შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მხოლოდ გწამდეს


3-02-2019, 13:32
ავტორი izabella
ნანახია 559

შენ მხოლოდ გწამდეს

##############
აეროპორტში მოუთმენლად ელოდნენ მეგის და მაიას გამოჩენას. როგორც კი დედა - შვილი შენიშნეს ახლობლები სიხარულისგან ემოციებს ვეღარ იკავებდნენ. ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგიც ორივე ემოციას ერთად შეეპყრო. დიოტრეფეს მეგის დანახვისას გულზე რაღაცამ მოუჭირა, უხაროდა მისი დანახვა, მაგრამ ტკივილი სიხარულის შეგრძნებას უკარგავდა. მისი გული და გონება ვერ ეგუებოდა ეტლში მჯდომ მეგის, რომელსაც ნატანჯ სახეზე სევდანარევი ღიმილი ჰქონდა აკრული და ხან რომელ ნაცნობს ეხუტებოდა, ხან რომელს. თან თვალებს აქეთ - იქით აცეცებდა და როდესაც მისი შავი ფერის თვალები ლურჯებს გადაეყარნენ ცრემლები ვერ შეიკავა ისე ატირდა. დიოტრეფე ახლოს მივიდა, თეთრი ვარდების თაიგული ჩაუდო კალთაში და მის წინ ჩაიმუხლა.
- დაბრუნებას გილოცავ, ჩემო ანგელოზო! -მის ჩაბღუჯულ ხელს მთელი გრძნობით აკოცა და მოეხვია. მეგის ცრემლებმა მხარი მთლიანად დაუსველა დიოტრეფეს, ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ახერხებდა, საკუთარი აჩქარებული გულისცემა კი ორივეს ძალიან ხმამაღლა ესმოდათ. გარეთ გამოსულები მანქანებში ნაწილდებოდნენ დიოტრეფემ მეგის ეტლს ხელი რომ სტაცა და თავისი მანქანისკენ წაიყვანა.
-დიოტრეფე, სად მიგყავარ, გაჩერდი!
-ჩემთან მიმყავხარ, სახლში.
-გაგიჟდი?! რა მინდა შენ სახლში, მე სახლი არა მაქვს?
-ბორბლებს ხელი სტაცა მეგიმ და ეტლი გააჩერა.
-ჩემ გვერდით უსაფრთხოდ იქნები.
-რისგან, ან ვისგან გინდა ჩემი დაცვა, ქსანთე ხომ ციხეშია უკვე.
-სამაგიეროდ ლეკვები ჰყავს თავისუფალი და მისი დავალებით რას მოიმოქმედებენ არაცინ იცის.
-მე ჩემ სახლში მინდა!
-რატომ არ გესმის, რომ ასე უფრო მშვიდად ვიქნები?
-არ შეიძლება ადამიანო, ხალხი რას იტყვის? ჩვენ დაქორწინებულები არ ვართ რომ ერთად ვიცხოვროთ.
- ,,ხალხი რას იტყვის" ხალხის აზრი მ’კიდია. შენ, ჩემს სახლში მოდიხარ და დავამთავროთ.
-მამა სახლში წამიყვანე, -ხმა აიმაღლა მეგიმ.
-დიოტრეფე, გეყოფა! ყველა ჩვენ გვიყურებს. მეგი დაღლილია, ახლა ჯობია სახლებში წავიდეთ, სალაპარაკოდ აქ არც დროა და არც ადგილი, -ლილიმ მეგის ეტლი შეაბრუნა და საპირისპირო მხარეს წავიდნენ, სადაც მაია და ემზარი ტყუპებთან ერთად ელოდებოდნენ.
-დიო, ლილი მართალია, სხვა დროს გაარკვიეთ, ისედაც დაძაბულები ხართ და უფრო ნუ დაძაბავ სიტუაციას.
-გამიშვი, თაზო! - უხეშად მოიცილა მხრიდან ძმაკაცის ხელი და მეგის მიმართულებით წავიდა, რომელიც ემზარს უკვე მანქანაში ჩაესვა.
-დიოტრეფე, წადი და დაანებე მეგის თავი, დაღლილია რატომ ვერ შეგიგნია? -წინ გადაუდგა კაცი.
-ერთი წუთით დაველაპარაკები და მერე წავალ.
-ბავშვი დაღლილია, ცოტა ხანს დაანებე თავი.
-მხოლოდ ერთ წუთს ვითხოვ, კაცი ხარ და გამიგე, -ემზარი განზე გადგა.
-გჯერა ჩემი? -ნატანჯი, უძილო მზერა მიაპყრო დიოტრეფემ.
-დასვენება გჭირდება, უძილობისგან ფეხზე ვეღარ დგახარ, -სახეზე ხელით მოეფერა მეგი, -რამდენი დღეა არ გძინებია? მოდი ახლა შენ წადი სახლში, კარგად გამოიძინე, დაისვენე და ხვალ მოდი ჩემთან, იქ ვილაპარაკოთ დანარჩენი.
- ხვალ ყველაფერს გავარკვევთ.
-აუცილებლად, ახლა წადი და დაისვენე, გთხოვ! -მეგის ნებას დაემორჩილა დიოტრეფე და წავიდა, მაგრამ რაც სახლში მივიდნენ მას შემდეგ ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, ოთახიდან ოთახში მიმოდიოდა. არც ბიჭების ნათქვამს უსმენდა, რომლებიც მის დაწყნარებას და მშვიდად დალაპარაკებას ცდილობდნენ, არც საღამოს სამსახურიდან მოსულ მამას მოუსმინა, ბოლოს ყველანი რომ დაიღალნენ მარტო დატოვეს ოთახში. მოგვიანებით ნანა შევიდა იმის იმედით, რომ სავახშმოდ გასვლაზე დაითანხმებდა.
-შვილო, ცოტა მაინც გეჭამა მშიერი ხარ, მარტო გაუთავებლად გვეჩხუბები ყველას, ვნერვიულობთ შენზე, -გვერდით მიუჯდა და მზრუნველად ტონით უთხრა შვილს.
-არ მშია, არაფერი მინდა, ლუკმა არ გადამივა ყელში.
-რაღაც მაინც ხომ უნდა შეჭამო? გიჟს გავხარ, ადამიანის ფერი არ გადევ სახეზე.
-ხვალვე წავალთ და მეგის ხელს ვითხოვთ, მერე რას მოიმიზეზებენ ვნახავთ. დაუქორწინებელი წყვილები ხომ ცხოვრობენ ერთად, მალვინამ და გოგიმ რამდენი წელი იცხოვრეს ჯვარდაუწერლებმა და ხელმოუწერლებმა, მაინცდამაინც ჩვენი უნდა გახდეს სალაპარაკო?
-ცოტა ხნით დაანებე მაგ გოგოს თავი, მოულოდნელად ამხელა რაღაც დაატყდა თავს, მოვლენებში გარკვევა მაინც აცადე. ვერ ხედავ გარშემო ყველას თავგზა გვაქვს არეული? დავფიქრდეთ, სიტუაცია გავაანალიზოთ და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ ყველაფერი.
-რა არის დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი? იქნებ მეგი აღარ გინდა რძლად? რატომ გაჩუმდი დედა მიპასუხე! ააა, გასაგებია ყველაფერი, ანუ აღარ გინდა? ჩემ გამო რომ მიეჯაჭვა ეტლს ეგ არ იცი? არც ის მითქვამს ალბათ ნეკნებდამტვრეულს დაუფიქრებლად რომ გადამეფარა ისე, რომ საკუთარ თავზე ერთი წუთითაც არ უფიქრია. ნეტავ შენი თვალით რომ გენახა ქსანთეს როგორ ემუდარებოდა არ მოვეკალი მაშინაც ასე იქნებოდი მის მიმართ განწყობილი? სანამ ფეხზე სიარული შეეძლო მოგწონდა რძლად, ახლა ინვალიდის ეტლში მჯდომი რძალი ,,გიტყდება? " ჯვარი გწერია და შენ რომ ასე დაგემართოს მამა სხვა ქალთან უნდა გაიქცეს?
-როგორ ბედავ, დედაშენს ასე რომ მელაპარაკები?! -დაიყვირა წყობიდან გამოსულმა ნანამ.
-ამდენი წლის მანძილზე იმას მასწავლიდი, რომ საყვარელი ადამიანებისთვის თავი არ დამეზოგა და სიცოცხლე არაფრად ჩამეგდო მათ გადასარჩენად. შენ არ ხარ ის ქალი, რომ მასწავლიდი ნაკლზე არავის დასცინოო? მეგობარი გასაჭირში არ მიატოვო, რადგან გარემოებები იცვლება და ცხოვრების კიბეზე ზოგი ადის და ზოგი ჩადისო? ახლა სად გაქრა ის ქალი, სად? პირველ რიგში ქალი ხარ ნანა, მერე დედა და ეს ყველაფერი შენ ძალიან კარგად უნდა გესმოდეს. არცერთი თქვენთაგანის წამოსვლა არ მჭირდება, მარტო წავალ მასთან და რადგანაც აქ ჩემთვის და მეგისთვის ადგილი არ მოიძებნება სოფლის სახლში გადავალთ და იქ ვიცხოვრებთ, რა პრობლემაა? იქ მოვძენი რამე სამსახურს და არავის ტვირთად არ დაგაწვებით მე და ჩემი ცოლი. ,,სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს" ნათქვამია.
-როგორი ჯიუტი ბიჭი ხარ, ვერაფერი შემიგნებინებია. ვის დაემსგავსე ნეტავ?
-შენ და მამას, მეზობელს ხომ არ დავემსგავსებოდი? -ირონიულად გაეღიმა დიოტრეფეს.
-გადამრევ დიოტრეფე, მართლა გადამრევ! -გაბრაზებული წამოხტა ნანა და ოთახიდან გავიდა, -მთელი ღამე ბობოქრობდა, ძილზე საერთოდ არ უფიქრია, დილით ადრიანად მოჰკიდა ნანას ხელი და მეგის სახლში ხელის სათხოვნელად მივიდნენ.
-გაიღვიძე მეგი, ჩქარა ნანა, ტანსაცმელი გადმოიღე ჩავაცვათ.
-მეძინება ანა, ნუ მანჯღრევ, -დას ხელი გააშვებინა და საბანი თავზე დაიფარა.
-გოგო რა დროს ძილია, დიოტრეფე მოვიდა შენი ხელის სათხოვნელად.
-რაა? -საბნიდან თავი წამოყო მეგიმ და დებს გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
-ჩვენც ზუსტად შენნაირი რეაქცია გვქონდა, -სიცილი დაიწყო ნანამ.
-მაგან საერთოდ გააფრინა?
-სასწრაფოდ უნდა მოგაწესრიგოთ, სანამ შემოვარდნილა.
-არ შემოვარდება, ნუ ნერვიულობთ.
-მაშ კაცო, როგორც შენ იტყვი. მე და ანიმ შევაჩერეთ, მძინარეს რომ დაგადგებოდა თავზე ნახავდი.
-რა დღე გათენდა, ღმერთო, ძილსაც რომ არ დაგაცდიან!
-უნდა ნახო დედა და მამა როგორი გაკვირვებულები სხედან. ასე ამბობს მეგის გარეშე არსად არ წავალო, მამა კბილებს აკრაჭუნებს, ცოტაც და ალბათ გაგლეჯს შუაზე ამ შენ დიოტრეფეს. რამდენჯერ იკამათეს უკვე ვეღარ ვითვლით. ახლა მთავარია რაც შეიძლება მალე მოგაწესრიგოთ, - ტყუპები აქეთ - იქით სირბილს მოჰყვნენ. როგორც იყო მეგი მოაწესრიგეს და ახლა არეული ოთახის მილაგება დაიწყეს.
-გადავწყდი წელში, თავი სარბოლო მანქანა მგონია ისეთ სიჩქარეს ვავითარებ.
- ნანა, წუწუნის დროა? ცოტა მალე ნუ ზოზინობ. აი მეგი, ორივე ბალიში დაიდე უფრო კომფორტულად იქნები.
-ანი, ერთიც მეყოფა, ნუ მერვიულობ, -დის მიერ დადებული ბალიში გვერდიდან გამოიცალა და გადადო, -აღარ უნდა ოთახს არაფერი უთხარით შემოვიდეს.
-ჩვენც რომ ოთახში ვიყოთ ხომ შეიძლება?
-თქვენ შემომიშვებდით ჩემ ადგილას რომ იყოთ?
-არა! - ორივემ ერთხმაში წამოიძახეს.
-მაშინ ჩემ პასუხსაც უნდა ხვდებოდეთ.
- მაინც ჩაგიგდებთ ქალბატონო ხელში და დაფქვავ ყველაფერს, -სიცილით გამოსდო ხელკავი ანამ ნანას და მეგის დაეჯღანა, -ოთახში დიოტრეფე შემოვიდა.
-დილამშვიდობისა! -დაიხარა, მეგის ლოყაზე აკოცა და გვერდით ჩამოუჯდა.
-დილამშვიდობისა! - მეგიმაც სცადა გაეღიმა, მაგრამ მის უძილობისგან გაწითლებულ თვალის გუგებს რომ შეხედა ბრაზი მოერია.
-ღამით როგორ გეძინა?
-შენ როგორ გეძინა?
-კითხვას უკან ნუ მიბრუნებ, ჯერ მე გკითხე და გამეცი პასუხი, დიოტრეფე!
-თვითონაც ხომ ხედავ, რა საჭიროა ზედმეტი კითხვები? -გაღიზიანდა დიოტრეფე და მზერა აარიდა.
-მერე რატომ არ დაიძინე, გინდა ცუდად გახდე?
-ვერ დავიძინე.
-ხომ გთხოვე დაგეძინა, შენ პირიქით რატომ გაიგე?
-ცოლად გამომყევი!
-მე რაზე გელაპარაკები და შენ რას მეუბნები. საერთოდ არ უფიქრდები, ისე იღებ ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
-ნაჩქარევს შენ რას ეძახი? ყველაფერი გააზრებული მაქვს!
-გააზრებული რომ გქონდეს დღეს აქ ამ წინადადებით არ მოხვიდოდი.
-რატომ არ გინდა გაიგო, რომ მჭირდები?!
-ხეიბარი?
-კი, ხეიბარიც!
-მთელი ცხოვრება ეტლს უნდა ვიყო მიჯაჭვული, რაში გჭირდება ჩემნაირი გვერდით? დაიტანჯები დამიჯერე, ძალიან დაიტანჯები.
-მე ახლაც ვიტანჯები, ყველაფერი ჩემ გამო დაგემართა.
-გამოდის სინდისი გაწუხებს და სიბრალულის გამო მირთავ?
-არასწორად გაიგე!
-ძალიან სწორად გავიგე. ჩემთვის არავის დაუძალებია შენ გადაგფარებოდი, კარგად იცი სინამდვილეში რაც მოხდა და დამნაშავე ვინც არის.
-მაშინ ვისი ბრალიც არის იმას მოვკლავ და საბოლოოდ დავისვენებთ ყველა, -ხმას აუწია დიოტრეფემ და ფეხზე წამოხტა.
-ქსანთე ციხეშია და თავისი დანაშაულისთვის დამსახურებულად იხდის სასჯელს.
- რომ გამოვა გგონია შევარჩენ?
-შურისძიებაზე ფიქრს შეეშვი.
-არ გამოვა მეგი, სანამ ჩემსას არ გავიტან არ მოვისვენებ.
-რომ მოკლავ გგონია მე ფეხზე დავდგები? წადი, მოკალი და იცოდე ჩემამდე მოსასვლელი გზა სამუდამოდ მოჭრილი გექნება.
-შენ არ გესმის, რას ვამბობ.
-შურისძიების წყურვილმა დაგაბრმავა დიოტრეფე! მე ისეთი ადამიანის გვერდით ვერ ვიქნები ვისაც გული ბოღმით ექნება სავსე და შურისძიება ბედნიერების უფლებას არ მისცემს.
-უარი რომ ვთქვა მაშინ, გამომყვები?
-შეძლებ შურისძიებაზე უარის თქმას? მჯეროდეს შენი? თუ ვერ შეძლებ ტყუილ იმედს ნუ მომცემ და გულს ნუ მატკენ.
-მე შენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
-დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში? იცი, მე შენი სიბრალული არ მჭირდება, საერთოდ არავისი სიბრალული არ მჭირდება. ერთ დღესაც ფეხზე აუცილებლად გავივლი, არ მაინტერესებს ამას ვინ დამიჯერებს და ვინ არა.
-საიდან მოიტანე, რომ სიბრალულის გამო მინდა შენი ცოლად მოყვანა? მე ისედაც ვაპირებდი ამ ყველაფერს და შენ ეს იცი.
- კითხე ოჯახის წევრებს აზრი?
-ცოლად მე მომყავხარ და არა ჩემ რომელიმე ოჯახის წევრს.
-რატომ არ გინდა გაიგო როგორ მძიმე ტვირთად გექცევი? ადვილი არ იქნება ჩემთან ერთად ცხოვრება. ყოველ დღე ხეიბარი გოგოს ყურება ყელში ამოგივა, როცა ქუჩაში ამდენ ლამაზ მოსიარულე გოგოს დაინახავ იფიქრებ, რატომ უნდა შეალიო ცხოვრება ჩემნაირს, -დიოტრეფეს სისხლი თვალებში მოაწვა, მზერა საშინელი გაუხდა და მთელი ძალით დაარტყა საწოლის ბოლოს ხელები.
-ნუ მაგიჟებ და ნუ ცდილობ რაც ვთქვი გადამაფიქრებინო. მე შენ აგირჩიე და დავამთავროთ ზედმეტი ლაპარაკი. ხელსაც მოვაწერთ, ჯვარსაც დავიწერთ და დიდ ქორწილსაც გადავიხდით, გასაგებია? - ნერვებს ვეღარ იმორჩილებდა და უკვე ღრიალზე გადავიდა.
-მე კი არა შენ მაგიჟებ, რა ხელისმოწერაზე, ჯვრისწერაზე ან ქორწილზე მელაპარაკები, ვერ ხედავ ხეიბარი რომ ვარ? -გაბრაზებულმა მეგიმ ხმას აუწია, - მე არაფერს მეკითხები რა მინდა? ჩემზე სულ არ ფიქრობ? ჩემი შემხედვარე ვინ იქნება ქორწილში ბედნიერი სახით? ყველას სახეზე სიბრალული ეწერება, მაგის დანახვას მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ასეთი დიდი სირცხვილი ავიტანო. დაფიქრების საშუალებას არ მაძლევ. ვერ ხვდები, რომ ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა და დასვენება მჭირდება? შენც გჭირდება დასვენება, შენც! ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თავისუფლად შემეძლო გადაადგილება და ფეხშიშველს სირბილი, ახლა? ახლა დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც აღარ შემიძლია. რატომ არაფერი გესმის? სულ ცოტა ხნით მაინც შედი ჩემ მდგომარეობაში. ძალიან ვიტანჯები დიოტრეფე, საკუთარი თავი მეზიზღება და ყველაზე მეტად ეს სიტუაცია მძულს, სიბრალულით სავსე თვალები მძულს რომლითაც მიყურებენ. მე დრო მჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად და ახალ მდგომარეობასთან შესაგუებლად. ახლა ქორწინებაზე ფიქრი არ შემიძლია, გუშინ ჩამოვედი თურქეთიდან, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვარ დაღლილი. თუ შენთვის მართლა რაღაცას ვნიშნავ ცხოვრებაში, ამ ერთხელ ცადე გაიაზრო ჩემი მდგომარეობა და ადამიანურად დამიდექი გვერდში, ნუ დამაძალებ ნურაფერს.
-სამხედრო სამსახურში ძალიან ბევრ რამეს მასწავლიდნენ, მტრის დაზვერვას, მიყურადებას, მათ შორის განიარაღებასაც, -მეგი ვერ მიუხვდა ნათქვამს, დიოტრეფე კი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა კარს და ფართოდ გამოაღო.
-ისა... ჩვენ...ჩვენ... იცი... ისა... - უხერხულად აწურული ნანა და ანი თვალებს აცეცებდნენ, ხელებს აქეთ - იქით იქევდნენ და დიოტრეფეს მზერისგან თავის დაღწევის გზებს ეძებდნენ, რომელიც გაბრაზებული უყურებდა ორივეს, მეგის კი ეღიმებოდა.
-გვაინტერესებდა რამე ხომ არ გინდოდათ, წვენი ან ყავა, ჩაი, ახლავე შეგვიძლია მოგიტანოთ ყველაფერი.
-შემოხვალთ თუ კარს უკან დგომა უკეთესია? -გაბრაზებული სახე ღიმილით შეეცვალა დიოტრეფეს.
-შემოვალთ, -თეთრი კბილები დაუკრიჭეს და სწრაფად შემოცვივდნენ.
-ხომ გითხარი ანი ეს სერჟანტები ძალიან ჭკვიანები არიან თქო, -დუდღუნით უთხრა ნანამ ანის.
-მე რა ვიცოდი კარს იქითაც თუ შეეძლოთ დანახვა, -ჩურჩულით გადაულაპარაკა ტყუპისცალს.
-მოაგვარეთ პრობლემა? ყველას გვაინტერესებს რას ლაპარაკობთ ამდენი ხანი, -როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა ნანამ და ჯერ დიოტრეფეს შეხედა, მერე კი მეგის.
-მე ვრჩები და დიოტრეფე სახლში მიდის.
-არა ძვირფასო, ახლა დიოტრეფე მეგისთან ერთად წავა სახლში, -საწოლს მიუახლოვდა, სწრაფად აიყვანა ხელში მეგი და ოთახიდან გავიდა.
-ახლავე დამაბრუნე ჩემ ოთახში!
-რამდენიმე წუთი მოიცადე და ჩვენ ოთახამდეც მივაღწევთ.
-სად მიგყავს ჩვენი და? -უკან აედევნენ ტყუპები. ხმაურზე ემზარი გამოვიდა და სანამ ლიფტში შევიდოდა, მაიამ მისი შეკავება მოახერხა.
-ემზარ, ძალიან გთხოვ, აზრი არ აქვს, ხომ იცი მაინც წაიყვანდა დღეს თუ ხვალ.
- გამიშვი, ჭკუა უნდა ვასწავლო მაგ ბიჭს!
- საყვარელო დამშვიდდი, -მის მკლავს აღარ უშვებდა ქალი და ცდილობდა გაბრაზებული ქმარი დაეყოლიებია.
-დიდ ბოდიშს გიხდით, ასე რომ აგაფორიაქეთ. ემზარ, თქვენც ხომ ხვდებით გაყოლას აზრი რომ არ აქვს? ნუ გეშინიათ თქვენ შვილს არაფერს მოვაკლებთ, საღამოს მობრძანდით ჩვენთან და ნორმალურ გარემოში უკეთ დავილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ასე დილაადრიან რომ შემოგეჭერით და აგაფორიაქეთ ჩვენი მოულოდნელი სტუმრობით, გელოდებით საღამოს ყველას, -დაემშვიდობა ნანა ცოლ - ქმარს და ლიფტში შევიდა.

##############
მთელი გზა მეგი გაბუტული იჯდა მანქანაში, მაშინაც არ გაუცია დიოტრეფესთვის ხმა როდესაც სახლში მივიდნენ. მალვინა ბებოს ისე მოეწონა პატარძალი ოთახიდან აღარ გადიოდა, მანამ სანამ ყოფილმა, დიდმა გენერალმა არ დაუცაცხანა და ისიც პატარა გოგოსავით გაჰყვა უკან.
-მეგი, ნუ მებუტები, შენ ოთახში გინდოდა და მოგიყვანე.
-მე ჩემი მშობლების სახლში რომ ოთახია, ჩემთვის განკუთვნილი იქ მინდოდა.
-ეგ ამბავი არ გამოვა, დღეიდან ეს ოთახი შენიც არის, ყველაფერი ჩემებურად მაქვს მოწყობილი, მაგრამ უფლებას გაძლევ როგორც გინდა ისე მოაწყო. ნუ მიყურებ დაბღვერილი, თითქოს უპატიებელი დანაშაული ჩამედინოს.
-არ გაგიკვირდეს შვილო, ამას რაც ასაკი ემატება უფრო ჭკუას კარგავს, -სიცილით თავზე წამოადგა დიოტრეფეს ნანა.
-ჭკუას ჩემი სურვილით არ ვკარგავ, მეგის ბრალია, ეს მაკარგვინებს.
-თვითონ მაიმუნი იყო რა ჩემი ბრალია? -ღიმილი შეეპარა სახეზე მეგის.
-დედა გაიგე რა მითხრა? მიდი მოქაჩე ამასაც თმები.
-მეგის კი არა შენ მოგქაჩავ თმებს, თუ არ გაჩუმდები.
-ერთი შეხედეთ, რძალი როგორ დაიცვა.
-რძალი უნდა დავიცვა აბა, შენ ხომ არ დაგიცავ? ეს იცი როგორი იყო? ბავშვობიდან მდედრობით სქესს არ წყალობდა, გოგოს ან ნერვებს უშლიდა ან ცემდა. პირველ კლასში გოგო რომ მიუსვეს გვერდით სულ წიგნი ურტყა თავში, ნუ ლაპარაკობო. მის გვერდით მჯდომი უნდა ყოფილი მუნჯივით, ის გოგო კიდევ სულ აქეთ - იქით ტრიალებდა, ლაპარაკობდა და გაკვეთილის მოსმენის საშუალებას არ აძლევდა. ერთხელ რვეულიც კი დაუჯღაბნა გამწარებულმა კლასელს, იმის გამო რომ უკნიდან სკამის საზურგეზე ფლომასტრით ყვავილები დაუხატა. კლასის დამრიგებელმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ყოველთვის მარტო მჯდარიყო სასკოლო მერხთან. უკვე მაღალ კლასში იყო ვიღაც სკოლელი გოგოსთვის მოკლე კაბა რომ ჩაუძვრია და ასე უთქვამს მაინც ისეთი მოკლეა საცვალი გიჩანს და რატომ მალავ არ ჯობია ყველამ კარგად დაინახოსო. დირექტორმა რომ მითხრა, სირცხვილისაგან სად დავმალულიყავი აღარ ვიცოდი. ვერცერთი კლასელი გოგო ვერ იტანდა, ყველასთან ნაჩხუბარი იყო, მერე სკოლელებსაც გადაწვდა და უკვე გარეთ რომ გადიოდა ღმერთს ვევედრებოდი სახლში მშვიდობით დაბრუნებულიყო, რომ რომელიმე მასზე გადამტერებულ გოგოს რამე არ დაეშავებია მისთვის. უკვე იმდენი გოგოს მშობელი მეუბნებოდა საყვედურს ლამის მომეკლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა თუ ჩემ ყურამდე ვეღარ აღწევდა ეგ უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტია საყვედური არავის აღარ უთქვამს ჩემთვის, -ღიმილით უყვებოდა დედამთილი მეგის, დიოტრეფეს წარსულის ამბებს. ნანა კიდევ ცოტა ხნით გაჩერდა მათთან და მალევე გავიდა, რადგან საღამოს სტუმრების დასახვედრად უნდა მომზადებულიყვნენ. მეგის მობილური ტელეფონი ამღერდა და პასუხისთანავე ლილიმ ჩასძახა შენთან მოვდივარ და ხვალამდე ფეხს არ გავადგამო.
-ლილი, სახლში არა ვარ.
-სად წახვედი გოგო, ამ დილაადრიან უჩემოდ?
-დიოტრეფე მოვიდა და თავისთან წამომიყვანა.
-ვაი, ტყვიას მოგარტყამთ ორივეს, ახლა უნდა ვიგებდე შენი გათხოვების ამბავს? ბარემ ბავშვის ნათლობაში დაგერეკათ და მაშინ გეთქვათ ეგ ამბავი. როგორ არა გცხვენიათ?!
-ვერ მოვახერხე დარეკვა, იცი, რა ომი გვქონდა სახლში?
-ომი და ატომური ბომბები იქნება მე რომ მოვალ მანდ. ჰო, კარგი, წავედი უნდა მოვემზადო, დაქალი გამითხოვდა და საღამოს უნდა ვესტუმრო, თვითონ ხომ ვერ მოიფიქრებს, რომ უნდა დამპატიჟოს, - სანამ მეგი რამეს ეტყოდა იქამდე გათიშა ლილიმ ტელეფონი.
-რა უნდოდა შენ დაქალს? რა ატომური ბომბები და ტყვიაო, რას გვერჩის?
-არ იცოდა რომ წამომიყვანე და გაბრაზდა, საღამოს გვესტუმრება.

##############
-ვისია, ვისია, ქალი ლამაზი, ჰე, ჰე, -მისაღებში გაღიმებული ლილი შემოვიდა, რომელსაც ხელებში იმხელა თაიგული ეჭირა თავი საერთოდ არ უჩანდა, -დაო, გილოცავ და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ.
-დიდი მადლობა, ლილი! -გაუღიმა და ყვავილების თაიგული გამოართვა. მერე ლილიმ დიოტრეფეს მიულოცა და ჩუმად უთხრა:
-იცოდე ჩემ დას თუ აწყენინებ მუხლზე ისე გადაგიმტვრევ, რომ ერთი წუთით არ შემეცოდები. ამ წუთას რომ ბედნიერებისგან იღიმის შენ გვერდით ისე უნდა იყოს მთელი ცხოვრება, რომ ამაზე ბედნიერს ვხედავდე. შენ გამო მეგის სახეზე ცრემლი რომ დავინახო იცოდე არ შეგარჩენ, -დიოტრეფეს გაეღიმა.
-ნუ გეშინია, ჩემ გვერდით უბედური ნამდვილად არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის.
-არ გააკეთებ და კარგ ჩიტსაც დაიჭერ, -მხარზე ხელი დაუტყაპუნა და მეგისთან ახლოს მივიდა.
-შალვა, ახლა დავფიქრდი და შენი და იმ ბიჭს ხომ არ გავაცნოთ? -დიოტრეფე შალვას მიუბრუნდა.
-ვის?
-ვის და აკოს, ამას წინათ რომ გავიცანით, ფერი ფერსაო ზუსტად ისე იქნებიან.
-დიო, ლილიმ არ გაგიგოს, იცოდე, რაც დაგპირდა ამ წუთში აგისრულებს.
-არ იხუმრა?
-ლილი, იშვიათად ხუმრობს უცნობებთან, -თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
-გგავს, ეტყობა, რომ შენი სკოლაა.
-მაინც როგორ გამომაპარეთ, ყველაზე ბოლოს უნდა გამეგო შენი გათხოვების ამბავი? ისე, ქალბატონო მაგარი გასალანძღი ხარ, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო თავს შევიკავებ.
-ვერ მოვახერხე დარეკვა, შენ მაინც ნუ მიბრაზდები.
-არ გიბრაზდები, ნაწყენი ვარ და მალე გამივლის ყურადღება არ მომაქციო. და გამითხოვდა და, ეს რას მოვესწარი ხალხო, -სიცილი დაიწყო ლილიმ და მეგის მიეხუტა.
დიოტრეფე, მეგის მიუახლოვდა და თავისი დეიდაშვილი მარიამი წარუდგინა.
-გამარჯობა, -გოგონამ გაუღიმა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. მეგიმაც ღიმილით შეაგება თავისი ხელი და ავტომატურად ის კადრი ამოუტივტივდა თავში დიოტრეფეს ხელიდან თეთრი ვარდი რომ ააცალა.
-შენ, ის მარიამი ხარ?
-კი, გაგახსენდა? რა სახე გქონდა მაშინ არ მავიწყდება, ალბათ, რომ შეგძლებოდა მომკლავდი.
-მეგი, ასეთი არ არის?
-ოჰ, როგორ დაგიცვა, ხედავ? -სიცილი ვერ შეიკავა მარიამმა.
-მოკვლის სურვილი არ გამჩენია, მაგრამ ძალიან ვიეჭვიანე.
-ძალიან კარგი, სწორედ მაგ ხერხით მივხვდი, რომ ჩემი მარმელადის მიმართ გულგრილი არ იყავი.
-მარიამ!
-მარმელადივით ტკბილი ხარ და რა ვქნა? მაშინ ბულკი ხარ, ან მარწყვის ჯემიანი კრუასანი, -დიოტრეფემ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და გოგოებს გაეცალა.
-ვერ იტანს ასე რომ ვეძახი, ძალიან ბრაზდება და მერე მთელი დღე მიბღვერს. არ ესმის როგორ ძალიან მიყვარს, თუმცა როგორ არ ესმის, უბრალოდ ამ ჟესტით ცდილობს არ დამანახოს გრძნობები, ჩვენი ჯუჯღუნაა. შენ არ დაუძახო გაგებუტება, ყველაფერთან ერთად ბუტიაც არის. ერთხელ ბიჭებთან ერთად ვუთხარი ჩემი თაფლაკვერი ხარ თქო და მერე ორი დღე შესარიგებლად დავდევდი. მას შემდეგ ბიჭებთან არა, მაგრამ სახლში მარტოები რომ ვართ ვამკობ ტკბილი კომპლიმენტებით და მის ჯუჯღუნზე ბევრს ვხალისობ.
შენთან განმატოებით მინდა ლაპარაკი და შეიძლება?
-რა თქმა უნდა.
-დიოტრეფეს და ახლა უკვე შენ ოთახში გავიდეთ, სხვაგან შემოგვივარდებიან. როგორ მომწონს ამის ოთახი და ერთხელ არ მომცა დაძინების უფლება ოთახს ამირევო, მაქსიმეს და პატარა მარიამს ხომ კარგად ჩაიკოტრიალებს ხოლმე საწოლში? ყველაფერი სანტიმეტრებში აქვს დაწყობილი, წიგნი სულ ოდნავ რომ გაწიო მაშინვე ჩხუბს იწყებს ვინ აურია ჩემი ოთახიო. კარგი, ეს იქით იყოს, ოთახის დათვალიერებას შენითაც მოახერხებ. მე დიოტრეფეზე მინდა გელაპარაკო. ძალიან გთხოვ არ გაბრაზდე ასე უცერემონიოდ რომ დაგავლო ხელი და წამოგიყვანა. წარმოდგენაც არ გაქვს როგორი ცუდად იყო თურქეთში რომ იყავი წასული. ადგილს ვერსად პოულობდა, არ ეძინა, ნორმალურად არ ჭამდა, მხოლოდ სამსახურში ახერხებდა გონების მოკრებას. უდარდელი ხმით რომ გირეკავდა მართლა ასე კი არ იყო, გაწამდა, ეშინოდა, რომ ახლა რა შედეგიც გაქვს ესეც არ გექნებოდა. მერე ქსანთე დაიჭირეს, ბიჭებმა იმდენი გააკეთეს რომ არც სასამართლოზე და არც მის სანახავად არაფრის დიდებით არ შეუშვეს, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ენახა შემოაკვდებოდა. მესმის ჯერ გუშინ ჩამოხვედი და სხვა თუ არაფერი მგზავრობით დაიღლებოდი და დასვენება გჭირდება, მაგრამ მასაც გაუგე, ეშინია ქსანთემ თავისი მეგობრების მეშვეობით რამე არ დაგიშავოს. ფიქრობს თუ მის სახლში იქნები უკეთესად დაგიცავს. გთხოვ მეგი, ნუ უსაყვედურებ დღევანდელი საქციელის გამო. შენ ხომ გიყვარს ის, მიიღე ისეთი როგორიც არის. მესმის ხანდახან ძალიან ჯიუტია და არავის არ უსმენს, მაგრამ ეგეც იმის გამო, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავდეს. მას ყველა ახლობელი ძალიან ვუყვარვართ, მეგობრებზე მეტი მტრები ჰყავს, მაგრამ ვინც გულში ვყავართ უნდა, რომ ბედნიერები ვიყოთ. ვაღიარებ უზომოდ ფიცხი ხასიათის პატრონია, მაგრამ ძალიან კეთილი გული აქვს. შეიძლება შენ მიმართ ვერ გამოხატოს გრძნობები, შეიძლება ზღაპარში ვერ გაცხოვროს და ძვირადღირებული საჩუქრებით ვერ გაგანებივროს, მაგრამ გახსოვდეს მან ისე შეგიყვარა, როგორც არავის, არასდროს არ ჰყვარებია და შენი კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გააკეთებს, თავს არ დაზოგავს. ხედავ მის მეგობრებს? ბევრნი არ არიან, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული სამეგობროა. დიოტრეფეს მათ გარეშე არ შეუძლია ცხოვრება, ზოგჯერ ისეთ სისულელეებს აკეთებენ იტყვი ბავშვობიდან ვერ გამოსულანო. ერთად რომ არიან მათთან მოწყენა შეუძლებელია. იცი, დიოტრეფე ადრე ძალიან მარტოსულად გრძნობდა თავს, სულ რაღაცის ან ვიღაცის ძიებაში იყო. ახლა, რომ ვუყურებ მგონია, ის იპოვა რასაც ამდენი ხანი ეძებდა. მან შენში თავისი წილი სიმშვიდე იპოვა, რასაც ამდენი წელი უშედეგოდ ეძებდა. შეიძლება ახლა ვერ ხვდები რას ვამბობ, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად მიხვდები. თითქოს უხილავი ძაფით გადაებით ერთმანეთს და ეშინია ეს ძაფი ვინმემ არ გაწყვიტოს. შენ არ იცი, როგორ უბრწყინავდა თვალები, როდესაც შენზე საუბარს ვიწყებდით. სოფელში ერთად გატარებული დღეების ამბებს ისე ინახავს გულში როგორც უძვირფასეს საგანძურს და ასეც არის. მისთვის ის დღეები საგანძურზე მეტია, რომლის შესახებაც არ უნდა ვინმემ ჩვენთვის უმნიშვნელო და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც პატარა დეტალი გაიგოს. არ მინდოდა შენთვის განწყობის გაფუჭება, მაგრამ, რომ არ მეთქვა არ გამოდიოდა. იმედია ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება და მას არაფერს ეტყვი, რომ გაიგოს გაბრაზდება.
-გპირდები, ის ვერაფერს გაიგებს.
-გინდა საიდუმლოდ რაღაც გაგიმხილო? -საპასუხოდ მეგიმ მხოლოდ გაუღიმა და თავი დაუქნია.
-დანახვის დღიდან ძალიან მომეწონე და მიხარია, ამ გადარეულის გვერდით შენ რომ გხედავ. ვერ მოისვენა და მოგვაკითხა, შეხედე როგორ გვიღიმის, როგორ არ მივიდე და არ ვაკოცო? -მარიამი დიოტრეფეს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა, მერე კი უჩქმიტა და სიცილი დაიწყო,
-მერე იტყვი არ ვარ მარმელადივით ტკბილი და გემრიელიო, -ცოტა ხანში დიოტრეფეს ძმები მოვიდნენ ცოლებთან ერთად, ანა და სალომე ისე მალე გაუშინაურდნენ ახალ რძალს, რომ გვერდიდან აღარ ცილდებოდნენ, ლილისაც კი არ აცდიდნენ მასთან ლაპარაკს რაზეც გოგოს ნერვები ეშლებოდა და დაქალს ანიშნებდა ორივეს გავგლეჯავო. ისეთი თბილი გარემო სუფევდა მეგის სულ გადაავიწყდა ეტლში რომ იჯდა და სიარული არ შეეძლო. დილანდელი დაძაბული გარემო საერთოდ გაფერმკრთალებულიყო, მისი მშობლები და დებიც მხიარულობდნენ და ეს მეგის ძალიან ახარებდა. დიოტრეფეს ძმისშვილები ყველანაირად ცდილობდნენ თავი მოეწონებიათ ბიცოლასთვის, ხან ერთი ჩაუხტებოდა კალთაში და ტკბილეულს უდებდა ხელში, ხან მეორე. მეგიც ღიმილიანი სახით უხდიდა მადლობას და ლოყაზე კოცნიდა. არავის არ ჰქონდა მოწყენილი და უბედური გამომეტყველება. დიოტრეფეს მეგობრები იმდენ სისულელეს მოედნენ და იმდენი იცინეს სახის კუნთები ტკიოდათ სუფრაზე მსხდომთ. შუაღამე ახალი შემოპარული იყო მეგის მშობლებმა და დებმა სახლი რომ დატოვეს, მათ უკან მიჰყვნენ დიოტრეფეს მეგობრები, ძმები კი დარჩნენ ცოლებთან ერთად.
-საზამთრო მინდა, - მეგის გვერდით მჯდომმა ანამ ქმარს გახედა.
-ახლა? -შეწუხებულმა შეხედა ცოლს.
-გოგა, შენ პირველ შვილს საზამთრო უნდა და გეზარება, რომ იყიდო?
-ხვალ დილით თუ გინდა ერთ მანქანას მოგიტან, ახლა ძალიან მეძინება.
-კარგი, იყოს ხვალ, -განაწყენებული ანა ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა, მალევე გოგაც უკან მიჰყვა.
-ესენი იცი რა მაგრები არიან? ახლა გოგა წავა და მოვა ენაგადმოგდებული, უშველებელი საზამთროთი ხელში, -სიცილი ვერ შეიკავა ჯაბამ და კალთაში მჯდომ მძინარე შვილს თმებზე მოეფერა, - მაქსიმეს ჩაეძინა, გავიყვან და მოვალ. დიდი ხანი არ იყო გასული ოთახში გოგა რომ შემოვიდა საზამთროთი ხელში, ეტყობოდა სწრაფად სიარულისგან სუნთქვა როგორ უჭირდა და საზამთროსაც ხელში ვეღარ იჭერდა. დიოტრეფემ საზამთრო გამოართვა და სამზარეულოში შეიტანა. ცოტა ხნის შემდეგ ყველანი ღიმილიანი სახეებით შეჰყურებდნენ ანას, რომელმაც ნახევარი საზამთრო მარტომ შეჭამა და ამით ძალიან ნასიამოვნები ჩანდა.

##############
სახეზე რბილი, თბილი და პატარა ხელების შეხებას გრძნობდა. მერე პატარა ტუჩები იგრძნო ლოყაზე და თვალები გაახილა, პატარა მაქსიმე უცინოდა. ნუშისფერი კულულები აჩეჩვოდა, ჩამძივული, თეთრი, ნაფოტა კბილები დაეკრიჭა, თვალებიდან კი სიყვარული ეღვრებოდა.
-დილამშვიდობისა, მაქსიმე! -გაუღიმა მეგიმ.
-დილამშვიდობისა, მეგი ბიცოლა, ძიას გამოუშვებ?
-სად, ჩემო პაწაწინა?
-ველოსიპედი უნდა დავაბუქსაოთ მე და ძიამ.
-მერე, მე რატომ მთხოვ ნებართვას, თვითონ ძიას არ ჰკითხე?
-ვკითხე და ძიამ შენთან გამომგზავნა. გამოუშვებ?
-გამოვუშვებ, მაგრამ ფრთხილად იყავით და ძიას მიჰხედე რამე არ იტკინოს, -მაქსიმემ სიცილი დაიწყო.
-შენ, ყველაზე კარგი მეგი ბიცოლა ხარ, -სწრაფად აკოცა ლოყაზე, საწოლიდან ჩახტა და ოთახიდან გავარდა.
-ძია, ძია, მეგი ბიცოლამ მითხრა გამოვუშვებო, ჩქარა წავიდეთ ძია, - ყვიროდა მაქსიმე.
-მე ველოსიპედის დასაბუქსავებლად მივდივარ, როგორც მაქსიმემ გითხრა, თან პატარა მარიამიც მიგვყვავს, ერთ საათში ან უფრო ნაკლებში დავბრუნდებით, -ოთახის კარებთან იდგა დიოტრეფე და ღიმილით უხსნიდა, -შენ მანამდე დაიძინე, ჯერ ძალიან ადრეა, შვიდი ახლახანს გახდა, თუ რამე დაგჭირდა დედა სახლშია და უთხარი, მარიამიც მოვა მალე და ისიც შემოგაკითხავს. დანახვის დღიდან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინე მაქსიმეზე, რომ შენი სიხარულით მთელი კვირაა სახლში ვერ წაუყვანია ჯაბას, მგონი ჩაგვისახლდა, -იცინოდა დიოტრეფე.
-ძია, წავიდეთ, მე ბოტასები უკვე ჩავიცვი, -ხელი წაავლო დიოტრეფეს და მეგის თავისი ნაფოტა კბილები დაუკრიჭა.
-მალე მოვალთ, მეგი, ბიცოლა, -მერე საკუთარ ხელის გულს აკოცა და ხელი დაუქნია. ეს ჰაეროვანი კოცნის იმიტაცია იყო მისი მხრიდან. ორი საათის შემდეგ მისაღებში პატარა მაქსიმე შემოვიდა ხტუნვით, სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა, -მოვედით ბიცო, -კბილები გამოაჩინა ბავშვმა, -ბიცო, იცი ძია წაიქცა, -გვერდით მიუჯდა მაქსიმე მეგის, თან პირზე ხელებს იფარებდა სიცილის შესაკავებლად და შემოსასვლელისკენ აპარებდა თვალებს.
-როგორ წაიქცა? -მისმა შემყურემ მეგიმაც ვერ შეიკავა სიცილი.
-ველოსიპედზე ვიჯექი და გადვყირავდი, ძიამ ვეღარ დამიჭირა და ისიც წაიქცა, -ამ დროს გაღებულ კარში დიოტრეფე შემოვიდა პატარა მარიამთან ერთად.
-ბიცო დამმალე, -უკითხავად აუწია მუცელთან სვიტრი მეგის და თავი ქვეშ შეუყო.
-დიოტრეფე, მაქსიმე სად არის?
-არ მოსულა?
-რა გვეშველება ნეტავ სად უნდა წასულიყო? ეტყობა ჩემსავით ცოლი მოიყვანა, -მაქსიმემ ბიძის ნათქვამზე სიცილი დაიწყო და უფრო მეტად მიეკრო მეგის მუცელს. დიოტრეფემ მეგის სვიტრი აუწია და მაქსიმემაც უკმაყოფილოდ ახედა.
-ძია, შენ კიდევ ხოლმე - ხოლმე სულ მპოულობ, -ეწყინა და სამზარეულოში ბებოსთან გაიქცა.
-მარიამ, მოგეწონა გარეთ? მოდი ჩემ გვერდით დაჯექი, -უთხრა მეგიმ და ბავშვი გვერდით დაისვა.
-ბევრი ვიკატავეთ. მეგი, ბიცოლა, იცი, ძიამ ხელი იტკინა, - ახალი ამბავი ვერ დამალა პატარა მარიამმა.
-კიდევ კარგი უთხარით. წადი სხვებსაც ახარე, თუმცა მაქსიმე უკვე იტყოდა, რადგან მალვინას ქოთქოთის ხმა მესმის.
- მართლა წაიქეცი? ბებო გენაცვალოს, რამე ხომ არ იტკინე? - ახლად შემოსულმა მალვინამ თვალიერება დაუწყო დიოტრეფეს.
-ბებო, არაფერია საშიში, უბრალოდ დავეცი, ნუ ჩავარდებით ყველა პანიკაში.
-ამხელა კაცი როგორ დაეცი, რომ ამ თითისტოლა ბავშვების დასაცინი გახდი?
-კიდევ კარგი, ახლა მთელი თვე პროგრამაში მე ვიქნები თუ როგორ დავეცი ბავშვების თვალწინ.
-დიოტრეფე, შენზე რაღაც გავიგე და მართალია? - სიცილით შემოვიდა მარიამი, რომელსაც ყავის ფინჯანი ეჭირა ხელში.
-აჰა, დაიწყო უკვე. მარიამ, არ გინდა შენი ყავა დამითმო?
-არა, იყოს.
-უხ, შე წუწურაქო.
-ძია, მე მოგიმზადებ ყავას, -წამოიყვირა პატარა მარიამმა და ფეხზე წამოხტა.
-მერე, იცი, როგორ მზადდება?
-კი, ყავა მზადდება შაქრით და ,,პესოკით“ - თავის თავში დარწმუნებულმა, ბედნიერმა წამოიძახა და რომ გაიაზრა რაც თქვა პირზე ხელი აიფარა და დაიმორცხვა.
-ძიას ჭკვიანი გოგო, -ღიმილით აკოცა თავზე დიოტრეფემ, - მიდი ბებოს უთხარი და ერთად მომიზადეთ ყავა, მაგრამ შენ არ წამოიღო, მეშინია, ზედ არ გადაისხა, ბებო მომიტანს ან დამიძახე, გამოვალ და იქ დავლევ.
-მაშინ გავიქცევი და უფრო მალე იქნება, -მარიამი სირბილით გავიდა მისაღებიდან.
-გაიგეთ ყავა როგორც მზადდება? ხანდახან პატარა მარიამსაც უნდა ჰკითხოთ რჩევა, - იცინოდა დიოტრეფე.

##############
მისაღებ ოთახში ახალი რძლის სანახავად მოსული სტუმრები ისხდნენ. მალვინა ბებომ ტკბილეული დააწყო სუფრაზე და ყავის მოსადუღებლად გავიდა. ნანამ რძალს დაუძახა და სტუმრებს გააცნო. სტუმრები თითქოს თბილად შეხვდნენ, მაგრამ ეს სითბო სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
-მეგი, შვილო ქორწილს და ჯვრისწერას როდის გეგმავთ?
-იცით...
-მანანა, დიოტრეფეს ქორწილის გადახდა არ სურს.
-რას ამბობ ნანა, ასე ხელმოუწერელი და ჯვარდაუწერლები უნდა იყვნენ ბავშვები? რძალი მოიყვანეთ და პატარა სუფრა მაინც არ უნდა გაშალოთ, რომ ახლადშექმნილი ოჯახი დაგილოცოთ? რას იტყვის ხალხი?
-დიოტრეფეს ცოლი ხალხის გამო არ მოუყვანია და ნეტავ მაცოდინა იმათ ვინ ჰკითხავთ, ჩვენ ქორწილს გადავიხდით თუ არ გადავიხდით?
-მალვინა, ახალგაზრდები არიან.
-თინა, ახალგაზრდები რომ არიან ამიტომ უნდა გადაწყვიტონ თვითონ.
-მე მაინც მგონია, რომ არასწორად იქცევიან, მეგიკო შენ არ იცნობ ჩემ შვილს ათულას, ცოლი რომ მოიყვანა ყველა იმათ ქორწილზე ლაპარაკობდა. მე რომ შვილი და რძალი მყავს ნებისმიერმა ინატროს. დედა ენაცვალოს ისე უყვარს თავისი ცოლი ჩემ ათულას, რომ დაითვრება სულ ჰკოცნის და ეფერება, გადარეულები არიან ბავშვები ერთმანეთზე. ერთხელ კი იყო ჩემი რძალი წასული დედამისთან, მაგრამ კონფლიქტი ვის არ მოსვლია, ხომ გაგიგიათ ცოლ - ქმრის ჩხუბი გიჟს მართალი ეგონაო. საყვარელო გოგო, ალბათ როგორ გიჭირს ყველაფერში დახმარება რომ გჭირდება არა? ალბათ ეტლში ჯდომაც როგორი არაკომფორტულია. რა ვუთხარი ამ მთავრობას ნორმალური ეტლებიც ვერ დაუმზადებიათ ინვალიდებისთვის.
-არა, რას ბრძანებთ, ეს ეტლი საკმაოდ კომფორტულია.
-თინა, ჩვენ მეგის არაფერს არ მოვაკლებთ და არც რამის გაჭირვება ექნება.
-ნანა, საყვარელო მე იმას კი არ ვამბობ, რომ რამე მოაკლდება შენ რძალს, იმის თქმა მინდოდა, როგორი ძნელია ასეთ ახალგაზრდა გოგოს მომავალი რომ დაენგრა და სახლში უნდა იჯდეს მთელი ცხოვრება გამოკეტილი, -დანანებით გადააქნია თავი და სახეზე სიბრალულის ნიღაბი აიკრა.
-წარმომიდგენია დიოტრეფე რა დღეში იქნება სხვის ცოლებს რომ ხედავს ფეხზე დგანან, სამზარეულოში ფუსფუსებენ და ამ დროს მისი ცოლი ამ ყველაფერს მოწყვეტილია.
-მანანა, ასე ყველაფრის დაკონკრეტება არ არის აუცილებელი! ან მეგის დახმარება რა საჭიროა, როცა სამზარეულოში მე და მალვინაც ძლივს ვეტევით?! -სიმწრით გაიღიმა ნანამ და ეცადა მიეხვედრებინა ქალი, რომ უკვე ზედმეტს ლაპარაკობდა.
-ჩემი ათულა გოგოებო ალბათ სულ ხელში აყვანილს ატარებდა ნანიკოს ასე რომ დამართოდა, დედა ენაცვალოს სამაგალითოდ აღვზარდე. ნანიკოს წამოსვლა უნდოდა, მაგრამ ბავშვს კბილები ამოსდის და ჟინიანობა დაეწყო. თქვენ რა უნდა ქნათ შვილებზე, არ გინდათ პატარა ბაიები? ანას და გოგას ინტერნეტში ისეთი საყვარელი ბავშვის ფოტოები უწყვიათ ახალგაზრდა რომ ვიყო კიდევ გავაჩენდი შვილს, თუ მეცოდინებოდა, რომ მათსავით საყვარელი ბაია მეყოლებოდა, - მოჩვენებითად ატეხა სიცილი ქალმა.
-თინა, ძალიან გთხოვ! მეგი, სულ რაღაც ორი კვირაა ჩვენი რძალია!
-უიჰ, საყვარელო მე საწყენად არ მითქვამს, -ხელი აიქნია ქალმა, - ჯერ ახალგაზრდები ხართ, შვილებს მერეც მოესწრებით. საყვარელი და ლამაზი გოგო შემოგივიდათ რძლად, თუ არ გეყოლებათ პატარა ბავშვთა სახლიდან გამოიყვანთ, რა პრობლემაა, არა?
-ბოდიში, მირეკავენ და უნდა ვუპასუხო, -მეგიმ განათებული ტელეფონის ეკრანს დახედა და სტუმრებს გაუღიმა.
-მიდი შემოგევლე, -გაეკრიჭნენ ქალები და როგორც კი მეგიმ ოთახი დატოვა მათი ღიმილიანი სახეები შეშფოთებამ შეცვალა და მაშინვე ალაპარაკდნენ.
-ნანა, რამ მოგაყვანინათ ინვალიდი რძალი? ან შვილიშვილი არ გინდათ ან ნორმალური ცხოვრება, ამხელა ტვირთად რომ დაგაწვებათ ეს ხეიბარი გოგო, მაგდენს ვერ ხვდებით?!
- რას ამბობ მანანა, ჩემ შვილს ვინც უყვარდა ის მოიყვანა ცოლად, მე ვინ მეკითხება?
-იცი, ნანა, დიოტრეფემ საყვარელი რომ გაიჩინოს მერე არ გაგიკვირდეთ, -ტუჩები უსიამოვნოდ დაბრიცა ქალმა.
-გაჩუმდით ახლავე და ენის ჭარტალს მორჩით! ბებო ენაცვალოს, ძალიან კარგი ბავშვი გვყავს რძლად. თქვენი გასაკიცხი რა ჭირს? თქვენ რძლებს მიხედეთ და იმათზე ილაპარაკეთ, -გაცხარდა მალვინა.
-მალვინა დეიდა, შენ ასაკოვანი ქალი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ არცერთ ოჯახს არ უნდა ასეთი რძალი.
-გააჩუმე თინა ენა, შენ რა იცი, ვის როგორი რძალი უნდა?
-მალვინა დეიდა, რატომ მეჩხუბებით? მე მართლა შემტკივა გული, თქვენ კიდევ როგორ ბრაზობთ და მსაყვედურობთ.
-ჩუუ, მოდის მგონი, - აღელვებულმა გადახედა მოსაუბრეებს ნანამ.
-უიჰ, ლამაზი გოგო, მოხვედი?
-გეთანხმები თინა, ნეტავ სად იპოვა დიოტრეფემ? კარგია ქალებო თქვენთან ჭორაობა, მაგრამ უნდა წავიდეთ, გამოჯანმრთელებას გისურვებ შვილო, -მანანამ და თინამ სათითაოდ გადაკოცნეს მეგი, დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
-კარგად ლამაზო გოგო, კიდევ გინახულებთ, -კარებიდან ხელი დაუქნია თინამ.
-კარგად ბრძანდებოდეთ, -ძლივს შეძლო გაღიმება მეგიმ, წავიდნენ თუ არა სტუმრები საძინებელ ოთახში შევიდა და იქ უკვე ვეღარ შეძლო მოზღვავებული ემოციების შეკავება. უკან მალვინა და ნანა შეჰყვნენ.
-ბებო გენაცვალოს, როგორ გაგანერვიულეს მაგ ქოფაკმა ქალებმა. გენაცვალე, ჩემო პატარა ქალო. ბებო მაგათ ვისზე რა აქვთ სათქმელი, მანანამ ოთხი რძალი გააგდო, ოთხივე უძვირფასესი გოგო იყო, ჩემი შვილის შესაფერისები არ არიანო, ახლა მაგის ბიჭი ვიღაც ბო’ზს არის აკიდებული და მთელ ფულს იმას ახარჯებს. თინას კიდევ რძალი გაექცა და ძლივს, დიდი ალიაქოთის შემდეგ დააბრუნეს, მაგის ლოთი შვილი ამწარებდა იმ გოგოს. არ მოუსმინო არავის, მთავარია შენ და დიოტრეფეს გქონდეთ სიტკბო, მაგათ ვინ ჰკითხავთ ბებო.
-მეგი, ძვირფასო, შემომხედე! შენ მარტო ჩემი რძალი კი არა ჩემი მეექვსე შვილი ხარ, ისევე როგორც ჩემი ორი რძალი. ამას იმის გამო არ გეუბნები, რომ ახალი შემოსული ხარ ჩვენ ოჯახში და გეპირფერები, არამც და არამც. მე უკვე სამი ბიჭი და სამი გოგო მყავს. ერთი წუთითაც არ გაივლო გულში, რომ მე შენი საწინააღმდეგო რამე მაქვს. ვერ დაგაძალებ დედა დამიძახო და ვერც იმას დაგპირდები დედას შეგიცვლი თქო, მაგრამ მიმიღე როგორც შენი მეორე დედა. ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი და რაც არ უნდა მოხდეს მე მხარში დაგიდგები.
-დამშვიდდი ბებოს სიხარულო, დიოტრეფემ ასეთ დღეში რომ გნახოს ძალიან გაგვიბრაზდება, - მალვინას, გული შეუწუხდა მეგის ცრემლების შემყურე.
-გოგი გიორგევიჩ რა ხდება, სად არიან ოჯახის ქალები? დაგტოვეს მარტო და გაიპარნენ სახლიდან? -სამსახურიდან დაბრუნებულმა დიოტრეფემ მისაღები მოათვალიერა.
-არა კაცო, აგერ გოგო ტიროდა და იმასთან არიან.
-ვინ გოგო? -წამებში სახე შეეცვალა.
-მანანა და თინა იყვნენ მოსულები, ესაო, ისაო, მოუშალეს გოგოს ნერვები. მეტი საქმე არა აქვთ დაწანწალებენ მთელი დღე აქეთ - იქით. გოგო მშვენიერ ხასიათზე იყო, ენა ვერ გააჩერეს უჰ, - ხელი აიქნია კაცმა.
- წავალ, გავიგებ რა ხდება.
-მიდი, დაელაპარაკე, იქნებ დამშვიდდეს, -დიოტრეფე ოთახში რომ შევიდა მეგი საწოლზე იწვა, მალვინა თავზე ეფერებოდა, ნანა ფეხებთან ეჯდა შეწუხებული სახით.
-დედა, ბებო, ცოტა ხნით მარტო დაგვტოვეთ.
-რა ვქნა შვილო, მოვიდნენ და ხომ არ გავყრიდით, -შვილის გაბრაზებული სახის დანახვაზე თავის მართლება ცადა ნანამ.
-როცა საჭიროა უნდა გაყაროთ კიდეც, ეს ხომ მოგწონთ რა დღეშიც არის? -ხმას აუწია დიოტრეფემ და ხელით მეგიზე ანიშნა. ქალები ოთახიდან გავიდნენ, თვითონ კი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, -მეგი, მაპატიე, ჩემ გამო გიწევს ამ ყველაფრის ატანა.
-გეყოფა თავის დადანაშაულება, -ბალიშიდან თავი წამოწია მეგიმ და მოეხვია.
-ვერ დაგიცავი იმ ცხოველისგან და გაგაუბედურე.
-ხომ იცი, რომ შენი ბრალი არ იყო? ქსანთეს ხელიდან რომ არ გამოგეგლიჯეთ შენ და შენს მეგობრებს არავინ იცის რა მელოდა, მერე მართლა სამუდამოდ უბედური ვიქნებოდი. შენ მართლა ჩემ მფარველ ანგელოზად იქეცი, რაც გაგიცანი სულ ვიღაცისგან ან რაღაცისგან ცდილობ ჩემ დაცვას.
-ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის.
-იმაზე კარგად გამოგდის ვიდრე წარმოგიდგენია.
-ძალიან ცუდად მოიქეცი საკადრისი პასუხი რომ არ გაეცი. დედისტოლა ქალი როცა არ უფიქრდება, რომ მისმა ნათქვამა შეიძლება გული გატკინოს, უნდა მიახვედრო, რომ ზედმეტი მოსდის, მაგათ სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ.
-უფროსები იყვნენ, რა უნდა მეთქვა, თან პირველად ვხედავდი.
-რაც იყო, იყო, აღარ იფიქრო უწიგნურ ქალებზე. მეორედ თუ კიდევ მოხდა მსგავსი ინციდენტი გეცოდინება, რომ თავისი ადგილი უნდა მიუჩინო, თუ არა და მოგიწევს გულგასიებულს ცრემლების ღვრა. გარეთ იცი რა კარგი ამინდია? არ გინდა ქუჩაში გავისეირნოთ?
-არ ვარ სეირნობის ხასიათზე.
- სახლში გამოკეტილი როდემდე უნდა იყო? გავიდეთ, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ, თან ცოტა გულსაც გადააყოლებ და თინას და მანანას ნათქვამზეც აღარ იფიქრებ.
-გთხოვ! -სევდიანი მზერით ახედა, მაგრამ დიოტრეფემ მისი თხოვნა არაფრად ჩააგდო ისე ჩაიყვანა ეზოში.
-ჩაისუნთქე, რა ჰაერია, წვიმის შემდეგ ქუჩაში მიწის სუნი ტრიალებს, ვგიჟდები ამ დროს ისე მიყვარს გარეთ ხეტიალი.
-მე არ მიყვარს წვიმიანი ამინდები, რამდენჯერაც წვიმაში მოვყევი იმდენჯერ გავცივდი.
-არც მე მიყვარს წვიმაში დასველება, წვიმის შემდგომი პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნოა. როცა შეგცივა მითხარი და წავიდეთ სახლში, დიდხანს აღარ გაგაჩერებ.
-ბიჭო ნახე რა გოგოა, საწყალი ეტლში ზის, -გვერდით ჩავლილმა ბიჭებმა სიბრალულით სავსე მზერა შეავლეს მეგის. დიოტრეფე დაიძაბა, ისე იყო ლაპარაკით გართული ყურადღება არ მიუქცევია ზედმეტად ბევრი თვალი რომ მიშტერებოდათ. მეგის კი უკვე დიდი ხანია შეემჩნია და უხერხულობისგან აღარ იცოდა სად დაემალა თვალები.
-ნწ ნწ ნწ, საწყალი გოგო.
-ეჰ, რა ცოდოა.
-აფსუს, რა გოგოა.
-დედიკო, ნახე გოგო ეტლში ზის, რა ცოდოა არა?
-ეს არის ცხოვრება? საცოდავი ამის ოჯახის წევრები, ვინ იცის როგორ იტანჯებიან ამის საცოდაობით, -ხალხის რეპლიკების მოსმენისგან დიოტრეფე უკვე მოწიკწიკე დეტონატორს ჰგავდა, რომელიც აფეთქებამდე ბოლო წუთებს ითვლიდა.
-მადო, შეხედე, რა ბიჭია.
-აბა, სად გოგო?
-ჩვენ წინ რომ მიდის. გოგო, იქით სად იყურები? ყოველ დღე ასე მასეირნოს და თუნდ სულ ნუ გავივლი ფეხზე.
-ღმერთმა დაგიფაროს, გაგიჟდი?
-როგორ მეცოდება, ასეთმა მაგარმა ბიჭმა მთელი ცხოვრება ხეიბარს უნდა შეალიოს? ზოგს რა ბედი აქვს, მე კიდევ ვერცერთი ბიჭი ვერ მამჩნევს თითქოს არც ვარსებობდე.
-ენის ტლიკინს თუ არ მორჩებით ხვალიდან ორივეს მართლა ეტლით მოგიწევთ გადაადგილება, -გამწარებული შეტრიალდა დიოტრეფე და მათ უკან მომავალ გოგონებს მთელი ხმით დაუღრიალა. გოგონები შიშისგან და მოულოდნელობისგან ადგილზე გახევდნენ. სიტყვის თქმაც ვეღარ შეძლეს, გაფართოვებული თვალებით შეჰყურებდნენ მათ წინ მდგარს, რომელიც თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, -ესენი ვინ ყოფილან? რეპლიკების გარეშე არ შეგიძლიათ, რომ გაიაროთ?! ეტლში მჯდომიც ჩვეულებრივი ადამიანია და არ არის გადამეტებული ყურადღება საჭირო. ისე გვიყურებთ თითქოს უცხოპლანეტელები ვიყოთ, -გამწარებული ღრიალებდა დიოტრეფე.
-დამშვიდდი და ნუ ყვირი, გთხოვ, -ხელზე მოქაჩა მეგიმ.
-აი, შენ -იმ გოგოს მიმართა რომელმაც ენა ვერ გააჩერა დიოტრეფეს და მეგის მისამართით, -შენ, "ვაბშე" არცერთი ბიჭი არ მოგიყვანს ცოლად, ისეთი საცოდავი ხარ. არავის ჭირდება შენნაირი ჩალისტვინა გვერდით, სულ რომ ენას ატლიკინებს და ცხოვრების აზრზე არ არის. მარტო საწოლისთვის თუ გამოდგები და იმაშიც ეჭვი მეპარება იქ თუ მაინც ივარგებ.
-რას ამბობ დიოტრეფე, ვერ ხედავ თოთხმეტი წლისებიც ძლივს იქნებიან? -წამოიყვირა შეშფოთებულმა მეგიმ.
-ჩემ დროს ამ ასაკის გოგონები კაცების ,,დაკერვაზე“ კი არ წუხდნენ, ბიბლიოთეკაში საზღვარგარეთის ლიტერატურა რომ შემოდიოდა და პირველებს უნდოდათ წაკითხვა მაგაზე წუხდნენ არავის დაესწროთ წიგნის გატანა. ესენი კიდევ, სხვის ქმრებზე ოცნებობენ. რას მომჩერებიხართ? მეტი საქმე არა გაქვთ? გაიარეთ, -გამწარებული მზერა ესროლა გაჩერებეულ რამდენიმე ადამიანს რომლებიც სეირს უყურებდნენ, -თქვენ კიდევ "დაახვიეთ" აქედან და ნუ მეჩხირებით თვალებში, -გოგონები მის ხმაზე გამოფხიზლდნენ და ფერდაკარგულები გაიქცნენ წინ.
-დიოტრეფე, დაანებე თავი, შენ ამათ ვერ გამოასწორებ, ტყუილად ნერვებს ნუ იშლი.
- ხედავ რა დღეში არიან? ბიჭო, ესენი ვინ ყოფილან, არ "ამჭრეს" ნერვებზე? მართალი იყავი არ უნდა გამოვსულიყავით. რას წარმოვიდგენდი ხალხი ამ დონემდე თუ იყო. მე მეგონა მშვიდად შევძლებდით სეირნობას, მაგრამ გაცდის ვინმე? რაში გვჭირდება ამათი სიბრალული, წინ იყურონ რამეს ფეხი არ წამოჰკრან და სახე არ გაიბრტყელონ ასფალტზე.
-მორჩი ყვირილს, გთხოვ. ყველა ჩვენ გვიყურებს, მცხვენია უკვე.
-სახლში წავიდეთ.
-ასეთი გაცოფებული? ცოტა გავიაროთ, დამშვიდდი და ისე, არაუშავრს ამასაც მივეჩვევით.
-რას უნდა მივეჩვიო, ვიღაცის უაზროდ წამოსროლილ რეპლიკებს? გადავხსნი სათითაოდ შუაზე, არ გააჭირეს საქმე თავიანთი ყალბი სიბრალულით?
-გეყოფა, ცოფიან ძაღლს ჰგავხარ!
-ცოფიანი ძაღლი კი არა არ ვიცი რას ვიზამ, კიდევ ვინმეს ხმა რომ გავიგო.
-წყალი მომწყურდა, იქნებ გეყიდა.
-შენ აქ უნდა იყო მარტო? კიდევ ვინმემ რომ გითხრას რამე?
-თუ მეტყვის გპირდები პასუხსაც მიიღებს. ნუ ნერვიულობ, წადი და რომ მოხვალ ისევ აქ დაგხვდები, -დიოტრეფე იქვე მდებარე მარკეტისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა, მეგიმ კი გამვლელების თვალიერება დაიწყო.
-გამარჯობა, მზეთუნახავო, - ფიქრებიდან უცნობის ხმამ გამოიყვანა, თავს ზემოთ რომ აიხედა საკმაოდ მაღალი, გამხდარი, წითური, ხვეულთმიანი ბიჭი უღიმოდა, რომელსაც ხელში ორი შეფუთული ნაყინი ეჭირა.
-გაგიმარჯოს.
-მარტო ხარ?
-მეუღლესთან ერთად ვარ. ჩვენ წინ მდებარე მარკეტში შევიდა, ჩემთვის წყალი უნდა იყიდოს.
-მიხარია, შენნაირი ლამაზი გოგო მარტო არც უნდა იყოს. ნაყინის ჭამას ვაპირებდი, მაგრამ მარტო არ მინდოდა, შენ რომ დაგინახე ვიფიქრე ჩემთან ერთად შეჭამდი და შენთვისაც ვიყიდე, აი, გამომართვი, -ნაყინი გაუწოდა ბიჭმა.
-დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა.
-ნუ გერიდება, აიღე.
-არა, რას ამბობ, მართლა არ მინდა.
-სამწუხაროა, ახლა მე რომ ჭამას დავიწყებ შენ არ მოგინდება?
- ნუ დარდობ, შენ ჭამე და ჩემზე არ იფიქრო.
-სულ დამავიწყდა, მე შაკო ვარ.
-სასიამოვნოა, მე მეგი.
-ჩემთვისაც, დიდი ხანია ეტლში ზიხარ?
-არც ისე, ძალიან მიჭირს შეგუება, მაგრამ გარშემომყოფებს უფრო უჭირთ ჩემი ამ მდგომარეობაში ყურება.
-მესმის, ძალიან ძნელია როცა რაღაც გაწუხებს, -სახე მოეღუშა ბიჭს და მეგის გვერდით მდებარე სკამზე ჩამოჯდა.
-ავად ხარ?
-სკლეროზის საკმაოდ მძიმე ფორმა მაქვს. ყოველ დილა ისე ვარ თითქოს ახლიდან ვიბადები, არავინ და არაფერი მახსოვს დედ - მამის და რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა. ხვალ ალბათ შენც აღარ მემახსოვრები და არც ჩვენი ეს საუბარი. აი, -შავი ტყავის ბლოკნოტი დაანახა შაკომ, -ამაში ვიწერ ჩემ ყოველდღიურ თავგადასავლებს და გაცნობილი ადამიანების სახელებს, თავისი აღწერილობით.
- ვწუხვარ, შაკო.
-მეც, მაგრამ რას ვიზამ, ეს ჩემი ცხოვრებაა. მეგი, გიყვარს შენი ქმარი?
-რა თქმა უნდა. არ ვიცი რა მეშველებოდა მას რომ არ შევხვედროდი.
-ბედნიერებას გისურვებ, იმედია ერთ დღესაც ეტლის გარეშე გნახავ, მართალია მე აღარ მემახსოვრები, მაგრამ შენ ხომ მაინც გამიხსენებ და არ დაგავიწყდები?
-შენ როგორ დაგივიწყებ? როდესაც შეგხვდები ყოველთვის შეგახსენებ ჩვენ საუბარს. ჩემი მეუღლე მოდის, -მეგის სახეზე სიხარული გამოეხატა და დიოტრეფეს წყლის ბოთლი გამოართვა.
-იმხელა რიგი იყო ნერვები დამაწყდა, -უთხრა მეგის და გვერდით სკამზე მჯდარი ბიჭი შეათვალიერა.
-ეს შაკოა, შაკო ეს ჩემი მეუღლეა, დიოტრეფე.
-სასიამოვნოა, -გაუღიმა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა, -ჩემი წასვლის დროა, მომავალ შეხვედრამდე მეგი, -შაკო ორივეს დაემშვიდობა და წავიდა.
-ვინ არის, იცნობ?
-შენ რომ წყლის საყიდლად შეხვედი მაშინ გამეცნო. საწყალი, სკლეროზი აქვს და ხვალ აღარ ვემახსოვრებით, წარმოგიდგენია როგორი ძნელი იქნება მისი მშობლებისთვის? ყოველ დღე ახლიდან უყვებიან თავის ცხოვრებაზე, ძალიან შემეცოდა.
- აცივდა, თან თხლად გაცვია, ჯობია დავბრუნდეთ.
-კარგი, შენ როგორც იტყვი. ახლა დავფიქრდი და კარგი იქნება ხშირად თუ გამოვალთ სასეირნოდ. მინდა სხვა ადამიანებიც გავიცნო ვისაც ჩემზე მეტად უჭირს.
-დღევანდელის მერე კიდევ გინდა გამოსვლა? საერთოდ არაფერი რომ არ გაწუხებდეს ჯერ მარტო დაჟინებული მზერით დაგაავადებენ, ისეთი სიტუაციაა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Saocrad gaqvs agcerili sazohadeobis simaxinje. Vis rashi chirdebat mati siyalbit shefutuli sibraluli. Megi bevrad agmatebulia matzw. Adaminobis gansazgvra hom misi pirovnulobit da shegnebit ganisazgvreba. Arabfizikuri mdgomareobit. Gelodebi moutmenlad

 


№2 წევრი დარინა

მინდა რომ ეს მდგომარეობა ერთად დაძლიონ, ძალიან მომწონს მეგის პერსონაჟი, დიოტრეფემ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ მეგიმ ბრძოლა შეძლოს, კარგი წყვილია და ბედნიერებას იმსახურებენ

 


№3  offline წევრი izabella

Rania
Saocrad gaqvs agcerili sazohadeobis simaxinje. Vis rashi chirdebat mati siyalbit shefutuli sibraluli. Megi bevrad agmatebulia matzw. Adaminobis gansazgvra hom misi pirovnulobit da shegnebit ganisazgvreba. Arabfizikuri mdgomareobit. Gelodebi moutmenlad

სამწუხაროდ მრავლად არიან ვითომგულშემატკივრები, ჭრილობაზე მარილს რომ გაყრიან გაღიმებულები.
დიდი მადლობა, ერთგულად რომ მომყვებით, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის ❤❤❤

დარინა
მინდა რომ ეს მდგომარეობა ერთად დაძლიონ, ძალიან მომწონს მეგის პერსონაჟი, დიოტრეფემ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ მეგიმ ბრძოლა შეძლოს, კარგი წყვილია და ბედნიერებას იმსახურებენ

მეგი არის ძალიან მაგარი გოგო, დიო კიდევ ძალიან მაგარი ბიჭი და ორივემ ერთად შეუძლებელი უნდა შეძლონ, სხვა გზა არ არის.
მახარებთ ძალიან ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent