შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შობის ღამე - მარწყვის არომატით (სრულად)


7-01-2019, 04:12
ავტორი izabella
ნანახია 1 914

შობის ღამე - მარწყვის არომატით (სრულად)

სავაჭრო ცენტრის გრძელ კორიდორში სწრაფად მიაბიჯებდა სიმპათიური, ახალგაზრდა მამაკაცი. შორიდანვე შენიშნა ფერადი ნათურებით განათებულ ვიტრინაში პატარა ზომის ბავშვის ტანსაცმელები. ღიმილით შეაბიჯა მაღაზიაში და თვალები აუჭრელდა, იმდენად ზღაპრულ და პატარებისთვის საოცნებო კაბების გარემოცვაში აღმოჩნდა. რამდენიმეწუთიანი დათვალიერების შემდეგ როგორც იქნა სასურველს მიაგნო, საკიდიდან ჩამოხსნა და ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა ვარდისფერი კაბა. იქვე, ისეთივე კაბა ეკიდა, ოღოდ წითელი ფერის. ისიც აიღო და შეათვალიერა. ორივე ძალიან მოეწონა, მაგრამ დაიბნა, ვეღარ გაიგო რომელი ფერის კაბა უნდა ეყიდა და შეწუხებულმა შუბლზე ხელი მოისვა.
-ჯანდაბა! რა რთული ყოფილა, -გამწარებულმა ამოილაპარაკა და ორივე კაბას კარგად დააკვირდა.
-მგონი, ორივეს ეს ჯობია, -მოულოდნელად ძალიან ნაცნობი ხმა მოესმა გვერდიდან, წინ ყვითელი ფერის ბრჭყვიალა კაბა დაუდო, რომელსაც ვერცხლისფერი მაქმანები ამშვენებდა.
-ქეთი? ქეთი, შენ ხარ? -კაცს თვალები გაუბრწყინდა სიხარულისგან.
- კი, ნამდვილად მე ვარ ზურა, როგორ ხარ?
-მე არამიშავრს, ძალიან შეცვლილხარ, -ღიმილით აათვალიერა ქალი.
-ჰო, ოთხი წელი გავიდა, -მოწყენილმა თქვა და მზერა მათ წინ დადებულ კაბებზე გადაიტანა, -მგონი უნდა მოეწონოს.
-გადაირევა სიხარულით. სექტემბრიდან თავის საოცნებო კაბებს მიღწერს და უკვე იმდენი მაღაზია მოვიარე აღარ მეგონა საერთოდ თუ შევძლებდი შერჩევას.
-ნატო რატომ არ წამოიყვანე? ამდენს არ იწვალებდი. თუმცა, ალბათ საახალწლო სამზადისშია ჩაფლული და არ ცალია. კარგი, მე მეჩქარება, ჩემი ნათლულისთვის ვეძებდი საჩუქარს და ვიყიდე, -ღიმილით აჩვენა პარკი.
-ქეთი, იქნებ ცოტა ხნით აქვე კაფეში დამსხდარიყავით?
-ვერა, ზურა, შესვენება მიმთავრდება და უნდა გავიქცე. სხვა დროს იყოს, -დაემშვიდობა და წავიდა. ზურამ გამყიდველს ყვითელი კაბა შეაფუთინა, თანხა გადაიხადა და ერთიანად ძალაგამოცლილმა დატოვა მაღაზია. თავში ერთიანად აეშალა ზურას წარსულის მოგონებები. არც ქეთი იყო ნაკლებ დღეში, ცოტა ხნით კიდევ რომ გაჩერებულიყო ცრემლებს ვეღარ შეიკავებდა და იქვე, ზურას თვალწინ ატირდებოდა. ქეთი ძლივს მივიდა სილამაზის სალონამდე და როგორც კი ფეხი შედგა მოწყვეტით დაეშვა სკამზე.
-სტას, დამამშვიდებელი დამალევინე, გთხოვ, ძალიან ცუდად ვარ, -წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ცრემლებმა მზერა დაუბინდეს.
-ქეთი, კარგად ხარ? გარეთ რა მოხდა? -კაცმა ცალ ხელში წამალი ჩაუდო, მეორეში წყლით სავსე ჭიქა დააჭერინა.
-არ ვარ კარგად, სტას, -ცრემლები შეიმშრალა და წამალი დალია, -გული მტკივა, ვერ დავიწყებული სიყვარული მტკივა, გესმის?!
-ზურა ნახე?
-სავაჭრო ცენტრში, ბავშვთა სექციაში იდგა და თავისი გოგონასთვის კაბებს არჩევდა. მისი დანახვისას ისეთი მონატრება ვიგრძენი ვეღარ მოვითმინე, მივედი და გამოველაპარაკე. ისევ ის ზურაა, სულ ცოტათი შეცვლილა. სანამ აქამდე მოვიდოდი, მთელი გზა ვფიქრობდი, რა იქნებოდა ის პატარა გოგონა ჩვენი შვილი ყოფილიყო. ჩემი და მისი და არა ნატოსი. ჩვენი შვილისთვის შეერჩია ასე მონდომებით კაბები, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ,,ოცნებები მცნებებივით ირღვევიან" და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ისევ გაგიჟებით მიყვარს, სხვისია, მაგრამ მაინც ჩემში ცხოვრობს. გულთან ახლოს მყავს, თბილად, იქიდან ხომ მაინც ვერ წამგლეჯავს ვერავინ, ვერც ნატო და ვერც სხვა ვინმე. მეათე კლასიდან ვმეგობრობდით, რომ მივხვდი ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო ის ფაკულტეტი ავირჩიე რაც მან. ყოველ დღე ერთად მივდიოდით უნივერსიტეტში და იქიდანაც ერთად მოვდიოდით. იცი, როგორ ზრუნავდა ჩემზე? იცი, როგორ მიფრთხილდებოდა? არ მეუბნებოდა მიყვარხარო, მაგრამ ყველა ნათქვამ „მიყვარხარ“-ზე მეტს ვგრძნობდი მისი მხრიდან. მესამე კურსზე ვიყავით მოულოდნელად ჩვენი ჯგუფელი ნატო რომ გააქტიურდა. მოსვენებას არ აძლევდა, ხან ბიბლიოთეკაში წაყოლას თხოვდა, ხანაც სახლში აკითხავდა, ერთად ვიმეცადინოთ საკითხებს ვერ ვიგებო. მიზეზები არ ელეოდა, ათას რამეს იგონებდა და ერთ დღესაც უნივერსიტეტში რომ მივედი მათი ქორწინების შესახებ შევიტყვე ჯგუფელებისგან, მას შემდეგ უნივერსიტეტიდან სულ წამოვედი, არცერთის დანახვა არ მინდოდა. დედამისს იცი, როგორ ვუყვარდი? საოცარი ქალია მირანდა, ლამაზი, ზრდილობიანი, შეგნებული, დედასავით მიყვარდა. ჯერ მარტო მისი გულწრფელი ღიმილის გამო შეუყვარდება ნებისმიერს. თუმცა რას გიყვები, შენ ხომ ეს ყველაფერი ისედაც კარგად იცი. მგონი უმჯობესია ისევ თურქეთში დავბრუნდე, ბიძასთან და ბიცოლასთან. სისულელე იყო აქ ჩამოსვლა, დედას და მამას როდესაც მოვენატრები იქ ჩამოვლენ და მნახავენ. ვერ ავიტან ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალებში მეჩხირებოდნენ ზურა და ნატო. მოუშუშებელი ჭრილობა ისევ თავიდან მეხსნება, სტას, ამდენს ჩემი გული ვეღარ გაუძლებს.
-ნადიუშას ძალიან დაწყდება გული, რომ გაიგებს.
-ვიცი, მეც ძალიან მწყდება გული, მაგრამ სხვა გზა არ არის. შობა - ახალი წლის დღესასწაული როგორც კი ჩაივლის მაშინვე წავალ.
-რა მეშველება უშენოდ? ძლივს ჩამოგიყვანე, შენნაირ სტილისტს აქ სად ვიპოვი? თან იმდენმა გაგიცნო, მუდმივი კლიენტებიც უკვე გყავს.
-შენ ისეთი ჭკუის კოლოფი ხარ, რამეს იზამ. ახლა წავიდეთ და მივხედოთ კლიენტებს, გოგოები მარტო ვერ გაუმკლავდებიან, ძალიან ბევრნი არიან.
-მგონია, რომ ნაჩქარევად იღებ გადაწყვეტილებას, იქნებ იფიქრო დარჩენაზე?
-არა, სტას, წასვლა ერთადერთი გონივრული გამოსავალია, -სევდიანად გაუღიმა და მეგობარს მოშორდა.
გვიან საღამოს, ზურა ზუსტად იმ დროს მივიდა სახლში როდესაც უკვე მის პატარა გოგონას ეძინა. საჩუქარი საგულდაგულოდ გადამალა და შვილის ოთახში შევიდა. ბავშვს ჩალისფერი დათვი ჩაეხუტებინა და დიდ საწოლში ძლივს მოჩანდა. ახლოს მივიდა, შვილს გვერდით მიუწვა და ფუმფულა ლოყები დაუკოცნა. ბავშვი შეიშმუშნა, მერე თვალებდახუჭულმა თავისი პატარა ხელებით კაცის სახის შესწავლა დაიწყო და რომ დარწმუნდა ნამდვილად მამა იყო თვალები გაახილა.
-მამიკო, მოხვედი? -პატარა ხელები კისერზე შემოჰხვია და ლოყაზე აკოცა, - მე და ბებო გელოდებოდით, თოვლის დედოფლის ზღაპარი წავიკითხეთ და მერე დამეძინა. მამიკო, იცი, სანტა კლაუსს წერილი მივწერე. ორი ფურცელი გამოვიდა, იცი, რამდენია? ძალიან ბევრი ასოები დავუწერე.
-წამაკითხებ?
-მე მოგიყვები, მაგრამ ბებოს არ უთხრა, კარგი?
-გპირდები, -ზურამ ყელში აკოცა შვილს და ისიც მაშინვე აკისკისდა.
- მამიკო, მსუსხავ!- კივილზე გადავიდა ბავშვი და ჰაერში ფეხების ქნევა დაიწყო.
-მაშინ მითხარი, რა დაუწერე სანტას? რა გინდა, რომ შობაზე გაჩუქოს?
-დავუწერე, რომ თოვლის დედოფალივით თეთრთმიანი დედიკო მომიყვანოს, რომელსაც მარწყვისფერი კაბა ეცმევა და მარწყვისფერი ფეხსაცმელები ეცმევა და მარწყვისფერი ტუჩები ექნება და მარწყვის სუნი ექნება კიდევ.
-სოფია, შენ, მარწყვი გინდა თუ დედიკო ვერ გავიგე, -სიცილით უთხრა ზურამ და მუცელზე შეუღიტინა.
-მამიკო გეყოფა! -კისკისებდა ბავშვი.
- აი, მითხარი რად გინდა დედა? მე ხომ გყავარ, ბებია, ბაბუა, შენი მაცაცო ნათლია, დედა რაღად გინდა?
-მინდა დედა, - უცებ მოიწყინა სოფიამ, -დედიკო ზღაპრებს წამიკითხავს.
-ბებო ხომ გიკითხავს ზღაპრებს, ძილის წინ?
-მე დედიკოს და შენი წაკითხული მინდა. ბებო ხანდახან თმებს რომ მვარცხნის მეწიწკნება, დედა არ დამაწიწკნის. ბებო ხანხდახან თოჯინებით ვერ მეთამაშება, მალე იღლება. გარეთ რომ მინდა გასვლა ბებოს ვერ გავყავარ. მინდა მე და დედას ლამაზი კაბები გვეცვას და ქუჩაში ისე ვისეირნოთ, როგორც მაია დეიდა და თათული. მამა, თათული ხომ იცი? ჩემი ბაღის მეგობარი, აი, ის, ძალიან ხუჭუჭა თმა რომ აქვს, - სერიოზული სახით ახედა ზურას და ისევ მის მკლავებში დაიმალა, - კიდევ დედა რომ მეყოლება აქეთ შენ დაიძინებ, იქით კი დედიკო, -სოფიამ ზურას ხელით ანიშნა საწოლის ცარიელ მხარეზე, -შუაში მე დავიძინებ, ხანდახან მცივა და მერე აღარ შემცივა. დედა ლამაზად გამიკეთებს თმებს და ბაღში რომ წავალ სხვა ბავშვებივით მეც მექნება ლამაზად დაწნული თმები. კიდევ მინდა, რომ ძილის წინ დედიკომ მიმღეროს, ისე, როგორც ბარბის მულტფილმებშია.
-დაიძინე სოფი, უკვე გვიანია, -ხმაგამტყდარმა უთხრა შვილს და საბანი კარგად შეუკეცა.
-მამიკო, წერილი ნაძვის ხის ქვეშ დავდე, სანტა ხომ იპოვის?
-იპოვის სოფი, იპოვის.
-მიყვარხარ მამიკო, -კიდევ ერთხელ აკოცა მამას, თვალები დახუჭა და მის ხელს ჩაეჭიდა, თითქოს ეშინოდა, რომ სადმე წავიდოდა.
-მეც მიყვარხარ, ჩემო პატარა პრინცესა.
დილით, სოფიამ თვალები რომ გაახილა ზურა იქ აღარ დახვდა. საწოლიდან წამოხტა და მამიკოს ძახილით ფეხშიშველი გავარდა ოთახიდან.
-გაიღვიძე ბებო? -სამზარეულოში შესული შვილიშვილი რომ დაინახა მირანდამ საახალწლო სამზადისს თავი დაანება და სოფია ხელში აიყვანა.
-მამიკო უკვე წავიდა? -იკითხა მოწყენილმა სოფიამ.
-მამიკო მუშაობს და დილით ადრე მიდის. იცი, დღეს ღამე ახალი წელი დგება, ამიტომ ახლა მოგაწესრიგებ და შენ და ბაბუმ ითამაშეთ. მე ბევრი საქმე მაქვს, საღამოს მამაც მოვა, -რამდენიმე საათის შემდეგ სახლში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა თითქოს სოფიას მთელი სახლი ყირაზე არ დაეყენებინოს.
-ლექსო, სოფია ზედმეტად ჩუმად თამაშობს, იცოდე რაღაცას აფუჭებს, -უთხრა სამზარეულოში შესულ ქმარს მირანდამ.
-მირანდა, დაანებე თავი, ბავშვი ოთახში თოჯინებით თამაშობდა.
-ლექსო, მიდი და ნახე ბავშვი! მე, რომელ ერთი უნდა გავაკეთო? ბავშვსაც მივხედო, სამზარეულოში საახალწლო საჭმელებიც ვაკეთო და სახლიც დავალაგო? ამ ერთმა ქალმა რომელ ერთი უნდა მოვასწრო თუ ხელი არ შემაშველეთ?
-მოკლედ, რა ხართ ეს ქალები, სახლში ყველა და ყველაფერი ყველაფერი კონტროლზე უნდა გყავდეთ აყვანილი, ისე, არ შეგიძლიათ. ცაში ფრინველს ვერ გაუნავარდია და მიწაზე კაცს. ყველაფრის საქმის კურსში გინდათ, რომ იყოთ, -ბუზღუნით მოავლო კაცმა თვალი ცარიელ მისაღებ ოთახს, მერე სხვა ოთახებიც ნახა და სააბაზანოში აღმოაჩინა ხელებაკაპიწებული სოფია, რომელსაც პირსაბანთან სკამი დაედგა, ზედ შემდგარიყო, წყალი ჩაეგუბებინა პირსაბანში და ერთიანად ქაფში ამოთხვრილიყო.
-გენაცვალოს ბაბუ, შენ. ბებომ კიდევ გახედე რამეს ხომ არ აფუჭებსო, მირანდა მოდი ნახე ერთი ბავშვი რაღაცას რეცხავს, -გასძახა ლექსომ ცოლს, -უკვე დიდი გოგოა და სახლის საქმეში გვეხმარება.
-რაო, რას რეცხავსო? ერთი გამატარე ვნახო! -მირანდამ ქმარი გვერდით გასწია და სოფიას თავზე წამოადგა.
-ბებო, მანდ რა გაქვს, აბა, მაჩვენე?
-შენი ყვავილია ბებო, -გახარებულმა ბავშვმა ქაფიანი წყლიდან ხელები ამოსწია და თეთრი ორქიდეა დაანახა, რომელიც სულ ნაკუწებად იყო ქცეული.
-ჩემი საწყალი ორქიდეა, -გული შეუღონდა ქალს, -ლექსო, აი, ამაზე გეუბნებოდი, რომ არ დამიჯერე, -შეწუხებულმა გახედა ქმარს.
-ბებო, ქოთანში ჩავრგოთ და უფრო მალე გაიზრდება, ახლა ძალიან სუფთაა, - უთხრა ბავშვმა და ონკანი მოუშვა ქაფიანი ყვავილის გასარეცხად.
-დაანებე ბებო მაგას თავი, -ხელიდან ყვავილების ნარჩენები გამოართვა ბავშვს მირანდამ და ნაგვის ურნაში ჩაყარა, - ახლა მე და შენ წავიდეთ, ეს ქაფიანი და სველი ტანსაცმელი გამოვიცვალოთ და მერე გოზინაყი გავაკეთოთ, ამასობაში მამიკოც მოვა.
სამზარეულოში სკამზე შემოსკუპებული სოფია მირანდას ინტერესით აკვირდებოდა როგორ ამზადებდა გოზინაყს. შემოსასვლელი კარის დაკეტვის ხმა როგორც კი მისწვდა მის სმენას მაშინვე სკამიდან ჩამოხტა, გაიქცა და მაკაკა მაიმუნივით მიახტა ზურას.
-მამიკო, იცი, მე ბებოს ყვავილი გავრეცხე, -ახალი ამბავი ახარა და უფრო კარგად მოჰხვია კისერზე ხელები.
-დედა, რა ყვავილი გარეცხა სოფიამ?
-ამას წინათ დიანამ ორქიდეა რომ მაჩუქა ის.
-ბებო, მალე გაიზრდება ის ორქიდეა, შამპუნით გავრეცხე და ძალიან სუფთაა.
-ეჰ, ბებო, ერთი ცხონებული ბაბუაჩემი გაიზრდება კიდევ და მეორე ის ორქიდეა.
-დედა, შენ არ ინერვიულო, იმ თვეში ხელფასს რომ ავიღებ რომელ ყვავილზეც ხელს დამიდებ იმას გიყიდი.
-არ მინდა, შვილო თქვენ მყავდით კარგად და რასაც არაფერი ეშველება ნერვიულობადაც არ ღირს.
რამდენიმე საათში ყირაზე დამდგარი სახლი მირანდამ წესრიგში მოიყვანა. საახალწლო სუფრაც გაშალეს და შოკოლადებით დასვრილი სოფია მოსაწესრიგებლად გაიყვანეს.
-აბა, სოფია, თუ გამოიცნობ რა საჩუქარი გიყიდა მამიკომ საახალწლოდ?
-პრინცესას კაბა მიყიდე? - წამოიყვირა თვალებგაბრწყინებულმა ბავშვმა და მომლოდინე მზერა მიაპყრო ზურას. ზურამ პარკი გაუწოდა შვილს, მანაც მაშინვე შიგ ჩაიჭყიტა და როგორც კი იქიდან ყვითელი კაბა ამოიღო კივილი და ხტუნვა დაიწყო, მამიკომ პრინცესას კაბა მიყიდაო.
-მამიკო ეს კაბა ,,ურჩხული და მზეთუნახავი“-ის ზღაპარში ბელს აცვია. ბებო, მამიკომ ბელის კაბა მიყიდა, ახლა მეც მისნაირი კაბა მეცმევა. ბაბუ, მამიკომ შეხედე როგორი კაბა მიყიდა, -ხელში კაბაჩაბღუჯული გაიქცა ლექსოსთან, რომ თავისი ახალი კაბა ეჩვენებია. თორმეტს ოცი წუთი აკლდა, ახალი კაბისგან გამოწვეული ემოციები ჩამცხრალიყო, სოფია იჯდა და კაბის მაქმანებს ხელით აწვალებდა.
-მამიკო ახალი წელი აღარ მოდის? -იკითხა შეწუხებული ხმით ბავშვმა.
-დაიღალე სოფი? თუ გინდა დავიძინოთ.
-ახალი წელი მოვიდეს და მერე.
-მოდი მამიკოსთან, -უთხრა ზურამ და ხელები გაშალა, სოფიაც მაშინვე გაიქცა და მოეხვია. ზურამ ხელში აიყვანა, ფანჯარასთან ახლოს მივიდნენ, რაფაზე დააყენა და ფანჯრის მიღმა გაახედა, -შეხედე რა ლამაზია ყველაფერი საახალწლოდ, ზუსტად თხუთმეტ წუთში გარეთ ძალიან ლამაზ ფოიერვერკებს გაუშვებენ. მე და შენ აქ ვიდგეთ ყველაფერს საკუთარი თვალებით დავინახავთ, - სოფია რამდენიმე წუთი განაბული იყურებოდა ფანჯრიდან, მერე მოიწყინა, შუბლი ფანჯრის მინას მიადო და ნერწყვით ბუშტების გაბერვა დაიწყო. ზურამ რომ შენიშნა გაეღიმა, გაახსენდა მირანდა როგორ უყვებოდა ბავშვობის ამ ცუდ ზნე - ჩვეულებაზე.
-სოფია, მასე ნუ აკეთებ, სირცხვილია მამი, აღარ გაბერო ბურთები.
-მოვიდეს ახალი წელი, -დაიწუწუნა ბავშვმა და იმ წამს სადღაც შორს ფერადი ნათებაც გაჩნდა ცაში. მერე ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ფოიერვერკების გაშვება, ღამის ცაზე სხვადასხვა ფერები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და საოცარ სანახაობას ქმნიდნენ რასაც სოფია თვალისდაუხამხამებლად შესცქეროდა.
-ახალ წელს გილოცავ მამიკოს პრინცესავ, -ფოიერვერკების შოუ რომ შეწყდა ზურამ შვილს აკოცა.
-ახალი წელი მოვიდა?
-მოვიდა მამი.
-ვაშა, ახალი წელი მოვიდა, ტაში შემოჰკრა სოფიამ და ფანჯრის რაფაზე ხტუნაობა დაიწყო. ლექსომ და მირანდამაც მიულოცეს ახალი წლის შემობრძანება შვილს და შვილიშვილს და საახალწლო სუფრას მიუსხდნენ. სოფია სკამზე რომ დასვეს მარტო თვალები უჩანდა მაგიდის ზემოთ, მერე ბალიშები დაულაგეს და ახლოს მიუწიეს სკამი, რომ თეფშს და ჩანგალს მისწვდომოდა. სოფიამ ჭიქებში დასხმული ღვინო რომ დაინახა თვითონაც მოუნდა დალევა და ლექსოს ჭიქა გაუწოდა დამისხიო, ბაბუამაც არ აწყენინა შვილიშვილს და მისთვის საგანგებოდ გამზადებული წითელი ყურძნის წვენი დაუსხა. გახარებული სოფია, ყლუპებად სვამდა წვენს და როგორც კი სადღეგრძელოს იტყოდნენ ისიც მაშინვე გაგვიმარჯოსო წამოიძახებდა და ჭიქის მირტყმას ითხოვდა. პირველის ნახევარი ხდებოდა კარზე ზარის ხმა რომ გაისმა და სახლში მეკვლემ შემოაბიჯა, ოჯახს ყოველივე საუკეთესო უსურვა და ახლად მოყვანილ მეუღლესთან ერთად სუფრას მიუჯდა. სოფიას ისე უყვარდა სტუმრები, ძილი სულ გადაავიწყდა. ხან იმღერა, ხან ლექსები თქვა, ხანაც თავის კაბაზე გაამახვილა ყურადღება, რომ სტუმრებს ეთქვათ ეს რა ლამაზი კაბა გაცვიაო. მერე სანდრო ძიას ცოლის მძივებიანი სვიტრით დაინტერესდა, კალთაში ჩაუხტა და მილიონი კითხვა დაუსვა. მთელი დღის ხტუნვა -თამაშმა თავისი გაიტანა და ძილი რომ მოერია ისე გაჯიუტდა მირანდამ ვერაფრით ვერ წაიყვანა დასაძინებლად, ანუკა დეიდამ წამიკითხოს ზღაპარიო თავი გაიგიჟა. ქალს ისე შერცხვა სტუმრის ასე შეწუხება, სულ, ბოდიშებით მიაცილა სოფიას საძინებელ ოთახამდე. სანამ ანუკა სოფიას აძინებდა სანდრო და ზურა აივანზე გავიდნენ, სანდრომ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ზურას გაუწოდა.
-აღარ ვეწევი, სოფიას ალერგია აქვს და ცუდად გამიხდება.
-ყოჩაღ შენ, მე ნებისყოფა არ მყოფნის, რომ თავი დავანებო. ერთი კვირა გავძელი ვითომ, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში ანუკა ცოცხლად შევჭამე, ათას სისულელეზე ავუშარდი, ბოლოს შეწუხებული აქეთ მეხვეწებოდა დაიწყე მოწევა და დამანებე თავიო. მართლა, ქეთის სანახავად იყავი მისული?
-დღეს დილით ადრე მივედი, მაგრამ დალაპარაკება ვერ მოვახერხე, უფროსმა მოიყვანა და საღამოს ისევ იმან წაიყვანა თავისი მანქანით. როგორც ჩანს ერთად არიან, რა აზრი აქვს დალაპარაკებას. მე ყველანაირი უფლება მაშინ დავკარგე როცა მივქარე და ნატო მოვიყვანე ცოლად.
-,,სინანული გვიანია, რაც მოხდა შენი ბრალია“ - წაიღიღინა სანდრომ და ნიშნის მოგებით გადახედა ზურას, მართლა ვერა ხარ რა? მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სტას მიხალჩიკი ცოლ- შვილიანი კაცია და ქეთი მაგათი ბავშვის ნათლიაა. შენ, ძმაო, მგონი ჭურში ზიხარ.
-საიდან უნდა მცოდნოდა მაგდენი რამე? დილით ადრე გავდივარ სამსახურში და საღამოს რვა საათისთვის გადაღლილი მოვდივარ, ძლივს ვიცლი ბავშვისთვისაც.
-მერე, დაურეკე და შეხვდით სადმე ერთმანეთს, ძნელია?
-ნომრის გამორთმევა ვერ მოვახერხე, ისე მალე წავიდა.
-შენ გიჟი ხომ არ ბიჭო, ჰა? ნომრის გაგება ორჯერ- ორია. არა ძმაო, ამ სამსახურის გადამკიდე მართლა დაჩლუნგდი. აიღე ერთი - ორი კვირით შვებულება და სოფიასთან ერთად ადი გუდაურში ან ყაზბეგში, ჰაერსაც გამოუცვლი და ცოტა მეტ დროს გაატარებ მასთან. ვერ ხედავ? სულ მამა - მამა აკერია პირზე. დილით ვერ გხედავს, საღამოს კიდევ ცოცხალ - მკვდარი მოდიხარ და იმის თავიც არა გაქვს, ბავშვს შენი მონატრების დეფიციტი შეუვსო.
-ამ ახალ წლებმა ჩაიაროს და ვიზამ რამეს.
-ბიჭებო, არ შემოხვალთ? გარეთ ყინავს, -აივანზე ანუკა გამოვიდა და როგორც კი ნათბილარევს სიცივემ დაუარა მოიბუზა და სანდროს მიეკრა გვერდით.
-სოფიამ დაიძინა?
-კი, დაიძინა. ჩემი მძივებიანი სვიტრი ძალიან მოეწონა და სანამ დაეძინებოდა იმდენჯერ მითხრა რა ლამაზიაო გამოსაცვლელი რომ მქონოდა გავიხდიდი და დავუტოვებდი.
-ტანსაცმელი იმდენი აქვს ერთი კარადის ყიდვა კიდევ მომიწევს. უბრალოდ შენით აღფრთოვანდა და ცდილობდა როგორმე ყურადღება მიგექცია.
-ანუკა, შენ, რომ მიხალჩიკის სალონში დადიხარ და იქ შავთმიანი გოგო ქეთი მუშაობს, იმის ნომერს ვერ გაიგებ?
-სანდრო, იცოდე არ მაეჭვიანო, -სიცილით ახედა ქმარს.
- ზურასთვის მინდა, მე შენც მეყოფი, -სიცილითვე უპასუხა ცოლს და გაყინულ მხრებზე ხელი მოჰხვია, -შიგნით შევიდეთ, ანუკა გამიცივდება, თან ჩვენი წასვლის დროც არის, - თქვა სანდრომ და ოთახში შესასვლელი კარი შეაღო, ჯერ ცოლი გაატარა, მერე კი თვითონაც მიჰყვა უკან.
############
პირველი იანვრის დილას ზურა ქეთის სახლის წინ იდგა და ტელეფონს ხელში ათამაშებდა. ყინვამ ფეხსაცმელებში რომ შეაღწია სწრაფად დააჭირა ღილაკს თითი და ზარის გასვლის შემდეგ ქეთის ხმაც გაისმა.
-გისმენთ!
-ახალ წელს გილოცავ, ქეთი!
-ზურა? მეც გილოცავ, -დაბნეულობა იგრძნობოდა ქეთის ხმაში.
-შეგიძლია რამდენიმე წუთით გარეთ გამოხვიდე?
-ჩემ სახლთან ხარ?
-გამოხვალ?
-სტუმრები მყავს, ზურა.
-ქეთი, გთხოვ. სულ რამდენიმე წუთს წაგართმევ.
-ოჰ, კარგი გამოვალ, -წუთის შემდეგ თბილად ჩაცმული ქეთი მორიდებულად მიაბიჯებდა ზურას მიმართულებით, -როგორ ხარ, ზურა? -გადაკოცნა და მაშინვე მოშორდა.
-არამიშავრს. მოდი მანქანაში ჩავსხდეთ, ისე ცივა სიტყვის სათქმელად ენა არ მემორჩილება. მანქანის კარები გაუღო, მერე თვითონაც დაიკავა მძღოლის მხარეს ადგილი, ღვედი გადაიჭირა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
-ზურა, რას აკეთებ? -წამოიყვირა აღშფოთებულმა ქეთიმ.
-ღვედი გადაიჭირე, დაგვაჯარიმებენ იცოდე! -უთხრა ისე, რომ არც კი გაუხედავს მის მხარეს.
- ახლავე გააჩერე მანქანა, ეს რა ბავშვობაა არ მესმის. ზურა, შენ გელაპარაკები!
-მალე მივალთ ჩვენ კაფეში და იქ ვილაპარაკოთ.
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს!
-გვაქვს, თან ძალიან ბევრი! -ზურამ მანქანა გააჩერა და გადავიდა, რომ დაინახა ქეთი გადასვლას არ აპირებდა მის მხარეს კარები გამოაღო და ღიმილით ზედ დაეყრდნო, -როგორ გირჩევნია, ხელში აყვანილი შეგიყვანო შიგნით თუ მხარზე გადაგიკიდო და ისე? -ქეთის სიმწრისგან სახეზე ალმური მოედო, მანქანიდან გადმოვიდა და მთელი ძალით მიაჯახუნა კარები.
-რა გინდა ზურა?!
-შენი კარგად ყოფნა! -უპასუხა მშვიდად, მერე ხელი მაგრად ჩასჭიდა, ისე, რომ ქეთიმ გაშვება ვერ მოახერხა და ძალით შეიყვანა კაფეში, სადაც რამდენიმე წლის წინ მისი ხშირი სტუმრები იყვნენ. კაფეში საახალწლო განათებებების და გაფორმებების ფონზე, სითბოსთან ერთად სასიამოვნო განწყობა სუფევდა, რასაც დაბალ ხმაზე ჩართული საახალწლო სიმღერები უწყობდა ხელს. ზურამ მიმტანს ყავის შეკვეთა მისცა და განმარტოვებით მდგარ მაგიდას მიუსხდნენ. ქეთი თვალებით ბურღავდა და ნერვიულად ატრიალებდა მობილურ ტელეფონს ხელში.
-უკვე მოთმინება მელევა, ან მითხარი რა გინდა ან ავდგები და წავალ.
-ცოტაც მოითმინე, შეკვეთა მოიტანონ და ყველაფერს გაიგებ. აი, ჩვენი შეკვეთაც მოვიდა, - ზურამ მიმტანს მადლობა გადაუხადა და ყავა მოსვა.
-კიდევ რამეს ხომ არ მიირთმევთ?-მიმტანმა გოგონამ ორივეს გადახედა.
-ქალბატონს თქვენი საფირმო ლიმნის ცედრიანი ნამცხვარი მოუტანეთ, ოღონდ ლიმონი კარგად დააწურეთ ზემოდან, ისე არ შეჭამს, -ახლა უფრო ფართოდ გაუღიმა ზურამ მიმტანს და მზერა ქეთიზე გადაიტანა, -რა გაკვირვებული სახით მიყურებ? ოთხი წელი გავიდა, ოთხასი კი არა და თუნდაც ოთხასი გასულიყო, მერე რა? მაინც მემახსოვრებოდა.
-ესეც თქვენი ნამცხვარი, -მიმტანმა მალევე ნამცხვრიანი თეფში დაუდო წინ ქეთის და წავიდა.
-ყურადღებით გისმენ, ზურა!
-ცინიზმის გარეშე, ძალიან გთხოვ! ისედაც არ ვიცი საიდან რა დავიწყო. მოკლედ, დიდი ხანია რაც მე და ნატო დავშორდით, -ზურას სახიდან მოჩვენებითი სიმშვიდე სადღაც გაქრა და მაგიდაზე დაწყობილი ხელები ნერვიულობისგან ერთმანეთს მთელი ძალით მოუჭირა. - ქეთის გაბრაზებული სახე გაკვირვებამ შეცვალა.
-მერე ბავშვი?
- 2 კვირის იყო სოფია, ტანსაცმელი რომ ჩაალაგა და წავიდა. არ გამკვირვებია, რადგან ასე ხშირად იქცეოდა, ორსულობის დროს. რაღაც წვრილმანზე გაიგიჟებდა თავს, იყვირებდა, იწივლებდა, წავიდოდა მშობლებთან და მერე ისევ ბრუნდებოდა უკან. მაშინ ვიფიქრე ალბათ ცოტა ხნით სიმშვიდე ჭირდება, დაისვენებს და დაბრუნდება მეთქი, მაგრამ წავიდა და აღარც დაბრუნებულა. სად აღარ ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე, მშობლებიც არაფერს ამბობდნენ. ვერ ვიჯერებდი, რომ შეეძლო შვილის ასე მიტოვება, მაგრამ ფაქტია მიატოვა. ერთი თვის შემდეგ გამომიგზავნა განქორწინების საბუთები, თან წერილიც ერთვოდა, საიდანაც გავიგე, რომ რაღაც დაავადება ჭირდა, რომელიც მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემთხვევაში მისცემდა ნატოს სიცოცხლის გაგრძელების უფლებას, მან ეს შანსი გამოიყენა და ჩვარივით მიმაგდო, ატირებული ბავშვით ხელში. არც მე ვუნდოდი და არც ბავშვი. შენც კარგად იცი როგორ ძალიან მიყვარდი და რაზეც ვიყავი წამსვლელი შენ გამო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. არ დავუჯერე, რომ მითხრა ორსულად ვარო, მერე ექიმთან წავიყვანე და... სხვა გზა არ მქონდა არაკაცივით ვერ მოვიქცეოდი.
-ნამდვილად იცი, რომ შენი შვილია?
-ნამდვილად ჩემია, დეენემის ანალიზი გავაკეთე. ჩემ ცხოვრებას აზრს სოფია აძლევს, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა ნატო იყო. სოფიას კი შეცდომას ვერასდროს ვუწოდებ.
-ყოველთვის იმას გეუბნებოდი, რომ უცნობ ადამიანებზე ძალიან ბევრ დროს კარგავდი, ყველას ანგარიშს უწევდი საკუთარი თავის გარდა, სწორედ ამიტომ დაგემართა.
-ვიცი, პატიებას არ ვიმსახურებ, მაგრამ მე ისევ ისე ძლიერად მიყვარხარ როგორც ოთხი წლის წინ, შეიძლება უფრო მეტადაც კი.
-ძალიან გვიანი ხომ არ არის ყველაფრის ასახსნელად?
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
-ოპტიმისტური განწყობა კარგია, მაგრამ ჩემგან პატიებას ნუ ელოდები. შენ საქციელზე ფიქრში გათენებულ უძილო ღამეებს რა ვუყო? უამრავი უპასუხო კითხვით რომ მქონდა ტვინი გადაღლილი და ერთზეც კი არ მქონდა პასუხი, ის გაწამებული პერიოდი გონების რომელ კუთხეში უნდა მივკუჭო, რომ აღარ გამახსენდეს?! იცი, რა დამღლელია ეს ყველაფერი? ჰოდა, მეც დავიღალე, ძალიან დავიღალე და აღარ მინდა ოთხი წლის წინანდელი ტკივილის გახსენება. იყოს ყველაფერი ისე, როგორც ახლა არის, დავრჩეთ უბრალოდ ნაცნობებად.
- ვითომ? შეძლებ მაგდენს?
-ეჭვი გეპარება? გგონია ისევ მიყვარხარ?
-მეორე შანსს ყველა იმსახურებს, ქეთი.
-შენ არა, ზურა. მოღალატე ადამიანი მეორე შანსს არასდროს იმსახურებს. დავიჯერო ნატო რომ არ წასულიყო შენი ცხოვრებიდან მაშინაც ასე ილაპარაკებდი?
-ნატოსთან გაშორებას ისედაც ვაპირებდი, უბრალოდ შენთან ვერ მოვახეხე დალაპარაკება. მერე უნივერსიტეტში რომ შეწყვიტე სიარული სახლში მოგაკითხე და მამაშენისგან კარგი, გემრიელი მუშტიც მივიღე. ის მუშტი მეკუთვნოდა. ვაღიარებ ჩემ დანაშაულს და ვნანობ როგორ ცუდადაც მოგექეცი, მაგრამ რა ვქნა? შეცდომა დავუშვი, არ ვარ ანგელოზი.
- შენ მგონი ახლა უფასო ძიძა უფრო გჭირდება ვიდრე მე.
- ნუ ცდილობ გესლიანი სიტყვებით მდგომარეობიდან გამომიყვანო. მე ასეთ ქეთის არ ვიცნობდი.
-მე კი მოღალატე ზურას არ ვიცნობდი.
-გგონია ბავშვის მომვლელი მჭირდება? ერთი დღე მოიცალე და მოდი ჩვენთან, ნახავ მირანდა როგორ უვლის სოფიას, -ზურამ ჯიბიდან დაკეცილი ფურცლები ამოიღო და ქეთის გაუწოდა, -წაიკითხე, ეს სოფიას წერილია, სანტასთვის, -იცი, ქეთი, თუკი მეცოდინებოდა, რომ ნატოს წყალობით ასეთი ანგელოზი მეყოლებოდა დრო რომ უკან დააბრუნონ ისევ იგივეს გავაკეთებდი.
-როგორ არ გცხვენია ზურა?! -სიმწრისგან სახის ნაკვთები დაეჭიმა ქეთის და წერილი ხელიდან ზიზღით ააცალა.
- შენ წინაშე ჩადენილი ყველა არასწორი საქციელის მცხვენია ქეთი, სოფიას არსებობის გარდა.
-ზურა, ტყუილად კარგავ დროს, აზრი არ აქვს, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია. წარსულის ნაგლეჯებს ნუ ებღაუჭები, ჩემ გატეხილ გულს ვეღარ გაამთელებ.
- გამიგია გატეხილი გულიც მთელდება თუ სიყვარული ორივე მხრიდან ძლიერიაო.
-უფლებას არ მოგცემ, გესმის? თურქეთში ვბრუნდები და ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება. რაც გინდა ის გააკეთე, შენი დანახვის სურვილი საერთოდ არ მაქვს, -ფეხზე წამოხტა ქეთი, წერილიანი ხელი ცხვირწინ აუფრიალა და კაფიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. სახლში რომ მივიდა სტუმრები წასულები დახვდნენ, მაგრამ ნორმალურად ფეხი არ ჰქონდა ოთახში შედგმული, რომ ნადია და სტასი მოვიდნენ და მისი პატარა ნათლულიც მოიყვანეს. ყველაფერი დაწვრილებით უამბო სახლში მყოფთ და ტირილითაც გული კარგად იჯერა. როგორ არ ცადეს მისი დამშვიდება და გადარწმუნება, მაგრამ აიჩემა ხვალვე უნდა წავიდე აქედანო, ოთახში შეიკეტა და ჩემოდნებში ტანსაცმელების ჩალაგება დაიწყო.
-ქეთი, -საძინებელი ოთახის კარზე დააკაკუნა ნადიამ და ნელა შეაღო.
- რას აკეთებ ქეთი?! -ცოლს გვერდით ამოუდგა სტასი და გაბრაზებულმა დაუწყო ყურება.
- თურქეთში მივდივარ, ხვალვე.
-ვერსადაც ვერ წახვალ! -სტასმა ჩემოდანი გამოჰგლიჯა ხელიდან და ტანსაცმელები ძირს გადმოყარა.
-გაუშვი ჩემოდანს ხელი და მომეცი.
-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, ქეთი! -თავისკენ ეწეოდა ჩემოდანს სტასი და ქეთის არაფრით არ უთმობდა, -კაცმა გითხრა მიყვარხარო, შენ კიდევ იმის ნაცვლად, რომ აპატიო და შეურიგდე გარბიხარ?
-როგორ ვაპატიო? სხვაში გამცვალა, თან თავს იმართლებს, არაკაცურად ვერ მოვიქცეოდიო, თან ამბობს შვილის გამო იგივეს გავიმეორებდი დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდესო. მე, რომ მომექცა არაკაცურად ეგ არაფერი? ღალატი როგორ ვაპატიო ხალხო, როგორ დავივიწყო ყველაფერი, გგონიათ ასეთი ადვილია?!
-სტას, საყვარელო ქეთი მართალია, ზურამ დააშავა, მაგის პატიება როგორ შეიძლება?
-ნადია, გონებას ნუ ურევ ქეთის, თვითონაც იცის, რომ დიდი ხნის წინ აპატია, უბრალოდ ცხელ გულზე იღებს არასწორ გადაწყვეტილებას და იმის გაკეთების უფლებას ვერ მივცემ რაც მომავალში თვითონვე დააზარალებს.
-ცოტა თავი მაინც დაიფასოს, წავიდეს თურქეთში და ვნახოთ ზურა მის შემოსარიგებლად რას გააკეთებს. კაცი ხარ და შენ თვითონ უნდა უწყობდე ხელს, ზურას მხარეს კი არ უნდა იჭერდე.
-ნადია, კაცი რომ ვარ და ვიცი ახლა ზურა რა მდგომარეობაშიც იქნება, იმიტომ არ მინდა ეს აქედან გავუშვა, მაგრამ ესმის? მიდი, მიდი დაიფასეთ გოგოებო თავები და მაგასაც ვნახავთ როგორი ბედნიერები იქნებით, -სტასმა ჩემოდანი იატაკზე მიაგდო, გავიდა და მთელი ძალით გაიჯახუნა ოთახის კარები.
-აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, ნადიუშა ძალიან ცუდად ვარ, -უღონოდ დაჯდა ქეთი და ცრემლები გადმოსცვივდა.
-ქეთი, იქნებ ჯობია ყველაფერი აწონ - დაწონო და ისე მიიღო წასვლის გადაწყვეტილება?
-რომ ვერ გამიგია რა იქნება სწორი და რა არასწორი იმიტომ მინდა აქედან წასვლა. მეშინია ნადიუშ, მიყვარს, მაგრამ სიამაყე არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ღალატი ვაპატიო. ვერ გადამიყლაპია ის მტკივნეული, უძილო, ცრემლიანი ღამეები, მასზე ფიქრში რომ გავატარე.
################
ზურამ იმ დღის შემდეგ მოსვენება დაკარგა, დღეში ორჯერ აეროპორტში რეკავდა, რომ ქეთის წასვლა არ გამოჰპარვოდა. რამდენჯერაც დააპირა შეხვედროდა იმდენჯერ ისევ უკან დაიხია. არეული ფიქრებით გულს ვერაფერს ვეღარ უდებდა.
ექვსი იანვარის დილას სოფიამ თვალები როგორც კი გაახილა მაშინვე სანტაზე და მის საჩუქარზე დაიწყო ლაპარაკი. ასე გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში. ლექსო და მირანდა უკვე ისე იყვნენ შეწუხებულები, ღმერთს თხოვდნენ მალე დაღამებულიყო, რომ ბავშვს დაეძინა. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული, განერვიულებული ზურასთვის უკვე პიკი იყო სოფიას გაუჩერებელი ლაპარაკი სანტაზე და მის საჩუქარზე. წყობიდან გამოსულმა ხმამაღლა დაუყვირა სოფიას, ბავშვი შეხტა და შეშინებულმა ტირილი დაიწყო.
-რატომ უყვირი ბავშვს?! სამსახურის პრობლემები უნდა დატოვო სამსახურში და სახლის პრობლემები უნდა დატოვო სახლში. ამხელა კაცმა რით ვერ ისწავლე?- გაბრაზებულმა ლექსომ ბავშვი მისაღებიდან გაიყვანა.
-ზურა, რა მოგივიდა შვილო? -მირანდა შვილს მიუჯდა გვერდით.
-გითხრათ რა საჩუქარი თხოვა სანტას?
-მთელი დღეა გაიძახის საჩუქარი უნდა მომიყვანოსო სანტა კლაუსმაო და რა ვიცი შვილო, მე და მამაშენმა ვივარაუდეთ, რომ ლეკვი ითხოვა.
-ნეტავ, მართლა ლეკვი ეთხოვა. დედა უნდა, თოვლის დედოფალივით თეთრთმიანი დედა, რომელსაც მარწყვის სუნი ექნება. მთელი დღეა ნერვიულობისგან ლამისაა თავი გამისკდეს, რა წყალში გადავვარდე, საიდან მოვუყვანო დედა? -ზურამ უღონოდ გადაწია თავი უკან და თვალები დახუჭა.
-ვუთხრათ, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს და დედას ვერ მოუყვანს, მაგრამ ჩვენ რასაც გვთხოვს იმას ვუყიდით. აბა, სხვა რა უნდა ქნა შვილო, ნერვიულობით გული ხომ არ უნდა გაიხეთქო? ახლა წადი და დააძინე, მამაშენს ტყუილად გააწვალებს, უშენოდ ხომ იცი თვალს ვერ მოახუჭინებ. არ მავიწყდება შარშან კოტეს დაბადების დღეზე რომ იყავი წასული და ორ საათამდე თავი არ დადო ბალიშზე, მანამ, სანამ სახლში არ მოხვედი და ოთახში შესული არ დაგინახა, -ზურა შვილის ოთახში რომ შევიდა სოფია ლექსოს კალთაში იჯდა და ნახატებიან წიგნს ფურცლავდა, თან რაღაცებს ეკითხებოდა, ლექსოც პასუხობდა. ბავშვმა როგორც კი ზურას მოჰკრა თვალი ბაბუას მიეკრა და სახე დამალა. ზურა ახლოს მივიდა და მათ წინ ჩაიმუხლა.
-სოფია, მამას ძალიან უყვარხარ და შენი შეშინება არ უნდოდა, -ბავშვმა თავი მოატრიალა გაუღიმა და ისევ დამალა სახე, - სოფია, მეპრანჭები მამი? მოდი ჩემთან, -ზურამ ხელები გაშალა, სოფია ბაბუას მოცილდა და მამის მკლავებში გადაბობღდა.
-ბავშვს რომ დააძინებ მე და შენ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, -უთხრა ლექსომ შვილს, მერე შვილიშვილს აკოცა, ტკბილი ძილი უსურვა და გავიდა.
-სოფია, მამა ახლა რაღაცას გეტყვის და უნდა დამპირდე, რომ არ იტირებ, კარგი?
-თუ ვიტერებ ისევ მიყვირებ?
-არა მამი არ გიყვირებ, -ბავშვი საწოლში ჩააწვინა ზურამ და გვერდით მიუწვა, -ახალ წელს ბელის კაბა რომ გაჩუქე, ხომ გაგიხარდა სოფი? - ბავშვმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, -ჰოდა, სხვა მშობლებიც ჩემსავით ჩუქნიან თავის შვილებს საჩუქრებს, უბრალოდ ზოგი, თეთრ წვერს იკეთებს, წითელ მოსასხამს იცვამს და შენც რომ გაქვს ისეთ წითელ ქუდს იფარებს. სანტა კლაუსი არ არსებობს და მას შენთვის დედიკოს მოყვანა არ შეუძლია. თუკი საშობაოდ საჩუქარი გენდომება დაწერე და მე აუცილებლად გიყიდი, მაგრამ მე დედიკოს ვერ მოგიყვან გესმის? ვიცი, პატარა ხარ ამ ყველაფრის გასაგებად, მაგრამ უნდა გამიგო მამი, მე სხვანაირად არ ვიცი როგორ აგიხსნა და შენ პატარა გონებამდე როგორ მოვიტანო, -სოფია საღამურის თასმებზე თამაშობდა და ცდილობდა თვალებიდან ცრემლები არ წამოსვლოდა, მაგრამ ვეღარ დაიტია მისმა პატარა გულმა ამდენი მწარე სიმართლე და ატირდა.
-მეც მინდა ლამაზო დედიკო მყავდეს, -ბავშვი მამის მკერდს მიეკრა და უფრო ხმამაღლა ატირდა. ზურა გრძნობდა, როგორ უსველდებოდა ნელ - ნელა სვიტრი სოფიას ცრემლებით და გული მოუკვდა.
-სოფია, აღარ იტირო მამი, იცოდე შენი მაყურებელი მეც ავტირდები.
-მამიკოები არა ტირიან! -ბავშვმა მის მკერდში დამალული თავი წამოწია, თავისი პატარა ხელები თვალებზე მიადო და მერე ლოყებზე ჩამოუსვა.
-მამიკოს პატარა პრინცესა ხარ სოფი.
-ვიცი, -გაიცინა და ზურას მიეკრა, -მამიკო ბელის ზღაპარს წამიკითხავ?
-წაგიკითხავ, აბა, რას ვიზამ ჩემო პაწია, -ზურამ იქვე დაწყობილი ზღაპრების წიგნებიდან სასურველი ამოარჩია და კითხვა დაიწყო. სოფია ჯერ უსმენდა, მერე მთქნარება დააწყებინა და თვალებიც დაეხუჭა. ზურასაც დააწვა თვალებზე სიმძიმე, უნდოდა ამდგარიყო და გასულიყო, მაგრამ ჩაეძინა, მოულოდნელად ოთახის კარები გაიღო და შემომავალმა მკვეთრმა შუქმა მის სახეზე მოიკალათა. მომენტალურად გაახილა თვალები და კარებისკენ გაიხედა, ძილისგან დაბინდული თვალების მიუხედავად კარგად გაარჩია თეთრთმიანი ქალის სხეული, რომელსაც ტანზე წითელი კაბა ეცვა, -მგონი მართლა მჭირდება შვებულება, უკვე ჰალუცინაციებიც დამეწყო, - თვალებზე ხელი მოისვა, თავი გვერდზე გადაატრიალა და სოფიას ჩაეხუტა.
ამ მოვლენამდე სამი დღით ადრე
-ქეთი, არ ვიცი, როგორც გინდა ისე შემოირიგე სტასი, ორი დღეა ძაღლივით იღრინება, მარტო გვანცას არ ეჩხუბება და რომ ეფერება მაშინაც მე მკბენს სიტყვებით. სტასს, შენთვის კარგი რომ არ უნდოდეს ხმასაც არ ამოიღებდა, -ხელკავით მიჰყავდა ნადიას ქეთი სალონისკენ და სიცივისგან გაყინულ სახეს დროდადრო თბილ, ნაქსოვ შარფში მალავდა.
-მესმის ნადიუშ, მაგრამ გამიგეთ ადვილი არ არის.
- ადვილი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია, თან ზურა კიდევ გიყვარს, რატომ უნდა თქვა უარი შენ სიყვარულზე არ მესმის. სტასსაც აწყენინე, ნერვიულობს, სანამ მე გამიცნობდა თქვენ მეგობრობდით უკვე, არ შეიძლება ორი მეგობარი ასე გაბუტულები იყოთ ერთმანეთზე. ვერ ამიტანია ასე რომ გიყურებთ, თან მეც შემიცოდე და ნუ დამინგრევ სიყვარულით შექმნილ ოჯახს.
-კარგი, შემოვირიგებ, ნუ შემჭამე, -ქეთიმ ღიმილით დატუქსა ნადია, სალონში შესასვლელი კარი შეაღო და პირდაპირ სტასის მიმართულებით წავიდა, რომელიც თმის შესაღებ მასალას ერთმანეთში აზავებდა.
-სტას!
-ხმა არ გამცე, ქეთი!
-სტას, მაპატიე, არ მინდოდა შენი წყენინება. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართალი ხარ, ცუდი აზრი იყო აქედან წასვლა რომ ავიჩემე.
-მაგდენს მიხვდი?!
-კი და როგორც ხშირ შემთხვევაში მეუბნები, ხანდახან მართლა ღირსი ვარ პატარა ბავშვივით ვინმემ კარგად მომცხოს ერთ ადგილას. ჩვენი მეგობრობის ხათრით შემირიგდი და ნუ ხარ შუბლშეკრული, ვიტირებ, -თვალებში ცრემლი მოადგა ქეთის.
-ჩათვალე, გაპატიე.
-მაშინ გაკოცებ, შეიძლება? -სტასმა გვერდულად გახედა, ჩაიცინა და ლოყა მიუშვირა. ქეთიმაც არ დააყოვნა და აკოცა.
-თმას ხომ შემიღებავ? -სიხარულისგან ღიმილს ვერ იკავებდა ქეთი.
-რა ფრად?!
-თეთრად.
-არ გამოვა.
-ანუ არ შემიღებავ? ვერ მივხვდი.
-თეთრი ფერი არ გამოვა ქეთი, ჩალისფერი გექნება.
-უჰ, როგორ დამაბნიე. არა უშავრს, მთავარია თეთრთან მიახლოვებული იყოს.
-იმ შპაკლის გროვას გავაცილებ და და მოგხედავ, -მზერით სარკის წინ მოთავსებულ ქალზე ანიშნა, რომელსაც იმდენი რამე ესვა სახის კანი არ ეტყობოდა.
-დაგელოდები! -უთხრა, სწარაფი ნაბიჯით წავიდა მოშორებით მდგარი ნადიასკენ და ჩაეხუტა, -შევრიგდით ნადიუშ, -ვერდაფარული სიხარული ხმაშიც ეტყობოდა ქეთის.
##################
6 იანვარი, ღამის 23 : 42 საათი.
გაჩერებული მანქანის უკანა სავარძელზე მჯდარი, ანერვიულებული ქეთი დიდი ხანია დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. სტასი და ნადია ქეთის მხარეს იყვნენ შებრუნებულები და შეწუხებული სახეებით უყურებდნენ.
-ქეთი, ვერა?
-ვერა, სტას! მუხლები მიკანკალებს.
-ქეთი, რა უნდა დამშვიდებას? ღრმად ჩაისუნთქე, მერე ამოისუნთქე და კარგად იქნები.
-მერამდენე ჩასუნთქვა - ამოსუნთქვას მაკეთებინებ ითვლი? არ მშველის და რა ვქნა?
-გათენებამდე აქ ხომ არ ვიქნებით? როგორც გინდა ისე დაიმშვიდე ნერვები და გადადი მანქანიდან.
-ცოტა ხნით კიდევ ვიქნები.
-არავითარ შემთხვევაში, აქამდეც უნდა გადასულიყავი. აბა, ჩქარა, ისკუპე მანქანიდან და უკან არ მოიხედო ისე წადი, ქეთიმ ისეთი სახე მიიღო თითქოს სამსჯავროზე მიჰყავდა ვინმეს და გადასვლა დააპირა.
-მოიცა გოგო, -მაჯაში ხელი სტაცა ნადიამ, -სუნამოს დასხმა დაგავიწყდა, ტყუილად შემოვირბინეთ მე და ჩემმა ქმარმა მთელი ქალაქი მარწყვის სუნამოს ძებნაში? -ნადიამ ჩანთიდან ფლაკონი ამოიღო და ყელთან მიასხურა.
-მომეცი! -სტასმა ხელიდან ააცალა ცოლს ფლაკონი, მერე ქეთის მხარეს კარგად გადაიწია, რომ მიწვდომოდა და სუნამო ჯერ თმებზე შეასხურა, მერე ყელზე და რამდენჯერმე კაბაზეც, -ქეთის ხველა აუტყდა.
-საკმარისია, დავიხრჩე!
-ბავშვს გარკვევით ეწერა, მარწყვის სუნი უნდა ჰქონდეს დედიკოსო.
-მარწყვის სუნი ჰქონდესო და არა მარწყვის სუნით დამხრჩვალი იყოსო, - რამდენჯერმე კიდევ დაახველა ქეთიმ და მანქანიდან გადავიდა.
-ცოტა ფეხს აუჩქარე, -ზურგს უკან ნადიას ხმა შემოესმა და რამდენჯერმე მანქანის სიგნალიც მიჰყვა.
-მივდივარ, ხომ ხედავთ არა? -ნაბიჯს მოუხშირა ქეთიმ და სიბნელეში გაუჩინარდა. კარზე გაუბედავად დააკაკუნა და ახლად გაღებულ კარში მდგარ მირანდას სიხარულისგან ხმამაღლა რომ უნდა დაეძახა რაღაც, ქეთი ეცა და პირზე ხელი ააფარა.
-მირანდა, არ დამღუპო, სიურპრიზია! -სიცილით უთხრა ქალს და ხელი მოაშორა.
-როგრო მოგვენატრე იცი? თან როგორ გალამაზებულხარ, -აღფრთოვანება ვერ დამალა ქალმა და ქეთი გულში ჩაიკრა.
- მეც ძალიან მომენატრეთ. ზურა სად არის, სახლშია?
-ბავშვს აძინებს. წამოდი, ლექსო განახო, გაგიჟდება სიხარულით რომ დაგინახავს, -მირანდამ მისაღებისკენ უბიძგა ქეთის. კაცს სიხარულისგან ცრემლები მოადგა თვალებზე. ძალიან უყვარდათ ქეთი და ვერ ეგუებოდნენ ზურას გვერდით მის არ ყოფნას. ქეთიმ ცოლ - ქმარს უამბო სოფიას მიერ, სანტა კლაუსისთვის მიწერილი წერილის წაკითხვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. მათაც მაშინვე მიიყვანეს ბავშვის ოთახამდე, კარები გააღეს და დაელოდნენ როდის შევიდოდა შიგნით, თვითონ კი იქვე გაჩერდნენ. ქეთი რაც შეიძლებოდა უხმაუროდ მიუახლოვდა ზურას, დაიხარა, მის ყურთან დაიჩურჩულა შობას გილოცავო, ლოყაზე სულ ოდნავ შეახო ტუჩები და წელში გასწორდა. ზურა დაფეთებული წამოხტა საწოლიდან და შეშინებულმა დაუწყო ყურება.
-მართლა მე ვარ, არ გეჩვენები, -ქეთიმ გაუღიმა და ხელი მოჰკიდა, იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად მის წინ იდგა.
-ღმერთო ჩემო, შენ მართლა აქ ხარ და არ მეჩვენები?
-არა, ზურა, არ გეჩვენები! - გაყინული ხელით სახეზე შეეხო ზურას.
-გამოდის, ყველაფერი მაპატიე?
-აბსოლიტურად ყველაფერი.
-არა, დაუჯერებელია!
-რა არის დაუჯერებელი? ნამდვილად აქ ვარ, შენ წინ ვდგავარ, ყველაფერს გპატიობ და არ მინდა წარსულში დაშვებული შეცდომის გამო შენი დაკარგვა.
-როგორ მიყვარხარ შენ ხომ არ იცი? -ზურამ მთელი ძალით მოჰხვია ხელები და აღარ უშვებდა, - გავგიჯდები სიხარულით.
-სანამ გაგიჟდები, იქნებ ჩვენი შვილის გაცნობის საშუალება მომცე?
-ჰო, რა თქმა უნდა, -ხელები შეუშვა და ორივემ მძინარე ბავშვზე გადაიტანეს ყურადღება, -ისე, ძალიან ბევრი სუნამო გასხია.
-ჩემი ბრალი არ არის, მიხალჩიკის ნახელავია, -სიცილით გადაულაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა. ქეთიმ ბავშვს ჯერ პატარა ცხვირზე აკოცა, მერე შუბლზე და ლოყებზე. სოფიამ სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი, საბნიდან ხელები ამოიღო და მის ზემოთ დააწყო. ქეთიმ ხელებზეც აკოცა, სოფიას გონებამ გამოღვიძება დაიწყო, როგორც ჩვეოდა ხელები გაიშვირა ქეთის მიმართულებით და მისი სახის ხელებით შესწავლა დაიწყო. ჯერი თმებზე რომ მიდგა და იმაზე გრძელი აღმოჩნდა ვიდრე ზურასი თვალები გაახილა და უცნობს კარგად დააკვირდა.
-შენ ჩემი დედიკო ხარ? სანტამ გამოგგზავნა ჩემთან? -ჰკითხა ნანახით გაოცებულმა ბავშვმა.
-კი, ჩემო სიცოცხლე, სანტამ გამომგზავნა შენთან, -ქეთი დაიხარა და შუბლზე აკოცა ბავშვს.
-მამიკო ეს მართლა ჩემი დედიკოა? -ახლა ზურას გახედა სოფიამ.
-მართლა შენი დედიკოა, სოფი.
-მამიკო, დედიკოს მარწყვის სუნი აქვს, თეთრი თმებიც აქვს. მართლა სანტას გამოგზავნილია, -წამოიყვირა ბავშვმა, საბნიდან ამოძვრა და ქეთის თავისი პატარა ხელებით კისერზე ჩამოეკიდა, -დედიკო არასოდეს არ გაგაბრაზებ, არც მამიკოს არ გავაბრაზებ. დედიკო ხომ სულ ჩემთან დარჩები და არასოდეს წახვალ, რომ მომენატრო?
-გპირდები, სოფია, სულ, შენთან და მამიკოსთან ვიქნები.
-თმებსაც გამიკეთებ ხოლმე?
-გაგიკეთებ ხოლმე.
-მამიკომ არ იცის გაკეთება, ხომ ასწავლი?
-ორივემ ვასწავლოთ გინდა?
-მინდა! -თავი დაუქნია და კიდევ ერთხელ მოეხვია ქეთის. კარებში მდგარ მირანდას ქვითინი აუვარდა და ცხვირსახოცი აიფარა თვალებზე.
-ბებო, რა გატირებს? თუ გინდა შენი დედიკოც იყოს.
-წამოდი ბავშვს შეაშინებ, -უთხრა ლექსომ და ცოლი სხვა ოთახში გაიყვანა.
შობის დილა თენდებოდა, დიდ საწოლში პატარა ანგელოზს ორი დიდი, მფარველი ანგელოზის ხელები ჰქონდა მოხვეული და ეძინა. მარჯვენა და მარცხენა მხრიდან მასზე უწყვეტი სიყვარული, სიხარული და სითბო იღვრებოდა. ბედნიერებისგან ერთი ორად გადიდებული გულით კი სამყაროში ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო სოფია, რომელსაც შობის ღამემ მარწყვის არომატიანი სასწაული აჩუქა.
დასასრულიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Laura

ძალიან, ძალიან მომეწონა ♥️ თბილი, ტკბილი და ღუნღულა ისტორია იყო ♥️ ველოდები თქვენს ახალ ნამუშევრებს ♥️ მიხარია კიდევ ერთი კარგი და ნიჭიერი მწერლის აღმოჩენა ♥️

 


№2  offline წევრი izabella

Laura
ძალიან, ძალიან მომეწონა ♥️ თბილი, ტკბილი და ღუნღულა ისტორია იყო ♥️ ველოდები თქვენს ახალ ნამუშევრებს ♥️ მიხარია კიდევ ერთი კარგი და ნიჭიერი მწერლის აღმოჩენა ♥️

უღრმესი მადლობა,ძალიან გამახარეთ თქვენი დადებითი შეფასებით. heart_eyes heart_eyes
წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ უხალოეს მომავალში შეიძლება იყოს სხვა ისტორიაც.

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

mec minda shobis gamis saswauli

 


№4  offline წევრი izabella

terooo
mec minda shobis gamis saswauli

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას აჩუქებს შობის ღამე თავის სასწაულს blush

 


№5  offline წევრი სიბილა

მოახერხე,იცი?თვალები ამიცრემლდა

 


№6  offline წევრი izabella

სიბილა
მოახერხე,იცი?თვალები ამიცრემლდა

მადლობა, რომ წაიკითხეთ და ბოდიში ცრემლებისთვის. ❤❤❤

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.