შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიწრო სხეულები (თავი 11)


3-02-2019, 00:07
ავტორი P.A.
ნანახია 1 170

ვიწრო სხეულები (თავი 11)

***
„მიცეკვე, პატარავ!“
ღიმილით დაჰყურებს შეტყობინებას და წინასწარ წარმოიდგენს ილიას ნეტარ სახეს. სიამოვნებისგან აჟრჟოლებს და თხელ.. ძალიან თხელ, ზედმეტად უბრალო, ბრეტელიან პერანგზე მოცმულ ხალათს სხეულიდან მანამ იშორებს, სანამ ილიას მონატრებისგან ამღვრეული სახე არ გამოჩნდება ეკრანზე. ხმას არ იღებენ. უსიტყვოდ შეჰყურებენ ერთმანეთს და ერთდროულად ეფინებათ გამომეტყველებაზე გაშიშვლებული გრძნობები.
–მიცეკვე!
ერთადერთ სიტყვაში ატევს მოუთმენელ თხოვნას.. ბრძანებას.. არაადამიანურ სურვილსა და მესაკუთრეობას. სულ ოდნავ უმოძრავებს ტუჩები თქმისას და სესილიას პირი უშრება. ფეხზე წამომდგარი, ხორცისფერი პერანგის კალთას ბარძაყებამდე იწევს და ხედავს, როგორ ღრმად ისუნთქავს ჰაერს ილია. დახშული სუნთქვა სულ ერთი წამით ფარავს ძალიან ხმადაბლა გაჟღერებულ მელოდიას და ტანის ისეთი ვნებით რხევას იწყებს, აქამდე არასდროს რომ არ გამოუცდია. არცერთი ცეკვის დროს, საერთოდ არცერთხელ.. ილიამდე. ემოციებისგან გადაღლილი, თვალებს ხუჭავს და წინ ჩამოშლილი, დატალღული თმიდან თითები საკუთარ სხეულზე გადააქვს. ნელა.. ეტაპობრივად.. მთელი გრძნობით..
–ღმერთო.. – შემდეგი სიტყვა სწყდება ილიას ტუჩებს და მაშინვე მის თვალებს აწყდება. ისე გამოიყურება, თითქოს წუთი–წუთზე სუნთქვას შეწყვეტს და ხროტინის მსგავსი ხმა ამოსდის ყელიდან, – ღმერთო, სესილია..
ღია ფერის ნაჭერი სრიალდება მკვრივ სხეულზე და თითქმის გამჭირვალე, მთრთოლავ კანს უსირცხვილოდ ამხელს. ილიას კი ისე შურს ახლა ამ საძულველი, ხორცისფერი ნაგლეჯის, კრიჭაშეკრულს ხელები ემუშტება
–რა ლამაზი ხარ, სესილია.. – ჩურჩულებს უკვე არეული და მოხეთქილი ვნებით, მოულოდნელად უკან აგდებს კისერს. სანამ ისევ გაასწორებს ზედმეტად აფორიაქებულ მზერას, თვალები უცნაური სევდით ევსება და მუცლისენ ჩასრიალებულ საკუთარ ხელს ეკრანისკენ ანაცვლებს. სესილიას სხეულს კონტურებად ხაზავს, საჩვენებელ თითს დაატარებს ბრტყელ ზედაპირზე და ნაზი ღიმილი ეკვრება სახეზე
–ჩემი საოცრება ხარ.. ჩემი აღმოჩენა.. მოდი ახლოს..
ფრთხილად უახლოვდება და ახლა ერთმანეთის პირისპირ სხედან. ილია მოჯადოებული, ტრანსში გასული გამომეტყველებით, სესილია კი ნაზი ღიმილითა და მოშიშვლებული გულ–მკერდით.
–ისე მენატრება შენი შეხება.. ისე მაკლიხარ.. მგონია რომ ვეღარ გავუძლებ, – ჯერ კიდევ ეკრანთან გაშეშებულ ილიას ხელთან მიაქვს თითები და ეკრანი მისი ხელისგულით იფარება, – მოდი, მომაკარი ხელი..
–მგონი გავუბერეთ, სეს..
–მომაკარი..
ხელისგულს საკუთარი, უფრო დიდი ხელით უფარავს და მათ უცნაურ საქციელზე ეცინება
–შენი მკერდი აღარ ჩანს ასე, სეს..
–მთავარია ჩემზე მეტად არ მოგენატროს, – კისკისებს სესილია, – უნდა წავიდე.. ნიკო მოვიდა მემგონი..
–ჩაიცვი, – ახსენებს ფხუკუნით და მის დაბღვერილ გამომეტყველებაზე მხიარულდება, – ასე გვიან რა უნდა ნიკოს?
–ალბათ ვერ დაიძინა, ასე იცის ხოლმე..
როლებს ცვლიან, ახლა ილია იბღვირება.
–სეს..
–გისმენ, – ეღიმება, როცა ხვდება, ვერაფრით თმობს მამაკაცი
–ასე არავის უცეკვო..
–და ასე გავშიშვლდე სხვებთან?
–სესილია, წესიერად! – უნდა მკაცრად უთხრას, თუმცა მისი სილამაზე ისე აბრმავებს, ვერაფრით იცილებს ლაღ ღიმილს სახიდან
–არავის ვუცეკებ ასე.. – პირდება და დაუმშვიდობებლად უთიშავს. ასე დასჩემდა ბოლო დროს.. ჰგონია, თუ დიდხანს მოანდომებს მასთან დამშვიდობებას, უფრო გაუჭირდება.. უფრო დიდი შანსი იქნება, რომ უკანასკნელი იყოს.

***
ილიას მანქანაში სხედან და როგორც ყოველთვის, ერთმანეთის ჭამით ირთობენ თავს. ყველაფერი იდეალურადაა. დღე მზიანია, მათი საყვარელი მუსიკის ჰანგები სასიამოვნოდ ედება ყურს, უკმაყოფილო ბაჩო კი ისევ ჩვეული ჯუჯღუით აბეზრებს თავს დაჩის. ამაზე უფრო ბუნებრივად როგორ უნდა გრძნობდნენ თავს?!
–გაქაჩავ ვითომ შორ გზაზე? მზად ხარ? – წინ მჯდარი დაჩი ირონიული მზერით ბრუნდება უკან
–როგორ არ ვარ. აი, ნახე, თუ არ დამსვას ილომ..
–კაი ჩიტს დაიჭერს! სად არის ამდენ ხანს? მოვკვდი მშიერი, – აღარ აინტერესებს ბაჩოს ამბები და სიგარეტს უკიდებს
–დააცადე, გასაუბრებაა ბოლო–ბოლო, რა ვერ ამოივსე ბიჭო ეგ მუცელი დილიდან.. აი, მოდის! – უცებ ყოფს ჩაწეული მინიდან თავს და არც ხალხს აქცევს ყურადღებას, არც დაჩის გამკიცხავ მზერას. ხმამაღლა და ბედნიერი ღიმილით ყვირის, რომ ჯერ ისევ მოშორებით მყოფ ილიას გააგებინოს, – რა ქენი, ილო? ჰაა, რა ქენი?
–ნორმალური თუა ახლა ეს, – ბურტყუნებს უკმაყოფილოდ დაჩი და შებრუნებული, იდაყვში ავლებს ხელს, – შემოეთრიე მანქანაში, არ გადავარდე და მოიქეცი წესიერად, თორემ მიხვდებიან რომ ილიას ძმაკაცი ხარ და ახლოსაც არ გაიკარებენ..
–წადი რა! – ბრაზდება ბაჩო და იმავე წამს საჭესთან მოთავსებულს მომლოდინე მზერით შესცქერის
–ჰა, ბიჭო, ამოღერღე.. – აგულიანებს არანაკლებ ცხონისმოყვარე დაჩიც და მათი შემხედვარე, ილიას თბილად ეღიმება
–ამიყვანეს
–ასეც ვიცოდი! – ღრიალებს ისევ ბაჩო და უკანა სიდენიიდან ხვევს ყელზე მკლავებს, – მაგარი ხარ, ილო, მაგარი!
–თუ მოგუდავ, აზრი არ ექნება ამის სამსახურის დაწყებას, ჭკვიანო, – უღრენს დაჩი, თუმცა ბაჩოს მოშორებისთანავე ისიც ძლიერად ეხვევა ძმაკაცს და თითქმის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებით შორდება მის სხეულს
–გაგიჟდება სესილია.. – თბილი ღიმილი ეფინება სახეზე
–ჰო, გაგიჟდება, – თვითონაც სიყვარული ეღვრება ხმიდან და მანქანს ძრავს, – დაგარიგოთ სახლებში თუ საით ახლა? მე სამსახურში უნდა გავბრუნდე..
–დაანებე მაგ სამსახურს ახლა თავი, – მობეზრებით იქნევს ხელს ბაჩო
–ჯერ ვერა, ბაჩო..
–რატომ? გიჟია ეს.. რაღა გინდა მშენებლობაზე? – უკვირს და მომენტალურად დაჩისა და ილიას თავებს შორის ჩნდება მისი წარბშეკრული სახე
–აქ მუშაობას ხვალვე კი ვერ დავიწყებ. თან ჯერ დაუსრულებელია საქმე, ბოლომდე უნდა მივიყვანო..
–ნეტა არ ახურებდე ხოლმე, – უკვირს და ისევ უჩინარდება, – რანაირი კაცი ხარ, ილია? ყველაფერს ართულებ..
–ყველა შენნაირი ჭკუისკოლოფი ხომ ვერ იქნება, ბაჩო! – ხარხარებს დაჩი, – დღემდე მიკვირს, როგორ.. რა ხერხებით შეისწავლე ეს ფინანსები.. – ტუჩს ატრიალებს და გააფთრებული ძმაკაცის სახეზე უფრო მეტად მხიარულდება, – ან, ვაბშე ის პრავა ნამდვილია? ყალბი ხომ არ მოგვაჩეჩე, ბიჭო?
–საერთოდ არ გაქვს ნამუსი, არა?
ისეთი წყენა მოისმის ხმაში, ილია ვერაფრით იკავებს თავს და სარკიდან ღიმილით შესცქერის
–დაიკიდე ბაჩო და ზღვაზე რომ წავალთ, შენ მოგაბარებ საჭეს!
–მართლა? – წამში ავიწყდება დაჩის ნათქვამი ყველა სიტყვა
–მართლა.. – შეთანხმების ნიშნად უკან სწევს ცალ ხელს და ბედნიერი ძმაკაცის ტორი წამსვე უწვავს ხელისგულს.

***
გაყინული სახით დასჩერებია ნიკოს, რომელიც მჭიდროდ უხვევს შიშველ ტერფს და და შიგადაშიგ მისი სახისკენ აპარებს მზერას. დაბნეული ეჩვენება ბოლო დროს. დაბნეული და იმაზე მეტად უხასიათო, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა რამის კითხვას ერიდება. იცის, თვითონ თუ არ წამოიწყო სესილიამ საკუთარ თავზე ლაპარაკი, სიტყვას ვერ დააცდევინებს.
–ასე კარგია?
–მიჭერს ძალიან..
–ვერ მოვუშვებ მეტად, სესილია.. – თავს აქნევს ნიკო, – ამოძრავე თითები აბა..
–მიჭერს, ნიკო.. – მის მითითებას ასრულებს და იხრება. შეხვეულ ტერფს ეჭიდება თითის ბალიშებით, – ვერ გავალ ასე.. ყველა კუნთი დაჭიმული მაქვს, მეტი დრო მინდა..
–არ გვაქვს მეტი დრო, სეს, – ნაჭერს ამაგრებს და ფეხზე აყენებს.
ფრთხილად ეჭიდება ნიკოს ხელს და რამდენჯერმე იწევა ფეხისწვერებზე. მკვრივ წვივებზე ლამაზად ებურცება კუნთები, ყელს იღერებს და ფრთხილად ეხსნება ნიკოს მკლავს. თმაში, კისერთან იცურებს თითებს. ყურის ძირებსა და კეფას ძლიერად იზელს და ღრმა ამოსუნთქვით უშვებს ჰაერს დაღებული ბაგეებიდან
–ყველაფერი კარგად იქნება.. – ესმის ნიკოს ხმა უეცრად და თვალს თვალში უყრის
–ვიცი.. – ჩურჩულებს და მათკენ მომავალ სილუეტს შეფარვით ათვალიერებს. ნიკო მის მზერას აყოლებს თვალს და კიდევ უფრო უკლებს ხმას
–საიმონი მოდის, ისევ..
–სულ თვალს გვადევნებს..
–წესიერად შეხვდი, ნახევარზე მეტ არტისტს ამ პროექტში ეგ აფინანსებს.. – ისე სწრაფად აყრის სიტყვებს ერთმანეთს, სესილიას ეღიმება. მერე უცებ ბრუნდება და ღიმილს იკრავს სახეზე, რომ მოახლოებულს ღირსეულად დახვდეს. ჯერ ნიკოს უწვდის ხელს მაღალი მამაკაცი, მერე სესილიასკენ იხრება და საოცარი სინაზით ეამბორება ხელის ზურგზე
–მზად ხართ დღევანდელი შოუსთვის? – ეკითხება უაქცენტო, ლამაზი ბრიტანულით და სულ ოდნავ უკრავს ორივეს თავს. ასე სჩვევია.. შემჩნეული აქვს სესილიას.
–მგონი, მზად ვართ, – პასუხობს სესილია ღიმილით და მკერდთან, ერთმანეთში ხლართავს ხელებს
–დღეს ხელშეუხებლები ხართ.. არავინ არავის ეჯიბრება! – ჩვეული ჟესტით შლის საიმონი ხელებს და რატომღაც სცენისკენ იხედება, – მხოლოდ დამფინანსებლის გულის მოგება გჭირდებათ. მინდა, წარმატება გისურვოთ! – ამატებს სანდომიანი მზერით და ნიკოს მხარს ეხება
–გმადლობთ, – თითქმის ერთდროულად პასუხობენ
–თქვენს ქორეოგრაფს უკვე ვესაუბრე, ალბათ გადმოგცემთ ჩემს შემოთავაზებას.. – ღია ნაცრისფერ პიჯაკს ეჭიდება მარჯვენა ხელით და ახლა მხოლოდ სესილიას სახეს უსწორებს მზერას
–რა შემოთავაზებას? არაფერი უთქვამს.. – უკვირს ნიკოს და ცნობისმოყვარე მზერას აპყრობს გოგონას, რომელიც წამსვე მხრებს იჩეჩს
–ახლა რეპეტიცია გეწყებათ, მოგვიანებით დავილაპარაკოთ.. იმედი მაქვს, ჯიჯი ყველაფერს დაწვრილებით გადმოგცემთ ჩემი პირობების შესახებ. საღამომდე! – ისევ თავს უკრავს გვერდიგვერდ ჩამომდგარ წყვილს და ბრუნდება.
რამდენი წამი ჩუმად აყოლებენ მზერას, მერე ერთმანეთს შეჰყურებენ გაკვირვებული მზერით
–სად არის ჯიჯი აქამდე? – კოპებს კრავს სესილია
–ხომ იცი, სულ აგვიანებს რეპეტიციებზე.. გავარკვიოთ დღეს, რა შემოთავაზება აქვს ამ ჩვენს საიმონს, – სესილიასგან განსხვავებით, ნიკოს ზედმეტად კმაყოფილი მზერა აკრავს. უცებ ხვევს წელზე ხელს გოგონას და სცენისკენ თითქმის ჰაერში ატაცებული მიჰყავს
–მოიცა.. ილიასთან დარეკვა მინდოდა, გასაუბრებიდან გამოვიდოდა..
–არ არის დრო, სესა.. – აწყვეტინებს ნიკო და მის გაბუტულ მზერაზე უკმაყოფილოდ ოხრავს, – განსაზღვრული დრო გვაქვს რეპეტიციისთვის. რაც მალე დავიწყებთ, მით მალე დაურეკავ ილიას, კარგი? დასახვეწი გვაქვს რამდენიმე მოძრაობა..
–კარგი.. – უქნევს თავს და ნიკოს გამოწვდილ თითებს თავისას აგებებს. მერე.. მომდევნო ოთხი საათი დაუღალავად ავარჯიშებენ კუნთებს. ოფლის ყველა წვეთს შედეგიანად ღვრიან და დასასრულს, გადაღლის მაგივრად, ენერგიის საოცარ მოზღვავებას გრძნობენ.

***
–მითხარი.. მითხარი, რომ კარგად ჩაიარა! მაპატიე, რომ აქამდე ვერ დაგირეკე, კარგი? რეპეტიციის მერე პირდაპირ რაღაც შეხვედრაზე მოგვიწია წასვლა, ჯიჯიმ არ ამომასუნთქა.. მერე, დაჩიმ დამირეკა და ძლივს მოვახერხე შენთან დაკავშირება. მაპატიე.. სწრაფად მითხარი, თორემ ვერ ვითმენ! – ყველაფერს ერთიანად აყრის და კომპიუტერის დიდ ეკრანზე მისი შეწუხებული, ლამაზად თმაჩამოშლილი სახე მოჩანს
–არაუშავს. ამიყვანეს, სეს.. მოეწონათ ჩემი პროექტი და ამიყვანეს, ოფისსაც გამომიყოფენ მალე..
–ღმერთო, რა მაგარია! – სასაცილოდ უტყაპუნებს ერთმანეთს ხელებს და თვალებგაფართოებული, ეკრანისკენ უფრო მეტად იწევა, – ხომ გეუბნებოდი.. ძალიან მიხარია, რომ დააფასეს მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური ბიჭი, როგორც იქნა!
–რაო? – ეცინება ილიას, – სიმპატიური ვარ, სესილია?
–აბა, არ ხარ? – უკვირს და თავადაც ეცინება, – არასდროს მითქვამს?
–არა, სეს..
–არც მეგონა, თუ საჭირო იყო ამის აღნიშვნა.. – ტუჩს იბზუებს და ისე იცხადებს, თითქოს რამეში ეწინააღმდეგებოდნენ
–მეც არა ვთქვი, ასეთ მაგარ გოგოს რა აჩერებს ჩემთანმეთქი?! – ტუჩს ატრიალებს და სესილიას გაბადრულ სახეს თბილი მზერით შესცქერის
–დაჩის ხომ არ ელაპარაკე? – ეკითხება უეცრად დასერიოზულებული
–არა.. დღეს აღარ მილაპარაკია, გვიანობამდე ვმუშაობდი. ხვალ ვაპირებთ მე და ბაჩო გასვლას თქვენთან.. დაჩიმ დაგვიბარა. ხომ არ იცი, რა უნდა?
–რა უნდა უნდოდეს, ისედაც სულ ერთად არ ხართ? ალბათ, ისე, უბრალოდ.. – იბნევა და თითქოს ნერვიულობაც ეპარება ხმაში
–რავიცი, ისე საქმიანად ლაპარაკობდა.. – ეცინება ილიას და დაკვირვებით შესცქერის სესილიას თითოეულ მოძრაობას, – რამის თქმა გინდა, სეს?
–არაფრის! – უცებ უჭრის და უღიმის, – როდის მიდიხართ დასასვენებლად?
–ორ კვირაში დაახლოებით, შენს დაბადების დღემდე, – ხმა უქრება ბოლო სიტყვებზე
–წესიერად მოიქეცი იცოდე.. – ეშმაკურად უღიმის სესილია
–ოჰო, ჩემი პატარა ქალი მბრძანებლობს? – საოცრად მხიარულდება ილია და ახლა ისე უნდება ხელები შემოხვიოს ასეთ აკისკისებულს, ხელისგულების ქავილი ეწყება და მოუსვენრად უსვამს ერთმანეთს
–დიახაც!
–შენმა ძმამ ლამისაა ჯაჭვის საცვალი ამომაცვას, სეს.. არასდროს რომ არ დამყვებოდა, ახლა დადის ყველა კლუბსა და ბარში ჩემთან ერთად, ამიტომ არ იდარდო! – ხმამაღლა იცინის და საკუთარ სიტყვებზე დაჩის სახე ახსენდება, რომელიც ილიასთან სიახლოვეს გავლილ ყოველ ქალს შუბლშეკრულ მზერას აყოლებს
–გჭირდება ჯაჭვის საცვალი, ილია? – იწყენს სესა და ამის დანახვაზე კიდევ უფრო მეტად უტყდება მამაკაცს სიცილი
–შენი ერთგული ვარ, სესილია.. – უღიმის და უეცრად აკიაფებულ თვალებში შესცქერის, – ყველანაირი პატიოსნებისა და მორალის გარეშე.. ჩემი სურვილით ვარ შენი ერთგული და სხათა შორის, მე უფრო უნდა ვდარდობდე შენზე, ასეთი სრულყოფილი რომ მყავხარ.. თუმცა, სულ ცოტა დარჩა.. ცოტაც და ჩემთან იქნები, ჩემო სილამაზე!
ილიას სიტყვებზე გული უჩქარდება. პირს აღებს და რაღაცის თქმას აპირებს, თუმცა ვერაფრით ახერხებს ამ ბედნიერი, სიყვარულით სავსე, გულწრფელი წუთების გაფუჭებას და თვალებდახრილი ამოთქვამს სიტყვებს
–ძალიან მიყვარხარ.. ძალიან მენატრები.. – ჯიუტად არ სწევს თავს. არ შეუძლია ახლა მისი სახის დანახვა და ილიასაც სჯერა, რომ მორიგი მონატრების გამო ვერ ეშვება საყვარელი ქალი ტუჩების ასე წვალებას. ამიტომ მალევე ემშვიდობება, თითქოს ისევ ბანალური, მაგრამ საოცრად თბილი, გულიდან წამოსული სიტყვებით.

***
ერთმანეთის პირისპირ სხედან და ბოლო ნახევარი საათია რიგ–რიგობით ეწევიან სიგარეტს. ასე ნაკლებად გაიბუღება ოთახიო, გადაწყვიტა ბაჩომ და ნინოც ამ სიტყვებით დაამშვიდა. მათაც, მიუხედავად იმისა, რომ ძმაკაცი კარგად გაამასხარავეს ამ სიტყვების გამო, დაუფიქრებლად აიტაცეს მისი იდეა და ახლა, დაჩის ერთი სული აქვს როდის ჩაათავებს ღერს დინჯი, ბაჩოს თქმით ‘მოზოზინე ილია’
–მალე მორჩი.. – ვეღარ ითმენს და ჯიუტად, მოუკიდებლად ატრიალებს ახალ ღერს ხელში
–გარეთ გადით და იქ მოწიეთ, – სამზარეულოში შემოდის ნინო და კიდევ ერთხელ აბრიალებს თვალებს
–აბა ერთი ღერი შეიძლებაო? – ისე თბილად უღიმის ილია, ნინოს წამსვე ებადრება სახე და გულიც უთბება
–მერე, მერამდენე ღერს ეწევი? – ეკითხება მაინც ცაცხანით
–ერთი ღერია, – თითებში ათამაშებს სიგარეტს და მოჯუჯღუნე დაჩის აჩეჩებს ხელში, – ნუ დაიტანჯე, აჰა, მოწიე!
–ჰოო, კარგი ბიჭები ხართ, – აქებს ბაჩო და ნინოს კომპოტს გემრიელად შეექცევა
–მოკლედ.. მე და სალომე ხელის მოწერას და ჯვრისწერას ვაპირებთ, – იწყებს ბაჩო ისე, რომ დაჩის ტანჯვას ვერაფრით წყვეტს თვალს, რომელიც კომპოტში მოცურავე გარგარს უნიჭოდ დასდევს ჩანგლის წვერით
–მერე? – ეღიმება მის მზერაზე ილიას
–მეჯვარეებად ერთ–ერთი კაცი გვინდა რა..
–მერე? – ახლა ბაჩო კითხულობს და სულ ავიწყდება პირისკენ წაღებული, ძლივს მოგერიებული ხილი
–მერე ის, რომ მემგონი იმბეცილი მეჯვარე ავირჩიე და გადაფიქრება მომიწევს! – შუბლს კრავს, როცა კომპოტის წვენი ეწუწება მაისურზე
–არ გადაიფიქრო, ძმობას გაფიცებ! – ხარხარებს ბაჩო და მაგიდაზე მოუსვენრად აბრახუნებს მუშტებს, – ვახ, რა მაგარია!
–საკუთარი ნებით აღიარა ამ წამს, რომ იმბეცილია, – უკვირს დაჩის და ილიას მომღიმარ სახეს გაკვირვებით შესცქერის
–ხედავ ილო? მე უფრო ვევასები! შენც მე უფრო გევასები და შენც მე წამიყვან მეჯვარედ! – ასკვნის და კმაყოფილი მზერით შესცქერის ბედნიერ ძმაკაცებს
–შენზე კარგი ვინ უნდა წაეყვანა, ბიჭო, აბა? – სიცილით ეხვევა ნინო გახარებულს და მათთან ერთად ჯდება მაგიდასთან
–როდის ეს დამშვიდდება ახლა, – ოხრავს დაჩი
–ქორწილი, დე? – შვილისკენ იხრება ნინო და ნაზად უსვამს სახეზე ხელს, – ჩემი სესა თუ ვერ ჩამოვა ამდენ ხანს, მგონი ჯობია გადაიხადოთ ბარემ..
–ხომ აპირებდი დალოდებას? – უკვირს ილიას
–თუ კიდევ გაუგრძელდა რამდენიმე წელი იქ ყოფნა, რაღას დაველოდებით, ილო.. – სევდიანად ეღიმება და ლაპარაკის გაგრძელებას აპირებს, ძმაკაცის შეცვლილ მზერას რომ აწყდება, – არ უთქვამს? არ გილაპარაკია სესასთან?
–ველაპარაკე.. – კბილებს შორის სცრის და ხელოვნური ღიმილით ცდილობს ემოციის დაფარვას, – რა ხდება, დაჩი?
დაჩი იბნევა, მასავით ფითრდება და რამდენიმე წამში იმდენად მტანჯველი სიჩუმე ისადგურებს, ბაჩოც კი უკმაყოფილოდ იშმუშნება. ვერაფრით სცემს პასუხს, მერე ნერვიულად ისვამს თავზე ხელს და გაჭირვებით იღიმის, – ერთი ტიპია იქ.. სტუდია ჰქონია ბრიტანეთში და ძალიან მაგარი ვარიანტი შესთავაზა.. ცნობილი სტუდიააო, სულ პროფესიონალი მოცეკვავეები ყოფილან. სამწლიანი კონტრაქტია. ხომ იცი, ილო, როგორი პროფესიაა..
–რაებს მელაპრაკები? – ვეღარ ითმენს ილია და უეცრად, უხეში ტონით აწყვეტინებს, – აზრზე ხარ რას მეუბნები ახლა?
–აზრზე ვარ.. – თავს აქნევს დაჩი და კეფაზე იწყობს ხელებს
–ასეთი შანსი მეორე არ მექნებაო, ასე ამბობს, – აგრძელებს ნინო და ილია უარესად იძაბება, – მაღალი ანაჟღაურება და გარანტირებული წარმატებული კარიერა..
–წარმატებული კარიერა.. – იმეორებს და ორივე ხელით, თვალებგაშტერებული იქექავს წვერს, – მაღალი ანაზღაურება.. კარგია, ძალიან მაგარია.. ჭკვიანი გოგოა ჩემი სესილია! – იღიმის და ფეხზე დგება
–ილო.. – მისკენ იწევა დაჩი და უნდა რომ ხელით შეაჩეროს, თუმცა მაშინვე უსხლტება
–მისმინეთ.. უნდა გავიდე რა, მეჩქარება სამსახურში.. – ვეღარ ისვენებს. ერთი სული აქვს ყველას მოშორდეს. რაც შეიძლება მალე დარჩეს მარტო, რომ საკუთარ ემოციებს თავისუფლად მისცეს გასაქანი
–ილო, გამოგყვები! – სხვა ვერაფერს იფიქრებს ბაჩო და უკან ედევნება
–იყავი, ბაჩო..
–მოიცა რა, გამოგყვები!
–იყავი მეთქი! – აჩერებს უხეშად და სწრაფად ტოვებს ოთახს.
დაჩი უსიამოვნოდ ოხრავს და წამომდგარი, კიდევ ერთ ღერს უკიდებს
–ოხ, სესილია, სესილია.. – ჩურჩულებს თავისთვის და ფანჯარასთან მისული, უაზროდ გადაჰყურებს ქუჩას
–რას მიახალე, ბიჭო?
–არ მეგონა, ბაჩო, თუ აქამდე თქმას ვერ გაუბედავდა.. – სევდით აქნევს თავს და წყვეტილ ბოლს უშვებს პირიდან.

***
ილიას თითები დამოგზაურობს სხეულზე. ნელა.. მტვანჯველად ნელა მიუყვება სესილიას წვივებს, ბარძაყებს, მენჯის ძვლებთან ჩერდება და ხელისგულებში იქცევს მის თეძოებს. მთელი სხეული უთრთის. სიყვარულისგან.. სიამოვნებისგან ერთიანად იკრუნჩხება და თავს ვერ იკავებს. მუცელთან გაშეშებული სახის დანახვა უნდა.. სჭირდება. ისე სჭირდება, გულ–მუცელი უდუღს. თავად ჩოჩდება მისკენ, ილიას სხეულქვეშ და გრძნობს, როგორ ესობა ცხელი თითები უკვე მკერდზე. მამაკაცის ყელში რგავს სახეს და ჰგონია, რომ ახლა შვებით ამოისუნთქებს.. მაგრამ, ღრიალი უნდება. ვერ გრძნობს.. მის სურნელს ვერ გრძნობს, მის მონატრებას ვერ ერევა და ხვდება, რომ სიზმარია. სიზრმარშივე ხვდება, რომ არ არის სინამდვილე საკუთარ სხეულზე აკრული მამაკაცის ცივი კანი. არაფერი აქვს ამ ყველაფერს საერთო ილაისთან.. ვერც მის მზერას პოულობს ცხადად და ვერც მის არომატულ სუნთქვას გრძნობს სახესთან, არც წვერი ჩხვლეტს ისე მტანჯველად, როგორც ადრე. მზერა უქვავდება და მთელი ძალით იშორებს სხეულიდან. იშორებს და სწრაფად ახელს თვალებს. ჯერ ისევ სუნთქვააჩქარებული, გულზე იჭერს ხელებს და ტუჩები უთრთის. ენატრება.. საშინლად ენატრება და ხვდება, რომ ვეღარ უძლებს. მოუთმენლად, ხელის ცეცებით დაეძებს მობილურს და ისე სწრაფად კრეფს ნომერს, თავადაც ვერ ხვდება. რამდენიმე გაბმული ზარი და მისი მშვიდი ხმა მოისმის. ამ სიმშვიდეში კი იმდენი რამ იკითხება, ვერაფრით იკავებს თავს. ვეღარ უძლებს და სლუკუნით ისრუტავს დაუკითხავად გამოჟონილ ცრემლებს
–სეს..
–ილია..
–სესა, რა გატირებს?
–უნდა შეგეხო.. – ჩურჩულებს ჩუმი ქვითინით და ჯერ ისევ არეული, პატარა ბავშვივით, რამდენჯერმე იმეორებს ერთი და იმავეს, – უნდა შეგეხო.. ილია, უნდა შეგეხო.. შენი სურნელი უნდა ვიგრძნო.. გავგიჟდები სხვანაირად..
–სესილია, ღამის ოთხი საათია, უნდა გეძინოს..
შეშდება. ისე უჭერს ყელში მისი სიტყვები, ტირილსაც ვეღარ ახერხებს და საწოლზე წამომჯდარი, საკუთარ მუხლებს ეჭიდება თითებით.
–ილია, მე..
–რატომ არ მითხარი, სეს? – ესმის იმდენად ტკივილიანი ხმა, სიტყვასაც ვეღარ ამბობს. ვერც ერთ სიტყვას.. – რატომ არ მითხარი, რომ აღარ მიბრუნდები?
მისი კითხვიდან თვეების განმავლობაში დაგროვილი ტკივილი იღვრება და ორივეს.. ორივე მათგან ახსენებს, რამდენად არარაობად გადაქცეულად ერთმანეთის გარეშე.
–მე... მე.. – იმდენად უსუსურად გრძნობს ახლა თავს, ვერაფრთ უყრის სათქმელს თავს და თავისუფალი ხელით ეჭიდება ზეწარს, – მე.. არ შემეძლო. არ მინდა უშენოდ.. არ მითქვამს თანხმობა. გეფიცები, ილია.. არ მითქვამს ჯერ თანხმობა..
–ნუ ტირი, სესილია! – აღარ შეუძლია მისი ასეთი ხმის მოსმენა. მის ყოველ აკანკალებულ ნოტს საკუთარ სისუსტედ აღიქვამს.. თუმცა, თავადაც ვერ ხვდება როგორ, როდის შეძლო ამდენად დაკავშირება მის შინაგან სამყაროსთან
–არ მითქვამს თანხმობა.. – იმეორებს ისევ და ილია ხვდება, რომ ახლა კარგად ვერც აზროვნებს. ინსტიქტურად, გაუჩერებლად იმეორებს ერთი და იმავეს
–ხომ იცი, რომ დროის ამბავია, სეს.. თანხმობას იტყვი. უბრალოდ დღეს არა... ხვალ, ზეგ იტყვი.. აქამდეც იტყოდი, მაგრამ ვერ გაბედე.. იცოდი, საკუთარ თავს ვერ აპატიებდი ასე მალე ჩემს მიტოვებას. იცი ეს შენ, სესილია..
–ილია..
–დროს წელავ.. წელავ, რადგან მერე იფიქრო, რომ ბოლომდე იბრძოლე. მესმის, სეს.. შენ რჩები. ხომ ასეა?
–დამელოდე, ილია, გეხვეწები.. – ქვითინით ამოთქვამს სიტყვებს და ილიას გული ეკუმშება. ისე ეკუმშება, რამდენიმე.. სასიცოცხლო დარტყმას ტოვებს და კილომეტრების იქით, ეს დაკარგული ფეთქვა, სხვისი გულის თრთოლვას უერთდება.
–კიდევ რამდენი ხანი, სესილია? – ესმის თითქმის ღრიალით ნათქვამი სიტყვები და გახშირებული სუნთქვით ზეწარში შემალულს გრძნობა აქვს, რომ საკუთარი, გაგიჟებამდე მონატრების ცრემლები ბოლომდე შეუხუთავენ სულს.

***
რამდენიმე დღე ისე გადის, არც ურეკავს.. აქამდე თუ ყოველთვის ატყობინებდა სად იყო.. როგორ იყო.. რამდენ ხანში შეძლებდა დაკავშირებას, ახლა უბრალოდ, მოკლედ სწერს, რომ უყვარს და ამით მთავრდება. ასეთი ახსნილი სიყვარული კი ყველაზე მტკივნეული, ყველაზე მიუღებელია. მუდამ გამოსავლის ძიებაშია, სულ იმაზე ფიქრობს, როგორ შეძლებს საყვარელი მამაკაცის შენარჩუნებას და იმდენად უსუსურად გრძნობს ამ ყველაფრის გამო თავს, უაზროდ ბევრს ტირის ყოველ ღამე. აღარც საჭმელს აკარებს პირს, აღარც გასართობად დადის ახალ მეგობრებთან ერთად, ნიკოსა და ჯიჯის ჩხუბსაც აღარაფრად აგდებს
–შენი დაბადების დღეა და გინდა თუ არ გინდა, მაინც აღვნიშნავთ! – გადაჭრით ამბობს მისი მდგომარეობით გადაღლილი ჯიჯი და ნიკოს ხელებში აჩეჩებს მზა საჭმელს, – გადმოიღე თეფშზე და მოუბრძანე
–არ მინდა, ჯიჯი, არ მშია და ნუ გადამეკიდე!
–ყველაზე ნაკლებად ლაწირაკი, შეყვარებული გოგოს დრამები არ მაწყობს ახლა, სესილია, – სიმკაცრეს ურევს ხმაში და წინ უჯდება, – მოყევი რა ხდება და მერე რეპეტიციისთვის მოემზადე..
–იმაზე მეტს ვვარჯიშობ ვიდრე საჭიროა, რა პრობლემა გაქვს? – უტევს სესილიაც და ფეხებაკეცილი, თხელ მოსაცმელში ეხვევა
–ვინ გთხოვა მერე? თუ გამოიფიტე რათ მინდა გოგო შენი ასეთი სცენაზე გამოსვლები? სესილია, ახლა კარგად მისმინე.. – ხაზგასმით წარმოთქვამს სიტყვებს და ნიკოს მოტანილ საჭმელს თავად უდებს მუხლებზე, – ეგ კაცი გამოჩნდა თუ არა, მაშინვე აურიე შენ.. თავი ხელში აიყვანე და ზრდასრული გოგოსავით მოიქეცი. არ გეკონტაქტება? თუ რა პრობლემაა? – ეძიება მაინც
–ნაწყენია.. ვგრძნობ, რომ ძალიანაა ნაწყენი და არ შემიძლია ასე ყოფნა..
–მისწერე! – აგულიანებს ნიკო და ახლოს ჩამომჯდარი, მის საჭმელს ჯიჯისგან უჩუმრად იპარავს თეფშიდან
–არ არის საქმე მიწერ–მოწერაზე, ნიკო.. – ეღიმება სესილიას, – გგონია უპასუხოდ მტოვებს? უბრალოდ, ხომ გააჩნია პასუხს.. ხომ ვატყობ როგორ გავუცრუე იმედი..
–საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრით? – ირონიით ეცინება ჯიჯის
–არ გესმის შენ, ჯიჯი..
–ოჰო, ხუთი წლის სესილიას ჩემზე მეტი გაეგება სიყვარულში! – წარბებს უკმაყოფილოდ ზიდავს მაღლა და ლოყაჩაცვენილ გოგონას კიდევ ერთხელ ავლებს მზერას
–ხომ არის რაღაცები, რასაც შენს თავს ვერ აპატიებ.. – ჩურჩულებს სესილია და სახეს ხრის. ნიკოს მხარს ეყრდნობა თავით და აღარცერთს აქცევს ყურადღებას, – მე.. მე ვერ ვაპატიებ თავს ასეთ სიყვარულის უგულვებელყოფას.. მე ასეთი წმინდა სხვა არაფერი მქონია.. – ეღიმება და აზუზუნებული მობილურისკენ იწვდის ხელს. შეტყობინებას ხსნის და წაკითხვისას პირველი ცრემლის სწყდება თვალებიდან.
„გადავლახავ თუ არა შენ მიმართ, ეგოისტი კაცივით, უსამართლოდ გაჩენილი ბრაზის გრძნობას, მაშინვე ყველაფერზე დავილაპარაკებთ, სესილია.. მანამდე კი გახსოვდეს და საკუთარ თავს ყოველ წამს, ჩემს მაგივრად უმეორე, რომ ქვეყნად ჩემსავით არავის უყვარხარ..“

***
ახსოვს.. თოთხმეტი წლის რომ შესრულდა, ბოლოს მაშინ სთხოვა მამას ფული. ახლაც ახსოვს, როგორ უოფლიანდებოდა ხელისგულები, სანამ დედ–მამის ოთახის საძინებლის კარს შეაღებდა და იაკობს თხოვნით მიმართავდა. ისიც ახსოვს, როგორ გეგმავდა, რა სიტყვებით აეხსნა, რისთვის სჭირდებოდა ასე ძალიან ფული, მაგრამ მამას არაფერი უკითხავს. ღიმილით გაუწოდა ხელფასიდან შემორჩენილი რამდენიმე კუპიურა და მუდამ აწეწილი ქოჩორი ჩამოუვარცხნა თითებით. მერე თავდახრილს მხარზე ჩამოადო ხელი და ორიოდ სიტყვა უთხრა მხოლოდ: „ცუდ საქმეში არ გამოიყენო, ილიკო!“ ისე ეამაყებოდა მაშინ მამის საქციელი, თოთხმეტი წლისამ, პირველად ინატრა მომავალში ვაჟიშვილი ჰყოლოდა, რომ მასაც ასე უნიათოდ გაესწორებინა თვალებზე ჩამოყრილი თმა და უხმოდ, უკითხავად მიეცა პირველი პაემნის ფული.. რომ მერე მასაც ილიასავით მინდვრის ყვავილები და ლამაზთვლიანი ბეჭედი ეყიდა მორცხვი გოგონასთვის
–იაკობ.. გახსოვს რა ერქვა ჩემს პირველ სიყვარულს? – ეკითხება ამ ყველაფრის გახსენებისას და ეღიმება
–რა მახსოვს, ბიჭო.. შენ არ გახსოვს და მე მეხსომება? – ეცინება იაკობს და ჯერ ისევ ფეხზე მდგარს რომ ხედავს, უკმაყოფილოდ ოხრავს. თითქმის ათი წუთის მოსულია და მას მერე ჩაფიქრრებული სახით, თითქმის გაშეშებული ჩამომდგარა ოთახში. მხოლოდ ის უთხრა იაკობს, სალაპარაკო მაქვსო და ფეხიც არ მოუცვლია..
–მახსოვს. მარიამი ერქვა.. გრძელი, შავი თმა და გიშრისფერი თვალები ჰქონდა..
–ჰო, გამახსენდა. რაც მაგ გოგოს გამო ღამეები გაქვს ნათენები.. რა იყო, ბიჭო, სადმე ხომ არ გადაგეყარა?
–რა იცი შენ მამა, ღამეებს რომ ვათევდი? – ეცინება გულით
–დაჯექი, – ანიშნებს და ხელით უბიძგებს, – რას ჩამოდექი კაცო! რა არ მახსოვს.. დედაშენი შენი ყველა ოთახიდან გამოსვლაზე მაღვიძებდა, რთული ასაკი აქვს და ღამით ვერ იძინებს, რა უჭირს ნეტავო..
–ვახ, რა ქალი იყო დედაჩემი, – სახეზე იტარებს ხელებს და ხვნეშით ჯდება
–მოხდა რამე, ილია?
–იაკობ, თხოვნა მაქვს შენთან..
ისევ ისე ემძიმება სიტყვების წარმოთქმა, როგორც მაშინ.. ისევ ისე უდუღს გულმუცელი, თუმცა ერთი დიდი სხვაობაა. ახლა არაკაცად გრძნობს თავს, რადგან აღარ არის თოთხმეტი წლის, პატარა ბიჭი.. ახლა ზრდასრული კაცია და მამის წინ ისევ ფულის სათხოვნელად ზის. ისე ეზიზღება საკუთარი მდგომარეობა, თვალებში ვერ უყურებს იაკობს. ეშინია მის მზერაშიც მსგავსი რამ არ ამოიკითხოს
–მშვიდობაა, ილიკო?
–ფული მჭირდება, მამა..
სიტყვების თქმისთანავე ესმის მამის ღრმა, შვებისმომგვრელი ამოსუნთქვა და სანამ თავს ასწევს, მისი სიცილნარევი პასუხიც არ აყოვნებს
–გამიხეთქე ბიჭო გული! რამდენი გჭირდება, ილია? ახლავე მოვიტან რაც მაქვს და შევჭამოთ მერე ერთი–ორი ლუკმა, თორემ გახმა კუჭი.. – ისე უბრალოდ ელაპარაკება, ისე დაუფიქრებლად უდებს წინ დასახელებულ კუპიურებს, თითქოს ყოველდღე ამას აკეთებდეს. არც ახლა ეკითხება რატომ ან რისთვის სჭირდება. ილია კი იმაზე მძიმე ნაბიჯებით გადის სახლიდან, ვიდრე სჩვევია.

***
ვერასდროს იტანდა სესილიას ნანერვიულებ მზერას. ვერასდროს.. და დღემდე შეუჩვეველს, მასთან ლაპარაკისას საშინლად უფუჭდება ხასიათი. არაფრით ეშვება და ძლივს ამოგლეჯილი სიტყვებიდან ასკვნის, რომ ილიას დამსახურებაა მისი ჩაცვენილი, ნანერვიულებული თვალები და მუდამ სევდიანი მზერა. ასეთ დროს კი.. სულ აღარ ახსოვს, რამდენად ახლო ძმაკაცია ილია.. არავინ აინტერესებს, როცა საქმე სესილიას ცრემლებს ეხება. სწორედ მისი სლუკუნის დროს წყვეტს, რომ რაღაცის შეცვლის დროა. ჯერ ისევ ბრაზისგან აცახცახებული ხელებით მიდის სალომესთან, სადაც იცის, რომ ილია ელის და საერთოდ არ აინტერესებს რა კარგი ამბის სახარებლადაა ძმაკაცი მისული. სახლში შესვლისთანავე კუშტი მზერით, სწრაფად ეხვევა სალომეს და ღიმილიანი სახით მჯდარ ილიას ზედაც არ უყურებს, ისე იკავებს სავარძელში ადგილს
–რამე მოხდა, დადაჩ?
რამდენიმე წამი გამჭოლი მზერით ბურღავს, მერე იდაყვებით ეყრდნობა სავარძლის სახელურებს და ერთმანეთზე გადაჭდობილი თითები ტუჩებთან მიაქვს
–რა მაინტერესებს იცი, ილო?
ილია კითხვისნიშნით სავსე მზერით შეჰყურებს და ელოდება, როდის ამოიღებს ისევ ხმას. ეცნობა დაჩის ასეთი მზერა.. ხშირად უგემია ძმაკაცისგან ასეთი იმედგაცრუებული, უიმედო თვალები
–რა უნდა მოხდეს, რომ მე ვინმეს ჩემი დის ასეთი ტირილი ვაპატიო? რა ჯანდაბა უნდა მოხდეს, რომ ეს ყველაფერი ავიტანო? – გაღიზიანებით აშორებს ერთმანეთს ხელებს და აქეთ–იქით იქნევს
–რატომ ტიროდა? – სახე ეყინება ილიას
–რატომ ტიროდა? – ირონიით უბრუნებს კითხვას და მისკენ იწევა, – კაცი ჰყავს, რომელიც გასაქანს არ აძლევს ბედნიერი იყოს და ამიტომ ტიროდა, ძმაო!
–დაჩი, გაჩერდი.. – აჩერებს სალომეს გამაფრთხილებელი ტონით და დაჩი სულ ერთი წამით ბრუნდება მისკენ
–რატომ უნდა გავჩერდე, სალომე? ამიხსენით.. ამიხსენით, როგორ გავჩერდე? ხომ დამპირდი... ილია, ხომ დამპირდი, რომ ბედნიერი იქნებოდა? – ეკითხება და ერთ ადგილას გახევებულს რომ ხედავს, უარესად ეშლება ნერვები, – რატომ ხარ ჩუმად? გასაგებია, რომ სიშორე გიჭირს, მაგრამ ასე უნდა დატანჯო? სესილია ასე იშვიათად ტირის, ილია! – ღრიალს ტეხს და ფეხზე დგება
–დაჩი! – სწრაფად უახლოვდება სალომე და მკლავზე აფრინდება ორივე ხელით, – ისეთს ნურაფერს გააკეთებ, რომ მერე ინანო..
–გამიშვი, სალომე.. – უხეში ტონით, თუმცა მაინც ფრთხილად იშორებს მის ხელს და მასავით ფეხზე წამომდგარ ილიას უსწორებს მზერას, – ჰგონია, რომ ცხოვრება ენგრევა თავზე! ჰო.. კარიერის მწვერვალზეა ოცი წლის გოგო, მას კი ჰგონია, რომ ყველაფერი უშედეგოა ამ ცხოვრებაში და რის გამო? ვის გამო, ილო? არ ვიცი, რა ან როგორ.. მაგრამ, ყველაფერი გააკეთე, რომ შემდეგ ჯერზე, ჩემი დის ასეთ სახეს აღარ გადავაწყდე, – მუქარით წარმოთქვამს სიტყვებს და სანამ ილია ხმას ამოიღებს მანამ აქცევს ზურგს. სწრაფად უჩინარდება სალომეს საძინებელ ოთახში და ჯერ ისევ ერთ ადგილას გახევებულებს, მისი ხმამაღალი გინების ხმა მოესმით
–არ ჩაიდო გულში არც ერთი სიტყვა.. – ჩურჩულებს სალომე და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ჰქონია მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა, სწრაფად ეხვევა, – არ ღირს.. დაჩი ფიცხია, ძალიან ფიცხი ბიჭი, რომელიც გიჟდება მის პატარა დაზე.. უბრალოდ, სესილიას იქით ვეღარაფერი დაინახა.. როგორც ხდება ხოლმე..
–ვიცი, სალომე, – უღიმის და ნელი ნაბიჯით შორდება, – მადლობა ჩაისთვის..
აღარ აცილებს. მხოლოდ მზერას აყოლებს მის მაღალ სხეულს და სანამ დაჩისთან შევა, რამდნეჯერმე ღრმად ისუნთქავს, რომ როგორმე ბრაზი ჩაიცხროს, თუმცა არაფრით გამოსდის დამშვიდება და საძინებელში შესული, მოუთმენლად ესვეტება წინ მამაკაცს
–გაუგონარი ხეპრე ხარ! – ახლის პირში და ნიკაპში აფრინდება თითებით
–სალომე, ძალიან გთხოვ არ გამიხურო ახლა რა, ისედაც ნერვებზე ვარ..
–ვინმემ ხომ უნდა გაგიხუროს? – ხმა უცახცახებს ბრაზით და წარბებს ზუსტად ისე კრავს, დაჩი რომ გიჟდება
–ჩამეხუტე! – ეუბნება უეცრად. ახლა ისე სჭირდება სალომეს სითბო, როგორც არასდროს
–არა.. – უძალიანდება, თუმცა მის მოხვეულ მკლავებს მაინც ვერაფრით იშორებს
–რაზე იყო მოსული? – ეკითხება მის კისერში თავჩარგული
–აი, ეგ არის კითხვა, რომელიც პირველ რიგში უნდა დაგესვა.. – ეჩურჩულება სალომე და თავზე ნაზად უსვამს ხელს. ფრთხილად ეფერება და ისე ნელა აპარებს სიტყვებს, თითქოს წინასწარ იცის, რომ მისი დამშვიდება დასჭირდება
–რატომ? – ვერ ხვდება დაჩი და ოდნავ შორდება
–უნდოდა მოგვლაპარაკებოდა, რომ დასასვენებლად წასვლა უფრო ადრე გადმოგვეწია..
–რატომ? – კითხულობს ისევ, ვერაფერს ხვდება
–ბილეთები უყიდია, სესილიასთან მიდის მისი დაბადების დღისთვის.. ასე თქვა, თუ არ მოვეხვიე.. თუ პირისპირ არ ვუთხარი როგორ მიხარია მისი წარმატება, თუ მისი სიხარულისგან აკიაფებული თვალები ცხადად არ ვნახე, სხვაგვარად ვერაფრით მოვისვენებო..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი tamuna.s

კარიერას თუ გადააყოლა ილია ასე რა გამოვა. ერთ წელს სამი მოყვება, სამს კიდე ოთხი და რამდენი წელი უნდა ელოდოს ილია საინტერესოა. ასეთი სიშორე, თან ამდენი წლით ადრე თუ გვიან გრძნობებსაც აუფერულებს და სულიერადაც აშორებს ადამიანებს ერთმანეთს როგორც არ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. ან კარიერა უნდა აირჩიოს და ან ბედნიერება და სიყვარული, ილიას გარეშე არც ცეკვა აბედნიერებს სესილიას და ვერც წარმატებული კარიერა ვერ გააბედნიერებს. როგორ უნდა მოსთხოვოს რომ ამდენი წელი დაელოდოს და უერთგულოს. ილიას რეაქცია კი არ არის ეგოიზმი და ის რომ მას სესილის წარმატება არ უნდა და არ უხარია, უბრალოდ ამხელა სიშორე ამდენი წლიტ დააშორებს ერთმანეთს და ამის უარყოფა უბრალოდ თავის მოტყუება იქნება. სწორედ ამას ამბობდა ილია ბაჩოსთან მანქანაში

 


№2 წევრი Rania

Iliaze oficialurad vgijdwbii. Ici sesiliasi mesmis da arcc. Iq daasrulebsss. Isev shetavazebwn sxva kontraqts da ramdenxans daelodos iliaa. Mzime situaciaaaa

 


№3  offline წევრი aneta

აუუუუ, ასეთი ემოციური დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს და მეც ისეთი განცდით ვკითხულობ, საკუთარ თავეზე გადამაქვს ყველას მდგომარეობა. ვერაფრით ვითმენ, ისე ველოდები გაგრძელებას. მადლობა, მაგარი გოგო ხარ kissing_heart

 


№4 წევრი დარინა

ისე მეტკინა ილიას მდგომარეობაა, საოცარი პერსონაჟიაა, რომ იტანჯება მეც მეთუთქება გილული არ იმსახურებს, აი იმ მომენტში როცა ილია ასე განიცდის ყველაფერს სესილიაზე ვბრაზდები, კიდევ სამი წელი ძნელია სიშორე, აი ყველაზე მეტად მინდა რომ ბედნიერი იყოს ილია.

 


№5  offline წევრი ნანა73

აი რა ვქნა ახლა? როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია? კითხვის დროს შიში რომ მიპყრობდა და გაგრძელება მიჭირდა სუნთქვაშეგუბებულს... რამე რომ მოხდეს... რამე ისე რომ არ წავიდეს? როგორ მეტკინება...სესასავით დაილიასავით მეტკინება... ასე როგორ წერ რომ ვერაფრით ვიცნობ რა იქნება... სრულიად არაპროგნოზირებადი ხარ და ამით იმდენად საინტერესო ხდები ვერც გადმოგცემ ალბათ... იმდენჯერ გამიჩნდა სურვილი გავჩერებულიყავი და მომეწერა, ჩემზე როგორ მოქმედებდი შენი ნაწერით, ალბათ იმაზე მეტი გამოვიდოდა ვიდრე ეს თავია. ფიქრია ძალიან, ძალიან კარგი ხარ! სერიოზულად კარგი ხარ და წერა საუკეთესოა რასაც ჩემნაირებისთვის აკეთებ! მიყვარხარ ❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი მარია.

დედას გეფიცები, ამეტირა.
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№7  offline წევრი Tatutatu

სესილიამ ნეერვიი შემიტოკა რაა ... ეგოისტი პატარა გოგოსავით იქცევაა, კარიერაც უნდა და ილიაც !! მე აქ მოვიწყო ცხოვრებაო და შენ მანდ მიერთგულე-ო ძაან არ მომეწონა! მაგ სამს იქნებ კიდე ემატება და რააგააკეთოს ამ ილიამაც ,უკვე ისეთ ეტაპზეა ცხოვრების ცოლი შვილები და თბილი კერა რომ ჭირდება

 


№8  offline წევრი მარუსიკა

ვაიმე, აი იქ ვიყავი ყველა სცენის დროს, ვაიმე როგორ წერ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის და ვიცი მაგრამ მაინც გთხოვ მალე დადე რა❤️❤️❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი გრაფინია

მეთქი ერთი თავი იყოს ჩემი კომენტარის გარეშე,მაგრამ არა ვერ მოვითმინე.

აუ,აი,კარიერაც ძალიან მაგარია,კარგი ხელფასიც და წარმატებაც,მაგრამ როცა იქნება ეგ დამთავრდება და გვერდზე არავინ გეყოლება.
არც მარტო შეყვარებული და ქმარი/ცოლი არაა მთავარი.ეგეც მოსაწყენი და მომაბეზრებელია რაღაც დროის მერე.
ანუ?! ანუ ის,რომ აქაც ბალანსია საჭირო
და სამწუხაროდ,სესილია ჯერ ამ ბალანსს ვერ პოულობს.
აი,როგორ მესმის,მართლა,ამ ასაკში ასეთი წარმატება უმაგრესია,მაგრამ ილო?!
თუ კარიერა უნდა მაშინ მოეშვას ტირილს და გოდებას და თავის შეცოდებას თუ სიყვარულია ძლიერი მაშინ რაღაცები უნდა დათმოს,მაგრამ ისე რომ არავის წამოაყვედროს.
(ანუ ზოგადადაც ასეა და იმიტომ გამეწელა ასე საუბარი თორე მარტო პერსონაჟებზე რომ იყოს კიდე ჩავიქნევდი ხელს.)
რამდენადაც სესილი თავისებურად წაუეგოისტებს,იმდენად წაუსულელებს ზედმეტი მგრძნობიარეობით და ფილოსოფიით ილია.
უსაყვარლესი პერსონაჟია ჩვენი ბიჭი და ისე უხდებიან ერთმანეთს,აუცილებლად უნდა დაბალანსდეს სეს-ილია!

მეგონა დაჩიმ რაღაცები გაიაზრა,მაგრამ არა ძმაო. არ ყოფილა ეგ სუფთა კაცი :)))
სხვა ყველა უსაყვარლესია,გაგებული,აზრზე მოსული
განსაკუთრებით კი,რაღა თქმა უნდა,ბაჩო❤️

სულ ველოდები ახალ თავს,სულ

 


№10  offline წევრი P.A.

tamuna.s
კარიერას თუ გადააყოლა ილია ასე რა გამოვა. ერთ წელს სამი მოყვება, სამს კიდე ოთხი და რამდენი წელი უნდა ელოდოს ილია საინტერესოა. ასეთი სიშორე, თან ამდენი წლით ადრე თუ გვიან გრძნობებსაც აუფერულებს და სულიერადაც აშორებს ადამიანებს ერთმანეთს როგორც არ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. ან კარიერა უნდა აირჩიოს და ან ბედნიერება და სიყვარული, ილიას გარეშე არც ცეკვა აბედნიერებს სესილიას და ვერც წარმატებული კარიერა ვერ გააბედნიერებს. როგორ უნდა მოსთხოვოს რომ ამდენი წელი დაელოდოს და უერთგულოს. ილიას რეაქცია კი არ არის ეგოიზმი და ის რომ მას სესილის წარმატება არ უნდა და არ უხარია, უბრალოდ ამხელა სიშორე ამდენი წლიტ დააშორებს ერთმანეთს და ამის უარყოფა უბრალოდ თავის მოტყუება იქნება. სწორედ ამას ამბობდა ილია ბაჩოსთან მანქანაში

ჰო, მართალი ხარ კარგად დაგინახავს, თავიდანვე ხვდებოდა ილია მსგავს პრობლემებს რომ გადააწყდებოდნენ.. მაშინვე, ბაჩოსთან საუბრისას.. არ ვიცი, რა მომიფრენს თავში, რას როგორ ვიზამ, თუმცა ვცდილობ ორივე მათგანს სწორად გავააზრებინო სიტუაცია:დ

Rania
Iliaze oficialurad vgijdwbii. Ici sesiliasi mesmis da arcc. Iq daasrulebsss. Isev shetavazebwn sxva kontraqts da ramdenxans daelodos iliaa. Mzime situaciaaaa

გაგიკვირდება და დღემდე მიკვირს ასე რომ გიჟდებით ილიაზე, თუმცა მიხარია ასეთი დიდი შთაბეჭდილება რომ მოახდინა. მადლობა, რომ კთხულობ <3

aneta
აუუუუ, ასეთი ემოციური დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს და მეც ისეთი განცდით ვკითხულობ, საკუთარ თავეზე გადამაქვს ყველას მდგომარეობა. ვერაფრით ვითმენ, ისე ველოდები გაგრძელებას. მადლობა, მაგარი გოგო ხარ kissing_heart

მადლობა შენ, ასეთი თბილი სიტყვებისთვის. საოცრად მიხარია ასე ახლოს რომ მიიტანე გულთან:**

დარინა
ისე მეტკინა ილიას მდგომარეობაა, საოცარი პერსონაჟიაა, რომ იტანჯება მეც მეთუთქება გილული არ იმსახურებს, აი იმ მომენტში როცა ილია ასე განიცდის ყველაფერს სესილიაზე ვბრაზდები, კიდევ სამი წელი ძნელია სიშორე, აი ყველაზე მეტად მინდა რომ ბედნიერი იყოს ილია.

ცოტა არ იყოს მიმიჩაგრეთ სესილია, როგორ უყვარს ეს ბიჭი და ასე უკარგავთ კაცო?:დ ვეღარ გაუგია გოგოს რა გააკეთოს:დდ თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, როგორც ავტორის და მაინც, მეც ვთვლი რომ იმსახურებს ილია ბედნიერებას. მადლობა, რომ მუდამ აქ ხარ! <3

ნანა73
აი რა ვქნა ახლა? როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია? კითხვის დროს შიში რომ მიპყრობდა და გაგრძელება მიჭირდა სუნთქვაშეგუბებულს... რამე რომ მოხდეს... რამე ისე რომ არ წავიდეს? როგორ მეტკინება...სესასავით დაილიასავით მეტკინება... ასე როგორ წერ რომ ვერაფრით ვიცნობ რა იქნება... სრულიად არაპროგნოზირებადი ხარ და ამით იმდენად საინტერესო ხდები ვერც გადმოგცემ ალბათ... იმდენჯერ გამიჩნდა სურვილი გავჩერებულიყავი და მომეწერა, ჩემზე როგორ მოქმედებდი შენი ნაწერით, ალბათ იმაზე მეტი გამოვიდოდა ვიდრე ეს თავია. ფიქრია ძალიან, ძალიან კარგი ხარ! სერიოზულად კარგი ხარ და წერა საუკეთესოა რასაც ჩემნაირებისთვის აკეთებ! მიყვარხარ ❤️❤️❤️

ვერც გამოვხატავ იმ ემოციას, რაც ამის წაკითხვისას მივიღე, მართლა!! უღრმესი მადლობა, მეც მიყვარხართ, ასე შორიდან და იმხელა სიამოვნებას განვიცდი თითოეული ასეთი სიტყვით, იმხელა სტიმულია, ვერ წარმოიდგენთ <3

მარია.
დედას გეფიცები, ამეტირა.

ბრუტალურად ჟღერს, თუმცა ძალიან გამიხარდა, რომ აგეტირა! :დდდ მადლობა <3

Tatutatu
სესილიამ ნეერვიი შემიტოკა რაა ... ეგოისტი პატარა გოგოსავით იქცევაა, კარიერაც უნდა და ილიაც !! მე აქ მოვიწყო ცხოვრებაო და შენ მანდ მიერთგულე-ო ძაან არ მომეწონა! მაგ სამს იქნებ კიდე ემატება და რააგააკეთოს ამ ილიამაც ,უკვე ისეთ ეტაპზეა ცხოვრების ცოლი შვილები და თბილი კერა რომ ჭირდება

დაიტანჯა ილია, ვიცი.. ისიც ვიცი, რომ ჩემი ბრალია, თუმცა ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს და ვაეგოისტებ ამ პატარა, შეყვარებულ გოგოს:დ

მარუსიკა
ვაიმე, აი იქ ვიყავი ყველა სცენის დროს, ვაიმე როგორ წერ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის და ვიცი მაგრამ მაინც გთხოვ მალე დადე რა❤️❤️❤️❤️❤️


ვეცდები აუცილებლად, ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

გრაფინია
მეთქი ერთი თავი იყოს ჩემი კომენტარის გარეშე,მაგრამ არა ვერ მოვითმინე.

აუ,აი,კარიერაც ძალიან მაგარია,კარგი ხელფასიც და წარმატებაც,მაგრამ როცა იქნება ეგ დამთავრდება და გვერდზე არავინ გეყოლება.
არც მარტო შეყვარებული და ქმარი/ცოლი არაა მთავარი.ეგეც მოსაწყენი და მომაბეზრებელია რაღაც დროის მერე.
ანუ?! ანუ ის,რომ აქაც ბალანსია საჭირო
და სამწუხაროდ,სესილია ჯერ ამ ბალანსს ვერ პოულობს.
აი,როგორ მესმის,მართლა,ამ ასაკში ასეთი წარმატება უმაგრესია,მაგრამ ილო?!
თუ კარიერა უნდა მაშინ მოეშვას ტირილს და გოდებას და თავის შეცოდებას თუ სიყვარულია ძლიერი მაშინ რაღაცები უნდა დათმოს,მაგრამ ისე რომ არავის წამოაყვედროს.
(ანუ ზოგადადაც ასეა და იმიტომ გამეწელა ასე საუბარი თორე მარტო პერსონაჟებზე რომ იყოს კიდე ჩავიქნევდი ხელს.)
რამდენადაც სესილი თავისებურად წაუეგოისტებს,იმდენად წაუსულელებს ზედმეტი მგრძნობიარეობით და ფილოსოფიით ილია.
უსაყვარლესი პერსონაჟია ჩვენი ბიჭი და ისე უხდებიან ერთმანეთს,აუცილებლად უნდა დაბალანსდეს სეს-ილია!

მეგონა დაჩიმ რაღაცები გაიაზრა,მაგრამ არა ძმაო. არ ყოფილა ეგ სუფთა კაცი :)))
სხვა ყველა უსაყვარლესია,გაგებული,აზრზე მოსული
განსაკუთრებით კი,რაღა თქმა უნდა,ბაჩო❤️

სულ ველოდები ახალ თავს,სულ

რა უკომენტარობა, რის უკომენტარობა, ისე მიყვარს შენი მიმოხილვები:დ <3
ვიცი, ბევრი რამ აირია და ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია ბოლომდე როგორ დავალაგე, თუმცა ვეცდები მოვახერხო რაც შეიძლება სწორად, ლოგიკურად დასრულება ისტორიის. მიხარია, რომ ბაჩომ დაიმსახურა შენი სიმპათია, რადგან ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ და დადებით პრსონაჟად მოვიაზრებ ხოლმე, ჩემთვის.. რაც შეეხება დაჩის, ჰოო, აუტანელია ზოგჯერ. ზოგჯერ კი არა, ზოგადად აუტანელი ბიჭია:დ თუმცა, ახლა.. ამ რეალობაში იმდენი დაჩია ჩემ გარშემო, ვერაფრით შეველიე ასეთი რეალური ტიპაჟის შექმნას:დ მადლობა დიდი და მიხარია, რომ სულ ელი <3

 


№11  offline წევრი Mariammmo

ყველა თავი ერთად წავიკითხე და საოცრებაა!!!!

დიდი იმედი მაქვს რომ უფრო მალე დადებ ხოლმე რომ ლოდინმა არ გააფუჭოს თორე მოთხრობა საოცრებაა <3

 


№12  offline წევრი P.A.

Mariammmo
ყველა თავი ერთად წავიკითხე და საოცრებაა!!!!

დიდი იმედი მაქვს რომ უფრო მალე დადებ ხოლმე რომ ლოდინმა არ გააფუჭოს თორე მოთხრობა საოცრებაა <3

მიხარია, რომ გასიამოვნე <3 ვცდილობ ყველანაირად, რომ ძალიან არ დავაგვიანო ხოლმე:*

 


№13  offline წევრი თუთა პირველი

როგორ ვგიჟდები ილიაზე <3 ეს დაჩი სრულიად გაუგონარი ხეპრეა, თავის და სალომეს ურთიერთობასაც გადააყოლებს სესილიას ასე მგონია, თავისთავად კარგია დია ასეთი დაფასება და სიყვარული, მაგრამ ამ შემთხვევაში სესილია ჩამოუყალიბებელი, ლაწირაკი ბავშვივით იქცევა. ასე არ ხდება ცხოვრებაში, თუ კი ფიქრობ რომ ამაზე წმინდა არაფერი გაგაჩნია, ამისათვის რაღაცებზე უარიც უნდა თქვა და გნდა არ გინდა, სიყვარული მოითხოვს თავდადებას, უბრალოდ ეს ყველას არ შეუძლია. ))) წარმატებებიი

 


№14 სტუმარი სტუმარი ტასია

პირადად მე ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად სესილიასი მესმის. არ არის ადვილი მსგავსი არჩევანის გაკეთება, მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ხარ, ოცნებები და მიზნები გაქვს, დაუღალავად შრომობ მათ მისაღწევად და ამ დროს წარმოუდგენელი შანსი გეძლევა. ან ილიას უნდა შესწიროს თავისი ოცნება ან ოცნებას ილია და ამიტომ უჭირს ასე ძალიან. ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩამოუყალიბებელია, უბრალოდ მსხვერპლისთვის არ არის მზად, კარგად უნდა გაიაზროს ყველაფერი და ვფიქრობ რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს ნებისმიერ შემთხვევაში მართალი იქნება თავის თავთან.
დაჩი ტიპურ ქართველ ბიჭს მაგონებს თავისი ქცევებით და აზროვნებით.ვერაფრით შევძელი მისი მოწონება. ასე უხეშად არ უნდა ერეოდეს სესას და ილიას ურთიერთობაში, იმედია საცოლე მოარჯულებს ცოტა :D
მიყვარს ეს ისტორია, მოუთმენლად ველი ყოველ ახალ თავს <3

 


№15  offline წევრი მარუსიკა

მე არ მიჩვენებს თუ არ დადებულა 12 თავი? დღეს დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent