შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიწრო სხეულები (თავი 8)


24-01-2019, 00:54
ავტორი P.A.
ნანახია 1 082

ვიწრო სხეულები (თავი 8)

***
ფრთხილად აცურებს გასაღებს კარში, რაც შეიძლება ჩუმად აღებს და ფეხაკრეფით მიიპარება თავისი ოთახისკენ. შუა გზაში ახსენდება, რომ ბოლოს, ზუსტად ასე, სკოლის ბოლო წლებში შემოიპარა სახლში და სიცილს ვერაფრით იკავებს. მისაღები ოთახის გავლით, ღიმილით მიიწევს საკუთარი ოთახისკენ, დაჩის ხმა რომ აჩერებს
–სცენაზე ისე დანარნარებ და ჩუმად შემოპარვა რომ გინდა ხოლმე, რა გემართება.. არასდროს გამოგდიოდა, მაინც დაფხაკუნობ მუდმივად..
ნელი ნაბიჯით უახლოვდება სავარძელს და მოწყვეტით ჯდება შიგნით. ოთახის შუაგულში გაჩხერილ სესილიას ზედაც არ უყურებს, ისე ისრესს გამოუძინებელ თვალებს
–მორიგე იყავი? – გაუცნობიერებლად, იქვე, ძირს აგდებს ჩანთას და ქურთუკის გახდით მიიწევს ძმისკენ. ფეხებაკეცილი ჯდება მის გვერდით.
–არა
–აბა? – ეკითხება სულ ტყუილად. ძალიან კარგად იცის, უფროსი ძმის ჩაშავებული უპეების მიზეზი თავად რომ არის. ვერასდროს შეეძლო მშვიდად ძილი დაჩის, როცა სესილია სახლში არ ეგულებოდა და ახლაც.. მის გვერდით მჯდარს ისეთი მზერით შესცქერის, თითქოს პატიებას სთხოვს გაწვალებისთვის. დაჩი არაფერს პასუხობს, მხოლოდ რამდენიმე წამით ავლებს ფიქრიან მზერას და თავს დივნის საზურგეზე აგდებს
–ნინო სამსახურშია? – ეკითხება ისევ, უნდა როგორმე აალაპარაკოს
–ჰო, წავიდა უკვე..
–მაპატიე, რომ არ გაგაფრთხილე. ილიასთან ვიყავი.. – ჩურჩულებს სესილია
–ვიცი, დამირეკა, – აჩერებს მოუთმენლად, თითქოს ეშინია უფრო მეტის გაგებისო და მზერას უსწორებს, – აქამდე არავისთან დარჩენილხარ.. ახლა დიდი გოგო ხარ? ახლა გადავუსვით არა ხაზი პატიოსნებას და თავისუფალი ურთიერთობები გავაბით?
–პატიოსნებას? – ეცინება სესილიას სიმწრით, – ეს შენ არ ხარ, დაჩი.. ამ ყველაფერს შენ არ მეუბნები! – ბრაზით ასავსავებს ხელებს და მანამდე მისკენ მიჩოჩებული, ისევ უკან იხევს
–მე ვარ, სესა, მე ვარ.. უბრალოდ, აქამდე ასე ხელაღებით არავის გამო დამპირისპირებიხარ და საჭიროც არასდროს გამხდარა ასე მელაპარაკა შენთან..
–შემიყვარდა, დაჩი! იქნებ მენდო, ამ ერთხელ.. იქნებ, როგორ მიყვარს. იქნებ, როგორ მჭირდება.. – ეტირება, თუმცა მტკიცე ტონს ინარჩუნებს და ფეხზე დგება გაცეცხლებული, – შეიძლება ყველა დღე ჩამამწარო?
–რა რეაქცია უნდა მქონდეს, აბა? რას მოელით? როცა ძმაკაცი მირეკავს და მაფრთხილებს, რომ არ ვიდარდო, რადგან ჩემი და მასთან ერთად იქნება მთელი ღამით, რა რეაქცია უნდა მქონდეს? დროც არ მომეცით, სესილია! – ღრიალებს უცებ და მის წინ, ფეხზე მდგარი სხეული მოულოდნელობისგან ადგილზე ხტება, – სულ ცოტა დროც არ მომეცით, რომ გადამეხარშა ეს ყველაფერი! წამით ვერ მოვხუჭე თვალი.. ათასი დამპალი აზრი მაწუხებს.. გამუდმებით იმაზე მეფიქრება, რისი შემოთავაზება შეუძლია შენთვის.. რა უნდა მოგცეს ისეთი, რომ ბედნიერი იყო! ისეთი ბედნიერი, მე რომ მინდა..
–არაფრის მოცემა არ არის საჭირო, დაჩი, ასე არ უნდა ღელავდე.. – ლუღლუღებს და უახლოვდება. ძმის გაციებული მზერის მიუხედავად მკლავებში უძვრება და თბილი ღიმილით აკრობს ტუჩებს კისერზე, – არ მინდა, ასე რომ ღელავდე. ბედნიერი ვარ.. ილიაც ბედნიერია. გეხვეწები, იყავი რა ჩვენთან ერთად ბედნიერი!
სესილიას მავედრებელი მზერა და სევდიანი ხმა ერთიანად აცლის ძალას და ისე ძლიერად იხუტებს გულში, წამსვე მისი წუწუნი გაისმის ოთახში
–სეს.. ჯერ არავინ მყვარებია შენზე მეტად და ალბათ ამიტომ მიჭირს შენი გაშვება.. – ეჩურჩულება და ლოყაზე უჭერს მტკივნეულად თითებს, – ის ოხერი ილია კიდევ ისეთი ქვაა, სულ მგონია, რომ.. რომ ისე ნაზად ვერ მოგექცევა, შენ რომ გეკადრება..
–არა, ილია ძალიან თბილია.. – უღიმის სესილია
–თბილი ილია? ღმერთო ჩემო! – დაჩი სასაცილოდ ატრიალებს თვალებს და ისევ სერიოზულდება
–გინდა ერთად ვისაუზმოთ?
–მინდა, რომ წახვიდე და გამოიძინო!
–კარგი, – მორჩილად უქნევს თავს, – შენც რომ გამოიძინო?
–სამსახურში მივდივარ, – შუბლზე კოცნის და ხელის კვრით აყენებს ფეხზე
–მაპატიე, რომ განერვიულე, – თბილ მზერას აგებებს კიდევ ერთხელ და ოთახისკენ მიფარფატებს.

***
–აბა, გელით.. – სათითაოდ უყურებს თვალებში დაჩი ყველას და სერიოზული სახით ელის პასუხს, – ამოიწურა ფიქრის დრო..
–ორმოცდაათს ვდებ, რომ ვერა! – წყვეტს სესილია დიდხნიანი ფიქრის მერე და წელზე შემოხვეულ მკლავს ეჭიდება თითებით, – შენ? შენ, ილია?
–მე მგონია, რომ შეძლებს.. – ტუჩს იბზუებს და დაჩის ხმამაღალ სიცილს უტეხად ხვდება
–ორმოცდაათი, რომ ვერა! – იმეორებს ქეთაც და უცებ ჩუმდება. ოთახში შემოსულ ბაჩოს ავლებს ეშმაკურ მზერას და წიგნების გრძელ კარადასთან ჩამომდგარი, ღიღინს იწყებს
–რაზე ნიძლავდებით? – კითხულობს ბედნიერად და სავარძელში ჩახეთქებული, უშნოდ შლის წინ გრძელ ფეხებს.
არცერთი პასუხობს. დაჩის შესცქერიან სახეში. ისიც დაუფიქრებლად, ღიმილით იქნევს თავს
–მეც მგონია, რომ ვერა! ილო, მაგარ შარში ხარ თუ ჩაგხადეთ! – აფრთხილებს და მხარზე უტყაპუნებს ხელს
–ბაზარი არაა, – ეცინება და სწორდება. სესილიას მუცელზე მოთავსებულ თითებს ათამაშებს და ცხვირს მის კისერში რგავს. თბილ კოცნას უტოვებს და ბაჩოს მოუთმენელ კითხვებზე მასაც სხვების მსგავსაც ხმამაღლა ეცინება
–მეც მინდა, მითხარით რა ხდება, ტო!
–ბიჭო, – იწყებს დაჩი და სიცილის შესაკავებლად პირზე ისვამს ხელს, – დავნიძლავდით, აიღებ თუ არა წელს პრავას..
–უხ თქვენი! – ბრაზისგან იბერება. უცებ ხტება ფეხზე და სულ ერთი წამით ანაწილებს მზერას, სანამ წამომართულ დაჩის დაედევნება, – ილო.. შენ ჩემი გჯერა, არა? – ეკითხება უცებ
–მჯერა, ბაჩო.. – უქნევს თავს და მის წვერზე მოთამაშე სესილიას თითებს ავლებს ხელს, – მეტკინა, გაჩერდი..
–მაგას, მანდ რო გიზის, ზედ აწებებული, შენ გამო არ მოვთხოვ პასუხს! – თითს იშვერს ახითხითებული სესილიასკენ
–ჯიგარი ხარ, ძმაო! – აგულიანებს ილია სერიოზული სახით
–შენ კიდევ.. – ახლა ქეთასკენ ბრუნდება, – შენ ნახე რა მოგივიდეს, ოღონდ ჯერ ამას მივხედო, – ისევ ბრაზით ევსება გამომეტყველება და უხამსი მუქარით ედევნება ოთახიდან გამქრალ დაჩის.
რამდენიმე წუთში ორივეს მკაფიო გინება მოისმის ილიას ოთახიდან და რაღაცის მტვრევის ხმაზე, სესილია უეცრად შეშფოთებულ სახეს იღებს
–ლოგინი არ ჩაგიტეხონ, ილია!
–არ იდარდო, სადმე სხვაგან მოგეფერები ხოლმე.. – ეჩურჩულება ყურთან და პასუხად გემრიელ მუჯლუგუნს იღებს.
ოთახში დაბრუნებული ბაჩო შეწუხებული სახით ისრესს მხარს და ილიას გაფართოებული თვალებით შესცქერის
–ღამის სანათი გაგვიტყდა, ილო!
–ყოჩაღ თქვენ! – კოპებს კრავს და ბაჩო რომ ატყობს მართლა გაბრაზდა, გაკვირვებისგან წარბებს ზიდავს, – სესილია ვერ იძინებს სრულ სიბნელეში, სანათის გარეშე! – გამკიცხავი მზერით ბურღავს ბაჩოსა და მის უკან მომავალ დაჩის და ახლა ხვდებიან რამ გააღიზიანა
–ხოდა, ნუ დააძინებ ხოლმე, სხვა რამით გაართე! – უცებ ჭრის პრობლემას ბაჩო, თავისებურად
–ან, საერთოდ ნუ დაიტოვებ ხოლმე! – იღრინება დაჩიც და მათი შემხედვარე, ჯერ ისევ კარადასთან, ჩაის ჭიქით ხელში ჩამომდგარ ქეთას ხმამაღალი სიცილი უტყდება
–ოჰ, ეს ვინ შემახსენა თავი! – ავი ღიმილით ბრუნდება ბაჩო გოგონასკენ და რამდენიმე წამში ილიას სანათთან ერთად, ჩაის ჭიქაც ეწირება. მერე ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ ილიას სახლს და კართან აბუზული, ჯერ ისევ ვერდათმობილ სხეულს მიხუტებული სესილიას შემხედვარე დაჩის ცალყბად ეცინება
–გინდა დარჩენა? – ეკითხება დას და უნებურად თბილ, თუმცა თითქოს სევდიან მზერას ავლებს.
სესილია იბნევა, ილიასა და დაჩის შორის აპარებს თვალებს და უცებ ეხვევა საყვარელი მამაკაცის ყელს
–დაისვენე, ხვალ გნახავ.. – ეჩურჩულება და უცებ კოცნის ტუჩებზე.
ილიას ეღიმება მის ქცევაზე. ფიქრი, რომ ყველაზე ზრუნავს.. რომ ყოველთვის ახერხებს იპოვოს ოქროს შუალედი ნებისმიერ სიტუაციაში, სიამაყით ავსებს და თავადაც ძლიერად ბოჭავს მკლავებით. თავზე უსვამს ხელისგულს და მის ზურგს უკან იხედება
–მშვიდობით მიიყვანე ჩემი გოგო სახლამდე.. – ამბობს ხმამაღლა და ისევ მისი სახისკენ იხრება. ნიკაპს შორის ამოდებული თითებით თავს აწევინებს და ტუჩებზე აცხრება. ვნებით, თუმცა მაინც თავშეკავებით კოცნის და უშვებს. დაჩი კი კოპებშეკრული აშტერდება ძმაკაცს და ისე უცებ ხვევს წელზე ხელს დას და გაღებულ კარში სვამს, ვერცერთი ასწრებს გააზრებას.
ლაღი სიცილით ხურავს კარს. შემობრუნებულს მომენტალურად ეღუშება სახე და სამზარეულოს გაჭირვებით მიიწევს. აფორიაქებული იქექება კარადაში, საიდანაც რამდენიმე წამლის ყუთს პოულობს და ერთ–ერთს მოუთმენლად ხდის თავს. წყლის გარეშე, პირდაპირ ყლაპავს და ონკანის დაჟანგებულ პირებს ძლიერად ეჭიდება. რამდენიმე წუთიანი მტანჯველი თავის ტკივილის გამო განძრევასაც ვერ ახერხებს. მერე ყრუდ იგინება და საძინებლისკენ მიიწევს. გაუხდელად წვება და ახლა ხვდება, მთელი დღის განმავლობაში, თავის მოჩვენებით გამოწვეულ მხიარულებას როგორ გამოუფიტავს.
–შენი ბანძი ცხოვრების დედაც, ილია! – ეცინება და თავზე იჭერს ორივე ხელს, – შენი დედაც! – იმეორებს ჩურჩულით.
სანამ ტკივილი ბოლომდე გაუყუჩდება და ჩასთვლემს, სესილიას მომღიმარი სახე უტრიალებს გონებაში. კიდევ კარგი, ის ჰყავს.. კიდევ კარგი, ილიას გონებაში შეძვრომა მოინდომა, თორემ.. თორემ ვინ იქნებოდა ახლა მისი ცხოვრების ნათელი გზით წარმმართაველი?!

***
დღეები გადის და იმაზე მეტად იფიტება, ვიდრე წარმოედგინა. მუდმივად მხრებისა და თავის ძლიერი ტკივილი, შეციებული წელი ან გადაღლილი კუნთები აწუხებს, თუმცა არაფერს უშინდება. ახლა ამის დრო არ არის.. ახლა ბედნიერების დროა, სიმშვიდის, სიმსუბუქის.. და ისიც ისეთი განწყობით აკითხავს სესილიას ვარჯიშებზე, თითქოს ამაზე სასიამოვნო არაფერი უკეთებია ქვეყნად. იქნებ, არც უკეთებია.. იქნებ, მართლა არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, რომ ხედავ როგორ მოწყვეტით მორბის შენი საყვარელი ქალი შენკენ, სიჩქარისგან ერთმანეთში ფეხებაბლანდული და მოუთმენლად გეკიდება კისერზე
–ერთხელაც აგიცდება ფეხი და გამისკდება გული იცოდე! – უბრაზდება ყოველ ჯერზე და ახლაც, უკვე შეჩვეული ჟესტით იკრავს გულზე. კეფაზე, თმის შიგნით უცურებს ცალ ხელს და ტუჩებზე თბილი კოცნით ესალმება დამღლელი დღის შემდეგ.
–შემდეგ ჯერზე ფრთხილად ვიქნები.. – პირდება ისევ და მანქანის გამოღებულ კარში სკუპდება. სანამ ილიაც დაიკავებს ადგილს, მანამ აწყობს წინა სალონზე გაშლილ ფეხებს და დიდ, სპორტულ ჩანთაში ქექვას იწყებს
–რას ეძებ? – ეცინება ილიას მისი შემხედვარე, – გაიკეთე ღვედი..
–წყლის ბოთლს, წეღან ჩავაგდე და ვერ ვპოულობ.. – წამით ეშვება ჩანთას და ღვედს იკრავს
–მაგდენი რამე რომ გიყრია მაგის ბრალია. ვიყიდოთ, დაანებე თავი..
–ათასი რამე მჭირდება, ილია, მაღამებინებს აქ ჯიჯი და როგორ ვივლი აბა, – გაღიზიანება ეტყობა ხმაში
–ნუ ბუზღუნებ, სესილია!
–სად ჩავდე ეს ბოთლი? მიშრება ყელი, გადავირიე, – ნერვებაშლილი ჩურთავს სავარძელზე ჩანთას და ახლა თმის წვალებას იწყებს.
–გავაჩერებ ახლავე, მოისვენე და ჩამოსწიე ეგ ფეხები დაბლა, – გონებაგაფანტული სესილიას დანახვაზე ხმას იმკაცრებს, რომ მისი ყურადღება მიიქციოს
–რატომ? არ შეიძლება ასე მქონდეს?
ილია დაკვირვებით შეჰყურებს, მანქანა ფრთხილად გადაჰყავს გზიდან, აჩერებს და მისკენ ბრუნდება
–რა გჭირს, სეს? – ეკითხება და თავად აწევინებს ფეხებს დაბლა, – შეიძლება.. როგორ არ შეიძლება. სადაც გინდა იქ შემოაწყე, თუ გინდა თავზე დამაწყე ეს ლამაზი ფეხები, სულ არ მაქვს პრობლემა, მაგრამ საშიშია.. რამე რომ მოხდეს, საგზაო შემთხვევა, ვინმეს რომ დავეჯახო ან ჩვენ დაგვარტყან, ვეღარც გადარჩები ასე თუ იჯექი.. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ხერხემალს დაიზიანებ და სულაც არ მინდა ასეთი დაუდევარი მიზეზებით ცეკვა შეწყვიტო..
–მაპატიე, მართალი ხარ, მაპატიე, – ტირილის ნოტები ერევა ხმას
–აღარ იტყვი რა ხდება? თუ ჯერ წყალი ვიყიდოთ?
სესილია ორივე ხელს იფარებს სახეზე და ღრმად ოხრავს
–დავიღალე..
–ვიცი, რომ დაიღალე, – თავზე უსვამს ღიმილით ხელს, – სულ ცოტაც, სეს, ძალიან ცოტა დარჩა..
–გამომწოვა სისხლი ჯიჯიმ.. იქით კიდევ უნივერსიტეტი და სულ აღარ მძინავს, – ოხრავს და მისკენ იწევა, დიდ მკლავზე ხვევს ხელებს და ერთიანად ბოჭავს
–მოდი, ახლა სახლში მიგიყვან, დაისვენე, გამოიძინე კარგად, გაწყობს? – ვერაფრით ახერხებს ხელის გათავისუფლებას და ეცინება, – არ დამიბრუნებ მკლაავს?
–საშინელი რუტინა გვაქვს, მეც და შენც! – ასკვნის და უფრო მეტად ეხვევა, – სულ ერთხელ ვცხოვრობთ და ასე ვწვალობთ, საცოდაობა არაა?
–საცოდაობაა.. – სევდით პასუხობს, ხმაშეცვლილი, – საცოდაობაა, მაგრამ ძალიან მალე, დიდ წარმატებას მიაღწევ. აი, ნახავ.. ასე რომ წვალობ, აუცილებლად დაგიფასდება! – შუბლზე აკრობს ტუჩებს და მისი სუნი ისე უძვრება ცხვირში, თავს ვერაფრით იკავებს, – მოდი, ცოტა მოგეფერო და მიგაბრძანებ სახლში, – მისკენ იწევს, ხარბად აცხრება ბაგეებზე და მაისურში უძვრება თითებით
–ძალიან ნიჭიერი ხარ, სეს.. ნიჭიერი და ძლიერი გოგო! – ეჩურჩულება ზედ სახესთან, –ასეთი გაჭედვები ბუნებრივია. შეიძლება გეგონოს, რომ აღარ შეგიძლია.. ვეღარ გაუძლებ, მაგრამ უნდა გაიხსენო რა გამოიარე აქამდე მოსასვლელად. რამხელა ძალისხმევა დახარჯე და როგორ მოაკელი სხვა ყველაფერს წუთები იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ საქმეში დაგეხარჯა. ახლა.. ეს აკანკალებული ხმა და ნერვებაშლილობა, ძალიან ბუნებრივია.. – საუბრის შეუწყვეტლად, სესილიას სახის უკლებლივ ყველა ნაკვთს ჩუქნის სველ კოცნას
–მგონი ვერ ვაზროვნებ, ცოტა გაიწიე, – ეცინება და მამაკაცის სიახლოვისგან სახეახურებული, სიცილით იშორებს დიდ სხეულს
–მოვიდა ქალბატონი სესილია ხასიათზე? – ეღიმება მამაკაცს
–ჰო, მგონი..
–მომხედე აქეთ.. – მის წვრილ თითებს საშუალებას აძლევს ხელისგულზე ათამაშდნენ
–აღარაფერი მითხრა, უბრალოდ მომეხვიე. კიდევ ერთხელ მომეხვიე და გამაგებინე შენი გულისცემა, – უღიმის გოგონა და მისკენ იწევს, – უბრალოდ ჩამეხუტე.. და იცოდე, რომ შენი შინაგანი სამყარო იმაზე დიდია, ვიდრე ეს საერთოდაა შესაძლებელი..
–ვინ დაგაბრმავა, სეს? საიდან მოიგონე?
–როცა ასეთი უხეში ტონით გელაპარაკები ზოგჯერ, ყოველთვის მოთმინებით ეკიდები ჩემს აუტანელ ხასიათს! დიტო ვერასდროს მისმენდა ასე, მეუბნებოდა, საშინლად წუწუნა და აუტანელი ხარო. ამ ყველაფერს კი, ეგონა, რომ სიყვარულით იტანდა. ახლა ყველა ასეა.. შენ კი, თითქოს სულ სხვა სამყაროდან ხარ. მანქანა გააჩერე, რომ თვალებში შემოგეხედა ჩემთვის. დაგენახა, რა მაწუხებდა..
–მგონი აჭარბებ, – ეცინება და იმავე წამს, სახე ექუფრება, – საერთოდაც, აბა, რა შუაში ვართ მე და დიტო ერთმანეთთან? ხომ ვილაპარაკეთ ამაზე უკვე? რა საერთო გვაქვს, სესილია? აი, ახლა კი გავხდები ტიპიური შეყვარებული!
–წყალი მინდა, – აწყვეტინებს უცებ და თავისივე საქციელზე ეცინება
–რა ეშმაკი გოგო ხარ! – ხმამაღლა ეცინება ილიას და მანქანის კარს აღებს.
მაღაზიისკენ მიმავალს აკვირდება და ატყობს, როგორ გრაციოზულად მოძრაობს. უყვარს მისი მიხვრა–მოხვრა, მისი მანერები.. უყვარს, როგორ ისვამს დროდადრო წვერზე ხელს, როგორ ხლართავს თითებს ერთმანეთში და როგორ იწყობს კისერზე. როგორ უკიდებს სიგარეტს მაღაზიიდან გამოსვლისას, როგორ ქაჩავს რამდენჯერმე სწრაფად, რომ სესილია არ შეაწუხოს მანქანაში და როგორ აგდებს თითქმის ნახევრად ჩამწვარ ღერს მოშორებით მდგარ ნაგვის ურნაში. ყველაფერი უყვარს მისი.. ისე იყვარს, რომ აშინებს საკუთარი თავი. თუმცა, ყველაზე მეტად, მისი მზერის ცვლილება უყვარს, ზუსტად იმ დროს, სესილიას თვალებს რომ გადააწყდება ხოლმე. სულ სხვანაირად ეწევა ამ დროს ხშირ წვერში ჩამალული ტუჩის კუთხეები, სულ სხვანაირი სიეშმაკით აწვრილებს ლამაზი ჭრილის თვალებს და სესილიას ეჩვენება, რომ წელშიც სულ სხვანაირად იმართება მისი დანახვისას. შვებით.. სიამაყით.. ფართოდ გაშლილი, ლამაზი მხრებთ.

***
–რამდენ ბავშვს გააჩენდი?
–ბავშებს? – უკვირს და საწოლზე იწევა. მის გამოწვდილ სიგარეტს ავლებს ხელს და ლამაზად იქცევს საჩვენებელ და შუა თითებს შორის. წყვეტილად გამოსული ბოლი მამაკაცის მკერდზე იწყებს აორთქლებას
–მოისვენე.. – ეღიმება სალომეს ქცევაზე, – ჰო, ბავშვებს.. რამდენი გინდა, რომ გააჩინო?
–შენგან?
–აბა, ვისგან? – კითხულობს აღშფოთებით, – შენ რა, სხვასთან აპირებ გაძრომას? – სუსხი ერევა ირონიულ ნათქვამს და სალომე თვალებს ატრიალებს
–ნუ ხარ ასეთი ფიცხი..
–აბა, რაებს მეკითხები! – ყელში ამოსდის დაჩის. მკლავზე ავლებს ხელს და თავისკენ ქაჩავს. შიშველი ზურგით იკრავს მკერდზე და ორივე მკლავით უფარავს მოშიშვლებულ მკერდს, – ჩემგან თუ არა, სულ არ გეყოლება შვილები, იცოდე!
–ჯერ ერთი, – იწყებს სალომე მშვიდი ხმით,– ნუ მეგრუზინები და მეორეც, არ ვაპირებ ჯერ ბავშვების გაჩენას
–რა გონორით მელაპარაკები? – მკერდზე უჭერს თითებს და მხარზე ნაზად აფრინდება კბილებით
–თავხედი ბიჭი ხარ და უარესის ღირსი! – პასუხობს ყელმოღერებით და წინასწარ ემზადება დაჩის გადარევისთვის
–რაო? – მაშინვე გიჟდება ისიც და ისე სწრაფად აგდებს საწოლზე და ზევიდან ექცევა, სალომე აღშფოთებასაც ვერ ასწრებს, – რატომ იცი ამდენი ტლიკინი? – წარბშეკრული დაჰყურებს ზევიდან
–რომ გაჯობო!
–ხოდა ამ ჯიბრით იწყება სულ ჩვენი ჩხუბი, – მის სახესთან იდაყვებდაყრდნობილი უფრო მეტად იქუფრება
–ხომ არ გადაიღალე ჩემგან? – ირონიას ვერაფრით თმობს სალომე
–შენ? – უბრუნებს კითხვას.
ასე, ერთმანეთის სხეულების შეხებისგან სიამოვნებაგანცდილი გრძნობით აღსავსენი, ისეთი ბრაზით მიშტერებიან ერთმანეთს, თითქოს უდიდესი სიყვარული არ ეღვრებოდეს გულში ორივეს
–შენ.. – სახეზე ეფერება სალომე, – შენ მე ვერ გადამღლი.. იმიტომ, რომ შენზე ბევრად მაგარი ფსიქიკა მაქვს. ყველაფერზე კი არ ვვარდები!
დაჩის სიბრაზისგან სასაცილოდ ებუშტება ტუჩები და რომ ვერაფერს იფიქრებს, პასუხად ჯიუტად ბუტბუტებს
–ნახე თუ არ გაგაჩენინო შვილები!
–ამაზე სასტიკად ჯერ არავინ დამმუქრებია! – სიცილით კვდება სალომე
–ღმერთო, რა არანორმალურია.. – ერთიანად შორდება დაჩი და საწოლიდან წამომდგარი, ჯერ ისევ გაბუტული მზერით შეჰყურებს ახითხითებულ ქალს
–დაჩი.. – ტუჩებს კუმავს ხატია და გადაწოლილი, გვერდულად შესცქერის. თეთრ თეთრეულში ხორბლისფერი, შიშველი კანი ისე მადისამღძვრელად მოუჩანს , დაჩის გული უჩქარდება მისი შემხედვარე
–რა გინდა? – უტეხად ინარჩუნებს ცივ მზერას
–მიყვარხარ.. და მირჩევნიხარ ყველა სრულყოფილ კაცს.. – უღიმის ლამაზად და მისკენ იწვდის გაშლილ მკლავს.
დაჩი წამით შეშდება, მერე გამოწვდილ თითებს ეჭიდება და საწოლთან იმუხლება, საოლომეს სახესთან ახლოს. მის ცხვირს ეხება ცხვირით და თავადაც უღიმის
–მეც მიყვარხარ.. და მეც ყველა სულიერად ჯანმრთელ ქალს მირჩევნიხარ..
–გამოთაყვანებულო, – ნაზი კოცნით ჭმუხნის ცხვირს სალომე. რამდენიმე წამში წყვეტს, რომ კამათი ეზარება და დაჩისგან ზურგშექცევით, ყელამდე ეხვევა ზეწარში.

***
დარბაზში შედის და პირდაპირ ნიკოს პირისპირ, ფეხმორთხმით ჯდება. ტელეფონში ჩამძვრალ ბიჭს ხელიდან აცლის აპარატს და ახლა თავად ჩაჰყურებს
–ეგ უზრდელობაა, სესილია! – ბრაზდება ნიკო, მაგრამ გამორთმევის მაგივრად, გვერდით უჩოჩდება და თითით ანიშნებს, – ნახე, რა მოტოა.. ის ტიპი ყიდის, იმ დღეს რომ გითხარი. ხედავ, რა ვიდზეა? ფულს ჩაგვირიცხავენ თუ არა, უნდა ვიყიდო უეჭველი
–არ მომწონს ფერი.. – ცხვირს იბზუებს სესილია
–ოო, კაი რა, სესკა! – ეცინება ნიკოს და იმავე წამს შემოსული ჯიჯის გაბადრულ სახეზე ანიშნებს, – ახალი ამბებით მოდის..
–რა ხდება, ჯი? – სესილიაც ატყობს, გამხიარულებული რომაა
–კონტრაქტი ჩვენია! – ფურცლებს აფრიალებს ხელში და სიტყვა არ აქვს დამთავრებული, ნიკოს მკლავებში მოქცეული, უკვე თავბრუდახვეული სესილია სიხარულისგან ხმამაღლა ყვირილს რომ იწყებს
–ლოს–ანჯელესი, გვრიტებო! ლოს–ანჯელესი და ფაქტობრივად აწყობილი კარიერა, – სიგარეტს უკიდებს ჯიჯი და მშვიდად ელის, როდის დაწყნარდებიან
–როდის იწყება ოლიმპიადები? – ეკითხება სესილია და წინ უჯდება, ჯერ ისევ აჟიტირებული
–ზაფხულისკენ, ავბარგდებით და წავალთ. ნიკო, მოდი აქ.. – ხელით ანიშნებს და სესას გვერდით ჩამომჯდარს სიგარეტის ღერს უწვდის, – ფართო კონკურსია, რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი, არ მგონია დიდი შანსი გვქონდეს, მაგრამ ქვეყნიდან გასვლა ისე წაგადგებათ, ვერ წარმოიდგენთ! კონტრაქტებს გააგრძელებთ სხვადასხვა სააგენტოებთან ბოლო–ბოლო და იქნებ აღარც მოგიწიოთ ამ დაქცეულ ქვეყანაში მოღვაწეობის გაგრძელება.. მოკლედ, მაგრად მოინდომეთ რა.. არ დაზოგთ თავი. სესილია.. სულ რომ დაგტყდეს ეს ფეხები, წელში რომ გაწყდეთ, ორივეს გეუბნებით, მაინც არ დაზოგოთ თავი.. – მკაცრი მზერით ბურღავს ორივეს და მუხლებზე უწყობს ფურცლებს, – ახლა გადახედეთ კარგად, შესწორებები შეიტანეს, პირობები შეცვალეს ცოტა.
ჯერ ისევ აჟიტირებულები, ძლივს ახერხებენ კონტრაქტის სრულყოფილად გადახედვას და იმავე დღეს.. ისე უჭირს საოცნებო გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა, თითქოს ამით ცხოვრება მთავრდებოდეს. ეგონა მხოლოდ სამი თვით მოუწევდა ამ ეტაპზე წასვლა და მზად იყო ამისთვის, მაგრამ ახლა.. კონტრაქტის შეცვლილი პირობები აფიქრებს და ერთი სული აქვს დარბაზიდან გავიდეს, რომ ოდნავ მაინც ამოისუნთქოს
–სესილია, მოაწერე ხელი, – გამჭოლი მზერით ბურღავს ჯიჯი
–ხვალ რა.. ხვალ მოვაწერ, კარგი?
–სესილია, მომხედე.. – მხრებში ისე უეცრად ავლებს ხელს, გოგონა გაოგნებისგან ოდნავ ოხრავს, – ახლა ეს შანსი რომ ხელიდან გაუშვა, ამდენი წვალება რომ წყალში ჩაყარო, ჩათვალე, რომ საკუთარი კარიერა შენი ხელით დაანგრიე, გესმის?
–მესმის.. ხვალ მოვაწერ, ახლა არ მინდა, – ხელს აშვებინებს და სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს გაოგნებულ ნიკოს და სიბრაზემოწოლილ, სახეაწითლებულ ჯიჯის.
როგორ აერია თავში ყველაფერი..
როგორ გადასხვაფერდა ცხოვრება..
როგორ შეეცვალა ასე მცირე დროში პრიორიტეტები, ვერაფრით ხვდება..

***
–რამდენი ხნით წახვალთ?
–ორი–სამი დღით ალბათ.. ხომ არ გინდა, წაგიყვანო?
–სათევსაოდ? – ეცინება ნაძალადევად, – არა, გმადლობ.. ცხოვრებას ასე არ გავიტანჯავ. საერთოდ, რამ მოგაწონათ ეს თევზაობა? – უაზროდ დაატარებს ჩანგალს სალათზე
–შენი ძმა გიჟდება, – მხრებს იჩეჩს და ჭიქით წყალს იყუდებს
–ვიცი, ყველაფერში უცნაურია ეგ ბიჭი
–ხოდა, თუ გვინდა რომ გული მოვულბოთ, ყველგან უნდა გავყვე.. – ეჩურჩულება სასაცილოდ თვალებდაწვრილებული
–იტყუები. ისედაც დაყვებით ხოლმე შენ და ბაჩო, – ეცინება სესილიას და თავისუფალ ხელს აყრდნობს ნიკაპს
–რატომ არ ჭამ? სხვა რამე შევუკვეთოთ თუ გინდა
–არა, არ მშია უბრალოდ.. – უარობს ჩამწყდარი ხმით
–მთელი დღეა ვარჯიშზე ხარ, როგორ არ გშია? შევუკვეთოთ სხვა რამე, – იქვე მდგარი მიმტანისკენ ბრუნდება ილია, მაგრამ გოგონა მაშინვე აჩერებს
–არ მინდა, ვერ შევჭამ, – ვერაფრით იკავებს თავს. ხნეშით აგდებს ჩანგალს თეფშზე და ტუჩები ებრიცება
–სესილია, – ღრმად სუნთქავს ილია, – ისევ რაღაც გაწუხებს. ახლა ნამდვილად შევიშლები, – შუბლს ისრესს ხელით და მაგიდას ეყრდნობა ორივე იდაყვით. მოუთმენლად იწევა მისკენ, – პირდაპირ მითხარი ხოლმე როდესაც რამეზე ღელავ, გესმის? ახლა კი დაიწყე.. რა მოხდა?
–კონტრაქტი გაგვიფორმეს..
–მართლა? – გულწრფელი სიხარულით უნათებს თვალები ილიას, – გილოცავ, პატარავ!
–მადლობა..
–რა მოხდა, სესა?
–ერთ წლიანი კონტრაქტია, ილია
–რამდენი? – გაკვირვების ნოტები ერევა ხმას და ღიმილი ახმება სახეზე, – აბა ორი–სამი თვის ამბავიაო? ასე არ ამბობდი, სესილია?
–ასე ვიცოდი მეც.. – ტირილი უნდება.
მისი იმედგაცრუებული სახის ყურება იმდენად არ სიამოვნებს, სახეს ხრის და უაზროდ დაჰყურებს ხელებს
–რას ქვია ასე იცოდი?
–ჰო, ილია, ასე ვიცოდი! – თვალები უწყლიანდება მის ცივ ტონზე. პირველად ხედავს ასეთს. თავშეუკავებლად ცივსა და აშკარად გაბრაზებულს
–კარგი.. კარგი, გავიგე.. – მისი ცრემლების დანახვისას სახეზე ისვამს ორივე ხელს
–არ მინდა მთელი წელი შენ გარეშე.. არ მინდა, შორ მანძილზე ურთიერთობა.. რომ ვერ ავიტანოთ? არ მინდა ასე, ილია.. – ტუჩები უარესად ებრიცება სესილიას
–ერთი წელი, ერთი წელი შენს გარეშე, სესილია! – საკუთარ კისერს ეჭიდება და სიმწრისგან ტუჩს იქცევს კბილებს შორის
–ილია..
–ჰო, ჰო.. – ინსტიქტურად პასუხობს, ისე რომ თვალებშიც არ უყურებს, – ერთი წელი შენ გარეშე.. – იმეორებს ისევ და წამით თვალებს ხუჭავს. თითქოს ახალი ამბის გაანალიზებას ცდილობს. სესილიას გარეშე ყოფნას.. მის სიშორეს წარმოიდგენს და უარესად არეული მზერით აწყდება გოგონას სევდიან სახეს
–ჰეი, მისმინე.. – მიუხედავად იმისა, რომ თავადაც განერვიულებულია, მაინც უღიმის და მისკენ იწევა. უხეშად სწევს მაგიდიდან ჭიქებსა და თეფშებს და ხელებზე ეჭიდება, – შენ შენს ოცნებებს მიყვები.. შენი საქმე გაქვს, რომელსაც პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდო. არაფერია.. ეს ერთი წელი არაფერია. თუ ასეა საჭირო.. ღმერთო.. როგორ არ მინდა უშენოდ, სეს.. – სიტყვა უწყდება და ნერვიულად ეცინება
–ჯერ არ მომიწერია ხელი, – ილიას თითები მიაქვს სახესთან და ხელისგულზე კოცნის
–რატომ? – თვალები უფართოვდება ილიას და პასუხის მოლოდინში იძაბება
–იქნებ.. იქნებ, არ ღირს წასვლა.. არ ვიცი
–სეს.. სესილია, – უცებ ადებს თითებს პირზე და აჩუმებს, – სისულელეებს მოეშვი! ხომ არ გადაირიე? ჩემ გამო? აბა, რაებს ამბობ? ჩემ გამო, სესა? არცერთი.. არცერთი კაცის გამო თქვა უარი საკუთარ მიზნებზე. არ ღირს.. არ ღირს სიყვარულის გამო მსხვერპლის შეწირვა.. – იმდენად ხმადაბლა ელაპარაკება, სესილიას ძლივს ესმის მისი ხმა, – მით უმეტეს, ასე.. ახლა.. ჩემთან..
–რას გულისხმობ? –ძლივს ამოსდის სიტყვები ყელიდან
–რომ დარჩე.. – მწარე ღიმილი ურბენს სახეზე და ისე უჭირს ლაპარაკი, ლამისაა მასთან ერთად ატირდეს, – რომ დარჩე, რას მოგცემ, სესილია? რა გითხრა.. რას დაგპირდე.. მოგატყუო? გითხრა, ფინანსურად უზრუნველყოფილი მეყოლები და არაფერს მოგაკლებთქო? მე არაფერი მაქვს, სეს.. არაფერი მაქვს შენი სიყვარულის გარდა.. არაფერი გამაჩნია, – მაინც უწყდება ხმა და პატარა, უსუსური ბავშვივით შლის ხელებს განზე
–ეს რა შუაშია, ილია! – თავადაც არ იცის, რატომ იფარებს პირზე ხელისგულს
–რა შუაშია? – ეცინება მოულოდნელად, – თავშია.. არც ასეთი ეგოისტი ვარ, სესა, ასეთი ცხოვრებისთვის გაგიმეტო.. მე გამოვცადე დიდი სიყვარული. შენამდეც გამოვცადე და ვიცი, რომ ეს გრძნობა არც ისეთი ყოვლისშემძლეა, ჩვენ რომ გვგონია.. ერთხელ გავწირავთ თავს, ორჯერ, სამჯერ.. და ბზარები გაჩნდება. ყელში ამოგივა.. იფიქრებ, რომ სხვა გზაც გქონდა. ჩემს იქით.. აუცილებლად იფიქრებ! მე კი ამას არ დავუშვებ..
–საკმარისად არ გიყვარვარ.. – ეტირება და უცებ აცლის ხელებს, – არ გიყვარვარ, თორემ ამას არ მეტყოდი.
გული ეწურება. შინაგანი წვა გულისრევის შეგრძნებას უჩენს და ატკიებულ თავზე ძლიერად იჭდობს ხელისგულებს. ახლა.. მის წინ მჯდარი, ატირებული სესილია ყველაზე დიდი ტკივილია. ახლა ხვდება.. რამხელა ძალა აქვს სესილიას ცრემლებს. როდესაც ბედნიერება ირეკლება მათში, სულ სხვაგვარია.. თითქოს უფრო წმინდა, უფრო გამჭირვალე. ახლა.. ახლა კი, ეს ცრემლები, ყველაფერს ხაზს უსვამს.. რადგან ილიას უსიყვარულობა ატირებს.. არარსებული უსიყვარულობა. ვერ ხვდება, ილიამ იცის, რომ ახლა ოდნავადაც ვერ ხვდება, რას გრძნობს მამაკაცი. ვერც გაიგებს.. ბევრი რამ ესმის, თუმცა ამას ვერ გაიგებს და ამის გააზრებისას უარესად სტკივდება თავი
–სესილია.. – ხაზგასმით წარმოთქვამს საყვარელ სახელს, – არ მინდა მსხვერპლი.. გეხვეწები რა.. ბოლომდე დავეცემი! ჩემ გამო რომ უკან დაიხიო.. ჩემ გამო რომ რამეზე უარი თქვა.. არ მინდა, სეს..
–გავიგე.. ჰო, გავიგე.. – სკამზე ვეღარ ჩერდება, ქურთუკს ავლებს ხელს და ფეხზე დგება.
ილია ჯერ ღრმად ისუნთქვს, მერე კი უკან მიჰყვება და გარეთ გასულს, უეცრად აბრუნებს თავისკენ. ისე მჭიდროდ იკრავს სხეულზე, ლამისაა შემოატყდეს სუსტი ძვლებისგან აწყობილი, მასზე მთელი თავით პატარა ქალი
–მიყვარხარ.. – ეჩურჩულება ყურთან და ტუჩებს დააცურებს მის ყელზე, – მიყვარხარ საოცრად, სესილია! ვერ წარმოიდგენ.. ვერ მიხვდები ჩემს სიყვარულს.. ვერასდროს მიხვდები, რამდენად მიყვარხარ!
–არც ერთი ადამიანი.. არც ერთი შეყვარებული ადამიანი მზად არ არის დათმობისა და გაშვებისთვის, ილია.. შენ კი.. შენ პირველივე ჯერზე მიშვებ.. – ჩურჩულითვე პასუხობს. უნდა, სიმკიცე შეინარჩუნოს ხმაში, თუმცა ვერაფრით ახერხებს.
უნდოდა კი რომ მისი წასვლა სწყენოდა? უნდოდა, რომ სხვა კაცებივით ეეგოისტა? ვერ ხვდება.. თავადაც ვერ ხვდება, რა უნდოდა, რას მოელოდა. მხოლოდ ის იცის, რომ ვერაფრით მალავს გულის ტკივილს.. იმის გამო, რომ ასე მარტივად თმობს.. არ შეუძლია მისი გაგება, მიუხედავად იმისა, რომ ილიას ღრმა თვალებში ახლა მხოლოდ ტკივილია. ტკივილი და სხვა არც ერთი.. საერთოდ არც ერთი ემოცია.
–შეიძლება ახლა არა, თუმცა ოდესმე აუცილებლად მიხვდები, რომ შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ.. – ეჩურჩულება ისე, რომ მის ტუჩებს არ აშორებს თავისას
–სულ ეს არის? ეს არის შენი სიყვარული? – გაჭირვებით ცდილობს თავი გაითავისუფლოს. ჰგონია, რომ სული ეხუთება.. თუმცა ილია არაფრით უშვებს საკუთარი მკლავებიდან აფართხალებულ სხეულს
–ნუ იქცევი ასე, სესილია. არავინ გთმობს.. – თვალებში უყურებს და ძლიერად, ტკივილამდე უჭერს თითებს სახეზე, – არავინ გიშვებს.. ჩემთან ხარ. ჩემი ხარ და ასეც იქნება. უბრალოდ, ახლა.. ახლა დარჩენას ვერ კი არა, არ გთხოვ. არ ვიქნები მართალი..
–ხატია რომ ყოფილიყო? – ეკითხება უეცრად და მაჯებზე ეჭიდება, რომ როგორმე მოიშოროს
–ალბათ, დავტოვებდი.. – უღიმის სევდით, – ალბათ, ფეხებში ჩავუვარდებოდი და ვეტყოდი, რომ სამყაროს მივუძღვნიდი, ოღონდ არ დავეტოვებინე, მაგრამ არა იმიტომ, რომ შენ ნაკლებად მიყვარხარ.. სწორედ იმიტომ, რომ ხატიას სიყვარულმა გადამისვა ხაზი! არ გვჭირდება.. არ გვჭირდება გმირების როლის თამაში. ასე ერთმანეთის ცხოვრებას დავანგრევთ. ასე ერთმანეთს გავანადგურებთ! მე კიდევ.. ვერაფრით ავიტან, შენთან გატარებული რამდენიმე ზღაპრული, სიყვარულით სავსე წლის მერე თუნდაც ერთხელ შემოგებებულ შენს მზერას.. რომელიც მაგრძნობინებს, რომ ნანობ.. ნანობ იმას, რომ ჩემ გამო ოცნებებზე უარი თქვი.. რომ თურმე სხვანაირად ცხოვრება გდომებია.. ამიტომ, ახლა მოგაშორებ ამ უღმერთოდ ლამაზი სახიდან ცრემლებს, დაგიკოცნი დასიებულ თვალებს და შენს წასვლამდე დარჩენილი ყოველი წუთის გალამაზებას შევეცდებით. ერთად.. მე და შენ. მერე კი.. მერე, იმ ერთი წლის განმავლობაში.. თუ საჭირო გახდა.. დაუღალავად გთხოვ პატიებას ყოველი მონატრებისას..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი აბლაბუდა

არც კი იცი როგორი სერიოზული მწერალი ხარ უკვე, ილია მართალია ნამდვილად უნდა წავიდეს სესა, ჯერ პატარაა და ვერ ხვდება ცხოვრების არსს, ილიამ უკვე გამოსცადა ეს ყველაფერი

 


№2  offline წევრი დარინა

ყოველი შენი დაწერილი სიტყვა მიყვარს ისეთი ღრმა და ემოციებით სავსეაა, ჩემს გულამდე მოდის, ისე განვიცდი თითოეული პერსონაჟის ტკივილს თითქოს ჩემი იყოს, ყველაზე მეტად მინდა რომ ეს წყვილი იყოს ბედნიერი, მართლა იმსახურებენ ბედნიერებას, იმედია ილიას ცუდი არაფერი ჭირს, არ მინდა, რომ კიდევ უფრო დაიტანჯონ, ყველაზე მეტად მინდა რომ ილიას გაუმართლოს და უკან დაბრუნებულ სესას წელში გამართული დახვდეს, ისე ველოდები ახალ თავებს, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის ატვირთავ სიახლეს.

 


№3  offline წევრი ნანა73

რა კარგიაა..❤️ ყველაფერი რა კარგია და სწორი, ყველა ემოცია თუ დიალოგი, როგორ მიყვარს შენი წაკითხვა ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Rania

Gmerto chemo. Yvelaferi zusti da grmaaa. Agfrtovanebulibvar. Yocahgg

 


№5  offline წევრი tamuna.s

ვაიმე როგორ მიყვარს ეს წყვილი და როგორ განვიცდი ილიას გამო, ნეტა არაფერი ჭირდეს რა. აღარ მინდა კიდევ უფრო დაიტანჯოს და დაიჩაგროს ჩემი ბიჭი. disappointed_relieved ნეტა იცოდე როგორ ველოდები ხოლმე ყოველ ახალ თავს, არ დააგვიანო რა flushed

 


№6  offline წევრი მარუსიკა

იმდენად კარგად წერ და გადმოცემ ემოციას, იმდენად მომწონს შენი ისტორიები დაბწერის მანერა. ძალიან მაგარი გოგო ხარ❤️მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და მოვლენების განვითარებას. პირველად დავწერე ამხელა კომენტარი❤️

 


№7  offline წევრი P.A.

სტუმარი აბლაბუდა
არც კი იცი როგორი სერიოზული მწერალი ხარ უკვე, ილია მართალია ნამდვილად უნდა წავიდეს სესა, ჯერ პატარაა და ვერ ხვდება ცხოვრების არსს, ილიამ უკვე გამოსცადა ეს ყველაფერი

ვაიმე, რაღა მიჭირს, მწერლობაზე თუ შემიძლია პრეტენზიის ქონა.. მგონი ჩემზე ძალიან ხმამაღალი ნათქვამია:დ გული კი ამიძგერდა ისე ჟღერდა და უღრმესი მადლობა ამისთვის!:დდ ❤️

დარინა
ყოველი შენი დაწერილი სიტყვა მიყვარს ისეთი ღრმა და ემოციებით სავსეაა, ჩემს გულამდე მოდის, ისე განვიცდი თითოეული პერსონაჟის ტკივილს თითქოს ჩემი იყოს, ყველაზე მეტად მინდა რომ ეს წყვილი იყოს ბედნიერი, მართლა იმსახურებენ ბედნიერებას, იმედია ილიას ცუდი არაფერი ჭირს, არ მინდა, რომ კიდევ უფრო დაიტანჯონ, ყველაზე მეტად მინდა რომ ილიას გაუმართლოს და უკან დაბრუნებულ სესას წელში გამართული დახვდეს, ისე ველოდები ახალ თავებს, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის ატვირთავ სიახლეს.

ასეთი თბილი სიტყვებით რომ მხუნძლავთ სწორედ ამჯტომ ვცდილობ ძალიან არ დამაგვიანდეს ხოლმე. ახლაც ვეცდები, აუცილებლად.. მიხარია, ასე რომ მოგწონს, ასეთ დიდ სიამოვნებას რომ იღებ და ყოველ ჯერზე მიზიარებ შენს ემოციებს, თან ძალიან ❤️

ნანა73
რა კარგიაა..❤️ ყველაფერი რა კარგია და სწორი, ყველა ემოცია თუ დიალოგი, როგორ მიყვარს შენი წაკითხვა ❤️❤️❤️

ისევ და ისევ დიდი და განსაკუთრებული მადლობა! ❤️

Rania
Gmerto chemo. Yvelaferi zusti da grmaaa. Agfrtovanebulibvar. Yocahgg

დიდი მადლობა, მიხარია რომ ისიამოვნე ❤️

tamuna.s
ვაიმე როგორ მიყვარს ეს წყვილი და როგორ განვიცდი ილიას გამო, ნეტა არაფერი ჭირდეს რა. აღარ მინდა კიდევ უფრო დაიტანჯოს და დაიჩაგროს ჩემი ბიჭი. disappointed_relieved ნეტა იცოდე როგორ ველოდები ხოლმე ყოველ ახალ თავს, არ დააგვიანო რა flushed

არ იდადო ილიაზე, მაგარი ბიჭია:დ ვიცი რომ გალოდინებთ ცოტას, მაგრამ ვცდილობ არ დავაგვიანო ხოლმე ძალიან:*

მარუსიკა
იმდენად კარგად წერ და გადმოცემ ემოციას, იმდენად მომწონს შენი ისტორიები დაბწერის მანერა. ძალიან მაგარი გოგო ხარ❤️მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და მოვლენების განვითარებას. პირველად დავწერე ამხელა კომენტარი❤️

ვაი, რა საყვარელი ხარ:დ დიდი მადლობა, მიხარია რომ ასე ელი და მოგწონს :*

 


№8  offline ადმინი შამანი

როგორი მძიმე თავი იყო, იმედი მაქვს არ გაწირავ არცერთს.
ისედაც ისეთები გამოიარეს...
მალე და მალე ველი შემდეგ თავს, ისეთ ინტერესში ვარ.
გელოდები heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№9  offline წევრი P.A.

შამანი
როგორი მძიმე თავი იყო, იმედი მაქვს არ გაწირავ არცერთს.
ისედაც ისეთები გამოიარეს...
მალე და მალე ველი შემდეგ თავს, ისეთ ინტერესში ვარ.
გელოდები heart_eyes

მე კიდევ თავი გამოვიდე, შედარებით მსუბუქი თავი გამოვიდათქო და მიხაროდა:დდ უღრმესი მადლობა, ვეცდები მალე დავდო, როგორ მიხარია ასე რომ ელიით ❤️

 


№10  offline წევრი aneta

ახალი თავი როდის იქნება? მოუთმენლად ველოდები

 


№11  offline წევრი P.A.

aneta
ახალი თავი როდის იქნება? მოუთმენლად ველოდები

ატვირთული მაქვს, ალბათ მალე დაემატება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent