შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაწრები 15 თავი


30-12-2018, 18:39
ავტორი lullaby
ნანახია 2 449

მესმის, ეს ყველაფერი მე მესმის და ვაცნობიერებ. მიჭირს, მაგრამ ვაცნობიერებ და ისე სწრაფად ლაგდება ყოველივე თავის ადგილას, რომ თავადაც მიკვირს.
ვუყურებ ჩემ წინ მდგომს და ახლაღა ვხედავ ნათლად, რომ ის სხვაა. თავად დგომაც, მისი თვალებიც, მისი გამომეტყველებაც, ყველაფერი სხვაა. მის დივანის საზურგეზე უდარდელად ჩამოწყობილ ხელებს ვუყურებ და არ ვიცი მეჩვენება, თუ რეალობაა, მაგრამ ნელ-ნელა წითლდებიან. ალბათ ყოველთვისაც წითლები იყვნენ, მაგრამ იდეალურად შენიღბულები, იმისთვის, რომ მე არ დამენახა, ჩვენ არ დაგვენახა. ჩვენ, ვისაც უნდა გვეტირა, გვტკენოდა და მოვმკვდარიყავით. ახლა აღარ იმალებიან. პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ და შიში, რომელიც ისედაც საკმარიზე მეტად ღვიოდა ჩენში, კიდევ უფრო გაზარდონ.
ისევ უნებლიედ, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ უკან და ზურგის კარს ვეყრდნობი. კალე მიყურებს. ბაგეებზე ღიმილი დასთამაშებს, ღიმილი, რომლითაც ამბობს, რომ გზა არ მაქვს. ჩემი აჩქარებული გული ლამისაა მკერდიდან ამოხტეს. ინსტიქტურად ვიდებ ხელს, თითქოს ეს მას დააკავებს ან დაამშვიდებს. აცახცახებულ ხელს ურდულს ვკიდებ ისე, რომ ჩემ წინ მდგომს თვალს არ ვაშორებ. ხედავს, რასაც ვაკეთებ და ის-ისაა კარს ოდნავ ვაღებ, რომ დივანს შორდება და ჩემკენ მოიწევს. მაშინვე ვფხიზლდები, ოთახში სწრაფად შევდივარ, საკეტიდან გასაღებს ვაძრობ, კარს ვხურავ და შიგნიდან ხელის ჩამკეტით სწრაფად ვრაზავ.
მარტო დარჩენილი ფილტვებში აქამდე გამოკეტილ ჰაერს ვათავისუფლებ. ყელიდან არაბუნებრივი ხმა ამომდის. სუნთქვა მიხშირდება. არ ვიცი ეს შიშია თუ ადრენალინი, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მგუდავს. ხელისგულებით კარს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ.
- შენი ადგილი მანდ არაა. - მესმი კალეს ხმა კარის მეორე მხრიდან და გონს მოვდივარ. თვალებს ვახელ და ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ. ასე მგონია მისი ხმა აქეთ აღწევს და მეხება. - კარი გააღე!
ყურადღებას არ ვაქცევ და ოთახს ვავლებ თვალს. კედლებს ვუყურებ და გული ყელში ამომდის. აქ ყველგან დაჩია. აქ ყველგან მისი ოჯახია. კედლები ფოტოებითაა სავსე. ფრთხილად ვუახლოვდები და დათვალიერებას ვცდილობ. ვხედავ ფოტოებს, სადაც დაჩი და კალე ერთად არიან. ზღვაზე, მთაში, აუზზე, სკოლაში, კალათბურთის მოედანზე, დიპლომებით ხელში. ზოგგან მშობლებთან ერთად, ზოგგან მარტო. ვათვალიერებ და ჩემ სხეულზე ცივი ჟრუანტელი არ ჩერდება. კედლები მეუბნებიან, რომ დაჩი და კალე ძმები არიან. ეს ფაქტი ერთხანს შოკში მაგდებს, თითქოს ცოტა ხნის წინ არ მომესმინოს კალესგან აღიარება, რომ მისი მეორე სახელი ტატეა, რომ მან დამტოვა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გარეშე.
ვერ ვინძრევი. მინდა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო, მაგრამ თითქოს ფილტვები მეკეტება. თავბრუსხვევას ყურადღებას არ ვაქცევ. ვცდილობ ძალა შევინარჩუნო, მაგრამ ისიც კი არ ვიცი, რისთვის.
- მანდ ყველაფერია, რაც შენ წამართვი! - კალეს ისეთი ხმა აქვს, თითქოს უკვე შეეგუა ჩემს ამ ოთახში შემოსვლის ფაქტს. - შეგიძლია დაინახო და დატკბე მანამ, სანამ დრო გაქვს.
ფოტოები კედლებიდან მოცურავენ და ჩემ გარშემო ტრიალებენ. ცდილობენ წარსულში გადამაგდონ. იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო. ვებღაუჭები რაღაც ძალას, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ვერ ვახერხებ საკუთარი თავის გადარჩენას. მაგიდასთან მდგარ სკამს ვეყრდნობი და ჰაერის ჩასუნთქვას ვცდილობ.
ვერ ვუძლებ. ვერ ვუძლებ იმას, რომ კალე და ტატე ერთი და იგივე ადამიანია. ვერ ვუძლებ იმას, რომ ის დაჩის ძმაა. ვერ ვუძლებ იმას, რომ კალე კლავდა ჩემს მეგობრებს და შემდეგ მანუგეშებდა. მიყურებდა, როგორ ვეცემოდი და წამოდგომაში მხოლოდ იმიტომ მეხმარებოდა, რომ უფრო მტკივნეულად დავცემულიყავი. უყურებდა, როგორ შლიდა ჩემს სამეგობროს ჩემი ცხოვრებიდან და თან მეუბნებოდა, რომ ამას გავუძლებდი. მაგრამ ვერა. ამას ვერც ადრე და ვერც ახლა ვერ ვუძლებ. ახლა არც ფეხზე მდგომს ვგავარ. ასე მგონია, ჰაერში გამოკიდებულს, სადაცაა გამიწყდება ფეხზე გამობმული თოკი და პირდაპირ თავით ჩავეშვები იქ, სადაც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მივიწევდი.
ირგვლივ სიჩუმეა, ისეთი შემაძრწუნებელი სიჩუმე, რომ მაფხიზლებს. ვიცი, რომ კალე კარს მიღმაა, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არაფერს აკეთებს, რატომ აღარაფერს ამბობს. იქნებ მაცდის, რომ ეს კედლები შევისწავლო, ან კადლებს აცდის, რომ მე მომშალონ. ვცდილობ, ყველა საფიქრალი უკანა პლანზე გადავდო და ცივი გონება შევინარჩუნო. და ის-ისაა, სურათებს თვალს ვწყვეტ, რომ მაგიდაზე ორ მობილურს ვხედავ. ერთი ჩემია, მეორე - მათესი. ჩემს ტელეფონს ვიღებ და ვრთავ თუ არა, მაშინვე იწყებენ შეტყობინებები შემოსვლას. მათეს და ლელას უამრავი ნარეკია. კიდევ რამდენიმე ზარი ჩემი სახლის ტელეფონიდან. მობილურს ჯიბეში ვიდებ და უკვე მეორეს ასაღებად ვიწევი, რომ კარი საშინელი ხმაურით იღება და კედელს ენარცხება. რამდენიმე ჩარჩოში ჩასმული სურათიც კი ძირს ვარდება. შიშისგან ვხტები და ინსტიქტურად უკან ვიხევ. ზღურბლთან მდგარ კალეს ხელში იარაღი უკავია და სრულიად არაადეკვატური მშვიდი მზერით მიყურებს.
- რას აპირებ... - სასოწარკვეთილებისგან არც კი ვიცი, რას ვამბობ. ვერ გამოვხატავ ვერც გაოგნებას, ვერც სიბრაზეს. ვერაფერს.
- ყველაფერს გაიგებ. - სცრის კბილებში.
- მათე სადაა. - ხმა მიტყდება იმის წარმოდგენაზე, რომ მასაც რამე დაუშავა.
- გელოდება. გველოდება. - ასწორებს თავისსავე ნათქვამს და მაგიდისკენ იხედება. ღმერთო! ხვდება, რომ ერთი მობილური არ დევს. სიმწრისგან სხეულზე ოფლი მასხამს. კალეს ღიმილით გადმოაქვს ჩემსკენ მზერა და ხელს მიწვდის. - მომეცი. - ამბობს. გული გამალებით მიცემს. ვიცი, რომ სხვა გზა არ მაქვს, მაგრამ მაინც არაფერს ვაკეთებ. - მობილური! - ხმას უწევს და წარბებს გაღიზიანებით ჰკრავს. ტელეფონს უკანა ჯიბიდან ვიღებ და მიწოდებისას ვხედავ, როგორ ცახცახებს ჩემი ხელი.
- რატომ... - ხმა მიწყდება და ყელს ვიწმენდ. ლოყაზე სისველეს ვგრძნობ. - რატომ არ მოხვედი და არაფერი გვკითხე? მკვლელი რატომ გახდი? - ვეკითები იმ იმედით, რომ საუბარი რამეს შეცვლის. თუმცა, ჩემი მეგობრები ცოცხლები აღარ არიან და აღარც არაფერი შეიცვლება ისე, როგორც მე მინდა. ახლა ის აქაა. უფრო სწორად სულ აქ იყო და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა შევძლო, საკუთარი თავის თუ არა, მათეს გადარჩენა მაინც.
- გგონია შეკითხვების დასმის უფლება გაქვს? - ჩემს მობილურს ჯიბეში იდებს. - შეკითხვების დასმა დაგიგვიანდა, მირა. იქ უნდა დაგესვა, სადაც საჭირო იყო. თუმცა, როგორ? მერე რომანტიულ თავგადასავალში მთავარი როლის შემსრულებელი ვინ იქნებოდა?
- არ ხარ სწორი. არც კი იცი, და არც გაგება გდომებია. ღმერთო, - ვერც კი ვხვდები, მეც ისე მეწევა ხმა. ყელი მეწვის ტკივილისგან. - უბრალოდ ადექი და მოკალი.
- ყველაფერი ვიცი. თქვენ ჩემი ძმა მოკალით. იცოდით რაც სჭირდა. შენ ხო იცოდი? მითხარი, ხომ იცოდი?
- ვიცოდი, მაგრამ ეს დაჩის გადაწყვეტილება იყო. ეგონა, რომ... ეგონა მოერეოდა.
- გაჩუმდი, გაჩუმდი, მირა გაჩუმდი! - ტუჩებს მაგრად ჰკრავს კალე და დაჟინებით მაცქერდება. მგონია, სადაცაა მეცემა და რაღაცას დამიშავებს.
- შენ იქ არ ყოფილხარ და არ იცი, რა ხდებოდა. ასე უპასუხოდ როგორ გადაწყვიტე იმ ადამიანების ერთიანად ამოხოცვა, რომლებიც უბრალოდ ერთობოდნენ?
- ერთობოდნენ? ერთობოდნენ იმით, რომ დაჩის გადახტომას აიძულებდნენ? თქვენ ყველა ერთად შეკრებილი ამაზრზენი იდიოტები იყავით და ცდილობდით დაჩიც ამად გექციათ. დააძალეთ, ის გაეკეთებინა, რისიც სიკვდილამდე ეშინოდა. დააძალეთ ის ყოფილიყო, რაც არ იყო.
- არ დაგვიძალებია, ღმერთო, არა! - პირზე ვიფარებ ხელებს. ნერვებისგან მახველებს. ერთიანაც ვცახცახებ, რადგან ვიცი, რომ ახლა გვიანია. კალესთვის იმის დაჯერება, რომ დაჩის საკუთარი სურვილი ჰქონდა, ახლა ძალიან გვიანია. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, მაგრამ ის დღე თავისი ყველა უბედურებით ჩემს მეხსიერებაში ცოცხლდება და განცდებით იდგამს ფესვებს სხეულში.
კალე ერთხანს უხმოდ მიყურებს. გაღიზიანებისგან სწრაფად აუდ-ჩაუდის მკერდი. მისი ზიზღი ქარვისფერი თვალებიდან ხელშესახები ხდება. თვალწინ მიდგება კადრები, როგორ იცინოდა, როცა ხევის პირას ხელებგაშლილი იდგა და გადახედვას მთავაზობდა. იმ უდარდელი სიცილის მიღმა ღმერთმა იცის რა იმალებოდა. ალბათ აკვირდებოდა ჩემს რეაქციას და როცა შეშინებული მნახა, კმაყოფილიც კი დარჩა. მეშინია. მარტო დარჩენის მეშინია, რადგან მასთან გატარებული ყოველი წამის გახსენება აუტანელ ტკივილს მომაყენებს.
ნახევარი ტანით ბრუნდება, მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს ხსნის და მალევე მონიტორზე ძველი, მაგრამ კარგად ნაცნობი კადრები ჩნდებიან. მაგრამ ეს არაა ჩემი თვალით დანახული ანანურის ხიდი. ეს დაჩის მობილურით გადაღებული კადრებია, რომელიც ბექას ეჭირა და აფიქსირებდა ჩემსა და დაჩის ხიდიდან გადახტომას. ვუყურებ ამ მოძრავ სურათებს და ლამისაა გული გამიჩერდეს. ვუყურებ როგორ მივდივართ ხიდის კიდემდე, როგორ ყოყმანობს დაჩი. აქ ის ცოცხალია. აქ ნატა და თეონაც ცოცხლები არიან, ოთოც და თენგოც და ბიჭს აქეზებენ. აქეზებენ, რომ შიში დაძლიოს. აქეზებენ ჩემ გამო. ვუყურებ და აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. აქედან ყველაფერი თითქოს ისე ჩანს, როგორც კალეს სჯერა. თითქოს დაჩის ფიქრის საშუალება არ აქვს. ლელას ხმა მესმის. მესმის, როგორი უკმაყოფილოა ჩვენი მეგობრების დაჟინებით და ცდილობს ბექას მობილური წაართვას. მაგრამ არ ეშვება. მათეც აქაა. ჩვენგან ოდნავ შორს და არ ერევა იმაში, რაც იქ ხდება.
ვიდეო იწელება. სანამ მე და დაჩის ქამრებით გვკვრავენ, ჩემი მეგობრები არ ჩერდებიან. შემდეგ ხიდის კიდეზე ავდივართ. ვყოვნდებით. სხეული მეყინება. ვგრძნობ იქ მოქროლილ ნიავს, იქაურ მზეს, იქაურ მტვრის ნაწილაკებს, იქაურ შიშს და მღელვარებას. ახლა გადავხტებით და ყველაფერი დამთავრდება. ჰაერს გამოვეკიდებით და გავფრინდებით, მაგრამ ერთმანეთს დედამიწაზე ვეღარ შევხვდებით.
- გეყოფა! გეყოფა! - ვყვირი, სწრაფად მივდივარ მაგიდასთან და ლეპტოპს ვხურავ. ხელებს სახეზე ვიფარებ. ასე მგონია ცრემლები დამახრჩობენ.
- იქ ვიყავი. - ამბობს კალე მოგუდული ხმით. - ჩათვალე, რომ იქ ვიყავი. მე შენზე ყველაფერი ვიცოდი. დაჩი ყველაფერს მიყვებოდა. ყველა დეტალს. შენ ვერც კი წარმოიდგენ ის ვინ იყო ჩემთვის. ახლა დგახარ და მეუბნები, რატომ გავხდი მკვლელი?! - ღრიალებს ის. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ. არ მინდა მისთვის შეხედვა. ამას ვერ გავუძლებ. - როცა ამ ვიდეს ვუყურე. ვნახე, რამ მოკლა ჩემი ძმა... რამ... ამ უტვინურმა, ამ სულელურმა გართობამ. ამბავმა, რომელიც არაფრად არგოდა დაჩის, რომელიც არაფერს მოუტანდა...
- აქამდე სად იყავი... - ვაწყვეტინებ. ჩემი ხმა დამფრთხალი და სუსტია. თითქოს ბედს შეგუებული.
- ეს უნდა დაგვიწყებოდათ. - ამბობს და კედელზე ჩამოკიდებული სურათებისკენ ბრუნდება.
- შენ სერიოზულად ფიქრობდი, რომ დაჩი დამავიწყდებოდა? სერიოზულად გგონია, რომ ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო და ჩემს სხეულზე მოკვდა დამავიწყდებოდა?
- ძვირფასი? ეგ მჯეროდა, სანამ ეს ვიდეო არ ვნახე. შეგეჩერებინა და ამას მომავალშიც დავიჯერებდი. შენ კი ამისთვის არაფერი გაგიკეთებია. ერთხელაც არ გითქვამთ არც ერთს, რომ ეს სისულელე იყო. მხოლოდ ლელა. ერთადერთი გონიერი ადამიანი თქვენს შორის ლელა აღმოჩნდა, მხოლოდ ის. არც ერთ თქვენგანს არ გიმსახურებთ, თავის ბექასაც კი.
ვუსმენ და მათი გაცნობის დღე მახსენდება. ახლა ვხვდები ლელასადმი კალეს თბილ დამოკიდებულებას. ერთადერთ უდანაშაულოდ ამ ამბავში ის მხოლოდ ლელას თვლის და ამიტომაც იყო გოგო ყველაფრისგან თავისუფალი. თურმე აქამდე მას საფრთხე არ ემუქრებოდა, ერთი წამითაც კი.
- შენ მე მეგობრები მომიკალი, კალე. დაჩის სანაცვლოდ. უბრალოდ მითხარი, რომ კმაყოფილი მაინც ხარ.
- ბოლომდე არა. - ამბობს და აქამდე ხელში ჩაბღუჯულ იარაღზე თითებს ათამაშებს. - იქ, სადაც ახლა წავალთ, ყველაფერი დამთავრდება.
რამდენიმე წამით სიჩუმეა. და ვხვდები, რასაც გულისხმობს.
მათე. ის მათეს მოკვლასაც აპირებს. ის ალბათ ბოლოა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. მან დაგეგმა აქ მოსვლა იმისთვის, რომ ყველაფერი ღია და ნათელი ყოფილიყო. მას უნდა, რომ ვნახო, როგორ მოკლავს მათეს.
არა, ეს არ მოხდება. მათე არა. მე კი, მაგრამ მათე არა. ამას არ დავუშვებ, ვერ დავუშვებ.
ლოყებიდან ცრემლებს ვიწმენდ და გამოფხიზლებას ვცდილობ. აცახცახებულ ხელებს ყურადღებას არ ვაქცევ. რაღაც უნდა გავაკეთო. ახლა მაინც.
კალე ისევ ზურგით დგას და ეს ოდნავ, მაგრამ მაინც მეხმარება. ეს უნდა გამოვიყენო, სანამ დროა. ოთახს სწრაფად ვავლებ თვალს და ჩემს გვერდით, დაახლოებით სამ ნაბიჯში ძველ ხის სკამს ვხედავ. კიდევ ერთხელ ვაპარებ კალესკენ მზერას და შემდეგ, ძალიან სწრაფად ვწვდები სკამს. ის-ისაა ვიღერებ, რომ კალე ბრუნდება, მაგრამ მე მაინც ვასწრებ, მის მოქნევას და მისთვის მთელი ძალით ჩარტყმას. აღარ ვაკვირდები იმას, თუ რა ემართება კალეს. მხოლოდ წაბორძიკებულს ვხედავ და ამით ვსარგებლობ. ოთახიდან გავრბივარ და სამზარეულოსკენ მივიწევ. მაგიდაზე დადებულ პურის დანას სწრაფად ვიღებ და კარს ხელს ვკრავ.
ყელში გაბერილი ბურთი სუნთქვას მიზღუდავს. ვცდილობ სწრაფად ვიმოქმედო, მაგრამ ვიბნევი. სადაა მათე? თვალს სწრაფად ვავლებ ეზოს და ის-ისაა ფარდულს ვხედავ, რომ კალეს ღრიალის ხმა მესმის. უკან ვიხედები და სამზარეულოს ფანჯრიანი კარიდან მას ვლანდავ. მაშინვე ვწყდები ადგილს და ფარდულისკენ გავრბივარ, მაგრამ ვიცი, რომ აზრი არ აქვს. შეიძლება მათე იქ იყოს, მაგრამ სანამ კალე უკან მომსდევს, ვერაფრით დავეხმარები. სველ ქვის ბილიკზე ფეხი მიცურავს და მანელებს. უკან რამდენჯერმე ვიხედები და ვხედავ, თანდათან როგორ მეწევა უკან მოდევნებული. უკვე ფარდულთან მისული კარის სახეულურს ვეჭიდები, მაგრამ ვერ ვაღებ. ჩაკეტილი არაა, მაგრამ ალბათ გაჭედილი. სანამ გაქცევას დავაპირებდე, ზურგიდან მისი სირბილისგან დაღლილი ხმა მესმის.
- ტყუილად ცდილობ.
ვბრუნდები. იარაღს მიმიზნებს და განრისხებული მზერით მიყურებს. იარაღის არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ ჩემს მოკვლას არ აპირებს. არც სიკვდილის მეშინია. მხოლოდ იმის, რომ შეიძლება დამჭრას და დამასუსტოს. ისედაც უვარგისი ყოვლად გამოუსადეგრად მაქციოს.
- მას რას ერჩი? შენ თვითონ ნახე, რომ მათეს სიტყვაც არ დასცდენია დაჩისთვის.
- მართალი ხარ, არაფერი გაუკეთებია. შენსავით. - კბილებში სცრის. სწრაფად მიახლოვდება და დანას ხელიდან მგლეჯს. შემდეგ მკლავში მეჭიდება, გვერდით მწევს და ფარდულის კარს აღებს. - შედი. - ამბობს და მხარზე ხელს მკრავს. წაბორძიკებული ძლივს ვიკავებ თავს, რომ არ წავიქცე. შიგნით ბნელა, მაგრამ თვალი მალევე ეჩვევა და სანამ კალე სინათლეს აანთებდეს, მანამ ვასწრებ მათეს დანახვას, რომელიც ფიცრულ იატაკზე ხელ-ფეხშეკრული ზის და პირზეც ჩვარი აქვს აკრული. ჩემი დანახვისას თვალები უფართოვდება და თოკებისგან თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. გული ყელში მებჯინება, როცა ასეთ მდგომარეობაში ვხედავ და აუტანელი შიში მიპყრობს, რომ შეიძლება ისიც დავკარგო.
- მათე. - უნებურად მცდება ჩაწყვეტილი ხმით მისი სახელი. ის ისევ ხელების გათავისუფლებას ცდილობს და ღმუის. სასოწარკვეთილი, განრისხებული თვალებიდან ნაპერწკები სცვივა. ინსტიქტურად მისკენ ვიწევი.
- ადგილზე დარჩი. - კალეს ხმა მაფხიზლებს. მხარზე მობჯენილ მის იარაღს ვგრძნობ და ვშეშდები. სუნთქვა მიხშირდება ცივი ლითონის ამაზრზენი შეხებისგან. - ესეც ასე. - ღრმად ისუნთქავს კალე ჰაერს. სხეულზე მცრის, როცა მის შვებისგან გაბადრულ სახეს ვხედავ. - ყველანი აქ ვართ. და რადგან კანონიც დიდი ხანია თან გვდევს, ალბათ გაგიხარდებათ მისი აქ ყოფნაც. - ამბობს ის. მის მზერას თვალს ვაყოლებ და ახლა ვხედავ, ჩემგან მარჯვნივ, კუთხეში მათეს მსგავსად მჯდომ ადამიანს, რომელსაც აქამდე ალბათ იმიტომ ვერ ვამჩნევ, რომ ნახევრად მუყაოს ყუთები ფარავს.
ვუყურებ. თავიდან ვერ ვხვდები ვინაა და აქ საიდან გაჩნდა. საერთოდ რა შუაში ამ სიტუაციასთან, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ვაკვირდები, ვხვდები, რომ საიდანღაც მეცნობა. შემდეგ მახსენდება. რა თქმა უნდა, ისაა, ეს ის ადამიანია, რომელმაც გზიდან გადმომათრია და მანქანის შეჯახებისგან მიხსნა. კი, ისაა, მაგრამ მაინც, წარმოდგენა არ მაქვს, აქ რა უნდა, ან ვინაა. როგორც ჩანს, კალეს ნათქვამზე ღიზიანდება და შეკრულ ფეხებს ყუთებს ურტყამს. ყუთების კოშკი იშლება და იატაკზე იფანტება.
- რვა წელი იმიტომ არ მიცდია, რომ ვიღაცას ჩემთვის ხელი შეეშალა, მით უმეტეს უვარგის პოლიციას. - იარაღიან ხელს აგდებით იქნევს ჰაერში, ისე თითქოს ის ადამიანი აქ არც იყოს. როგორც ჩანს, პოლიციელია, მაგრამ აქ საიდან გაჩნდა? ღმერთო, რა თქმა უნდა! ალბათ კალეს უთვალთვალებდა. რა თქმა უნდა! მახსენდება პოლიციის განყოფილებასთან გამომძიებელთან ჩემი საუბარი. ის ხვდებოდა. ხვდებოდა, რომ კალე საეჭვოდ გამოჩნდა ჩვენს სამეგობროში. ისიც ხვდებოდა და თენგოც გრძნობდა ამას, ამიტომაც იყო გაღიზიანებული და საშინლად განწყობილი ბოლო დროს კალეს მიმართ. ამას მეც უნდა მივმხვდარიყავი, მაგრამ ბრმა ვიყავი. კალესთან გატარებულმა დღეებმა, მისმა ჩემდამი მოპყრობამ დამაბრმავა და გამაბრუა. „ხანდახან სულაც არაა საჭირო შორს წასვლა იმისთვის, რომ ახლოდან დაინახო.“ გამომძიებელმა იცოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ვერაფერს ამტკიცებდა დუმდა. ალბათ ეს ადამიანიც მან მიუჩინა კალეს სათვალთვალოდ. და ამიტომაც იყო იქ, წვეულების საღამოს. ყველას თვალს გვადევნებდა, მხოლოდ კალეს არა. - მე შენ გხედავდი, ყველგან. - დამცინავად ეღიმება კალეს და წარბებს ზემოთ სწევს. - არც ისეთი პროფესიონალი ხარ, როგორადაც მოგაქვს თავი. - რამდენიმე წამით სამივეს ზურგს გვაქცევს, იარაღს ზურგს უკან შარვლის სალტეში იდებს და დანას ატრიალებს. - მენდე, გულწრფელად ვწუხვარ ამ ამბავში რომ გაერიე. შენ მართლა არაფერ შუაში ხარ და ძალიან არ მინდა სრულიად უცხო ადამიანი ამ ორის გამო მოკვდეს. - ჩემსა და მათეზე ანიშნებს თვალებით მას და ჩვენს შორის დგება. ახალგაზრდა პოლიციელი დუმს, მაგრამ მზერით კალეს არ შორდება. მისი სიმშვიდე მაეჭვებს. - თუმცა... ვნახოთ, რა მოხდება. იქნებ გაგიმართლოს კიდეც.
კალე ერთი წამით დანას უყურებს, შემდეგ მზერა ჩემკენ გადმოაქვს და დაფიქრებით მათვალიერებს. მე კი გამუდმებით მის მიღმა, მათესკენ გამირბის თვალი.
- რვა წელი ცატა არაა, ხომ ასეა? - მეკითხება ის და ნელა დგამს ჩემსკენ ნაბიჯებს. - წარმოგიდგენია რამდენ დროს ვატარებდი ამ მომენტზე ფიქრში? წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ მომიკვლიხართ სათითაოდ? მაგრამ იქ, წარმოსახვაში ყველაფერი გაცილებით საშინლად ხდებოდა. იმაზე ბევრად დამსახურებულად, ვიდრე გავაკეთე. - კალე ჩემს ზურგს უკან დგება. თანაც იმდენად ახლოს, რომ ბეჭებზე მის შეხებას ვგრძნობ. ვკრთები და გაცლას ვცდილობ, მაგრამ იდაყვში მტკივნეულად მავლებს ხელს და ადგილზე მტოვებს. ისევ ცახცახი მივარდება და ერთი წამით ცრემლები მიბინდავენ მხედველობას. მისი აურა ყინულივით ცივია.
მათე რაღაცას ამბობს, მაგრამ პირზე აკრული ჩვარის გამო მხოლოდ ღმუილი ისმის.
- ჩემს წარმოსახვაში შენ პირველი კვდებოდი, მირანდა. - ყურთან ამბობს კალე, თმაზე ფრთხილად მეხება და მხარს უკან მიწევს. ცივი ეკალი მაყრის. საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ რაიმე ისეთი არ გავაკეთო, რაც მის განრისხებას გამოიწვევს. კიდევ უფრო მიძნელდება თავშეკავება, როცა ყელზე დანის ცივ, ბასრ პირს ვგრძნობ. სუნთქვა მეკვრის და ვქვავდები. გონება მაშინვე ზაფხულის იმ ღამეს მიცოცხლებს, როცა ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობი მკვლელი ამედევენა და ლავიწზე ჭრილობა დამიტოვა. ის იყო... შემდეგ კი მოვიდა და დამამშვიდა. ჭრილობაც კი გამისუფთავა. ისე იზრუნა ჩემზე, თითქოს მანამდე ჩემი შიშით არ გამოკვებილა. - ყველაზე მტკივნეულად და ყველაზე დიდხანს შენ კვდებოდი. საკუთარ თავთან ვიბრძოდი იმის გამო, რომ შენ ცოცხალი უნდა ყოფილიყავი და გეყურებინა, რასაც გავაკეთები. მე კი მენახა, როგორ დაიტანჯებოდი და როგორ მოკვდებოდი ცოცხლად. - კბილებში სცრის კალე. ყელზე მობჯენილი დანა ოდნავ ქვემოთ ცურდება და ნაიარევთან ჩერდება.
სუნთქვაშეკრული ვახელ თვალებს და გაცეცხლებულ მათეს ვხედავ. სიმწრისგან სახე ერთიანად გასწითლებია. შემართული ზის, თუმცა ადგომას ვერ ახერხებს. რომც შეძლოს, არ ვიცი, რას მოიმოქმედებს. უიარაღოა. კალე კი...
- იცი როგორ გავძელი ამდენ ხანს? - ჩემს ყურთან ლაპარაკობს კალე. მისი ტუჩებიდან გადმოფრქვეული ცხელი ჰაერი კანს მიწვავს. - თქვენთან ძალიან ახლოს ვიყავი. იმდენად ახლოს, რომ ხანდახან გეხებოდით კიდეც. ვრწმუნდებოდი, რომ აქვე იყავით, რეალურად აქვე და ჩემს იქით გზა არ გქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა, არ დავნებდი.
მათე ისევ ღრიალებს. ისევ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ მისი სიტყვები ჩვარში იკარგებიან.
არ მინდა იმის მოსმენა, თუ როგორ გეგმავდა კალე ჩემი მეგობრების მკვლელობებს. არ მინდა, ისინი კიდევ ერთხელ ჩემ თვალზინ დაიღუპნონ. მაგრამ ის აგრძელებს:
- ნატა? ვაღიარებ, ნატა ძალიან ლამაზი მსხვერპლი აღმოჩნდა. ისევე დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მოკვდა, როგორც თავად ითხოვდა დაჩის ხიდიდან გადახტომას. ძალიან მეზარებოდა ხალხმრავლობა და პანიკა, თუმცა წვეულება პირველი შეცდომის მშვენიერი გამოსწორება იყო. ხომ ასეა? - მეკითხება კალე და დანას ოდნავ ატანს ძალას. კანი მეჭიმება. - ოთო... ისეთი მარტივი იყო ყველაფერი, გაოგნებული დავრჩი. - უცბად მშორდება ის, ჩემსა და მათეს შორის დგება და ხელებს განზე სწევს. გაოცებულის როლს უნაკლოდ ირგებს. - უბრალო ხელის კვრა. მეტი არაფერი. წარმოგიდგენიათ? გამეცინა კიდეც. - იცინის და დანანებით აქევს თავს. - არადა პატარა ადრენალინი მაინც რომ ყოფილიყო, პატარა შეწინააღმდეგება მაინც, ზუსტად ისე კარგად დამამახსოვრდებოდა, როგორც თეონა. - გოგოს ხსენებაზე თვალწინ მიდგება სცენა, როგორი გაოგნებული იდგა კალე სააბაზანოს კარში, როგორ ცდილობდა ჩემს შეკავებას. როგორ მიხსნიდა, რომ ეს მახე იყო და მკვლელს უნდოდა, თეონა მე მომეკლა. როგორ განიცდიდა და მეუბნებოდა, რომ ამის დავიწყება შეუძლებელი იქნებოდა.
ყელში ტკივილი მეჩხირება. სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილი მივარდება. თავს ისე უბადრუკად და სულელად ვგრძნობ, როგორც ცოტა ხნის წინ კალე მახასიათებდა.
- ხო, ხო. თეონასთან საუბარიც კი მოვასწარი. ეგ გოგო, სხვებისგან განსხვავებით ისე მოკვდა, რომ ყველაფერი გაიგო. იცოდა ვინც ვიყავი და სხვათა შორის, აღიარა, რომ ნანობდა. შეცდომას ხვდებოდა, გესმით? - ჩემსა და მათეს შორის მზერას ცვლის კალე. - კარგი, რა მირა, ტირილის ძალა კიდევ გაქვს? ცრემლი კიდევ შეგრჩა? შენ ის არა ხარ, ვინც ამბობდა, რომ აღარაფერი იყო? - თავს აქნევს ისე, თითქოს ჩემ გამო წუხდეს. - თენგოს რაც შეეხება, ერთი სული მქონდა მისი ჯერი დამდგარიყო. ვნანობდი კიდეც, რომ მისით არ დავიწყე.
კალე ჩუმდება. ფარდულში მხოლოდ ჩემი სლუკუნის და მათეს გახშირებული სუნთქვის ხმა იმის. გაჩერებას ვცდილობ. ცივი გონება მეუბნება, რომ თავი ხელში ავიყვანო და იმაზე ვიფიქრო, თუ როგორ დავაღწიოთ თავი კალეს ისე, რომ არავინ დაშავდეს. მაგრამ თავში არაფერი მომდის. ასე მგონია მათესა და იმ პოლიციელის მსგავსად, მეც შეკრული ვარ.
- ხოდა ასე. ისინიც გაქრნენ. ზუსტად ისე, როგორც დაჩი გაქრა. - დანის წვერს თითს ადებს კალე და მიყურებს.
- რა გინდა, რომ გავაკეთო. - მაჯით ვიწმენდ ცრემლებს და თვალებში ვუყურებ ჩემ წინ მდგომს.
- რის სანაცვლოდ. - მკრთალად ეღიმება.
- იცი.
- გამორიცხულია.
- ამით დაჩის ვერ გააცოცხლებ.
- შენ ხომ გატკენ. მიზნად ეს მქავს და არა დაჩის გაცოცხლება. შენსავით სულელი არა ვარ მირანდა. - ზიზღით ამბობს კალე, შემდეგ უკან ბრუნდება, მათესკენ იხრება და პირიდან ჩვარს აძრობს. - შენც გვითხარი რამე. დიდი ხანია დუმხარ.
- ცივსისხლიანი ხარ! თუ გგონია, რომ მომკლავ და აქედან კმაყოფილი წახვალ, ძალიან ცდები. - ღრიალებს მათე და გაცეცხლებული, შეკრულ ფეხებს მის გვერდით მდგარ ძველ კარადას ურტყამს. კარადა ტოკდება და მის თავზე მდგარი შამპანურის ცარიელი ბოთლი რკინის ღუმელზე ეცემა. მსხვრევის ხმა ყურებში უხეშად ჩამესმის. ასე მგონია მთელი ჩემი სხეული იკაწრება. პოლიციელი სწრაფად ბრუნდება გვერდით და ნამსხვრევებს თავს არიდებს.
- ცოტა ამბიციური ნათქვამია, შენს მდგომარეობას თუ შევხედავთ. - ალმაცერად ავლებს თვალს კალე მათეს. დანას მუყაოს ყუთზე დებს, ზურგიდან იარაღს იღებს და ნელა არგებს ხმის ჩამხშობს. გული ამოვარდნას მაქვს. თვალს ვერ ვწყვეტ მისი თითების მოძრაობას.
- შენი დედაც!.. საერთოდ იცნობდი შენს ძმას? - მათე წამოდგომას ცდილობს, მაგრამ მხოლოდ მუხლებზე დადგომას ახერხებს. - იცოდი რა უნდოდა და რისი გაკეთება შეეძლო? ოდესმე ადამიანი გყვარებია? მის გამო რამე გაგირისკავს? საერთოდ იცი რას ნიშნავს რისკი?
- დაჩის ნუ მასწავლი. - კბილებში სცრის კალე და დაჟინებით აშტერდება მათეს.
- ხო, შეიძლება ჩემმა მეგობრებმა წააქეზეს, მაგრამ ის სულელი არ იყო და ამის გამო არ მომკვდარა. ის შეყვარებული იყო. და შენ ამას ვერ გაიგებ, ტატე! - სიძულვილით ამბობს სახელს მათე და მის ფეხებთან აფურთხებს.
- ღმერთო! - ეცინება კალეს. - შენ გინდა, რომ ყველაფერი სიყვარულს დააბრალო? ამის მიმართ სიყვარულს? - ჩემკენ იშვერს ხელს და სახე ეცვლება. - სადაცაა გული ამიჩუყდება და მოვინანიებ თქვენს წინაშე. იცი სასაცილო რა არის? - ისევ მათეს უბრუნდება. - ამას შენ რომ ამბობ. კაცი, რომელიც რვა წელია სიყვარულს ეწირება. და შენი არ მესმის. ვერც დაჩისი გავიგე, როცა მირა გავიცანი. რა აქვს ისეთი, რითაც თავი შეგაყვარათ? რატომ უნდა გადამხტარიყო ჩემი ძმა ამისი სიყვარულისთვის ხიდიდან, როცა არანორმალურად ეშინოდა სიმაღლის? ან რატომ გიყვარს მთელი რვა წელია შენ? მხოლოდ ხუთი თვე გავატარეთ ერთად და საწოლშიც კი ბევრი ვერაფერი იყო. - აგდებით იცინის კალე. სუნთქვა მეკვრის და სახეზე ალი მედება. გვერდით ვიხედები. არც ერთისთვის შეხედვა არ მინდა.
ის-ისაა თვალების დახუჭვას ვაპირებ, რომ პოლიციელს ვხედავ, რომელიც შეუმჩნევლად იშმუშნება. ჯერ ვერ ვხვდები, რა სჭირს, შემდეგ კი იქვე, დამსხვრეული ბოთლის ნარჩენებს ვამჩნევ და ყველაფერი ნათელი ხდება. მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრის. თავს ძლივს ვიკავებ, რომ რამე არ აღმომხდეს. ალბათ სახეზე მემჩნევა ემოცია, რადგან პოლიციელი წარბებს ზემოთ სწევს და თვალებით მანიშნებს, რომ მივიხედო. მაშინვე იმას ვაკეთებ, რასაც მეუბნება. გული გამალებით იწყებს ძგერას. ღმერთო, იმედია, რაც ჩაფიქრებული აქვს, გამოუვა.
- ამით ვერ გამაღიზიანებ. - კბილებში ცრის მათე.
- ეგ არც მიცდია. პირიქით. ხომ უნდა იცოდე მისი შესაძლებლობები. - კარგი ფსიქოლოგივით ლაპარაკობს კალე.
- ისე ნუ იქცევი, თითქოს აქ არ ვიყო. - ვამბობ და ვცდილობ ბრაზი დავიტყო. თუ დროს გავწელავ, იქნებ პოლიციელსაც დავეხმარო, სანამ ხელებს გაითავისუფლებს.
- აჰ, მირა, შენი შემჩნევა ძალიან ძნელია. მიკვირს, როგორ არ იკარგებოდი სამეგობროში. თუმცა ინდივიდუალურობით დიდად ვერც ერთი ამ წრის წევრი გამოირჩეოდა, ლელას თუ არ ჩავთვლით. ამიტომაც გაქრებით. - ხელს ჰაერში აქნევს, თითქოს კვამს ფანტავდეს. - რომ შემეძლებოდა, მხოლოდ ფეისბუქიდან კი არა, მათ ხსოვნასაც სამუდამოდ გავაქრობდი. - ამბობს კალე და პოლიციელისკენ იხედება. - დაძაბულობისგან ტუჩს ვიკვნეტ. რამე რომ შეამჩნიოს... ის კი კედელს მიყრდნობილი უძრავად ზის და კალეს პირდაპირ თვალებში უყურებს. - სულ მავიწყდება, რომ შენც აქ ხარ და სამხილებს აგროვებ. - ეცინება მას, ნაბიჯებს მათესკენ დგამს და მის უკან დგება. დანის წვერს მის მხარზე აბჯენს და მიყურებს. - არ გაბედო და თალების დახუჭვა არ სცადო. - მეუბნება და ამთავრებს თუ არა წინადადებას, დანას ოდნავ ატანს ძალას. მათეს ღმუილი ყურებში მოგუდული ხმით ჩამემის. მუცელში ტკივილს ვგრძნობ და ხელებს ვიჭერ. თავს დაბლა ვხრი და თვალებს მაგრად ვხუჭავ. - უყურე! - ღრიალებს კალე.
არ მინდა, ამის დანახვა არ მინდა.
- გეყოფა! თავი დაანებე! - ვყვირი მოთმინებადაკარგული. სიმწრისგან თითები მიცახცახებს. კალე მხარში ჩასულ დანის წვერს ატრიალებს და აძრობს. მათე ტკივილისგან წელში იხრება. ცდილობს თავი შეიმაგროს და დამალოს, რას გრძნობს, მაგრამ მის ჩასისხლიანებულ, აწყლიანებულ თვალებში ყველაფერი ჩანს.
- შენი დედაც!.. შენი დედაც... ! - ღრიალებს ის და შუბლით იატაკს ებჯინება. უკან შეკრული ხელების გამო კი ზურგი ისე ეჭიმება, რომ მგონია, სადაცაა დაიმსხვრევა.
- იმედია შენ უფრო გტკივა, მირანდა, ვიდრე მათეს. - ამბობს კალე. ბიჭს თმაში ავლებს თითებს და ისევ წელში ასწორებს. დანას ყელზე აბჯენს. მათე გაბრძოლებას ცდილობს, დანა კი კანს უსერავს. დაძაბულობისგან სხეულში მამტვრევს. ადუღებული სისხლი ლამისაა პირიდან ვაღებინო. ახლა, რომ მან ეს გააკეთოს... ეს რომ გააკეთოს...
მაგრამ არა. დანას მის ლოყაზე ანაცვლებს და ხელს სწრაფად იქნევს. მათეს სახეზე წითელი ზოლი ჩნდება. ის კი თვალებს მაგრად ხუჭავს და კბილებს აჭერს ერთმანეთს. გაჭრილ ლოყას მხარზე იდებს, მაგრამ ალბათ სტკივა, რადგან სახე ერთიანად ეშლება.
- ნამდვილი შეშლილი მანიაკი ხარ და არა ძმის სიკვდილის გამო დამწუხრებული ადამიანი. - ვყვირი და ცრემლებისგან დაბინდულ თვალებს ვიწმენდ.
- ცდები, ძვირფასო. მანიაკებს მკვლელობისთვის მიზეზი არ სჭირდებათ. მე კი მაქვს.
- ხოდა დაგვხოცე ბოლოსდაბოლოს. შენ ხომ ეს გინდა? დაგვხოცე და მორჩი!
- ასე იოლად გინდა გამოძვრომა? - წარბებს ზემოთ სწევს კალე. - მეგონა ხვდებოდი, რომ ამას შენს დასასჯელად ვაკეთებდი.
- ხოდა საკმარისად დავისახე, არ ფიქრობ? ოთხი მეგობარი მომიკალი, ოთხი! და პარალელურად ჩემთან იცხოვრე. იმდენი მოახერხე, რომ ჩემი მეგობრების მკვლელის მიმართ გრძნობები გამიჩნდა. მთელი ცხოვრება შენ უნდა გზიდო სხეულითად და გონებითაც. გგონია, ჩამოგრეცხავ? ვერა! ხოდა იკმარე ეს! გეყოფა ჩემი დასჯა სხვების წამებით. უბრალოდ გეყოფა.
- ოოხ, მირანდა... - ოხრავს კალე. - მთავარს ვერ ხვდები. - მათეს ნიკაპში სწვდება და ზემოთ აწევინებს თავს. - ის, ვინც შენთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია, ჯერ კიდევ ცოცხალია და აქაა. ან მშვენივრად ხვდები და უნიჭოდ ცდილობ დროის გაყვანას და მათესთვის სიცოცხლის შენარჩუნებას.
- ღმერთო, კალე, მას არფერი დაუშავებია. თავი დაანებე, გემუდარები! - ყელი მეწვის ტკივილისგან. ვუყურებ მათეს და ლამისაა თავი გამისკდეს ფიქრისა და სინანულისგან, რადგან ვერაფერს ვაკეთებ.
- მირა... - მისი ტუჩების მოძრაობა ჩემს სახელს გამოთქვამს. ჩუმადაა და თითქოს მშვიდადაც. სახეზე მხოლოდ ტკივილისგან გამოწვეული დაღლა ამჩნევია.
- ასეც ნუ დაეცემი. - ზიზღით სცრის კბილებში კალე. - მუდარა არაფერს შეცვლის. იქნებ თავი ხელში აიყვანო და უბრალოდ თვალი გაუსწორო ამ გარდაუვალობას. - ამბობს და ისევ ყელზე ადებს მათეს დანას.
- გაჩერდი! - ვყვირი უკვე იმას შეგუებული, რომ ყველაფერი გვიანია. და ის-ისაა კალე კმაყოფილი იღიმის, რომ ვხედავ, როგორ სწრაფად იღებს პოლიციელი გატეხილი ბოთლის მოზრდილ ყელს და კალეს პირდაპირ სახეში ესვრის. მოულოდნელობისგან ვხტები და ვშეშდები. კალეს დანა ხელიდან უვარდება, თითებს სახეზე იფარებს და ტკივილისგან წელშიმოხრილი ღრიალებს. მათე მთელი ძალით ეჯახება მას და ძირს აგდებს. ამასობაში, პოლიციელი უკვე გათავისუფლებული, გასისხლიანებული ხელებით ფეხებიდან თოკს სწრაფად იხსნის და ის-ისაა მათეს შეკრულ მკლავებთან მირბის, რომ კალე გაცეცხლებული დგება ფეხზე, პოლიციელს ხელს ჰკრავს და მუშტს ურტყამს.
- მირა! - მესმის მათეს ხმა და ახლაღა მოვდივარ გონს. ადგილს ვწყდები და მასთან მივრბივარ. სანამ ისინი ჩხუბობენ, ვცდილობ, ხელებიდან თოკი მოვხსნა, მაგრამ აცახცახებული თითებით ვერაფერს ვახერხებ.
- ჯანდაბა, ჯანდაბა! - ვუყვირი საკუთარ თავს.
- მირა, შემეშვი! - მხრებს აქნევს მათე. - შემეშვი და წადი. ახლავე წადი!
უცბად სუსტი გასროლის ხმა მესმის და წელში ვიხრები. კალეს პოლიციელისთვის ყელზე მიუჭერია მარცხენა, კედელზე ჰყავს აკრული და ცდილობს იარაღიანი ხელი მისკენ მიმართოს, მაგრამ ბიჭი უმკლავდება და კალეს მაგრად ჩაბღუჯულ ხელს მოძრაობის საშუალებას არ აძლევს. იარაღიდან კი რამდენიმე ტყვია ვარდება და ხის იატაკს ხვდება. ერთი მათგანი კი პოლიციელის ფეხს. მისი შეყვირება ადგილზე მახტუნებს და მათესკენ ვიწევი. უცბად კალე მთელი ძალით ეცემა ზურგზე და მისი ხელიდან გავარდნილი იარაღი ცურდება. პოლიციელი ზემოდან ექცევა დავარდნილს და მთელი ძალით ურტყამს სახეში.
- მირა! - ისევ მეძახის მათე. - ახლავე წადი აქედან!
- არა, აქ ასე ვერ დაგტოვებ. - არც კი ვუყურებ, ისე ვაგრძლებ თოკთან ბრძოლას.
- თავი დამანებე, გესმის? - ყვირის მათე. - შემომხედე! - ამბობს. ვუყურებ. მისი დაღლილი მწვანე თვალები მუდარით და ამავდროულად კატეგორიულობით შემომცქერიან. - ახლავე შემეშვი, მობილური აიღე და გაიქეცი. შორს! ძალიან შორს. აქედან გაქრი. გესმის? გაიქეცი და ჩემზე არ იფიქრო. და უკან არ მოიხედო, რაც არ უნდა მოხდეს, მხოლოდ წინ ირბინე. მირა! - ისევ ყვირის, რადგან მის მაისურზე ჩაბღაუჭებულ თითებს ვერ ვუშვებ. მთხოვს, რომ დავტოვო, ის კი ისედაც დაჭრილია. დრო კი ძალიან ცოტაა. მართალია, პოლიციელი ძლიერია, მაგრამ ვხედავ, რომ კალე უმკლავდება და წარმოდგენა არ მაქვს, ეს ბრძოლა რით დასრულდება. - ფიქრის დრო არაა. ჩქარა! - მეუბნება მათე და თავით მობილურზე მანიშნებს.
თავი ხელში ამყავს და დამშვიდებას ვცდილობ. კიდევ ერთხელ ვუბრუნდები მის შეკრულ ხელებს და ამჯერად გამომდის თოკის გახსნა. ჩემს მობილურს, რომელიც კალეს ალბათ დავარდნისას გადმოუვარდა ჯიბიდან, ხელს ვტაცებ და ასადგომად ვემზადები.
- აქ არ დარჩე. გთხოვ, მათე. დამპირდი, რომ აქ არ დარჩები! - ვემუდარები და მის გათავისუფლებულ თითებს ვიჭერ.
- გპირდები. ახლა კი, წადი. წადი! - შუბლს ჰკრავს და ის-ისაა ფეხებიდან თოკის შეხსნას იწყებს, რომ ვდგები და ფარდულიდან გამოვრბივარ. უკვე ეზოს შუაგულში ვარ, რომ რაღაცის დაცემის ხმა მესმის და ერთხანს ვყოვნდები. არ ვიცი, მივბრუნდე, თუ არა. არ ვიცი, იქ რა დამხვდება. შემდეგ მათეს სიტყვები მახსენდება და პირდაპირ ტყისკენ ვიღებ გეზს. თუ გავექეცი, იქ დამალვას შევძლებ. ახლა ჩემგან ტყე უფრო ახლოსაა ვიდრე მოსახლეობა.
გული ამოვარდნას მაქვს. არ ვიცი ჩემი აქტიურობას გადაჩვეული ფეხები და საერთოდ სხეული რამდენ ხანს გაუძლებს სირბილს.
ტყეში შევრბივარ და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მოთმინებას მაინც ვკარგავ. ხეს ვეფარები და უკან ვიხედები. ფარდულიდან გამოსულ კალეს ვხედავ, რომელიც მკლავით იწმენდს დასისხლიანებულ სახეს და ზუსტად იმ მიმართულებით მორბის, რა გზაც მე გამოვიარე. დამინახა, და ამედევნა. ღმერთო!
ღმერთო, რა ხდება ფარდულში? რა დაემართათ მათე და პოლიციელს? ორივეს ერთად როგორ დააღწია თავი? იქნებ მათემ ფეხებიდან თოკის შეხსნა ვერ მოასწრო? ღმერთო, მათე!
პირზე ვიფარებ ხელს. ვცდილობ ტირილი შევიკავო, მაგრამ არ გამომდის. სუნთქვა მიჭირს. წარმოვიდგენ, ახლა რა ხდება ფარდულში და ტყეც კი არ მყოფნის ჰაერისთვის. გულისრევის აუტანელი შეგრძნება ყელში მაწვება. თავი მიბრუვდება. არ ვიცი, რა ვქნა.
- მირა! - გონზე მოვყავარ კალეს ღრიალს. ცრემლებს სწრაფად ვიწმენდ და უკანმოუხედავად გავრბივარ. - მირაა! - ისევ ყვირის. ალბათ მხედავს და ალბათ არც ისე შორსაა ჩემგან, რადგან მისი ნაბიჯების ხმაც მესმის.
არ ვჩერდები. არც უნდა გავჩერდე. აქედან უნდა გავაღწიო. აუცილებლად. კალეს ეს არ უნდა შერჩეს. ამ ავადმყოფს ჩემი მეგობრების მკვლელობები ასე მარტივად არ უნდა შერჩეს. ძალა არ გამომელევა. ვირბენ. სანამ ვგრძნობ, რომ მისგან გაქცევა შემიძლია, არ გავჩერდები.
გარემოს ვათვალიერებ. ტყე არც ისე გაუვალია, მაგრამ ნიადაგი სველია და ეს ცოტას მანელებს. არ მინდა ტყეში ძალიან ღრმად შევიდე, რადგან არ ვიცი, გასასვლელი რამდენად ახლოსაა, თუმცა სხვა გზა არ მაქვს. ახლა რომ გადავუხვიო და ნაპირს გავუყვე, კალეს ჩემამდე მოსასვლელ გზას დავუმოკლებ. ამიტომ, წინ მივრბივარ და იმედს ვიტოვებ, რომ აქედან გავალ.
გავრბივარ და თან მობილურს ვრთავ. პოლიციის ნომერს ვკრეფ და დარეკვას ვცდილობ, მაგრამ მიღება არაა. ჯანდაბა! ყველაფერთან ერთად ვერც ამას ვახერხებ.
უკან მიხედვის მეშინია. არ მინდა კალეს დანახვა. ვიცი, მისთვის შეხედვაც კი უარესად დამაბნევს და დამაფრთხობს. ვფიქრობ ფარდულზე, იქ დატოვებულ მათეზე, მის თვალებსა და სიტყვებზე და გული ყელში მებჯინება. იმედია, რამე ისეთი არ მოხდა, რაც იქიდან გამოქცევას მანანებინებს. ვფიქრობ და თვალწინ მიდგება მთელი ის ხუთი თვე, რაც სრულ ბურუსში გავატარე და ახლა ეს სირბილი, თითქოს მისგან გაქცევას ჰგავს, მაგრამ... რა დავტოვე უკან? რისგან გავრბივარ და რისკენ? მივაღწევ საერთოდ იმას, რისთვისაც ახლა ვიბრძვი? ნეტავ ძალიან გვიანი ხომ არაა?
მოულოდნელად რაღაცას ვედები და ირგვლივ ყველაფერი ტრიალს იწყებს. დაცემისგან გვერდი და ზურგი საშინლად მტკივდება და ყვირილს ვერ ვიკავებ. ერთხანს თავბრუ მეხვევა და მგონია, რომ წაქცეული მთელ დღეს ვატარებ ასე, მაგრამ მალევე ვუბრუნდები რეალობას. სველ მიწას ვეყრდნობი და ადგომას ვცდილობ. ნატკენ გვერდზე ხელს ვისვამ და ზედ ვიხედები. თითები ოდნავ მეთხვრება სისხლით.
- ჯანდაბა! - ვბუტბუტებ და ისე, რომ უკან მოტოვებულ გზას არც კი ვამოწმებ, სირბილს ვაგრძელებ. მაგრამ მიჭირს. ძალიან მიჭირს, რადგან გვერდის საშინელი ტკივილი ხელს მიშლის. სიჩქარის მცდელობა მალე მღლის. ელენთა მტკივდება და ლამისაა მოთმინებადაკარგულმა ვიყვირო.
სირბილიდან სიარულზე გადავდივარ. ამჯერად უკან ვიხედები. კალე ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ჩქარა მივაბიჯებ. გული ამოვარდნას მაქვს. ვცდილობ, ნელა და ღრმად ვისუნთქო, რომ დასვენება შევძლო, მაგრამ ახლა ყველაფერი არეული და დაულაგებელი მაქვს. ჩქარი სუნთქვისგან ყელი მეწვის და ასე მგონია, სადაცაა ფილტვები გამისკდება. ისევ ვცდილობ დარეკვას, მაგრამ მიღება კვლავ არაა. დროდადრო ნაბიჯს ვუჩქარებ, იქნებ ისევ შევძლო სირბილი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაცაა წავიქცევი. თითქოს ფეხებზე ლოდები მებმება და საკუთარ თავთან ერთად მათაც ძლივს მივათრევ.
ორი წამით ვჩერდები და ის-ისაა ხელისგულებით მუხლებს ვეყრდნობი, რომ ძალიან შორიდან, თუმცა მაინც მესმის ნაბიჯების ხმა. რამდენიმე მეტრის დაშორებით ძალიან ძველ, დიდ ნაძვს ვხედავ და მაშინვე მის უკან ვიმალები. იმედი მაქვს, რომ კალე გვერდს ამიქცევს. თუ ასე მოხდა, იქნებ მათესთან დაბრუნება შევძლო.
- მიირაა! - მესმის ჩემი სახელი და საფეთქლებში წვას ვგრძნობ. ხეს ამოფარებული, ცალი თვალით ვიხედები მერქანს მიღმა. ასე მგონია, ჩემი აცახცახებული სუნთქვის და გულის ფეთქვის ხმა მთელ ტყეში ისმის. გამშრალ ტუჩებს სწრაფად ვილოკავ და შუბლიდან ჩამოგორებულ ოფლის წვეთებს ხელის ზურგით ვიწმენდ. - მესმის, მირა... - მის ხმაში ავადმყოფური სიტკბო იგრძნობა. ნერვებისგან ტუჩები მებრიცება. მგონია, რომ ვხმაურობ და ყველანაირად ვცდილობ გაშეშებას. - შენი კარგად მესმის, მაგრამ სხვა გზა არაა!
შრიალი ახლოვდება. ხეს ისე ვეკვრი, თითქოს მასში გავუჩინარდებოდე და თავს ვუშველიდე. იდაყვები მერქანზე ხახუნისგან მეკაწრება. ადრენალინისგან მუცელი მეწვის. თავს ძალას ვატან და ისევ ვიხედები. ნელა მოაბიჯებს. მის სიარულის მანერაში აუტანელი უპირატესობა იგრძნობა და ყელში ტკივილი მეჩხირება.
ღმერთო!.. ერთ ხელში დანა უკავია, მეორეს კი ბუჩქებზე მოასრიალებს. მათ ფოთლებს ნაზად ეხება თითის წვერებით. ტანში მცრის. ასე მგონია, სადაცაა ჩემკენ გამოიწვდენს ხელს და ჩამავლებს.
- გამოდი, ძვირფასო. - ღიღინებს და ერთხანს ჩერდება. მზის სუსტი სხივები ძლივსღა ანათებენ ჩაბნელებულ ტყეს. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ რაიმე მყარის მოსაძებნად და მოშორებით მუჭის სისქის ხის ტოტს ვხედავ. - გინდა ცოტა ხნით კიდევ დავიცადო? შენ ხომ მოგწონს, როცა ადამიანები უკან დაგსდევენ და მათ ყურადღებას არც კი აფასებ? - თვალებს მაგრად ვხუჭავ. ასე მგონია, თითოეული მისი სიტყვა ჩვენ შორის მანძილს ამცირებს. ლოყებზე ამღვრეული წარსულის ცრემლები მოცურავენ და ყელისკენ მიიწევენ. ვცდილობ, მის ლაპარაკს ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ არ გამომდის. ახლა ტოტისკენ ერთი ნაბიჯიც რომ გადავდგა, ჩემი საქმე წასულია. ხელების ცახცახით ჯიბიდან ისევ ვიღებ მობილურს, ჯანდაბა! მიღება კვლავ არაა.
- მირა! - ღრიალებს მოულოდნელად მთელ ხმაზე. შიშისგან ვხტები და მობილური მივარდება. ღმერთო! - ოოხ, მირაა, რა ახლოს ხაარ... - სიარულს აგრძელებს. ნაბიჯს ნელ-ნელა აჩქარებს. სხეული საკუთარ ტემპერატურას ვეღარ აკონტროლებს. სიცხისგან ხურს და შიშისგან ამცივნებს. - შენი სურნელი, მირა... შენი რბილი და მღელვარე სურნელი მთელ ტყეს მოედო!
ფრთხილად ვიხრები, მობილურს ვიღებ, სწრაფად ვკრეფ ტექსტს და ვაგზავნი. ვიმედოვნებ, რომ სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ, ადრესატს მიუვა. ტელეფონს ჯიბეში ვიდებ, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, მორჩენილ ძალას ვიკრებ და გავრბივარ.
გავრბივარ და აღარ ვაქცევ ყურადღებას არც მოდევნებულის ნაბიჯების ხმას, აღარც გვერდის ტკივილს და აღარც საკუთარ უძლურებას. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ტყის ნაპირია. ვხედავ, როგორ იმატებს ჩემს წინ დღის შუქი და ამ სინათლეს მივყვები. სახეზე წვიმის წვეთებს ვგრძნობ და რაც უფრო წინ მივიწევ, უფრო იმატებს მათი სიხშირე. ცოტაც, სულ ცოტაც და ტყიდან უკვე ასფალტსაც ვხედავ. თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ და თითქოს ძალაც მემატება. მაგრამ გვერდის ტკივილი თავს მახსენებს.
გზა დამრეცი ხდება. სველ ნიადაგზე ფრთხილად ვეშვები და გზის პირსაც ვუახლოვდები. ასფალტზე გავდივარ და წვიმის წვეთებიც ძლიერდებიან. კოკისპირული წვიმა გახურებულ სხეულს ერთიანად მისველებს და შვებას მგვრის.
აქეთ-იქით ვიხედები. ირგვლივ არაფერია. საერთოდ არაფერი. მარჯვნივ რამდენიმე მეტრში შესახვევია და გზა იკარგება. მარცხნივ კი გრძელდება. მანქანები არ დადიან. ასფალტს ვკვეთ და სიარულს ვაგრძელებ. აქ დგომა და გამვლელის ლოდინი კარგს არაფერს მომიტანს. ჩემ წინ ხიდია. ხიდამდე კი კიბე. აქედანვე ვხედავ, ხიდს მიღმა, საკმაოდ მოშორებით საწვიმარებით შენობის სახურავზე მოსიარულე რამდენიმე მამაკაცს. ნაბიჯს ვუჩქარებ. გეგმაში მათთან მისვლა და დახმარების თხოვნა მაქვს. კიბეზე სწრაფად ჩავდივარ და ახლაღა მახსენდება, რომ ტყიდან გამოსული შევძლებ მობილურით დარეკვას. ის-ისაა კიბეს ვამთავრებ და ზემოთ ვიხედები, რომ ასფალტზე მდგომ კალეს ვხედავ, რომელიც მამჩნევს თუ არა, კიბეზე სწრაფად იწყებს ჩამოსვლას. მაშინვე ადგილს ვწყდები და ხიდისკენ გავრბივარ. გზად რელსებს ვაწყდები. როგორც ჩანს, აქ მატარებელი გადის. წინ მივიწევ, მაგრამ ვიცი, რომ აზრი არ აქვს. ის-ისაა ხიდის ბოლოში გავდივარ, რომ კალე მაჯაში ხელს მავლებს და უხეშად მაბრუნებს თავისკენ.
- მიშველეთ! დამეხმარეთ! - ინსტიქტურად ვყვირი მთელ ხმაზე, მაგრამ კალე პირზე ხელს მაფარებს და დანას ყელზე მაბჯენს. განრისხებულ თვალებში წვიმა ჩასდის. სისხლიან სახეს ურეცხავს და მასზე დამჩნეულ ახალ იარებს უჩენს. თავს ვეღარ ვაკონტროლებ, აღარც დანა მადარდებს და მუშტებს მხრებსა და მკერდზე ვურტყამ, მაგრამ არაფერი გამომდის.
- ხმა, ხმაა! - კბილებში სცრის ის და კიდევ უფრო მაბჯენს დანის პირს. ტკივილს გავურბივარ და უკან ვიხევ, სანამ ხიდის მოაჯირს არ ვეყრდნობი. ჩვენს ქვემოთ ამღვრეული, ადიდებული მდინარე მიედინება. - მცდელობას გიფასებ, მაგრამ ძალიან სუსტი ხარ იმისთვის, რომ ჩემგან გაიქცე. როგორ ძალიან, ძალიან ვწუხვარ, რომ მისი სიკვდილი ვერ ნახე.
- არა! - ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა კალეს თითებში იკარგება. თვალებს ვხუჭავ და აქაურობას გავურბივარ. არა. არა. მათე არ მოკვდებოდა. გამორიცხულია. ის დამპირდა. დამპირდა.
მკერდი მეწვის. შიგნით რაღაც აუტანლად ვარვარებს და სადაცაა დამწვავს. ვერც წვიმა ანელებს სიმხურვალეს და ვერც იმედი იმისა, რომ კალე მატყუებს. ტირილი მივარდება. ყურებში საშინელ წივილთან ერთად მამაკაცების ყვირილისა და მატარებლის სიგნალის ხმა ჩამესმის. ლამისაა ფიქრისგან თავი ამიფეთქდეს. თვალებს ვახელ და პირველი, რასაც ვხედავ, კალეს მიღმა, ხიდის დასაწყისში ათრეული ფეხით მორბენალი სილუეტია. ეს პოლიციელია. ეს ის პოლიციელია.
- გამიშვი, გამიშვი! - ვყვირი და უკან მიხედვას ვცდილობ.
- გეშინია, მირანდა? სიკვდილი გაშინებს? - იღიმის კალე და ჩემს მიღმა იხედება. მოდი, ერთად დაველოდოთ მატარებელს. გაიხსენე ის დრო, როცა მე გამშვიდებდი. გაიხსენე, როგორ არაფრის გეშინოდა ჩემს გვერდით. რამდენიმე დღის წინ ხომ თვითონ ცდილობდი სიკვდილს? ასე მალე გადაიფიქრე წასვლა? სიცოცხლე ასე მალე რამ მოგაწყურა?
- არ გინდა, გთხოვ, კალე... - მისი მკლავებისგან ვცდილობ გათავისუფლებას. პოლიციელი ნელ-ნელა გვიახლოვდება. კალე ჩემი ტუჩებიდან ხელს იღებს.
- მიდი, სანამ დროა, რამე ისეთი თქვი, რითიც გამაკვირვებ.
- ვიცი, რომ შენ ასეთი არ ყოფილხარ. ვიცი, რომ დაჩის სიკვდილმა გაგაბოროტა. მეზიზღები იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები დახოცე, მაგრამ გეფიცები, მინდა, რომ გაგიგო. ვცდილობ ამას, კალე...
- არ გამოგივა. ვერ გამიგებ იმიტომ, რომ ძალიან ცარიელი ხარ ამისთვის. თანაგრძნობა ადამიანობიდან მოდის, ადამიანური კი შენში არაფერია. ხო, მკვლელი მე ვარ. მე ვარ მკვლელი. აი შენ კი - არაფერი. არაფერი ხარ მირა, არაფერი იყავი და არაფრად მოკვდები. - ამბობს ის და მოულოდნელად კრთება. თვალები უფართოვდება და ერთხანს დაბნეული მიყურებს. შემდეგ დანა უვარდება და ხელებიც ეშვება. მზერა ჩემიდან თავის მკერდზე გადააქვს. ვხედავ, როგორ დიდდება თანდათან მის გულთან გაჩენილი ლაქა. კალე ზედ ადებს ხელს და ისევ მე მაცქერდება. რამდენიმე წამით გაყინული, არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებს, შემდეგ კი ამბობს:
- არ დაიჯერო.
ფეხი ერევა. ხიდის მოაჯირს ეყრდნობა, მაგრამ თავს ვერ იმაგრებს და მუხლებზე ეცემა. კიდეზე ჯვარედინად აკრულ მეტალს ეჭიდება, მაგრამ ხელი უსხლტება, თავს ვერ იმაგრებს და ვერც კი ვასწრებ გაცნობიერებას, ისე ვარდება მდინარეში.
გაოგნებული ვყვირი და თვალს ვაყოლებ. ვხედავ, როგორ ეშვება წყალში და უჩინარდება.
- ღმერთო! - პირზე ვიფარებ ხელებს და აქეთ-იქით ვიხედები. ვხედავ, როგორ მორბიან საწვიმარიანი მამაკაცები ჩემსკენ ყვირილით. მათ უკან კი მოსახვევიდან მატარებელი ჩნდება. ის-ისაა მეორე მხარეს ვაპირებ გაახედვას, რომ პოლიციელი მკლავში მავლებს ხელს და სწრაფად გადავყავარ ხიდიდან. ორი ნაბიჯით ვასწრებ უზარმაზარ ლითონს რელსებიდან და შემდეგ რამდენიმე წამით ქვიან ნაპირზე აურზაურში ვიკარგები. მაგრად დახუჭული თვალები გაქრობაში ვერ მეხმარება. აქ ვარ, მკვდარ ნატასთან, თენგოსთან, თეონასთან და ოთოსთან, მომაკვდავ ბექასთან და ცრემლიან ლელასთან ერთად. აქვეა ტკივილისგან აღრიალებული მათე. ვერაფრით ვიშორებ სისხლს ხელებიდან, ვერც კალეს ხელებს ყელიდან. მიჭერენ, მიჭერენ და მგუდავენ. ვიხრჩობი და მტკივა, სანამ საკუთარი სახელი არ ჩამესმის ძალიან, ძალიან შორიდან. ხმას მივყვები და ნელ-ნელა გამოვდივარ ბურანიდან.
დეჟა-ვუს შეგრძნება მეუფლება. ოღონდ ახლა საკმაოდ ნათლად ვხედავ შავ, გაღიზიანებულ, თუმცა საიმედო თვალებს. და ვხვდები, რომ გადავრჩი.
- მირა, კარგად ხართ? - მეკითხება პოლიციელი და მხრებში ჩავლებულ თითებს ოდნავ მაჭერს.
თავს ვუქნევ, რადგან მგონია, რომ ხმა ჩამწყდარი მაქვს.
- ხმა გამეცით.
- კარგად ვარ. - ვამბობ და ცახცახი მიტანს. მცივა.
- დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება. - ამბობს ის, ოდნავ გვერდით იწევა და უკან იხედება. რელსებზე მათე მოაბიჯებს. ოდნავ არეული ნაბიჯებით, მაგრამ ის მოდის. მთავარია, მოდის. მისი დანახვისას ერთიანად მეცლება ძალა და ტირილი მივარდება. შვების ტირილი. სახეს ხელებში ვრგავ და აღარ ვცდილობ თავის შეკავებას. უკვე აღარ. ვტირი და ყველა ტკივილი გარეთ გამომაქვს. წვიმას და სიცივეს ვატან. შემდეგ მის ხელებსაც ვგრძნობ, მის ჩახუტებასაც, სურნელაც და ცხელ ტუჩებსაც ჩემს კისერზე. მთელი ძალით ვევხვევი და მისგან წამოსულ სიმშვიდეს ვიწოვ. ვგრძნობ, რომ ცარიელი ადგილები ძალით ივსებიან და ენერგიას მმატებენ. ვგრძნობ და ტირილიც ნელ-ნელა მიჩერდება. ის-ისაა მის სახეს ხელებში ვიქცევ და დაწყნარებულ, მომღიმარ თვალებს ვაწყდები, რომ მობილური რეკავს. ჯიბიდან ვიღებ და ეკრანს დავყურებ. ლელაა.
- ხო, ლელა. - ვპასუხობ.
- მირა, - ყვირის ლელა. ისეთი ხმა აქვს, როგორც ადრე. მანამდე, სანამ ყვლაფერი თავდაყირა დადგებოდა. - ბექამ გაიღვიძა! გესმის, მირა? ბექამ გაიღვიძა.


პ.ს. ჩემი დაულაგებლობით თავს არ შეგაწყენთ... ვინც გაბრაზებულები არ ხართ, იმედია წაიკითავთ და აზრსაც დამიტოვებთ :დდ თუმცა, რაღა დაგიმალოთ და თქვენი იმედიც მაქვს, ვინც გაბრაზებულები ხართ <3
მიყვარხართ <3
ხო, და როგორც ხედავთ, ისევ არ გამოვიდა ბოლო თავი... :დდ



№1  offline მოდერი abezara98

ღმერთო, რა მაგარი სიურპრიზი გამოგივიდა წინასაახალწლოდ heart_eyes რატომ არ მჯერა ჯერ კიდევ, რომ კალე ნამდვილად მოკვდა? ნათქვამია, მაშინაც კი არ უნდა ენდო, მის გვამს თუ ნახავო sweat_smile ხოდა, არ ვენდობი მე კალეს sweat_smile ეგ ისეთია, ტყვიასაც გადაურჩებოდა და იმ ადიდებულ მდინარესაც მე რომ ვიცი sweat_smile უჰ, რაც მთავარია მათე ცოცხალია და ვაიიჰ, ბექასაც გაუღვიძიააა smile smile ამაზე კარგი რაღა უნდა მომხდარიყო?! blush
საოცრება ხარ და მოუთმენლად გელოდებიიი kissing_heart heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ.კალე ნამდვილად არ მინდოდა მომკვდარიყო,თუმცა კიდევ მგონია რომ გადარჩება.მათეს და ბექას გადარჩენა ხომ გამიხარდა და გამიხარდა.კარგია ბოლო თავი რომ არ არის.ველი ახალ თავს❤❤❤სუპერ გოგო ხარ შენ❣❣ასევე გილოცავ გენაცვალე დამდეგ შობა-ახალ წელს.ბედნიერების და წარმატებების წელი ყოფილიყოს 2019წელი❤❤❤
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი PARVENU

Ar daijeroo, miras utxra. Anu?
--------------------
Parvenu

 


№4  offline წევრი L.eli13

ვაიმე მათე.
იმედია ბოლო თავი არაა.
მათეს ბედნიერება თუ ვერ ვიგრძენი არ ვიცი რას ვიზავ.
ეს პერსონაჟი რაღაც სასწაულად მიყვარს და მიკვირს მისნაირმა ადამიანმა მირა როგორ შეიყვარა.
ან მირამ როგორ არ შეიყვარა.
მირას მოკვლაც მინდა,მარა მერე მათეს რა ვუქნა?
შემდეგი თავი ასე არ დააგვიანო რა((((

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

Moonlight Sonata
იცი რამდენი ხანი ველოდებოდიი? გაბრაზებული არ ვარ, მეც ვიცი და არის დროის უქონლობა ან უმუზობაა :დდ ღირდა ამ თავის ფასად ეს ლოდინი. იმდენად პროფესიონალურად და საინტერესოდ გაქვს აღწერილი ის სცენა, რომ ძალაუნებურად იქ მყიფად თვლუ თავს. ყველა სურათი ცოცხლდება შენს თვალწინ და მძაფრად აღუქვამ იქ მომხდარს ❤ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და ის, რომ ასე მძაფრად მოგაქვს ემოციები მკითხველამდე ❤ იმედია მალე დადებ დასკვნით თავსაც და ბოლოს და ბოლოს, 8 წლიანი ლიდინის შემდეგ აღირსებ ამ საწყალ მათეს მირას :დდ ❤

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. ???? მიხარია თუ ასეთი რეალური გამომივიდა. მათეს რაც შეეხება, ძალიან არ უხდება სიტყვა საწყალი, უფრო შეყვარებულია, თორემ...

abezara98
ღმერთო, რა მაგარი სიურპრიზი გამოგივიდა წინასაახალწლოდ heart_eyes რატომ არ მჯერა ჯერ კიდევ, რომ კალე ნამდვილად მოკვდა? ნათქვამია, მაშინაც კი არ უნდა ენდო, მის გვამს თუ ნახავო sweat_smile ხოდა, არ ვენდობი მე კალეს sweat_smile ეგ ისეთია, ტყვიასაც გადაურჩებოდა და იმ ადიდებულ მდინარესაც მე რომ ვიცი sweat_smile უჰ, რაც მთავარია მათე ცოცხალია და ვაიიჰ, ბექასაც გაუღვიძიააა smile smile ამაზე კარგი რაღა უნდა მომხდარიყო?! blush
საოცრება ხარ და მოუთმენლად გელოდებიიი kissing_heart heart_eyes

როგორ ოპტიმისტურად ხარ განწყობილიი :დდ დასაფასებელია ასეთი რწმენა კალეს ცოცხლად გადარჩენის მიმართ???? აბა ვნახოთ, გაგიმართლებს თუ არა იმედებს. დიდი დიდი მადლობა, ასეთი კარგი რომ ხარ <3

La-Na
როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ.კალე ნამდვილად არ მინდოდა მომკვდარიყო,თუმცა კიდევ მგონია რომ გადარჩება.მათეს და ბექას გადარჩენა ხომ გამიხარდა და გამიხარდა.კარგია ბოლო თავი რომ არ არის.ველი ახალ თავს❤❤❤სუპერ გოგო ხარ შენ❣❣ასევე გილოცავ გენაცვალე დამდეგ შობა-ახალ წელს.ბედნიერების და წარმატებების წელი ყოფილიყოს 2019წელი❤❤❤

ლანა ძალიან დიდი მადლობა ჩემო გოგო... ხო ალბათ უმტესობა არ დაიჯერებს კალეს სიკვდილს, თუმცა ვნახოთ.. მეც გილოცავ დამდეგს, და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ <3

PARVENU
Ar daijeroo, miras utxra. Anu?

ანუ... კალე ბოლომდე ცდილობს მირას დათრგუნვას და ვნახოთ რამდენად გმოუვა ????

L.eli13
ვაიმე მათე.
იმედია ბოლო თავი არაა.
მათეს ბედნიერება თუ ვერ ვიგრძენი არ ვიცი რას ვიზავ.
ეს პერსონაჟი რაღაც სასწაულად მიყვარს და მიკვირს მისნაირმა ადამიანმა მირა როგორ შეიყვარა.
ან მირამ როგორ არ შეიყვარა.
მირას მოკვლაც მინდა,მარა მერე მათეს რა ვუქნა?
შემდეგი თავი ასე არ დააგვიანო რა((((

ყველას, მეც კი მიკვირს ეგ ამბავი... არა ეა არაა ბოლო თავი... ამ ორმა დღემ ჩაიაროს და ბოლო თავსაც მალე დავწერ. დიდხანს არ გალოდინებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent