იცი :დდ))) წარმატებები ;) <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ანნა ა
არ ვიცი რა გოთხრა ოსეთი დაძაბული ვარ ველი შემდეგ თავსს.
ვაი არა კი ვხვდებოდი კალე რო იყო, მარა მაინც რაღაცნაირად ვერა რა თან მათეს რამე დაუშავაა?? ახ არ ვიციიი რაღაცით მესმის ტატესი,მაგრამ ასე შურისძიებაა?! თითქოს მუღამი დაკარგული მქონდა მაგრამ ამ თავების შემდეგ...მალე დადე რააა
პ.ს ამ თავების გამო არ გიბრაზდები, მესმის შენი heart_eyes

უღმესი მადლობა პ.ს.-სთვის. <3 იმ კვირაში აუციკებლად იქნება ბოლო თავი. მიარია, რომ გამიზიარე შენი ემოციები... იმედია დასასრულით კმაყოფილი იქნები <3

Nameless Girl
ჩემი მათე.
ეღირსება მგონი ბედნიერება

ვნახოთ რა იქნება ????

An-El
ეს რას ვხედააავ :* როგორ გამიხარდაა ,,ნაკაწრების" დანახვა :) იმედია მათეს ისსაშინელება არ დაემართა რაც დანარჩენებს, ტატეს გაბოროტების მესმის, მაგრამ ასეთი ხოცვა -ჟლეტა არუნდა დაეშვა! გელი დიდი ინტერესით :*

მიხარია, რომ გაგახარე <3 მათეს ბედი ყველას ადარდებს და ვნახოთ რას იზამს ???? კალეს რაც შეეხება, მსგავსად რომ არ გადატრიალებოდა ტვინი, არც ეს "ნაკაწრები" იარსებებდა :დდ

abezara98
ვაიი, როგორ გამახარეე შენი გამოჩენიით heart_eyes როგორც იქნა, კალემაც გამოამჟღვნა თავისი რეალური სახე! არის, არის არის! laughing მოიცადეთ, მოიცადეთ, სად გაქრა მათე? ვაიმე, კალე ხარ, ტატე თუ კალისტრატე, რა უქენი მათეს? მეტი არ მინდა მათეს ხელი დაედოს! smile ვაიმე ტატეე, მოგკლავ და პოლიციასაც დავასვენებ, მათესაც, მირასაც, ლელასაც და ბექასაც sweat_smile
მმმ... როგორ მომნატრებია ეს ისტორიაა და ერთი სული მაქვს, ვნახო როგორი დასასრული ექნება blush წარმატებები შენ და მოუთმენლად გელოდებიი heart_eyes

შენ ყოფილხარ ყველას მშველელი :დ სად იყავი სანამ ნატას მოკლავდა? დასაწყისშივე დაგესრულებინა ყველაფერი :დდ ზალიან მახარებს შენი ასეთი პოზიტიური განწყობა. ასე მგონია, არც გამიგვიანია. ^_^ უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3

ket-kat
მთელი ისტორიის მანძილზე ვფიქრობ და ვერ ვიგებ, რა იქნებოდა მირასთვის 2 გრამი ტვინი რომ მიგეცა??? უსუსტესი პერსონაჟია და საერთოდ არ იმსახურებს მთავარობას ჩემი აზრით... უბრალოდ გთხოვ, დაასრულე ოდესმე ეს ისტორია !!!მართლა აღარ შემილია როცა გადამავიწყდება მაშინ ჩნდები და ისევ მანდომებ, თან ვიცი რომ ძაან გაიწელა და დამეკარგა ინტერესი თან ვერ ვეშვები და მაინც ვკითხულობ, რაღაცას მეთამაშება ეს ისტორია მემგონი...)) სხვა არაფერი მაქვს სათქმელი ამ ეტაპზე (ძაან რო მიყვარხარ და უძველესი დროიდან რო გკითხულობ ეგ ისედაც იცი :დდ))) წარმატებები ;) <3

ზალიან ზალიან დიდი ბოდიში, რომ ასე დაგტანჯე. თუმცა, რომ არა ინტერესი, აქ არ იქნებოდი და ეს ზალიან მახარებს ^_^ მირას რაც შეეხება, ასეა, თავადაც აღიარებს, რომ სულელია. ასეთი რონ არ ყოფილიყო, ისტორიაც სხვაგვარად წავიდოდა ყველა მთავარი პერსონაჟი იდეალურად ჭკვიანი ვერ იქნება. ამიტომაც ჰყავს მათე. კი, იმ კვირას აუცილებლად დავასრულებ. თქვენც დაისვენბთ და მეც :დდდ ვიცი, რომ ჩემი ზველი მკითხველი ხარ და ვერ წარმოიდგენ ისე მიხარია, ახლაც რომ აქ გხედაც <3

 


№7  offline წევრი ნორმი

მიუხედავად იმისა,რომ კალე ბოროტია მე მაინც მის მხარეს.
უფროსწორი იქნებოდა მხარს ვუჭერ.
არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის ბოროტი პერსონაჟის მხარეს და დიდი სურვილი მიჩნდება დანარჩენები დავხოცო.
ვერ ვიტან ბედნიერ ხალხს.
--------------------
მორფეოსი

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

აიიი ვიცოდი რომ კალე იყო ყველაფრის თავი და თავი, უმაგრესი გოგო ხარ შენ და ველი ახალ თავს იმედია ასე ძალიან არ დააგვიანებ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

Farvana
მიუხედავად იმისა,რომ კალე ბოროტია მე მაინც მის მხარეს.
უფროსწორი იქნებოდა მხარს ვუჭერ.
არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის ბოროტი პერსონაჟის მხარეს და დიდი სურვილი მიჩნდება დანარჩენები დავხოცო.
ვერ ვიტან ბედნიერ ხალხს.

კალე მხარდაჭერა სხვაა კი ბატონო :დდ აქვს ალბათ თავისი სამართალი და მესმის შენი :დდ
მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ბედნიერ ხალხს ვერ იტან :დდ ცოტა საშიშს გხდის :დდ

Moonlight Sonata
ბოლო მომენტმა და სიტყვებმა ფურორი მოახდინაა. და აქვე უნდა აგვნიშნო, რომ არაჩვეულებრივად გადმოცემ ადამიანს შინაგან განცდებს ❤ დიდი ხანია უკვე ვიცი, რომ კალეა "ის" და არც გამკვირვებია, მაგრამ მაინც ძლიერი მომენტი იყო ძალიან... ჰოდა იმედია მათეც არ მიუყოლებია იმ ოთხეულს, თორეე . . . ვიტირეებ იცოდეეე :დდ

უღრმესი მადლობა კომპლიმენტისთვის <3 მიხარია თუ ამას ვახერხებ და მით უმეტეს, რომ ხედავ... მადლობა, რომ აზრი გამიზიარე <3 მათეს ბედ კვირის ბოლომდე გაიგებ აუცილებლად ;)

lalita
აიიი ვიცოდი რომ კალე იყო ყველაფრის თავი და თავი, უმაგრესი გოგო ხარ შენ და ველი ახალ თავს იმედია ასე ძალიან არ დააგვიანებ.

დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 არა, ასე არ დავაგვიანებ... კვირამდე იქნება აუცილებლად ბოლო თავი <3

 


№10  offline წევრი goddess

აუ შემდეგს როდის დადებ ძალიან საინტერესო მომენტზე გააჩერე heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent