შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდო ელფი ( ნაწილი 2 დასასრული )


11-01-2019, 04:54
ავტორი melanqoliki
ნანახია 381

მუდო ელფი ( ნაწილი 2 დასასრული )

ხელში მოზრდილი ზომის სასაჩუქრე ყუთი მეჭირა და ჩემი სახლის შესასვლელში, დაუპატიჟებელი სტუმარივით ავტუზულიყავი.
_ ჰეეი, შენ _ გაუნძრევლად ვუხმე უცნობს, რომელსაც აშკარად არ ესმოდა. ო ღმერთო, რას ვაკეთებდი ? ასე ყოფნას, მგონი ისევ თინასთან დიალოგი მერჩივნა.
_ ხო, ასე იყო _ მოულოდნელად ჩაილაპარაკა რამდენიმე წუთის წინ უგონოდ მყოფმა სხეულმა და გემრიელად ამოიხვნეშა, თან რაღაცას ბუტბუტებდა. სანამ კიდევ ერთხელ დავუძახებდი და მის გამოღვიძებას შევეცდებოდი, კარებთან ჩუმად მივედი და გასუსულმა გავიხედე სათვალურიდან. არ ვცდებოდი, ჭორბიუროს თავმჯდომარე თინას, თავისი მსუქანი კატა, ხელში მოეჭყლიტა და თან ყურებდაცქვეტილი იდგა ჩემს კართან. წამით ჩემში ონავარმა ბავშვმა გაიღვიძა, რომელსაც სურდა კარი მთელი ძალით გაეღო და გავარდნილიყო მის შესაშინებლად. ნეტავ რას იზამდა მართლა, რომ გავვარდნილიყავი? ალბათ კუდამოძუებული შევარდებოდა სახლში, ან აქეთ ეცდებოდა აწყვეტილივით შემოვარდნას. ამ ყველაფრის წარმოდგენაზე სიცილი ძლივს შევიკავე და ჩუმად ჩავიცინე.
_ ოჰო, კისკისიც შეგძლებია, მაგრამ ისიც ჩუმად შენთვის _ მის ხმაზე შეშინებული ბავშვივით მოვტრილდი, რომელიც დანაშაულის ფაქტზე გამოიჭირეს.
_ შენ რა... _ გაოგნებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა, როცა წამის წინ გათიშული გონს მოსულიყო და თან მელაპარაკებოდა.
_ ცოტა კი მეძინებოდა, მაგრამ იმის ბრალია ძლიერად რომ დავეცი, ცოტა ნასვამიც ვარ _ თვალები მოიფშვნიტა და წამოიწია.
_ ამ, დიდი ბოდიში, მაგრამ მგონი სახლი შეგეშალათ _ შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და პრობლემა ისე მომეგვარებინა, რომ კარს მოწებებულ თინას ვერაფერი გაეგო.
_ არა, არა მგონია _ ჩაიცინა და შემოსასვლელი შეათვალიერა მერე კი მე მომაჩერდა. დიდი, ცისფერი თვალებით შემომყურებდა და მეგონა, ცოტაც და იატაკზე წამომჯდარი სიცილით გადაყირავდებოდა, მერე კი ისევ მძიმე ხვნეშას ამოუშვებდა და საბოლოოდ მიეძინებოდა.
_ აშკარად რაღაც გეშლებათ, ალბათ მეგობართან ან ვინმე ახლობელთან მიდიოდით ახალი წლის შესახვედრად და გზა აგებნათ, შემიძლია დაგეხმაროთ _ ისე თავაზიანად ვსაუბრობდი, ჩემი სიტყვების მეთვითონ არ მჯეროდა. მთელი დღის მანძილზე დაბღვერილი დავდიოდი, ყველას უკმეხად ველაპარაკებოდი და ახლა ვიღაც უცნობის დახმარება მინდოდა, რომელიც ჩემს სახლში უცხოდ სრულიად არ გრძნობდა თავს.
_ არა, შენ უკვე დამეხმარე, სხვა როგორღა უნდა დამეხმარო? _ ცინიკურად ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა, იმხელაზე დაამთქნარა, ლამის გადამყლაპა, მერე დიდი შავი მანტო შეისწორა და ზემოდან დამიწყო ყურება.
_ ეს რამე საახალწლო ხუმრობაა? ჰა, ჰა, ვინ გამოგგზავნა აგარაკზე ასვლას ნამდვილად არ ვაპირებ და არც კორპორატივზე ვაპირებ წასვლას, რომ იცოდე. _ სწრაფად მივაყარე სათქმელი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, საშინლად არ მომწონდა მისი მომღიმარი გამოხედვა.
_ ხო, ნამდვილად არ გავხარ იმას, ვინ სადმე წასვლას გეგმავს. მაგ სვიტრსა და გრძელ წინდებში ელფს უფრო გავხარ. _ იმხელაზე გადაიხარხარა თავგადაწეულმა, მეგონა მთელმა კორპუსმა გაიგონა.
_ ჩშშშ, ხმადაბლა ილაპარაკე და შენი საქმე არაა, მე სახლში რას და როგორ ჩავიცვამ._ გაბრაზებულმა ზოლიან წინდებზე დავიხედე და გრძელი სვიტრი ხელით ქვემოთ დავქაჩე, არა სტუმრებს ნამდვილად არ ველოდი.
_ თქვენობითიდან უკვე შენობითზე გადმოხვედი? _ ან ნამეტანი მთვრალი იყო, ან ჩემი ნებით შემომეშვა სახლში მანიაკი.
_ არ დაგავიწყდეს, რომ ჩემს სახლში ხარ, შენი სახელი? _ სახეზე აშკარა აგრესია მეტყობოდა.
_ სანტა _ მთელი სერიოზულობით წარმოთქვა და ხელი სქელ, შავ თმაში შეიცურა.
_ მისმინეთ ბატონო სანტავ, არ ვიცი მარხილი დაკარგეთ, თუ ირმები, მაგრამ აშკარაა, რომ მისამართი შეგეშალათ აქ არავინ გელოდათ და არც დაგელოდებათ. _ ჩვული ცინიზმი გავურიე და კარს მივეყუდე.
_ არა, შეგეშალა ირმები და მარხილი არ დამიკარგავს, გარეთ გველოდებიან, ელფი დავკარგე. _ ჩემსკენ გამოიწია და აწყლიანებული თვალებით შემომხედა. მოგრძო სახეზე თეთრი ფერი დასდებოდა, მსხვილ ტუჩენს პატარა ბავშვივით მანჭავდა და ადგილზე ცქმუტავდა.
_ რა საინტერესოა რომელი ფსიქიატრიულიდან გამოიპარეთ _ უკვე მე ვათვალიერებდი და მეცოდებოდა, სიმპათიური იყო და ისევ მერჩივნა ვინმე ახლობელი აღმოჩენილიყო, ვიდრე ფსიქიატრიულიდან სანტა კლაუსად წოდებული, გამოქცეული პაციენტი.
_ ჰმ, ახალი წელი რომ არ გიხარია მაგას უკვე მივხვდი, სტუმრებიც რო არ გყავს და არსად რომ არ მიდიხარ ეგეც გასაგებია, მაგრამ ყველაფერთან ერთად მუდოც ყოფილხარ, მუდო ელფი. _ წინადადების დასრულებისას საკუთარი ნათქვამით კმაყოფილმა კიდევ ერთხელ შემათვალიერა და ისევ ისე, ომახიანად გადაიხარხარა.
_ სანტა ხარ, თუ... მგონი ჯობს მიბრძანდეთ და სხვებს ეღადაოთ საახალწლოთ, არ ვიცი სასმლის ბრალია, თუ რამე ახალი დასაბოლებლის, მაგრამ... _ კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ სათქმელი ვერ დავასრულე, კარზე ზარი გაისმა და მაშინათვე გავისუსე, თითქოს დენმა დამარტყა, არა, თინას ვიზიტს ნამდვილად ვერ შევხვდებოდი თავაზიანი ღიმილით.
_ როგორც ჩანს სტუმრები გვყავს_ მანტო ხელის ერთი მოძრაობით გაიხადა და იქვე საკიდზე მიაგდო, მერე კი კარისკენ დაიძრა.
_ ჰეი, ჩუმად იყავი_ ფეხისწვერებზე ავიწიე, რომ მივწვდენოდი და პირზე ხელი ამეფარებინა.
_ კარგი რა, ახალი წელია სტუმრებს ასე ხვდები?_ ჩემი ხელი ჰაერში დაიჭირა და გაოგნებული მომაჩერდა, თვალებთან პატარა ჭორფლები შევნიშნე , მგონი გიჟის გარეგნობა მიზიდავდა.
_ ჩუმად იყავი, ცოტა ხნით მაინც _ უფრო დაძაბულმა ხელი გავინთავისუფლე და კართან მიპარვა ვცადე, რომ გამეგო ამჯერად ვინ მესტუმრა.
_ საიდუმლო დავალებაზე ხარ თუ ვინმეს ემალები? _ ისევ გამაღიზიანებელ შეკითხვებს სვამდა და ჩემთან ერთად მოიპარებოდა კარისკენ.
_ ჩუმად იყავი_თქო,_ უკვე ვჩურჩულებდი.
_ კარგი, არ ვიყვირებ და შენს გაპრანჭულ სტუმარ ბიჭს არ დავაფრთხობ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამაღამ აქ დავრჩები.
_ რაა? შენ არც კი გიცნობ, რა ვიცი იქნებ სერიული მკვლელი ხარ, ან მართლა საგიჟეთიდან გამოპარული შეშლილი.
_ ალბათ ხუმრობ ხო? იუმორიც არ გივარგა მინდა გითხრა. უბრალოდ ძმაკაცებს ვემალები, ხო თავიდან სახლი ამერია, უფრო სწორად ... _ რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ კარის ხმამ გადაფარა, უეჭველი ირაკლი იყო და ალბათ იმაზე სულაც არ ფიქრობდა, რომ შეიძლება მძინებოდა. ორიოდ წუთში მობილურიც ახმაურდა, ბატონი ირაკლის შემართება უკვე მაღიზიანებდა და ვხვდებოდი, მთლად ფხიზელი არ უნდა ყოფილიყო. სრული შემადგენლობისთვის თინას გამოჩენაღა იყო საჭირო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სათვალურიდან არ ჩანდა, ალბათ ისიც თავისი კარის სათვალურიდან ადევნებდა თვალს მომხდარს და გულში მხიარულ პიესას წერდა.
_ მისმინე, ცოტა ხანს შენი დახმარება მჭირდება, კარგი შეგიძლია ახალ წელს აქ შეხვდე ერთ საათს როგორმე გაგიძლებ შენი მეგობრებიც მანამდე კარგად დალევენ და შენი მოძებნის, ან მოკითხვის თავი აღარავის ექნება.
_ რა დახმარება? ტყუილად კი არ ვარ სანტა. _ ადგილზე ახტუნავდა და სახე გაებადრა.
_ აჰ, ვინ იცის თავს რა შარში ვყოფ, მაგრამ ახალი წელია და ვიმედოვნებ უარესი ცხოვრებაში აღარაფერი დამემართება, თუ დამემართება კიდე კარის მეზობელი უეჭველი დაეხმარება პოლიციას ჩემი მკვლელის, მოძებნაში ასე, რომ..._ ჩემს თავს უფრო ვამშვიდებდი და უაზროდ ვჩურჩულებდი.
_ მითხარი გისმენ, მკვლელი არ ვარ ხომ გითხარი სანტა ვარ, უბრალოდ არც ღიპი მაქვს და არც თეთრი თმა წვერი. _ გულუბრყვილოდ ჩაიღიმა და ჩემი გეგმის მოსასმენად გაინაბა.
_ მოკლედ, ახლა წავალ კარს გავაღებ, იმ ბიჭს ცოტას დაველაპარაკები ისე რომ გარეთ არ გავალ და როცა განიშნებ ხელით შენც მოხვალ კართან ისე რო დაგინახოს, მერე კი უკან წახვალ გასაგებია? _ საუბარი დავასრულე და სული მოვითქვი.
_ მგონი თხოვნა კი არა ბრძანება უფრო იყო, მაგრამ შესასრულებლად მზად ვარ _ თვალი ჩამიკრა და გაიბადრა.
_ ო, ღმერთო_ ამოვიხვნეშე და კარისკენ წავედი. სანამ ირაკლის დავინახავდი დავამთქნარე და თავი ისე დავიჭირე, თითქოს მეძინა და ამიტომ ვალოდინე ცოტა მეტ ხანს.
_ ანინა, როგორი ლამაზი ხარ _ აშკარად ნასვამი იყო, ძალიან ნასვამი.
_ მადლობა, ჩაი დავლიე და დამეძინა
_ მატყუარა _ მომესმა თვითმარქვია სანტას ხმა.
_ ყველაფერი კარგადაა?_ ადგილზე ქანაობდა
_ კი ყველაფერი კარგადაა, შენი საჩუქარიც მივიღე დიდი მადლობა
_ რა საჩუქარი?
_ ეი, საყვარელო სად წახვედი? _ უცებ კარი ფართოდ გაიღო ჩემს გვერდით დაუპატიჟებელი სტუმარი გაჩნდა, წელზე ხელი მომხვია და ლოყაზე მომეფერა, მერე კი თმა ამიწეწა.
_ ოჰო, ეს ვინღაა ? _ ირაკლის ხმაში გაოცება და სასოწარკვეთა ერთმანეთს ერწყმოდა, გაოგნებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა წამოვწითლდი და შევეცადე თავი როგორმე დამეძვრინა ისე, რომ კომფლიქტი, ან რაიმე მსგავსი უაზრობა არ მომხდარიყო.
_ ერთმანეთს არ გაგვაცნობ ანინა ძვირფასო?_ ნეტავ ჩემი სახელი საიდანღა იცოდა, მგონი აშკარად ჩემი მეგობრების მოგზავნილი იყო, მიმიხვდნენ ალბათ რომ ვატყუებდი და უბრალოდ გართობის სურვილი არ მქონდა.
_ ირაკლი ეს , ეს ...
_ საბა _ ხელი გაუწოდა და ცინიკურად გაუღიმა, თან მეორე ხელით ძლიერად მეკვროდა.
_ საბა_ მისი სახელი გავიმეორე და ჩუმად მთელი ძალით ვუჩქმიტე ზურგზე.
_ ააა, აბა გელოდები საყვარელო მალე მოდი _ წამოიყვირა უცაბედად და შუბლზე მაკოცა, მერე კი სტვენა სტვენით შევიდა მისაღებ ოთახში.
_ არ მეგონა შეყვარებული თუ გყავდა_ ცოტაც და ატირდებოდა
_ არც მე _ ჩავიბურტყუნე ჩემთვის და რაღაცნაირად შემეცოდა, თან მიხაროდა, რომ თავს დამანებებდა და სამსახურში მისულს თავი ყვავილების მაღაზიაში აღარ მეგონებოდა, არც გულს აღარ შემიწუხებდა გადაჭარბებული ზრუნვა მოვლებით და მოკითხვებით, ხო ყავაზეც ალბათ აღარ დამპატიჟებდა. ძალიანაც კარგი, რა ეგონა აბა მთვრალი რომ მომადგა ამ ახალ წელს? ოჰ, ისე ვფიქრობდი, გეგონება საცივებითა და გოზინაყებით ვხვდებოდი ახალ წელს და მთვრალ კაცს ვერ ავიტანდი განწყობის გასაფუჭებლად.
_ რა თქვი? _ დაიძაბა და სევდიანმა გამომხედა.
_ არაფერი ირაკლი, მგონია ჯობს სახლში წახვიდე და დაისვენო გამოიძინო.
_ კარგი, ხელს არ შეგიშლი, აი ეს შენ _ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და გამომიწოდა.
_ არ იყო საჭირო _ შემრცხვა და წამოვწითლდი.
_ კარგი, რა გამომართვი და წავალ, გილოცავ _ ხელში ნაცრისფერ ბაფთიანი ყუთი ჩამიდო, ნაძალადევად გამიღიმა და ბანცალით გაუყვა სადარბაზოს კიბეებს.
_ ანინა შვილო, ყველაფერი კარგადაა? _ როგორც ჩანს ცნობისმოყვარეობა ვერ დაეტია.
_ კი თინა დეიდა, მადლობა ყურადღებისთვის და გილოცავთ დამდეგს_ უხეშობის ან რაიმეს თქმის არც ნერვები მქონდა და არც განწყობა.
_ მადლობა შვილო, მეც გილოცავ და ის ვინ... _ არ ვიცი კიდევ რამდენი რამის თქმას აპირებდა, ან რას მკითხავდა, უბრალოდ შემოვედი სახლში და კარიც ნელა დაუჯახუნებლად მივხურე.
_ რა იყო, ასე რამ დაგასევდიანა საყვარელო? _ მისაღებში შესულს თვალები გამიფართოვდა.
_ მისმინე, შენ სანტა ხარ თუ საბა, რას გამოვარდი მასხარაობით
_ განა შენი გეგმა ასეთი არ იყო? არ გინდოდა თავიდან მოგეშორებინა? მარტო თავის გამოყოფა არ უშველიდა კაცს პირდაპირ უნდა აჯახო ან კი, ან არა. _ დიდი ფილოსოფოსივით დაიწყო ჭკუის დარიგება და თეფშზე დადებულ, ჩემი სენდვიჩის ბოლო მორჩენილ ლუკმას დასწვდა.
_ ჰეი, ჩემია, _ განწირულის ხმა ამოვუშვი და თავზე დავადექი დივანზე გაშოტილს.
_ რა იყო, კი არ ვჭამ, აჰა არ გართმევ, რა იყო ასე ხვდებოდი ახალ წელს? კაი ბაჟეები არ იცი, მარა რამე სალათი მაინც გაგეკეთებინა, თუ ელფებმა სალათებიც არ იციან? _ საეჭვოდ შეხედა ჩემს ნარჩენს და თეფშზე თავაწეულმა დააბრუნა.
_ ჰაჰა, რა სასაცილოა, ნეტავ შენ რა იცი საერთოდ, ან ამ ახალ წელს ვის ემალები, რას გაურბიხარ _ ქვეშ გაგებული პლედი გამოვაცალე და სავარძელში მოვკალათდი. სხვას ვაბრალებდი გიჟობას და სერიულ მკვლელობას და მგონი გიჟი მე უფრო ვიყავი, სახლში უცნობი მყავდა, რომელიც ჩემს შეყვარებულს თამაშობდა და თავს სანტად მოიხსენიებდა.
_ ცოდნით ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მეეჭვება შენ სათანადო ინგრედიენტები მოგეპოვებოდეს _ ტუჩები აიბზუა და ხელში პულტი მოიმარჯვა.
_ ადგილზე დააბრუნე
_ უბის წიგნაკი? უკან გადაახვია და სტვენა დაიწყო.
_ ადგილზე დააბრუნე თქო
_ კარგი, რა რატომ ბრაზობ ერთად ვუყუროთ და ბოლოს ერთად ვიტიროთ მერე კიდე წავალ, როგორც შევთანხმდით.
_ არა, შენთან ერთად ამ ფილმის ყურებას არ ვაპირებ, საერთოდ არაფრის კეთებას არ ვაპირებ შენთან ერთად.
_ წამის წინ შეყვარებულები ვიყავით და ასე მალე დაშორებაც არ შეიძლება კარგი რა ნამეტანი მუდოობაც ზედმეტია,ცოტა გავხალისდეთ._ ფეხზე წამოდგა და იმ მომენტზე გააჩერა გული, რომ მითბებოდა ხოლმე, მერე კი ხმამაღლა გაიმეორე ,, შენ თუ ჩიტი ხარ, მაშინ მეც ჩიტი ვიქნები,,
_ ახლა არ თქვა, რომ სანტა კლაუსებს უბის წიგნაკი უყვართ _ თვალები ავატრიალე მის საქციელზე და დრო ვიხელთე დივანზე გადავჯექი.
_ იცი რა, წავალ ახლა და ვნახავ რა გაქვს სახლში, _ მისი ნათქვამის გაცნობიერება ვერ მოვახერხე, ისე გავიდა სამზარეულოში.
_ მე არ მითქვამს სახლი გადამიქოთიალე და წინ და უკან ირბინე-თქო, უბრალოდ ერთ საათს გტოვებ.
_ ჰმ, ცხელი შოკოლადის გაკეთება შემიძლია, ყველაფერი არ გაქვს მაგრამ ვფიქრობ მაინც კარგი გამოვა,_ ნახევრად მაცივარში თავშერგულს სულაც არ ესმოდა ჩემი ლაპარაკი. ისე მისი წასვლის შემდეგ, შემეძლო მომხდარზე დამეწერა, ცოტათი საინტერესო უცნაური შემთხვევა და ჩემი მსახიობობა ფურცლებზე გადამეტანა. მგონი უკვე ნამეტანი მომდიოდა, ნუთუ სულ არ მადარდებდა რა მომივიდოდა? ხომ შეეძლო სასმელში რამე გაერია და მერე სახლი გაეტანა, ან თინას მართლა ჩემი გვამი ეპოვა? თავში უაზრო ფიქრები მიტრიალებდა, სამზარეულოს მაგიდასთან ჩაფიქრებული ვიჯექი და ვუყურებდი უცნობი, საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცის სილუეტს, რომელიც მთელი მონდომებითა და სტვენა ღიღინით ამზადებდა ცხელ შოკოლადს. ნეტავ ვინ იყო საერთოდ? იქნებ მართლა საახალწლო რუზრუზს, უაზრო სმა ჭამასა და აყალმაყალს გაურბოდა? მაგრამ ვისთან? ჩემთან? მე ხომ აჯაჯულად მეცვა. სენდვიჩებით ვიჯექი ახალი წლის ღამეს და თავს ვიმკვდარუნებდი მხოლოდ იმიტომ, რომ უჟმურ ხასიათზე ვიყავი და არავის დანახვა არ მინდოდა? იქნებ, მართლა ის სანტა კლაუსი იყო, ბავშვობაში ასე რომ ველოდი და ვერა ამესრულებინა ჩემი ნატვრა? ნუთუ სასწაულები მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო?
_ ჰო, როგორ არა _ ჩავიბურტყუნე ჩემთვის და უცნობ ნაცნობს მივუტრიალდი
_ მართლა რა გქვია ?
_ სანტა _ გაიკრიჭა და თაროდან ფინჯნები გადმოიღო, მგონი მე უფრო ვიყავი ჩემივე სახლში სტუმარი ვიდრე ის.
_ აჰამ, აბა რა _ ამოვისუნთქე და მისაღებში გასული დივანში ჩავეშვი. პულტი ავიღე და ყურება განვაგრძე. რამდენიმე წუთში სანტად წოდებული სამზარეულოდან ორი ორთქლადენილი ფინჯნით გამოვიდა და გვერდით მომისკუპდა.
_ ეს შენ _ ფინჯანი გამომიწოდა
_ მადლობა _ საეჭვოდ გადავხედე
_ ახ, ალბათ გგონია, რომ _ თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო, ფინჯანი უკან გამომართვა, სული შეუბერა და ცხელი შოკოლადი ისე მოყლუპა თან თვალებში მიყურებდა.
_ ახლა შენი ნაპირალი უნდა დავლიო _ თვალები ავატრიალე და ფინჯანი უკან გამოვართვი.
_ აი რატომ ხვდები ახალ წელს, ახლა ყველაფერი გასაგებია _ ჩაეცინა და პლედი თავისკენ გაქაჩა.
_ რა არის გასაგები? სხვათაშორის იმ ბიჭს ვუყვარვარ
_ და მერე? _ უკმეხად ჩაიცინა და ცისფერი თვალები შემომანათა
_ არც არაფერი _ სწრაფად დავასრულე სიტყვა და ცხელი სითხე მოვსვი, ნამდვილად გემრიელი იყო, არც კი ვიცოდი რა შეიძლებოდა გამოეყენებინა, სახლი ხომ ლამის ცარიელი იყო, მართლა როგორ ვცხოვრობდი ასე?
_ მართლა მუდო ელფი ხარ_ ჩაიღიმა და თმაზე შემეხო
_ შენ კიდე სანტა კლაუსი არა?
_ არა, უბრალოდ სანტა
_ ჰო, იმისთვის მოხვედი, რომ სიმართლე გეთქვა როგორი მუდოც ვარ, მერე ცხელი შოკოლადი გაგეკეთებინა არაფრისგან და ჩემთან ერთად ფილმისთვის გეყურებინა, რომელიც მე ზეპირად ვიცი. _ ვერ ვხვდებოდი ამ ყველაფერს რა მალაპარაკებდა, გულახდილად კი ვსაუბრობდი.
_ მეც ზეპირად ვიცი _ ლამაზად გამიღიმა და გაჩუმდა.
_ ალბათ დილამდე გაქრები _ ჩავიბურტყუნე და ბოლო ყლუპი მოვსვი, ვიგრძენი, როგორ მომერია ძილი და თვალები საშინლად დამიმძიმდა.
დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, ჩემს დივანზე პლედგადაფარებული ვიწექი. იქვე მდგარ პატარა მაგიდას გავხედე, რომელზეც გუშინ ორი ფინჯანი ცხელი შოკოლადი იდგა, მაგრამ იქ ჩემი სენდვიჩის ნარჩენიანი თეფშის გარდა არაფერი იყო. თვალები კარგად მოვიფშვნიტე, ფეხზე წამოვდექი და ოთახი შევათვალიერე, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ყოველთვის, ნივთებსაც არაფერი აკლდა. მხოლოდ ის არ ჩანდა არსად არც სამზარეულოში, არც მისაღებსა და სააბაზანოში საძინებელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. სამზარეულოში ფინჯნებიც კი არ დამხვდა, ცოტაც და ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო, ან ზედმეტად რეალური სიზმარი მენახა, მაგრამ არა, იყო ერთი დეტალი. საჩუქარი, რომელიც ირაკლის გამოგზავნილი მეგონა. მის გახსენებაზე სასწრაფოდ გავედი შემოსასვლელში, თაროზე იდო ისევ ისე, როგორც დამეტოვებინა. სწრაფად ავიღე და შესაფუთი გაღალდი მოუთმენელმა შემოვაგლიჯე. სახეზე ღიმილი ამესახა და გაოგნება კარგა ხანს არ მომშორდა როცა ყუთში ძველი საბეჭდი მანქანა დავინახე, ზუსტად ისეთი როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ზედ კი ფურცელი იდო, რომელზეც ამოებეჭდა ,, მუდო ელფს. ჩვენზე დაწერილი ისტორია დაგბედებოდეს,, სანტა კი არადა საბა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი nini :)

მუდო ელფიიიი.... მაგრამ წინა თავი რა შუაში იყო ვერ მივხვდი მაგრამ მომეწონა.... მართლა მიდოა ეს გოგოოო.... მაგრამ საყვარელიიიც

 


№2  offline წევრი melanqoliki

nini :)
მუდო ელფიიიი.... მაგრამ წინა თავი რა შუაში იყო ვერ მივხვდი მაგრამ მომეწონა.... მართლა მიდოა ეს გოგოოო.... მაგრამ საყვარელიიიც

ვერ მივხვდი რას გულისხმობ წინა თ ვი რა შუაში იყოო როცა ამბობ მაგრამ მაინც მადლობა გამეხრადა რო მოგეწონა ❤️

 


№3  offline წევრი ნორმი

კარგი იყო მომეწონა.
--------------------
ფარვანა

 


№4  offline წევრი melanqoliki

ნორმი
კარგი იყო მომეწონა.

დიდი მადლობა <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.