შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მხოლოდ გწამდეს (1)


31-01-2019, 01:25
ავტორი izabella
ნანახია 696

შენ მხოლოდ გწამდეს (1)

თუკი ოდესმე მოგინდება ხელის გაშვება,
ჯერ თვალებიდან გულის გავლით სულში ჩამხედე.

###############
ავღანეთი - ქაბული, ჰელმანდის პროვინცია.
-მალე მივალთ? -იკითხა გულშეწუხებულმა ჯარისკაცმა.
-რა იყო, მოგშივდა?
-უჰ, მაგრად.
-ერთ საათში ადგილზე ვიქნებით და ჭამე რამდენიც გინდა.
-ახლა საქართველოში ვიყოთ, ბიჭო? იცი, რამდენ ხინკალს შევჭამდი?
-მე დედაჩემის გაკეთებული წითელი ტყემლის საწებელი მენატრება, შემწვარ კარტოფილთან ერთად.
-აუჰ, ნანა დეიდას წითელი ტყემლის საწებელი და მალვინა ბებოს ამოვლებული ნუშის და ჩამიჩის ჩურჩხელები.
-მართლა რა გემრიელი ჩურჩხელების გაკეთება იცის მალვინა ბებომ, თან გამოშრობის შემდეგაც რომ არ მაგრდება, რძიან ყავაზე პირდაპირ მისწრებაა.
-ეე, რა საჭმელების გახსენება მოგინდათ ახლა? ისედაც ჩემი კუჭი რვიანებს ხაზავს და სადაცაა პარკირებაზე გადავა.
-შენ, ვერ გავიგე გშია თუ მართვის მოწმობის გამოცდაზე გადიხარ? -სიცილით გადმოხედა მძღოლის გვერდით მჯდომმა ფორმიანმა ჯარისკაცმა.
-შენ ვის დასცინი? მართვის მოწმობაც არა გაქვს.
-ორ თვეში დავბრუნდებით საქართველოში და ავიღებ, რა პრობლემაა?
-მართვის მოწმობის აღება შენ ავტომატის დაშლა - აწყობა ხომ არ გგონია? იცი რა რთულია?
-ეგ ეტყობა შენთვის იყო რთული, მე ორ კვირაში ვისწავლი ბილეთებსაც, ტარებასაც და მართვის მოწმობითაც დავიმშვენებ ხელს.
-მაგასაც ვნახავთ!
-ვნახავთ, ვნახავთ! -სიცილით გაიხედა მანქანის ფანჯრიდან და პირის გაღებაც ვერ მოასწრო დასაყვირებლად, მათ მანქანას რეაქტიული ყუმბარა რომ მოხვდა და ალმოდებულმა მანქანამ უდაბნოს ცხელ ქვიშაზე რამდენიმე მეტრიანი კვალი დატოვა.
დაგუბებული ყურები, ყვირილის ხმები, დაჭრილი ამხანაგები, დამწვარი მანქანები და ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად.
-ვალერ! არ დახუჭო თვალები, მე მიყურე, გაახილე თვალები, ნუ ხუჭავ, -სახეში რამდენჯერმე გაარტყა მეგობარს, რომ გონზე მოეყვანა,
-თავშია დაჭრილი, მომხედეთ ვინმემ, -ხელებს მეგობრის გახეთქილ თავს აფარებდა, ეგონა სისხლდენას შეაჩერებდა, მაგრამ ამაოდ. თბილი სისხლით უფრო მეტად ესვრებოდა ხელები.
-მარიამს უთხარი, რომ მინდა ბედნიერი იყოს.
-გაჩუმდი! ახლა მაგის დრო არ არის!
-შავი კაბა არ ჩაიცვას, ხომ იცი ვერ ვიტან შავს, -ძლივს, ნაწყვეტ - ნაწყვეტ ლაპარაკობდა და თვალები უკან მისდიოდა.
-გაჩუმდი, თავს ძალას ნუ ატან! -დაიღრიალა გამწარებულმა.
-უთხარი მაპატიოს, მე ვერ ჩავაცმევ თეთრ კაბას.
-ვალერ, ჭკუიდან ნუ გადაგყავარ!
-უთხარი ძმურად, შავი არა რა? ოღონდ შავი არა, -ბოლოჯერ გაჭირვებით ამოისუნთქა და მზერა ერთ წერტილში გაუშეშდა.
-ვალერ! ვალერ! -მთელი ხმით ღრიალებდა ჯარისკაცი და მეგობარს ანჯღრევდა.
-გაუშვი მკვდარია, - გვერდით ჩამუხლულმა მეორე ჯარისკაცმა ცადა მისი ხელებიდან დაეხსნა მიცვალებული.
-არა, შალვა! ცოცხალია, მარიამი ელოდება. ვალერ, შემომხედე, ვალერ!
-დიო, ფეხში ხარ დაჭრილი, დაანებე მიცვალებულს თავი.
-ვინ არის მიცვალებული, ვალერია მიცვალებული? მეორედ ეგ რომ თქვა იცოდე აქვე დაგახრჩობ, -ანთებული თვალებით მიუბრუნდა და ყელში წაუჭირა ხელები.
-მჯერა, მჯერა, რომ ცოცხალია, ოღონდ ხელი გამიშვი სანამ მართლა დამახრჩობდე, -ბიჭმა ხელები შეუშვა და ცხელ ქვიშაზე დაჯდა. გრძნობდა როგორ ნელ - ნელა ეკარგებოდა ძალა, ცდილობდა თავი დაერწმუნებია, რომ მეგობარი ცოცხალი იყო, მაგრამ მწარე რეალობა ამის უფლებას არ აძლევდა.
-ვალერ, მარიამს როგორ შევხედო თვალებში? ისეთი სუსტია, ისეთი სათუთი. ასეთი დიდი ტკივილისთვის როგორ გავიმეტო? მეცოდება ძმაო, ძალიან მეცოდება, -გულმოკლულმა ჯარისკაცმა სისხლით დასვრილი ხელები სახეზე აიფარა და სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა.

##############
სამედიცინო ცენტრის მიმღებში დედასთან ერთად იდგა და ოფთალმოლოგთან კონსულტაციისთვის თავის რიგს ელოდებოდა. დილიდან იმდენი ხალხი შეგროვილიყო, რომ დასაჯდომი ადგილი კი არა მალე დასადგომიც აღარ იქნებოდა. მძაფრი და ტკბილი სუნამოების სუნი ერთმანეთში ირეოდა და ისედაც სიცხისგან შეწუხებული ხალხი ჟანგბადის ნაცვლად გაურკვეველი შემადგენლობის ჰაერს სუნთქავდა. მარჯვენა და მარცხენა თვალახვეული მოხუცები ხელკავით, რიგრიგობით შემოჰყავდათ თანმხლებებს, რიგის ნომრებს იღებდნენ და მოთმინებით იწყებდნენ ლოდინს. სიცხისგან და უჰაერობისგან შეწუხებული გოგონა კედელს მიეყრდნო ზურგით, მაგრამ არასასიამოვნო სიგრილე ვერ აიტანა და ისევ ისე დადგა.
-უკაცრავად! უკაცრავად! გამატარეთ! უკაცრავად! -ზურგს უკან ჩოჩქოლის ხმა გაისმა, მიტრიალება დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო.
-უკაცრავად! - მოულოდნელად ხავერდოვანმა, ოდნავ ბოხმა, მკაცრმა ხმამ გაიჟღერა მის თავს ზემოთ, მერე მხარზე მსუბუქად შეხება იგრძნო და ამ ხმის პატრონმა ზუსტად ისე ადვილად გასწია გვერდით როგორც მაგიდაზე დადებული ხუთ თეთრიანის თითით გაწევაა შესაძლებელი. სწრაფად გაარღვია უშნოდ ჩახიდული ხალხი და გაუჩინარდა. გოგომ ძლივს მოასწრო თვალის შევლება ხალხს ისე სწრაფად მიარღვევდა ჯარისკაცი და მთელ ტანში გააცია კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო პირის დანახვაზე, რომელსაც სახეზე ჩამოფარებული ნიღბიდან მხოლოდ თვალები უჩანდა. წამიც კი საკმარისი აღმოჩნდა სამხედრო ფორმიანისთვის, რომ მის გონებას კარგად აღექვა პატარა გოგოს დაბნეული, დიდრონი, შავი თვალები.
-მეგი! ჩვენი რიგია, წამოდი, -დედის ხმა მოესმა გოგოს.
-მოვდივარ დედა! - ექიმის კაბინეტში შესვლამდე თვალები გასასვლელისკენ გაექცა, იცოდა, რომ სულ ტყუილად, მაგრამ მაინც, გულმა არ მოუთმინა.

#################
ერთად შეკრებილი მეგობრები რესტორნის დიდ ტერასაზე შემოდგომის მცხუნვარე დღეს ლუდით ებრძოდნენ და მათ თავს გადახდენილ კურიოზულ სიტუაციებს იხსენებდნენ.
-მოდის! -მიანიშნა ერთ - ერთმა მეორეს.
-ვინ?
-შენი დაკვირვების ობიექტი, -ბიჭმა სკამიდან სულ ცოტათი წამოიწია, ცალი ხელით მოაჯირს დაეყრდნო და გადაიხედა. სახე გაებადრა პატარა გოგოს დანახვაზე, რომელსაც ხელში ორი სქელყდიანი წიგნი ეჭირა ჟურნალთან ერთან და ქუჩას მიუყვებოდა.
-ჩემი ხარ და მორჩა! -ხმამაღლა მოუვიდა ფიქრი, რაც მეგობრების სიცილის მიზეზად იქცა.
-უჰ, გამოუტანა განაჩენი. რას ამბობ აქამდე ხომ ,,ჟეშტიანშჩიკი" ჯემალასი იყო.
-ბორკილებიც დაადე, არსად გაგექცეს!
-მოუწევს, -გაეღიმა ბიჭს.
-რამდენი თვეა რაც აკვირდები?
-ხუთი.
-მერე, ვის ელოდები? როდემდე აპირებ დეტექტივობანას თამაშის გაგრძელებას? არ დადგა დრო მაგ გოგოს შენი არსებობა შეატყობინო?
-მეც მაგას ვუჩიჩინებ რამდენი ხანია, მაგრამ მიჯერებს? თან ჩემი დის კლასელია და კარგად ვიცნობ.
-შენი და რა მაგარი ვინმეა, ამას წინათ ჯონის მაგრად მოადო სიფათში.
-მაგისგან რაღა უნდოდა, სიყვარული აუხსნა?
-არა, ბიჭო რა სიყვარული, შენ დას შიშით ვინ აუხსნის სიყვარულს დაამიწებს იქვე. ბავშვებს ბურთი წაართვა და არ აძლევდა, მერე სადღაც გადაუგდოთ და საწყალი ბავშვები ცხარე ცრემლებით ატირა. მაგასაც მეტი რა უნდოდა გაიდო ფეხქვეშ ხალიჩასავით.
- გოგოდ კი არა ბიჭად უნდა დაბადებულიყო ეგ, ერთი ბეწო სინაზე არ გააჩნია ამხელა გოგოს, - ბიჭმა ამოიხვნეშა და ლუდი მოსვა.
-დიო, მგონი დროა, მართლა იფიქრო შენ მომავალზე, თუ რა თქმა უნდა სერიოზულად ხარ მაგ გოგოთი დაინტერესებული. პატარა აღარ ხარ, ოცდარვა წლის ხარ უკვე, შენ ამათ რას უყურებ? იქნებ ესენი სულ არ ინიშნებიან? არ იცი, რამხელა ბედნიერებაა სახლში მისვლისას პატარა რომ გამორბის ჩემკენ ყვირილით, მამი ლოყაზე მაკოცეო და ლოყის ნაცვლად ყელს რომ მიღერებს. თან ჩქარა მამიკო სხვებმა არ დამასწრონო და რომ ვაკოცებ ისეთი ბედნიერი სახე აქვს ალბათ იმ წუთში დედამიწაზე მასზე ბედნიერი ადამიანი არ მოიძებნება. შორიდან თვალიერებით არაფერი გამოვა თუ არ მიხვედი და არ გაიცანი. უნდა მოგეწონოს ადამიანი თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, თუ ასეთი მოგეწონება და გულიც და გონებაც თანახმა იქნება მაშინ თავი აღარ უნდა დაანებო, უფრო კარგად უნდა გაიცნო და თქვენი ურთიერთობა თავისთავად წაიწევს წინ. ამას წინათ სახლში ძალიან დაღლილი მივედი, დივანზე რომ მივესვენე ვეღარც ავდექი. ვხედავ ელისაბედი უხერხულად გამივლის - გამომივლის, მივხვდი რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მიბედავდა. მერე გვერძე დავისვი და ვკითხე რა ჭირდა, თურმე კლასელ ბიჭს სიყვარული აუხსნია. ადრე მეც მომწონდაო, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ მომწონსო. შეხედავ, ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მე როგორც კი მხედავს წამებში ძალად ქუჩის ბიჭი ხდება და ისე იგრიხება შეხედვაც კი მაღიზიანებსო, ჰგონია თუ ძალით მოირგებს მაგარი ბიჭის როლს მომეწონება, არადა შენ რომ ხარ სერიოზული ისეთი ბიჭები მომწონსო. მერე მომეხუტა და მითხრა, რომ ყველაზე კარგი მამა ვარ მსოფლიოში.
-რამდენი წლისაა ელისაბედი?
-თხუთმეტის.
-წამოიდგინე, მე, რომ ყვირილით მეთქვა რას დადიხარ აქეთ - იქით დაღლილი ვარ, რა თავბრუს მახვევთქო ელისაბედს შეეშინდებოდა და არაფერს აღარ მეტყოდა. მიდგომები უნდა გქონდეს ადამიანებთან, ყველას ერთნაირად ვერ მიუდგები. ბავშვებთან და მით უმეტეს მოზარდებთან, რომელთაც გარდატეხის ასაკი აქვთ, ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა. სიფრთხილეა საჭირო, ერთი თუ შენი შვილი ჩაიკეტა მერე მორჩა, ჩათვალე, რომ ის არაფერს აღარ გეტყვის. შვილს მშობლის არ უნდა ეშინოდეს, რომ ვერ გაუგებს, შვილი მშობელს უნდა ენდობოდეს და არაფერს უმალავდეს. რამე რომ უჭირს ვიღაცას კი არ უნდა თხოვდეს დახმარებას და შენ შეშინებული თვალებით შემოგყურებდეს, არამედ შვილში შენდამი იმხელა ნდობა უნდა დანერგო, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ეიმედებოდე, რაც არ უნდა გადაუჭრელი პრობლება ჰქონდეს. ვერცერთი თქვენგანი ვერ წარმოიდგენს როგორი ამაყი ვარ ელისაბედი ასე რომ მენდობა და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს მიზიარებს. ვხედავ, რომ მისთვის სამაგალითო ვარ და ყველა ბიჭში ვინც კი მოეწონება ჩემ თვისებებს ეძებს. ჩემი ცოლ -შვილი მაგრძნობინებს, რომ ამ ქვეყნად ტყუილად არ ვცხოვრობ და ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვარ. ესენი არიან ტუტუცები, შენ თუ ამათ უყურე დარჩები უცოლშვილოდ. შვილები იქით იყოს და არის სიტუაციები, როდესაც გინდა, ვინმეს ისე ელაპარაკო როგორც საკუთარ თავს, სწორედ ამისთვის არსებობს მეორე ნახევარი. ხადახან ვფიქრობ, მე, რომ მაკა არა მყავდეს გვერდით რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება და შინაგანი ხმა მაშინვე მეპასუხება, რომ არაფერიც არ იქნებოდა მის გარეშე. აჰა, ერთი გაბოს შეხედე ტფუი, ამის პირში საიდუმლო გაჩერდება? მოუღია ყბა და იკრჭება ცხენივით.
-ნუ ხარ შურიანი, ვერ ხედავ ჰოლივუდის ღიმილს ვამარიაჟებ?
-ერთი შენ გაქვს ჰოლივუდის ღიმილი და მეორე ფუმფულა ტასიკოს, ოქროს კბილებს რომ მიკრეჭავს, დილაობით ეზოში ჩასვლისას.
-მაშინ, მე ახლა წავალ და ჩემი ბედნიერი მომავალისკენ პირველ ნაბიჯს გადავდგამ.
-წადი, წადი ან აქამდე რას გვეჯექი?
-დიო, ჰოლანდიურ ვარდებზე ნაკლები არ აკადრო იცოდე.
-გავითვალისწინებ! - არც კი მოუხედავს, გასასვლელისკენ მიმავალმა ისე აღმართა ხელი ჰაერში და საჩვენებელი თითი დაიქნია.
-თუ ისევ ისე არ დაემართა კარგი იქნება. გახსოვთ სომეხი გოგო რომ მოწონდა ნათია, ამის გაგზავნილ ვარდებს მთელი ძალით ნაგვის ბუნკერში რომ ახეთქებდა, ეს როგორი გამწარებული დადიოდა, -ხმამაღალი სიცილი ატეხა ერთ - ერთმა მათგანმა.
-როდინდელს იხსენებ? ეგ, იყო ჩვიდმეტი წლისები რომ ვიყავით, მერე ხომ სულ შეეშვა.
-იმიტომ, რომ გაიგო რა ჩიტიც ბრძანდებოდა. ვარდები კი არა თურმე ძვირფასი სამკაულები ნებავდა ქალბატონს.
-გათხოვდა, არა?
-გათხოვდა კიდეც, გამოთხოვდა კიდეც და ოქროებიც ოხრად დარჩა. არავის აღარ უნდა, მაგრად ,,ჩაიბანძა“ თავი.

##############
გოგო ისეთი დაღლილი იყო სახლამდე ფეხები ძლივს მიიტანა. სახლში მისულმა ნორმალურად ვერც კი დაისვენა, ჭამა თუ არა მაშინვე წიგნებს მიუჯდა. აბიტურიენტობა სახუმარო ხომ არ იყო, თან ასპროცენტიანი დაფინანსებისთვის უნდა ებრძოლა და თავს არ ზოგავდა. ზოგჯერ ისე იყო დაღლილი, ჭამისთვისაც ვერ იცლიდა. თერთმეტი საათი ხდებოდა კარზე ზარი რომ გაისმა, გააღო, მაგრამ არავინ დახვდა. ძირს, თეთრი ჰოლანდიური ვარდები იდო, ლამაზად შეფუთული.
-ოჰ, ისევ? მერამდენედ უნდა შეეშალოთ ბინა, რით ვერ ისწავლეს მარჯვენა და მარცხენა? -მობეზრებული დაწვდა ვარდებს და მის წინ მდებარე კარზე დააკაკუნა, რომელიც ორ სტუდენტ გოგონას ჰქონდა ნაქირავები.
-ისევ? -ღიმილით შესცინა ქერათმიანმა გოგომ.
-კი, ელზა, ისევ. კიდევ კარგი ჩამოხვედით, თქვენ რომ არა, ხომ ჩაუვარდებოდათ ბიზნესი ყვავილების სალონებს.
-აბა, შენ ეგ თქვი. ამდენი ყვავილები სად წავიღოთ აღარ ვიცით.
-მაია, როგორ არის, სახლშია?
-მაია, თავით ფეხებამდე კონსპექტებშია გადაშვებული. ძალიან ბევრი სამეცადინო გვაქვს და საიდან რა ვისწავლოთ აღარ ვიცით. ამდენი ინფორმაციისგან და უძილობისაგან თავი ლამისაა გასკდეს. შენთან რა ხდება, მეცადინეობდი და მოგაცდინეს ხომ?
-ძალიან ვიღლები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, როგორმე უფასოზე უნდა მოვხვდე. მამას იმდენი საშუალება არ აქვს, რომ სწავლის ფული მეც გადამიხადოს. გოგოებსაც უხდის და მე ნამდვილად ვერ დავაწვები ტვირთად. ახლაც ბევრი მაქვს სამეცადინო, მაგრამ თავში არაფერი შემდის, უნდა დავწვე და დავიძინო. დილის 5 საათზე დავაყენებ მაღვიძარას და ხვალ ვიმეცადინებ დანარჩენს.
- როცა გინდა რამეს მიაღწიო ბევრი უნდა იშრომო, ჩვენც ასე ვიყავით. შევალ მე სახლში, ალბათ გათენებამდე მომიწევს მეცადინეობა. ამდენი ყავის სმით გამისკდა ნაღველა, - ის -ის იყო კარი უნდა დაეკეტა, რომ ელზას სიცილნარევი ხმა მოესმა.
-მეგი, ეს ვარდები შენთვისაა გამოგზავნილი. აი, შეხედე, ბარათს ზემოდან გარკვევით აწერია ,,მეგის.“ მეგი მგონი იდუმალი პრინცი გამოგიჩნდა.
-რა დროს პრინცია ელზა, მაქსიმალურად ვცდილობ მტვერსასრუტის ფუნქცია შევითავსო და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდო ტვინს, რომ არაფერი გამომრჩეს და კარგი შედეგი ვაჩვენო საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე.
-ჩააბარებ საყვარელო აბა, რას იზამ? თაყვანისმცემელი ცუდი არ არის. იმედია ვინმე დარტყმული არ აგეკიდა.
-ელზა, მე შეშინება მინდა კიდევ?
-ნუ გეშინია, ძილინებისა და იდუმალი პრინცის ვინაობა არ გამოგვაპარო, -გადაიკისკისა ელზამ და კარს უკან გაუჩინარდა, -ოთახში შესულმა ლარნაკი მოძებნა, ვარდები შიგ ჩააწყო და საწერ მაგიდაზე დადგა.
„დანახვის დღიდან მიგისაკუთრე!
სიყვარულით, შენი მფარველი ანგელოზი “
-არ ვიცოდი მფარველი ანგელოზები ყვავილებს თუ ჩუქნიდნენ თავისი მფარველობის ქვეშ მყოფთ. მგონი მართლა ვიღაც დარტყმული ამეკიდა, -სიცილი დაიწყო და დასაძინებლად მოემზადა. დილის 5 სააათზე მაღვიძარამ დარეკა, თვალები ძლივს გაახილა, - ღმერთო, რა იქნებოდა სულ ცოტა კიდევ გაგრძელებულიყო ღამე? -დაღლილმა თავი ძლივს ასწია ბალიშიდან და ისევ წიგნებს მიუჯდა. 8 ხდებოდა სკოლის ნივთები ჩანთაში რომ ჩაალაგა, მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა. ლუკმა არ ჰქონდა ყელში გადასული უფროსი დები რომ შემოვიდნენ და აქეთ - იქიდან მიუსხდნენ.
-მოგვიყევი, ვინ არის შენი მფარველი ანგელოზი ყვავილები რომ გამოგიგზავნა.
-ძვირფასო ნანა და ანი, იქნებ მაცადოთ საუზმობა, რომ სკოლაში მშიერი არ წავიდე?!
-იცოდე ჩემზე ადრე არ გათხოვდე, მერე დავითარსები და ვეღარ გავთხოვდები.
-ნანა, ამხელა გოგოს ცრურწმენების გჯერა?
-რატომ არ უნდა მჯეროდეს?
-სირცხვილი არ იქნება ჩვენზე წინ უმცროსი და რომ გათხოვდეს?
-ანი, გათხოვდით, თუნდ დღესვე, ოღონდ მე თავი დამანებეთ. ახლა სწავლის მეტზე არაფერზე ვფიქრობ.
-კი, როგორ არა, დაგიჯერებთ. შენ ისეთი ჩუმჩუმელა ხარ ყველაფერი მოსალოდნელია. ნანა, გახსოვს ჩემი კლასელი თენგო რომ მოწონდა? მაშინაც ასე მალავდა, მერე მაინც გამოვტეხეთ.
-მერე, კიდევ მომწონს? გახსოვთ მაშინ რამდენის ვიყავი? რვა წლის ვიყავი! ის ბიჭიც იმიტომ მომწონდა, რომ შოკოლადებს ყიდლობდა ჩემთვის და მიხაროდა. დამანებეთ თავი, დილიდან ნერვები გინდათ მომიშალოთ? აღარ მშია, სკოლაში შევჭამ რამეს. როგორ მომაბეზრეთ თავი, სულ გათხოვებაზე როგორ უნდა ფიქრობდეთ? ღმერთს ვთხოვ ორივე მალე გათხოვდეთ და მეც დავისვენო თქვენგან და სახლმაც, -სასკოლო ჩანთას ხელი დაავლო და სირბილით გავიდა სახლიდან. გზაჯვარედინთან ერთადერთი საუკეთესო დაქალი ელოდებოდა.
-დილამშვიდობისა, ლილი!
-მშვიდობიანი დილა რომ გაქვს რაღაც ვერ გამჩნევ. ისევ, ნანა და ანი?
-როგორც ყოველთვის. გუშინ უცნობმა ყვავილები დამიტოვა კართან და გაგიჟდნენ, ჯერ ჩვენ უნდა გავთხოვდეთ, პირველი შენ რომ გათხოვდე დავითარსებითო.
-მაგათ გათხოვების იქით რამე აინტერესებთ? საერთოდ, უნივერსიტეტში სწავლობენ? თუ ტყუილად იხდის ემზარი ძია მაგათ სწავლის ფულს?
-კიდევ კარგი, რომ სწავლობენ და მართლა ტყუილად არ უხდით მამა სწავლის ფულს. მგონი შეშურდათ, არცერთს არ მოსვლია სახლში ყვავილები და ხომ ხვდები.
-ეტყობა ზაფხულში რომ ირუჯებოდნენ მზეზე დიდხანს ყოფნამ აწყინათ. გახსოვს როგორი კარგები იყვნენ? თავს გევლებოდნენ სულ.
-ეგ ადრე, ახლა შეიცვალნენ.
-ადამიანები არ იცვლებიანო?
-იცვლებიან ლილი, ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს.
-შენ ის მითხარი გამომგზავნი ვინ არის?
-პატარა ბარათზე მხოლოდ ის ეწერა, რომ დანახვის დღიდან მიმისაკუთრა.
-რაო, რაო?
-რაო და მგონი მაგარ შარში ვარ.
-შენ კი არა თვითონ არის შარში, გულში დაგიჭრია.
-თან ბოლოში ასე ეწერა ,,სიყვარულით შენი მფარველი ანგელოზი.“ -ამის თქმა და ლილის ბოლო ხმაზე სიცილი ერთი იყო. სანამ სკოლამდე მივიდოდნენ მთელი გზა იცინოდნენ, ლილი ვეღარ ჩერდებოდა, მისი შემყურე მეგიც არ იყო კარგ დღეში. ყველა გამვლელ - გამომვლელი მათ უყურებდა, სახის კუნთები ატკივდა ორივეს ამდენი სიცილით. გაკვეთილებმაც ვერ დააწყნარათ, გაკრეჭილები ისხდნენ მთელი დღე.
-მეგი, მიდი ფანჯრიდან გადახტი იქნებ დაგიჭიროს იმ ბიჭმა და თვალს მაინც შევავლებდით წამით.
-გეყოფა.
-რა ვიცი, მფარველი ანგელოზი ვარო და ამ სიფრიფანა გოგოს ვერ დაგიჭერს?
-ქსანთე ხომ არ არის ნეტავ?
-არა, გოგო ქსანთე პირაპირ მოვიდოდა და მოგახლიდა, მომწონხარ და ცოლად მიმყავხარ დღესვეო. მესამე ცოლს ასე რომ გაუკეთა, რა ამბავი იყო არ გახსოვს?
-ყველა ტვინნაღრძობი მე როგორ უნდა გადამეკიდოს?
-შენი ბედი ეგ ყოფილა დაო, - მოჩვენებითად მოწყენილმა ხელზე ხელი დაუტყაპუნა დაქალს.
-ვინ დამიდგინა ბედად, ნეტავ მაცოდინა. სწავლა, სწავლა და კიდევ სწავლა. დამანებოს ყველამ თავი, ჩემ გარდა სხვა გოგო ვერ დაინახა? მეტიც არ მინდა მოვიდეს და რამე მითხრას ისე კარგად გამოვლანძღავ, რომ მეორედ ხმა ვერ გამცეს.
-ნეტავ შენ ვისი გამომლაძღი ხარ, - ჩაიფხუკუნა ლილიმ და მეგის ნაწყენი მზერა რომ შენიშნა, სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება ვითომც არაფერიო.

##############
-მეგი აღიარე, რომ ძალიან მაგარი კი არა, უმაგრესი დაქალი გყავს. არა, მიკვირს ჯერ კიდევ უმუშევარი რომ ვარ. აფსუს! რა კადრს მკარგავს შინაგან საქმეთა სამინისტრო?! -ლილიმ შორიდანვე ყვირილი დაიწყო როგორც კი მეგის მოჰკრა თვალი.
-ამხელა ხმით ნუ ლაპარაკობ შუა ქუჩაში და ხელებს ნუ იქნევ. რა მოხდა პირდაპირ მითხარი.
-გავიგე შენი ფრთიანი ანგელოზის ვინაობა.
-ფრთიანი კი არა, მფარველის ლილი.
-მაგას რამე მნიშვნელობა აქვს? ფრთიანი თუ უფრთო? შენ ის მითხარი ხომ ვარ მაგარი გოგო?
-ჯერ მითხარი ვინაობა და მერე გეტყვი მაგარი ხარ თუ არა.
-მაშინ მოემზადე და არ გადავარდე. შენი ფრთიანი თუ უფრთო ანგელოზი აღმოჩნდა დიოტრეფე ნაცვლიშვილი.
-ეგ ვინაა?
- ჩემი შალვას ძმაკაცია, შალვა კიდევ ხომ იცი ცუდ ხალხთან არ იძმაკაცებს. რამდენჯერმე ჩვენთანაც არის ნამყოფი, მაგრამ მე არ მახსოვს, ალბათ დიდი ხნის წინ იყო.
-მერე, როგორი ადამიანია?
-კარგი ადამიანია, უბრალოდ ხანდახან ზედმეტად მკაცრიაო, ცოტა ჩხუბისთავიაო, ცოტა ფიცხი და მყვირალაო, ასე მითხრეს. ტიპური ჯარისკაცია, რას იზამ სიმკაცრე მაგათთვის საჭირო პლიუსია.
-ეგ ადამიანი ერთი დიდი მოსიარულე მინუსი ყოფილა, რატომ უნდა მომეწონოს?
-იმიტომ, რომ გარშემო ამდენი გოგოა და მაინცდამაინც შენ დაგადგა თვალი.
-თურმე რა უგუნური ვყოფილვარ, ვის მოვწონვარ და მე კიდევ უარს ვამბობ.
-ვაიმე, ახლა ბოტასს გავიხდი და სულ ამით გცემ. გოგო! შენ გამო ჯერ ჩემ ძმას ვეხვეწე, რომ არ მითხრა კარგად გამოვლანძღე, მერე იმის ძმაკაცებს ვემუდარე, ლამის სათითაოდ დავუჩოქე და როგორც იქნა კაცის კაცით გავიგე ვინ გამოგიგზავნა ყვავილები და შენ კიდევ... ჰმ, უმადურო! -შეუღრინა წყობიდან გამოსულმა ლილიმ.
იმ დღის შემდეგ მეგი დიოტრეფესგან ხშირად იღებდა თეთრ ვარდებს პატარა ბარათებთან ერთად. პირველად სკოლის ეზოდან დაინახა ქუჩაში მდგარი, ისიც ლილის მეშვეობით, მერე რამდენჯერმე მაშინ მოჰკრა თვალი მასწავლებლიდან რომ ბრუნდებოდნენ. ნელ - ნელა მისი თვალები მიეჩვია დიოტრეფეს ხილვას სხვადასხვა ადგილებში, უკვე მეზობლებმაც იცოდნენ მისი იდუმალი თაყვანისმცემლის ვინაობა და კლასელებმაც. ვინმე დიოტრეფეზე რომ ჩამოაგდებდა ლაპარაკს ყოველთვის თავს არიდებდა, მხოლოდ საკუთარ თავთან აღიარებდა, რომ მოწონდა, თანაც ძალიან. თავიდან თუ უხერხულობის განცდა აწუხებდა მისი დანახვისას მერე მიეჩვია, ალბათ უფრო იმიტომ აღარ გრძნობდა თავს უხერხულად, რომ მისგან არასდროს უგრძვნია დაჟინებული მზერა.

##############
-ვინა ხარ? -მაღაზიიდან გამოსულ ლილის და მეგის გვერდით ციგნის ბავშვი ამოუდგათ.
-ბავშვი, გაიარე სანამ მთელი ხარ, - შეუღრინა ლილიმ.
-დიდი ქალი ხარ? -არ ჩერდებოდა ბავშვი.
-რა შემატყე? პროტეზი გადმომვარდა პირიდან და შენს ფეხებთან დაეცა?
-პროტეზი რა არის?
-გადი შვილო, მე გამიჩნდი?
-მაშინ ხურდა მაჩუქე.
-არა მაქვს ხურდა!
-,,მაროჟნის“ საყიდლად ხომ გაქვს?
-ეს ჩემ ნერვებზე თამაშობს? -მიუტრიალდა მეგის და სანამ აზრზე მოვიდოდა ციგნის ბავშვმა ნაყინი ხელიდან გამოჰგლიჯა და გაიქცა, -ეე, რას აკეთებ, მოდი აქ შენ მაიმუნო ვირიშვილო, -დაუყვირა ლილიმ, მაგრამ ბავშვი არსად ჩანდა.
-დაანებე თავი, აზრი არ აქვს.
-წარმოგიდგენია? თვალის დახამხამებაში წამართვა ჩემი ნაყინი. უხ, სადაც შემხვდება იქ უნდა დავამიწო.
-წამოდი, წამოდი, ახალი ვიყიდოთ, ნუღარ ბრაზობ მაინც ვერაფერს გააწყობ, -ხელკავი გამოსდო მეგიმ და მაღაზიაში შეიყვანა.

###############
მეგი სამზარელოში წყლის დასალევად მიდიოდა კარზე ფხაკუნი რომ მოესმა. თვალიდან გაიხედა, მაგრამ არავინ იყო. უნდა გამობრუნებულიყო, რომ ისევ გაიგონა, კარები გამოაღო და ქვედა მეზობელი, პირველკლასელი გურამი შერჩა ხელში, რომელსაც ფლომასტერიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.
-რას ჯღაბნი გურამ, ჩემი სახლის კარზე?
-არაფერს.
-არაფერს თუ არ ჯღაბნი ფლომასტერი რად გინდა? -შეშინებულმა ბავშვმა წითელი ფლომასტერი დაბლა დააგდო და უკან მოუხედავად ჩაირბინა კიბეები.
-აბა, ვნახოთ, ერთი რას ჯღაბნიდი გურამიკო, კარზე? -მეგიმ კარები დაკეტა და სიცილი დაიწყო ბავშვის ნამოქმედარზე.
დ + მ = შ
-მის მშობლებს რომ ჰკითხო პატარაა, ასეთი რამისთვის პატარა არ არის? ისე, ეტყობა კრეტიული იდეები რომ აწუხებს ბავშვს, -იქვე მიგდებულ ფლომასტერს დაწვდა და შ-ს გვერდით გული მიუხატა. ესეც ასე, ახლა უფრო მომწონს.
დ + მ = შ
-ზურგს უკან ხმამაღალი სიცილის ხმა შემოესმა, რომ მიტრიალდა ელზა და მაიკო კვდებოდნენ სიცილით.
-ამხელა გოგო ხარ, რაღა დროს შენი ასეთებია?
-მაიკო, ქვედა მეზობელმა გურამიმ დაწერა, მე მხოლოდ გული მივახატე.
-კი, გვჯერა, სულ გურამის ბრალია ყველაფერი, საყვარელი ბავშვი ეგ, პირდაპირ როგორ მოიფიქრა არა ელზა?
-აბა, აბა.
-მართლა გურამის დაწერილია.
-გვჯერა მეგი, გვჯერა, -სიცილით დაკეტეს გოგოებმა კარები.

#############
გვიანი საღამო იყო. ერთ ადგილას შეგროვილიყვნენ სხვადასხვა უბნის ახალგაზრდები. როგორც ყოველთვის მასწავლებლიდან მოდიოდა, ამდენი წიგნში ყურებისგან თვალები ტკიოდა, ახლაც ერთი სული ჰქონდა სახლამდე მიეღწია, რომ გამომშრალი თვალებისთვის ეშველა. შორიდანვე შეამჩნია ის, ხელში ერთი ცალი თეთრი ვარდი ეჭირა და დროდადრო ატრიალებდა. ერთხელ ცხვირთანაც მიიტანა და უსუნა. მეგიმ სიხარული ვეღარ დამალა მისი დანახვის გამო და ეს სახეზეც შეეტყო. დიდი ხანია რაც თვალის მომკვრელი არ იყო. უაზრო ღიმილს ვერაფერს უხერხებდა, ფიქრობდა როგორ უნდა გაევლო მათ წინ ისე, რომ არაფერი შეემჩნიათ. როგორც იქნა თავის დაჭერა და ღიმილის შეკავება შეძლო და მშვიდად გააგრძელა გზა. უცბათ დაინახა როგორ მივიდა დიოტრეფესთან ვიღაც მოდელის გარეგნობის, მაღალი, გრელფეხება, ხვეულთმიანი გოგო, ყურში რაღაც უთხრა, ლოყაზე აკოცა და ვარდი ხელიდან ააცალა. იგრძნო როგორ დაუარა სიბრაზემ, როგორ აეწვა სახე და მაშინვე ლოყაზე მიიდო ხელი. სასწრაფოდ გზა გადაჭრა და ბევრად შორი გზა აირჩია სახლამდე მისასვლელად.
-სად არის აქამდე? უკვე ხომ უნდა გამოევლო? სადაცაა დაბნელდება, -მაჯის საათს დახედა დიოტრეფემ.
-რა დროსია, უკვე გაიარა.
-არ გაუვლია.
-გაიარა თქო, გითხარი.
-როდის? მე, რომ არ დამინახავს?
-მარიამმა ვარდი რომ ,,აგაფცქვნა" ზუსტად მაგ პერიოდში. მეორე მხარეს გადაჭრა გზა და იქიდან წავიდა.
-მერე, ახლა მეუბნები მაგას? ორჯერ მეტად დაიგრძელა სახლის გზა რანაირი გოგოა?
-ეჭვიანობამ ადამიანის დაბრმავება იცის.
-რატომ უნდა ეეჭვიანა მარიამზე?
-დაგავიწყდა, რომ არ იცნობს? იმან რა იცის შენი დეიდაშვილია თუ მამიდაშვილი, არც შენ არ გიცნობს სხვათა შორის. ასე უხმოდ, უთქმელად, ვარდებით და ბარათებით სიყვარული რა უბედურებაა. შენ, მგონი რაღაც ახალს უყრი საფუძველს.
-გაბო, მაგის დროც მოვა ყველაფერს რომ ვეტყვი, ჯერ საატესტატო და ეროვნული გამოცდები აქვს ჩასაბარებელი და ჩემთვის არ ცალია.
-ოხო - ხო - ხო, მზრუნველი ბიჭი.
-წავალ შემოვირიგებ.
-შემოირეგებ ახლა რას ამბობ გუშინაც ერთაც ჭუკჭუკებდით, - ჩაიფხუკუნა გაბომ.
-ჩაფხუტი დაიფარე თუ პირადად ნახვას აპირებ, ვარდები შეიძლება თავში ჩაგარტყას, -აროხროხდა გიო.
-ენას გაუფრთხილდი ძმაო, არ დაკარგო, -გიოს სიცილი სახეზე შეეყინა.
-ეს ხომ კაცი არ არის, შიშით ხმა ვერ ამომიღია, მაშინვე შეტევაზე გადმოდის, ხუმრობაც დაავიწყდა?
-კაცი კი არა ნადირია, ნადირი, -ცალყბად გაეღიმა გაბოს. მოგვიანებით ისევ ზარი მეგის ბინის კარზე. ისევ, თეთრი ჰოლანდიური ვარდები და ისევ, უცვლელი ატრიბუტი პატარა ბარათი.
,, მადლობელი დაგრჩები თუ ნათესავებზე აღარ იეჭვიანებ.
სიყვარულით, შენი მფარველი ანგელოზი. "
გაუაზრებლად მიიტანა ბარათი ტუჩებთან და ოდნავ შეეხო, რომ გაიაზრა რაც გააკეთა საკუთარი თავის შერცხვა, ბარათი საწერი მაგიდის უჯრაში ჩადო და გასაღებით ჩაკეტა.
-სულ გადამიყვანა ჭკუიდან, კიდევ კარგად ვარ.

##############
-გამიგია, გველი ქვაზე ტოვებს შხამს და წყალში ისე ჩადისო, მაგრამ შენ ჭკუა სად დაკარგე ან რომელ ქვაზე დატოვე ვერ გამიგია, -გულშეწუხებული გაბრიელი ქვიშაში ხელებს ურევდა და აქეთ - იქით თვალებს აცეცებდა.
-ჩუმად არ შეგიძლია მოძებნო?
-რა მოვძებნო, რაც არ არის? რაც ვჭამეთ და ვსვით ყველაფერი ცეცხლად ამოგვადინე.
-ნუ აბუქებ, არავინ გეხვეწებოდა შენც წამოსულიყავი, ყველა თავის სურვილით გამომყვა.
-ხათრი ვერ გაგიტეხეს და ამიტომ, აბა, შეხედე ლევანს რა სახით მოდის. რა იყო ლევან? პირანია გამორიყა წყალმა და პირველი კოცნა გაჩუქა? წესით ბედნიერი უნდა იყო.
-გაბო, გაჩუმდი სანამ ჩემი მუშტისთვის გიკოცნია.
- დიო, ვერ მიპოვია ის ანგელოზის ნიჟარაა თუ რაღაც და რა ვქნა? -გულშეწუხებულმა დაიწუწუნა ლევანმა.
-ანგელოზის ფრთებს ჰგავს ლევან, ქათქათა თეთრია და ძალიან ლამაზი.
-ვიპოვეთ, ორივე ვიპოვეთ, მოდით აქ! -გახარებული გიორგი და შალვა ბიჭებს თავისთან უხმობდნენ. შეხედე აბა, ესენია არა?
-ეს ორივე ერთნაირია, ერთი მარჯვენა უნდა იყოს, მეორე მარცხენა.
-კარგი რა?! ამომხდა სული, მთელი საათნახევარია ვეძებთ, ძლივს იპოვეს ბიჭებმა და შენ ამბობ რომ ცალ - ცალია? მორჩა! მე ისე დავიღალე აქედან ფეხის მომცვლელი არა ვარ. სად შემიძლია ძმაო ამდენი ადექი, დაჯექი, დაიხარე, ჩამუხლე, -ბიჭი დაბლა დაჯდა, ფეხები მოიკეცა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ვანო, დაგავიწყდა ჯარში რაებს გაკეთებინებდნენ?
-მოიცა თუ ძმა ხარ! რაღა დროს ჩემი ჯარია, დავბერდი კაცი.
-თქვენ დაისვენეთ ბიჭებო, მე მოვძებნი.
-დიო, არ შეიძლება უყიდო და ისე აჩუქო?
-თაზო, წვალებით მოპოვებულს უფრო მეტი ფასი აქვს და მეტად გეძვირფასება, ვიდრე იოლად აღებულს.
-ადექი ვანო, ჩქარა! ყველამ დავიაროთ ნაპირი და კიდევ ერთხელ დავათვალიეროთ. ამდენნი ვართ და ერთი პატარა ნიჟარა როგორ ვერ უნდა ვიპოვოთ? -დაუცაცხანა თაზომ ბიჭებს და ფეხზე წამოყარა ქვიშაზე მსხდარნი, -მალე, მალე დაგვიღამდება, თბილისშიც ხომ უნდა მოვასწროთ ჩასვლა? ხვალ ყველას სამსახურები გვაქვს არ დაგავიწყდეთ.
-თაზო ფეხები მეტკინა, დამინდეთ ძმურად.
-ნუ წუწუნებ, ადექი ბიჭო! შეხედე დიოტრეფე მარტო წავიდა, მივეხმაროთ მოძებნაში და წავიდეთ.
-თქვენ და თქვენი ნიჟარები. ჯანდაბას ჩემი ატკივებული ფეხები, ამ ერთხელაც ავიტან. რომ ვიპოვით მეტიც არ მინდა ზურგზე არ მიუმაგრებია და სულ ფრენით არ ჩავუყვანივართ თბილისში ნახავს მერე რა დღესაც დავაწევ, -ბუზღუნით წამოდგა ვანო ფეხზე და სანაპიროს თვალიერება დაიწყო.

##############
შაბათი დილა წვიმით დაიწყო, თან ქარიც ერთვოდა, მერე გადაიღო და მხოლოდ აქა -იქ ფანჯრის მინაზე წკაპუნობდა წვიმის წვეთები. მეგი ფანჯარასთან ახლოს სკამზე იჯდა, რაფაზე ხელები შემოეწყო და ზედ ნიკაპი ჰქონდა ჩამოდებული. ფანჯრიდან უყურებდა ნახევრად გაშიშვლებულ ხეებს, რომლებიც ნიავის პატარა წამოქროლებაზეც კი ჭრელა - ჭრულა ფოთლებს ემშვიდობებოდნენ და ასფალტზე ფერადი ხალიჩასავით ეგებოდნენ.
-მეგი, ლიმონიანი ჩაი მოგიტანე, ცოტა კონიაკი მოვპარე მამაშენს და შიგ ჩავასხი, კარგი ყოფილა, - დედა მიუახლოვდა მეგის და ცხელი ჩაით სავსე ჭიქა იქვე დაუდგა.
-დედა, შენ იმდენს იზამ გამალოთებ, -ღიმილით ახედა დედას.
-სულ ცოტა ჩაგისხი დედიკო, ნუ გეშინია. რაღაც ვირუსები დადის და არ მინდა რამე გადაგედოს.
-ნანა და ანი დაბრუნდნენ ბათუმიდან? -გაყინული ხელები ცხელ ჭიქას შემოჰხვია და იგრძნო სითბომ როგორ დაუარა მთელ სხეულში.
-გამთენიისას დაბრუნდნენ და ახლა ორივეს ძინავს, დალიე ჩაი გაცივდება.
- დედა, შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა? ან ამდენ მშიერ ოჯახის წევრს ვინ დაგვაპურებდა ნეტავ?
-ნუ მეპირფერები, ერთსა და იმავეს იმდენჯერ მამეორებინებ პირი ყურებამდე გადამდის, -მოჩვენებითად გაუბრაზდა ქალი.
- მაიკო, სულ კი გაბრაზებ, მაგრამ ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. გადამეტებულ მზრუნველობას რომ იჩენ ყველას მიმართ მაგას ვერ ვეგუები. არ გვაძლევ საშუალებას ჩვენით მოვაგვაროთ ზოგიერთი პრობლემა. შენთვის სულ პატარები ვიქნებით და თუ სულ ასე გვდიე კუდში და ყველაფერი ჩვენ ნაცვლად აკეთე დამოუკიდებლობას ვერ მივეჩვევით და გაგვიჭირდება ცხოვრებაში.
-ვაიმე, საჭმელი დამრჩა გაზზე, წავალ მივხედავ სანამ გადავბუგულვართ. იცოდე მაგ საკითხს კიდევ მივუბრუნდებით, -სიცილით გამოხედა და ნაჩქარევად გავიდა ოთახიდან.
-როგორც შენ იტყვი დედა, -გაეღიმა მასაც, მერე ხელებში მოქცეული ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, სული შეუბერა და მოსვა. ცოტა ხანი ქუჩის გადაღმა იყურებოდა, მერე მისი ყურადღება სადარბაზოდან გამოსულმა სამხედრო ფორმიანმა ბიჭმა მიიქცია. მაღლა არ ამოუხედავს ისე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
-დიოტრეფე! -წამოიყვირა მეგიმ, ჩაის ჭიქა იქვე რაფაზე დადგა, ოთახიდან გავარდა და გიჟივით ეცა კარებს. ისევ, თეთრი ვარდები. ისევ, ბარათი და ახლა უკვე პატარა საჩუქრის ყუთი. გახსნა დააპირა, მაგრამ ლილის სახე რომ წარმოიდგინა როგორ უსაყვედურებდა, მაშინვე მასთან დარეკა. ტელეფონში ყვირილის ხმა გაისმა უჩემოდ არ გახსნა, ახლავე მანდ გავჩნდებიო და გაითიშა. დიდი ხანი არ იყო გასული ოთახის კარები ლამის რომ შემოამტვრია ლილიმ და სუნთქვაგახშირებული იქვე სკამზე მიესვენა.
-უჩემოდ ხომ არ გახსენი? ხომ იცი არ გაპატიებ, -დაღლილი ხელებს ჰაერში იქნევდა და სულს ძლივს ითქვამდა.
-არ გამიხსნია, რადგან გითხარი დაგელოდები თქო დაგელოდე. ასე რომ არ გამოქცეულიყავი არ შეიძლებოდა?
-რას ამბობ, ვკვდები ინტერესით, ისე მაინტერესებს რა დევს მაგ ყუთში.
- გავხსნა?
-მოიცა! ჯერ არ გახსნა. თვალებზე ხელი აიფარე, მე გავხსნი და როცა გეტყვი ხელები ჩამოიღე, -მეგიმ თვალებზე ხელი აიფარა, ამასობაში ლილიმ ყუთი გახსნა და უსიამოვნების შეძახილი აღმოხდა.
-ეს რა არის? მაგარი წუწურაქი ბიჭი ყოფილა, ფული არ გაემეტა ნორმალური საჩუქრისთვის? -მეგიმ ხელები მოიშორა თვალებიდან და სახე სიხარულისგან გაუნათდა.
-ღმერთო რა სილამაზეა, როგორ მინდოდა მეც მქონოდა ასეთი ნიჟარები, რა ლამაზია, გავგიჟდები ახლა სიხარულით, -აღფრთოვანებას ვერ მალავდა მეგი და გაბრწყინებული თვალებით დაჰყურებდა ქათქათა თეთრ ნიჟარებს, რომელიც ანგელოზის ფრთებს ჰგავდა ერთად დაწყობილი.
-შენ რა, მართლა მოგწონს? -ტუჩები უსიამოვნოდ დაბრიცა, -ჩემთვის რომ გამოეგზავნა ვინმეს სათითაოდ თავზე დავაფშვნიდი.
-რას ამბობ, როგორ შეიძლება ასეთი სილამაზე არ მოგწონდეს? ფილმში მაქვს ნანახი, რას წარმოვიდგენდი საქართველოშიც თუ შეიძლებოდა მისი შოვნა.
-ფუუ, ამასაც თუ საჩუქარი ჰქვია, ძალიან ძველმოდური ბიჭი ყოფილა. აი, მე მაგალითად, რაგბის მატჩზე წასასვლელი ბილეთები გამიხარდებოდა, ან ჩონჩხებიანი სამაჯური, ან კიდევ რომელიმე ცნობილი ბენდის კონცერტზე ბილეთები რომ ეჩუქებია.
-შენ ლილი ხარ, მე მეგი. დაქალები კი ვართ, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ერთნაირი გემოვნება უნდა გვქონდეს? ნანას და ანისაც კი არ მოწონთ ერთნაირი რაღაცები. აუცილებელი არ იყო ძვირადღირებული საჩუქარი გამოეგზავნა. მე ეს იმაზე მეტად გამიხარდა ვიდრე მას წარმოუდგენია.
-ბარათი არ მოჰყოლია?
-კი, მოჰყვა, მოიცა ვნახავ.
,,ურეკიდან ჩამოგიტანე, ანგელოზის ფრთები ჰქვია, იმედია მოგეწონება საჩუქარი. სიყვარულით შენი მფარველი ანგელოზი."
-აჰა, ესე იგი, ბაზრობაზე იყიდა ურეკში. ნეტავ რამდენი მიცა? -ირონიული ხმით თქვა ლილიმ.
-გეყოფა, ლილი! ფასს რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარი ის არის, რომ ძალიან გამახარა. მე მეგონა მარტო კუნძულებზე შეიძლებოდა ასეთი სილამაზის ხილვა, რა მაგარია საქართველოშიც გვქონია.
-ურეკში ამის მეტი რა არის? წყალს ნაპირზე გამოაქვს, მერე ხალხი იღებს და მისგან დეკორატიულ ნივთებს ამზადებს. ამ ზომის ნიჟარა ნამდვილად არ შემხვედრია, მაგრამ მე როცა წამიყვანეს, გასულ ზაფხულს, საშუალო ზომისები იყო. უმეტესობა პატარები და დამტვრეულები ეყარა ნაპირზე, ზოგს პრიალა ზედაპირი ჰქონდა, ზოგი შედარებით უხეში და ზოლიანი იყო. ჩემმა მამიდაშვილებმა ბევრი წამოიღეს სახლში, მე უბრალოდ ვათვალიერებდი. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ზედმეტი ნივთია, რომელსაც არ შევინახავ და გადავაგდებ, შენ თუ ძალიან მოგწონს როგორც გინდა ისე მოიქეცი, გინდ შეინახე, გინდ გადააგდე.
-ჯერ ერთი იმიტომ არ გადავაგდებ, რომ ძალიან მომწონს და გამიხარდა კი არა ლამისაა სიხარულით ფრენა დავიწყო და მეორე, რომ არ მომწონდეს მაინც შევინახავდი, იმიტომ რომ ადამიანმა გულით მაჩუქა. ჯერ ნივთებთან უნდა ვისწავლოთ სწორი მოპყრობა, თუ ნივთებს უდიერად მოვეპყრობით ადამიანებთანაც იგივეს გავიმეორებთ.
-ეი შენ, -ცხირწინ დაუტკაცუნა თითები ლილიმ და სიცილი დაიწყო.
-მართლა შეყვარებული გოგოსავით ნუ ლაპარაკობ, ჯერ ისიც კი არ უთქვამს რას გადაგეკიდა. მარტო ყვავილები და საჩუქარი არაფერს ნიშნავს. ნეტავ მაცოდინა სერიოზულად მოწონხარ თუ უბრალო აკვიატება ხარ? -საწოლზე გადაწვა ლილი, ჯერ ჭერს ახედა, მერე კი მეგის შეხედა სერიოზული სახით. ეს ჩემი ძმაც რომ არაფერს მიყვება, ლამისაა ის ქოჩორი გადავაცალო ყოველ დილა სარკის წინ რომ იყენებს, მაგრამ აზრი? მაინც არაფერს მეტყვის და ტყუილად დავტოვებ მელოტს.
-ეჰ, ლილი, მიფიქრია კი არა ლამის თავი გამისკდეს. ქუჩაში რომ გავდივარ შეშინებული ვაპარებ თვალებს, სადმე რომ გადავაწყდე რას მეტყვის, მე რომ ენა ჩამვარდება და ვერაფერს ვერ ვეტყვი ეგ ვიცი, მაგრამ თვითონ რას მოიმოქმედებს? როგორი ხმა აქვს, როგორი ხასიათი, რა უყვარს, რა არ უყვარს, საერთოდ არაფერი არ ვიცი. ჩვენი ურთიერთობა მარტო ამ თეთრი ვარდებით და პატარა ბარათზე ნაჩქარევად დაწერილი რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება. ვნერვიულობ, რა იქნება მომავალში. მეშინია საერთოდაც ის ადამიანი რომ არ აღმოჩნდეს ვინც წარმომიდგენია. არ ვიცი ლილი, არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ.
-აბა, რა გითხრა დაო, შეიძლება რთული ხასიათი აქვს, მაგრამ კარგი ბიჭიაო სულ იმას ამბობენ.
-საქმეც მაგაშია ლილი, მამა არ არის უხასიათო, ჩვიდმეტი წელია აქ ვიზრდები და მამას ერთხელაც არ აუწევია ხმა დედასთან. არ ვარ მიჩვეული ოჯახის წევრისგან უხეშ საქციელს. ხშირად მოგვდის კამათი მე და ჩემ დებს, მაგრამ მალევე ვრიგდებით, არასოდეს გადაზრდილა ჩვენი კამათი ჩხუბში და წივილ - კივილში. ყოველთვის მეშინოდა უხასიათო და ჩხუბისთავი ბიჭების. მეზობლის კაცი ცოლს რომ უყვირის თუ იმ დროს შევესწარი მობუზული შემოვრბივარ სახლში და ყურებზე ხელს ვიფარებ, რომ მათი ხმა არ გავიგო. ვინმემ რომ მიყვიროს და მეჩხუბოს ალბათ იქვე მოვკვდები.
-რას ჰქვია გიყვიროს და გეჩხუბოს? დავუმტვრევ ძვლებს.
- ბევრი რამე მაფიქრებს და არ ვიცი რა იქნება, -მეგიმ, ამოიოხრა და ხელებში მოქცეულ ნიჟარებს დააკვირდა.

#############
დეკემბრის დასაწყისში იმხელა თოვლი მოვიდა ქუჩაში მოძრაობა საგრძნობლად გაჭირდა. მანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ, ტექნიკური მარილი იშლებოდა გზებზე, მაგრამ ყინვა ასპარეზს არავის უთმობდა. გახშირდა მოტეხილობების რიცხვი, განსაკუთრებით მოხუცები და ბავშვები ზარალდებოდნენ. ხალხი ქუჩაში ისე გამოდიოდა მარტო თვალები უჩანდათ. მეგის უყვარდა ზამთარი, განსაკუთრებით გიჟდებოდა თოვლზე. ფანტელების ყურება მოწონდა ბატის ბუმბულებს რომ ჰგავდა დიდი, ქათქათა და ფუმფულა ფიფქები. მთელი დღე შეეძლო ქუჩაში გაუნძრევლად დგომა და ამ საოცარი სანახაობის ყურება. თუ ქუჩაში ვერ მოახერხებდა ოთახის ფანჯრიდან უყურებდა. პირველი თოვლის და გულკეთილი დირექტორის წყალობით დილიდან სკოლაში გაკვეთილები ცდებოდა. მთელი სკოლის ბავშვები გუნდაობდნენ. შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან ერთად თოვლის პაპებს აკეთებდნენ და რიგ - რიგობით სურათებს იღებდნენ. არც მეგი და ლილი ისხდნენ უსაქმოდ, თოვლის გუნდებით შეიარაღებულები ხან რომელ კლასელს ესროდნენ გუნდას, ხან რომელს. კლასელი ბიჭები გოგოების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ქულებზე დაიწყეს თამაში. რომელ გუნდსაც ნაკლები დაჭრილი მოთამაშე ეყოლებოდა გამარჯვებაც იმ გუნდს დარჩებოდა. წაგებულებს მოგებულები ხაჭაპურზე, ლობიანზე და წვენებებზე უნდა დაეპატიჟათ.
-ქეთინო, იცოდე გიორგის კარგად დაუმიზნე, ხომ იცი კალიასავით დახტის, -გადაულაპარაკა ლილიმ კლასელს.
-თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ, აღარ უნდა დავიწყოთ თამაში?
-გვაცადეთ, მითითებებს ვიძლები და დავიწყებთ.
-მეგი, ტატოს ახლაც რომ ვერ მოარტყა არ ვიცი რას გიზამ. გოგოებო! ლია, ანა, მარი, მოემზადეთ, ბიჭები უნდა გავანადგუროთ, -დაიყვირა ლილიმ და გუნდები ტყვიასავით წავიდა ბიჭების მიმართულებით. არც ბიჭები დარჩნენ ვალში გოგოებს, ატყდა წივილ -კივილი და ჟრიამული. მოსწავლეების შემყურე დირექტორმა და მასწავლებლებმაც გაიხსენეს ბავშვობა და გაილამაზეს ერთი დღე. ტატოსთვის განკუთვნილი გუნდა მეგიმ პარალელურ კლასელ შოთას შემთხვევით თავში მოარტყა.
-ბოდიში! ძალით არ მინდოდა, ტატოს ვესროდი, -დაუძახა მხიარულად, გვერდით გაიქცა და თოვლით გუნდების გაკეთებას შეუდგა. მოულოდნელად მასთან ზურგიდან მიპარულმა შოთამ ჯერ პირი გამოუტენა თოვლით, მერე კი კისერში ჩააყარა. მეგი ვეღარ სუნთქავდა, პირიდან თოვლს აფურთხებდა და ცდილობდა შოთას მოგერიებას, მაგრამ ბიჭი მასზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. ალბათ კიდევ გააგრძელებდა წვალებას მის კივილზე კლასელებს რომ არ ეშველათ.
-შენ ადამიანი კი არა ცხოველი ხარ, -დაუყვირა გულმოსულმა და ტირილი დაიწყო.
-ფუჰ, საქონელი ეგ. ჩავიგდებ ხელში და კარგად დავალურჯებ, - ლილი წამოდგომაში დაეხმარა მეგის და საკლასო ოთახამდე მიიყვანა.
-მეგი, კარგად ხარ?
-რამე ხომ არ მოიტეხე?
-წყალი გინდა? -გოგოები შემოეხვივნენ და ერთმანეთის მიყოლებით კითხვები დააყარეს. გამწარებულ მეგის პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა, ცრემლებს იწმენდდა და ლილის ეხუტებოდა.
-სულ დავსველდი, ეს რა გააკეთა. ძალით არ გამირტყამს გუნდა, თქვენც ხომ დაინახეთ?
-დავინახეთ, როგორ არ დავინახეთ, -ბრაზობდნენ გოგოები. კლასის დამრიგებელ ლამარას გული შეუწუხდა ბავშვებმა რომ უამბეს რაც მოხდა. მაშინვე სახლში დაითხოვა მეგი, რომ სველი ტანსაცმელი გამოეცვალა და თავისთვის მიეხედა.
-ლამარა მასწავლებელო, შეიძლება მეც გავყვე?
-ლილი, შენც ჩაგაყარეს თოვლი?
-არა, მასწავლებელო, მაგრამ მეგის მარტო ხომ არ გავუშვებთ?
- არ უნდა გაცილება, პატარა გოგო ხომ აღარ არის სახლს ვერ მიაგნოს ან მარტო სიარულის შეეშინდეს? თანაც ორს ერთად ვერ გაგიშვებთ, სამინისტროს ხალხმა რომ დაგინახოთ საგაკვეთილო პროცესში ქუჩაში დადიხართ სკოლას შეექმნება პრობლემები.
-იყავი ლილი, თვითონ წავალ. დიდი მადლობა, ლამარა მასწავლებელო, -მადლიერი მზერა მიაპყრო მასწავლებელს და ცემინებამაც არ დააყოვნა.
-ჩქარა წადი სახლში, ახლა გაციება და სკოლის გაცდენა იქნება? რომ მიხვალ მომწერე, -დაქალი სკოლის შესასვლელამდე მიაცილა ლილიმ და უკან, შენობაში დაბრუნდა. მეგის მთელი გზა ტანში აციებდა, ცემინებამაც ძალიან შეაწუხა, რაც უფრო მეტად უნდოდა სახლში სწრაფად მისვლა, მით გრძელი ეჩვენებოდა გზა, თვალები ისე დაუმძიმდა, ვეღარ იყურებოდა წინ. სახლში მისულს მაიამ წამლები და ცხელი ჩაი დაალევინა, მაგრამ ტემპერატურამ რომ დაიწყო მატება ვერაფრით დაუგდეს სიცხე. მთელი ღამე ოჯახის წევრები თავს ევლებოდნენ და მის სიცხეს ებრძოდნენ, ხან ძმრიანი ნასკები ჩააცვეს, ხან არყიანი საფენები დაადეს შუბლზე და კისერზე, მაინც არაფერმა უშველა. დაღლილმა ტყუპებმა იქვე მის საწოლზე, ფეხებთან მოიკალათეს და ჩაეძინათ. მაიამ, მიუხედავად დაღლილობისა და ღამის თევისა თავს ძალა დაატანა და დილით ნაჩქარევი საუზმე მაინც მოუმზადა ემზარს, რომ სამსახურში მშიერი არ გაეშვა. ქმარი გააცილა თუ არა მაშინვე ექიმთან გაიქცა და სახლში მოიყვანა, რომ მეგი გაესინჯა.
-მეგი, სად ხარ არ მოდიხარ სკოლაში? -ნაჩქარევად მიაყარა ლილიმ ტელეფონში.
-ლილი, სიცხისგან ვიწვი, რა დროს სკოლაა? გუშინ რომ დამირეკე ხომ გითხარი სიცხე მაქვს თქო.
-ექიმთან იყავი? წამლები დალიე?
-დედამ სახლში მოიყვანა ექიმი და წამლებიც გამომიწერა, დავლევ და რამდენიმე დღეში კარგად გავხდები.
-სკოლის შემდეგ გამოგივლი.
-გრიპიც მაქვს, არ მოხვიდე, რამე არ გადაგდო.
-გრიპის ვირუსი ხელს ვერ შემიშლის დაქალის მონახულებაში. გავიქეცი სკოლაში, დასვენებაზე დაგირეკავ, -დიდი დასვენება როგორც კი დაიწყო ლილიმ ვერ მოისვენა და მაშინვე დაურეკა დაქალს, -როგორ ხარ, დაგიწია სიცხემ?
-იმდენი წამლები დავლიე წყლის დანახვა აღარ მინდა. ჩაისაც ყოველ ნახევარ საათში მასმევს დედა, რა ცუდია ავადმყოფობა, უკვე ლოგინში წოლაც მომბეზრდა.
-გირჩევნია წამლები დალიო და ჩაითაც გაიჭყირპო რომ მალე გამოჯანმრთელდე. იცი, რა სიცარიელეა კლასში შენ გარეშე? მოწყენილობისგან გაკვეთილზე მთქნარება მიტყდება.
-იმედია მალე გამოვკეთდები. უნდა ნახო რა სასაცილო მდგომარეობაში ვარ, ორი საბანი მაფარია, ხან მაციებს, ხან მაცხელებს, ხან გადავიხდი, ხან დავიფარებ.
-იმ შენი ფრთიანისგან არაფერი ისმის?
- ცუდად ვარ ეგეც უნდა იცოდეს?
-რა ვიცი, ყველაფერს იგებს და გამიკვირდა აქამდე ვარდები რომ არ ჩაგახუტა გულში.
-აუცილებელი არ არის.
-ვითომ არ გინდა, შენც კარგი კუდიანი ხარ. დღეს გამოვალ და მერე ვილაპარაკოთ.
- არ გამოხვიდე, გრიპი მაქვს, მახველებს და არ მინდა შენც გადაგდო. როდესაც ცოტა უკეთ ვიგრძნობ თავს გეტყვი და მაშინ გამოდი.
- ოოო, მწუხარების ზარი დაირეკა, ახლა უნდა ვუსმინოთ ფიზიკის მასწავლებელს როგორ ამოვხსნათ ამოცანა ორ გაკვეთილში და როგორ დავწეროთ შემაჯამებელ წერაზე ხუთ წუთში.
-არ გადამრიო, ის ამოცანა შემაჯამებელში შეიტანა? სულ, გაგიჟდა?
-ჩვენც გაგვაგიჟებს მალე, გადმოცემის უნარი მაინც ჰქონდეს, რა დავაშავეთ? ამის წინაც ფიზიკა გვქონდა, რუსულის მასწავლებელს გულის პრანჭვები დაეწყო, ეგ შემოქანდა და დიდის ამბით გვახარა. წავედი, უნდა გაგითიშო, შემოლაგდნენ კლასის სიამაყეები, ეტყობა მოდის ფიზიკის რისხვა, -ბუზღუნით გათიშა ლილიმ ტელეფონი. შუადღით როგორც კი გაკვეთილები დამთავრდა, ლილიმ მეგის თხოვნა არაფრად ჩააგდო და სახლში ესტუმრა, ახალი ამბავიც ახარა, რომელიც უკვე მთელ სკოლას მოსდებოდა.
-მოკლედ ჩემო მეგუსი, ამ შენ ფრთიან ანგელოზს ისე უცემია შოთა, რომ რამდენიმე დღე სახლიდან ცხვირს ვერ გამოჰყოფსო, ბიჭები ამბობდნენ. ორი თითი ჰქონია მომტვრეული და თვალებიც კარგად შელამაზებული. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, რაც დაიმსახურა ის მიიღო.
-ლილი, ნუ ლაპარაკობ ასე.
-შოთა, რომ გეცოდება საკუთარი თავი არ გეცოდება? ხორციანი ბლინივით რომ ხარ გახვეული საბნებში და წამლებით იჭყირპები. ახია მაგაზე, თავი დიდი ვინმე რომ ჰგონია უნდა მიხვდეს თავის არაკაცობას. ჩვენი კლასელი ბიჭებიც ემუქრებიან.
-ასე სასტიკად მაინც არ უნდა ეცემა.
-ნეტავ შენ ვინ გეკითხება? იმ შენმა ფრთიანმა მშვენივრად იცის როგორ უნდა მოიქცეს. ახლა მე წავედი სახლში გაკვეთილები უნდა ვისწავლო, ხვალ კიდევ გნახავ, -გასული არ იყო ლილი ოთახიდან, რომ უკან შემოვიდა, ხელში თეთრი ვარდების თაიგული ეჭირა და იცინოდა, პატარა თეთრ ბარათზე ნაჩქარევად დაწერილი რამდენიმე სიტყვით დიოტრეფე გამოჯანმრთელებას უსურვებდა.
ექვს დღიანი მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ როგორც იქნა მეგიმ თვალებიდან გამოიხედა. სიცხემ დაუწია, თავის ტკივილიც აღარ აწუხებდა, მართალია ცოტას კიდევ ახველებდა, მაგრამ უკეთესობა აშკარად ეტყობოდა მის ორგანიზმს.
##############
მათემატიკიდან ბრუნდებოდა მეგი, კორპუსთან ახლოს იყო უკვე, ყინულზე ფეხი რომ აუსრიალდა და ზურგზე დაეცა, თავი ისე ძლიერად დაარტყა სიმწრის ცრემლებით აევსო თვალები.
-მშვენიერო, ყინულზე კოტრიალი კარგია, მაგრამ ასე შეიძლება გაცივდე. მოდი, დაგეხმარები წამოდგომაში, -მაჯაში ვიღაცამ ხელი სტაცა და წამებში ფეხზე დააყენა.
-გმადლობთ, - ღიმილით ახედა უცნობს და უცებ გაშრა. ჯმუხი აღნაგობის ბიჭი შერჩა ხელში, ღია ნაცრისფერი თვალებით, მუქი შავი, გრძელი თმით, რომელიც უკან ჰქონდა გადავარცხნილი და აშკარად ეტყობოდა თმის ჟელე არ დაეშურებინა ვარცხნილობისთვის. უცნობის გარეგნობას არც თვალის ფერი უხდებოდა და არც ასეთი ვარცხნილობა.
-რატომ მიყურებ ასეთი შეშინებული თვალებით? არ იცი ვინ ვარ?
-მაპატიეთ, მაგრამ აქამდე არსად შემხვედრიხართ.
-მშვენიერო, დღეიდან ქსანთე შენს განკარგულებაშია, თუ რამე დაგჭირდეს იცოდე, რომ ყველგან მე ვარ და ყველა მიცნობს. ახლა გასაქცევი ვარ, საქმეები არ იცდის, კიდევ შევხვდებით, დროებით, ჩემო მშვენიერებავ, -თვალი ჩაუკრა ქსანთემ და სადღაც გაუჩინარდა.
-ლილი, ქსანთე ვნახე, იცი? -ოთახში შესულმა სასწრაფოდ დაქალთან დარეკა.
-რა გაყვირებს, მეგი?! დიდი ამბავი, ეგეც არ მყავდეს დაბლიუს რომელიმე გამოჩენილი მებრძოლი.
-იცი, რა მახინჯი იყო?
-ვიცი, სად ნახე ეგ უხსენებელი?
-სახლთან ვიყავი ყინულზე ფეხი რომ დამიცდა და დავეცი, წამოდგომაში დამეხმარა. წუთით ისიც კი ვიფიქრე, რომ დიოტრეფე იყო, მაგრამ ნაცრისფერ თვალებს რომ წავაწყდი შემეშინდა, მანიაკს ჰგავს.
-არის კიდეც, მოძალადე და აუტანელია, ყველას ეზიზღება.
-თითქოს ადამიანის ნარჩენებისგან არის აწყობილი.
-არ გაგიკვირდეს ამის შემდეგ სულ შენ ახლო - მახლო რომ დაიწყებს გამოჩენას.
-ადვილი სათქმელია არ შეგეშინდეს, როცა შენ არავინ გადაგკიდებია.
-გადამეკიდება და ნახავს რასაც დავმართებ, რომ დავიხვევ ხელზე ელასტიური ბინტივით და დავულეწავ ნეკნებს ვეღარ ააწყობენ. კრივზე ტყუილად კი არ დავდივარ, რომ ვიღაც ქუჩის მაწანწალებმა გული მიხეთქონ.
-ქუჩაში აღარ გავალ.
-როცა გახვალ მაშინ გაჩნდება შენთან.
-დამამშვიდე ძალიან.
-გეუბნებოდი შენც იარე თქო კრივზე, მაგრამ ვინმე მიჯერებს? ვერ შევძლებო წუწუნით თავი ამხადე. ახლა ხომ აღარ შეგეშინდებოდა და თავისუფლად გახვიდოდი გარეთ. ოჰ, კარგი, არ ინერვიულო, წავედი, მშია და უნდა ვჭამო. შენც ჭამე, ისევ მშიერმა არ დაიძინო, იცოდე სახლში ჩაგისახლდები და სულ ძალით გაჭმევ. დედაშენი არ გეგონო ვერაფერს რომ ვერ ხვდება და ადვილად ახერხებ მისგან თავის დაძვრენას.
იმ ღამით სასწრაფო სასწრაფოზე მიდიოდა ქალაქის გარეუბანში, რომ დამტვრეული და ნაცემი ბიჭები საავადმყოფოში გადაეყვანათ. გინების და ყვირის ხმები კარგად შორიდან მოჰქონდა სანახევროდ ჩაწყნარებულ ქუჩებს. დილით ათასი ჭორი გავრცელდა, როგორც იციან ხოლმე ინფორმაციის არ მქონე პირებმა. ვერსია მილიონი იყო, სიმართლე კი ერთი. ეგრეთწოდებული თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ დაჭრილები სისხლის გუბეში ცურავდნენ და ზოგის გადარჩენა საავადმყოფოში მიყვანამდე ვერ მოხერხდა, მაგრამ არც არავინ დაჭრილა იმ ღამეს და არც არავინ მომკვდარა. სამაგიეროდ იყვნენ კარგად ნაცემი ბიჭები, ხელ-ფეხ მოტეხილები. არავინ დაუჭერიათ, რადგან ბრალმდებლები არ იყვნენ ვინმეს დასადანაშაულებლად. ყველაფერი ნასვამ მდგომარეობას დააბრალეს და ცხოვრებამაც მშვიდად განაგრძო სვლა. გოგოს გამო რომ მოხდა ჩხუბი მაგას წყალი არ გაუვიდოდა, მარტო იმას ვერ იგებდნენ ვინ ვერ გაიყვეს. ცივმა ზამთარმა თითქოს ყველაფერი დროებით დავიწყებას მისცა, შეიძლება მომავალი დღესასწაულის გამო. ახალი წელი ახლოვდებოდა და ყველა ცდილობდა რაც შეიძლება ხელგაშლილად შეხვედროდა შობა-ახალ წელს. ერთი შეხედვით ვერავის შეტყობდით გაჭირვებას, ყოველი მეორე მოქალაქე ხელებგავსებული მიიჩქაროდა სახლისკენ, თითიოეულის პარკში შეამჩნებდით ძალით ჩატენილ ნაძვისხის სათამაშოებს, უშნოდ რომ ამოეყო თავი. გაუსაძლისი ყინვის მიუხედავად იმდენი ხალხი ირეოდა ქუჩაში გვერდის აქცევა ჭირდა გამვლელებისთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში მეგის თვალი აღარ მოუკრავს დიოტრეფესთვის, თითქოს არც უარსებია ისე გაქრა. სხვებმა თუ არა, მან ძალიან კარგად იცოდა იმ ჩხუბის მიზეზი თვითონ რომ იყო და სწორედ ეს აფიქრებდა. უკვე ქუჩაში მარტო გასვლისაც ეშინოდა, ლილისთან ერთად თუ წავიდოდა სადმე, ისიც იშვიათად და მალევე გამორბოდა სახლში, უცხო გარემოში ყოფნაც აღარ სიამოვნებდა. როგორც კი იმ ადგილს ჩაუვლიდა სადაც ხშირად იკრიბებოდა უბნის ახალგაზრდობა გული უჩვეულოდ უფრიალდებოდა. თვითონაც ვერ გაეგო რა ემართებოდა, ისე იყო მისი თვალები შეჩვეული დიოტრეფეს სადმე ხილვას, რომ ცარიელი ქუჩა განწყობას უწამლავდა და საშინელ ზეგავლენას ახდენდა მასზე. საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, რომ მუქი ლურჯი ფერი ძალიან აკლდა მის ყოველდღიურობას, ამიტომ გამოსავალი სხვა რამეში იპოვა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

მიყვარს ასეთი თბილი ისტორიები, უკვე ძალიან მომწონს მეგის და დიოს წყვილი, მაგრამ ასე შორიდან რომ უყურებს ცოტა არ იყოს და ნერვებიც კი მეშლება უფრო უნდა გააქტიურდეს. უკვე ახალი თავის მოლოდინის რეჟიმში ვარ. წარმატებები.

 


№2  offline წევრი Rania

Zalian kargiaaaa. Moutmenlad gelodebiii

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

შენი ნიკი მეცნო და ჩემი ცოტა ბოროტული კომენტარიც გამახსენდა შენს პირველ ისტორიაზე :დდ ალბათ სიუჟეტი ზედმეტად ბანალური მეჩვენა.
მაგრამ ისე მომეწონა ეს ისტორია, წერის სტილიც ძალიან მომწონს. მოვლენებს კარგად გადმოსცემ და მკითხველსაც იზიდავ. მოკლედ, ველოდები ახალ თავს და იმედი მაქვს ჩემს მოლოდინს მეტად გაამართლებს.

 


№4  offline წევრი izabella

დარინა
მიყვარს ასეთი თბილი ისტორიები, უკვე ძალიან მომწონს მეგის და დიოს წყვილი, მაგრამ ასე შორიდან რომ უყურებს ცოტა არ იყოს და ნერვებიც კი მეშლება უფრო უნდა გააქტიურდეს. უკვე ახალი თავის მოლოდინის რეჟიმში ვარ. წარმატებები.

როგორ გამიხარდა ამ სიტყვების წაკითხვა, დიდი მადლობა. ❤❤❤
დიო, აუცილებლად გააქტიურდება შემდეგ თავში და მთლად ასე უმოქმედოდ აღარ იქნება.

Rania
Zalian kargiaaaa. Moutmenlad gelodebiii

მახარებთ ძალიან❤❤❤

Chikochiko
შენი ნიკი მეცნო და ჩემი ცოტა ბოროტული კომენტარიც გამახსენდა შენს პირველ ისტორიაზე :დდ ალბათ სიუჟეტი ზედმეტად ბანალური მეჩვენა.
მაგრამ ისე მომეწონა ეს ისტორია, წერის სტილიც ძალიან მომწონს. მოვლენებს კარგად გადმოსცემ და მკითხველსაც იზიდავ. მოკლედ, ველოდები ახალ თავს და იმედი მაქვს ჩემს მოლოდინს მეტად გაამართლებს.

მეც მახსოვხართ და სულაც არ ვთვლი, რომ თქვენი ის კომენტარი ბოროტული იყო. საერთოდ არ მწყენია, მაშინ სწორი შენიშვნა მომეცით, ბევრი რამე მქონდა დასახვეწი და ალბათ ამიტომ.
უზომოდ მიხარია, რომ ეს ისტორია წაიკითხეთ და პირველივე თავმა დაიმსახურა თქვენი მოწონება. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ მოლოდინს გავამართლებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent