შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მხოლოდ გწამდეს (3)


2-02-2019, 01:32
ავტორი izabella
ნანახია 565

შენ მხოლოდ გწამდეს (3)

სამანქანო გზაზე მიმავალი ნაცრისფერი ფერის ,,ბეემვეს’’ უკან ორი ავტომობილი მიჰყვებოდა და წამის გამოშვებით ფარების ანთება - ჩაქრობით მიანიშნებდა, რომ ავტომობილი გზიდან გადაეყვანა და გაეჩერებია, მაგრამ მძღოლი თითქოს ვერ ამჩნევდა. ვერაფერს რომ ვერ გახდნენ ერთ - ერთი ავტომობილი გაჭირვებით გაიჭრა წინ, ნაცრისფერი ,,ბეემვე“ შუაში მოიქციეს და იარაღის მუქარით სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს. რამდენიმე წამში ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის ხმები გაისმა, ამას მოჰყვა ყვირილის და გინების ხმებიც. ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი დალაგდა, ნაცემი მძღოლი, ქსანთე და კიდევ ოთხი ბიჭი ნაცრისფერ ,,ბეემვე“-ში ჩასხდნენ და მანქანა ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. დიოტრეფე ადგილზე რომ მივიდა ყველაფერი დამთავრებული იყო. არსად ჩანდა ნაცრისფერი ,,ბეემვე.“ მხოლოდ ლურჯი ,,მაზდა“ და ფორთოხლისფერი „მერსედესი“ იდგნენ ერთმანეთის საპირისპიროდ.
-ქსანთე სად არის, გაგექცათ?!- თვალებში ცეცხლი უელავდა დიოტრეფეს.
-არა, გავუშვით, პატრულმა მიხედოს.
-სად გაუშვით, მერე მეგი?
-მეგი მანქანაშია, -დიოტრეფე მაშინვე მანქანას ეცა.
-გონზე არ არის, წყალიც შევასხით სახეში, მაგრამ გაღვიძებისთანავე ისევ უგონო მდგომარეობაში გადადის.
-საავადმყოფოში წავიყვანოთ, რამე არ დაემართოს.
-არ უნდა, ნუ შევაშინებთ, ეძინოს და თვითონ გაიღვიძებს.
- მაინც არ მესმის, რატომ გაუშვით.
-თავებს ხომ არ დავახოცინებდით ისინიც იარაღით იყვნენ. რაც მთავარია მეგი ხელიდან გამოვაცალეთ და თან ვერ წაიყვანეს.
-ახლა, რას აპირებ, დიო?
-სოფელში წავალთ, როგორც ვგეგმავდი, იქ არამგონია მოგვაგნოს.
-წადით მაშინ, ნუღარ აყოვნებთ, ვანო და გაბო უკან გამოგყვებიან, ჩვენ აქ დავრჩებით, ახალი თუ რამე იქნება შეგატყობინებთ.
-შეხვედრამდე მაშინ, -დიოტრეფემ უგონოდ მყოფი მეგი თავისი მანქანის უკანა სავარძელზე დააწვინა და თვითონ საჭეს მიუჯდა. უკანა ხედვის სარკით დროდადრო გახედავდა ხოლმე. სანამ ადგილზე მივიდოდნენ რამდენჯერმე გააჩერა და შეამოწმა კიდეც სუნთქავდა თუ არა.
-იქნებ მართლა საავადმყოფოში გადაგვეყვანა, როგორც დავაწვინე ისევ ისეა, გვერდი არ უცვლია, შეწუხებულმა შეხედა მეგობრებს.
-არაფერი მოუვა, დამიჯერე დიო. წავიდეთ, დროს ვკარგავთ, როდესმე ხომ უნდა ჩავაღწიოთ? -უთხრა მანქანის ფანჯრიდან მომზირალმა მეგობარმა.

##############
მთელი ღამე გათიშულს ეძინა მეგის, ვერა და ვერ ფხიზლდებოდა. მის გონებამდე ვიღაცების ხმები აღწევდა, მაგრამ ვერ გაერჩია ვისი ხმები იყო ეს, ან რას ლაპარაკობდნენ. დილით მეგის გონებამ გამოღვიძება დაიწყო, ვიღაც ოთახში მოუსვენრად დადიოდა, რის გამოც იატაკი აუტანლად ჭრაჭუნობდა. მერე ტელეფონის ხმა გაისმა და კარის დაკეტვის ხმაც მისწვდა მის სმენას. სადღაც შორიდან გაგონილი სიტყვები ნელ - ნელა გამოიკვეთა, თვალები რომ გაახილა და ოთახი მოათვალიერა, საწოლის ბოლოზე დაყრდნობილი დიოტრეფე დაინახა, უცნობი ბიჭი კი კარადასთან იდგა. ოთახში ნესტის და ობის სუნი ტრიალებდა, შპალერს სიყვითლე შეჰპარვოდა, მის თავს ზემოთ კედელზე დაკიდული ბრებიც უკვე კარგად შელახული ჩანდა, ადგილ - ადგილ საღებავი ჰქონდა ამძვრალი, მაგრამ თავისი სილამაზე ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკარგული, ოთახს მკრთალად ანათებდა. ფანჯარაზე გრძელი, თეთრი ნეილონის ფარდა ეკიდა, რომელსაც ფერადი ყვავილები ამშვენებდა. ჭერს რომ აჰხედა ქათქათა თეთრი ჭაღი დაინახა, რომელსაც სანთლის ალის ფორმის თორმეტი ვარდისფერი ნათურა ჰქონდა და თითოეული ნათურის ძირიდან ქვემოთ დაახლოვებით ათი- თხუთმეტი სანტიმეტრის სიგრძეზე ხრუსტალის პატარა ოვალური ბურთები ეშვებოდა, რომელიც ერთმანეთს პატარა რკინის რგოლებით უკავშირდებოდა და სინათლის სხივის მოხვედრისთანავე ბრწყინავდნენ. როგორც კი მეგიმ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა მთელი ცხვირ - ხახა აეწვა, ნერწყვიც კი გამშრალი ჰქონდა. ხველა აუტყდა, ხმაურზე მისგან ზურგით მდგარი დიოტრეფე შემობრუნდა და მისკენ წამოვიდა.
-მეგი, თავს როგორ გრძნობ, ცუდად ხომ არ ხარ? -გაუღიმა და საწოლზე ჩამოჯდა, მაგრამ მეგიმ ხმის გაცემის ნაცვლად შეშინებული მზერა მიაპყრო, და საწოლის თავს აეკრო ზურგით.
-ჩემი ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის, ქსანთე ვერაფერს ვეღარ დაგიშავებს.
-გავალ რძეს მოვუტან, ყელი გამომშრალი ექნება წამლის გამო და ხმას იმიტომ ვერ იღებს, დალევს და ერთიანად ჩაეწმინდება.
-მიდი და მოუტანე მაშინ.
-რძალო გაიღვიძე? სალამი. შენ გამო ქსანთეს იცი როგორ ჩავადე? ყბებმა სულ ლაწა - ლუწი დაუწყო, -ოთახში გაღიმებულმა გაბრიელმა შემოყო თავი.
-გაბო, ჩვენ გავიდეთ და მარტო დავტოვოთ ესენი.
-წამოდი ჰა, რძლის გაცნობა მინდოდა, რა უხეირო ვინმე ხარ არაფერს არ მაცდი, - ჯუჯღუნით შებრუნდა გაბრიელი და ვანოც უკან გაჰყვა.
-ცუდად ხომ არ ხარ? ხმა ამოიღე მეგი, -დიოტრეფემ ხელი მისკენ წაიღო, მეგის შიშისაგან თვალები გაუფართოვდა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-რა გატირებს?! მგელი კი არ ვარ გეცე და დაგგლიჯო. თმის სამაგრი გძვრებოდა თმიდან და უნდა მომეწოდებია. ვიცი, ძალიან შეშინებული ხარ, მაგრამ იცოდე, რომ ჩემ გვერდით არაფერი გემუქრება, უკვე უსაფრთხოდ ხარ, ახლა მე გავალ და მარტო დაგტოვებ, შენ დაისვენე და მერე ვილაპარაკოთ, -გასული არ იყო, რომ ისევ შემოვიდა დიოტრეფე, ხელში რძით სავსე ჭიქა ეჭირა, საწოლთან ტუმბოზე დაუდგა და უკან გაბრუნდა. კარებთან მისული წუთით შეყოვნდა და მზერა შეშინებულ მეგიზე გადაიტანა, რომელიც თვალს არ აშორებდა.
-ეგ რძე დალიე გთხოვ, თუ არ დალევ ყელი გეტკინება. ყველაფერი ამ კარადაშია, რაც შეიძლება დაგჭირდეს, -ხელით საწოლის წინ მდგარ ტანსაცმლის კარადაზე ანიშნა, - ტანსაცმელიც დევს მანდ, არავის ნაცვამი არ გეგონოს, ყველაფერი ახალია, იმედია მოგერგება და პატარა არ გექნება. კინაღამ დამავიწყდა, ამ ოთახის გვერდით მუქი ყავისფერი კარია, სადაც სააბაზანოა, შეგიძლია ისარგებლო. მე ბიჭებთან ერთად ქვედა სართულზე ვიქნები, თუ რამე დაგჭირდეს ჩამოდი, -დიოტრეფე გავიდა. მეგი, რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებდა კარებს, აუტანელმა ყელის სიმშრალემ ძალიან რომ შეაწუხა მერე გაახსენდა იქვე მდგარი რძე და ბოლომდე დალია. ბევრი ლაპარკის შემდეგ გაბრიელმა და ვანომ თბილისში დაბრუნება გადაწყვიტეს. დარჩენაზე ვერაფრით ვერ დაითანხმა დიოტრეფემ ბიჭები.
-რადგან არ იშლით, ვერ დაგაყოვნებთ ნამდვილად.
-ვითომ ძალიან გინდოდა ჩვენი აქ დარჩენა, შენც კარგი აფერისტი ხარ.
-თქვენ გირჩევნიათ, თბილისში რომ ჩახვალთ ემზარს და მაიას ყველაფერი შეატყობინოთ, თუ არა და კარგი დღე არ დამადგება.
-პატრული ხალხის სამსახურშია, არ იცი შენ? მივალ და პირადად შევატყობინებ, რომ მათი შვილი უსაფრთხოდ არის, -წელში გაიმართა გაბრიელი და ამაყად გადახედა მეგობრებს.
-აბა, წავედით, შეხვედრამდე ძმაო, -ვანო დიოტრეფეს გადაეხვია.
-კარგი, კარგი, ნუ მოგინდათ ხვევნა - კოცნა. ყველა შენსავით მოცლილები კი არ ვართ, სამსახური და ოჯახი გველოდება. ბიჭმა შვებულება მოიწყო და დაისვენებს ახლა ბუნებაში.
-მშვენიერი ადგილია დასასვენებლად, რა არ მოგწონდა ნეტავ მაცოდინა, რაჭაში გავრბოდით საქეიფოდ და აქ უკეთესი ადგილი ყოფილა. თან რა მიყრუებული ადგილია, აქ რამ ააშენებინა სახლი გოგიას?
-სახლები დაცარიელდა, ყველა თბილისშია წამოსული და იმიტომ გეჩვენება მიყრუებული. აბა, სახლის პატრონები აქ იყვნენ, კიდევ მაგას იტყოდი? პაპაჩემს რომ არ აეშენებია ახლა ხომ ვერ გამოვიყენებდით ამ სახლს? ჭკვიანი კაცია გიორგევიჩი, ეტყობა გული უგრძნობდა, რომ მომავალში ეს სახლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდებოდა ჩვენი ოჯახისთვის. დიდი იმედი მაქვს ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდება.
- შენ ჩვენ ასე ნუ გვიყურებ, ამხელა გავლენიანი ხალხი გიმაგრებთ ზურგს, ბამბას კი არ ვპენტავთ? როგორც თბილისში ჩავალთ, მეგის მშობლებს დაველაპარაკებით, ქსანთე სოროდან რომ გამოძვრება იმასაც ვნახავთ და მივაბრძნებთ თავის დასასვენებელ პუნქტში. მანამდე მეგისთანაც მოაგვარებ საქმეებს და ყველაფერი საათივით აეწყობა. შენებურად რომ იცი პატარ - პატარა რაღაცებზე უაზრო ღრიალი ისე არ დაიწყო და გული არ გაუხეთქო რძალს, ცოტა თავი შეიკავე.
-ცხოვრებაში პირველად მიხარია, რომ ჩემი მეგობარი ძაღლია.
-იცოდე აგაძაღლებ ნაცვლიშვილო, -სიცილით დაუქნია ხელი გაბრიელმა.
-ფრთხილად იარეთ, არ დაიწყოთ გზაზე „გონკაობები.“
-ნუ გამიჭირე საქმე, შენი ლექციებიღა მაკლდა.
-მორჩი მაიმუნობას და დარეკეთ, რომ ჩახვალთ.
-იცოდე, არ იცელქოთ, -ვანოს მხარეს თავი გადმოყო გაბრიელმა და სანამ წავიდოდნენ რამდენჯერმე მიუსიგნალა. დიოტრეფემ სიცილით დაუქნია ხელი მიმავალ მანქანას და სახლში შევიდა. მეორე სართულზე ასულ დიოტრეფეს მეგი ოთახში არ დახვდა, საწოლი გასწორებული იყო და ზემოდან დაკეცილი პლედი იდო. ცოტა დაიძაბა, მაგრამ კარებში დიდრონ შავ თვალებს რომ შეეჩეხა დამშვიდდა.
-ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე, -ოთახში შესულს უკან მიჰყვა დიოტრეფე. მეგი საწოლზე ჩამოჯდა, თავი ჩახარა და საკუთარ თითებს დაუწყო ყურება.
-როდესაც დაგეგმილი გაქვს მომავალი და ამ გეგმების განსახორციელებლად წლების მანძილზე ძალ - ღონეს არ იშურებ, მოულოდნელად კი ვიღაც შემოიჭრება შენს ცხოვრებაში და ამ შენ ზედმიწევნით დაგეგმილ მომავალს ერთი ხელის მოსმით დაგინგრევს... -მეგის ხმა გაუწყდა, თვალებში მოწოლილმა ცრემლებმა წინადადების დამთავრების საშუალება არ მისცა, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. დიოტრეფე მის წინ ჩაიმუხლა.
-დამშვიდდი გთხოვ, ყველაფერი კარგად იქნება.
-სექტემბერში სტუდენტი უნდა გავმხდარიყავი, -ცრემლიანი თვალებით შეხედა დიოტრეფეს, - გრანტს თუ ვერ მოვიპოვებდი დაფინანსების რაღაც ნაწილს მაინც ავიღებდი. სწავლის პარალელურად ვიმუშავებდი და ჩემი სწავლის გადასახადს თვითონ დავფარავდი, მაგრამ გამოცდებამდეც კი ვერ მივედი, ჩემი მომავალი ვიღაცის ამბიციებს ეწირება და მე ვერაფერს ვაკეთებ. ამ ყველაფრის გაცნობიერებას რომ ვიწყებ ლამისაა თავი ტკივილისაგან გამისკდეს, -თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ტირილი ქვითინში გადაეზარდა.
-მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალია, -სინდისის ქენჯნა იგრძნო დიოტრეფემ.
-შენ, არაფერში არ ხარ დამნაშავე, ყველაფერი ქსანთეს ბრალია.
-საქმეც მაგაშია, რომ ჩემ გასამწარებლად მოინდომა შენი მოტაცება.
-რატომ? რა დაუშავე?
-ძველი ამბებია. შენ დაისვენე, მინდა ფიქრის საშულება მოგცე, სანამ თვითონ არ მოინდომებ ჩემთან ლაპარაკს მე აღარ შეგაწუხებ, -დიოტრეფე გავიდა, მეგიმ თავი უღონოდ დადო ბალიშზე და თვალები მაგრად დახუჭა. დროის გასაყვანად, ლამის მთელი საათი იბოდიალა ეზოში დიოტრეფემ. მოთმინება, რომ გამოელია გადაწყვიტა მეგობარს დაკავშირებოდა ახალი ამბების გასაგებად.
-ვანო, არის რამე ახალი?
-არის და თან როგორი. გორში ბრძანდება, მამიდაშვილის სახლში, თავისი ლეკვებიც იქ ჰყავს თურმე. ინფორმაციას დააზუსტებენ და აიყვანს პატრული.
-სხვა? გაბო, იყო მეგის მშობლების სანახავად?
-ახლა მოვდივართ იმათი სახლიდან, უნდა დაგვერეკა და დაგვასწარი.
-რა ხდება, როგორ არიან?
-ძალიან ნერვიულობდნენ, გაბომ ძლივს დაარწმუნა მაია და ემზარი რომ შენთან უსაფრთხოდ არის და არაფერი ემუქრება. მანდ რა ხდება, მეგი როგორ არის, ელაპარაკე?
-ველაპარაკე, ცუდად არის, ადვილი ხომ არაა ამხელა ამბის წამებში გადახარშვა?
-პატარაა და იმიტომ. ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა, ზაქრომ შემოგითვალა ქორწილი არ გამომაპაროსო.
-რამდენ წუთში ჩახვედით, რომ ზაქროსთან ლაპარაკიც მოგისწვრიათ? -სიცილი ვერ შეიკავა დიოტრეფემ.
- ხედავ რა ,,შუსტრი“ ძმაკაცები გყავს? ჩვენ ყველაფერს ვასწრებთ.
-ჰო, აბა, რა.
- კარგად იყავი, მოგვიანებით შეგეხმიანებით კიდევ.
-კარგად, ვანო.
-მეც გკოცნი, ვიცი, რომ მოგენატრე, -სანამ გათიშავდა გაბრიელის სიცილნარევი ხმა გაისმა.
მეგიმ, მთელი ღამე იტრიალა საწოლში, რომ ვერ დაიძინა ადგა და ოთახის შესწავლა დაიწყო. ტანსაცმლის კარადა გამოაღო, სადაც რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები ეწყო, ცივად დახურა და ფანჯარა გამოაღო. გარეთ ზაფხულის გრილი ნიავი იყო და ხეებს აქეთ - იქით არხევდა, ცა მოღრუბლულიყო, მაგრამ მთვარე დროდადრო ღრუბლებიდან გამოანათებდა და ოთახშიც მისი მკრთალი შუქი ირეკლებოდა. ცოტა ხანი ათვალიერა ჩაბნელებული ეზო, თვალებზე სიმძიმე რომ იგრძნო დასაძინებლად დაწვა. დილით საშინელმა ჭექა - ქუხილის და წვიმის ხმამ გამოაღვიძა, თვალებდახუჭული წამოხტა ფანჯრის დასაკეტად, მაგრამ ფანჯარა დაკეტილი დახვდა, საწოლზე კი ზაფხულის თხელი საბანი იყო გადაფარებული. წვიმის წვეთები მთელი ძალით ეხეთქებოდნენ ფანჯრის მინებს და უფრო მეტ ხმაურს იწვევდნენ, დაწოლას აზრი აღარ ჰქონდა, ამ ხმაურში დაძინებას მაინც ვერ მოახერხებდა. კარადაში ერთადერთი თბილი, შავი მოსაცმელი იდო, ჩაიცვა და გათბა. ის - ის იყო სააბაზანოდან გამოვიდა და ოთახში შესვლას აპირებდა, რომ ნაბიჯების ხმა მოესმა.
-დილამშვიდობისა, მეგი!
-დილამშვიდობისა!
-როგორ ხარ? ცოტა უკეთ არ ხარ?
-გუშინდელთან შედარებით ძალიან კარგად ვარ. კინაღამ დამავიწყდა, დიდი მადლობა, ღამე ოთახში ფანჯარა დაგიკეტავს და საბანიც დაგიფარებია ჩემთვის.
-ეგ, რა სამადლობელია. აბა, ხომ არ გაგყინავდი? კარგი, რადგანაც უკვე ფეხზე ხარ და გუშინდელთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურები, მაშინ მე ქვედა სართულზე ჩავალ და სამზარეულოში დაგელოდები. იმედი მაქვს ხუთ წუთზე მეტი არ დაგჭირდება, -უთხრა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
-მოვედი, -თქვა მეგიმ როგორც კი სამზარეულოში ფეხი შედგა.
-ზუსტად ცამეტი წუთია გელოდები, -მაჯის საათზე დაიხედა დიოტრეფემ და მეგის ღიმილით გააყოლა თვალი.
- სულ რაღაც ცამეტი წუთი გავიდა, მერე რა მოხდა?
-ცამეტი წუთი ჩემი კუჭისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იცოდე.
-ბოდიში, მაგდენი ვერ გავითვალისწინე, გაუღიმა მეგიმ, - დიოტრეფე, ბებია თავშალს იკეთებდა?
-ვისი ბებია?
-შენი ბებია.
-კი, იკეთებდა საჭმელს როდესაც ამზადებდა. ახლა მოხუცდა და ისე ვეღარ ტრიალებს სამზარეულოში. მთელი ოჯახს დედა გვაპურებს გემრიელი კერძებით, მაგრამ ისიც არანაკლებ ეხმარება.
-შეგიძლია თავშალი მომიტანო?
-რად გინდა, საჭმლის მომზადებას აპირებ? ჯერ ვჭამოთ და თუ რამე კულინარიულ უნარ - ჩვევებს ფლობ საღამოსთვის შემოინახე.
-გთხოვ, მომიტანე.
-კარგი, ბებიას ოთახშია და ახლავე მოვიტან, -დიოტრეფე გავიდა და თავშლით ხელში დაბრუნდა.
-ვიპოვე, -ღიმილით გაუწოდა მეგის თავშალი.
-დიდი მადლობა.
-ახლა შეიძლება ვჭამოთ?
-არა, ჯერ არა.
-რატომ? მოვკვდი მშიერი.
-შევჭამთ მხოლოდ მაშინ როდესაც საზრდელის მიღების წინა ლოცვას ვიტყვით, -მეგიმ თავშალი თავზე შემოიხვია და ლოცვისთვის მოემზადა.
- ადექი, ლოცვისას ჯდომა მარტო სნეულებისთვისაა მოძღვრის კურთხევით ნებადართული, -დიოტრეფე ფეხზე წამოდგა, მეგი მის წინ იდგა და თავდახრილი ამბობდა ლოცვას, რომ დაასრულა ჯერ თვითონ გამოისახა პირჯვარი, მერე კი მაგიდაზე გაშლილ საჭმელს გადასახა ჯვარი, -ახლა შეგიძლია ჭამო.
-ამას ყოველ დღე აკეთებ?
-რას, რომ ვლოცულობ? რა თქმა უნდა, ჭამის წინ მე ყოველთვის ვამბობ ლოცვას. თუ სადმე ხალხმრავალ ადგილზე მოვხვდი, დავუშვათ დაბადების დღეზე ან ქორწილში მხოლოდ პირჯვრის გადასახვაც კმარა. აბა, წარმოიდგინე სუფრაზე ხალხის თვალწინ რომ წამოდგები და ლოცვას დაიწყებ რა რეაქცია ექნება გარშემომყოფებს? დაგცინებენ, ფანატიკოსად შეგრაცხავენ ან იტყვიან ეს გიჟი საიდან მოსულაო. მონათლული ხომ ხარ?
-კი, თვეებისა მომნათლეს.
-მაშინ, არ უნდა შგრცხვეს შემოქმედისთვის მადლობის გადახდა, რომ საზრდელი გამოგიგზავნა თავის მოწყალე ხელით და ულუკმაპუროდ არ დაგტოვა. განუწყვეტლივ უნდა ვმადლობდეთ უფალს, იმისთვის რაც გვაქვს და რაც არა გვაქვს. იმიტომ, რომ მან უკეთ იცის, როდის რა გვჭირდება. ბევრჯერ დამზარებია ლოცვა, მაგრამ რომ მახსენდება რამდენი მშიერი ადამიანია აფრიკის ქვეყნებში რომელთაც ტალახიანი წვიმის წყალიც კი სანატრებელი აქვთ, ჩემი სიზარმაცე მაშინვე სადღაც ქრება. რაღა შორს წავიდეთ, აიღე ჩვენი ქვეყანა, ყოველ წლიურად რამდენი ადამიანი იღუპება შიმშილით.
-მაგას ნუღარ იტყვი, ქუჩაში იმდენი ხელგამოწვდილი მხვდება ხანდახან ვნატრობ მილიარდელი ვიყო, რომ მათი დახმარება შევძლო.
-მერე მაგას აღარ იტყოდი, შენც მათსავით წუწკი და გაუმეტარი იქნებოდი. ფანჯრიდან რომ იხედები გარეთ ხომ ხედავ ხეებს, ძაღლებს, კატებს, ან ფეხით მოსიარულეებს. ფანჯრის მინას აბა, ცოტა ძვირფასი მეტალი შეურიე, მიიღებ სარკეს, სარკეში ჩახედვისას კი ადამიანი საკუთარი თავის გარდა ვერავის ამჩნევს. ჰოდა, შენც ასე დაგემართებოდა.
-აუჰ, არ მინდა მაშინ, მირჩევნია ხელფასი გამიზარდონ სამსახურში. რატომ შეწყვიტე ჭამა, ძალიან უგემურია? - შეწუხდა დიოტრეფე, როდესაც მეგიმ ნახევრად შეჭმული საჭმლიანი თეფში წინ გაწია.
-პირიქით, ძალიან გემრიელია.
-სერიოზულად? -მეგიმ გაუღიმა და თავი დაუქნია.
-საჭმელების კეთება დედამ გასწავლა?
-მასწავლა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე და კულინარია ძალიან შორს ვართ. თუ დედა საჭმელს აკეთებს და მაგ დროს სამზარეულოში მოვხვდი და დავინახე რა ინგრედიენტებს იყენებს შეიძლება შემდეგში რომ ვცადო გაკეთება რამე გამომივიდეს. როგორც ასეთი მივიდე და ვთხოვო რამე კონკრეტული მასწავლე თქო ნამდვილად არ შევიწუხებ ასე თავს. საერთოდ იშვიათად ვაკეთებ რამეს, ისიც მაშინ როდესაც მეგობრები ვიკრიბებით და სადმე ბუნებაში მივდივართ საქეიფოდ. ერთხელ ბებია გახდა ცუდად, დედა საავადმყოფოში ედგა თავზე, სამსახურიდან რომ მოვედი საჭმელი არაფერი დამხვდა, მეც ავდექი და დიდი კულინარივით გადავწყვიტე კარტოფილი შემეწვა. ჩემი ძმები რომ მოვიდნენ ამაყად შევთავაზე კარგად დაბრაწული კარტოფილი და საჭმელად რომ დავსხედით და გასინჯეს კინაღამ ტაფა თავში დამარტყეს, მარილის ნაცვლად ლიმონჟავა მომიყრია.
-წარმომიდგენია, რომ გასინჯავდნენ რა სახეები ექნებოდათ, -სიცილს ძლივს იკავებდა მეგი.
-ზუსტად ისეთი ბავშვს პირველად ლიმნის ნაჭერს რომ გაასინჯებ. არა და მართლა ძალიან ჰგავდა მარილს.
-სულ ცოტათი ჰგავს, თუ დააკვირდები მარილზე გამჭვირვალეა და შეფერილობაც სხვანაირი აქვს.
-მართლა მოგეწონა საჭმელი თუ ხათრი ვეღარ გამიტეხე?
- არა, მართლა გემრიელი იყო. უბრალოდ როდესაც ვნერვიულობ საჭმლის ჭამა არ შემიძლია, ცუდად ვხდები.
-მე პირიქით ვარ, როდესაც ვნერვიულობ ძალიან ბევრს ვჭამ. მეც მოვრჩი ჭამას, ცოტა ხნით გავალ, დავრეკავ და მალე მოვალ.
-მოიცადე, საზრდელის შემდგომი ლოცვაც არის. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ძალიან პატარაა, მალე მოვრჩებით, -უხერხულობისგან ადგილზე აიწურა მეგი და ნერვიულად გაუღიმა. დიოტრეფეს არ გაუპროტესტებია, პირიქით მის ნებას დაჰყვა და სმენად იქცა, რომ თითოეული სიტყვა დაემახსოვრებინა. მეგიმ ლოცვა რომ დაასრულა მადლობა გადაუხადა დიოტრეფეს.
-ეგ რისთვის?
-ჩემთან ერთად რომ ილოცე. ფანატიკოსი არ გეგონო, ეს ჩემი ყოველდღიურობაა, რომელსაც არავის და არაფრის გამო არ გადავალ.
-არც უნდა გადახვიდე, -დიოტრეფემ გაუღიმა და სამზარეულო დატოვა. მეგიმ ამასობაში ყველაფერი მიალაგა, ჭურჭელი დარეცხა, დაწმინდა და კარადაში შეაწყო, მერე კი თავის ოთახს მიაშურა. ისევ გადაუღებლად წვიმდა, ჭექა - ქუხილი არა და არ წყდებოდა, ოთახშიც ძალიან ციოდა, საწოლზე დაჯდა და პლედი შემოიხვია გასათბობად. კარებზე დაკაკუნების ხმა გაისმა.
-შეიძლება?
-შემოდი.
- აივანზე ისე ციოდა გავიყინე, საერთოდ არ აქვს მიღება ტელეფონს, ვერსად ვერ მოვახერხე დარეკვა. იმედია დენს მაინც არ გამორთავენ, ხშირია ასეთი შემთხვევები, იმიტომ არ მიყვარს აქ ჩამოსვლა. ბევრჯერ ყოფილა დილით რომ გამორთულა დენი მეორე დღეს ან მესამე დღეს მოსულა.
-არაუშავრს, თბილისშიც რთავენ დენს.
-ისეთი სიხშირით არა, როგორც აქ. ცხელი ჩაი არ გინდა? გათბები.
-არ მიყვარს ჩაი.
-ყავა?
-არც ყავა.
-აბა, რა გიყვარს?
-რძიანი კაკაო და ახლად გამოწურული ბოსტნეულის წვენები.
-ფუჰ, ვერცერთს ვერ ვიტან. კოკა - კოლა, სპრაიტი და ფანტა მიყვარს ძალიან. წავალ და მოგიტან.
-რას?
-რძიანი კაკაო მიყვარსო ახლა არ თქვი? ჰოდა, მოგიტან.
-არავითარ შემთხვევაში, თვითონ მოვიტან, რატომ უნდა შეგაწუხო? შენ, დალევ რამეს?
-მე არაფერი მინდა.
-კარგი, ახლავე მოვალ, -ფეხზე წამოდგა მეგი და ნაჩქარევად გავიდა ოთახიდან. კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა, რძე გააცხელა, ჭიქაში კაკაო და შაქარი ჩაყარა, ცხელი რძე დაასხა და ჭიქით ხელში ზედა სართულის კიბეებს აუყვა. ოთახში რომ შევიდა დიოტრეფე იქ არ დახვდა, ფანჯრის რაფას მიეყრდნო და ცხელი, რძიანი კაკაოს დალევა დაიწყო. იატაკმა ჭრაჭუნი რომ დაიწყო გაეღიმა, მაგრამ არ გაუხედავს კარების მიმართულებით, ისე გააგრძელა ფანჯრიდან ეზოში ატალახებული მიწის ყურება და რძიანი კაკაოს სმა.
-როგორი ჩამშვები იატაკი გვაქვს, ჩუმად ვერ გაივლი მაშინვე დაგასმენს, -ახლოს მისულმა დიოტრეფემ ლოყაზე აკოცა, ხელიდან ჭიქა ააცალა და ნაცრისფერი პატარა კოლოფი ჩაუდო ხელებში, რომელსაც დიდი ასოებით ,,პანდორა“ ეწერა, -დაბადების დღეს გილოცავ! -მეგი მოულოდნელობისგან გაშრა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და ძლივს მოიფიქრა მადლობის გადახდა.
-მადლობა ჯერ ადრეა, იქნებ საჩუქარი არ მოგწონს, გახსენი! -მეგიმ ნაცრისფერ კოლოფს თავი მოჰხადა და აღფრთოვანება ვერ დამალა.
- რა ლამაზია, საიდან გაიგე პანდორას სამაჯური რომ მომწონდა?
-ჩიტმა ამბავი მომიტანა, - გაეღიმა დიოტრეფეს.
-იმ ჩიტს შემთხვევით შალვა ხომ არ ერქვა? -სიცილითვე მიუგო მეგიმ.
-შეიძლება.
-ერთხელ მე და ლილი ვათვალიერებდით პანდორას სამკაულებს და სამაჯურები მოგვეწონა, მაგრამ ისეთი ძვირი ღირდა ფიქრიც კი ზედმეტად მოგვეჩვენა ორივეს. ლილი, არ გეტყოდა ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს შალვამ მოიპოვა მისგან ინფორმაცია. ეს სამაჯური იმაზე ბევრად ლამაზია რაც მაშინ მე და ლილიმ ვნახეთ.
-მიხარია თუ მოგწონს. ბიჭისთვის ყველაზე ძნელი ალბათ გოგოსთვის საჩუქრის შერჩევაა. იმდენი ლამაზი სამაჯური იყო ვერ მივხვდი რომელი მოგეწონებოდა, კონსულტანტებმაც თავგზა ამირიეს, ბოლოს ავდექი და ის შევარჩიე რომელიც მე მომეწონა.
- ძალიან ლამაზია, იცი, როგორ მომწონს? გამიკეთე, მინდა ვნახო მომიხდება თუ არა, -მეგიმ თვალებგაბრწყინებულმა ახედა და სამაჯური გაუწოდა. დიოტრეფემაც არ დააყოვნა და სამაჯური ხელზე შეაბა. ღიმილისაგან სახის კუნთები ეტკინა, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დიოტრეფეს და სურვილი გაუჩნდა მოჰხვეოდა, მაგრამ იმდენად მოერიდა, რომ ვერ გაბედა და მოიბუზა.
-გცივა თუ მეჩვენება?
-ცოტა.
-ცოტა კი არა ძალიან გცივა, ეს პლედი საერთოდ ვერ გათბობს. ერთი წუთით, დამელოდე და ახლავე მოვალ, -დიოტრეფემ ჭიქა იქვე დადგა და ოთახიდან ნაჩქარევად გავიდა, უკან მალევე მობრუნდა -იმედია ძალიან დიდი არ გექნება, -სიცილით შემოვიდა ოთახში დიოტრეფე, ხელში მუქი წითელი ნაქსოვი სვიტრი ეჭირა, - ჩაიცვი და გათბები, ბებომ მომიქსოვა, მაგრამ არასდროს მცმია, -მეგიმ სვიტრი გამოართვა, ჩაიცვა თუ არა მიხვდა როგორ დაუარა მთელ ტანში სასიამოვნო სითბომ. იმ დღისით დიოტრეფემ მთელი სახლი დაათვალიერებინა, არცერთი კუთხე არ დატოვა, რომ მისთვის არ ეჩვენებია, მეგიც მორჩილად დაჰყვებოდა თან და ინტერესით ათვალიერებდა არც თუ ისე პატარა და ძალიან გემოვნებით მოწყობილ სახლს.
-ისეთი ლამაზი და მყუდრო მისაღებია ბუხარი ზედგამოჭრილი იქნებოდა, -მეგიმ ინეტერესით შეათვალიერა ერთ - ერთი კედელი.
-შენ წარმოიდგინე იყო ჩემ ბავშვობაში, მაგრამ გააუქმეს. ერთხელ დედას მოსკოვიდან ჩამოტანილი წითელი ფერის ლაკის ჩექმები პომადით დავუთხაპნე და მერე დანაშაულის დასამალად ანთებულ ბუხარში შევყარე, ორი დღე გამჭვარტლულ ჭერს წმენდდნენ და ძლივს გაათეთრეს. მერე წვიმაში დასველებული ლეკვი უნდა შემესვა გასაშრობად და სულზე მომისწრეს. პაპამ გამოაცხადა სანამ ამ ბავშვს ჩვენც ბუხარში შევუკეთებივართ ჯობია სულ გავაუქმოთო და ასეც მოიქცნენ. ეს ხის კიბეც ჩემ გამო ააწყვეს სახლში, გარეთ ცემენტისგან ჩამოსხმული კიბე გვქონდა, მაგრამ რამდენი წვიმა მოვიდა იმდენჯერ ფეხი ამიცურდა და დავგორდი. სახლში თუ რამე ფუჭდებოდა ყველამ იცოდა ვისი ბრალი იყო, -სიცილით უყვებოდა დიოტრეფე თავის ოინებს.
მეორე დღეს ისევ გადაუღებლად წვიმდა, მხოლოდ საღამო ხანს შეწყდა წვიმა. დიოტრეფე აივანზე იდგა და ისევ უშედეგოდ ცდილობდა მეგობრებთან დაკავშირებას. მეგი აივანზე რომ გავიდა დიოტრეფე ხელებით მოაჯირზე იყო დაყრდნობილი და ეზოს გადაჰყურებდა. ფეხის ხმა რომ გაიგო შემობრუნდა და ახლა ზურგით მიეყრდნო.
-ისევ ვერ უკავშირდები?
-ვერა, როგორც ჩანს წვიმის ბრალია, მოგვიანებით ისევ ვცდი.
-ლამაზი ადგილია, გუშინ სულ დამავიწყდა მეკითხა, სად ვართ?
-კახეთის და კერძოდ ლაგოდეხის საწინააღმდეგო რამე ხომ არ გაქვს?
-ლაგოდეხში ვართ?
-კი, ხედავ კახეთსაც ჰქონია თურმე ლამაზი ბუნება.
-მართლაც, სახლის წინ ყურძნის ტალავერი დავინახე და ძალიან მომეწონა.
-აქ ყველას არ აქვს სახლში ვაზის ტალავერი, საბედნიეროდ ჩვენ ძალიან გემრიელი ალადასტური გვიდგა. ვენახიც გვქონდა აქედან კარგად მოშორებით, პაპას ისე უყვარდა სულ ზედ ევლებოდა, შვილები რომ სასწავლებლად წამოვიდნენ თბილისში გოგია პაპამ გაყიდა, გასახმობად ვერ გაიმეტა. ჯერ ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდით, მერე ნელ - ნელა შევწყვიტეთ აქ ჩამოსვლა და ეს სახლიც მუდმივი საცხოვრებლიდან საზაფხულო დასასვენებელ სახლად გადაიქცა.
- მომწონს, განსაკუთრებით ეს ცამდე აწვდენილი ხეები.
-კარგი ამინდი რომ იქნება ეზოში დავსხდეთ, იცი რა სუფთა ჰაერია აქ? თბილისს კი არ ჰგავს მანქანის გამონაბოლქვით რომ გვწამლავენ. ბევრი ლამაზი ჩიტები მოდიან კარგ ამინდში, შაშვები, ოფოფები, კაჭკაჭები, ყვავები, ვინმესგან გამოქცეული თუთიყუშიც შეიძლება მოფრინდეს. მტრედები ხომ სულ სახურავზე სხედან და შეგიძლია დაათვალიერო, თუ გაგიმართლებს შეიძლება გვერდითაც ჩამოგისხდნენ და დამეგობრდეთ. სხვათა შორის ბევრჯერ მელიაც მოსულა, ტურების ხმას თუ გაიგებ არ შეგეშინდეს, აქ სულ ასეთი ამბავია.
-მეზობლად ცხოვრობს ვინმე?
-მხოლოდ ცარიელი სახლები დგას გარშემო, მათგან უმეტესობა თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, მარტო მოხუცები არიან დარჩენილები, მაგრამ ზამთარში მოხუცებსაც აღარ აჩერებენ და ისინიც თბილისში მიჰყავთ.
-სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ და სულ არ წავიდოდი თბილისში.
-ყველა შენნაირად არ ფიქრობს, თან უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ სასწავლებლები თბილისშია, სწავლის დასრულების შემდეგ კი სამსახურს იქ იწყებენ. აქ მაღალანაზღაურებადი სამსახურის პერსპექტივა ნულია, ყველა იქ გარბის და სოფელიც რჩება ასე მიტოვებული. შეიძლება ენატრებათ კიდეც სოფელი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ რჩებათ. ფეხები არ გეტკინა? რამდენი ხანია ასე ვდგავართ, წამოდი დავსხდეთ საქანელაზე.
-მიყვარს საქანელები.
-მითუმეტეს თუ გიყვარს, - ორივე სამადგილიანი ძველი საქანელისაკენ წავიდნენ და ჩამოსხდნენ.
-პირველად ვარ სოფელში და ისეთი აღფთოვანებული ვარ, რომ ვერ აღგიწერ.
-თუშეთში არ ხარ ნამყოფი?
-სამწუხაროდ არა და ალბათ ვერც მოვხვდები, -მოწყენა დაეტყო მეგის სახეს.
-რატომ?
-ბებიას არ უნდოდა ქალაქელი, განათლებული რძალი, ტრადიციების არ ცოდნის გამო დაიწუნა. ოჯახმა არ აპატია მამას, რომ თბილისელი ქალი მოიყვანა ცოლად და სახლიდან გამოაგდეს. მამას ძალიან უყვარდა დედაჩემი და ამიტომ თბილისში დარჩა, ბებია მხოლოდ ფოტოებიდან ვიცი როგორია. თბილისში მცხოვრებ ნათესავებს ძალიან ვუყვარვართ, დღესასწაულებზე ხან ჩვენთან მოდიან ხან მათთან მივდივართ სტუმრად. მეც მინდა ბებია სიხარულით მიხუტებდეს გულში, მსაყვედურობდეს, რომ თბილად არ მაცვია ან ცოტას ვჭამ და მერე თეფშით საჭმელი მოჰქონდეს ოთახში. ლილის ბებო მიწევს საკუთარის მაგივრობას, მე და ლილის არ გვანსხვავებს, ორივე ძალიან ვუყვარვართ, უნდა ნახო ახალი წელს დუტის კურტკებს შოკოლადებით როგორ გვივსებს. ფიქრია დეიდა სულ საყვედურობს არ შეიძლება ამდენი ტკბილიო, მაგრამ ის ყოველ ახალ წელს ასე აკეთებს.
-დედის ბებია, ცოცხალი არ გყავს?
-ცოცხალია, მაგრამ ჩემ დეიდაშვილებს და ბიძაშვილებს არის გადაყოლილი, იშვიათად თუ მოგვიკითხავს. არ მწყინს, მესმის ისინი პატარები არიან და მათ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ მე და ჩემი დები ხომ უკვე დიდები ვართ. სანამ გავიზრდებოდით დედას ეხმარებოდა, მერე დეიდა რომ გათხოვდა და ბიძამ ცოლი მოიყვანა მათზე გადაერთო.
-ჩათვალე, რომ უკვე გყავს საკუთარი ბებია, თან ზუსტად ისეთი როგორზეც ოცნებობ.
-ვერ მივხვდი.
-ჩემი მალვინა ნიკალაევნა, ქალი კი არა ქარიშხალია, მაგის ხელ -ფეხი მთელი დღე არ ჩერდება. დადის, დადის, დადის, ვგიჟდები სად შეუძლია ამდენი სიარული ამ ხნის ქალს. ჰოდა, შეიძლება ჯიბეებში კანფეტები არ ჩაგიდოს, მაგრამ საჭმლის, ნამცხვრებით სავსე თეფშით და წვენით სავსე ჭიქით რომ დაგიწყებს დევნას მერე ვნახავ როგორ ხასიათზე დადგები.
-ბებია საჭმლის თეფშით დაგდევს? -სიცილი ვერ შეიკავა მეგიმ.
-დიახ! თან ყოველ დღე არ გინდა გაუძლო ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს? ცოლად რომ მოგიყვან და ჩემთან იცხოვრებ მერე მაინც დავისვენებ, ახალი ობიექტი რომ გამოუჩნდება იქნებ მაშინ მაინც მომასვენოს, მაგრამ მაგის ამბავი რომ ვიცი ახლა ლანგარზე დააწყობს ორი კაცის სამყოფ საჭმელს და ორივეს დაგვიწყებს დევნას.
-იქნებ ბებოს არ მოვწონვარ, წინასწარ რომ გამოიტანე დასკვნები? თანაც დიოტრეფე, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ერთმანეთს და ამ ყველაფერზე ლაპარაკი ძალიან ადრეა, -უხერხულობა იგრძნო მეგიმ.
-გამიცნობ მეგი, აუცილებლად გამიცნობ. ვიცი, ყველაფერი ზედმეტად დაჩქარდა, მაგრამ არაუშავრს მალე დალაგდება სიტუაცია. სხვათა შორის ბებოს მოწონხარ.
-როგორ, მას ხომ არ ვუნახივარ?
-დაგავიწყდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და მობილური ტელეფონი უკვე გამოგონებულია?
-ჩემი ფოტო აჩვენე?
-კი, მთხოვა და ბებოს მაგაზე ვაწყენინებდი? იცი, როგორ გაუხარდა? დავიჯერო შენ არ გაქვს ჩემი ფოტო?
-არა, არ მაქვს.
-სერიოზულად?
-ორ ან სამ დღეში ერთხელ მაინც გხედავდი, ხან ყოველ დღე და რად მინდოდა?
-ხო? საწყენია. რომელი უშნო ეკა მე მნახე ტელეფონში ჩემი ერთი საწყალი ფოტო რომ არ შეინახე? -ხელები ჯიბეებში ჩაიწყო დიოტრეფემ და შუბლი შეკრა.
-კარგი რა, მაგაზე როგორ ბრაზობ, -სიცილი დაიწყო მეგიმ, - დიოტრეფე, დიოტრეფე!
-ხმა არ გამცე, გოგო, ჩემი ფოტო როგორ არ გქონდა ტელეფონში, ახლაც ვერ ვიჯერებ.
-რა არის აქ საწყენი? მე ვერ ვიჯერებ პატარა ბავშვივით რომ გამებუტე.
-მოგიწევს დაიჯერო!
-ასე ხომ? კარგი, ვინ აჯობებს მაგასაც ვნახავთ, -მეგი ახლოს მიიწია და ლოყაზე აკოცა, -მფარველი ანგელოზები არ იბუტებიან, - ორივე ხელი მის მკლავს შემოჰხვია და თავი მხარზე დაადო. დიოტრეფეს მოჩვენებითად გაბრაზებული სახე ღიმილმა შეცვალა და შეკრული შუბლიც გახსნა.
,, აწვიმს სახურავს, მტრედებს, ანტენებს,
თავს ისევ ათას აბსურდით ვიქცევ,
მე მინდა რომ შენს ყოველ ნათენებ
ღამის უმთავრეს მიზეზად ვიქცე.
ვიყო ფიქრი და ვიყო ზმანება,
ნაჩურჩულები ლოცვაც და ფიციც,
და რაც რამ ჩრდილი მოგეტმასნება
ჩემი ხელები გეგონოს ისიც.
მიყვარხარ!
გნატრობ,
ეს ნატვრაც მიკვირს..
სარჩევი თუა ღმერთმა გირჩიოს,
მსურს შეფარებულ მშიერ ლეკვივით
სამარადისოდ შემოგიჩვიო.’’ (დავით სულთანიშვილი)

-დიოტრეფე, ყველა გრძნობას თავისი ფერი რომ მივანიჭოთ სიყვარული რა ფერი იქნება შენთვის?
-შავი.
-რატომ? შავი ხომ სიბნელის და გლოვის ფერია?
-მერე და ვინ გითხრა, რომ შავი ჩემთვის გლოვის ფერია? ჩემთვის შავი კი არა წითელი ასოცირდება გლოვასთან და სიკვდილთან. ისე, რომ იცოდე ჩემთვის სიყვარული შენი თვალებიდან იწყება, -ნიშნისმოგებით მიუგო დიოტრეფემ და ღიმილით გადახედა.
- წითელი უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები ჩემთვის ლურჯი გამოდის, -ჩაფიქრდა მეგი, დიოტრეფეს თვალებში შეხედა და ლაპარაკი გააგრძელა, -მე ძალიან მიყვარს წითელი ფერი, მარტო წითელი კი არა ყველა ფერი, მუქიც და ღიაც. დიოტრეფე, მე რომ ხანდახან წითელ ლაქი წავისვა ფრჩხილებზე შენ გამიბრაზდები?
-რატომ უნდა გაგიბრაზდე?
-რა ვიცი, წითელი ფერი არ მიყვარსო და... ბიჭები ზოგჯერ გოგოებს ეჩხუბებიან ამის გამო. ჩემმა მეზობელმა ერთხელ ცოლს ეჩხუბა და გააშორებინა, არა და მის შავ კაბას ძალიან უხდებოდა წითელი ლაქი.
-ნწ ნწ ნწ აფსუს, საწყალი ქალი წითელი ლაქის გარეშე როგორი უშნო გამოჩნდებოდა? - დანანებით გააქნია თავი დიოტრეფემ.
-სულ არ არის სასაცილო.
-მერე ვინ თქვა, რომ სასაცილოა?
-შენ!
-მე?
-როდის კაცო, მსგავსი არაფერი თქმულა ჩემი პირიდან, -შეიცხადა და უცოდველი სახე მიიღო.
-ოჰ, კარგი რა? მე სერიოზულად ვლაპარაკობ.
-მეც სერიოზულად ვლაპარაკობ.
-კარგი!
-კარგი! -მეგი გაჩუმდა, არცერთს ხმა აღარ ამოუღია, დიდი ხანი ისხდნენ ასე, იქამდე, სანამ ძილი არ მოერია ორივეს და გაყინულები თავ - თავიანთ ოთახებში არ დაბრუნდნენ დასაძინებლად.

##############
დილით ისეთი ცხუნვარე მზე გამოვიდა წვიმის კვალი სულ გააქრო. საუზმის შემდეგ სახლის დალაგება დაიწყო მეგიმ. სამზარეულოს დალაგებას რომ მორჩა მისაღებში გადაინაცვლა. დიოტრეფე ეზოდან ლაპარაკით შემოვიდა და სამზარეულოში შევიდა, შესვლიდან რამდენიმე წამში ძირს დაცემის ხმა გაისმა. მეგიმ ცოცხი და აქანდაზი იქვე დაყარა და სამზარეულოში შევარდა შეშინებული. ძირს დიოტრეფე გაწოლილიყო, თავქვეშ ხელი ამოედო და სიმწრით იღიმებოდა.
-გარეთ ძალიან ცხელოდა და ვიფიქრე გრილ მეთლახზე წამოწოლა სასიამოვნო იქნებოდა.
-გეტყობა როგორც გესიამოვნა, -გულიანად გაეცინა მეგის.
-არ გინდა შენც შემომიერთდე? -ხელი ძირს დაატყაპუნა დიოტრეფემ.
-არა, დიდი მადლობა. ჯობია ადგე სანამ გაცივებულხარ, ჯერ ისევ სველია, ახლახანს მოვწმინდე.
-ვერ ვდგები, ყველაფერი მტკივა, -დაიჯღანა დიოტრეფე და თავი ძირს დადო.
-ანუ აღიარებ, რომ დავარდი?
-ვაღიარებ, რომ მოსახვევში ცოტა მომიცურდა. მომეცი ხელი, ვერ ვდგები, -მეგიმ სიცილით გაუწოდა ხელი და წამოდგომაში დაეხმარა. დიოტრეფემ ატკივებული გვერდები ძლივს აითრია და ფეხზე დადგა, -არა და რა კარგი იყო დაბლა წოლა, სასიამოვნოდ გრილოდა.
-თუ გინდა შეგიძლია კიდევ გაიმეორო, რა პრობლემაა?
-ესეც საკმარიასია, ძალიან ნასიამოვნები ვარ პირველივე დაცემით და მგონი დიდხანს გამყვება, -დალურჯებულ ხელზე ანიშნა დიოტრეფემ და ლასლასით გავიდა.

###############
შუაღამისას ისეთი სიცხე ჩამოწვა დაძინება ვეღარ შეძლო დიოტრეფემ, ადგა და ტელევიზორი ჩართო, საინტერესო ვერაფერი რომ ვერ იპოვა მერე ეზოში გავიდა, იქ არსებულმა თბილმა სიომ უფრო გამოაფხიზლა. ტალავერის ქვეშ ხის სკამზე ჩამოჯდა, თვალები დახუჭა და საზურგეს მიეყრდნო. ცოტა ხანი ასე გაუნძრევლად იჯდა, მერე მის ფეხებთან პატარა მოძრავი არსება შენიშნა და ტელეფონის ფანარი, რომ დაანათა მის წინ ზღარბი გაშეშდა, მაშინვე წამოდგა ფეხზე და იქვე მიგდებული ჟანგიანი რკინის ყუთი დააფარა ზემოდან. მერე ფეხაკრეფით შეიპარა მეგის ოთახში და მძინარე ხელით შეარხია.
-მეგი, გაიღვიძე!
-დიოტრეფე, მეძინება.
-მეგი, ერთი წუთით გადმობრუნდი და მომისმინე.
-რა ხდება?- თვალების ფშვნეტით წამოჯდა საწოლზე.
-ზღარბი როდესმე გინახავს?
-მხოლოდ ფოტოებში.
-მაშინ წავიდეთ, უნდა განახო.
-მართლა? ნამდვილი ზღარბია? -თვალები დააჭყიტა, ლოგინიდან თითქმის გადმოფრინდა, დიოტრეფეს ხელი მოჰკიდა და თან გაიყოლა, -ჩქარა წავიდეთ სანამ გაქცეულა.
-ნუ ნერვიულობ, რკინის ყუთი დავაფარე, ვერსად წავა.
-რა მაგარია, ნამდვილი ზღარბი უნდა ვნახო, -კიბეებზე სწრაფად ჩადიოდა და დიოტრეფესაც თან მიათრევდა.
-ცოტა ფრთხილად, იცოდე ორივე დავგორდებით კიბეებზე, -სიცილით მიჰყვებოდა დიოტრეფე. ეზოში გამავალი დერეფნის წინ გრძლად დარგულ ბზებთან მივიდნენ, დიოტრეფემ ფანარი ჩართო, ჩაიმუხლა და რკინის ყუთი გვერდით გადადო.
-რატომ არ უჩანს სახე? ეკლიან ბურთს ჰგავს.
-ზღარბებს კანქვეშა რგოლური კუნთები აქვთ, რომელთა შეკუმშვის შედეგად მათი სხეული მრგვალდება. ჯერ შეშინებულია, ცოტა ხნით ხმა არ ამოვიღოთ და თავს უსაფრთხოდ რომ იგრძნობს თვითონ დაგვენახება.
- ნელ - ნელა იშლება, -ჩურჩულით გადაულაპარაკა მეგიმ, -ცხვირს ვხედავ, როგორი პატარა და საყვარელია, რა სიცოცხლეა. ნახე, ჩემსავით შავი თვალები ჰქონია, -გაიცინა მეგიმ და პირზე ხელი აიფარა.
-ჰო მეგი, შენსავით აბრიალებს ლამაზ თვალებს, -მათ წინ პატარა შეშინებული ზღარბი იდგა და ერთიანად კანკალებდა. პატარა შავი თვალებით მის დამთვარიელებლებს აკვირდებოდა. გრძელი, შავი ცხვირი კი სველი და პრიალა ჰქონდა, ტანზე ნემსებივით საფარი ჩალისფერის და შავის ნაზავს წარმოადგენდა. ყოველ მათ ხმის გაგონებაზე და პატარა მოძრაობაზეც კი კრთებოდა.
-რა საყვარელია ეს ზღარბი, რომ შეიძლებოდეს ჩავეხუტებოდი, -მეგიმ ხელი მისი პრიალა ცხვირისკენ წაიღო, ზღარბმა როგორც კი მისი მიმართულებით მოძრაობა დააფიქსირა მაშინვე წამომართა ეკლები, რომლებიც აქამდე უხეშ, მაგრამ დავარცხნილ თმას წააგავდა.
-ვაიმე, ეკლები უნდა მესროლოს? -დაიკივლა მეგიმ და დიოტრეფეს ზურგს უკან ამოეფარა.
-ნუ გეშინია, არ ისვრის ეკლებს, ვინ გითხრა ეგ სისულელე? -სიცილი ვერ შეიკავა დიოტრეფემ.
-როგორ არა, მულტფილმში ვნახე ეკლებს ისროდა.
-ეგ მულტფილმში იყო, სინამდვილეში ასე არ ხდება.
-დარწმუნებული ხარ?
-მეგი, ზღაპრებში და მულფილმებში ბევრი რამე ხდება, რეალობა სულ სხვაა.
-ნეტავ ხომ არ შია? ან რით იკვებებიან? ცოტა პური რომ მივუყაროთ შეიძლება?
-არ უნდა ჩვენი გამასპინძლება თვითონ იპოვის რამეს და თავის თავს გაუმასპინძლდება. მწერებით, ჭიებით, ბოსტნეულით, ხვლიკებით და გველებით იკვებება, ძალიან სასარგებლო ცხოველია, -მეგი ზღარბის შემყურე ადგილზე ცქმუტავდა და მისი მოფერების სურვილი კლავდა.
-ტყუილად გინდა მოფერება, შეიძლება ცოფის ვირუსის ან სხვა საშიში დაავადების გადამტანი იყოს.
-რა უსამართლობაა, ასეთი საყვარელია მე კიდევ ვერც ვეფერები.
-ყურებით დატკბი, რა საჭიროა მოფერება?
-აღარ მინდა წავიდეთ და დავიძინოთ, ცოტა შემცივდა კიდეც, თან ცოდოა, მგონი შევაშინეთ.
-ჯერ არ წახვიდე ცოტა ხნით მოიცადე, არ გაინტერესებს როგორ დარბის?
-რა? დარბის კიდეც?
-ჩუ, დაელოდე და წავა, -უკან დაიხიეს და რამდენიმე წამი დაელოდნენ, ზღარბმა როგორც კი დაინახა რომ დამთვალიერებლები მას მოშორდნენ მაშინვე ფეხები გამოყო და უსაფრთხო ადგილისკენ მოკურცხლა.
- მე მეგონა კუსავით ნელა დადიოდა, -გაკვირვებული მეგი თვალს ვერ აშორებდა ბალახებში მიმალულ ზღარბს და თან ეცინებოდა.

##############
მეხუთე დღე დაღამდა რაც სოფელში იყვნენ და უკვე ისე გრძნობდა მეგი თავს როგორც საკუთარ სახლში, დიოტრეფესაც მიეჩვია და მასთან ლაპარაკი საერთოდ აღარ ცხვენოდა.
-ახლა გამახსენდა, დილით საკარაქე რომ გამოვიღე მაცივარში აღარ შემიდია, თან თავსახურიც მგონი ნახევრად ახდილი დამრჩა, წავალ დავაფარებ, -უთხრა მეგიმ დიოტრეფეს და გავიდა. სამზარეულოში ჭურჭლის კარადასთან მისულმა როგორც კი საკარაქეს შეახო ხელი, იქიდან მაშინვე პატარა ყავისფერმა არსებამ მთელი მონდომებით ისკუპა ფანჯრის მიმართულებით.
-დიოტრეფე, თაგვ... -სიტყვა პირზე მიეყინა, როცა ამ არსებამ გრძელი ფუმფულა კუდი გაშალა და ფანჯრიდან ღამის სიბნელეში გაუჩინარდა.
-რა მოხდა? -თავი შემოყო დიოტრეფემ.
-საკარაქეში ციყვი იჯდა. ჯერ თაგვი მეგონა, მაგრამ კუდი რომ გაშალა მივხვდი ციყვი იყო. კარაქი შეგვიჭამა და წავიდა, - სიცილით გაუწოდა მეგიმ საკარაქე, რომლის ძირში დარჩენილ კარაქის თხელ ფენაზე პატარა ფეხის ანაბეჭდები მოჩანდა.
-ყოჩაღ მაგას, ციყვი და კარაქი?
-პირის გემო ჰქონია. ჩემი მეზობლის ძაღლი პომიდვრის სალათს ჭამს, ხორცს მხოლოდ შემწვარს და მოხარშულს, უმს პირს არ აკარებს.
-მეგი, შენმა მეზობელმა კარგად ნახა? გადაცმული ადამიანი ხომ არ ჰყავს სახლში?
-ჰყავდათ ვეტერინართან და ნამდვილად ძაღლია, თანაც უჩვეულო ძაღლი, რომელსაც უპრობლემოდ ესმის ყველაფერი.
-მიყვარს შეგნებული ცხოველები, ადამიანებს ბევრად გვჯობიან.

##############
დილიდან აუტანლად ცხელოდა, ეზოში მდგარი ხილის ხეებიც კი ვერ აკავებდნენ ცხელ ჰაერს, რომელიც ფანჯრებიდან სახლში იჭრებოდა. დიოტრეფე ოთახში ვენტილატორის წინ იჯდა, მაგრამ გაგრილების ნაცვლად ვენტილატორი მხოლოდ ოთახში არსებულ ცხელ ჰაერს ატრიალებდა. გვერდით ყინულიანი წყლის ბოთლი ედგა და ცივ წყალს დროდადრო ჭიქაში ისხამდა, რომ დაელია. სიცხისგან ძალაგამოცლილ მეგის ეძინებოდა, აუტანელი თავისტკივილის გამო კი ამას ვერ ახერხებდა.
-აღარ შემიძლია სახლში გაჩერება, ეზოში უნდა გავიდე, -შეწუხებულმა შესჩივლა მასზე არანაკლებ მდგომარეობაში მყოფ დიოტრეფეს.
-გარეთ კონდიციონერი კი არ დგას, იქ უარესია. რადიაციული მზეა, არ გახვიდე, დაისიცხები და ცუდად გახდები.
-არ გავხდები ცუდად, ხის ჩრდილში დავჯდები, -პასუხს არც კი დაელოდა ისე გავიდა ეზოში, სახლის წინ მდებარე ყურძნის ტალავერთან მივიდა და მტევნებს დაუწყო თვალიერება, რამდენიმე მარცვალიც დააგემოვნა, რომელიც არც თუ ისე არომატული აღმოჩნდა. იქვე ღობის ძირში მაყვლის დიდი ბარდი დაინახა, რომელსაც ნაყოფი უხვად ესხა, მიირბინა და კრეფა დაიწყო. მწიფე მაყვლით მუჭა გაივსო და ის - ის იყო პირთან უნდა მიეტანა, რომ დიოტრეფემ ხელი აუკრა და გემრიელი ნაყოფით სავსე მუჭა წამებში დაცარიელდა და მიწაზე მიმოიფანტა.
-რა გააკეთე ეს? -ნაწყენმა შეხედა.
-ცხელი და მტვრიანი მაყვლის ჭამა რომ არ შეიძლება, ამხელა გოგომ არ უნდა იცოდე?!
-უკაცრავად, გუშინაც მაყვალს არ ვკრეფდი კორპუსში? ადამიანურად გეთქვა, ხელის აკვრა რაღა იყო?
-სანამ თქმას მოვასწრებდი უკვე შეჭმული გექნებოდა და წამებში რაც მოვიფიქრე ის გავაკეთე.
-დიდი მადლობა, -გაბრაზებულმა აქცია ზურგი და სახლში შეირბინა, დიოტრეფეც უკან გაჰყვა.
-მეგი, მშია, ვჭამოთ საჭმელი.
-ამ სიცხეში ჭამის თავი სულ არ მაქვს, თან თავი მტკივა.
-ნაგვიანი მაყვლის ჭამის თავი ხომ გქონდა?
-ბავშვობაში გაურეცხავი ხილი არ გიჭამია? -შეუბღვირა მეგიმ.
-გოგო, ცხელი და მტვრიანი მაყვალი რომ გეჭამა მოკვდებოდი მუცლის ტკივილით, რატომ არ გესმის?! ვჭამოთ საჭმელი და მერე დალიე წამალი, თავი ხომ არ უნდა გაგისკდეს?
-არ მშია, ძალით როგორ ვჭამო?!
-რამდენიმე ლუკმა მაინც შეჭამე მშიერ კუჭზე წამლის დალევა არ შეიძლება.
-კარგი, შევჭამ რამეს, -უკმაყოფილო სახით შევიდა მეგი სამზარეულოში და მაცივრიდან საჭმელების გადმოლაგება დაიწყო.
საღამოს მცხუნვარე მზემ მიიძინა და ასპარეზი ვარსკვლავებს დაუთმო, რომელთა შორისაც ნახევარმთვარე იწონებდა თავს. მეგი აივანზე მდგარ საქანელაზე იჯდა და სიმშვიდით ტკბებოდა. სასიამოვნოდ გრილ ნიავს შორიდან ჩიტების ჭიკ - ჭიკის ხმები მოჰქონდა. გვერდით დიოტრეფე მიუჯდა და ჩაის ჭიქა გაუწოდა.
- ძლივს აგრილდა, კიდევ ცხელი ჩაი მინდა?
-მაყვალია.
-გარეცხილია? -სიცილით გამოართვა ჩაის ჭიქა და პატარა კოვზით მაყვლის ჭამა დაიწყო.
- შენ არ გინდა?
-ვინმე მაჭმევს რომ?
-შენც შეჭამე, მე ამდენს ვერ მოვერევი, -გულუბრყვილოდ უთხრა და უკან გაუწოდა ჩაის ჭიქა.
-ვიხუმრე, მაყვალი არ მიყვარს, მე მაგისგან მომზადებულ წვენს ვსვამ მხოლოდ.
-უცნაური ვინმე ხარ, იცი?
-უცნაური მე კი არა ეს საღამოა.
-შენ, მე და მაყვალი? -გაეღიმა მეგის.
-წარმოიდგინე, ამ აივანზე ჩვენი შვილები რომ ირბენენ, პატარა შავთვალება და ლურჯთვალება ანგელოზები, -ფიქრებში წავიდა დიოტრეფე, მეგის კი მაყვალი ყელში გადაცდა და ხველა აუტყდა, ჩაის ჭიქა ძირს დადო და ზურგზე ხელებს იტყაპუნებდა.
-დიოტრეფე, მორჩი ოცნებას და ზურგზე ხელი დამარტყი, გამძვრება სული და შვილებიც უკან დაგრჩება და აივანიც, -სიმწრით ამოთქვა მეგიმ, რომელიც სულს ვეღარ ითქვამდა.
-რა მოგივიდა, კარგად ხარ? -ბეჭებზე ხელი დაარტყა, მერე გაიქცა და ჭიქით წყალი მოიტანა. წყალი დალია თუ არა მეგიმ ამოისუნთქა.
-ახლა კარგად ვარ, რამდენიმე წუთის წინ კი მგონი ვკვდებოდი, -ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი და რამდენჯერმე კიდევ დაახველა.
-ბოდიში, ფიქრებში წავედი უცებ.
-მაგას მივხვდი, - ნაწყენმა მიუგო მეგიმ. ქსანთეზე ახალი არაფერია? შენი მეგობრები რას ამბობენ?
-გაიქცა და დაიმალა, ვერ პოულობენ. ჯერ გორში იყო, მერე ხაშურში გადავიდა. სანამ არ დაიჭერენ იქამდე ვერ წავალთ თბილისში.
-ჩემები მენატრებიან და ვნერვიულობ, -მოწყენით თქვა მეგიმ, საპასუხოდ დიოტრეფემ მხარზე ხელი მოჰხვია და მიიხუტა.
##############
შუაღამე კარგად გადასული იყო, მაგრამ ძილი მაინც არ მიეკარა. რაც სოფელში ჩამოვიდნენ მას შემდეგ ძილის ფუნქცია საერთოდ დაერღვა. დღისით თუ ცდილობდა ნერვიულობის დამალვას სამაგიეროდ, დაწოლისას მის გონებას ერთიანად აწყდებოდნენ მილიონი მშფოთვარე აზრები და მოსვენებას უკარგავდნენ. ეზოში გავიდა, რამდენიმე წუთი სუფთა ჰაერზე დაჰყო და ისევ სახლში შებრუნდა. კიბეებს აუყვა და გრძელი კორიდორის ბოლოს მდებარე ოთახის კარები ფრთხილად შეაღო, მისთვის ძვირფას ადამიანს მშვიდად ეძინა. რამდენიმე წუთი კარებში იდგა, ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა. მერე კარები დაკეტა და ყველანაირად ეცადა გადაადგილების დროს იატაკს ჭრაჭუნი არ დაეწყო. საწოლის წინ დადგა და მაღლიდან დაჰყურებდა, დგომით ფეხები რომ ეტკინა იატაკზე დაჯდა და ისე გააგრძელა მისი ყურება. უყურებდა და უაზროდ ეღიმებოდა, მოულოდნელად მეგიმ თვალები გაახილა, გაუღიმა და გვერდი იცვალა. წუთიც არ იყო გასული ისევ რომ გადმობრუნდა, საწოლზე შეშინებული წამოჯდა და კივილი დაიწყო, მის სახელს გაიძახოდა და საშველად უხმობდა. მეგიმ როგორც კი დააფიქსირა, რომ იატაკზე მჯდარი სხეული ფეხზე წამოდგა და ხელი წაავლო კივილს უფრო უმატა, რომელიც ტირილში გადაიზარდა, თვალები დახუჭა და ხელებს აქეთ - იქით იქნევდა არასასურველი ადამიანისგან თავის დასახსნელად. დიოტრეფემ პირზე ხელი ააფარა, რომ გამაყრუებელი კივილის ხმა დაეხშო.
- ნუ გეშინია, მე ვარ. მეგი გაახილე თვალები! - გვარინად შეანჯღრია და ხელი ჩამრთველს მიარტყა, კედელზე დაკიდებულმა ბრებმა ოთახი გაანათეს. მეგიმ თვალები გაახილა და შეშინებული მზერა მიაპყრო დიოტრეფეს.
-აქ ქსანთე იყო.
-არა მეგი, აქ მე ვიყავი.
-დავინახე იატაკზე იჯდა და მიყურებდა, ჩემ წასაყვანად იყო მოსული.
- ეგ მე ვიყავი მეგი და შენ ახალ გაღვიძებულზე რაღაც მოგეჩვენა.
- ნამდვილად შენ იყავი? ძალიან შემეშინდა, მეგონა მოგვაგნო, შენ რაღაც დაგიშავა და ჩემ წაყვანას აპირებდა, -დიოტრეფემ ხელები მოჰხვია და შეშინებული გულზე მიიკრა.
-ნუ გეშინია, აქ მარტო მე და შენ ვართ, ქსანთე ვერ მოგვაგნებს და ვინმე რომც მოვიდეს შენ წასაყვანად ცოცხალი თავით არ დაგთმობ და შენი წაყვანის უფლებას არ მივცემ, გესმის ჩემი?
- მესმის, - ძლივს გასაგონად ამოიბურტყუნა მეგიმ. ცოტა ხანში თავი უსაფრთხოდ იგრძნო, დამშვიდდა, ძილი მოერია და თვალები უნებურად დაეხუჭა. დიოტრეფე რომ მიხვდა ეძინა ფრთხილად მოათავსა საწოლში და ის - ის იყო სინათლე უნდა ჩაექრო, რომ მეგის ხმა მოესმა.
-არ ჩააქრო გთხოვ, მეშინია.
-კარგი, არ ჩავაქრობ, შენ დაიძინე და არაფრის არ შეგეშინდეს. მე უნდა გავიდე, ტკბილი ძილი, -თმაზე ხელი ჩამოუსვა და ოთახი დატოვა.
დილით ორივეს ადრიანად გაეღვიძა, ჰაერი ისე იყო ჩახუთული ჭამის სურვილი არცერთს არ ჰქონდა. დაბორიალებულები აივანზე იდგნენ და გამოფხიზლებას ცდილობდნენ.
- თუ ასეთი სიცხეები გაგრძელდა მგონი თბილისიდან სტუმრები ჩამოგვაკითხავენ. აქ როგორ ცხელა და წარმომიდგენია იქ რა იქნება, ალბათ დუღს ყველაფერი. ძალიან მომწყურდა, წავალ ბოთლით ცივ წყალს მოვიტან, -დიოტრეფე გავიდა, მეგი აივნიდან ათვალიერებდა გარემოს, მერე საქანელაზე ჩამოჯდა, დიოტრეფე მალევე რომ არ გამოჩნდა ვერ მოისვენა და სახლში შევიდა.
-დიოტრეფე, სად გაქრი ასე უცებ? საყინულეს ხომ არ მიეყინე? - სიცილით შეიხედა სამზარეულოში, მაგრამ არავინ დახვდა, მხოლოდ ცივი წყლის ბოთლი იდგა მაგიდაზე. ეზოდან რაღაც ხმები შემოესმა, შესასვლელი კარები გამოაღო თუ არა დანახულმა კინაღამ გული გაუხეთქა. მიწაზე დაგდებულ დიოტრეფეს ქსანთე და კიდევ ორი ბიჭი გამეტებით ურტყამდნენ ფეხებს.
-არ დაარტყათ! ნუ ურტყამთ! -მეგიმ ტირილი დაიწყო და მათკენ ყვირილით გაიქცა.
-ჩემო მშვენიერებავ, ზუსტად ახლა ვფიქრობდი შენზე და აი, შენც გამოჩნდი.
-არ გინდათ, გთხოვთ, მას ხომ ტკივა, შეწყვიტეთ მისი ცემა, -მიწაზე დავარდნილ სხეულს მთელი ტანით გადაეფარა მეგი.
-ოჰო, ამას არ ველოდი. დიოტრეფე, მე არ მასწავლი როგორ მოვაწონო გოგოს თავი ისე, რომ ჩემ გამოც არ შეუშინდეს საფრთხეს? როგორც ვიცი მარტო საცოდავი ყვავილებით შემოიფარგლებოდა თქვენი ურთიერთობა, რა შეიცვალა ამ რამდენიმე დღეში არ მეტყვი? გპირდებით ჩემგან ვერავინ გაიგებს.
-რა გესმის შენ სიყვარულის, -პირიდან სისხლი გადააფურთხა დიოტრეფემ და ზიზღით ახედა.
-ჰმ, არა ბიჭო და შენ გესმის. ჩემზე ძმაო ქალები ჭკუას კარგავენ, აქეთ მეხვეწებიან, რომ მათთან ვიყო. ერთი ამ საცოდავმა ამითვალწუნა, თავი ისე მოაქ თითქოს მზეთუნახავი მყავდეს. დიდის ამბით რომ დამადევნე ძაღლობა, თითქოს არ იცოდე რისი მაქნისები არიან. შენ ქსანთეს მოტაცებული გოგოს ,,ახევა“ ხუმრობა გგონია? ფიქრობდი, რომ ვერ მოგაგნებდით? ძალიან შემცდარხარ თუ ასე იყო.
-ქსანთე, წადი გთხოვ! წადი და დაგვანებე თავი.
-წავალ ჩემო მშვენიერებავ აბა, აქ კი არ ვაპირებ დარჩენას, მაგრამ მანამდე მოდი გავიგოთ შენ უმცროს სერჟანტს როგორ შეუძლია ტკივილის ატანა, -ქსანთემ იარაღი ამოიღო, გადატენა და დიოტრეფეს ფეხში ესროლა.
-ვახ, შენი! -ტკივილისაგან თვალები დახუჭა დიოტრეფემ. შეშინებულმა მეგიმ კი კივილი დაიწყო.
-არ მოკლა გთხოვ! არ მოკლა, -ცრემლებით თვალებდაბინდულმა ახედა ქსანთეს და უფრო მეტად აეკრო დიოტრეფეს.
- ვაა, რა რომანტიკაა? -დაჭრილ ნაცვლიშვილზე დამხობილი თილიძე. ახლა ფოტო რომ გადაგიღოთ და ინტერნეტში ავტვირთო ,,ლაიქების“ რეკორდს მოხსნით, -ირონიული ხმა ჰქონდა ქსანთეს.
-დაგვანებე თავი! -ტირილს არ წყვეტდა მეგი.
-თავიც დანებებული მაქვს და ხელ -ფეხიც! ორივეს მოკვლას ვაპირებდი, მაგრამ ამ წუთას უკეთესი აზრი დამებადა თავში, თუ ჩემი არა, არც შენი გახდება, -ჩაიცინა და მეგის მთელი ძალით ჩაარტყა ფეხი ხერხემალში. დიოტრეფე ლამის მოკვდა ამის შემხედვარე. მეგიმ ტკივილისგან ხმის ამოღებაც ვერ შეძლო ისე დაკარგა გონება.
-გეფიცები მოგკლავ! ნაკუწებად გაქცევ და სადმე სანაგვეზე დავყრი შენ ხორცს მძორების საჯიჯგნად. ისე ვიზამ, რომ მიწაც არ გეღირსოს დასამარხად, -ღრიალებდა სასოწარკვეთილი დიოტრეფე.
-ინვალიდ შეყვარებულს გაუფრთხილდი, რა თქმა უნდა თუ კიდევ გენდომება გონს რომ მოვა. თუმცა რად გინდა ხეიბარი, გოგოების მეტი რა ყრია, არა კარლიკ? -ქსანთემ, ბიჭებს ხელით რაღაც ანიშნა და მანქანისკენ წავიდნენ.
-შენ სისხლს დავლევ, წამებით ამოგხდი სულს ჯაფარიძე, დამაცადე შენ! - აკანკალებული, სისხლიანი ხელით ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა, -ღვთის გულისთვის გაუძელი მეგი, მალე მოვლენ. არ მოკვდე გთხოვ, მჭირდები გესმის? მჭირდები! გთხოვ გაუძელი, ცოტაც გაუძელი, მალე სასწრაფო მოვა და კარგად იქნები. ჯაფარიძე ჩემ გამწარებას არ გაპატიებ, მოგკლავ, არ გაცოცხლებ, -იქამდე ღრიალებდა დიოტრეფე სანამ ხმა არ ჩაუწყდა. შეშინებული უყურებდა მეგის უგონო სხეულს და სახეზე ეფერებოდა. ცოტა ხანში სასწრაფოს სირენების ხმა გაისმა, ორი დამტვრეული სხეული ჯერ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში. დიოტრეფე თავის დამტვრეულ ნეკნებს კი არ ჩიოდა ოცდაოთხი საათი ,,მეგი როგორ არის“ ეკერა პირზე. მხოლოდ მისი ამბის გაგება უნდოდა, სხვა არავინ და არაფერი აინტერესებდა. მისი მდგომარეობა თუ ყოველ დღე უმჯობესდებოდა, სამაგიეროდ მეგის მდგომარეობა უარესდებოდა. უკვე ისეთი გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა ვერანაირი წამალი ვეღარ უყუჩებდა. ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ექიმები, მეგის თუ თურქეთში არ გადაიყვანდნენ გაუსაძლის ტკივილებს ვეღარ გაუძლებდა და ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა. ოჯახის წევრებს ბევრი აღარ უფიქრიათ, თუ რამე დასალომბარდებელი იყო დაალომბარდეს, გასაყიდი გაყიდეს და სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში გადააფრინეს.
ტკივილი რომ ერთ მუშტად კრავს ადამიანებს ეგ ძალიან ცნობილი ფაქტია. მეგის გასაჭირმა ბევრი ადამიანი გააერთიანა. კლასელები, მეზობლები, უბრალო ნაცნობები თუ უცნობები. ყველგან იყო მეგის ფოტოები გაკრული, მეტროში, ქუჩაში, სკვერებში, მაღაზიებში. მეგის ხერხემლის ოპერაცია საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ამიტომ თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ლილი, ნანა და ანისთან ერთად თავს არ ზოგავდა, ვის ახსოვდა უნივერსიტეტი და სწავლა, გარშემო ყველა მეგისთვის დასახმარებელი თანხის შეგროვებას ცდილობდა. ერთ მუშტად შეკრულმა ადამიანებმა იმდენი შეძლეს, რომ ოპერაციის და მისი შემდგომი რეაბილიტაციის ფული შეაგროვეს. ამ ყველაფერმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ თუ ადრე ხერხემალში გადამტყდარი მეგი მხოლოდ იწვა, ახლა თავისუფლად ჯდებოდა ეტლში და შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილებულიყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

ძალიან დამთრგუნა ამ თავმა ისე განვიცადე მეგის ამბავი გული მომიკდააა, იმედია დიო და მეგი ამ ყველაფერს გადალახავენ, ტკივილმა არ უნდა აჯობოთ პირიქით ერთმანეთისთვის უნდა იბრძოლოს, მე ვფიქრობ რომ მარტო არ უნდა დამალულიყვნენ სოფელში. ქსანეთეს ნაირი ნაბიჭვრები დღეს ბევრი არიან არ უნდა გაუვიდეთ არაფერი, მინდა რომ თავის ადგილას მოსვას.

 


№2  offline წევრი Rania

Vaimeee. Ar velodi aset ganvitarebassss. Au male dade raaaaaaa. Ra codoebinariannn. Ar gaaxara qsantem. Rogor sheizleba iyo am donos boroti

 


№3  offline წევრი izabella

დარინა
ძალიან დამთრგუნა ამ თავმა ისე განვიცადე მეგის ამბავი გული მომიკდააა, იმედია დიო და მეგი ამ ყველაფერს გადალახავენ, ტკივილმა არ უნდა აჯობოთ პირიქით ერთმანეთისთვის უნდა იბრძოლოს, მე ვფიქრობ რომ მარტო არ უნდა დამალულიყვნენ სოფელში. ქსანეთეს ნაირი ნაბიჭვრები დღეს ბევრი არიან არ უნდა გაუვიდეთ არაფერი, მინდა რომ თავის ადგილას მოსვას.

თითოეულს სამსახური ჰქონდა, ოჯახი, ვერავინ დაუდგებოდათ დარაჯად. დიოს კი იმედი ჰქონდა, რომ დაიჭერდნენ და ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

Rania
Vaimeee. Ar velodi aset ganvitarebassss. Au male dade raaaaaaa. Ra codoebinariannn. Ar gaaxara qsantem. Rogor sheizleba iyo am donos boroti

თავის მოტაცებული გოგო წაართვეს და ქსანთე რის ქსანთეა დიოსთვის ეგ შეერჩნია.
თუ არაფერმა შემიშალა ხელი ახალი თავი ხვალ იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent